-
-
კახა თოლორდავა – აუჩქარებლობა
არის ერთი რამ, რაც ამ ბოლო დროს ძალიან მაბრაზებს ხოლმე – როდესაც მესმის, რომ თბილისში რაღაც მხოლოდ იმიტომ უნდა გაჩნდეს, რომ ის უკვე არის ნიუ-იორკში, ლონდონში, ამსტერდამსა თუ ბეიჯინგში. რა თქმა უნდა, სისულელე იქნებოდა, საერთოდ უარი გვეთქვა სხვების გამოცდილებაზე; ბოლოს და ბოლოს, განვითარებადი ქვეყანა ვართ და ხშირად, ალბათ, საჭიროც არაა ველოსიპედის გამომგონებლის მისია ვიტვირთოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არის ისეთი საკითხები თუ პრობლემები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ძალისხმევით უნდა გადაიჭრას. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თბილისის შემთხვევაშია.
ჩვენს დედაქალაქში აქეთ-იქით ყოველდღიურმა ხეტიალმა ერთ რამეში დამარწმუნა – თბილისი პარიზი არაა (ის არც ოსლოა, არც ბარსელონა და არც მსოფლიოს რომელიმე სხვა ქალაქი), შესაბამისად, და აქედან გამომდინარე, გეტყვით, რომ მტკვრის სანაპირო არაა სენის სანაპირო და ის, რაც სენის სანაპიროს შეიძლება მოუხდეს, სულაც არაა აუცილებელი, მტკვრის სანაპირომაც მოიხდინოს. მაშასადამე, თბილისს და მოცემულ შემთხვევაში – მტკვრის სანაპიროს, ‘თბილისური” და არა ‘პარიზული” მიდგომა ესაჭიროება.
ერთადერთი, რაც თბილისს ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებთან აკავშირებს, ისაა, რომ მის ქუჩებსაც ძალიან, ძალიან უხდება წიგნები და წიგნებში ცხვირჩარგული ადამიანები… და კიდევ უფრო მოიხდენდა, ჩვენ რომ არ ავჩქარებულიყავით და ‘პარიზულად” არ გადაგვეწყვიტა ‘თბილისური” საკითხი. ასეთი, უტვინო აჩქარებულობის გამო, ისედაც ჩქარი ტემპებით განვითარებადმა თბილისმა, რომელიც უკვე საკმაოდ აჩქარებულად ცხოვრობს და მომავალში ალბათ, კიდევ უფრო ააჩქარებს ცხოვრების ტემპს, დაკარგა ბალანსისათვის აუცილებელი ა უ ჩ ქ ა რ ე ბ ლ ო ბ ი ს კიდევ ერთი ელემენტი. ნებისმიერი, ვინც ქალაქებზე წერს და ცოტათი მაინც ერკვევა ფსიქოგეოგრაფიაში, დამეთანხმება ამაში. წიგნით მოვაჭრეთა თბილისის ქუჩებიდან ‘მოკვეთამ” და მტკვრის სანაპიროზე ‘გადასროლამ” აუჩქარებლობის სრულიად არაეფექტური კერა გააჩინა ქალაქში. ასე დაკარგა დედაქალაქის ქუჩებში წიგნების ფურცვლა-გადახედვა-ყიდვა-არყიდვამ თავისი თითქოს შეუმჩნეველი ჯადოსნური ძალა. დღეიდან თბილისში წიგნების ყიდვა-გაყიდვა სუფთა წყლის ბიზნესია და მეტი ა რ ა ფ ე რ ი.
მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ხეტიალმა ერთ რამეში დამარწმუნა (და ამის გაცნობიერებისათვის საკმაო ხანი დამჭირდა), – ესა თუ ის ქალაქი მომწონს არა მარტო მისი ღირსშესანიშნაობების (თუ სხვა რამეების) გამო, არამედ უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, თუ რამდენად სწორადაა ის დაბალანსებული აჩქარებულობა-აუჩქარებლობის თვალსაზრისით. ყველაზე კარგ შემთხვევებში, ეს ელემენტები ითვალისწინებს არა მარტო ქალაქის სივრცეს, არამედ პირველ რიგში, იქაური მაცხოვრებლების (და არა ტურისტების) ტემპერამენტს და მათ მიმართებას ზოგადად ცხოვრების რიტმთან. ქართველებს, ქაოსში მაცხოვრებელ კოსმოსის მეხოტბეებს, ძალიან გვჭირდება ისეთი საცხოვრებელი სივრცე, სადაც ყველა ეს ელემენტი მეტ-ნაკლებად ეფექტურად იქნება მორგებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. თბილისისადმი ასეთი მიდგომა აუცილებლად გამოაცოცხლებს ქალაქის ბევრ ლამაზ, მაგრამ მოსაწყენ ქუჩას და შინაარსით დატვირთავს ქალაქში ხეტიალს.
ბოლო დღეებში ბევრს საუბრობდნენ იმაზე, თუ რა კარგი საჩუქარი გაუკეთეს ქალაქის მესვეურებმა წიგნით მოვაჭრეებს ახალი სავაჭრო სივრცის მოწყობით. საჩუქარი ნამდვილად კარგია, მაგრამ მას ერთი ნაკლი აქვს, – ის
ა რ ა ს წ ო რ ი ა. რატომ? იმიტომ, რომ ის თბილისის ქუჩებიდან წიგნით მოვაჭრეთა რაც შეიძლება სწრაფად მოცილებას გულისხმობს, მხოლოდ ამას და სხვას არაფერს, მაშინ, როდესაც თბილისი სულ ს ხ ვ ა რამეს მოითხოვს ჩვენგან, დაფიქრებულ, მომავლისკენ მიმართულ, კ რ ე ა ტ ი უ ლ ძალისხმევას.© “ლიბერალი”
-
გაგა ლომიძე – ხსოვნის იმაგინატიური ტოპოსი
“ისტორიის მიღმა მეხსიერება და დავიწყება იმალება. მეხსიერების და დავიწყების მიღმა კი – ცხოვრება”.
პოლ რიკიორი
პლატონის “ფილებოსში” ვკითხულობთ: “მეხსიერება რომ არ არსებობდეს, ადამიანს საკუთარი სიამოვნებანიც კი აღარ ემახსოვრებოდა”. პოეზია რომ უდავოდ უკავშირდება მეხსიერების გაგებას, ამაზე ჰესიოდეც მიუთითებს თავის “თეოგონიაში”, როდესაც მეხსიერების ქალღმერთ მნემოსინეს მუზების დედას უწოდებს.თუკი ამ ლოგიკას გავყვებით, პოეზიაში შეგვიძლია გამოვყოთ ორი სახის მეხსიერება: ეპიკური და ლირიკული.
ეპიკური კოლექტიური მეხსიერებაა, როდესაც რაფსოდი ხოტბას ასხამს თავისი ტომის საგმირო საქმეებს და ცდილობს წარსულის კოლექტიური მეხსიერების სკივრიდან ამოქექოს გმირების სამაგალითო თვისებები, რომ თავისი ტომის წარმომადგენლებში სიამაყის გრძნობა აღძრას.
ლირიკული მეხსიერება ინდივიდის მეხსიერებაა. ლირიკოსი პოეტი განამტკიცებს ინდივიდუალობის და სუბიექტურობის კონცეპტს. ის საკუთარი მეხსიერების სკივრში იქექება, რომ შექმნას საკუთარი “მე”-ს, როგორც ინდივიდის ისტორია.
ამგვარ ინდივიდუალურ ისტორიებს ქმნის გივი ალხაზიშვილი თავის პოეზიაში, რომელიც პოლიმეტრულობით ხშირად ჯაზურ კომპოზიციას მოგვაგონებს. ლექსებში ცხადად ვხედავთ, თუ როგორ მარცვალ-მარცვალ იგება სუბიექტის მიერ დანახული სამყაროს მთლიანი სურათი მხატვრული სახეების ფრაგმენტების გაერთიანებით, იმდენად, რომ მათ შეიძლება პირობითად პიქტორიალური პოეზიაც კი ვუწოდოთ. პოეტური მეხსიერება გივი ალხაზიშვილის პოეზიის კარდინალურ მოტივად შეიძლება ჩავთვალოთ: “ჩვენ ვეღარავის დავივიწყებთ,/ დრომ დაგვივიწყა/ და აღარ გვყოფნის აღარავის დასავიწყებლად/ აწმყო, რომელიც თითქოს გვქონდა,/ თითქმის არა გვაქვს/ და უდროობის ბუნდოვანი ჟამი იწყება,/ როდესაც ხსოვნა უბრუნდება ნაცნობ ადგილებს/ და ჩვენზე ისევ საუბრობენ ძველი საგნები,/ და გადავფურცლავთ ჩვენივე თავს” (“ზღვართან”); ან “ვინ იფიქრებდა, რომ ოთახებს ვინმე ახსოვდა?!” (“მარტის ქუჩა №13”); ან თუნდაც ის, რაც ყველაზე თვალსაჩინო ხდება პოეტის, როგორც ლირიკული “მე”-ს მეტაფორაში – “დიახ, ეს მე ვარ,/ იმ დღეების ჰერბარიუმი” (“…გახსოვს, მინდორში ვიპარებოდით”).
ნებისმიერი სუბიექტური ისტორია, გახსენება – ინტროვერსიას უკავშირდება, რომელიც, ერთი მხრივ, საკუთარი თავის და საგნების შემეცნების წინაპირობად, ხოლო მეორე მხრივ, თავდავიწყების საშუალებად იქცევა. ასეა ლექსში “დილით, ყავის სმის დროს”, რომელმაც, კონცეპტუალური თვალსაზრისით, შეიძლება ჯიმ ჯარმუშის ფილმი “ყავა და სიგარეტი” გაგვახსენოს, სადაც ეს ორი კომპონენტი – ყავა და სიგარეტი სინამდვილისგან ადამიანების დროებითი გარიდების საშუალებად იქცევა: “და ფიქრში წასვლა, ერთადერთი არის ალიბი,/ რომ აქ არ ცხოვრობ და ხანდახან ტოვებ საკუთარ/ თავსაც და ფურცელს მიუყვები მელნის სიტყვებით,/ წარსულ დროში რომ გამოჰყავდა კალამს სამკუთხას”. პოეტისთვის წარსული იმაგინატიური ტოპოსია, სადაც განხორციელებული თუ განუხორციელებელი სურვილები თუ ოცნებები პოეტური შთაგონების წყაროდ გარდაიქმნება. თვით ენა კი ასეთ დროს სამყაროს შესახებ ცოდნის საუნჯეა, რომელიც ჩვენს მეხსიერებაშია დალექილი: “…რადგან სიტყვები/ გექცა იმ ქვებად, შენს გარშემო რომ ააყორე” (“დილით, ყავის სმის დროს”), სადაც ქვები სიტყვების, მყარი მნიშვნელობების მეტაფორად იქცევა. “ჩაბრუნებული მზერა” კი იგივე მედიტაცია, ინტროვერსიაა: “და მზერა ისევ ჩაბრუნდება თავის სიღრმეში,/ რომ თავდაპირველ ბინდში დასახლდე”. მზერის ჩაბრუნება მეხსიერების წიაღში მოგზაურობას გულისხმობს, სადაც დაუნჯებულია შეგრძნებები და ეს, იმავდროულად, პირველყოფილ წიაღთან დაბრუნება, ანუ ხელახალი დაბადებაა.
თუკი ვთანხმდებით, რომ პოეზია მეხსიერებაა, მაშინ ისიც უნდა დავუშვათ, რომ პოეზიაში მეხსიერებამ ლირიკული “მე”-ს გარდა, შეიძლება საგნების ონტოლოგიური ასპექტიც განსაზღვროს. მაგალითად, სუბიექტ-ობიექტის ტრანსპოზიციის მომსწრე ვხდებით გივი ალხაზიშვილის ერთგვარ პიქტორიალური პოეზიის ნიმუშში “შინ”, სადაც მთლიანი სურათი საგნების გამოცდილების ფრაგმენტებით იხატება და სადაც სუბიექტსა და ობიექტს შორის ზღვარი გაუქმებულია. “მტვრიან ლარნაკებს ყელმოღერილებს ხომ ახსოვთ/ მთვარე რომ ჩაჰყურებდა წყლიან თვალებში” – ვკითხულობთ ლექსში, სადაც თავდაპირველად სუბიექტი თითქოს ლარნაკებია, რომლებსაც ახსოვთ მთვარის შუქი. მერე კი აღმოჩნდება, რომ სუბიექტი, ცენტრი, განმსაზღვრელი არის მეხსიერება, რომელთან შედარებითაც ლირიკული “მე”-ს, მთხრობელის, ავტორის პოზიციაც კი მეორეულია: “და მეც იმ ხსოვნას მივმატებოდი/ შეუმჩნევლად და ფეხაკრეფით, ისე თანდათან,/ რომ მე ვერასგზით შემემჩნია/ ხსოვნა როგორ მისრუტავდა, ყოველივე როგორ მიჰქონდა”. ქმნის, ლექსის წერის პროცესზე მინიშნება და მისთვის დამახასიათებელი ქაოსი წესრიგდება ლექსის ბოლოს, როდესაც ყველაფერი თავის ადგილს იკავებს, საგნები თავის ბუნებრივ არსს უბრუნდებიან და ავტორიც, ინტროვერსიის შედეგად, თითქოს დაკარგულ “მე”-ს იბრუნებს, როცა წარმოთქვამს სიტყვას – “შინ”.
ამგვარი მიმართება სუბიექტ-ობიექტს შორის, ერთი მხრივ, მოგვაგონებს იმ ტენდენციას, რომელიც მოდერნიზმიდან იწყება და მის ონტოლოგიურ ესთეტიკას უკავშირდება; მეორე მხრივ კი, ეხმაურება მომხმარებლობის თეორიას, სადაც საგნებსა და ადამიანებს შორის ზღვარი წაშლილია და სამომხმარებლო საზოგადოებაში საგნები მყიფე და წარმავალი ადამიანების ადგილს იკავებენ.
ერთგვარ ეკო-პოეზიის ნიმუშში “დეპეშა”, უიტმანისეული “ბალახის ფოთლების” ამ ერთგვარ გადაძახილში, ხე ადამიანის მეტაფორად გვევლინება და კონკრეტული ტრაგედია ზოგადადამიანურ ყოფიერების ტრაგედიად გარდაიქმნება: “ცვივა ნაფოტები,/ ჩვენი ნაფოტები…/ თუმცა აღარ ვართ,/ თითქმის აღარ ვართ,/ აღარ დავრჩით./ მხოლოდ სიკვდილი თუ მოგვძებნის…”. აქ, მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით, ადამიანი და გარემო, გარკვეულწილად, ერთმანეთისგან განუყოფელ მთლიანობაშია წარმოდგენილი, როგორც ერთიანი, კომპლექსური სისტემა.
საგულისხმოა, რომ გივი ალხაზიშვილის პოეზიაში გახსენება გრძნობის ხუთი ორგანოდან ერთ-ერთის საშუალებით შემოდის. საკმარისია დავასახელოთ, ერთსა და იმავე დროს, ქრისტიანული და წარმართული კონოტაციებით გაჯერებული ლექსი “პურის სუნი”: “დილას აღვიძებს პურის სუნი,/ სიცოცხლის სუნი/ და ხსოვნა წვდება ყველა მომკელს/ და კალოობა ბრუნავს სისხლში”, სადაც გახსენება ყნოსვის ორგანოს უკავშირდება, ხოლო კალოს ლეწვის სეზონური მეტაფორა მარადიულ კვდომა-აღდგომაზე მიგვანიშნებს. სხვაგან კი მოგონება სმენის საშუალებით ცოცხლდება: “ჰაერს მოესმის შუაღამის წამოკვნესები” (“მოხუცებულთა თავშესაფარი”).
ზემოთ შემთხვევით არ გვიხსენებია პიქტორიალური პოეზია. გივი ალხაზიშვილის ლექსებში მეხსიერების ფენებიდან ზედაპირზე სხვადასხვა სახე ამოდის და გრძნობის ორგანოები მათ ცხადად ხილვას შესაძლებელს ხდის. ასე იკვეთება ერთიანი სურათი, ვთქვათ, ეროტიკული იმიჯებით გაჯერებულ “თუშურ პასტორალში”, სადაც თანდათანობით იშლება მკითხველის თვალწინ მონტაჟის გზით აგებული თიბვის ეპიზოდი: “ჰყვაოდა მდელო და გწვდებოდა წელამდი…/ შენ დროს იზოგავდი, თითქოსდა წელავდი…/ ერთმანეთს ვეძებდით, ვავსებდით, ვთიბავდით,/ ვაწვენდით, ვკონავდით, ვკოცნიდით, ვცელავდით”, სადაც კონტექსტი ზმნებს პოლისემიურობას ანიჭებს, ხოლო პარალელიზმების ინტენსიურობის წყალობით, მკითხველი მთხრობელის ისტორიის – მეხსიერების ნაწილი ხდება.
შეიძლება ითქვას, გივი ალხაზიშვილის სეზონური მეტაფორები, თავისი რელიგიური ექსტატიურობით თუ ამაღლებულობით, გარკვეულწილად, პოლ კლოდელისეულ თუ ჯერარდ მენლი ჰოპკინსისეულ რელიგიურ აღმაფრენას მოგვაგონებს, სადაც სამყარო და ღმერთი იგივეობრივია. მსგავსი მაგალითი გვხვდება სხვაგანაც: “ცის ყველა წვეთი/ მხოლოდ მისი თვალებით გიმზერს,/ ვინც გულში გიზის/ და გარე-გარე ვის დაეძებ?!/ შენ კი არა, ის ცოცხლობს შენში.” (“გასეირნება მარტის ჭალაში”), სადაც იმავდროულად პანთეისტური კონტექსტიც იკვეთება, როგორც მსოფლხედვა, ან, გნებავთ, ზნეობრივი პოზიცია. სხვაგან ავტორი იმავეს მიგვანიშნებს: “რა მშვენიერია ველის ყვავილებით/ ზოგჯერ მიწა რომ ამოგხედავს” (“ფსალმუნის მოტივი”).
