• ესე (თარგმანი)

    გერტრუდ სტაინი – სეზანი, პიკასო, მატისი

    გერტრუდ სტაინის “კუბისტურად დაწყობილი სიტყვებით”, ვერბალიზმებითა და დისონანსური გამეორებებით “დახატული” სამი ლიტერატურული პორტრეტი “სეზანი”, “მატისი” და “პიკასო” პირველად ალფრედ შტიგლიცმა გამოაქვეყნა 1912 წელს “Camera Work”-ში (მოგვიანებით გაერთიანდა წიგნში “პორტრეტები და ლოცვები” – “Portraits and Prayers”), იმ დროს, როცა ნიუ-იორკში გაიხსნა მოდერნისტული ხელოვნების გამოფენა, სადაც საკმაოდ ბევრი ტილო იყო წარმოდგენილი სტაინების კოლექციიდან. გერტრუდ სტაინის სახელიც მაშინ გახმიანდა და გახმიანდა სწორედ იმ მხატვრებთან ერთად, რომელთა გზასა და პრინციპებსაც, საერთო აზრით, იმთავითვე იზიარებდა და მიჰყვებოდა მწერლობაში. შტიგლიცს უთქვამს, ეს პორტრეტები ისე მივიღე გამოსაქვეყნებლად, არც კი დავფიქრებულვარ, რადგან ერთი გადახედვით, სულერთია, მაინც ვერაფერი გავიგეო.; მაგრამ მერე ისინი იუმორისა და სატირის სამიზნე რომ გახდა, მისი ავტორი მაინც დაბეჯითებით იმეორებდა, აკი მეც იმასვე ვიქმოდი, რასაც კამერა იქმს, ანუ ვცდილობდი განგრძობითობის, უწყვეტობის შეგრძნება შემექმნაო და ამაყობდა, ჩემ ციტატებს იმეორებენ და არა იმათსას, ვინც სინამდვილეში ხალხს უნდა აღაფრთოვანებდესო.

    გერტრუდ სტაინი

    სეზანი

    ირლანდიელი ქალბატონი იტყოდა დღევანდელი დღე ყოველი დღეაო. კეისარი იტყოდა ყოველი დღე დღევანდელი დღეაო და იტყვიან ყოველი დღე ისაა რასაც იტყვიანო.
    ასე და ამგვარად ჩვენ გვაქვს ადგილი რომ დავრჩეთ და მას არ შეეგებნენ რამეთუ გადაეწყვიტა დარჩენა. როცა ვთქვი გადაეწყვიტა-მეთქი დარჩენა ვგულისხმობდი რომ დარჩებოდა შაბათს. ასე და ამგვარად პირი პირია სადაც რაკი პირია სადაც და იქ დამიჯერეთ წყალიცაა. დამიჯერეთ იქ წყალიცაა და ლურჯიც. როდესაც უყურებთ ლურჯს ყველაფერი ლურჯი ძვირფასიცაა. ის არის რაც ძვირფასია ყველაფერი ისაა და ისინი გულისხმობენ თქვენ ხსნას. ასე და ამგვარად ქმნიდა სეზანი თითქმის ამგვარად ქმნიდა სეზანი და თითქმის ქმნიდა. სეზანი თითქმის ქმნიდა თითქმის ქმნიდა და თითქმის ქმნიდა. და მე ვიყავი გაოგნებული. ვიყავი მე გაოგნებული. მე ვიყავი გაოგნებული და ვითმენდი, თქვენ ითმენთ ხოლმე როცა პოულობთ ფუტკრებს. ფუტკრები ბაღში ქმნიან საგანგებო თაფლს. თაფლი და იქ. იქ სადაც ბალახი შეიძლება ოთხჯერ ამობიბინდეს წელიწადში.

    პიკასო

    იგი ვისაც მავანნი შეუდგნენ იყო ის ვინც იყო სავსებით მომხიბვლელი. იგი ვისაც მავანნი შეუდგნენ იყო ის ვინც იყო ერთიანად მომხიბვლელი იგი ვისაც მავანნი შეუდგნენ იყო ის ვინც იყო ჭეშმარიტად ერთიანად მომხიბვლელი.
    მავანნი ჭეშმარიტად შეუდგნენ მას და სჯეროდათ რომ იგი ვისაც ისინი შეუდგნენ იყო ის ვინც იღწვოდა და იყო ის ვინც თავისი თავიდან მოეზიდებოდა რასმე მაშინ. მავანნი ჭეშმარიტად შეუდგნენ მას და სჯეროდათ რომ იგი ვისაც ისინი შეუდგნენ იყო ის ვინც თავისი თავიდან მოეზიდებოდა რასმე რაც იქნებოდა მძიმე რამ მყარი რამ და სრულქმნილი რამ.
    იგი ვისაც მავანნი ჭეშმარიტად შეუდგნენ იყო ის ვინც იღწვოდა და ჭეშმარიტად იყო ის ვინც მაშინ მოეზიდებოდა რასმე თავისი თავიდან და იყო ის ვინც მთელი ცხოვრება იყო ის ვისაც ჰქონდა ამოსათქმელი რამ.
    რაღაც მოჩქეფდა მისგან ჭეშმარიტად მოჩქეფდა მისგან ჭეშმარიტად ეს იყო რაღაც რაც ჭეშმარიტად მოჩქეფდა მისგან და მას ჰქონდა აზრი, მომხიბლავი აზრი, მყარი აზრი, ბობოქარი აზრი, ნათელი აზრი.
    იგი ვისაც მავანნი ჭეშმარიტად შეუდგნენ და მავანნი ჭეშმარიტად შეუდგნენ მას, იგი ვისაც მავანნი ჭეშმარიტად შეუდგნენ იყო ის ვინც ჭეშმარიტად რუდუნებდა.
    იგი ვისაც მავანნი ჭეშმარიტად შეუდგნენ იყო ის ვისაც ჰქონდა რაღაც რაც მოჩქეფდა მისგან რასაც ჰქონდა აზრი და ჭეშმარიტად რუდუნებდა მაშინ.
    იგი რუდუნებდა და რაღაც მოჩქეფდა მაშინ რაღაც მოჩქეფდა მისგან მაშინ. იგი იყო ის და მუდამ ჰქონდა რაღაც რაც მოჩქეფდა მისგან და მუდამ ჰქონდა რაღაც მჩქეფარე. იგი არასდროს ყოფილა ის ვისაც არასდროს ჰქონია ის რაც მისგან მოჩქეფდა. იგი იყო ის ვისაც ჰქონდა ამოსათქმელი. იგი იყო ის ვისაც მავანნი შეუდგნენ. იგი იყო ის ვისაც მისდევდნენ. იგი იყო ის და მუდამ იყო ის ვისაც მავანნი შეუდგნენ. იგი იყო ის ვინც რუდუნებდა.
    იგი იყო ის ვინც მიწყივ რუდუნებდა. იგი იყო ის ვინც მუდამ იყო ის ვისაც მუდამ ჰქონდა ის რაც მისგან მოჩქეფდა. იგი იყო ის ვისაც მარად ჰქონდა ამოსათქმელი. იგი იყო ის ვინც მიწყივ რუდუნებდა. იგი იყო ის ვისაც მავანნი შეუდგნენ. იგი იყო ის ვინც რუდუნებდა.
    იგი იყო ის ვისაც მარად ჰქონდა რაღაც ამოსათქმელი. იგი იყო ის ვინც რუდუნებდა. იგი იყო ის ვინც მარად იღწვოდა. იგი იყო ის ვისაც მარად ჰქონდა რაღაც ამოსათქმელი და ეს იყო მყარი რამ, მომხიბვლელი რამ, ლამაზი რამ, გამაოგნებელი რამ, ამაფორიაქებელი რამ, უბრალო რამ, ნათელი რამ, ბნელი რამ, დამაფიქრებელი რამ, შემაძრწუნებელი რამ, აღმაშფოთებელი რამ, ძალიან ლამაზი რამ. იგი იყო ის ვინც ჭეშმარიტად იყო ის ვისაც ჰქონდა რაღაც ამოსათქმელი. იგი იყო ის ვინც მიწყივ რუდუნებდა.
    იგი იყო ის ვინც რუდუნებდა და ჭეშმარიტად იყო ის ვისაც უნდა ეღვაწა რათა ყოფილიყო ის ვინც იღწვის, იგი იყო ის ვისაც ჰქონდა რაღაც ამოსათქმელი. იგი იყო ის ვისაც მთელი სიცოცხლე ექნებოდა რაღაც ამოსათქმელი. იგი იყო ის ვინც რუდუნებდა და იგი რუდუნებდა მაშინ და უნდა ეღვაწა რათა ჰქონოდა ამოსათქმელი ჰქონოდა რაღაც რასაც აქვს აზრი, უნდა ეღვაწა რათა ყოფილიყო ის ვინც მიწყივ რუდუნებს.
    იგი იყო ის ვინც ჭეშმარიტად რუდუნებდა და სჯეროდა რომ არ ექნებოდა დასასრული მის რუდუნებას, იგი მიწყივ რუდუნებდა. იგი არ იყო ის ვინც დაშრეტამდე რუდუნებს. იგი არასდროს რუდუნებდა სრულ დაშრეტამდე.
    იგი იყო ის ვისაც ჰქონდა რაღაც ამოსათქმელი ის რასაც ჰქონდა სავსებით ნამდვილი აზრი. იგი იყო ის ვისაც მავანნი შეუდგნენ. იგი იყო ის ვინც რუდუნებდა. იგი იყო ის ვინც რუდუნებდა და იყო ის ვისაც უნდა ეღვაწა რათა ყოფილიყო ის ვისაც ჰქონდა გზა ყოფილიყო ის ვინც რუდუნებდა. იგი იყო ის ვისაც ჰქონდა რაღაც ამოსათქმელი რასაც ჰქონდა აზრი. იგი იყო ის ვისაც მარად ჰქონდა რაღაც ამოსათქმელი და ის რასაც იგი ამოსთქვამდა იყო ის რასაც ჰქონდა ჭეშმარიტი აზრი. იგი იყო ის ვინც რუდუნებდა. იგი იყო ის ვინც თითქმის მუდამ რუდუნებდა. იგი არ იყო ის ვინც დაშრეტამდე რუდუნებს. იგი არ იყო ის ვისაც ოდესმე დაშრეტამდე უღვაწია. იგი არ იყო ის ვინც რუდუნებდა რათა ჰქონოდა რაღაც ამოსათქმელი. მას მარად ჰქონდა რაღაც ამოსათქმელი. იგი რუდუნებდა. იგი არასდროს რუდუნებდა დაშრეტამდე. იყვნენ მავანნი ვინც მას შეუდგა. ისინი მუდამ მისდევდნენ მას. მავანნი ჭეშმარიტად შეუდგნენ მას. იგი იყო ის ვინც რუდუნებდა. იგი იყო ის ვისაც ჰქონდა ამოსათქმელი ის რასაც ჰქონდა აზრი. იგი არასოდეს რუდუნებდა დაშრეტამდე.

