facebook.com
თავიდანვე განვმარტავ, რომ ბუკინისტების თემას მაკროეკონომიკურ მნიშვნელობას ვანიჭებ. წინააღმდეგი ვარ მისი რომანტიზაცია-ჰეროიზაციისა და აი, რატომ:
პირველ ყოვლისა, ეს თემა პირდაპირ უკავშირდება სასკოლო სახელმძღვანელოების შავ ბაზარს. ორიოდე დღის წინ თანამშრომელმა ვაგზლის მოედნიდან, ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ღია დახლების უმეტესობა ყოველ სექტემბერს სასკოლო წიგნებით ვაჭრობის ყველაზე ხალხმრავალ ადგილად იქცეოდა, ასეთი ამბავი მოიტანა: გაურკვეველ პირებს (დავარქვათ მათ გარემოვაჭრეები), ქალებს, ჩანთებით მოაქვთ სასკოლო სახელმძღვანელოები, დგებიან და სთავაზობენ გამვლელებს ან იმ ხალხს, რომელიც ინერციით მოდის აქ, ძველი დახლების ადგილას, სასკოლო წიგნებს, თან ყიდიან უფრო ძვირად, ვიდრე მაღაზიებში იყიდება. წელს სავალდებულო გახდა სახელმძღვანელოების უკანა ყდაზე ეწეროს გასაყიდი ფასი (ახლებს, წელს გრიფირებულებს აწერია). მიუხედავად ამისა, ეს გარემოვაჭრეები ატყუებენ მშობლებს, არ ეუბნებიან, რომ ფასები აწერია და 2-4 ლარით უფრო ძვირად ყიდიან. მაგალითად, ჩემი გამოცემული სახელმძღვანელო, რომელასც აწერია 10 ლარი, 12 ლარად იყიდება, 12-ლარიანი 14-ად ან მეტად. მოდის პოლიცია, დაინახავენ ეს ქალები, გაიქცევიან. მერე ისევ დგებიან და ა.შ.
არ ვათანაბრებ ამ ხალხს ბუკინისტებთან (ამათ ქვემოთ შევეხები), მაგრამ გარევაჭრობა რომ ყოველთვის პრობლემას გვიქმნიდა გამომცემლებს, განსაკუთრებით სასკოლო წიგნების გაყიდვის პერიოდში, ფაქტია. უწინ, ვარდების რევოლუციამდე, როცა პირატული სახელმძღვანელოებიც იბეჭდებოდა, გარემოვაჭრეები კონტრაფაქციული წიგნების მწარმოებელთა უშუალო მოკავშირეები იყვნენ – მათ გარეშე ამ წიგნების გასაღება თითქმის წარმოუდგენელია. დღეს ბაზრობებზე გარემოვაჭრეები აქტიურად და აღურიცხავად ყიდიან მეორად წიგნებსაც და პარალელურად, გასაყიდ ფასზე ძვირად – უხმარ სახელმძღვანელოებს. ფაქტიურად ისინი ცდილობენ დროის ამ მოკლე მონაკვეთში ყველაფრიდან მოგება ნახონ: გაჭირვებულებს ეუბნებიან, რად გინდა ახალი წიგნი, ძვირია, აგერ ნახმარი იყიდე იაფადო და ამ ნახმარებიდან (ეს ბუკინისტური სახელმძღვანელოებია! – აგერ, პირველად ვახსენე ბუკინისტებიც) უფრო მეტი მოგება რჩებათ, ვიდრე ახლებიდან. მაგრამ ცდილობენ არც აქედან მოიკლონ – იმ მშობლებს, რომელთაც არ სურთ ნახმარი წიგნი უყიდონ შვილებს და ახლის შესაძენად თანხა ემეტებათ, ატყუებენ და არ ეუბნებიან, რომ წიგნებს ფასი აწერია. თუ ეძვირებათ, ეუბნებიან, ფასი თუ არ გაწყობს, სხვაგან იყიდეო. ის კიდევ, თუ არ იცის მაღაზიის ადგილმდებარეობა, სიარულს და ძებნას არჩევს აქვე იყიდოს. მოკლედ, საქმე ისე აქვთ აწყობილი, რომ მყიდველი მათგან უწიგნოდ თითქმის არ მიდის.
