• ახალი ამბები

    ახალი ამბები – 2008 – ოქტომბერი

    ძარცვა ერნესტო საბატოს სახლში

    ბოროტმოქმედებმა ცნობილი არგენტინელი მწერლის, ერნესტო საბატოს სახლი გაქურდეს. ორი არასრულწლოვანი მძარცველი ბუენოს აირესის გარეუბანში, „წმინდა ადგილებში“ მდებარე სახლს საღამოს ესტუმრნენ. ძარცვის დროს 97 წლის საბატო შინ იყო – მას ღრმად ეძინა. ქურდები მოსამსახურემ შენიშნა და პოლიციას გამოუძახა, თუმცა მძარცველებმა მოპარული ნივთებით მიმალვა მოასწრეს. მწერლის სახლიდან მისი მობილური ტელეფონი, 4300 არგენტინული პესო და 1998 წელს გამოქვეყნებული საბატოს ავტობიოგრაფიული წიგნის “დასასრულის პირისპირ” (“Antes del fin”), ყდის ფოტო გაიტანეს. ერნესტო საბატო ლათინოამერიკულ სამყაროში ხორხე ლუის ბორხესზე არანაკლებ ანგარიშგასაწევ ფიგურად ითვლება და მისი წიგნებიც ათეულობით ენაზეა თარგმნილი.

    დ’არტანიანის საფლავი ჰოლანდიაში

    ფრანგი გამომძიებელი ოდილ ბორდა ამტკიცებს, რომ მან ის ადგილი აღმოაჩინა, სადაც დ’არტანიანია დაკრძალული – ალექსანდრე დიუმას ცნობილი პერსონაჟის პროტოტიპი. მისი მონაცემებით, მაასტრიხტის ციხე-სიმაგრესთან 1673 წელს დაღუპული დ’არტანიანი ჰოლანდიაში, ვოლდერის რაიონში, წმ. პეტრესა და პავლეს ეკლესიებიდან რამდენიმე კილომეტრში განისვენებს. ბორდა ჰოლანდიის ხელისუფლებასა და კათოლიკურ ეკლესიას, რომელიც აღნიშნულ მიწებს ფლობს, არწმუნებს, დართონ მას ნება ფრანგი გმირის საფლავს ექსჰუმაცია ჩაუტარდეს. შარლ დე ბა დე კასტელმორ დ’არტანიანი 1611 წელს დაიბადა და კარიერა კარდინალ მაზარინის კურიერობით დაიწყო. თუმცა პარალელურად მეფე ლუი XIV-ის დავალებებს ასრულებდა. ალექსანდრე დიუმას პერსონაჟად კი იგი გატიენომ დე კურტილ დე სანდრას 1700 წელს გამოცემული სამტომეულის, „დ’არტანიანის მემუარების“ წყალობით იქცა.

    ვინი პუჰის ილუსტრაციები აუქციონზე

    ლონდონის აუქციონ Bonhams-ზე ალან მილნის ზღაპრის, “The House at Pooh Corner” (“სახლი ვინის ტყეში”) ორიგინალური ილუსტრაცია 50 ათას დოლარად გაიყიდა. The New York Times-ის ცნობით, ნახატის – სახელწოდებით “ვეფხვებს თაფლი არ უყვართ” – ოპტიმალური ფასი 32 ათასი დოლარი იყო. მისი მყიდველი გერმანელი კოლექციონერი აღმოჩნდა, რომელმაც აუქციონზე შეძენილი ნივთი საჩუქრად მეუღლეს მიართვა. ილუსტრაციის ავტორი ცნობილი ბრიტანელი ილუსტრატორი ერნსტ შეპარდია. აუქციონზე ნახატი მისი ქალიშვილის, მერი შეპარდის არქივიდან მოხვდა. 2008 წლის 17 დეკემბერს კი ლონდონის Sotheby’s-ს დარბაზში ალან მილნის ნაწარმოებების ერნსტ შეპარდისეული ილუსტრაციების სრული გამოფენა-გაყიდვა და აუქციონი მოეწყობა. აუქციონზე გამოტანილი იქნება ასევე ალან მილნის იშვიათი გამოცემები.

    გამოიცა კერუაკისა და ბეროუზის ერთობლივი რომანი

    ჯეკ კერუაკისა და უილიამ ბეროუზის წიგნი “And the Hippos Were Boiled In Their Tanks” (“ჰიპოპოტამები თავიანთ ჯავშანში მოიხარშნენ”), რომელიც ავტორებმა 1944-45 წლებში დაწერეს, პირველად გამოიცა ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში. როგორც The Independent-ის მიმომხილველი აღნიშნავს, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის პროტოტიპის გამო წიგნი აქამდე აკრძალული იყო. ბიტნიკების ყოფილმა ლიდერებმა რომანი მათ გარშემო მომხდარი ერთ-ერთი ბოროტმოქმედების მიხედვით დაწერეს – ლიუსიენ კარმა, ალან გინზბერგის მეგობარმა, ჩხუბისას დანით მოკლა ბიტნიკების კიდევ ერთი წარმომადგენელი – დევიდ კამერერი. კერუაკი კარს სამხილებისგან გათავისუფლებაში დაეხმარა, თუმცა მკვლელმა დიდხანს ვერ გაუძლო სინდისის ქენჯნას და საკუთარი ნებით ჩაბარდა პოლიციას. სანამ კარი ციხეში სასჯელს იხდიდა, ბეროუზმა და კერუაკმა მის შესახებ რომანი დაწერეს, რომლის გამოსაცემადაც 1945 წელს ამერიკაში გამომცემლობა ვერ მოიძებნა – წიგნში ზედმეტად დიდი დოზებით იყო საუბარი ნარკოტიკებზე, ჰომოსექსუალიზმსა და ძალადობაზე. ლიუსენ კარი ციხიდან ორი წლის შემდეგ გამოვიდა ლუ კარის სახელით ჟურნალისტურ კარიერას მიჰყო ხელი. იგი უფრთხილდებოდა საკუთარ რეპუტაციას და სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია კერუაკის მცდელობას, გამოეცათ რომანი. კარი 2005 წელს გარდაიცვალა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ბიტნიკების რომანის გამოსაცემად მზადება.

    მზადება სალმან რუშდის რომანის ეკრანიზაციისათვის

    მწერალმა სალმან რუშდიმ და კანადელმა კინორეჟისორმა დიპა მეტამ ახალი პროექტის შესახებ განუცხადეს პრესას – მალე ეკრანებზე სალმან რუშდის რომანის, “შუაღამის ბავშვების” (“Midnight’s Children”) ეკრანიზაცია გამოვა. რომანმა ავტორს უკვე მოუტანა არაერთი ლიტერატურული პრემია (ბუკერი, სუპერ-ბუკერი…). ფილმს კი მაყურებელი 2010 წელს იხილავს. მოლაპარაკებები ჰოლივუდის სტუდიებთან უკვე მიმდინარეობს, სცენარზე კი მწერალი და რეჟისორი ერთად იმუშავებენ. სალმან რუშდის რომანი “შუაღამის ბავშვები” 1981 წელს გამოქვეყნდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს, დიპა მეტას კინემატოგრაფული კარიერა კი ტრილოგიით “სტიქიები” დაიწყო, რომელთაგან ერთერთი – “წყალი” 2005 წელს ოსკარზეც იყო ნომინირებული.

    ავღანელი მწერალი – გონკურის პრემიის ლაურეატი

    ათიქ რაჰიმი, ავღანელი ავტორი, 2008 წლის გონკურის პრემიის ლაურეატი გახდა. პრემია მას რომანმა – “მოთმინების ქვა” (“Syngue Sabour : La pierre de patience”) – მოუტანა. 46 წლის რაჰიმისათვის ეს პირველი წიგნია, რომელიც მან ფრანგულ ენაზე დაწერა. აქამდე მას ფრანგულენოვანი აუდიტორია მხოლოდ თარგმანებით იცნობდა. “მოთმინების ქვა” სპარსული მითოლოგიის მიხედვით ადამიანის ყველა სევდასა და დარდს იტევს, მას ანდობენ ისეთ საიდუმლოს, რომლის გამხელაც ადამიანებს ერთმანეთისთვის არ შეუძლიათ, ბოლოს კი ქვა სკდება. რომანის მთავარი გმირი ავღანელი ქალია, რომელიც პარალიზებულ მეუღლეს უვლის, და თავისი უბედურების შესახებ სწორედ ამ ქვას უყვება. გონკურის პრემიის პარალელურად პარიზში დასახელდა ასევე პრესტიჟული ფრანგული ლიტერატურული ჯილდოს – რენოდოს ლაურეატის ვინაობაც: პრემია 61 წლის გვინეელ ავტორს, ტიერნო მონენემბოს ერგო.

    ფილიპ ჰენშერი – Amazon.com-ის ლიდერი

    ბრიტანელი მწერლის, ფილიპ ჰენშერის რომანი “ჩრდილოური მოწყალება” (“Northern Clemency”) ინტერნეტ მაღაზია Amazon.com-ის გაყიდვების წლის ლიდერი გახდა. ჰენშერის ნახევრად ავტობიოგრაფიული წიგნი ასევე ბუკერის პრემიის ფინალისტთა სიაშიც მოხვდა. ტომ ნისლიმ, ამაზონის წიგნების განყოფილების ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ჰენშერი წამებში გახდა პოპულარული, მისი რომანის პირველი ეგზემპლარების მიღებისთანავე იყო შეკვეთები მკითხველებისგან. ბუკერზე ნომინირებული ავტორის შემდეგ ლიდერთა სიაშია მაიკლ გრინბერგის მემუარები (“Hurry Down Sunshine”) და რიკ პერლშტეინის დოკუმენტური წიგნი “ნიქსონის მიწა” (“Nixonland”).

