-
-
ვაჟა ხორნაული
* * *
იის და კაცის თვალებში
თითქოს სამოთხის ნამია,
ჰაერში ანგელოზების
ფრთათა სითბო და ჩქამია,
გული გალობს და მაღლდება
(მისთვის ავდარიც დარია),
ნექტარი მაცოცხლებელი
უფლის პეშვიდან დალია.სიყვარულისთვის გახსნილა
ზესკნელ-ქვესკნელის კარია.ვით ცა და დედამიწა
გოგო და ბიჭი
თითქოს არსაიდან მოსულნი,
თითქოს გაზაფხულის
მწვანე ხელისგულზე ამოზრდილნი
უკვდავების ყვავილებივით.გოგო და ბიჭი.
თვალებში სიყვარულის სიმღერა,
სამყაროს შექმნის დროინდელი,
ზეციერის გულიდან მონაბერი.გოგო და ბიჭი.
სიკვდილის სიხარული
და სიცოცხლის დღესასწაული.ვით ცა და დედამიწა,
უერთმანეთოდ სამყაროს ვერ დაამშვენებენ.
ვით ცა და დედამიწა,
ხარობენ ერთმანეთის სითბო-სინათლეში
გოგო და ბიჭი…არწივი
ცის ტალღებს ააშრიალებს,
იფრენს წინაპრის კვალზედა,
ლამაზ ჩრდილს გადაატარებს
ხან ხმელზე, ხანაც – ზღვაზედა,
არც კლდეზე ჩაეძინება,
არც – ღრუბლის ლეგა ბანზედა,
სიმაღლეებით დაღლილი
ფრთებს დაასვენებს ქარზედა,
სივრცეებს შეეწირება,
ფერფლად ჩამოვა მთაზედა.პაპა და შვილიშვილი
სარეცხის თოკზე ფრთებით დაკიდებულ
ფრინველივით ფართხალებს ხალათი,
გვარიანად გაცვეთილ-გამოხუნებული,
და თითქოს ჩავლილი საუკუნის
ბინდში ამოვლებულ ფოლაქებს
რკინის რიკულებზე გაუდის რაკარუკი
და იქვე ბზრიალებს
პერანგი თეთრი და პატარა,
ნაპერწკალა ყვავილებით აკისკისებული.* * *
გულო, სარკმელო უფლისა,
სამყაროს ხმებით სავსეო,
ასეთი თავდავიწყებით
რამ შეგაყვარა სამზეო?!ვინც სამტროდ ადევნებული
გადაგიდგება გზაზეო,
ვერ გაგიმეტებს… დაგლოცავს,
იებს მოისხამს ხმაზეო.გულო, ზვარაკო უფლისა,
მავალო იმის კვალზეო,
ზოგჯერ ქვესკნელში ღიღინებ,
ზოგჯერ – ზესკნელის ბანზეო.ათი ათასჯერ შეჭრილო
მარადი დარდის ფხაზეო,
სიცოცხლეა თუ სიკვდილი,
რამ შეგაყვარა ასეო?!გულო, ნათლულო უფლისა,
საგალობლებით სავსეო,
შენ რომ არ მყავდე, მალ-მალე
ვინ ამანთებდა ცაზეო?!ერთგულება
განსაცდელის ჟამი თუ დაუდგათ,
ერთმანეთს ისე ჩაეჭიდებიან
და მიენდობიან,
როგორც მიწისძვრისას კედლები.* * *
დარდის ფიალა ბევრჯერ დავცალე,
სიხარულისაც მდენია ცრემლი.
ბედნიერება, როგორც წაწალი,
იყო და თანაც არ იყო ჩემი.ხან მიერთგულეს და ხან გამცვალეს,
ვყოფილვარ მგზავრი განწირულ გემის.
ბედნიერება, როგორც წაწალი,
იყო და თანაც არ იყო ჩემი.ფერმკრთალ ფერდობებს ზეცა ამწვანებს,
იცვლება ფერი ფუძის და ჭერის…
ბედნიერება, როგორც წაწალი,
არის და თანაც არაა ჩემი.* * *
ქვის მსროლელი
ყელამდე ოქროშია,
ოქრომჭედელს
ენატრება ნამცეცი ოქროსი.* * *
დერეფანში ვიღაცა დადის
და ნაბიჯების ხმაზე ეტყობა,
რომ არც მომავალში
დაინდობს დარდი…* * *
სიცოცხლე –
გაბზარულ ხელადაში
ჩასხმული წყალივით.* * *
დარდის ციცაბოებს
სიყვარულის
წრიაპებით დაკიდებული.* * *
ვარსკვლავები ერთად რომ ენთებოდნენ,
ვარსკვლავები ერთად რომ ქრებოდნენ,
ვინღა იფიქრებდა,
რომ სამყარო ღმერთის შექმნილია?!* * *
ერთი სტრიქონია
ცხოვრება მთელი:
“ველოდი. ველი.”© “წიგნები – 24 საათი”
-
ჰენრი მილერი – დიდი თავგადასავალი
-
მაგდა კალანდაძე – მილან კუნდერა, ”სალაღობო ტრფობანი”.
ავტოსტოპით ტრაგედიიდან კომედიამდე
მილან კუნდერა, ”სალაღობო ტრფობანი”. მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი, რედაქტორები ანა ჭაბაშვილი, ლალი ქადაგიძე, თბ. ”დიოგენე”, 2006.
ახალი თარგმანების გამოჩენა წიგნის მაღაზიების თაროებზე ისე მახარებს ხოლმე, რომ მაშინვე მიკერძოებული ვხდები იმ ავტორის მიმართაც, რომელიც თარგმნეს და, მთარგმნელი ხომ, ვინც უნდა იყოს, მთლად გმირად იქცევა ჩემს თვალში. ასე დამემართა, როცა მილან კუნდერას ”სალაღობო ტრფობანის” ქართული გამოცემა პირველად ხელში ჩამივარდა. თუმცა, როგორც იქნა, გადამიარა აღფრთოვანების ტალღამ და რაციონალური შეფასებისთვისაც მოვიცალე. წიგნი კუნდერას შემოქმედების ადრეულ ხანას ეკუთვნის, იგი ჩეხეთში დაიწერა, შემდეგ კი ფრანგულ თარგმანს თავად ავტორმა შეავლო ხელი და თავიდან გამოსცა. მასში შვიდი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მოთხრობაა შესული (”არავინ იცინებს”, ”მარადიული ლტოლვის ოქროს ვაშლი”, ”ავტოსტოპობანა”, ”სიმპოზიუმი”, ”დაე ძველმა მკვდრებმა ადგილი დაუთმონ ახალ მკვდრებს”, ”დოქტორი ჰაველი ოცი წლის შემდეგ”, ”ედუარდი და ღმერთი”), რომელთაც თემატიკა და ამ თემატიკისადმი ავტორის მიმართება აერთიანებთ – სასიყვარულო ურთიერთობები და მათი არასერიოზულობა, ყოველდღიურობა, რომელსაც ერთმანეთის გრძნობებით თამაში ავსებს.
არცაა გასაკვირი, რომ სოციალისტურ საზოგადოებაში პოპლარული გახდა ეს წიგნი – იმ ეპოქოსთვის, როცა ხელოვნებისა და კულტურის ყველა გამოვლინებაში ეგზისტენიალიზმის აჩრდილებს ეძებენ, პირდაპირ მისწრებაა ისეთი ტექსტის დაწერა, სადაც პერსონაჟები ადგილს ვერ პოულობენ, პირად ცხოვრებაში არ უმართლებთ, ნიჰილიზმი ღრღნით… თუმცა, ეს ყველაფერი ავტორმა დასაწყისშივე ”სახალისოდ” მონათლა და მკითხველსაც პირდაპირ მიანიშნა, მაინცდამაინც ნუ გაგიტაცებს პერსონაჟების ბედზე ფიქრი და დარდიო. თითქოს ასევე ნათლავენ თავიანთ ცხოვრებასაც მოთხრობების ტრაგი-კომიკური გმირები. მათი ყოველდღიურობა იმდენად ცარიელი, ერთფეროვანი და მოსაბეზრებელია, რომ ხშირად წარმუმატებლობა და მარცხი ერთგვარ საინტერესო თამაშადაც კი ეჩვენებათ და ეს ახალისებთ. მაგალითად, როდესაც პროფსორის თანაშემწე, ერთ-ერთი წარმატებული და ანგარიშგასაწევი ხელოვნებათმცოდნე, თავისი დაუდევრობისა და ახირებების გამო ყველაფერს კარგავს – სამსახურით დაწყებული საყვარელი ქალით დამთავრებული, მას სულაც არ მიაჩნია თავისი მდგომარეობა მომაკვდინებლად და რეაქციაც შესაბამისია: ”ცოტა დრო კიდევ დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ მთელი ეს ამბავი (მიუხედავად გარშემო ჩამოწოლილი ყინულოვანი სიჩუმისა) ტრაგიკული კი არა, უფრო კომიკური ჟანრისა იყო. და ამან ერთგვარი შვება მომგვარა”. (“არავინ იცინებს”).
ხშირად კუნდერას მოთხრობების პერსონაჟები თავადვე იწყებენ თამაშს, რომლის მონაწილეებიც თვითონ არიან; ხელოვნურად ქმნიან არაბუნებრივ, მათთვის აქამდე უჩვეულო გარემოს და ალბათ ქვეცნობიერად იციან კიდეც, რომ ამ წამოწყებას ფატალური შედეგი მოჰყვება – ცვლილება გარდაუვალი იქნება, და კარგისკენ თუ ცუდისკენ – ეს უკვე აღარ ადარდებთ: ”ყმაწვილკაცი გვერდზე მიწვა. არ უნდოდა ქალის სახის დანახვა. იცოდა, რომ თამაში დასრულდა, მაგრამ არავითარი სურვილი არ ჰქონდა, მათი ჩვეულებრივი ურთიერთობების სამყაროს დაბრუნებოდა” (“ავტოსტოპობანა”), – ეს ერთ-ერთი მოთამაშე წყვილის საძინებელი ოთახია, და იქვე ავტორი გვახსენებს, რომ ამ ოთახში მათ შვებულების კიდევ ცამეტი დღე აქვთ ერთად გასატარებელი. ”სალაღობო ტრფობანის” პერსონაჟებს, მათს ამბებს და თავგადასავლებს, განცდებს თუ ემოციებს ის საერთო ნიშანი გასდევთ, რაც შემდეგ კუნდერას გვიანდელი რომანის სათაურში გახმოვანდა – მოთხრობების გმირებს ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე ტანჯავთ. ამავე დროს, მათი თვითირონიულობა და, ხშირ შემთხვევაში, თვითკმაყოფილებაც კი, მკითხველს აიძულებს, გაეღიმოს ადამიანების წარუმატებლობასა და მარცხზე, გაეცინოს არშემდგარ სასიყვარულო ურთიერთობებზე და იხალისოს მათს თავგადასავლებზე. თუმცა, რამდენად ელის ”სალაღობო ტრფობანის” ქართველ მკითხველს ეს ხალისი და ავტორისგან შეპირებული სილაღე, ამის დანამდვილებით თქმა გამიჭირდება. წიგნის ქართული თარგმანი ცოტა არ იყოს, ხელოვნური სტილიზაციებით გადატვირთული მომეჩვენა. არაერთგან ყურს ჭრის თანამედროვე სალიტერატურო ლექსიკისათვის შეუფერებელი ფრაზეოლოგია და მკვდარი სინტაქსი, რაც საბოლოოდ არათუ ძნელად აღსაქმელს ხდის ტექსტს, ხშირად შინაარსის გამოტანაც შეუძლებელი ხდება. ”მინდოდა, სარმა გამომედო მიზეზობრიობის ამ პრინციპისათვის. თავისუფალი მსაჯულის ერთი ხელის მოსმით ჩამეფუშა სამყაროს დინების წინასწარ განჭვრეტის პირქუში შესაძლებლობა”, – ამ სიტყვებით დოქტორ ჰაველი მთავარ ექიმს უხსნის, როგორ და რატომ გაკუზა ესა თუ ის მახინჯი ქალი (“სიმპოზიუმი”). მსგავსი ამოვარდნა ტერმინოლოგიური აპარატიდან საკმაოდ ხშირია თარგმანში, რაც საბოლოოდ ტექსტის გამტარობის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს და შედეგად იმას ვიღებთ, რომ დამახინჯებული ფორმა მკითხველს შინაარსამდე მისასვლელ გზას უღობავს. მით უმეტეს, მსგავსი შემთხვევებს არა მარტო პერსონაჟების სამეტყველო ენაში ვაწყდებით, არამედ მთხრობელის ტექსტშიც, თუმცა კი ეს უკანასკნელი ყველაზე მეტი სისადავით და უპრეტენზიობით გამოირჩევა: ”სწორედ ამგვარად წარმოუჩინა დირექტორმა ედუარდს აზრთა უწყვეტი მდინარებით ხან საკუთარი გულმოწყალების მომხიბლავი შესაძლებლობები და ხანაც საკუთარივე სიმკაცრის კუშტი შესაძლებლობები”. (“ედუარდი და ღმერთი”). ამ ენობრივი ხარვეზების მიუხედავად, თავად ის ფაქტი, რომ წიგნის თაროებს კიდევ ერთი ახალი ქართული თარგმანი შეემატა, იმდენად სახალისო და სასიხარულოა, რომ ტექსტის მიმართაც ასევე განაწყობს “სალაღობო ტრფობანის” ქართველ მკითხველს.© “ცხელი შოკოლადი”
-
ახალი წიგნები (ოქტომბერი, 2007)
ამელი ნოტომბი
”არც ევა, არც ადამი.”
