• პოეზია

    ეკა ქევანიშვილი – ლექსები

    უთხარით ნათლიებს

    რომლებიც რა ხანია გადადგნენ ბანკის მმართველობიდან
    და ქარხნის დირექტორობიდან
    და „მაგარი ბიჭობიდან“
    და „ჩვენი დროის ლამაზმანობიდან“
    ოჯახის მეგობრობიდან
    და საერთოდაც მოკვდნენ:
    დღეს უთხარით ნათლიებს,
    რატომ ერთხელ არ გადაგსახეს ჯვარი ზურგიდან.
    რატომ გიტენიდნენ დიდ ფულს პატარა ხელებში,
    რატომ არასოდეს გისმენდნენ – სკამზე მათთვის ამძვრალები
    საგანგებოდ დაზეპირებულ ლექსებს როცა აგუგუნებდით.
    წონიდნენ ოქროს – ვინ უფრო მძიმეს მოიტანდა ბორდოსფერი ხავერდის
    ყუთით.
    ჩამოიხსენით ეგ ჯვარედინი ორი ჯოხი,
    როცა მიხვდით, სიაში მერვე ან მეთოთხმეტე ადგილი გერგოთ.
    სითბომ რიგში ვერ გამოაღწია.
    დღემდე ნათლულებს ამ მიზეზით ეყინებათ ხელისგულები –
    ეს ნათლიების ხელჩასაჭიდი ადგილია. ცარიელი.
    მათ კი ერევათ სახელები, ერევათ:
    სავალდებულო მოკითხვის დღეს გადააცილეს თუ მოასწრებენ,
    სერიული სათამაშო ხელქვეითებს შეაფუთინონ და გამოგიგზავნონ.
    რა დააშავეს,
    მიმზიდველი მათი ფული, მდგომარეობა, ქვეშაგების საფირმო მარკა,
    აარჩიეს ჩვენმა მშობლებმა.
    ისინი კი, ათასი ბავშვის ნათლიების სტატუსს დათანხმდნენ.
    იქნებ შეგვეძლო გვეთქვა უარი, ჯერ კიდევ მაშინ,
    როცა ტაძარში მოულოდნელად დაიწუნეს წყლის ტემპერატურა.
    ლაპარაკი რომ შეგვძლებოდა და უხერხულად გამოგვეხატა:
    მათი ხელები უფრო ცივია, ვიდრე ზამთარი ჩრდილოეთში,
    დედამიწაზე.

    მათთვის, ვინც მარტოა

    არაფერია უჩვეულო
    მეგობარი თუ ჭაღს ამაგრებს. ხოლო მეორე,
    ზაფხულია და, ჩაციებულ საზამთროს კვეთავს.
    დიდი ოჯახი ეზოშია გამოფენილი, საქანელის თოკებს კვანძავენ.
    აივანზე გადმოფენილ ჭრელ პლედებთან – უცხო ქალი, ხელში საბერტყით,
    ჩავლას გაცლის, ორი წუთიც და უჩინარდები.
    ვინც გიყვარდა, ეს წუთია გააგზავნე დასასვენებლად.
    თითქოს პლანეტას დააჯდა კოპი,
    ისე დგახარ და ვერ გაგიგია, რა საქმე გაქვს, რომელ ქუჩას უნდა დაადგე ამ ერთ
    საათში.
    შენ – ამ ქუჩებს აღარ სჭირდები.
    ერთადერთი,რაც ადგილზე დგას,
    არასდროს იცვლის მიმართულებას,
    შენი სახლია.
    ყველა აქ არის. ამ ოთახში. სხვათაშორის ნათესაობა.
    დედა. დეიდა.მამა, მამიდა.
    ათი წლის მკვდარმაც შემოიხედა.
    მოდი, შემოდი – სულერთიად ეპატიჟები,
    უარობს, ვერა: მონატრების თერაპია – შემოხედვა და გაქცევაა,
    თორემ თუ დარჩა,
    მოჩვენებებით გამოტენილ სახლში ცალ ფეხზე დგომა მოუწევს.
    ყველა აქ არის,
    საწოლებზე, ტახტზე, სკამებზე, სავარძლებში გადაწოლილი, მიწოლილი,
    მოფენილი იატაკზე, ჭერზე, კედლებზე.
    ვინც ერთხელ მაინც დაინტერესდა:
    რატომ არ გძინავს?
    მალე მოხვალ?
    არ გათხოვილხარ?
    შვილს თუ აჩენ?
    სამსახურში რა ამბებია?
    შენი კაცია?
    ნუთუ ხელფასი არ მოგიმატეს?
    ფულს ვერ მასესხებ?

    შენ კი – მაჯები მიტოვებული მკვდრებივით
    მიგიყრია ჯიბის კუთხეში.
    მზესუმზირის მარცვლებსა თუ მოიისფრო ცხვირსახოცს შორის.
    ოთახებში ზიგზაგებით გადანაცვლება.
    ფეხის წვერებით ჩაკვეხება შემოჩვეული სულების და სულიერების
    გამოფენაზე – თითქოს არც ხარ. თითქოს დასრულდი. თითქოს დადნი.
    გამოილიე.
    სასაცილო ყვითელი აბი გიწვავს სასას. ამ ხმაურშიც,
    აყალმაყალში – ყველაა და არავინაა.
    ყურებში ფეთქავს დიდი სიჩუმე.

    ლოდინის წესი

    შაბათი ჩემი უწყლო დღეა. აწეწილი – ქვიშის ქარებით. ვიღვიძებ და უკვე ვიცი,
    დღეს ჩემი საქმე
    ფეხაკრეფით სახლიდან გასვლა და ძველი პალტოს წაღებაა მთავარ ქუჩაზე.
    მშვიდად ვაფენ და მოკეცილი ვაკვირდები ფეხსაცმელების მონაცვლეობას.
    ეს, ლოდინის ჩვეულებაა. ჩემი. ასეთი.
    როცა საქვეყნოდ წევხარ და დუმხარ.
    სხვადასხვა ფორმის, ზომის ქუსლები მახაზავენ ტანზე დღის გეგმას,
    ვინ სად დადგება. სად გაიხდის. სად მოისვრიან.
    მათი ცხოვრების ნაგლეჯებით თვალის ახვევაც მოლოდინის ძველთაძველი
    წესია, ჩემი.
    ასე უფრო ადვილია, მათ გაუგო, რა მიზეზით იგვიანებენ.
    მიხვდე,
    არმოსვლის ერთი საათი მათთვის – მოკლე მონაკვეთია,
    ლანჩზე გასვლის,
    შუადღის ძილის,
    თუ საუკუნე, რომელში დგომით ისე დაბერდი,
    აღარ ელი, უცებ ვინმე დაიხრება, სახვევს მოგხსნის და ამოგიცნობს.
    მთელი კვირა მოვდივარ და ვიხდი და ვტოვებ, რაც გამაჩნია.
    შაბათს ვმათხოვრობ.
    ლოდინის წესი.
    ძველი პალტო.
    თქვენ ახლახანს გადამიარეთ.

    დაღლა რომ არა

    განსხვავებული აღქმა რომ არა ამ სიყვარულის,
    ახლადგათხრილი გზით დაბრუნება
    ტყისკენ – ქოხში, ქვების ხახუნით ცეცხლი რომ გაჩნდა,
    რასაც ვდარაჯობთ,
    ავახვევდი ყველა ბილიკს და ასე ვივლიდი
    დაგრაგნილი დღეებით ხელში.
    ხელჩაქნეული პროფესორივით,
    წამალი რომ გამოიგონა.
    ვისიც არ სჯერათ.
    ჩვენი ხშირი დაღლა რომ არა წყალზე ტივტივით,
    მიმბაძველების გასწრების ჟინი,
    ამ სიყვარულს ნაცრის საჩხრეკ ჯოხს
    ვეღარაფრით გამოართმევდი.
    მივეყრდნობოდით სითბოში და სიჩუმეში,
    თუმც კი ზურგებით,
    და ერთმანეთის სიბერეში უხილავად შევაბიჯებდით,
    მთვლემარენი, მდორე მდინარეს გაყოლილები.
    არაფერი საინტერესო.
    ამიტომაც,
    ეს დაცხრილული სიყვარული
    ხან თოჯინააა, თივით მუცელგამოტენილი,
    ძველი და უშნოც,
    არშიებიან დედოფალაში მაინც რომ ვერ ცვლი.
    ხან მკვდარი ლეკვი, დასამარხად რომ ვერ იმეტებ.
    იმხელაა და იმდენნაირი,
    ხანდახან ვერ ცნობ, როცა გეხება.
    და თუ თავიდან გეწყება თრთოლა,
    ეს ნიშნავს, რომ
    მას სულ ცოტა ხნით ეძინა და
    ახლა იღვიძებს.

    ჩემი მკვდრის

    სულ მინდოდა შენთვის მეკითხა:
    მარტო ხარ თუ ვინმე ჩვენიანს გადაეყარე.
    მარმარილოდან გამოღწევა თუ შეგიძლია?
    მართალია, რომ მანდ სულ ქარია?
    სულ მინდოდა,
    შემოდგომით შემომევლო,
    ჩამემუხლა ბორცვთან წუთებით
    და გულის მხარეს ყური მომედო –
    იქნებ ფეთქვას ისევ განაგრძობს.
    მინდოდა და ხალხს ვერაფრით შევაგნებინე,
    შენთვის ჯიბეში ის წითელი, კუბოკრული ცხვირსახოცი არ ჩაეტენათ.
    ნურც ფეხსაცმელებს გიპრიალებდნენ.
    იმ საღამოს მოვკარი თვალი,
    შენს ოთახში, საწოლის ქვეშ ეყარა თეთრი ესპადრელები.
    ქამარი კი,
    წელიდან რომ არ შეგიხსნია, ობოლს აჩუქეს,
    თითქოს აკლდა შევიწროება.
    შენ ჩაგაცვეს სულ შავები,
    ნიკაპთან სისხლი მოგწმინდეს და როგორც წესია,
    მსუბუქი გრიმი. გაგაყოლეს.
    ჩემი ნება რომ ყოფილიყო,
    დაგმარხავდი აჩეჩილი თმით და ჯინსებით.
    ამიტომაც მჯერა დღემდე:
    ის, ვინც აწიეს და ატარეს, ბოლოს კი დაფლეს,
    უცებ გაზრდილი ვიღაც კაცია.
    ის, ვინც მომიკლეს – პატარა ბიჭი.
    ზაფხულის სამ თვეს ძველებურად ჩვენთან ატარებს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეპორტაჟი

    ვერნერ თილე ქართველ გამომცემლებს თამაშის წესებზე ესაუბრა

    მისი პროგნოზით, საქართველოში საგამომცემლო საქმიანობას კარგი პერსპექტივა აქვს
    ნანა კობაიძე

