• ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2003

    გუნტერ გრასი, “კიბორჩხალას სვლა”
    Crabwalkby Gunter GrassFaber J16.99, 234 გვ.

    კაცმა არ იცის, რა ბედი ელის ადამიანს ომში? ბოლო პერიოდში ომის თემატიკა ხელოვნებაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა (თუმცა როდის არ იყო აქტუალური). რომან პოლანსკიმ გადაიღო “პიანისტი” – ვარშავის გეტოს მემუარი, გუნტერ გრასმა კი რომანი “კიბორჩხალას სვლა” დაწერა, ყველაზე საზარელი საზღვაო კატასტროფის ამბავს რომ მოგვითხრობს.
    1945 წლის 30 იანვარს ლტოლვილებითა და დაჭრილი ჯარისკაცებით სავსე გერმანული გემის – ვილჰელმ გუსტლოფის დაღუპვა. ამ გემის ისტორია უფრო ტაბუირებული იყო, ვიდრე დრეზდენის დაბომბვა. გემზე სავარაუდოდ 6 ათასიდან 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ზუსტი ციფრი დღემდე არაა ცნობილი. გემი სამმა ტორპედომ ჩაძირა. 1200-ზე მეტი ადამიანი გადარჩა.
    ეს ისტორია დღემდე ბნელით არის მოცული. გემი 30 იანვარს აიგო – ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-12 წლისთავზე. მას იმ ფაშისტი აქტივისტის სახელი დაარქვეს, 1936 წელს ებრაელი ერის სახელით რომ მოკლა დევიდ ფრანკფურტერმა. გემი ფაშისტურ ორგანიზაციას ეკუთვნოდა და იაფ კრუიზებს აკეთებდა მუშახელის შესაგროვებლად.
    რომანი პირველ პირშია დაწერილი, ამბავს პოლ პოკრიფკე გვიყვება. კატასტროფაში დაღუპულ გემზე მისი დედა იმყოფებოდა, რვა თვის ორსული ქალი, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ცოტა ხანში პოლიც დაიბადა.
    გუნტერ გრასს საკუთარი თავიც შეჰყავს ამ ისტორიის გმირად: გამოჩნდება ბებერი მწერალი, რომელიც ამ ამბის დაწერას სთავაზობს პოლს, პროფესიონალ ჟურნალისტს, რადგანაც ეს ისტორია მის მშობელთან და მის დაბადებასთან არის დაკავშირებული. შესაძლოა, ეს მწერალი პოლის მამაც იყოს. ყოველ შემთხვევაში პოლს ასეთი ეჭვი უჩნდება (მიუხედავად იმისა, რომ სხვა პოტენციური მამაც გამოუჩნდება), დედამისი ხომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი გახლდათ. სხვათა შორის, პოლის დედას გრასის მკითხველები ადვილად იცნობენ. “კატა და თაგვის” გმირი თინეიჯერი ტულა პოკრიფკე, ტრამვაის კონდუქტორად რომ მუშაობდა დანციგში, ახლა უკვე პოლის დედაა.
    რომანი საოცარი ოსტატობით არის დაწერილი. სახელი “კიბორჩხალას სვლა” ნაწარმოების დახლართულ სიუჟეტზე მიანიშნებს, თანაც ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გრასი უსახურ არსებას იღებს ემბლემად: ვირთხას, ლოკოკინას… კიბორჩხალა უგვანო ცხოველია – “ქვეწარმავლები და მსგავსი გამონაზარდები ისტორიისა”, – ამბობს პოლი და კიბორჩხალაც ცოცვას იწყებს. პოკრიფკე ერთმანეთის პარალელურად გვაიამბობს სხვადასხვა ამბებს: გუსტოფის ისტორია, მისი მკვლელობა, გემის კატასტროფა, რუსი კაპიტანი მარინესკი, რომელმაც ჩაძირა გემი, გუსტოფის მკვლელის დაპატიმრება, თანამედროვე ყოფა… აი ასეთია ნაწარმოების კიბორჩხალისებური ირიბი კონსტრუქცია, ხან ერთი ამბავი ამოტივტივდება, ხან – მეორე. და ბოლოს, გერმანიის ისტორიის საკმაოდ უხეში შეფასება: “გაფუჭებული ტუალეტია, რომელსაც, რამდენიც არ უნდა ჩამოუშვა წყალი, მაინც ვერ ჩარეცხავ.”
    რატომ ვიხსენებთ გუსტლოფს? – ის აქამდეც უნდა გაგვეხსენებინა, ეს ხომ ტიტანიკზე უფრო საზარელი ტრაგედია იყო. გუნტერ გრასი გუსტლოფის ამბავს გერმანიის იგავად ყვება, იგავის მორალი კი ასეთია: ქვეყანამ ვერ შეძლო კოშმარებიან წარსულს გაქცეოდა, იმიტომ რომ დღესაც ვერ უსწორებს ამ წარსულს თვალს.

    უილიამ ბოიდი, “ნებისმიერი ადამიანური გული”
    Any Human Heart
    By William Boyd New York: Alfred A. Knopf, 498 გვ.

    უილიამ ბოიდის რომანი ნამდვილად დიდ სიამოვნებას მიანიჭებს მკითხველს. საინტერესო ამბები, ინტრიგები, ისტორიული ფაქტები, მწერლის დახვეწილი ლიტერატურული გემოვნება. რომანის მთავარი გმირი ლოგან მონსტიუარტია. ლოგანი 1906 წელს დაიბადა. არცთუ ხელსაყრელი დროა იმისათვის, რომ დაიბადო, – წერს მწერალი. და მისი გმირიც იზიარებს ამ აზრს. თუმცა დარწმუნებით თვითონაც არ იცის, როდის ჯობდა დაბადებულიყო, იქნებ ოციოდე წლით ადრე, რომ ჭეშმარიტი ლიტერატურული ცხოვრებით ეცხოვრა, ან იქნებ საუკუნის ბოლოს, სექსუალური რევოლუციის აქტიური მონაწილე რომ გამხდარიყო.
    მაგრამ როგორც არ უნდა იფიქროს მწერალმა თუ გმირმა, ლოგანი მაინც 1906 წელს დაიბადა ურუგვაიში, მონტევიდეოში. ჰყავდა ბრიტანელი მამა და ურუგვაელი დედა. მამა ღირსეული კაცი იყო, ზნეობრივი, ის ადრე გარდაიცვალა. დედა ლამაზი ქალი იყო, სიცოცხლით სავსე, მაგრამ საოცრად არაპრაქტიკული. იშვიათი შემთხვევაა -შვილი მშობლებს ყველაფერ კარგში დაემსგავსა. სწავლობდა კოლეჯში, კოლეჯში დაწერა პირველი წიგნი “შელის ბიოგრაფია” და კოლეჯშივე დაიწყო მისი პირველი სასიყვარულო ისტორიაც, მეგობრის შეყვარებულთან.
    ლოგანი ხან პარიზში იყო, ხან – ლონდონში; მისი ოჯახური იდილია მეორე მსოფლიო ომმა დაარღვია; ლოგანი ომში წავიდა, ტყვედაც ჩავარდა. ომის შემდეგ მან ახალი ცხოვრება დაიწყო.
    ლოგანის ცხოვრება შეიძლება აბსურდულიც მოგეჩვენოთ. განა აბსურდი არაა, 60 წლის კაცი რევოლუციურ ტერორისტულ ჯგუფში რომ გაერთიანდება; ძირითადი მიზეზი მოწყენილობაა. ლოგანი ქარიზმატული პერსონაჟია, რომლის ცხოვრების აღწერა რომანში კულტურის ისტორიის აღწერის პარალელურად მიდის. მთავარი გმირი ხელოვანთა წრეში ტრიალებს. რომანში რამდენჯერმე ვხვდებით, მაგალითად, მწერალ ვირჯინია ვულფს, რომელიც ლოგანის აზრით, “სულელი მწერალია” (ვულფისტების წყრომა გარდუვალია!). პარიზში ლოგანი პიკასოსთან ერთად სვამს, ჰემინგუეისთან სადილობს. “მშვიდობით იარაღოს” ავტორი მას ესპანეთის სამოქალაქო ომის წინა ხაზზეც კი გააცილებს…
    რას გვეუბნება ლოგანის ცხოვრება საერთოდ ცხოვრებაზე – ან ხელოვნების არსებობაზე 20 საუკუნეში? საყურადღებო ფაქტია, ლოგანი მწერალია, არცთუ ურიგო მწერალი, მაგრამ თავს ნახატების ყიდვა-გაყიდვით ირჩენს. მწერლობა მას არაფერში გამოადგა. კარგად გაიყიდა მხოლოდ მისი ერთადერთი წიგნი, რუს მეძავთან შეხვედრაზე რომ გვიამბობს. მწერალი ხვდება, რომ წერას აზრი არა აქვს და აღარც კი ძალუძს კალმის ხელში აღება. საუკუნე მიდის და მწერლობა თავის ფასს კარგავს, თითქოს თავისი თავი ამოწურაო. “ყველაფერი შეიცვალა, – გულისტკივილით ეუბნება ლიტერატურული აგენტი ლოგანს 1969 წელს, – ხალხს მარტო ყიდვა-გაყიდვა და ავანსი აინტერესებს.” ლოგანი თავის ადგილს ვეღარ იმკვიდრებს. თვითდამკვიდრების ადგილები გაქრა – აი, რა გამოიწვია სამყაროს დეცენტრალიზაციამ.
    დაბოლოს, ვინ არის ლოგანი? წიგნის დასასრულს მისი გერი, ჭკვიანი ამერიკელი თინეიჯერი გეილი მას ასე ახასიათებს: “ინგლისელია, ხელოვნების სფეროში მუშაობს, ყველა მაგარ ხელოვანს იცნობს, სად აღარ უცხოვრია, რომანებს წერს, ციხეშიც იჯდა.” ლოგანს ასეთი დახასიათება გადაჭარბებულადაც კი მიაჩნია: “კინაღამ ვიფიქრე, რა დიდებული ადამიანი ვარ-მეთქი”, მაგრამ მკითხველი აცნობიერებს, რომ ყველა ეს ატრიბუტი გარემოებიდან გამომდინარე და ყალბია. არავინ ლაპარაკობს იმაზე, თუ რა კაცია სინამდვილეში ლოგანი, საუკუნის დასაწყისში დაბადებული მდიდარი, წარმოსადეგი და თვითკმაყოფილი კაცი, რომელიც მორიდებული, კეთილი და ბრძენი ტოვებს ამ ქვეყანას. ლოგანი ადამიანია, რომელიც დრომ და საუკუნემ გარდაქმნა.

    ჩარლზ სიმიკი, “ხმა დღის 3 საათზე” (ძველი დ ახალი ლექსების რჩეული)
    THE VOICE AT 3:00 A.M. Selected Late & New Poems.By Charles Simic.177 pp. Orlando, Fla.: Harcourt.