Amélie Nothomb
”Ni d’Eve ni d’Adam”
244 გვ. Albin Michel.კულტურული შოკი ქვეყნისგან, სადაც ბავშვობა გაქვს გატარებული; ლინგვისტური, გასტრონომიული და ფსიქოლოგიური შეუთავსებლობა ქალაქთან, რომელიც, ფაქტობრივად, შენი მშობლიური ქალაქია… ცოცხალი რვაფეხები – საუზმედ, მხოლოდ იმიტომ, რომ სამეტყველო ღრუ დაკავებული გქონდეს და შენთან ურთიერთობა ვერ შეძლონ ადამიანებმა, რომლებთან ერთადაც ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარე… ამავე დროს კი იყო ქალი, რომელიც უყვართ, რომელსაც უყვარს; გქონდეს თვითირონიის მოჭარბებული დოზა და ხანდახან გულუბრყვილო რომანტიკოსსაც აცოცხლებდე საკუთარ თავში – ეს იმ ემოციებისა და განცდების მხოლოდ მცირე ნაწილია, რაც ბელგიელი მწერალი ქალის ახალი წიგნის წაკითხვისას გელით. როგორც მოსალოდნელი იყო, ამელი ნოტომბთან სამყარო ისევ აღმოსავლეთიდან იწყება – იქიდან, საიდანაც მზე ამოდის.
უილიამ ტრევორი
”თაღლითობა კანასტაში”
William Trevor
”Cheating at Canasta”
232 გვ. Vikingკანასტა ბანქოს ერთგვარი თამაშია. ყველა თამაშს კი, როგორც ვიცით, საკუთარი წესები აქვს. მაგრამ ხშირად ხდება, რომ შენს გაცურებას ცდილობენ, გატყუებენ, ბანქოს თავის ნებაზე აწყობენ და მერე ჩაწყობილი მასტებით გეთამაშებიან – ასეთ დროს უკვე წესები ვეღარ მუშაობს, მწყობრიდან გამოდის. ამ წიგნში ბანქოს გარდა სხვა ბევრ ისეთ ნივთსაც გადააწყდებით, რომლებსაც თავისი დანიშნულება კარგა ხნის წინ აქვთ დაკარგული, სახელები – დავიწყებული და შესაბამისად რაობა-როგორობაც – განუსაზღვრელი. აქ უილიამ ტრევორის ირლანდიაა – თამაშით წესების გარეშე და სავსე – უსარგებლო, მწყობრიდან გამოსული ნივთებით.
არტურ მილერი
”თანაარსებობა”
Arthur Miller
” Presence”
164გვ. Vikingროცა ბავშვობა ოჯახური პრობლემებით, დანაკარგებითა და დეპრესიებით დამუხტულ ატმოსფეროში გაქვს გატარებული, ახალგაზრდობის პერიოდი კი ფაშისტური მმართველობის სისასტიკეს დაემთხვა, უცნაურია, რატომ უნდა გაგიჩნდეს ამ ყველაფრის ნოსტალგია წლების შემდეგ, მაშინ, როცა ბოლოსდაბოლოს შენ გარშემო სიმშვიდე და სტაბილურობაა. უცნაურია, მაგრამ სწორედ წარსულის ამ მოგონებებზეა აგებული არტურ მილერის ბოლო წიგნი, მოთხრობების კრებული, რომელიც 2005 წელს, მისი გარდაცვალების წინა პერიოდში დაიწერა. წიგნში ექვსი მოთხრობაა შესული და ამბების ძირითადი ნაწილი ავტობიოგრაფიულია.
მარტინ მოზებახი
”მთვარე და გოგონა”
Martin Mosebach
“Der Mond und das Mädchen”
192 გვ. Hanserჰანსს ყველაფერი აქვს ბედნიერებისათვის – წარმატებული საბანკო კარიერა, მშვენიერი საცოლე – ინა, და საკმაო მატერიალური შესაძლებლობა, რომ თავისთვის და თვისი რჩეულისათვის ქალაქ ფრანკფურტის ცენტრში მყუდრო ბინა იქირაოს. ახალგაზრდა წყვილი უზრუნველად ცხოვრობს დიდი ქალაქის ხმაურში, სანამ ინა ერთ მშვენიერ დღეს საძინებელ ოთახში მკვდარი მტრედის სხეულს იპოვის და ნიშნობის ბეჭედიც უკვალოდ გაქრება ბინიდან… ახალგაზრდები თითქოს მოჯადოებულ ფიგურებად გადაიქცევიან, და მათ ბედნიერებასაც საკმაოდ რთული გამოცდა ელით წინ… რომანში ავტორისათვის დამახასიათებელი მსუბუქი ენითა და იუმორითაა აღწერილი ევროპის ერთ-ერთი მეგაპოლისის ბინადართა ცხოვრება; თავად ავტორი კი – მარტინ მოზებახი – წლევანდელი ბიუხნერის პრემიის ლაურეატია.
ჯ.მ. კუტზეე
”შიდა სამუშაოები”
J. M. Coetzee.
“Inner Workings”
304 gv. Viking.ნობელიანტი მწერალის, ჯ. მ. კუტზეეს ახალმა წიგნმა მისი რომანების თაყვანისმცემლებს ამჯერად იმედი გაუცრუა – ”შიდა სამუშაოები”, არც მეტი, არც ნაკლები – ესეებისა და კრიტიკული წერილების კრებულია. მიუხედავად იმისა, რომ ფართო აუდიტორია მწერალს, როგორც ესეისტს, ნაკლებად იცნობს, ეს ამპლუა კუტზეესთვის სულაც არ არის უცხო. მისი რეცენზიები და მიმოხილვები წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ” The New York Review of Books”-ში, და წიგნშიც ამ წერილების დიდი ნაწილია შეტანილი. გარდა ამისა, აქ ნახავთ სხვადასხვა ავტორების ბიოგრაფიებსა და ცხოვრებისეული ეპიზოდების საინტერესო დეტალებს. რობერტ მუზილი, ბრუნო შულცი, უილიამ ფოლკნერი, ფილიპ როთი – კლასიკოსის თვალით წაკითხული კლასიკოსები – ლიტერატურის მოყვარულებს არაჩვეულებრივი საშუალება ეძლევათ, მასტერკლასი გაიარონ ნობელიანტ მწერალთან.
ენ რო
”შელი – პოეტი საკუთარი თავის ძიებაში”
Ann Wroe
“Being Shelley: The Poet’s Search for Himself”
464 გვ. Jonathan Capeმას შემდეგ, რაც ჰაიდ-პარკის კონცერტიდან მიკ ჯაგერმა ასიათასობით პეპელა გამოუშვა მისი ლექსის თანხლებით, მან ჩინეთის სტუდენტურ ქალაქში დაიდო ბინა და მისმა სახელმაც ქვეყნის პრეზიდენტის საინაუგურაციო გამოსვლაზე არაერთხელ გაიჟღერა. მეთიუ არნოლდისგან შეჩვენებული კი ერთ-ერთი რადიკალი ჟურნალისტის კალთას შეეფარა – ”ქუჩის მებრძოლი დემონის” სახელით. მასვე ეძღვნება ჯეიმს ბიერის ბოლო ორტომეული, სადაც ”პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური განხეთქილების პოეტად” არის მოხსენიებული. ვერაფერს იტყვი – შელის მეამბოხე სული მეტად უცნაურ ტრაექტორიებს ხაზავს დროსა და სივრცეში. ამ წიგნის გმირიც სწორედ ეს მოუსვენარი ანგელოზია, თუმცა კი მის შესახებ თხრობისას ავტორი ქრონოლოგიას არ იცავს და ძირითადი აქცენტი ამ მოვლენის მისტიურობაზე, გადააქვს.
© “ცხელი შოკოლადი”
-
მიშელ უელბეკი
მიშელ უელბეკი თანამედროვე ფრანგი მწერალია, რომელსაც პროვოკატორის სკანდალური იმიჯით იცნობენ. მკვეთრად ნიჰილისტური აქცენტები, დროდადრო მორალისტური პოზიციიდან საუბარი, მტკივნეული თემებით მანიპულირება – ეს მისი იოლად ამოსაცნობი ხელწერაა. ბესტსელერი “ელემენტარული ნაწილაკები” (1998), რომელმაც მკითხველი საზოგადოება პოლარულად დაპირისპირებულ ნაწილებად გაყო, ერთგვარ საკულტო წიგნად იქცა. ამბობენ, რომ თანამედროვე ფრანგულმა ლიტერატურამ ახალი ხმა, ახალი ტონალობა შეიძინა. უელბეკის სხვა რომანებიც (“ბრძოლის ველის განვრცობა”, “პლატფორმა”, “კუნძულის შესაძლებლობა” etc.), ისევე როგორც მისი ესსები თუ მცირე ზომის პროზაული ტექსტები, მომხმარებელთა საზოგადოებაში ტაბუირებულ თემებს ეხება – მარტოობას, ცხოვრების აბსურდულობას, სექსუალურ აქტივობასთან დაკავშირებულ სირთულეებს, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობების ბნელ მხარეებს, კულტურის თვალშისაცემ კომერციალიზაციას და ასე შემდეგ.
ესეები შესულია კრებულში “გადარჩენა” (Rester Vivant – 2003).ფრანგულიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ
გერმანელი
ასე გადის გერმანელის ცხოვრება. ახალგაზრდობაშიც, მოწიფულობაშიც გერმანელი მუშაობს (ძირითადად გერმანიაში). ხანდახან უმუშევარია, მაგრამ უფრო იშვიათად, ვიდრე ფრანგი. წლებს წლები მიყვება და აი, გერმანელი საპენსიო ასაკს აღწევს; ახლა უკვე საცხოვრებელი ადგილის შერჩევაც შეუძლია. რა ქნას – შვაბურ ფერმაში დასახლდეს? მიუნხენის რომელიმე გარეუბანში იყიდოს სახლი? ზოგჯერ ასეც ხდება, მაგრამ უფრო და უფრო იშვიათად. სიღრმისეულ ცვლილებებს განიცდის ორმოცდათხუთმეტ-სამოც წელს მიღწეული გერმანელი. როგორც ზამთრისპირს ყარყატი, ძველი დროის ჰიპი ან “Goa trance”-ის მიმდევარი ისრაელელი, სამოცი წლის გერმანელი სამხრეთისკენ მიემგზავრება. მას ესპანეთშიც აღმოვაჩენთ, ხშირად კარტახენასა და ვალენსიას შორის გადაჭიმულ სანაპიროზე. ზოგიერთი მათგანი – ძირითადად საზოგადოების შეძლებული და უფრო კულტურული ფენიდან – კანარის კუნძულებსა და მადეირაზეც კი შენიშნეს.
ასეთი ღრმა, საბოლოო, ეგზისტენციალური ცვლილება გარშემომყოფებს სულაც არ აკვირვებს. უცხოეთში მრავალჯერ გატარებულმა შვებულებამ კარგი ნიადაგი შეამზადა, ბინის ყიდვის შემდეგ კი სამხრეთში წასვლა თითქმის გარდაუვალი გახდა. ასე ცხოვრობს გერმანელი, ამგვარად ატარებს დარჩენილ წლებსა და თვეებს. ეს ფენომენი პირველად 1992 წლის ნოემბერში აღმოვაჩინე. ალიკანტეს ჩრდილოეთით მივდიოდი და უცებ მანქანის შეჩერების იდეა მომივიდა ერთ პატარა ქალაქში, რომელიც იოლად შეიძლებოდა სოფლად ჩაგეთვალათ. ზღვა იქვე იყო, ორ ნაბიჯში. ამ სოფელს სახელი არ ერქვა, ალბათ იქაურებს მოფიქრების დრო არ ჰქონდათ – ჩანდა, რომ ყველა სახლი 80-იან წლებში აეშენებინათ. დაახლოებით ხუთი საათი იქნებოდა. ცარიელ ქუჩებში მივაბიჯებდი. ერთმა უცნაურმა მოვლენამ თავიდანვე მიიქცია ჩემი ყურადღება: მაღაზიებისა და კაფეების აბრები, რესტორნების მენიუები, ყველაფერი გერმანულ ენაზე იყო დაწერილი. ცოტა საჭმელი ვიყიდე, მერე შევამჩნიე, რომ იქაურობა გამოცოცხლებას იწყებდა. უფრო და უფრო მეტი ხალხი მოდიოდა ქუჩებში, მოედნებზე, ზღვის სანაპიროზე. როგორც ჩანს, ქალაქს მომხმარებელთა მძლავრი ჟინი აცოცხლებდა. დიასახლისები სახლებიდან გამოდიოდნენ. ულვაშიანი ტიპები ერთმანეთს თბილად ესალმებოდნენ და მორიგი წვეულების დეტალებს ათანხმებდნენ. ამ მოსახლეობის ჰომოგენურობამ, რაც თავიდანვე თვალშისაცემი იყო, თანდათან შემაშფოთებლად უცნაური სახე მიიღო. დაახლოებით შვიდი საათისთვის ყველაფერს ნათელი მოეფინა: ქ ა ლ ა ქ ი მ თ ლ ი ა ნ ა დ გ ე რ მ ა ნ ე ლ ი პ ე ნ ს ი ო ნ ე რ ე ბ ი თ ი ყ ო დ ა ს ა ხ ლ ე ბ უ ლ ი.
სტრუქტურის მიხედვით გერმანელის ცხოვრება ემიგრაციაში მყოფი მუშის ცხოვრებას მოგვაგონებს. ვთქვათ, არსებობს ქვეყანა A და ქვეყანა B. ქვეყანა A არის ის, სადაც მუშაობ და რომელშიც ყველაფერი ფუნქციურ დატვირთვას ატარებს, მომაბეზრებელი და წინასწარ განსაზღვრულია. რაც შეეხება ქვეყანა B-ს, იქ გასართობად მიდიან, შვებულებებს, სიბერის წლებს ატარებენ. იქიდან წასვლა ყოველთვის უჭირთ, ერთი სული აქვთ, უკან როდის დაბრუნდებიან. მხოლოდ ამ ქვეყანაშია შესაძლებელი ნამდვილი მეგობრობა, ღრმა ურთიერთობები. სწორედ ქვეყანა B-ში გადაწყვეტენ ხოლმე იმ სახლის შეძენას, რომელსაც მოგვიანებით შვილებს უანდერძებენ. როგორც წესი, ქვეყანა B სამხრეთით მდებარეობს.