თუკი ზემოთქმულს გავითვალისწინებთ, მაშინ სულაც აღარ მოგვეჩვენება უჩვეულოდ, რომ გივი ალხაზიშვილის პოეზიაში სამყარო/ღმერთი ამბივალენტურ ცნებებს საკუთარ თავში მოიცავს – გააჩნია როგორი რაკურსით შევხედავთ. მაგალითად, ერთ-ერთ ლექსში სიტყვები – ხელი და აყალო ასოციაციურად ერთმანეთს უკავშირდება: “და ძლივს ვარჩევდი ერთმანეთისგან/ ხელს და აყალოს” (“ეს დღე სად გაქრა?”), სადაც ეს პარალელი ღმერთის მიერ ადამიანის შექმნის ძველ ლეგენდებთან გვაგზავნის. იქნებ ამიტომაც სრულდება ლექსი “მოხუცებულთა თავშესაფარი” თითქოსდა ორაზროვანი სტრიქონებით: “მარტის ბუჩქებთან, გუბეები თვალს რომ ახელენ,/ როცა კაშკაშებს შენს თვალებში მზის ჰალოგენი/ და უძველესი ზმნა დაეძებს ახალ სახელებს”. აქ “უძველესი ზმნა” შეიძლება წავიკითხოთ, როგორც კვდომა/ აღდგომა და, ასევე, როგორც ხსოვნა/ დავიწყება; უოლტ უიტმენის ელეგიის “აკვანი რომელიც მარად ირწევა” მსგავსად, სადაც სიკვდილი და დაბადება ტოლფასი ცნებებია. თუკი სხვაგვარად ვიტყვით და ფრაზას – “უძველესი ზმნა დაეძებს ახალ სახელებს” – პოეზიას დავუკავშირებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ლექსის ქმნა იმთავითვე გულისხმობს პროცესს, როდესაც საგნები დაეძებენ თავიანთ მნიშვნელობას – ზოგჯერ პირვანდელს, ზოგჯერ კი იმას, რაც მათ გაქვავებულ მნიშვნელობებად ქცევისგან დაიცავს. ბოლოს და ბოლოს, პოეზიის არსიც ხომ ეს არის.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ -
ნინო ტეფნაძე – მჭადიანი ბიჭის ამბავი
რა ვქნა, აკაკიზე რამეს რომ ამბობენ, მე არც ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა მახსენდება და არც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. პირველ რიგში ,,ცხელმჭადიანი ბიჭი” ტივტივდება გონებაში ,,ჩემი თავგადასავალიდან”, მერე _ შეძახილი: ბაში-აჩუკი! და ბოლოს _ ძეგლი პირველი გიმნაზიის წინ (თუ გახსოვთ, ხელჯოხი რომელს უჭირავს, ილიას თუ აკაკის?). თუმცა, საქმე არც ეგრეა მთლად. მამაჩემისთვის აკაკი სულ სხვა ადამიანია: კაცური კაცი, მექალთანე, ხანდახან უხამსადაც რომ ხუმრობს და ბანქოს თამაშიც რომ უყვარს.. ვიღაცებისთვის _ იგი ,,სულიკოს” ავტორია, ვიღაცებისთვის _ ილიას დამატება..
ამას წინათ აკაკის მიერ დაწერილ ,,ინტერნაციონალს” გადავაწყდი ინტერნეტში და გამეღიმა, რა კარგად ახერხებენ ხოლმე ქართულის მასწავლებლები ყველაზე არსებითის დამალვას. ყველა, ვის ლექსებსა და მოთხრობებსაც სკოლაში გვასწავლიდნენ, იმდენად სპეტაკი, ურყევი პრინციპების მქონე და კეთილშობილი მეგონა, რომ უნებურად ვკომპლექსდებოდი ხოლმე. ვფიქრობდი, რომ ვინც შეცდომებს უშვებს, ვერასდროს გახდება ხალხისათვის მისაბაძი. მაგრამ ეგრეც არ ყოფილა. ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს, რომ აკაკის დაწერილი აქვს ლექსი, რომელიც იწყება ასე;
,,აღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ!
გაიღვიძე პროლეტარო!”
და შეიცავს სიტყვებს:
,,სხვა სუყველა ტყუილია:
ღმერთი, მეფე, ვინმე გმირი!..
ძალა არის შეერთება –
ერთი ლხინი!.. ერთი ჭირი!..”
როცა ადამიანს წმინდანად რაცხავენ, მის მიმართ ხალხის დამოკიდებულება მკვეთრად იცვლება. რატომღაც ეს ფაქტი (წმინდანობისა) იმდენად მნიშვნელოვანი ხდება, რომ მასთან შედარებით ყველაზე დიდი გმირობაც კი აზრს კარგავს. კარგად მახსოვს, როცა მეექვსე-მეშვიდე კლასში ილიას შესახებ რაღაც ჯგუფურ სამუშაოს ვაკეთებდით, განზრახ ვთქვი უარი, პროექტისათვის ,,ილია მართალი” დამერქმია. მინდოდა, პროექტი მის სასულიერო ცხოვრებაზე კი არა, საგანმანათლებლო მოღვაწეობაზე ყოფილიყო. ხოდა, ძალიანაც მივქარე. მაინც იმ ნამუშევარმა გაიმარჯვა, რომელსაც ,,ილია მართალი” ერქვა და რატომღაც მის პუბლიცისტურ მოღვაწეობას ეხებოდა. აკაკის შემთხვევაშიც ეგრე მოხდება, თუ წმინდანად შერაცხავენ, უმნიშვნელო გახდება მისი ხუმრობებიცა და საზოგადოებრივი მოღვაწეობაც. აკაკის ლექსების შესწავლისას ყველგან რელიგიურ სიმბოლიკას დაუწყებენ ძებნას. ჩვენ კი მასზე ცოტაოდენი კრძალვით მოგვიწევს საუბარი, გადაკრული სიტყვების გარეშე. რიდითა და მოწიწებით უნდა ვახსენოთ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მასა და უბრალო ხალხს შორის ზღვარი წაშლილიყო. და რა თქმა უნდა, აღარავითარი ,,დერვიშები” და ,,სულიკოს” რემიქსები. ასეთ გამოხტომებს აუცილებლად უპასუხებენ მავანნი სიტყვებით: ეს ხომ წმიდა (!) აკაკია!
ნუთუ ქართველობა და მართლმადიდებლობა, ეროვნულობა და რელიგიურობა იმდენად გვერევა ერთმანეთში, რომ შეგვიძლია ყველა შევრაცხოთ წმინდანად, ვისაც კი ეროვნული თვითგამორკვევის საქმეში მცირე წვლილი მაინც შეუტანია? ხომ არ შეგვერაცხა წმინდანად ფიროსმანი (ხო, რაღა მაინცდამაინც მწერლები) ან კიდევ ფარნავაზი, მერე რა, რომ წარმართი იყო.. საკითხავი ისაა, ვის რაში სჭირდება ასეთი წამოწყებები? შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ:
1. ეკლესიას ძალიან სურს ,,არამართლმადიდებელი” მსოფლიოსათვის იმის ჩვენება, რომ ჩვენს წმინდანთა დასს კვლავ ემატებიან წმინდანები.
2. იმავე ეკლესიას ძალიან უნდა რამის ,,მოხდენა”, რათა მუდმივად აქტუალური იყოს _ ზუსტად ისევე, როგორც პოლიტიკოსები აწყობენ ხოლმე მიტინგებს ხალხისთვის თავის შესახსენებლად.
ქართველობისა და მართლმადიდებლობის გაიგივება სახიფათოა _ანუ სახიფათო ტენდენციას უყრის საფუძველს. გამოდის, საჭიროებამ რომ მოითხოვოს, ქართველები არავითარ შემთხვევაში არ აღიარებენ არამართლმადიდებელს სახალხო გმირად, თუნდაც იგი ჩვენი სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში სახელმწიფო და რელიგიური ინტერესები იდენტური ცნებები გახდება, ქართველი და მართლმადიდებელი კი _ სინონიმები. შედეგად კი მივიღებთ ირანის ტიპის სახელმწიფოს, სადაც ყველა ეროვნული მოღვაწე ავტომატურად რელიგიურ მოღვაწედაც ჩაითვლება.
მოკლედ, აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვაზე საუბრის დაწყება ჩემთვის უსიამოვნო პრეცენდენტია.. თუმცა, ჯერ კიდევ დროა გადაწყვეტილების მიღებამდე. კანონიზაციის პრაქტიკა ასეთია: ადამიანის კანონიზაციამდე მისი საფლავი უნდა გაითხაროს და შემოწმდეს სხეულის გაუხრწნელობისა თუ მისი კეთილსურნელების დადგენის მიზნით. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ უნდა დაადგინოს გვამის კეთილსურნელება, იქნებ ამისთვის ცალკე შტატი არსებობს ჩვენს სამღვდელოებაში? კარგი იქნებოდა, თუ უბრალოდ ადამიანები (ე.წ.მრევლი) შეთანხმდებოდნენ კრიტერიუმებზე, რომელთა მიხედვითაც წარიმართებოდა კანონიზაცია, თორემ ისე გამოდის, რომ ოდესმე ყველა ცოცხალი მწერალი მიიღებს ,,საბას”, გარდაცვლილები კი _ შარავანდედს. იქნებ სჯობდეს, ჩვენი საზოგადო მოღვაწეებისათვის პატივის მიგების სხვა ფორმა მოგვეძებნა. დასაწყისისთვის კი, მათ შესახებ სიმართლე გვეღიარებინა და გაიდეალების ნაცვლად, მიგვეღო ისინი ისეთები, როგორებიც იყვნენ: ადამიანურები, მექალთანეები, ,,კარტოჟნიკები”…
პ.ს. ხელჯოხი კი, პირველი გიმნაზიის წინ ნამდვილად აკაკის უჭირავს.© azrebi.ge
-
გურამ მეგრელიშვილი – სოვდაგრების ლიტერატურა
მწერლებს და განსაკუთრებით ქართველ მწერლებს პატრონი რომ არასოდეს ჰყოლია, ახალი ამბავი არ არის. თავის დროზე ამ თემაზე კონსტანტინე გამსახურდიაც წერდა. 1917 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში მწერალი თანამოკალმეების დაქსაქსულობაზე სწუხს და ყველას გაერთიანებისაკენ მოუწოდებს.
„არა მარტო ევროპაში, ჩვენს სამშობლოშიც, საზოგადოების ყოველ ნაწილს, ხელოსნებსაც კი რაღაც ორგანიზაცია აერთიანებთ, რომელნიც ზრუნავენ იურიდიულად დაიცვან საკუთარი წევრების უფლებები და მხოლოდ ქართველი მწერალი და მისი უფლებებია ღვთის ანაბარად მიტოვებული, მისი ნაწარმოებები ხშირად ექსპლუატაციის მსხვერპლი ხდება… არავინ იცავს მწერალს უზურპაციისაგან და სახელმწიფო არ ზრუნავს ორიგინალური ნაწარმოების დაუკითხავად გადათარგმნა-გადაბეჭდვისაგან…“
„ავტორის უფლება ყველგან ხელშეუხებელია, ამ უფლების დარღვევისათვის ბრალდებული ისევე ისჯება, როგორც ყველა სხვა ქონების მიმტაცებელი, ჩვენში კი მწერლობა და მწერლის თავმოყვარეობა აბუჩადაა აგდებული…“
„ევროპაში, ამერიკაში, რუსეთშიც კი ჟურნალების, ალმანახების, მწერალთა ანთოლოგიის გამოცემის სათავეში თვით მწერალნი დგანან და არა თანამგრძნობნი, ან ლიტერატურული სპეკულანტები…“
როცა ამ სიტყვებს გასული საუკუნის დასაწყისში კონსტანტინე გამსახურდია წერდა, ალბათ ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ საუკუნის შემდეგ, ქვეყანაში ამ მხრივ არაფერი შეიცვლებოდა და მწერლისა თუ უზურპატორის ურთიერთობა ისეთივე მწვავე დარჩებოდა, როგორიც მის დროს იყო.
თუმცა საბჭოთა პერიოდში ქართველი მწერლის უფლებების დამცველ ორგანიზაციად „მწერალთა კავშირი“ ითვლებოდა, რომლის წევრობაც ისეთივე ნუმენკლატურული იყო, როგორც იმ ეპოქის სხვა დანარჩენი კავშირები თუ გაერთიანებები. დღედღეობით ყოველი ლიტერატორი საკუთარი შნოსა და გამტანიანობის იმედადაა დარჩენილი და „უზურპატორთან“ საბრძოლველად ბატონი კიხანესავით მარტოსული და უიმედოა. ვერავინ დამაჯერებს, რომ საქართველოში ვინმემ სარჩელი შეიტანოს მისი ნაწარმოების უკანონოდ (კონტრაქტის, ან სიტყვიერი შეთანხმების გარეშე) გავრცელებასთან დაკავშირებით და პროცესი მოიგოს. მაგრამ სასამართლო პროცესს განა იმიტომ ვერ მოიგებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს, არამედ იმიტომ, რომ, როგორც კოწია იტყოდა, „მწერალი ვერა დგას სათანადო სიმაღლეზე“.
იმის შიშით, სხვამ არ დაგვასწროს და რომელიმე სოვდაგარ გამომცემელ-რედაქტორთან „დამეგობრებაში“ არ გადაგვეღობოსო, მწერლები ერთმანეთის ლანძღვა-გინებსასაც არ თაკილობენ და უკეთეს შემთხვევაში, ერთმანეთის ნაშრომს თვალს ისე მოურიდებლად არიდებენ, თითქოს ყურადღების ღირსადაც არ თვლიდნენ.
როგორც წესი, ასეთი სოვდაგრები დროებით დაძმობილებულ მწერლებს ერთჯერადი ცხვირსახოცებივით მოიხმარენ ხოლმე და მერე სანაგვეზე მოისვრიან, რადგან მათთვის ლიტერატურა მხოლოდ შემოსავლის წყარო და დაუკმაყოფილებელი, ვერშემდგარი მწერლობის სხვა პიროვნებაში რეალიზების ამბიციაა. ლიტერატურა კი თავად მწერლის ამბიციას ვერ უძლებს, არამც თუ ვინმე კალკულატორს მიმჯდარი მწერლად არშემდგარი ბუღალტრისა.
ასეთი სოვდაგარი გამომცემელ-რედაქტორები კი იმდენად ახერხებენ ლიტერატურულ წრეზე გაბატონებას, რამდენადაც ამის საშუალებას თავად მწერლები აძლევენ. აბა წარმოიდგინეთ, რომელი მწერალი გაუბედავს გამომცემელს ჰონორარზე დალაპარაკებას ან წიგნის ხარისხის დაწუნებას. ისინი ხომ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნენი არიან, ვისაც უნდა ემადლიერებოდეს ყოველი ლიტერატურული „ონანისტი“, თავის მოწყალე თვალს სწორედ მას, ათასებიდან იმ ერთს რომ მიაპყრობს და თუკი საჭიროდ ჩათვლის, დაბეჭდავს კიდეც.
თუ გაგიმართლა და რომელიმე ყოვლისშემძლემ შენი წიგნი გამოსცა, პრეზენტაციაზე თავად უნდა იზრუნო, საავტორო ეგზემპლარები დაივიწყო, საკუთარი წიგნების გარკვეული ნაწილი იყიდო და მთელი ტირაჟიც რომ შეიძინო, უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ „ოცდაათ წიგნზე მეტი არ იყიდება.“
ხშირად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზემოთ ხსენებულ სოვდაგრებს წიგნის გაყიდვიდან მოგება საერთოდ არ აინტერესებთ. მათი მთავარი მიზანი საკუთარი არაცნობიერი კომპლექსების დაპურებაა და სწორედ ამიტომ, ისეთ ნაწარმოებებს უნთებენ ხოლმე მწვანე შუქს, რომლის ფონზეც თვითონ, ან მათი რჩეული ავტორები მსოფლიო ნოვატორები ჩანან. ჩავატაროთ გამოკითხვა ათ ყველაზე ცნობილ გამომცემელობაში, რამდენს აქვს წაკითხული ის, რასაც გამოსცემს. სამზე მეტი თქვენი მოგება იყოს! ამ ყველაფერზე მე პირადად МАССОЛИТ-ი, იქაური მწერლები და თავმჯდომარე ლატუნსკი მახსენდება მიხეილ ბულგაკოვის რომანიდან.
საქართველოში გამოცემული წიგნების დიდი ნაწილი რომ უპასუხისმგებლოდაა შედგენილი, ახალი ამბავი არც ეს არის. უგემოვნო და უხარისხო დიზაინის ყდებზე აღარაფერს ვამბობ. რედაქტირებულ წიგნებს მგონი მხოლოდ ორი-სამი რედაქტორ-გამომცემელი უშვებს, ანუ მწერალი-მონის ფუნქცია დარედაქტირებასთან ერთად წიგნის დიზაინის შერჩევაცაა.
მწერალთა უმოქმედობა იქაც კარგად ჩანს, რომ ერთმანეთისთვის სიტყვა ვერ შეუწევიათ ჯეროვნად. ერთმანეთის გვერდით ვერ დამდგარან, როცა ამას საჭიროება მოითხოვს და ამის გამო, მწერლის, ამ სოციალურად მნიშვნელოვანი ფიგურის დანიშნულება დღითი-დღე უფასურდება.
ქვეყანაში ძლიერი ლიტერატურული გაერთიანება რომ არსებობდეს, რომელიც თითოეული მწერლის, თითოეული ლიტერატორის უფლებებს იურიდიულად დაიცავს, ასე ადვილად „ხელწამოსაკრავი“ აღარ იქნებოდა ცალკეული მწერალი, სალონი თუ ლიტერატურული წრე. ის, რაც კავკასიურ სახლთან დაკავშირებით მოხდა, თითოეული ჩვენგანის სირცხვილია და „ამაღლებული ხმა“, რომელიც ოთხ კედელს ძლივს გასცდა, სხვა არაფერი იყო თუ არა „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.
ლიტერატურული სივრცე რომ არასოდეს ყოფილა თავისუფალი, ყველამ იცის, მაგრამ რაც ბოლო ოცი წლის მანძილზე ხდება, სრული მარაზმია. გარკვეული ჯგუფები იკავებენ ნიშებს, სადაც შესვლა „უცხო ელემენტებს“ არ შეუძლიათ, ხოლო თუკი ასეთი მაინც გამოჩნდა, უმალ მათ დასვრას, ლანძღვას და განქიქებას იწყებენ. გათავისუფლდა ახალი სივრცე – „ქართული პენ კლუბი“, რომელსაც რეალური შანსი აქვს გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს ხელოვნურად შექმნილ ლიტერატურულ კლიმატზე და ისევ იგივე „დაჯგუფებები“, პირები და „სოვდაგრები“ ცდილობენ ეს სივრცეც შეავსონ და დაიკავონ. მწერლები კი კვლავაც სდუმან. პილატესავით ხელებს იბანენ, რადგან მიაჩნიათ, რომ „გასაკეთებელი ისეც გაკეთდება“, „მოსახდენი ისეც მოხდება“, „სივრცე ისეც შეივსება“.
