-
-
ლაშა ბუღაძე
-
მალხაზ ხარბედია
კუნძულების გოთიკა
აკა მორჩილაძე, სანტა ესპერანსა (რომანი). ყდების მხატვარი აკა მორჩილაძე, რუკის მხატვარი კახა ბახტაძე. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2004.
არსებობენ წიგნები, რომლის შესახებ წერა ყოველთვის მოითხოვს ხოლმე ამ წიგნის სამოქმედო სივრცის მონიშვნას, ადგილების, ჩვევების, ისტორიული მოვლენებისა და ა.შ. აღწერას. სანამ უშუალოდ ტექსტს მიადგები, ბევრი რამ უნდა დააზუსტო, რათა არ დაიბნენ ისინი, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს ეს ნაწარმოები და მეტი დამაჯერებლობისთვის, რაღაც პარალელებიც შეიძლება გაავლო. მაგალითად, შეუძლებელია “ილიადას” აცნობდე მკითხველს და მხოლოდ აქილევსის რისხვის ამბავი მოყვე. არ გაგახსენდეს არც ქალღმერთების ნაძლევი და არც ელენეს მოტაცების ამბავი, თავისი მრავალწლიანი ომით. ასეთ შემთხვევაში კომენტატორი დაახლოებით ისეთივე ამოცანების წინაშე დგება, ჰომეროსმა რომ გადაჭრა დიდი ხნის წინ, როცა აუცილებლობითა და ალბათობით შეარჩია მოსათხრობი მასალა, ამიტომ სანამ პარალელებამდე მივალთ, აუცილებლობიდან გამომდინარე, ადგილზე ვიტყვი ორიოდ სიტყვას, მითუმეტეს, რომ ჩემთვის ამ რომანის მთავარი გმირი სწორედ ეს საბრალო (თუმცა კი პირქუში) ადგილია, რომელსაც სახელად შავი ზღვა ჰქვია.
მაშ ასე, შავი ზღვა. ბერძნული ევქსინოს პონტო, თურქული ყარადენიზი, სპარსული ახშაინა… როგორც ამბობენ, ბერძნებს ეს “ახშაინა” (რაც მუქს, მკაცრს ნიშნავს) “აქსენოსად” (არასტუმართმოყვარე) უთარგმნიათ, თუმცა მალევე შეუცვლიათ სახელი და გულის მოსაბრუნებლად “ევქსინოსი”, ანუ სტუმართმოყვარე ზღვა უწოდებიათ. II საუკუნეში არიანეს მთელი წიგნიც დაუწერია შავი ზღვის შესახებ, “Periplus Ponti Euxini”. ფართობი ზღვისა 420,3 ათასი კვადრ. კილომეტრია, საშუალო სიღრმე 1300 მეტრი. კუნძულები ცოტაა, ძირითადად მცირე ზომისა, მათ შორის ყველაზე ცნობილი აქამდე ბერეზანი იყო (ანტიკური ბორისთენოსი), სანამ ლიტერატურულ რუკაზე სამი ახალი კუნძული არ გამოჩნდა, სანტა ესპერანსას არქიპელაგი. ანუ, თუკი აქამდე შავი ზღვის ტალღები მხოლოდ ექვსი ქვეყნის ნაპირებს ეხლებოდა, დღეიდან მათ მეშვიდეც შეუერთდა.
ახლა პარალელებსაც მივხედოთ. ყველაზე მარტივი ანალოგია, რაც ამ რომანის კითხვისას გაგიჩნდება კაცს, უილიამ ფოლკნერის იოკნაპატოფაა, მწერლის მიერ გამოგონებული მხარე თუ ოლქი, სადაც ერთად-ერთი მფლობელი და ბატონ-პატრონი თავად ფოლკნერი იყო. ასეთივე წარმატებით შეგვიძლია “სანტა ესპერანსას” რუკასაც მივაწეროთ “Sole Owner&Proprietor Aka Morchiladze”, მითუმეტეს, რომ ეს გამონაგონიც რეალურ ადგილასაა მონიშნული და არა სადღაც ცხრამთასიქით. მოგეხსენებათ, იოკნაპატოფა მისისიპის შტატშია, სანტა ესპერანსა კი, როგორც გითხარით, სამკუნძულიანი არქიპელაგია შავ ზღვაში. ესაა სახელმწიფო 237 ათასიანი მოსახლეობით, რომლის 58%-საც იოანური, ანუ ქართველური წარმომავლობის ხალხი შეადგენს.
კუნძულებზე ასევე ცხოვრობენ თურქები, იტალიელები და ინგლისელები, შესაბამისად, სკოლაშიც ოთხი ენა ისწავლება და ამიტომ, თანამოსაუბრესთან მის მშობლიურ ენაზე გამოლაპარაკება კარგ ტონად ითვლება.
სანტა ესპერანსა (დედაქალაქი სანტა სიტი) ბრიტანეთის დედოფლის ქვეშევრდომია განსაკუთრებული სტატუსით. რომანში აღწერილ მოვლენებამდე კუნძულის საქმეებს გუბერნატორი განაგებდა, სერ სესილ-პიჩგეიმერ-მონტე კრისტო.
მოდით ჯერ ამით დავკმაყოფილდეთ, დანარჩენამდე კი იმედია თავად სიტყვა მიგვიყვანს. ახლა კი ავტორის შენიშვნა მინდა მოვიხმო, თავის მიერ გამოგონილი კუნძულების მთავარ ქალაქზე რომ წამოცდა: იქო, “ცხოვრება სინამდვილითაა სავსეო”. ჯერ გვეუბნება, “ყოველთვის ვცდილობდი ქალაქი გამომეგონა და უკვე გამოგონილი კი ყოფილიყოო”, მერე კიდევ დასძენს, იქაური “ცხოვრება სინამდვილითაა სავსეო”.
მაინც რაზე მიანიშნებს ეს სიტყვები, რისი თქმა სურდა ავტორს, როცა ამბობდა “უკვე გამოგონილი კი ყოფილიყოო”? მემგონი აქ სევდის ამბავია, აკა მორჩილაძის ჯერ კიდევ პირველი რომანებიდან გამოყოლილი სევდისა და სევდისთვისვე დაწერილი ერთი მოთხრობისა, სახელწოდებით “ტიფლისი, გრანტის საგრაფო”. ამ მოთხრობაში აკა ამერიკაში, გრანტის საგრაფოში ჩაკარგულ პატარა ქალაქს ეძებს, ტიფლისს. ინტერნეტით ჰქექავს ამბებს ქალაქისას, რომელიც არის კიდეც და არც არის: “არც ხევია, არც სხვა რამ. არც ძველი რკინიგზა, არც რაიმე. ყველგან ნახსენებია და არსად არ არის. გამქრალა. ყოფილა და წასულა, ქუდიც არ დაუხურავს. ჩვენი საწყალი, პატარა და კოხტა ტიფლისი, ამერიკული პროვინციის ქალაქი, რუკიდან ამოშალეს. მოდი და დამითვალე, რამდენი დეკალიტრი სევდა დამიგროვდება.”
ბოლოს ეს ქალაქი სულაც სასაფლაო აღმოჩნდება, მიტოვებული სასაფლაო თითზე ჩამოსათვლელი საფლავის ქვებით. ისეთი, მხოლოდ ამოოხვრა რომ მოუხდება.
როგორც ჩანს, ეს სასაფლაო “სანტა ესპერანსაშიც” გადმოჰყვა აკას, უფრო მეტიც, გადმოჰყვა კი არა, შესაძლოა სწორედაც ამ პატარა ამერიკული სასაფლაოდან იშვა ეს დიდი რომანი. ამას დაუმატეთ ის აუარება ლიტერატურული სასაფლაო, მივიწყებული, სარეველაგადავლილი მოტივები თუ პერსონაჟები, აქ რომ შეხვდებით და “უკვე გამოგონილი კი ყოფილიყო”-ს აზრიც ნათელი გახდება.
ავტორი გვაუწყებს ერთგან, ყველაზე ძვირფასი აზრები საფლავებიდან არის მოსული, კაცი კვდება და მის აზრებს მეტი პატივი და სარგებელი ემატებაო, ჰოდა აკაც ასეთ პატივიან და სარგებლიან სულებს აცოცხლებს და მისი ეს ურბანული თუ კუნძულების გოთიკა, თავისი მოხეტიალე, მაძიებელი სულებით, ახალ სამყაროს უდებს სათავეს, მხარეს, რომელიც გრანტის საგრაფოს ტიფლისისგან განსხვავებით, არსადაა ნახსენები, მაგრამ ყველგანაა, სხვისია, მაგრამ მაინც ჩვენი გვგონია.
რომელიღაც ქართულ ტაძარზე ასეთი წარწერაც ყოფილა, XI საუკუნისა, “ერთა იყვნეს იესო და იოვანე”-ო, სადაც თურმე იესო საქართველოს აღნიშნავდა, იოანე კიდევ კუნძულებს. ანუ ოდესღაც კუნძულელებიც საქართველოს კალთას ყოფილან მიყრდნობილნი, სახარების პერიფრაზერება რომ მოვახდინოთ, მიყრდნობილნი “წიაღთა თანა საქართველოისა”. დღეს კი ლიტერატურის მოყვარულებისთვის ამ კუნძულების საქართველომ ჩაანაცვლა უტყვი და უჩინარი ზეციური საქართველო და ახალი, წმინდა იმედი, ანუ “სანტა ესპერანსა” ჩაგვისახა გულებში.
