ახალი წიგნები,  პოეზია,  რეცენზია

გუგა მგელაძე – დათო ქარდავას ურბანული პათანატომია

 

თავისი ცნობილი ციკლის – ,,ჩანაწერები ერთი კვირისათვის’’ – სამშაბათ დღეს  (ლექსი კვირის დღეებადაა დაყოფილი) ნობელის პრემიის ლაურეატი გიორგოს სეფერისი ამ ფრაზით იწყებს: ,,დავიკარგე ქალაქში’’. მიუხედავად იმისა, რომ სეფერისისეული ქალაქი მეტაფიზიკური უფროა და მასში კონკრეტული დრო-სივრცული მარკერების  პოვნა შეუძლებელია, ლირიკული სუბიექტის ეგზისტენციალური ხეტიალი (გნებავთ, ბოდიალი) მოშლილი საკომუნიკაციო ენის, ტოტალური გაუცხოებისა და ტკივილის სიცარიელის შემაძრწუნებელ შეგრძნებებს ბადებს.  ეს ,,გადაგდებულობა’’ (სულიერი ლტოლვილობა), სხვა სიტყვებით კი, საკუთარი ,,ბედისწერიდან გადმოხტომა’’ (ემილ ჩორანი) კრიზისული ეპოქის ცნობიერების უარსებითესი მახასიათებელია.

არსებული რეალობის მოხელთებას (მთელი თავისი დეფორმირებული წახნაგების გათვალისწინებით) პოეტი შესაქმის წესრიგის იმიტაციით ახერხებს. შედეგად, ამ ტექსტის  აგრესიული ფრაგმენტულობა, მისი  თემატური გრადაცია (კონტრასტი) ყველაზე მკაფიოდ სწორედ მათემატიკური სიზუსტით აგებული კონსტრუქციის  შიგნით  უფრო ჩანს.

დათო ქარდავას პოეტური კრებული ,,მეორადი ჰომეროსი’’ (,,ზიარი’’, 2022 წ. ) ყურადღებას სწორედ  თავისი უჩვეულო არქიტექტონიკითაც იწვევს.  ბოლო წლების  ქართული პოეტური კრებულების ანალიზის შედეგად საქმე ძველი და ახალი ლექსების  (ზოგჯერ პირიქითაც) მონაცვლეობის ან წიგნის გარკვეულ თემატურ რკალებად დაყოფის მცდელობებთან უფრო გვაქვს, თუმცა მე იშვიათად მახსენდება  ,,მეორადი ჰომეროსის’’ მსგავსად მოწესრიგებული კრებული (რამდენიმე ბრწყინვალე გამონაკლისის გარდა), რაც, თავისთავად ცხადია,  დათო ქარდავას (იგივე ჯიმშერ რეხვიაშვილის)  გემოვნებასა და  ტექსტის ორგანიზების განსაკუთრებულ უნარზე მეტყველებს.

დათო ქარდავას  მოთხრობებს პირველად ,,არილში’’ გადავაწყდი და ძალიან მომეწონა მისი სოციალური გროტესკი. მერე უკვე  ,,ესავის ხელებიც’’ წავიკითხე  (,,ინტელექტი’’, 2015 წ.), ხოლო ლექსების პუბლიკაციებს ,,არილსა’’ და ,,ახალ საუნჯეში’’ ვადევნებდი თვალს.  ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხშირად აქტიური პროზაიკოსების  პოეტური მცდელობები კრახით სრულდება ხოლმე ( პირიქით – ნაკლებად), თუმცა დათო ქარდავას სახით თანამედროვე პოეზიას (სპეციალურად არ ვმიჯნავ კონვენციურ ლირიკას და ვერლიბრს) ირონიით, სარკაზმითა და აუტანელი სევდით რეკონსტრუირებული სტილის მქონე ურბანისტი პოეტი-დამკვირვებელი შეემატა.

დავსვათ სავსებით ლეგიტიმური შეკითხვა:  რაშია ამ კრებულის ხიბლი?