    ცოტა თუ მოიპოვება ისეთი ამერიკელი პოეტი, რომლის ლექსებიც ისე ჟღერდეს, როგორც ჩარლზ სიმიკის პოეტური ქმნილებები. ნაწილობრივ ეს ალბათ იმითაც არის განპირობებული, რომ სიმიკმა უჩვეულო, მძიმე ცხოვრების გზა განვლო. ის 1938 წელს დაიბადა იუგოსლავიაში, სამი წლის იყო, როცა გერმანელების ჩამოგდებული ბომბი მისი სახლის სიახლოვეს აფეთქდა – საწოლიდან წამომხტარი ნახევრად მძინარე ბავშვი თავლებგაფართოებული უყურებდა ნანგრევებად ქცეულ ქუჩას. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ძალადობას ხვდებოდა. 16 წლის იყო, როცა აშშ-ში ჩავიდა, სადაც მისი სამწერლობო მოღვაწეობა დაიწყო. ამერიკაში გამოსცა პირველი პოეტური კრებული.
    სიმიკს ჩვეულებრივ სიურეალისტ პოეტად მოიხსენიებენ ხოლმე, მისი სიურეალიზმი ფანტასმაგორიიდან იღებს სათავეს: მუდმივი ცვალებადობა, ავისმომასწავებელი ზმანებანი. ეს პოეტური სახეები იმ ეგზისტენციალურ კითხვებზე გვაძლევს პასუხს, ნებისმიერ ადამიანს რომ აღელვებს – სიკვდილი და ბედისწერა, სულის უკვდავება, ეჭვი, ცხოვრების საზრისი…
    ცხოვრების უაზრობაზე ორი მიმდინარეობის პოეტები წერდნენ: ცივი აბსურდისტები და სასოწარკვეთილი რომანტიკოსები. სიმიკი პოეტია რომანტიკოსის გულით და აბსურდისტის გონებით, – ასე ახასიათებენ ამერიკელ პოეტს კრიტიკოსები.
    სიმიკი სკეპტიკოსია, ოღონდ სკეპტიკოსი ზომიერების გრძნობით; ის დასცინის, მაგრამ არ უარყოფს ფილოსოფიას, შესაძლოა თეორიების არ სწამს, მაგრამ სჯერა ადამიანებისა, და სწორედ ეს რწმენა ასაზრდოებს სიმიკის პოეზიას, სწორედ ამიტომ უწოდებენ მას “სიყვარულის პოეტს”. სიმიკის სამყაროში სიყვარული ძალიან რეალური, ყოველდღიური განცდაა. ყოველდღიური სიხარული კი ისეთივე ღირებულია, როგორც დიდი ვნებები.
    თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ დროდადრო პოეტს მაინც ღალატობს რწმენის ერთგულების გრძნობა, ამიტომ ხშირად სიმიკის ლექსები წინააღმდეგობრივია, ირონიულიც, რომანტიკულიც, სენტიმენტალურიც. ახალი კრებული, რომელშიც ჩარლზ სიმიკის ძველი და ახალი რჩეული ლექსებია შესული, უთუოდ დააინტერესებს პოეზიის მოყვარულებს.

    კურტის კეიტი, “ფრიდრიხ ნიცშე”
    Friedrich Nietzscheby Curtis Cate
    Hutchinson, 689 გვ.

    ლოცვის მაგივრად ადამიანმა სჯობს ყოველი დღე ასე დაიწყოს: როცა გაიღვიძებ, იმაზე უნდა იფიქრო, როგორ მიანიჭო სიხარული ერთ ადამიანს მაინც, – ასე ფიქრობდა ფრიდრიხ ნიცშე.
    კურტის კეიტის თხზულება ნიცშეს პირველი ბიოგრაფია არ არის, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე სრულყოფილი ბიოგრაფიული ნაშრომია, სადაც დიდი გერმანელი მოაზროვნის ცხოვრება და მოღვაწეობა შეძლებისდაგვარად მთელი სისრულით არის წარმოდგენილი. რაში მდგომარეობს ნიცშეს გენიალურობის არსი? რატომ იზიდავს მისი ნაწერები მკითხველს? ამ კითხვებზე კეიტი მარტივად უპასუხებს: ნიცშეს ნაშრომები მრავალფეროვანია და იმ კონფლიქტებითა და წინააღმდეგობებითაა სავსე, ნებისმიერი მრწამსის ადამიანს რომ დააინტერესებს.
    თავის პირველ წიგნში – “ტრაგედიის დაბადება”, რომელიც 1872 წელს გამოიცა, ავტორი ამტკიცებდა, რომ ბერძნული ტრაგედიის თავისებურებას მხოლოდ აპოლონიური თავშეკავება კი არ განაპირობებდა, არამედ, როგორც კეიტი ამბობს, “ძირითადი ადამიანური ინსტინქტების პრიმიტიული, პირველქმნილი ძალა, ამ ძალამ თავისუფალი გამოხატულება ჰპოვა დიონისეს მიმდევრების რიტუალებში, რომელთა მთავარ ელემენტებს სიმღერა და ცეკვა წარმოადგენდა.”
    “დიონისური ვულკანური ძალის აღმოჩენას, რომელიც ადამიანის “ფსიქეს” ბნელი, ინსტინქტური სიღრმეებიდან ამოიფრქვევა”, ნიცშეს ფილოსოფიური აზრის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მას ეს აღმოჩენა ისე ცხადად ჩაებეჭდა გონებაში, რომ როდესაც განდეგილივით დაიწყო ცხოვრება, მარტოსული ზეკაცი საათობით დაბორიალობდა ხოლმე ოთახებში. ერთ ოთახში პატარა ღუმელი ჰქონდა. ამ ღუმელს ცეცხლის კერპს ეძახდა, ხტუნვა-ხტუნვით უვლიდა გარს კერპს წარმართობის იდეით ატაცებული, – გვიამბობს კეიტი. ეს იყო 1887 წელს. 1889 წლის დეკემბერში ტურინში შეესწრო, როგორ გამწარებით სცემდა ტაქსის მძღოლი ცხენს, ის ცხენს ჩაეხუტა და გონება დაუბნელდა. ამის მერე მძიმე სენისგან ვეღარასოდეს გათავისუფლდა. რამდენიმე დღის შემდეგ მეგობარმა მოინახულა ნიცშე და ასეთი სანახაობა დაუდგა თვალწინ. სრულიად გაშიშვლებული, დიონისური ექსტაზით შეპყრობილი უგზოუკვლოდ დარბოდა ოთახში. “ასეთი იყო კონტრასტი მისი აზრის გრანდიოზულობასა და მისი ცხოვრების სევდას შორის. ნიცშემ კიდევ 10 წელი იცოცხლა ჩამქრალი ვულკანივით…”
    ტურინში ნიცშე სარკეს ეცა, შეხედა თავს, გატრიალდა, და ისევ სარკეში ჩაიხედა. ესეც 1889 წელს იყო. ნიცშემ აღარ იცოდა, ვინ იყო, შეჰყურებდა სარკეში საკუთარ თავს, მაგრამ სარკეში აღარ ჩანდა ზეკაცი.
    კურტის კეიტი თავის ნაშრომში დეტალურად აღწერს მოაზროვნის ცხოვრებისა და შემოქმედების ძირითად მომენტებს. და ერთი წუთითაც არ აძლევს მკითხველს მოდუნების საშუალებას, ან კი როგორ უნდა მოდუნდე, მწერალი ხომ ფეხდაფეხ მიყვება ნიცშეს ცხოვრებას.

    “კეტრინ მენსფილდის ჩანაწერები” (სრული გამოცემა)
    The Katherine Mansfield Notebooks
    Complete EditionEdited by Margaret ScottMinneapolis: University of Minnesota Press. Cloth, 708 გვ.

    1923 წელს, როცა კეტრინ მენსფილდის სიკვდილის ამბავი გაიგო, ტომას ელიოტმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა მის მეუღლეს – კრიტიკოს ჯონ მიდლტონ მარის და ისიც მისწერა, რომ კეტრინის მოთხრობებზე კრიტიკული ნარკვევის დაწერას აპირებდა. მისი სტატია არასოდეს გამოქვეყნებულა, თუმცა ელიოტმა მოიძია და გადაიკითხა მენსფილდის ბოლო წიგნის ეგზემპლარი. “მე ვფიქრობ, რომ ამ მწერლის რეპუტაცია გაბერილია, და ეს უნდა ითქვას” – წერდა იგი თავის თანაშემწეს.
    მარი ტყუილუბრალოდ ელოდა, რომ ელიოტი მის ცოლს უკვდავთა რიგებს მიაკუთვნებდა. თუმცა ეს საქმე თვითონვე ითავა. მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ცოლის ლექსები გამოსცა, ეს პოეტური ნიმუშები 34 რვეულიდან და სხვადასხვა ჩანაწერებიდან აარჩია. ეს იყო 1927 წელს. 1928 წელს ამას მოჰყვა კეტრინ მენსფილდის წერილები. 1939 წელს გამოჩნდა კეტრინ მანსფილდის გადაყრილი ხელნაწერებიც.
    მართალია, ფართო აუდიტორია დიდი ინტერესით ხვდებოდა ყველაფერს, რასაც მარი გამოსცემდა, პუბლიკას, რა თქმა უნდა, აინტერესებდა უდროოდ დაღუპული ლამაზი ხელოვანი ქალის ცხოვრების ყველა დეტალი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მარისა და მენსფილდის მეგობრებს აღელვებდათ ქვრივის საქციელი, ერთმა მათგანმა ასეთი ცოტა არ იყოს უხეში შედარებაც კი გააკეთა: “მარი კეტრინის ძვლებს ხარშავს და ამ ძვლებისგან ამზადებს სუპსო”. დ.ჰ. ლორენსი, რომელიც ყოველთვის დიდი ინტერესით ეკიდებოდა და მაღალ შეფასებას აძლევდა მენსფილდის ნაშრომებს, სერიოზულად შეშფოთდა კეტრინის მეუღლის საქციელით: მური პირდაპირ კეტრინის ნაგვის ყუთიდან იღებს ქაღალდებს და ამ გადაყრილ ნაწერებს აქვეყნებსო.
    ასეა თუ ისე, მენსფილდის მიუსაფრობის განცდითა და სენტიმენტალობით გაჯერებული ნაწერები დღეს კრიტიკოსთათვის და მკითხველისთვისაც საინტერესოა. შეიძლება მენსფილდი საუკეთესო მწერალი ქალი არ ყოფილა, შესაძლოა ის არც ყველაზე ლამაზი იყო, მაგრამ კეტრინ მენსფილდი ნამდვილად იყო თავისი დროის ყველაზე სიმბოლური ქალი, რომელიც რომანტიკული, ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობდა და რომელსაც ბაძავდა 20-იანელთა თაობა, ისევე როგორც ცოტა მოგვიანებით სილვია პლათს. ამ ორ მწერალს ნამდვილად ჰქონდა საერთო: დიდი ნიჭი, სილამაზე, პრეტენზია, მგრძნობიარობა და ტრაგიკული სიკვდილი…
    კეტრინ მენსფილდი წუთების დღიურის გაკეთებაზე ოცნებობდა: “სულ ესაა. არც რომანები, არც პრობლემატური მოთხრობები, არ გვინდა არაფერი, რაც მარტივი არაა.”
    ჰქონდა კიდეც თავისი წუთების წიგნი: “მე მცივა, მოიტანეთ ქაღალდი, რომ ცეცხლი დავანთო… შეშა… ალი… ძალა… დაანთეთ ცეცხლი… აღარ გვინდა ცეცხლი.” “დღიურების” ბოლო თავი ასე მთავრდება: “დღე იყო ისეთი ნათელი, ისეთი წყნარი, ისეთი მშვიდი, თითქოსდა ყველაფერი გაჩერდა საკუთარი სილამაზით გაოცებული.”
    ეს კეტრინ მენსფილდის სილამაზის უკანასკნელი გაელვება იყო.
    ახალი წიგნი მწერლის ჩანაწერების სრულ კრებულს წარმოადგენს.

    რობერტ ლუის უილკენი, “ადრექრისტიანული აზრის სული” (ეძიე სახე ღვთისა)
    The Spirit Of Early Christian Thought
    Seeking the Face of GodBy Robert Louis Wilken. New Haven: Yale University Press, 368 გვ.

