-
-
ფრანსუა დე ლაროშფუკო – სიყვარულსა და სიცოცხლეზე
-
სიყვარულის საიდუმლეობათა ფრანგული გასაღები
ჟოელ ბასტენერიფრანგული კულტურის ცენტრის დირექტორი
სიყვარულის საიდუმლეობათა ფრანგული გასაღები
როდესაც სიტყვა სიყვარულზე ჩამოვარდება, ფრანგი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში, – მყისვე ენად გაიკრიფება, საკუთარ აზრს გაგიზიარებს, სასუბრო თემის შესაფერის ანეკდოტს გაიხსენებს, დაბოლოს, რაიმე ბრძნულ გამონათქვამსაც მოაყოლებს. ფრანგები ამაყობენ იმით, რომ ესოდენ ლაღად შეუძლიათ ილაპარაკონ სიყვარულზე და ეს უძველესი უპირატესობა სიტყვისა სავსებით გამართლებულად მიაჩნიათ, რადგან ამ გრძნობის არა მხოლოდ ცხოვლად განცდა, არამედ მასზე გადამწყვეტი, მჭექარე აზრის გამოთქმაც ხელეწიფებათ. ფრანგისთვის რაღა სიყვარული და რაღა პეწით გაშლილი სუფრა: ამ სიამოვნებათა შესახებ ფრანგებზე მეტი აბა ვის უთქვამს? ეს განსაკუთრებით იგრძნობა მწერლობაში: არც ერთი ქვეყნის ლიტერატურას არ დაუთმია ამდენი ადგილი სიყვარულისთვის, ესოდენ ხაზგასმით არ წარმოუჩენია, ვინ იცის საიდან მოყოლებული, ამ უნივერსალური პრობლემის უკლებლივ ყველა მხარე და წახნაგი, ესოდენ დაწვრილებით არ აღუწერია გრძნობის საფეხურები და განსხვავებული ფორმები, სექსის “დახვეწილი მანერები” თუ გარყვნილების სიღრმეები. ტრუბადურებიდან კრისტინ ანგომდე, – მადამ დე ლაფაიეტი, გიიომ აპოლინერი და ანდრე ბრეტონიც გავიხსენოთ, – ვინ მოსთვლის რამდენი რამ შევიცანით და რამდენი რჩევა თუ შეგონება მოვისმინეთ, – ფრანგული ლიტერატურა ნებისმიერ კითხვას უძებნის პასუხს, რადგან, როგორც სამართლიანად აღნიშნავს მწერალი და ფილოსოფოსი ფილიპ სოლერსი: “არც ერთ ქვეყანას არ შეუქმნია ესოდენ წინააღმდეგობრივი ლიტერატურა, რამეთუ სხვაგან ვერსად შეხვდებით გვერდი-გვერდ კლოდელს და ვოლტერს, სადს და მადამ დე სევინიეს…”
მრავალსაუკუნოვან, თაობიდან თაობაში გარდამავალ სიყვარულის ჰერმენევტიკის სადარ ტრადიციას კარგად ახსოვს განსაკუთრებული ზეობის პერიოდები: XII-XVIII საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული, XX საუკუნის დასაწყისში და შემდეგ, 1960-70-იან წლებში განვითარების უმაღლეს საფეხურზე ასული ტოტალიტარული ნორმატიული წესის წინააღმდეგ მიმართული რეაქცია, ახალი საუკუნის დასაწყისში ძალებს იკრებს, რათა წინ აღუდგეს უცხოური ლიტერატურების მომძლავრებულ მაცდუნებელ კონკურენციას. ამ აღზევებას თან ახლავს, ლიტერატურაში სექსის და ამასთან ერთად, ღვთიურ მადლს მოკლებული ადამიანის მარტოსულობის განცდის კიდევ მეტი სიმძაფრით წარმოჩენა, რაც, ცხადია, უკავშირდება ეპოქისთვის დამახასიათებელ ყოვლისმომცველ ცინიზმს, რომელიც სრულიად აუფასურებს კეთილ გრძნობებს და “გულის სწრაფვებს”. მერე კიდევ, უკანასკნელი ორი საუკუნის ლიტერატურასა და ფილოსოფიაში სიყვარულის აურას თუ დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ წარსულში სენტიმენტალიზმი იშვიათი მოვლენა იყო და ფრანგები, რომლებიც მუდამ ამაყობდნენ სიყვარულის მეცნიერების ზედმიწევნით ცოდნით, არც სულიერი კავშირისა და ერთგულების ქიმერებს წყალობდნენ და არც სხეულის ჯადოს მორჩილებას. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი ქირქილით კითხულობს გაზეთში მოსახლეობის უმრავლესობისთვის საძულველი, მუდმივი დაცინვის სამიზნედ ქცეული საზოგადოებრივი ინსტიტუტის, ქორწინების მაცნე განცხადებას, საბოლოო ჯამში, ის მაინც დარწმუნებულია, რომ ოჯახური სიკეთეების დამცველმა კავშირებმა აუცილებლად უნდა სძლიონ გულის ცვალებადობას და სურვილის კონვულსიებს.სწორედ ამ “იძულებით სიბრძნეს” ადასტურებს ჩვენი ლიტერატურული მემკვიდრეობა, განსაკუთრებით, ბალზაკის შემოქმედება. საზოგადოებრივი აუცილებლობის წინაშე ქედის მოხრა და საკუთარი მარცხის მწარე აღიარება თავისუფლების მეხოტბეთ და ბურჟუაზიული სათნო სიმშვიდის შეურიგებელ მოძულეთ თვით სიყვარულის ძაგებისკენ უბიძგებს. ერთი საშინელი გაფრთხილება ჟორჟ ბატაის ეკუთვნის: “ჩემი ვნება სიყვარულისა გადაჰყურებს სიკვდილს, ისე, როგორც ფანჯარა ეზოს”. მსგავსმა თავბრუსხვევამ თავისი დაღი დაასვა პრუსტს და მორიაკს, ისევე, როგორც უელბეკს (მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს თვითონ! იხ. ინტერვიუ). სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ტანჯვა, მონობა, უბედურება და ასე და ამგვარად… ჭეშმარიტი სიბრძნე მისგან გარიდებას გვირჩევს. მორალისტები (აი, კიდევ ერთი წმინდად ფრანგული ხელობა), გრძნობებზე მხოლოდ იმიტომ გვესაუბრებიან, რომ ყველას დასაცინად, სამზეოზე წარმოაჩინონ მათი სიყალბე. ფრანგული მაქსიმებისა და აფორიზმების სისტემა მამაკაცისა და ქალის ურთიერთობის გასაღებს Gგვთავაზობს და სწორედ ამას უნდა უმადლოდეს საკუთარ წარმატებას. ცნების “გასაღები” ხმარება მაშინ, როდესაც საუბარი ეხება ესოდენ ცვალებად, პირადულობის ნიშნით დაღდასმულ თემას, ნიშნავს ილაპარაკო ზოგად ფრაზებზე, გაცვეთილ ტერმინებზე და უნდობლობაზე, რომ არ ვთქვათ, ზიზღზე, ე. ი. ყოველივე იმაზე, რაც არის სათავე სექსუალური წრეგადასულობისა. სწორედ სექსუალური უზომობაა სარჩული თავშეკავებულობისა (აბსტინანცია), რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქრისტიანული დასავლეთის ისტორიაში. ამაღლებული გრძნობების წინააღმდეგ მიმართულ სარკაზმს ბადებს ილუზიების მსხვრევა, თუმც კი მათ ნაჭდეურებს ვხვდებით სექსუალური თავაშვებულობისა და ბისექსუალიზმის მეხოტბეებთან, თუნდაც ბრიუკნერისა და ფენკილკროტის სკანდალურ ტექსტში “ახალი სასიყვარულო უწესრიგობანი” (იხ. ქვემოთ).
ნიშნავს ეს, რომ ფრანგებს სექსი უფრო იზიდავს, ვიდრე გრძნობა და რომ ხსნა მხოლოდ გულის ტოტალურ უარყოფაშია? ის, ვინც ამ ფაქტს ადასტურებს, შამფორის (1740-1794) სინანულს იზიარებს: “სიყვარული, იმ სახით, როგორც ის საზოგადოებაში არსებობს, მხოლოდ ორი ფანტაზიის ურთიერთობა და ორი ეპიდერმის კავშირია”. ბრუკნერი სინანულს გამოთქვამს, რომ სექსუალურ თავისუფლებაზე დისკურსმა დაგვავიწყა არც თუ ისე იდეალისტური ხასიათის “გულის რომანებისთვის” დამახასიათებელი სენტიმენტალური აღსარებანი და ისიც, რომ ძველი მწერლები ამაღლებულ სიტყვებს ერთობ “მიწიერ” მნიშვნელობას შესძენდნენ. გავიხსენოთ თუნდაც აბელარის დასაჭურისება ყოვლად უვნებელი “ლირიკული აღმაფრენის” გამო. იმის თქმაც საკმარისია, რომ ამაღლებული სიყვარულისა და ვულგარული გრძნობიერების დაპირისპირება სასიყვარულო თავგადასავლებით მოყირჭყებული, ყალბი “ცხოვრების გამფლანგველების” მიერ მოგონილი ტრუიზმია. ოვიდიუსის და კაზანოვას კვალდაკვალ, შოდერლო დე ლაკლომ, სტენდალმა და ბევრმა სხვა დიდმა მწერალმა კარგად უწყიან, რომ ის, ვინც ორმხრივი სიამოვნებისგან რაიმე გამორჩენას ელის შემწედ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები უნდა მოიხმოს და ენად უნდა გაიკრიფოს. მოგვიანებით, თემატური ნომრის გაცნობისას, ვნახავთ თუ როგორ იყენებს სულიერ აღტკინებას ზნეობრივი ცხოვრების ნორმების არც თუ ისე თავგადაკლული დამცველი ბენჟამენ კონსტანი, რომლის ნაწარმოები “ადოლფი”, მრავალგვარი სურვილის ხლართებში გაბმული ადამიანის ერთი გრძელი აღსარებაა.
შეიძლება ვინმემ დაასკვნას, რომ მაღალი სწრაფვები დიდ წილად სიცრუესა და მოჩვენებითობას ეფუძნება. მართლაც, სურვილის გამოხატვაში ბევრია სიყალბე, უფრორე მაშინ, როდესაც ცდილობ სათქმელს რაც შეიძლება მეტი ხიბლი შესძინო. სწორედ ამას უპირისპირდება სტენდალი თავის ცნობილ ნაწარმოებში “სიყვარულის შესახებ”: “სიყვარულის მთელი ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ ზუსტად ითქვას ის, რასაც ამ წუთით თრობისას განიცდი”. ვგონებ, არც ისე ადვილი საქმეა, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს: ყველა მაცდუნებელს უნდა ახსოვდეს, რომ ქალის გულს ქათინაურებით ვერ მოიგებ, რადგან მან კარგად იცის, რომ ლამაზი სიტყვები ხორციელი სურვილივით წარმავალია. გამოდის, სიტყვები მხოლოდ იმას გამოხატავს, რაც უშუალოდ სხეულს, ხორციელს არ უკავშირდება, და რომ მხოლოდ ზუსტად მიგნებული სიტყვებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ სულიერ სიყვარულზე, რადგან გაუცნობიერებლად ვგრძნობთ, რომ ხსნის ერთადერთი გზა ღმერთის სამსახურია. ან იქნებ, იმის გამო, რომ სუბიექტი სხვა არაფერია, თუ არა ნაკრები ილუზიებისა და წარმოდგენებისა (რომელსაც, როგორც სტრუქტურალიზმი გვიმტკიცებს, იგი საკუთარ თავის შესახებ შეიქმნის), გრძნობებზე საუბარს არავითარი აზრიც არა აქვს?
არა! მსგავსი უკიდურესობანი უცხოა ფრანგული ხასიათისთვის: საფრანგეთი მუდამჟამს იცავდა ზომიერების, მიმტევებლობის და კეთილგანწყობილი ჰუმანურობის პრინციპებს, რომლებიც არასოდეს უპირისპირებს ერთმანეთს გრძნობის ამაღლებულობას და ხორციელ ვნებას. აქ თავს იჩენს ჩვენი ყბადაღებული გულგრილობა, რომელსაც ასე გაცხარებით აძაგებდნენ სელინი, ბერნანოსი და მეოცე საუკუნის სხვა სახელოვანი მწერლები, თუმცა ამ მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო: ჩვენ ერთნაირად ვუპირისპირდებით თავშეკავებულობას და დონჟუანიზმისთვის დამახასიათებელ ფლობის ჟინს. ჩვენი ავტორები ამ ორ ცდუნებას შორის მუდამ შუალედურ პოზიციას ირჩევენ. მონტენის მოძღვრების მიმდევარნი, ხმას ვუწყობთ მორალისტს და მასთან ერთად ვაცხადებთ: “სამყაროს მოძრაობა ცხადდება სქესთა კავშირში და გამოიხატება სქესთა კავშირით, რამეთუ ეს არის ძალა, რომელიც ყოველივეს განსჭვალავს, ცენტრი, სადაც თავს იყრის ყოველი საგანი”. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ამ დებულების სისწორეს ბლეზ პასკალის, მკითხველის მიერ ნაკლებად დაფასებული, მცირე ზომის ტექსტიც ადასტურებს, რომელშიც პასკალი უარყოფს გონებისა და სიყვარულის ურთიერთდაპირისპირებას. ტექსტი გამოძახილია აღორძინების ჰუმანიზმისა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პასკალის თანამედროვე ლაროშფუკოს ირონიასთან, რომლისთვის სიყვარულის გრძნობა სინამდვილეში არც არსებობს: “ჭეშმარიტი სიყვარული აჩრდილების გამოცხადებას ჰგავს, მათზე ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ ცოტას თუ უნახავს”. ჩვენ ვულგარული სურვილების ტყვეობაში ვართ და ეს არის თავი და თავი იმისა, რომ ვერარა ძალისხმევით ვერ ვუახლოვდებით უანგარო სიყვარულის პრინციპს, რომლის არსი დაბადებიდანვე ჩასახულია ჩვენში და რომელსაც, ჩვენივე ნებით, ყურადღების ღირსად არ ვთვლით.