დავიწყოთ სათაურად გამოტანილი ფრაზის დეკონსტრუქციით. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ამ სახელწოდების ლექსს კრებულში ვერ შეხვდებით, თუმცა სამშაბათის განყოფილებაში (ისევ სამშაბათი!) მოთავსებული ,,ტვიდის პიჯაკი’’ ასე სრულდება:

,,წარღვნის შემდეგ სამყაროც ხომ მეორადია,

ყველა მწერალი, პოეტი და ტექსტის მჩხიბავი

თვალახელილი მეორადი ჰომეროსია,

და დუბლინიდან გაუსვლელი ლეოპოლდ ბლუმიც,

Second hand-ი ულისე და ოდისევსია!’’

ხორხე ლუის ბორხესის მიხედვით, არსებობს სიუჟეტის აგების მხოლოდ ხუთი არქეტიპული მოდელი, რომელთაგან ორი სწორედ ჰომეროსის პოემებიდან იღებს სათავეს. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ყოველი შემოქმედი ჰომეროსის სიმულაკრია (გაიხსენეთ მერლინ მონროს იმიჯის ენდი უორჰოლისეული  ,,ასლირება’’ და ა.შ.). აქედან გამომდინარე,  ბიბლიური შესაქმის  სქემის იმიტაციით და ასევე ჰომეროსთან პირდაპირი თუ  დინებებად  დაქსელილი ინტერტექსტუალური მიმართებების მეშვეობით ,,მეორადი ჰომეროსი’’ თვისობრივად ახალი, ერთგვარი ბეტონის ჰადესის და ამ ჰადესში მოხეტიალე ,,ბიოგრაფიების’’ ამბებს ყვება.

მსოფლმხედველობრივი  თვალსაზრისით, დათო ქარდავას კრებულის შვიდი დღე ანტიკური სამყაროს გმირის ფათერაკებიანი მოგზაურობის ერთგვარი პაროდირებული, ,,დამიწებული’’ ვარიაციაცაა. ამით იმის თქმა მინდა, რომ პოეტი მხოლოდ კი არ აკვირდება, არამედ თავადაცაა ჩართული ქალაქის კაკაფონიის, ხმების, ბუღის, კატასტროფულად დაჩქარებული დროის ფერხულში.

ამ ლექსების ლირიკული სუბიექტის ხეტიალი  ფსიქიკის მღვიმეებში მოგზაურობას ჰგავს, რადგან არის აქ, როგორც ეგზისტენციალურად აქტუალური (,,ქიმიის გაცდენილი გაკვეთილები’’, ,, ნათურა დღისით’’, ,,თევზებს წაართვეს დამხრჩვალი გვამი’’…), ასევე  მტკივნეულად ბიოგრაფიული ლექსები (,, ბავშვობის დატირება’’ , ,, ფოტო წარწერით’’, ,, მავთულით შეკრული კუბო’’…).

ორშაბათის ლექსები ,,ბაღიდან გაძევებით’’ იწყება, რომელიც ყველა გაძევებულს ეძღვნება ადამისა და ევას ჩათვლით. სათაური, ცხადია,  მკითხველში ედემის ბაღის ასოციაციებს წარმოშობს, თუმცა ეს მოლოდინი კითხვის პროცესშივე  ქრება. ლექსი კონკრეტული ბაღის (ქალაქის მტვრის ოკეანის მწვანე კონცხის)  გავერანებას ასახავს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ კრებული ბაღიდან გაძევებით და ედემად გარდასახულ საავადმყოფოში (სტერილური სამოთხე?!)  მოხვედრით სრულდება.

,,როცა გაჭრილი შენი სხეული ტკივილს გრძნობს მხოლოდ,

როცა ობობას ქსელში გაბმულ ბუზს ჰგავხარ –

ზონდებით, წვეთოვნებით, კათეტერებით…

წყალსაც ვერ ყლაპავ, გული გერევა

და თითქოს, ადამი იყო, ვინც ხის ნაყოფი ამოანთხია,

აღარ გრცხვენია!’’

,,მეორადი ჰომეროსის’’ დრო ციკლურია და არა წრფივი. აქ რეალურად არც არაფერი სრულდება. სასრულობა უქმდება იმდენად, რამდენადაც საავადმყოფოს დატოვება  ხელახალი ხეტიალის, კვლევის, საკუთარი წარსულის ,,ჩაქექვის’’ წინაპირობაა.