ზემოთჩამოთვლილის გამო კარგი იქნებოდა რომანზე წერა სანტა ესპერანსული ზღაპრის პირველი სიტყვებით დაგვეწყო, აკა მორჩილაძის მიერ გამოგონილი, თურმეობითებით ნაქსოვი წინადადებით: “რაც იყო იყო, და რაც არ ყოფილა, ისიც ყოფილა”, მაგრამ ასეთი დასაწყისი შესაბამის გაგრძელებას მოითხოვდა, ახალი მითების თხზვას მაიძულებდა, არადა ამ რომანში ისედაც ბევრია მითი და ვამჯობინე სწორედ მათ მივხედო, მოკლედ ჩამოვთვალო ისინი, ვინძლო ამ მიმოხილვაში სხვა ამბებიც წამომცდეს.
პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი მითია ალი ბეის ჩიბუხის ამბავი, რომელიც XVII საუკუნიდან იღებს სათავეს. 1662 წელს კუნძულებზე ფაშად ალი ბეი დამჯდარა, წარმოშობით ქართველი, არჩილიანთა დინასტიიდან, თვალდარდიანი კაცი, და ეს მითიც მის სახელს უკავშირდება. რომანის ერთ-ერთი სიუჟეტური ხაზი ამ გრძელი ჩიბუხის კვალდაკვალ ვითარდება და მოხუც ქალბატონთან, აგათიასთან მივყავართ, აგათია ციხისთავ არჩილიანთან. იგი არჩილიანთა ერთად-ერთი შთამომავალია და კუნძულების მომავალი დედოფალი. აგათიას გარშემო კიდევ ბევრი მოვლენა მოიყრის თავს, ამბები, რომლებიც ელვის სისწრაფით განვითარდება, მას შემდეგ რაც ინგლისელები კუნძულს დატოვებენ. აგათიას სახლს აფარებს თავს თბილისიდან გამოქცეული ნიკა აბაიშვილიც, კუნძულებზე ყველაზე გავლენიანი გვარის, ვისრამიანების სიძე, ვისი ცხოვრებაც კიდევ ერთი სიუჟეტური ხაზია ამ რთულად მოწნულ ნაწარმოებში.
მეორეა ბანქოს მითი, რომელსაც კუნძულებზე ინტს ეძახიან. ეს კულტურა ესპანელმა ხინეს დე პასამონტემ გაავრცელა, არქიპელაგის ნათლიამ, ადამიანმა, ვინც “სანტა ესპერანსა” დაარქვა იქაურობას. დროთა განმავლობაში ინტი ესპერანსაზე უფრო მნიშვნელოვან ფენომენად იქცა, ვიდრე რელიგია და მისდამი მიძღვნილ ფესტივალსაც ასოცდამეცხრეჯერ მართავდნენ უკვე. თავიდან ამ თამაშს “ლ`ომბრე” რქმევია თურმე, შემდეგ კი მეგრული “ინტი” დაურქმევიათ, რადგან “ძველად ყოფილა შემთხვევები, რომ წაგებული ბანქოს მიყრიდა და გაბრაზებული გარბოდა, რაც იოანელთა ტემპერამენტის ბრალი თუ იყო. ამისდაკვალად, წაგებულს დაცინვით ხშირად ეუბნებიან, ინტი, ინტიო, ანუ იმ ძველებს მიბაძე და გაიქეციო. ანდა, აშკარა მარცხის შემხედვარე მოთამაშე თავადაც ამბობს, ინტი, ანუ გავიქეციო. და საერთოდაც, ინტი იმგვარ პრინციპზე ჩამოყალიბდა, რომ თავის გადარჩენას, ანუ არწაგებას გულისხმობს.” ფერები კი თამაშში (მასტებს რომ ეძახიან) სერჯიო ლეონეს შერქმეული გეგონება, კოხტა (გული), კაი (აგური), გლახა (ჯვარი) და ავი (ყვავი).
ინტთან დაკავშირებით შეუძლებელია არ გავიხსენოთ რომანის კიდევ ერთი ხლართი, დათა ვისრამიანს რომ უკავშირდება და მისი სიყვარულის ისტორია, ვინმე კესანესთან გამიჯნურების ამბავი. აქედან უკვე კუნძულების რიგით მესამე მითოლოგემა გამოიმზირება და ეს მითოლოგემა თუ ლეგენდა მოდარდე ქალებს უკავშირდება.
აკა მორჩილაძემ, ნიცშესთან თვალის ჩაპაჭუნებით, ლეგენდას ასე უწოდა, “მუსიკის დაბადება ტალღების შხუილიდან” და მოგვითხრო რომანის ყველაზე სევდიანი და უცნაური ისტორია, რომელსაც ფესვები, ჩემი აზრით, შექსპირის “მეფე ლირამდე” აქვს გადგმული. გახსოვთ ის სცენა, ლირი რომ ეკითხება გადაცმულს კენტს, რა ხნისა ხარო? იქნებ ისიც გაიხსენოთ, რას პასუხობს კენტი, კაცი, რომელიც თავის დროზე დიდის ამბით გამოეთხოვა ლირს, იმის იმედით, რომ უცხო ქვეყნადაც იმავე კენტად დარჩებოდა, მაგრამ მაინც კი მოუწია გადაცმა… აი ეს პასუხიც: “არც ისე ყმაწვილი ვარ, რომ დედაკაცი მარტო სიმღერის გამო შევიყვაროო”. ახლა კი ნახეთ, როგორ იბადება მუსიკა ტალღების შხუილიდან და საით მიიქცევა ამ სირინოზულ ხმათა ზვირთები.
“ქალი ტალღას აყოლებდა ხმას და აყოლებდა კი არა მხოლოდ, უწყობდა კიდეც. სწორედ ისე, როგორც გალობაში უწყობენ ხმებს ერთმანეთს ქართველები. ამიტომ ქალის ხმა ეხამებოდა ზღვის ხმას და მეტიც, ტალღა თითქოს რაღაც საკრავი იყო, იმ ცოდვილ მემუსიკეთა ხელში, განცმხრომთ რომ გაართობენ ხოლმე ეშმაკეულ სახლებში. ოღონდ ზღვის საკრავი არ მუსიკობდა ცოდვილად და ქალის ხმაც, მას შეწყობილი, არ იყო წარმართთა გასართობი. ეს ხმა უსიტყვო იყო, დარდიანი, განწირული, სავედრებელი და ქალი სუნთქავდა ისე, როგორც ზღვა.”
ამ ნამღერებს სადარდოები დაარქვეს და მოდარდეებს სახეზე არავინ იცნობდა, მხოლოდ სახელით, უფრო სწორად ფსევდონიმებით უხმობდნენ: ნათელო, მათანე, ემინე, თალითო და ა.შ. საქმე იქამდე მივიდა, რომ მამაკაცები ძალიან მიიზიდა ამ სირინოზებმა, ქალი მხოლოდ ხმის გამო უყვარდებოდათ და ბევრი თავსაც კი იკლავდა: “ყოველღამ ნასმენი სადარდოები”, ყურთასმენას მოღწეული ეს გამოუვალი კაეშანი ზღვისკენ ითრევდა უცხოელებსაც და ადგილობრივებსაც. ბოლოს კი “დადგინდა ხმათა სიყვარული, როგორც მძიმე ცოდვა, მრუშობაზე მძიმე, მაგრამ ვერ აღმოიფხვრა. ტკივილმა იძალა, გრძნობამაც იძალა და გაჩნდა პირველი პოეტი ამ კუნძულზე.”
რაც შეეხება სიყვარულს, კუნძულები ვნებებითაა სავსე. აქ, გოგოსა და ბიჭის სიყვარულს შვიდი სხვადასხვა სახელი ჰქვია და სანტა სიტის თავისი მონტეკები და კაპულეტებიცა ჰყავს, ვისრამიანები და და კოსტები, რომეო და ჯულიეტად კი ალესანდრო და კოსტა და სალომეა ვისრამიანი მოჩანან (მათ ერთმანეთი 13 მაისს შეუყვარდათ, ალბათ 1981-ში, “კარლ ცაისზე” “დინამოს” გამარჯვების წელს). აქაც დაიარებიან მაგარი გოგოები, აი ისეთები “სარკეში რო გავლენ და გამოვლენ” და აქაც, ისევევ როგორც ძველ ტრაგედიებში, სიყვარული ყოველთვის შეცდომაა ხოლმე, ანდა სინანულის საგანი. მაგალითად ერთ-ერთი პერსონაჟი, ბუზია, სულ იმას დარდობს, თავის დროზე როზმარი კლუნი რატომ არ შევირთე ცოლადო (ჯორჯ კლუნის მამიდა იყო ეს მშვენიერი მომღერალი ქალი).
სიტყვა სიყვარულზე ჩამოვარდა და მოდით პოეზიაზეც ვთქვათ, მითუმეტეს თავად ავტორის სიტყვები გვაქვს დამოწმებული, “გრძნობამაც იძალა და გაჩნდა პირველი პოეტი ამ კუნძულზე”-ო. აქაურ პოეტებზე საუბარი იმ აუარება გამოცანის ამოხსნასაც გულისხმობს, რომანში რომაა გაფანტული. როგორც გითხარით, ბევრი რამ აკა მორჩილაძეს ქაღალდის სასაფლაოებიდან აქვს წამოღებული და კარგ მკითხველს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს ნაცნობი მწერლებისა და პერსონაჟების ამოცნობა.