    აპრილის დასაწყისში გოეთეს ინსტიტუტში ქართველ გამომცემელთა წინაშე მათი გერმანელი კოლეგა წარდგა. ვერნერ თილე იქაურ წრეებში საკმაოდ ცნობილი და, როგორც ასეთ დროს ამბობენ, “წონიანი” ფიგურაა. საქართველოში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და გოეთეს ინსტიტუტის მოწვევით უკვე მესამედ ჩამოვიდა. ამჯერად მასპინძლებს ქართულად თარგმნილი “ნოუ-ჰაუ გამომცემლებისთვის” წარუდგინა.
    ეს არის არატრადიციული ფორმის სამაგიდო წიგნი, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოიცა და მხოლოდ გამომცემელთათვის არის გათვალისწინებული.
    რამდენიმე სიტყვით თავად ვერნერ თილეს შესახებ. მისი CV (როგორც ამას დღეს უწოდებენ) საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება: დაიბადა 1945 წელს გერმანიაში. პროფესიული გამოცდილება ჟურნალ-გაზეთების გამომცემლობაში მიიღო. მუშაობდა “კორნელსენის” (გერმანიის სასწავლო და პედაგოგიური ლიტერატურის ერთ-ერთი მოწინავე გამომცემლობა) ხელმძღვანელად და დირექტორად. იყო გერმანიის საზოგადოებრივ-სამართლებრივი რადიომაუწყებლობის ARD ბრანდებურგის განყოფილების ადმინისტრატორი და საწარმოო დირექტორი. 1998 წლიდან მის მიერვე შექმნილ ლიტერატურულ და ინტერნეტ სააგენტო Copyright International Agency – CorinA GmbH მფლობელი და ხელმძღვანელია. სააგენტო წარმოადგენდა რუსეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ავტორებსა და გამომცემლებს. 2000 წელს მინსკში დააარსა ორგანიზაცია “ვასსამედია,” რომლის მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება და ნოუ-ჰაუს შეთავაზება წიგნის გამომცემლობისა და მასმედიის სფეროში. 90-იანი წლების დასაწყისიდან გერმანიის წიგნით მოვაჭრეთა საბირჟო კავშირის რეფერენტია ცენტრალურ, აღმოსავლეთ ევროპასა და ჩინეთში. ხელმძღვანელობდა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ მრავალ ღონისძიებას გამომცემელთა და წიგნით მოვაჭრეთათვის. დამეთანხმებით, ქართველი გამომცემლები მათთვის ასე საჭირო გამოცდილების გასაზიარებლად უკეთესს ვერ ინატრებდნენ (თუმცა, მჯობნის მჯობნს რა გამოლევს) და აგერ უკვე მესამე წელია სწორედ მისგან იღებენ რჩევებს. სემინარის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლევან თითმერიამ აღნიშნა, თილე თითქოს ახალს არაფერს ამბობს, მოჰყავს სრულიად მარტივი მაგალითები და ციფრები, რომლებიც იმიტომ გვეჩვენება მარტივად, რომ მათ დასადგენად ათწლეულების გამოცდილება დაიხარჯაო.
    პირველი სემინარი ბატონმა თილემ ქართველი გამომცემლებისთვის სამი წლის წინათ გამართა – მაშინ იგი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიწვევით ჩამოვიდა, წელს მესამედ გვესტუმრა და ისევე, როგორც ყველა უცხოელი (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობენ) საქართველოთი მოიხიბლა. სიამოვნებით ჩამოვიდოდი ყოველ წელს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს სურვილზე არ არის დამოკიდებული – უპირველეს ყოვლისა, ინტერესი უნდა არსებობდეს იმ თემასთან დაკავშირებით, რაზეც მე ვმუშაობო. ინტერესი კი უდავოდ არსებობს, რადგან საქართველოში საგამომცემლო საქმემ ნელ-ნელა დაიწყო ფეხის ადგმა.
    ვერნერ თილეს ამჟამინდელი ვიზიტის თემა ქართველი გამომცემლებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა – გამომცემელთა ასოციაციის ფუნქცია და ის წესები, რომელთაც გამომცემლები უნდა ემორჩილებოდნენ. ეს ყველაფერი გერმანელ გამომცემელთა ასოციაციის მაგალითზე განიხილებოდა.
    როგორც სემინარის შემდეგ ბატონმა მერაბ ქათამაძემ მითხრა, ვერნერ თილე მათ გამომცემელთა შორის თამაშის წესებზე ესაუბრა. გერმანიაში ეს წესები საყოველთაოა – ვინც მათ არ იცავს, განზე რჩება, უფრო სწორად, ასოციაციიდან რიცხავენ. ეს ძალზე მძიმე სასჯელია და, ფაქტობრივად, უსაქმოდ დარჩენას ნიშნავს, ამიტომ აქამდე მისვლას ორივე მხარე ერიდება – გამომცემელიც და ასოციაციაც. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ამ სემინარის საფუძველზე პროფესიული ეთიკის კოდექსის მომზადებას აპირებს, რომელსაც ჯერ ასოციაციის წევრები, შემდეგ კი სხვა გამომცემლობებიც დაემორჩილებიან. “ეს საკმაოდ რთული პროცესი იქნება, თუმცა იოლად არსად განხორციელებულა. თავის დროზე გერმანული ასოციაციაც იმისთვის შეიქმნა, რომ გამომცემელთა და წიგნით მოვაჭრეთა შორის ურთიერთობა მოეწესრიგებინა,” – თქვა ბატონმა მერაბმა.
    ცოტა დაწვრილებით მინდა შევეხო იმ სახელმძღვანელოს, რომელიც ვერნერ თილემ ქართველ გამომცემლებს წარმოუდგინა. როგორც აღვნიშნე, ეს არ არის წიგნი მისი კლასიკური გაგებით. არატრადიციული ფორმა მას “მომხმარებლისთვის” ძალზე პრაქტიკულს ხდის. როგორც ბატონმა ვერნერმა ბრძანა, გერმანიაში მას ფურცლების კრებულს ეძახიან და მართლაც ასეა – წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივ საქაღალდეში ჩადებული ფურცლები, რომლებიც დანომრილიც კი არ არის, ამიტომ, ძალიან მარტივია მასში ახალი ინფორმაციის ჩამატება. შესაძლებელია ცალკეულმა გამომცემელმა იგი ინდივიდუალურ წიგნადაც აქციოს – ანუ შეიტანოს საკუთარი მონაცემები. წიგნი 12 თავისგან შედგება და მასში თავმოყრილია გამომცემლისთვის საინტერესო ყველანაირი ინფორმაცია – საკანონმდებლო ბაზიდან მასმედიასთან ურთიერთობამდე (რომ აღარაფერი ვთქვათ მენეჯმენტსა და საავტორო უფლებებზე). წიგნი იმითაც არის საინტერესო, რომ მისი წაკითხვა თანამშრომლებთან ერთადაც შეიძლება – იგი მოიცავს საკმაოდ ბევრ ინფორმაციას განსჯისათვის, რაც მათ დისკუსიის შესაძლებლობას აძლევს. ვფიქრობ, ქართველი გამომცემლებისთვის ეს გამოცემა საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მასში წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებაა თავმოყრილი. იგი ბატონი ვერნერის 20-წლიან მოღვაწეობას აჯამებს. სხვათა შორის, მისი რუსული ვერსია რამდენიმე წლის წინათ გამოიცა, ქართულ ენაზე კი პირველად ვიხილეთ. არსებობს მისი ინტერნეტ-ვერსიებიც, სამწუხაროდ, მხოლოდ რუსულად. სემინარზე განიხილებოდა საიტზე ქართული ვერსიის განთავსების შესაძლებლობაც, რაზეც, ალბათ, მხარეები შეთანხმდებიან.
    სემინარის შემდეგ შესაძლებლობა მომეცა ბატონ ვერნერს გავსაუბრებოდი და მისი აზრი შემეტყო დღესდღეობით საქართველოში მიმდინარე საგამომცემლო პროცესების შესახებ. შევეცდები პირდაპირ, ყოველგვარი კომენტარის გარეშე შემოგთავაზოთ მისი პოზიცია, დასკვნები კი თავად გამოიტანეთ:
    “გასული წლებისგან განსხვავებით იგრძნობა, რომ მეტი ყურადღება ექცევა საბაზრო ეკონომიკას. ისიც შეიმჩნევა, იმის გამო, რომ წიგნის მაღაზიები მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას, გამომცემლები იძულებულნი არიან, თავიანთი შესაძლებლობებით გაუკეთონ საკუთარ პროდუქციას რეკლამა. სასიხარულოა, რომ წიგნის ბაზრობები, რომლებიც გაცილებით პროფესიონალურად ტარდება, მომრავლდა და მისით უფრო მეტი ხალხი ინტერესდება. ჩემი აზრით, წიგნისადმი ინტერესიც შესამჩნევად გაიზარდა. კარგი იქნებოდა წიგნის მაღაზიების ახლებურად მოწყობა, რათა წიგნი დახლის უკან კი არ იდოს, მკითხველმა მისი ხელში აღება შეძლოს. ვისურვებდი მომრავლდეს ისეთი მაღაზიები, სადაც მკითხველი თავს სტუმრად ჩათვლის, სტუმრად, რომელსაც ელიან. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ინტერესი ქართული ლიტერატურისადმი გაიზარდა, რაც იმითაც არის განპირობებული, რომ რომ რუსულის მიმართ მოთხოვნილებამ იკლო. ეს, ალბათ, მკითხველის გაახალგაზრდავებით აიხსნება. დღეს ახალგაზრდებს გაცილებით ნაკლები საერთო აქვთ ყველაფერ რუსულთან, ვიდრე წინა თაობას. იმ ადამიანთა მოსაზრებებიდან გამომდინარე, რომელთაც ვესაუბრე, მივიჩნევ, რომ მათში გაიზარდა ინტერესი დასავლური ლიტერატურის მიმართ. ვისურვებდი, ეს შესაძლებლობა ქართველებს არ მოკლებოდეთ. თუმცა, არც ის არის დასამალი, რომ თარგმანი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა – ანუ ძვირია ლიცენზია, რომელსაც უცხოურ გამომცემლობა ყიდის. ვფიქრობ, ქართველი გამომცემლობებისთვის ისინი შეღავათიან ფასებში უნდა გაიცეს,” – ამბობს ბატონი თილე, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის მასთან საუბრის დასასრული. ვფიქრობ, არც ის იქნება უინტერესო, როგორ შეაფასებს იგი ახალ ქართულ გამოცემებს. “ამ ეტაპზე წიგნების დიზაინი საკმაოდ გაუმჯობესებულია, რასაც ვერ ვიტყვი გამოცემათა ტექნიკურ მომზადებაზე. ის ჯერ კიდევ ჩამოუვარდება თანამედროვე სტანდარტებს, მაგალითად იმას მოვიყვან, რომ წიგნს ფურცლები არ უნდა ძვრებოდეს. გარდა ამისა, დღესდღეობით აქტუალურია ციფრული გამოცემები, კარგი იქნება, თუ სამომავლოდ ამ გამოცდილებასაც გაიზიარებთ” – თქვა ბატონმა თილემ. მისი მოსაზრებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა წიგნების აკინძვასთან დაკავშირებული შენიშვნა, რაც მეც და, ალბათ, სხვებსაც საკუთარ თავზე, უფრო სწორად, საკუთარ წიგნებზე გამოუცდიათ. ძალიან ხშირად – იყიდი საინტერესო გამოცემას, გადაფურცლავ და ხელში ვერნერ თილეს “ნოუ-ჰაუს” მსგავსი ფურცელთა კრებული შეგრჩება, რაც ამ შემთხვევაში, სასიამოვნო ნამდვილად არ არის.
    გასაგებია, რომ ქართველებისთვის ვერნერ თილესთან შეხვედრა ინტერესს მოკლებული არ ყოფილა, რამდენად იყო საინტერესო თავად ბატონი ვერნერისთვის მასპინძელ კოლეგებთან ურთიერთობა? როგორც ბრძანა, აღფრთოვანებულია მათით, ადამიანებით, რომელნიც ასეთ მძიმე პირობებშიც კი ახერხებენ საქმის კეთებას. უცხოეთში კოლეგების ურთიერთობა მხოლოდ საქმიან ურთიერთობებს ეფუძნება, ქართველ გამომცემლებს კი, საქმის გარდა, პირისპირ, ადამიანურადაც შეიძლება დაელაპარაკოო, – დასძინა მან. საუბრის ბოლოს ჩვენს სტუმარს ვთხოვე, გაეკეთებინა პროგნოზი – როგორ განვითარდება საქართველოში საგამოცემლო საქმიანობა და აი, რა მიპასუხა: “ცვლილებები, რაც ძველი სტრუქტურის ნგრევამ გამოიწვია, ბოლომდე არ დასრულებულა. ვფიქრობ, პერსპექტივა ცუდი არ იქნება, ოღონდ ამისათვის საჭიროა გამომცემელთა ასოციაციამ უფრო აქტიური პოლიტიკა აწარმოოს – ანუ გაიმართოს უფრო მეტი ღონისძიება საგამომცემლო სფეროს უკეთ წარმოსაჩენად და გასაუმჯობესებლად. თუმცა, მხოლოდ ასოციაცია ვერაფერს გახდება, თუ სახელმწიფოც არ დაეხმარა. ეს დახმარება კი ამ ეტაპზე წიგნის დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლებაში გამოიხატება.”

    2002

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ახალი წიგნები,  კრიტიკა

    ავსტრია, გლობალიზაცია და "მარილი ზღვაში"

    გაგა ლომიძე

    მესამე თაობა, თანამედროვე ავსტრიული ლიტერატურა. რედაქტორები დალი ფანჯიკიძე, ნანა გოგოლაშვილი, რედაქტორ-შემდგენელი მზია გალდავაძე, მხატვარი ლევან დადიანი, თბ. “ენა და კულტურა”, 2002.

    როგორც არ უნდა იყოს, ბერლინის კედლის ნგრევით ახალი ხანა დაიწყო ჩვენში (ისევე, როგორც დასავლეთში). თუ წინათ თითქმის წარმოუდგენელი იყო უშუალოდ დედნიდან ნათარგმნი თანამედროვე ევროპელი ავტორების ტექსტების გაცნობა, დღეს უკვე სხვა გარემოებაა და ეს, უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში უფრო ნათლად გამოჩნდა. რუსული ენა თანდათან კარგავს უცხოენოვან ტექსტებსა და ქართველ მკითხველს შორის შუამავლის ფუნქციას (რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ რუსული ენის ჰეგემონია და რუსული კულტურა ზოგადად, რომელიც მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი გამორჩეული სახელით შევიდა). სხვისი დამორჩილების ერთ-ერთი საუკეთესო იარაღი ხომ კულტურული ექსპანსიაა. მგონი, პათეტიკური შესავალი გამომივიდა, მაგრამ წინამდებარე კრებულის გამოცემის ფაქტმა სწორედ ასეთი დასაწყისისადმი განმაწყო, – კრებულმა, სადაც მკითხველს შეუძლია გაეცნოს დღეს მოღვაწე ავსტრიელი ავტორების ნაწარმოებებს.
    ძნელია თითოეულ ავტორზე შეჩერება და ამიტომაც შევეცდები გამოვყო თანამედროვე, ან “მესამე თაობის” (როგორც სამოღვაწეო ასპარეზზე 70-იანი წლებიდან გამოსულ მწერლებს უწოდებენ ხოლმე) ავსტრიული ლიტერატურის ის ძირითადი ტენდენციები, რომელთაც ამ კრებულში შევხვდი. ალბათ უცნაურია, რომ გლობალიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებების პირობებში, რასაც გამუდმებით ვგრძნობთ ამ ტექსტების კითხვისას, ადამიანთა მარტოობა მტკივნეულად აღიქმება; ვხედავთ, რომ გეოგრაფიული სივრცე გაფართოვდა, საზღვრები გაუქმდა და ადამიანები ერთი ქვეყნიდან მეორეში ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოგზაურობენ, მაგრამ, ამასთანავე, თითქოს გაიზარდა ინდივიდებს შორის უფსკრული; აქ ადამიანებს ერთმანეთისთვის აღარაფერი დარჩათ სათქმელი, რადგან, მარიანე გრუბერის სიტყვების პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ, ისე ბნელა, რომ ადამიანები ერთმანეთის სიახლოვეს ვეღარ გრძნობენ. ხშირ შემთხვევაში მათ ტექსტებში ყოფიერების სევდა იგრძნობა, რაშიც ექსისტენციალისტების პოზიცია იკითხება; მაგრამ თუ ექსისტენციალისტებთან ადამიანი ძირითადად ღმერთის, ან არსის ძიებით იყო შეპყრობილი, აქ, “ფოლადის ქალაქში, სადაც სულს არავითარი ჩასაჭიდი არ გააჩნია” (ჰარალდ კისლინგერი, “ზამბსის გამოცხადება”), ადამიანებს ერთმანეთთან შეხება ენატრებათ. “ფოლადის ქალაქის” ეს მეტაფორა ექსისტენციალისტების ანტიტექნიცისტურ განწყობას მოგვაგონებს, რომლის მემკვიდრეც უახლესი ტექნოლოგიების დღევანდელი ქალაქია, სადაც ადამიანებს შორის ურთიერთობის საშუალებად მონიტორი იქცა. ზოგჯერ ეს გაუცხოება ენობრივი დეზინტეგრაციის სახით ვლინდება, როგორც ამას ვხვდებით ზაბინე შოლთან (“სიტყვები სიტყვები სიტყვები”), ან მარგრეტ კრაიდლთან (“ზევიდან ქვევით”) – წმინდად ენობრივ დონეზე. სხვა შემთხვევაში იგი სენტიმენტალურ სოლიპსიზმად გარდაიქმნება, ვთქვათ, ბრიგიტე შვაიგერის რომანში (“როგორ ხვდება მარილი ზღვაში”), რომელმაც თავისი flashback-ებით, ან წარსულში ექსკურსიებით “ცნობიერების ნაკადის” ტექსტები შეიძლება გაგვახსენოს. მეორე მხრივ, გლობალიზაციამ სხვა პრობლემაც წარმოშვა: ერის თვითიდენტიფიკაციის საკითხი, რაც ავსტრიაში მეტ-ნაკლებად ყოველთვის მძაფრად იგრძნობოდა. გლორია კაიზერის რომანის, “ვიოლეტას” ფრაგმენტში იქნებ ოჯახური მყუდროების ნოსტალგიაც დავინახოთ, როცა მწერალი ერთმანეთისგან გამოარჩევს ადამიანის სალამანდრისებურ ტიპს, რომლებმაც “არ იციან, სად არიან მათი მშობლები, ბებიები თუ პაპები. თავიანთი შვილების დატოვება იქ უწევთ, სადაც გააჩენენ, იმ იმედით, რომ მალე გაძლიერდებიან და იპოვიან იმ კედელს, რომელზედაც აცოცებას შეძლებენ” და მცენარეული ტიპის ადამიანებს, რომლებიც ზრდას განაგრძობენ ხის ტანში, პაპიდან პაპამდე, დედამდე, ვაჟიშვილამდე თუ ქალიშვილამდე. მათთვის ყველაფერი იოლია, რადგან მყარად არიან შეზრდილი დედამიწას”.
    გარკვეულწილად, იქნებ ამ “ტექნიცისტური”, მამაკაცების მიერ შექმნილი კულტურისადმი დაპირისპირებაა ფემინისტური სულისკვეთების ნაწარმოებები, რომლებიც კრებულში ფართოდაა წარმოდგენილი (სხვათა შორის, მკითხველებს შესაძლებლობა ჰქონდათ თანამედროვე ავსტრიელ მწერალ ქალებს გაცნობოდნენ ჟურნალ “არილის” 2002 წლის მეექვსე ნომერში და “24 საათის” ლიტერატურულ დამატებებში). პატრიარქალური სამყაროს საპირისპიროდ, მარიანე გრუბერი თავისი მოთხრობის გმირ ქალს მხოლოდ სახელით მოიხსენიებს, მამაკაცს კი – გვარით (სახელი – უფრო დემოკრატიული, გვარის ავტორიტარულობის საწინააღმდეგოდ). მეორე მხრივ, მარგრეტ კრაიდლთან ფემინიზმი ლესბოსური ესთეტიკის სახით იჩენს თავს, სადაც მამაკაცს, ქალის წარმოსახვის გარეშე თითქოს ფუნქცია ეკარგება.
    ალბათ, ამ “დემოკრატიულობის” უნებური გათვალისწინებით, ხედვის მრავალპლანიანობის პრინციპითაა დაწერილი ანტონიო ფიანის “ალბერტინაპლატცი. პანორამა”, რომელიც თავისი სტრუქტურით ლიტერატურულ სცენარს მოგვაგონებს. აქ ერთი და იგივე მოვლენის გამო სხვადასხვა მოსაზრება თითქმის მოუხელთებელს, ან უკეთეს შემთხვევაში ბუნდოვანს ხდის სინამდვილეს. რაულ შროტის რომანში “Fannis terrae”, რომლის ფრაგმენტია წარმოდგენილი კრებულში, მსოფლიოს რუკა განსხვავებული პერსპექტივიდანაა დანახული. ავტორი მკითხველს ეცნობა, როგორც გამომცემელი, რომელიც აქვეყნებს ერთი არქეოლოგის მამულში ნაპოვნი სხვადასხვა ეპოქის ოთხი მოგზაურის ჩანაწერს. ერთი მათგანია “ბერძენი მეზღვაურისა და ასტრონომის, პითიას მასალიელის შენიშვნების თარგმანი, რომელმაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400 წელს აღმოაჩინა ჩრდილოეთ ევროპა”. ამ ლიტერატურული “თამაშის” გზით, ავტორს ისეთ მოჯადოებულ სივრცეში შეჰყავს მკითხველი, რომ ძნელია გამონაგონის გარჩევა სინამდვილისგან.
    რობერტ მენასეს ესსემ, რომელშიც მოთხრობილია ავსტრიის ისტორიაში ორი უხერხული მოვლენის შესახებ, ჩვენი სინამდვილე – სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებული დებატები გამახსენა. ოღონდ, ჩვენგან განსხვავებით, ავსტრიელებს და კონკრეტულ შემთხვევაში რობერტ მენასეს, ჰყოფნის უნარი, რომ ამ ყველაფერს იუმორით თუ თვითირონიით შეხედოს. მაგ., ავსტრიის სახელმწიფო გერბის სიმბოლოს – არწივის შექმნის ისტორიის თხრობისას, ავტორს ჰოისლერის დამცინავი სიტყვები მოჰყავს: “არწივი (მისი უკანასკნელი ესკიზი) მძიმე ავადმყოფ ქათამს ჰგავს, ნიშანწყალიც კი არ ატყვია ძალისა და მხნეობისა”; ხოლო მონეტაზე საუბრისას მოგვითხრობს, რომ 1947 წელს რაიხის მარკის ავსტრიული შილინგით შეცვლისას, მონეტის მეორე მხარეს გადაწყვიტეს მხატვარ ეგერ-ლინცის ნამუშევრის – “მთესველი და ეშმაკი”-ს ფრაგმენტი ამოეტვიფრათ, მაგრამ დაუდევრობის გამო მთესველი გლეხის ნაცვლად, შეცდომით ეშმაკი გამოსახეს.
    მკითხველი აქვე შეხვდება ფრანც კაფკას “შვილიშვილის”, ულრიკე ლენგლეს მოთხრობას “უფრთხილხით of the naked man”, სადაც კაფკას ცხოვრებიდან ერთი ინტიმური ეპიზოდია მოთხრობილი. კრებულში ასევე შესულია ფერდინანდ შმაცის შესანიშნავი ესსე კაფკაზე – პიროვნებაზე, რომელიც უცხოდ გრძნობდა თავს გერმანული ენის სამყაროში. ამ ესსეში მამასთან მწერლის ურთიერთობა ტექსტების თუ პირადი წერილების “გულმოდგინე ანალიზის” გზით ფროიდისეულ კონტექსტშია გააზრებული. იგივე ფერდინანდ შმაცი 1992 წელს წერდა, რომ ენა – ერთსა და იმავე დროს შეიძლება იყოს გზა ურთიერთგაგებისკენ და გაუგებრობისკენ.
    ამ კრებულის გამოცემაც ხომ ერებს შორის ურთიერთგაგებისკენ გადადგმული ნაბიჯია. და ბოლოს დავამთავრებ იმით, რითაც დავიწყე: ყოველგვარ ნგრევას ახლის შენება მოჰყვება. ამ შემთხვევაში, ანტონიო ფიანის “ალბერტინაპლაცის” მინიდიალოგი შეიძლება ქარაგმის სახით გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ:
    “პირველი: შეხედე, იქ რაღაცას ანგრევენ, ამისაგანაა ეს რია-რია.
    მეორე: სწორია, გაზეთში რაღაც ამგვარი აკი წავიკითხე, ვენაში რაღაც უნდა მოანგრიონ, რომელიღაც ძეგლიო.
    პირველი: ალბათ რუსებისა.
    მეორე: კარგი კი იქნებოდა”.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ესე (თარგმანი)

    ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო – სანობელე ლექცია

    ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო

    პარადოქსების ტყეში

    სანობელე ლექცია
    რატომ ვწერთ? წარმომიდგენია, რომ ყველა თავისებურად უპასუხებდა ამ მარტივ კითხვას. არსებობს მისწრაფებები, გარემო, გარემოებები. აგრეთვე უნიჭობაც. თუ ვწერთ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ვმოქმედებთ, რომ რეალობასთან პირისპირ დარჩენილნი დიდ გასაჭირში ვიმყოფებით, რომ რეაქციის სხვა გზა, კომუნიკაციის სხვა ფორმა ავირჩიეთ, როგორც გარკვეული მანძილი, დრო ფიქრისა და განსჯისთვის.
    თუ იმ გარემოებებს ჩავუღრმავდები, რომლებმაც წერა დამაწყებინა – ამას თვითკმაყოფილებით კი არ ვაკეთებ, არამედ უფრო სიზუსტის სიყვარულით – ვხვდები, რომ ჩემთვის ყველაფერი ომით დაიწყო. არა ომით, როგორც ეპოქალური ძვრების, დიდი ისტორიული მოვლენების ხანით. ასეთი უნდა ყოფილიყო, მაგალითად, საფრანგეთის სამხედრო ოპერაცია, ვალმის ბრძოლის მონაწილე მხარეებმა დაწვრილებით რომ აღწერეს: გერმანელთა მხრიდან – გოეთემ და რევოლუციონერთა არმიის მხრიდან – ჩემმა წინაპარმა ფრანსუამ. ეს უდავოდ ამაღელვებელი, პათეტიკით სავსე წუთები იქნებოდა. არა, ჩემთვის ომი ის არის, რაც უბრალო მოქალაქეებმა გადაიტანეს, პირველ რიგში კი – მცირეწლოვანმა ბავშვებმა. ერთხელაც არ ჩამითვლია იგი ისტორიულ მოვლენად. გვციოდა, გვშიოდა, გვეშინოდა და ომი მეტი არც არაფერია. მახსოვს, ერთხელ ჩემს ფანჯარასთან მარშალ რომელის ჯარის ნაწილმა ჩაიარა, რომელიც ალპებისკენ მიემართებოდა, რათა გზა ეპოვა ჩრდილოეთ იტალიასა და ავსტრიაში გადასასვლელად. მეხსიერებაში არც ისე მკაფიოდ ჩამრჩა ეს სურათი. სამაგიეროდ, კარგად მახსოვს, როგორ გვაკლდა ყველაფერი მომდევნო წლებში, განსაკუთრებით საწერ-საკითხავი. მელნისა და ქაღალდის ნაკლებობის გამო სასურსათო ტალონების უკანა გვერდებზე დავიწყე წერა და ხატვა, თან მშენებლებს რომ დაჰქონდათ, ისეთ ლურჯ-წითელ ფანქარს ვიყენებდი. აი, აქედან მოდის ჩემი გატაცება უხეში ქაღალდითა და უბრალო ფანქრებით. რადგან იმ დროს საბავშვო წიგნები არსად იყო, ბებიაჩემის ლექსიკონები გადავიკითხე. ეს საოცარ კარიბჭეს წარმოადგენდა, რომლის ზღურბლის გადალახვითაც მთელს სამყაროს გაიცნობდი, აღმა-დაღმა იხეტიალებდი და რუკებით, ილუსტრაციებით, უცნობი სიტყვებით გარშემორტყმული უსასრულოდ იოცნებებდი. უფრო მეტიც, პირველ წიგნს, რომელიც ექვსი თუ შვიდი წლის ასაკში დავწერე, “დედამიწის დამწნილება” (Le Globe à mariner) ვუწოდე. ამას უმალვე მოჰყვა გამოგონილი მეფის ბიოგრაფია, რომელსაც დანიელ მესამე ერქვა (ნეტა შვედი ხომ არ იყო?). მერე კი ერთი მოთხრობა დავწერე, სადაც თოლია თავის ამბავს ჰყვებოდა. ეს მარტოსულობის ხანაში ხდებოდა. ბავშვებს გარეთ თამაშის უფლებას არ გვაძლევდნენ, რადგან ბებიაჩემის სახლის ირგვლივ მოედნები და ბაღები მთლიანად დანაღმული იყო. მახსოვს, ერთხელ ზღვის ნაპირას სეირნობისას შემთხვევით წავაწყდი მავთულხლართების ღობეს, რომელზეც აბრა მიემაგრებინათ ფრანგული და გერმანული წარწერებით: უცხო პირებს იქ შესვლას უკრძალავდნენ და მუქარის ნიშნად თავის ქალაზე მიუთითებდნენ.
    ვხვდები, რომ ეს კონტექსტი გაქცევის სურვილს ბუნებრივად გვიმძაფრებდა – ოცნებისა და ნაოცნებარის აღწერისკენ გვიბიძგებდა. გარდა ამისა, დედის მხრიდან ჩემი ბებია არაჩვეულებრივი მეზღაპრე იყო, რომელიც საათობით ჰყვებოდა ხოლმე ნაირ-ნაირ ამბებს. მისი ზღაპრები ყოველთვის საოცრად ამაღელვებელი იყო, მოქმედება კი ძირითადად ტყეში ხდებოდა – ალბათ აფრიკაში ან მავრიკიზე, მაკაბელთა ტყეში. მთავარი პერსონაჟი, ცბიერი და გამჭრიახი მაიმუნი ყველაზე დიდ ხიფათსაც იოლად დაუძვრებოდა ხოლმე. მოგვიანებით აფრიკაში ვიმოგზაურე და ნამდვილი ტყე აღმოვაჩინე, სადაც თითქმის არცერთი ცხოველი აღარ ბინადრობდა. მიუხედავად ამისა, კამერუნის საზღვართან სოფელ ობუდუს გამგებელმა ახლომდებარე გორაკზე შეკრებილი გორილების ბრაგა-ბრუგი მაინც მომასმენინა, როცა ისინი მკერდზე მჯიღის ცემით იყვნენ გართულნი. ამ მოგზაურობიდან, აქ გატარებული წლებიდან (ნიგერიაში, სადაც მამაჩემი ბუჩქებს უვლიდა და წამლობდა) არა მხოლოდ მომავალი რომანების მასალა დამრჩა, არამედ ერთგვარი მეორე “მე”-ც, მეოცნებე და ამავე დროს ნამდვილი ცხოვრებით მოხიბლული, რაც მთელი სიცოცხლის მანძილზე გამომყვა. ეს წინააღმდეგობრივი განზომილება, საკუთარი თავისგან გაუცხოება იყო, რასაც ზოგჯერ მტკივნეულად განვიცდიდი. ცხოვრება ისე მდორედ მიედინება, რომ მისი ძალიან დიდი ნაწილის გავლა დამჭირდა იმის მისახვედრად, თუ რას ნიშნავდა ეს წინააღმდეგობა.
    ჩემს ცხოვრებაში წიგნები ოდნავ მოგვიანებით შემოვიდა. მას შემდეგ, რაც მამაჩემის მემკვიდრეობა სხვებმა დაინაწილეს, ის კი კუნძულ მავრიკიზე, მოკაში მდებარე მშობლიური სახლიდან გამოაძევეს, მან მაინც მოახერხა და რამდენიმე ბიბლიოთეკის ნარჩენები როგორღაც შეაკოწიწა. აი, სწორედ მაშინ გავაცნობიერე ჭეშმარიტება, რომელიც არც ისე იოლად აღსაქმელია ბავშვებისთვის: წიგნები ბევრად უფრო ღირებულ განძს წარმოადგენდა, ვიდრე უძრავი ქონება ან საბანკო ანგარიშები. ამ ტომებში, რომელთა უმრავლესობა ძველი და მკვიდრად აკინძული იყო, მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი ტექსტები აღმოვაჩინე: ტონი ჟოანოს მიერ ილუსტრირებული “დონ კიხოტი”, “ლასარილიო ტორმესელის ცხოვრება”, “ინგოლდსბის ლეგენდები”, “გულივერის მოგზაურობა”, ვიქტორ ჰიუგოს დიდი, განსაცვიფრებელი რომანები: “ოთხმოცდაცამეტი წელი”, “ზღვის მუშაკნი”, “კაცი, რომელიც იცინის”, აგრეთვე ბალზაკის “თავშესაქცევი ზღაპრები”. ყველაზე ღრმა კვალი კი მაინც სათავგადასავლო მოთხრობების კრებულებმა დამიტოვა, რომელთა უმრავლესობაში ინდოეთის, აფრიკისა და მასკარენიეს კუნძულების ამბები იყო მოთხრობილი, აგრეთვე დიუმონ დ’იურვილის, აბე როშონის, ბუგენვილის, კუკის დიდებულმა სამეცნიერო გამოკვლევებმა და რა თქმა უნდა, მარკო პოლოს “საოცრებათა წიგნმა”. მზის გულზე გარინდული პატარა პროვინციული ქალაქის უფერულ ცხოვრებაში ამ წიგნებმა ფათერაკების გემო გამასინჯა, ნამდვილი სამყაროს სიდიდე შემაგრძნობინა, შესაძლებლობა მომცა, რომ იგი უფრო მეტად ინსტინქტითა და შეგრძნებებით აღმექვა, ვიდრე ცოდნით. მათი წყალობით, ადრეულ ასაკშივე ვიგრძენი ბავშვის ცხოვრების წინააღმდეგობრივი ბუნება: ის ხომ მუდამ თავშესაფრისკენ მიილტვის, სადაც ძალადობასა და მუდმივ კონკურენციას გაექცევა და ამავე დროს, ფანჯრიდან გარესამყაროს თვალიერებაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.
    სანამ შევიტყობდი, რომ ჩემთვის სრულიად მოულოდნელად შვედეთის აკადემიას დავუჯილდოებივარ, სტიგ დაგერმანის ერთ პატარა წიგნს თავიდან ვკითხულობდი. პოლიტიკური ესეების კრებულია, სათაურით: “Essäer och texter” (ფრანგული ვერსიით, “სევდის დიქტატურა”). შემთხვევითი არ იყო, რომ სწორედ ასეთი მძაფრად სარკასტული წიგნის კითხვით ვიყავი გართული. შვედეთში უნდა ჩამოვსულიყავი იმ პრემიის მისაღებად, რომელიც გასულ ზაფხულს დაგერმანის მეგობრების ასოციაციამ მომანიჭა და თან ის ადგილებიც უნდა მომენახულებინა, სადაც მწერალმა ბავშვობა გაატარა. ყოველთვის მხიბლავდა დაგერმანის ნაწარმოებები, ბავშვური სინაზის, მიამიტობისა და სარკაზმის თავისებური ნაზავი. ასევე მისი იდეალიზმიც. შორსმჭვრეტელობაც, რომლითაც ომისშემდგომი გაჭირვების წლებს განსჯის – მისთვის მოწიფულობის, ჩემთვის კი – მხოლოდ ყრმობის ხანას. ერთი ფრაზა განსაკუთრებით მომხვდა გულზე და მომეჩვენა, რომ იმ დროს სწორედ მე მომმართავდა, რადგან სულ ახალი გამოქვეყნებული იყო ჩემი ბოლო რომანი “შიმშილის სიმღერა”. აი, ეს ფრაზა, უფრო სწორად, პასაჟი: “როგორ შეიძლება, ერთი მხრივ, ისე მოიქცე, თითქოს ლიტერატურაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოში არაფერი იყოს, მეორე მხრივ კი, ირგვლივ მხოლოდ იმ ხალხს ხედავდე, შიმშილს რომ ებრძვის და ყველაზე ღირებულ რამედ თვის ბოლოს აღებულ ჯამაგირს თვლის? აქ ის (მწერალი) ახალ პარადოქსს ეჯახება: იმ დროს, როცა მათთვის სურდა ეწერა, ვისაც შიმშილით კუჭი უხმება, აღმოაჩენს, რომ მხოლოდ ისინი თუ ამჩნევენ მის არსებობას, ვინც კარგად დანაყრებულია” (“მწერალი და ცნობიერება”).
    ეს “პარადოქსების ტყე”, როგორც სტიგ დაგერმანი უწოდებს, სწორედ მწერლობის სამეფოა – ადგილი, საიდანაც ხელოვანი კი არ უნდა გარბოდეს, არამედ, პირიქით, იქ უნდა “დასახლდეს”, რათა ყველა წვრილმანი მოჩხრიკოს, ყველა ბილიკი შეისწავლოს, თითოეულ ხეს სახელი მოუძებნოს. ასეთი მოგზაურობა ყოველთვის სასიამოვნო ვერ იქნება. ერთ კაცს ეგონა, რომ თავშესაფარი იპოვა, ერთი ქალი კი ფურცელს ისე ენდობოდა, როგორც უახლოეს და უერთგულეს მეგობარს, მაგრამ ახლა ეს მწერლები რეალობას შეეჯახნენ – არა მხოლოდ როგორც დამკვირვებლები, არამედ როგორც მოქმედი პირები. თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელ მხარეს დადგებიან. ციცერონმა, რაბლემ, კონდორსემ, რუსომ, მადამ დე სტალმა, სულ ახლახან კი სოლჟენიცინმა, ჰუანგ სოკ-იონგმა, აბდელატიფ ლააბიმ, მილან კუნდერამ სხვა ქვეყანას შეაფარეს თავი, რადგან მეტი გზა არ დარჩათ. მე, ვისაც ყოველთვის მქონდა გადაადგილების შესაძლებლობა – გარდა ომის ხანმოკლე პერიოდისა – იმ ადგილას ცხოვრების აკრძალვა, რომელიც ადამიანმა თავად აირჩია, ისეთივე მიუღებლად მიმაჩნია, როგორც თავისუფლების წართმევა.
    თუმცა მოძრაობის თავისუფლების, როგორც პრივილეგიის, შედეგიც პარადოქსულია. შეხედეთ: აი, ხე პირბასრი ეკლებით იმ ტყის შუაგულში, სადაც მწერალი ცხოვრობს – განა ეს კაცი თუ ეს ქალი, თავაუღებლად რომ წერს და საკუთარ სიზმრებს თხზავს, ყველაზე იღბლიან რჩეულ უმცირესობას არ ეკუთვნის? მოდი, წარმოვიდგინოთ უკიდურესად დაძაბული, შემაძრწუნებელი სიტუაცია – სწორედ ისეთი, როგორშიც ჩვენი პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს. და ოდესღაც ცხოვრობდნენ ისინი, ვისაც არისტოტელეს დროს ან თუნდაც ტოლსტოის ეპოქაში განუსაზღვრელი სტატუსი ჰქონდა: მონები, მოახლეები, გლეხები შუა საუკუნეების ევროპაში, ან ის ხალხი, რომლებსაც განმანათლებლობის ხანაში აფრიკის სანაპიროდან იტაცებდნენ და ჰყიდდნენ გორეში, ელ მინაში, ზანზიბარში. დღესაც კი, როცა თქვენ გესაუბრებით, არის ზოგიერთი ადამიანი, ვისაც სიტყვის უფლება აქვს წართმეული, ვინც ენის მიღმა იმყოფება. ასე რომ, დაგერმანის პესიმისტური ნააზრევი გულზე უფრო მეტად მხვდება, ვიდრე გრამშის საბრძოლო მზაობა ან სარტრის ილუზიებისგან დაცლილი რისკი. იდეა, თითქოს ლიტერატურა მმართველი კლასის ფუფუნებაა და უმრავლესობისთვის სრულიად უცხო იდეებითა თუ სურათ-ხატებით იკვებება – აი, რა ქმნის იმ უხერხულობას, რომელსაც თითოეული ჩვენგანი განიცდის (მათ მივმართავ, ვინც წერს და კითხულობს). ხომ შეგვეძლო, გვეცადა და ჩვენი სიტყვა მათთან მიგვეტანა, ვისაც ის ხელებიდან გამოაცალეს, სულგრძელად მოგვეპატიჟებინა ისინი კულტურის ნადიმზე? რატომ არის ეს ასეთი რთული? დამწერლობის არმქონე ხალხმა, როგორც ანთროპოლოგებს უყვართ ხოლმე თქმა, სრულფასოვანი კომუნიკაციის არხის გაჭრა შეძლო, სიმღერებისა და მითების მეშვეობით. რატომ არის დღეს ეს შეუძლებელი ჩვენს ინდუსტრიალიზებულ საზოგადოებაში? ნუთუ თავიდან უნდა გამოვიგონოთ კულტურა? ნუთუ უშუალო, პირისპირ ურთიერთობას უნდა დავუბრუნდეთ? იქნებ ავყვეთ ცდუნებას და დავიჯეროთ, რომ ჩვენს ეპოქაში კინო ასრულებს ამ როლს, ან პოპ-მუსიკა თავისი რიტმებით, რითმებით, საცეკვაო მელოდიებით. იქნებ ჯაზიც, ან სულ სხვა ცის ქვეშ – კალიფსო, მალოია, სეგა.
    ეს პარადოქსი გუშინდელი დღით არ თარიღდება. ყველაზე დიდმა ფრანგმა მწერალმა ფრანსუა რაბლემ ჯერ კიდევ როდის გამოუცხადა ომი სორბონელ სწავლულთა პედანტიზმს, როცა სასაუბრო ენიდან ამოკრეფილი სიტყვები მათ პირდაპირ ცხვირ-პირში მიახალა. ნეტა იმ ადამიანებსაც თუ ესაუბრებოდა, ვისაც შიმშილით კუჭი ეწვოდა? სიმაძღრე, გალეშვა, ქეიფი. მან სიტყვებში ჩააქსოვა მათი საკვირველი მადა, ვინც გლეხებისა და მუშების სიგამხდრის ხარჯზე ისხამდა ფერ-ხორცს – კარნავალის დროს, როცა სამყარო თავდაყირა იყო ამობრუნებული. რევოლუციის პარადოქსი, როგორც მწუხარე სახის რაინდის მოგზაურობის ეპოპეა, მწერლის ცნობიერებაში ხდება. და თუ მის კალამს ერთი ღირსება მაინც უნდა ჰქონდეს, ის არასდროს უნდა ემსახუროს ძლიერთა ამა ქვეყნისათა ხოტბა-დიდებას, თვით უმცირესი მაამებლობაც არ ეპატიება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელოვანი ამ ღირსებით გამოირჩევა, იგი არ უნდა თვლიდეს, რომ ყოველგვარი ეჭვი საბოლოოდ ჩამოერეცხა. მისი უარი, ამბოხი, წყევლა ბარიერის ერთ მხარეს რჩება, ამა ქვეყნის ძლიერთა ენის მხარეს. ზოგიერთი სიტყვა, ზოგიერთი ფრაზა მაინც გასხლტება ხოლმე, მაგრამ დანარჩენი? ერთი გრძელი პალიმფსესტია, გადავადების, დაგვიანების ელეგანტური ფორმა. ჰო, ხანდახან იუმორიც გვხვდება, რომელიც სასოწარკვეთის გამომხატველი თავაზიანობა კი არ არის, არამედ არასრულყოფილთა სასოწარკვეთაა – პლაჟი, სადაც უსამართლობის აქოჩრილმა ტალღებმა ისინი გამორიყა.