შესაძლებელია თუ არა ამ ყველაფრიდან დავასკვნათ, რომ გერმანია მსოფლიოს ისეთი ნაწილია, სადაც გერმანელს ცხოვრება აღარ უნდა და რომელსაც მთელი არსებით გაურბის? ასეთი დასკვნის გამოტანაც შეგვეძლო. როგორც ვხედავთ, მშობლიური ქვეყნის შესახებ მისი აზრი ემიგრანტი თურქის მოსაზრებას ემთხვევა. ვერც არსებით განსხვავებებს ვხედავთ, თუმცა, რამდენიმე უმნიშვნელო სხვაობა მაინც შეინიშნება.
როგორც წესი, გერმანელი დაოჯახებულია, ერთი ან ორი შვილი მაინც ჰყავს. მშობლების მსგავსად, შვილებიც მუშაობენ. აი, ხელსაყრელი შემთხვევაც ჩვენი პენსიონერისთვის, რომელიც სეზონურ მიკრო-მიგრაციას ახორციელებს – ძირითადად, დღესასწაულების პერიოდში, შობასა და ახალ წელს შორის. (ყურადღება – ქვემოთ აღწერილი მოვლენა არ შეინიშნება ემიგრანტ მუშებში, ამ სიტყვის ვიწრო მნიშვნელობით. დეტალები ბერტრანმა, ლუდის ბარ “ლა მედიტერანე”-ს ოფიციანტმა გამიმხილა ნარბონში).
გრძელი გზაა კარტახენადან ვუპერტალამდე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველაზე თანამედროვე მანქანით მიდიხარ. როგორც კი მოსაღამოვდება, გერმანელი შეჩერებისა და შესვენების აუცილებლობას იგრძნობს. ლანგედოკ-რუსიონის რეგიონის კომფორტული სასტუმროები ფართო არჩევანს სთავაზობენ. ამ ეტაპზე ყველაზე რთული დაბრკოლება გადალახულია – რაც არ უნდა ვთქვათ, ფრანგული ავტო-საგზაო ქსელი გაცილებით ჯობია ესპანურ ქსელს. ვახშმის შემდეგ (ხამანწკები, კალმარი პროვანსულად, სეზონზე – ბუიაბესის ორი პატარა პორცია) გერმანელი მოდუნდება, მოეშვება და გულახდილი საუბრის ხასიათზე დგება. ლაპარაკობს საკუთარ ქალიშვილზე, რომელიც დიუსელდორფის სამხატვრო გალერეაში მუშაობს, პროგრამისტ სიძეზე, ამ წყვილის პრობლემებსა და შესაძლო გამოსავალზე. ყველაფერს ყვება.
“Wer reitet so spat durch Nacht und Wind?
Es ist der Vater mit seinem Kind”.(“ვინ აპობს ცხენით ღამეს ქარიანს?
M მამა და შვილი ერთად არიან”)*რასაც გერმანელი ამბობს ამ დროს და ამ ადგილას, არც ისეთი მნიშვნელოვანია. ის ხომ მესამე ქვეყანაშია, შეუძლია გასაქანი მისცეს თავის ღრმააზროვან ფიქრებს და მას ნამდვილად აქვს ღრმააზროვანი ფიქრები.
მოგვიანებით გერმანელი იძინებს. ამაზე კარგს ნამდვილად ვერაფერს გააკეთებდა.
ეს იყო ჩვენი რუბრიკა: “ფრანკის და მარკის პარიტეტი. გერმანული ეკონომიკური მოდელი”. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.
* დარეჯან სუმბაძის თარგმანი
გამოცდა, რომელსაც უნდა გაუძლო
შაბათს, ნაშუადღევს, სადებიუტო რომანის ფესტივალზე, შამბერიში, წიგნების გამოფენა-გაყიდვასთან დაკავშირებით, გაიმართა დებატები თემაზე: “იქცა თუ არა სადებიუტო რომანი კომერციულ პროდუქტად?” დისკუსიისთვის საათნახევარი იყო გამოყოფილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ბერნარ სიმეონმა მაშინვე სწორი პასუხი გასცა: “დიახ”. ამის მიზეზიც ნათლად განმარტა: ლიტერატურაში, როგორც საერთოდ ყველაფერში, პუბლიკას უცნობი სახეები სჭირდება (მგონი, უფრო უხეში გამოთქმაც კი იხმარა: ახალი ხორცი). მან მოიბოდიშა კიდეც იმის გამო, რომ შესაძლოა, სიტუაციის შეფასებისას ცდებოდა, რადგან ცხოვრების ნახევარი ამ კაცმა იტალიაში გაატარა, ანუ იმ ქვეყანაში, რომელიც, მისი აზრით, ბევრ სფეროში ყველაზე უარესი ტენდენციების ავანგარდში იმყოფება. ამის შემდეგ დებატები უფრო ზოგად და ბუნდოვან თემაზე გაგრძელდა – ლიტერატურული კრიტიკის როლზე.
როგორც წესი, ვნებათღელვა აგვისტოს ბოლოს იწყება, ამ ტიპის საგაზეთო სათაურებით: “ახალი რომანისტი გამოჩნდა” (იქვე კი ხელოვნების თაღის ქვეშ ან მეტროსადგურ “მეზონ-ალფორის” დეპოში გადაღებული ჯგუფური სურათია მოთავსებული) და მთავრდება ნოემბერში, ლიტერატურული პრემიების გადაცემისას. მერე ბოჟოლეს ფესტივალი იმართება, რასაც საშობაო ლუდის ზეიმი მოჰყვება – ეს ყველაფერი გეხმარება, რომ ახალ წელს მშვიდად დაელოდო. ცხოვრება არც ისე რთულია – უბრალოდ, გამოცდაა, რომელსაც უნდა გაუძლო. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ კომერცია უთუოდ დიდ პატივს მიაგებს ლიტერატურას, რადგან დაჯილდოებით გამოწვეული სიხარული წლის ყველაზე მძიმე პერიოდს ემთხვევა, ორშაბათ დღეს ან ბნელ გვირაბში შესვლას რომ მოგვაგონებს. ჩოგბურთის ტურნირი “როლან გაროსი” კი, პირიქით, ძირითადად, ივნისში იმართება. ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც არ მინდა გავაკრიტიკო ჩემი კოლეგები, რომლებიც ყველაფერზე მიდიან და არასდროს იციან, მათგან კონკრეტულად რას ითხოვენ. პირადად, მე ძალიან გამიმართლა. ჰო, ერთი პატარა გაუგებრობაც მოხდა, ჟურნალ “კაპიტალთან” დაკავშირებით, რომელსაც ბიზნეს-ჯგუფი “განცი” გამოსცემს (თავიდან, იმავე სახელის მქონე ტელეგადაცემაში ამერია, M-6-ზე რომ გადის). ჟურნალისტი გოგო კამერის გარეშე მოვიდა, რასაც, წესით, უნდა დავეეჭვებინე, მაგრამ მაინც გამიკვირდა, როცა აღიარა, რომ ერთი წინადადებაც კი არ ჰქონდა წაკითხული ჩემი რომანიდან. მეც ვერაფერს მივხვდი მანამდე, სანამ ჟურნალში ამ სტატიას არ გადავაწყდი: “დღისით – ინსტრუქტორი, ღამით – მწერალი: ძნელია, პრუსტსა და სულიტცერს გაუთანაბრდე” (ჩემი სიტყვებისგან საერთოდ არაფერი იყო დარჩენილი). სინამდვილეში, ჟურნალისტ გოგოს სურდა, არაჩვეულებრივი თავგადასავალი მოესმინა. ჰოდა, წინასწარ რომ გავეფრთხილებინე, რაღაცას მოვიფიქრებდი – ზღაპარს მაინც მოვიგონებდი, სადაც მორის ნადოს უკმეხი ბებერი ჯადოქრის როლში გამოვიყვანდი, ვალერი ტაიფერს კი ზანზალაკებიან კეთილ ფერიად ვაქცევდი. “წადი, შვილო, ნადო ინახულე. ის არის ჩვენი თილისმა, ჩვენი მეხსიერება, უწმინდესი ტრადიციების მცველი”. ან “როკის” ინტელექტუალურ ვერსიას შევთავაზებდი: “პროგრამებით შეიარაღებული, დღისით ის კომპიუტერულ პრობლემებს ებრძვის, ხოლო ღამ-ღამობით, ზის და ფრაზებს დაუნდობლად აშალაშინებს ტექსტური რედაქტორით. მისი წარმატების საიდუმლო – მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა”. ამის ნაცვლად, ისე გულახდილად ვისაუბრე, ბრიყვულად გულწრფელად და ცოტა აგრესიულადაც კი, მაგრამ სასწაულს არ უნდა ელოდე იმ ადამიანისგან, რომლისთვისაც წინასწარ არ აგიხსნია ყველაფერი. რასაკვირველია, უნდა მეყიდა ეს ჟურნალი, მაგრამ ვერ მოვასწარი (აქვე შევნიშნავ, რომ “კაპიტალს” ძირითადად უმუშევრები კითხულობენ, რაშიც სასაცილოს ვერაფერს ვხედავ).
მეორე უსიამოვნო გაუგებრობა მოგვიანებით მოხდა, გრენობლის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში. მოლოდინის საპირისპიროდ, ლიტერატურის პროპაგანდა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც დროდადრო ასეთ ფრაზებს წამოისროდნენ ხოლმე: “ეი, ძმაო, მაგრად მომხვდა გულზე, ხო იცი… რაღაც იმედიც გამიჩნდა…” მაგიდებთან მიმსხდარი მწერლები გამოშტერდნენ. არა, პრინციპში, არცერთი მათგანი არ იყო წინააღმდეგი, თითქოს ისიც ახსოვდათ, რომ, მართლაც, უხსოვარი დროიდან მოყოლებული მწერლის ერთ-ერთი მისია… მაგრამ რა უნდა ეთქვათ ასე, ზეპირად, ორ წუთში? “ბრუელი ვერ დაინახა”, – ჩაიბურდღუნა ვიღაცამ, ვის სახელსაც ვეღარ ვიხსენებ. როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდებმა მაინც წაიკითხეს ჩემი რომანი.
საბედნიეროდ, ბოლო სიტყვები, რომლებმაც ყველაფერს ნათელი მოჰფინა და საკუთარი ადგილი მიუჩინა, ჟაკ შარმეტცმა წარმოთქვა, შამბერის ფესტივალის დამაარსებელმა (იმ შორეულ დროს, როცა სადებიუტო რომანი ზოგადი იდეების თავმოყრაზე მეტს ნიშნავდა): “აქ ესენი ამისთვის არ მოსულან. თუ გინდათ, სიმართლის თქმა მოსთხოვეთ – პირდაპირ ან ალეგორიულად. მოსთხოვეთ, ჭრილობები გაიხსნან და თუ შეძლებენ, ზედ მარილიც მოიყარონ”. ამ ციტატის მოყვანისას მეხსიერებას ვენდე, მაგრამ, ასეა თუ ისე – მაინც მადლობა!
დღესასწაული
დღესასწაულის მიზანია, დაგვავიწყოს, რომ საცოდავი მარტოსულები ვართ და ერთ დღეს მოვკვდებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას სურს ცხოველებად გვაქციოს. აი, ამიტომ აქვს პრიმიტივს საკმაოდ კარგად განვითარებული დღესასწაულის განცდა. ჰალუცინოგენური ბალახების მოზრდილი დოზა, სამი დოლი და ფარსიც შედგა: ეს მას მშვენივრად ართობს. ამის საპირისპიროდ, საშუალო ევროპელი მხოლოდ გაუთავებელი ღამეული დროსტარების მიწურულს თუ აღწევს სუსტ ექსტაზს, მერე კი გამოყრუებული და დაბოლილი მობარბაცებს: მას საერთოდ არა აქვს დღესასწაულის განცდა. საკუთარი მდგომარეობის ბოლომდე გაცნობიერებით, ის რადიკალურად უცხო რჩება სხვებისთვის და სიკვდილის იდეით თავზარდაცემულს არ შეუძლია, დანარჩენებში როგორმე გაერიოს. მიუხედავად ამისა, მაინც ჯიუტობს. ცხოველური სახის დაკარგვა სევდას ჰგვრის, რცხვენია და სწყინს. მასაც უნდა, რომ მოზეიმე იყოს, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ჰგავდეს მაინც ასეთ ტიპს. ის აუტანელ სიტუაციაშია.
რა მინდა ამ იდიოტებთან?
“თუ ორი თქვენგანი ჩემი სახელით შეიკრიბება, მეც მათ შორის ვიქნები” (მათე, 17, 13). პრობლემაც ეს არის: რისი სახელით ვიკრიბებით? რა არის ის, რაც, სინამდვილეში, ჩვენს შეკრებას გაამართლებს?
გასართობად შეკრებილები. ეს ყველაზე ცუდი ჰიპოთეზაა. ამ გარემოში (ღამის კლუბები, დისკოთეკები, სხვადასხვა სახის ფართი) აშკარად არაფერია თავშესაქცევი, გამოსავალიც მხოლოდ ერთია: ვინმე უნდა შეაბა. ამდენად, დღესასწაულის კანონიდან იმიტომ გამოვდივართ, რომ დაუნდობელ ნარცისულ შეჯიბრში თავით გადავეშვათ, სექსუალური აქტის უფლებით ან მის გარეშე (ითვლება, რომ, კლასიკურ შემთხვევაში, კაცს სხვის სხეულში შეღწევა სასურველი ნარცისული კმაყოფილების მოსაპოვებლად სჭირდება. ამ დროს ის დაახლოებით იმავეს გრძნობს, რასაც ინგლისური ბილიარდის უფასო პარტიის თამაშისას. ქალები კი, ხშირ შემთხვევაში, იმ რწმენითაც კმაყოფილდებიან, რომ სხვებს მათში შეღწევა სურთ). თუ ამ ტიპის თამაშები გძულთ, ან გრძნობთ, სასურველ სიმაღლეს მაინც ვერ მიაღწევთ, ერთი გამოსავალია: რაც შეიძლება, სწრაფად გაეცალოთ იქაურობას.