ფრანგების სპონტანურ გონებაზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ვნებისა და ტონის სიმსუბუქის, გულწრფელი გატაცებისა და ლიბერტინაჟის (ზნეობრივი ნორმების უგულველყოფა-გ. ე.) ბედნიერი შერწყმა, რომლის კვალი აშკარად საგრძნობია ჩვენი დიდი მწერლების უმრავლესობის შემოქმედებაში და რომელიც, ლიტერატურის სახელოვანი ქალბატონების (მარიამ ფრანგი, მარგარიტ ნავარელი) მიერ პირველად წარმოჩენილი, გრძელდება და გაცილებით მაღალ საფეხურზე ადის კრებიიონის, რეტიფ დე ლა ბრეტონის, სტენდალის, ფლობერის და მოპასანის ნაწარმოებებში. ტრადიცია გრძელდება პიერ ლუისის და ლუი არაგონის ლექსებში, ისევე, როგორც თანამედროვე “შანსონებში”. კრებიიონი უმცროსი (1709-1777) სასიყვარულო ისტორიის გადმოცემისას, მიზნად ისახავს წარმოაჩინოს სიყვარული მთელი სისავსით, ე.ი. სხეულიც და გულიც, რადგან ნებისმიერი სიყვარული ფიზიკურია ან მისკენაა მიდრეკილი და ამ სწრაფვის შეფერხება მტკივნეული განცდაა. სურვილი სამყაროს უზენაესი ჭეშმარიტებაა და ყოველივე სექსზე გველაპარაკება, ამრიგად, არ არის აუცილებელი, ალაპარაკო თვით სექსი. ამას ქალებიც აღიარებენ, – მადამ დე ლაფაიეტი “კლევის პრინცესაში” გადაკრულად, პერიფრაზებით უმხელს თავის შეხედულებებს მკითხველს. მისგან განსხვავებით, “წესიერად აღზრდილი ქალიშვილის მემუარებში” სიმონ დე ბოვუარი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე აღიარებს საკუთარ მრწამს. ის მამაკაცები, ვინც ყველაზე კარგად უგებს ქალებს, არა მხოლოდ ამართლებენ მათ მცდელობას, არამედ მათთან იდენტიფიცირებასაც ახდენენ. გავიხსენოთ ფლობერის ცნობილი ფრაზა: “ქალბატონი ბოვარი მე ვარ”.
აი ის ზოგადი მიმართულება, რომელსაც საუკუნეების მანძილზე მიყვება ჩვენი ეროვნული პროზა. თუ კი მწერლები ზოგჯერ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მოქმედების წვრილმანების აღწერას, ეს იმიტომ, რომ მეტი სიმკვეთრით წარმოაჩინონ გრძნობები და ცოტას თუ ვნახავთ ისეთს, ვინც კრძალვით არ მიაგებს მისაგებელს სადს, რომლის მკითხველთა და თაყვანისმცემელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. საფრანგეთს ვერავითარი აღსარებით ვერ გააკვირვებ და ეს, გნებავთ, გულგრილობა ვუწოდოთ, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება შამფორის ღრმა რწმენას: “სიყვარულში ყოველივე ჭეშმარიტია, ყოველივე ყალბია და ის ერთადერთია, რომლის შესახებ სულელურს ან უაზროს ვერაფერს იტყვი”.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ -
უოლტ უიტმენის ბალახის ფოთლები
უიტმენის “ბალახის ფოთლების” ბოლო გამოცემამ განაახლა ის კამათი, სხვათა შორის, მეტ-ნაკლებად აგრესიული, მუდამ რომ იჩენდა ხოლმე თავს ამ ავტორის სახელის ხსენებისას. ზოგიერთი კრიტიკოსი ხელაღებით უარყოფს მის პოეტურ ტალანტს და თავის პირდაპირ მოვალეობად მიიჩნევს დაგმოს ის “ვულგარული და მოულოდნელი იერიში”, რომელიც უიტმენს მხატვრული მეთოდის გამოვლენის ძირითად ხერხად დაუსახავს. უნდა ითქვას, რომ მსგავსი კრიტიკოსები უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს სწორედ იმ შეხედულებათა (და ზოგჯერ გამონათქვამთა) ვულგარულობითა და გაურანდავობით, რომლითაც სხვისი ვულგარულობის წინააღმდეგ ილაშქრებენ. თუკი ისინი ამ წიგნში ვერაფერს ხედავენ ბრტყელ-ბრტყელი ტრუიზმებისა და აგრესიულობის გარდა, უნდა ვიფიქროთ, რომ მათი გემოვნება დასახვეწია; ისინი სათანადოდ ვერ აღიქვამენ ჩვეულებრივი მოვლენების ახლებურ, სისხლსავსე წარმოჩენას, მძლავრ აღმაფრენას, უდიდეს სიყვარულს ადამიანისა და ბუნების მიმართ, ვერც უკვდავების რწმენას პატიობენ პოეტს. ეს ყოველივე ხომ არის უიტმენის პოეზიაში მიწიერი ყოფის გამომხატველი უმართებულო სითამამისა და იმ მოუქნელი მეთოდის პარალელურად, რომლითაც იგი ხშირად აღწერს დაკნინებულ, დაბეჩავებულ საზოგადოებას? დროის უბრალო დაკარგვად მიმაჩნია იმის გარკვევა, არის თუ არა პოეტი მისტერ უიტმენი: მისი უდიდესი ავტორიტეტი – შემოქმედებითთან ერთად კრიტიკულიც – გვინდა თუ არა, მაინც მეტყველებს მის სასარგებლოდ. არც მის მხატვრულ მეთოდზე ღირს თავის მტვრევა: ეს ფორმა სულაც არ არის ისეთი გამაოგნებელი და ნოვატორული, ძალიან ბევრს, და მათ შორის თავად უიტმენსაც რომ მიაჩნია.
მართალია, ამ წიგნში მოვლენათა უმრავლესობა სინატიფეს მოკლებული ხერხითაა გადმოცემული და ზოგჯერ ფორმისა და სტილის უსუსურობა ამ პოეზიას მოსაწყენ პროზამდე აქვეითებს, მაგრამ მკითხველი გვერდს ვერ აუვლის მის ფურცლებზე წამიერად გაელვებულ სილამაზესა და უჩვეულო დახვეწილობას. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ შემოქმედის თითოეულ რაფსოდიას ერთიან, განუყოფელ მთლიანობად განვიხილავთ, გინდაც მათი ცალკეული მონაკვეთები უშინაარსო და უმწიფარ პოეზიად მოგვეჩვენოს. ისე კი, უსაზღვრო, შეუზღუდავი ფანტაზია და ამა თუ იმ აზრის “ახლებურად” გამოთქმისაკენ სწრაფვა, უიტმენს ზოგჯერ ასეთ რამესაც წამოაძახინებს: “მე ჩემს სხეულს მორევს მივანდობ!”… “განმიმარტეთ მითები აზიაზე!”… “ნიღაბს ჩამოვგლეჯ და წარმოგიდგენთ!” როგორ უნდა ემსახუროს თავისუფლებას ხელოვნებაში, ან ნებისმიერ სხვა ამაღლებულ იდეალებს ის მწერალი, რომელიც თავად “literat”-ს განასახიერებს? უფრო შთამბეჭდავი და ორიგინალური იქნებოდა, მისთვის უბრალოდ “inkvat” რომ გვეწოდებინა (სიტყვათა თამაში: literate – განსწავლული, განათლებული; literat – ლიტერატურის ვირთხა; inkvat – მელნის ვირთხა (მოკალმე)). მეორეს მხრივ, ამ წიგნის ფურცლები ამზეურებენ გემოვნებით შერჩეულ და ცინცხალ გამონათქვამებს. ერთგან მოცურავე ასე მომნუსხველად არის აღწერილი: “მონავარდე გამჭვირვალე, მწვანე ნათელში”; … “გულახდილი ყბედობა ქვაფენილისა”… ეს მართლაც შესანიშნავი მიგნებაა. საინტერესო და დახვეწილ პოეზიად მიმაჩნია ასეთი სტრიქონები: “ფიცარსა რანდავს დურგალი / და შალაშინის ენა / ველურ მელოდიას უსტვენს”. შედარებით დიდი ზომის ნაწარმოებები, სადაც ბევრი რამ ბანალური და საკმაოდ უფერულია, გაყალბებულ ესეებს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე პოეზიას, თუმცა ხელაღებით არც მათი უარყოფა შეიძლება, აქაც ხშირია შემთხვევები ძალიან მარტივი და გაცვეთილი აზრის საინტერესო კუთხით გადმოცემისა. მაგრამ აშკარა უგუნურობაა იმის მტკიცება, თითქოს To You-თი დასათაურებული ეს სტრიქონები ადგენენ ლექსს და არა რაღაც უაზრობას (ამაში, ალბათ, თავად პოეტიც დაგვეთანხმება):
“უცხოვ, თუკი ჩამივლი გვერდით
და მოისურვებ შეხმიანებას,
რატომ არ უნდა შემეხმიანო?
ანდა თავად მე რატომ არ უნდა შეგეხმიანო?”მაგრამ თუ გსურთ მის პოეზიაში რაიმე საინტერესოს აღმოჩენა, გირჩევთ წაიკითხოთ მშვენიერი Pioneers, O Pioneers. ბევრი რამ მოგხიბლავთ ამ სტრიქონებში: ვაჟკაცური შემართება და მძლავრი რიტმი, მეგობრობის სულისჩამდგმელი გრძნობა და აღტაცება ახალი სამყაროს წინსვლით; წაიკითხეთ უიტმენის მდიდრული და შთამბეჭდავი წარმოსახვით გაჯერებული Man-of-War-Bird, ანდა შესანიშნავი ელეგია ზღვისპირეთზე, ასეთი სიტყვებით რომ იწყება: “აკვნიდან, რომელიც მარად ირწევა…” აი, ეს ლექსები სავსეა სიცოცხლითა და ემოციებით. ლინკოლნის აღსასრულის პოეტური აღწერისას მან ასე გამორჩეულად უმღერა სიკვდილს: “ო, ბნელო დედავ, უხმაუროდ რომ ჩაგვიქროლებ მსუბუქ ფეხებით”… ან როგორ ასხამს ხოტბას ჩვენებური გაზაფხულის ერთ-ერთ საღამოს!
“ო, ეს მეოთხე თვით საღამო, ეს დაისი
და მონაცრისფრო ბურუსი გამჭვირვალე.
ზანტად გამავალი ოქროსფერი მზის
სხივთა მარაო…
ლორთქო ბალახი, მკრთალი ფოთლები,
შორით ელვარე მკერდი მდინარის,
ქარით აჭრილი და აქოჩრილი…”წაიკითხეთ პოეტის ის სტრიქონები, რომლებითაც ჩვეულებრივ ლოკომოტივს ახასიათებს:
“თანამედროვე ემბლემა მოძრაობისა
და კონტინენტის მაჯისცემაა.”გამოყენებითი მექანიკის გრანდიოზულობა ასე არავის აუსახავს ამერიკულ პოეზიაში. დემოკრატიზმი, ვაჟკაცობა, სიკეთის რწმენა – აი, რითი ფასობთ უიტმენის შემოქმედება. “მკლავის სიმაგრე და სიმამაცე!” “კმარა ვედრება და ქედის მოხრა!”… იგი ესწრაფვის დაუშრეტელი ენერგიის გამოვლენას და ამის გამო, რაც არ უნდა მცდარი იყოს მისი მეთოდი, ამერიკულ ყოფასა და ლიტერატურას, ვფიცავ, აუგი არაფერი ემუქრება!
მაგრამ სხვა კუთხით უნდა მივუდგეთ უიტმენისეულ სხეულის “განდიდებას”. აკი თავადაც გვაფრთხილებს ერთგან: “ჩემს ლექსებს ყოველთვის არ მოაქვთ სარგებელი, მათ ზიანის მოტანაც შეუძლიათ”. მას თავი “სხეულისა და სულის” პოეტად მიაჩნია და ჩვენც გვარწმუნებს, რომ სული არ არის სხეულზე მეტი. ამით თითქოს როზეტის აზრსაც იზიარებს, თუმც ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, მაინც იყურება მომავლისაკენ: “განახლებული ჯიში, გონიერი ქალები და მამაკაცები, უცოდველობა და სიჯანსაღე… ალბათ ეს არის ბედნიერება!” მის ბოლო ლიტერატურულ მანიფესტში ასეთ სიტყვებსაც ამოიკითხავთ: “ველტვი უაღრესად ინდივიდუალურ საზოგადოებას, ბუნებასავით დაუდეგარს, კეთილკრძალულს და კეთილმოსურნეს, თანაგრძნობით ნიჭით დაჯილდოებულს, სრულქმნილს, მგზნებარეს, შთაგონებულს, მამაცს”. ეს ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ საბოლოო მიზანი ქების ღირსია და არც პოეტი ტკბება საკუთარი უდიერებით, მაგრამ ამ მიზანს სავალალო შედეგი მოსდევს: იგი აშიშვლებს და ხელმისაწვდომს ხდის ყველაფერ იმას, რასაც ბუნება ოდითგანვე იფარავდა უდიდესი რუდუნებით და თავმდაბლობით. უცნაურია, რომ ეს ზედმიწევნით “ბუნებრივი” შემოქმედი არღვევს ბუნების ერთ-ერთ საუკეთესო და უღრმეს კანონს და იმის ნაცვლად, რომ სხეული წმინდად მიიჩნიოს, იგი ძარცვავს მას ყველა იმ სიკეთისაგან, რასაც ამჟამად მას მიაწერს კაცობრიობა. უიტმენი ამცრობს სულსაც და ხორცსაც და ადამიანს მხეცს უთანაბრებს, განძარცულს ყოველგვარი სულიერი თვისებებისგან.
მისტერ უიტმენი ამაყობს საკუთარი სიჯანსაღით. მაგრამ რა არის ეს სიჯანსაღე თუ ჯანმრთელობა? სხვა არაფერი, თუ არა ადამიანის ორგანოთა ნორმალური მოქმედება და ასეთ დროს ის იშვიათად ფიქრობს მათ ფუნქციაზე, მაგრამ როგორც კი რომელიმე მათგანის ფუნქცია დაირღვევა – გულის, კუჭის, ტვინის თუ ნებისმიერი სხვა ორგანოსი – ადამიანი მყისვე შეიგრძნობს ამ ცვლილებას და, ცხადია, ჯანმრთელობაც შეერყევა… აქედან კი სნეულებაც წარმოიშვება. ზუსტად ასეა უიტმენის შემთხვევაშიც: როდესაც იგი ხელით ეხება ხელშეუხებელს და თავს იმტვრევს იმ იდუმალ პროცესებზე, წესით, უჩუმრად რომ უნდა მიმდინარეობდნენ, მას უკვე ჯანსაღს ვეღარ ვუწოდებთ. გახრწნილი არა, მაგრამ სნეული უთუოდ შეიქნება. მას თავი მოაქვს საკუთარი “მრავლისმომცველობით”, კარგისა და ავის უკიდურეს გამოვლინებათა ფლობით, და ყველაფერში ერთი პოლუსიდან მეორეზე გადაფრენას ელტვის. სხეულთან (ხორცთან) დაკავშირებით მშვენივრად ართმევს თავს ამ ამოცანას, ხან აკნინებს და ხანაც აღაზევებს. ისე კი, ჩანს, თავად სათანადოდ ვერ აღუქვამს საკუთარი “ყოვლისმომცველობა” ამ მიმართულებით, და რომ აღექვა, ალბათ, თავისი ლექსის სიტყვებით მიპასუხებდა:
“მაშ, მე საკუთარ თავს ვუმხედრდები?