    მაშ, რატომ ვწერთ? კარგა ხანია, რაც მწერალი აღარ არის მტკიცედ დარწმუნებული, რომ სამყაროს შეცვლის და თავისი მოთხრობებითა თუ რომანებით უკეთეს ცხოვრებას დაუდებს დასაბამს. უბრალოდ, მას სურს, მოწმე გახდეს. შეხედეთ ამ მეორე ხეს პარადოქსების ტყეში. მწერალს სურს, მოწმე იყოს, სინამდვილეში კი, უმეტესწილად, მხოლოდ უბრალო დამკვირვებლად გვევლინება ხოლმე.
    ზოგჯერ ხელოვანი მართლაც მოწმე ხდება: დანტე “ღვთაებრივ კომედიაში”, შექსპირი “ქარიშხალში” და ემე სეზერი ამ პიესის შესანიშნავ ადაპტაციაში, სადაც დენთის კასრზე გადამჯდარი კალიბანი იმუქრება, რომ თავს აიფეთქებს და საძულველ ბატონებსაც დღის შუქს ჩაუქრობს. ხანდახან ისეთი პირუთვნელი მოწმეც შეგვხვდება, როგორიც პრიმო ლევი ან ევკლიდეს და კუნიაა “შორეული მხარის ამბოხში”. სამყაროს აბსურდულობას ვხედავთ “პროცესში” (ასევე ჩარლი ჩაპლინის ფილმებში), მის არასრულყოფილებას კი – კოლეტის “დღის დაბადებაში”, ფანტასმაგორიას – იმ ირლანდიურ სიმღერაში, რომელიც ჯეიმს ჯოისმა “ფინეგანის ქელეხში” ააჟღერა. მისი მშვენიერება დამაბრმავებლად ელვარებს პიტერ მატიესენის “თოვლის ლეოპარდსა” თუ ალდო ლეოპოლდის “ქვიშის საგრაფოს ალმანახში”. სიავე – უილიამ ფოლკნერის “ტაძარსა” თუ ლაო შეს “პირველ თოვლში”. ბავშვური უმწეობა – დაგერმანის “გველში”.
    მწერალი მხოლოდ მაშინ არის საუკეთესო მოწმე, როცა ამ როლს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, უნებურად ითავსებს. პარადოქსია, რომ იგი იმის მოწმე ნამდვილად არ არის, რაც დაინახა, იმისაც კი არა, რაც გამოიგონა. მწარე ნაღველს და ხანდახან სასოწარკვეთასაც გრძნობს იმის გამო, რომ მისი ჩვენება საბრალდებო დასკვნაში ვერასდროს ვერ მოხვდება. ტოლსტოიმ მთელი სიღრმით დაგვანახა საშინელება, რაც ნაპოლეონის არმიამ რუსეთს თავს დაატეხა, მაგრამ მაინც არაფერი შეიცვალა ისტორიის მსვლელობაში. კლერ დე დიურასმა “ურიკა” დაწერა, ჰარიეტ ბიჩერ სტოუმ კი – “ბიძია თომას ქოხი”, თუმცა საკუთარი ბედისწერა მაინც დამონებულმა ხალხმა შეცვალა, რომელიც ერთ დღეს აჯანყდა და უსამართლობას არალეგალურად შექმნილი წინააღმდეგობის მოძრაობით დაუპირისპირდა, ბრაზილიაში, გვიანაში, ანტილის კუნძულებსა და შავკანიანთა პირველ რესპუბლიკაში კუნძულ ჰაიტიზე.
    მწერალს ყველაზე ძალიან მოქმედება სურს. მოწმედ ყოფნაზე მეტადაც. უნდა, რომ წეროს, წარმოიდგინოს, ოცნებებს მიენდოს, რათა მისმა სიტყვებმა თუ გამონაგონმა სინამდვილეში შეაღწიოს, მკითხველთა გული და გონება შეცვალოს, უკეთესი სამყაროს კარი გაუღოს მათ. და მაინც, სწორედ ამ წამსაც კი მას შინაგანი ხმა კარნახობს, რომ სიტყვები მხოლოდ სიტყვებია, რომლებსაც საზოგადოების შიგნით მოთარეშეEქარები გააქრობენ, რომ ოცნებები მხოლოდ ქიმერებია. რა უფლებით ჰგონია, რომ სხვებზე უკეთესია? ნუთუ გამოსავლის ძებნა მართლაც მწერლის საქმეა? განა ის იმ მეველის მდგომარეობაში არ იმყოფება, მიწისძვრის შეჩერება რომ უნდა ჟიულ რენარის პიესაში “ნოკი ანუ მედიცინის ზეიმი”? ან კი როგორ უნდა იმოქმედოს მწერალმა, როცა მას მხოლოდ წარსულის გახსენება შეუძლია?
    მარტოობა მუდამ მისი ხვედრი იქნება. ყოველთვის ასე იყო. ბავშვობისას ეს ბიჭუნა ხომ სუსტი, გულდამძიმებული, ზედმეტად მგრძნობიარე არსება იყო, ან ის გოგონა, კოლეტმა რომ აღწერა, რომელიც უმწეოდ იდგა და მშობლების ჩხუბს დაძაბულობისგან გაფართოებული, ტკივილით სავსე შავი თვალებით შეჰყურებდა. მარტოობა ბუნებრივად იზიდავს მწერლებს, მხოლოდ მის გვერდით თუ სწვდებიან ისინი ბედნიერების არსს. ეს წინააღმდეგობრივი ბედნიერებაა, ტკივილნარევი, სიამეში გაზავებული, მოჩვენებითი ზეიმი, ყრუ და ყოვლისმომცველი უამური შეგრძნება, როგორც საიდანღაც აკვიატებული მელოდია. მწერალმა ყველაზე უკეთ იცის იმ შხამიანი და საჭირო მცენარის მოვლა-პატრონობა, რომელიც მხოლოდ მისი უძლურებით გაჯერებულ ნიადაგზე ამოდის. მას სურდა ესაუბრა ყველას ნაცვლად, ყველა ეპოქაში: ხან აქ ვხედავთ, ხან – იქ, საკუთარ ოთახში განმარტოებულს, ცარიელი ფურცლის გადაფითრებულ სარკესთან დარჩენილს, იმ აბაჟურის ქვეშ გარინდულს, იდუმალ შუქს რომ ასხივებს. ან კომპიუტერის მეტად კაშკაშა ეკრანთან, კლავიატურის ღილაკებს თითებს რომ უკაკუნებს და ამ ხმაურს უსმენს. აი, ეს არის ის ტყე. მწერალმა მისი ყოველი ბილიკი ზეპირად იცის, ხოლო თუ ზოგჯერ ხელიდან მაინც გაუსხლტება რამე, როგორც ალიონზე ძაღლის ყეფით დამფრთხალი ჩიტი, მის ჩრდილს გაოგნებული მზერა მიაცილებს – ეს შემთხვევით მოხდა, ამ კაცის უნებურად, ამ ქალის სურვილის წინააღმდეგ.
    სულაც არ მინდა, უარყოფითი ემოციების ფრქვევით გული მოვიოხო. ლიტერატურა – აი, ამის სათქმელად ვემზადებოდი – არქაული გადმონაშთი არ არის, რომელსაც ლოგიკურად უნდა ჩაენაცვლოს აუდიოვიზუალური ხელოვნება და განსაკუთრებით, კინო. ის კომპლექსური, რთული გზაა, მაგრამ მე მჯერა, რომ დღეს იგი უფრო საჭიროა, ვიდრე ბაირონისა თუ ვიქტორ ჰიუგოს ეპოქაში.
    ეს საჭიროება ორი მიზეზით არის განპირობებული:
    პირველ რიგში, იმით, რომ ლიტერატურას ენა ქმნის. სიტყვა «მწერლობის» უპირველესი მნიშვნელობაა: «ის, რაც დაწერილია». ფრანგული სიტყვა «roman» (რომანი) იმ პროზაულ ნაწარმოებებს აღნიშნავს, რომლებშიც შუა საუკუნეების შემდეგ პირველად გამოიყენეს ახალი ენა, რომელზეც ყველა საუბრობდა – რომანული ენა. აგრეთვე სიტყვა «nouvelle» (ნოველა, მოთხრობა) ამ სიახლის იდეიდან მოდის. თითქმის იმავე ეპოქაში საფრანგეთში შეწყვიტეს სიტყვა «rimeur»-ს (გამრითმავი, მელექსე – სიტყვიდან: «rime» რითმა, ლექსი) ხმარება პოეზიასა და პოეტებთან (ბერძნული ზმნიდან: «poiein»- შექმნა ) მიმართებაში. პოეტი, მწერალი, რომანისტი შემოქმედნი არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ენას თავიდან იგონებენ, არა, მას იდეების, სახეების, მშვენიერების შესაქმნელად იყენებენ. ამიტომაც, მათ გარეშე საერთოდ ვერაფერს გავხდებოდით. ენა კაცობრიობის ყველაზე უცნაური გამოგონებაა, რომელიც ყველაფერს წინ უსწრებს და ყველაფერს ანაწევრებს. უენოდ არც მეცნიერება იარსებებდა, არც ტექნიკა, არც კანონები, არც ხელოვნება, არც სიყვარული. თუმცა ეს გამოგონება თანამოსაუბრესთან ურთიერთობის გარეშე სრულიად უსარგებლო ხდება. ის შეიძლება სისხლისგან დაიცალოს, გაღარიბდეს, სრულიად გაქრეს. მწერლები, გარკვეული აზრით, მისი მცველები არიან. როცა ისინი რომანებს, ლექსებს, პიესებს წერენ, ამით ენას აცოცხლებენ. ეს ადამიანები სიტყვებს კი არ იყენებენ, არამედ, პირიქით, თავად ემსახურებიან ენას – განადიდებენ, პირს ულესავენ, სახეს უცვლიან, რადგან იგი მხოლოდ მათით და მათში ცოცხლობს და ფეხს უწყობს ეპოქის სოციალურ თუ ეკონომიკურ ტრანსფორმაციებს.
    როდესაც გასულ საუკუნეში რასისტული თეორიები გაჩნდა, მაშინვე კულტურებს შორის არსებული სიღრმისეული განსხვავებები გაიხსენეს. რაღაც აბსურდული იერარქიით ერთმანეთს დაუკავშირეს კოლონიზატორთა ეკონომიკური წარმატება და ე.წ. კულტურული უპირატესობის ცნება. ეს თეორიები, როგორც არაჯანსაღი, სახიფათო იმპულსები ახლაც კი ხან სად იჩენს თავს და ხან სად, რათა ნეო-კოლონიალიზმისა თუ იმპერიალიზმის გამართლება სცადოს. ზოგიერთი, ვისაც თანაბარი უფლება არ მისცეს ენასთან მიმართებაში, რადგან ეკონომიკურად ჩამორჩენილები იყვნენ, ან მოძველებულ ტექნოლოგიებს ფლობდნენ, მაჩანჩალას როლში აღმოჩნდა. ნუთუ ვერავინ შენიშნა, რომ მსოფლიოს ყველა ხალხი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და როგორი განვითარებულიც არ უნდა იყოს, ენას იყენებს? თითოეული ენა კი ერთმანეთს ჰგავს, რადგან ლოგიკურ, კომპლექსურ, კონსტრუირებულ და ანალიტიკურ მთლიანობას წარმოადგენს, რომელიც სამყაროს გამოხატვის საშუალებას იძლევა, რომელზეც მეცნიერების შექმნა ან მითების შეთხზვაა შესაძლებელი.
    მას შემდეგ, რაც ისეთი გაორებული და ცოტა ჩამორჩენილი არსება დავიცავი, როგორიც მწერალია, მინდა ლიტერატურის არსებობის მეორე მიზეზი გაგიმხილოთ, რამდენადაც ეს უკანასკნელი, პირველ რიგში, გამომცემლის საქმიანობას ეხება.
    დღეს ბევრს ლაპარაკობენ მონდიალიზაციაზე და ივიწყებენ, რომ ეს მოვლენა აღორძინების ეპოქის ევროპაში დაიწყო, კოლონიალიზმის ხანასთან ერთად. თავისთავად, მონდიალიზაცია სულაც არ არის ცუდი. კომუნიკაცია პროგრესს აჩქარებს, მედიცინასა თუ ზოგადად, მეცნიერებაში. ისე, შესაძლოა, ინფორმაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობამ კონფლიქტები კიდევ უფრო გაართულოს. ჰიტლერის დროს ინტერნეტი რომ ყოფილიყო, თავისი მეხანათური ჩანაფიქრის განხორციელებას ის ნამდვილად ვერ მოახერხებდა – დაცინვის შიში გადააფიქრებინებდა.
    ჩვენ ინტერნეტისა და ვირტუალური კომუნიკაციის ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს კარგია, მაგრამ რისი მაქნისია საკვირველი გამოგონებები, თუ მწერლობის გაცნობასა და წიგნებს არ მოხმარდება? თხევადკრისტალური მონიტორებით კაცობრიობის უდიდესი ნაწილის უზრუნველყოფა უტოპიაა. ჰოდა, განა ახალ ელიტას არ ვქმნით, ახალ გამყოფ ხაზს არ ვავლებთ, რომელიც სამყაროს ორ ნაწილად გაყოფს: აქეთ დარჩებიან ერთნი, ვისაც ხელი მიუწვდებათ კომუნიკაციასა და ცოდნაზე, ხოლო იქით – მეორენი, ვინც უბრალოდ არადანს წარმოადგენენ? დიდი ერები, დიდი ცივილიზაციები გაქრნენ, რადგან ეს ვერ გააცნობიერეს. ზოგიერთმა უძველესმა კულტურამ, რომელთაც უმცირესობებს ვუწოდებთ, დღემდე იმის წყალობით მოაღწია, რომ ცოდნასა და მითებს თაობიდან თაობას ზეპირი გზით გადასცემდა. მეტად საჭირო, კეთილგონივრული ნაბიჯი იქნება მათი დამსახურების აღიარება. თუმცა ჩვენი სურვილისა და იმის მიუხედავად, მკაცრ რეალობაში ცხოვრებისთვის მომწიფებულნი ვართ თუ არა, კარგა ხანია, მითების ხანაში უკვე აღარ ვცხოვრობთ. შეუძლებელია სხვისი პატივისცემა დავიმსახუროთ და საყოველთაო თანასწორობა დავამყაროთ, თუ თითოეულ ბავშვს წერის სიკეთეს არ ვაზიარებთ.
    დღეს, დეკოლონიზაციის მომდევნო ეპოქაში, ლიტერატურა ერთ-ერთი საშუალებაა თანამედროვე კაცებისა და ქალებისთვის საკუთარი იდენტობის გამოსახატად, აგრეთვე იმისთვის, რომ სიტყვის უფლება მოითხოვონ და დანარჩენებს თავისი მრავალხმიანობა გააგონონ. მათი ხმის, მათი ძახილის გარეშე სრულიად მდუმარე სამყაროში ვიცხოვრებდით.
    ლიტერატურის ადგილი მსოფლიოში ყველას თანაბრად გვაღელვებს. პირველ რიგში კი, ამაზე მკითხველები, სხვაგვარად თუ ვიტყვით, გამომცემლები არიან პასუხისმგებელნი. ცხადია, უსამართლობაა, რომ კანადის უკიდურესი ჩრდილოეთის მკვიდრმა ინდიელმა დამპყრობელთა ენაზე – ფრანგულად ან ინგლისურად უნდა წეროს, რათა საკუთარი ხმა გაგვაგონოს. რა თქმა უნდა, თავს მოვიტყუებთ, თუ დავიჯერებთ, თითქოს მავრიკის ან ანტილიის კუნძულების კრეოლურ ენას მსოფლიოში ყველა ისევე იოლად გაიგებს, როგორც იმ ხუთ-ექვს ენას, რომლებსაც დღეს სრულიად დაპყრობილი აქვთ მედია-სივრცე. თუმცა თარგმანის მეშვეობით მაინც შეიძლება მსოფლიომ მათი ხმა მოისმინოს, ეს კი რაღაც ახალი და იმედისმომცემი ამბავი იქნება. კულტურა, როგორც ვამბობდი, ჩვენი, მთელი კაცობრიობის საერთო ქონებაა. ეს რომ მართლაც ასე იყოს, ყველას თანაბარი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ყველას უნდა მიუწვდებოდეს ხელი კულტურაზე. ამისთვის კი იდეალური იარაღი წიგნია, მთელი თავისი არქაულობით. პრაქტიკულია, მოსახერხებელია, ეკონომიურია. განსაკუთრებული ტექნოლოგიური დამუშავება არ სჭირდება და ნებისმიერ კლიმატურ პირობებში კარგად ინახება. მისი ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ – აი, აქ განსაკუთრებით გამომცემლებს მივმართავ – ბევრი ქვეყნისთვის ჯერ კიდევ ძნელად ხელმისაწვდომია. მავრიკიზე რომანისა თუ ლექსების კრებულის ფასი ოჯახის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მექსიკაში, ოკეანიის კუნძულებზე წიგნი წარმოუდგენელ ფუფუნებად ითვლება. ამ უბედურებას საშველი აქვს. განვითარებად ქვეყნებთან ერთად განხორციელებული ერთობლივი გამოცემები, ფონდების შექმნა ბიბლიოთეკებისა თუ ბიბლიობუსებისთვის, ზოგადად, უფრო მეტი ყურადღება ამ ხალხის მოთხოვნებისა და იმ მწერლობის მიმართ, რომელიც ე.წ. უმცირესობის ენაზე იქმნება (ზოგჯერ უმრავლესობას რომ წარმოადგენს). ამ გზით ლიტერატურა ისევ დარჩებოდა საკუთარი თავის შეცნობისა თუ სხვისი გაცნობის საოცარ საშუალებად, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა, ერთ დღეს კაცობრიობის კონცერტი მოგვესმინა, მთელი თავისი მდიდარი და მრავალფეროვანი თემებითა თუ ვარიაციებით.