ერთ-ერთი მთხრობელი ამბობს, ჩემი სახელისა და გვარის ხსენება არ მინდა, თუკი ვინმე ჩაუკირკიტდა, ისედაც მიაგნებსო. ჰოდა რომანიც სავსეა ასეთ საკირკიტო სახელებითა და გვარებით. მაგალითად ესპერანსელი პოეტი მაფეო ტანელი გიორგი ლეონიძესაც ჰგავს და ნიკო სამადაშვილსაც, ერთ გრძელ ლექსად რო დაუწერია ზღვაში ჩავარდნილი საზამთროებისა და ჭირიანი ყივჩაღების ამბავი. სუნგალების კუნძულზე კი (სუნგალები ოდესღაც მეფის მიერ გადმოსახლებული ხალხია, კახელებისა და სვანების უცნაური ნაზავი) ასეთი გამოთქმა არსებულა თურმე, “თუთა ლამის არი და სახლში შამოგვივარდესაო” (ესეც კუნძულელი ანა კალანდაძე). თბილისელი მეცნიერი, სანტა ესპერანსას მკვლევარი ვალოდია ნებიერიძე გალაკტიონსაცა ჰგავს და პავლე ინგოროყვასაც, მოჩეჩილი გრძელი წვერით დადიოდა თურმე და არავინ ჰყავდა ერთი ძმიშვილის გარდა. იგი ღვინის სარდაფების ხშირი სტუმარი იყო და საზღვრებზე წერდა.
აგათია ციხისთავი, “ჯვაროსანი და დიდი ქალბატონი” რა თქმა უნდა, აგათა კრისტია, რიდიკულით რომ პატარა რევოლვერს დაატარებს. ლამურ მოსიალურე თავიდან მოხეტიალე მელმოტს გაგახსენებს, მაგრამ შემდეგ მიხვდები, რომ ეს უფრო ჩვენი დროის ცრუ რაფსოდია, რომელიც ამბებს, ჭორებს დაატარებს და მათ დიდებულთა სუფრებზე კი არ დაამღერებს ხოლმე ჰომეროსის აედებივით, არამედ ჰყიდის ამ ინფორმაციას.
სუნგალების კუნძულის უკანმოუხედავი ღელეები, ბარათაშვილის არაგვიან არაგვს ეხმიანება. იქაური მარტია საგურამოელ მარტიას გაგახსენებთ, ილია ჭავჭავაძის ყმას, ასე კარგად რომ დაგვიხატა თავის დროზე იაკობ მანსვეტაშვილმა. ხეტიაში კი ლუარსაბ თათქარიძეს ამოიცნობთ. ეს მსუქანი, ულვაშებჩაგრეხილი კაცი გულაღმა წევს ხოლმე, “ყალიონს აბოლებს და ცას შესცქერის, თავქვეშ ამოუდია ერთი ხმარებისგან შუაზე გაწყვეტილი მუთაქა და ასევე ბატკნის ხუჭუჭა ტყავის ბოხოხიც”. ამ ხეტიასა და მარტიას ერთი დიალოგი აკამ პირდაპირ “გლახის ნაამბობიდან” წამოლალა.
ქუხილას მთამ ემილი ბრონტე გამახსენა და ერთგან ჯონ ფაულზმაც კი გაიელვა. 1891 წელს სანტა სიტიში, ტყვია გავარდნილა თურმე, ვინმე ლეგა ქარიანს ინგლისელი ლეიტენანტისთვის უსვრია, ცოლზე უეჭვიანია. თანაც დაუყვირია, “ეს ქალი ჩემი ცოლია თუ ფრაგი ლეიტენანტისაო”, რაზეც მიუგეს, “ფრანგის კი არა, ანგლეზისაო”, თუმცა კი ქარიანისთვის სულერთი იყო, “დამბაჩა და ფინდიხი არც ერთისთვის დაელეოდა”.
აქვე შეხვდებით ორჰან ფამუქსა და ბუკერის შარშანდელ ლაურეატს, დი ბი სი პიერს, თოლიას სახელად ბუ ვისრამიანსა და ჯულიან ბარნსს, პროფესორ პაგანელს “კაპიტან გრანტის შვილებიდან” და ირლანდიელ პარნელს, ირლანდიისა და სანტა ესპერანსას განმანთავისუფლებელს. ჩრდილოეთის კუნძულის დედა ესპერანსასთან დაბრუნება კი დახვეწილი ირონიით გვახსენებს აჭარის დედა საქართველოსთან დაბრუნების ისტორიას. ვინ იცის, იქნებ, ამ მოვლენის აღსანიშნავად გამართულ ნადიმზე იქაურმა აკაკი წერეთელმა გრძელი სადღეგრძელოც კი წარმოსთქვა.
სუნგალების კუნძულთანაა დაკავშირებული ნაწარმოების მთავარი სიუჟეტური ხაზიც. აღმოჩნდება, რომ ეს სხვა არაფერია თუ არა განძის კუნძული და რომანის ფინალური სცენებიც სწორედ ამ განძის გარშემო ტრიალებს. ბოლოს კი აკა მორჩილაძე ისევ თავისი კუნძულების გოთიკურ ნისლში გვხვევს და ცდილობს და კოსტათა გვარის ძველისძველი წითელი ფეხსაცმელებით დააფრთხოს ლიტერატურული სასაფლაოებიდან მოსული “პატივიანი და სარგებლიანი სულები”. ეს ფეხსაცმელები რომანის ბოლო თავში უკვე ჟურნალისტ მონიკა უსო დი მარეს აცვია და მის შესახებ წერს კიდევაც: “ოჯახური ადათით, ამ ფეხსაცმელებს მაშინ იცმევენ, როცა სახლში მოჩვენებები და აჩრდილები მომრავლდებიან. თურმე მათ წითელი ფერი არ ჰყვარებიათ. მეც ამიტომ ჩავიცვი ეს საოცარი ძალის ფეხსაცმელი, რომ სუნგალის კუნძულზე აჩრდილები დავაფრთხო”-ო.
აკა მორჩილაძემაც უამრავი აჩრდილი გამოიხმო (თავად აკაც ხომ აჩრდილია, ანარეკლი გიო ახვლედიანისა), მაგრამ ეყო ძალა, გაუმკლავდა მათ და შედეგად “ამბავთა მრავალფერხიანობით” გამორჩეული, რთულად დატოტვილი, ავტორისავე “ხელხუჭუჭით” დამშვენებული დიდი რომანი მივიღეთ, სადაც ავტორს წითელი ფეხსაცმელი ჩაუცვამს და თვალყურს ადევნებს, რომ გათამამებულმა აჩრდილებმა წიგნის, უფრო სწორად კი ჩანთის საზღვრები არ გადმოლახონ.© “წიგნები – 24 საათი”
-
ირმა ტაველიძე
ავტობიოგრაფია ფრანგულად
მე, ირენ ტაველიქსი, დავიბადე 1993 წლის 11 ოქტომბერს ჩრდილოეთ ნორმანდიის მრავალმხრივ ღირსშესანიშნავ ქალაქ რუანში, სადაც რამდენიმე საუკუნის წინ კოცონზე დაწვეს ჟანა დ’არკი. მისი როლი წარმატებით შევასრულე სასკოლო წარმოდგენაში “ქალწულის თეთრი ფრთა”, რომლის სანახავად, შარშან, თავშესაფრის მოხუცები მოიწვია მადამ მიუსომ. ტაშს სამწუთნახევრის განმავლობაში მიკრავდნენ. ერთმა თვალცრემლიანმა ქალბატონმა ჰაეროვანი კოცნაც გამომიგზავნა. როგორც ჩვენი მძღოლი, რქიანი კლოდი ამბობს, მომდევნო წარმოდგენაზე ქალაქის მერის მოპატიჟებას აპირებს რამდენიმე თავქარიანი მასწავლებელი, რომლებსაც საღამოობით გამოცარიელებულ ბინებში დაბრუნებას გაუთავებელ რეპეტიციებზე დასწრება ურჩევნიათ.
ლიტერატურის გაკვეთილზე აგვიხსნეს, რომ თხზულება ყოველთვის აბზაცებად უნდა დავყოთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის დაწერას საერთოდ არ ვაპირებთ.
გუშინ, დამშვიდობების წინ რქიანმა კლოდმა თვალები მოჭუტა და მითხრა: “იცი, წარმოდგენაზე მშობლების მოწვევასაც აპირებენ”. რასაკვირველია, მშვენივრად ახსოვდა, რომ ჩემი მამობილი შინიდან ორშაბათ დილით გადის და პარასკევ საღამოს ბრუნდება, მერე მთელი ორი დღე წითური დათვივით ბორგავს მორყეულ საწოლში. როგორც კერძო დეტექტივს, უმთავრესად ფეშენებლურ რესტორნებსა და სასტუმროებში უხდება ღამისთევა. უიღბლო კაცია. ნივთმტკიცებები თვალს და ხელს შუა უქრება, დამნაშავეებიც მის ცხვირწინ დასეირნობენ, სიგარეტის კვამლს სახეში აბოლებენ, ის კი, ფეხზე ფეხშემოდებული, კრიმინალურ ქრონიკის გვერდს ეძებს გაზეთებში.