ძალიან კარგი, ასეც ვიქცევი!
მე უსაზღვრო ვარ, მრავლისმომცველი”.მაგრამ ეს “მრავლისმომცველობა” ვერაფერს შველის მის სნეულებას. მას არ ძალუძს შეარბილოს მისტერ უიტმენის დიდი შეცდომა. მან ხომ ხელახლა ისეთი რამ გამოაქვეყნა, რისი ხმამაღლა გამეორებაც კი აღარ ღირდა. რატომ შეიტანა ადრინდელი უხამსობა ახალ გამოცემაში? განა ეს წიგნი მრავალი წლის შემდეგ არ გამოვიდა? ნუთუ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ასე გაძნელდა ყმაწვილკაცური სენისაგან განკურნება? ყველა “საღი აზრის მატარებელი” უნდა აღშფოთდეს მისი “აგრესიული იერიშით”, ყოველმა ჩვენგანმა უნდა გააპროტესტოს ეს წრეგადასული უდიერება. საბედნიეროდ, ზემოაღნიშნულით ძირითადად თავად ავტორი ზარალდება: ის ხომ შესაშური მონდომებით იკნინებს საკუთარ ფიზიკურ ბუნებას – სხეულს! მართალია, კაცობრიობა არ არის სრულყოფილი, მაგრამ ის გაცილებით უკეთესია, ვიდრე “ბალახის ფოთლებში” აღწერილი – დამახინჯებული, თავლაფდასხმული და გაყალბებული. აი, ამიტომ ვერ იქონიებს ეს წიგნი ჩვენზე დიდ გავლენას, აი, ამიტომ გაუჭირდება ჩვენი დათრგუნვა.
ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა
The Atlantic Monthly, January 1882© “წიგნები – 24 საათი”
-
იოსიფ ბროდსკი – დოსტოევსკის შესახებ
-
ჯოზეფ კონრადი – წიგნები
-
ფილიპ სოლერსი – იყავით რეალისტები – მოითხოვეთ შეუძლებელი
-
ჰენრი დევიდ თორო – სამოქალაქო დაუმორჩილებლობა
-
ჰაროლდ ბლუმი – ტოლსტოი და გმირობა
წიგნიდან “დასავლური კანონი”ტოლსტოი ყველაზე კარგად მაქსიმ გორკის “მოგონებებმა” გამაცნო, სადაც ავტორი სამოცდათორმეტი წლის მწერალთან სტუმრობის შესახებ გვიამბობს. 1901 წლის დასაწყისში ავადმყოფი და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისაგან არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამდგარი ტოლსტოი ყირიმში ცხოვრობდა. გორკი პირდაპირ გადმოგვცემს ორაზროვნებას, რაც მან ტოლსტოისთან ურთიერთობაში შენიშნა და რაც ტოლსტოის იდუმალებას კიდევ უფრო აძლიერებდა:
“დღიურში, რომელიც მან წასაკითხად გადმომცა, უცნაურ აფორიზმს წავაწყდი: “ღმერთი ჩემი მისწრაფებაა”. დღეს რვეულის დაბრუნებისას ვკითხე, რას ნიშნავდა ეს სიტყვები.
“აზრი არაა დასრულებული…”, – თქვა მან, გვერდს გადახედა და თვალები მოჭუტა, – “შეიძლება მინდოდა მეთქვა, რომ ღმერთი თავად ღმერთის შემეცნებისკენ მისწრაფებაა, ჩემი მისწრაფება… შესაძლოა ვცდები…” მან სიცილი დაიწყო, რვეული დაახვია და პერანგის ფართო ჯიბეში ჩაიდო. მას ღმერთთან უცნაური დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ხანდახან ისინი “ერთ ბუნაგში ორი დათვის ურთიერთობას” მაგონებდნენ”.
გორკის მიერ ანდაზების გონებამახვილური ციტირებისას ჩანს ტოლსტოის ნიჰილიზმის დაფარული სიმართლე და მისივე უუნარობა, შეეგუოს ნიჰილიზმს. წინასწარმეტყველი მწერლის ფიქრებში ღმერთი უკვდავების სურვილთანაა გაიგივებული. უსაზღვროდ გამბედავი ტოლსტოი იმდენად სიკვდილის ბანალური შიშით არ მოქმედებდა, რამდენადაც არაჩვეულებრივი სიცოცხლისუნარიანობით, რომელიც შეუთავსებელია არსებობის შეწყვეტასთან. გორკი ამასაც შესანიშნავად გვიამბობს:
“მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე მას სძულდა სიკვდილი და ეშინოდა მისი, მისი სული “არზამასულ ძრწოლას” მოეცვა – ნუთუ იგი, ტოლსტოი, უნდა მოკვდეს? მთელი სამყარო, დედამიწის თითოეული მცხოვრები მას შეჰყურებს, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ამერიკიდან, ყველა მხრიდან, მათ შორის მთრთოლავი ძაფებია გაბმული. მისი სული ყველასთვის და ყოველთვის არსებობს. რატომ არ უნდა დაუშვას გამონაკლისი ბუნებამ თავის კანონში, რომ ერთ კაცს სხეულებრივი უკვდავება მიანიჭოს?”
ტოლსტოის მისწრაფებას, ალბათ, აპოკალიპსურ სევდას უფრო დავარქმევთ, ვიდრე რელიგიურ სურვილს. დედამიწაზე კიდევ არსებობს რამდენიმე ტოლსტოელი, მაგრამ მათი გამორჩევა სულიერი რაციონალიზმის სხვა უამრავი სახეობიდან უკვე ძნელია. ტოლსტოის, როგორც თვითონ ამბობდა, უყვარდა ღმერთი ცივი გრძნობით, უფრო ღარიბი, ვიდრე ბრწყინვალე. მისი ქრისტე მხოლოდ მთიდან მქადაგებელია და, შესაძლოა, უფრო ნაკლებადაა ღმერთი, ვიდრე თავად ტოლსტოი. რელიგიური თვალსაზრისით ტოლსტოის კითხვისას შეხვდებით მკაცრ, ხანდახან სასტიკ მორალისტს, რომელიც არაფერს მოგცემს, თუკი განდის მსგავსად შემწყნარებლობას არ აყენებ ყველა სხვა ღირებულებაზე მაღლა. ტოლსტოი ცამეტი შვილის მამა იყო, მაგრამ მისი შეხედულება ქორწინებასა და ოჯახზე არაჯანსაღია, ხოლო მისი დამოკიდებულება ადამიანის სექსუალობაზე ქალთმოძულეობას ემყარება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მართალია, თუ საუბარია დისკურსიულ ტოლსტოისა და არა მწერალ ტოლსტოიზე, თუნდაც მის გვიანდელ რომან “აღდგომასა” და მოთხრობებზე – “ეშმაკსა” და გახმაურებულ “კრეიცერის სონატაზე”. ტოლსტოის თხრობის ნიჭი ძლიერი და მტკიცეა, მისი მქადაგებლური გადახვევები მის თხზულებებს არ ამახინჯებს და არც ტენდენციურს ხდის.
რუსმა კრიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს, რომ მისი რომანები და მოთხრობები ნაცნობ თემას ისე უცნაურად გადმოსცემს, ყველაფერი ახალ აზრს იძენს. ჩვენს მიერ დანახულ კოსმოსს, რასაც ნიცშე “კაცობრიობის პირველქმნილ ლექსს” უწოდებდა, ტოლსტოი სხვაგვარად აღიქვამს. ტოლსტოის კითხვისას ყველაფერ იმას ვერ დაინახავთ, რასაც ის ხედავს, და მიხვდებით, როგორი უსაფუძვლოა თქვენი ხედვა. მისი სამყარო თქვენსაზე მდიდარია, რადგან ის როგორღაც ახერხებს, შთაგვაგონოს, რომ რასაც ხედავს, ერთდროულად ბუნებრივიცაა და უცნაურიც. დრო სჭირდება იმის გარკვევას, რამდენად მეტაფორულია ბუნების მისეული ცნება, რადგან ტოლსტოის მოჩვენებითი სიმარტივე რიტორიკული ტრიუმფია. მისი ყველაზე ცხადი ანალოგი ინგლისურენოვან ლიტერატურაში “ტინტერნის სააბატომდე” შექმნილი ვორდსვორთის ადრეული ლექსებია – “დანაშაული და მწუხარება”, “დანგრეული კოტეჯი” და “კამბერლენდელი მოხუცი მათხოვარი”. მათში ვორდსვორთი არ მიმართავს მეხსიერების მითს ან ადამიანის გონებისა და ბუნების თანაზიარობის კოლრიჯისეულ გაგებას. ნამდვილი მამაკაცისა და ქალის დარდის გათავისებით ვორდსვორთის პირველი მნიშვნელოვანი ლექსები ტოლსტოიმდე გახდა ტოლსტოური, მაგრამ იგი ისე ოსტატურად იყო გამარტივებული, რომ ეს ოსტატობა თითქმის არ შეიმჩნეოდა. ჯორჯ ელიოტი ყველაზე მეტად ვორდსვორთულ ნაწარმოებში “ადამ ბიდი” უჩვეულოდ ტოლსტოური ჩანს, რასაც ტოლსტოის ამ რომანით აღტაცებაც ამტკიცებს.
ვორდსვორთის მინიშნება იმაზე, რასაც იგი უკვდავებას უწოდებდა, მისი ადრეული ბავშვობის მოგონებებიდან მომდინარეობს, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა გაფერმკრთალებულიყო, მაგრამ ბუნებრივი სიწმინდე მაინც შეინარჩუნა. ტოლსტოის მსგავსი მინიშნებები არ გააჩნდა, ის ბუნებრივი სიწმინდის ეკვივალენტს რუს გლეხში ეძებდა. რაც უნდა ეპოვა, ის მაინც არ იქნებოდა, რასაც ეძებდა. ის იმდენად მტკიცე რაციონალისტი იყო, რომ ხალხის რწმენას არ იზიარებდა, და ამის მიუხედავად, მაინც ისწრაფოდა, ხალხისთვის ღმერთის სიყვარული ჩაენერგა. უარყოფდა ყოველგვარ სასწაულს, და ამიტომ საკმაოდ ძნელია იმის განსაზღვრა, რას შეიძლება ნიშნავდეს მისთვის მოყვარული ღმერთი. გორკი წერდა: “ტოლსტოი ამბობდა ხოლმე, რომ სიმართლე ყველასთვის ერთია – ღმერთის სიყვარული. მაგრამ ამ საკითხზე ის გულგრილად და მოსაწყენად ლაპარაკობდა”. სხვა დროს ტოლსტოიმ გორკის უთხრა, რომ რწმენა და სიყვარული სიმამაცესა და გამბედაობას მოითხოვს, რაც ახლოსაა ტოლსტოურ ეთოსთან. თუ ღმერთის სიყვარული თავისთავად გამბედაობაა, ვინ უშველის მშიშარას?.. ის, რაც ტოლსტოიში დიდ აღტაცებას იწვევს, მისი ორიგინალობა და უცნაური ტემპერამენტია. მისი მოტივები იშვიათად გვიახლოვდება ჩვენ. სიმამაცე და გამბედაობა ეპიკური ღირსება და ტოლსტოის რელიგია (ასე დავარქვათ) მისვე ხელოვნების იმ თვისებას იძენს, რომელსაც ყოველმხრივ ეპიკური ტენდენცია აქვს. როცა ტოლსტოი თავის თავს ჰომეროსს ადარებს, ის ისე გვარწმუნებს, რომ ვერცერთი ჰომეროსის შემდგომი პოეტი ვერ შეძლებდა ჩვენს დარწმუნებას. როგორც წინასწარმეტყველი და მორალისტი, ტოლსტოი ეპიკური ფიგურაცაა და ეპოსის შემქმნელიც.
აქვს ტოლსტოის მრწამსს – მორალს, რელიგიას, ესთეტიკას მნიშვნელობა? თუ კითხვა რწმენას შეეხება, პასუხი დადებითი იქნებოდა წარსულში, როცა უამრავი ტოლსტოელი არსებობდა, მაგრამ არა ახლა, როცა ის ჰომეროსთან, დანტესა და შექსპირთან ერთად უნდა წავიკითხოთ, როგორც ერთადერთი მწერალი რენესანსის შემდეგ, რომელიც მათთან გაჯიბრებას შეძლებს. რამდენად უკმაყოფილო უნდა ყოფილიყო იგი თავისი ბედისწერით, რომ საკუთარი თავი უფრო წინასწარმეტყველად მიეჩნია, ვიდრე ამბის მთხრობელად. თუმცა მისთვის, როგორც მწერალისათვის, “ილიადა” და “დაბადება” უფრო მისაღები იქნებოდა, ხოლო დანტესა და შექსპირს კვლავ დასცინებდა. ის განსაკუთრებით ბრაზობდა “მეფე ლირზე”, თუმცა სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში მან უნებლიედ ითამაშა ლირის როლი, როცა თავისუფლებისაკენ თავგანწირული სწრაფვის გამო სახლიდან გაიქცა. მას უსაზღვროდ სურდა მოწამეობრიობა, რასაც მეფის მთავრობა გამუდმებით ჭკვიანურად უშლიდა ხელს: მის მომხრეებს დევნიდა, მაგრამ არასდროს ეხებოდა მსოფლიოში ცნობილ ბრძენ და დიდებულ მწერალს, რომელიც თავიდანვე პუშკინის ნამდვილ მემკვიდრედ, იდეების განმახორციელებლად და რუსეთის უდიდეს მწერლად აღიარეს, და რომლის დიდებაც, როგორც ჩანს, არასოდეს გაქრებოდა. იგი მუდამ ისწრაფვოდა, გათანაბრებოდა და ეჯობნა კიდეც ჰომეროსისა და ბიბლიისათვის, თუმცა მისი ძლიერი მხარე პოლემიკაში ლიტერატურის უნდობლობასა და ფასეულობის ესთეტიკური სფეროს უარყოფით გამოიხატა.