    დილან ტომასის სახელობის პრემია ვიეტნამელ ავტორს

    დილან ტომასის სახელობის პრემია უელსის უნივერსიტეტმა საუკეთესო პროზაული, პოეტური ან დრამატული ნაწარმოებისთვის ახალგაზრდა ვიეტნამელ ავტორს, ნამ ლეს მიანიჭა მოთხრობების კრებულისათვის “ნავი”. პრემიის ფულადი ჯილდო 60 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს. 2008 წელს პრემია უკვე მეორედ გაიცა. ნამ ლე ვიეტნამში დაიბადა, გაიზარდა ავსტრალიაში, დღეს კი იგი ნიუ-იორკში ცხოვრობს. მისი სადებიუტო კრებული შვიდი მოთხრობისაგან შედგება, რომლებშიც მოქმედება ავსტრალიაში, მედელინსა და ვიეტნამში ხდება. წიგნმა კრიტიკოსებისგანაც საკმაოდ დადებითი შეფასება მიიღო. დილან ტომასის სახელობის პრემია 30 წლამდე ავტორებისთვისაა განკუთვნილი და ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა. 2006 წელს პირველად იგი რეიჩელ ტრესაიზს გადასცეს მოთხრობების კრებულისათვის “Fresh Apples”.

    The Man Asian Literary Prize – გამოვლინდა აზიური ბუკერის ლაურეატი

    აზიური ბუკერის (The Man Asian Literary Prize) 2008 წლის ლაურეატი ფილიპინელი მწერალი მიგელ სიკუხო გახდა რომანით “Ilustrado”. წიგნის გმირი – რეალურად არსებული ფილიპინელი პოეტის, კრისპინ სალვადორის მოსწავლე თავისი მასწავლებლის ცხოვრებას იკვლევს. რომანი 32 წლის მწერლის სადებიუტო ნაწარმოებია. მიგელ სიკუხო აზიური ბუკერის მფლობელი მეორე ავტორია. პრემია ენიჭებათ აზიელ ავტორებს, რომელთა ნაწარმოებები უკვე თარგმნილია ინგლისურ ენაზე, თუმცა თარგმანი ჯერ გამოქვყნებული არაა. რომანის ავტორი ჯილდოდ 10 ათას ამერიკულ დოლარს იღებს, მთარგმნელი კი – 3 ათასს. აზიური ბუკერი პირველად 2007 წელს გაიცა, ლაურეატი ჩინელი ავტორი ძიან რონგი გახდა რომანით “მგლის ტოტემი”.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი ამბები,  პორტრეტი

    Man Booker Prize-ს გამარჯვებული

    კიდევ ერთი ინდოელი დებიუტანტი

    მაგდა კალანდაძე
    14 ოქტომბერს ლონდონის სამეფო დარბაზში ბრიტანული ბუკერის მეორმოცე მფლობელი გამოვლინდა – ინდოელი არავინდ ადიგა რომანისათვის “თეთრი ვეფხვი” (“The White Tiger”) პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის ლაურეატი გახდა. ბრიტანული ჯილდო ამჯერად სადებიუტო რომანს გადასცეს, რომელმაც არაერთი პოპულარული მწერლის სახელი მოიტოვა ლონგლისტში და ჟიურის წლევანდელ გადაწყვეტილებაზე კრიტიკოსებსა თუ პრესის წარმომადგენლებს აზრთა სხვადასხვაობის, მითქმა-მოთქმის, ვარაუდებისა და არაერთგვაროვანი დასკვნების გამოტანისათვის გასაქანი მისცა. თუმცა, ამ მხრივ მხოლოდ წლევანდელი ბუკერი არ ყოფილა გამორჩეული – ლაურეატის გამოცხადება ყოველ წელს მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში ხვდება, ლონგლისტებისა და ფინალისტების გამოქვეყნებას ყველა მოუთმენლად ელოდება, იდება ფსონები, იწერება პროგნოზები, ირჩევა ფავორიტები, და ჟიურის დასკვნითი გადაწყვეტილების შემდეგ უკვე თავიდან იწყება ლიტერატურული მარათონისთვის სამზადისი.
    ბუკერის ორმოცწლიანმა ისტორიამ არაერთხელ დაადასტურა, რომ პრესტიჟურლი ბრიტანული ჯილდოს მფლობელი შეიძლება ნებისმიერი გახდეს, ის, ვინც უბრალოდ კარგ წიგნს დაწერს. კარგი წიგნების დაწერისათვის წახალისება კი ასე დაიწყო: გამომცემლობა Jonatan Cape-ს დირექტორი, ტომ მაშლერი, ჯერ კიდევ 1951 წელს პარიზში იმყოფებოდა, როცა გონკურის პრემიის გაცემის მოლოდინში ფრანგულენოვანი სამყარო ნომინანტი ავტორებისა და წიგნების შეფასება-გადაფასების, პროგნოზების, ლიტერატურული გარჩევებისა და ლაურეატის ამოცნობის ეიფორიაში იყო. ახალგაზრდა გამომცემელი მოიხიბლა ფრანგული ინტელექტუალური ციებ-ცხელებით და კომერციული თვალსაზრისითაც ამგვარი სახის ჯილდოს გაცემა მომგებიანად ჩათვალა – მისი დაკვირვებით, გონკურის პრემიის მფლობელი რომანი იმავე წელს 500.000-იანი ტირაჟით გაიყიდა, მაშინ, როცა ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟული სომერსეტ მოემის სახელობის პრემია ლაურეატი ავტორის 500-დან 1000 ტირაჟამდე წიგნის გასაღებას თუ ახერხებდა. სომერსეტ მოემის პრემია გარკვეულწილად დახურულ სივრცეში, აუდიტორიასთან ნაკლებად კონტაქტურ გარემოში გაიცემოდა, და ტომ მაშლერიც მიხვდა, რომ საჭირო იყო პროცესის შექმნა – მკითხველების თუნდაც პასიური ჩართვა ლიტერატურული ჯილდოს პოპულარიზაციაში. ამისათვის საკმარისი იყო ლონგლისტებისა და შორთლისტების მიწოდება აუდიტორიისათვის, მათი გამოცხადების მოლოდინის რეჟიმის ინსპირირება, ერთგვარი პასუხისმგებლობის გამოვლენა მკითხველის წინაშე, რაც ამ უკანასკნელთა საპასუხო რეაქციის გარანტი იქნებოდა. ტომ მაშლერის მიერ შემუშავებულმა გეგმა-სტრატეგიამ არა მარტო ფართო აუდიტორიაში გაამართლა – ლიტერატურული პრემიით დაინტერესდა კომპანია Booker-McConel-იც და საპრიზო ფონდის სპონსორობის სურვილი გამოთქვა.
    თავდაპირველად ჯილდოს ფულადი ოდენობა 21 ათას ინგლისურ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა, 2002 წელს კი მისი დაფინანსება Man-Group-მა ითავა და დღესდღეობით გამარჯვებული რომანის ავტორი 50 ათასი ფუნტი სტერლინგის მფლობელი ხდება. გვარიანად დიდი თანხის გარდა ლაურეატს ელვისებური სისწრაფით შეძენილი პოპულარობა, მრავალნიშნა ციფრებით გაყიდული ტირაჟები და მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე თარგმნა ხვდება წილად. თავის მხრივ არანაკლები ყურადღების ცენტრში ექცევიან შორთლისტში მოხვედრილი სხვა ავტორებიც. მკითხველებისთვის კი პრემიის გაცემა და მისი მოლოდინი მთელი წლის საკბილოა, ერთგვარი განგრძობითი პროცესია, რითაც ლიტერატურული პრემია თითქოს ყოველწლიურ პრესტიჟულ კინოფესტივალებსაც ემსგავსება – ადამიანები უყურებენ ფილმებს და კითხულობენ წიგნებს, ახარისხებენ კარგს და ცუდს, ახალს და ძველს, ცდილობენ, შემზადებული შეხვდნენ დაძაბული მარათონის დასკვნით ნაწილს და მიიღონ ადრენალინის ის არც თუ ისე მცირე დოზა, რომელიც საკუთარი ფავორიტის გამარჯვებას მოჰყვება. ბუკერის პრემია ლიტერატურას პოპულარულს ხდის. წლევანდელი ბუკერი, როგორც უკვე ვთქვით, მოულოდნელობებით იყო სავსე. პირველი, რამაც ყველაზე მეტი მითქმა-მოთქმა და განგაში გამოიწვია, ეს ორი ბუკერიანტის – სალმან რუშდისა და ჯონ ბერგერის შორთლისტს გარეთ დარჩენა იყო. განსაკუთრებული აღშფოთება რუშდის რომანის ფიასკომ გამოიწვია, მით უმეტეს, როცა მწერალი წელს ბუკერთა ბუკერის – პრემიის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაცმული ჯილდოს მფლობელი გახდა. შორთლისტების გამოქვეყნების შემდეგ პრესა წერდა, რომ ჟიურიმ შეგნებულად დაძირა რუშდი, და რომ მისი შორთლისტში დარჩენა წარმოუდგენელი იყო. თუმცა, დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ჟიურის წევრებმა მშვიდად განაცხადეს, რომ არავითარ დაძირვას და შეთქმულებას პოპულარული მწერლის წინააღმდეგ ადგილი არ ჰქონია, საქმე გაცილებით მარტივად იყო – უბრალოდ, მის რომანს – “ფლორენციელი ალქაჯი” (The Enchantress of Florence) – დანარჩენი ექვსი სჯობდა, რომლებიც მოხვდნენ კიდეც ფინალისტთა სიაში. შორთლისტი ასე გამოიყურებოდა: არავინდ ადიგა (“The White Tiger”), სტივ ტოლცი (“A Fraction of the Whole”), სებასტიან ბარი (“The Secret Scripture”), ლინდა გრანტი (“The Clothes on Their Backs”), ამიტავ გოში (“Sea of Poppies”), ფილიპ გენშერი (“The Northern Clemency”).
    არავინდ ადიგას გარდა ფინალისტებს შორის კიდევ ერთი დებიუტანტი – სტივ ტოლცი იყო. ადიგას რომანი კი კერი ჰულმის, არუნდატი როისა და დიბისი პიერის რომანების შემდეგ მეოთხე სადებიუტო წიგნია, რომელმაც ბუკერის პრემია მიიღო. მართალია, დამწყები ავტორების პოპულარიზაციისა და წახალისებისთვის ლიტერატურული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო საუკეთესო ტრამპლინი უნდა იყოს და რაღაც მხრივ ასეც არის – თუ წამებში მოპოვებულ მსოფლიო პოპულარიბას ვიგულისხმებთ, – მაგრამ თუკი ბუკერის მფლობელ დებიუტანტებს დავაკვირდებით, ეს წარმატება უფრო ერთჯერადია და მათი მწერლური მისწრაფებაც მთელი სისრულით რატომღაც მხოლოდ პირველ რომანში ვლინდება. რამდენად აღმოჩნდება ბუკერი მისი წლევანდელი ლაურეატისთვისაც დათვური სამსახური, ამის პროგნოზირება ჯერ ძნელია, მით უმეტეს, რომ ინდოელი ავტორი ინტერვიუებში აცხადებს, მწერლობა ჩემი ოცნება იყოო.
    არავინდ ადიგა მადრასში დაიბადა, კოლუმბიის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა Financial Times-ის კორესპონდენტად დაიწყო. ადიგა მეოთხე ინდოელი ავტორია, რომელიც ბუკერის პრემიის მფლობელი გახდა. მანამდე მისი თანამემამულეებიდან სალმან რუშდის, არუნდატი როისა და ვ.ს. ნაიპოლს ერგოთ ბრიტანეთის პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო. გარდა ამისა, წლევანდელი ლაურეატი ბენ ოკრის, 1991 წლის გამარჯვებულის, შემდეგ ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც ბუკერის პრემია მიიღო – ადიგა 33 წლისაა, მისი წინამორბედი კი მასზე ერთი წლით უმცროსი გახლდათ. ჟიურის თავმჯდომარემ, მაიკლ პორტილომ, აღნიშნა, რომ ინდოელი მწერლის რომანი ჟიურის ყველა წევრმა ერთხმად და ყოველგვარი აზრთა სხვადასხვაობის გარეშე დაასახელა საუკეთესოდ, “თეთრი ვეფხვის” (ასე უწოდებს ავტორი მთავარ პერსონაჟს) თავგადასავალმა საერთო აღტაცება დაიმსახურა. ადიგას რომანის მთავარი გმირი, ბალრამ ჰალვაი, ვრცელ წერილს სწერს ჩინეთის პრემიერ მინისტრს, რომლის სტუმრობასაც დელიში ელოდებიან. წიგნი სწორედ ამ წერილებისგან შედგება, პერსონაჟიც თავის თავგადასავალს უცხო ქვეყნის წარმომადგენელ სახელმწიფო მოხელეს უყვება და ინდოეთის ბნელი და ნათელი, კარგი და ცუდი მხარეების შესახებ ესაუბრება. თურმე ნახევარკუნძულის ზღვისკენ მიმართული მხარე – ეს “ნათელი ინდოეთია”, განგას სანაპიროები კი – “ჯურღმული”; თურმე დელიში მხოლოდ ორი სოციალური ფენა არსებობს – ტიპები დიდი ღიპებით, და ღიპის გარეშე. ალბათ ჰალვასაც, რიგით მძღოლს, ღიპიანებს რიგში გადანაცვლება მოუნდა, როცა თავისი უფროსის მკვლელობაში მიიღო აქტიური მონაწილეობა და ამით თავისი ფინანსური მდგომარეობა და სოციალური სტატუსიც რადიკალურად შეცვალა. ადიგას თქმით, მისი წიგნი სულაც არ არის სოციალური ფენებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი დიფერენციაციების შესახებ, პირიქით, ამაზე წერა საკმაოდ მოსაწყენია და მის რომანში აღწერილი თავგადასავალი აბსოლუტურად განსხვავებულ კონტექსტს მოიცავს. მწერალმა ახლახანს თავისი მეორე წიგნი – “პოლიტიკურ მკვლელობებს შორის” (“Between the Assassinations “) გამოსცა, რომელიც, როგორ თვითონ აღნიშნა, პრიზიორ რომანზე ადრე ჰქონდა დაწერილი, თუმცა კი რომანში გაცხადებული პოლიტიკური შეხედულებებისა და მოტივების გამო მის გამოცემაზე აქამდე თავს იკავებდა. ახლა კი არავინდ ადიგა ცნობილი მწერალია, უფრო მეტიც – იგი ბრიტანული ბუკერის მფლობელია და თავს უფლებას აძლევს, დაწეროს ის, რაც უნდა და თქვას ის, რისი თქმის სურვილიც აქვს – მას ნებისმიერ შემთხვევაში მსოფლიო მოუსმენს და წაიკითხავს.