ბრძოლისთვის შეკრებილები (სტუდენტური მანიფესტაციები, ეკოლოგისტთა თავყრილობები, თოქ-შოუები გარეუბნების თემაზე). ა პრიორი, შესანიშნავი იდეაა: მართლაც, საერთო საქმით დაკავშირებამ იოლად შეიძლება გამოიწვიოს ერთიანობის ეფექტი, ჯგუფის კუთვნილების განცდა, ნამდვილი კოლექტიური თრობაც კი. სამწუხაროდ, ბრბოს ფსიქოლოგიას უცვლელი კანონები აქვს: ყოველთვის ყველაზე იდიოტი და ყველაზე აგრესიული ტიპები იწყებენ მბრძანებლობას. ჰოდა, ერთ დღესაც ხმაურიან, მყვირალა ბანდის შუაგულში აღმოჩნდებით, რაც თავისთავად საშიშია. გამოსავალი იგივეა, რაც ღამის კლუბში: მანამდე უნდა წახვიდეთ, სანამ ყბაში მოგდებენ, ან ვინმე უნდა შეაბათ (აქ უფრო ხელსაყრელ გარემოებებში: საერთო შეხედულებების არსებობამ, პროტესტის მიმდინარეობით გამოწვეულმა სხვადასხვა განცდებმა ნარცისული ფარის ოდნავ შემოკლება შეძლეს).
სექსისთვის შეკრებილები (სპეციალური ბარები, კერძოდ მოწყობილი ორგიები, New Age-ის ზოგიერთი ჯგუფი). ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ყველაზე ძველი საშუალებაა, გააერთიანო ადამიანები იმით, რაც მათ მართლაც საერთო აქვთ. სექსუალური კავშირები მყარდება, მაგრამ ამ აქტებს ყოველთვის არ ახლავს სიამოვნება. ეს ასეა. ჰო, სულ ეს არის, რაც არის.
ზეიმისთვის შეკრებილები (წირვა, წმინდა ადგილების მონახულება). რელიგია სრულიად ორიგინალურ გამოსავალს გვთავაზობს: გაბედულად უარვყოთ განშორება, სიკვდილი და ვამტკიცოთ, რომ, არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენ ღვთაებრივ სიყვარულში ვცურავთ, მარადიული ნეტარებისკენ მივემართებით. ამგვარად, რელიგიური ცერემონია, რწმენით აღსავსე მონაწილეებით, შემდგარი დღესასწაულის უნიკალური მაგალითი იქნებოდა. რა თქმა უნდა, შეიძლება, ზოგიერთ აგნოსტიკოს მონაწილეს, ცერემონიის მიმდინარეობისას, ერთგვარი რწმენა ჩაესახოს გულში, მაგრამ ამის შემდეგ მიწაზე მტკივნეული დაშვების რისკიც იზრდება (თითქმის ისევე, როგორც სექსის დროს, თუმცა უფრო უარესად). გამოსავალი: მადლცხებული უნდა იყო.
წმინდა ადგილების მონახულება იმ უპირატესობებს აერთიანებს, რაც სტუდენტურ მანიფესტაციასა და “ნუველ ფრონტიერის” ტურისტულ მოგზაურობას აქვთ. ეს ყველაფერი, დაღლილობის ფონზე გამძაფრებული სულიერი აღმაფრენის ატმოსფეროში, ასევე იდეალურ პირობებს ქმნის შებმისთვის, რაც უკვე თითქმის სავალდებულო ხდება, ხანდახან – გულწრფელად სასურველიც კი. წმინდა ადგილების მონახულების დასასრულთან დაკავშირებული ოპტიმისტური ჰიპოთეზა: ქორწინება + ჭეშმარიტ რჯულზე მოქცევა. ამის საპირისპიროდ, მიწაზე დაშვება, შეიძლება, მართლაც საშიში იყოს. თავი დაიზღვიეთ და ამ მოგზაურობას UCPA-s “სათხილამურო სპორტის” ტური ისე გადააბით, რომ ჯავშნის გაუქმების დრო დაგრჩეთ (გაუქმების პირობები წინასწარ გაარკვიეთ).
დღესასწაული ცრემლების გარეშე
სინამდვილეში, როგორც კი გართობას გადაწყვეტთ, დარწმუნებული იყავით, რომ მოწყენილობისგან მოკვდებით. იდეალური იქნება, თუ საერთოდ უარს იტყვით დღესასწაულებზე. სამწუხაროდ, მოზეიმე იმდენად დაფასებული ტიპია, რომ ეს უარყოფა სოციალური იმიჯის მკვეთრ დეგრადაციას იწვევს. მომდევნო რამდენიმე რჩევა ყველაზე უარესის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ (ბოლომდე მარტო დარჩენა, სასოწარკვეთაში თანდათანობით გარდამავალი მოწყენილობის მდგომარეობაში, იმ მცდარი შთაბეჭდილების თანხლებით, თითქოს სხვები მშვენივრად ერთობიან).
* თავიდანვე გააცნობიერეთ, რომ დღესასწაული აუცილებლად ჩაიშლება. გაიხსენეთ წინა წარუმატებლობის მაგალითები. არა, აქ ცინიკური და სკეპტიკური დამოკიდებულების არჩევა არ იგულისხმება. პირიქით, საერთო კატასტროფას მორჩილებითა და ღიმილით თუ შეხვდებით, წარმატებასაც მიაღწევთ: ჩაშლილ დღესასწაულს ბანალურობის სასიამოვნო წუთებად აქცევთ.
* ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ შინ დაბრუნება მარტოს მოგიწევთ, ტაქსით.
* დღესასწაულის წინ: დალიეთ. ალკოჰოლის ზომიერი დოზის მიღება დადებითად მოქმედებს კომუნიკაბელურობასა და ოპტიმისტური განწყობის შექმნაზე. ამ მხრივ, მას ვერაფერი უწევს კონკურენციას.
* დღესასწაულის დროს: დალიეთ, მაგრამ დოზები შეამცირეთ (ალკოჰოლური კოქტეილი + ეროტიკული ატმოსფერო მალევე იწვევს ძალადობას, მკვლელობას ან თვითმკვლელობას). უფრო გონივრული იქნება, თუ ხელსაყრელ დროს 1/2 ტაბლეტ “ლექსომილს” მიიღებთ. ალკოჰოლი ტრანკვილიზატორების ეფექტს აძლიერებს, ნახავთ, რა მალე მოგერევათ თვლემა: ეს სწორედ ტაქსის გამოძახების დროა. საუკეთესო დღესასწაული ხანმოკლე დღესასწაულია.
* დღესასწაულის შემდეგ: დარეკეთ და მადლობა გადაიხადეთ. მომდევნო დღესასწაულს მშვიდად დაელოდეთ (დაიცავით ერთთვიანი ინტერვალი, რისი შემცირებაც, შვებულების დროს, ერთ კვირამდე შეგიძლიათ).
და ბოლოს, მანუგეშებელი პერსპექტივა: ასაკი დაგეხმარებათ, წლების მატებასთან ერთად, დღესასწაულთან დაკავშირებული ვალდებულება მცირდება, მარტოობისკენ მიდრეკილება კი იზრდება. ნამდვილი ცხოვრება იმარჯვებს.
ჟაკ პრევერი იდიოტია
ჟაკ პრევერი ის არის, ვის ლექსებსაც სკოლაში ასწავლიან. ამ ლექსებიდან ვიგებთ, რომ მას უყვარდა ყვავილები, ჩიტები, პარიზის ძველი უბნები და ა.შ. ეჩვენებოდა, თითქოს სიყვარული მხოლოდ თავისუფლების ატმოსფეროში იფურჩქნება და, თუ განვაზოგადებთ, ის უპირატესად თავისუფლების მომხრე იყო. კეპი ეხურა და “გოლუაზს” ეწეოდა, რის გამოც, ზოგჯერ, ჟან გაბენშიც კი ერევათ ხოლმე. სხვათაშორის, სწორედ მან დაწერა სცენარები ფილმებისა: “ნისლების სანაპირო”, “ღამის კარიბჭე” და სხვა. მასვე ეკუთვნის “ქანდარის შვილების” სცენარიც, რომელსაც შედევრად მიიჩნევენ. ეს ყველაფერი კი საკმარის საფუძველს გვაძლევს იმისთვის, რომ ჟაკ პრევერი გვეზიზღებოდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ იმავე პერიოდში დაწერილ ანტონენ არტოს სცენარებს წავიკითხავთ, რომლების მიხედვით ფილმები არასდროს გადაუღიათ. იმ სამწუხარო ფაქტის კონსტატაციაც გვიწევს, რომ საზიზღარი “პოეტური რეალიზმი”, რომლის მამამთავარიც პრევერი იყო, დღესაც მძვინვარებს და იმასაც კი ფიქრობენ, თითქოს კომპლიმენტი იყოს ლეო კარაქსისთვის, მის სახელს ამ მიმდინარეობას თუ დაუკავშირებენ (ამავე ლოგიკით, ერიკ რომერი, უდავოდ, ახალი საშა გიტრი იქნება და ა.შ.) ფილმების გახმოვანების დაწყების შემდეგ ფრანგული კინო წელში ვეღარ გაიმართა და ამ ამბავს, საბოლოოდ, გადაჰყვება კიდეც, რაც ნამდვილად არ იქნება ცუდი.
ომის შემდეგ, თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში, ჟან-პოლ სარტრსა და ჟაკ პრევერს უზარმაზარი წარმატება ხვდათ წილად. გამაოგნებელია, როგორი ოპტიმიზმი ჰქონდა მთელს იმ თაობას. დღეს მეტ-ნაკლებად გავლენიანი მოაზროვნე, ალბათ, ჩორანი იქნებოდა, მაშინ კი ვიანს და ბრასანსს უსმენდნენ… შეყვარებულები, ბაღის გრძელ სკამებზე რომ კოცნაობდნენ, “ბეიბი-ბუმი”, იაფფასიანი საცხოვრებელი კორპუსების მასიური მშენებლობა, ამ ხალხის დასაბინავებლად. წარმოუდგენლად დიდი ოპტიმიზმი, მომავლის რწმენა და ცოტა იდიოტიზმიც. ნათელია, რომ დღეს ბევრად უფრო ჭკვიანები ვართ.
ინტელექტუალების წრეში პრევერს დიდად არ აფასებდნენ. და მაინც, მისი ლექსები გადავსებულია იმ სულელური სიტყვების თამაშით, რაც ბობი ლაპუენტის სიმღერებში ასე ძალიან მოგვწონს. ისიც ცხადია, რომ სიმღერა მეორეხარისხოვან ჟანრად ითვლება, დასვენება კი, ხანდახან, ინტელექტუალსაც უნდა. მიუხედავად ამისა, ის სრულიად დაუნდობელი ხდება დაწერილ ტექსტთან – ლუკმა-პურის მოსაპოვებელ მთავარ წყაროსთან მიმართებაში. პრევერთან “ტექსტზე მუშაობა” ჩანასახოვან მდგომარეობაშია: ნათლად და გამჭვირვალედ წერს, ბუნებრივად, ხანდახან – დიდი გრძნობითაც. მას არც წერის პროცესი აინტერესებს, არც – წერის შეუძლებლობა. მისი შთაგონების უშრეტი წყარო თავად ცხოვრებაა. ჰოდა, თავსაც არავინ იწუხებს პრევერის შემოქმედებაზე სამაგისტრო დისერტაციების მომზადებით. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს, ის “პლეადაში” მოიაზრება, რაც მეორე სიკვდილს უდრის. ჩვენს წინაშე მისი შემოქმედებაა – დასრულებული სახით, გაყინული, გაშეშებული. ხელსაყრელი შემთხვევა გვეძლევა ამ კითხვის დასასმელად: რატომ არის ჟაკ პრევერის პოეზია ისეთი მდარე, რომ, ზოგჯერ, კითხვის დროს სირცხვილის განცდაც კი გვიჩნდება? კლასიკური ახსნა (იმიტომ რომ მის ლექსებს “სიმკვეთრე და სიზუსტე აკლია”) თავიდან ბოლომდე მცდარია. სინამდვილეში, სიტყვების თამაშით, მსუბუქი რიტმითა და გამჭვირვალობით პრევერი სრულყოფილად გადმოგვცემს სამყაროს მისეულ კონცეფციას. ფორმა შინაარსს შეესაბამება და ეს მაქსიმუმია, რაც ფორმას შეიძლება მოვთხოვოთ. საერთოდაც, როცა პოეტი ამ დონემდეა ჩაფლული ცხოვრებაში, ანუ თავისი ეპოქის რეალურ ცხოვრებაში, წმინდა სტილისტური კრიტერიუმების მიხედვით მისი განსჯა შეურაცხმყოფელიც კი უნდა იყოს. რადგან პრევერი წერს, მას სათქმელიც აქვს, რაც მხოლოდ ღირსებას მატებს. სამწუხაროდ, ის, რისი თქმაც სურს, უნაპირო სისულელეა, ხანდახან – გულისამრევი სისულელეც. ლამაზი, შიშველი გოგოები და ღორივით დაკლული ბურჟუები, სისხლისგან რომ იცლებიან, მომხიბლავად ამორალური ბავშვები, მამაკაცური და მაცდური არამზადები, ლამაზი, შიშველი გოგოები, რომლებიც ამ არამზადებს უწვებიან, ქონმოდებული, ბებერი და იმპოტენტი ბურჟუები, საპატიო ლეგიონის ორდენი მკერდს რომ უმშვენებთ და მათი ფრიგიდული ცოლები, მღვდლები – ამაზრზენი ბებერი მატლები, რომლებმაც ცოდვა იმისთვის გამოიგონეს, ცხოვრება რომ გაგვიმწარონ. ეს ყველაფერი ცნობილია, ამას ბოდლერი გვირჩევნია. ან, თუნდაც, კარლ მარქსი, რომელსაც, სულ ცოტა, სამიზნის სწორად შერჩევა მაინც შეეძლო, როცა წერდა: “ბურჟუაზიის ტრიუმფმა ეგოისტური ანგარიშის ყინულოვან წყლებში ჩაახრჩო რელიგიური ექსტაზის წმინდა თრთოლვა, რაინდული ენთუზიაზმი და ორგროშიანი სენტიმენტალურობა”.* ინტელექტის დახმარებით, კარგ ლექსებს ვერავინ დაწერს, მიუხედავად ამისა, ინტელექტს შეუძლია, ცუდი არ დაგაწერინოს. ჟაკ პრევერი თუ ცუდი პოეტია, პირველ რიგში, სწორედ იმიტომ, რომ სამყაროს მისეული ხედვა სწორხაზოვანი, ზედაპირული და მცდარია. იმ ეპოქაშივე მცდარი იყო, დღეს კი მისი არარაობა სრულიად ნათელია – იმდენად, რომ პრევერის მთელი შემოქმედება ერთი ვებერთელა კლიშეს უსასრულო სახეცვლილებას მოგვაგონებს. ფილოსოფიურ და პოლიტიკურ პლანში, ის, პირველ ყოვლისა, ანარქისტია, რაც, სინამდვილეში, სულელს ნიშნავს.