მადამ მიუსოს, სხვა მასწავლებლების, თვით ყოვლისმცოდნე მძღოლისა და მოსწავლეთა მშობლებისთვისაც შაბათ-კვირა წმინდა, ხელშეუხებელი რამ არის. ამ დღეებში ისინი ძირითადად ღია კაფეებში თვლემენ ან ნახევრადცარიელ კინოდარბაზებში ნაზად ამთქნარებენ, თუ მოულოდნელად გამწვავებულმა ქრონიკულმა ბრონქიტმა საკუთარ ნესტიან ოთახებში არ გამოკეტა.
რუანში ხშირად წვიმს. ცა წარმოუდგენლად შორს მოჩანს.
კლოდის რქა სინამდვილეში არავის უნახავს, მაგრამ ყველას გვჯერა, რომ ხვეულ, აბურდულ თმასა და სიძველისგან ფერდაკარგულ ქუდში სწორედ მას მალავს. რამდენიმე წელში ერთხელ ახალ უნიფორმას იცვამს, გამოკოხტავებული, წვერგაპარსული, წელში გამართული ამაყად მოაბიჯებს სკოლის ეზოში, ამ ბინძურ ძონძს კი თავიდან არ იშორებს. დირექტორის შენიშვნასაც არაფრად აგდებს, დარცხვენით იღიმება, რაღაცას გაუგებრად ლუღლუღებს.
მას და ჩემს მამობილს მსგავსი სუნი აქვთ, მანქანის მტვრის, ახლადგაოფლილი კანის, მძაფრი ოდეკოლონის და მშობლიური “გალუაზის”.
როდესაც ლიტერატურის მასწავლებელმა ჩემი განზრახვის შესახებ შეიტყო, გაოცებისგან უცენზურო სიტყვის პირველი ბგერები აღმოხდა. კიდევ ერთხელ გავუმეორე, მწერლობას ვაპირებ-მეთქი. სახეწამოწითლებულმა თავი გააქნია, არა, არა, შენგან ასეთ წინდაუხედავობას არ ველოდიო და თითქმის ცარიელი საკლასო ოთახი დატოვა.
ნახევარი წლის წინ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად მწერალი გავხდებოდი. ეს იმ დღეს მოხდა, როცა აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ მათთვის არის ნებადართული შაბათ-კვირას თავაუღებლად მუშაობა, ოთხშაბათ დილით დაძინება და ხუთშაბათ საღამოს გაღვიძება, ქუჩაში წარმოსახვითი ფრთების ქნევით სეირნობა, მძღოლებზე მითების შეთხზვა, მამობილთან ერთად ქალაქიდან ქალაქში მანქანით ხეტიალი, ჟანა დ’არკსა და დიპლომატიურ კორპუსზე ხუმრობა, უსასრულო ავტობიოგრაფიების წერა…
ფრანგული ლიტერატურის მასწავლებელს გული რომ მოუბრუნდა, მირჩია, პირველი მოთხრობა საკუთარი სიზმრების შესახებ დაწერეო. დამწყებმა მწერლებმა ჯერ ავტობიოგრაფიული ტექტების წერაში უნდა გაიწაფონ ხელი, განცდილის გადმოცემა და წერტილ-მძიმის სწორად დასმა ისწავლონ, ძილის წინ კბილების გახეხვაზე რომ არაფერი ვთქვათო. დავეთანხმე. მომდევნო დღეს ისეთი მოთხრობა ავაფრიალე, ბრალდებულის ჩვენებადაც რომ გამოდგებოდა. წითელმა, თეთრმა და ლურჯმა ფერებმა თანმიმდევრობით გადამიარა სახეზე, როცა თავიდან გადავიკითხე. მივხვდი, ჩემს მამობილს ხელში რომ ჩავარდნოდა, ამ ჩანაწერით უთუოდ კარიერის გაკეთებას მოისურვებდა და პირდაპირ ქალაქის პოლიციის შეფთან წამათრევდა.
ახლა ის, “ნამდვილი და უტყუარი ავტობიოგრაფია, რომელშიც აღწერილია ათამდე დაუჯერებელი ამბავი”, ნაგვის ურნაში იწვის, სირცხვილით.
კლოდის ქუდის ქვეშ რომ რაღაც იმალება, წარმოდგენის დაწყებამდე ვიცოდი, მაგრამ როდესაც აპლოდისმენტებით შეზანზარებულ დარბაზში მისი გადაფითრებული სახე შევნიშნე, საიდუმლოს არსებობაში საბოლოოოდ დავრწმუნდი. იმ საღამოს ჩვენი მგრძნობიარე მძღოლი მეორე რიგში იჯდა და ტაშის დაკვრის ნაცვლად ხელს მიქნევდა, დაბნეულად იღიმებოდა. მეორე ხელის თითებით უფერო და უფორმო ქუდის თავზე დამაგრებას ცდილობდა ის, ვისი ბნელი თავგადასავლებიც ჩემი ცნობისმოყვარე კლასელების, ცხოვრებამოძულებული მასწავლებლების, თვით მადამ მიუსოს საყვარელ სასაუბრო თემად ქცეულიყო.
თუ მამობილს დავუჯერებ, მძღოლები ამ პროფესიას მხოლოდ იმიტომ ირჩევენ, რომ გაქცევის სურვილს ვერ უმკლავდებიან, ქალაქის მერი, პიერ ალბერტინი კი უბედურ ვარსკვლავზე გაჩნდა – როგორც არ უნდა მოინდომოს, პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევა.
ჰო, მასზეც მინდოდა მეთქვა რამდენიმე სიტყვა, არაფრანგული წარმოშობის მერზე. აქამდე არავისთვის გამიმხელია, რომ პირადად ვიცნობ. ერთხელ წერილი მივწერე, სადაც მოხუცთა თავშესაფარში მიღებულ შთაბეჭდილებებს ვუზიარებდი და მოულოდნელად მიპასუხა. მომდევნო დღეს კიდევ ერთი წერილი მივწერე, მერე კიდევ ერთი… 9 იანვარს მე და პიერ ალბერტინიმ ჩემი საყვარელი ნაყინი “ბანანა სპლიტი” მივირთვით ჩუმად, რეპორტიორებისგან მალულად, მას შემდეგ, რაც სათნოდ მომღიმარე მერმა ყვითელკანიან უკბილო მოხუცებთან ერთად ისადილა თავშესაფარში.
მეორე ავტობიოგრაფიას იმიტომ ვწერ, რომ თავი ნამდვილ მწერლად ვიგრძნო, თან ისეთი ამბების თხრობაში დავხელოვნდე, რომლებიც არასოდეს მოხდებოდა, “ავტობიოგრაფია 2”-ის დაწერა რომ არ გადამეწყვიტა.
სკოლის დირექტორის და თანაკლასელთა უმრავლესობის აზრით, ჩემი მამობილი წარუმატებელი დეტექტივია. ის ხომ ერთხელაც არ მიიწვიეს პოპულარულ სატელევიზიო შოუში “რუანის საიდუმლოებანი”, სადაც რიგითი პოლიციელებიც კი სულისშემძვრელ ამბებს ყვებიან ხოლმე. თან ყველამ იცის, რომ ჩვენ ქალაქის განაპირას, მთის ფერდობზე აშენებულ უშნო სახლში ვცხოვრობთ, სტუმრებსაც მხოლოდ მინერალური წყლით ვუმასპინძლდებით. ირგვლივ კამერუნელი და პაკისტანელი ბავშვების მხიარული ჟრიამული ისმის, დღისით, ღამით, დღე-ღამის გასაყარზე, სიზმარშიც, ცხადშიც. არა, ჩვენ არ გვძულს ქალაქის არაფრანგულად ფერადი მოსახლეობა.
ერთხანს ვფიქრობდი, მსახიობი გავხდები-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ ჟანა დ’არკზე უკეთესად ვერცერთ როლს ვერ ვითამაშებდი. ის საბრალო კი, როგორც ისტორიის მასწავლებელმა აგვიხსნა, საბოლოოდ მაინც მამაკაცის სამოსის ტარებისთვის დასაჯეს ასე მკაცრად, უმოწყალოდ.
თეთრი სვიტერი და მოკლე ქვედაკაბა მაცვია. კარგად მახსოვს ისტორიის გაკვეთილი.
ყოველ დილით სკოლის ავტობუსიდანვე ვამჩნევ ქალაქის მერის გაჩირაღდნებულ სამუშაო ოთახს და ვიცი, დადგება დღე, როცა პიერ ალბერტინი საკუთარ პასუხისმგებლობასთან ერთად გაიქცევა ამ შენობიდან. მიხარია, ადამიანები თანშეზრდილ ადგილს რომ მოწყდებიან, გარბიან, მერე თანადათან ლამაზდებიან ხოლმე. მოძრაობა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
ძნელია, თორმეტი წლის ფრანგი მწერალი იყო და პირველი სიყვარულის ისტორიის მოყოლის ცდუნებას გაუძლო. ვცდილობ.