ნაწარმოებს “რა არის ხელოვნება?” (1886), რომელიც ბერძნული ტრაგედიის, დანტეს, მიქელანჯელოსა და ბეთჰოვენის კრიტიკაა, გასაოცარი “ჰაჯი-მურატი” უპირისპირდება, პატარა რომანი, რომელიც ტოლსტოიმ 1896-1904 წლებში დაწერა, მაგრამ მის სიკვდილამდე არ გამოქვეყნებულა. მართალია, ტოლსტოი ხანდახან აკრიტიკებდა კიდეც “ჰაჯი-მურატს”, როგორც საკუთარ კაპრიზს, მაგრამ ის მაინც წერდა მოთხრობის უამრავ ვარიანტს და ძალიან კარგად იცოდა, რომ ის ხელოვნების ნიმუში იყო, რომელიც მთლიანად ეწინააღმდეგებოდა მისი ქრისტიანული ხელოვნების მორალურ პრინციპებს. ზოგიერთს ჰაჯი-მურატი არ მიაჩნია ყველაზე დიდ მიღწევად ტოლსტოის პატარა რომანებს – ისეთ ბრწყინვალე ნაწარმოებებს შორის, როგორებიცაა “ივან ილიჩის სიკვდილი”, “ოსტატი და კაცი”, “ეშმაკი”, “კაზაკები”, “კრეიცერის სონატა” და “მამა სერგი”. მე კი “ჰაჯი-მურატმა” პირველ ორ თხზულებაზე მეტად მომხიბლა, როცა ის ორმოცზე მეტი წლის წინ პირველად წავიკითხე. ეს თხზულება ჩემი პირადი კრიტერიუმია პროზის გრანდიოზულობის შესაფასებლად, ჩემთვის ის მსოფლიოში საუკეთესო მოთხრობაა, ალბათ, ყველაზე კარგი, რაც კი ოდესმე წამიკითხავს.
მე ვამტკიცებდი, რომ ორიგინალობა და თავისებურება ყველაზე მეტად კანონიკურს ხდის ნაწარმოებს. ტოლსტოის თავისებურება თავისთავად უცნაურია, რადგან, ერთი შეხედვით, ის პარადოქსულად ჩვეულებრივი გვეჩვენება. ყოველთვის გესმის ტოლსტოის ხმა, როგორც მთხრობელისა და ეს ხმა პირდაპირი, რაციონალური, დამაჯერებელი და გულწრფელია. თანამედროვე რუსი კრიტიკოსი ვიქტორ შკლოვსკი აღნიშნავდა, რომ “ტოლსტოის ჩვეული სტრატეგია ობიექტის შეცნობის უარყოფა და ისე დახასიათებაა, თითქოს ის პირველად იხილა”. უცნაურობის ასეთი ტექნიკა, შერწყმული ტოლსტოის ტონალობასთან, მკითხველს არწმუნებს, რომ ტოლსტოი შესაძლებლობას აძლევს მას, დაინახოს ყველაფერი ისე, თითქოს პირველად ხედავდეს და ამავე დროს ჩაუნერგოს გრძნობა, რომ ყველაფერი უკვე ნანახი აქვს. თითქოს უჩვეულოა, ერთდროულად თავი იგრძნო სახლში და სახლიდან შორს, მაგრამ ესაა ტოლსტოის თითქმის უნიკალური ატმოსფერო.
როგორ შეიძლება მხატვრული თხზულება ერთდოულად იყოს ამოუცნობი და ბუნებრივი? ვფიქრობ, რომ ამის დასტურია უდიდესი ნაწარმოებები – “ღვთაებრივი კომედია”, “ჰამლეტი”, “მეფე ლირი”, “დონ კიხოტი”, “დაკარგული სამოთხე”, “ფაუსტი” (ნაწილი მეორე), “პერ გიუნტი”, “ომი და მშვიდობა”, “დაკარგული დროის ძიებაში” – სადაც ერთმანეთში არეულია ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშან-თვისებები. ისინი უამრავ პერსპექტივას უსახავენ საკუთარ თავს, ალბათ, ქმნიან კიდეც ამ პერსპექტივებს. მაგრამ ცოტა მოთხრობა თუ არსებობს, სადაც უცნაური პარადოქსების თანაარსებობაა შესაძლებელი. “ჰაჯი-მურატი” “ოდისევსივით” უცხოა და ჰემინგუეისავით ახლობელი. ტოლსტოის მოთხრობის დასასრულის კითხვისას, როცა ჰაჯი-მურატი და მისი ერთი მუჭა ერთგული მომხრეები უკანასკნელ გმირულ ბრძოლაში ურიცხვ მტერს უპირისპირდებიან, ჩვენ გვახსენდება, ჩემი აზრით, ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი რომანიდან “ვის უხმობს ზარი” – ელ სორდოსა და პარტიზანების უკანასკნელი შებრძოლება უფრო კარგად შეიარაღებულ და მრავალრიცხოვან ფაშისტებთან. ჰემინგუეი, ტოლსტოის სწავლას მოწყურებული მოწაფე, ბრწყინვალედ ბაძავს დიდებულ ორიგინალს. ჰაჯი-მურატი ცხოვრობს და კვდება, როგორც არქაული გმირი, იგი თავის თავში აერთიანებს ოდისევსის, აქილევსისა და ენეასის ყველა ღირსებასა და ნაკლს.
ლუდვიგ ვიტგეშტაინსა და ისააკ ბაბელს, შეიძლება ითქვას, საერთო მხოლოდ ებრაული წარმოშობა აქვთ, მაგრამ ძალიან მომწონს, რომ ორივე პატივს სცემს “ჰაჯი-მურატს”. ვიტგეშტაინმა თხზულების ეგზემპლარი თავის მოწაფეს, ნორმან მალკოლმს მისცა სამხედრო სამსახურში წასაღებად და თან უთხრა, რომ ამ წიგნში ბევრი რამ იყო, რაც გამოადგებოდა. ბაბელმა 1937 წელს, ცხოვრების მძიმე პერიოდში ხელმეორედ გადაიკითხა წიგნი და მაღალფარდოვნად წარმოთქვა: “ელექტრული მუხტი წამოვიდა დედამიწიდან, ხელებიდან გადავიდა ფურცელზე, ყოველგვარი იზოლაციის გარეშე, და ზედაპირი დაუნდობლად გააშიშვლა სიმართლით”.
წიგნი, რომელმაც სტიმული მისცა ბაბელსა და ვიტგეშტეინს თავიანთი ვალი მოეხადათ, საყოველთაო გახდა, რისკენაც ტოლსტოი ყოველთვის ისწრაფვოდა. ჰენრი ჯეიმსი, რომელსაც ტურგენევი ტოლსტოიზე მეტად მოსწონდა, ჰაჯი-მურატს “ომი და მშვიდობის” უცნაურ მიმოხილვაში მოიხსენიებდა, როგორც “ფართხუნა სამოსიან მონსტრს”. ამ ნაწარმოების ახლოს გაცნობა ცხადყოფს, რომ ეს ისაა, რაც ტოლსტოის ყველაზე კანონიკურს ხდის მეცხრამეტე საუკუნის მწერლებში, იგი თითქმის განმარტოებული ფიგურაა დემოკრატიული ხელოვნების უმდიდრეს ეპოქაში.* * *
“ჰაჯი-მურატი”, უპირველეს ყოვლისა, ისტორიაა, თუმცა უცნაური იქნება, თუ მას ისევე მივიჩნევთ ისტორიულ ნაწარმოებად, როგორც “ომსა და მშვიდობას”. “ჰაჯი-მურატი” არაა ისტორიის გააზრება, ის უბრალოდ ამბის თხრობაა. რაც წიგნში ხდება, ნათლად რომ ვთქვათ, ტოლსტოის არ გამოუგონია, ყოველ შემთხვევაში, მისი ძირითადი ამბავი. ჯ. ფ. ბედლის “რუსების მიერ სამხრეთ კავკასიის დაპყრობასთან” (1908) ერთად ამ მოთხრობის წაკითხვისას პარადოქსის წინაშე აღმოვჩნდი, რადგან ტოლსტოი თითქოს ერთდროულად ფაქტებსაც მიყვება და ბუნებასაც, მისი “ჰაჯი-მურატი” იდუმალებითაა მოცული, ის მითიურ ეპოსს მიეკუთვნება და არა ქრონიკას. მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთის იმპერია გამუდმებით იბრძოდა კავკასიის მთებისა და ტყეების ბინადარ მუსლიმანთა დასამორჩილებლად. რუსების წინააღმდეგ წმინდა ომში გაერთიანებულ კავკასიელებს ბოლოს იმამი შამილი მეთაურობდა, მისი ყველაზე აქტიური სამხედრო თანაშემწე იყო ჰაჯი-მურატი, რომელიც სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე გახდა ლეგენდარული გმირი. 1851 წლის დეკემბერში შამილთან უთანხმოების შემდეგ ჰაჯი-მურატი რუსების მხარეს გადავიდა. ოთხი თვის შემდეგ, 1852 წლის აპრილში მან გამოქცევა სცადა, რუსები დაედევნენ და მათთან უკანასკნელ თავგანწირულ შეტაკებაში დაიღუპა.
ელმერ მუდი, ტოლსტოის ბიოგრაფი და მთარგმნელი, ამ მოთხრობის დასაბამს 1851 წლის 23 დეკემბრით დათარიღებულ წერილში პოულობს, სანამ ტოლსტოი შამილის წინააღმდეგ ომში არტილერიის ოფიცრად დაიწყებდა სამსახურს:
“თუ გსურს, კავკასიის ცოდნით თავი მოიწონო, შეგიძლია თქვა, რომ ვინმე ჰაჯი-მურატი – შამილის შემდეგ მეორე მნიშვნელოვანი პირი, ამ დღეებში რუსეთის მთავრობას ჩაბარდა. ის იყო მთელს ჩერქეზეთში სახელგანთქმული, თავზეხელაღებული და “მამაცი” მეომარი, რომელიც იქამდე მიიყვანეს, რომ უსინდისოდ მოიქცა”.
ნახევარი საუკუნის შემდეგ ტოლსტოი არც კი ახსენებს, რომ ჰაჯი-მურატის ქმედება უსინდისოა, ან შეიძლებოდა უსინდისო ყოფილიყო. მოთხრობაში ნებისმიერ სხვა პერსონაჟთან, განსაკუთრებით, მის მეტოქე ლიდერებთან, შამილსა და მეფე ნიკოლოზ I-თან შედარებით, ჰაჯი-მურატი ნამდვილი გმირია. მიუხედავად იმისა, რომ ტოლსტოის ჰომეროსის მიმართ არასოდეს გამოუთქვამს უკმაყოფილება, ჰაჯი-მურატი ჰომეროსის გმირების მძლავრი კრიტიკაა. ის საუკეთესო თვისებები, რომლებსაც ჰომეროსი აქილევსსა და ჰექტორს შორის ანაწილებს, ტოლსტოის გმირში ერთიანდება, მაგრამ მას არც აქილევსის მძვინვარება და არც ჰექტორის სიკვდილისადმი პასიური მორჩილება არ ახასიათებს.
აქილევსის მსგავსად ჰაჯი-მურატი გასაოცარი, სრულყოფილი ძალის პატრონია, იგი ძლიერია, და არა სასტიკი. აქილევსზე ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე ჰაჯი-მურატი ოდისევსს მოხერხებითა და დიპლომატიით უტოლდება. ოდისევსის მსგავსად ისიც შინისაკენ, ცოლ-შვილისაკენ ისწრაფვის. ოდისევსისაგან განსხვავებით ის მიზანს ვერ აღწევს, მაგრამ ტოლსტოი გმირის აპოთეოზს აღწერს და არა მარცხის გამო გლოვას. ტოლსტოის არც ერთი ცენტრალური პერსონაჟი არ იმსახურებს იმდენ სიყვარულს, რამდენსაც ჰაჯი-მურატი და მჯერა, რომ დასავლეთის ლიტერატურაში მისი მსგავსი ველური ხალხის მეთაური არ არსებობს. სხვა რომელმა მწერალმა დახატა ბუნების შვილი, როგორც ძლევამოსილი პროტაგონისტი, რომელშიც შერწყმულია მსგავსი სიმამაცე და ვერაგობა? კონრადის ნოსტრომო, ხალხის შვილი, მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ ჰაჯი-მურატზე ნაკლებად შთამბეჭდავია. ტოლსტოის თავზეხელაღებული გმირი ისეთივე გამჭრიახია, როგორც თავად ტოლსტოი. იგი ღირსეულად კვდება და მისი სიკვდილი ისეთივე დიდებულია, როგორი ირონიულიც – ნოსტრომოსი.
არ იქნება უადგილო იმის აღნიშვნა, რომ 1902 წლის დასაწყისში ტოლსტოი სიკვდილის პირას იყო. იგი აპრილისთვის გამოჯანმრთელდა და დაუბრუნდა “ჰაჯი-მურატის” გადასინჯვას. მისი გამოჯანმრთელება პროტაგონისტის სიკვდილში აისახა – ჰაჯი-მურატი ავტორის ნაცვლად კვდება. ალბათ, მწერალს მიაჩნდა, რომ გარკვეულწილად თვითონაც ჰაჯი-მურატი იყო, ან სულაც ეს პერსონაჟი ტოლსტოის შექსპირისეული ვარიანტია, რაც დრამატურგის ირონიული ტრიუმფია მწერალზე, რომელსაც ყველაზე მეტად აღიზიანებდა.
“ჰაჯი-მურატი” ტოლსტოის მართლაც ყველაზე შექსპირული მოთხრობაა მდიდარი ხასიათების გალერიის, დრამატული ერთგულების არაორდინალური დიაპაზონისა და ყველაზე მეტად ცენტრალური პროტაგონისტის ცვლილების მხრივ. შექსპირის მსგავსად ტოლსტოი ჰაჯი-მურატის ამბავს უყვება ერთდროულად ყველას და არავის, ვისაც აინტრესებს ან არ აინტერესებს, ემოციურად და ამავე დროს თავშეკავებულად. ტოლსტოიმ შექსპირისაგან რადიკალურად განსხვავებული სცენების შეთავსების ხელოვნება ისწავლა (თუმცა ამას ალბათ უარყოფდა), მარტივის ნაცვლად მოვლენების უფრო რთული თანამიმდევრობა რომ დაეხატა. ჰაჯი-მურატს მწერლისთვის უცნობ კონტექსტში ვხვდებით და ძალიან მოგვწონს სიტუაციებისა და პიროვნებების შექმნის ხელოვნება.