ვისთვის როგორ და ჩემთვის უკვე ბარე ათი წელია არ არის სულერთი, რომ ვერ ვინარჩუნებ ჩემ მიერვე დაწესებულ საცალო ფასებს სასკოლო სახელმძღვანელოებზე. წელს ფასები კი დავაწერეთ ახალ წიგნებს, მაგრამ: 1) საკმაოდ ბევრი მშობელი ინერციით აკითხავს ბაზრობებს და ჰგონიათ, რომ იქ წიგნები უფრო იაფად იყიდება – მრავალწლიანი განუკითხაობის შედეგი გარევაჭრობასთან დაკავშირებით, 2) სამწუხაროდ, არც პედაგოგები აფრთხილებენ მშობლებს ამის თაობაზე, არადა სპეციალური საინფორმაციო ფურცლები დავბეჭდეთ და დავურიგეთ, სადაც მაღაზიების ჩამონათვალიც გვაქვს მითითებული, მისამართების ჩვენებით, და საცალო ფასებიც.
სისტემა იმდენად გარყვნილია (გარემოვაჭრეების თავგასულობა თბილისსა და რეგიონული ცენტრების რკინისგზისა და ავტოსადგურები ბაზრობებზე, პედაგოგების უმეტესობის დაბალი კომპეტენცია, მშობელთა დიდი ნაწილის გაუთვითცნობიერებლობა და უყურადღებობა), რომ ბუკინისტებთან დაკავშირებული რომანტიკა აშკარად ვერ მოდის ამ ყველაფერთან შესაბამისობაში. მე ქირურგიული ჩარევისკენ ვიხრები. მიმაჩნია, ძალიან კარგია, რომ აკრძალეს გარევაჭრობა, მათ შორის წიგნებით, თუმცა ეს პროცესი სანახევროდაა მოგვარებული: იმ ადგილებში, სადაც სასკოლო წიგნებით მოვაჭრეები გადავიდნენ (ან დარჩნენ), გასაკონტროლებელია აღრიცხვიანობა და მისახედია გასაყიდი ფასის დაცვის თემა. სასკოლო სახელმძღვანელოები განსაკუთრებული პროდუქტია, გადის განათლების სამინისტროს გრიფირებას და საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებშიც ზოგჯერ რეგულირდება ამ ტიპის პროდუქტის რეალიზაცია. ჩემი აზრით, სახელმწიფოს აქვს უფლება მოითხოვოს მოვაჭრეებისგან, არ დაარღვიონ საცალო ფასი, ოღონდ ამის პრაქტიკები განსხვავდება. ვიცი შემთხვევა, როცა საფრანგეთის განათლების მინისტრის ბრძანებით დაწესებულა ფასდაკლებების ერთნაირი პროცენტიც კი ქალაქებისა და რეგიონების მოვაჭრეებისთვის; თავისთავად იგულისხმება, რომ დადგენილი საცალო ფასი ურყევი უნდა დარჩენილიყო. სხვა საკითხია, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ ის, რომ ეს არ არის რიგითი პროდუქტი, ცალსახაა. საერთოდ, რეგულირების დიდი ტრფიალი არა ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, აქ რეგულირება მიზანშეწონილია. სახელმძვანელოები მცირე ხნის განმავლობაში იყიდება და შემთხვევითი ხალხი ცდილობს მაქსიმალური მოგება ნახოს აქედან.
რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ბუკინისტების თემასთან? პირდაპირი კავშირი აქვს: ზოგადად ბაზრის სწორად და ლოგიკურად ორგანიზების საკითხია. ბუკინისტებსა (აქამდე რა სტატუსითაც იყვენენ!) და იმ ჩანთაგადაკიდებულ ქალებს, რომლებსაც, რა თქმა უნდა, კონკრეტული პირები ქირაობენ და შავ ბიზნესს ეწევიან, აერთიანებთ ერთი რამ – არალეგალური ბიზნესის წარმოება. ამდენად, თუ ბუკინისტებს, რამდენიმე ათეული ინტელექტუალის რომანტიკის ხათრით, არალეგალურად, „ნახალოვკის პრინციპით“ დავუშვებთ ქალაქის ნებისმიერ ადგილას, მათ შორის ვაგზლის მოედანზე, რა ლოგიკით უნდა ავუკრძალოთ სხვა არალეგალურ სუბიექტებს ამავე ტიპის საქმიანობა იმავე ვაგზლის მოედანზე? ვინ გაარჩევს, რა ტიპის წიგნით ვაჭრობენ? სწორედ ეს ხდებოდა დღემდე – უამრავ დახლზე აღურიცხავად იყიდებოდა სახელმძღვანელოები და ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით საცალო ფასს.