ბავშვობის სათუთი წლებიდან დღემდე, სწორედ “ეგოისტური ანგარიშის ყინულოვან წყლებში” ვფართხალებთ. შეიძლება, შევეგუოთ კიდეც ამ ყველაფერს, ან თავის გადარჩენა ვცადოთ, ან დინებას ბოლომდე ჩავყვეთ. თუმცა, სრულიად წარმოუდგენელია, რომ ამ ყინულოვანი წყლების გათბობა მხოლოდ სურვილის, მონდომების ძალით იყოს შესაძლებელი. გადმოცემის მიხედვით, რესპუბლიკის დევიზს სიტყვა “ძმობა” რობესპიერის დაჟინებული მოთხოვნით დაემატა. დღეს, შეგვიძლია, ეს ამბავი სრულყოფილად გავაცნობიეროთ და შევაფასოთ. პრევერს, უდავოდ, ძმობის მომხრედ მიაჩნდა საკუთარი თავი, მაგრამ არც რობესპიერი ყოფილა სათნოების მტერი, სულ ოდნავადაც – არა.
* “კლასთა ბრძოლა საფრანგეთში”
ცარიელი ცა
იმ ფილმში, წმინდა პავლეს ცხოვრების შესახებ რომ უნდა გადაეღო, პაზოლინის განზრახული ჰქონდა, მოციქულის მისია თანამედროვე მსოფლიოს შუაგულში გადმოეტანა და წარმოედგინა, რა ფორმას მიიღებდა ის ახლანდელი კომერციული ურთიერთობების ფონზე. რაც მთავარია, ყველაფერი წმინდა წერილის შეუცვლელად უნდა მოეხერხებინა. მას ისიც სურდა, რომს ნიუ იორკი ჩანაცვლებოდა, რის უშუალო მიზეზსაც ასახელებდა: იმ ეპოქაში რომი სამყაროს ცენტრი იყო, დღეს კი ნიუ იორკშია თავმოყრილი მთელი ძალაუფლება, რომლითაც მსოფლიო იმართება (ამავე ლოგიკით, ის გვთავაზობს ათენი პარიზით ჩავანაცვლოთ და ანტიოქია – ლონდონით). ნიუ იორკში გატარებული რამდენიმე საათის შემდეგ ვამჩნევ, რომ, სავარაუდოდ, კიდევ არის ერთი ფარული მიზეზი, რის ბოლომდე გამჟღავნებასაც მხოლოდ ფილმი თუ შეძლებდა. ნიუ იორკში, ისევე, როგორც რომში, თვალშისაცემი დინამიზმის მიუხედავად, ხრწნის, სიკვდილის, სამყაროს აღსასრულის უცნაური სუნი ტრიალებს. კარგად ვიცი, რომ “დუღს ქალაქი ქვაბ-ქოთანივით, იქ გიჟური ენერგია მიმოიქცევა” და ა.შ. მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, სასტუმროს ოთახში დარჩენისა და იმ თოლიების თვალთვალის სურვილი გამიჩნდა, ჰუძონის ნაპირებზე, მიტოვებული საპორტო ნაგებობების სიახლოვეს რომ დაფრენდენ. წვიმის წვეთები ნაზად ეცემოდა აგურით აშენებულ საწყობებს, რაც ჩემზე დამამშვიდებლად მოქმედებდა. წარმოვიდგინე, ბერივით როგორ გამოვიკეტებოდი ამ უზარმაზარ ნომერში, ტალახისფერი ცის ქვეშ, სწორედ მაშინ, როცა ჰორიზონტზე მეწამული ტონების უკანასკნელი გაბრძოლების წამები მიიწურებოდა. მოგვიანებით, შესაძლოა, გარეთაც გავსულიყავი, საბოლოოდ დაცარიელებულ ქუჩებში მესეირნა. ისევე, როგორც უღრანი ტყის მცენარეულ საფარში სხვადასხვა ვეგეტატიური ფენა ერთმანეთს ფარავს, ნიუ იორკშიც ყველანაირი სტილი და სიმაღლე გვერდიგვერდ, წარმოუდგენელ ქაოსში თანაარსებობს. ხანდახან, ქუჩაში სიარულის დროს ისეთი განცდა მაქვს, თითქოს კანიონში, კლდოვან ციხე-სიმაგრეებს შორის მივაბიჯებდე. ალბათ ისევე, როგორც პრაღაში (თუმცა უფრო მცირე მასშტაბით – ნიუ იორკის შენობები ხომ მხოლოდ არქიტექტურის ერთ საუკუნეს წარმოადგენენ), დრო და დრო შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმ ცოცხალ ორგანიზმში ვმოძრაობ, რომელიც ზრდის ბუნებრივ კანონს ემორჩილება. (ამის საპირისპიროდ, პალე-როიალის ბაღში მდებარე ბურენის სვეტები სულელურ კონტრასტში გაშეშებულან, მათივე აქტიტექტურულ გარემოსთან ერთად. აქ უკვე ცხადად გრძნობ ადამიანის ხელს, მის ნება-სურვილს, მეწვრილმანე ბუნებასაც კი – ბედის ირონიით). სრულიად შესაძლებელია, რომ კაცის ხელით შექმნილი არქიტექტურა მხოლოდ მაშინ აღწევდეს მშვენიერების მწვერვალს, როცა დუღილის, მოძრაობისა და მუდმივი ზრდის წყალობით, ბუნებრივ წარმონაქმნს მოგვაგონებს, ხოლო ბუნება მხოლოდ მაშინ იყოს ყველაზე მშვენიერი, როცა სინათლის თამაშისა და ფორმების აბსტრაქციის გამო, გაცნობიერებულ, გააზრებულ საწყისზე მიგვანიშნებს.© “ცხელი შოკოლადი”
-
ლია სტურუა
გაზაფხული
ის, რაც ყველასთან მოდის,
მე უნდა შემემთხვეს:
იისფერი დეციბელები,
ყურებში რადიოები,
მემბრანები გასკდომაზე…
როდის იყო ასეთი ხმამაღალი
გაზაფხული?
გადაშენებული რომანტიკოსივით მოდიოდა,
მუქთი სიმართლე მოქონდა,
უწვალებელი, თითქოს,
ღია ბარათში ცხოვრობ,
რომელსაც, უქმეებზე,
ახლობლებთან ეგზავნები, იების ბუჩქით,
ალიტერაციის პრეტენზიული თანხლებით.
მთლიანად რომ ამოვბარგდე,
ამ გაპრიალებულ ქვეყნიდან:
ზღვა – ჭიქაში, პალმები – ლიტრიან ბოთლებში,
მერცხალი – ტანზე
და იისფერი ორკესტრების ხელმძღვანელობა!
უკან დამრჩეს გაძვირებული ელექტრონი
და გაზის სუნი,
პასიურობა, თითქოს, იები,
იქით მწყვეტენ,
მაჯების დაუცველობა
რეკლამირებული სამართებლის წინაშე,
შალს ვიხდი, ლამის, კანიანად,
გაზაფხული შემემთხვა…
ირაკლი ფარჯიანს
სად გინახავს ასეთი ყვავილები?
ძონძების მაღაზიებში?
ტალახიან ორღობეს რომ
შინაგანი ცეცხლი წაუკიდო?
თავფურცელი – ხავერდის ხმიანი,
დანარჩენი – აბრეშუმზე გასმული ფრჩხილის,
გულში – თაფლი,
გაჭირვებული კაცის მინიშნება ფუფუნებაზე. . .
აშკარა მიდრეკილებისთვის სად ეცალა?
სანთლები ჰქონდა საყიდელი,
სახარების ფურცლები გასაჭედი
ცხვრების და წმინდანების კომპოზიციით,
თბილ სიცარიელეებში – ტექსტით,
შუაში, აუცილებელი ბილიკით, რომელიც,
წესით, ჰორიზონტალური უნდა იყოს,
ბალახში ჩაწვენილი, არადა, შვეულია,
ცვილისფერი რომ გაამკაცრო, ისეთი.
საიდან იღებს ამ თეთრს?
რომელი ონკანის ქვეშ რეცხავს
და ცისკენ უშვებს?
ღმერთს უყვარს მისი მშიერი მხატვრობა,
თვითონაც ამ გზით წაიყვანს. . . .რატომ?
მოკვდა ლექსი. ღამე მომივიდა თავში,
ადგომა დამეზარა, არ მეგონა თუ დამავიწყდებოდა,
ისე გულმოდგინედ ვაშენებდი,
სამკუთხედის ფორმა ჰქონდა,
წყვეტიდან დავიწყე, მერე გავშალე,
უადგილოდ გამახსენდა, ერთ
მწერალს რომ აფრთხილებდნენ:
-ზედსართავს არ ენდოო!
ჩემს შემთხვევაში, მეტაფორას
და თუ სისხლიანი ბოლოთი
ჩემსკენ მოვაბრუნებ,
სილამაზის შესაძლებლობით გამფრთხილებლებისკენ?
მაგ. “ვარდბულბულიანის” მუსიკა ხომ ფაქტია,
თეიმურაზი, ტრაგიკული, მაგრამ არარუსთაველი,
ფაქტი,
ამ ორი ფაქტიდან ერთ
ბულბულის ყეფას ვერ ამოვიყვან
სტვენის ნაცვლად? (საშაქრეების გადატრიალება,
ამბოხი)
ზედსართავი უწყინარი ანგელოზია
მეტაფორასთან შედარებით, სადაც
ყელაფერი აზელილია: დედა,
სისხლი, ტყუილი,
ბავშვობიდან წითელ რძეს ვსვამ.
– მეტაფორას არ ენდოო! მაფრთხილებენ
რაღა დროს ჩემი ჭკუის სწავლებაა?
ვენდე და ეგ არი!* * *
რას უნდა გამოაკლო შენი თავი,
რომ ნაშთი დარჩეს?
სახის ნაწილი, მაჯის ყოყმანი
ამოვარდნის წინ,
დაუხამხამებელი სინათლე თვალებში?
იმ კაცის ნახევარს, რომელიც
ყოველდღე კვდება ბურთულებიან საწოლში,
მიწაზე, ყაზარმაში,
სისხლს მტვერში მოათრევს
და მოდის შენთან?
ის უფროა შენახული
მეხსიერების ფსკერზე,
რომელსაც შენ აკრიალებდი,
შუშის ჭურჭელივით,
მისი ბოლო ამოსუნთქვა
ყელზე გაინასკვე სქლად,
ჯერ კიდევ, მგრძნობიარემ
სიცივის მიმართ!
ამ ნაშთებს შორის პლუსი,
უკვე, სითბოა,
სულ ბოლო სიმართლე,
ვარსკვლავებზე დაყრდნობილი. . .ალქიმიკოსი უკუღმა
სახეზე უნაკვთობა,
ერთი თეთრი ლაქა,
წერე,წერე, იკითხე, იკითხე,
კონცერტებზე სიარულმა
უსმენობის ლოკოკინები
ამოგიგდო ყურებიდან,
აბსოლუტური ნიჟარები დაგიტოვა,
მუსიკა…
სულ ოქროსაც ვერ შეჭამ,
ანემია დაგემართება, ვიტამინები გჭირდება:
ცოტა ვაშლი, ცოტა რევოლუცია,
მაგრამ ლუ-ში-კუნის დამტვრეული თითები,
სისხლი? იმდენი, რომ ვერ მოინელებ,
100 ვედრო დაჭყლეტილი პამიდორივით,
ლოყაწითელ აღსარებაში
არ არის მონანიება…
თუ მარცხენა თვალი გაცდუნებს,
მარჯვენათი სილამაზე ამოთხარე!
ორივე თვალი შეგრჩება,
შენი დეკადანსიც დაიღალა სიმაღლით,
ხომ გინდოდა ქუჩაში გასვლა,
XIX საუკუნის ხალხოსანივით,
ლიტერატურის ჩამორიგება ყველასთვის,
როგორც თეთრი, უცხო პურის
ღარიბულ სადილზე…(c) “ცხელი შოკოლადი”
-
სანდრო ნავერიანი
მამა
რომი მაგარი ქალაქია. ქალაქი ჯერ არ მინახავს, მარა მაინც. დიმა მასი ეგრე ამბობდა და დიმა მასი ხო იცი რა როჟაა!
