ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ფრანგ მწერალ ანი ერნოს გადაეცა.
ჯილდოვდება „გამბედაობისა და მიუკერძოებელი სიცხადისათვის, რითაც პირადი მეხსიერების ფესვებს, განდგომილობასა და კოლექტიურ შეზღუდვებს ააშკარავებს“. თავის ტექსტებში ერნო თანმიმდევრულად და სხვადასხვა კუთხით იკვლევს ცხოვრებას. მისი საავტორო გზა კი გრძელი და მძიმე იყო – ვკითხულობთ ნობელის პრემიის ოფიციალურ საიტზე.
1974 წლის შემდეგ, როცა ანი ერნომ თავისი პირველი წიგნი გამოაქვეყნა, მისი შემოქმედება ყოველთვის განაგრძობდა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ თაობის, მშობლების, ქალების, საჯარო სივრცეებში ანონიმურად დარჩენილი, დავიწყებული ადამიანების გამოცდილებების კვლევას. ოთხ ათეულ წელზე მეტი ხნის მანძილზე მისი შემოქმედების ძირითადი თემები იყო სხეული და სექსუალობა, ინტიმური ურთიერთობები, სოციალური უთანასწორობა, განათლების საშუალებით სოციალური კლასის ცვლილების გამოცდილება, დრო, მოგონებები და ყოვლისმომცველი შეკითხვა, თუ როგორ უნდა ვწეროთ ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე. ერნოს ტექსტებში ყველაზე პირადი, ყველაზე ინტიმური გამოცდილებები – მწუხარება, კლასობრივი ჩაგვრა, სექსუალობა, ვნება, უკანონო აბორტი, ავადმყოფობა, დროის აღქმა – ყოველთვის გაგებულია, როგორც სხვებთან გაზიარებული და ამრეკლავი იმ სოციალური, პოლიტიკური და კულტურული კონტექსტებისა, რომლებშიც ისინი ხდება.
მან შექმნა ნარატიული ფორმები, რომლებმაც ახალი მიმართულება მისცეს ცხოვრების შესახებ წერას. ავტოსოციობიოგრაფიული ტექსტები, რომლებიც იკვლევს მისი და მისი მშობლების ცხოვრებას და ასევე სოციალურ გარემოს, რომელშიც მათი ცხოვრება მიმდინარეობდა, ქმნის ერთგვარ კოლექტიურ ავტობიოგრაფიას. ეს შემთხვევა გვაქვს „წლებში“, რომელიც მოიცავს საფრანგეთის სოციალურ და კულტურულ ისტორიას მისი ავტორის დაბადებიდან, 1940 წლიდან 2007 წლამდე.
ანი ერნო მეთექვსმეტე ფრანგი მწერალია, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო. ქართველი მკითხველი კი სულ მალე შეძლებს, გაეცნოს მის წიგნს, „წლები“, რომელსაც „პალიტრა L“ გამოსცემს.
“რომანი ,,წლები” აგებულია მწერლის თორმეტი ფოტოსურათისა და მეხსიერებაში დალექილი მოგონებების, განცდების, მოვლენების გარშემო. ეს წიგნი არის ცდა აღადგინოს კოლექტიური მეხსიერება ინდივიდუალურ მეხსიერებაში: ეპოქისთვის დამახასიათებელი კადრები, ფოტოები, ისტორიული მოვლენები, სლოგანები თუ რეკლამები – ყველაფერი ერთად აღებული ავტორისთვის ამბის თხრობის ინსტრუმენტია”.
„წლები“ ლალი უნაფქოშვილის თარგმანითა და Institut Français de Géorgie/ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით გამოიცემა.
უცხოური გამოცემები ამ რომანის შესახებ წერენ, რომ მას შეგვიძლია, კოლექტიური ავტობიოგრაფია ვუწოდოთ. ამბობენ, რომ “წლების“ კითხვა საგანძურის ყუთის აღმოჩენას ჰგავს. ყუთის, რომელიც სავსეა ძველი საოჯახო ფოტოალბომებით. სურათები ფრაგმენტულად მჟღავნდება და კადრებითა და ტექსტებით მკითხველი ნელ-ნელა ეფლობა წარსულში. წლები დგება და გადის, ჩვენი ცხოვრების მომენტების უმრავლესობა კი – რომლებიც მხოლოდ ფოტოებშია მოხელთებული და ნაწილობრივ მეხსიერებაში – უჩინარდება.
ანი ერნო დისტანცირდება და საკუთარი ცხოვრების დამკვირვებლად იქცევა, რის შემდეგაც მკითხველი, ნაცვლად იმისა, რომ ვიღაცის ცხოვრების მოწმედ იქცეს და ემპათიით განეწყოს, თანდათან ნარატივის ნაწილი ხდება და განსხვავებულ შინაგან ნოსტალგიას გრძნობს.
ანი ერნო ინტერვიუებში ამბობს, რომ წლების მანძილზე აკეთებდა ჩანაწერებს და ამ წიგნის დასაწერად ემზადებოდა, ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ მკითხველებისა და კრიტიკოსების დიდი ნაწილი „წლებს“ მის მაგნუმ ოპუსად მიიჩნევს.
წერენ, რომ ეს არის „შესანიშნავი მცდელობა, აღწეროს შეხედულებების, მოვლენების, საგნების ევოლუცია“ („New Statesman“). წლები არის „მონუმენტური აღწერა მეოცე საუკუნის საფრანგეთის სოციალური ისტორიისა, ერთი ქალის ცხოვრების გარდატეხის ფონზე. სოციალური ცვლილებების უწყვეტი ტალღებია გადმოცემული, განსაკუთრებული ყურადღება კი ქალების ცხოვრებაზეა გამახვილებული“ („Times Literary Supplement“).
გარდა ნობელის პრემიისა, ანი ერნო სხვა არაერთი ჯილდოს მფლობელიცაა. როგორც თავად ამბობს, მისთვის წერა პოლიტიკური აქტია. წერს, რათა სოციალური უთანასწორობა დაგვანახოს. ლიტერატურაში ნობელის პრემიის კომიტეტის წევრი აღნიშნავს, რომ იგი არაჩვეულებრივი მწერალია, რომელმაც მრავალმხრივ განაახლა ლიტერატურა. ერთი მხრივ, ის ფრანგული ტრადიციის ნაწილია, მისთვის მნიშვნელოვანია თავისი წარსული, ფესვები და საფრანგეთი, მეორე მხრივ, ახალი მიმართულება აქვს, მისი პროზა კი ძლიერი და უკომპრომისოა.
© არილი