    ცნობილ გერმანელ კლასიკოსს – ედვარდ ფრენკელს უთქვამს: ლათინური პროზის უდიდესი წარმომადგენლები არიან ციცერონი, პეტრონიუსი და ტერტულიანეო. ამ სამ ადამიანს თითქმის არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან, მაგრამ სამივე მათგანის შემოქმედებაში კლასიკური კულტურა ჩანს. აი, სწორედ ეს კლასიკური კულტურა აერთიანებს ამ სამ ავტორს.
    ახალი წიგნი (მისი ავტორი რობერტ ლუის უილკენი ვირჯინიის უნივერსიტეტში ქრისტიანობის ისტორიას ასწავლის.) “ადრექრისტიანული აზრის სული” ამ სამი მოაზროვნედან მხოლოდ ერთს შეეხება – ნაშრომი ქრისტიანი მამების ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს, იმ მამებისას, რომელთაც ავტორი ახლად ჩამოყალიბებული რელიგიის ინტელექტუალურ არისტოკრატიას უწოდებს. ზოგნი, მაგალითად, ტერტულიანე და ავგუსტინე ლათინურად წერდნენ, ზოგნი – ბერძნულად, ყველა მათგანი თავისი დროის ტრადიციული კლასიკური კულტურით საზრდოობდა. იცოდნენ პლატონი, ისევე როგორც პლატონის მიმდევართა ნააზრევი, საკუთარ მოძღვრებაში იყენებდნენ თანამედროვე რიტორიკის გამომსახველობით საშუალებებს, და დაუსრულებლად დავობდნენ თეოლოგიურ პრობლემატიკაზე.
    პირველ რიგში, რა თქმა უნდა, წარმართი მოსახლეობა აღელვებდათ. თავიდან მამები უმცირესობაში იყვნენ, რადგან ხმელთაშუა ზღვის მოსახლეობა წარმართები იყვნენ, კონსტანტინეს მმართველობის დროს კი უკვე სახელმწიფო რელიგიის წარმომადგენლების პოზიციიდან საუბრობდნენ. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ შიდა ბრძოლები გაამძაფრა. ისტორიკოსი ამიანე მარცელინე წერს: “იმპერატორი იულიანე ქრისტიანად გაიზარდა, მაგრამ თავგამოდებული წარმართი გახდა, იცოდა ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, რომ არცერთი ველური მხეცი არ იყო ისეთი დაუნდობელი ადამიანის მიმართ, როგორც ქრისტიანების უმეტესობა ერთმანეთის მიმართ.” თუმცა, ამ შემთხვევაში იულიანემ მამების მიმართ გადააჭარბა. ისინი თეოლოგიის საკითხებში ვერ თანხმდებოდნენ, თორემ ქრისტეს მოძღვრებას ერთად იცავდნენ.
    ქრისტიანმა მამებმა უდიდესი განძი დაგვიტოვეს – ბერძნული და ლათინური პატროლოგია. მათ ნაწერებს საუკუნეების მანძილზე სწავლობდნენ. მამებმა წმინდა წიგნს ბერძნული ახალი აღთქმა და აპოკრიფული ტექსტები მიუმატეს. უილკენის ნაშრომში ქრისტიანი მამების ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან ერთად განხილულია ის მოძღვრებებიც (პლატონური ფილოსოფია, ნეოპლატონიზმი…), რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს მათი ნააზრევის ჩამოყალიბებაზე. თუმცა ავტორი ცდილობს მამების მოძღვრებაში ბიბლიის უწინარესობა დაამტკიცოს.
    თხზულების ქვესათაური ფსალმუნიდან მოდის – “ეძიე მისი სახე.” ნაშრომში განხილულია პატრისტიკის მნიშვნელოვანი საკითხები – ღვთის ხატება და მსგავსება, მიზეზისა და რწმენის ურთიერთდამოკიდებულება, ქრისტეს დუალიზმი… კრიტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ აღნიშნული ნაშრომი უდავოდ ბრწყინვალეა, თანაც დღეს ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება დავინახოთ სამყარო ორიგენეს, გრიგორი ნაზიანზელის, ავგუსტინესა და სხვათა თვალით, დავინახოთ განსხვავება კლასიკურ აღმოსავლურ და დასავლურ კულტურებს შორის, რადგან, როგორც ავგუსტინე აღიარებდა, ერესს მარტო თეოლოგიური საფუძველი კი არ ჰქონდა, ის კულტურული კონტექსტიდან აღმოცენდა.

    ბერნარდ ლუისი, “ისლამის კრიზისი” (საღვთო ომი და უღვთო ტერორი)
    The Crisis Of IslamHoly War and Unholy Terror.By Bernard Lewis.New York: The Modern Library, 184 გვ.

    მას შემდეგ, რაც მთელ მსოფლიოში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, არაერთხელ დაისვა შეკითხვა: რატომ მოხდა ეს? რატომ დადგა 11 სექტემბერი? ეს კითხვას კი არა, რიტორიკულ გამოწვევას უფრო ჰგავს – რა არის ამის მიზეზი? –”არაფერი. არც იდეოლოგია, არც თეოლოგია, არც წარსული უსამართლობა და არც ძველი ტკივილი, ასეთ არაჰუმანურ შურისძიებას გამართლება არა აქვს”, – ასეთი მრისხანე და უკომპრომისო განაცხადი გადმოისროლა მწერალმა ბერნარდ ლუისმა და მკითხველს თავისი ბესტსელერი დაუდო ცხვირწინ – “რა იყო არასწორი?” What Went Wrong?
    ახლა კი, როცა მოვლენები მიზეზთა გამო ისევ ტრაგიკულად განვითარდა, დროა, სხვა კითხვაზეც გავცეთ პასუხი: რატომ იყო ეს არასწორი? რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ასეთ სიტუაციაში? სად არის გამოსავალი? და კიდევ ერთხელ მოექცა ბერნარდ ლუისი მკითხველის ცენტრში ახალი წიგნით: “ისლამის კრიზისი: საღვთო ომი და უღვთო ტერორი”.
    ყველა იმ სიტყვაში, რასაც ლუისი წერს, დიდი სიბრძნე დევს. ახალი წიგნიც არაა გამონაკლისი. მასში ახალ მასალებთან ერთად უკვე გამოქვეყნებული მასალებსაც შეხვდებით. ფაქტობრივად, თავის ახალ წიგნში ლუისმა ხორცი შეასხა იმ ჩონჩხს, რომელიც მოცემული იყო სტატიაში “ისლამის ამბოხი” (The Revolt of Islam), და რომელიც გასულ წელს ჟურნალ “ნიუ-იორკერში” დაიბეჭდა. სტატიამ იმთავითვე დიდი გამოხმაურება ჰპოვა.
    ლუისის ახალ თხზულებაში ავტორისათვის დამახასიათებელი დიდი მჭევრმეტყველებითა და ერუდიციით (რასაც ყოველთვის აფასებენ მისი კრიტიკოსები) წარმოჩენილია ისლამური საზოგადოების ისტორია, წეს-ჩვეულებები, ისტორიოგრაფიისა და იურისპრუდენციის საკითხები. ნაწარმოების ერთი თავი მთლიანად ჯიჰადის თეოლოგიურ საფუძველს ეძღვნება. რაც მთავარია, ლუისის მოსაზრებათა უმრავლესობა საფუძვლიანად არის არგუმენტირებული. ლაპარაკია იმ თემაზეც, რომელიც დგას ალ ქაიდას ტერორიზმის ისლამური ფუნდამენტალიზმის უკან და აიათოლა ხომეინის ისლამური რესპუბლიკის მიღმა. ლუისი განმარტავს, რომ აღმოსავლური ტერორიზმის რიგი თავისებურებები, მაგალითად, ჯიჰადისკენ მოწოდება, ისლამური დოქტრინისგან იღებს სათავეს, მაგრამ ისეთ ძირითად ელემენტებს, როგორიცაა უმწეოთა ჩაგვრა, ქალებსა და ბავშვებზე ძალადობა, თვითმკვლელობა – არავითარი კავშირი არა აქვთ ისლამის წმინდა წიგნთან. ლუისი ხმას იმაღლებს “ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის” წინააღმდეგაც, რომელსაც განუწყვეტლივ შეაქვს საჩივრები, როცა საქმე ქრისტიანთაგან მუსულმანთა ჩაგვრას ეხება და დუმს, როცა მუსულმანი ჩაგრავს მუსულმანს. მაგალითად, მან დაგმო ისრაელის ქმედება, მაგრამ კრინტი არ დაუძრავს ჰუსეინის მიერ ჩადენილ მკვლელობათა სერიის შესახებ.
    ასე რომ, “ისლამის კრიზისი” დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თხზულებადაა მიჩნეული.

    მოამზადა თამარ სუხიშვილმა

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2009 – ოქტომბერი

    ნაირა გელაშვილი, “პირველი ორი წრე და ყველა სხვა”, რედაქტორები: ლეილა სიხარულიძე, რუსუდან კაიშაური. თბ. 2009

    ნაირა გელაშვილის ახალი რომანი 1992-94 წლებში დაიწერა, თუმცა საბოლოო რედაქცია 2008-ში გაუკეთდა. დაემატა რამდენიმე პასაჟიც.
    მოვლენები “თარგმანის ცენტრში”, 80-იანი წლების ბოლოს ვითარდება, სადაც თავი მოუყრიათ სხვადასხვა ეროვნებისა და სპეციალიზაციის ადამიანებს: დალი კანაშვილი ევროპული ლიტერატურის სპეციალისტია, ფლორა ბერძენიშვილ-ილიაიდი – ბერძნულის, დორა იბარური – ესპანურის, გვიდო ბანიანი – იტალიურის, მოსე კირხელი – ებრაულის, სანდრო დარჩიაშვილი – აღმოსავლეთ ევროპულის, გუნდა აკაბა – კავკასიურის, როსტევან არაბელი – სპარსულ-არაბულის და ა.შ. ამ ადამიანების შემოქმედებითი ცხოვრების ფონზე, ლიტერატრულ-ფილოსოფიური საუბრების თანხლებით მიმდინარეობს იმდროინდელი საქართველოს მძიმე და წინააღმდეგობით აღსავსე მოვლენები. რომანში არაერთი პლასტია: ისტორიული რემინისცენციები, პოლიტიკური ცხოვრების პერიპეტიები, კულტუროლოგიურ-ლიტერატურული წიაღსვლები ერთმანეთშია გადახლართული და საბოლოოდ, ძალზე საინტერესო, მრავლისმომცველი რომანის დაბადების მომსწრენი ვხდებით.

    ზვიად კვარაცხელია “ჰაე”. თბ. ინტელექტი, 2008

    ახალგაზრდა მწერალი ზვიად კვარაცხელია წარმოშობით ზუგდიდიდანაა. ასაკის მიუხედავად (იგი 22 წლისაა), ორი წიგნის ავტორია. “ჰაე” მისი რიგით მესამე კრებულია, რომელიც გამომცემლობა “ინტელექტმა” დაბეჭდა.
    “ჰაე” იგივე სიკვდილია, ბოლოს, მისრულის, მიწურვილის აღმნიშვნელი. ჰაეს მოახლოება, ანუ სიკვდილის პირისპირ დგომა, დაბადების თვალახელიდან იწყება და ხიფათის ტეხილებად გასდევს მთელ ცხოვრებას”. თუმცა, ჰაემდე საკმაოდ შორია. ავტორი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და შემოქმედებით ცხოვრებას ახლა იწყებს. ამ გზაზე ბევრია სანახავი და საძიებელი, ძიება კი მისი ერთ-ერთი მთავარი ვნებაა. “ამ წიგნის ავტორი მაძიებელი კაცია, ერთი მისი პერსონაჟივითაა, რომელიც კითხულობს: “რატომ მახრჩობს და მასახიჩრებს სურვილი, გავიგო რა ხდებოდა დასაწყისის წინ, რა მოხდება დასასრულის მერე?!” – წერს წინასიტყვაობაში ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე და იმასაც დასძენს, ამ ავტორის წიგნის წაკითხვა ღირსო. ბატონ ლევანს მხარს ოთარ ჭილაძე უმაგრებს, რომელიც ზვიად კვარაცხელიას ოპტიმიზმით შეჰყურებს: დარწმუნებული ვარ, მისი გამოჩენა სამწერლო ასპარეზზე მხოლოდ იმის იმედს განუმტკიცებს ყველა ჩვენგანს, რომ ქართული სული არ დაძაბუნდებაო, – წერს დიდი მწერალი. რამდენად გაამართლებს ახალგაზრდა ავტორი სახელოვანი კოლეგების ნდობას, მომავალი გვიჩვენებს.