    სტატია დაიწერა 2008 წლის ოქტომბერში


    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი ამბები,  ახალი წიგნები

    იოსებ გრიშაშვილის "100 ლექსი"

    აღმოსავლური პოეზია ქალაქური ფოლკლორით

    იოსებ გრიშაშვილის “100 ლექსის” შესახებ


    თამარ კიკნაველიძე

    გამომცემლობა “ინტელექტის” სერიას, სახელწოდებით “100 ლექსი”, კიდევ ერთი პოეტის – იოსებ გრიშაშვილის ლექსების კრებული შეემატა. ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ავტორის სახელობის ბიბლიოთეკა მუზეუმში, რომელიც, სტუმრებთან ერთად, ისტორიულმა არღანმა და კინტოებმაც გამოაცოცხლეს.როგორია წიგნი, რომელიც კახმეგ კუდავას საგამომცემლო პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა? მასში თავმოყრილი ლექსების უმრავლესობა იოსებ გრიშაშვილის შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის ცნობილია. კრებული შეადგინა ნოდარ გრიგორაშვილმა, რომელიც პოეტის შთამომავალი და მისი სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმის ხელმძღვანელია.”იოსებ გრიშაშვილმა უნიკალური გამოცემების შეგროვება 4 წლიდან დაიწყო და 1963 წლამდე არ შეუწყვეტია. აქ დაცულია მრავალმხრივ საინტერესო ლიტერატურა, მათ შორის, მხატვრული, ისტორიული და ეთნოგრაფიული. ასევე, გამოცემები, რომლებიც საქართველოსა და კავკასიაზეა, XVIII-XIX საუკუნეების წიგნები, რომლებიც ავტორთა (ალექსანდრე პუშკინის, გავრილ დერჟავინის, ივანე ტურგენევის, ილია ჭავჭავაძის, ივანე მაჩაბლის და ა.შ.) სიცოცხლეშივე დაიბეჭდა. მათ ავტოგრაფებიც ახლავს. აქ ინახება 1910-იანი წლების უიშვიათესი პრესა, ძირითადად სატირულ-იუმორისტული, რომელთა უმრავლესობაც ჩვენი საზოგადოებისთვის უცნობია. ჩვენთან არის ის, რაც ცენზურამ გაანადგურა, ან აკრძალა, მაგალითად: 1907-08 წლებში გამოცემული ალმანახი “ნიანგი”, 1913 წლის აკაკი წერეთლის “ჩემი ნაწერები”, რომლის პირველ გამოცემაშიც ერთი თაბახი დაეთმო პოემას, სახელწოდებით “ვირონცოვი”, რომელიც ამოიღეს და ხელმეორედ გამოსცეს. ბიბლიოთეკაში სამასამდე წიგნია ისეთი, რომლებიც ბიბლიოგრაფიაში არ არის შეტანილი. ისინი 1629-1920 წლებშია დაბეჭდილი”, – გვითხრა ნოდარ გრიგორაშვილმა (იოსებ გრიშაშვილის დის შვილიშვილი), რომელმაც ბიბლიოთეკა-მუზეუმში მუშაობა სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო. ეს კულტურული კერა ოფიციალურად 1969 წელს, ნიკო მუსხელიშვილმა გახსნა. ახლანდელი ექსპოზიციის ავტორია ავთანდილ ვარაზი. იქ დაცული მასალებით, ქართველების გარდა, სარგებლობდნენ და სარგებლობენ მკვლევარები გერმანიიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან და ა.შ.
    – რას გვეტყვით კრებულზე, რომელიც თავად შეადგინეთ?
    ნოდარ გრიგორაშვილი: – ბიბლიოთეკა-მუზეუმში ცალკე ინახებოდა იოსებ გრიშაშვილის დაუბეჭდავი ლექსები, რომლებიც წლების განმავლობაში არავის უნახავს და წაუკითხვას. მათ შორის 50 ლექსი პირველად 1992 წელს დაიბეჭდა. ამ ორმოცდაათიდან დაახლოებით 40 შესულია კრებულში “100 ლექსი”, რომელშიც ლირიკულის გარდა, მაშინდელი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ შექმნილ ლექსებსაც აღმოაჩენთ. ამ ყოველივეს კი სათანადო მოვლა-პატრონობა სჭირდება. მე რაც შემეძლო ყოველთვის ვაკეთებდი, მაგრამ ბევრი რამ ჩემს ძალებს აღემატება, მაგალითად ის, რომ შენობაში ჩამოდის წყალი, არ მუშაობს სიგნალიზაცია, დაზიანებულია ფასადი…
    – ვის დაქვემდებარებაშია მუზეუმი?
    – ერთ დროს მეცნიერებათა აკადემიას ეკუთვნოდა, მაგრამ აკადემია გაუქმდა და ახლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას ექვემდებარება. ეს უკანასკნელი ბიბლიოთეკა-მუზეუმს ვერც უვლის და ვერც ეხმარება, ამიტომაც გვინდა მისი დაქვემდებარებისგან გავთავისუფლდეთ. ამ საქმეში გვერდით გვიდგას მერია, სხვებიც, რომლებსაც სურთ გადავარჩინოთ ის, რაც მართლაც უნიკალურია. უიშვიათესი გამოცემების გარდა, ჩვენთან დაცულია XIX საუკუნის ძველი თბილისის ფოტოები, აფიშები, პროგრამები, ნოტები, გრამფირფიტები, მუსიკალური საკრავების კოლექცია, მემორიალური ნივთები, ხელნაწერი წიგნები და ა.შ.
    ასეთ მდგომარეობაშია საქართველოს სახლ-მუზეუმების უმრავლესობა. თუმცა, იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში დაცულ მასალას, რომ განსაკუთრებული დაცვა და გარფთხილება სჭირდება, ფაქტია. ვიმედოვნებთ, რომ თბილისის მერია მის გადარჩენაზე სათანადოდ იზრუნებს.
    ცალკე განხილვის თემაა პაატა ნაცვლიშვილის მიერ დაწერილი წინასიტყვაობა, რომელიც იოსებ გრიშაშვილის ლექსებს ერთვის. ეს წერილი ვრცელია და საინტერესოდ წარმოაჩენს ამ პოეტის შემოქმედებასა და დამსახურებას.
    რატომ იყო იოსებ გრიშაშვილი განსაკუთრებული მოვლენა ქართულ პოეზიაში? ამ კითხვას დასვამს ყველა, ვისაც არ წაუკითხვას მისი “მაჯამა”, “რა კარგი ხარ, რა კარგი!”, “ყურთბალიში”, “ტრიოლეტი შეითანბაზარში”, “ქორწილი ჩემს უბანში”, “წერილები ბოთლში”, “გამოთხოვება ძველ თბილისთან”, “გაბზარული გული”, “გენიოსსების ბედი თბილისის ბაზარზე”, “უცხოეთისკენ”, “მაგიდა”, “ჟამი განხდა”, “”ნარინჯიანო , “ჩემი აღმართი”, “ეპიტაფია”, “თბილისი იყო ჩემი ლექსის მასწავლებელი”და ა.შ. მის პოეზიაც ისეთივე გზასაყარია აღმოსავლეთისა და დასავლეთის, როგორც ჩვენი სამშობლო – საქართველო. ამასთან დაკავშირებით პაატა ნაცვლიშვილი აღნიშნავს: “გრიშაშვილის პოეზია სავსეა აღმოსავლური სახეებით, აღმოსავლური სიმბოლოებით, მეტაფორებითა და შედარებებით – ვარდებითა და ნარგიზებით, სუმბულებითა და ზამბახებით, მიხაკებითა და სოსნებით, მთვარითა და ვარსკვლავებით, ზურნითა და ქამანჩით, ხავერდითა და აბრეშუმით, გვირისტითა და ბადახშეულით, ბულბულებითა და იადონებით, პეპლებითა და ფარვანებით, მარჯნებითა და სპილოებით, ხოხბებითა და ფარშევანგებით, ლეილებით, გულნარებით, ზეინაბებითა და ხათუნებით… აი, აღმოსავლური გავლენის ერთი მკაფიო ნიმუში გრიშაშვილის პოეზიიდან:

    რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა,
    ზღვისფერთვალება,
    თმებზე ღამე გიცინის, პირზე –
    დღის ბრწყინვალება.
    რა კარგი ხარ, რა კარგი! შუშპარა
    და მჩქეფარე!
    როცა მოვკვდე, გენაცვა, ძეგლად
    გადამეფარე.
    სიომ ძლივს ინახულა, სადაც
    გძინავს, ის ბინა
    და შენს ტუჩზე გულნარას ვარდი
    ააბიბინა;
    სპილომ ძვლები დაიფშხვნა
    რამდენიმე წვრილ კბილად
    და მარჯნებში ჩაგიბა მარმარილოს
    ბორკილად…”

    აღმოსავლეთის პარალელურად, პოეტს, როგორც ჩანს, დასავლეთიც იზიდავდა და “ევროპაში გაჭრას” ცდილობდა. ამის სამაგალითოა ბარათი, რომელიც იოსებ გრიშაშვილს 1923 წლის 24 მაისს დაუწერია. ეს წერილი ერთ დროს ინახებოდა თამარ და აკაკი პაპავების არქივში, რომელიც 1997 წელს პაატა ნაცვლიშვილმა არგენტინიდან ჩამოიტანა და დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. აი, რას წერს იოსებ გრიშაშვილი: ,
    ,ძვირფასო აკაკი!
    როგორა ხარ? მე კი ძაან ქესატად ვარ ორივმხრივ. მოკლედ: მინდა გერმანეთში მოვიდე – თვალს გავაღებ და ამასთანავე ჩემს პოეზიას უფრო მეტი კიდეგანობა ექმნება.
    აქ ვერც ერთ გაზეთში ლექსი ვერ მივიტანე. ხომ იცი, ჩემი ლექსი უფრო ქალებს დასტრიალებს, ზექვეყნიურია და შეკვეთით ვერ დავწერე ვერაფერი: “ლომოსი” აღარ გამოდის…
    მომწერე საჩქაროდ:
    1. შეიძლება თუ არა ჩამოვიდე შენთან? (ბინას დავიდებ სამსონთან ან ჭიაურელთან).
    2. საგზაო ფულს თან წამოვიღებ.
    3. ხოლო ერთ ლუკმა პურს ნუ დამაყვედრებ და დროებით დამაოკე.
    4. ვიზა, არ ვიცი, საიდან სჯობია…
    აქ ძალიან ძნელია ვიზის მიღება – ისევ მანდედან მომიხერხე – რომ როგორც სტუდენტი, ენები მინდა ვისწავლო სრ. საქ. მწერალთა კავშირის დადგენილებით.
    5. თამარი ისე წავიდა, ისე ქაფურივით გაჰქრა მისი ბრგემოსილობა, რომ ვერაფერი ვერ გამოვატანე: ახალი წიგნები კი (მაგ.აბაშელისა, სანდრო ეულისა და სხვ.) ბევრი გამოვიდა.
    6. აკაკი!.. იცოდე ჩემი მომავალი შენზეა დამოკიდებული: მართალია, ბევრს გაწუხებ მაგრამ მე უფრო მინდა განვითარება: მწყურია ჰორიზონტი. თუ უარს მეტყვი, მერე ინანებთ, მაგრამ გვიან იქნება.
    ველი წერილს, მარშრუტის ავანჩავანს (დარიგებას) და ვიზას უსათუოდ. მოელაპარაკე სხვებსაც. შენი სოსო”.
    იოსებ გრიშაშვილი ევროპაში ვერ წავიდა, მაგრამ პოპულარული გახდა სამშობლოში. “სხვათა შორის, ეს ლექსი (“რომანსი” – თ.კ.) აკაკი წერეთელს საკუთარი ხელით გადაუწერია და იოსებ გრიშაშვილის საღამოზე წაკითხულ თავის მოხსენებაში ჩაურთავს 1914 წლის 23 აპრილს. თავისთავად მრავალმნიშვნელოვანი ჟესტია პოპულარობის ზენიტში მყოფი მხცოვანი პოეტისაგან 25 წლის ყმაწვილის საიუბილეო (!) საღამოზე მოხსენებით გამოსვლა, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აკაკის ამის შემდეგ ერთი წელიც აღარ უცოცხლია, შეიძლება ვთქვათ, რომ მან ერთგვარად ესტაფეტა გადასცა გრიშაშვილს, პოპულარობის ესტაფეტა, თუმცა გრიშაშვილი აკაკის სიცოცხლეშიც საკმაოდ პოპულარული იყო. რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ 1910 წელს ქუთაისში გამართულ ილიას ხსოვნის საღამოზე თბილისიდან მხოლოდ ვაჟა-ფშაველა და 21 წლის გრიშაშვილი მიუწვევიათ; აკაკის სიკვდილის შემდეგ კი არცერთ პოეტს არ ღირსებია საქართველოში ისეთი პოპულარობა, როგორიც იოსებ გრიშაშვილმა მოიხვეჭა. იყო პერიოდი, როცა მას კვირაში ორ-სამ საღამოს უმართავდნენ, რომელთაც უამრავი ხალხი ესწრებოდა”, – წერს პაატა ნაცვლიშვილი, რომელიც საუბრობს მის წარმომავლობაზე, აღმოსავლურ პოეზიასა და ქალაქურ ფოლკლორზე ამოზრდილ პოეტზე, კრიტიკოსებზე, რომლებმაც მისი შემოქმედება განიხილეს და კიდევ იმაზე, რაც, თითქოსდა, დავიწყებას მიეცა. “… ბევრმა როდი იცის, რომ ძველი თბილისის ფენომენი და თავად ეს სიტყვაშეთანხმება “ძველი თბილისი” სწორედ იოსებ გრიშაშვილმა შემოიტანა და დაამკვიდრა ქართულ აზროვნებაში. შემთხვევითი არ არის, რომ მისი გაუხუნარი წიგნი “ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა” ბოლო სამი წლის განმავლობაში სამჯერ გამოიცა – ქართულად თბილისში და ერთხელ – გერმანულად ბერლინში. ბევრმა არ იცის, რომ გრიშაშვილმა შეადგინა “ქალაქური ლექსიკონი”, რომელშიც მრავალი ისეთი სიტყვაა, თითქმის ყოველდღე რომ ვხმარობთ და სხვა არც ერთ ლექსიკონში არ არის. ბევრმა უკვე არ იცის, რომ გრიშაშვილის ლექსიდანაა დღეს ასე ხშირად ციტირებული ფრაზა: საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო / და თბილისი – შიგ ჩასმული ბადახში. …დღევანდელმა თაობამ ისიც ნაკლებად იცის, რომ იოსებ გრიშაშვილმა საქართველოს თავისი მრავალმხრივი და მდიდარი შემოქმედების გარდა დიდი მატერიალური განძიც დაუტოვა – ეს გახლავთ მისი უნიკალური ბიბლიოთეკა, რომლის მრავალტომიანი კატალოგი მოცულობით უფრო მეტია, ვიდრე გრიშაშვილის დღემდე გამოცემული ორივე ხუთტომეული ერთად აღებული და რომელიც იოსებ გრიშაშვილის სხვა კოლექციებთან ერთად მისი სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმშია დაცული ძველ თბილისში, პოეტის მშობლიურ უბანში -ხარფუხში”, – წერს იოსებ გრიშაშვილის “100 ლექსის” წინასიტყვაობის ავტორი და მოგვიწოდებს ამ წიგნით ძველი პოეტი თავიდან აღმოაჩინოთ!