ჩემი აზრით, მიუხედავად იდეური თუ იდეოლოგიური სხვაობებისა, ახლა იმის დრო ნამდვილად არ არის მწერლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ის მძლავრი იარაღი, რაც ღმერთმა თითოეულ ჩვენგანს მისცა – სიტყვა, მიზანმიმართულად უნდა გამოიყენონ და სადაც საჭიროა, იქ უნდა დადგნენ. ფსევდოპათეთიკური მოწოდებები, თუ როგორი უნდა იყოს პროზაიკოსი და პოეტი, ათი, თხუთმეტი და ოცდაშვიდი მცნებები მათთვის და ა.შ. მხოლოდ არაფრისმთქმელი, ლირიული გადახვევაა და სხვა არაფერი. თითოეულმა მწერალმა მხოლოდ ერთი მწვავე და სიმართლისმთქმელი წერილი მაინც რომ დაწეროს საქართველოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებთან დაკავშირებით, კერძოდ კონკურსების დაბალ დონესა და ცალკეული გამომცემლობების ჰეგემონიაზე, შეცვლით თუ არაფერი შეიცვლება, მკითხველისა და საკუთარ თავის წინაშე მაინც იქნება მართალი.© azrebi.ge
© netgazeti.ge -
ნინო დობორჯგინიძე – ორიოდ სიტყვა მეცნიერების მართვისა და განკარგვის საფრთხეზე
წინათქმასავით
გამოთქმა „მისამართი შეგეშალა“ ქართული ენის მყარი ფრაზეოლოგიზმია, რომელიც სალიტერატურო ენასა თუ ჟარგონში, ოფიციალურ და არაოფიციალურ მეტყველებაში არცთუ იშვიათად შეგხვდებათ. იგი საკმაოდ მოხერხებული ენობრივი მეტაფორაა, რომელიც იმპლიციტურ დონეზე ზუსტად აღწერს ობიექტის გაუმართლებელ გადახვევას, გადახრას მისთვის ბუნებრივი გზიდან ან დაწესებული საზღვრებიდან.
ამ ფრაზეოლოგიზმის პროდუქტულობა, ენაში მისი გამოყენების სიხშირე, შემთხვევითი როდია: ფუნქციონირების, გავრცელებისა თუ გავლენის სფეროებში „მისამართის შეშლა“ ჩვენი სახელმწიფოებრივი, კულტურული და რელიგიური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი და „უწყინარი“ მოვლენაა, ცხადია, უამრავ ბევრად უფრო „საწყინარ“ მოვლენასთან შედარებით. ალბათ, გაგიკვირდებათ, ასეთი ჩვეულებრივი რამ რა გამოსარჩევი იყო. შეიძლება ასეცაა, მაგრამ მე მაინც გეტყვით ჩემს სათქმელს.***
„ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა,
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა“
რუსთველი
გასული საუკუნის ბოლოს საქართველოს ერთიანობის გაფრთხილების მოტივით ორმა ქართველმა ენათმეცნიერმა სცადა გამოეყენებინა ყოფილ საბჭოთა სივრცეში კარგად აპრობირებული მეთოდი, საენათმეცნიერო საკითხებით მანიპულირება. აფხაზური ენის მკვლევარმა, ყოფილი „მთავლიტის“ თანამშრომელმა, ახლა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორმა, თეიმურაზ გვანცელაძემ და ბათუმის ყოფილმა პრეფექტმა, ამჟამად ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორმა, ტარიელ ფუტკარაძემ[1] განსაკუთრებული აგრესიულობით დაიწყეს მეცნიერთა მიერ აღიარებული და მეთოდოლოგიურად დადასტურებული ქართველურ ენათა თეორიის უარყოფა. როგორც ქართულ, ისე უცხოურ სამეცნიერო წრეებში საყოველთაოდ გაზიარებული ეს თეორია ამტკიცებს, რომ არსებობდა წინარექათველური ფუძეენა, რომლის დაშლის შედეგად მივიღეთ სამი ქართველური მონათესავე ენა: ქართული, მეგრულ-ჭანური და სვანური. სამივე ენა საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად თანაარსებობდა – ისტორიამ არ იცის ქართველურ ენებს შორის ფუნქციური სფეროების გადასანაწილებლად თუ გასაყოფად გაჩენილი შუღლი. სალიტერატურო ქართული ენა და კულტურა საერთო ეროვნული ღირებულებაა, მასში ქართველთა ერთიანი ეროვნულ-კულტურული და სახელმწიფოებრივი ცნობიერებაა ინსტრუმენტალიზებული; ჩვენი ისტორიის არცერთ ეტაპზე – ქართველურ ენათა საერთო ისტორიული წარსული კი მართლაც ძალიან ხანგძლივია – ამ ერთიანობას საფრთხე არ დამუქრებია.
წარმოიდგინეთ, ასეთი ხანგძლივი ისტორიით და საერთო ეროვნული ცნობიერებით შეკრულ ერთობას, სამეცნიერო მეთოდოლოგიით მკაფიოდ დადასტურებულ მონათესავე ენებსა და ამ ენების მატარებელ ქართველობას საეჭვოდ იდეოლოგიზებული ორი თუ სამი ენათმეცნიერი[2] სრულიად თვითნებურად უცვლის ენობრივ რუკას და სთავაზობს უსაფუძვლო, მეცნიერულ მტკიცებულებებს მოკლებულ თეორიას, რომ მათი ენები, მეგრულ-ჭანური და სვანური, ენები კი არაა, დიალექტებია.
არ არის საჭირო ლინგვისტიკის და განსაკუთრებით სოციოლინგვისტიკის ცოდნა, დაკვირვებული კაცი ისედაც მიხვდება, რა დიდი საფრთხე იმალება საენათმეცნიერო საკითხებით ამგვარ მანიპულაციებში: მეგრელებსა და სვანებს, ანუ ორ მილიონზე მეტ ქართველს, რომელთაც გარდა ერთიანი ეროვნული ქართული სალიტერატურო-სამწერლობო ენისა, ადგილობრივი არასამწერლობო ენებიც აქვთ და საერთო-ეროვნულ ქართულთან მათი თანაარსებობა არასდროს გამხდარა რაიმე თვალსაზრისით მტკივნეული, უცებ უცხადებ, რომ ეს თქვენი სიმდიდრე, მეგრული ან სვანური ენები, სინამდვილეში დიალექტებია და რომ ენებად ისინი საბჭოთა სპეცსამსახურებმა შერაცხეს.[3] თუ გავითვალისწინებთ ენისადმი ამ ენის მატარებლის განსაკუთრებით მგრძნობიარე დამოკიდებულებას და ისტორიულად კარგად დოკუმენტირებულ კონცეპტუალიზაციებს, იოლი მისახვედრია, რა საფრთხე იმალება ამგვარ მანიპულაციაში. ალბათ, ამ საფრთხეს მოერიდნენ ქართველი ლინგვისტები, როცა „წაუყრუეს“ ორი ენათმეცნიერის ახირებას და საჭიროდ არ ჩათვალეს იმ აქსიომის მტკიცება, რასაც დღეს ენათმეცნიერებაში საერთო ქართველური ფუძეენისა და ქართველურ ენათა თეორია ჰქვია. მაგრამ აბსურდულ თეორიას წაყრუებამ ვერაფერი დააკლო, პირიქით, ეს ფსევდომეცნიერები ქართველურ ენათა მოქმედი კლასიფიკაციის რევიზიას არ დასჯერდნენ და პატრიოტული ან მოღალატეობრივი ნიშნით ქართველ და უცხოელ ენათმეცნიერთა (ძირითადად ქართველოლოგების) კლასიფიკაციასაც შეუდგნენ. ტ. ფუტკარაძემ ორ ჯგუფად დაყო ენათმეცნიერები: პატრიოტებად და „საქართველოს დაშლა-დაქუცმაცების მომხრე პრორუსულ ძალად“.[4]
ქართველურ ენათა მიმართ ამგვარმა დამოკიდებულებამ დიდი თავსატეხი გაუჩინა ახალ კლასიფიკატორებს; მათაც კი ეხამუშათ, რომ “საქართველოს დაშლა-დაქუცმაცების მომხრე პრორუსული იმპერიული ძალების” თანამოაზრეებად გამოეცხადებინათ ალექსანდრე ცაგარელი, იოსებ ყიფშიძე, თედო სახოკია, აკაკი შანიძე, ივანე ჯავახიშვილი, ვარლამ თოფურია, გიორგი ახვლედიანი, არნოლდ ჩიქობავა, გივი მაჭავარიანი, თამაზ გამყრელიძე და სხვა ცნობილი ენათმეცნიერები, რომელთა სახელსაც უშუალოდ უკავშირდება ამ თეორიის შექმნა და განვიათარება. ამიტომაც ტაბუ დაადეს ცნობილ მეცნიერთა სახელებს, თითქოს ქართველურ ენათა თეორია მათი შექმნილი არ იყოს, თითქოს სამარცხვინოთა ჯგუფში შეყვანილი უცხოელი ქართველოლოგები ამ თეორიის მხოლოდ ცალკეულ საკითხებს არ ამუშავებდნენ. მოკლედ, ტ. ფუტკარაძემ და თ. გვანცელაძემ „სამარცხვინოთა“ სიის პირველი, მთავარი და განსაკუთრებით საჩოთირო ათეული „გადამალეს“ და ასე შეადგინეს „საქართველოს დაშლა-დაქუცმაცების მოსურნე ენათმეცნიერთა“ შავი სია.
ახლა გადავხედოთ პატრიოტ ენათმეცნიერთა “საპატიო” ჯგუფს. ცხადია, აქ მოხვდნენ თავად კლასიფიკატორები იმ “მოწინავე ქართულ საზოგადოებასთან”[5] ერთად, რომელსაც თანამზრახველობას აბრალებენ: აქაოდა მარტო ჩვენ კი არა, მათაც სჯერათ, რომ მეგრული და სვანური ქართველური ენები კი არაა, ქართულის დიალექტებიაო.[6] ტ. ფუტკარაძის ეს ახალი თეორია თ. გვანცელაძემ რამდენიმე საუკუნით “დააძველა” და იგი გერმანული წარმოშობის რუს ექიმს, ბუნებისმეტყველსა და მოგზაურს, იმპერატრიცა ეკატერინე მეორის ემისარს, იოჰან ანტონ გიულდენშტეტს დაუკავშირა.[7] აქ არ დავიწყებ კამათს იმის თაობაზე, რამდენად უადგილო და რბილად რომ ვთქვა, შეუფერებელია საენათმეცნიერო დისკუსიაში ექიმის, გეოგრაფისა და მოგზაურის, ან თუნდაც ცნობილი საზოგადო მოღვაწის მოსაზრებებით მანიპულირება; არაფერია გასაკვირი იმაში, „ენისა და კილოს საყოველდღეო ცნება მეცნიერულისგან”[8] რომ განსხვავდებოდეს, უცნაური და მიუღებელი ისაა, პროფესიით ენათმეცნიერი ტ. ფუტკრაძე და თ. გვანცელაძე მეგრულისა და სვანურის, როგორც ენების, განსაზღვრებისას არა ენათა იმანენტურ სტრუქტურულ ნიშნებს, არამედ სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა, მათ შორის საზოგადო მოღვაწეების, ემოციური შეფერილობის გამონათქვამებს რომ ეყრდნობიან.
ენათმეცნიერთა დაყოფამ პატრიოტებად და საქართველოს ერთიანობის მტრებად როგორც იქნა, გამოაფხიზლა ლინგვისტები. პოლიტიზებულ ენათმეცნიერთა ბრალდებებს ბევრმა ქართველმა და უცხოელმა მეცნიერმა გასცა პასუხი; პატრიოტთა აგრესიულ ახირებას სამართლიანად უწოდეს „მეცნიერულად გაუმართავი და იდეოლოგიურად საშიში“.[9] მართლაც, იგი ცეცხლთან თამაშს უფრო ჰგავს, ვიდრე კამათს, ვინაიდან ენისადმი ამ ენის მატარებლის მძაფრ ემოციურ განცდებს ეხება უხეშად. ენის სტატუსით მანიპულირება და საენათმეცნიერო საკითხების იდეოლოგიზება კარგად ნაცადი საბჭოური ხერხია, ენის მატარებელთა უკმაყოფილებისა და სამართლიანი გაღიზიანების გამოსაწვევად.
ორი ენათმეცნიერის სახიფათო დაჟინების მიუხედავად, მაინც ნაკლებად იყო მოსალოდნელი, რომ მათი ახირება რაიმე განსაკუთრებულ წონას შეიძენდა, რომ არა საპატრიარქოს, რბილად რომ ვთქვა, არამეცნიერული, არაკომპეტენტური და ამასთან ხმამაღალი ჩარევა მეცნიერთა დისკუსიაში. სამწუხაროდ, საპატრიარქო სრულიად გაუმართლებლად ჩაერთო კამათში არა ერთ-ერთი მონაწილის, არამედ არბიტრის ფუნქციით. ჯერ იყო და საპატრიარქოს ტელეგადაცემებით დაიწყო პროპაგანდა, რომ მეგრული და სვანური ენები კი არაა, არამედ დიალექტებია და რომ ენებად ისინი თურმე საბჭოთა სპეცსამსახურებმა გამოაცხადა. საპატრიარქოს მიერ ხელდასხმულმა ტ. ფუტკარაძემ და თ. გვანცელაძემ საბჭოსპეცსამსახურების იდეების გამავრცელებლებად მონათლეს ის ქართველი და უცხოელი ენათმეცნიერები, ვინც ქართველურ ენათა თეორიას ემხრობა.
ამ ისედაც საშიშ თამაშს კიდევ უფრო ამძაფრებდა ტ. ფუტკარაძისა და თ. გვანცელაძის აგრესიულობა ცნობილი ევროპელი ქართველოლოგების მიმართ. ტ. ფუტკარაძემ ქართველოლოგებს შორის გამორჩეულად მაღალი სამეცნიერო რეიტინგის მქონე ენათმეცნიერს, პროფესორ ვინფრიდ ბოედერს, ვის სახელსაც ასე მჭიდროდ უკავშირდება ქართველური ენების შესახებ კვლევის ჩართვა საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიებში, სამეცნიერო მეთოდოლოგია დაუწუნა და „საბჭოთა სტერეოტიპებით აზროვნება“ უსაყვედურა.[10]
უკეთესი დღე არც სხვებს დასდგომიათ. ზოგიერთ უცხოელ ქართველოლოგს ბრალდება “დაუმძიმეს”, საგანგებო მამხილებელი საბუთი შეუთითხნეს და მარქსისტულ-ლენინურ ენათმეცნიერებასთან პირდაპირი კავშირი „დაუდგინეს“. მაგალითად, თ. გვანცელაძემ მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორს, იოსტ გიპერტს უცხოურ, განსაკუთრებით რუსულ, სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა დაუმტკიცა იმით, რომ პროფესიით ირანისტი იოსტ გიპერტი სლავისტად და, ამდენად, რუსეთის იმპერიალისტური ინტერესების გამტარებლად გამოაცხადა.[11] პროფესორმა იოსტ გიპერტმა აღშფოთება ვერ დამალა – ის ხომ სამართლებრივ ქვეყანაში ცხოვრობს და ვერც კი წარმოუდგენია, როგორ შეიძლება, საუნივერსიტეტო ეთიკამ ასეთი ცილისმწამებლური ქმედება დაუშვას – და მკაცრი წერილით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი ხუბუას; წერილის ასლი მან გადაუგზავნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრს, საქართველოს პატრიარქს.
პროფესორ გიორგი ხუბუასადმი გაგზავნილ წერილში იოსტ გიპერტი ითხოვდა მომხდარზე „სამეცნიერო ეთიკის ნორმების შესაბამისად“ რეაგირებას:
„ბატონო რექტორო, თქვენთვის გასაგები უნდა იყოს, რომ უფლება არა მაქვს, იგნორირება გავუკეთო ჩემ მიმართ გამოთქმულ შეურაცხყოფასა და ცილისწამებას, როგორც აკადემიური საზოგადოებისთვის შეუფერებელ და ყოვლად გაუგებარ ქმედებას. მსურს დაჟინებით გთხოვოთ, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, შესაბამისი რეაგირება მოახდინოთ აკადემიური ეთიკის თვალსაზრისით და შეაჩეროთ საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის ყოვლად უღირსი ცილისმწამებლური გამოხდომა თქვენი თანამშრომლის მხრიდან. … მანამდე კი შეუძლებლად მიმაჩნია ჩვენი უნივერსიტეტების თანამშრომლობის შესახებ საუბარი. გარდა ამისა, მოვლენების განვითარებისდა შესაბამისად, უფლებას ვიტოვებ, თეიმურაზ გვანცელაძის ქმედებას მივცე სამოქალაქო სამართლის შესაბამისი მსვლელობა“.[12]
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ივანე ჯავახიშვილიც დაავიწყდა, სამეცნიერო ეთიკაც და საკუთარი პროფესიაც – ის იურისტია – და უპრეცედენტო რამ ჩაიდინა: არათუ დაინტერესდა იოსტ გიპერტის წერილში მონათხრობით, არათუ გაარკვია საქმის რეალური ვითარება, პირიქით, უკიდურესად გაამწვავა საქმე უსამართლო ქმედებით: პროფესიით იურისტმა რექტორმა პირადი საუბრების (რექტორის ახსნაა) საფუძველზე გააუქმა ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება იოსტ გიპერტის, ვინფრიდ ბოედერისა და ბერნარ უტიესთვის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის მინიჭების თაობაზე და საბჭოს მიერ დადგენილი ამ სამი კანდიდატურიდან ამოაგდო მისი აზრით საეჭვო რეპუტაციის მქონე იოსტ გიპერტი. საინტერესოა, განდობილ პროფესორებთან საუბრის გარდა კიდევ რომელი სანდო მეთოდოლოგიით იხელმძღვანელა მეცნიერმა იურისტმა, იოსტ გიპერტის არასანდოობააში რომ დარწმუნებულიყო და საბჭოს გადაწყვეტილება შეეცვალა? რას ვიზამთ, ისიც ქართველია და „მისამართი შეეშალა“. ამაში ის არც პირველია და არც უკანასკნელი. ამიტომ პასუხსაც არავინ მოსთხოვს.
მოკლედ, კამათი ყოველგვარ სამეცნიერო საზღვარს გასცდა და ქართველოლოგიას, როგორც სამეცნიერო დარგს, აშკარად დაემუქრა ევროპული და საერთაშორისო მეცნიერებისგან ჩამოშორებისა და პროვინციალურ და შოვინისტურ დარგად ქცევის საშიშროება. იგი აშკარად გადაიხარა მეცნიერულად დაუსაბუთებელი და იდეოლოგიურად საშიში თამაშისკენ. ამაში მას ისევ საპატრიარქოს ავტორიტეტი წამოეშველა, თორემ, ზემოთაც ვთქვი, ორი ადამიანის ახირება დიდი ვერაფერი საფრთხე იქნებოდა. საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ქართველი ლინგვისტები პროფესიული პატიოსნებით იცავდნენ საკუთარ პოზიციას ქართველური ენების შესახებ.[13] მიუხედავად ამისა, ლინგვისტების მოსაზრებებით საპატრიარქო დიდად არ დაინტერესებულა, თავად გადაწყვიტა საენათმეცნიერო საკითხები – საქართველოს ერთიანობისთვის აჯობებს ენას დიალექტი, ან რამე შუალედური ტერმინი, ვთქვათ, განშტოება, დავარქვათო.