ტოლსტოი აბსურდულად აკრიტიკებდა შექსპირს, თითქოს მან ვერ შეძლო თავისი პერსონაჟები ინდივიდუალურად აემეტყველებინა, რაც იმის განცხადებას ჰგავს, თითქოს ბახმა ვერ შეძლო, შეექმნა ფუგა. ინგლისურის უკეთესად ცოდნა ამ მხრივ ტოლსტოის ბევრს ვერაფერს შემატებდა. შექსპირის მიმართ მისი რისხვა თავდაცვითი იყო, თუმცა ალბათ ამას ვერ ხვდებოდა. ტოლსტოის მხოლოდ ფალსტაფი მოსწონდა, ლირის სიძულვილს კი გაცოფებამდე მიჰყავდა. არასასიამოვნოა ტოლსტოის შეზღუდულობაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს მხოლოდ შექსპირთან მიმართებაში იგრძნობა. მის უძლიერეს პერსონაჟს, ანა კარენინას, მკვეთრად ამჩნევია შექსპირის გმირების ხასიათის ნიშან-თვისებები, რასაც საკუთარ გმირზე შეყვარებული ტოლსტოი შექსპირს ვერ აპატიებს. გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ ტოლსტოის ნამდვილად სძულდა შექსპირი, მხოლოდ ის უნდა დავამატოთ, რომ მას ეშინოდა კიდეც შექსპირის. თომას მანი ფიქრობდა, რომ ტოლსტოი შექსპირს ფარულად აიგივებდა ბუნებასთან, საკუთარ თავს კი – სულთან. მორალიზმი ჩვენს სამეცნიერო წრეებში ისევ მოდაშია და ჩვენ ისევ ვიწონებთ ტოლსტოის არჩევანს, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს რომ აყენებდა შექსპირზე წინ. ტოლსტოის მსგავსად ახალი ისტორიციზმის წარმომადგენლებს, ფემინისტებსა და მარქსისტებს “ბიძია თომას ქოხი” ურჩევნიათ “მეფე ლირს”.
“ჰაჯი-მურატი” ტოლსტოის გვიანდელ შემოქმედებაში უდიდესი გამონაკლისია, რადგან აქ მოხუცი შამანი შექსპირს უწევს მეტოქეობას. შექსპირის არაჩვეულებრივი უნარი, ყველაზე პატარა პერსონაჟსაც კი მიანიჭოს სისხლსავსე სიცოცხლე, შეაჯახოს ცხოვრებასთან, მოხერხებულად შეითვისა ტოლსტოიმ. “ჰაჯი-მურატში” ყველა პერსონაჟი აშკარად ინდივიდუალურია: შამილი, მეფე ნიკოლოზი, ბრძოლაში დაღუპული უიღბლო რუსი ჯარისკაცი ავდეევი, თავადი ვორონცოვი, ვისაც ჩაბარდა ჰაჯი-მურატი, ასეულის მეთაური პოლტორაცკი, ჰაჯი-მურატის მომხრეთა მცირე ჯგუფი: ელდარი, გამზალო, ხან-მაჰომა და ხანეფი. პერსონაჟთა გალერეა, ისევე როგორც შექსპირის მნიშვნელოვან პიესებში, აქაც უსასრულოდ გვეჩვენება. აქ არის რუსეთის ჯარის მეთაური მოხუცი ვორონცოვი, მისი ადიუტანტი ლორის-მელიქოვი, რომელიც ჰაჯი-მურატს მეთვალყურეობდა, ასევე ბუტლერი, გმირული სულის მქონე ოფიცერი, რომელმაც შეძლო ჰაჯი მრატში გმირის ღირსებები დაეფასებინა. ასევე დამაჯერებლად ბრწყინავს ორი ქალი, რომლებიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ მოთხრობაში: ახალგაზრდა ვორონცოვის მეუღლე მარია ვასილევნა და მაიორის საყვარელი მარია დმიტრიევნა.
ეს თხუთმეტი და სხვა მრავალი უმნიშვნელო პერსონაჟი შექსპირისეული სიზუსტითა და გემოვნებითაა გამოჭრილი. ისინი ჰაჯი-მურატის ხასიათს ისე აძლიერებენ, რომ იგი ისეთივე ნაცნობი ხდება ჩვენთვის, როგორც შექსპირის დიდი მეომრები: ოტელო, ანტონიუსი, კორიოლანუსი, “მეფე ჯონის” უკანონო შვილი ფალკონბრიჯი. ჩვენ ჰაჯი-მურატს უფრო სრულყოფილად ვეცნობით, ვიდრე ანა კარენინას, რომელიც ტოლსტოის გულთან ძალიან ახლოსაა. ამჯერად, შექსპირის მსგავსად ტოლსტოიც არ მეტყველებს თავისი ხმით და ასრულებს ჰაჯი-მურატის, როგორც ეპიკური გმირის, უდიდეს როლს.
ისტორიული ჰაჯი-მურატი არის და არც არის ტოლსტოის პერსონაჟი. ჯ.ფ. ბედლის აზრით, ადგილობრივი გმირი გაბედული და მამაცია, მაგრამ საშინლად ულმობელი. მთიელი ხალხის, დაღესტნის ავარიის შვილი ჰაჯი-მურატი თავდაპირველად მურიდების – მუსლიმანური მისტიკური აღორძინების მასობრივი მოძრაობის წინააღმდეგ იბრძოდა, იმ მოძრაობის წინააღმდეგ, რომელიც რუსებსა და ავარიელებს შორის ომის დაწყების მიზეზი გახდა. ბედლის მიერ აღწერილი ჰაჯი-მურატის ცხოვრების ქრონიკა, მართალია, ფაქტებზეა დაფუძნებული, მაგრამ ფანტასტიკური ნაწარმოებივით იკითხება. მურიდების ლიდერის, იმამ გამზათის, მოკვლის მერე გმირი რუსების მხარეზე გადავიდა. შემდეგ ჰაჯი-მურატს ავარიელების ზედამხედველმა უღალატა და ცილი დასწამა, თითქოს ის ახალი იმამის, შამილის, მომხრე იყო. ჰაჯი-მურატი ღრმა ხრამში გადახტომით რუსებს გამოექცა, მურიდებს მიემხრო და თავისი სიმარჯვის წყალობით მალე შამილის მთავარი თანაშემწე გახდა. შამილს დროთა განმავლობაში შური აღუძრა ჰაჯი-მურატის მიერ სასტიკ ბრძოლებში მოხვეჭილმა დიდებამ და მემკვიდრეობითი უფლებების დასაცავად მან თავისი საუკეთესო ჯარისკაცის მოკვლა განიზრახა. სხვა გზა რომ აღარ ჰქონდა, ჰაჯი-მურატი ისევ რუსებისაკენ გადავიდა – სწორედ ასე იწყება ტოლსტოის რომანი. ტოლსტოი ცდილობდა, ფაქტობრივი სიზუსტე დაეცვა, ჰაჯი-მურატის ამბიცია და სისასტიკე არ დაუფარავს და ეს თვისებები მის ბრწყინვალებასთან შეათავსა.
ტოლსტოის რომანი მოკლე პრელუდიით იწყება, სეირნობიდან დაბრუნებული მწერალი დიდი გაჭირვებით წყვეტს “მშვენიერ ჟოლოსფერ ბირკავას, რომელსაც ჩვენში “შავნარას” ეძახიან”. ბირკავა ჰაჯი-მურატის შეფარული სიმბოლოა: “მაინც რა ენერგია და შეუპოვრობაა, რა თავგანწირვით იბრძოდა და რა ძვირად დათმო სიცოცხლე”. რამდენჯერაც ვკითხულობ ამ პრელუდიას, მიკვირს, რომ ბირკავას უცხადესი სიმბოლო ესთეტიკურ ნაკლად არ მეჩვენება. მაგრამ ვფიქრობ, რომ “ჰაჯი-მურატში” ყველაფერი ძალიან ცხადია. მოთხრობაში არსად არ არის სიურპრიზი და მოულოდნელი ცვლილება. მართლაც, ტოლსტოი ხშირად გვაძლევს საშუალებას, წინასწარ ვიცოდეთ, რა უნდა მოხდეს. ეს ტექნიკა ნარატიული სუბვერსიის მწვერვალს აღწევს, როცა მწერალი ჯერ ჰაჯი-მურატის მოჭრილ თავს გვიჩვენებს და შემდეგ მოთხრობას გმირის უკანასკნელი ბრძოლის დეტალური აღწერით ამთავრებს. ტოლსტოი თითქოს ვარაუდობს, რომ ჩვენ უკვე ვიცით ისტორია, რომანი ამბის მნიშვნელობაზე არ გვაფიქრებს, არ არის მოყვანილი არც მორალი და არც პოლემიკაა გამართული. მნიშვნელობა არა აქვს არც მოქმედებას და არც პათოსს, მნიშვნელოვანია მხოლოდ გმირის ეთოსი, ჰაჯი-მურატის ხასიათის გახსნა.
სიმამაცისა და ჭკუის მიუხედავად ორ ბოროტ დესპოტს – შამილსა და მეფე ნიკოლოზს შორის მოქცეული გმირი დასაწყისიდანვე განწირულია. მისი საბოლოო ბედისწერა წინასწარ განსაზღვრულია, რუსები მას საკმარისად არ ენდობიან, შამილის წინააღმდეგ ამბოხების ხელმძღვანელობის უფლება რომ მისცენ. მან იმამის ტყვეობაში მყოფი ოჯახის გამოხსნა უნდა სცადოს. ასე რომ, ჰაჯი-მურატმა ტოლსტოისა და მკითხველის მსგავსად იცის, როგორ უნდა დასრულდეს მისი ამბავი, როგორ უნდა დასრულდეს ყველა ამბავი, თუ ის გმირის საბოლოო ბედისწერას ეხება. მაგრამ ჰაჯი-მურატი არ არის დანტეს ულისე “ღვთაებრივი კომედიიდან” და არც მოძველებულ მორალურ სამყაროში ჩაკეტილი რომელიმე ეპიკური გმირი. ის შექსპირისეული პროტაგონისტია, რომლის ღრმა ეთოსი შინაგანი ცვლილებების უნარია, გაძლიერებული იმის წინააღმდეგ ბრძოლით, რამაც უნდა გაანადგუროს, ისევე როგორც ანტონიუსი გაადამიანურდა ღმერთი ჰერკულესის მიტოვების შემდეგ. ჰაჯი-მურატის ამბის თხრობისას ტოლსტოის ისე იტაცებს მთხრობელის ხელოვნება, რომ თავს ითავისუფლებს ტოლსტოული დოქტრინისაგან და მის ნაცვლად ხელოვნების სიწმინდესა და დადგენილ წესებს მიჰყვება.
ნოემბრის ცივ საღამოს ყაბალახსა და ნაბადში გახვეული ჰაჯი-მურატი თავისი მურიდის, ელდარის თანხლებით რუსების ბრძოლის ხაზიდან თხუთმეტიოდე მილით დაშორებულ თათრულ სოფელში შევიდა. რუსებისაგან ცნობას ელოდებოდა, მიიღებდნენ თუ არა მას თავიანთ მხარეზე. ჰაჯი-მურატს უთანხმოება ჰქონდა შამილთან, იმამთან, რომელიც, ბედლის მიხედვით, ყველგან ნაჯახმომარჯვებული ჯალათის თანხლებით დადიოდა. ტოლსტოის მოთხრობის პირველივე პარაგრაფში შექმნილი ატმოსფერო გვარწმუნებს, რომ ვიტგენშტაინს “ჰაჯი-მურატში” ყველაზე მეტად ტრაგიკული გმირი აღაფრთოვანებს, რომელიც ერთდროულად კიდეც აღძრავს და კიდეც ანელებს ჩვენს სკეპტიციზმს ტრაგედიის ჭეშმარიტების მიმართ.
ლორა ქუინი თავის შესანიშნავ გამოკვლევაში “ჭეშმარიტების სისასტიკე” ჯონსონისა და შელის მიმართ სიცოცხლის ტრაგიკულ აღქმაზე ვიტგენშტაინის დიალექტიკურ დამოკიდებულებას იყენებს. ვიტგენშტაინი აღფრთოვანებული იყო ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ტოლსტოითა და დოსტოევსკით, იგი, როგორც ჩანს, ორივე მათგანში ტრაგედიის მიმართ ორაზროვან დამოკიდებულებას ხედავდა. ვიტგენშტეინს არ მოსწონდა შექსპირი, მას ისევე ეშინოდა “მეფე ლირისა” და “ჰამლეტის” შემქმნელი დრამატურგის, როგორც ტოლსტოის. თუ სკეპტიკურად ხარ განწყობილი ტრაგედიის მიმართ, თუმცა კი მისკენ ისწრაფვი, როგორც ტოლსტოი და ვიტგენშტაინი, შექსპირი შენი უდიდესი პრობლემა იქნება, რადგან შეგაშფოთებს ის ფაქტი, რომ ტრაგედიაც ისე აქვს გათავისებული მას, როგორც კომედია და რომანტიკული ამბავი. ტოლსტოიმ განსაკუთრებით ვერ დაივიწყა, რა მოხდა “მეფე ლირში” და ალბათ “ჰაჯი-მურატი” თავისი გაუცნობიერებელი შექსპირიანიზმით შექსპირის იმ მხატვრული ხერხის კრიტიკაა, როცა ტრაგიკული გმირი ადამიანისთვის შეუცნობელ ძალას ფლობს. ჰაჯი-მურატს, უმამაცეს გმირს, არ შეუძლია საკუთარი თავის შველა, მაგრამ იგი არ ებრძვის და არც იხმობს დემონურ ძალებს. იგი ტრაგიკულია მხოლოდ იმიტომ, რომ გმირული სულის მატარებელია და უდიდეს სირთულეებს უნდა გაუმკლავდეს. აქ გორკი მაგონდება, რადგან მისი და ტოლსტოის საუბრის მერე გაოცებული ვარ, როგორ შეეძლო ტოლსტოის სწორედ იმ დროს ემუშავა “ჰაჯი-მურატის” დასრულებაზე:
“მე ვუთხარი, რომ ყველა მწერალი რამდენადმე გამომგონებელია, ისინი ისეთ ადამიანებს ქმნიან, როგორებიც უნდათ იხილონ ცხოვრებაში. ასევე ვუთხარი, რომ მომწონდა აქტიური ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ბოროტებას ყველანაირი ხერხით უპირისპირდებიან, ძალადობითაც კი.