    იოსებ გრიშაშვილი, “ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა”,
    სახელგამი, 1927, თბ. “სიესტა”, 2009 (რეპრინტი).

    “რა სამწუხაროა, რომ ტფილისის წარსულზე უცხოელ ორიენტალისტებმა მეტი იციან, ვიდრე ჩვენ, ტფილისის ჰაერით გამოზრდილებმა! არამც თუ წარსულის შესწავლა, ტფილისის თანამედროვე მყობადიც კი არ არის უნაკლოდ ასახული. ჩვენი ისტორიული დაუდევრობა” – წერს იოსებ გრიშაშვილის თავის ცნობილ წიგნში “ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა.” სწორედ ამ “დაუდევრობის” გამოსასწორებლად ჩაიცვა პოეტმა რკინის ქალამნები, ხელში კალამი აიღო და დედაქალაქის მივიწყებული ამბები ქაღალდზე გადმოიტანა. ამბები კი საინტერესოზე საინტერესოა. რას არ შეხვდებით აქ, ვის არ გაიცნობთ: კინტოებს და ყარაჩოღელებს, თბილისურ ამქრებს, ყეენობის მონაწილეებს, სახელგანთქმულ მოკრივეებს და რაც მთავარია, ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემას: გივიშვილსა და სკანდარნოვას, ბეჩარასა და ჰაზირას, იეთიმ გურჯსა და ანტონ განჯისკარელს… წიგნი ოთხი ნაწილისგან შედგება და ტექსტობრივთან ერთად ფოტო და მუსიკალურ მასალასაც მოიცავს. თავის დროზე, 1928 წელს, “ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა” მცირე ტირაჟით გამოვიდა და მაშინვე იქცა იშვიათობად. დღესაც, 80 წლის შემდეგ, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, გამომცემლობა “სიესტამ” მხოლოდ 2 ათასი ეგზემპლარი დაბეჭდა. ვიმედოვნებთ, ეს არ იქნება ერთადერთი ტირაჟი.

    მორის მეტერლინკი, პიესები, (სრული კრებული ორ ტომად), ფრანგულიდან თარგმნა დათო აკრიანმა. თბ. “სიესტა”, 2008.

    ბელგიელი პოეტი, დრამატურგი და ფილოსოფოსი. წერდა ფრანგულად. 1911 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი. პირველი აღიარება პიესა-ზღაპარმა – “პრინცესა მალენი” (1889) მოუტანა, რასაც მოჰყვა თითოაქტიანი პიესები “ბრმები” და “დაუპატიჟებელი”(1890). მისი შემოქმედების მთავარი თემებია სიკვდილ-სიცოცხლის რაობა, ადამიანის ბედი და დანიშნულება სამყაროში. მეტერლინკმა თავიდანვე მკვეთრად ჩამოაყალიბა შემოქმედებითი პოზიცია: განუდგა ყოფით, პოლიტიკურ და სოციალურ თემატიკას და მთელი ყურადღება გამოგონილ სამყაროზე გადაიტანა. ზღაპარი მისი პიესების მამოძრავებელი მუხტი გახდა. 1909 წელს ქვეყნიერებას მოევლინა მეტერლინკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილოსოფიური პიესა-ზღაპარი “ლურჯი ფრინველი,” რომელიც მითიური ბედნიერების ძიების სიმბოლოდ იქცა. ქართულ ენაზე გამოსულ ორტომეულში დრამატურგის ყველაზე ცნობილი 14 პიესა შევიდა, მათ შორის, “პრინცესა მალენ,” “შვიდი პრინცესა,” “ტენტაჟილის სიკვდილი,” “ლურჯი ფრინველი,” “მონნა ვანნა…”. მეტერლინკის შემოქმედების თაყვანისმცემელნი სათანადოდ დააფასებენ დათო აკრიანის თარგმანსაც. ორტომეულს თან ახლავს მთარგმნელის ვრცელი ესსე დრამატურგის შესახებ, სადაც დაწვრილებითაა განხილული ბელგიელი მწერლის შემოქმედებით-ესთეტიური მსოფლმხედველობა.

    სერგეი დოვლატოვი, “ჩემოდანი”, თარგმნა ირაკლი ჯავახაძემ, რედაქტორები: ლოლა ქადაგიშვილი, ლელა მაჩაბლიშვილი. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.

    ეს წიგნი 1998 წელს ითარგმნა. ირაკლი ჯავახაძე ერთ-ერთი იყო რუსი მწერლის მცირერიცხოვან ქართველ თაყვანისმცემელთაგან. “ჩემოდანი”-ს შემდეგ დოვლატოვის მოთხრობები და ჩანაწერებიც თარგმნა, თუმცა, წიგნად არ გამოსულა. სერგეი დოვლატოვი 1941 წელს დაიბადა. 1944 წლიდან ლენინგრადში ცხოვრობდა, მუშაობდა და წერდა მოთხრობებს, რომელთა დაბეჭდვასაც მაშინდელი ხელისუფლება კრძალავდა. მწერლის პირველივე კრებული საბჭოთა უშიშროების სპეცსამსახურმა გაანადგურა. სამაგიეროდ, იბეჭდებოდა დასავლურ ლიტერატურულ ჟურნალებში, რის გამოც საბჭოთა კავშირში ცხოვრება აუტანელი გახდა. 1978 წელს დოვლატოვი ჯერ ვენაში, შემდეგ კი ნიუ-იორკში
    გაემგზავრა, სადაც 1990 წელს გარდაიცვალა. ამერიკაშივე მოიპოვა მსოფლიო აღიარება. მისი მოთხრობები სადა, დახვეწილი ენით და თხრობის ექსპრესიული მანერით გამოირჩევა. “ჩემოდანში” მწერლის ავტობიოგრაფიის ფონზე მკითხველი საბჭოური ცხოვრების ტრაგი-კომიკურ სურათებსაც გადაავლებს თვალს, რომლებიც ბევრის მეხსიერებაში დოვლატოვის ჩემოდანში ჩაკუჭული ფინური წინდებივითაა მივიწყებული.

    სერგეი დორენკო, 2008, რუსულიდან თარგმნეს გიორგი კეკელიძემ და გელა თავაძემ. თბ. “სიესტა,” 2009.

    სერგეი დორენკო ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტია, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული რუსული პოლიტიკური ცხოვრების პერიპეტიებში. მუშაობდა სხვადასხვა სატელევიზიო არხზე, მათ შორის, ენტევეზე, ოერტესა და რენ-ტივიზე, სხვადასხვა ცნობილი პროგრამის წამყვანად. ბოლო წლებში რადიოსადგურ “ეხო მოსკვის” თანამშრომელი იყო, თუმცა, აქედანაც წამოვიდა. სკანდალურ ბესტსელერს, როგორც რომანის ეპიგრაფში აღნიშნავს, ვლადიმირ პუტინის ხსოვნას უძღვნის. ამ ადამიანის შესახებ მოგონებები სევდიანია, თუმცა ირონიული. იმის მიუხედავად, რომ ბევრ რამეს გაგებით ეკიდება, მისთვის მიუღებელია რუსეთის ნაციონალური ლიდერის მმართველობის სტილი. წიგნიდან შეიტყობთ, როგორ ცდილობს პუტინი ნახევარი მსოფლიოს ამოწყვეტას. რა არის მისი და შროდერის მეგობრობის ნამდვილი მიზეზი, რა აკავშირებთ რუსეთის პირველ პირსა და ანატოლი სობჩაკის ქალიშვილს, ბორის ბერეზოვსკისა და რომან აბრამოვიჩს. და ბოლოს, რატომ სურს პუტინს მარადიული სიცოცხლე და რა გზებს მიმართავს დაოიზმით შეპყრობილი პრეზიდენტი მიზნის მისაღწევად.

    ჯ.რ.რ.ტოლკინი, “ჰობიტი”, ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ, რედაქტორები: ლ.ქადაგიშვილი, თ.გავაშელიშვილი. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.

    ინგლისელმა მწერალმა ჯონ რონალდ რუელ ტოლკინმა სახელი ორი ცნობილი საბავშვო რომანით: “ბეჭდების მბრძანებლითა” და “ჰობიტით” გაითქვა. არდას სამეფოსა და შუამიწეთის ამბები მთელს მსოფლიოში პატარებისა და მათი მშობლების დიდი სიყვარულით სარგებლობს. “ჰობიტი” ცნობილი ტრილოგიის, “ბეჭდების მბრძანებლის” ერთგვარი შესავალია. სწორედ ამ წიგნში მოიპოვებს ჰობიტი ბილბო ჯადოსნურ ბეჭედს, რომლის თითზე წამოცმაც ნებისმიერს უჩინრად აქცევს. ერთ საღამოს ბილბოს უცნაური სტუმარი ეწვევა და 13 ჯუჯასთან ერთად შორეულ და სახიფათო მოგზაურობაში ეპატიჟება. დახმარების სანაცვლოდ ჯუჯები ნაპოვნი განძის მეთოთხმეტედ ნაწილს ჰპირდებიან, თუმცა, საბოლოოდ, მხოლოდ პერანგს, ხმალსა და ბეჭედს არგუნებენ. წიგნი პირველად 1937 წელს გამოიცა და პოპულარობა სწრაფად მოიპოვა. იგი ნომინირებული იყო კარნეგის მედალზე და New York Herald Tribune-ს სპეციალური პრიზიც მიიღო წლის საუკეთესო საყმაწვილო ნაწარმოებისთვის. მოგვიანებით გამოკითხვაში, რომლის მიხედვითაც საუკუნის საბავშვო წიგნები უნდა გამოევლინათ, “ჰობიტი” ერთ-ერთ აუცილებელ საბავშვო საკითხავად დასახელდა, რომელიც ნებისმიერ ასაკში ინარჩუნებს აქტუალობას.

    ანტონი, სუროჟელი მიტროპოლიტი, “ადამიანი ღვთის წინაშე”, რუსულიდან თარგმნა ნ.გურაბანიძე-ქადაგიძემ, რედაქტორი: არჩილ მანჯგალაძე. თბ. “სიესტა”, 2009.