ლინგვისტთა არგუმენტაცია საპატრიარქომ არასაკმარისად მიიჩნია და ენათმეცნიერების ინსტიტუტში ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებოდ გამართულ შეხვედრაზე მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე მიავლინა. შეხვედრის ყველა მონაწილემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა საპატრიარქოს წარმომადგენელს მტკიცე პოზიცია ქართველურ ენებთან დაკავშირებით და დაწვრილებით უამბო იმ საფრთხეების შესახებაც, რაც ამგვარ ანტიმეცნიერულ და იდეოლოგიზებულ „დაკვეთას“ შეიძლებოდა მოჰყოლოდა; ამასთანავე, შეახსენა ის მეცნიერული „უხერხულობაც“, რაც საენათმეცნიერო საკითხებით მანიპულაციას მოსდევს ხოლმე. ლინგვისტებმა პატივისცემა და ერთგულება დაუდასტურეს მიტროპოლიტს, მაგრამ არ გაიზიარეს საპატრიარქოსთვის სასურველი თვალსაზრისი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან.
სხვათა შორის, აკადემიკოს ანდრია აფაქიძისადმი მიძღვნილ მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე მიტროპოლიტმა თავის გამოსვლაში საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ ცოდნა და რწმენა მჭიდროდ უნდა დაუახლოვდეს ერთმანეთს და მეცნიერება ზნეობრივი უნდა გახდეს. ნუთუ ზნეობრიობასა და სიახლოვეში ამგვარ ყურმოჭრილ სამეცნიერო მორჩილებას გულისხმობენ ეკლესიის მესვეურები? თუ არა, მაშინ რა არის ასეთი უხეში ჩარევა სამეცნიერო კამათში, სამეცნიერო არგუმენტაციის მიმართ სრულიად გაუმართლებელი უნდობლობა, საენათმეცნიერო საკითხებით მანიპულირება და ცეცხლთან თამაში ისეთი სათუთი და საფრთხილო კონცეპტებით, როგორიცაა ენის სტატუსი და ენის მიმართ ამ ენის მატარებლის დამოკიდებულება?
მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძესთან შეხვედრაზე ენათმეცნიერთა გამოსვლები ცალკე მონოგრაფიად დაიბეჭდა ზემოთდასახელებულ კრებულში ქართველური ენები და დიალექტები (ერთი სამეცნიერო პოლემიკის გამო). შეხვედრის ყველა მონაწილე – კრებულში თხუთმეტი ქართველოლოგის გამოსვლაა დაბეჭდილი – ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საკუთარ პოზიციას, რომ მეცნიერებაში ისინი „სხვა მოძღვარს“ ემორჩილებიან და არ აპირებენ ხელი აიღონ სამეცნიერო პატიოსნებაზე, არ აპირებენ მტკნარი სიცრუე მეცნიერულ ღირებულებად გამოაცხადონ. ამის საილუსტრაციოდ გთავაზობთ ამონარიდებს ამ კრებულში დაბეჭდილი გამომსვლელების სიტყვიდან:
„ჩემთვის, როგორც ენათმეცნიერისა და ქრისტიანისთვის, უფრო მისაღები, პატიოსანი ნაბიჯი იქნება, საერთოდ განვერიდო მეცნიერებას, ვიდრე ვიქადაგო სიცრუე, … მე მირჩევნია, დიდ ქართველ მეცნიერებთან: ალექსანდრე ცაგარელთან, ნიკო მართან, ივანე ჯავახიშვილთან, იოსებ ყიფშიძესთან, აკაკი შანიძესთან, გიორგი ახვლედიანთან, არნოლდ ჩიქობავასთან, ვარლამ თოფურიასთან, გიორგი როგავასთან, ქეთევან ლომთათიძესთან, ტოგო გუდავასთან, გივი მაჭავარიანთან, თამაზ გამყრელიძესთან, ბესიკ ჯორბენაძესთან, ავთანდილ არაბულთან და სხვებთან ერთად საქართველოს მტრის იარლიყი მქონდეს მოკერებული, ვიდრე მავანივით პატრიოტის სახელი დავიჩემო და საქმით ვუმტრო საქართველოს“ (გვ. 9-10). „…სამწუხაროა, რომ მათ შეცდომაში შეიყვანეს პატრიარქი, მიაწოდეს მას მცდარი ინფორმაცია, … მათ საჩივრით მიმართეს განათლების სამინისტროს, … უფრო მეტიც, გაზეთ „ახალი თაობის“ ფურცლებიდან დაგვემუქრნენ კიდეც პოლიტიკოს ლ. მარშანიას პირით, თუ არ გავიზიარებთ ფუტკარაძე-გვანცელაძის თვალსაზრისს, ისინი დასკვნას დაუდებენ პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს. … რა, თუკი მათ მიერ შერჩეული პოლიტიკოსები, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე მიიღებენ გადაწყვეტილებას, აკაკი შანიძის, არნოლდ ჩიქობავას, ვარლამ Fთოფურიასა და სხვათა მეცნიერული შედეგები „გაუქმდება“? (გვ. 11) „… არ ხდება მეცნიერული არგუმენტირება, არამეცნიერული ინათლება მეცნიერულად, … ასეთ შემთხვევაზე იტყვიან, კომენტარი ზედმეტიაო“ (გვ. 12).
გარდა ამგვარი ემოციური შეფერილობის გამოსვლებისა, ენათმეცნიერები მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის უსაფუძვლო თეორიას[14] წმინდა ლინგვისტური არგუმენტებითაც დაუპირისპირდნენ და შეახსენეს ისტორიულ-შედარებით ენათმეცნიერებაში აღიარებული თეორია ენათა ოჯახების შესახებ, წინარეენის დივერგენცია-დიფერენციაციის ცნობილი პროცესები და ის ლინგვისტური კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზე დგინდება ზღვარი ერთი საერთო ენიდან მომდინარე ენებსა და დიალექტებს შორის (იხ. კრებული, გვ. 18-19), შეახსენეს ენისა და დიალექტის ტერმინთა სპეციფიკა თეორიულ ენათმეცნიერებაში, შედარებით ენათმეცნიერებასა და სოციოლინგვისტიკაში (კრებული, გვ. 6-7). მიტროპოლიტს პირდაპირ უთხრეს, რომ ისინი, ვისაც რატომღაც ზედმეტად ენდობა საპატრიარქო, არამეცნიერული და პოლიტიზებული იდეების მქადაგებლები არიან, თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს და მათ თავი არიდეთო. შდრ.: „მოხდა პრობლემების პოლიტიზირება: მეცნიერული პრეტენზიის მქონე კოლეგები აცხადებენ, ვინც ჩვენს თვალსაზრისს არ გაიზიარებს, ის ქვეყნის, ერის მტერიაო. … ამთავითვე გვინდა განვაცხადოთ: მეცნიერული საკითხის პოლიტიზებას არასოდეს არ მოუტანია სიკეთე არც მეცნიერებისათვის და არც პოლიტიკისთვის“ (კრებული, გვ. 75).
საპატრიარქოს მესვეურებს ენათმეცნიერებმა ოცდაათიანი წლების მწარე ისტორიაც შეახსენეს, როცა აკაკი შანიძის, ვარლამ თოფურიას, გიორგი ახვლედიანისა და სხვათა მეცნიერულ თვალსაზრისებს საბჭოთა მეცნიერების მესვეურები ეძახდნენ „რეაქციულს, სრულიად მიუღებელს და ფორმალისტურ-სოფისტიკურს, რომელსაც ენგელსმა უკვე გასცა გამანადგურებელი პასუხი“ (კრებული, გვ. 78-81); ხსენებულ კრებულში მთელი თავი ეთმობა საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ ცნობილი ენათმეცნიერების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს; სამოცდაათ გვერდზე მოთხრობილ ამ სამარცხვინო ამბებს ასეთი სათაური აქვს: „საუბედუროდ, ისტორია მეორდება“ (კრებული, გვ. 75-135). ამით ლინგვისტებმა იმაზეც მიანიშნეს ოპონენტებს, რომ თქვენი დღევანდელი გამონათქვამები საეჭვოდ ემსგავსება წინამავალი საბჭოთა მესვეურების გამონათქვამებსო. მაგრამ ამ „უცნაურმა მსგავსებამ“ მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ვერ დააფიქრა, მას ვერ გადაათქმევინა საკუთარი თუ სხვათა ნაკარნახევი სამეცნიერო ახირება, ვერ შეაგონა, არ მიეღო მონაწილეობა ისტორიის ამგვარ გამეორებაში, და ვერც საპატრიარქოს შეუცვალა პოზიცია. პირიქით, საქართველოს პატრიარქმა საშობაო ქადაგებაში ლამის დააკანონა ეს ახირება, როცა უარყო მეთოდოლოგიური მტკიცებულებები და საკმაო კატეგორიულობით გამოაცხადა, რომ მეგრული და სვანური დიახაც ქართულის დიალექტებიაო.
სამწუხაროდ, ამითაც არ დამთავრებულა ყველაფერი. პატრიარქის ბრძანებით შეიქმნა ორი კომისია: ერთი – საისტორიო, რომელსაც დაევალა საქართველოს ჭეშმარიტი ისტორიის დადგენა თუ შემუშავება და მის ხელმძღვანელად დაინიშნა სწორედ მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, რომლის მეცნიერული შესაძლებლობები, რბილად რომ ვთქვა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მას ღიად დაუდასტურეს ენათმეცნიერების ინსტიტუტში შეკრებაზე დიდი პატივისცემა და მოწიწება. ამ შეხვედრაზე, სხვათა შორის, ყველა გამომსვლელი ამით იწყებდა სიტყვას და არწმუნებდა მიტროპოლიტს, შეცდომაში შეგიყვანეს თქვენც, საპატრიარქოც, თავად პატრიარქიც, საშიშ ცეცხლს ეთამაშებით, სამარცხვინო ისტორიის გამეორებას გეგმავთ უმეცრებით და ნუ მოგვთხოვთ მორჩილებას მეცნიერებაში, ვერ დაგემორჩილებით, ამას მოღალატის ტიტული გვირჩევნიაო.
სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ ერთი უკუღმართობაც უნდა ვახსენო, ეს გახლავთ ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მაამებლობის სენი. ენათმეცნიერები გულწრფელად ფიქრობენ, რომ მიტროპოლიტის ნაწერებს არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს მეცნიერებაში და მით უმეტეს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, გავლენა მოახდინოს მეცნიერული აზრის განვითარებაზე. ყველაფერ ამას ისინი პირდაპირ წერენ ზემოთდასახელებულ კრებულში, მაგრამ რა ქნან, იძულებულები არიან, „აამონ“ მიტროპოლიტს და სიმართლე, მეცნიერული პრინციპულობა ყალბი ქებისა და მორჩილების სიტყვებით გააზავონ: ზემოთდასახელებულ კრებულში ენათმეცნიერები, ერთი მხრივ, ამტკიცებენ, რომ ქართველური ენების მიმართ ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ „ანგაჟირებული პოლიტიკანი კვაზიმეცნიერების“ უსაფუძვლო მოსაზრებაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ უსაფუძვლო მოსაზრების ერთ-ერთ ავტორს, საპატრიარქოს წარმომადგენელს, ასეთი სიტყვებით მიმართავენ: „თქვენ არამარტო ჩვენი დედაეკლესიის თვალსაჩინო მღვდელთმთავარი ბრძანდებით, … თითოეული ჩვენგანი თქვენ აღგიქვამთ როგორც მეცნიერს, ისტორიკოსს, ვინც არცთუ მცირედი ღვაწლი დასდო საქართველოს ეკლესიისა და ზოგადად ქართველი ერისა და საქართველოს ისტორიას… პატრიარქთან და ეკლესიასთან კი კამათს არც ერთი მორწმუნე მეცნიერი არ აკადრებს, არც ეკლესიას და არც საკუთარ თავს, როგორი დარწმუნებულიც არ უნდა იყოს საკუთარი პოზიციისა და ცოდნის უცდომელობაში“ (კრებული, გვ. 8).
რა გამოდის? გარკვეული სივრცის ფარგლებში, გნებავთ განსაკუთრებული ავტორიტეტის მქონე ადამიანთა წინაშე მეცნიერი ჭეშმარიტების მეთოდოლოგიურ ძიებაზე ამბობს უარს? როდის არის ის გულწრფელი, როდის უნდა დავიჯეროთ მისი? ნუთუ დღეს ეკლესიამ მეცნიერული კამათისთვის მოიცალა, როცა მორალურად, სოციალურად თუ სხვა თვალსაზრისით სრულიად დაუცველი მრევლი ჰყავს, ამდენი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი? რა ჰქვია ამ ყველაფერს, თუ არა მეცნიერთა უფლებებსა და საქმიანობაში უხეშად ჩარევა, როცა დისციპლინარულ (და არა აღმსარებლობით) სფეროში მეცნიერებისგან მეთოდოლოგიური გამართულობისა და სიზუსტის მაგიერ სრულიად გაუმართლებელ მორჩილებას ითხოვენ?
საქართველოს პატრიარქის ბრძანებით შექმნილმა მეორე კომისიამ ენათმეცნიერების ჭეშმარიტი საფუძვლები უნდა დაადგინოს. მის ხელმძღვანელად დაინიშნა ფუტკარაძე-გვანცელაძის მესამე თანამზრახველი, ქალბატონი მანანა ტაბიძე. ზემოთაც ვთქვი და ახლაც უნდა გავიმეორო, რომ ეს უკანასკნელი პირველი ორისგან ნამდვილად განსხვავდება მეტი ტაქტით, მაგრამ ეს ბევრს ვერაფერს შველის, როცა ენათმეცნიერებს არა ენათმეცნიერი, არამედ სხვა ვინმე, თუნდაც დიდი ავტორიტეტის მქონე საქართველოს პატრიარქი უნიშნავს „დირექტორს“ თუ იდეოლოგს. რა, შეიცვალა მეცნიერებაში მუშაობის მეთოდოლოგია? ეკლესიამ უნდა განსაზღვროს და დააკანონოს, რა არის ჭეშმარიტი ისტორია ან ლინგვისტიკა, ან რომელიმე სხვა დარგი?
დღეს ამ კითხვებზე პასუხი, სამწუხაროდ, არ არსებობს. ისტორია, კი, რაგინდ ერთმნიშვნელოვნად ბნელი და სამარცხვინო არ უნდა იყოს, მაინც მეორდება: აკაკი შანიძის, გიორგი ახვლედიანის, ვარლამ თოფურიას, ნიკო ბერძენიშვილის, ივანე ჯავახიშვილის და სხვათა მეცნიერული ნააზრევი, თურმე ნუ იტყვით და, ყოფილი მთავლიტის თანამშრომლებმა და მათმა თანამოაზრეებმა უნდა დაადგინონ ხელახლა. გულწრფელი მკითხველი იოლად მიხვდება და დამეთანხმება, რა სამარცხვინოა საბჭოთა, განსაკუთრებით ოცდაათიანი წლების, ისტორიის გამეორება, როცა ხალხის ბელადმა მეცნიერებას, მეცნიერული მეთოდოლოგიის კეთილსინდისიერად მიმდევარ პროფესორებს „წითელი პროფესურა“ მიუჩინა ზედამხედველად და მეცნიერული მორჩილება უბრძანა. დღევანდელ, განსხვავებული ფერის პროფესორებს (წითელი აღარ არის „მოდაში“, პატრიოტი ენათმეცნიერები „საქართველოს დაშლა-დაქუცმაცების მომხრეთა“ წინააღმდეგ ახლა სხვა ფერით გაძლიერდნენ), მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ მეთოდოლოგიის მიმდევარი მეცნიერების იდეოლოგიზება და მორჩილებაში ყოლა გასული საუკუნის ოცდაათიან წლებშიც კი ვერ მოახერხა იმ დროს ხალხის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილმა ბელადმა და მისმა გარემოცვამ. ამის იმედი დღესაც ნურავის ექნება, თავს ნუ მოიტყუებს მაამებელი საზოგადოების ფიცითა და მორჩილებით.
კიდევ ერთი სამწუხარო ანალოგია მაშინდელსა და დღევანდელს შორის: ოცდაათიან წლებში ქართულ ენათმეცნიერებას ევროპულ სამეცნიერო კონტექსტთან ახლოს ყოფნას და საბჭოური ლენინური ენობრივი პოლიტიკის ურჩობას ედავებოდნენ. შდრ.: „პროლეტარიატის რევოლუციური თეორიისთვის ასეთი თვალსაზრისი უცხოა, … მისი (იგულისხმება გიორგი ახვლედიანი) თეორია რეაქციულია და მიუღებელი, … სავსებით ყალბია, ამგვარად საკითხის დაყენება წმინდა წყლის ინდოევროპეიზმია, დოგმატური თეზა იმპერიალისტური ენათმეცნიერების გულმავიწყი პედანტობის ნაყოფია… ისინი (პროფესორი გიორგი ახვლედიანი და მისი თანამოაზრეები) სუბიექტური იდეალიზმის საფუძვლებზე იდგნენ, მათ წინააღმდეგ გამანადგურებელი ბრძოლა ლენინმა გააჩაღა“ (მასალები დამოწმებულია ზემოთდასახელებული კრებულის ერთ-ერთი თავიდან: „საუბედუროდ, ისტორია მეორდება“, გვ. 83-85).
სამიზნე დღესაც თანამედროვე „ინდოევროპეისტიკა“, უფრო ზუსტად, მაღალი სამეცნიერო რეიტინგის მქონე ჩვენი ევროპელი კოლეგებია, რომლებიც, გაგიკვირდებათ და, ჩამორჩენილები და ლენინურ-სტალინური თეორიის მიმდევრები ყოფილან. აკაკი შანიძის, გიორგი ახვლედიანის, ვარლამ თოფურიასა და სხვათა ნაშრომები, უნივერსიტეტიდან იმ დროს სამარცხვინოდ გაძევებული ივანე ჯავახიშვილი კი საბჭოთა სტერეოტიპებისგან თურმე ახლა უნდა გაათავისუფლოს მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძისა და მანანა ტაბიძის კომისიამ.ბოლოთქმასავით
სანამ ამ წერილს დავწერდი, თითქმის ყველა ქართველ ლინგვისტს ვესაუბრე და ვთხოვე მათ, აეხსნათ საპატრიარქოს წარმომადგენლებისთვის, თავად პატრიარქისთვის ამ გაუმართლებელი ნაბიჯის საფრთხეები. ყველა მეთანხმება, იზიარებს ჩემს პოზიციას, მაგრამ ხმამაღლა არავის არაფერი უთქვამს. მესმის მათი – ვთქვით, დავწერეთ კიდეც, მთელი კრებული მივუძღვენით ამ პრობლემას, მაგრამ რა, მაინც ვერაფერს გავხდითო. მხოლოდ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს ვერ შევხვდი. ისე, სიმართლე გითხრათ, რომ შევხვედროდი, არც ვიცი, რა უნდა მეთქვა, როგორ ამეხსნა, რომ იგი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ენათმეცნიერი, ვალდებულია მისივე აკადემიის საპატიო წევრს – საქართველოს პატრიარქი ხომ აკადემიის წევრია – აუხსნას პრობლემის არსი და მასთან დაკავშირებული რეალური საფრთხე.