  • ახალი ამბები

    მომგებიანი "ბოროტების ყვავილები"


    შარლ ბოდლერის ლექსების კრებულის პირველი გამოცემა, რომელსაც თან პოეტის ავტოგრაფიც ახლდა, პარიზში ორგანიზებულ აუქციონზე 755 ათას ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია Agence France-Presse-მა გაავრცელა.
    ეს ლოტი რეკორდული აღმოჩნდა კრებულისთვის, რომელიც 1857 წელს გამოიცა და მისი ტირაჟი 1100 იყო. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს Sotheby-ს საუქციონზე წიგნი პირველი ტირაჟიდან მინაწერით მხატვარ ეჟენ დელაკრუასადმი 560 ათას ევროდ შეიძინეს.
    1845 წლით დათარიღებული წერილი, რომელიც ბოდლერმა მისი ნდობით აღჭურვილ იურიდიულ პირს, ნარსის ანსელიუს მიწერა და სადაც პოეტი აცხადებს, რომ თავის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, 225 ათას ევროდ გაიყიდა. ეს ლოტიც რეკორდული აღმოჩნდა ცნობილი პოეტების მიერ დაწერილ წერილებს შორის ღირებულების თვალსაზრისით.
    აუქციონზე სულ 180 ლოტი იყო გამოტანილი. მათ შორის ბოდლერის წერილები, წიგნები და ნოვთები, რომელბიც მას ეკუთვნოდა, ან უკავშირდებოდა. ორგანიზატორებმა მოიგეს დაახლოებით 4,05 მილიონი ევრო, რაც მოსალოდნელს ორჯერ აღემატება.
    “ბოროტების ყვავილები” (Fleurs du mal) 1857-1868 წლებში სამ გამოცემად დაიბეჭდა. 1857 წელს კრებულის გამოცემამ სკანდალი გამოიწვია – ბოდლერი საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც ტირაჟის ნაწილი აღარ გაავრცელეს, პოეტი კი 300 ათასი ფრანკით დააჯარიმეს. მისი ლექსების გამოცემაზე აკრძალვა ფორმალურად მხოლოდ 1949 წელს გაუქმდა.
    პარიზში დააბდებული პოეტის მამა, ფრანსუა ბოდლერი, მხატვარი იყო და შვილს ელოვნების სიყვარულს ადრეული ასაკიდან უნერგავდა. შარლმა მამა 6 წლის ასაკსი დაკარგა, მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, დედამისი სხვას გაჯყვა ცოლად და ბიჭს მამინაცვალთან უერთიერთობა არ აეწყო. 1
    11 წლის იყო შარლი, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად ლიონში გადავიდა. ის პანსიონს მიაბარეს. 1836 წელს ბოდლერი დაბრუნდა პარიზში და სწავლა განაგრძო წმინდა ლუდოვიკოს სახელობის კოლეჯში, საიდანაც გამოაგდეს. 1841 წელს ის სამოგზაუროდ გაუშვეს, რათა “ცუდი გავლენებისგან დაეცვათ”. ცოტა ხანში მას მამის მეკვიდრეობა ერგო, მაგრამ მისი გაფლანგვა დაიწყო და 1844 წელს მემკვიდრეობის მართვა სასამართლომ შარლის დედას გადასცა. როდის დაიწყო წერა? ცნობილია, რომ მაშინ, როდესაც მამის მემკვიდრეობა მიიღო და უდარდელ ცხოვრებას ეწეოდა. “ბოროტების ყვავიების” გაკრიტიკებისა და აკრძალვის შემდეგ, ის პოეზიას 1860 წელს მიუბრუნდა და გამოაქვეყნა კრებული, რომელშიც პროზად მოცემული ლექსები გაერთიანდა. 1864 წელს გაემგზავრა ბელგიაში, სადაც ორ წელზე მეტი დაჰყო. იქ მან გონება დაკარგა და ქვის კიბეზე დაეცა. ის პარიზში გადაიყვანეს და მოატავსეს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ის მონპარნასის სასაფლაოზე დაკრძალეს.

    © “24 საათი”

  • ახალი ამბები,  რეპორტაჟი

    ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2002


    საყვირი და ტაში
    ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2002
    ანა კორძაია-სამადაშვილი