ერთი შეხედვით, მკითხველმა შეიძლება ჩათვალოს, რომ საქმე მხოლოდ ქალაქის პოეტთან გვაქვს (ესაა უნაყოფო მცენარეების ქალაქი, ქალაქი, სადაც ფიჭვებს და ნაძვებს კირის ხსნარის თეთრი გეტრები აცვიათ, ქალაქი ლოკალური წარღვნის საათებით, ქალაქი, სადაც მზიან დღეშიც კი ყველაფერი ნაცრისფერია, ქალაქი, სადაც მრავალსართულიანი კორპუსის სადარბაზოსთან ანთებული შიშველი ნათურა სიკვდილის შემზარავ სახედ  ტრანსფორმირდება), თითქოს, ამისკენ გვიბიძგებს უზუსტესად შერჩეული ყდაც: ნაცრისფერ კედელზე აყუდებული საევაკუაციო კიბე, რაც  გადარჩენის ასოციაციას ბადებს, თუმცა განგაშის ძნელად ასახსნელ, რთულად მოსახელთებელ შეგრძნებასაც იწვევს. თანაც, ,,მეორადი ჰომეროსის’’ ავტორი  ქალაქის ეროგენულ, მგრძნობიარე სივრცეებთან ერთად  მის მაცხოვრებლებსაც აკვირდება (სოციალურ ლუზერ მენებს, რომელთა ხმებიც ქალაქის გუგუნა კაკაფონიაში არ გვესმის). კრებულის ეს ნაწილი  ცრემლნარევი ირონიითაა სავსე (,,ინდმეწარმე’’,  ,,მალიარის კიბე’’, ,, სანტექნიკოსის საგა’’ და ორი შედევრი ,, ლეღვი და მუშა’’ მეეზოვის მარტვილობა’’).  ხუთშაბათის  ერთ-ერთ ლექსი კი  უმკაცრესი განაჩენით სრულდება:

,,და ისეთ ხალხში, სადაც ჯართის ფასი აქვთ ბავშვებს

არ ღირს სიცოცხლე, მკვდრეთით აღდგომაც.’’

ამ ყველაფრის ფონზე გასათვალისწინებელია ერთი მეტად საგულისხმო გარემოება: ,,მეორადი ჰომეროსი’’ არ არის  მხოლოდ დეფორმირებული თბილისის რეკვიემი. აი, მაგალითად, პარასკევის  ციკლში  ქარდავა დაუწერელ ლექსებზე, პოეტის ფუნქციასა და წერის პროცესზე ფიქრობს.

დავაკვირდეთ  ერთ-ერთი ტექსტის  ფინალს:

,,არ გავიწყდება ლექსის იდეა,

არ გავიწყდება არცერთი სიტყვა

და როგორც მკვლელი რადიაცია

მთელი ცხოვრება გიწამლავს სხეულს,

რადგან ვერდაწერილი ლექსის ნარჩენი,

როგორც ურანი ან რადიუმი

ათასწლოვანი ნახევარდაშლის პერიოდებით,

არასდროს ქრება, სულ ზემოქმედებს!’’.

 

***

კონსტანტინოს კავაფისის ,, მეორე ოდისეა’’ ასე იწყება:

,,მეორე, დიდი ოდისეა,

იქნებ, პირველზეც დიდებული!

მაგრამ ვაი, რომ

ახლა უკვე ჰომეროსის გარეშე და

უჰექსამეტროდ.’’

ფინალისკენ კი ამბობს: ,,მუდამ შენში იყოს ითაკა“.

ვფიქრობ, ეს ფრაზა დათო ქარდავას  პოეზიის გაგების ერთ-ერთ ინსტრუმენტადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. საკუთარ ქალაქში ხეტიალი ხომ დაკარგული ფასეულობების ძიების, სივრცის ემოციური ენერგიის შეცნობისა და  საკუთარი ადგილის პოვნის საშუალებაა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დათო ქარდავას ,,მეორადმა ჰომეროსმა’’ ღირსეული ადგილი დაიკავა მთავარი ურბანისტების: გიგი სულაკაურის, ნუგზარ ზაზანაშვილის, ზვიად რატიანის, დათო ბარბაქაძის და ანდრო ბუაჩიძის პოეზიის გვერდით.

© არილი

Facebook Comments Box