ვიცი, რომ მოურიდებლად ვწერ, სხვებივით ჩემს დიდ მოწიწებას და პატივისცემას ვერ ვუდასტურებ ვერც მიტროპოლიტს და ვერც დანარჩენებს, ვისაც მეცნიერების ამგვარი რევიზია თუ „კომისიაზე გატარება“ მოუვიდა თავში აზრად, მაგრამ თავს ვერ მოვიტყუებ და არც მკითხველის მოტყუებას ვაპირებ. ისე, თუ ვინმეს აინტერესებს, ადრე მეც და ჩემი კოლეგებიც სხვა „ტონით“ ვწერდით ამ საკითხებზე; ქართველმა და უცხოელმა ლინგვისტებმა სხვადასხვა დონეზე (თეორიული ენათმეცნიერება, შედარებითი ენათმეცნიერება, სოციოლინგვისტიკა) სიღრმისეული კვლევებით აჩვენეს ფუტკარაძე-გვანცელაძისა და მიტროპოლიტის სამეცნიერო ახირების უსაფუძვლობა, მაგრამ უშედეგოდ, კვლევით არავინ დაინტერესებულა, პირდაპირ დასკვნა დადეს, სტატუსი შეუცვალეს მეგრულ და სვანურ ენებს და ამ „სიახლის“ ბედი სამეცნიერო მეთოდოლოგიას, შესაბამისად, სამეცნიერო წრეებს კი არა, დიდი ავტორიტეტის მქონე საქართველოს პატრიარქს მიანდეს. უდავოდ „ჭკვიანური“ გათვლაა, როცა მეცნიერი გავლენიან თანამოაზრეებს დაეძებ და არა მეთოდოლოგიურ სანდოობას. ამიტომაც გადაიტანეს ეს კვაზიმეცნიერება კარგად დაცულ ადგილას, საპატრიარქოში, იმ იმედით, რომ იქ სამეცნიერო არგუმენტაციის გარეშეც შეიძლება მიზნის მიღწევა, ამ „ახალი თეორიის“ დაკანონება.
მიზანს კი მიაღწიო და, მისამართი რომ შეგეშალა, ამაზე პასუხს ვიღა მოგთხოვს?[1] საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში ამ ენათმეცნიერთა პოსტებს შემთხვევით არ ვახსენებ. ერთი ჩემი კოლეგის თქმისა არ იყოს, „საქმეში ჩაუხედავ ადამიანს ეგონება, ფუტკარაძე-გვანცელაძე რაღაც ღვთის სასწაულით გადარჩენია საბჭოური იდეოლოგიის მანქანას ან საერთოდ არ უცხოვრიათ ამ ეპოქაში. ისე კი ბატონი გვანცელაძე იმ ავადსახსენებელი კომუნისტების დროს მთავლიტში საკმაოდ ანგარიშგასაწევ ფიგურად ითვლებოდა და მისი ვიზირების გარეშე აფხაზურად ჩიტიც კი ვერ იჟღურტულებდა არასაბჭოურად“ (კრებული: ქართველური ენები და დიალექტები, გამომცემლობა მერიდიანი 2007, გვ. 52).
[2] ამ წყვილს მესამე, შედარებით თავშეკავებული თანამზრახველიც ჰყავს, ქალბატონი მანანა ტაბიძე, რომელიც პირველი ორისგან ნამდვილად განსხვავდება აგრესიის ხარისხით.
[3] იხ. ტ.ფუტკარაძის ბროშურა სათავე და პერსპექტივა ქართული სამწიგნობრო ენისა, 2006 წ.
[4] ტ. ფუტკარაძე, სათავე და პერსპექტივა…, გვ. 59.
[5] ტ. ფუტკარაძე 2006(ა): 58-59.
[6] იქვე.
[7] თ. გვანცელაძე, არის თუ არა გაგებინება ენის დიალექტისაგან გამიჯნვის კრიტერიუმი?, ჟურნალი ენათმეცნიერების საკითხები 2003, 2, გვ. 170-176.
[8] იხ. ვ. ბოედერი, ენა და კილო ქართველოლოგიაში, ჟურნალი ენათმეცნიერების საკითხები 2005, I-II, გვ. 196-240, აქ გვ. 197.
[9] ქართველ ენათმეცნიერთა შეფასებები იხ. კრებულში ქართველური ენები და დიალექტები.
[10] შდრ. „სინამდვილის კვლევას დიდად უშლის ხელს იმპერიის გეგმის შესაბამისად დაგეგმილი სამეცნიერო ასპარეზის პოლიტიზება. სამწუხაროდ, ბოლო ოთხმოცი წლის განმავლობაში, როცა მეცნიერეული აზრი მთელ მსოფლიოში შთამბეჭდავად განვითარდა, ქართველი ერის ეთნოკულტურის თუ ენის ისტორია ძირითადად საბჭოთა იმპერიის პერსპექტივის შესაბამისი ტერმინოლოგიით შეფასდა; რამდენიმე თაობის განმსჭვალავი ლენინურ-სტალინური თეორიები ენათმეცნიერებაშიც არამეცნიერული გზით დამკვიდრდა. არაიშვიათად, საბჭოური სტერეოტიპები აისახებოდა „საბჭოთა კავშირის ენების/კულტურების უცხოელ მკვლევართა შრომებშიც კი, რაც ბოლომდე დაძლეული ჯერ კიდევ არ არის.. იხ. მაგ. ვ. ბოედერი 2005“ (ტ. ფუტკარაძე, ტერმინოლოგიური შეფასება, განათლების დაგეგმვა და საზოგადოების თვითაღქმა. მოხსენება “ქართველი ხალხის სოციოკულტურული ანთროპოლოგიისა და ეთნოლინგვისტური კვლევის სიმპოზიუმზე. გვ. 1-18, ბათუმი).
[11] იხ. თ. გვანცელაძის ინტერვიუ (გაზეთი „ახალი თაობა“, 30 აპრილი, 2007).
[12] პროფ. იოსტ გიპერტის წერილი იხ. კრებულში ქართველური ენები …, გვ. 57-61.
[13] გარდა სამეცნიერო პუბლიკაციებისა, ქართველური ენების სტატუსის შესახებ ლინგვისტებმა თავიანთი მტკიცე პოზიცია მრავალჯერ გამოხატეს უშუალოდ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრებზე; მაგალითად, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში 2008 წელს, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელობისა და პროექტის „ენობრივი სიტუაცია საქართველოში“ მონაწილეთა შეხვედრაზე საპატრიარქოში.
[14] მიტროპოლიტმა დასკვნის სახით ასე ჩამოაყალიბა საპატრიარქოს „გზავნილი“ ენათმეცნიერთა შეკრებაზე: „მეგრული და სვანური არა თუ ქართული კულტურის ფორმირების ეპოქაში (ე.ი. IV-X საუკუნეებში) იყვნენ დიალექტები (ესაა ჩემი თვალსაზრისი), არამედ ისინი ამჟამადაც დიალექტები არიან (ესაა ბატონ ტ. ფუტკარაძის თვალსაზრისი). იხ. კრებული „ქართველური ენები და დიალექტები, გვ. 31.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
მალხაზ ხარბედია – თარგმანიშ ბედჟი ანუ სიცილი ფობიების წინააღმდეგ
მგონია, რომ როცა ორი ენა არსებობს – მნიშვნელობა არა აქვს, ერთი ფუძე ენიდან წარმოიშვნენ ისინი, ახლო ნათესაობა აკავშირებთ თუ გარე ბიძაშვილები არიან – ეს უკვე ნიშნავს, რომ ამ ენებიდან ურთიერთთარგმნაც შესაძელებელია. ყველაზე ხშირად თარგმანი კულტურათა დიალოგია, უცხოს გაგება, უცხოში შეღწევის სურვილი, თუმცა არის შემთხვევები, როცა თარგმანი გარკვეულ ცნობისმოყვარეობას ან სპორტულ ინტერესს აღვიძებს, როცა თარგმანი გვართობს და გვალაღებს, ან ყურადღებას იქცევს როგორც კერძო შემთხვევა, ერთი ადამიანის ახირება თუ თავგანწირვა. თარგმანზე საუბრისასაც ხომ არაერთხელ უხსენებიათ სიგიჟე, შეშლილობა და თარგმანს ზოგჯერ ფსიქოლოგებიც კი იკვლევენ ხოლმე და არამხოლოდ ლიტერატურათმცოდნეები.სიგიჟედ მიაჩნია ზოგიერთს ქართულიდან მეგრულად ან სვანურად თარგმნის პრაქტიკაც, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ზოგიერთი სულ სხვა აზრს დებს სიგიჟეში და მას პრაქტიკულად სეპარატიზმთან აიგივებს. ასეთები სიფხიზლისკენ მოგვიწოდებენ და ლინგვისტური დივერსიებით გვაშინებენ. არის კიდევ რელიგიური საკითხი, როცა წმინდა წერილს თარგმნიან მეგრულად ან სვანურად და რის გამოც ეს თავგანწირული, გმირი მთარგმნელები, უეცრად, ყველგან უცხონი აღმოჩნდებიან ხოლმე (მორის ბლანშო წერდა, “მთარგმნელი უცხოა, იგი ნოსტალგიით ცხოვრობს და თავისი ენის ნაკლად და ხარვეზად აღიქვამს ყველაფერს, რასაც ორიგინალი ჰპირდება მას”), მათ ყველგან თრგუნავენ, ყველა ეჭვის თვალით უყურებს. ეს ცალკე თემაა და ცალკე წერილს იმსახურებს. სხვათა შორის, რუსებს რელიგიურ საკითხთან დაკავშირებითაც ხშირად იმოწმებენ, თითქოს მთარგმნელები, ეს მეოცნებე და შრომისმოყვარე ადამიანები მათი დაკვეთით მუშაობდნენ და თარგმნიდნენ იოანეს სახარებას. რა ვუყოთ, რომ რუსეთის საყვარელი თემაა ჩვენი მშობლიური ენები და ხშირად მათი იდეების დასაყდენიც კი. ამის გამო ფობიებით ხომ არ უნდა გავიბეროთ? თარგმანის ყოველ მცდელობას ეჭვის თვალით ხომ არ უნდა ვუყუროთ? ამ შიშებს, სიფრთხილესა და შეზღუდულობას ხომ არ უნდა შევწიროთ ჩვენი უმდიდრესი ენები? როდემდე უნდა ვიყოთ ასეთი დაძაბულები და სერიოზულები?აქედან ერთ გამოსავალს ვხედავ, გართობას, მხოლოდ ცნობისმოყვარეობით სავსე სილაღე თუ დაგვამარცხებინებს ამ შიშებს, მხოლოდ კარნავალურობით, სიცილითა და ხარხარით უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანების შეზღუდულობას, ვისაც ჰქონია, რომ მეგრული და სვანური ენები მხოლოდ ყოფისთვის არსებობს. ეს ყოფა, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო მძიმდება, სწორედ თარგმანით შეიძლება დაძლიო, თარგმანით, რომელიც გაგაკვირვებს, განგაცვიფრებს, სახტად დაგტოვებს და ბოლოს, ამ ენებისკენ მოგაბრუნებს. ამას ვამბობ მე, მალხაზ ხარბედია, მეგრული ენის შვილი, რომელმაც მეგრული არ ვიცი და ამის გამო ვწუხვარ.დღეს სწორედ ასეთ “გასაკვირალ”, საოცარ თარგმანებს გთავაზობთ, ფრაგმენტებს, თითო აბზაცს თანამედროვე „მაზალო“ ფილოსოფიური და ლიტერატურათმცოდნეობითი ნაშრომებიდან – გადასვანურებურს და გადამეგრულებულს. ამით მინდოდა ზღვრამდე მიგვეყვანა ის დაძაბულობა და ზიზღიც კი, რასაც ქართულიდან მეგრულად ან სვანურად თარგმნა იწვევს ხოლმე განათლებულ საზოგადოებაში. ესაა ერთგვარი აქცია, გნებავთ დეკონსტრუქტიული აქტი, ოღონდ დერიდას დეკონსტრუქციისგან განსხვავებით, მე ძველი, უკვე ძალიან გაღარიბებული ურთიერთობების დეკონსტრუქციის იმედი მაქვს. და ეს იქნება დეკონსტრუქცია სიცილით. P.S. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონებს, ლამარა მილდიანსა და ანა ქოჩუას, რომელთაც გაიზიარეს ჩემი ეს ახირება და დამეხმარნენ ამ აქციის განხორციელებაში. მეტი მოხერხებულობისთვის და ეფექტისთვის, მოყვანილია ქართული და შემდეგ უკვე მეგრული ან სვანური პარალელური ტექსტები. ტექნიკური სირთულის გამო იძულებული გავხდით ზოგიერთ მეგრულ და სვანურ სიმბოლოებზეც გვეთქვა უარი, თუმცა იმედი მაქვს, მეგრელები და სვანები ისედაც ადვილად მიხვდებიან ტექსტის შინაარსს, ქართული “დედნის” დახმარებით კი ნებისმიერს შეუძლია გაერკვეს ამ თარგმანებში.
ჟან-ფრანსუა ლიოტარი
პოსტმოდერნის მდგომარეობაამ გამოკვლევის საგანი ცოდნის მდგომარეობაა თანამედროვე, ყველაზე განვითარებულ საზოგადოებებში. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ მდგომარეობას “პოსტმოდერნი” ვუწოდოთ. ეს სიტყვა ამერიკის კონტინენზე იშვა სოციოლოგებისა და კრიტიკოსების წყალობით და იგი აღნიშნავს კულტურულ მდგომარეობას იმ ტრანსფორმაციების შემდეგ, რომელიც XIX საუკუნეში განიცადა მეცნიერებაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში არსებულმა თამაშის წესებმა <...> ლეგიტიმაციის მეტანარატიული მექანიზმის ხმარებიდან გამოსვლასთანაა დაკავშირებული, კერძოდ, მეტაფიზიკური ფილოსოფიის კრიზისი. ნარატიული ფუნქცია კარგავს თავის ფუნქტორებს: დიად გმირს, საოცარ ხიფათს, თავგადავლებსა და დიად მიზნებს. იგი ენობრივ, ნარატიულ, დენოტატიურ, პრესკრიპტიულ, დესკრიპტიულ და სხვა ნაწილაკებად იფანტება, რომელიც თავის თავში ატარებს პრაგმატულ ვალენტობას sui generis.
ჟან-ფრანსუა ლიოტარ
პოსმოდერნიშ ოფათე გითგორუაშ საქმე გურაფაშ ოფა რე, არძოშ უმოს რდილ ჯარალუებს! ჩქი გინოვჭყვიდით თე ოფას “პოსტმოდერნ” დუძახათი. თე სიტყვაქ ამერიკაშ კონტინენტის დებად სოციოლოგებიშ დო კრიტიკოსეფიშ ჭყოლოფუათ, დო თენა შინანს კულტურულ ოფას თი ტრანსფორმაციეფიშ უკულიანს, ნამუთ XIX საუკუნეს გინიღ გურაფუაქ, ლიტერატურას დო ხემორძგვობას რენ თი ლააფიშ წესებქ <...> ლეგიტიმაციაშ მეტანარატიულ წესეფიშ რგებაშა რე მებუნაფილ, გიშართილო მეტაფიზიკურ ფილოსოფიაშ კრიზის. ნარატიულ ოქიმნალ ოდინუანს მუშ ოქმინალს: ვერეხ გერგეზის, გასაკვირ ოშკურანჯის, დუდსგინულირ ამბებს დო მიოჭირნაფალებს. თენა ნინაშ, ნარატიულ, დენოტატიურ, პრესკრპტიულ, დესკრიპტიულ დო შხვა ნასოფერეფათ აკმოცენს, ნამუთ მუშ დუდით გილუღ პრაგმატულ ვალენტობაშ sui generis.
ჟაკ დერიდა
ფილოსოფია და ლიტერატურალოგოცენტრიზმის დეკონსტრუქცია გაცილებით ნელი და რთული საქმეა, და ცხადია, არ შეიძლება უბრალოდ თქვა: “ძირს”. მე ამას არასოდეს ვამბობ. მე მიყვარს ენა, მიყვარს ლოგოცენტრიზმი. თუკი მინდა, რომ საფრანგეთში ფილოსოფიის სწავლება აღვადგინო, როგორც ინსტიტუტი, მხოლოდ იმისთვის, რომ მეტაფიზიკა ვასწავლო. მე ვიცი, რომ მეტაფიზიკა გვჭირდება და არასოდეს მითქვამს, რომ იგი, უბრალოდ, სანაგვეზე უნდა მოვისროლოთ. და მაინც, მე დაბეჯითებით ვრჩები იმ აზრზე, რომ საბოლოოდ, თუკი გინდათ დარჩეთ თანმიმდევრულნი მთლიანობაში მთელი წამოწყების მიმართ, უნდა შეინარჩუნოთ იდეა ლოგოცენტრიზმის დეკონსტრუქციისა, რადგან ამ საერთო არქიტექტურაში ყველა და ყველაფერი ლოგოცენტრიზმზეა დამოკიდებული.
ჟაკ დერიდა
ფილოსოფია დო ლიტერატურალოგოცენტრიზმიშ დეკონსტრუქცია უმოს ზორზია დო ძნელ ოქმნალ რე დო ჯგირო იძირე, ვეშილებე თეშ ქოთქუენ: “თუდო”. მა თეს დღას ვავრაგადანქ. მა მიორს ნინა, მიორს ლოგოცენტრიზმ. თინა ქუმოკო საფრანგეთის ფილოსოფიაშ გურაფა გევოპონედა, ხვალე თიშენ ნამდა მეტაფიზიკა ვოგურუე. მა მიჩქ ნამდა მეტაფიზიკა მოსაჭირუნა დო დღას ვამთქუალ გვამიშ გინაათამალ რემაქი… დო იშენ მა ჩქიმ აზრის გევსკიდუქ, ნამდა ბოლოშა ქუმოკონა ქუვორდათ ართიანშმეუნელ ართობასდა ოკო დივჩუათ აზრი ლოგოცენტრიზმიშ დეკონსტრუქციაშ, მუშენ და თე არქიტექტურაშ ართო რინას ირკოჩ დო იფრელ ლოგოცენტიზმის მობუ.
მაიკლ რიფატერი
ფორმალური ანალიზი და ლიტერატურის ისტორიალიტერატურის ისტორიას, პირველ ყოვლისა, ლიტერატურის გენეზისი აინტერესებს, მისი შინაარსი, ლიტერატურის მიმართება გარერეალობასთან და, აგრეთვე, ტექსტის მნიშვნელობათა ის ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია საზოგადოების იდეური ევოლუციით. ფორმალური ანალიზი კი, პირიქით, მიმართულია თვით ტექსტზე, რომელიც ნიადაგ უცვლელია; შემდგომ – სიტყვების ურთიერთმიმართებაზე ტექსტის ფარგლებში (ე.ი. უფრო ფორმაზე, ვიდრე – შინაარსზე); ბოლოს, ის განიხილავს ლიტერატურულ ნაწარმოებს, როგორც გარკვეული პროცესის საწყის წერტილს (და არა როგორც ამა თუ იმ პროცესის საბოლოო პუნქტს ან პროდუქტს). ამგვარად, ესაა ორი ურთიერთშემავსებელი მიდგომა.