    “ჩვენ ვცოდავთ, თითოეული ჩვენგანი – ცალ-ცალკე; და ამავე დროს ჩვენ ვცოდავთ ასევე, როგორც ქრისტიანული საზოგადოება. თითოეული ცალ-ცალკე და ყველა ერთად – ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც არაფრით ჰგავს ქრისტეს და მის მოციქულებს და წმინდანებს. არ შეიძლება თავი იმით ვიმართლოთ, რომ ყველა ვერ იქნება წმინდანი, რომ ყველა ვერ დაემსგავსება ქრისტეს. არ შეიძლება ვიცოდეთ, რისი მიღწევა შეგვიძლია; მაგრამ რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რისი მორევაც შეგვიძლია, ძალიან კარგად ვიცით და ზურგს ვაქცევთ, რადგან უფრო იოლია მოინანიო, ვიდრე შეიცვალო” – ეს მცირე ამონარიდია ანტონ სუროჟელის შესანიშნავი წიგნიდან, რომელიც ადამიანებს სერიოზული განსჯისა და დაფიქრების საშუალებას აძლევს. აქ განხილული თემები ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული ქრისტიანისათვის, რადგან ცხოვრების საზრისს, რწმენისა და ურწმუნოების, ღვთის შემეცნების, ჭეშმარიტების წვდომისა და არაერთ საინტერესო საკითხს ეხება. კრებული, რომელიც ძირითადად ანტონ მიტროპოლიტის ზეპირ გამოსვლებს ეფუძნება, რუსულ ენაზე რამდენჯერმე გამოვიდა. ნაწყვეტები ამ წიგნიდან უცხოურ პერიოდიკაში იბეჭდებოდა, გასული საუკუნის 70-90-იან წლებში ბი-ბი-სის მაუწყებლობითაც გადაიცემოდა და დიდ ინტერესს იწვევდა. ანტონ სუროჟელის ქართულ ენაზე გამოცემის ინიციატორი ზურაბ ჟვანიას ოჯახი გახლავთ. ვფიქრობთ, მკითხველი ბევრ საინტერესოს იპოვის მიტროპოლიტის ნააზრევში და მისთვის საინტერესო კითხვებზეც მიიღებს პასუხს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2009 – აგვისტო

    კოტე ჯანდიერი, კონკიას ღამე, თბილისი. დიოგენე, 2009

    ამ კრებულს ბევრი ელოდა. კარგა ხანია კოტე ჯანდიერს წიგნი
    აღარ გამოუცია. მიუხედავად იმისა, რომ “კონკიას ღამე” ძირითადად
    მკითხველისთვის ნაცნობ მოთხრობებს აერთიანებს, ერთად თავმოყრილი
    კიდევ ერთხელ გადაკითხვის სიამოვნებას ჰპირდება ლიტერატურის
    მოყვარულთ.
    კოტე ჯანდიერი იმ მწერლებს შორისაა, რომლებიც ერთი მოთხრობით გამახსოვრებენ თავს. “საოჯახო ქრონიკა” დღემდე რჩება მისი შემოქმედების თაყვანისმცმელთა ყველაზე საყვარელ ტექსტად. დღესაც მახსოვს მისი წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილება. მერე იყო “დაპატიჟება კინოში,” “კონკიას ღამე,” “განსხვავებული კალიბრის ვაზნა…”
    კოტე ჯანდიერი არ მიეკუთვნება უხვკალმიან შემოქმედთა რიცხვს, თვეში თითო რომანს და ათ მოთხრობას რომ წერენ. მისი ტიპის მწერლები კალამს მხოლოდ მაშინ იღებენ, როდესაც მნიშვნელოვანი სათქმელი უგროვდებათ. სწორედ ასეთი სათქმელი აღმოჩნდა “გლობალიზაცია.” მოთხრობა, რომელიც ავტორმა რადენიმე წლის წინ პირველად ჟურნალ “არილში” დაბეჭდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი მწერალია.
    “სამყარო იმისთვის არსებობს, რომ წიგნში იქნეს შეტანილი” – წერდა სტეფან მალარმე. კოტე ჯანდიერმა ამ წიგნში მისეული ხედვით შექმნილი სამყარო შემოგვთავაზა. სამყარო, რომლის ღერძიც ადამიანზე გადის. სამყარო, რომელიც ელოდება მკითხველს.

    15 საუკეთესო ქართული მოთხრობა, თბილისი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009

    ექვსი წელია “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” ქართველ მკითხველს ერთ კრებულად აკინძულ წლის 15 საუკეთესო მოთხრობას სთავაზობს. ამჯერად 2008 წლის პერიოდულ პრესასა და კრებულებში გამოქვეყნებული მოთხრობები შეიკრიბა. ავტორებისთვის ეს კიდევ ერთი დამატებითი სტიმულია კარგი ნაწარმოების შესაქმნელად, გამომცემლობისა და მკითხველისთვის – ლიტერატურული პროცესის თვალის სადევნებლად.
    კრებულის შემდგენელი ლელა ცისკარიშვილია, რომელიც წლის განმავლობაში ყურადღებით ადევნებს თვალს ყველა სიახლეს და არსებული “სოუსიდან” არჩევს 15 ყველაზე კარგ ნამუშევარს. შერჩევის პრინციპი ახალი ავტორების აღმოჩენას და სახასიათო ნაწარმოებების მოძიებასაც ითვალისწინებს. ამ მხრივ შარშანდელი წელი საინტერესო აღმოჩნდა. უკვე ცნობილი და “საფირმო” ავტორების გარდა, როგორებიც არიან ლაშა ბუღაძე, ზაზა ბურჭულაძე და ბესო ხვედელიძე, წიგნში ბევრი ახალი სახელიც მოხვდა. ნინო თარხნიშვილს, მიშა ბახსოლიანს, დათო ქარდავას, ვასილ სახვაძეს, ხათუნა თავდგირიძეს, გურამ ნავროზაშვილსა და გურამ მეგრელიშვილს ლიტერატურის მოყვარულნი ლიტსაიტებიდან იცნობენ, ეს კრებული კი მშვენიერი საშუალებაა, ფართო აუდიტორიის წინაშეც წარდგნენ. რაც შეეხება დანარჩენ ავტორებს, მათ ქართველი მკითხველი შედარებით უკეთ იცნობს: ზურაბ ლეჟავას, თეა თოფურიას, არჩილ ქიქოძის, ნიკუშა ანთაძის პროზაული ქმნილებები სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ლიტერატურულ პერიოდიკაში და წიგნებადაც გამოდიოდა. 2008 წლის კრებულში ნუგზარ შატაიძის ერთ-ერთი ბოლო მოთხრობაც შევიდა.

    თიკა ჭიჭინაძე, ეიფორია, თბილისი. არეტე, 2009

    ასეთებს დღეს თბილისში ბლომად შეხვდებით: ძირითადად, ინგლისური და კომპიუტერი იციან, სხედან გაწკრიალებულ ოფისებში, სვამენ ცხელ ყავას და მიბნედილი თვალებით შეჰყურებენ მონიტორს.
    ლენა ერთ-ერთი მათგანია. 27 წლის სიმპათიური თბილისელი გოგონა, რომელსაც აქვს კარგი სამსახური, ჰყავს მშვენიერი მეგობრები, თაყვანისმცემლებიც, თუმცა, მის ცხოვრებაში არ არის სიყვარული. ყველაფერი მოულოდნელად იწყება ერთ ბანკომატთან, სადაც ლენა ოცნების მამაკაცს შეხვდება. პარალელურად ვითარდება რომანი ინტერნეტით გაცნობილ ახალგაზრდა ბიზნესმენთანაც.
    ეს წიგნი მისწრებაა მათთვის, ვისაც ფსევდოინტელექტუალურმა ლიტერატურამ თავი მოაბეზრა და განტვირთვა მოენატრა. არ ვიცი, რამდენად მართებულია, თუ რომანს ქალურ საკითხავს ვუწოდებ, თუმცა, ვერც იმას იტყვი, რომ “ეიფორია” მამაკაცებისთვის უინტერესო იქნება. თიკა ჭიჭინაძის პირველმა ნამუშევარმა მკითხველის ყურადღება უკვე მიიქცია და ამას ისიც ადასტურებს, რომ გამოცემიდან ძალიან მალე იგი ბესტსელერთა სიაში აღმოჩნდა.

    მაკა ლდოკონენი, ქიშმიშიანი ამბები, თბილისი, დიოგენე, 2009

    იცით ვინ არის კინკაჟუ? ანდა, რას ნიშნავს უცნაური სიტყვები – მოისკილიკიმაჟურა და ჩაისკილიკიმაჟურა? გსმენიათ რამე ზღაპართასხმულაზე? მაშინ მაკა ლდოკონენის მოთხრობების კრებული უნდა წაიკითხოთ, რომელიც სავსეა ქიშმიშიანი ამბებით და მერე როგორი ქიშმიშიანით! ყელს რომ ჩაგიკოკლოზინებთ და ბავშვობის სურნელით აგავსებთ, თოვლის პაპას არსებობაში დაგარწმუნებთ და ნაძვის ხის ქვეშ დატოვებულ საჩუქრებს მოგაძებნინებთ.
    მე არ ვიცი, როგორია მაკა ლდოკონენი, თუმცა, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ლემურის თვალებიან გოგონად წარმომიდგენია, ცალ ფეხსაცმელზე ქუსლმოტეხილს და იმავ ცალი ფეხით აგურის კედელზე მიყრდნობილს, თავზე თეშდიდები და სუქუნები რომ აწვიმს. კიდევ, მგონია, რომ მაკა კი არა, თავისი მოთხრობის გმირის მსგავსად, მომგონია ჰქვია და ხან ჭროღა ქალქვებს იგონებს, ხან ოცნებების ზანდუკს და ხანაც ნატვრის სუფრას. ქიშმიშიან ამბებსაც იმიტომ თხზავს, რომ ადამიანები დაფიქრდნენ და არასოდეს მიატოვონ ქალაქი გრძნობებმა, წელიწადის დროებმა თუ თბილ ქვეყანაში გაფრენილმა ჩიტებმა.

    გიორგი ლორთქიფანიძე, იდეაfix, თბილისი, საუნჯე, 2009

    “გიორგი ლორთქიფანიძეს ერთი, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი თვისება აქვს, რაც ჩვენს ლიტერატურაში იშვიათი ხილია – მას საინტერესო ამბის მოფიქრება შეუძლია. ამ ნიჭს ის, რა თქმა უნდა, ჟანრულ ლიტერატურამდე უნდა მიეყვანა, მაგრამ მან ამ იოლ გზაზე უარი თქვა, რაც უკვე ეთიკური არჩევანია. ამიტომაც ეს წიგნი ჟანრებს შორისაა “გამოკიდებული”, ეს კი იმის მაუწყებელია, რომ გიორგი ლორთქიფანიძე ნამდვილად თანამედროვე მწერალია”, – წერს ავტორის შესახებ ლიტერატურათმცოდნე ზაზა შათირიშვილი. თანამედროვე მწერალი თანამედროვე თემებს ეხება – პოლიტიკურ თამაშებს, ზნეობრივ არჩევანსა და პიროვნების როლს ამ ყველაფერში. ყველაზე საინტერესო მაინც “გოჭი სილოვანი შავი ხვრელის წინააღმდეგ”-აა, მოთხრობა-ზღაპარი, სადაც მკითხველი სტილიზებულ სინამდვილეს ამოიცნობს, სხვა პლანეტაზე გადატანილ ჩვენს რეალობას.