ამიტომ, ჩემი აზრით, ბუკინისტებს, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, უნდა გამოეყოთ ადგილი (არ ვამტკიცებ, რომ დედაენის ბაღი იდეალურია) და უნდა აღირიცხონ და ლეგალური საფუძველი დაედოს მათ საქმიანობას. ასეთი საერთო ადგილის გამოყოფა წყვეტს ისეთ საკითხსაც, როგორიცაა შეზღუდულ სივრცეებში ბუკინისტებისთვის სამართლიანობის პრინციპის დაუზიანებლად ადგილის გამოყოფის შეუძლებლობა. მაგალითად, ვის მიეცეს უფლება დადგეს უნივერსიტეტთან ან ყოფილი გამომცემლობა „სამშობლოს“ წინ? რა ტიპის ტენდერით და რა კრიტერიუმით უნდა შეირჩეს „გამარჯვებული“ ბუკინისტი?
ასევე, აქ გასათვალისწინებელია შემდეგი არგუმენტები:
1. იმდენიც არაა ეს ბუკინისტი, რომ ქალაქის ქუჩებში დგომის ნებართვა მისცენ და ამის მერე ვინმეს დედაენის ბაღში ან სხვაგან გამოყოფილ ადგილას მოუნდეს დგომა; 2. როგორც აღვნიშნე, ძალიან ძნელი იქნება ტენდერის ჩატარება და იმის განსაზღვრა, ვინ უფრო იმსახურებს ამა თუ იმ ადგილას დგომას. ასევე, მუდმივი სპეციალური ზედამხედველობა დასჭირდება იმას, ვაჭრობს თუ არა ის ხალხი მხოლოდ ბუკინისტური წიგნით. 3. თუ ტენდერის ნაცვლად უბრალოდ ვითხოვთ, რომ დააბრუნონ ისინი, ვინც ადრე იდგა, ამით ფაქტიურად მხარს დავუჭერთ კორუფციის შედეგად პრივატიზებული სივრცის დაკანონებას (დავარქვათ ამას ნახალოვკის სინდრომი). ჩავთვალოთ, რომ უკანონო გადასახადების ამკრეფი კორუფციონერი ჩინოვნიკებისადმი ადრე გადახდილი ქრთამებით მოიპოვეს ეს უფლება იქ მდგომმა ბუკინისტებმა? ვინმეს გაქვთ ის ილუზია, რომ ისინი იქ “უბრალოდ” იდგენენ და წილში არავინ იყო? სხვათა შორის, იმიტომაც არიან ჩუმად, როგორც ჩანს. (ნახალოვკის მცხოვრებთ ვარდების რევოლუციის მერე მისცეს უფლება, გარკვეული საფასურის გადახდის გზით მოეხდინათ უძრავი ქონების პრივატიზება, მარამ ეს უძრავი ქონებაა, ბუკინისტების დახლების შემთხვევაში კი ეს პრობლემა არ დგას.).
