ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელიც განსაკუთრებული პოლიტკორექტული მგრძნობელობით გამოირჩევა. პოლიტკორექტულობის ჰიგიენის წესები მხატვრულ ლიტერატურაზეც ვრცელდება. მაგრამ თუ ახალი ისტორიზმის პრინციპით წავიკითხავთ კლასიკად აღიარებულ ზოგიერთ ტექსტს, აღარ შეგვაშფოთებს მათში გაჟღერებული რასისტული, სექსისტური და ძალადობრივი მოწოდებები.
1884 წელს გამოქვეყნებული „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“, რომელიც ბევრისთვის პირველი და იქნებ ყველაზე საყვარელი წიგნიცაა, რამდენიმე დღის წინ კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში, მაგრამ არა როგორც კლასიკური ნაწარმოები, არამედ როგორც რომანი, რომელიც „სხვადასხვა მიზეზით პრობლემურია“. Exeter University-ის აკადემიკოსებმა ჰაკლბერისა და მისი ფერადკანიანი მეგობრის, ჯიმის თავგადასავალი, განსაზღვრეს, როგორც „კლასიკური, ოღონდ სადავო“ ნაწარმოები, რომელიც მკვლელობისა და ძალადობის სცენებს შეიცავს.
„ჰაკლბერი ფინის თავგადასავლის“ ახლებური წაკითხვისა თუ ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, განსაკუთრებით საინტერესოა, გავეცნოთ „The Independent“-ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც არაერთი წიგნის ავტორი და სცენარისტი, ენტონი ჰოროვიცი თვითცენზურის როლზე საუბრობს.
„დღესდღეობით, მწერლებს თვითცენზურის დაწესება უწევთ. სანამ ინტერვიუს დროს ან ლიტერატურულ ფესტივალზე დასმულ შეკითხვას უპასუხებ… ანდა, როცა წიგნს წერ… ყოველთვის იძულებული ხარ, სამი წამით შეჩერდე და დაფიქრდე, რას ამბობ ან რას წერ ფურცელზე. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ხალხი უფრო იოლად გრძნობს თავს შეურაცხყოფილად, ვიდრე წარსულში და მათი რეაქცია ცოტა ექსტრემალურიც კია. ეს სოციალური მედიის დამსახურებაა, რომელიც სულაც არაა კარგი პლატფორმა კრიტიკისთვის. იქ ყველაფერი თეთრია ან შავი, კარგი ან ცუდი. არ რჩება ნაცრისფერი ტერიტორია“.
ავტორი სალმან რუშდის შემთხვევასაც გამოეხმაურა და გაიხსენა: „ტვიტერზე შევნიშნე, რომ ხალხი, რომელიც გაბრაზებულ ან არასასიამოვნო შეტყობინებებს მიგზავნიდა, არ მიცნობდა. მათ არ იცოდნენ, რას ვფიქრობდი სინამდვილეში. ჰქონდათ მხოლოდ საკუთარი წარმოდგენა ჩემზე, რომელიც ძალიან შორს იყო რეალობისგან. […] მე არ ვამბობ, რომ სოციალურ ქსელში დაგროვილმა ბრაზმა მიგვიყვანა ამ საშინელ შემთხვევამდე, მაგრამ, მგონია, რომ მას, ვინც სალმან რუშდის თავს დაესხა, მისი წიგნი („ეშმაკეული აიები“) წაკითხული არ ჰქონდა. სწორედ ეს გადაჭარბებული ბრაზი და ძალადობა მიგვიძღვის სიბნელისკენ“.
ჰოროვიცი მართალი აღმოჩნდა: ჰადი მატარმა, რომელმაც სალმან რუშდის მოკვლა სცადა, განაცხადა, რომ „ეშმაკეული აიების“ მხოლოდ ორი გვერდი ჰქონდა წაკითხული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს – კონკრეტული ძალადობრივი აქტი ზოგჯერ არა ინდივიდუალური გადაწყვეტილება, არამედ სხვა მოვლენათა გაგრძელება, ნაკლებად გააზრებული და ინერციული ქმედებაა.
მწერალი იმასაც აღნიშნავს, რომ თემები, რომლებიც საზოგადოებისთვის განსაკუთრებით სენსიტიურია, ცვალებადია. ამას ისიც მოწმობს, თუ როგორ იცვლებოდა აკრძალული წიგნების სია დროთა განმავლობაში. ხშირად კი არა მხოლოდ დრო, არამედ გეოგრაფიული არეალი განსაზღვრავდა წიგნების ბედს. თუ ასეთ სიებს თვალს გადავავლებთ, ერთი შეხედვითაც შევნიშნავთ ჟანრობრივ და თემატურ მრავალფეროვნებას: „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“, „ლოლიტა“, „სულების სახლი“, „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“, „ოლივერ ტვისტი“, „ლისისტრატე“, „ამერიკელი ფსიქოპათი“…
რაც შეეხება მიზეზებს, აქაც არანაკლებ საინტერესოა ჩამონათვალი. მაგალითად, „ოლივერ ტვისტი“ ნაცისტურ გერმანიაში აკრძალული იყო, რადგან მასში ებრაელი პერსონაჟები გვხვდებიან, საფრანგეთში „მადამ ბოვარს“ სასამართლო პროცესი მოუწყვეს საზოგადოებრივ მორალთან წინააღმდეგობის ბრალდებით, ზოგიერთ წიგნს კი მათი „სიბინძურისა“ და „შეუფერებლობის“ გამო დევნიდნენ.
ინტერნეტი და სოციალური ქსელები ერთიორად აადვილებს წვდომას ნებისმიერ წიგნზე, თუმცა კონკრეტული სკოლები ზოგიერთ წიგნსა და ავტორს მაინც აქრობენ ბიბლიოთეკის თაროებიდან. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ჰარპერ ლის წიგნია. „ნუ მოკლავ ჯაფარას“ სხვადასხვა წლებში სამჯერ მოხვდა „ამერიკის საბიბლიოთეკო ასოციაციის“ (ALA) მიერ გამოქვეყნებულ სიაში, სადაც ათი ყველაზე ხშირად აკრძალული და პრობლემური წიგნი სახელდება.
ცენზურისა თუ თვითცენზურის ამდენად გააქტიურებისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავისუფალი სიტყვის ყოველგვარი მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, რუშდიზე თავდასხმა უბრალოდ კონკრეტული მწერლის მკვლელობის მცდელობა კი არა, გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგო ქმედებაცაა, თუმცა, საბედნიეროდ, ტექსტების სიცოცხლისუნარიანობა ადამიანებისას (მათ შორის მათი, ვინც წიგნებს კრძალავს) ბევრად აღემატება და არც „ხელნაწერები არ იწვიან“. მით უფრო დღეს, როცა ასეთი „ხელნაწერების“ ათასობით ციფრული ასლი გვაქვს.
© არილი