    15-15, თბილისი, სიესტა, 2009

    მკითხველის წინაშეა კიდევ ერთი კრებული, რომლის არსებობას ლიტერატურულ კონკურს ლიბ.გე-ს უნდა ვუმადლოდეთ. წიგნში თავმოყრილია პირველ ეტაპზე ჟიურის მიერ შერჩეული პროზისა და პოეზიის 15-15 საუკეთესო ნიმუში, რომელთაგან სამ-სამი გამარჯვებული გამოვლინდა. პრიზები შემდეგნაირად განაწილდა: პოეზიაში პირველი სამეული შალვა ბაკურაძემ, ეკა ქევანიშვილმა და ალექსა ჩიღვინაძემ დაიმსახურეს, პროზაში – ნინო თარხნიშვილმა, გურამ ნავროზაშვილმა და ალეკო ცქიტიშვილმა. მონაწილეები ძირითადად ინტერნეტსივრცეში “მოღვაწე” ახალგაზრდა ავტორები არიან.
    ბოლო დროს ვირტუალური სამყარო აქტიურად ცდილობს კონკურენცია გაუწიოს ბეჭდურ ლიტერატურულ მედიას. ვირტუალურ ლიტკონკურსთა რიცხვმაც იმატა. რასაკვირველია, ეს ძალიან კარგია, თუმცა, მათი ხარისხი აშკარად ითხოვს გაუმჯობესებას. მეორეს მხრივ, მსგავსი წამოწყება აუცილებლად საჭიროებს მხარდაჭერას, იმდენად, რამდენადაც საუკეთესო საშუალებაა ახალი ავტორების ასპარეზზე გამოსასვლელად. ეს კრებული მშვენიერი საშუალებაა გაიცნო და შეაფასო ამ სფეროში არსებული ვითარება.

    გიორგი მირზაშვილი, წარმტაცი ქალაქი, თბილისი, სიესტა, 2009

    გიორგი მირზაშვილი მხატვარია და ეს მის ლექსებშიც იგრძნობა. ვერ იტყვით, სად გადის ზღვარი მის ლექსწერასა და ფერწერას შორის, ან გადის კი საერთოდ? მხატვარი ხომ იგივე პოეტია, რომელიც ფერებით ამბობს სათქმელს, ფერი რომ შემოაკლდება – ბგერებით. ამ შემთხვევაში, გიორგი მირზაშვილის ბგერწერა “წარმტაც” ქალაქს გვიხატავს, ქალაქს, რომელიც ისეთივე უსახურია, როგორც ზამთრის სიცივე, ისეთივე სევდიანი, როგორც მიტოვებული სახლის თუნუქის სახურავი და ისეთივე უხალისო, როგორც უჩუბჩიკო ჩიჩილაკი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ეს მისი ქალაქია. ქალაქი, რომელიც “უნდა იცოდე, უნდა იცნობდე, უნდა გიყვარდეს, ბოლოს და ბოლოს, უნდა ცხოვრობდე ამ ქალაქში.”

    იმრე კერტესი, კადიში არდაბადებულ ბავშვზე, თარგმნა ციალა კალმახელიძემ. თბილისი. ინტელექტი, 2009

    უნგრელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, იმრე კერტესის ნაწარმოებები პირველად გამოდის ქართულ ენაზე. წიგნში შესულია ავტორის ორი საკმაოდ ცნობილი თხზულება: “კადიში არდაბადებულ ბავშვზე” და “თვითმკვლელობა”. ასევე ლექცია, რომელიც 2002 წელს ავტორმა ნობელის პრემიის მიღებისას სტოკჰოლმში წაიკითხა.
    ჰოლოკოსტი მისი შემოქმედების ცენტრალური თემაა და არცთუ უსაფუძვლოდ. ეს ტკივილი მძიმე პიროვნული გამოცდილებიდან მიიღო, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი, საკონცენტრაციო ბანაკის ენითაღუწერელ კოშმარში აღმოჩნდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისი მიზანი არ ყოფილა ეჩვენებინა პიროვნული ტრაგედია. გაცილებით მნიშვნელოვანი იყო იმ მიზეზების ძიება, რამაც ცივილიზებული ევროპა სიკვდილის ბანაკებამდე მიიყვანა. პირველი მოთხრობა ამ თემაზე გასული საუკუნის 60-იან წლებში დაწერა, თუმცა, 1975 წლამდე ვერ გამოაქვეყნა, რადგან ჰოლოკოსტის თემა იმდროინდელ უნგრეთში ტაბუდადებული იყო. მოთხრობას – “კადიში არდაბადებულ ბავშვზე” მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს არის მოთხრობა-ტკივილი არდაბადებულ ბავშვზე, რომელსაც არსებობის უფლებას ანტისემიტიზმის უსამართლობით გაწამებული მომავალი მამა ართმევს. “არა!” – ასეთია მთავარი გმირის მოკლე განაჩენი, რომელიც შემაძრწუნებელია თავისი სისასტიკით.
    “კადიშის” ერთგვარი გაგრძელებაა რომანი “თვითმკვლელობა.” მთავარი გმირისა და მისი მეგობრების, ისევე, როგორც მთელი საზოგადოების ბედი, წინასწარაა განსაზღვრული იმ არაადამიანური დიქტატურით, რომელში ცხოვრებაც კერტესის ნაწარმოებთა გმირებს უხდებათ.

    გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია. გერმანულიდან თარგმნა მარიამ ქსოვრელმა. თბილისი. სიესტა, 2008

    გერმანული პოეზია მსოფლიო პოეტური მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. წინამდებარე კრებული მოკრძალებული მცდელობაა, ქართველ მკითხველს შეძლებისდაგვარად გააცნოს გერმანული კაზმული სიტყვიერება, მისი განვითარების ეტაპების შესაბამისად. მართალია, ეს ყველაფერი არ არის ამომწურავი და სისტემური, თუმცა, დაინტერესებულ მკითხველს გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის.
    “გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია” სხვადასხვა ეპოქის პოეზიას აერთიანებს. მკითხველი იხილავს როგორც მისთვის კარგად ნაცნობ ავტორებს, – იოჰან ვოლფგანგ გოეთე, რაინერ მარია რილკე, ჰერმან ჰესე, გეორგ თრაქლი, ნოვალისი, ფრიდრიჰ ჰოლდერლინი, იოზეფ ფონ აიხენდორფი, ედუარდ მორიკე, ნიკოლაუს ლენაუ, გეორგ ჰაიმი და ევა შტრიტმატერი. ასევე გაეცნობით ადრეული და შუასაუკუნეების გერმანული ხალხური პოეზიის ნიმუშებსაც.

    იუსტაინ გორდერი, ფორთოხლის გოგონა, ინგლისურიდან თარგმნა დათო აკრიანმა, თბილისი, სიესტა, 2006

    ცნობილი ნორვეგიელი მწერლის, იუსტაინ გორდერის ეს მშვენიერი რომანი 2004 წელს დაიწერა. გახმაურებული “სოფიას სამყაროს” ავტორმა დაწერა წიგნი სიკვდილსა და სიცოცხლეზე, არჩევანის თავისუფლებაზე, ცხოვრების დიდ ლატარიაზე, რომელშიც მხოლოდ გამარჯვებული ბილეთები ჩანს.
    15 წლის გეორგი დედასთან, მამინაცვალსა და პატარა დასთან ერთად ოსლოში ცხოვრობს. მამა ბუნდოვნად ახსოვს: 4 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. 11 წლის შემდეგ ეს ადამიანი ისევ შემოიჭრა ბიჭის ცხოვრებაში – ვრცელი წერილით, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გეორგის ძველ საბავშვო ეტლში ინახებოდა. სიკვდილის წინ მამამ შვილს იდუმალებით მოცული ფორთოხლის გოგონას რომანტიკული ისტორია უამბო, რომელმაც პატარა გეორგი ბევრ რამეზე დააფიქრა.
    რომანის ბოლოში გეორგმა უნდა უპასუხოს მამის მიერ დასმულ უკანასკნელ შეკითხვას, რომელიც მისთვის გარდაცვალების შემდეგაც ძალზე მნიშნელოვანია: რას აირჩევდა, რაღაც აღმატებული ძალით მონიჭებული არჩევანის უფლება რომ ჰქონოდა: საერთოდ არმოსვლას თუ მაინც დაბადებას და გარკვეული ხანგრძლივობის სიცოცხლეს? როგორია 15 წლის ბიჭის არჩევანი, წიგნიდან შეიტყობთ.

    სოსო ტაბუცაძე, უბრალო დამატება, რედაქტორი მალხაზ ხარბედია, თბილისი, ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2009

    “თუ მაინც თავი მოვუყარე ამ ტექსტებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ორ ყდას შუა მოქცეული, წყობისად განლაგებულნი უფრო მეტს იტყვიან რამდენიმე წლის წინანდელ ლიტერატურულ ცხოვრებაზე და კონტექსტის ძალმოსილების წყალობით, ავტორსა და თავიანთ თავზეც,” – წერს წიგნის შესავალში ლიტერატორი და კრიტიკოსი სოსო ტაბუცაძე, რომელმაც სხვადასხვა პერიოდში (ძირითადად 2000 წლის შემდეგ) დაწერილ და ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნებულ წერილებს მოუყარა თავი.
    ავტორი ამ წერილებს ჩვენი კულტურული ცხოვრების უბრალო
    დამატებად განიხილავს. რატომ უბრალო და არა პირდაპირი ან ირიბი?: გრამატიკულად “უბრალო დამატება” წინადადების არამთავარი წევრი კია, მაგრამ აბა უმისოდ დაასკვენით რამეო, – განმარტავს ბატონი სოსო.
    ლიტერატურული კრიტიკა, პუბლიცისტური წერილები, ინტერვიუ, ფილოსოფიური რემინისცენციები, ესეები ქართველი და მსოფლიო მწერლობის თანამედროვე და კლასიკოსი ავტორების შესახებ – ასეთია სოსო ტაბუცაძის ლიტერატურული ნააზრევის არეალი, რომელიც ლიტერატურულ პროცესებში ჩართულ მკითხველს უთუოდ დააინტერესებს.

    ივ ტისიე, ევროპის ლექსიკონი თბილისი, სამეცნიერო რედაქტორი: ოთარ ჯანელიძე, რედაქტორი: მანანა მექვაბიშვილი, ჯისიაი, 2008.

    პოლიტოლოგების, დიპლომატებისა და პოლიტიკური მეცნიერებებით
    დაინტერესებული მკითხველისთვის ეს წიგნი ნამდვილი საჩუქარია. მასში მოთხრობილია ევროპის ისტორია ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, თანამედროვეობის ჩათვლით. გამქრალი და თანამედროვე სახელმწიფოები 1789 წლიდან დღემდე – ასეთია ამ მასშტაბური გამოცემის გეოპოლიტიკური არეალი.
    ცნობილი ფრანგი ლექსიკოგრაფის, ისტორიკოსისა და ტერიტორიული საკითხების სპეციალისტის, ივ ტისიეს ფუნდამენტური ნაშრომი, რომელსაც 2003 წელს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წარდგინებით Verdaguer-ის პრემია მიენიჭა, 2008 წელს უკვე მესამედ გამოიცა განახლებული სახით. სწორედ ეს უკანასკნელი დაედო საფუძვლად ქართულ თარგმანს.
    ლექსიკონი ხუთი ნაწილისგან შედგება და მოიცავს: ევროპის ტერიტორიული დანაწილების ისტორიულ ქრონოლოგიას, 46 სუვერენული სახელმწიფოს ანბანურ ლექსიკონს; დღეისათვის სამასამდე გამქრალი სახელმწიფოს ანბანური ლექსიკონს; დანართს (სხვადასხვა სახის უცნაურობები, ადგილობრივი თავისებურებანი, ძირითადი დიპლომატიური აქტების ქრონოლოგია და ა.შ.) და 50 ფერად რუკას.

    ნანა კობაიძე

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2009 – ნოემბერი

    მამუკა ლეკიაშვილი „უბინძურესი სადარბაზოები“, რედაქტორი ნინო დობორჯგინიძე, დიზაინერი ოთარ ყარალაშვილი, ფოტოგრაფი ლევან ხერხეულიძე. თბ. 2009.