მადამ მიუსო გაურკვეველი ასაკის ქერა ქალბატონია, რომელსაც ოცდაექვსი აბორტი აქვს გაკეთებული და ამ დღეებში კიდევ ერთის გაკეთებას აპირებს. ესეც რქიან მძღოლს წამოცდა გულახდილ საუბარში, როცა რისხვით წამონთებულმა ცალი თვალი მოჭუტა, ღრმად ჩაისუნთქა და ბოლოს ამოიგმინა: “შეეშვას ჭორაობას ეგ ქერა ალქაჯი, თორემ ოცდაექვსჯერ რომ დაწვავენ ჯოჯოხეთში, ოცდამეშვიდე მკვლელობას გავუხსენებ…” გაოცებისგან პირი დავაღე. კლოდი კი განაგრძობდა: “ეგ გარყვნილი და უსულგულო, მომავალ კვირაშიც მე უნდა წავიყვანო აბორტის გასაკეთებლად და მორჩილად ველოდო, სანამ იმ დაწყევლილი შენობიდან სახეგაფითრებული გამოლასლასდება.” მადამ მიუსო სხვა მასწავლებლებზე მეტად მიყვარს, რადგან საშობაოდ თაბაშირის პატარა ანგელოზებს მჩუქნის ხოლმე. ამიტომაც გამოვესარჩლე: “რას ამბობთ, არ მჯერა!” რქიანმა კლოდმა ქუდი შეისწორა და უხალისოდ გამიღიმა: “დაივიწყე, რაც გითხარი. ვიხუმრე, გესმის?”
ამბობენ, რომ ოდესღაც დედაჩემიც მისი საყვარელი იყო, ჩვენი იდუმალი მძღოლის.
იმ შოუში ერთხელ ისტორიის მასწავლებლები მიიწვიეს, რომლებიც შეთქმულებივით დუმდნენ, რუანის შემაძრწუნებელ საიდუმლოთა შესახებ სიტყვას არ ამბობდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, გადაცემა ქალაქის მერმა გადაარჩინა, პირდაპირი ჩართვისას დაწვრილებით რომ მოყვა, როგორ აღმოაჩინა უხსოვარ დროს მომავალ მადამ ალბერტინის წყვილი ფრთა კაფეტერია “შე კლერის” სიახლოვეს. გოგონა მხოლოდ საცეკვაო დარბაზში იმაგრებდა მათ და მეცადინეობის შემდეგ საგულდაგულოდ მალავდა, მაგრამ იმ ნისლიან დღეს სეირნობისას ჩანთა ხელიდან დაუვარდა… “გამჭვირვალე ქსოვილის ფრთები, ოქროსფერი არშიით, თვლებით და ვარსკვლავებით”, იმეორებდა ქალაქის პირველი პირი შესამჩნევი სინანულით, სახის სევდიანი გამომეტყველებით.
დარწმუნებული ვარ, ჩემი ლიტერატურის მასწავლებელი სიმწრით ფრჩხილებს იკვნეტდა, როცა მათ საცოდაობას უყურებდა, გადაცემის წამყვანის, თვალცრემლიანი მერის, ისტორიის სახეგაქვავებული მასწავლებლების.
იქნებ მართალია, რომ ჟანა დ’არკს სამუდამო პატიმრობა კოცონზე დაწვით მხოლოდ იმიტომ შეუცვალეს, რომ საკანში მამაკაცის სამოსი უპოვეს? არც მაშინ ეძინებოდათ ავისმზრახველებს, რომლებსაც ყალბი სამხილების საპყრობილეში შეტანა დაევალებოდათ, მერე კი მხიარულ ცეცხლს ააგიზგიზებდნენ.
ძილზე ისევ ჩემი მამობილი მახსენდება. შეიძლება ნებისმიერ დროს წამოყოს ჟღალთმიანი თავი საშობაო ფასდაკლებისას ნაყიდი ბალიშიდან და გაზეთების საყიდლად გამგზავნოს. ამ შემთხვევაში “ავტობიოგრაფია 2”-ის უდროოდ დასრულება მომიწევს, ან დროულად. ვინ იცის?
ქალაქის პოლიციის შეფზე ამბობენ, რომ დღის სინათლე არ უნახავს, რაც ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშნეს. შეკრებებს, თათბირებს, პრესკონფერენციებს უსაფრთხოების მიზნით მიწისქვეშ მართავს. დაბადების დღეებსაც იქვე იხდის. მე და ჩემი მამობილი რუანში დასახლების წუთიდან ვძულვართ, რადგან არაფერს ვაშავებთ, არც კანონს ვარღვევთ. თან ისეთ უშნო სახლში ვცხოვრობთ, რომ ჩვენთან სტუმრობისას სირცხვილით იწვის და ფერმკრთალ სახეზე წითელი ლაქები აჩნდება. რამდენიმე თვეში ერთხელ, შუაღამით მოგვადგება, საწოლებიდან წამოგვყრის და ჩვენც, ჩვეულებისამებრ, მინერალური წყლით ვუმასპინძლდებით. აუტანელი გარეგნობის, საუბრის ცივი ტონის, მრისხანე გამოხედვის მიუხედავად, ბოროტი ადამიანი არ უნდა იყოს. ის მამობილის უფროსი ძმაა, მასავით წითური და მკრთალსახიანი.
“ირენ, გაიხეხე კბილები ძილის წინ?” ვეკითხები სარკეში საკუთარ თავს.
სახელგანთქმული ფრანგი მწერალი ქალი თუ ვიქნები, მეზობლად მცხოვრებ კამერუნელებს და პაკისტანელებს შინ დავპატიჟებ და გავახსენებ, რომ ბავშვობაში საშინლად, გულისშემაღონებლად ხმაურიანები იყვნენ. მე კი ყოველთვის მსურდა, იმ სადილების გემო გამესინჯა, რომელთა მადისაღმძვრელი სუნიც სხვადასხვა სართულის სამზარეულოებიდან გამოდიოდა. სამწუხაროდ, მორცხვი და გაუბედავი ბავშვი ვიყავი.
მადამ მიუსომ მშვენივრად იცის მანქანის მართვა, მაგრამ მაინც სურს, რომ ეს რქიანი კლოდი ყველგან კუდში დაყვებოდეს და გადმოსვლის წინ კარს უღებდეს. ალბათ შეყვარებულია – მძღოლზე ან მის ქუდზე. ქალებს ხომ ყველაზე ხშირად საიდუმლოები უყვარდებათ ხოლმე.
თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე, რომ მან აბორტის გაკეთება გადაიფიქრა. ქერათმიანი, ყვავილებიან კაბაში გამოწყობილი მადამ მიუსო გროზ-ორლოჟის ქუჩაზე მძიმედ მიაბიჯებს. დროდადრო ვიტრინებთან ჩერდება, თაბაშირის პატარა ანგელოზებს ათვალიერებს. მოულოდნელად ლურჯი ნაჭრის ჩანთა ხელიდან უვარდება და სუფთა ფურცლები ერთიმეორის მიყოლებით მიფრიალებს. ქარიანი დღეა.
არ ვიცი, ავტობიოგრაფიაში ისიც უნდა ჩავწერო თუ არა, ნახევარი საათის წინ თასის ძირზე მოფენილ ორცხობილის ნატეხებს სოკოს წვნიანი რომ დავასხი და მივირთვი.
ჩემი მამობილი ქვეყნად არაფრის გულისთვის არ დაესწრება სასკოლო წარმოდგენას, რომლის შესახებ ორი წინადადებით მოვუყვები. ისიც თმაგაბურძგნულ თავს გადააქნევს და არ ინანებს, რომ შაბათ-კვირის ნეტარებებიდან მისთვის ყველაზე ძვირფასი – ძილი არ დათმო. მას და რქიან კლოდს კი სიბერემდე ერთი სუნი ექნებათ, თუ რომელიმემ “გალუაზს” არ უღალატა, რაც აქვე უნდა გამოვრიცხოთ. მიხარია – მათ სამუდამოდ ვემახსოვრები.
პიერ ალბერტინის მეუღლესაც ირენი ჰქვია და ერთადერთი დესერტის მომზადება იცის, რომლის საიდუმლო რეცეპტიც ჯერ არც ერთი შოუს წამყვანისთვის არ გაუმხელია. ჩემი წარმოდგენით, ეს რძეში მოხარშული ბრინჯი უნდა იყოს, რომელსაც დამწვრის გემო დაკრავს.
ეს მეორე ტექსტია, რომელსაც ვწერ და ალბათ ფაქტების გაყალბების მცირეოდენი უფლება უკვე მოვიპოვე.
ფრანგული ლიტერატურის მასწავლებელი იოლად შენიშნავს ამ ავტობიოგრაფიული ჩანაწერის მთავარ ნაკლს, რომლის არსებობაშიც ისევე ვარ დარწმუნებული, როგორც სკოლის მოსწავლე გოგონები – მძღოლის ქუდქვეშა საიდუმლოსი. თუმცა, მთავარი სხვა რამ არის. გარდასახვის ხელოვნების ცოდნა მსახიობებზე მეტად დამწყებ მწერლებს ჭირდებათ, რადგან შენს ნაცვლად ვერავინ გახდება ჟანა დ’არკი.
“ცეცხლის რკალი ვიწროვდება”, ამოილუღლუღა ჩემმა ნახევრადმძინარე მამობილმა.