რაც ჩამოვედით, იმის მერე აეროპორტში ვართ, გარეთ არ გვიშვებენ. ნაღდი ის პონტია, “ტერმინალი” როა კინო, ტიპი რო აეროპორტში ცხოვრობს.
კაროჩე.
თავიდან დავიწყებ.
თბილისიდან მოსკოვში რო ჩავფრინდით, იქ ვალერი დაგვხვდა, ლანას მამა. მაგარი კაცია, თან გაბერილი. ამ გაგანია ყინვაში, ხო იცი, მოსკოვში თუ დაიჭირა ყინვამ, იმის დედა ვატირე, ძვალში და რბილში ატანს – ხოდა უქუდოდ იყო ეს ლანას მამა. არადა რა ლისია ხო გახსოვს. ცხრა კაცი იმ ნივაში ჩაგვსვა, წითელ ნივაში, გუდაურში რო დადიოდა ხოლმე. დუგები არც ახლა მოუხსნია, ადევს და ადევს, მგონი ჩაჟანგდა. ზუსტად ისე ჩავსხედით, როგორც გუდაურში ვსხდებოდით – ექვსი სალონში, სამი – ბაგაჟნიკში, ფეხებგადმოყოფილი. მარა ახლა იმან გატეხა, რო კაპოტი გაფუჭებული იყო და ხელით გვეჭირა. მე რა, სალონში ვიჯექი, სულ მეკიდა. ეგაა რო ტვინი შეჭამეს, ვალერი ნელა, ნელაო. ვალერი მართლა მაგარი კაცია – აჭერდა და აჭერდა, თან სარკეში გახედავდა ხოლმე ხო არ გადავარდნენო. სადღაც სასტუმროში მიგვიყვანა. სასტუმროს წინ კამერუნის საელჩო თუ რაღაც ეგეთი იყო. მოკლედ, აფრიკული დროშა ფრიალებდა და ხალხიც აფრიკელი შედი-გამოდიოდა. სასტუმროს ფოიეში კიტოვანი შეგვხვდა. კიტოვანი იმის მერე არ მინახავს, რაც აი, ის რაღაცეები ხდებოდა, გაგრა-მაგრა, ტამიში-მამიში. სამხედრო ფორმის გარეშე რაღაც სხვანაირი იყო. წითელი დუტოვი ეცვა. შიგნით მაიკა რუსული წარწერით, “ია ლოხ”. ალბათ, მაიკის უკანა მხარეს “ტი ტოჟე” ეწერა. ხო იცი, ეგეთი ცხენური ღადაობები. ვალერის მიესალმა. მიესალმა კი არა მაგარი დაზასეს ერთმანეთი, რას შვები, შეჩემა, სად დაიკარგეო, კიტოვანმა. ვალერიმ, აბა მე რა ვიცი, ხან აქა ვარ, ხანაც – იქო. აქ რას შვებიო, კიტოვანმა. რას ვშვები და იუნიორ მოთხილამურეებს (არა, ეგრე არ უთქვამს, ლიჟნიკებიო, მარა მე ხო იცი როგორ არ მევასება სიტყვა “ლიჟნიკი”! არც ლიჟები…) იტალიაში ვაცილებ, უნდა გვასახელონო. ის სიტყვები მაგრა გამისწორდა. კიტოვანმა თავზე ხელი გადამისვა, ყველაზე ახლოს მე ვიდექი და, ალბათ, მაგიტო. კანდელაკმა თავი შემოყო, იქნებ მეც მომეფეროსო, მარა თენგიზამ დაიკიდა. აბა, თქვენ იცითო, შენ კი არ დაიკარგო შეჩემაო, უთხრა ვალერის. ბაზარი არააო, ვალერიმ და ნომრებში დავიშალეთ.
ეს კანდელაკი ვერ მოვიშორე, ყველგან ჩემ გვერდზე როგორ უნდა იწვეს. ჯერ გუდაურში ვერ მოვიშორე და აქაც ესაა. მარა ყველა გაანაწილეს და მე ლანასთან ხო არ დავწვებოდი, თან ვალერიც იქ იყო. არადა, შენთვის აქამდე არ მითქვამს, ლანასთან უკვე ვიწექი, ბობოყვათში რო ვიყავით, ზაფხულის ზბორზე, მაშინ. ფიცარივით არის. კანდელაკს იმდენი საგზალი გამოატანეს, ორი დღე ყველა მაგას ვჭამდით და მაინც ვერ შევჭამეთ. კირკაჟი ლობიო და ჩანახი დაგვრჩა, სამლიტრიან ქილებში თითქმის ნახევრამდე სავსე.
დასაძინებლად დავწექით და კანდელაკმა ჯერ არ დაწვე, ლანასთან შევიპაროთ და დავქეროთ, ხო იცი როგორ ევასება მაგას ეგეთი რაღაცეებიო. გულში კი ვიფიქრე, მაგას კი არა, შენ გევასება შე მნძრეველა-მეთქი, მარა არ ვუთხარი. მეძინება-მეთქი და გადავბრუნდი. ეს მართლა გავიდა და ხუთ წუთში უკმაყოფილო სახით შემობრუნდა. რა ხდება-მეთქი. ვალერია შესული და მგონი იქ იძინებსო. დაწვა და დაიძინა. მარა სანამ დაიძინებდა, ტუალეტში შევიდა. მაგარი ანანისტია. თან არც უტყდება: გუდაურში გვეუბნებოდა, კაფელი მამას მეძახისო.
დილით ეგრევე აეროპორტში წავედით. არც გვისაუზმია. კანდელაკმა ის ნახევარი ქილა ჩანახი წამოიღო და გზაში ჭამდა. კირკაჟი ლობიოც მოქონდა, მარა კოტე მასმა ისეთი აგინა, ეგრევე დატოვა.
აეროპორტის გზაზე ვალერის მანქანას საბურავი გაუსკდა და ზაპასკა არ ქონდა. მოკლედ, ვალერი დავტოვეთ და რაღაც ავტობუსს გავყევით. ავტობუსში ხანთაძეს ტუალეტში მოუნდა. ვერ მოითმინა და კანდელაკის ჩანახში ჩააფსა. კანდელაკმა ქილა უკან აღარ გამოართვა, რაღად მინდა შეჩემაო. ხანთაძემ ქილა ფანჯრიდან მოისროლა და უკან მომავალ მანქანას შიგ პარპრეზში ხია. ის მანქანა დაგვეწია და ავტობუსი გააჩერა. ხანთაძეს კინაღამ გაეპარა. მოკლედ, კანდელაკის ჩანახის და ხანთაძის შარდის ნარევი ხანთაძემ სულ ენით ტლიკა და გვარიანი სილაქებიც მიიღო მასებისგან. ეს რა არის, ჩავფრინდეთ იტალიაში და იქ განახებთ, რაც მოგივაო.
თვითმფრინავში სანამ ჩავსხდებოდით, ნიკოლაძემ და გენგიურმა ერთმანეთში იჩხუბეს, ფანჯარასთან არა მე ვჯდები, არა მეო. დალეწეს იქაურობა. ორივე დაიჭირეს, მარა კოტე მასის თხოვნით გამოუშვეს და ამათაც დაემუქრა კოტე მასი.
ჩავსხედით. აფრენის მერე სტიუარდესა გამოვიდა და საჭმელის ჩამოტარება დაიწყო. დასალევზე ყველას გვეკითხებოდა, თქვენ რას დალევთო. მასებმა წვენი არ დავინახო, ლუდი უთხარით და ჩვენ მოგვეცითო. კოკა მასმა იმდენი ლუდი დალია, ცუდად გახდა. რო დავეშვით, სასწრაფო მოვიდა და კოკა მასი საკაცით ჩაიყვანეს. სანამ ის არ ჩაიყვანეს, ჩვენც არ ჩაგვიშვეს. ვერ ვისვენებდით და რაღაც მომენტში შემთხვევით სავარძელს საზურგე მოვტეხე. ვერავინ ვერ დაინახა ეკიპაჟიდან. კოკა მასი იმის მერე არ მინახავს.
თვითმფრინავიდან რო ჩავედით, ავტობუსი მოვიდა ჩვენ წასაყვანად. იმასავით კი არ იყო, მოსკოვივით! ავტობუსში დიმა მასს ვიღაც კაცი გადაეხვია, ტარას, რავა ხარ ჩემი ძმაო. ტარასა არა, დიმა ვარო, უთხრა დიმა მასმა. იმ კაცმა არ დაუჯერა და დიმა მასი წაიყვანა. ჩვენი პასპორტებიც მაგას ქონდა. იმის მერე არც დიმა მასი მინახავს.
რომი მზიანი ქალაქიაო რო მეუბნებოდი, მზიანი არა ბოიზთუმენი. რაც ჩამოვედით წვიმს, მარა ჩვენ სულ არ გვკიდია! Aეროპორტიდან მაინც ვერ გავდივართ.
აეროპორტი მაგარი რამეა. ჩვენი აეროპორტისხელა მარტო ტუალეტი აქვს. კანდელაკი ამბობს, ბოლოში რო გავდივარ და ვანძრევ, ვერავინ მხედავს, მაგარიაო. მაგარი დასირებული კია, მაგრამ გაძრობილი მასტია: შენ რო თორმეტი ცალი ერთდოლარიანი გამომატანე ხო გახსოვს? ხოდა, თურმე ეგ ერთდოლარიანები უკვე ამოღებულია ხმარებიდან, ძალიან ძველიაო, ასე მეუბნებიან. ავტომატიც არ ახურდავებს. მაგარი ხარ, რა, სად იშოვე, ბაბუა აგროვებდა? გარეთ, დამიანის ქუჩაზე რაღაც ანტიკვარიატი ყოფილა და იქ შეიძლება ერთ დოლარში ორი მოგცენო, მარა გარეთ ვერ გავდივარ. კანდელაკმა, მაიტა, მე დავახურდავებო და მართლა არ დაახურდავა! კოკა-კოლა იყიდა და ხურდა თავისთვის დაიტოვა. კოკა-კოლა დიდი არაფერია, ჩვენი კვასი ჯობია. ვერც კვასი ვნახე ვერსად, მაგარი ბანძები არიან. ალბათ, გარეთ რო გავალთ, იქ მაინც იქნება, არადა, ხო იცი, როგორ მიყვარს კვასი. ეხა ერთი კლარა ცეტკინის და მარჯანიშვილის კუთხეში დამსვა, რა კვასს დავლევდი!Oოჰო-ჰო!
კოტე მასმა რაღაც რომის გზამკვლევი მოგვცა ყველას, ერთი ცალი. მაგარია. კოლიზეუმი რო დავინახე, ეგრევე გამახსენდა შენ რო მიყვებოდი, ნამყოფი ვარ და გლადიატორების ბრძოლები ნანახი მაქვსო. ამათაც ვუთხარი, მარა არ დამიჯერეს. ხანთაძემ მითხრა, უკვე მერამდენე საუკუნეა ეგეთები აღარ ხდებაო. გეშლება ბოზიშვილი ვიყო-მეთქი. შეგეწერაო. მაგრად დავცხე და ცხვირი გავუტეხე. აეროპორტის საავადმყოფოში გადაიყვანეს და გიფსში ჩაუსვეს. კარაბინერებმა (აუ, რა მაგარი ვარ, ჩემი თავის მეშინია. ხედავ, რა მაგრა მახსოვს!) რა მოუვიდაო, მაინცდამაინც მე მკითხეს. რა უნდა მოსვლოდა, ტუალეტში ფეხი აუსრიალდა და უნიტაზს ხია-მეთქი. დამიჯერეს ამ ჩემისებმა.
ხანთაძეს სანამ გიფსავდნენ, ჩვენ საბარგო ურიკებით ვთამაშობდით გასწრობანას. გასწრობანა რო მოგვბეზრდა, მერე ერთმანეთს დავსდევით და ვეჯახებოდით. ერთერთი ასეთი შეჯახებისას შუაში ვიღაც ესპანელი ჰილიპოიასი მოყვა და ფეხი მოიტეხა. კანდელაკი თავზე დაადგა და ქართულად ეუბნება, ადექი, ბიჭო, რა გაყვირებს, რას ბოზდები, ძაღლებთან არ დაგვწვაო. ჰილიპოიასი ტკივილისგან გადარეული და კანდელაკის ქართულისგან გაოცებული პირდაღებული ღრიალებდა. კანდელაკმა მანიშნა, მოვტყდეთო და მოვტყდით. ეს ყველაფერი ჰილიპოიასის მეგობარმა დაინახა და გამოგვეკიდა. რო დაგვეწია და გაგვაჩერა, კანდელაკს რაღაცა უთხრა. კანდელაკმა რა უბნელი ხარო, კითხა. იმან კიდე რაღაცაო, ვერ გავიგე. ჰოდა, კაი ბიჭებს პატივი ეციო, კანდელაკმა და ლოყაზე ხელი მოუთათუნა. როგორ არ დაგვიჭირეს მე და კანდელაკი, აზრზე ვერ მოვდივარ. მარა ეს ცხენი ბოლოს მაინც დაიჭირეს, მაღაზიიდან 12 კენგოლი მოიპარა. კენგოლი ხო იცი, რომელი ქუდია, აი თავზე რო გაზის და რაღაც დერსკი ვიდი რო აქ. ისეთი კი არა, შენ რო გაქ, რო დაიხურავ და სამოციანების განაბს გავხარ. მარა 12 ცალი რა ჩემ ფეხებად უნდოდა, ვერ გავიგე. ესეც წაიყვანეს და იმის მერე აღარ მინახავს.
ვიფიქრე რამე საჩუქარს გიყიდი-მეთქი, მარა ვერაფერი ვერ ვნახე. მაკარონს ხო არ წამოგიღებ? მახსოვს, ერთხელ მითხარი მთელი მსოფლიო “პალიოტს” ეწევაო. ჰოდა ვუყიდი ერთი მაგისიც-მეთქი, მარა “პალიოტი” არა… უფილტრო მარტო ის ვნახე, გიტანესი თუ რაღაც… მოკლედ, გარეთ ვნახავ რა.