    პოეზიის მოყვარულებს კიდევ ერთი საინტერესო წიგნი ელით – მამუკა ლეკიაშვილის ახალი პოეტური კრებული „უბინძურესი სადარბაზოები“.
    მამუკა ლეკიაშვილის პოეზიას მკითხველი გამორჩეული სტილითა და დამახასიათებელი ხელწერით იცნობს. წიგნში შესულია პოეტის ახალი ლექსები: „დაღამდა, მოედანს…“, „ქალაქის საღამო…“, „აქ დარჩენილ ქვეყანაში“ და სხვა. კრებულს ასევე თან ახლავს ალექსანდრე ქვირიას ფილმი.

    „სჯანი“ (ლიტერატურულ თეორიული ჟურნალი), რედაქტორი ირმა რატიანი,
    თბ. ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა 2009-10 წ.წ.

    ჟურნალ „სჯანი“-ს ახალ გამოცემაში თავმოყრილი მასალები მოიცავს თანამედროვე ლიტერატურის თეორიული კონცეფციებისა და მიმდინარეობების ანალიზს, კვლევისა და კრიტიკის ახალ, საინტერესო მეთოდოლოგიებს. ჟურნალი წარმოგვიდგენს როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკვლევარების ნაშრომებს და მნიშვნელოვან გამოკვლევათა ჯერ გამოუქვეყნებელ შედეგებს. ჟურნალი „სჯანი“ ლიტერატურის თეორიის შესახებ გამოცემულ ახალ ქართულ და უცხოურ წიგნებსაც გაგვაცნობს, სადაც განხილულია ლიტერატურის თეორიის სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემა და პრობლემა.

    ირაკლი მახარაძე, ლაშა ხეცურიანი „რუსულ–ქართული ტერორი (1880–1924)“, რედაქტორი ლალი ქადაგიძე, თბ. გამომცემლობა „დიოგენე“ 2009.

    ეს ახალი წიგნი რუსულ ტერორთან გაიგივებულ, 1880-1924 წლებში გაჩენილ, ქართულ ტერორიზმსა და ტერორისტების თავგადასავალს შეეხება. კინორეჟისორი და მკვლევარი ირაკლი მახარაძე და ექიმი–ფსიქიატრი ლაშა ხეცურიანი საინტერესო ისტორიულ ექსკურსს გვთავაზობენ. ავტორები რეალურ და ფართო მკითხველისთვის აქამდე უცნობ ფაქტებზე დაყრდნობით აღადგენენ საქართველო–რუსეთის არც ისე შორი წარსულის მძიმე, სისხლითა და უსამართლობით აღბეჭდილ ეპიზოდებს: როგორ ხდებოდა თვით ტერორიზმის ხატის და რუსული სახელმწიფო ტერორის ჩამოყალიბება საქართველოს წინააღმდეგ, რას წარმოადგენდა აგრარული ტერორი, გურული ტერორი – დამთავრებული გადახნული საქართველოს ბედით, ანუ „წითელი“ ტერორით. მთელი ამ სისხლიანი ისტორიის საილუსტრაციოდ წიგნში წარმოდგენილია ჩვენი ქვეყნის მამაცი შვილების ტრაგიკული ბედის ამსახველი დუკუმენტური ფოტოები.

    ნაირა გელაშვილი „ჩვენი გრძელი ამბავი“ წიგნი პირველი, მხატვარი გიორგი წერეთელი, რედაქტორები: ლეილა სიხარულიძე, რუსუდან კაიშაური, თბ. კავშირი „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“ 2009.

    „ჩვენი გრძელი ამბავი“ ანუ მცდელობა სარკის გამრთელებისა – ნაირა გელაშვილის ახალი ავტობიოგრაფიული რომანია. ავტორი წიგნს უძღვნის ძვირფას ოჯახს. მისი შემოქმედება ხომ ძირითადად რეალურ ბიოგრაფიულ ფაქტებზეა აგებული. ნაირა გელაშვილის წიგნებს კარგად იცნობს ქართველი მკითხველი: “დედის ოთახი“, „ტრაგიკული გრადაცია“, „ამბრნი, უმბრნი და არაბნი„ და სხვა.
    წიგნში „ჩვენი გრძელი ამბავი“ მწერალი მესამე პირში ყვება თავისი გვარის ამბავს და ამით რაღაცნაირად გვაინტრიგებს კიდეც, თითქოს მთელი ამ ისტორიის მომსწრე კი არ გვახედებს გელაანთ გვარის ცხოვრებაში, არამედ დამკვირვებელი და მკვლევარი წინაპრების წარსულისა, რომელიც საგას იწყებს ნუკრიანში ოდინდელი კარმიდამოს აღწერით, თავისი დიდი წინაპრების ნატოს და სოსანას ამბებით და მოგვითხრობს როგორც სჩვევია, ერთგულად, რადგან „არაფერია სინამდვილეზე უფრო ჭკვიანი და სწორი“. ეს არის ისტორია, მატიანე, საგა თავისი ქვეყნისა, თავისი ოჯახისა თუ გვარისა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2002 – ოქტომბერი

    ჰარუკი მურაკამი, მიწისძვრის შემდეგ
    After The Quake
    Stories
    By Haruki Murakami. Translated by Jay Rubin
    181 pp. New York: Alfred A. Knopf. $21, August 2002

    ჰარუკი მურაკამის “მიწისძვრის შემდეგ” მაგიური ძალის მოთხრობათა კრებულია. მწერალი მოგვითხრობს კობის 1995 წლის მიწისძვრით გამოწვეულ ემოციებზე, შოკზე… ამ წიგნის აუღელვებლად წაკითხვა შეუძლებელია, განსაკუთრებით – ამერიკელებისთვის. ამერიკაში იაპონიის მიწისძვრას აუცილებლად მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერაქტის მეტაფორად მოიაზრებენ, მიუხედავად იმისა, რომ მურაკამიმ ეს მოთხრობები 11 სექტემბრამდე დაწერა.
    კრებული “მიწისძვრის შემდეგ” ექვსი მოთხრობისგან შედგება. პერსონაჟები დარწმუნებულნი არიან, რომ უსაფრთხო ადგილას ცხოვრობენ, მაგრამ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ცნობები ყოველდღიურად აღწევს მათ ყურამდე გაზეთისა და ტელევიზიის საშუალებით. პირველი მოთხრობის გმირი კომურაა, გამყიდველი, რომლის ცოლიც ხუთი დღის განმავლობაში გაფაციცებით უსმენს საინფორმაციო გადაცემებს, მოსალოდნელი სტიქიის შესახებ რომ აფრთხილებენ მოსახლეობას. ქალი პანიკაშია და შიშისგან ხმას აღარ იღებს. მეექვსე დღეს ის შინიდან მიდის და ქმარს ასეთ წერილს უტოვებს: “საქმე იმაშია, რომ შენ ჩემთვის არაფერი მოგიცია, ან უფრო სწორად, შენში არაფერია ისეთი, რაც შეიძლება მომცე. შენ კარგი, კეთილი და ლამაზი ხარ, მაგრამ გინდ შენთან მიცხოვრია და გინდა ჰაერის ნაგლეჯთან.” ამას მოჰყვება მურაკამის მხატვრული უცნაურობის კლასიკური მაგალითი: კომურას სახლიდან მიაქვს პატარა ყუთი და მას ვიღაც უცნობს გადასცემს, და გადასცემს თუ არა, იწყებს ფიქრს იმაზე, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ კოლოფში. უეცრად საიდუმლოებით მოცული ხდება ყველაფერი და ამ საიდუმლოს ტრაგიკული დასასრული აქვს. ჯადოსნური ყუთი კომურას სიმბოლოა, აქ ჩაკეტილია კომურას სული, რომელიც პატრონმა დაუფიქრებლად დაუთმო სხვას, თუმცა ისიც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყუთი ცარიელი იყო.
    მურაკამის გმირებს სული გამოცარიელებული აქვთ. მიწისძვრა მხოლოდ ბიძგია, რომელიც ამ სიცარილეს წარმოაჩენს, ჯაჭვი, რომელზეც მიბმულია ექვსივე მოთხრობა. მურაკამი არც აქ ღალატობს ფოლკლორულსა და მითოლოგიურ წიაღსვლებს, წიგნში მკითხველი უამრავ ზღაპრულ მოტივს შეხვდება: დათვის, გველის, ბაყაყის, ჯადოსნური ყუთის მოტივები. თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, თუ ამას საერთოდ ცხოვრებას ეძახით, – მიგვანიშნებს ავტორი კრებულის ფინალურ მოთხრობაში “თაფლის კვერი”.
    როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კრებული ავბედით 11 სექტემბრამდე დაიწერა. მაგრამ ავტორმა, როგორც ჩანს, კარგად იცოდა, რომ წიგნს აშშ-ში დიდი რეზონანსი მოჰყვებოდა. სამყარო, სადაც მურაკამის გმირები ცხოვრობენ, რაღაცით ემსგავსება “ტყუპი კოშკების” სამყაროს, რომელიც ჩვეულებრივიც არის და მოჩვენებითიც, ტრივიალურიც და რაღაცის მომასწავებელიც. კრებულს იაპონურად ასეთი სახელწოდება ჰქონდა: “ყველა ღვთისშვილს შეუძლია ცეკვა”, მაგრამ მურაკამიმ ინგლისური თარგმანისათვის კრებულის სათური შეცვალა.

    შეიმას ჰინი, რჩეული თხზულებები
    Finders Keepers: Selected Prose 1971-2001
    Seamus Heaney
    Faber and Faber J20, pp.426, April 2002

    ლექსში “ბარვა” (1964) შეიმას ჰინი წერს:
    “ჩემს საჩვენებლ თითსა და ცერს შორის
    სქელი კალამი ისვენებს,
    მე დავბარავ ამ კალმით.”
    შეიმას ჰინის ნათელი, მიმზიდველი პროზა ორი თვალსაზრისით არის საინტერესო, როგორც პოეტის და როგორც პიროვნების გამოვლენის თვალსაზრისით. ამ წიგნში იპოვით პასუხს კითხვებზე: როგორ უნდა იცხოვროს და წეროს პოეტმა? რა აკავშირებს შემოქმედს თავის შინაგან ხმასთან, საცხოვრისთან, ლიტერატურულ მემკვიდრეობასთან და იმ სამყაროსთან, რომელშიც ის ცხოვრობს?
    ამ წიგნის კითხვის დროს მკითხველი მიხვდება, როგორ იცვლება პოეტის მსოფლხედვა. 1975 წელს გამოსულ კრებულში “ჩრდილოეთი” ჰინის პიროვნება გაორებულია. პოეტის ერთი “მე” ძველ სტილს არ ღალატობს და პიროვნულ გრძნობებზე გვესაუბრება, მეორე “მე” კი ნაკლებად მრავალსიტყვაობს საზოგადოებრივი მოვლენების აღწერისას.
    საყურადღებოა ხელობისა (craft) და ტექნიკის (technique) ჰინისეული დაპირისპირება: ხელობა შექმნის უნარს გულისხმობს, ტექნიკა კი სიტყვების, მეტრის, რიტმის გარდა პოეტის მრწამსსაც მოიცავს. რჩეული მოიცავს ჰინის ოქსფორდში წაკითხულ ლექციებს, ნარკვევებს ლიტერატურულ პროცესებზე და სხვა.
    ჰინის რჩეული თხზულებების გაცნობისას ერთგვარად მწერლის პიროვნებაც იკვეთება: მოკრძალებული, კეთილსინდისიერი და სკრუპულოზური ხელოვანი, რომლის არტისტულ გადახვევებს არასოდეს დაურღვევიათ მისი, როგორც შემოქმედის, მთლიანობა.