    მატისი

    იგი სრულიად დარწმუნებული იყო რომ თავისი ყოფნის თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი შეალია იმას როგორ დაერწმუნებინა თავი თუ რარიგად ცდებოდა როცა იქმოდა იმას რასაც იქმოდა და მერე როცა ვერ დარწმუნდა რომ იგი ცდებოდა როცა იქმოდა იმას რასაც იქმოდა, როცა სრულიად დარწმუნდა რომ ვერ დარწმუნდებოდა რომ ცდებოდა როცა იქმოდა იმას რასაც იქმოდა მაშინ ჭეშმარიტად ირწმუნა რომ იგი იყო დიდი და ჭეშმარიტად იყო დიდი ჭეშმარიტად ყოველი ირწმუნებდა რომ იგი იყო დიდი.
    ვიეთნი იტყოდნენ მასზე თუკი ვინმე ერთხელ ირწმუნებდა მას მერე ვეღარავის ირწმუნებდაო. ჭეშმარიტად იტყოდნენ ამას ვიეთნი.
    იგი ჭეშმარიტად და ნათლად გამოხატავდა ერთგვარს რასმე, ვიეთნი იტყოდნენ იგი არაფერს გამოხატავს ნათლადო. მავანს სჯეროდა რომ იგი მეტად ნათლად გამოხატავდა ერთგვარს რასმე და მათთაგან ერთნი იტყოდნენ იქნებოდა იგი დიდი რომ არ ყოფილიყო ის ვინც ნათლად გამოხატავდა იმას რასაც გამოხატავდაო. ვიეთნი იტყოდნენ იგი ნათლად გამოხატავდა რასაც გამოხატავდაო და მათთაგან ერთნი იტყოდნენ სიდიადემ ბრძოლისა რაც არ გამოუხატავს ნათლად მისგან სრულიად დიდი ვინმე შექმნაო.
    ვიეთნი იტყოდნენ იგი ნათლად გამოხატავდა თავისებურ ბრძოლასო. ვიეთნი იტყოდნენ ნათლად არ გამოხატავდა რასმე მებრძოლსო.
    იგი ჭეშმარიტად ნათლად გამოხატავდა თავისებურს რასმეთ. ჭეშმარიტად ოდესმე ვინმე გაიგებდა ამასო. ბევრზე ბევრმა გაიგო ის, რომ იგი ნათლად გამოხატავდა იმას რასაც გამოხატავდა. იგი იყო დიდი. ყოველი გაიგებდა ამას. ბევრზე ბევრმა გაიგო ეს. მავანნი ვინც გაიგო რომ იგი იყო დიდი რომ იგი გამოხატავდა თავისებურს რასმე რომ იგი გამოხატავდა მებრძოლს რასმე. ჭეშმარიტად გამოხატავდა იგი მიწყივ მებრძოლს რასმე. ყოველს შეეძლო დარწმუნებულიყო რომ იგი გამოხატავდა მებრძოლს რასმე. მრავალთ ირწმუნეს რომ იგი დიდად გამოხატავდა ამას. მავანნი დარწმუნდნენ რომ იგი დიდად არ გამოხატავდა რასმე. ყოველი დარწმუნდებოდა რომ იგი იყო დიდი. ყოველი დარწმუნდებოდა რომ იგი ნათლად გამოხატავდა თავისებურ რასმეს.
    მავანს ჭეშმარიტად სწადდა ჰქონოდა სურვილი ექმნა ის რასაც იქმოდა იგი ანუ ნათლად გამოეხატა თავისებური რამ. ჭეშმარიტად სწადდათ ყოფილიყვნენ თავადაც დიდნი. მავანნი არ ისწრაფოდნენ გამოეხატათ მებრძოლი რამ. ჭეშმარიტად იყო იგი ის ვინც არ გამოხატავდა მებრძოლს რასმე. იგი იყო დიდი. იგი ნათლად გამოხატავდა თავისებურს რასმე. მრავალთაგან მრავალს სწყუროდა ექმნა ის რასაც იქმოდა იგი ანუ ნათლად გამოეხატა თავისებური რამ. ბევრზე ბევრი იქმოდა იმას რასაც იქმოდა იგი, დიდად არ გამოხატავდა მებრძოლს რასმე. ბევრთაგან ბევრს სწყუროდა ექმნა იგივე რასაც იქმოდა იგი, არ გამოეხატა მებრძოლი რამ.
    მრავალთაგან მრავალს სწყუროდა ექმნა ის რასაც იგი იქმოდა ანუ ყოფილიყო ის ვინც ნათლად გამოხატავს რასმე. იგი ჭეშმარიტად იყო დიდი, ყოველი ირწმუნებდა ამას. მრავალთაგან მრავალს სწყუროდა ყოფილიყო ის და ექმნა ის რასაც იგი იქმოდა და ნათლად გამოეხატა რამე და მრავალთაგან მრავალს არ სურდა ყოფილიყო ის და ექმნა ის რასაც იგი იქმოდა ანუ ნათლად გამოეხატა თავისებური რამ. მათ სურდათ გამოეხატათ რაღაც მიწყივ მებრძოლი, რაც იქნებოდა სულ სხვა რამ ისეთი რამ რაც ოდესმე ვინმეს გამოეხატა ნათლად და ეს იქნებოდა თავისებური რამ და სხვა რამ ისეთი რაც ნათლად გამოხატავდა რასმე; მაშინ მრავალთაგან მრავალი არ ისურვებდა ექმნა ის რასაც იგი იქმოდა და ნათლად გამოხატავდა თავისებურს რასმე და მავანი მათთაგანი ისურვებდა ექმნა ის და ყოფილიყო ის ვინც ნათლად გამოხატავს რასმე. მავანს სწყუროდა ექმნა იგივე რასაც იგი იქმოდა ანუ ნათლად გამოეხატა თავისებური რამ. მათთაგან იყვნენ ისეთნიც ვინც ჭეშმარიტად ნათლად გამოხატავდა რასმე რაც მასში იყო და სხვას არ უნდოდა მისი დანახვა. მათთაგან მავანი მთელი სიცოცხლე ისწრაფოდა გამოეხატა ნათლად თავისებური რამ და არაერთი გამოხატავდა ნათლად თავისებურს რასმეს.
    იგი იყო ის ვისაც მრავალი იცნობდა და ესწრაფოდა მასთან შეხვედრას. მრავალნი უსმენდნენ მას სიხარულით. ზოგჯერ უსმენდნენ მრავალნი მას, ხშირად მიაპყრობდნენ ყურს მას. მავანნი მიაპყრობდნენ მას ყურს და იგი მაშინ ეტყოდა მათ რომ ჭეშმარიტად იყო იგი ის ვინც იტანჯებოდა როცა ცდილობდა დაერწმუნებინა თავი რომ ცდებოდა მაშინ როცა იქმოდა იმას რასაც იქმოდა და მერე დაიჯერებდა რომ ვერასოდეს დააჯერებდა თავს რომ ის რასაც იგი იქმოდა იყო მცდარი და მაშინ იგი იტანჯებოდა და იჯერებდა რომ იგი უნდა ყოფილიყო ის ვინც იქმს იმას რასაც იქმს და მარად იქნებოდა ის ვინც ეწამება და იქნებოდა ის ვინც მიწყივ იტანჯება. მერე ირწმუნა რომ იგი გამოხატავდა თავისებურს რასმე მებრძოლს და ჭეშმარიტად ირწმუნა ბევრმაც რომ იგი დიდად გამოხატავდა მებრძოლს რასმე. იგი მრავალს იცნობდა ისეთს ვინც უსმენდა მას და იგი ხშირად ეტყოდა მათ თავისი ტანჯვის ამბავს და ეს არ იყო დამაღონებელი რამ მათთვის ვინც უსმენდა მაშინ. ეს არ იყო მოსაბეზრებელი რამ სხვათათვის; მავანთათვის ფრიად საყურადღებო იყო და ისინიც უსმენდნენ მას კვლავ და კვლავ; მავანთათვის ეს იყო ამაღელვებელი რამ როცა უსმენდნენ მას კვლავ და კვლავ. მავანნი ვინც იცნობდა მას და იცოდა რომ იგი იყო დიდი იყო ის ვინც ნათლად გამოხატავდა თავისებურს რასმე მოუსმენდნენ რა ერთხელ როცა იტყოდა თავის ცხოვრებისას უსმენდნენ მას და იგი იტყოდა ამას კვლავ და კვლავ. მავანნი ვინც იცნობდა მას და სჯეროდა რომ იგი იყო ის ვინც ნათლად ამბობდა ამას იყო დიდი და არ უსმენდნენ მუდამ როცა საუბრობდა კვლავ და კვლავ და იტყოდა თავის ცხოვრებისას. მავანნი ჭეშმარიტად მიაპყრობდნენ მას ყურს; მავანნი ვინც ირწმუნა მისი სიდიადე ვინც ნათლად გამოხატავდა თავისებურს რასმე და გამოხატავდა დიდად მებრძოლს რასმე და კვლავ და კვლავ იტყოდა თავის ცხოვრებისას. იყვნენ მრავალთაგან მრავალნიც ვინც იცნობდა მას და სჯეროდა რომ იგი იყო დიდი და ნათლად ეტყოდა მათ რასმე აღარ უსმენდნენ როცა იტყოდა თავის ცხოვრებისას კვლავ და კვლავ.
    იგი იყო ჭეშმარიტად დიდი. იგი იყო ჭეშმარიტად ის ვინც გამოხატავდა თავისებურს რასმე, რაც იყო მებრძოლი. მავანს სჯეროდა რომ იგი დიდად არ გამოხატავდა მებრძოლს რასმე. იყვნენ ბევრნიც ვინც არ უსმენდა მას კვლავ და კვლავ როცა ეტყოდა მათ ცხოვრებისას რასმე. მავანნი უსმენდნენ მას კვლავ და კვლავ როცა იტყოდა ცხოვრებისას.
    მავანს ჭეშმარიტად სწყუროდა ექმნა ის რასაც იგი იქმოდა ანუ ყოფილიყო მისი მსგავსი ვინც ნათლად გამოხატავდა თავისებურს რასმე. მათთაგან იყვნენ მავანნი ვინც არ ისურვებდა ექმნა ის რასაც იგი იქმოდა ანუ ვინც ნათლად გამოხატავდა რასმე.
    მავანს სწყუროდა ექმნა ის რასაც იგი იქმოდა ანუ ყოფილიყო მისი მსგავსი და ექმნა ის რასაც იგი იქმოდა ანუ ყოფილიყო ის ვინც ნათლად გამოხატავდა თავისებურს რასმე. ჭეშმარიტად იყო იგი ის ვინც იყო დიდი. ყოველი ირწმუნებდა ამას. ყოველი ირწმუნებდა ამას ბოლოს. იგი იყო ის ვინც ჭეშმარიტად გამოხატავდა თავისებურს რასმე. ყოველი ირწმუნებდა ამას ბოლოს. ყოველს შეეძლო დაეჯერებინა ეს. იგი იყო ის და მრავალსაც სრულიად სჯეროდა ეს ვინც ცხადად გამოხატავდა მებრძოლს რასმე. იგი იყო ის და მავანს სწამდა ეს, ვინც ნათლად არ გამოხატავდა მიწყივ მებრძოლს რასმე.