    სიამოვნებით ვისაუბრებდი კიდევ ამ ტყეზე. ალბათ იმის გამო, რომ სტიგ დაგერმანის ფრაზა ჩემს მეხსიერებაში ისევ ხმიანობს, მისი წაკითხვა და გადაკითხვა, მასში შეღწევა მინდა. არის ამ ფრაზაში რაღაც სასოწარმკვეთი და ამავე დროს საზეიმო, რადგან მხოლოდ მწარე ნაღველით თუ მივაგნებთ იმ ჭეშმარიტების მარცვალს, რასაც ყველა ვეძებთ. ბავშობაში ამ ტყეზე ვოცნებობდი ხოლმე. მაშინებდა და იმავდროულად მიზიდავდა – ალბათ ცეროდენას ან ჰანსელსაც მსგავსი შეგრძნება ექნებოდათ, როცა ისინი შუაგულ ტყეში აღმოჩნდნენ, საფრთხეებითა და საოცრებებით გარემოცულნი. ტყეში საზღვრები არ არსებობს. შეიძლება დაიკარგო კიდეც გაბარდულ ხეებსა და ირგვლივ გამეფებულ წყვდიადში. ამავეს ვიტყოდი უდაბნოსა თუ ღია ზღვაზე, სადაც თითოეული ტალღა, თითოეული ბორცვი თავისსავე მსგავსში გადადის, ზუსტად იმავენაირ ტალღას, იმავენაირ ბორცვს წარმოქმნის. მახსოვს, პირველად რომ მივხვდი, რა შეიძლება ყოფილიყო ლიტერატურა – ჯეკ ლონდონის «წინაპართა ძახილში», უფრო სწორად, იმ პასაჟში, თოვლში დაკარგული ერთ-ერთი პერსონაჟი რომ იგრძნობს, როგორ ნელ-ნელა იტანს სიცივე მაშინ, როცა მგლების ხროვა თანდათან უახლოვდება. ის გაქვავებულ ხელს შესცქერის და ცდილობს, თითოეული თითი ერთმანეთის მიყოლებით აამოძრაოს. ამ აღმოჩენას ჩემნაირი ბავშვისთვის ნამდვილად ჯადოსნური ელფერი ჰქონდა. ამას თვითშემეცნება ერქვა.
    ტყეს უნდა ვუმადლოდე ერთ-ერთ უდიდეს ლიტერატურულ ემოციას ზრდასრულობის ასაკშიც. ეს ოცდაათი წლის წინ მოხდა, ცენტრალური ამერიკის რეგიონში, რომელსაც ელ ტაპონ დე დარიენი ჰქვია. მაშინ (და როგორც ვიცი, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა) სწორედ დარიენის ხეობამდე მოდიოდა და ვეღარ გრძელდებოდა პანამერიკული გზატკეცილი, რომელიც ორი ამერიკის დასაკავშირებლად გადაეჭიმათ, ალასკიდან ცეცხლოვანი მიწის კიდემდე. ამ ნაწილში პანამის ყელი ახლაც საშინლად გაუვალი ტყით არის დაფარული, რომელშიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეაღწევ, თუ მდინარეებს ადგილობრივი წარმოების გრძელი და წვრილი ნავით აუყვები. ამ ტყეში ამერიკელი ინდიელები ცხოვრობენ, ორ ნაწილად დაყოფილნი: ემბერას ტომად და ვონანას ტომად. ორივენი გე-პანო-კარიბის ლინგვისტურ ოჯახს მიეკუთვნებიან. იქ შემთხვევით მოვხვდი და ამ ხალხით იმდენად მოვიხიბლე, რომ რამდენჯერმე დიდი ხნითაც ვესტუმრე, დაახლოებით სამი წლის მანძილზე. მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რომ სახლიდან სახლში ალალბედზე დავდიოდი – ეს ხალხი უარს ამბობდა სოფლებად დაჯგუფებაზე – და რასაც მანამდე მივეჩვიე, იმისგან სრულიად განსხვავებული რიტმით ცხოვრებას ვსწავლობდი. როგორც ყველა ნამდვილი ტყე, ესეც გამორჩეულად მტრული და საშიში იყო. იძულებული გავხდი, ყველა საფრთხე და აგრეთვე მათგან თავის დაღწევის გზები ორ გრძელ სიად ჩამომეწერა. უნდა ვთქვა, რომ საერთოდ ემბერები ძალიან ბევრს მითმენდნენ, ჩემს მოუქნელობაზე იცინოდნენ და ალბათ მეც გადავუხადე სამაგიერო, როცა მათ სიბრძნეებზე, ცოტა არ იყოს, ვიხალისე. მაშინ ბევრს არ ვწერდი. ტყე ნამდვილად არ არის იდეალური ადგილი ამისათვის. ნესტი ქაღალდს ალბობს, სიცხე მელანს ახმობს. არცერთი მექანიზმი, რაც ელექტროენერგიით მუშაობს, დიდხანს არ ძლებს. იქ იმ რწმენით ჩავედი, რომ წერა პრივილეგია იყო და ნებისმიერ სირთულეს მუდამ დამაძლევინებდა. ჩემი პატარა თავშესაფარი. წარმოსახვითი სარკმელი, რომელშიც მაშინვე გადავძვრებოდი, როცა ქარიშხლი ამოვარდებოდა.
    მას შემდეგ, რაც ბოლომდე გავითავისე პირველყოფილი კომუნიზმის სისტემა, ისევე როგორც ავტორიტეტებისადმი ის ღრმა სიძულვილი, რაც ამერიკელ ინდიელებს ახასიათებთ და აგრეთვე, ბუნებრივი ანარქიისკენ მათი სწრაფვა, მივხვდი, რომ ხელოვნება, როგორც ინდივიდუალური თვითგამოხატვის ფორმა, ტყეში არაფრად ვარგოდა. სხვათაშორის, ამ ხალხში იმის მსგავსიც კი არაფერი იყო, რასაც მომხმარებელთა საზოგადოებაში ხელოვნებას ვუწოდებთ. სურათების დახატვის ნაცვლად, კაცები და ქალები სხეულებს იხატავდნენ და არაფრით არ სურდათ რაიმე ისეთის შექმნა, რაც დროს გაუძლებდა. მერე მითებიც მოვისმინე. როცა ჩვენს წიგნიერ სამყაროში მითებს ახსენებენ, თითქოს რაღაც ძალიან შორეულზე ლაპარაკობენ – დროში ან სივრცეში დაშორებულზე. მეც მჯეროდა ამ მანძილისა. და აი, მითები თვითონ მოდიოდნენ ჩემთან, განუწყვეტლივ, თითქმის ყოველ ღამით. იმ კოცონის წინ, სახლების სიღრმეში სამი ქვით მოწყობილ კერიაზე რომ გიზგიზებდა, კოღოებისა და ღამის პეპლების ცეკვის თანხლებით, მეზღაპრე კაცებისა თუ ქალების ხმები ამ ისტორიებს, ლეგენდებს, ამბებს ისე აცოცხლებდნენ, თითქოს ყოველდღიურ სინამდვილეზე მოგვითხრობდნენ. მეზღაპრე გამკივანი ხმით მღეროდა, მკერდზე მჯიღს იცემდა, სახის გამომეტყველებას იცვლიდა პერსონაჟთა განცდების, ვნებების, მღელვარების მიხედვით. ეს შეიძლებოდა სულაც რომანი ყოფილიყო და არა მითი. ერთ ღამეს კი ახალგაზრდა ქალი მოვიდა. მას ელვირა ერქვა. ემბერას ტყის მიდამოებში ზღაპრების ოსტატურად თხრობით იყო განთქმული. თავგადასავლების მაძიებელად ითვლებოდა, რომელიც უქმროდ და უშვილძიროდ ცხოვრობდა – ამბობდნენ, ცოტა ლოთია და ცოტა ბოზიცო, მაგრამ არაფერი მჯერა – და სახლიდან სახლში იმისთვის დადიოდა, რომ ემღერა, საფასურად კი სადილი, ერთი ბოთლი მაგარი სასმელი, ხანდახან კი მცირეოდენი ფულიც მიეღო. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ზღაპრების თარგმანს ვისმენდი – ემბერას ენას ლიტერატურული ვერსია აქვს, რომელიც ყოველდღიურ ენაზე გაცილებით რთულია – მაშინვე მივხვდი, რომ ის დიდი ხელოვანი იყო, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. მისი ხმის ტემბრი, ხელების რიტმი, როცა მათ მკერდზე ირტყამდა, ვერცხლის მონეტებით დამძიმებულ ყელსაბამებზე და ამ ყველაფერთან ერთად შეშლილის იერი, რომელიც სახესა და თვალებს საოცარი შუქით უნათებდა – ეს მოზომილი და რიტმული ტრანსი თანაბარი ძალით მოქმედებდა ყველაზე, ვინც იქ იყო. მითების მარტივ სიუჟეტებს – თამბაქოს გამოგონებას, პირველ ტყუპებს, ღმერთებისა და ადამიანების უხსოვარი დროის ამბებს ის საკუთარ თავგადასავალს უმატებდა, თავისი ხეტიალის, სიყვარულის, ღალატისა და ტანჯვის, ხორციელი ტკბობის სიამეების, ეჭვიანობის მწარე ნაღველის, სიბერისა და სიკვდილის შიშის ისტორიებს. ის გაცოცხლებული პოეზია, ანტიკური თეატრი და ამავე დროს, მეტად თანამედროვე რომანი იყო. ამ ყველაფერს წარმოუდგენელი ცეცხლითა და მგზნებარებით ასრულებდა. კუნაპეტ ტყეში, მწერების, გომბეშოების, ღამურების გუნდის გარემოცვაში იმ განცდას ძერწავდა, რასაც სილამაზის გარდა სხვა სახელს ვერ დაარქმევ. თითქოს მისი სიმღერა ბუნების ჭეშმარიტი ძალის გამოვლინება იყო – ალბათ ყველაზე დიდი პარადოქსიც იმაში მდგომარეობდა, რომ ეს განმარტოებული ადგილი, ლიტერატურის ხელოვნურ სირთულეებს განრიდებული ტყე ისეთ ადგილად ქცეულიყო, სადაც ხელოვნება ყველაზე ძლევამოსილი და თავისთავადი სახით იქმნებოდა.
    მერე წამოვედი ამ ქვეყნიდან და არც ელვირა, არც დარიენის ტყის სხვა მეზღაპრეები აღარასდროს მინახავს. თუმცა იმაზე უფრო მეტი რამ დამრჩა, ვიდრე ნოსტალგიაა – რწმენა, რომ ლიტერატურას მაინც შეეძლო არსებობა, მიუხედავად გადაღეჭილი პირობითობებისა და კომპრომისებისა, მიუხედავად იმისა, რომ მწერლები სამყაროს შესაცვლელად უძლურნი იყვნენ. ზოგჯერ რაღაც დიდი და ძლიერი, რაც მათზე ბევრად აღმატებულია, ამ ადამიანებს გამოაცოცხლებს და თავიდან ბოლომდე ცვლის, ბუნების ჰარმონიას დაუბრუნებს ხოლმე. რაღაც ახალი და იმავდროულად ძალიან ძველი, ქარივით მოუხელთებელი, ღრუბლებივით უსხეულო, ზღვასავით უსასრულო. ეს ის არის, რაც ჯალალ ედინ რუმის პოეზიასა თუ ემანუელ სვედენბორგის ვიზიონერულ არქიტექტურაში ფეთქავს. თრთოლა, კაცობრიობის ისეთი საუკეთესო ტექსტების კითხვისას რომ გვიპყრობს, როგორიც ის სიტყვაა, რომლითაც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ლუმნის ტომის ინდიელების წინამძღოლმა სტელსმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიმართა, სანამ მიწას საბოლოოდ დაუთმობდა: «ჩვენ ალბათ ძმები ვართ…»
    არის რაღაც უბრალო და ნამდვილი, რაც მხოლოდ ენაში არსებობს. ხიბლი, ხანდახან ცბიერი სვლები, თვალშისაცემად მყვირალა ცეკვა თუ სიჩუმის დიდი პლაჟები. დაცინვის ენა, შორისდებულების, წყევლის და აი, აქვე, სამოთხის ენა.
    სწორედ ელვირას წინაშე მინდა ვალის მოხდა – მას ვუძღვნი ამ პრემიას, რომელიც შვედურმა აკადემიამ გადმომცა. მას და ყველა იმ მწერალს, რომლებთან სიახლოვე – ზოგჯერ კი დაპირისპირებაც – ჩემი ცხოვრების ნაწილია. აფრიკელებს: უოლე შოიინკას, ჩინუა აჩებეს, აჰმადუ კურუმას, მონგო ბეტის, ალან პეიტონის «საყვარელი ქვეყნის გამოტირებას», ტომას მოფოლოს «ჩაკას». დიდ მავრიკელს მალკოლმ დე შაზალს, სხვა წიგნებთან ერთად, «იუდას» ავტორს. მავრიკელ რომანისტს, აბიმანიუ უნუთს, რომელიც ჰინდის ენაზე წერს, “სისხლის სუნისთვის”. რომანისტს, რომელიც ურდუს ენაზე წერს, ჰიდერ ქურატულენს, ეპოპეისთვის «ცეცხლის მდინარე». რეუნიონელ შეუპოვარ დანიელ უაროს, მალოიას სიმღერებისთვის, კანაკ პოეტ ქალს დეუე გოროდეს, რომელმაც კოლონიზატორები ისე გამოიწვია, რომ საქმე საციხედ გაიხადა. ამბოხებულ აბდურაჰმან ვაბერის. ხუან რულფოს, «პედრო პარამოსა» და სხვა მოთხრობებისთვის, რომლებშიც მექსიკური სოფლის უბრალო და ტრაგიკული სურათები გვაჩვენა. ჯონ რიდს «ამბოხებული მექსიკისთვის», ჟან მეიერს, რომელიც აურელიო ასევედოსა და კრისტეროს ამბოხებულების სახელით ლაპარაკობდა ცენტარალურ ამერიკაში. ლუი გონსალესს, «ჰაერში გამოკიდებული სოფლის» ავტორს. ჯონ ნიკოლს, ვინც ყამირი მიწის შესახებ მოგვითხრო წიგნში «ომი მილაგროს ცერცვის ველებზე», ჰენრი როთს, ჩემს მეზობელს ნიუ იორკის ქუჩაზე, ალბუკერკში (ნიუ მექსიკო), წიგნისთვის «ესეც ძილია». ჟან-პოლ სარტრს, იმ ცრემლებისთვის, რომლებითაც მისი პიესა «უსაფლავო მკვდრებია» გაჯერებული. უილფრიდ ოუენს, პოეტს, რომელიც მარნის მისადგომებთან გარდაიცვალა 1914 წელს. სელინჯერს, რადგან მან იმ თოთხმეტი წლის ყმაწვილად გვაგრძნობინა თავი, რომელსაც ჰოლდენ კოლფილდი ჰქვია. ამერიკის პირველი ერების მწერლებს: სიუ შერმან ალექსის, ნავაჯო სკოტ მომადეის, «სახელებისთვის». რიტა მესტოკოშოს, მინგანელ (კვებეკის პროვინციის მკვიდრ) პოეტ ქალს, რომელმაც ხეები და ცხოველები აამატყველა. ხოსე მარია არგედას, ოქტავიო პასს, მიგელ ანხელ ასტურიასს. უალატას ოაზისის პოეტებს, შინგეტში. ალფონს ალესა და რაიმონ კენოს, საოცარი წარმოსახვისთვის. ჟორჟ პერეკს წიგნისთვის: «პატარა ველოსიპედი მონიკელებული თვლებით დიდი რბოლის შუაგულში». ანტილიელ ედუარ გლისანს და პატრიკ შამუაზოს, ჰაიტელ რენე დეპესტრს, ასევე შვარც-ბარტს წიგნისთვის “უკანასკნელი მართალნი”. მექსიკელ პოეტს ომერო არიდისს, რომელიც ტყავისბაკნიანი კუს ცხოვრებას თვალწინ გადაგვიშლის და სამეფო პეპლებით სავსე იმ ფორთოხლისფერ მდინარეებზე გველაპარაკება, კონტპეკში, მისი სოფლის ქუჩებში რომ მიედინება. ვენუს კური გატას, ვინც ისე საუბრობს ლიბანზე, როგორც ტრაგიკულ და უძლეველ სატრფოზე. ხალილ ჯიბრანს. რემბოს. ემილ ნელიგანს. რეჯენ დუშარმს – არსებობისთვის.
    ვუძღვნი იმ უცნობ ბავშვს, რომელსაც ერთხელ მდინარე ტუირას ნაპირას გადავეყარე, დარიენის ტყეში. ღამით, მაღაზიის იატაკზე წამომჯდარი ნავთის ლამპის შუქზე წიგნს კითხულობდა და წინ გადახრილი რაღაცას წერდა კიდეც. ირგვლივ ყურადღებას არაფერს აქცევდა, არც უხერხულობა აწუხებდა, არც ხმაური, არც უწესრიგობა, არც მწარე და სასტიკი ცხოვრება, რომელიც მის გვერდით მიედინებოდა. აი, ეს ბავშვი, მაღაზიის იატაკზე ფეხმორთხმული რომ იჯდა ტყის შუაგულში და ლამპის ალის შუქზე კითხულობდა, შემთხვევით არ მიხსენებია. ის ძმასავით ჰგავს იმ ბიჭუნას, რომელზეც დასაწყისში ვსაუბრობდი, მშენებლის ფანქრით სასურსათო ტალონის უკანა გვერდზე რაღაცის დაწერას რომ ცდილობდა ომის შემდგომი სიბნელის წლებში. ის კაცობრიობის ისტორიის ორ დიდ ამოცანას შეგვახსენებს, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გადაგვიჭრია: შიმშილის დამარცხება და უწიგნურობის აღმოფხვრა.
    სტიგ დაგერმანის ფრაზა, მთელი თავისი პესიმიზმით იმ მწერლის ფუნდამენტური პარადოქის შესახებ, რომელიც უკმაყოფილოა, რადგან არ შეუძლია ხმა მიაწვდინოს მათ, ვისაც საკვებიც აკლია და ცოდნაც – უფრო დიდ სიმართლეს გვიმხელს. უწიგნურობის აღმოფხვრა და შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლა მჭიდროდ არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული. ვერცერთს ვერ გადავჭრით წარმატებით მეორის გარეშე. ორივე ითხოვს და მოითხოვს, რომ რაღაც ვიღონოთ. ამ მესამე ათასწლეულში, რომელიც სულ ახლახანს დაიწყო, ჩვენს პლანეტაზე არცერთი ბავშვი, რა სქესის, ენისა თუ რელიგიისაც არ უნდა იყოს, შიმშილისა და უმეცრების ტყვეობაში არ უნდა აღმოჩნდეს, შორიდან არ უნდა უყურებდეს სხვების ზეიმს. ეს ბავშვი საკუთარ თავში ადამიანური მოდგმის მომავალს ატარებს. მისია მეუფება, როგორც დიდი ხნის წინ ბერძენმა ჰერაკლიტემ ბრძანა.