“ძალადობა მთავარი ბოროტებაა”, – წამოიძახა მან და მკლავში ხელი ჩამავლო, – “როგორ უნდა დააღწიო თავი ამ წინააღმდეგობას, გამომგონებელო? შენი “ბატონი თანამგზავრი” არ არის გამოგონილი – არ ვარგა, რადგან გამოგონილი არ არის. თქვენ ფიქრობთ, რაინდებს ქმნით და ისინი ყველა ამადისები არიან”.
ტოლსტოის მოხეტიალე რაინდი, მისი ამადის გალელი, რა თქმა უნდა, საუცხოო და უსასტიკესი (როდესაც საჭიროა) ჰაჯი-მურატია, გმირი, რომელიც გამოგონილიც არის და არც არის. თათართა ლიდერზე თხრობისას ძალადობის წინააღმდეგ მქადაგებელ ტოლსტოის სიმკაცრე აკლია. სად უფრო მართალია ტოლსტოი, როგორც “ჰაჯი-მურატის” მთხრობელი, თუ როგორც “აღსარებისა” და “რა არის ხელოვნების” მორალზე მეოცნებე? შეიძლება ვინმემ განაცხადოს, რომ არსებობს ორი ტოლსტოი, და რომ ერთი მეორის ანტითეზაა. როგორ შეიძლება შემდეგი ნაწყვეტის შემქმნელი ტოლსტოი არ იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კანონიკური ტოლსტოი?
“ამ ორი ადამიანის თვალები პირისპირ შეხვედრისას ერთმანეთს ბევრს ეუბნებოდნენ, რაც სიტყვებით არ გამოითქმებდა და სრულებით არ შეესაბამებოდა თარჯიმნის ნათქვამს. ისინი პირდაპირ უსიტყვოდ ეუბნებოდნენ ერთმანეთს მთელ სიმართლეს: ვორონცოვის თვალები ამბობდნენ, რომ მას ჰაჯი-მურატის ერთი სიტყვისაც არ სჯერა, რომ ის ყოველგვარი რუსულის მტერია, ყოველთვის ასეთად დარჩება, ახლა მხოლოდ იმიტომ დამორჩილდა, რომ ასე სჭირდება. ჰაჯი-მურატსაც სჯეროდა ეს, მაგრამ მაინც არწმუნებდა მას თავის ერთგულებაში. ჰაჯი-მურატის თვალები კი ამბობდნენ, რომ ამ მოხუცს ომზე კი არა, სიკვდილზე უნდა ეფიქრა, რომ ის, მართალია, მოხუცია, მაგრამ ძალიან ეშმაკია და მასთან ფრთხილად უნდა იყოს. ვორონცოვს ესმოდა ეს და მაინც ეუბნებოდა ჰაჯი-მურატს იმას, რასაც ომის წარმატებისათვის აუცილებლად თვლიდა”.
ტოლსტოი მოხუცი კაცია, რომელიც საკუთარ სიკვდილზე ფიქრს გაურბის და სანაცვლოდ ომზე ფიქრობს. ჰომეროსის მსგავსად ომს არც ადიდებს და არც გმობს. ორივე მათგანისათვის ომი ცხოვრების ძირითადი კანონია. ზოგიერთი ინტერესდება საკითხით – ტოლსტოი და შემწყნარებლობა, მაგრამ რა ესაქმება შემწყნარებლობას ვორონცოვის კავკასიასა და ჰაჯი-მურატთან? ომი შვებაა “ჰაჯი-მურატში”, ერთადერთი გზა იმ სამყაროდან თავის დასაღწევად, რომელიც შამილისა და რუსეთის მეფის ღალატს შორის მერყეობს. აშკარაა, “ჰაჯი-მურატის” დაწერა შვება და მოხუცი ტოლსტოის კაპრიზების საუკეთესო ასრულება იყო. ამის მიუხედავად იგი გორკის ეუბნება: “გმირები – ეს ტყუილი და გამონაგონია; აქ უბრალოდ ხალხია, ხალხი და სხვა არაფერი”.
მაშ ვინ არის ჰაჯი-მურატი, თუ არა გმირი? ნაწილობრივ, ალბათ, ტოლსტოის დიდი ხნის წინ დაკარგული ახალგაზრდობის სუროგატია, მაგრამ მარტო ამით არ აიხსნება თათარი მეომრის გამორჩეულობა. მასთან შედარებით ტოლსტოის ძირითადი რომანების პროტაგონისტები ნაკლებად სიცოცხლით სავსენი და სასიამოვნონი არიან. თითოეული მკითხველი ეძებს მხატვრულ ხასიათს, რომელიც ისეა შეთავსებული თავის სამყაროსთან, როგორც ჰაჯი-მურატი. შექსპირის შემდეგ არც ერთ მწერალს არ ჰქონია ისეთი ნიჭი, დაეხატა შეურიგებელ სამყაროში ძალაუფლებისათვის ბრძოლა, როგორც ტოლსტოის, ჰაჯი-მურატი ნამდვილად იმსახურებს კონრადის ნოსტრომოსთან ან ანტონიუსთან შედარებას “ანტონიუსსა და კლეოპატრაში”. შექსპირის მსგავსად ტოლსტოიც ერთსა და იმავე დროს გულგრილიცაა თავის გმირის მიმართ და ძლიერ თანაგრძნობასაც გამოხატავს მისი მოსალოდნელი ბედისწერის გამო.
ტოლსტოის ჰაჯი-მურატთან ურთიერთობას კიდევ ერთი ნიშანი ემატება, რაღაც საოცრად პიროვნული, მიმართული ნამდვილი იდენტიფიკაციისაკენ. გარემოებებმა ჰაჯი-მურატი დევნილი, მაგრამ ღირსეული და პატივცემული დევნილი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ გმირი ბრწყინვალედაა მორგებული კონტექსტს, მან იცის, რომ ეს კონტექსტი იშლება და ერთი მუჭა ერთგული ადამიანების ამარა რჩება. დასასრულის შეგრძნება მთელ მოთხრობას ისევე გასდევს, როგორც “ანტონიუსსა და კლეოპატრაში” გმირის ყოველ გამოჩენას. მეფესა და შამილს შორის მოქცეულ ჰაჯი-მურატისათვის საბოლოო თავისუფლება მხოლოდ ვაჟკაცურ სიკვდილშია, რაც მის პიროვნებას ზიანს კი არ აყენებს, პირიქით, ავსებს.
შემთხვევითი არ არის, რომ ორი ლიტერატურული პერსონაჟი, რომლებთანაც ტოლსტოი ყველაზე მეტ მსგავსებას პოულობდა, იეჰოვა და შექსპირის ლირი იყო, მაგრამ მას ერჩია, დამსგავსებოდა ჰაჯი-მურატს, მოხერხებულ და მამაც მეომარს და არა ფიცხ მეფე-ღმერთს. თომას მანი უცნაურ ესსეში “გოეთე და ტოლსტოი” თავისდა უნებურად ადასტურებს ამ აზრს:
“ჩვენ ტოლსტოიში ცხოველური სულის სიჭარბე შევნიშნეთ, მართლაც მიიჩნევდნენ, რომ სიბერემდე მას აკლდა ღირსება, დიდებულება, გოეთეს გვიანდელი პერიოდის ფორმალური დარბაისლობა, რაც არავისთვის ახალი არ არის. ჩვენში ეჭვს არ იწვევს, რომ გოეთე უფრო პატიოსნად, მუყაითად, სანიმუშოდ ცხოვრობდა, ვიდრე სლავი ბებერი. გოეთეს კულტურული საქმიანობა უფრო გულწრფელ თვითაუარყოფას, თავდაჭერილობას და დისციპლინას გულისხმობს, ვიდრე ტოლსტოის სრულიად არაეფექტური სპირიტუალიზაციის მცდელობა, რომელიც ფანტასტიკურ აბსურდს განეკუთვნება. ტოლსტოის არისტოკრატიული შარმი, გორკის მიხედვით, ისეთივეა, როგორც კეთილშობილი ცხოველისა. მან ვერასდროს მოახერხა, ამაღლებულიყო ცივილიზებული ადამიანის ღირსებამდე, რომელმაც ახირებულობაზე გაიმარჯვა”.
ამაზე სარწმუნო პასუხი ჯონ ბეილიმ გასცა, რომელმაც აღნიშნა, რომ გოეთე და ტოლსტოი უდიდესი ეგოისტები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებულები: “თუკი გოეთე საკუთარი თავის გარდა არაფერზე ზრუნავდა, ტოლსტოი არაფერი იყო საკუთარი თავის გარდა. ტოლსტოის მოსაზრება, თუ რა ელოდებოდა ცხოვრებაში და რას ნიშნავდა მისთვის ცხოვრება, შესაბამისად უფრო პირადული და ამაღელვებელია”.
ტოლსტოი თავისი ჰაჯი-მურატის მსგავსად სხვა არაფერი იყო, თუ არა თვითონ. მანს, ალბათ, ჰაჯი-მურატი კიდევ ერთ კეთილშობილ ცხოველად მიაჩნდა, რომელიც ცივილიზებულ ღირსებას უარყოფდა, რამდენად უცნაურიც უნდა იყოს ეს. როგორც უდიდესი ირონიული მწერალი, მანი ყველაფერს ეწინააღმდეგება, რაც მის მხატვრულ ძალას არ შეესაბამება. ჰაჯი-მურატში ყველაზე მნიშვნელოვანი ესთეტიკური ღირსებაა, რომელიც ყველა თვისებას აღემატება, რასაც მანის პერსონაჟებში ვხედავთ. ესთეტიკური ღირსების პრობლემას ჰაჯი-მურატის უკანასკნელ ბრძოლამდე და სიკვდილამდე მივყავართ, რომელიც, შესაძლოა, ტოლსტოის მხატვრული ქმნილებებში ყველაზე დახვეწილი ეპიზოდია.
ერთი განსხვავება, რაც ტოლსტოისა და ჰაჯი-მურატს შორის არსებობს, ისაა, რომ ჩეჩენ გმირს უყვარდა თავისი ცოლი და ვაჟი და შამილის შურისძიებისაგან მათი დახსნის თავგანწირულ მცდელობას შეეწირა. საკითხავია, უყვარდა თუ არა ტოლსტოის ვინმე, თუნდაც საკუთარი შვილები. არც ვორდსვორთი ან მილტონი, დანტეც კი ვერ შეედრება ტოლსტოის, როგორც დიდ სოლიფსისტს. ტოლსტოის რელიგიური და მორალური ნაწარმოებები სხვა არაფერია, თუ არა მისი სოლიფსიზმის აღიარება, თუმცა რას ისურვებდა “ომი და მშვიდობისა” და “ჰაჯი-მურატის” მკითხველი, თუ არა იმას, რომ ტოლსტოი ნაკლებად ყოფილიყო ამ იდეებით შეპყრობილი? არაფერი ხდება უმიზეზოდ და ვერც ერთი კარგი მწერალი (როგორც ქალი, ისე კაცი) სოლიფსიზმის გარეშე ესთეტიკური ბრწყინვალებას ვერ მიაღწევს. შექსპირი, რამდენადაც შეიძლება ითქვას, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სოლიფსისტი მწერალია. ამ თვალსაზრისით ჩოსერი შექსპირის მეტოქეა. ზოგჯერ სალონური თამაშის ცდუნებას ავყვები, რომლის დროსაც მნიშვნელოვან მწერლებს სოლიფსიზმის ხარისხის საფუძველზე ჰყოფენ. სინამდვილეში აქვს ამას მნიშვნელობა? სრულიად არა, თუ საქმე მათ მიერ დაპყრობილ სიმაღლეებს ეხება. ჯოისი უდიდესი სოლიფსისტია, მაშინ როცა ბეკეტი ადამიანთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ეგოისტია. კონტრასტი “ფინეგანის ქელეხსა” და ბეკეტის ტრილოგიას “მოლოის”, “მელოუნი კვდებას”, “უსახელოს” შორის ერთის მხრივ ბეკეტის მიერ თავისი წინამორბედების გავლენისაგან თავის დაღწევასთანაა დაკავშირებული, უფრო მეტად კი – მათ მიერ “სხვა მეს” საოცრად განსხვავებულ შეგრძნებასთან.
ტოლსტოის სხვა მამრი პროტაგონისტებისაგან განსხვავებით, ჰაჯი-მურატი არაბუნებრივად შეიგრძნობდა “სხვა მეს” რეალობას. ამის გარეშე უფრო ადრე დაიღუპებოდა. ბატლერისადმი მწერლის გულთბილი დამოკიდებულება გვიჩვენებს, რომ მისი ცოდნა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სიფრთხილე. ამ ოფიცრის რომანტიკული შეხედულებანი და აზარტული თამაშისადმი სწრაფვა კავკასიაში ახალგაზრდა ტოლსტოის სამხედრო სამსახურის გამოძახილია. თუ რაღაც თვალსაზრისით ჰაჯი-მურატის ტრაგიკული იზოლაცია ტოლსტოის დილემას ავლენს, ჩეჩენი მეომრის სულგრძელობა იმ თვისებას წარმოაჩენს, რომელიც, მწერლის აზრით, თვითონ აკლია. უეჭველია, გმირის სამხედრო ვაჟკაცობა იყო ის, რასაც ტოლსტოი საკუთარ თავში ეძიებდა. ჯონ ბეილი ტოლსტოის ჯარში სამსახურს ხატავს, როგორც “ამბების თხრობისა და შეთხზვის მცდელობას, კურდღლებსა და ხოხბებზე ნადირობას, კაზაკ ქალებთან სასიყვარულო ურთიერთობებსა და ადგილობრივი წყაროებით გონორეის მკურნალობას”. ბეილი განაგრძობს, რომ ეს გამოცდილება ჰემინგუეის სამხედრო გმირობის მსგავსია, რომლის მთლიანი შემოქმედება ტოლსტოისთან გააზრებული კონფლიქტია. ორივე მწერლის მიერ საკუთარი თავის კერპად ქცევა მათი ხელოვნების სიღრმეებშიც იგრძნობა – საგნების ბუნებაში საკუთარი მეს ჩანერგვის საშუალებით. ასე შევიდნენ ისინი სამყაროში, რომელსაც ფროიდმა “რეალობის გამოცდა” უწოდა, თუმცა სიკვდილის აუცილებლობასთან დამეგობრების ფროიდული სიბრძნის გარეშე.