    თარგმნა მერი ტიტვინიძემ

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე (თარგმანი),  პროზა (თარგმანი)

    ჰენრი დევიდ თორო – უოლდენი, ანუ ტყეში ცხოვრება

    ფრაგმენტები

    ამ გვერდებს, ან მათს უმეტეს ნაწილს რომ ვწერდი, ტყეში ვცხოვრობდი, უმეზობლოდ, უახლოესი მოსახლისგან მილის დაშორებით, სახლში, რომელიც მასაჩუსეტში, კონკორდთან, უოლდენის ტბის პირას ჩემი ხელით ავიშენე, და თავს საკუთარი გარჯით ვირჩენდი. ორი წელი და ორი თვე იქ დავჰყავი. ახლა კვლავ ცივილიზაციას ვარ მობრუნებული.
    მკითხველს თავს ამ წვრილმანებით არც შევაწყენდი, თანამოქალაქეებს იმდრონდელი ჩემი ყოფისადმი დაჟინებული ცნობისმოყვარეობა რომ არ გამოეჩინათ, რომელიც ზოგს შეიძლება გადაჭარბებულიც მოეჩვენოს, მაგრამ, გარემოებათა გათვალისწინებით, მე სავსებით ბუნებრივი და მართებული მეჩვენება. ერთნი მეკითხებოდნენ, რით ვიკვებებოდი; მეორენი – თავს მარტოდ ხომ არ ვგრძნობდი, სხვებს აინტერესებდათ, ხომ არ მეშინოდა და სხვა და სხვა. ზოგიერთს იმის გაგება სურდა, ჩემი შემოსავლის რა წილს ვახმარდი ქველმოქმედებას; სხვებს, მეტადრე დიდი ოჯახების პატრონებს – თუ რამდენ უპოვარ ბავშვს გავუმართე ხელი, ამიტომ იმ მკითხველს, რომელსაც ჩემი პერსონის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ გააჩნია, უნდა მოვუბოდიშო, თუ ამ წიგნში ამგვარ კითხვებზეც მომიწევს პასუხის გაცემა. ბევრი მწერალი ამ ,,მეს’’, ანუ პირველ პირს გამოტოვებს ხოლმე, ჩემს წიგნში კი შენარჩუნებულია, და ვგონებ, მთავარ განსხვავებას ჩვენს შორის სწორედ ეგ ეგოტიზმი ქმნის. რატომღაც ყოველთვის გვავიწყდება, რომ, ბოლოს და ბოლოს, სწორედ ეს პირველი პირია ამბის მთხრობელი. საკუთარ თავის შესახებ ამხელა განსჯაში არ შევიდოდი, ვინმე, სხვა რომ მეგულებოდეს, ვისაც მასზე კარგად ვიცნობ. სამწუხაროდ, თემის ასეთი სივიწროვე ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილების სიმწირით აიხსნება. მეტსაც ვიტყვი, რაკი სიტყვა ჩემზე ჩამოვარდა, მე თვითონ ყველა მწერალს, პირველიდან უკანასკნელამდე, საკუთარი ცხოვრების სადა და გულახდილ აღწერასა ვთხოვ, რადგან მხოლოდ იმის მოყოლა, რაც სხვა ადამიანების ცხოვრებაზე შეუტყვიათ, საკმარისი არ მეჩვენება – ისეთ ამბავს, შორი ქვეყნიდან მოყვარესა და ახლობელს რომ მისწერდა, რადგან თუკი კაცმა წრფელად იცხოვრა, მე ამგვარი ცხოვრება მხოლოდ ჩვენგან კარგა დაშორებულ ქვეყნებში მაქვს წარმოდგენილი……
    მუდამ მეჩვენებოდა, რომ ადამიანებს თვითგვემის ათასგვარი უწყალო ხერხი აქვთ გამოგონილი. ბევრი რამ მსმენია ოთხ ცეცხლს შუა ფეხმორთხმულ ბრამინებზე, თან მწველ მზეს რომ ეფიცხებიან; ან კიდევ, კოცონის თავზე თავქვე ჰკიდიან, ან ზეცას მხარუკუღმა აჰყურებენ, მანამ, სანამ სხეულის ბუნებრივ მდგომარებაში დაბრუნება შეუძლებელი არ გაუხდებათ, ხოლო მოგრეხილ ყელ-კისერში წყალ-წყალა შეჭამანდის გარდა სხვა აღარაფერი გადასდით; ზოგი მთელ სიცოცხლეს ხეზე მიჯაჭვული ატარებს, მის კენწეროზე, ანდა თვალუწვდენელი იმპერიების მიწა-წყალს მუხლუხოსაებრ ხოხვით ზომავს, ზოგიც სვეტის თავზე ცალფეხაკეცილი დგას – მაგრამ ნებაყოფლობითი თვითგვემის ამგვარი ნაირსახეობებიც კი ვერ მოვა იმ დაუჯერებელ და გამაოგნებელ სურათებთან, რომელთა მხილველიც ყოველდღე ვხდები. იმ ჭაპანთან შედარებით, ჩემი მეზობლები რომ ეწევიან, ჰერაკლეს თორმეტი საგმირო საქმეც კი ლაღობად და წვრილმან საქმედ ჩანს, რადგან ესენი თორმეტი იყო, და ოდესღაც გასრულდა, მაგრამ ჯერ არ მინახავს, რომ ამ ადამიანებს ერთი ურჩხული მაინც დაეტყვევიბინოთ, ან ერთი საქმე მაინც დაესრულებინოთ, ეოლოსი კი არ ჰყავთ მეგობრად, რომ ჰიდრას თავი გავარვარებული რკინით მოუწვას, ამიტომ, საკმარისია, ერთი თავი წააცალონ, მის ადგილას ორი იზრდება.
    მინახავს ახალგაზრდა ხალხი, ჩემი თანამოქალაქეები, რომელთაც, მათდა ჭირად, კარმიდამო, სახლი, მეურნეობა, ბაგა-ბეღელი, პირუტყვი თუ შრომის იარაღი მემკვიდრეობით ერგოთ; მათდა ჭირად-მეთქი, რადგან მათი შოვნა გაცილებით იოლია, ვიდრე მერე ამათგან თავის დაღწევა. ამ ადამიანებისთვის ხომ აჯობებდა, ტრიალ-მინდორში გაჩენილიყვნენ, და მგლებს გამოეზარდათ; მაშინ ხომ უკეთ დაინახავდნენ, რა ჭაპან-წყვეტა ჰქონიათ თურმე მისჯილი. ან საკუთარ მიწებს რად დაეყმევნენ? ანდა იმ სამოც აკრს რა აჭმევთ, როცა კაცს საკვებად ერთი პეშვი მტვერიცა ჰყოფნის? იშვნენ თუ არა, საკუთარი საფლავის თხრას რა აწყებინებთ? მათ ხომ კაცებრივი ცხოვრებით უნდა ეცხოვრათ, ამგვარ ცხოვრებას შეწინააღმდეგებოდნენ და თავი ისე გაეტანათ. რამდენი უკვდავი სული მინახავს, ცხოვრების გზაზე ამგვარ ტვირთს ქვეშ შემდგარი… ადამიანებს შრომაში ზომიერების დაჭერა უჭირთ. კაცი თავის საუკეთესო ნაწილს მიწაში ფლავს და ნიადაგს მით აპოხიერებს. სწორედ ამგვარადვე, როგორც ერთ ძველ წიგნში წერია, ეგრედ წოდებული მიზანშეწონილების კარნახითა და მსახურებით, განძის დამფვლელს მატლი უჭამს და ქურდი ჰპარავს. უფრო ადრე თუ არა, სიცოცხლის გასრულებისას კი ხვდებიან, რომ მათი ცხოვრება შეშლილობას ჰგავდა…
    ამ ასე თუ ისე თავისუფალ ქვეყანაშიც კი, ადამიანთა უმეტესობა, სიბრიყვისა თუ უვიცობის გამოისობით, თითიდან გამოწოვილ საზრუნავებს ისეა მიჯაჭვული, რომ ასაღები მოსავლის საუკეთესო ნაყოფს წყალს ატანს. გადამეტებული შრომისაგან გაბრგვილებული თითები უცახცახებს და აღარ ემორჩილება. დღენიადაგ მშრომელი კაცი ნამდვილი მთლიანობის მიღწევის იშტას დღითიდღე კარგავს; ადამიანებთან ადამიანურ ურთიერთობას ვეღარ სწვდება; თუ ყურადღება ამას მოახმარა, შრომის ბაზარზე გაუფასურდება. დრო არ აქვს, რომ მანქანის გარდა, კიდევ სხვა რამედაც ივარგოს; საკუთარ უვიცობაზე როდისღა დაფიქრდეს – უამისოდ კი განვითარება არა ხდება – თუკი, რაც იცის, იმის გამოყენება ასე ხშირად უწევს? ასეთ კაცზე რომ ვიმსჯელოთ, ხანდახან მაინც უნდა დავაპუროთ, გავათბოთ და მოვუაროთ. ჩვენი ბუნების საუკეთესო მხარეები ხომ მსხმოიარე ხის კვირტებივითაა – ნაყოფს მაშინ გამოიღებს ხოლმე, როცა ფაქიზად ეპყრობიან. მაგრამ ასეთი სინაზე ჩვენ არც საკუთარი თავის მიმართ გაგვაჩნია, და არც სხვებისადმი.