მაიკლ რიფატერ
ფორმალურ ანალიზ დო ლიტერატურაშ ამბელიტერატურაშ ამბეს უმოსო ლიტერატურაშ ჩხვიჩხვ ოინტერეს, მუშ დინახალენ, ლიტერატურაშ გალეოფირ დო თიწკუმა ართო ტექსტიშ, დინახალენიშ თირუა ნამუთ ჯარალუეფიშ აზრიშ ევოლუციეფიშ ჭყოლოფუა რე. ფორმალურ ანალიზ უმოსო ტექსტის მიკაჯინე დო ნერჩის ვათირინას: ანწიან-ნარაგადუეფ ართიანშო ტექსტეფიშ ამბეს (უმოსო ფორმას, დინახალენშე უმოსო); ბოლოს, ლიტერატურაშ ქიმინელებს გინაჯინე მუჭოთ დუდმანჩხვერ წერტილს (დო ვართ თე ვარა თი პროცესიშ ბოლო პუნქტის დო ნამუშერს). ოდო, თენა რე ართიანიშგაფშალ მერინა.
მეგრული ენის ზუგდიდურ დიალექტზე თარგმნა ანა ქოჩუამ
მორის ბლანშო
თარგმანის შესახებმთარგმნელი განუმეორებელი ორიგინალობის მწერალია, თანაც იგი ორიგინალურია სწორედ იმაში, რაზეც მას თითქოს პრეტენზია არა აქვს. მთარგმნელი ენობრივ გასნხვავებათა იდუმალი მეუფეა, მაგრამ მისი ამოცანა ამ განსხვავებათა გაუქმებაში როდია, არამედ იგი იყენებს მას, რათა მკვეთრი ან მსუბუქი ძვრებით მშობლიურ ენაში “დააარსოს” ის, რითაც თავისი დასაბამიერი უცხოობით ორიგინალი ხასიათდება. მართებულად შენიშნავს ბენიამინი, რომ მსგავსება აქ არაფერ შუაშია: როცა სურთ, რომ სათარგმნი მასალა ორიგინალს ჰგავდეს, ლიტერატურული თარგმანი შეუძლებელი ხდება. საუბარია უფრო იგივეობაზე, რომელიც სხვადასხვაობიდან იღებს დასაბამს.
მორის ბლანშო
თარგმანიშ ბედჟიმუთარგმნაი – ეჯჯიშ ქალულანკე მუირილი, ხედვაის მაჯონ დემეგ ხორი. ჯი ქალულანკე ი ჯიგარ ლი ეჩეისგა, ხედვაშ ბედჟი პრეტენზია დეი ხუღვა. მუთარგმნაი იშგენ-იშგენ ნინრე უშდილ მახვში ლი, მარე მიჩა გვეშ ალ იშგენ-იშგენიშ მაჯონობიშ ლიკვანე დემეგ ლი, ჯი ამის იმარგე ეჯიაქ ერე, მეგჭე მადეი ჰაში ლიქვთუნეშშ მიჩა ნინლისგა ხუნ ოსდას ეჯის, ხედვაიშშ ხედურდ მოშ ლი ლიწსალუნღვე ორიგინალიშ ნინ. გვამიდ ტკიც ლი ბენიამინ, შომას ტული ერე მაჯიან ამეჩუ დემთე ხეჩდა. შომას ხაკუხ ერე ლეთარგმნაი ორიგინალს თხუმუნდირ ხაჯეშდეს, ლიტერატურულ ლითარგმნაის დემეგ ხარ ლასყი. ამეჩუ რაგად ლი ეჯ მაჯონღა, ხედვაის იშგენ-იშგენხენ ხარ ლაბნა.
როლან ბარტი
ავტორის სიკვდილიკლასიკური ყაიდის კრიტიკას არაფერი ესაქმებოდა მკითხველთან; მისთვის ლიტერატურაში მხოლოდ ის არსებობს, ვინც წერს. ახლა უკვე ვეღარ მოგვატყუებენ ამგვარი ანტიფრასისებით, რომელთა მეშვეობითაც პატივცემული საზოგადოება კეთილშობილური გულისწყრომით ქომაგობს მას, ვისაც სინამდვილეში იგი ზღუდავს, უარყოფს, ახშობს და ანადგურებს. ახლა ჩვენ უკვე ვიცით: იმისთვის, რათა წერას განაღდებული ჰქონდეს მომავალი, აუცილებელია დავამხოთ მითი მის შესახებ – მკითხველის დაბადების საზღაური, ავტორის სიკვდილია.
როლან ბარტი
ავტორიშ დაგრახუნიერ (კლასიკურ) კრიტიკას მამაგვეშ გვეშ ხუღვა მუჭვდიცახან, მიჩეშიაქ ერვა აირი. ათხე სერ დეშ გვეღროვალხ ამჟიშ ანტიფრასარშვ ხედიარშვ ჴევ უჯგუშუნდ ხეწენალ ეჯის, ხედვაის ტკიცუშვდ აბირკლანი, ხომავინე, ხაწკუმერნე ი ქვინს ხოქვცე. ათხე ნა აშგვიხალ: ეჯიაქ ერე ლიირის ხოჩა დრევ ოხხედნი, ხეკვეს ერე ჩუ ოლჩუბად ბაქ მიჩა ბედჟი – მუჭვდიაშ ლითუალიშ მუწნი ავტორიშ დაგრალი.
ჯეფრი ჰარტმანი
ლიტერატურის ისტორიისკენშეიქმნა თუ არა ლიტერატურული ფორმის შედარებით ფართო კონცეფცია? არსებობს ოთხი მნიშვნელოვანი თეორია: ჯერ ერთი, მარქსისტული კრიტიკა, რომელიც აშკარად წამოჭრის ელიტურობის საკითხს; შემდგომ – ნორტროპ ფრაის თეორია არქეტიპების შესახებ; და ბოლოს, სტრუქტურალისტური თეორიის ორი განშტოება – ერთი მხრივ, კლოდ ლევი-სტროსის კონცეფცია, მეორე მხრივ კი – ა. რიჩარდსისა და ინგლისურ-ამერიკული კრიტიკის მიერ შექმნილი სისტემები. ვიმედოვნებ, დაგარწმუნებთ, რომ ფორმის მნიშვნელოვანი ახალი თეორია თანდათანობით მუშავდება.
ჯეფრი ჰარტმან
ლიტერატურაშ ისტორიათე
ანსყანმა ლიტერატურაშ მაშრი კონცეფცია? არი ოშთხვ აზრ: ჩიდ მანკუ მარქსისტულ კრიტიკა, ხედვაიერე ტკიცუშდ ასყი ჟიხიარე (ელიტურობის) საკითხს. ეჩქანღვე – ნორტროპ ფრაიშ თეორია არქეტიპრე ბედჟი; ი ღოშგიმ, სტრუქტურალისტურ თეორიაშ იორი აშხალ – აშხვთე კლოდ ლევი-სტროსიშ კონცეფცია, მერმათე – ა. რიჩარდსიშ ი ინგლისურ-ამერიკულ კრიტიკოლე ნასხათვ სისტემოლ. იმედ მარ ერე, სგა ჩუაიჯურვისგ ეჩეისგა ერე, ფორმაშ ლეჯრავ მახე თეორია ზზმზზმჟი ისყი.ზემოსვანურის ბალსქვემოური სვანურით თარგმნა ლამარა მილდიანმა
პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტზე tavisupleba.org -
მალხაზ ხარბედია – ბუკინისტები ალტერნატიულ ტფილისში
ისევ ვაგრძელებ ალტერნატიულ ტფილისზე წერას. შეგახსენებთ, რომ ამ გასართობს 2 წლის წინ შევყევით რამდენიმე ვირტუალური მეგობარი. შარშან ნოემბერში კი ჩემი წილი ნაოცნებარი თავისუფლების ბლოგებზე განვავრცე. თავიდან „ტფილისური ჯაზის ალტერნატიული ისტორიით“ დავიწყე, მოგვიანებით მას „ალტერნატიული ტფილისის ტექსტი“ მოჰყვა. წელს, თებერვალში კი – „რესტორნები ალტერნატიულ ტფილისში“ . დრომ მოიტანა და ალტერნატიული ტფილისის ციკლს კიდევ ერთი – წიგნების და ბუკინისტების – თემაც უნდა შევმატოთ, მორიგი ოცნება, რომელიც ცოტათი მაინც შეამსუბუქებს 10-დღიან მძიმე რეალობას და სულ სხვა, შესაძლებელ ქალაქს დაგვანახებს, ნაცვლად დღევანდელი, უწიგნებოდ დარჩენილი ქალაქისა. ერთი სიტყვით, ბრძოლა „წიგნის გეტოს“ წინააღმდეგ გრძელდება, ამჯერად ოცნებითა და პარალელური სამყაროთი.ნაბეჭდი წიგნების ისტორია ტფილისში XVII საუკუნიდან იწყება. ამ პერიოდში შემოაღწია ჩვენს ქალაქში პირველმა წიგნებმა, მათ შორის ქართულმა წიგნებმა, რომლებიც ჯერ კიდევ 1629 წელს დაიბეჭდა რომში. XVIII საუკუნის დასაწყისში ქალაქში სტამბაც დაარსდა და ნაბეჭდი წიგნის პირველი ბიბლიოთეკებიც გაჩნდა.ყველაზე მდიდრული კოლექციები, რა თქმა უნდა, მეფეებს ჰქონდათ. კარგი კოლექცია ჰქონია ვახტანგ VI-ს, ხოლო ბიძამისის, გიორგი XI-ის ბიბლიოთეკა მთელს აზიაში იყო განთქმული და კათოლიკე მისიონერები მასთან ათენ-აღამებდნენ თურმე. ევროპელების ხათრით მეფეს თანამოქალაქეებისთვისაც მიუცია წიგნებით სარგებლობის ნება და წლების მანძილზე ტფილისის მოქალაქეებიც ხშირად სტუმრობდნენ თურმე მეფის ბიბლიოთეკას. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტფილისის პირველი საჯარო ბიბლიოთეკა უკვე XVIII საუკუნის დასაწყიში არსებულა, ბიბლიოთეკა, რომელიც 1723 წელს, ჯერ მაჰმადყულიხანის ჯარის, ბოლოს კი ოსმალების შემოსვლის შემდეგ თითქმის მთლიანად განადგურებულა.XVIII საუკუნის ქართული მწიგნობრობის ისტორიის ყველა დეტალის მოსათხრობად აქ არც დრო გვაქვს და არც ადგილი. ამიტომ ათწლეულებს გადავახტები და პირდაპირ იმ დროში გავჩერდები, როცა ქალაქში პირველი წიგნით მოვაჭრენი გაჩნდნენ. ხელნაწერ წიგნებს ყოველთვის ბევრი მუშტარი ჰყავდა ტფილისში, მაგრამ ნაბეჭდი წიგნების მაღაზიები მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და მათი გაჩენიდან სულ რამდენიმე თვეში პირველი ქუჩის მოვაჭრეებიც გამოვიდნენ გარეთუბნის ქუჩებში, ერევნის მოედანზე, სოლოლაკში, კალოუბანში და ორბელიანთუბანში. ამგვარი კონკურენცია დიდხანს არ გაგრძელებულა: ჯერ კიდევ XIX საუკუნის 40-იან წლებში დადეს ძმობისა და ერთობის ხელშეკრულება ქუჩის მოვაჭრეებმა და მდიდრული მაღაზიების მფლობელებმა. ეს უკანასკნელნი ხშირად თავიანთ წიგნებს ატანდნენ ხოლმე ჩამოვლაზე წასულ გამოცდილ, მოლასავით ხმამჭექარე ვაჭრებს და ჩვენი ქალაქი წიგნის ავტორების გვარებითა და დასახელებებით ივსებოდა.დავუშვათ, გახსნა რეზანჯიანცმა ერივანსკიზე წიგნებისა და ნოტების მაღაზია. გავიხედოთ და 2-3 თვეში მის მაღაზიას მაშინათვე ვინმე ზარიძე მიემაგრებოდა და ხან ჩამოფასებულ წიგნებს ყიდდა (რაც ძალიან იშვიათი იყო, რადგან წიგნი ფუფუნების საგანი გახლდათ), ანდა აღმა-დაღმა დადიოდა და ახალ წიგნებს სთავაზობდა სოლოლაკელ დიდებულებს. მომდევნო წლებშიაც, XIX საუკუნის 60-80-იანებშიც, არაერთი ასეთი კავშირი შედგა. მაგალითად, ტფილისში გრიქუროვის წიგნების მაღაზიაზე მეწიგნე ტახირა მუშაობდა, ლორის მელიქოვის ქუჩაზე, ზუბალოვის სახლებში განთავსებულ გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიიდან კი გამთენიისას წიგნებით დატვირთული ორი თათარი გამოდიოდა ხოლმე – ერთი სასახლის ქუჩაზე ამოუხვევდა, მეორე კი ქვევით ეშვებოდა, მტკვრისკენ.ამ ტფილისურ ტრადიციას თავის დროზე უცხოელმა წიგნით მოვაჭრეებმაც აუბეს მხარი. გაზეთ „კავკაზში“ ვკითხულობთ, რომ 1846 წელს ფრანგ პელტიეს პარიზიდან აუარება ფრანგული წიგნი ჩამოუტანია და ქალაქის მთავარ მოედანზე გაუხსნია წიგნის ფარდული, იქ, სადაც მეძეხვე ფერარი macaroni-ს, stoffato-სა და ღორის კატლეტებს ყიდდა, ქალბატონი ლაბიელი კი – ნამცხვრეულსა და შამპანურს. სულ მალე საქმე ისე აუწყვია პელტიეს, რომ ფერარი და ქ-ნი ლაბიელიც წიგნებზე გადასულან. ეგ კი არა, ლაბიელს ტფილისის გარეთაც გაუტანია წიგნები და, როგორც გრიგოლ ორბელიანის ერთი წერილიდან ვიგებთ, ზაფხულში კოჯორშიც ხშირად გაიგონებდით თურმე მისი ბიჭების შეძახილებს.XIX საუკუნის რამდენიმე ათეული წლის მანძილზე წიგნები საკმარისად დაძველდა იმისთვის, რათა ტფილისში ბუკინისტური მაღაზიები და ქუჩის პირველი ბუკინისტებიც გაჩენილიყვნენ. 60-70-იანი წლების ქალაქში უკვე 10-მდე ასეთი მაღაზია იყო, ქუჩებში კი იდგნენ: ალექსანდრეს ბაღში დათიკო ლაზარევი, სასახლის ქუჩაზე ზაქარია ჭიჭინაძე, ერივანსკიზე სიმონა, ხაფო და ლუკა, გოლოვინზე კი, კადეტთა კორპუსის ჩაყოლებაზე და კაზიონნი თეატრის წინ (ახლანდელ ოპერასთან) – ქალაქელი პოეტები: დოლმაზოვი, სიამაშვილი, ცაფცას ზანგი და გალუსტ შიხიანი.1876 წელს, ქალაქის თავად მოსვლისთანავე, დიმიტრი ყიფიანი პირველი იყო, ვისაც „წიგნისუბნის“ შექმნის იდეა გაუჩნდა და ორ წელიწადში განახორციელა კიდეც ეს ოცნება. „წიგნის უბანი“ განოვსკაიაზე გაშენდა (ახლანდელი გალაკტიონის ქუჩა) და სულ მალე ქუჩის მწიგნობრები ველიამინოვის ქუჩასაც მოედნენ. იქ ძირითადად ღვინის სარდაფები იყო, სადაც კურდღელოვის მარანში, სხვათა ღვინოებს შორის, თავად ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის ჩინებული კახური ღვინოებიც იყიდებოდა, ხოლო ამ სარდაფის გვერდით მეწიგნე ფაფუკა ილიასავე წიგნებს ყიდდა, რაზეც ბევრს ხუმრობდა ხოლმე აკაკი.XX საუკუნის დასაწყისიდან წიგნის ქუჩები გაჩნდა ვერაზე, მტკვარს გაღმა მიხეილის პროსპექტზე, ასევე დიდუბეში, ვაკეში, სადაც დიდი საუნივერსიტეტო ქალაქი გაშენდა ვარაზის ხევიდან ახლანდელ ვაკის პარკამდე. სწორედ ამ უბანში გაჩნდა 20-იან წლებში ქალაქის ყველაზე დიდი წიგნის ქუჩა, ზაქარია ჭიჭინაძის სახელობისა, რომელსაც არაერთხელ ახსენებენ თავიანთ ნაწერებში ბორხესი და უმბერტო ეკო, არტურო პერეს-რევერტეს ერთ-ერთი რომანის, „კრივის მასწავლებლის“, მოქმედება კი მთლიანად ამ ქუჩაზე ვითარდება.ომის შემდგომ პერიოდში წიგნის მოყვარულების ცხოვრება ახლიდან განვითარდა, გაჩნდა მაღაზიათა ახალი ქსელები, კონკურენციამ კი ძველი წიგნისუბნელები აიძულა, სხვა ხერხებისთვის მიემართათ. 60-იან წლებთან ერთად წიგნი და მუსიკა ძალიან დაუმეგობრდა ერთმანეთს და ტფილისური წიგნის ქუჩები ჯაზისა და როკის მოყვარულმა შფოთიანმა ახალგაზრდებმა გაავსეს.შედარებით მოწყენილი და გაწონასწორებული 80-იანების შემდეგ დადგა პოეტი-ბუკინისტების ახალი თაობის დროც, მაშინ ყველა ყიდდა წიგნებს, ომარა, გელა, შოთა, ბადრი, უშანგი, ჯონდი და მამუკა. მათ ხშირად სხვა მწერლებიც ამოუდგებოდნენ ხოლმე გვერდით, ზოგს ჭაჭის არაყი მოჰქონდა გასათბობად, სხვას კიდევ – პორტვეინი და ჩირი. პოეტმა ომარამ 90-იანების ბოლოს იმდენს მიაღწია, რომ წიგნისუბანში, ორი ქუჩის კუთხეში გახსნა პატარა ფარდული, სადაც მისი ორივე ცოლი ერთად მუშაობდა, შეხმატკბილებულად. ამაზე პოეტმა იმირ მამედლიმ ლექსიც კი გამოუთქვა ომარას:აქა გნახე მაშინ შენიორი ცოლის თანხლებით,გვერდებს როგორ გიმშვენებდნენგამხდრები და მაღლები.ვითომდაც ვერ შეგამჩნიე,ჩაგიქროლე ქარივით,ორი ფიქრი ჩამრჩა გულშიშენი ორი ქალივით:ეს რა ვქენი მუსლიმანმა,ჩემ ქრისტიან მეგობარსავერიდე, – საძრახისისატანჯველად მეყოფა;თუმცა ის სჯობს, გულს ჩავუქროსახიფათო დენთები.აქ ჩავლისას მუდამ ორიცოლით გამახსენდები.ქუჩის ბუკინისტები დღესაც ბევრნი არიან ქალაქში, წიგნის ქუჩებზე დღესაც დუღს ცხოვრება, სიღარიბესა და გაჭირვებაზე არავინ ფიქრობს, არი ერთი ჟრიამული და წიგნების ჩუქება-თხოვება-გაცვლა-გამოცვლა. აქ ხან ყავაზე დაგპატიჟებენ, ხანაც – ჭიქა ღვინოზე. აქ მხოლოდ იმიტომ დგანან, რომ ქალაქს უნდა ასე, ქალაქმა მოსთხოვა. ქალაქის გამოა, რომ ვაკის ქუჩაში ვაჭრობს ზვიად სარსალია, აღმაშენებლის გამზირზე ბადურ ბულაჩაური, პარლამენტის წინ – ბუკინისტი ბოცო, რომელიც, ძირითადად, სხვადასხვა წიგნის მოკლე შინაარსებს ყიდის, ზარმაცი მუშტარიც არასდროს აკლია და ამით გააქვს თავი. გალაკტიონის ქუჩაზე ზალმან სამადაშვილსაც აქვს გახსნილი პატარა კაფე, რომელსაც თავისი საყვარელი მწერლის საპატივცემულოდ Papa დაარქვა და სადაც ბევრი ტფილისელი მწერალი იყრის თავს, არა მხოლოდ ჰემინგუეის თაყვანისმცემლები.თავად ზალმანი ჩუმ-ჩუმად თურმე მშვენიერ პატარა მოთხრობებსა და იგავებს წერს და ქალაქის თავობაზეც ოცნებობს, რათა კიდევ უფრო გაუადვილოს ცხოვრება წიგნიერ ხალხს.დაველოდოთ, იქნებ ოდესმე აუხდეს კიდეც ეს სურვილი.© radiotavisupleba.ge -
ლაშა ბერაია – ბუკინისტების საკითხს მაკროეკონომიკური მნიშვნელობა აქვს
facebook.comთავიდანვე განვმარტავ, რომ ბუკინისტების თემას მაკროეკონომიკურ მნიშვნელობას ვანიჭებ. წინააღმდეგი ვარ მისი რომანტიზაცია-ჰეროიზაციისა და აი, რატომ:
პირველ ყოვლისა, ეს თემა პირდაპირ უკავშირდება სასკოლო სახელმძღვანელოების შავ ბაზარს. ორიოდე დღის წინ თანამშრომელმა ვაგზლის მოედნიდან, ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ღია დახლების უმეტესობა ყოველ სექტემბერს სასკოლო წიგნებით ვაჭრობის ყველაზე ხალხმრავალ ადგილად იქცეოდა, ასეთი ამბავი მოიტანა: გაურკვეველ პირებს (დავარქვათ მათ გარემოვაჭრეები), ქალებს, ჩანთებით მოაქვთ სასკოლო სახელმძღვანელოები, დგებიან და სთავაზობენ გამვლელებს ან იმ ხალხს, რომელიც ინერციით მოდის აქ, ძველი დახლების ადგილას, სასკოლო წიგნებს, თან ყიდიან უფრო ძვირად, ვიდრე მაღაზიებში იყიდება. წელს სავალდებულო გახდა სახელმძღვანელოების უკანა ყდაზე ეწეროს გასაყიდი ფასი (ახლებს, წელს გრიფირებულებს აწერია). მიუხედავად ამისა, ეს გარემოვაჭრეები ატყუებენ მშობლებს, არ ეუბნებიან, რომ ფასები აწერია და 2-4 ლარით უფრო ძვირად ყიდიან. მაგალითად, ჩემი გამოცემული სახელმძღვანელო, რომელასც აწერია 10 ლარი, 12 ლარად იყიდება, 12-ლარიანი 14-ად ან მეტად. მოდის პოლიცია, დაინახავენ ეს ქალები, გაიქცევიან. მერე ისევ დგებიან და ა.შ.