    ოქტომბრის დასაწყისში “24 საათის” დანართის, “წიგნების” გამოსვლა სწორედ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დღეებს დაემთხვა, და ჩვენ ვეცადეთ მკითხველისთვის ამ ზეიმის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ მოგვეთხრო. 13 ოტომბერს კი 2002 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დასრულდა და ჩვენ კვლავ მას ვუბრუნდებით. თუმცა გერმანული პრესა ერთსულოვნად ამტკიცებს, წლევანდელ ბაზრობას აშკარად დეკადანსის ნიშნები ეტყობოდაო, გამომცემლები და დამთვალიერებლები მაინც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ – ფრანკფურტი მაინც ფრანკფურტია…
    ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დასრულებას სტუმრებს, ტრადიციულად, ორი რამ ამცნობს: ჯერ საყვირის ხმა ისმის, შემდეგ კი უზარმაზარ დარბაზებში დარჩენილი ხალხი, რომელიც, ძირითადად, ბოლო დღეს უფასოდ დარიგებული წიგნების მოპოვებითაა დაკავებული, ტაშს უკრავს. სიმბოლურად ეს ორი ქმედება შესანიშნავად ეთავსება ერთმანეთს: წლევანდელი ბაზრობის დამთავრება მომავალი ბაზრობის დასაწყისის ნიშანია.
    გერმანელმა ჟურნალისტებმა 2002 წლის ბაზრობის დასკვნით საყვირს “ეკონომიკური თვალსაზრისით ყმუილი” უწოდეს – მაინც წაკბინეს ევროს: “კრიზისი, რომელშიც წიგნის ბაზარი აღმოჩნდა, ეკონომიკური კრიზისითაა განპირობებული… თუმცა სტატისტიკური მონაცემები თითქოს პოზიტიური იყო, წიგნის კრიზისი აშკარად დაწყებულია, და ამის მიზეზი არამარტო საერთო ეკონომიკური მდგომარეობაა, არამედ საზოგადოებრივი განწყობაც – მაგალითად, 11 სექტემბრის მოვლენების შედეგად მიღებული შოკიც,” განაცხადა “შპიგელმა”.
    სად წიგნი და სად 11 სექტემბერი… მაგრამ, როგორც ჩანს, უბრალოდ ვერაფერი გამიგია, “შპიგელის” ავტორიტეტი ხომ ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი.
    “ფრანკფურტის წლევანდელ წიგნის ბაზრობაზე ამერიკელი და ევროპელი ლიტერატორები ერთად გლოვობენ 11 სექტემბერს დაღუპულებს. დიდი დრო გავიდა, მაგრამ ეს განწყობა მაინც ყველა დარბაზში მძაფრად იგრძნობა,” წერს “შპიგელი” ბაზრობის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ ანგარიშში (ციტირებული ქვეთავის სახელწოდებაა “ახალგაზრდა და მუნჯი?” – თურმე ახალგაზრდა ავტორებს პოლიტიკური თემები ნაკლებად აღელვებთ). სტატია ძირითადად ამერიკულ-ევროპული ერთობის ფრიად საორჭოფო საკითხებს ეძღვნება: რამდენად ევროპულია გერმანული გზა, რამდენად დასავლურია ამერიკული? რა აქვთ მათ საერთო? ამ საკითხებზე დაფიქრებას სთავაზობენ გერმანელი ინტელექტუალები ახალგაზრდა მოაზროვნეებს.
    11 სექტემბრის თემა გერმანიაში საერთოდ დიდ პრობლემად იქცა. დღეს ის დაახლოებით ისეთივე სიმძაფრისაა, როგორიც გონებაჩამორჩენილებსა და ებრაელებთან დაკავშირებით “ეროვნული ცოდვის” განცდა. ეს უკანასკნელი კი უკვე კომიკურ ხასიათს იღებს. თავად განსაჯეთ:
    12 ოქტომბერს, ბაზრობაზე, დარბაზში “დიმენზიონ”, გაიმართა საუბარი მარსელ რაიხ-რანიცკისთან, სწორედ იმ ლიტერატურულ კრიტიკოსთან, რომლის “დაჩაგვრის” გამოც მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარტინ ვალზერი ანტისემიტად და ერის შემარცხვენლად იქნა წოდებული. საუბრის თემა იყო “კანონი – გერმანული ლიტერატურა. რომანები”, ანუ “რა უნდა ვიკითხოთ”.
    თავად “კანონი” შემდეგში მდგომარეობს: სექტემბერში, მას შემდეგ, რაც მარტინ ვალზერის “კრიტიკოსის სიკვდილთან” დაკავშირებული სკანდალი ოდნავ მიწყნარდა, რაიხ-რანიცკი კი ერთიათად პოპულარული გახდა, წიგნის მაღაზიებში გაჩნდა “ყველაზე მნიშვნელოვანი გერმანული რომანების” ოცტომეული, გამოცემული მარსელ რაიხ-რანიცკის მიერ. ეს სიამოვნება სულ რაღაც 149,90 ევრო ღირს.
    ფრანკფურტში შეკრებილი საზოგადოება ავტორს შემდეგი კითხვებით მიმართავდა: რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ეს რომანები? რამდენად მისაღებია სადღეისოდ ასეთი ნორმატიული ნუსხის არსებობა? რაიხ-რანიცკი ერთობ მჭერმეტყველია და, ცხადია, მსმენელთა ნაწილის თავის სიმართლეში დარწმუნება შეძლო. ნაწილი კი კვლავ იმ აზრისა დარჩა, რომ გოეთესა და კაფკას გარდა სხვა, არანაკლებ ფასეული ლიტერატურაც არსებობს. მაგალითად, ლიტვური.
    არამარტო გამომცემლები, არამედ “ჩვეულებრივი მოკვდავებიც” აღფრთოვანებით მიყვებოდნენ მსოფლიო წიგნის ბაზარზე ნაკლებად ცნობილი ლიტვური ლიტერატურის შესახებ – წელს ლიტვა ბაზრობის სტუმარი ქვეყანა იყო და ამიტომ მეტ-ნაკლებად სრულად შეძლო თავისი კულტურის და თანამედროვე ლიტერატურის წარდგენა. ჩემი “ინფორმატორები” კადნიერად ირწმუნებიან, რომ რაიხ-რანიცკის მიერ შემოთავაზებული წიგნების გარდა ამ ნაწარმოებების წაკითხვაც ღირს.
    ლიტვური ლიტერატურის შესახებ უმჯობესია თავად იმსჯელოთ. თუმცა ქართველები თარგმანების სიმრავლეს ვერ დავიკვეხნით, ზედაპირული გაცნობისათვის ჟურნალ “არილის” ორი წლის წინანდელ ნომერს შემოგთავაზებდით, სადაც წლევანდელი ფრანკფურტის ბაზრობის სტუმრების ნაწარმოებებიცაა გამოქვეყნებული. ხოლო რაც ლიტვაში წიგნის საქმის განვითარებას შეეხება, თავად იმსჯელეთ:
    პაწაწინა ლიტვაში, რომლის სახელმწიფო ენაც ლიტვურია (ანუ მომხმარებელი მხოლოდ ლიტველი შეიძლება იყოს), წიგნები არნახული რაოდენობით იყიდება. ბესტსელერების ტირაჟი 12-დან 20 ათასამდე აღწევს. ლიტვაში არსებობს 200-მდე “რეალური” გამომცემლობა (შედარებისთვის: საქართველოში – არაუმეტეს ათისა). მოკლედ, ლიტველებმა ფრანკფურტში დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. პირად საუბარში ამის შესახებ ქართველმა გამომცემელმა, ბაკურ სულაკაურმა მიამბო.
    ბაკურის აზრს წლევანდელი ბაზრობის შესახებ სავსებით ვენდობი: 1996 წლიდან, მას შემდეგ, რაც ფრანკფურტში სოროსის ფონდის დახმარებით პირველი ქართული გამომცემელთა ჯგუფი გაემგზავრა (ირინა აბულაძე, ბაკურ სულაკაური, ოთარ ყარალაშვილი და გიორგი ბაგრატიონი), ის შემდგომაზე ყოველწლიურად მიემგზავრება ხოლმე ფრანკფურტში, არამარტო იმის გამო, რომ იქ ყოფნა მოსწონს (მაგალითად, ჩემსავით), არამედ იმის გამოც, რომ ბაზრობის მნიშვნელობა ზუსტად გაიგო – აქ საუკეთესო კონტაქტების დამყარების საშუალება არსებობს.
    ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართული წიგნის განვითარების საქმეში: ჩვენც ვისწავლეთ, ასე თუ ისე, სტრუქტურა შევქმენით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის გარდა საგამომცემლო საქმიანობა საქართველოში ფაქტობრივად არსად ვითარდება – სხვა თუ არაფერი, წიგნის მაღაზიები არ არსებობს. ჩვენს ქვეყანაში გაყიდული წიგნების რაოდენობა ყოველწლიურად 100-150 პროცენტით იზრდება. თავად ბაკურის თქმით, თუ მომავალშიც ამ ტემპით განვაგრძეთ განვითარება, შესაძლოა, ათიოდე წლის შემდეგ ჩვენც მივცეთ თავს იმის უფლება, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანა გავხდეთ.
    მართლაც, სულ რაღაც ხუთი წლის წინათ წარმოუდგენელი იყო, რომ საქართველოში ოთხი თვის განმავლობაში (თან ზაფხულში) წიგნის 5000 ეგზემპლარი გაიყიდებოდა. ბაკურმა სიცილით მითხრა, ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ასე იქნებოდა, თორემ ამ საქმეს ხელს ნამდვილად არ მოვკიდებდიო. თუმცა, ასეთ სწრაფ წარმატებას არც ის ელოდა. ერთადერთი პრობლემა ალბათ ისაა, რომ ბაზრის გაძლიერებისთვის მრავალი, თუნდაც პატარა გამომცემლობების არსებობაა საჭირო, რადგან ძნელი დასაჯერებელია, რომ სულ რამდენიმე გამომცემელი წელიწადში ათასობით დასახელების წიგნის გამოცემას შეძლებს.
    ასე, წელს ქართულ სტენდზე მხოლოდ 100-მდე დასახელების წიგნი იყო გამოფენილი. 12 კვ. მეტრიანი სტენდი საკმაოდ უჩვეულო სანახავი ყოფილა – ორად გაყოფილი. ერთ ნაწილზე წიგნებს “ქართველ გამომცემელთა ასოციაცია” წარმოადგენდა, მეორეზე კი, რომელსაც “საქართველო” ეწერა – “ქართველ წიგნის გამომცემელთა ასოციაცია”. ქართველები ხომ ერთობას ვერ ვუძლებთ. იქნებ ამიტომაცაა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამ ორი წლის წინათ ჩვენთვის არცთუ ხელსაყრელი გადაწყვეტილება მიიღო: სხვა განვითარებადი ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჩვენ ბაზრობის ხარჯებით არცერთი გამომცემლის გამგზავრება არ შეგვიძლია. რატომ მოხდა ასე, დანამდვილებით ვერ გეტყვით, სამწუხარო კია.
    წელს ფრანკფურტში ჩვენგან მხოლოდ სამი გამომცემელი იყო ჩასული – თინათინ დიდებულიძე, ლაშა ბერაია და ბაკურ სულაკაური. გამომცემელთა სიმცირე მათი პასიურობით განპირობებული არ ყოფილა – ზოგს ვიზის აღება გაუჭირდა, ზოგს პასპორტის გაკეთება დაუგვიანდა. ერთ-ერთი მიზეზი კი ყველას, ვინც ფრანკფურტს ბაზრობის დროს არ სწვევია, სასაცილოდაც შეიძლება ეჩვენოს: წლების განმავლობაში ქართველ გამომცემელთა “შემკედლებელი”, მშვენიერი და იაფიანი პანსიონის მფლობელი ქ-ნი მარია-ელიზაბეტ რაინვალდი ავად გაგვიხდა და ლამის გამგზავრების წინა დღეს აღმოჩნდა, რომ ბაზრობის გამო სტუმრებით სავსე ფრანკფურტში სხვა თავშესაფრის შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო…
    მიუხედავად ყველაფრისა, ქართველები კვლავ ვიყავით მსოფლიოს უდიდეს წიგნის ბაზრობაზე და, იმედია, კვლავ წარმატებით. გარდა სხვა გამომცემლებისაგან ამა თუ იმ წიგნზე საავტორო უფლებების მიღებისა, ბაკურ სულაკაური ახლა ჩვენი ავტორების “გაყიდვის” თაობაზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს. ვისზე ან რაზეა საუბარი, არ დაუკონკრეტებია. მე კი ვისურვებდი, რომ ყველაფერი საუკეთესოდ წარიმართოს: ეს მხოლოდ ბაკურის კი არა, ალბათ მთელი საქართველოს გამომცემლების წარმატება იქნებოდა.
    P.S. ცნობისთვის: გერმანული მედიები ერთხმად იძახიან, რომ წელს წიგნის ბაზარი ლიტერატურულმა აგენტებმა საბოლოოდ დაიპყრეს. ამ პროფესიის ხალხი სულ უფრო ძლიერდება და სულ უფრო მეტ ძალაუფლებას იძენს. გამომცემლობებს დაუფარავად ეშლებათ ნერვები: ლიტერატურული აგენტების ძირითადი სიხარული ხომ გამომცემლების ერთმანეთზე გადაკიდებაა. სამაგიეროდ, ავტორები ხარობენ – აგენტების წყალობით, ისინი გამომცემლებს ბევრად უფრო ძვირი უჯდებათ. კარგი პროფესიაა. იქნებ საქართველოშიც განვითარებულიყო?!

    სტატია გამოქვეყნდა 2002 წელს

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ახალი ამბები,  კრიტიკა

    საქმე არც ისე ცუდადაა – ლიტერატურული პრემია "საბა"

    ნინო ხიდაშელი

    გამოქვეყნდა გასულ წელს, წერილი ეხება “საბა 2008”-ს.