    ადამიანების უმეტესობა მშვიდი სასოწარკვეთით ცხოვრობს. რასაც ბედის მორჩილებას უწოდებენ, სინამდვილეში ჩვევად ქცეული უსასოობაა. უიმედო ქალაქებიდან უიმედო სოფლებში გადავდივართ, სადაც ადამიანებს, გული რომ გაიმაგრონ, ვირთხის გამძლეობა სჭირდებათ. კარგად გამჯდარი, გაუცნობიერებლი სასოწარკვეთა იმაშიც კი იმალება, რასაც კაცთა მოდგმა თამაშებსა და გართობად თვლის. თამაშის სული მათში არ არის, რადგან თამაშს ადამიანი მხოლოდ შესრულებული სამუშაოს შემდეგ ეძლევა. სიბრძნის ნიშანი კი ისაა, როცა კაცი ახერხებს, გული უსასოობით არ დაიმძიმოს.
    დე ძველი საქმეები ძველებმა აკეთონ, ახალი საკეთებელი – ახალმა ადამიანებმა ითავონ. დრო იყო და, ძველმა ხალხმა ცეცხლის შენარჩუნებაც კი არ იცოდა. ახლა საქვაბეში ხმელ შეშას შეუკეთებ და დედამიწას გარს ჩიტის სისწრაფით შემოურბენ – ძველებს ამგვარი სისწრაფისგან ალბათ სული არ შერჩებოდათ. ასაკოვნება ჭკუის დამრიგებელს ახალგაზრდობაზე ნაკლებად თუ არა, მეტად არ არგია, რადგან მას იმდენი არ შეუძენია, რამდენიც დაკარგული აქვს. იმაშიც შეიძლება ეჭვის შეტანა, რამე თუ ისწავლა სიცოცხლეში ისეთი, რაც აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთანაა ნაზიარები. კაცმა რომ თქვას, სიბერეს სიჭაბუკისთვის რამე მნიშვნელოვანი რჩევა არც აქვს გამზადებული – იმდენად უხეიროდ ნაკოწიწები იყო მისი გამოცდილება, ხოლო მისი ცხოვრება – გულსატკენი მარცხი… ოცდაათიოდე წელი ხომ მაინცაა, რაც ამ პლანეტაზე ვცხოვრობ, და უფროსი თაობისგან ჯერ ყურადსაღები და ღირებული კი არა, სერიოზულად აღსაქმელი ერთი რჩევა არ მომისმენია. ისეთი არაფერი უთქვამთ, და ალბათ უკვე ვეღარც მეტყვიან, ჩემს საჭიროებას რომ წაადგებოდა. სიცოცხლე მე მომეცა, და საკუთარი ცდითა და სინჯვით უნდა განვვლო. თუკი მაინც მაქვს შეძენილი ისეთი გამოცდილება, რომელიც ღირებული მეჩვენება, მასზე ჩემს მენტორებს სიტყვა არასდროს დაცდენიათ…
    რასაც ჩემი მეზობლები სიკეთედ თვლიან, სულის სიღრმეში ამათი უმეტესობა სიავედ მეჩვენება, და თუკი ვნანობ რამეს წარსულიდან, ჩემი კეთილგონიერი ქცევაა. რომელი ავი სული მყავდა შემოჩენილი, რომ ასე კარგად ვიქცეოდი? შენ, მოხუცო, – რომელმაც სამოცდაათი წელი იცხოვრე, და თანაც, გარკვეული აზრით, არცთუ უღირსებოდ – შეგიძლია მთელი შენი სიბრძნე არ დაიშურო, მე მაინც სულ სხვა ხმა მიხმობს, და ამ ყველაფრისგან გაქცევას მირჩევს. ერთი თაობა მეორის საქმეებს ზურგს ისე აქცევს, როგორც ნაპირზე გარიყულ ხომალდს…
    ფილოსოფოსობა მხოლოდ ნატიფი აზრების ქონას არ ნიშნავს, არც სკოლის დამაარსებლობა კმარა – ასეთ კაცს სიბრძნე ისე უნდა უყვარდეს, რომ მისი კარნახით იცხოვროს – სადა, დამოუკიდებელი, ფართო ცხოვრებითა და სამყაროსადმი ნდობით. ახლა კი დიდ ადამიანთა და მოაზროვნეთა წარმატება კარის დიდებულის წარმატებაა, და არა მეფური, თუნდაც ადამიანური სიდიადე. მათ შემგუებლობით ცხოვრება არჩიეს, პრაქტიკული გზა, როგორც მათმა მამებმა, და ამიტომ ადამიანთა უფრო კეთილშობილი მოდგმის მამათავრებად ვერ გამოდგებიან. რატომ კნინდება მოდგმა? ან ოჯახების გადაჯიშების მიზეზი რაა? როგორია იმ ფუფუნების, იმ ზედმეტობათა ბუნება, ერებს რომ აჩაჩანაკებს და ანადგურებს? რად ვართ დარწმუნებულნი, რომ ჩვენს არსებობას არცერთი მათგანი არ შემოპარვია?….
    ,,ახალ დროის მიღწევებთან’’ დაკავშირებითაც დიდი ილუზია დაგვმართნია, მაგრამ დადებითი შედეგი ამ სიახლეებისგან ყოველთვის არ ჩანს. ეშმაკი კი მათი დანერგვისას ჩადებული წილის პროცენტებს ითხოვს, და არც გვიანდელი ინვესტიციებიდან მისაღები მოგება ავიწყდება. ჩვენი გამოგონებები ხშირად ლამაზ-ლამაზი სათამაშოებია, რომლებიც სერიოზული საკითხებისადმი ყურადღებას გვადუნებინებს, – არასრულყოფილი მიზნების მისაღწევი სრულყოფილი საშუალებები, არადა, მერე აღმოჩნდება, რომ მიზნები თურმე გაცილებით იოლი მისაღწევი იყო, თითქმის ისევე, როგორც რკინიგზით ბოსტონში ან ნიუ-იორკში ჩასვლა. ახლა ვჩქარობთ, მენიდან ტექსასამდე მაგნიტური ტელეგრაფის მოწყობა გვინდა; ოღონდ მეინს და ტექსასს შეიძლება ერთმანეთისთვის დიდი არც არაფერი ჰქონდეთ სათქმელი. ეს ამბავი იმ კაცის სურვილს გავს, რომელიღაც ცნობილი ყრუ ქალბატონისთვის მის წარდგენას რომ ითხოვს, მაგრამ როცა გასაცნობად მიეახლება, და ბანოვანი ყურსასმენს მოიმარჯვებს, სათქმელი აღარ ახსენდება. თითქოს ჩვენი მთავარი მიზანი სწრაფად თქმა იყოს, და არა გონივრულად საუბარი. ატლანტის ოკეანის ქვეშ გვირაბის გაყვანაზე ვოცნებობთ, რომ ძველი სამყარო ახალს რამდენიმე კვირით მოვუახლოვოთ. მაგრამ ვაი-და ამერიკის ხარბ ყურთასმენას პირველ სიახლედ ის ამბავი მიართვან, რომ პრინცესა ადელაიდას ყივანახველა შეჰყრია? კაცს თუ ყველაზე ფეხმარდი ცხენი ჰყავს, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველაზე საშური ამბები აქვს მისატან-მოსატანი.
    …ხალხს, როგორც ჩანს, კარგად არ ესმის, რა მოხდება, თუ საქმე სააქციონერო საზოგადოებებს და ნიჩბოსნებს ჩაუვარდათ ხელში; სულ მცირე დროში და თითქმის უდანახარჯოდ, ყველა სადღაც წავა და წამოვა. დეპოში გამცილებელი ერთს დასძახებს: ,,აბა, დაიძრა მატარებელი!’’ მაგრამ ბოლი რომ გაიფანტება და ორთქლი დაწდება, ყველა დაინახავს, რომ თურმე ამოსვლა მგზავრების მხოლოდ ერთი ნაწილს მოუსწრია, დანარჩენებს კი მატარებელმა გადაუარა – ეს ამბავი ,,სამწუხარო ინციდენტად’’შეფასდება, და უდაოდ სამწუხარო იქნება კიდეც. ვისაც მგზავრობის ფული მოუგროვებია, იმგზავრებს, თუ იქამდე იცოცხლა, მაგრამ უფრო ისე მგონია, რომ იმ დროისთვის სახსრების მოქნილობა და მოგზაურობის სურვილი დაკარგული ექნებათ. სიცოცხლის საუკეთესო წლების ასე უწყალოდ ხარჯვა იმ ფულის დასაგროვებლად, რომელმაც ცხოვრების ნაკლებ ღირებულ მონარჩენს საეჭვო თავისუფლება უნდა მოგვიტანოს, იმ ინგლისელს მაგონებს, ბედის სასინჯად ინდოეთს რომ გაემგზავრა, რათა ინგლისში გამდიდრებული დაბრუნებულიყო და მერე პოეტის ცხოვრებით ეცხოვრა. საკითხავი ისაა, თავიდანვე სხვენში რატომ არ დასახლდა. ,,რაო?’’ წარმომიდგენია, როგორ გამოყოფს თავს მილიონობით ირლანდიელი მთელს დედამიწის ზურგზე მიმოფენილი ქოხმახებიდან. ,,ვითომ ჩვენს დაგებულ რკინიგზას რამე დაეწუნება?’’ არა, ვეტყვი პასუხად, თითქმის არაფერი დაეწუნება, ხომ შეიძლებოდა, უარესიც დაგეგოთ; მაგრამ, რაკი ჩემი ძმები ხართ, ადამიანები, თქვენთვის უკეთესი ხვედრი მსურდა; ამ ტალახის თხრისთვის და ზელვისთვის კი არ მემეტებით.