მე, ირენ ტაველიქსი, მომავალ წელს მანქანის მართვას ვისწავლი და აუცილებლად მივატოვებ ამ ქალაქს, სადაც ხშირად წვიმს და შორს კლოდის ქუდივით უფერო ცა მოჩანს.
ავტობიოგრაფიებში მომავლის შესახებ თითქმის არაფერს ამბობენ ხოლმე. მკითხველმა უნდა იმარჩიელოს, გადარჩება თუ პირველივე საგზაო შემთხვევას შეეწირება მთხრობელი. იქნებ არც ღირს ზედმეტი თავსატეხი გავუჩინო ლიტერატურის მასწავლებელს, სკოლის დირექტორს და სხვა მასწავლებლებს, უსაყვარლეს მადამ მიუსოს, რქიან კლოდს და ბალიშში ცხვირჩარგულ მამობილს, პიერ და ირენ ალბერტინებს, პოლიციის სახეგაფითრებულ შეფს, სატელევიზიო შოუ “რუანის საიდუმლოებანის” წამყვანს, თანაკლასელებს და მათ მშობლებს, კამერუნელ თუ პაკისტანელ მეზობლებს, თავშესაფრის მოხუცებს, დედაჩემის ნათელ სულს.
ყველას ერთად ვუმხელ საიდუმლოს – 9 იანვარს ქალაქის მერთან ერთად კაფეტერიაში არ ვყოფილვარ, არც “ბანანა-სპლიტი” გამისინჯავს. ჩემს პირველ, უაბზაცებოდ დაწერილ თხზულებას ვკითხულობდი აქ, ამ ოთახში, მერე კი მორყეულ საწოლზე წამოწოლილმა კაცმა გაზეთების საყიდლად გამგზავნა.
ქუჩაში სეირნობისას ათასი რამ შეიძლება წარმოიდგინოს თორმეტი წლის გოგომ, ს ა გ ზ ა ო შ ე მ თ ხ ვ ე ვ ი ს გ ა რ დ ა.
სკოლის ავტობუსის მძღოლს მკვდარი ვეგონე. ალბათ ქუდიც იმიტომ მოიხადა.© “წიგნები – 24 საათი”
-
ახალი ამბები (აგვისტო-სექტემბერი, 2007)
ბრიტანული გამომცემლობები ჯეინ ოსტინს არ ბეჭდავენ
ჯეინ ოსტინი დებიუტანტი მწერლის, დევიდ ლასმანის ექსპერიმენტის იარაღი გახდა. მას შემდეგ, რაც ბრიტანული გამომცემლობებისაგან ლასმანი დადებით რეცენზიას ვერ ეღირსა და პირველი წიგნის დაბეჭდვაზე ყველამ უარით გამოისტუმრა, მან სახალისოდ ასეთ ხერხს მიმართა – ჯეინ ოსტინის რომანებიდან ნაწყვეტები ამოკრიფა, პერსონაჟებს სახელები შეუცვალა, ფსევდონიმად ”ელისონ ლეიდი” აიღო (ოსტინის ადრეული ფსევდონიმიც სწორედ “A Lady” იყო) და ტექსტები გამომცემლობებში დაარიგა. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, 18 გამომცემლობიდან 17 (მათ შორის Penguin და Bloomsbury) ვერ მიხვდა, ვინ იყო ტექსტების ნამდვილი ავტორი და ლასმანს მათს გამოქვეყნებაზე მშვიდად უთხრეს უარი. არ მოტყუვდა მხოლოდ ალექს ბოულერი Jonathan Cape-დან.
”თუ ასეთი მსხვილი გამომცემლობები ვერ ცნობენ მსოფლიო ლიტერატურის შედევრს, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენი ღირებული ტექსტი შეიძლება გაუშვან ხელიდან,” – გაკვირვებულია ლასმანი.ელექტრონული წერილები კლასიკოსებისგან
იმისთვის, რომ ცხელ ზაფხულს წიგნების კითხვა მოსაბეზრებელი საქმიანობა არ გახდეს, ინტერნეტ სივრცემ ახალი ინტელექტუალური გასართობი გამოიგონა. საიტი http://www.dailylit.com/ მათთვის არის, ვისაც ლიტერატურის კითხვა უყვარს, მაგრამ დროის უქონლობისა და გადატვირთული სამუშაო დღის გამო მონიტორს მიღმა წიგნებისთვის დრო აღარ რჩება. თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, საიტზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ მარტივად გამოიწერთ სასურველი ავტორის სასურველ წიგნს, რომლის განსაზღვრული რაოდენობის ნაწყვეტებიც პერიოდულად მოგივათ, არც მეტი, არც – ნაკლები, ელექტრონული ფოსტის მისამართზე, როგორც მეგობრის ან თანამშრომლის მორიგი წერილი. იმისთვის, რომ ასეთი ტიპის მეგობარმა (მაგ. ჰომეროსი, დანტე, სერვანტესი…) თავი არ მოგაბეზროთ, ან პირიქით – არ მოგანატროთ, წერილების პერიოდულობას თავად აირჩევთ.
სალმან რუშდის სიცოცხლეს ისევ საფრთხე ემუქრება
ტერორისტული დაჯგუფების, ალ-ქაიდას ეგრეთ წოდებულმა ”მეორე პირმა”, აიმან ალ-ზავაჰირმა, თავის მორიგ აუდიო-მიმართვაში ძირითადი დრო დიდი ბრიტანეთისადმი მუქარას დაუთმო. მისი მოთხოვნაა, ჩამოართვან ინდოელი წარმოშობის მწერალს – სალმან რუშდის – რაინდის ახლადმინიჭებული წოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისლამური სამყარო გადამჭრელი ზომების მიღებით იმუქრება. დასჯის კონკრეტულად რა მეთოდებს გულისხმობდა ტერორისტი – ეს არ უთქვამს. მსოფლიოს მუსულმანთა დიდი ნაწილი სალმან რუშდის შემოქმედებას თავიანთი რელიგიისა და აღმსარებლობის შეურაცხყოფის უმაღლეს საფეხურად მიიჩნევს. ამ მიზეზით ირანსა და პაკისტანში მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფები თანხასაც კი აგროვებენ მის დასაჯილდოებლად, ვინც ახლადგამომცხვარ რაინდს თავს წააცლის.
ჰემინგუეის კატების უფლებები ირღვევა
ერნესტ ჰემინგუეის სახლის ბინადარი 6 კატა ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასამართლო პროცესის შედეგად მწერლის სახლიდან გამოასახლა. სამინისტორს მესვეურებმა განაცხადეს, რომ ცხოველების ადგილი, ჩვეულებრივ, გალიაშია. ფედერალური ბიური კი ამტკიცებს, რომ კატები სამუზეუმო ექსპონატს წარმოადგენენ და სახლმუზეუმში მათ შენახვას სპეციალური ლიცენზია სჭირდება. საქალაქო კომისიასაც თავისი მოსაზრება აქვს ფუმფულა ცხოველებთან მიმართებაში – კატები საგამოფენო ნივთები არ არიან და ისინი, უბრალოდ, უნდა გაათავისუფლონ ყველანაირი სამოქალაქო კანონის ზემოქმედებისგან. სახლ-მუზეუმი, სადაც ჰემინგუეი 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა, კატების გამოსახლების შემდეგ დროებით დაიკეტა.
წერილები აუქციონზე
შვეიცარიელი იურისტის, ალბინ შრამის, გარდაცვალების შემდეგ მის არქივში საოცარი კოლექცია აღმოაჩინეს – სხვადასხვა წერილებს შორის ისეთი ავტორებიც იყვნენ, რომელთა აქამდე უცნობი ტექსტებიც ძალიან მალე აუქციონზე ხუთ და ექვსნიშნა ციფრებში გამოსახულ თანხად გაიყიდება.
აქ არის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის 1811 წლით დათარიღებული წერილი, სადაც იგი მეგობარს, ნოლას ცმესკალს, ხელოვნების რაობაზე ესაუბრება; ოსკარ უაილდის სამადლობელი სიტყვა ემილი რენის მიმართ (1888), ერნესტ ჰემინგუეის მოკითხვა ეზრა პაუნდს (1925), ფრანსისკო გოიას მიერ მოყოლილი საკუთარი სიღატაკის ამბავი მეგობარ მარტინისადმი (1790)…
წერილების გატანა აუქციონზე უკვე დაიწყო. ნაპოლეონის გრაფიკული კოცნები ჟოზეფინას მიმართ უკვე გაყიდულია – მასში 276,000 ევრო გადაიხადეს.ჰარუკი მურაკამი – ნობელის პრემიის ლაურეატი?
იაპონიის მუნიციპალურმა ბიბლიოთეკამ მცდარი ინფორმაცია განათავსა თავის ვებ გვერდზე – თითქოს პოპულარულ რომანისტს, ჰარუკი მურაკამის, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიეღოს. ბიბლიოთეკის საიტზე განთავსებული სტატიის მიხედვით, შარშანდელი ნობელის პრემიის ლაურეატი მურაკამი გახდა, არადა, ეს პრიზი, როგორც ვიცით, თურქ ავტორს, ორჰან პამუკს ერგო. მუნიციპალური ბიბლიოთეკის მესვეურებმა ბოდიში მოიხადეს შეცდომის გამო და მიზეზიც ახსნეს – ინფორმაცია, რომელიც იმ განსაკუთრებული შემთხვევისთვის იყო წინასწარ მომზადებული, თუ იაპონელი ავტორი ნობელის პრემიას მიიღებდა, ტექნიკური შეცდომის გამო აღმოჩნდა სისტემაში საიტის განახლებისას. მურაკამის ლიტერატურული ”დამსახურების” შესახებ ინფორმაცია 18 ივნისიდან 4 ივლისამდე იყო საიტზე განთავსებული.