    ბრეტანი, 4 ნოემბერი, 2008


    ფრანგულიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ
  • პოეზია

    ბელა ჩეკურიშვილი – ლექსები

    ამბავი ცერცვისა და კედლისა

    “შეაყარე კედელს ცერცვი”

    -ქართული ანდაზა

    ეს მაშინ,
    როცა ჩვეული მოძრაობით
    კედელს მეათასედ შემაყარე,
    როცა წკაპა-წკუპით ძირს ჩამოვცვივდი,
    როცა ხელები ჰაერში აიქნიე ნიშნად იმისა,
    რომ კედელი გლუვია,
    ცერცვის მარცვალი კი ბრიყვი და სხმარტალა,
    როცა იფიქრე,
    რომ კედლისა და ცერცვის ამბავი ისე სანდოა,
    შეხედვაც კი აღარ სჭირდება,
    სწორედ მაშინ,
    როცა მშვიდად მიუბრუნდი ქარს და საზრუნავს,
    სწორედ მაშინ,
    ფესვი გავიდგი.
    სწორედ მაშინ
    დაუმთავრდა სიბერწე კედლს,
    ტანი გაუთბა და ნაპრალები შემომაშველა…
    რა უნდა მოსთხოვო
    ერთ გულუბრყვილო ცერცვის მარცვალს
    ხვიარად რომ დაბადებულა,
    დღენიადაგ საყრდენს რომ ეძებს
    და მზად არის,
    ვინც შეხვდება, გადაეხვიოს.
    რა უნდა მოსთხოვო
    მოულოდნელად გაღვიძებულ ცერცვის მარცვალს,
    როცა საკუთრი სიმწვანეც კი ისე აბრუებს,
    უგზო-უკვალოდ იფოთლება და მსხმოიარობს…
    და მაშინ,
    როცა მზეში ოქროსრქიან ვერძებს ვითვლიდი,
    ფოთლებს ვუწვდიდი შეყვარებულ ჭიამაიებს
    და ღრმა ძილიდან გამოფხიზლებულ ბებერ კედელს
    წყლის და მიწის ამბავს ვამცნობდი,
    როცა ვცდილობდი,
    ჩემს პაწაწინა ცერცვის გულში
    ახალ-ახალი სასწაულები აღმომეჩინა,
    გამომეხმო ყველა ზღაპარი,
    რასაც დედა გვიყვებოდა მე და ჩემს და-ძმებს
    გრილ და ნოტიო პარკში წოლისას,
    მაშინ,
    როცა მეგონა,
    თუკი მოვედი,
    ყველა ცოცხალ და მფეთქავ არსებას
    სიყვარულში დავარწმუნებდი,
    სწორედ მაშინ,
    რატომღაც უკან მოიხედე
    და
    შეგეშინდა.
    …როგორ გიმტყუნე,
    შენ ხომ ისე ალალად მენდე,
    მე კი ბრიყვულად დავარღვიე ათასწლოვანი სიტყვების ტაბუ
    შენ და შენს მოდგმას აკვანშიც რომ განუგეშებდათ,
    რასაც სწავლობდით მამიდან შვილზე,
    რასაც პაპების სიბრძნე ერქვა
    და დიდპაპების გამოცდილება,
    აბა, ჩემი გაღვიძება რად გჭირდებოდათ,
    სიმწვანე ხომ იმდენი გქონდათ,
    ცერცვის ერთი ყლორტი რა არის,
    ფეხქვეშ გეფინათ.
    ოდითგანვე, სხვადასხვა მარცვალს,
    თქვენც ანდობდით მიწის სველ და მხურვალე საშოს,
    მაგრამ კედელი
    უნდა მუდამ გულცივი და ყრუ ყოფილიყო,
    ცერცვის მარცვალს კი თავში ჭკუა უნდა ჰქონოდა
    და ბრმა კენჭივით ესხმარტალა მის ზედაპირზე……
    და მაშინ,
    როცა შენი შეშინებული ხელები დავინახე,
    და მაშინ,
    როცა ყელში ჩაფხრეწილ ბგერებს
    გაკვირვების ავი ბოღმაც ამოაყოლე,
    და მაშინ,
    როცა ძვლები გაგიცივდა
    და იმიტომ გამოიქეცი,
    რომ კედლიდან ჩემი ყველა კვალი მოგესპო,
    ვიდრე სხვები დამინახავდნენ, ათასწლოვანი ტაბუ იქნებ გადაგერჩინა,
    სწორედ მაშინ,
    ვიგრძენი რომ
    შიშზე ძლიერი გრძნობაც არსებობს,
    შიშზე ვერაგი გრძნობაც არსებობს,
    შიშზე მარტივი გრძნობაც არსებობს,
    და
    შემეცოდე –
    ავი ბოღმისთვის.
    შეშინებული ხელებისთვის.
    დამზრალ ძვლებისთვის.
    შემეცოდე,
    ცასაც ავხედე,
    და უფრო მეტად ავეკარი დაბზარულ კედელს,
    ტანი კეკლუცად შემოვხვიე,
    ქვებს გავუსწორე,
    ფოთლები განზე გავშალე
    და
    ჩუქურთმად ვიქეც.