    ერი თავის უკვდავყოფას არქიტექტურის წყალობით კი არა, აბსტრაქტული აზრის ძალმოსილებით უნდა ცდილობდეს. მხოლოდ ერთი ,,ბჰაგავატგიტა’’ რად ღირს აღმოსავლეთის ყველა ნანგრევთან შედარებით! ტაძრები და ციხე-კოშკები ფუფუნებაა, რომლის უფლებას თავს მხოლოდ თავადები აძლევენ. საღი და დამოუკიდებელი გონება არცერთი თავადის ძალას არ დაემორჩილება. გენიოსი იმპერატორის მსახურებას ვერ შეძლებს, მისი ძალა არც ვერცხლში დგას, არც ოქროში ან მარმარილოში. ღმერთმანი, ვერ გამიგია, რისთვის დაითალა ამდენი ქვა? არკადიაში ყოფნისას თლილი ქვა საერთოდ არ მინახავს. ქვეყნებს და ხალხებს მხოლოდ პატივმოყვარეობით ატანილობა აფიქრებინებს, რომ თავი რაც შეიძლება მეტი ნათალი ქვით უკვდავჰყონ. რა იქნებოდა, რომ ამდენი წვალება საკუთარი ქცევის და აზროვნების გასაშალაშინებლად გადაეტანათ? განა ერთი კეთილი და საღი აზრი უფრო ღირსახსოვარი არაა, ვიდრე მთვარემდე ატყორცნილი მონუმენტი? ქვების ნახვა კი მე ბუნებაში მირჩევნია – იქ, სადაც მათი ადგილია. თებეს სიდიადე ვულგარული სიდიადე იყო. ასკარიბჭიან თებეს, რომელსაც ჭეშმარიტი მიზნისკენ სავალი გზა დაეკარგა, მე პატიოსანი კაცის ეზო-კარს მოვლებული დაბალი ღობე მიჯობს. ბარბაროსული და წარმართული რელიგიები და ცივილიზაციები დიდებულ ტაძრებს აგებდნენ, მაგრამ ის, რასაც შეიძლება ქრისტიანობა ეწოდოს, ამას არ აკეთებს. რამდენი ქვაც არ უნდა დაამუშაოს ხალხმა, თუ ერმა, იქედან მეტი წილი მაინც მის განსასვენებელ ქვად დარჩება. მათ ქვეშ ხალხები თავს ცოცხლად იმარხავენ. თუ პირამიდები გაგახსენდათ, გაოცების ღირსი მათ სულ სხვა რამ სჭირთ: როგორ უნდა დაკნინებულიყო – თან ამდენი ადამიანი, რომ მთელი სიცოცხლე რომელიღაც ამპარტავანი გვამისათვის ამგვარი განსასვენებლის მშენებლობაში გაელია. და ვფიქრობ, უფრო გონივრული და ადამიანური საქციელიც კი იქნებოდა, ის კაცი ნილოსში დაეხრჩოთ…
    ვაღიარებ, ჯერ-ჯერობით დიდი ფილანთროპობა ჩემი თავისთვის არ შემიმჩნევია. თუკი რამ შემიწირავს, უფრო მოვალეობის კარნახით ყოფილა – სხვა დანარჩენ სიამოვნებებთან ერთად, უარი ამაზეც მაქვს ნათქვამი. რა აღარ იღონა ზოგიერთმა, რომ ჩვენი ქალაქის უღარიბესი ოჯახების დასახმარებლად დავეყოლიებინე. სულ რომ არაფერი მქონოდა საკეთებელი – მოგეხსენებათ, ეშმაკი ყველაზე დიდ მცონარასაც კი საქმეს გამოუჩენს – მაშინ იქნებ მოცალეობა ამათთვის მიმეძღვნა. თუმცა, როცა ასეც ვქენი, ზოგიერთი გაჭირვებულის ზეცა მხრებზე მოვალეობის ტვირთად დავიდე და დასახმარებლად ისეთი თანხა შევთავაზე, როგორითაც თავად ყველა თვალსაზრისით კომფორტული ცხოვრება მოვიწყე, უკლებლივ ყველამ და უჭოჭმანოდ ძველებურად, სიღატაკეში ცხოვრება არჩია. რაკი ჩემს თანამოქალაქეებს, ქალიან-კაციანად, მოყვასის სიკეთეზე ზრუნვის ათასგვარი ხერხი აქვთ მოგონილი, დარწმუნებული ვარ, სხვა, ნაკლებ ჰუმანური საზრუნავის უფლება ერთ კაცს მაინც უნდა მიეცეს. ქველმოქმედებას, როგორც ყველა სხვა საქმეს, ნიჭი უნდა. სიკეთის ქმნა ისეთ გავრცელებულ პროფესიად იქცა, ზედმეტი ხალხის ადგილი მასში აღარ დარჩა. მეტიც, ამ ასპარეზზე თავი პატიოსნად მოვსინჯე, და რაც უნდა უცნაურად ჩანდეს, კმაყოფილი ვარ, რომ მას ვერ მოვერგე. ალბათ, არცაა საჭირო, რომ სიკეთის საკეთებლად, რასაც საზოგადოება მთხოვს, ჩემს მოწოდებაზე შეგნებულად, ნებაყოფლობით ვთქვა უარი, სამყაროს ალბათ ამით ვერ გადავარჩენ; პირიქით, ისე მგონია, რომ ამ სამყარომ აქამდე ჩემნაირი, და ჩემზე ათჯერ მეტი შეუპოვრობის მქონე ხალხის წყალობით მოატანა. თუმცა, ადამიანსა და მის ნიჭს შუა ვერ ჩავდგები; თუ ვინმე იმ საქმიანობას მისდევს, რომელზეც მე უარი ვთქვი, და მთელი გულით, სულით და არსებით ემსახურება, ასეთ კაცს ვეტყვი: შენს გზას ნუ გადაუხვევ, თუნდ შენს სიკეთეს მთელმა სამყარომ სიავე დაარქვას, რასაც, საფიქრებელია, ბევრი აკეთებს კიდეც… ადამიანისგან მე მისი ყვავილი, მისი ნაყოფი მჭირდება. მისი სურნელის შეგრძნობა მინდა, მასთან ურთიერთობას კი მწიფე ნაყოფის საამური გემო უნდა დაყვებოს. მისი სიკეთე დრო და დრო გამოჩენილი, ცვალებადი თვისება კი არ უნდა იყოს, არამედ უწყვეტი, კიდეებზე გადმომდინარე სიუხვე, რომელიც თავად გამცემს ჯაფად არ ადგება და რომელსაც თავად ვერც კი ამჩნევს. ასეთი გულმოწყალებით ბევრი ცოდვის გამოსყიდვა შეიძლება.
    ჩემი პატარა ქოხის თავზეც ისეთივე ქარები ქროდა, მთის მწვერვალებს რომ თავს ევლება; ამ ქარებს ჩემს ყურთასმენამდე მიწიერი მუსიკის ნაწყვეტები მოჰქონდა, მისი ღვთაებრივი ნაწილი. დილის ნიავი ხომ მუდმივად ქრის, და არსთამპყრობლის ლექსი არასდროს წყდება, მაგრამ ეგაა, რომ ყურია ცოტა მისი გამგონი. დედამიწის ფუსფუსს თუ კარგად დაშორდები, ოლიმპოს მერე ყველგან იპოვი.
    მართალია, სახლის შესასვლელიდან ხედი უფრო შეზღუდული მქონდა, მაგრამ ვიწროდ და მომწყვდეულად თავს სულაც არ ვგრძნოდი. ჩემს წარმოსახვას საბალახოს რა დაულევდა. დაბალმუხნარიანი ტაფობი, რომელსაც ტბის მოპირდაპირე მხარე უერთდებოდა, დასავლეთისკენ, ლამის ტარტართა სტეპებისკენ იყო გადაჭიმული, რომლის სივრცეები ყველა მომთაბარე მოდგმას დაიტევდა…
    მე კი დროსა და ადგილს ვიცვლიდი და სამყაროს იმ ნაწილს, ისტორიის იმ მონაკვეთებს ვუახლოვდებოდი, რომლებიც ყველაზე მეტად მიზიდავდა. მიწები, რომლებზეც ვსახლდებოდი, ისეთივე შორი იყო, როგორც ციური სხეულები, რომლებსაც ღამ-ღამობით ვარსკვლავთმრიცხველები აკვირდებიან. ჩვენ ხომ იშვიათი და გულისმატყვევებელი სამყაროების წარმოსახვა გვინდა, მზის სისტემის რომელიმე უშორეს, უჰაეროვნეს სივრცეებში, კასიოპეას სკამის თანავარსკვლავედს მიღმა, ამქვეყნიური ხმაურის და შფოთვის მიღმა. აღმოჩნდა, რომ ჩემი სახლი კოსმოსის სწორედ ასეთ, თვალს მიფარებულ, მაგრამ მუდამ ახალ და შეურყვნელ პატარა კუნჭულში იდგა. ასეთ ადგილებში – პლეიადების ან ჰიადების, ალდებარანის ან ალტაირის სიახლოვეს დასახლება თუ კარგი აზრი იყო, მაშინ მეც მართლა იქ ვცხოვრობდი, ჩემი უწინდელი ცხოვრებიდან ასეთივე დაშორებით, ჩემი უახლოესი მეზობლისთვის მათსავით მკრთომ და მოციმციმე სხივად ვიქეცი, მხოლოდ უმთვარო ღამეებში გავხდი მისთვის ხილული. ასეთი იყო სამყაროს ის ნაწილი, რომელშიც ბინადრობის უნებართვო მოსალხედ დავსახლდი.