არ ვეთანხმები ტერმინს „გეტოიზაცია“. ინტელექტუალები არ უნდა მიმართავდნენ სტიგმატიზაციას საკუთარი მიზნის მისაღწევად, რაგინდ კეთილშობილურად მიაჩნდეთ იგი. ეს არასახარბიელო „კულტურული“ პრაქტიკაა – ცოდნის, კერძოდ, ამ შემთხვევაში რთული და არარელევანტური პოლიტიკური ტერმინოლოგიის – გამოყენება მოვლენის ყალბი ჰეროიზების მიზნით. ნუ დაგვავიწყდება, რომ არსებობს ბუკინისტური მაღაზიებიც, რომლებიც სწორედაც რომ გაბნეულია ქალაქში, თანაც ეს მაღაზიები ბოლო ხანებში გაიხსნა, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ბუკინისტური წიგნზე მოთხოვნა არის, ხოლო ამ ტიპის ვაჭრობა ლეგალური ხდება. რაც შეეხება გამოყოფილ ადგილს დღისათვის არალეგალური ბუკინისტებისთვის, მას თავისი დიდი უპირატესობები აქვს. თუ ვინმეს, მაგალითად, „ოდისეას“ ძველი გამოცემის ყიდვა უნდა, უფრო დიდი შანსია ის ერთად თავმოყრილ ბუკინისტებთან იპოვოს, ვიდრე გაბნეულებთან. შეიძლება „ოდისეა“ იქ რამდენიმესაც კი აღმოაჩნდეს და ეს ცუდი კი არაა, როგორც ზოგიერთს ჰგონია (აქაოდა, სახლიდან ვინც გამოიტანა გასაყიდად, იმ მოქალაქეს უმცირდება შანსი წარმატებით გაყიდოს წიგნი), პირიქით, „ოდისეას“ ფასსაც დაწევს და ერთდროულად რამდენიმე ადამიანიც შეძლებს შეძენას. რაც შეეხება „წარუმატებელ“ მოქალაქეს, მისი შანსი რომელიმე ერთ ცალკე მდგომ ბუკინისტთან გაყიდოს სახლიდან გამოტანილი წიგნი სწორედაც რომ მცირეა – შესაძლოა მაინცდამაინც იმ ბუკინისტთან არ გაიაროს მყიდველმა, რომელსაც ეს წიგნი სჭირდება.
გვერდს ვერ ავუვლი რუსული სპეცლიტერატურით (სავარაუდოდ, გადასახადების ნაწილობრივ მაინც თავიდან არიდებით რომ ვაჭრობენ არასამართლიანი კონკურენციის პრინციპით) და ირანიდან შემოტანილი ინგლისურენოვანი საცნობარო-სასწავლო პირატული ლიტერატურით მოვაჭრეების თემას. ამასწინათ ფეისბუქზე ერთ კომენტარს მოვკარი თვალი: პიროვნება გამარჯვებული ტონით აცხადებდა, რომ ბუკინისტებმა დაბრუნება დაიწყეს და სადღაც შეიძინა ინგლისურენოვანი ირანული წარმომავლობის სასწავლო წიგნები. ვერანაირად ვერ გავიზიარებ ამ ადამიანის სიხარულს იმ მიზეზით, რომ: 1) აშკარად არასწორად უწოდებს ამ მოვაჭრეს ბუკინისტს, 2) არასათანადო სიხარულს გამოხატავს კონტრაფაქციული პროდუქტის შეძენის გამო.
წინა პერიოდის, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციამდე, პირატობაზე და გარევაჭრობაზე, როგორც მის უპირველეს პარტნიორზე, ბევრი გამომცემლისგან შეიტყობთ საგულისხმო ამბებს. რუსულ-ინგლისური წიგნით სტენდებზე მოვაჭრეები პირდაპირი კოლეგები არიან სახელმძღვანელოების პირატებისა და მათი კოლეგა გარემოვაჭრეებისა.
ვინც არ იცის, განვუმარტავ, რომ ირანი არ ცნობს ინტელექტუალურ საკუთრებას და მისი “მესტამბეები” კოპირაიტის დარღვევით დიდი ტირაჟებით ბეჭდავენ და არა მხოლოდ თავის ქვეყანაში ავრცელებენ ძვირადღირებულ ინგლისურ სასწავლო და საცნობარო გამოცემებს (მაგალითად, ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონს), არამედ ამ პირატული პროდუქციის ექსპორტსაც ახდენდნენ სხვა განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. ამიტომ ამ ტიპის ლიტერატურის გამყიდველთა დაცვა პროტქციონიზმს ნიშნავს ირანელი მესტამბეებისა და მათი ქართველი თანამოსაგრეების მიმართ.
ამასთან დაკავშირებით მინდა მოგიყვეთ ერთი კურიოზული ფაქტიც: რამდენიმე წლის წინ, ვარდების რევოლუციამდე, სასკოლო სახელმძღვანელოების ერთ პირატს, რომელსაც უშიშროებაში მფარველი ჰყავდა, ერთ მომენტში აღმოუჩინეს პირატულად ნაბეჭდი წიგნები და ტელევიზიამ გადაიღო. საინფორმაციო გადაცემისთვის მიცემულ ინტერვიუში იმ კაცმა თქვა: “რა გინდათ, მე კარგ საქმეს ვაკეთებ, გამომცემლები თავიანთ სახელმძღვანელოებს ძვირად ყიდიან და მე იაფად ვუბეჭდავ გაჭირვებულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს”. ამ ყველაფრის მერე მისთვის არც ყალბი ტირაჟები წაურთმევიათ და არც დაუჯარიმებიათ, უშიშროების მფარველმა ჩაფარცხა ეს ამბავი. ვინმე მართლა ფიქრობს, რომ გაჭირვებულ მშობლებზე ფიქრი არ ასვენებდა?