ლიტერატურული პრემია არამხატვრული პროზისათვის
ამერიკელი რეპორტიორი, Washington Post’s-ის ბაღდადის ბიუროს ყოფილი დირექტორი, რაჯივ ჩანდრასეკარანი, სემუელ ჯონსონის სახელობის პრესტიჟული პრემიის მფლობელი გახდა დოკუმენტური პროზისათვის. მისი ნაშრომი ”იმპერიალისტური ცხოვრება ზურმუხტოვან ქვეყანაში” (“Imperial Life in the Emerald City”) ბაღდადის მწვანე ზონის უსაფრთხოებას ეხება, და როგორც ჟიურის თავმჯდომარემ, ჰელენა კენედიმ განაცხადა, ბოლო 50 წლის მანძილზე ასეთი ძლიერი რეპორტაჟი არ დაწერილა. სემუელ ჯონსონის პრემია არამხატვრული პროზისათვის გაცემულ ჯილდოებს შორის მსოფლიოში ყველაზე დიდ თანხას მოიცავს – რაჯივ ჩანდრასეკარანი 30 ათასი ფუნტი სტერლინგის მფლობელი გახდა.
ტერორისტული პოეზია
ლექსები, რომლებიც გუანტანამოს ყურის ”ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის” ციხის პატიმრების მიერაა დაწერილი, მალე წიგნად გამოვა. ტექსტები ციხის სხვადასხვა ჭურჭელზე იყო ამოჩხაპნილი, ან კიდევ კბილის პასტით იწერებოდა კედლებზე. წიგნი 17 პატიმრის 22 ტექსტს შეიცავს, მათი შეგროვება და რედაქტირება ერთ-ერთმა მოხალისე ადვოკატმა, მარკ ფოლკოფმა ითავა. მისი თქმით, აქამდე პატიმართაგან არცერთს არანაირი შეხება არ ჰქონია პოეზიასთან. ლექსები არაბულ ენაზეა დაწერილი და მათი ინგლისური თარგმანები რედაქტორის გარდა ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ გადაამოწმა. ფოლკოფის თქმით, ლექსებში პატიმრების იმედგაცრუება ჩანს ამერიკის მიმართ, და კიდევ, დიდი სურვილი, მალე დატოვონ ციხის კედლები და დაუბრუნდნენ სამშობლოს.
ბეირუთი – მსოფლიოს წიგნთა დედაქალაქი
ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი ”2009 წლის მსოფლიოს წიგნის დედაქალაქად” იქნა დასახელებული. გადაწყვეტილება 3 ივლისს იუნესკოს შტაბბინაში შეკრებილმა ამომრჩეველთა კომიტეტმა მიიღო. ასეთი არჩევანი დაფუძნებულია კულტურული მრავალფეროვნების მიმართ ლიბანის შემწყნარებლობაზე, დიალოგსა და ამტანობაზე, ასევე წარმოდგენილ პროგრამაში თანამშრომლობის პასუხისმგებლობასა და შინაარსიანობაზე. იუნესკოს გენერალური დირექტორის, კიოტირო მაცურის აზრით, წიგნი, როგორც ურთიერთგაგებისა და მშვიდობის იარაღი, დიდ როლს ითამაშებს აღმოსავლეთ და დასავლეთ სამყაროს შორის დიალოგში. ბეირუთი ”მსოფლიოს წიგნის” მეცხრე დედაქალაქი იქნება. მანამდე ეს ტიტული მადრიდს (2001), ალექსანდრიას (2002), ნიუ-დელის (2003), ანტვერპენს (2004), მონრეალს (2005), ტურინს (2006), ბოგოტასა (2007) და ამსტერდამს (2008) ჰქონდა მინიჭებული. არჩევნები ყოველ წელს იმართება.
ჯეიმს ბონდის ახალი წიგნი
ბრიტანელი მწერალი, სებასტიან ფოლკსი, ”ჯეიმს ბონდის” ახალი რომანის ავტორად დასახელდა. წიგნი, რომელსაც ”ეშმაკის მზრუნველობა” (”Devil May Care”) ერქმევა, 2008 წლის 28 მაისს იხილავს მზის შუქს – სწორედ ამ დღეს აღინიშნება ”ჯეიმს ბონდის” პერსონაჟის ”ლიტერატურული მამის”, ბრიტანელი მწერლის, იან ფლემინგის 100 წლისთავი. იანი 14 წიგნის ავტორია აგენტ 007-ის შესახებ.
მსოფლიოში ამჟამად ჯეიმს ბონდის სათავგადასავლო, მძაფრსიუჟეტიანი წიგნის 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული და აგენტ 007-ის ეპოპეამ ავტორებს 4 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა. თუმცა კი, ჯეიმს ბონდის კინოგმირის წარმატებასა და პოპულარობასთან ლიტერატურული პერსონაჟი ახლოსაც ვერ მივა.© “ცხელი შოკოლადი”
-
თეა თოფურია
პიტნის კალო
ვირს პიტნა ეჯავრებოდა და ცხვირში ტენიდნენო. ჩემი საქმეც ასეა, ვირივით. მე ვვირობ და ამათ კიდევ პიტნა არ ელევათ, ლამისაა ძნები დადგან. აჰა, ამასწინათაც, ამოვიდა ერთი ჩემი მეზობელი და ჭა უნდა გავთხაროთო. რის ჭამე-მეთქი. აი, კორპუსის წინო. ჭა რად გვინდა-მეთქი, – თან ახალგაღვიძებული ვარ, ვდგავარ, თვალებს ვისრესს – წყალი ზედა სართულებზე არ ამოდის და აბა, რა ვქნათო. ვედრო და ბაწარი უკვე გვაქვსო. კინაღამ არ ვუთხარი, ბაწარი თუ გაქვს, ჭა და უფსკრული არა ხარ, მოიბი ბარებ კისერზე-მეთქი, მაგრამ ამისთანებს ხომ სიკვდილს ვერ უხსენებ, სწყინთ.
***
რას შვრება, ნეტავ, ის ბავშვი? ვერ მივაჩვიე ესენიც, რომ გაუარონ და მოიკითხონ მაინც. ერთ ქალაქში არ ცხოვრობენ?! ერთი დედ-მამის შვილები არ არიან?! ამასწინათაც მითხრა მარინემ, გავუარე, ვუკაკუნე, ვუკაკუნე… ალბათ სახლში არ იყოო. რას გაუგებ მაგას?! ჯერ ბავშვობაში ვერ იტანდა ვერავის, წაიღებდა წიგნებს და საქათმეში სწავლობდა გაკვეთილებს. მაგის გადამკიდე ქათმები შუა ეზოში დებდნენ ხოლმე კვერცხებს. გამოდი-მეთქი, ვეტყოდი და გამოვიდოდა, განა არა, მაგრამ მეორე წუთას გავხედავდი და ახლა ხეზეა ამძვრალი, დაუკავებია პური და ყველი და ღოღნის. რად ვერ იტან, შვილო, ხალხს-მეთქი და აბა,öრა ვიციო. არ უყვარდა და ასეთი დარჩა უკარება, სად დადიოდა, რას შვრებოდა, ვერაფერს გაიგებდი. მეზობლებს აღარც კი ახსოვდათ, დაბადებული თუ იყო სოფელ-ქვეყანაზე. ესაო, წითურაო, შენი არ არისო, უცებ გაახსენდებოდათ ხოლმე, ისე სხვათაშორის… ეგენი კი არა, მეც ლამის სულ დამავიწყდა, ამასწინაზე ისევ მარინემ მკითხა, რომ დაიბადა, რა დღე იყოო. ვერ გავიხსენე, მგონი თოვდა, მგონი კი ივლისი იდგა. არ მახსოვს, არა, მუცელი რომ ამტკივდა ისიც არ მახსოვს.
***
კიდევ კარგი, ბევრი და-ძმა მყავდა და მაგათში ადვილად ვიკარგებოდი ხოლმე, თორემ ამ ცხოვრებას რა აიტანდა. აგერ მეზობლები რომ ჭას თხრიან, ასეთი ჭა მეც მქონდა სოფელში, თხრიდნენ და სანამ წყლამდე ჩავიდოდნენ, შიგ ვიმალებოდი. ერთხელაც მომადგა ჩემი ძმა და ჩამომძახის, ეჰეეო, ჰეეეო… ბნელა და იმას ჰგონია, ჭას ჩასძახის. მეც ავდექი და გავეპასუხე, მომწყდი თავიდან-მეთქი. აღრიალებული გაიქცა, იძახის: დედა დედაა… ვიღაც ქალები მოუყვანეს მერე, გამოულოცეს.***
რა სცხია ადამიანის?! შეგეშინდება ისე იცის უცხოობა. ბებიამისი რომ დავმარხეთ, განა ისეთი რა პატარა იყო, რომ ერთი არ უტირია. სხვები, რომ ღნაოდნენ, მაგას რა?! მიწისძვრა რომ იყო კიდევ?! ვითომც აკვანში დაგირწევია, სულ არ გამოსულა გარეთ. ვსხედვართ ყველანი ეზოში ძაღლიან-კატიანად და უცებ მომაგონდა, მივავლ-მოვავლე თვალი და არ ჩანს არსად. შევვარდი სახლში, ვიფიქრე, აღარ დარჩა ალბათ ცოცხალი-მეთქი, არადა, არც ამდგარა თურმე ქვეშაგებიდან. გამოვარბებინე გარეთ პერანგისამარა, დაჯდა, არაფერი უთქვამს… ჩუმი იყო, ნეტავ გულში მაინც თუ ლაპარაკობსო, გაიფიქრებდი.