    გამთენიისას, ღია ფანჯარასთან ან კართან რომ ვიჯექი ხოლმე, ჩემს ოთახში შემოფრენილი კოღოს ძლივს გასაგონი ბზუილი არანაკლებ მიღელვებდა გულს, ვიდრე გარდასულ გმირთა სადიდებლად დაცემული ბუკი და ნაღარა. ეს ჰომეროსის რექვიემი იყო; მისი ილიადაცა და ოდისეაც, ჰაერში გაბნეული, მათს მრისხანებას და ყარიბობის ამბავს რომ იტევდა. იყო ამ ხმაში რაღაც კოსმიური – სამყაროს სიდიადისა და ამოუწურავი ძალის შეხსენება. დილა, დღის ყველაზე დაუვიწყარი დროა, ადამიანის გამოღვიძების ჟამია. ამ დროს ყველაზე ნაკლებად გვერევა თვლემა და მცონარება, თუნდ სულ ცოტა ხნით, ერთი საათით ადამიანში ის თვისებები იღვიძებს, რაც მერე მთელი დღის განმავლობაში მიძინებულია. რა დღესაც ჩვენი სულის წარმმართველი კეთილი ძალა, გენია კი არა, რომელიმე მსახურის მოუქნელი მცდელობები გვაღვიძებს, როცა სიცოცხლის და სულიერ ძალთა მოზღვავება, ზეციური მუსიკა და ჰაერში გაბნეული ნელსურნელება კი არ გვაფხიზლებს, არამედ ფაბრიკის საყვირის ხმა, როცა წუხანდელზე უკეთესი ცხოვრების შესაგებებლად არ ვიღვიძებთ, რომ ამიერიდან ღამის სიბნელეც ისეთივე ნაყოფიერი იყოს ჩვენთვის, როგორც დღის ნათელი – ის დღე დაკარგულია, თუ შეიძლება, რომ საერთოდ დღე ეწოდოს. ვისაც არა სწამს, რომ ყოველ ახალ დღეს მისთვის შეუცნობელი და წმინდა, ჯერ წაუბილწველი დილის საათი მოაქვს, მას სასო დაუკაგრავს, მისი ცხოვრება დაღმართ და ბნელისკენ მიექანება…
    გაღვიძება და ფხიზლობა გვაქვს სასწავლი, ოღონდ არა ხელოვნური დამხმარების მეშვეობით, არამედ განთიადის უსასრულო მოლოდინით, რომელიც ყველაზე ღრმა ძილშიაც არ უნდა გვტოვებდეს. ყოველდღიურობისთვის ხარისხის მინიჭება – აი ეს არის ყველაზე მაღალი ხელოვნება. ყოველ ადამიანს ის ევალება, რომ თავისი ცხოვრება, წვრილმანებამდეც კი, იმ მისწრაფებათა ღირსად აქციოს, რომელთაც მისი ცხოვრების ყველაზე ღირებული საათები შთააგონებს…
    ტყეში საცხოვრებლად იმიტომ წავედი, რომ გააზრებით ცხოვრება მსურდა, მინდოდა თვალი არსებობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტებისთვის გამესწორებინა, დავრწმუნებულიყავი, შევძლებდი თუ იმის სწავლას, რაც ცხოვრებას ჰქონდა ჩემთვის სასწავლებლად გამზადებული, რათა სიკვდილის წინ არ მივმხვდარიყავი, რომ სრულებით არ მიცხოვრია. რაც სიცოცხლე არაა, იმით ცხოვრება არ მსურდა, რადგან სიცოცხლე მეძვირფასება; არც განდეგილობას ვეძებდი, რაკი ამის საჭიროება არ მედგა. მინდოდა, ცხოვრებას ღრმად ჩავწვდომოდი და მისი გულისგული ხელში მომეგდო, მკაცრად და სპარტანულად მეცხოვრა, რაც სიცოცხლე არ იყო, მისგან გამომერიდებინა, თავად კი კარგად მომეხელთებინა, მისი ყველაზე დაუშლელი არსი გამომერჩია, და თუკი ხელში რამ უბადრუკი შემრჩებოდა – მისი სრული და შეულამაზებელი უშინაარსობისთვის თვალი გამესწორებინა, და ეს უშინაარსობა მთელი სამყაროსთვის მეცნობებინა; მაგრამ თუ მის სიდიადეს მივადგებოდი, საკუთარი ცდით და სინჯვით შემეცნო და ამაზე ჩემს მომდევნო თხზულებაში მომეყოლა…
    სიმარტივე, სიმარტივე და სიმარტივე! ათასი საქმის მაგიერ ორი ან სამი იქონიეთ, ვამბობ მე, მილიონობანას შევეშვათ და ათამდე თვლას დავჯერდეთ, დასათვლელი კი ხელისგულზე გვქონდეს; ცივილიზებული ცხოვრების შფოთიან ზღვაში იმდენი ღრუბელი, ქარიშხალი, მეჩეჩი და წინააღმდეგობაა, რომ კაცს დიდი გამოთვლები დასჭირდება, რომ არ დაიძიროს და ნავსაყუდელს მიაღწიოს. სიმარტივე და ისევ სიმარტივე! დღეში ორჯერ და სამჯერ ჭამის მაგიერ, თუ მაინცადამაინცობაა, ერთხელ მირთმევა, ასობით კერძის ნაცვლად – ხუთის შერჩევაც საკმარისია; სხვამხრივაც ასევე უნდა შემცირდეს ყველაფერი, რასაც დავეჩვიეთ. ჩვენი ცხოვრება ღარიბი მიწებისგან შემდგარ გერმანიის კონფედერაციას ჰგავს, რომელთა შორის საზღვრები დაუსრულებლად იცვლება, იმდენად, რომ დანამდვილებით მათს ახლანდელ მდგომარეობას თვით გერმანელიც ვერ გეტყვით. თვითონ ქვეყანა, მასში მიმდინარე ეგრედ წოდებულ შიდა სიახლე-გაუმჯობესებათა მიუხედავად, რომლებიც მაინც სულ ზედაპირული და გარეგნულია ხოლმე, ერთ მოუქნელ და უზომო წარმონაქმნს წარმოადგენს, მის ქვეშევრდომთა მილიონობით ოჯახის მსგავსად, ავეჯითა და უსარგებლო ხარახურითაა გადაჭედილი, ფუფუნებით და უგუნური ხარჯვით, ღირსეული მიზნებისა და აღრიცხვის უქონლობით დაქცეული. ერთდერთი გამოსავალი აქაც მეურნეობის უზუსტესი გაძღოლაა, ცხოვრების სპარტანული უბრალოება და უფრო მაღალი მიზნების დევნა. ცხოვრება ძალიან ავაჩქარეთ. ადამიანებსა ჰგონიათ, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ვაჭრობაა, ყინულის ექსპორტი, ტელეგრაფებით საუბარი, საათში ოცდაათი მილის გავლა; ამაზე ეჭვის მიტანა არ შეიძლება; მნიშვნელობა არ აქვს, ახერხებენ თუ არა თავად ამას; მხოლოდ ერთი რამ რჩება გაურკვეველი: ადამიანის ცხოვრებით ვიცხოვროთ, თუ ბაბუინებივით? ახლა, თუ სარკინიგზე პალოების ჭრა და თლა შევწყვიტეთ, ლიანდაგი არ დავაგეთ, ამ საქმეს დღე და ღამე არ მივუძღვენით, ამის მაგიერ კი ცხოვრება დავიწყეთ და მის გაუმჯობესებაზე დავფიქრდით, მაშინ რკინიგზა ვიღამ აშენოს? თუ რკინიგზის გაყვანა დათქმულ ვადებში ვერ მოვასწარით, ზეცაში მოხვედრა არ დაგვიგვიანდება? მაგრამ თუ სახლში ვსხდებით და ჩვენს საკეთებელს ვაკეთებთ, მაშინ რკინიგზა ვიღას დასჭირდება? ჩვენ, ადამიანები კი არ ვჭრით რკინიგზას, რკინიგზას გვიჭრიან კანზე. ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რა პალოები აწყვია ლიანდაგების გარდიგარდმო? ყოველი ეგეთი პალო ადამიანია – ირლანდიელი, ან იანკი. ლიანდაგი ადამიანის სხეულებზეა გადაგებული – მერე სილა მოაყარეს და ზედ მატარებელები გაუშვეს. ის პალოები კი ისე მორჩილად დევს, ისე მორჩილად!