არ ვათანაბრებ ამ ხალხს ბუკინისტებთან (ამათ ქვემოთ შევეხები), მაგრამ გარევაჭრობა რომ ყოველთვის პრობლემას გვიქმნიდა გამომცემლებს, განსაკუთრებით სასკოლო წიგნების გაყიდვის პერიოდში, ფაქტია. უწინ, ვარდების რევოლუციამდე, როცა პირატული სახელმძღვანელოებიც იბეჭდებოდა, გარემოვაჭრეები კონტრაფაქციული წიგნების მწარმოებელთა უშუალო მოკავშირეები იყვნენ – მათ გარეშე ამ წიგნების გასაღება თითქმის წარმოუდგენელია. დღეს ბაზრობებზე გარემოვაჭრეები აქტიურად და აღურიცხავად ყიდიან მეორად წიგნებსაც და პარალელურად, გასაყიდ ფასზე ძვირად – უხმარ სახელმძღვანელოებს. ფაქტიურად ისინი ცდილობენ დროის ამ მოკლე მონაკვეთში ყველაფრიდან მოგება ნახონ: გაჭირვებულებს ეუბნებიან, რად გინდა ახალი წიგნი, ძვირია, აგერ ნახმარი იყიდე იაფადო და ამ ნახმარებიდან (ეს ბუკინისტური სახელმძღვანელოებია! – აგერ, პირველად ვახსენე ბუკინისტებიც) უფრო მეტი მოგება რჩებათ, ვიდრე ახლებიდან. მაგრამ ცდილობენ არც აქედან მოიკლონ – იმ მშობლებს, რომელთაც არ სურთ ნახმარი წიგნი უყიდონ შვილებს და ახლის შესაძენად თანხა ემეტებათ, ატყუებენ და არ ეუბნებიან, რომ წიგნებს ფასი აწერია. თუ ეძვირებათ, ეუბნებიან, ფასი თუ არ გაწყობს, სხვაგან იყიდეო. ის კიდევ, თუ არ იცის მაღაზიის ადგილმდებარეობა, სიარულს და ძებნას არჩევს აქვე იყიდოს. მოკლედ, საქმე ისე აქვთ აწყობილი, რომ მყიდველი მათგან უწიგნოდ თითქმის არ მიდის.
ვისთვის როგორ და ჩემთვის უკვე ბარე ათი წელია არ არის სულერთი, რომ ვერ ვინარჩუნებ ჩემ მიერვე დაწესებულ საცალო ფასებს სასკოლო სახელმძღვანელოებზე. წელს ფასები კი დავაწერეთ ახალ წიგნებს, მაგრამ: 1) საკმაოდ ბევრი მშობელი ინერციით აკითხავს ბაზრობებს და ჰგონიათ, რომ იქ წიგნები უფრო იაფად იყიდება – მრავალწლიანი განუკითხაობის შედეგი გარევაჭრობასთან დაკავშირებით, 2) სამწუხაროდ, არც პედაგოგები აფრთხილებენ მშობლებს ამის თაობაზე, არადა სპეციალური საინფორმაციო ფურცლები დავბეჭდეთ და დავურიგეთ, სადაც მაღაზიების ჩამონათვალიც გვაქვს მითითებული, მისამართების ჩვენებით, და საცალო ფასებიც.
სისტემა იმდენად გარყვნილია (გარემოვაჭრეების თავგასულობა თბილისსა და რეგიონული ცენტრების რკინისგზისა და ავტოსადგურები ბაზრობებზე, პედაგოგების უმეტესობის დაბალი კომპეტენცია, მშობელთა დიდი ნაწილის გაუთვითცნობიერებლობა და უყურადღებობა), რომ ბუკინისტებთან დაკავშირებული რომანტიკა აშკარად ვერ მოდის ამ ყველაფერთან შესაბამისობაში. მე ქირურგიული ჩარევისკენ ვიხრები. მიმაჩნია, ძალიან კარგია, რომ აკრძალეს გარევაჭრობა, მათ შორის წიგნებით, თუმცა ეს პროცესი სანახევროდაა მოგვარებული: იმ ადგილებში, სადაც სასკოლო წიგნებით მოვაჭრეები გადავიდნენ (ან დარჩნენ), გასაკონტროლებელია აღრიცხვიანობა და მისახედია გასაყიდი ფასის დაცვის თემა. სასკოლო სახელმძღვანელოები განსაკუთრებული პროდუქტია, გადის განათლების სამინისტროს გრიფირებას და საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებშიც ზოგჯერ რეგულირდება ამ ტიპის პროდუქტის რეალიზაცია. ჩემი აზრით, სახელმწიფოს აქვს უფლება მოითხოვოს მოვაჭრეებისგან, არ დაარღვიონ საცალო ფასი, ოღონდ ამის პრაქტიკები განსხვავდება. ვიცი შემთხვევა, როცა საფრანგეთის განათლების მინისტრის ბრძანებით დაწესებულა ფასდაკლებების ერთნაირი პროცენტიც კი ქალაქებისა და რეგიონების მოვაჭრეებისთვის; თავისთავად იგულისხმება, რომ დადგენილი საცალო ფასი ურყევი უნდა დარჩენილიყო. სხვა საკითხია, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ ის, რომ ეს არ არის რიგითი პროდუქტი, ცალსახაა. საერთოდ, რეგულირების დიდი ტრფიალი არა ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, აქ რეგულირება მიზანშეწონილია. სახელმძვანელოები მცირე ხნის განმავლობაში იყიდება და შემთხვევითი ხალხი ცდილობს მაქსიმალური მოგება ნახოს აქედან.
რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ბუკინისტების თემასთან? პირდაპირი კავშირი აქვს: ზოგადად ბაზრის სწორად და ლოგიკურად ორგანიზების საკითხია. ბუკინისტებსა (აქამდე რა სტატუსითაც იყვენენ!) და იმ ჩანთაგადაკიდებულ ქალებს, რომლებსაც, რა თქმა უნდა, კონკრეტული პირები ქირაობენ და შავ ბიზნესს ეწევიან, აერთიანებთ ერთი რამ – არალეგალური ბიზნესის წარმოება. ამდენად, თუ ბუკინისტებს, რამდენიმე ათეული ინტელექტუალის რომანტიკის ხათრით, არალეგალურად, „ნახალოვკის პრინციპით“ დავუშვებთ ქალაქის ნებისმიერ ადგილას, მათ შორის ვაგზლის მოედანზე, რა ლოგიკით უნდა ავუკრძალოთ სხვა არალეგალურ სუბიექტებს ამავე ტიპის საქმიანობა იმავე ვაგზლის მოედანზე? ვინ გაარჩევს, რა ტიპის წიგნით ვაჭრობენ? სწორედ ეს ხდებოდა დღემდე – უამრავ დახლზე აღურიცხავად იყიდებოდა სახელმძღვანელოები და ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით საცალო ფასს.
ამიტომ, ჩემი აზრით, ბუკინისტებს, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, უნდა გამოეყოთ ადგილი (არ ვამტკიცებ, რომ დედაენის ბაღი იდეალურია) და უნდა აღირიცხონ და ლეგალური საფუძველი დაედოს მათ საქმიანობას. ასეთი საერთო ადგილის გამოყოფა წყვეტს ისეთ საკითხსაც, როგორიცაა შეზღუდულ სივრცეებში ბუკინისტებისთვის სამართლიანობის პრინციპის დაუზიანებლად ადგილის გამოყოფის შეუძლებლობა. მაგალითად, ვის მიეცეს უფლება დადგეს უნივერსიტეტთან ან ყოფილი გამომცემლობა „სამშობლოს“ წინ? რა ტიპის ტენდერით და რა კრიტერიუმით უნდა შეირჩეს „გამარჯვებული“ ბუკინისტი?
ასევე, აქ გასათვალისწინებელია შემდეგი არგუმენტები:
1. იმდენიც არაა ეს ბუკინისტი, რომ ქალაქის ქუჩებში დგომის ნებართვა მისცენ და ამის მერე ვინმეს დედაენის ბაღში ან სხვაგან გამოყოფილ ადგილას მოუნდეს დგომა; 2. როგორც აღვნიშნე, ძალიან ძნელი იქნება ტენდერის ჩატარება და იმის განსაზღვრა, ვინ უფრო იმსახურებს ამა თუ იმ ადგილას დგომას. ასევე, მუდმივი სპეციალური ზედამხედველობა დასჭირდება იმას, ვაჭრობს თუ არა ის ხალხი მხოლოდ ბუკინისტური წიგნით. 3. თუ ტენდერის ნაცვლად უბრალოდ ვითხოვთ, რომ დააბრუნონ ისინი, ვინც ადრე იდგა, ამით ფაქტიურად მხარს დავუჭერთ კორუფციის შედეგად პრივატიზებული სივრცის დაკანონებას (დავარქვათ ამას ნახალოვკის სინდრომი). ჩავთვალოთ, რომ უკანონო გადასახადების ამკრეფი კორუფციონერი ჩინოვნიკებისადმი ადრე გადახდილი ქრთამებით მოიპოვეს ეს უფლება იქ მდგომმა ბუკინისტებმა? ვინმეს გაქვთ ის ილუზია, რომ ისინი იქ “უბრალოდ” იდგენენ და წილში არავინ იყო? სხვათა შორის, იმიტომაც არიან ჩუმად, როგორც ჩანს. (ნახალოვკის მცხოვრებთ ვარდების რევოლუციის მერე მისცეს უფლება, გარკვეული საფასურის გადახდის გზით მოეხდინათ უძრავი ქონების პრივატიზება, მარამ ეს უძრავი ქონებაა, ბუკინისტების დახლების შემთხვევაში კი ეს პრობლემა არ დგას.).
არ ვეთანხმები ტერმინს „გეტოიზაცია“. ინტელექტუალები არ უნდა მიმართავდნენ სტიგმატიზაციას საკუთარი მიზნის მისაღწევად, რაგინდ კეთილშობილურად მიაჩნდეთ იგი. ეს არასახარბიელო „კულტურული“ პრაქტიკაა – ცოდნის, კერძოდ, ამ შემთხვევაში რთული და არარელევანტური პოლიტიკური ტერმინოლოგიის – გამოყენება მოვლენის ყალბი ჰეროიზების მიზნით. ნუ დაგვავიწყდება, რომ არსებობს ბუკინისტური მაღაზიებიც, რომლებიც სწორედაც რომ გაბნეულია ქალაქში, თანაც ეს მაღაზიები ბოლო ხანებში გაიხსნა, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ბუკინისტური წიგნზე მოთხოვნა არის, ხოლო ამ ტიპის ვაჭრობა ლეგალური ხდება. რაც შეეხება გამოყოფილ ადგილს დღისათვის არალეგალური ბუკინისტებისთვის, მას თავისი დიდი უპირატესობები აქვს. თუ ვინმეს, მაგალითად, „ოდისეას“ ძველი გამოცემის ყიდვა უნდა, უფრო დიდი შანსია ის ერთად თავმოყრილ ბუკინისტებთან იპოვოს, ვიდრე გაბნეულებთან. შეიძლება „ოდისეა“ იქ რამდენიმესაც კი აღმოაჩნდეს და ეს ცუდი კი არაა, როგორც ზოგიერთს ჰგონია (აქაოდა, სახლიდან ვინც გამოიტანა გასაყიდად, იმ მოქალაქეს უმცირდება შანსი წარმატებით გაყიდოს წიგნი), პირიქით, „ოდისეას“ ფასსაც დაწევს და ერთდროულად რამდენიმე ადამიანიც შეძლებს შეძენას. რაც შეეხება „წარუმატებელ“ მოქალაქეს, მისი შანსი რომელიმე ერთ ცალკე მდგომ ბუკინისტთან გაყიდოს სახლიდან გამოტანილი წიგნი სწორედაც რომ მცირეა – შესაძლოა მაინცდამაინც იმ ბუკინისტთან არ გაიაროს მყიდველმა, რომელსაც ეს წიგნი სჭირდება.
გვერდს ვერ ავუვლი რუსული სპეცლიტერატურით (სავარაუდოდ, გადასახადების ნაწილობრივ მაინც თავიდან არიდებით რომ ვაჭრობენ არასამართლიანი კონკურენციის პრინციპით) და ირანიდან შემოტანილი ინგლისურენოვანი საცნობარო-სასწავლო პირატული ლიტერატურით მოვაჭრეების თემას. ამასწინათ ფეისბუქზე ერთ კომენტარს მოვკარი თვალი: პიროვნება გამარჯვებული ტონით აცხადებდა, რომ ბუკინისტებმა დაბრუნება დაიწყეს და სადღაც შეიძინა ინგლისურენოვანი ირანული წარმომავლობის სასწავლო წიგნები. ვერანაირად ვერ გავიზიარებ ამ ადამიანის სიხარულს იმ მიზეზით, რომ: 1) აშკარად არასწორად უწოდებს ამ მოვაჭრეს ბუკინისტს, 2) არასათანადო სიხარულს გამოხატავს კონტრაფაქციული პროდუქტის შეძენის გამო.
წინა პერიოდის, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციამდე, პირატობაზე და გარევაჭრობაზე, როგორც მის უპირველეს პარტნიორზე, ბევრი გამომცემლისგან შეიტყობთ საგულისხმო ამბებს. რუსულ-ინგლისური წიგნით სტენდებზე მოვაჭრეები პირდაპირი კოლეგები არიან სახელმძღვანელოების პირატებისა და მათი კოლეგა გარემოვაჭრეებისა.
ვინც არ იცის, განვუმარტავ, რომ ირანი არ ცნობს ინტელექტუალურ საკუთრებას და მისი “მესტამბეები” კოპირაიტის დარღვევით დიდი ტირაჟებით ბეჭდავენ და არა მხოლოდ თავის ქვეყანაში ავრცელებენ ძვირადღირებულ ინგლისურ სასწავლო და საცნობარო გამოცემებს (მაგალითად, ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონს), არამედ ამ პირატული პროდუქციის ექსპორტსაც ახდენდნენ სხვა განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. ამიტომ ამ ტიპის ლიტერატურის გამყიდველთა დაცვა პროტქციონიზმს ნიშნავს ირანელი მესტამბეებისა და მათი ქართველი თანამოსაგრეების მიმართ.
ამასთან დაკავშირებით მინდა მოგიყვეთ ერთი კურიოზული ფაქტიც: რამდენიმე წლის წინ, ვარდების რევოლუციამდე, სასკოლო სახელმძღვანელოების ერთ პირატს, რომელსაც უშიშროებაში მფარველი ჰყავდა, ერთ მომენტში აღმოუჩინეს პირატულად ნაბეჭდი წიგნები და ტელევიზიამ გადაიღო. საინფორმაციო გადაცემისთვის მიცემულ ინტერვიუში იმ კაცმა თქვა: “რა გინდათ, მე კარგ საქმეს ვაკეთებ, გამომცემლები თავიანთ სახელმძღვანელოებს ძვირად ყიდიან და მე იაფად ვუბეჭდავ გაჭირვებულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს”. ამ ყველაფრის მერე მისთვის არც ყალბი ტირაჟები წაურთმევიათ და არც დაუჯარიმებიათ, უშიშროების მფარველმა ჩაფარცხა ეს ამბავი. ვინმე მართლა ფიქრობს, რომ გაჭირვებულ მშობლებზე ფიქრი არ ასვენებდა?