ცხვირგატეხილი ხანთაძე ამბობს, სადღაც რომის შუაგულში რომის პაპი ზისო და რო გავალთ ვნახოთო და სურათები გადავიღოთო. რა პაპი, რის პაპი შეჩემა, შეხედე რას ვგავართ, რომის პაპთან მამაჩემს აქვს ფოტოები გადაღებული, მაგრად იცნობს, ჯარში ერთად იყვნენ, პაპის ფოტოებს თბილისში მოგცემ-მეთქი. შენ ბიჭო ხო არ უბერავო, რა ჯარში, კაცი ღმერთის კონკურენტია და იარაღს დაიჭერდა ხელში, თანაც სადღაც შუა აზიაში, მამაშენთან ერთადო? მამა, ბოზიშვილი ვიყო, ისეთი ვხიე შიგ თვალში, გუგაც კი გაულურჯდა. აბა რა მექნა? შენზე ამბობდა, აფერისტია, წავიდეს ერთი მაგისიცო. ისევ იმ საავადმყოფოში წაიყვანეს. კარაბინერებმა კიდე მე მკითხეს, რა მოუვიდაო. რა მოუვიდა და ტუალეტში ასრიალდა და უნიტაზს ხია-მეთქი. კიდე დამიჯერეს.
უკვე ერთი კვირაა აეროპორტში ვართ. დიმა მასი ისევ არ ჩანს. არც კანდელაკი. ხანთაძეს ცხვირი ისევ გატეხილი აქვს. ლანას მთელ აეროპორტში იცნობენ. განსაკუთრებით ბარგის მტვირთავები უღიმიან. ყველასთან იწვა. იწვა რა, ტუალეტში იდგა, ან უნიტაზზე იჯდა. ეს ჩემისა ფულს მაინც აკეთებს და ჩვენ ვართ ასე ცხენებივით. ერთი კვირაა, არ გვიბანავია არცერთს, ლანას გარდა. სუნი კი არ აგვდის, გვიჩანს. ერთხელ ტუალეტში ბანაობა გადავწყვიტეთ, მარა მაინცდამაინც მაშინ ხერხავდნენ ლანას. მამამისი ვალერი, ალბათ, ფიქრობს ჩემი შვილი ახლა სადმე აპენინებში სრიალებს და ტურნირისთვის ემზადებაო. ბებიამაგისამ! აპენინებში კი არა, მე ვიცი რაზეც სრიალების მაგის ლანკა.
ნიკოლაძემ და იმ იდიოტმა გენგიურმა დუთი ფრიში დუხი მოიპარეს. გამყიდველი ვერ მიხვდა, მარა ამ დეგენერატებმა ერთ დასხმაზე დაცალეს, სულ თვითონ დაისხეს და რო დადიოდნენ, შუბლზე ეწერათ, ის დუხი ჩვენ მოვიპარეთო. საბოლოოდ კი მიხვდნენ, ვინც იყო დუხის ქურდი, მარა ვინ რას ჩიოდა, მანამდე ისეთი ოფლის სუნიანები დადიოდნენ… მოკლედ, არაფერი არ უქნეს.
ან რომში გაგვიყვანე ან სახლში დავბრუნდეთ – გავუტრაკეთ კოტე მასს. ეხა ტრაკი დააყენეთ, თორე დიმა მასს ვეტყვი ყველაფერსო. რა დიმა, რის დიმა, ერთი კვირაა, არ გამოჩენილა და თუ იცი, სად არის, წამო ერთად ვნახოთ-მეთქი. შენ, ბიჭო, რამდენს ლაპარაკობო, გავიდეთ აქედან და ნახე რა გიქნაო, მემუქრებოდა. აი, გადაღუნავ-მეთქი, დავანახე. აბა რა უნდა მექნა?! დამცხო, მარა ბიჭებმა დამიმასტეს. ჩაიჯვა და მოტყდა. ცოტა ხანში დავინახეთ, ქუჩაში კარაბინერებს ყავდათ დაჭერილი. ეტყობა გასვლა უნდოდა და არ გაუშვეს. ისე, ყველას უშვებენ და ჩვენ რატო…
მამა!
სად გამომიშვი? შენ სულ სირზე არ გკიდია, გდიხარ მანდ ტელევიზორთან და ისევ იმ ენიმალ გრუპავუხა “ვ მირე ჟივოტნიხ”-ს უყურებ. მშია, დასაბანი ვარ, ფული (გაიკეთე უკან ის შენი ერთდოლარიანები) აღარ მაქვს, კაცმა არ იცის, აქედან როდის გავალ.
ყველა გზა რომში მიდისო, რო მეუბნებოდი. რომში არა, ჩემი ყლე!
რა გინდოდა, ხო ვიყავი ჩემთვის თბილისში! ამას ნახავ, იმას ნახავო. რას ვნახავ, ამ გამოსირებული ხანთაძის გატეხილ ცხვირს და ჩალურჯებულ თვალს ვუყურებ მთელი დღეები.
მამა, შენ შეგეცი, ეს სად გამომიშვი?!
შეგეცით შენც და მთელ იტალიას თავის ბერლუსკონებით, მაკიაველებით და ტინტორეტოებით!© “ცხელი შოკოლადი”
-
ანდრო ბუაჩიძე
სიმშვიდის სურნელება
ლელა სამნიშვილი, მუდმივი ტატუ (ლექსები, 2005-2006), თბ. “სიესტა”, 2006.
როცა მეტ-ნაკლებად უცნაურ პოეტურ ხელწერასთან გაქვს საქმე, კვანძის გახსნა რომელიმე ერთი ლექსიდან უნდა დაიწყო. ლელა სამნიაშვილის ლექსი “ბალახის სუნი” სისადავით და არყოფნის ჩუმი სევდით არის გაჟღენთილი.
ბალახის სუნი არცერთ სუნს არ წააგავს, როგორც პოეტი ამბობს, ეს “სიმშვიდის სურნელებაა”. ესეთი სუნი არც რძეს აქვს და არც ყვავილს. აქ უკვე შეგრძნებით აღძრულ ასოციაციაზეა საუბარი. ბალახი მარადიულ სიმშვიდესთან ასოცირდება. ამ მარადიული სიმშვიდის განუყოფელ ნაწილად იქცა ბებია და პოეტიც ამ საკვირველი ფენომენის სიღრმისეულად აღქმას ცდილობს. ბალახი არამარტო სიმშვიდეა ან არყოფნა, არამედ სიყვარულიც.
ლელა სამნიაშვილი არ ეკუთვნის იმ პოეტების კატეგორიას, რომლებიც სათქმელს აგროვებენ და მერე ფრთხილად ამზეურებენ, ფრთხილად წარმოთქვავენ, რადგან გამჟღავნებისას გრაფიკული და ემოციური სიმკვეთრე არ განელდეს. პოეტი დაურიდებლად, თითქოს სულმოუთქმელად ალაპარაკებს თავის ლირიკულ მუზას და ამიტომაცაა, რომ მისი ლექსების ემოციური ტემპერატურა არათანაბარია, ზოგჯერ საგრძნობლად აიწევს სიმხურვალე, ზოგჯერ კი ეცემა. ეს მონაცვლეობა ხშირად სასურველ ესთეტიკურ ეფექტს ქმნის, მხოლოდ აქა-იქ უმნიშვნელო, ფერმკრთალი ფრაზაც იპარება.
ლელა სამნიაშვილი ლექსის პირველი ფრაზიდან ცდილობს მკითხველის მონუსხვას, მის განცვიფრებას. საამისოდ კი ცხადია, ორიგინალური, უჩვეულო, უცნაური სათქმელი უნდა თქვას. ჩვეულებრივ, ორიგინალური სათქმელი ბუნებრივად, ძალდაუტანებლად იბადება ხოლმე, მაგრამ თუ პოეტს აქვს მძაფრი სურვილი, რომ შოკში ჩააგდოს მკითხველი, ის გონებას იშველიებს და მისი მეშვეობით ქმნის უჩვეულო პოეტურ სიტუაციას. ლექსში “კულინარიული მცდელობა” საუბარი პოეტის სამზარეულოს ეხება. პოეტი ენაში განასაგნებს თავის სათქმელს. ყოველივე ამას “დიასახლისის გულმოდგინებით” აკეთებს. როგორც თვითონ ლელა სამნიაშვილი ამბობს, ეს არის მისი “განწირული კულინარია, რომელიც ვერც დაგათრობს, ვერც დაგაპურებს.” ცნობილია, რომ პოეზიის რეცეპტი არ არსებობს. და ლელა სამნიაშვილი თვითონ წერს თავის რეცეპტს, სადაც მარილივით არის გაზავებული სევდაც და სიხარულიც.
პირადად ჩემთვის, ამ რეცეპტით “შემზადებული” ის ლექსები ან ის ფრაზებია ყველაზე უფრო შთამბეჭდავი, რომელთაც თავიანთი იდუმალი ნათება აქვთ: “სამი დილაა მაღვიძებს ყვავი,/ უამინდობის შავი მამალი./ ჩანთის წიგნებით, თერმოსის ყავით/ მთელი ზამთარი – ჩექმით სავალი/ მიდევს. შევფუთნი ფიფქის ქინქლებით/ ფარანს და ამინდს ღიმილს ავუწყობ,/ მაინც მოვიწყენ, სხვა რა იქნება…/ უცხო ქალაქში თვითონ ვარ უცხო.”
ლელა სამნიაშვილი პროზაულ ნაკადს თავისებურად აზავებს პოეზიაში. აქ არის პოეზიის პროზად ქცევის ერთგვარი ხიფათი, ანუ განწყობა, რომელმაც ლექსი უნდა შვას, შეიძლება მშრალ რიტორიკად იქცეს. ასეთ დროს ფაქტობრივად ბეწვის ხიდია გასავლელი. Lექსები, “ხატვის გაკვეთილი” და “ორი ტატუ” პროზაული შტრიხებითაა შესრულებული, თუმცა ფარულ პოეტურ მუხტს ინარჩუნებს.
არაერთხელ ჩამოვარდნილა სიტყვა პოეტურ ციკლზე. ციკლი შინაარსობრივი მთლიანობა უნდა იყოს, ფრაგმენტებისგან წარმოქმნილი მთლიანობა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ფრაგმენტების, ლექსების შეერთება ყოველთვის არ წარმოშობს ციკლს. ლექსების მიღმა უნდა ჩანდეს ავტორი, ლირიკული სუბიექტი, რომელიც მოძრაობს, დადის, იცინის, ტირის, ფიქრობს, დარდობს, ნაღვლიანობს. ე.ი. უნდა ჩანდეს ცოცხალი ადამიანი. ამ სიცოცხლეს კი დინამიზმი წარმოადგენს.
ლელა სამნიაშვილის ლექსებში ლირიკული სუბიექტის მოძრაობის რიტმი აშკარად იგრძნობა, მხოლოდ, ჩემი აზრით, უფრო მეტად უნდა გასწორდეს ფოკუსი ანუ უფრო ნათელი უნდა გახდეს პოეტური აზროვნება, რათა ხელშესახებად აღიქვას მკითხველმა ის გარემო, რომლის არსებობასაც ლირიკული გმირის მოძრაობა ანიჭებს აზრს. ლელა სამნიაშვილი ხშირად იყენებს იმ ინტონაციას, რომელიც 60-იანი წლების ქართულ პოეზიაში იყო დამკვიდრებული. ვთქვათ, ლექსებში “გორელები”, “მე ღვთაებად ავირჩევდი არტემიდას”, “კონტრაბანდა”, ეს ინტონაცია კი მეორდება, მაგრამ პოეტური ანტურაჟი, ყოველდღიურობის ატმოსფერო, პოეტური ნაკადის სიჭარბე იმდენად ძლიერია, რომ 60-იანი წლების არავითარი ასოციაცია არ აღიძვრება.
“ველოსიპედი” ამერიკული პოეზიის ნიმუშს წააგავს. ამგვარი პროზაიზაცია თამაშიც არის და მოულოდნელიც, ფინალიც არ არის ურიგო: “ვუყვარდი შენს ველოსიპედს: ჩემი წამოსვლის დღესვე დაიმტვრა”.
აქ უბრალოდ პროზაული შტრიხები ან ნაკადი კი არ არის შეჭრილი პოეზიაში, არამედ თვითონ პროზაული ნაწარმობის მსგავსი გაბმული ტექსტია ლექსის გრაფიკული გამოსახულებით მოწვდილი. ინტერვალები ტექსტს ნაწყვეტებად აცალკევებს და ამით სხვაგვარ მნიშვნელობას სძენს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ცარიელი ადგილები იმას “იტევს”, რაც უთქმელია და ნაგულისხმევი. ფაქიზი მინიშნებების ტექნიკა ლელა სამნიაშვილს არაერთგზის აქვს გამოყენებული და საკმაოდ მოხერხებულადაც.
პოეტისთვის მთავარი მაინც მნიშვნელოვანი სათქმელია. ჩემი აზრით, შინაარსობრივი თვალსაზრისით ლელა სამნიაშვილის ლექსები სამომავლოდ უფრო მრავალფეროვანი უნდა გახდეს. ძიების პროცესი არ შეიძლება ცალმხრივი იყოს – ფორმისმიერ წესრიგს შინაარსობრივი სისავსის ხარისხი ქმნის. უშუალოდ ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ აქ გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას. უკვე მიღწეული პოეტური ოსტატობის დონე ლელა სამნიაშვილისთვის ამ გამოცდილების განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გარკვეულ პერიოდში პოეტის სტილური ძიებანი სასურველია მეტად შეერწყას მის სათქმელს. ლექსს ჩამოშორდება ზედმეტი მინარევი, მეტ ჰაეროვნებას და სინატიფეს შეიძენს, ემოციურადაც უფრო იოლად აღსაქმელი გახდება.