ჰაჯი-მურატი, რომელიც უკანასკნელ ბრძოლაში ისეთივე ბრწყინვალეა, როგორიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, ისეთ სიბრძნეს ავლენს, მხოლოდ შექსპირის ტრაგიკულ გმირებს რომ ახასიათებთ – იბრძოლონ ბოლომდე და მოკვდნენ დემონსტრაციულად, მაგრამ დიდებულად. უკანასკნელ დილას, როცა ინათა, მაგრამ მზე ჯერ არ ამოსულიყო, მან მოუხმო თავის ცხენს და ერთგული მეგობრებისა და ხუთი კაზაკი მცველის თანხლებით სოფლიდან გავიდა. კაზაკებზე თავდასხმისა და დახოცვის შემდეგ მან და მისმა მეგობრებმა ვერ შეძლეს, გამკლავებოდნენ სხვა კაზაკების გარშემორტყმულ ჯგუფსა და რუსებთან მომსახურე თათართა მილიციას. სასტიკი ბრძოლის შემდეგ ჰაჯი-მურატის დასასრულიც დგება:
“ჰაჯი-მურატს კიდევ მოხვდა ტყვია მარცხენა მხარზე. იგი თხრილში ჩაწვა, ჩოხიდან ბამბა ამოაძრო და ჭრილობაში ჩაიტენა. ჭრილობა გვერდში სასიკვდილო იყო და გრძნობდა, რომ კვდებოდა. მოგონებები და სახეები გასაოცარი სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს მის წარმოდგენაში. ხან ღონიერი აბუნუნცალ-ხანი დაუდგებოდა წინ, ცალი ხელით ჩამოთლილი ლოყა რომ ეჭირა და მეორით მტერს ხანჯლით ებრძოდა. ხან უძლურ, სისხლნაკლულ მოხუც ვორონცოვს ხედავდა ეშმაკური თეთრი სახით და ესმოდა მისი რბილი ხმა, ხან თავისი ვაჟი იუსუფი წარმოუდგებოდა ხოლმე თვალწინ, ხან ცოლი სოფიათი, ხანაც ფერმკრთალი, წითურწვერიანი, თვალებმოჭუტული მტერი შამილი.
ყველა ამ მოგონებამ ისე გაირბინა მის გონებაში, რომ არავითარი გრძნობა არ გამოუწვევია – არც სიბრალული, არც სიბრაზე და არც რაიმე სურვილი. ყველაფერი ეს არარაობად ჩანდა იმასთან შედარებით, რაც იწყებოდა და რაც უკვე დაიწყო მისთვის. ამასთანავე მისი ძლიერი სხეული დაწყებულ საქმეს განაგრძობდა. მან მოიკრიბა უკანასკნელი ძალა, წამოდგა საფარიდან, მისკენ წამოსულ კაცს დამბაჩა ესროლა, მოარტყა და კაცი დაეცა, შემდეგ მთლიანად ამოძვრა ორმოდან და ხანჯალამოწვდილი კოჭლობით პირდაპირ მტრისკენ წავიდა. გაისმა რამდენიმე გასროლის ხმა, იგი შეტორტმანდა და დაეცა. რამდენიმე მილიციელი გამარჯვების ყიჟინით მივარდა დაცემულ სხეულს. მაგრამ უცებ სხეული, მკვდარი რომ ეგონათ, შეინძრა. ჯერ სისხლიანი, უფაფახო, გაპარსული თავი წამოიწია, შემდეგ ტანიც წამოიმართა, ხეს ჩაეჭიდა და მთლიანად წამოდგა. ისეთი საშინელი სანახავი იყო, რომ თავდამსხმელები შეჩერდნენ. მაგრამ უეცრად ის შებარბაცდა, ხეს მოშორდა და მთელი ტანით პირქვე დაეცა მოთიბულ ბირკასავით და აღარ განძრეულა.
ის აღარ ინძრეოდა, მაგრამ გრძნობა ისევ ჰქონდა.
როცა მასთან პირველად ჰაჯი-აღამ მიირბინა და ხანჯალი დაჰკრა, ჰაჯი-მურატს მოეჩვენა, რომ მას თავში ჩაქუჩს ურტყამდნენ, მაგრამ ვინ და რატომ, ვერ ხვდებოდა. ეს იყო მისი ცნობიერების უკანასკნელი კავშირი სხეულთან. შემდეგ ვერაფერს ვეღარ გრძნობდა, მტრები თელავდნენ და ჭრიდნენ იმას, რასაც მასთან საერთო უკვე აღარაფერი ჰქონდა”.
ამ ნაწყვეტის ობიექტური, გრძნობისაგან დაცლილი ძალის გარდა ჩვენ იმითაც ვართ გაოცებულები, რომ ტოლსტოი თავის გმირთან იდენტიფიკაციის მიუხედევად, თავს იკავებს შოკისგან, სევდიანი სინანულისა და მეტაფიზიკური შიშის გამოხატვისაგან, როცა ჰაჯი-მურატი ცნობიერებას კარგავს. სხეულს “არავითარი საერთო აღარ ჰქონდა მასთან” და ჩვენ გვახსენდება ნატაშას წამოძახილი “ომსა და მშვიდობაში“, როცა იგი თავადი ანდრეის სიკვდილის ამბავს გაიგებს: “სად არის და ვინ არის ის ახლა?” მე სიტყვასიტყვით მომყავს ჯონ ბეილის ვერსია, როცა იგი ტოლსტოის პიროვნული ძალის გათვალისწინებით შესანიშნავ კომენტარს აკეთებს: “სოლიფსიზმი უკვდავების მაჩვენებელია”.
ჰაჯი-მურატის სიკვდილი, რაც სოლიფსიზმისაგან მოხუცი ტოლსტოის თავის დაღწევის მცდელობა იყო, არ წარმოშობს ნატაშას ტკივილით სავსე, ორმაგი კითხვის მსგავს შეკითხვას. ამის ნაცვლად ტოლსტოი წერს: “ბრძოლის დროს ხმაგაკნედილმა ბულბულებმა კვლავ დაიწყეს სტვენა, ჯერ ერთმა – საკმაოდ ახლოს, შემდეგ სხვებმა – მოშორებით”.
ჩვენ ვრჩებით გადახნულ მინდორზე გათელილ ბირკავასთან ბულბულების სამგლოვიარო გალობის თანხლებით. ტოლსტოის თხრობის შეფარული ძალა, ჰომერული ატმოსფეროთი, შექსპირული პერსონაჟებით, უპირველეს ყოვლისა, გმირობითაა კომპენსირებული. ჰაჯი-მურატი საუკეთესოა მის სამყაროში – არა აქვს მნიშვნელობა, კავკასიელი იქნება თუ რუსი – ყველა თვისებით – გამბედაობით, მხედრული ნიჭით, გამჭრიახობით, ლიდერობით, რეალობის ხედვით. ეპოსის ან საგის სხვა გმირი, ძველი იქნება თუ თანამედროვე, მას ვერ უტოლდება, მისი მსგავსიც კი არ არის. როცა ჰაჯი-მურატი კვდება, ის დაცლილია სიბრალულის, ბრაზისა და სურვილისაგან. ასეა ტოლსტოი და ასე ვართ ჩვენც. ტოლსტოიმ ყველა სხვა მწერალზე უკეთესად შეძლო, საკუთარი გარდაცვალების შიშის მსგავსად და ამავე დროს მისგანვე განსხვავებულად წარმოედგინა სიკვდილი, რაც ესთეტიკური ღირსების მოულოდნელი და დამაიმედებელი ტრიუმფის გამოვლინებაა. ის, რაც ჩვენ კანონიკურად მიგვაჩნია, ჰაჯი-მურატს დემოკრატიული ეპოქის ცენტრში აქცევს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ -
ჯეიმს ერლი – წიგნების კითხვა, როგორც სიამოვნების წყარო
ცხრა წლის ვიქნებოდი, დიდი კარადიდან წიგნი რომ ავწაპნე და მის წასაკითხად სადღასაც მივიმალე. დედამ მომძებნა და შენიშვნა მომცა, საშენო წიგნი არ აგიღიაო, მაგრამ ამით რაღას შემაჩერებდა. ეს იყო ცხოვრების ერთ-ერთი იმ გარდამტეხ მომენტთაგანი, რომელთა მნიშვნელობას მრავალი წლის შემდეგღა იცნობიერებ. წიგნის სათაურმა მიმიზიდა: “სად იყავი? – არსად. რას აკეთებდი? – არაფერს”. იგი წარმოადგენდა რჩევების კრებულს მშობლებისათვის, რომელშიც, კერძოდ, ეწერა, რომ ზოგჯერ ბავშვს უჩნდება სავსებით ბუნებრივი მოთხოვნილება, უბრალოდ, წამოწვეს ბალახზე და უცქიროს ღრუბლებს, ცაზე რომ მიიზლაზნებიან. წიგნში ნათქვამი იყო, რომ ეს სავსებით ნორმალური სურვილია და როცა ბავშვი კითხვაზე – “რას აკეთებ?” – გიპასუხებს – “არაფერსო”, – ამაში არაფერია საძრახისი.
ამ ცოდნით შეიარაღებული ეზოში გავედი, ბალახზე წამოვწექი და კითხვა განვაგრძე. წიგნმა მომანიჭა კანონიერი უფლება, მეკეთებინა ის, რასაც ისედაც ვაკეთებდი, ოღონდ ისე, რომ ჩემი უფლებები ამ სფეროში გაცნობიერებული არ მქონდა. მან, თითქოსდა, გარკვეულწილად წამართვა უცოდველობა, მოსპო უოდსუორთისეულად უშუალო კავშირი ჩემსა და ღრუბლებს შორის და ნეტარი უსაქმობა ერთგვარ პოზად გადამიქცია.
დამოკიდებულება უქმი ოცნებებისადმი ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ სულის სიღრმეში ყველამ კარგად იცის, რომ ეს არცთუ უსარგებლო საქმიანობაა. ბავშვისთვის ეს არის ერთ-ერთი საშუალება, ისწავლოს აზროვნება. მახსოვს, ღრუბლების ცქერამ მეც ბევრი მნიშვნელოვანი რამ გამაგებინა, მაგალითად ის, რომ ცვლილებები ნელა და ხშირად სრულიად შეუმჩნევლად ხდება. დღეს, საწერ მაგიდასთან რომ ვიჯექი და სარკმელში უმიზნოდ ვიყურებოდი, გამახსენდა, როგორ გვიკითხავდა უნივერსიტეტში ბერძნული ფილოსოფიის ისტორიას პროფესორი ფელი. ისიც ხშირად შეგვაქცევდა ხოლმე ზურგს და დაფიქრებული იმზირებოდა ფანჯარაში, ვიდრე ჩვენ სუნთქვაშეკრულნი ველოდით პასუხს მის მიერვე დასმულ კითხვაზე. შესაძლოა, დოქტორი ფელის ამ საქციელსაც მნიშვნელოვანწილად პოზა განაპირობებდა. შესაძლოა, მას სურდა, მიმსგავსებოდა სოკრატეს, ქუჩაში რომ შეჩერდებოდა ხოლმე და ხანგრძლივად შესცქეროდა ზეცას.
დორზეს ეთიოპური ტომისადმი მიძღვნილ წიგნში ანთროპოლოგი დენ სპერბერი მოგვითხრობს ერთ ამბავს, რომელიც მე ძალიან მიყვარს: “ბავშვობაში ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ასეთმა სცენამ: მამაჩემი ვერანდაზე სავარძელზეა მიწოლილი; უძრავად ზის – ხელები უსიცოცხლოდ ჩამოუყრია და სივრცეში რაღაცისთვის მიუციებია თვალი; ჩამესმის დედის ჩურჩული: “ხელს ნუ შეუშლი, მამა მუშაობს”. გავიდა დრო, მე ეთნოგრაფი გავხდი და პროფესიამ ეთიოპიაში ჩამიყვანა; და ერთხელ აქ, საველე დაკვირვებების დროს, ჩემი ყურით გავიგონე, როგორ გადაუჩურჩულა დედამ პატარა ბიჭს: “ხელს ნუ შეუშლი, მამა წინაპრებს აპურებს”.
სპერბერის მსგავსად, მეც პროფესორი გავხდი. ახლა ჩემი ღრუბლებიცა და ჩემი წინაპრებიც ჩემივე წიგნებია. შემიძლია, სრულ სიჩუმეში, ყველასა და ყველაფრისგან განმარტოებული, საათობით ვიჯდე და წიგნს ვკითხულობდე. მიმაჩნია, რომ ჩვენს ეპოქაში, როცა ცხოვრების ტემპი განუწყვეტლივ ჩქარდება და ჩქარდება, კითხვის ეს ასპექტი, – სიჩუმე და განმარტოება, – უდიდეს თავისთავად ღირებულებას იძენს.
უცნაურობა კითხვის პროცესისა, ღრუბლების ჭვრეტას რომ მიაგავს, სწორედ განმარტოებისა და ნელი ტემპის აუცილებლობაში მდგომარეობს. ვიცი, რომ, შეიძლება, ველოტრენაჟორზე ვარჯიშის დროსაც იკითხო რამე და დილაობით ძუნძულით სირბილისას ან მანქანის საჭესთან ჯდომისასაც ისმინო პლეერით მოთხრობები. მაგრამ აქ სხვაგვარ კითხვაზე გესაუბრებით – ძველმოდურ, არაეფექტურ, ანტისოციალურ საქმიანობაზე, უამრავ დროს რომ მოითხოვს. მინდა დავწერო წიგნი: “სად იყავი? – არსად. რას აკეთებდი? – წიგნს ვკითხულობდი… თქვენ თუ შეგიძლიათ, რომ თავს ამის უფლება მისცეთ?” ეს შრომა განკუთვნილი არ იქნება ფართო საზოგადოებისთვის, რომელიც (წიგნის მაღაზიების მზარდი რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ), პოულობს დროს, რათა იკითხოს. არა, მის ადრესატად უფრო ვიწრო წრე წარმომიდგენია, კერძოდ – უნივერსიტეტების პროფესორები. მე ხომ ყოველდღიურად ვისმენ, როგორ შესჩივიან ისინი ერთმანეთს, წიგნების წასაკითხავად ვეღარ ვიცლითო.