    საქართველოში ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოების ცერემონიალი 5 ივნისის საღამოს თიბისი ბანკის შიდა ეზოში გაიმართა. ყველაფერი ისე იყო, როგორც უკვე მივეჩვიეთ – განათებული და მორთული ეზო, საზეიმო განწყობა, გახარებული ლაურეატები და ცოცხალი მუსიკა – თიბისი ბანკმა უკვე მეხუთედ მოუწყო ზეიმი მწერლებსა და ლიტერატურის მოყვარულებს.
    ლიტერატურულ პრემია “საბას” განსაკუთრებულ ხიბლს, ალბათ, მაინც ის სძენს, რომ ამ პრემიის ჟიურის მთელი წლის მანძილზე ქართულ ენაზე გამოცემული წიგნების შეფასება უწევს. “საბას” შორთ ლისტებიდან ნამდვილად შეიძლება იმის გაგება, ერთ წელიწადში რა მოხდა ქართულ ლიტერატურაში ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო. ბუნებრივია, შესაძლებელია დავა იმის შესახებ, ვის მიენიჭა პრემია და ვის არა (“საბას” დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ამაზე, როგორც წესი, ბევრს და ენერგიულად კამათობენ ხოლმე), მაგრამ ამ პრემიის შორთ ლისტები ერთწლიანი ლიტერატურული პროცესის ერთგვარი შეჯამებაა ხოლმე და იმ დროს, როცა ჩვენში ლიტერატურული კრიტიკა თითქმის მკვდარია, “საბას” ამ ფუნქციის შეთავსებაც უწევს. როგორც ჟიურის ერთ- ერთმა წევრმა ბიძინა მაყაშვილმა აღნიშნა, წლევანდელი “საბა” იმითაც გამოირჩეოდა, რომ ჟიურიმ ძალიან შეთანხმებულად და მშვიდად იმუშავა. ისიც აღსანიშნავია, რომ წინა წლებში ჟიურის შვიდკაციანი შემადგენლობა წელს, რატომღაც შეამცირეს, თუმცა, ამას შედეგებზე ნამდვილად არ უმოქმედია.
    “საბას” ხუთკაციან ჟიურის წელს გამოცემული ასამდე წიგნის წაკითხვა მოუწია. ასი წიგნი კი, ისეთი მცირე ერისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ნამდვილად არაა ცოტა. დღეს საქართველოში იმდენს ნამდვილად აღარ წერენ და კითხულობენ, როგორც ადრე და ეს წლევანდელ წიგნის ბაზრობაზეც თვალშისაცემი გახლდათ – წინა წლებთან შედარებით ნამდვილად იგრძნობოდა სიხალვათე. ხანდახან იმასაც ვემბობთ, რომ ჩვენში აღარაფერი იწერება საინტერესო და მნიშვნელოვანი, მაგრამ გაზაფხულზე, როცა “საბას” დაჯილდოების ცერემონიალი იმართება ხოლმე, აღმოჩნდება, რომ ისე ცუდადაც არაა საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუმცა, ვისაც გასული საუკუნის 70-იანი წლები გვახსოვს, მაინც ვწუწუნებთ და ჯიუტად გვგონია, რომ მაშინ ბევრად უფრო მეტი კარგი წიგნი გამოდიოდა და მკითხველებიც უკეთესები ვიყავით. აქ მიზეზების ძებნა, ალბათ, შორს წაგვიყვენდა. ჩემთვის ყველაზე უცნაური და საწყენი მაინც ისაა, რომ ქართულ ლიტერატურაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ჯერჯერობით ვერ აისახა ის პროცესები, რაც ჩვენმა ქვეყანამ უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე გადაიტანა და ამას წლევანდელი “საბას” შორთ ლისტებიც ადასტურებს. ცხადია, იმისათვის, რომ მწერლობა პრესტიჟული გახდეს, უპირველეს ყოვლისა, ქვეყანა უნდა იყოს მდიდარი, გალაღებული და რაც შეიძლება ბევრს უნდა მიუწვდებოდეს ხელი წიგნებზე, მაგრამ აუცილებელია ისიც, რომ სხვადასხვა ხერხებით ლიტერატურის პოპულარიზაცია ხდებოდეს – “საბა” სწორედ ამ საქმეს ემსახურება – მადლობის მეტი რა გვეთქმის თიბისი ბანკისთვისაც და მწერლებისთვისაც, რომლებმაც, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რასაც დღეს საქართველოში მწერლად ყოფნა გულისხმობს, მაინც მოახერხეს და ავად თუ კარგად, მაგრამ მაინც მწერლებად დარჩნენ.
    მამუკა ხაზარაძე ნამდვილად ამაყი იყო, როცა ცერემონიის დასასრულს თიბისი ბანკის შენობის შიდა ეზოს აივანზე იდგა და ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის ვახუშტი კოტეტიშვილს აჯილდოებდა. ვახუშტი კოტეტიშვილის დამსახურებებზე საუბარი აქ ნამდვილად უხერხულად გვეჩვენება, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ ბატონი ვახუშტი წელს “საბას” კიდევ ორ პრიზზე იყო ნომინირებული – პოეზიაში – “რაც მეთქმევინა” და კრიტიკისა და ესეისტიკის ნომინაციაში – “მხატვრული თარგმანის მასტერკლასი” ნამდვილად ბევრის მთქმელია. ბატონმა ვახუშტიმ ავადმყოფობის გამო ვერ მოახერხა დაჯილდოების ცერემონილაზე მოსვლა და პრიზი მამუკა ხაზარაძემ მის ვაჟს, გუგა კოტეტიშვილს გადასცა, “საბას” მთავარი პრიზის ლაურეატს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და მისგან ისევ ველოდებით თუნდაც, ისეთ სიხარულს, რაც “ლიტერატურის” აპრილის ნომერში გამოქვეყნებულმა მისმა ახალმა სონეტებმა მოგვიტანა.
    “საბას” დაჯილდოების ცერემონიალზე აკა მორჩილაძემ კარგი რამ გვითხრა – მეგობრებო, ძილის წინ, 15 წუთით მოვიცალოთ და წიგნები ვიკითხოთო. აკა მორჩილაძეს, რომელიც უკვე მეოთხედ იღებდა “საბას”, ცოტა არ იყოს, ერიდებოდა კიდეც, კიდევ ერთხელ რომ იდგა თიბისი ბანკის აივანზე პრიზით ხელში – წლევანდელი პრიზი რომანის ნომინაციაში ისევ მას ერგო. რას ვიზამთ, თავს ზემოთ ძალაა არაა – ასეთ პატარა, ოთხმილიონიან ერს ერთი კარგი რომანების მწერალი რომ გვყავს, ეგეც ხეირია. ჩესლავ მილოში ერთგან წერს – ჩვენ, პოლონელები იმიტომ ვერ ვწერთ დიდ რომანებს, რომ პოლონელს ან მხოლოდ პოლონეთი აინტერესებს, ან მხოლოდ საკუთარი თავიო. ეს ფრაზა რომ ამოვიკითხე, შვებით ამოვისუნთქე და მაშინვე ვიფიქრე, ქართველებზეც ზედგამოჭრილია პოლონელი ნობელიანტის ფრაზა – ალბათ, სწორედ ამიტომ ვერ ვწერთ ქართველები დიდ რომანებს-მეთქი. ისეთებს, “ძმები კარამაზოვები” და “ჯადოსნური მთა” რომაა. ჰოდა, ერთი ქართველი, რომელსაც საქართველოსა და საკუთარი თავის გარდა, კიდევ ბევრი რამ აინტერესებს, გემრიელი და გრძელი ამბების მოგონება და რაც მთავარია, გემრიელად მოყოლა შეუძლია და არც წერა ეზარება; მეტიც, წელიწადში ორ რომანს წერს (წელს მისი მეორე რომანიც გახლდათ ნომინირებული), ნამდვილად იყო პრიზის ღირსი. “Maid in Tiflisi” სწორედ ისეთია, როგორ ამბებსაც უკვე მივეჩვიეთ ლამის ერთადერთი პროფესიონალი ქართველი რომანისტის მკითხველები – საინტერესოდ საკითხავი და ცოცხალი ტექსტია. ძილის წინ 15 წუთი ნამდვილად ცოტაა, ხელში რომ აიღებ, ძნელად დაანებებ თავს, ძილიც დაგავიწყდება და ეგებ, შემოგათენდეს კიდეც. მოკლედ, შარშანდელისაგან განსხვავებით, წელს ჯიურის არჩევანის საშუალება ნამდვილად ჰქონდა. ნომინაციაში გამარჯვებული რომანის გარდა წარდგენილი იყო ლაშა იმედაშვილის “პატრიარქის ზაფხული”, აკა მორჩილაძის “ძველი გულებისა და ხმლისა” თამრი ფხაკაძის “ჩვენ სამნი და ანგელოზი”.
    მიუხედავად იმისა, რომ თარგმანის ნომინაცია მართლაც, ყველაზე სოლიდურად გამოიყურებოდა, (ელზა ახვლედიანი – გაბრიელ გარსია მარკესის “ჩემი ნაღვლიანი მეძავები”, სოფიო ბენდიაშვილი – ჟან მარი გუსტავ კლეზიოს “უდაბნო”, ლევან ბერძენიშვილი, არისტოფანეს კომედიები, ტომი III, გიორგი ლობჟანიძე – “ყურანი” გურამ გოგიაშვილი – მილორად პავიჩის “ხაზარული სიტყვისკონა” ნანა გოგოლაშვილი – ჰერმან ჰესეს “ავგუსტუსი”, გიორგი ეკიზაშვილი – პიერ პეჟუს “პატარა შარტრეზი” ნოდარ ლადარია – მარკო პოლოს “ქვეყნიერების მრავალფეროვნებისთვის” გივი შაჰნაზარი – პარუირ სევაკის “იქმენინ ნათელი”, რუსუდან ღვინეფაძე – არტურ ზუტნერის “აჭარლები”) ჟიურის, ალბათ, ამდენი თარგმანის ოსტატს შორის მაინც არ გაუჭირდებოდა არჩევანის გაკეთება – “საბა” გიორგი ლობჟანიძის გადაეცა “ყურანის” თარგმანისათვის. სასიამოვნოა, რომ ჟიურიმ დააფასა ის მრავალწლიანი შრომა, რაც გიორგი ლობჟანიძემ “ყურანის” თარგმანში ჩადო. ამ თარგმანმა შარშან ირანის სახელმწიფო პრემია მიიღო (ამაზე ვრცლად წერდა “ცხელი შოკოლადი”), გიორგი ლობჟანიძეს ირანის პრეზიდენტმა გადასცა პრიზი, მაგრამ მთარგნელისათვის ქართული “საბა” მაინც განსაკუთებით სასიხარულო იყო და გიორგის ეს არც დაუმალავს: “მნიშვნელოვანია, რომ ეს პრემია არსებობს და დასაფასებელია თიბისი ბანკის ძალისხმევა. ნებისმიერ ცივილურ სახელმწიფოში არსებობს სხვადასხვა სახელმწიფო პრემიები – სახელმწიფოს წამახალისებელი ჯილდო ხელოვანი ადამიანებისთვის. დღეს, ჯერჯერობით აღარ გაიცემა რუსთაველის, მაჩაბლის პრემიები. სწორედ ისინი ჩაანაცვლა “საბამ”. მეოთხედ ვიყავი “საბას” ნომინანტი და მეოთზე ჯერზე ავიღე. სიმართლე გითხრათ, მოველოდი, მაგრამ თან ძალიან ვღელავდი. “ყურანი” მნიშვნელოვანი წიგნია, მაგრამ მარტო ყურანი ვერ მიშველიდა, თარგმანი უნდა შეეფასებინა ჟიურის. ჩემთვის მართლა დიდი პატივია “საბას” ლაურეატობა. სხვათა შორის, თარგმანში ყველაზე უკეთ იყო წარმოდგენილი შორთ ლისტი, ეს ძალიან სასიხარულოა, ეს იმას ნიშნავს, რომ მთარგმენლობითი პროცესი მიდის ქვეყანაში. წელს ვინც იყო შორთ ლისტიდან, ნებისმიერი მთარგმნელი იმსახურებდა “საბას”. ჩემი გამარჯვება მოცულობამ და “ყურანის” მნიშვნელობამ განაპირობა.”