    რის ახალი ამბები, რა ახალი ამბები! რამდენად უფრო მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რაც არასდროს ბერდება და ძველდება! ,,კიუ-ჰე-იუმ (ვეის პროვინციის დიდ-დიდი მოხელე იყო) ხუნ-ციოს ამბების შესატყობად კაცი გაუგზავნა. ხუნ-ციომ მალემსრბოლი გვერდით მოისვა და ჰკითხა: ,,შენი ბატონი რასა იქმს?’’ შიკრიკმა მოწიწებით მიუგო: ,,ჩემი ბატონი თავის შეცოდებებათა დაძირკვას ლამობს, მაგრამ ჯერ მათ ძირს ვერ მიაღწია.’’ შიკრიკი რომ წავიდა, ფილოსოფოსს აღმოხდა: ,,რა ღირსეული შიკრიკი იყო! რა ღირსეული!’’ ჰოდა, ჩვენმა საკვირაო მქადაგებლებმაც, იმის მაგიერ, რომ მთელი კვირის ნაშრომ-ნაწვალებ მთვლემარე ფერმერებს დასვენების ერთადერთ დღეს ყურები უგულოდ შედგენილი ქადაგებით გამოუჭედონ – მოგეხსენებათ, კვირა დღე უგუნურად განვლილ კვირას აგვირგვინებს, არადა, შეიძლებოდა, სიმხნევითა და სიხარულით აღვსილი კვირის დასაწყისად ქცეულიყო – მაღალ ხმაზე უნდა დასძახონ: ,,შეჩერდით! სიტყვით მოჩქარენო და საქმით ნელნო, ღუზა ამოსწით!’’
    მომდევნო თაობებმა უნდა იცოდნენ, მცდარი დამოკიდებულებების და ილუზიების როგორმა ლაფმა იცის დაგროვება დროდადრო. თუ ამ ფაქტს თვალს გაუსწორებ, დაინახავ, რომ მზის სხივი მისი ორსავ წახნაგზე ისე ელვარებს, როგორც ორლესულზე, იგრძნობ, როგორ გაივლის შენს გულს, მთელს შენს არსებას გამსჭვალავს და მოკვდავის ამქვეყნიურ გზას ბედნიერი დაასრულებ. სიცოცხლეში თუ სიკვდილში, ადამიანი მხოლოდ იმას ეძიებს, რაც ნამდვილია. თუ სიკვდილი დაგვიპირებია, დე ყურს სიკვდილისწინა ხროტინი ესმოდეს, ხელ-ფეხმა კი სამარის სიცივე შეიგრძნოს; მაგრამ რაკი ცოცხლები ვართ, უნდა გავინძრეთ და საქმეს მივხედოთ…
    …დრო მდინარეა, რომელშიც მე ანკესს ვაგდებ. მისი წყლებიდან ვსვამ, მაგრამ რომ ვსვამ, მის ქვიშიან ფსკერს ვხედავ, და ვხვდები, რა მეჩხერია ის წყლები. მისი თხელი ნაკადი განს მივლის, მარადისობა კი ხელში მრჩება. მე უფრო ღრმა წყლებიდან მსურს ამოხაპვა, ანკესი მინდა ზეცას ვისროლო, ფსკერზე კენჭებად რომ ვარსკვლავები აქვს. მე კი დათვლა ერთამდეც არ შემიძლია. მე კი ანბანის პირველი ასოც არ ვიცი. მუდამ ის მქონდა საწუხარად, რომ ისეთი ბრძენი არ ვარ, როგორც იმ დღეს, როცა ამ ქვეყანას მოვევლინე. ადამიანის ინტელექტმა თავისი საქმე იცის, საგანთა არსს სწორედ ის წვდება. ამიტომ არ მინდა, რომ ხელებით იმაზე მეტი ვიმუშავო, ვიდრე აუცილებლობა მოითხოვს. ჩემი გონება ჩემი ხელებიცაა და ფეხებიც. ვგრძნობ, ჩემი საუკეთესო თვისებები მასშია თავმოყრილი. ალღო მეუბნება, რომ როგორც ზოგიერთ ცოცხალ არსებას სოროს სათხრელად დინგი და თათები აქვს, ჩემთვის თავია ის ორგანო, რომელმაც ღრმად უნდა თხაროს, და ცხოვრებაში გზას ამ ცოდნით ვიკვალავ. ვგრძნობ, სადღაც, სულ ახლოს, უმდიდრესი საბადო უნდა იყოს; ამას ჩემი ტირიფის წნელი, ჩემი ღვთაებრივი წნელი და მიწიდან ამოვარდნილი ოხშივარი მეუბნება. ამიტომ თხრას სწორედ აქ დავიწყებ.
    …მშვენიერი წუთის ხიბლზე ვერანაირი სამუშაოს გამო, გონებრივი იქნებოდა თუ ფიზიკური, უარს ვერ ვამბობდი. მე ჩემი ცხოვრებისთვის, როგორც ნაწერისთვის, ფართე ველების დატოვება მიყვარს. ხანდახან, ზაფხულში, დილის ჩვეულ ბანაობას რომ მოვათავებდი, მზის ამოსვლიდან შუადღემდე მზით გაღაღანებულ პარმაღთან ვიჯექი ხოლმე, ფიჭვის ხეებს, ჩემს პატარა თხილნარსა და თუთუბოს შორის, უშფოთველ განმარტოებაში ფიქრს ნეტარებით ვეძლეოდი, გარს ჩიტები დამჭიკჭიკებდნენ ან ჩემს სახლში უხმოდ დაფარფატებდნენ, სანამ მზე არ დააჭერდა, ან გზიდან წამოსული ბორბლების ჭრიალი არ გამომაფხიზლებდა და შემახსენებდა, რა დიდი დრო იყო გასული. ასეთ საათებში ისე ვიზრდებოდი, როგორც სიმინდი – ღამ-ღამობით, ეს დრო ჩემთვის ყოველგვარ ფიზიკურ სამუშაოზე უფრო სასარგებლო იყო – თითქოს ჩემი ცხოვრებიდან კი არ იყო ნასესეხები, ჩემთვის ამქვეყნად გამოყოფილ დროისგან დამოუკიდებლად მქონდა ბოძებული. მე გავიგე, რა აზრს დებს აღმოსავლელი კაცი სიტყვაში ,,მჭვრეტელობა‘‘, რომელსაც ყოველგვარ სამუშაოზე მაღლა აყენებენ. უფრო ხშირად ვერც კი ვამჩნევდი, როგორ გადიოდა დრო. დღე წინ თითქოს იმისთვის მიიწევდა, რომ ჩემი შრომისთვის სინათლე არ მოეკლო. ამწუთას თითქოს დილა იყო, და უკვე საღამო მეპარებოდა, ღირსახსოვარი კი არაფერი ჩამედინა. არა, ჩიტებივით არ ვმღეროდი – ჩემს იღბლიანობას შევხაროდი და ვუღიმოდი. ჩემი კარების წინ, თხილის ხეზე შემომჯდარ ბეღურას თავისი სიმღერა ჰქონდა, მე – ჩუმი, გულში დატოვებული სიცილი, სულის უხმო გალობა, რომლის გაგება ფრინველებს ჩემი ბუდიდან შეეძლოთ. ჩემი დღეები კვირის ის დღეები არ იყო, წარმართული ღვთაებების სახელები რომ ერქვათ; ჩემს საათებს მექანიზმის ტიკტიკი ვერ ყოფდა და ანაწევრებდა… ეჭვი არ არის, ამგვარ ყოფას ჩემი თანამოქალაქეები მცონარობას და უსაქმურობას დაარქმევდნენ, მაგრამ ჩიტებს და ყვავილებს მათი საზომებით ვყავდი გასინჯული, და საყვედური არ დასცდენიათ. კაცმა თავისი ცხოვრებისგან განსაკუთრებული შემთხვევა თავად უნდა შექმნას, დარწმუნებული ვარ ამაში. დღე, მისი ბუნებრივი მსვლელობით, სიმშვიდით არის აღვსილი, და მცონარობისთვის გაკიცხვა არ აქვს…
    …ალბათ თავადაც მიხვდებით, რომ ტყეში შინაური ცხოველის ხმა ძლიერ მაკლდა. მარტო ეგ კი არა, სადღვებელის, სართავის ხმა, ჩაიდნის დუღილი, ქვაბის ქაფქაფიცა და ბავშვის ტირილიც. ძველი ყაიდის ადამიანი ჩემს ადგილას ალბათ შეიშლებოდა, ან დარდისგან ფეხებს გაჭიმავდა. ვირთხებიც კი არ მყავდა, რომ კედლებში ეფხაჭუნათ: ეტყობა შიმშილით დავხოცე, ანდა თავიდანვე ვერაფრით მოვხიბლე – მარტო ციყვები ცხოვრობდნენ ჩემს სახურავზე და იატაკქვეშ, თხაწველია –სახურავქვეშ, ფანჯრის ქვეშ – ერთი მჩხავანა ჩხიკვი, სახლქვეშ – ბაჭია, ან შეიძლება ზაზუნა, სახლს უკან – ყურებიანი ბუ, ტბაზე გარეული გედების გუნდი, და მელა, რომელიც ღამ-ღამობით ომახიანად ყეფდა.