შეგახსენებთ კიდევ ერთ რამეს: შევარდნაძის პერიოდში ფართოდ იყო გავრცელებული პროტექციონიზმის სხვადასხვა სახეობა: ერთი ტიპის პროტექციონიზმი კონკრეტული პიროვნებებისა და კომპანიებისთვის სახელმწიფოს მხრიდან შეღავათების გაკეთებას გულისხმობდა, მეორე – ზოგადად პროტექციონისტულ პოლიტიკას საქართველოს ეკონომიკაში (მაგალითად, უცხოელი მეწარმეებისთვის მაღალი საბაჟო გადასახადების დაწესებას ქართველი მეწარმეების პროდუქციის, ანუ ადგილობრივი ბაზრის, დაცვის მიზნით – კარჩაკეტილი ქვეყნის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის მკაფიო ნიმუში); ასევე პროტექციონიზმის ნაირსახეობა იყო „რჩეული“ ჩინოვნიკების უფლება, მფარველობა გაეწიათ შავი ბიზნესებისთვის… არა მგონია, ვინმეს გამართლებულად მიაჩნდეს, რომ პროტექციონიზმს დავუბრუნდეთ.
ეკონომიკაში მეტისმეტად გადაჯაჭვულია ერთი საკითხი მეორესთან და, როგორც აქაური პოსტების კითხვისას დარვწმუნდი (სხვადასხვა ადგილას), ბევრ ადამიანს, მათ შორის ინტელექტუალებს, ეკონომიკისა და სამართლის საკითხებში გამოუცდელობისა და გაუთვითვნობიერებლობის გამო, ზოგჯერ კი საკუთარ ინტერესსზე ზედმეტად კონცენტრირების თუ პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის ნიადაგზე, არ უნდა ან ვერ ახერხებს საკითხის მაკროეკონომიკური მნიშვნელობის დანახვას. ღარიბი ქვეყნის არგუმენტს მე არ ვეთანხმები. თუ საზოგადოებრივი სივრცე მკაფიო სახელმწიფოებრივი პრინციპებით არ მოწესრიგდა, კიდევ დიდხანს დავრჩებით ღარიბ ქვეყნად. არც კლასიკის ან სხვა ტიპის ლიტერატურის სიმწირეა ამ შემთხვევაში დამაჯერებელი არგუმენტი არალეგალური ვაჭრობის შესანარჩუნებლად: თუ დასავლური, მოწესრიგებული საჯარო სივრცე გვინდა, არ უნდა დავუშვათ ულოგიკო გამონაკლისები, რომლებსაც ჯაჭვურად მოჰყვება ახალ-ახალი პრობლემები. რაც შეეხება წიგნის ბაზრის მეტნაკლებ სიმდიდრესა და კლასიკის ხელმისაწვდომობას, ამის მისაღწევად წიგნიერების დონე უნდა ამაღლდეს.
სახელმწიფოსგან ვითხოვ მიხდეოს წიგნიერების ამაღლებას, რადგან 2005 წლის კვლევით, ამ მხრივ ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვართ მსოფლიოში და ეს მძიმე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაა. ამის მოსაგვარებლად წიგნიერების (წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის) დასავლური ტიპის პროექტი (ყველა დასავლურ ქვეყანას აქვს, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მეტს კითხულობენ) და გააზრებული საბიბილიოთეკო პოლიტიკა უნდა გახდეს პრიორიტეტი და არავითარ შემთხვევაში – პირდაპირი ფინანსური დახმარება გამომცემლებისთვის: გამოცემების ტირაჟები და გამომცემელთა შემოსავალი, შესაბამისად კი ბაზარზე არსებულ გამოცემათა მრავალფეროვნება, წიგნის მაღზიათა რაოდენობა და, ზოგადად, წიგნისადმი ინტერესი და მისი ხელმისაწვდომობა წიგნიერების ამაღლების პროპორციულად გაიზრდება.