არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია თეა თოფურია, პოეტი, პროზაიკოსი
როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?
დავიბადე და მაშინვე შარში გავეხვიე…
რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?
მწერლობა მაინც გამონაგონით ფასობს, მარტო რეალობა ჟურნალისტიკის იქით არ მიდის.
თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ
ისე გამოვიდა, რომ სულ სიკვდილზე ვწერ და ალბათ ეგ მაღელვებს.
რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი
ნახევარქათამა – ჯერ ქათამი რაა, მერე იმის ნახევარი, მაგრამ ზღვა გადაყლაპა და მეფე დაახრჩო.
კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ
„რობინზონ კრუზო“, ბავშვობაში არ მქონდა და მერე აღარ დამაინტერესა.
რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?
დავფიქრდი და კონკრეტული ვერავინ გავიხსენე. არადა, ზიზღს თუ იწვევს, დაუფიქრებლად უნდა გახსენდებოდეს.
საყვარელი მხატვარი? რატომ?
ზოგადად ფერწერა მიყვარს, მშვიდი, დამჯდარი ფერები. ტილოები, რომლებიც დიდხანს იხატებოდა და ძველ ყოფას, ადამიანების ხასიათს გადმოსცემს. ეს ნახატები მარტო მხატვრობა არაა, იმ დროის დოკუმენტალისტიკაც არის, ის ხალხი მართლა არსებობდა. განსაკუთრებით მიყვარს, როდესაც ძველ ნახატებზე ცხოველებს ხატავენ, ზუსტად ისეთივე ძაღლებს და კატებს, როგორიც დღესაა. ისინი არ შეცვლილან.
ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ
სინესთეტიკი ვარ. სინესთეზია ფენომენია, რომლის დროსაც ადამიანის შეგრძნებები ერთმანეთს კვეთს. ამ დროს ისეთი პარადოქსული გრძნობები წარმოიქმნება, როგორიცაა ფერადი ბგერა, მუსიკა, რომლის გემოსაც გრძნობ და ასე შემდეგ. მაგალითად, ჩემთვის ყველა ასოს, რიცხვს, აკორდს თავისი ფერი აქვს. ცოტა რთული ასახსნელია, „გუგლს“ უფრო გამოუვა.
ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?
ძალიან მაღიზიანებს ზედმეტი ნივთები. რაც არ მჭირდება, ეგრევე ვყრი.
ცნობილი, აღიარებული მწერალი, რომელიც ძალიან არ გიყვართ? რატომ?
ძალიან არ მიყვარს-მეთქი ვერ ვიტყვი. სიძულვილს ისეთი რამ იწვევს, რასაც ვერ გაურბიხარ, გაწუხებს. მწერალმა როგორ უნდა შემაწუხოს, არ წავიკითხავ და მორჩა.
სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?
უფრო სიბერეზე, ეს უფრო პრობლემატურია, სიკვდილისგან ცუდს არაფერს ველი.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება
წერა, ფანტაზია, ოცნება… ამაზე ძლიერი არაფერი ყოფილა.
ბოლოს რა წაიკითხეთ?
მაქსიმოვის „პეჩორის თავადი“, ეს არის მოგონებები იესე ფალავანდიშვილის ცხოვრებაზე გადასახლებაში. საოცარი მეტამორფოზაა აღწერილი, სრულიად ამორალური ადამიანი ლამის წმინდანი გახდა. ასეც ხდება ხოლმე.
დიონისე თუ აპოლონი?
აპოლონი.
ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით
აი, „ნახევარქათამას“ ზღაპარს სიამოვნებით დავწერდი, დაწერილი რომ არ იყოს.
ადამიანი, ვისიც გშურთ
ვისაც ძლიერი ნებისყოფა აქვს, იმ ადამიანების მართლა ძალიან მშურს.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა
საკმარისად თვითკმარი ადამიანი არ ვიყავი, საკუთარი თავის რწმენა მაკლდა.
დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი
ზოგადად ძალიან დიდი უზრდელობა მგონია ადამიანების ერთმანეთთან შედარება, არ აქვს მნიშვნელობა, ლექსებს ადარებ მისას, თვალების ფერს თუ კიდევ რამეს. ადამიანი წარმატებას მარტო მაშინ აღწევს, თუ მხოლოდ საკუთარ თავს ეჯიბრება და სხვას არავის.
სიტყვა, რომელიც არ გიყვართ
ამ ბოლო დროს „მივირთმევ“ და „გადავადგილდები“ მიშლის ნერვებს. „ვჭამ“ და „დავდივარ“ რომ თქვა, რა, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას დაკარგავ?
თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)
ისეთი სიტყვები მიყვარს, რომლებშიც „კ“ ან „პ“ ურევია. პერსონაჟებს ძირითადად ასეთ სახელებს ვარქმევ.
დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი
გავიდეს 21-ე საუკუნე ბოლომდე და მერე დავასახელებ.
რამდენ ენაზე კითხულობთ?
მხატვრულ ლიტერატურას, ძირითადად, ქართულად.
ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ
რაულ დე ბრაჟელონი – ბავშვობიდან მიყვარს და მენანება.
მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?
ხანდახან მგონია, რომ რუსთაველი ტარიელს პირადად იცნობდა და რომ ის იყო მისი ინსპირაციის წყარო და არა თამარი. რომ შემძლებოდა, ვკითხავდი, ვინ იყო ნამდვილი ტარიელი, რა ცხოვრებით იცხოვრა, რა გადახდა…
წიგნები, რომლებიც რამდენჯერმე გაქვთ წაკითხული
ბავშვობის წიგნები: „სამ მუშკეტერს“ თავისი გაგრძელებებით ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ვკითხულობ. ახლა, როცა შუა ხნის ასაკში ვარ, ვფიქრობ, რომ სადღაც 3-4 წაკითხვაღა დამრჩა.
რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?
ალბათ ყველაზე კარგი დრო ის 33 წელი იყო, ქრისტე რომ დედამიწაზე დადიოდა.
რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?
მე ინდიელების ზღაპრების დასაწყისი მომწონს: „მაშინ, როდესაც მზე ჯერაც პატარა იყო“…
რომელია საუკეთესო დასასრული?
„ნატვრის ხე“ სრულდება კარგად: „საიდან მოდის სილამაზე ან სად მიდის“… და კიდევ „თავსაფრიანი დედაკაცი“ – „დიდი ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან“.
ენა თუ ამბავი? რატომ?
ენა, რამდენი კარგი წიგნი გაუფუჭებია ცუდ მთარგმნელს.
პროცესი თუ შედეგი?
მე უფრო შედეგს ვიტყოდი. სანამ არ დასრულდება, ვერ ხვდები, რა გამოვა, საერთოდ გამოვა თუ არა რამე. წიგნსაც, როგორც ნახატს, თავისი ათვლის წერტილი სჭირდება, რაღაც დისტანცია, რომლიდანაც მთლიანად დაინახავ და შეაფასებ. სანამ დაუსრულებელია, არც ეს ათვლის წერტილი არა აქვს.
რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?
ადამიანისთვის ათი მცნებაც რთული შესასრულებელია, მეთერთმეტეს რატომ დავიმატებდი.
რომელი წიგნი არ წაიკითხეთ ბოლომდე?
ძალიან ბევრი.
რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე?
კრიტიკა იქნება თუ სხვა რამე, ტექსტის მიმართ, ზოგადად, ერთი და იგივე მოთხოვნა მაქვს: უნდა იყოს გასაგებად, მიუკერძოებლად და უბოროტოდ დაწერილი და არა იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი ჭკვიანია კრიტიკოსი და რამდენი უცხო სიტყვა იცის.
წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ
იყო ერთი, მართლა ვერაფერი გავიგე იმ წიგნის, სათაური და ავტორიც კი არ მახსოვს.
რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?
ჯოჯოხეთის ერთ-ერთი მახასიათებელი ის არის, რომ ის უსაშველოდ ბანალურია, არაფერი საინტერესო ან პერსონალური იქ არ შეიძლება იყოს.
მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?
ძველი და ახალი აღთქმა – მიუსჯელადაც მაგას ვკითხულობ, არაფერი დაგემართება ცხოვრებაში ისეთი, რაც იქ არ წერია.
კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ
აკვიატებულად მაინტერესებს, რანაირი მანერები, ჟესტები ჰქონდათ ძველ ადამიანებს. ის, რასაც ჩვენ კინოში ვუყურებთ, მხოლოდ მსახიობების შექმნილი კლიშეა. შეიძლება, დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას არ ჰქონდეს, მაგრამ მაინც ხშირად მიფიქრია, სინამდვილეში როგორ იქცეოდნენ, როგორი სიარულის მანერა ჰქონდათ, როგორი აქცენტი ლაპარაკისას. მათი გარეგნობა, ტანსაცმელი და ენა ნახატებმა და ტექსტებმა შემოინახა, მაგრამ მანერები არაფერმა…
© არილი