ცოლის შერთვა რომ დავუპირეთ, მაშინაც განა თქვა რამე. იყო თავისთვის, არც კი, არც – არა. თან კი ვჭოჭმანობდი, რა ოჯახი ამას მოეკითხება, ხიდან ვერ ჩამოგვიყვანია-მეთქი. მეზობელ ნინიკას გოგოს ვგულობდი ვითომ, ერთი უბრალო იყო ისიც, შეუმჩნევი, არც აქებდა ვინმე, არც – აძაგებდა. ბავშვს ხომ გააჩენენ და მერე თუნდაც ორივეს ხეზე უთენ-უღამებით-მეთქი, მაგრამ რა… გავიხედე და აღარ არის. ორი წლის მერე ისე მოვიდა, თითქოს აქვე მაღაზიაში გადასულიყოს. განა მკვდარი მეგონა ან რამე ფარსაგი, ვიცოდი, რაც მყავდა, მაგრამ მაინც… მაწონს თბილად ვფუთავ და კარი შემოაღო. ამივარდა ტირილი, რად მიკეთებ, შვილო, ამისთანებს, დედა ვარ-მეთქი.
***
ორი წელი ხომ ვიხეტიალე, მერე ისევ მივედი სახლში. ჩემებს საქათმეში ვემალებოდი და ახლა კიდევ ნინიკასიო. განა არ მეტყობოდა, ამ ქვეყნის არ ვიყავი. ავლაგდებოდი ხოლმე შუაღამისას, მაღლა, სულ მაღლა იყვნენ ვარსკვლავები, ლივლივებდნენ ისე, ცა იღუნებოდა. მეც თითქოს ამ ცადაბრეცილზე დავდიოდი, ეს მერჩინა ადამიანებთან ბორიალს. ადამიანი მაშინ მახსენდება, ძალიან რომ მომშივდება ან ძალიან რომ შემცივდება ხოლმე, საჭმელს რომ მაძლევენ, ბუხართან რომ მსვამენ… ძაღლივით ვარ, წუნკალი ძაღლივით, პურის გულისთვის კუდს რომ აქიცინებს. დედაჩემმა კიდევ, რად მიკეთებ, შვილო, ამისთანებს, დედა ვარო. თან მაწონს ახვევდა, ჩემი ძმის ჯემპრში. გულში ვიფიქრე, ჩემს დედობას, მაწვნის დედა ყოფილიყავი არ გერჩივნა?! რძეს მაინც შეადედებდი-მეთქი.
***
ღამ-ღამე სიარული უყვარდა. მისი შიშით მოსაშარდად ვერავინ გამოსულიყო გარეთ. დაადებდა ხოლმე თავს და……მოგვადგებოდა დილით საიდანღაციდან. დაწვებოდა მერე და დაიძინებდა ან ეზოში იჯდა გარეთ. არც რას ვეკითხებოდით, ყველას თავი გვქონდა მინებებული. კიდევ ჩავეძიებოდი, ადამიანები რად არ გიყვარს-მეთქი და არ გისწავლებიათო. განა რა სწავლა უნდა სიყვარულს, შენმა და-ძმებმა როგორ ისწავლეს-მეთქი და გაჩუმდებოდა ისევ. საცოდავი იყო, რაღაცნაირი, თავს ძლივს ეზიდებოდა.
***
ყურძენს დამიკრიფდა დედაჩემი და დამიდებდა გარეცხილს. ისეთი თვალებით მიყურებდა ხოლმე… შვიდი და-ძმიდან მარტო მე მიყურებდა ასეთი თვალებით. ჩავღუნავდი ხოლმე თავს, აბა რა მექნა, ექვსი ბავშვის გამონაცვალ საშოში რომ გამომზარდე, ექვსი ბავშვის შარდით აქოთებულ სახვევებში რომ გამომკარი-მეთქი, გულში ვფიქრობდი. საცოდავ დედაჩემს ჩემს მერე ბავშვის გაჩენა არც მოგონებია. რომ დაბერდა და დაპატარავდა, იტყოდა ხოლმე, მერვე ვარო. ჩემი უფროსი ძმა ტკბილ ნამცხვრებს მოუტანდა და ჩუმად ჭამდა თავისთვის, შავებში ჩაცმული. შავსაც იმიტომ იცვამდა, რომ სხვებს ეცვათ მაგის ტოლებს. მზისგულზე შავით უკეთესად გამოვჩნდები, ჭრელი კუბოშიც მეყოფაო… სიბერეში დამემგვანა მე თავის ნაბოლარას.***
ქალაქში ისე გაიკრიფნენ, თითქოს ყურძენი დაგიკრეფია. შვიდიდან ერთი არ დარჩა წყლის მომწოდებელი, არც დამლაპარაკებელი. საკუთარ თავს ვექაქანები ხოლმე, ბეხრეკოო, განა მარტო გაჩენაა, აკვანიც გულიანად უნდა გერწია, ქადაც გულიანი უნდა გეცხო, ახლა ერთი მაინც დაგირჩებოდა, გვერდით გეყოლებოდა, ან იქით დააყვედრებდი ან აქეთ დაგამადლებდა-მეთქი.
ვეშაირები ხოლმე ჩემს თავს და თან ველოდები, როდის ჩამოვლენ მორიგეობით, ხან უფროსი, ხან – შუას წინა. უმცროსის კი ამბავიც უნდა იზოგო. რაც წავიდა, მას შემდეგ მზის დაბნელება ორჯერ ვნახე, ის კი ვერც ერთხელ. თავიდანვე ასეთი დაქანცული და მისავათებული გაჩნდა და რაც გაჩდა, ის დარჩა. ჩემგან თუ გამოყვა და რას ვიზამ?! მეც რა ბრალში ვარ?! ღმერთმა მთელი სამყარო ისე შექმნა თითქოს არაფერი. ადამიანის შექმნამ კი უცებვე დაღალა. მე თუ მეშვიდე ადამიანზე დავიღალე, რაღა გასაკვირია?!***
ამათ კიდევ, ჭა უნდა ვთხაროთო, ბაწარი გვაქვსო. ხოდა, ხომ უნდა მეთქვა, მოიბი კისერზე-მეთქი, მაგრამ ეს ვუთხარი, ჭას რად თხრით, დედას არ უყვარდით, დედა არ გიყვარდათ-მეთქი. დადგა და მომაშტერდა, გაწითლდა, გაპილპილდა. დაეშვა კიბეებზე და მერე მართლა არ მოაყენეს რაღაც ბულდოზერისმაგვარი?! აარიხინეს და ვდგავარ, ვფიქრობ, განა მარტო გაჩენაა, და ძუძუს პირში ჩადება, უსულგულოდ ქვეყანაზე რომ ვეთრევი, ახლა ვინღა მასწავლის ადამიანობას წიგნით და რვეულით-მეთქი. ტაძარი როა აგერ, იქ დიდი ხატია, ღვთისმშობლის მიძინების, ქრისტეს მარიამი ხელში უჭირავს, არადა, საერთოდ ხომ პირიქითაა. იქაც დავდგები ხოლმე მართლა ვირივით და მიკვირს, გასაკვირი რაა, მაგრამ მაინც. თან ხომ როგორი ახალგაზრდაა ქრისტე ხატებზე…
ჩავედი. მარინემ, გიკაკუნე, გიკაკუნე, ვერ გაგაგონეო, დედა ვნახე და მნახოსო. ძროხა დაბორიალობდა ეზოში ბღავილით. დასკდომაზე ჰქონდა ცური. სამი დღის მოსაწველია, ვერ ვდგებიო, დედამ მითხრა. ლოგინში იწვა, დალეული, დალეული, დეკემბრის დღე რომ დაილევა ისე, ხელები ამოეყო საბნიდან. შენც სამი დღის მშიერი ხარ-მეთქი? ვკითხე და ვერ გაიხსენა. დავუწყე ძროხას წველა, აზმუვლდა, გამლუპა რძეში. დავალევინე დედას და მერე ცეცხლს მივეცოდვილე ასანთებად. ბუხართან დამსვიო, ვერ დგებოდა თვითონ. ავიყვანე, სანამ ოთახში სკამს მოვძებნიდი, კარგა ხანი მეჭირა ხელში.
© ”ცხელი შოკოლადი”
-
გია არგანაშვილი – აქა ამბავი ქაქუცელებისა
-
ბექა ქურხული – გადაღმა
-
ახალი წიგნები (აგვისტო-სექტემბერი, 2007)
-
ოლდოს ჰაქსლი – ფერუმარილი