    გაო სინძიანი, ერთი კაცის ბიბლია
    Gao Xingjian, One Man’s Bible
    Translated by Mabel lee, HarperCollins Publishers,
    September 2002.

    გაო სინძიანი ორი დიდი რომანის ავტორია: “სულის მთა” (რომელშიც მან 2000 წელს ნობელის პრემია მიიღო) და “ერთი კაცის ბიბლია”, რომელიც 1999 წელს დაიბეჭდა ტაივანში, ამასწინათ ითარგმნა ინგლისურ ენაზე და რომელსაც დასავლეთში კარგად იცნობენ თანამედროვე ჩინური ლიტერატური მკვლევარები.
    “ერთი კაცის ბიბლია” მწერლის ცხოვრების სარკეა. ეს არის მხატვრულ-დოკუმენტური მემუარი, ცხოვრება ადამიანისა, რომელმაც გაუძლო კულტურულ რევოლუციას. რომანი გვიამბობს, თუ რა ხდებოდა ჩინეთში 60-იანი წლების ბოლოსა და 70-იანი წლების დასაწყისში, როცა მთელ ქვეყანაში პოლიტიკური კლაუსტროფობია და პარანოია სუფევდა, როცა – შვილები ასმენდნენ მშობლებს, მეზობლები – მეზობლებს, მწერლები წვავდნენ თავიანთ წიგნებს, მხატვრები – ტილოებს, როცა რევოლუცია ანადგურებდა ყველაფერს.
    წარსულის გახსენებამ საგრძნობლად შეცვალა მწერლის ცხოვრება. “შენი გული ახლა უკვე მშვიდადაა, შენში ამბოხი ჩაქრა,” – ეუბნება სინძიანი საკუთარ თავს: “თუ გინდა, განზე გადგე და შენს “მეს” მოუსმინო, უნდა ეცადო, რომ შენი წარსული მხატვრულ ლიტერატურად გადაიქცეს; მაშინ დააკვირდები შენს “მეს” – გმირს, რომელსაც ამოუცნობი თვისებები აქვს,” – დაასკვნის მწერალი.
    გაო სინძიანის ახალ რომანში მწერლის “მეს” განსაზღვრისათვის გამოყენებულ მრავალრიცხოვან ნაცვალსახელებს შორის ძირითადია ორი: შენ-მთხრობელი და ის–ამბის გმირი. სწორედ ამ ნაცვალსახელების მეშვეობით ცდილობს მწერალი განასხვავოს, ვინ იყო ის წარსულში და ვინ არის ახლა.
    “ერთი კაცის ბიბლია” გაო სინძიანის მიერ ღმერთის ძიებაცაა. მწერალი ღმერთს საკუთარი თავის შეცნობაში ხედავს, ადამიანი მხოლოდ მაშინ არის თავისუფალი, როცა ის საკუთარ თავს შეიცნობს.
    “ერთი კაცის ბიბლიის” ინგლისური თარგმანი (როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ბრწყინვალე თარგმანი) მეიბელ ლის ეკუთვნის.

    სტივენ კინგი, “ბიუიკ-8-დან”
    Stephen King, From a Buick 8, Simon & Schuster, September 2002

    საშინელებათა დიდოსტატის სკეპტიკური მონათხრობი – ასე წარმოადგენენ კრიტიკოსები სტივენ კინგის ახალ რომანს უცნაურ და საბედისწერო ავტომანქანაზე – “ბიუიკ-8”-ზე, პოლიციელთა ჯგუფზე და კიდევ იმაზე, რომ სამყაროს შეცნობა შეუძლებელია.
    სტივენ კინგის ახალი რომანის კითხვისას მკითხველს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მწერალს მობეზრდა მონსტრებსა და სხვა საზარელ არსებებზე წერა, რადგან სულაც არ არის საჭირო რამე გამოიგონო, ყოველდღიურ ცხოვრებაში ისედაც უამრავი საშინელება ხდება. ახალი რომანი, მართალია, ე.წ. საშინელებათა რომანია, მაგრამ, ამავე დროს, ეს ნაწარმოები სცილდება ამ ჟანრის ფარგლებს. ავტორმა ზუსტად იცის, რა სიურპრიზს ელის ამჯერად მისგან მკითხველი.
    თავად ავტორი ახალ ნაწარმოებს ასე წარმოგვიდგენს: “ეს ერთგვარი მედიტაციაა, შეცნობა იმისა, რომ ბუნებაში უამრავი რამ გაუშიფრავი რჩება”.
    მისტერიული ბუიკის ამბავს უკავშირებენ 11 სექტემბრის მოვლენებსაც და სტივენ კინგის ავტობიოგრაფიასაც. რომანი ბედისწერაზე და შემთხვევითობაზე მოგვითხრობს, და კიდევ უსუსურ ადამიანებზე, რომლებიც ამაოდ ცდილობენ წინ აღუდგნენ ბედისწერას. ეს რომანი კინგის რომანებს შორის ყველაზე ამაღელვებელი, რაღაც უჩვეულო მუხტის მატარებელი ნაწარმოებია.
    ნაწარმოების დასაწყისში ერთი გმირი ამბობს: მინდა მოვისმინო ამბავი, რომელსაც დასაწყისიც აქვს, შუა ნაწილიც და ისეთი დასასრულიც, სადაც ყველაფერი გარკვეული იქნება. მის მამასაც უნდოდა ამოეხსნა ბუიკის საიდუმლოება, მაგრამ ჩვენ – დედამიწის ბინადარნი ვერასოდეს ვიპოვით დასაწყისსა და დასასრულს, ვერასოდეს დავინახავთ იმ ჯაჭვის თავსა და ბოლოს რომლის რგოლებსაც ვებღაუჭებით. სკეპტიკური და ორაზროვანი “ბუიკ-8-დან” მწერლის შემოქმედებაში ახალი მიმართულების დაწყებას მოასწავებს.
    რომანის სახელწოდება ეხმიანება ბობ დილანის სიმღერას (1965 წ.) “ბუიკ-6-დან” (From a Buick 6).

    ჰარტ კრეინი, ცხოვრება
    Hart Crane, A Life
    By Clive Fisher
    384 pp., Yale University Press , March 2002.

    1932 წელს კარიბის ზღვაში, ჰავანის ჩრდილო-აღმოსავლეთით გემი მიაპობდა ტალღებს, რომლის გემბანზე ალკოჰოლიზმისაგან გატეხილი პოეტი ჰარტ კრეინი იმყოფებოდა. მას თან ახლდა მეგობარი ქალი – პეგი კოული, ერთ-ერთი იმ ქალთაგანი, რომელიც დაჟინებით ცდილობდა ახალგაზრდა კაცის გადარჩენას. მაგრამ – ამაოდ. პოეტმა ზღვის ტალღებს სამუდამოდ შეაფარა თავი.
    ჰარტ კრეინის (1899-1932) ბიოგრაფია პოეტის სიკვდილის შემდეგ, 70 წლის განმავლობაში, მეოთხედ გამოქვეყნდა.
    წიგნი მოგვითხრობს არა მარტო კრეინის მძიმე ცხოვრებაზე, არამედ მის შემოქმედებაზეც. ავტორი მთლიანად არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ კრეინი ამერიკელი რემბო ან კიტსია. კრეინს აკლია რემბოს მტკიცე განსჯის უნარი, და თვითგადარჩენის ინსტინქტი, მაგრამ კიტსის მსგავსად თავის თავი გულწრფელად მიუძღვნა პოეზიას. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, პოეტის მძიმე ცხოვრება საერთოდ არ აისახება მის პოეზიაში.
    კრეინმა მკითხველს დაუტოვა უმშვენიერესი და გულწრფელი წერილები, უფრო სწორად წერილი-ნოველები, რომლებიც რაღაცით სკოტ-ფიცჯერალდის ნოველებსაც ემსგავსება.
    კრიტიკოსები მას ჰომოფობიითა და “არასრულფასოვნების კომპლექსით” შეპყრობილს უწოდებდნენ. კრეინი ამ ბრალდებას მხოლოდ ბოდვას უწოდებდა, მაგრამ დადგა დრო და მან მთლიანად ეჭვქვეშ დააყენა თავისი იდეალები. 1931 წელს, მეხიკოში რომ ჩავიდა, საკუთარი თავის მიმართ საშინელი ზიზღით იყო შეპყრობილი, ეს ანგრევდა მის არსებას. იმ წელს ერთადერთი ლექსი დაწერა, “გატეხილი ციხე-სიმაგრე”, სადაც წერდა, რომ გულს ვეღარაფერს უდებდა: ან კვალში უნდა მიჰყოლოდა სიყვარულის ოცნებას ან დიდხანს მდგარიყო ქარში. ერთი თვის შემდეგ გადაწყვიტა, რომ არჩევანი აღარ ჰქონდა.

    ელენ ფეინშტაინი
    პოეტის ცხოვრება
    Ted Hughes: The LIfe of a PoetElaine FeinsteinWeidenfeld & Nicholson, pp352, July 2002

    “პოეტის ცხოვრება” – ეს არის პირველი ბიოგრაფია მწერლისა, რომელმაც შეცვალა ინგლისური ლიტერატურის სახე. როდესაც ჰიუზის პოეზიას (ისევე როგორც მისი მეუღლის, სილვია პლათის ნაწერებს) კითხულობ, მის ცხოვრებასაც უნდა იცნობდე. ეს იყო ამ წიგნის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი.
    პოეტს, ბიოგრაფსა და მთარგმნელს, ელენ ფეინშტაინს, რომელიც ტედ ჰიუზთან ერთად სწავლობდა კემბრიჯში, ჰიუზის ბიოგრაფიის დაწერის იდეა სამი წლის წინ დაებადა. ჰიუზი მისთვის თბილი და კეთილშობილი ადამიანი იყო და არა ლეგენდიდან გადმოსული თვალანთებული მონსტრი. ფეინშტაინმა ბიოგრაფიული რომანისათვის დიდძალი მასალა მოაგროვა, პირადი წერილები, ინტერვიუები ჰიუზის ნაცნობ-მეგობრებთან. თუმცა, როგორც ავტორი აღნიშნავს, ბევრმა რესპონდენტმა თავისი თავი არ დაასახელა, იყვნენ ისეთებიც, ვინც დახმარება არ მოისურვა.
    მწერალი ჯერ ჰიუზის მშობლებს გვაცნობს, ამას მოსდევს ჰიუზის ბავშვობა, კემბრიჯში გატარებული “სიცარიელის წლები”, რამაც კინაღამ ჩაკლა ჰიუზის პოეტური სული.
    რომანი ჰიუზს ორსახოვან ადამიანად წარმოგვიდგენს: მონსტრი და კეთილი გოლიათი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კრიტიკოსების ერთი ნაწილი ამ რომანს უარყოფითი რეცენზიებით შეხვდა: ავტორი რაღაცაზე ფატალურად არის მიჯაჭვული, ის ან აღფრთოვანებულია ჰიუზის პიროვნებით, ან ძალიან აღელვებულია იმ ტრაგედიით, რაც მწერლის გარშემო დატრიალდა, ან აქ სულ სხვა მიზეზია. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ჰიუზის ბიოგრაფია უფრო თამამად უნდა დაწერილიყო, ავტორმა ვერ მოახერხა ქაღალდზე გაეცოცხლებინა ადამიანი მთელი თავისი ტრაგიზმით. ფეინშტაინი არ ცდილობს ჰიუზის ლეგენდის დამსხვრევას. წიგნის წაკითხვის შემდეგ სიტყვები – სიტყვებად, ტედისა და სილვიას მითი კი მითად რჩება.

    მოამზადა თამარ სუხიშვილმა

    © “წიგნები – 24 საათი”