იყო დრო, როცა იმგვარ კითხვაზე ვოცნებობდი, როგორსაც აღწერს მაკიაველი: “საღამოობით, შინ რომ ვბრუნდებოდი, ჩემს კაბინეტს მივაშურებდი. გავიხდიდი ჩემს დაჭუჭყიანებულ-დამტვერილ სადაგ ტანსაცმელს და მეფური შესამოსლით ვიმოსებოდი. შემდეგ კი ასე ჯეროვნად მორთული დიდ წინაპართა საკრებულოში შევაბიჯებდი. ისინი ხელგაშლილად მხვდებოდნენ ხოლმე და მე ვტკბებოდი მარტოდენ ჩემთვის განკუთვნილი ნუგბარით, რომლისთვისაც ვიყავ შობილი. აქ შემეძლო მორიდებისგან შეუბორკავს მესაუბრა მათთან, დავკითხოდი ამა თუ იმ საქციელის მიზეზს და წინაპრები პასუხს არ იშურებდნენ”.
ჩემთვის ნაცნობია ეს გრძნობა. ოცდახუთი წლის წინ ჩემი პირველი საპროფესორო შვებულება ამგვარ კითხვაში გავატარე. ვკითხულობდი ყველაფერს, რაც კი სკოლასა და უნივერსიტეტში დამრჩა წაუკითხავი. აი, მაშინდელი ავტორები და წიგნები: პლატონი, კანტი, შექსპირი, მილტონი, შელი, “დაო დე ძინი”, “უპანიშადები”, “ბჰაგავატგიტა”, ლაიბნიცი, ბეკონი, მონტენი, უაიტჰედი, ბერგსონი, კასირერი, ფროიდი, შოუ, იეიტსი, ჰაიდეგერი, ლევი-სტროსი და… დენ სპერბერი. კითხვას გვიანობით, ღამით ორ ან სამ საათზე ვწყვეტდი საოცარი მღელვარებით მოცული. თავს ეზეკიელივით ვგრძნობდი, როცა უფალმა უთხრა მას: “ადამის ძევ!.. შეჭამე ეს გრაგნილი… აჭამე შენს მუცელს და აივსე ნაწლავები ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ. მეც შევჭამე და თაფლივით მეტკბილა პირში”.
ვათვალიერებ იმდროინდელ ჩანაწერებს, – ერთიანად შენიშვნებით აჭრელებულ გაყვითლებულ ფურცლებს, თავბრუდამხვევ აღმოჩენათა ამბავს რომ მოგვითხრობენ, – და შეცბუნება მიპყრობს: იმ დროს მეჩვენებოდა, რომ ცხოვრების არსი შევიცანი და ყოფიერების ყველა საიდუმლოს ჩავწვდი! და თუმცა შემდგომში აღარასოდეს გამიმეორებია ასეთი ექსპერიმენტი, ეს იყო მეტად ფასეული გამოცდილება. დროდადრო ჩემს თავს ვუსვამ შეკითხვას: განუცდია კი ჩემს რომელსამე სტუდენტს (ან მომავალში თუ მოელის) ეს ენით აუწერელი მღელვარება – კითხვის ვნებით მანიაკალური შეპყრობილობა?
ახლა, როცა ბევრად უფრო მოწიფული კაცი მეთქმის, მივხვდი, რომ მაკიაველის დამოკიდებულებაც კითხვისადმი და ჩემი უძილო ღამეებიც მნიშვნელოვანწილად ეგოიზმის გამოვლინებას წარმოადგენდა. მაკიაველი თავდაჯერებული ადამიანი იყო და ფიქრობდა, რომ ძალა შესწევდა ისე გასაუბრებოდა პლატონს, ტიტუს ლივიუსსა და ციცერონს, როგორც ტოლი ტოლებს. კითხვამ, შესაძლებელია, შეგიქმნათ იმ ავტორებთან თანასწორობის მცდარი შეგრძნება, რომელთა აზრის გაგებაც მოახერხეთ. ასეთი კითხვა თანამედროვე აბსტრაქტული მხატვრობის თვალიერებას ჰგავს, როცა დიდია ცთუნება განაცხადო: “ამის დახატვას ხომ მეც შევძლებდი!” ჰო მაგრამ, ეს სურათები ხომ თქვენ არ დაგიხატავთ და, რომ არ გენახათ, აზრად არასოდეს მოგივიდოდათ, რაღაც მსგავსის შექმნა შემიძლიაო.
პირველ ლექციაზე სტუდენტებს ასე მივმართავ ხოლმე: “ჩემი კურსის დამუშავება კლასში არ ხდება. უნდა იშრომოთ შინ ან სადმე სხვაგან, სადაც განმარტოებას შეძლებთ და ხელს არავინ შეგიშლით. ეს შეიძლება იყოს ბიბლიოთეკის მყუდრო კუთხე, სხვენი ან ნებისმიერი სხვა ადგილი, რომელსაც თქვენს დროებით თავშესაფრად – წიგნის კითხვისთვის განკუთვნილ ადგილად – აქცევთ. ჩემთვის ასეთი თავშესაფარი არის ჩემი ბინა ღამის საათებში, როცა ბოლოს და ბოლოს ყველა დაიძინებს და მთელი სახლი ჩაბნელდება ხოლმე. მაშინ შემიძლია ავიღო წიგნი და მოვკალათდე სინათლის მაგიურ წრეში, სადაც ვარსებობთ მხოლოდ მე და წიგნი; ან უფრო სწორად ვარსებობთ მე და ავტორი, წიგნი კი, უბრალოდ, შუამავალია ჩვენ ორს შორის”.
გაოცდები კაცი, იმდენად დიდია რაოდენობა ახალგაზრდებისა, რომლებიც შეცბუნების გარეშე გამოგიტყდებიან, კითხვა არ გვიყვარსო; და მათ რიცხვში თვით სიტყვიერების შემსწავლელი სტუდენტებიც კი გამოერევიან ხოლმე. ეს გასაგებიცაა – კითხვა ხომ ჯოჯოხეთურად ნელი საქმიანობაა. დღეს, როცა უკვე კომპიუტერის ეკრანის ორწამიან გაშეშებასაც კი ძალუძს მოთმინებიდან ჩვენი გამოყვანა, კითხვა ადამიანისგან სრულ შეჩერებას მოითხოვს – საჭიროა, უბრალოდ, შევჩერდეთ და სხვას ვუსმინოთ.
ბოლო დროს კითხვას სწორედ სხვისი ხმის სმენად აღვიქვამ. პირველ ლექციას რომ განვაგრძობ, სტუდენტებს ვეუბნები: “სინათლის მაგიურ წრეში წიგნით ხელში რომ შეაბიჯებთ, არ უნდა იფიქროთ, თითქოს თქვენი ამოცანა ამ წიგნის დამორჩილება, მოთვინიერება, გაკრიტიკება ან თუნდაც გარჩევა-გაანალიზება იყოს. წიგნის კითხვას იმიტომ კი არ იწყებთ, რომ შეიყვაროთ ან შეიძულოთ ის; და არც იმიტომ, რომ დაამტკიცოთ, თითქოს ავტორზე უფრო ჭკვიანი ბრძანდებით. არა, წიგნს უწინარეს ყოვლისა იმიტომ კითხულობთ, რომ მოისმინოთ, რას გეუბნებათ იგი”.
ასეთი მიდგომა კითხვისადმი ნაკლებეგოისტურია, ვიდრე მაკიაველისეული. ადამიანი, ვინც წიგნისადმი ეს ბევრად უფრო თვინიერი დამოკიდებულება მასწავლა, ზიგმუნდ ფროიდი იყო. დამწყები ფსიქოანალიტიკოსებისათვის განკუთვნილ მის რჩევებს რომ ვეცნობოდი, სადაც ფროიდი მოძღვრავს მათ, როგორ უნდა უსმინონ პაციენტებს, მე აღმოვაჩინე კავშირი კითხვასა და ღრუბლების ჭვრეტას – არაფრის კეთების ხელოვნებას შორის. სწორად სმენის წესი, ამბობს ფროიდი, “უბრალოდ, იმაში მდგომარეობს, რომ განსაკუთრებით არაფერზე მოახდინოთ კონცენტრირება და გულისყური მუდამ თანაბრად გქონდეთ მიპყრობილი ყველაფრისკენ, რასაც პაციენტი მოგითხრობთ. რადგან როგორც კი რაღაც ერთზე გაამახვილებთ ყურადღებას, მაშინვე მასალის დახარისხებას იწყებთ… თქვენ კი სწორედ ამას უნდა გაურბოდეთ. როცა შერჩევას დაიწყებთ, თქვენ უკვე საკუთარი მოლოდინის ტყვე ხდებით და, მაშასადამე, დიდია შანსი, ვეღარაფერი გაიგონოთ გარდა იმისა, რაც ისედაც იცით… ექიმის კანონი ასე უნდა იქნას ფორმულირებული: “საჭიროა, უბრალოდ, ვუსმინოთ”.
რთული სასწავლია, უბრალოდ, უსმინო ადამიანს: არც მისი სიტყვების დაუყოვნებლივ ინტერპრეტირება სცადო, არც ნაუცბათევი დასკვნები გააკეთო, არც საკუთარი რჩევებით ჩაეჩარო საუბარში.
ბედის ირონიით, არაფრის კეთების ხელოვნება, რომლის სრულყოფას ყრმობიდან მოყოლებული ამდენი ძალა შევალიე, ჩვენს უნივერსიტეტებში დიდად არ ფასობს. ჩემმა კოლეგებმა მგონი დაივიწყეს, რომ ჩვენი პროდუქციის უდიდესი ნაწილი ხშირად სწორედ იმ სახის შრომის შედეგად მიიღება, როგორითაც პატარა დენ სპერბერი მამამისმა გააოცა. ჩვენს დღეებში უნივერსიტეტებში მთავარ საზრუნავად იქცა ფონდები და კანონმდებლობა, ბაზარი და კონკურენცია, ტექნოლოგიები და მოდის ბოლო კაპრიზების დაკმაყოფილება. ბოლოს და ბოლოს, უმაღლესი განათლებაც ხომ ბიზნესია.
მწვანე მდელოები და კორომები პასტორალურ საუნივერსიტეტო ტრადიციებს გვახსენებს. ეს კორომები დასაბამიდანვე მოწყვეტილი იყო კომერციული სულისკვეთებითა და ყოველდღიური საზრუნავით სავსე გარემომცველი სამყაროს ფუსფუსსა და ამაოებას. უნივერსიტეტი იმ ადგილს წარმოადგენდა, სადაც ადამიანს შეეძლო შეჩერებულიყო, ეკითხა, ესმინა, ესწავლა. ჩემი პროფესორობის ოცდაათი წლის განმავლობაში კი აკადემიურმა სამყარომ ნელა, მაგრამ არსებითად იცვალა სახე (აი, კიდევ ერთი ილუსტრაცია იმისა, რაც ბავშვობაში მასწავლეს ღრუბლებმა – სამყარო თანდათანობით და შეუმჩნევლად იცვლება). დღეს გვარწმუნებენ, რომ ისტორიამ სვლა ააჩქარა, ხოლო საზოგადოება ყოველდღიურად სულ უფრო სწრაფად იცვლება; რომ თუკი ჩვენ წამით მაინც შევჩერდებით, მომავალი ჩაგვიქროლებს და უნივერსიტეტებს სადღაც შორეულ წარსულში ჩატოვებს; რომ ჩვენ უნდა ვიქცეთ მომავლის უნივერსიტეტებად, კომპიუტერების ეპოქის უნივერსიტეტებად, XXI საუკუნის უნივერსიტეტებად…
სჯერათ კი ამის იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ჩვენს უნივერსიტეტებს განაგებენ? დევიზი – “დროს არ ჩამოვრჩეთ” – სარეკლამო მოწოდებასავით ჟღერს. და მართლაც, უნივერსიტეტები ცდილობენ ბაზარზე გაყიდონ საკუთარი თავი. კაცმა არ იცის რა მიზეზით, მათ მიიჩნიეს, რომ ამერიკას სურს ისინი ზეთანამედროვე, სუპერტექნოლოგიურ, ეფექტიან კორპორაციულ დაწესებულებებად იქცნენ, რომლებიც შეძლებენ კომპიუტერული ტექნოლოგიების ბატონობის ეპოქაში თავიანთი კლიენტები, კურსის დამთავრების შემდეგ, გარანტირებული მაღალანაზღაურებადი სამუშაოთი უზრუნველყონ.
ვფიქრობ, ამერიკა უკეთ ერკვევა თავის საჭიროებებში. ამერიკას არაფერში სჭირდება განუწყვეტელი და სულ უფრო აჩქარებული ცვლილებები; ისინი სჭირდება ბაზარს, რომელიც ცდილობს გამუდმებით გაუჩინოს მომხმარებელს სულ ახალ-ახალი ნივთების ყიდვის სურვილი. ხოლო ამერიკას კი სჭირდება უნივერსიტეტები და კოლეგები, რომლებიც მოდის კაპრიზებს არ აჰყვებიან და ყოველწლიურად არ იცვლიან სახეს. ვისურვებდი, უნივერსიტეტები ნამდვილად განსაზღვრავდნენ მომავალს, ნაცვლად იმისა, რომ თავქუდმოგლეჯით მისდევდნენ აწმყოს. ცხადია, სინათლის მაგიურ წრეში ჯდომით და ძველ ავტორებთან დინჯი საუბრით, მათი ხმის აუჩქარებლად სმენით ჩვენ მომავალს ვერ დავეწევით. ლამპის შუქი სხვა მაგიურმა ნათებამ შეცვალა – ციმციმმა სარეკლამო დაფისა, რომელიც გიგანტური საინფორმაციო ჰაივეის გასწვრივ არის დაყენებული, უნივერსიტეტის მწვანე კორომს რომ სერავს.
გამორიცხული არ არის, მომავალი მართლაც კომპიუტერებს დარჩეს, მაგრამ წარსული ხომ უეჭველად წიგნების იყო. სწორედ ამიტომ ვცდილობ ვასწავლო ჩემს სტუდენტებს წიგნების კითხვა და წინაპართა ხმების აუჩქარებლად სმენა, სწორედ ამიტომ ვეუბნები მათ: “თუ ჩვენ არ გვეხსომება წარსული და პატივს არ ვცემთ მას, იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ მომავალი თაობები პატივისცემით მოგვიგონებენ. არადა, ჩვენ ხომ ნამდვილად გვაქვს იმის იმედი, რომ მომავალ თაობებს ეხსომებათ სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, საგნები, რომლებიც ჩვენ გვიყვარდა, წიგნები, რომლებიც ჩვენ დავწერეთ?The Cronicle of Higher Education
© “წიგნები – 24 საათი”