    ნანას

    თუ საღამოხანს,
    დაგრძელებული ხეების ჩრდილებს,
    ძველებურად,
    ასკინკილით გარს შემოვუვლით,
    ჩემი და შენი ქალაქები ამბად გეტყვიან,
    რომ ზაფრანას ყვავილივით გავყვითლდი
    და დავიბენი,
    როგორც მაშინ,
    სკოლის მერხებზე გაურკვეველ ინიციალებს რომ ვკაწრავდით,
    ხომ გახსოვს,
    ჭორფლების შეგროვება რომ დავიწყე
    და თმაც გამეფშიკა,
    მაშინდელივით ახლაც გამუდმებით ვიწნავ და ვიშლი
    და გოგრის გულივით ყვითელი ვარ.
    ხომ გახსოვს
    ჩემი ჭრელა-ჭრულა სარაფანები,
    ფოჩებიანი მოსასხამი
    და ფარად-ფერადი ღილები,
    ახლა კი წიწილასავით ყვითელი ვარ
    და წყლის დალევისას ცაში ახედვა მავიწყდება.
    ხომ გახსოვს, რა ძნელია,
    პირველად რომ მოიტყუები და დაგიჯერებენ,
    როგორც ხუთი ჩხირით
    რომბებიანი წინდა მოგექსოვოს,
    ანდა ზურგს უკან დამალულ ხელებში გამოგეცნოს,
    მარგალიტის ბურთულები ლუწია თუ კენტი.
    ახლა კი ქარვის კენჭივით გამომშრალი
    და ყვითელი ვარ
    და ვიდრე არ დამიძახენებენ,
    ვეღარ ვხვდები, საით გავიქცე.
    ხომ გახსოვს, ძველ ზღაპრებში
    სამი გზის გასაყარზე რომ დგებოდნენ,
    მე კი სიტყვის ორადორი მარცვალი მაქვს ამოსათქმელი
    და მაინც აქეთ-იქით ვიყურები,
    ხომ გახსოვს, როგორ გვიმეორებდნენ,
    როცა ვმოძრაობთ,
    ან ტანთ ვიცვამთ,
    არ დაგვავიწყდეს,
    რომ ძუძუებიანი არსებები ვართ
    და რძესთან ერთად,
    ასწლოვანი ღვინის ძალასაც დავატარებთ უქმე დღეებში.
    შენ ჩემი და ხარ,
    და რომ გეცადა,
    შენს ქალაქში,
    საღამოხანს,
    ჩრდილებდახრილ ხეების ტოტს შემოხვეოდი,
    ჩემი და შენი ბავშვობის საქანელები ამბად გეტყოდნენ,
    რომ ფეტვის მარცვალივით ყვითელი ვარ,
    ჩამოვიფშვენი და
    დავიბენი.

    ***
    აღარ მახსოვს,
    რატომ იყო იმ ღამეს სველი ქალაქის ასფალტი,
    ან საით მიდიოდნენ ხაკისფერკეპიანი უცხოელები
    ჭრელი ჩანთებით,
    რატომ ვისხედით “ჰეინეკენის” მაგიდებთან და
    რატომ ქროდა ქარი ქოლგების თავზე;
    აღარ მახსოვს,
    რატომ ვიკარგებოდით ასე თავგანწირვით,
    ან რად ვეძახდით ზამთრობით ერთმანეთს,
    რატომ გვჯეროდა ნავსი რიცხვების და
    რად ვავსებით დღიურებს ფანქრით;
    აღარ მახსოვს,
    რატომ იყვნენ იმ ზაფხულს მოდაში
    უცხოპლანეტელი სასიძოები,
    ან ქალიშვილებს რად შეეღებათ ვერცხლისფერად
    რბილი მუცლები,
    როგორ ვსუნთქავდით მორიგეობით
    ხავსიან ფსკერზე,
    ან რვაფეხებმა სად წაიღეს ჩემი ქოშები,
    რას დავეძებდით ფერად სილაში და
    რად გვაწვალებდა მერე სინდისი
    ინკვიზიტორი ჯალათივით;
    აღარ მახსოვს,
    ვის ჩუქნიდნენ სირაქლემები
    ქარხნული წესით დაშაშხულ ბარკლებს,
    რამდენი ნული იყო ჩვენი არსებობა და
    რამდენი კარატი ჩვენი ცრემლები,
    რამდენად შეგვიფასეს შეხვედრები,
    ანდა რომელი მოგონება ჩაიგირავეს;
    აღარ მახსოვს,
    რამდენი ბოლო ჰქონდა იმ თოკს,
    კბილების კაწკაწით რომ ვიჭერდით ყელზე,
    რატომ არ გვკბენდნენ მორიელები
    აგვისტოს ხვატში და
    სად დავკარგეთ კოკა-კოლას მომგებიანი თავსახური;
    აღარ მახსოვს,
    შეგვეშინდა თუ არა,
    როცა ხეების სიმწვანეში
    თვალების ნაცვლად
    ერთმანეთის შიშველი სხეულები დავინახეთ;
    აღარ მახსოვს და …
    იქნებ ჯობდეს,
    ეს ყველაფერი
    ისევ ფოტოალბომებში დავაბრუნოთ.

    უხერხული კითხვების გარეშე

    მე არ მაინტერესებს
    შენი მეთერთმეტე პარტნიორი,
    შენ არ გაინტერესებს
    ჩემი მცირეწლოვანი ბოიფრენდები,
    ჩვენ არ გვაინტერესებს
    ნავთობპროდუქტების მერყევი ფასები,
    გვაქვს საერთო გასაღები,
    უკომფორტო სააბაზანო და
    წითელი მადუღარა,
    უკიდურესად გვეშინია ღამის და წვიმის
    და მავანთა და მავანთა ბრიყვი ენის მიუხედავად
    სიცივის გამო
    ერთი საბნის ქვეშ ვიძინებთ ხშირად.
    შენ არ გიყვარს თოხლო კვერცხი
    და შავი პური,
    მე არ მიყვარს მეტროთი მგზავრობა
    და პოპ მუსიკა,
    ჩვენ ორივეს გვიყვარს მზე
    და იალქნიანი, უმისამართო იახტები.
    ზღვა წვიმის შემდეგ ბერიკაცივით აღერღილია
    და სველი სილა –
    ქუჩის ბიჭივით უტიფარი,
    მე ვამბობ, რომ სიგარეტი მიხორკლავს ნერვებს,
    შენ დუმხარ და სტაფილოსფერ ქოშებს მაფიცებ,
    ჩვენ ვკამათობთ
    და ვცდილობთ, სათქმელს ტალღასავით ქვეშ გამოვუძვრეთ.
    მე ვცხოვრობ ჩემი შვილის ფერად სიზმრებში,
    შენ ცხოვრობ
    ზამთარს გადარჩენილ ჩიტბატონებში.
    ჩვენ აქ არ ვცხოვრობთ,
    აქ ფიჭვებია და კოტეჯი,
    სამას და მგონი მეთვრამეტე,
    ქარებთან ახლოს…

    Nota Bene

    I

    შეიძლება დაგირეკო
    და უტიფარი ხმით მოგიკითხო,
    მეკეთოს მარჯნის სამაჯურები
    და არ მეტანჯებოდეს მაჯები,
    შეიძლება მოვახერხო
    და გითხრა რაიმე ახალი,
    სასაცილო, ან პრობლემატური,
    მაგალითად, ჩემი ჯინსი,
    ვარცხნილობა,
    ანდა ამომშრალი ფრჩხილების ლაქი,
    შეიძლება დავხუჭო თვალები
    და ვითამაშო ასკინკილა,
    ინტიუციით გადავაბიჯო ცარცის ხაზებს
    და გამოვიდე გამარჯვებული,
    შეიძლება ვიყიდო ის ლამაზი კაბა,
    რადგან ყოველი სევდა
    ტანსაცმელში გროვდება ბოლოს
    და ნემსის ყუნწშიც,
    ბოლოს და ბოლოს,
    შეიძლება გავძვრე.

    II
    გაძვერი ნემსის ყუნწში
    და იყიდე ის ლამაზი კაბა,
    გუშინ გამოფენაზე რომ ნახე,
    გაძვერი, სანამ ვინმე მოგასწრებდეს,
    უფრო მარჯვე და მოქნილი.
    თიხის ლარნაკი გაიბზარა,
    თაბაშირის სპილო
    და ექიმის ხმაც:
    “თქვენ ავად ხართ ქალბატონო!”
    ბარგის გადაზიდვისას კი
    კედლის საათს ისრები მოსტყდა
    და ტელევიზორს ფერები აერია.
    წამოდი იმ სახლიდან,
    იადონებს რომ უთევდი ღამეს,
    წამოიღე მეგობრების ნახატები
    და სარწეველა სავარძელი,
    წამოდი, სანამ გზები გაიტკეპნება,
    სილამაზეს ნივთები იმით ინარჩუნებენ,
    რომ არ მოძრაობენ,
    შენ კი ჩააკერე რამდენიმე წელი ნაჭრის დათუნიებს
    და არასოდეს იკითხო “რატომ”,
    დაუჯერე ეიხმანს
    და ნუ დაიწყებ უკან ყურებას,
    თორემ ფეხს წამოკრავ რამეს
    და წაიქცევი.
    ძვირია მკურნალობა
    და მწარეა ნემსები,
    სილამაზე კი
    ისევ და ისევ მსხვერპლს მოითხოვს,
    მაგრამ შენ ახალი, მოშრიალე კაბა გაცვია,
    ჰოდა, გაიღიმე.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • კულტურა/ლიტ.თეორია

    ელინოფილობა და ქართული საერო ლიტერატურის წარმოშობის პრობლემა

    DOWNLOAD

    ქეთევან ბეზარაშვილი
    სააზროვნო მოდელები ბიზანტიურ კულტურაში, ელინოფილობა და ქართული საერო ლიტერატურის წარმოშობის პრობლემა
    © სემიოტიკა

  • კულტურა/ლიტ.თეორია

    ლირიკული სუბიექტის იდენტიფიკაცია ანუ კონცეპტი ს ი ს ხ ლ ი მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში

    ცირა ბარბაქაძე
    ლირიკული სუბიექტის იდენტიფიკაცია ანუ კონცეპტი ს ი ს ხ ლ ი მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში
    © სემიოტიკა
  • ესე (თარგმანი)