    პოეზიაში “საბა” მაია სარიშვილს ერგო, მართლაც მშვენიერი კრებულისათვის “მიკროსკოპი”, რომელიც გამომცემლობა Link -მა დასტამბა. მაია სარიშვილის ლექსები შიშველი გულწრფელობითა და ეფექტური მეტაფორებით ნამდვილად გამოირჩევა თანამედროვე ქართულ პოეზიაში. მიუხედავად იმისა, რომ შორთ ლისტში მართლაც საინტერესო კრებულები მოხვდა (რეზო გეთიაშვილის “ART ყვავილები”, ვახუშტი კოტეტიშვილის “რაც მეთქმევინა”, გაგა ნახუცრიშვილის “სხვანაირი დრო”, დავით ჩიხლაძის “დეკემბრის ღამეები”), ერთ-ერთი კი, რეზო გეთიაშვილის “ART ყვავილები”, ზაზა შათირიშვილმა გალაკტიონის “არტისტულ ყვავილებს” გაუტოლა მნიშველობით და სრულიად საქართველოს ახალი დიდი პოეტის დაბადება ახარა. ამან ჟიურის გადაწყვეტილებაზე ვერნაირად ვერ იმოქმედა. აქ ნამდვილად შეიძლება დავა – პოეზიის შესაფასებლად რაიმე განსაზღვრული კრიტერიუმის მოძებნა ძალიან ძნელია, მაგრამ ამ არჩევანისათვის მაინც მადლობა მინდა ვუთხრა ჟიურის – მაია სარიშვილი გამორჩეული ხმის მქონე, ძალიან საინტერესო პოეტია.
    წარმოდგენილ ნომინატთაგან (ზაზა აბზიანიძე – “წითელკუდა”, ჯემალ მონიავა – “წუთი სოფელში”, ბესო სოლომანაშვილი – “ზამორა”, დავით ქართველიშვილი – “4 მოთხრობა”, ეკა ღაღანიძე – “შვიდი”, ფიქრია ყუშიტაშვილი – “ქათმის გრიპი”, ბესო ხვედელიძე – “ესტაფეტა”) საუკეთესო პროზაულ კრებულად ჟიურიმ დავით ქართველიშვილის პატარა წიგნი “4 მოთხრობა” ცნო. საინტერესოა ის ექსპერიმენტი, რასაც დათო ქართველიშვილი თავის ახალ მოთხრობებში მიმართავს – ავტორი და პერსონაჟი, რეალობა და ირეალური ისე უცნაურადაა გადაწნული ერთმანეთში, რომ ნამდვილად ჭირს ამ ლაბირინთებში გარკვევა; რაც მთავარია, კითხვისას ხვდები – ქართულად ადრე მსგავსი არაფერი წაგიკითხავს და სწორედ ეს სიახლე გაინტერესებს და გითრევს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველიშვილის ენა ბუნებრივი, ძალადაუნტანებელი და ერთი შეხედვით მარტივიც კია, თხრობაც რიტმულია და თავისუფალი.
    ბაჩო კვირტიას ბოლო ორი წელიწადია, ნამდვილად უმართლებს კონკურსებში – 2007 წელს “პენ მარათონი” მოიგო, წელს “წერო” და ბოლოს საუკეთესო დებიუტისათვის “საბაც” გადაეცა. თუმცა, დებიუტის ნომინიაციაში მას ნამდვილად ღირსეული მეტოქეები ჰყავდა – ირმა ტაველიძე და თეა თოფურია. ასევე ედგარ კერეტის წიგნის “ნებროთმა გარეკას” მთარგმნელი თამარ ბაბუაძე.
    მიუხედავად იმისა, რომ ამირან არაბულის და ეთერ თათარაიძის “შენდობით მომიხსენიეთ” არც კრიტიკაა, არც ესეისტიკა და არც დოკუმენტური პროზა, უფრო ეთნოგრაფიული ნარკვევი ეთქმის (შორთ ლისტში მოხვდა გიორგი კაკაბაძის “როგორ მესმის ლიტერატურა”, ვახუშტი კოტეტიშვილის “მხატვრული თარგმანის მასტერკლასი” და არჩილ მანჯგალაძის “დამარცხებიდან დამარცხებამდე”), ჟიურიმ ამ ნომინაციაში სრულიად სამართლიანად სწორედ ეს წიგნი მიიჩნია საუკეთესოდ. წიგნი ქართული საფლავების და ეპიტაფიების ალბომია, რომელსაც ავტორები წლების განმავლობაში მთელ საქართველში, სოფელ-სოფელ აგროვებდნენ. მართლაც, უზარმაზარი შრომა დევს ამ წიგნში. ამირან არაბულმა და ეთერ თათარაიძემ ჩვენთვის დღემდე თითქმის უცნობი კულტურა – ქვაში ნაკვეთი ძველი ქართული საფლავები, რომლებიც, ბუნებრივია, არაფრითაა დაცული და თანდათან ნადგურდება, ფოტოებზე დააფიქსირეს და გადაარჩინეს. ძალიან საინტერესოა საფლავის ქვებზე წარწერილი ეპიტაფიებიც, სადაც კარგად ჩანს უბრალო ქართველების დამოკიდებულება სიკვდილ-სიცოცხლესთან. ისე კი, ნამდვილად გულდასაწყვეტია ის სიმწირე, რაც ამ ნომინაციაში, და ზოგადად, ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში თითქმის ყოველ წელს იგრძნობა ხოლმე.
    წლის საუკეთესო პიესად დათო ტურაშვილის “შავი კედები” აღიარეს, (ნომინირებული იყო თამარ ბართაიას “პეიზაჟს აკლია სითბო” და ირაკლი სამსონაძის “აფრინდა ჭილყვავი, გადაიყრანტალა”). შარშან პიესაში პრიზი საერთოდ არ გაცემულა. იმედია, “საბას” გამარჯვებულ და ბოლო ეტაპზე გასულ პიესებს მალე ვიხილვთ ქართული თეატრების სცენაზე.
    “საბას” ნომინაციებში დღემდე რატომღაც არ შეაქვთ პრიზი საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებებისთვის. არ ვიცი, პრემიის ავტორებს საბავშვო ლიტერატურა ნაკლებ მნიშვნელოვანი ჰგონიათ, თუ რაიმე სხვა მიზეზია, მაგრამ ამ პრიზის არსებობა ჩვენში საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციას ნამდვილად შეუწყობდა ხელს. მერე რა, რომ დღეს ქართველი მწერლები ცოტას წერენ ჩვენი პატარებისთვის. რამდენიმე გამომცემლობა ქართველი საბავშვო მწერლების ახალ წიგნებს გამოსცემს. მაგალითისთვის “დიოგენეს” მიერ ლამაზად დასტამბული რამდენიმე წიგნიც კმარა – ვასო გულეურის “ჩიტის მოტანილი ამბები”, ნანა კაციაშვილის “მზის სხივი” და ნესტან კუპრავას “ჯადოსნური სიტყვები”. ვფიქრობთ, რომ “საბას” ამ ნომინაციის არსებობა ნამდვილად სტიმულად იქცეოდა არა მხოლოდ მწერლებისთვის, არამედ, გამომცემლებისთვისაც და ხელს შეუწყობდა ჩვენში საბავშვო ლიტერატურის განვითარებას.
    ისე მოხდა, რომ შარშან ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოება ქართულ-რუსული პოეზიის ფესტივალს დაემთხვა და ფესტივალის რამდენიმე სტუმარი, მათ შორის საკმაოდ ცნობილი და აღიარებული რუსი პოეტები დაჯილდოების ცერემონიალზე მოხვდნენ. საღამოს შემდეგ ისინი გაოცებას ვერ მალავდნენ – ლიტერატურისა და მწერლების ასეთი სიყვარული სხვაგან არსად არ გვინახავსო. ისინი სწორედ იმ ატმოსფერომ გააოცა, რაც დაჯილდოების ცერემონიალზე სუფევდა, თორემ ლიტერატურულ პრემიებს ყველა ცივილურ ქვეყანაში გადასცემენ და ცერემონიებიც ყველგან იმართება. მაგრამ როცა შარშანდელი “საბას” ლაურეატი, შოთა იათაშვილი ვიღაცებმა ლამის ხელში აიტაცეს, რუსმა პოეტებმა გაკვირვება ვერ დამალეს, ერთ-ერთმა ცრემლიც კი მოიწმინდა – აი, თურმე როგორ გყვარებიათ ქართველებს თქვენი მწერლებიო. სასიამოვნოა, რომ მწერლები, არა მხოლოდ უბრალო მკითხველებს, არამედ, თიბისი ბანკის მესვეურებსაც უყვართ.
    მამუკა ხაზარაძემ ცერემონიის დასასრულს კიდევ ერთი კარგი ამბავი გვამცნო – დაარსდა ახალი ქართული ლიტერატურული ჟურნალი “საბა”, რომლის პრეზენტაციაც დაჯილდოების დაწყებამდე გაიმართა და მკითხველებს ახალი გამოცემის ეგზემპლარები უფასოდ დაურიგდათ. იმედია, ახალი ჟურნალი ცოტათი მაინც შეავსებს იმ ვაკუუმს, რასაც ჩვენში ლიტერატურული პერიოდიკის სიმცირე ქმნის.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“