შეუძლებელია პოეტს თვითდაკვირვების საკმაოდ ხშირი მომენტები არ ჰქონდეს, ის ხომ ყველაფერთან ერთად თვითშემფასებელიც არის. ამიტომაც ხანმოკლე თუ ხანგრძლივი კრიზისის შემდეგ დამდგარ ფერიცვალების პროცესს ყველაზე ადრე თვითონ შეამჩნევს.© “ცხელი შოკოლადი”
-
ახალი ამბები (ოქტომბერი, 2007)
კონტრდაზვერვა ჯორჯ ორუელის კვალზე
ინგლისში მწერალ ჯორჯ ორუელის საიდუმლო დოსიე იპოვეს. აღმოჩნდა, რომ 20 წლის განმავლობაში “1984”-ის ავტორი კონტრდაზვერვის ეჭვმიტანილი იყო კომუნისტებთან თანამშრომლობაში. პირველი ჩანაწერები მის დოსიეში მაშინ გაჩნდა, როცა მწერალი საფრანგეთში ცხოვრობდა. მან ბრიტანულ გაზეთს ”Working Lifes” საზღვარგარეთის კორესპონდენტად თანამშრომლობა შესთავაზა, და სწორედ აქედან გახდა იგი დაკვირვების ობიექტი. პარიზში მომუშავე აგენტი, მართალია, აღნიშნავდა, რომ ორუელი დიდი რაოდენობით ფრანგულ გაზეთებს კითხულობდა, და მათ შორის კომუნისტურ L’Humanite-საც, მაგრამ კომუნისტებთან უშუალო კავშირში არ შეუნიშნავს. 1937 წელს მწერალი ესპანეთში გაემგზავრა, სადაც რესპუბლიკელების მხარეზე იბრძოდა. ამის შესახებ დოსიეში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი ”ერთის მხრივ ანარქისტია და უპირატესობას ანიჭებს ექსტრემისტების წარმომადგენლებთან ურთიერთობას”. 1941 წელს ორუელმა BBC-ში დაიწყო მუშაობა. 1945 წელს კი, ”ცხოველთა ფერმის” გამოსვლის შემდეგ, მის დოსიეში ასეთი ჩანაწერი გაჩნდა: ”ბლერის (ორუელის ნამდვილი გვარი) შეხედულებები, რა თქმა უნდა, მემარცხენეობისკენ იხრება, მაგრამ ის ძალიან შორსაა კომუნიზმისგან”.
სილვია პლათი – პოეტი-მხატვარი
ამერიკელი პოეტის, სილვია პლათის ნახატები და გრავიურები, რომელთა უმეტესობაც აქამდე უცნობი იყო ფართო აუდიტორიისათვის, ოქტომბერში პოეტის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოქვეყნდება. წიგნის – ”მხედველობითი რითმები: სილვია პლათის ვიზუალური აღქმა” (”Eye Rhymes: Sylvia Plath’s Art of the Visual”) პრეზენტაცია 14 ოქტომბერს შედგება ჩელტენჰამის ლიტერატურულ ფესტივალზე. რედაქტორის, კეტლინ კონორსის, თქმით, წიგნში შესულია სილვიას ბავშვობისდროინდელი ილუსტრირებული წერილები, რომლებიც 1996 წელს აღმოაჩინეს პლათის ოჯახის საცხოვრებელი ბინის სხვენში; გარდა ამისა – სახელმძრვანელოების ესკიზები, სახვადასხვა პორტრეტები და ავტოპორტრეტი. რაც მთავარია, პლათის ეს ნამუშევრები მხოლოდ ერთ განსაზღვრულ პერიოდს ეკუთვნის – 20 წლისამ მან თავი დაანება ხატვას და სამწერლო საქმანობას მიჰყო ხელი.
იან მარტელის საგანმანათლებლო საქმიანობა
2002 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატმა, კანადელმა იან მარტელმა, გადაწყვიტა კანადის პრემიერ-მინისტრი სტივენ ჰარპერი მხატვრული ლიტერტურის კითხვას მიაჩვიოს – როგორც ცნობილია, ჰარპერი დემონსტრატიულად არ ინტერესდება ლიტერატურით და ხელოვნებით. კვირაში ორჯერ მწერალი პრემიერ-მინისტრის ოფისში თითო ნაწარმოებს აგზავნის, იმის იმედით, რომ ჰარპერი მას წაიკითხავს. მარტელი აქციის შეწყვეტას მანამ არ აპირებს, სანამ ჰარპერი პოსტს არ დატოვებს. მინისტრის მისამართით უკვე რვა წიგნი გაიგზავნა, მათ შორის ”ბჰაგავადგიტა” და ვოლტერის ”კანდიდი”, ბოლო ნაწარმოები კი, რომელიც მას მარტელმა შეურჩია, ავგუსტ სტრინდბერგის პიესა ”ქალბატონი იულიაა”. წაიკითხა თუ არა ჰარპერმა წიგნებიდან ერთ-ერთი მაინც, არავინ იცის. სამადლობელი წერილი პრემიერ ინისტრის ოფისიდან მარტელმა მხოლოდ ერთხელ მიიღო.
კეტრინ ჰეპბერნი – რეი ბრედბერის მუზა
ამერიკელი მწერალი, ფანტასტიკის ჟანრის კლასიკოსად წოდებული რეი ბრედბერი, სექტემბრის ბოლოს ახალი წიგნის – ”ახლა და მარად” (”Now and Forever”) – გამოცემას აპირებს. წიგნში ორი აქამდე გამოუქვეყნებელი რომენი შევა – ”ლევიათან 99” (“Leviathan ’99”) და ”სადღაც ორკესტრი უკრავს” (“Somewhere a Band is Playing”). ”ლევიათანის” მთავარი პერსონაჟი თეთრ კომეტას დასდევს, და თავად ავტორი მას თავისი შემოქმედების ”კოსმიურ მობი დიკს” უწოდებს, ნოველა ორკესტრის შესახებ კი თურმე მსახიობ კეტრინ ჰეფბერნისათვის კინოსცენარად ყოფილა ჩაფიქრებული და ტექსტზე მუშაობა მწერალმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მსახიობი ფილმში – ”ზაფხული” (Summertime, 1952) იხილა. 22 აგვისტოს მწერალს 87 წელი შეუსრულდა.
ლერმონტოვი – შოტლანდიელი კლასიკოსი?
ბრიტანელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს, გადაამოწმონ ლეგენდა რუსი კლასიკოსის, მიხაილ ლერმონტოვის წარმოშობის შესახებ, რომლის თანახმადაც იგი შოტლანდიელი იყო. ამ ისტორიაზე ნათელის მოფენა მხოლოდ დნმ-ის ანალიზის ჩატარებს შემდეგაა შესაძლებელი, და გენეტიკის მკვლევარებიც აპირებენ იგრეკ-ქრომოსომის საფუძველზე დაადგინონ მწერლის ნამდვილი წარმომავლობა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, რუსეთში მცხოვრები ლერმონტოვები შოტლანდიელი ჯარისკაცის, ლერმონტის გვარიდან მოდიან, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნეში ტყვედ ჩაუვარდა რუსებს, თუმცა, ამის შესახებ არანაირი წერილობით და ნივთიერი მტკიცებულება არ არებობს. BBC-საგან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლერმონტოვის გვარის გარდა გადამოწმდება რუსეთში მცხოვრები გრეიგების, კრიჩტონების, რიდებისა და სმიტების წარმომავლობაც.
ოქტომბრის ციებ-ცხელება – 2007 წლის ბუკერი
ლონდონში 2007 წლის ბუკერის პრემიაზე წარდგენილთა საბოლოო სია გამოქვეყნდა. პრესტიჟული ლიტერატურული პრემიისათვის ექვსი მწერალი იბრძოლებს: ნიკოლა ბარკერი(“Darkmans”), ენ ენრაიტი (“The Gathering”), მოჰსენ ჰამიდი (“The Reluctant Fundamentalist”), ლოიდ ჯონსი (“Mister Pip”), იენ მაკიუენი (“On Chesil Beach”), ინდრა სინჰა (“Animal’s People”.).
ექსპერტების დაკვირვებით, წელს ჟიურიმ ორიენტაცია ძირითადად დამწყები ავტორების წახალისებაზე აიღო. კონკურსანტთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 35 წლის პაკისტანელი მოჰსენ ჰამიდია. თუმცა, ისევ და ისევ სპეციალისტების აზრით, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი იენ მაკიუენს აქვს, რომელიც 1998 წელს უკვე გახდა ბრიტანული ბუკერის მფლობელი რომანისათვის ”ამსტერდამი”. დაჯილდოების ცერემონიალი 16 ოქტომბერს ლონდონში, გილდჰოლის დარბაზში ჩატარდება და 50 000 ფუნტი სტერლინგის მფლობელიც იქ გამოვლინდება.ანტუან დე სენტ ეკზიუპერის “ახალი” წიგნი
საფრანგეთში ანტუან დე სენტ ეკზიუპერის გამოუქვეყნებელი ნაწარმოები იპოვეს. გაზეთ ”ფიგაროს” ლიტერატურული დამატება იუწყება, რომ ლაპარკია ეკზიუპერის შემოქმედების ადრეული პერიოდის ნოველა ”მოცეკვავე მანონზე”. ასევე აღმოჩენლია მწერლის 1933 წლით დათარიღებული წერილი, რომელსაც იგი თავის სატრფოს, ლუიზა ვილმორენს სწერს. ცნობილია, რომ აქამდე ”მოცეკვავე მანონის” მხოლოდ მცირე ნაწყვეტი -15 სტრიქონი იყო აღმოჩენილი, რომელიც მწერლის ნაწარმოებების სრული კრებულის ფრანგულ გამოცემაშია შესული. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ”მოცეკვავე მანონი” პირველი პროზაული ტექსტია მას შემდეგ, რაც ეკზიუპერმა ლექსების წერას თავი დაანება. ნოველის ხელნაწერი მწერალს ლუიზა ვილმორენისთვის უჩუქებია. ”მოცეკვავე მანონის” სრული ტექსტი საფრანგეთში ოქტომბრის ბოლოსთვის წიგნად გამოიცემა.
ფრანკფურტი ფესტივალისთვის ემზადება
ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის მოახლოებასთან ერთად გერმანიის მთავრობამ კულტურის სფეროში შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო – ამჯერად გერმანია ჩინეთთან კულტურული კავშვირების გაფართოებისკენ მიისწრაფვის. ამის შესახებ გერმანიის კულტურის მინისტრმა, ბერნდ ნოიმანმა, ღიად განაცხადა, როდესაც პეკინის წიგნის ბაზრობაზე სიტყვით გამოვიდა. გერმანია წლევანდელი გამოფენის მთავარი მონაწილე იყო. ნოიმანის თქმით, ორივე ქვეყნის კულტურის მესვეურებმა მაგალითი უნდა აიღონ ბიზნესის სფეროს სხვა წარმომადგენლებისა და ფინანსისტებისგან და ურთიერთობები უფრო უნდა გააღრმავონ. პეკინის წიგნის ბაზრობას წინა წლებში მთავარ ფიგურად საფრანგეთი და რუსეთი სტუმრობდნენ. ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორის აზრით, 2010 წლისათვის ჩინეთში წიგნის 400 მილიონი პოტენციური მყიდველი იქნება.
ჰემინგუეი – ისევ აუქციონზე
29 ნოემბერს Swann Galleries-ის აუქციონზე 19-20-ე საუკუნის სხვა ლიტერატურულ რარიტეტებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ჰემინგუეის რომანის ”ვის უხმობს ზარი” (“For Whom the Bell Tolls”) სამუშაო ვერსია, რომელშიც ჩასწორებები მწერლის ხელითაა შეტანილი. კორექტურული შესწორებების გარდა სამუშაო ვერსიაზე შერჩენილია ჰემინგუეის მიერ დაწერილი მიძღვნა, საიდანაც ვიგებთ, რომ რომანი მწერლის საცოლეს, მარტა ჯელჰორნსა და ძველ მეგობარს, ტობი ოტო ბრიუსს ეძღვნებოდა. ბრიუსი ფლორიდაში ცხოვრობდა და მწერლის მძღოლის და მდივნის სამუშაოს ასრულებდა. გასაყიდი ობიექტი მთელი ამ დროის მანძილზე სწორედ მასთან ინახებოდა. სავარაუდოდ, აუქციონზე მისი ფასი 75 ათასიდან 125 ათას დოლარამდე იმერყევებს. ამავე აუქციონზე გაიტანენ ჰემინგუეის მესამე წიგნის – ”მამაკაცები ქალების გარეშე” (“Men Without Women”) ნაბეჭდ ვერსიას, რომელშიც 1973 წლით დათარიღებული მცირე ზომის მოთხრობებია შესული.
James Tait Black Memorial – ის ახალი მფლობელი
ამერიკელ მწერალს, კორმაკ მაკარტის, რომელმაც 2007 წლის გაზაფხულზე თავისი ბოლო რომანისათვის “გზა” (“The Road”) პულიცერის პრემია მიიღო, ამავე წიგნისთვის ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ინგლისურენოვანი ლიტერატურისათვის – James Tait Black Memorial – მიანიჭეს. პრემიას 1919 წლიდან დღემდე ედინბურგის უნივერსიტეტი გასცემს და ახალი ლაურეატის ვინაობაც ედინბურგის წიგნის ფესტივალზე გამოვლინდა, თუმცა 74 წლის მაკარტიმ ცერემონიალზე დასწრება ვერ შეძლო. 2006 წელს James Tait Black Memorial–ის მფლობელი იენ მაკიუენი გახდა. სხვადასხვა დროს ლაურეატები იყვნენ დ.ჰ. ლორენსი, ოლდოს ჰაქსლი, გრემ გრინი, ივლინ ვო, ლორენს დარელი, აირის მერდოკი, სალმან რუშდი.
© “ცხელი შოკოლადი”