    მიგელ დე უნამუნო – როგორ შევადგინოთ ბიბლიოთეკა

    სენიორ, თქვენ ბიბლიოთეკის შედგენა გინდათ და რჩევას მეკითხებით. ასეთი რჩევის მიცემა ბევრად რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
    უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდე რას გულისხმობთ სიტყვებში – “ბიბლიოთეკის შედგენა”, უფრო სწორედ, რა მიზნით ადგენთ ბიბლიოთეკას და როგორი ნიშნით უნდა მოძებნოთ წიგნები.
    – ეჭვს ხომ ვერ შეგატანინებთ ვულგარულ ცდომილებებში, თითქოს წიგნი, პირველ ყოვლისა იმისთვის არსებობს, რომ მხოლოდ წაიკითხონ, ხოლო მისი მოვლა და სათუთად შენახვა მეორე რიგის საქმეა.
    ერთხელ, ერთ ნაცნობ მხატვართან ვაქებდი მეორე მხატვრის ნამუშევრებს. ის კი მომიბრუნდა და ზიზღნარევი ხმით მეუბნება: “მაგ ნახატების ადგილი მხოლოდ მუზეუმის კედლებზეაო”. ეს იგივეა, რომელიმე წიგნის აბუჩად აგდება მოგვინდეს და ვთქვათ – “ამ წიგნის ადგილი მხოლოდ ბიბლიოთეკის თაროზეაო!” ხომ ფაქტია, არსებობენ ადამიანები, რომელთაც სჯერათ, თითქოს საუკეთესო წიგნი ხშირი კითხვისაგან აუცილებლად ყდაშემოცრეცილი და ფურცლებგაცვეთილი უნდა იყოს.
    კიდევ ის ვიცი, რომ ერთხელ, ერთმა უჭკვიანესმა და უნიჭიერესმა, მაგრამ ბიბლიოფილობის ნიადაგზე ცოტა შექანებულმა მწერალმა, უამრავ საშინელ სისულელეს რომ ჰყვებოდა, ძალიან ძველ და იშვიათ წიგნში ამოკითხულ რაღაც ციტატის მოყვანისას დააყოლა: “აბა, კმარა ამ სისულელეების მოყოლა, ისინი ყოველთვის სისულელეებად დარჩება, იმის მიუხედავად, რომ ასეთ იშვიათ წიგნში აღმოვაჩინეთო”.
    მოკვდავთა უმრავლესობას, მაგრამ არა ამ ბიბლიოფილივით ჭკვიანებს, მიაჩნიათ, რომ სწორედ ერთად თავმოყრილი ამდენი სისულელე აქცევს წიგნს იშვიათობად. და ბუნებრივიცაა, რომ ასეთი ადამიანები არასოდეს დაკარგავენ, გვერდზე არ მიაგდებენ მსგავს წიგნს, რადგან ისინი იქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რაღაცას პოულობენ, რომელიც მათთვის განსაკუთრებულად ღირებულია. თუმცა, საჭიროა პატივი მიეგოს ნებისმიერი მანიისაკენ ხალხის სულიერ ლტოლვას, ოღონდ ეს მანია არ უნდა იყოს საზოგადოებისთვის საშიში; მანიათა შორის განსაკუთრებული პატივისცემის ღირსია ბიბლიომანი, რომელიც არა მხოლოდ ყველაზე უდანაშაულო, არამედ ყველაზე კეთილშობილურიცაა. აი, უკვე ნათლად დაინახეთ განსხვავება მათ შორის, ვისაც სძულს ის წიგნი, რომელიც თავის ცხოვრებას ბიბლიოთეკის თაროზე ატარებს და ვინც აფასებს მას სწორედ იმისათვის, რომ იშვიათობაა, ძვირფასია და მისი ადგილი – ბიბლიოთეკის თაროზეა.
    მაშასადამე, თუ თქვენ მართლა გადაწყვიტეთ სოლიდური ბიბლიოთეკის შედგენა, გირჩევთ შეიძინოთ თხზულებათა მხოლოდ სრული კრებულები, შეძლებისდაგვარად – ორიგინალის ენაზე – განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ფილოსოფიურ თხზულებებს ეხება; შეიძინეთ თავად ავტორთა მიერ მომზადებული ცალკეული გამოცემებიც. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გირჩევთ სერიული გამოცემების შეძენას, თქვენთვის საინტერესო წიგნების, ამ ე.წ. კოლექციებში, ბიბლიოთეკებში, ციკლებში ძებნას… ნებისმიერი წიგნი უფასურდება, როცა ამ სერიათაგან ნებისმიერის რიგითი წევრი ხდება. მხოლოდ არასერიოზულ მკითხველს შეუძლია ასეთი სახით გამოცემული წიგნის წაკითხვა.
    ვიმედოვნებ, აუცილებლობას არ წარმოადგენს “არასერიოზული მკითხველის” რაობის განმარტება, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის – კეთილს ვინებებ და ვიტყვი: არასერიოზულია მკითხველი, ვინც იმ წიგნებს არ კითხულობს, რომლებსაც მე; მაგრამ თუ კითხულობს და მეც ვვარაუდობ, რომ კითხულობს, მაშინ ჩემნაირად კი არა, სხვანაირად კითხულობს, და რასაკვირველია, მათ ისე ვერ გაიგებს, როგორც მე ვიგებ; ვერც წიგნები დაარწმუნებენ იმგვარად, როგორც მე მარწმუნებენ. გარდა ამისა, თუ წიგნი მკითხველს იმას არ ახსენებს, რასაც მე, ან მკითხველი თავად არ აგდებს სათვალავში ამას, მაშინ, მარტივი ლოგიკის თანახმად, უნდა ჩავთვალო, რომ ასეთმა მკითხველმა არ იცის ეს ყველაფერი. ხომ შეუძლებელია, ვინმე კითხულობდეს იმას, რასაც მე ვკითხულობ და არ ფიქრობდეს ისე, როგორც მე ვფიქრობ.
    ამ ფრიად მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური წიაღსვლების დასრულებისთანავე, ვუბრუნდები თქვენთვის დაპირებულ ბიბლიოთეკის შედგენას.
    თუ მართლა სერიოზულად ფიქრობთ ამ საქმისათვის ხელის მოკიდებას, მაშინ კატალოგით უნდა დაიწყოთ. ჩვეულებრივ, უკატალოგოდ შედგენილი ბიბლიოთეკები, რამდენადმე არეულ-დარეულია ხოლმე. ასე შედგენილი რომელიმე კერძო ბიბლიოთეკის გადათვალიერებისას, რაღაცას ფილოსოფიიდან აღმოაჩენთ, რაღაცას ღვთისმეტყველებიდან, წააწყდებით ლიტერატურულ თხზულებებს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს და სხვა ამისთანა რამეებს, არათანმიმდევრულად და დაულაგებლად. და თუ იქვე, თაროებზე, კლასიკოსთა შემოქმედების გვერდით აწყვია იაფფასიანი სახელმძღვანელოებიც სხვადასხვა მეცნიერებათა მოკლე შინაარსების სახით, რომელსაც ერთმა უსუსურმა მასწავლებელმა ოდესღაც სარწყულებელი გეჯა უწოდა, მაშინ თამამად შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ეს ბიბლიოთეკა ეკუთვნის diletante-ს. და შეუძლებელია არ იცოდეთ, რომ diletante ჰუმანიტარული კულტურის უწმინდესი და უმაღლესი საქმისთვის განსაკუთრებულად საშიში და მავნე ურჩხულია.
    ვხედავ, ვხედავ როგორ შეშფოთდით და გინდათ მკითხონ: ვინ არის ეს diletante და რა არის დილეტანტიზმი. მაგრამ მე, ვინც ასე მშვენივრად გავართვი თავი არასერიოზული მკითხველის ცნების განსაზღვრას, `diletante`-ს ცნებას ვეღარ განვსაზღვრავ ისეთივე გულისხმიერებით, როგორც განვსაზღვრე “არასერიოზულობა” – იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არც მე შევდივარ ამეების მცოდნეთა რიცხვში. ვიცი მხოლოდ, რომ რაღაც საძაგლობა და საზიზღრობაა, მოკლედ რომ ვთქვა, ის ჰუმანიტარული კულტურის უწმინდესი და უმაღლესი საქმის მტერია; იმ კულტურის მტერი, რომელსაც ახლა არ შემიძლია მივცე განსაზღვრება და, ისიც საეჭვოა, ოდესმე შევძლო ამის გაკეთება.
    მაშ, შეეცადეთ გაექცეთ ასეთი დილეტანტური ბიბლიოთეკის შედგენის ცდუნებას და მთელი ძალისხმევა კატალოგზე გადაიტანეთ, რათა, შესაძლებლობის ფარგლებში, თქვენი ბიბლიოთეკა იყოს მონოლითური, ერთიანი, საფუძვლიანი, ჭეშმარიტად კლასიკური – შედგენილი ახალი წიგნებითა და იმ ავტორებით, რომელთა ციტირებითაც სირცხვილს არასოდეს ჭამთ.
    ვგონებ, მშვენივრად უწყით, რომ წიგნები იმიტომაც იწერება, მკითხველებმა ამონარიდები აკეთონ და ციტატებით თავი მოიწონონ; რომ ისინი, ვინც მათ წერდა და წერს, დაიბადნენ, რათა მათი სახელები მოხსენიებული იყოს მათივე დაწერილი წიგნებიდან ციტირებული პასაჟების გვერდით. თუ ჩვენ თითქმის არავის ციტირებას ვახდენთ, ე.ი. გვინდა, გარშემომყოფნი ფიქრობდნენ, თითქოსდა ყველაფერი, ჩვენგან თქმული, ჩვენვე მოგვივიდა თავში, ეს კი უხსოვარი დროიდან დაგმობილი მედიდურობის ნიშანია. ამას ჯობია, საერთოდ არავინ იცოდეს, რომ კითხვა შეგვიძლია.
    ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, კატალოგი შეადგინეთ. ბიბლიოთეკა წარმოუდგენელია კატალოგის გარეშე. სწორედ იმ დროიდან, როდესაც დიდმა სწავლულმა დონ ფულხენსიომ გამოიკვლია ეს საკითხი და თავისი კვლევა-ძიების შედეგები გამოაქვეყნა (ამის შესახებ ვრცლად გიამბეთ წიგნში – “სიყვარული და პედაგოგიკა”, მაგრამ ამ წიგნს ნუ მიათვლით თქვენს ბიბლიოთეკას), სწორედ იმ დროიდან უკვე იცით, რომ მეცნიერების მიზანი სულ სხვა რამეა, რაღაცა ისეთი, როგორც სამყაროს კატალოგიზაცია; ეს არის აუცილებლობა და საშუალება იმისა, რომ ღმერთს სამყარო სრულ წესრიგში დაუბრუნდეს.
    სევდიანი სანახავია ადგილობრივი ბიბლიოთეკები ჩვენს ესპანურ ქალაქებში, ოლქებსა და სოფლებში. რომ შეგვეძლოთ ამ სხვადასხვა ჯურის ბიბლიოთეკების გამოკვლევა, ამა თუ იმ წიგნის ეგზემპლიართა რაოდენობის მითითებით გენერალური კატალოგის შექმნა (რაღა თქმა უნდა, a posteriori(1)) და შემდეგ მისი საშუალო არითმეტიკულ რაოდენობად წარმოდგენა (ეს კი მკაფიოდ წარმოჩინდება ამა თუ იმ წიგნის არსებობის ან არარსებობის შეპირისპირებით) შევიქმნიდით სრულ ადეკვატურ წარმოდგენას ჩვენი ინტელექტუალური უკუსვლის შესახებ და თავზარიც დაგვეცემოდა. იმასაც კარგად დავინახავდით, რომ ბიბლიოთეკების უმრავლესობათა შედგენას განაპირობებს ან შემთხვევითობა ან ახირება. შემთხვევითობა – ობიექტური ელემენტია, ახირება – სუბიექტური; ანუ, ერთ ასპექტსაც და მეორესაც აქვს ირაციონალური საწყისი.
    მგონი, ყველაფერი ნათლად ვთქვი.
    ასე ხდება ხოლმე და ეჭვს ნუ შეიტანთ ჩემს სიტყვებში! ხდება იმიტომ, რომ არ იწყებენ კატალოგით, რომელიც კარგი სუფრის მენიუს ჰგავს; რაციონალური მენიუს შედგენას ყოველთვის ექიმ-დიეტოლოგის განსაკუთრებული რეკომენდაცია სჭირდება. არასისტემური კვების დროს დისპეფსიის თითქმის ყველა სახეობა ვითარდება და ორგანიზმის გაცილებით მეტი სერიოზული დარღვევა მიმდინარეობს. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ არსებობს კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, რომელთა დიაგნოზირება ძნელია და მკურნალობასაც სრულიად ექვემდებარება. ამ ყველაფრისგან კი უმალ დავაღწევთ თავს, თუ დაცვენილი საკუთარი კბილების ნაცვლად, ჩავისვამთ ხელოვნურს. და აი, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს, კბილების ჩასმასთან დაკავშირებული მომენტი.
    მინდა ამის შესახებ უფრო დაწვრილებით გესაუბროთ, მაგრამ სხვა დროს იყოს; ამჯერად კი სავსებით საკმარისია იმის ცოდნა, რომ ჩასმული კბილები – უმნიშვნელოვანესი, ზოგ შემთხვევაში კი შეუცვლელი ორგანო ან ინსტრუმენტია ღეჭვა-მონელებისათვის. ზოგიერთ ადამიანს ენანება ფული კბილების ჩასასმელად და ყველაფერს, რასაც პირში იდებს, დაღეჭვის გარეშე ყლაპავს; შემდეგ – ან საერთოდ ვეღარ გადაამუშავებს საჭმელს, ან ინელებს ცუდად და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ორგანიზმს.
    ასე რომ, დაიწყეთ შესადგენი ბიბლიოთეკის კატალოგის გულმოდგინე შესწავლით. შეისწავლეთ აუჩქარებლად და, მხოლოდ ამის შემდეგ კატალოგი მიუტანეთ ჩვენს საერთო მეგობარს – დონ ფულხენსიოს, რომელიც, ვიმედოვნებ, ჩემი მონაყოლის შემდეგ თქვენი მეგობარიც გახდა. ეს სწორედ ის ადამიანი გახლავთ, პირველ კატალოგს რომ გაგიკრიტიკებთ და აუცილებლად დაგიწუნებთ.
    არ არის გამორიცხული, კატალოგის შედგენას გაცილებით დიდი დრო დასჭირდეს, ვიდრე დასაწყისში წარმოგედგინათ; შესაძლოა – ღვთის გულისათვის, ნუ შეგეშინდებათ! – მთელი სიცოცხლეც. სამაგიეროდ, თუ თქვენ სიკვდილის წინ დატოვებთ რიგიან კატალოგს, მერწმუნეთ, ტყუილად არ გიცხოვრიათ. შთამომავლები დაასრულებენ თქვენს შრომას იმიტომ, რომ არც შემიძლია, არც მსურს და არც მინდა დავუშვა, თითქოს ბიბლიოთეკის შედგენა იმ სულმდაბლური და უმაქნისი ეგოისტური მიზნისთვის გინდოდეთ, რომ საკუთარი ბიბლიოთეკის წიგნები გასართობად იკითხოთ. თქვენ ეს არ შეგფერით და, მოდით, ნუ გავახარებთ მაცდუნებელ ეშმაკს.
    ამას წინათ, ერთი ინგლისელის, სახელად Shadworth H.Hodgson-ის წიგნში, რომელიც მეტაფიზიკის პრობლემებს ეძღვნება – ეს წიგნი სულაც არ მიდევს ბიბლიოთეკის თაროზე – წავიკითხე, რომ მეტაფიზიკა, საკუთრივ ამ სიტყვის მნიშვნელობით, არის არა მეცნიერება, არამედ ფილოსოფია; უფრო სწორედ, ეს არის მეცნიერება, რომლის მიზანიც თავად მასშია ჩაკეტილი, მაგრამ ამავდროულად ხელს უწყობს გონების აღზრდა-განვითარებას, რომელიც მას შეისწავლის და მაშინ დავფიქრდი, რომ თუ მისი მიზანი იმ “გონების აღზრდა და წვრთნაა”, რომელიც მას სწავლობს, მაშინ აღარ ყოფილა თავის თავში ჩაკეტილი და ყველაზე მაცდური ეშმაკიც დედამიწაზე – მეტაფიზიკური ეშმაკი ყოფილა.
    იცით, რომ ჩვენი საერთო სწრაფვის საგანი გიგანტური ბიბლიოთეკების, გასაოცარი მუზეუმების, მშვენივრად აღჭურვილი ლაბორატორიების მშენებლობაა. სწორედ იქ უნდა შევინახოთ ჩვენი თეორიები, ჰიპოთეზები და აქსიომები; უნდა გავდოთ მდინარეებზე ხიდები, ამოვაშროთ ჭაობები, განვავითაროთ მეცნიერება, მორალი – თუმცა, ხეირიანად არც ვიცი, რა არის ხელოვნება… და შემდგომ, როცა დედამიწა ათასობით ნამსხვრევად გაიფანტება, გაიყინება ან ერთგვარ ნისლად გარდაიქმნება, ამ ბიბლიოთეკებს, მუზეუმებს, ლაბორატორიებს, თეორიებს, ჰიპოთეზებს, ჩვენს მორალსა და ხელოვნებას ჯილდოდ მივართმევთ უმაღლეს შემოქმედს!
    მაგრამ – კატალოგი უპირველეს ყოვლისა! პროგრამების გარეშე არ არსებობს მეცნიერების კურსი…

    P.S. ბრწყინვალე ტალანტის, მაგრამ ბიბლიოფილობის ნიადაგზე ცოტა შერყეული ადამიანი, რომლის შესახებაც თავში, ჩემს ძალიან მოკლე ესეში გიამბეთ, დონ მარსელინო მენენდეს-და-პელაიოა,(2) ჩემი მასწავლებელი და მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე, კათედრაზე ჩემდამი ნდობით აღჭურვილი პირი; ჩემ მიერ ციტირებული ფრაზის ნახვა (რომელიც სინამდვილეში უფრო სხვაგვარად ჟღერს და მე ციტირებას ვახდენ დაახლოებით ასე: “აბა, კმარა ამ სისულელეების მოყოლა, ის ყოველთვის სისულელედ დარჩება იმის მიუხედავად, რომ ასეთ იშვიათ წიგნში აღმოვაჩინეთ”) შეიძლება თხზულებაში “სიყვარულის ბედნიერება” ათ ნაწილად, შედგენილი ანტონიო დე ლოფრასიო ets-ის მიერ”. CDXCV გვერდზე (უფრო სწორად, 495-ე-ზე – რომაული ციფრებით გვერდების დანომვრა უფრო ეშმაკისეულია, ვიდრე თავად ლოფრასიოს თხზულება), “რომანის წარმოშობის” პირველ ტომში.
    ჩემ მიერ ციტატის არასწორად მოტანა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, როგორ მცირედ მწყალობს ნიჭიერების ღმერთი, რათა ერუდიტის გზით წავიდე. ხოლო P.S.-ით იმიტომ მოგმართეთ, რომ ეს ესე ორი წლის წინ დავწერე, როდესაც ესპანეთს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაცნობიერებული დონ მარსელინოს სიკვდილით გამოწვეული უბედურება და მთელი ამ ხნის განმავლობაში, ძველი ჩვეულების მიხედვით, მაგიდის უჯრაში ვინახავდი, რათა სიბნელეში ღვინოსავით დამდგარიყო.

    (1) გამოცდილების საფუძველზე (ლათ.).
    (2) მარსელინო მენენდეს-და-პელაიო (1856-1912). ესპანელი მეცნიერი, კულტურისა და ლიტერატურის ისტორიკოსი, ავტორი მონუმენტური ნაშრომებისა “ესთეტიკური იდეების ისტორია ესპანეთში”, “რომანის წარმოშობა” (4 ტ.), “შუა საუკუნეების ესპანური პოეზიის ისტორია”.

    თარგმნა ირმა არჩუაშვილმა

    © “წიგნები – 24 საათი”