    მე ჩემი მზე მაქვს, ჩემი მთვარე და ვარსკვლავები, საკუთარი პატარა სამყარო… ვინც შუაგულ ბუნებაში ცხოვრობს, და მისი შეგრძნობის უნარი არ დაუკარგავს, ნამდვილი მელანქოლიით დაავადება არ ემუქრება. ისეთი ქარიშხალი არ არსებობს, რომელიც ჯანსაღ და შეურყვნელ ყურთასმენას ეოლოსის ქნარის მუსიკად არ მოეჩვენება. სადა და გაბედულ ადამიანს მდარე შავნაღვლიანობას ვერარა გარემოება ვერ შეყრის. სანამ წელიწადის დროებთან მეგობრობით ვტკბები, ნამდვილად ვიცი, ეს ცხოვრება ტვირთად არ მომეჩვენება. ნაზი წვიმები, რომლებიც ჩემს დარგულ ლობიოს აცოცხლებს, მე კი დღეს სახლში შემდევნა, მოსაწყენი და სვედისმომგვრელი სულაც არ არის, პირიქით, ჩემთვის სასარგებლოც კია. მართალია, მის გამო ჩემს ნათესებს ვერ ვთოხნი, სამაგიეროდ თოხზე გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს. თუ წვიმა ისე გაგრძელდა, რომ ლობიო მიწაში დამილპა და კარტოფილის მოსავალი ვერ ავიღე, რა გაეწყობა. სამაგიეროდ, მთის ფერდობებზე ბალახი ამოვა; რაკი წვიმა ბალახისთვისაა სასიკეთო, მაშ ჩემთვისაც სასიკეთო ყოფილა. ხანდახან ჩემს ხვედრს სხვებისას რომ ვადარებ, ვხვდები, ღმერთები მე უფრო მწყალობდნენ, როგორც ჩანს, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ვიმსახურებდი. მე განსაკუთრებული მფარველობა მაქვს, ბევრი რამ მომეცა ისეთი, სხვებს რომ არ აქვთ. თავს არ ვიტყუებ და არ ვეპირფერები, პირიქით, სინამდვილე ისეთია, შესაძლებელი რომ იყოს, სხვები მეპირფერებოდნენ. თავი მარტო მე ჯერ არასდროს მიგრძვნია, მარტოობა მხრებზე ტვირთად არასოდეს დამწოლია – მხოლოდ ერთხელ, ტყეში გადმოსახლებიდან ერთი-ორი კვირის შემდეგ, ერთადერთხელ, სულ ერთი საათით დავეჭვდი, არის თუ არა შესაძლებელი უშფოთველი და საღი ცხოვრება ადამიანებთან ახლო მეზობლობის გარეშე. მაშინ მარტოდ დარჩენა უსიამოვნო მომეჩვენა. მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს ავადმყოფური მდგომარება იყო, და გული მიგრძნობდა, რომ მალე გამივლიდა. ამ ფიქრებში რომ ვიყავი, უხმო წვიმა ცრიდა, მოულოდნელად ვიგრძენი: წვიმის წვეთების ამ ცვენაში, ყოველ საგანში, გარედან შემოსულ ყოველ ხმაურში რაღაც უსასრულოდ კეთილგანწყობილი, მეგობრული იგრძნობოდა, და ამ გრძნობამ მხნეობით ამავსო; ადამიანთა საზოგადოებაში ყოფნის წარმოსახული უპირატესობები იმდენად უმნიშვნელო მეჩვენა, რომ მას მერე ამ ფიქრებს ერთხელაც აღარ დავბრუნებივარ. ფიჭვის ყოველი პაწაწინა წიწვი ჩემს მიმართ სიმპათიით და თანალმობით იყო სავსე, თავის მეგობრობას მთავაზობდა. რაღაც ძალამ აშკარად მაგრძნობინა, რომ აქ ჩემიანებს შორის ვიყავი, ყველაფერი ახლობელი იყო, ბუნების ის მხარეებიც კი, რომლებსაც ჩვენ შავბნელად და ადამიანისთვის მტრულად გვეჩვენება. აშკარად ვიგრძენი, რომ სულ არაა აუცილებელი, ყველაზე ახლო და ღვიძლ არსებად ადამიანი, მეზობელი მყავდეს, რომ მას მერე უცხოდ თავი არსად აღარ მიგრძვნია.
    როცა გაზაფხულის და შემოდგომის ხანგრძლივი კოკისპირული წვიმები მხოლოდ საღამოობით კი არა, ნაშუადღევამდე ძალაუნებურად სახლში გამომკეტავდნენ ხოლმე, მათი დაუსრულებელი ხმაური მამშვიდებდა კიდეც; ასეთ დღეებში ადრე ბინდდებოდა და გრძელი საღამოები იცოდა, ამიტომ ჩემს ფიქრებს ფესვის გასადგმელად და მოსამაგრებლად საკმარისზე მეტი დრო ეძლეოდათ… მე ჩემს პატარა ქოხში მშვიდად ვიჯექი, წვიმის მფარველობას ვირგებდი და ვტკბებოდი… ხშირად მეუბნებიან ხოლმე, ალბათ მარტოობა გიჭირდა, ადამიანებთან ახლოს ყოფნა გინდოდა, განსაკუთრებით წვიმიან და თოვლიან დღეეებში, ან ღამეებშიო. ასეთ დროს მინდება ხოლმე რომ ვუპასუხო: დედამიწა, ანუ ადგილი სადაც ჩვენ ცხოვრობთ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პატარა წერტილია ამ სამყაროში. მაშ როგორ ფიქრობთ, ჩვენ რომ ჩვენი მოწყობილობებით დიამეტრსაც ვერ გავუზომავთ, განა იმ ვარსკვლავის ორი მკვიდრი ერთმანეთისგან ასეთივე დაშორებით არ ცხოვრობს? თავი მარტო რად უნდა ვიგრძნო? განა ჩვენი პლანეტა ირმის ნახტომში არ მდებარეობს? არა, რასაც მეკითხებით, ამ ქვეყანაზე ყელაზე მნიშვნელოვან საკითხად არ მეჩვენება. რამდენად შორს უნდა წავიდეს კაცი თავისი მოყვასისგან, რომ თავი მარტოდ იგრძნოს? უკვე კარგა ხანია, მივხვდი, რომ ხანდახან რაც უფრო შორს მიდიხარ, ორ სულს ეგ სიშორე უფრო აახლოებს… დროის უმეტესი ნაწილის მარტოობაში გატარება ადამიანისთვის სასარგებლო მგონია. მუდამ საზოგადოებაში ტრიალი, თუნდაც საუკეთესო იყოს ის საზოგადოება, მოსაბეზრებელია და დროის ფუჭად კარგვაა. მე მარტო ყოფნა მიყვარს. ჯერ მარტოობაზე უკეთესი კომპანიონი არც მყოლია. ხშირად მარტონი მაშინ უფრო ვართ, როცა ადამიანების საზოგადოებას მივაშურებთ ხოლმე, და არა იმ დროს, როცა შინ დარჩენას ვარჩევთ. სადაც არ უნდა იმყოფებოდეს კაცი, აზროვნებისას ან მუშაობისას, ყოველთვის მარტოა. მარტოობა იმ მილებით კი არ იზომება, თანამოძმეთაგან რომ გვაშორებს… ჩვენ ხომ ერთმანეთს მეტისმეტად ხშირად ვხვდებით, ისე, რომ ერთი მეორისთვის ფასის გაგებასაც ვერ ვასწრებთ. დღეში სამჯერ მაინც პურს ერთად ვტეხავთ, ერთმანეთს ისევ და ისევ იმ ძველ ამწკლარტებულ ყველს ვთვაზობთ, რანიცა ვართ სინამდვილეში. ეს ხშირი შეხვედრები რომ უფრო ასატანი გაგვეხადა, და დაუფარავი შეხლა-შემოხლა რომ აგვერიდებინა, ეტიკეტის და თავაზიანობის წესები გამოვიგონეთ. მეტისმეტ სიმჭიდროვეში ვცხოვრობთ, ერთმანეთს ფეხებში ვედებით, ერთი მეორეზე ვფორხილობთ ხოლმე, და ისე მგონია, ცოტა არ იყოს, ერთმანეთის პატივისცემასაც ვკარგავთ. მნიშვნელოვანი და გულითადი ურთიერთობისთვის, რა თქმა უნდა, ასეთი სიხშირე საჭირო არაა.
    მე თვითონ შინ მარტო არსდროს ვრჩები… ღვთის გულისათვის, განა ტბას ჰყავს მარტოობის გამზიარებელი? მაგრამ მისი ლაჟვარდისფერი წყლის ზედაპირი ხომ მაინც ღვთის ცისფერ ანგელოზებს ათამაშებს, და არა კაეშნის ლურჯ დემონებს? მზეც ხომ მარტოა, ნისლიანი დღეების ამინდს თუ არ ჩავთლით, როცა იგი ორად მოჩანს, მაგრამ მეორე მხოლოდ თვალს ატყუებს. თვითონ უფალი ღმერთიც მარტოა – მხოლოდ ეშმაკი გაურბის მარტოობას; იმას კი დიდი საზოგადება ჰყავს; სახელი მისი ლეგიონია. არც მე ვარ მინდვრის სარეველაზე ან საძოვარზე ამოზრდილ ბაბუაწვერაზე, ლობიოს ან მჟაუნის ფოთოლზე, ბუზანკალზე ან კელაზე უფრო მარტოსული.

    ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“