შეგახსენებთ კიდევ ერთ რამეს: შევარდნაძის პერიოდში ფართოდ იყო გავრცელებული პროტექციონიზმის სხვადასხვა სახეობა: ერთი ტიპის პროტექციონიზმი კონკრეტული პიროვნებებისა და კომპანიებისთვის სახელმწიფოს მხრიდან შეღავათების გაკეთებას გულისხმობდა, მეორე – ზოგადად პროტექციონისტულ პოლიტიკას საქართველოს ეკონომიკაში (მაგალითად, უცხოელი მეწარმეებისთვის მაღალი საბაჟო გადასახადების დაწესებას ქართველი მეწარმეების პროდუქციის, ანუ ადგილობრივი ბაზრის, დაცვის მიზნით – კარჩაკეტილი ქვეყნის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის მკაფიო ნიმუში); ასევე პროტექციონიზმის ნაირსახეობა იყო „რჩეული“ ჩინოვნიკების უფლება, მფარველობა გაეწიათ შავი ბიზნესებისთვის… არა მგონია, ვინმეს გამართლებულად მიაჩნდეს, რომ პროტექციონიზმს დავუბრუნდეთ.
ეკონომიკაში მეტისმეტად გადაჯაჭვულია ერთი საკითხი მეორესთან და, როგორც აქაური პოსტების კითხვისას დარვწმუნდი (სხვადასხვა ადგილას), ბევრ ადამიანს, მათ შორის ინტელექტუალებს, ეკონომიკისა და სამართლის საკითხებში გამოუცდელობისა და გაუთვითვნობიერებლობის გამო, ზოგჯერ კი საკუთარ ინტერესსზე ზედმეტად კონცენტრირების თუ პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის ნიადაგზე, არ უნდა ან ვერ ახერხებს საკითხის მაკროეკონომიკური მნიშვნელობის დანახვას. ღარიბი ქვეყნის არგუმენტს მე არ ვეთანხმები. თუ საზოგადოებრივი სივრცე მკაფიო სახელმწიფოებრივი პრინციპებით არ მოწესრიგდა, კიდევ დიდხანს დავრჩებით ღარიბ ქვეყნად. არც კლასიკის ან სხვა ტიპის ლიტერატურის სიმწირეა ამ შემთხვევაში დამაჯერებელი არგუმენტი არალეგალური ვაჭრობის შესანარჩუნებლად: თუ დასავლური, მოწესრიგებული საჯარო სივრცე გვინდა, არ უნდა დავუშვათ ულოგიკო გამონაკლისები, რომლებსაც ჯაჭვურად მოჰყვება ახალ-ახალი პრობლემები. რაც შეეხება წიგნის ბაზრის მეტნაკლებ სიმდიდრესა და კლასიკის ხელმისაწვდომობას, ამის მისაღწევად წიგნიერების დონე უნდა ამაღლდეს.
სახელმწიფოსგან ვითხოვ მიხდეოს წიგნიერების ამაღლებას, რადგან 2005 წლის კვლევით, ამ მხრივ ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვართ მსოფლიოში და ეს მძიმე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაა. ამის მოსაგვარებლად წიგნიერების (წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის) დასავლური ტიპის პროექტი (ყველა დასავლურ ქვეყანას აქვს, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მეტს კითხულობენ) და გააზრებული საბიბილიოთეკო პოლიტიკა უნდა გახდეს პრიორიტეტი და არავითარ შემთხვევაში – პირდაპირი ფინანსური დახმარება გამომცემლებისთვის: გამოცემების ტირაჟები და გამომცემელთა შემოსავალი, შესაბამისად კი ბაზარზე არსებულ გამოცემათა მრავალფეროვნება, წიგნის მაღზიათა რაოდენობა და, ზოგადად, წიგნისადმი ინტერესი და მისი ხელმისაწვდომობა წიგნიერების ამაღლების პროპორციულად გაიზრდება. -
ზაალ ანდრონიკაშვილი – დავაბრუნოთ ბუკინისტები!
“არილის” ბლოგზე გამოქვეყნებულ წერილში გამომცემელ ბაკურ სულაკაურს რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს წიგნებით გარევაჭრობის აკრძალვის სასარგებლოდ. http://arili2.blogspot.com/2010/09/blog-post_624.html (ფეისბუქის კომენტარებიდან ირკვევა, რომ ამ იდეას მხარს ისეთი ხალხი უჭერს, რომელიც, როგორც, წესი, ხელისუფლების ნებისმიერ, უაზრო თუ აზრიან ინიციატივას უკრიტიკოდ იზიარებს ხოლმე, თუმცა ბაკურს ამ კატეგორიას არ მივაკუთვნებ). ბაკურს იამში ვეთანხმები, რომ საკითხი “ეგზალტაციის” და “ზედმეტი ემოციების” გარეშე უნდა განვიხილოთ.
ბაკური, ისევე როგორც წიგნებით გარე ვაჭრობით აკრძალვის სხვა მომხრეები, თავის-თავად წიგნებით ქუჩაში ვაჭრობას არ ეწინააღმდეგება. ასე რომ პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, უნდა იყიდებოდეს თუ არა წიგნი ქუჩაში საერთოდ, არამედ იმაში, უნდა იყიდებოდეს თუ არა წიგნი ცენტრალურ ქუჩებზე. მოდით ვიკითხოთ, თუ წიგნებით ვაჭრობა ერთ კონკრეტულ ადგილას, მაგ. დედა-ენის ბაღში შეიძლება, მაშინ რატომ არ უნდა შეიძლებოდეს წიგნების გაყიდვა მაგ. რუსთაველის გამზირზე? ეს შეკითხვა ბაკურისარგუმენტებს იმთავითვე საფუძველს აცლის. მიუხედავად ამისა, მაინც შევეცდები, ყოველ მათგანს ვუპასუხო. ბაკურის არგუმენტები ოთხგვარია: “სამართლებრივი”, “ვინაობითი”, “განვითარებითი” და “ესთეტიკური”. (ეს დანაწილება ნაწილობრივ ემთხვევა ბაკურის მიერ შემოთავაზებულს).1.დავიწყოთ სამართლებრივი არგუმენტებიდან. როგორც უკვე ვთქვი, წიგნებით გარე ვაჭრობის საკითხი სამართლებრივ ჭრილში საერთოდ არ დგას, რადგანაც თავისთავად ვაჭრობა კი არ აკრძალულა, არამედ აიკრძალა ვაჭრობა ცენტრალურ ქუჩებზე, უფრო სწორად, ვაჭრობა დაშვებულია ერთ რეზერვაციაში. ბაკური წერს: “შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, მათ შორის, ამ მოვაჭრეთა კლიენტებმაც, რომ სინამდვილეში ქუჩებში მოვაჭრეთა მოზრდილი ნაწილი დაქირავებული პერსონალი იყო.” – ეს ცოტა უცნაური არგუმენტია, იმიტომ რომ “ბუკინისტი” არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მაინც და მაინც თვითონ უნდა იდგეს და წიგნებს ყიდდეს, შეიძლება “ზეპირი შეთანხმების” საფუძველზე სხვაც დაასაქმოს. არ ვიცი, გაფორმებულები არიან თუ არა ქუჩის ბუკინისტები ინდივიდუალურ მეწარმეებად და იხდიან თუ არა გადასახადს. იმ შემთხვევაშიც კი თუ არ იხდიან, არა მგონია, ქართულ ეკონომიკას სერიოზულად აზარალებდნენ. ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს “არალეგალური მუშაობის” ტოლერანტობის ზღვარი და ისეთი შემთხვევები, როდესაც “ნულოვანი ტოლერანტობა” უფრო მეტს აფუჭებს ვიდრე აკეთებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ქუჩაში მოვაჭრეთა სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა შეიძლება მათი რეზერვაციაში გაშვების გარეშეც.
ბაკურის შეკითხვა სწორედ იმაში მდგომარეობს, როგორ უნდა მოვაქციოთ წიგნებით გარე ვაჭრობა სამართლებრივ ჩარჩოებში. მისი შეკითხვები ასეთია: “ვისთვის უნდა იქნას დაშვებული ეს უფლება, ნებისმიერი მსურველისათვის თუ მხოლოდ მათთვის, ვისაც უფლების გამცემი პირადად იცნობს როგორც ყოფილ მოვაჭრეს? თუ ნებისმიერ მსურველს უნდა მიეცეს ქალაქის ნებისმიერ ადგილას წიგნით გარევაჭრობის უფლება, მერე საკითხი ასე დადგება: მაქვს თუ არა უფლება პირადად მე, ცენტრალურ გამზირებზე, ნებისმიერ ადგილას განვათავსო წიგნების სტენდები და დავაყენო იქ დაქირავებული თანამშრომლები? როგორ უნდა მოგვარდეს ორ გარემოვაჭრეს შორის ერთსა და იმავე ადგილზე დგომასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემა?”
ამ შეკითხვების უმეტესობა პრობლემის ხელოვნურად გართულებას ემსახურება: მაგალითად “ერთსა და იმავე ადგილზე დგომასთან” დაკავშირებით პრობლემები ამ გარე მოვაჭრეებს აქამდე თუ არ შექმნიათ, დღეს რატომ შეექმნებათ? არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ წიგნით მოვაჭრეებს მაინც და მაინც დედა-ენის ბაღში თუ არ გადავასახლებთ, უცებ მთელი თბილისი გამოლაგდება და წიგნების ქუჩაში გაყიდვას დაიწყებს. არა მგონია, გარე მოვაჭრეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს და გადააჭარბოს ამჟამინდელს. მთავარი შეკითხვა, რომელიც ბაკურს უჩნდება, ის არის,აქვს თუ არა მასაც უფლება, თავისი გამოცემული წიგნები ქუჩაში გაყიდოს. (იმათთვის თუ შეიძლება, მე რაღა დავაშავეო). შეკითხვა (ისევე როგორც სურვილი) ლეგიტიმურია, მაგრამ ამ შეკითხვაზე პასუხიც არ უნდა იყოს რთული: შესაძლებელია დაიშვას ბუკინისტური ლიტერატურის გაყიდვა. მოდით განვმარტოთ, რა არის ბუკინისტური ლიტერატურა? ა) ბუკინისტურია ნებისმიერი ნახმარი ან ძველი წიგნი ბ) არსებობს ცნება “თანამედროვე ბუკინისტური ლიტერატურა”, რომელიც გულისხმობს ფასდაკლებულ წიგნებს, ანუ ისეთ წიგნებს, რომელიც მის სამაღაზიო ფასთან შედარებით ნაკლებ ფასად იყიდება. ზედმეტი რეგულირება აქაც არ უნდა იყოს საჭირო. თეორიულად, რა თქმა უდა, დასაშვებია, რომ რომელიმე გარე მოვაჭრე მაღაზიის ფასად ყიდდეს წიგნებს, მაგრამ მისთვის ასეთი რამ არამომგებიანია. ასეთ მოვაჭრეს აკითხავენ ან ისეთი წიგნის საყიდლად, რომელსაც მაღაზიაში ვერ იყიდი, ან ისეთისას, რომლეიც უფრო იაფი ღირს, ვიდრე მაღაზიაში. ეს საკითხი კი ბაკურის მეორე, ვინაობით არგუმენტთან მიგვიყვანს, რომელიც, პირველის არ იყოს, ასევე თიხის ფეხებზეა შემომდგარი.2.არიან თუ არა ისინი ბუკინისტები? კითხულობს ბაკური და ასეთ პასუხს გვაძლევს: “სტენდების უმრავლესობა ვაჭრობდა არა ბუკინისტური წიგნებით, არამედ, ძირითადად, რუსულენოვანი ლიტერატურით, თუმცა ბევრ მათგანთან შეხვდებოდით ცნობილი ბრიტანული ლექსიკონებისა და სასწავლო სახელმძღვანელოების ირანში დაბეჭდილ, მეკობრულად დასტამბულ, იაფ ვერსიებს.” –
ჯერ ერთი, უცნაურია ბუკინისტური წიგნებისა და რუსულენოვანი ლიტერატურის დაპირისპირება. თითქოს შეუძლებელია, რუსულენოვანი წიგნი ბუკინისტური იყოს. თუ “რუსულენოვან ლიტერატურაში” ბაკური ახალ გამოცემებს გულისხმობს, “პრობლემის” არსი მაინც გაუგებარი რჩება: რუსულენოვან ლიტერატურაზე მოთხოვნილება, მიუხედავად “ლინგვისტური რევოლუციისა”, დღემდე არსებობს და კიდევ დიდხანს იარსებებს. ამ მოთხოვნილებას წიგნის მაღაზიები ვერ აკმაყოფილებენ. ბუკინისტები კი მშვენივრად ავსებენ საბაზრო ნიშას. რაც შეეხება მეკობრულად დასტამბულ წიგნებს (მაგ. დევიდ მარშალ ლენგის მეკობრეულ გამოცემებს) თბილისის წიგნის მაღაზიებშიც ისევე შეიძენთ (მათ შორის ბაკურის სანტა-ესპერანსაში), როგორც ქუჩაში.3. “როგორც ბუკინისტებისათვის, ისე ბუკინისტური წიგნების კლიენტებისთვის მერიის წინადადება, რომ გამოიყოს ერთი დიდი ადგილი (უკვე გამოყოფილია, კარგა ხანია) ბუკინისტური წიგნებით მოვაჭრეთათვის, იდეალურია. თუ ადამიანს სურს კონკრეტულად რომელიმე ბუკინისტური წიგნის შეძენა, მას აღარ მოუწევს ქალაქის სხვადასხვა წერტილებში წანწალი ალიკასთან, ვაგანასთან და როინთან, რადგან ეს უკანასკნელნი ერთ ადგილას იქნებიან თავმოყრილნი. დაიზოგება უამრავი დრო და ენერგია.” – წერს ბაკური.
დიდი მადლობა ბაკურს, რომ მკითხველების დროსა და ენერგიაზე ზრუნავს, მაგრამ მკითხველის და არა გამომცემლის და წიგნების მაღაზიის მფლობელის პერსპექტივიდან საკითხი ოდნავ სხვაგვარად გამოიყურება. არის შემთხვევა, როდესაც იცი, რა წიგნი გჭირდება. ამ შემთხვევაში, არა თუ ბუკინისტური, არამედ ახალგამოცემული წიგნების ყიდვის სურვილი თუ გაგიჩნდა, “წანწალისგან” დაზღვეული არ ხარ. ასე, მაგალითად, კოტე ჯანდიერის “კონკიას ღამე” რომ მეყიდა, ხუთი თუ ექვსი წიგნის მაღაზიაში მომიწია შესვლა (დავიწყე ფალიაშვილის ქუჩაზე და დავამთავრე “პეპელათი” ფილარმონიასთან). ბაკურის ლოგიკას რომ მივყვეთ, მაშინ “დროის და ენერგიის” დაზოგვის მიზნით წიგნების მაღაზიებიც სადმე ერთ ადგილას უნდა მოვაქციოთ. არგუმენტი, თვითონაც მიხვდებით, აბსურდულია. ბუკინისტური წიგნების მყიდველისთვის წიგნების მაღაზიებში ან ბუკინისტების სტენდებთან “წანწალი” (ვერიდან თავისუფლების მოედნამდე ანდა აღმაშენებლის გამზირზე) “დროის და ენერგიის” უაზრო ხარჯვა კი არ არა, დროის სასიამოვნო გატარებაა.
“მოვაჭრე ხელოვნურად ზღუდავს არჩევანს და მას ფარგლავს მხოლოდ საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნებით, რაც ძალიან ცუდია მომხმარებლისთვის (ზოგმა არც კი იცის, რომ სხვა ქართული წიგნებიც არსებობს ამქვეყნად, გარდა ალიკას, ვაგანას და როინის მიერ “შერჩეული” ქართული გამოცემებისა).” – ვერ გეტყვით, რა გამოკვლევას ეფუძნება ბაკურის არგუმენტი, თითქოს “ზოგი” ქართულ გამოცემებზე არტურას შერჩეული ლიტერატურით მსჯელობდეს. ბაკურის არგუმენტი ამ შემთხვევაში მხოლოდ იმას გვიჩვენებს, რომ წიგნებით გარემოვაჭრე წიგნის მაღაზიის კონკურენტი ვერც არის და ვერც იქნება. ის ავსებს ნიშას, რომელსაც ვერ ავსებენ წიგნის მაღაზიები. “მომხმარებელმა” ყველაფერი შესანიშნავად იცის და ქუჩაში მოვაჭრესთან მაშინ მიდის, როდესაც ან ისეთი წიგნი უნდა, რომელიც წიგნის მაღაზიაში ან არ იყიდება, ან უფრო ძვირია, ვიდრე გარე მოვაჭრესთან.
უნდა დავეთანხმო ბაკურს იმაში, რომ “ბუკინისტურ წიგნებზე მოთხოვნა არის” და “ეს მოთხოვნა დღითიდღე იზრდება”. ბაკური ფიქრობს, რომ ეს ადამიანები თავიანთ ორ ნიშას იოლად იპოვნიან ორგვარდ: ან გადავლენ დედა-ენის პარკში ან პატარა ბუკინისტურ მაღაზიებს გახსნიან. ეს კი გამოიწვევს ბუკინისტური წიგნების მაღაზიების რაოდენობის გაზრდას. არ ვიცი, რას ეფუძნება ბაკურის ვარაუდი, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბუკინისტური მაღაზეიების რაოდენობა უკანასკნელი წლების განმავლობაში შემცირდა. ვისაც უსაუბრია ბუკინისტური მაღაზიების მფლობელებთან (მაგ. ჭავჭავაძის გამზირზე იყო შესანიშნავი მაღაზია), ეცოდინება, რომ მათ ერთი სერიოზული პრობლემა აქვთ: ქალაქის ცენტრში ფართი ძვირია. ამიტომაც დაიხურა რამდენიმე ბუკინისტური მაღაზია (ბოლოს, მაგ. გაქრა ბუკინისტური მაღაზია ზემელზე). ბუკინისტისათვის ქალაქის ცენტრიდან წასვლას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ წიგნის (განსაკუთრებით კი ბუკინისტური წიგნის) მყიდველი ქალაქის ცენტრში ან ცხოვრობს ან მუშაობს. ამიტომ ტენდენცია ბაკურის მიერ აღწერილის საპირისპირო იქნება: ბუკინისტური მაღაზიები დაიხურება და ვაჭრობა გადაინაცვლებს ქუჩაში. ამიტომაც, ვისაც უნდა, რომ თბილისში ბუკინისტური წიგნები არ გაქრეს, არა მგონია, მათი ცენტრიდან მოშორებით უნდა იწყებდეს.4. ახლა კი ესთეტიკურ პრობლემასაც შევეხოთ: “რა თქმა უნდა, წიგნი ქალაქის იერსახეს ვერ დაააუშნოვებს, მაგრამ ჭუჭყიან ცელოფანში შეფუთული წიგნები, რომლებიც განთავსებულია დაუმუშავებელი ფიცრებისა და ფანერებისაგან კუსტარულად შეკრულ, ჟანგიანი ლურსმნებით შეჭედილ სტენდებზე, არაა მაინცადამაინც ლამაზი სანახავი.” – რა არის უფრო ლამაზი სანახავი, ამაზე დავა დიდხანს შეიძლება. მე მაგ. “ფედერაციის” მიერ გამოცემული “შაჰ-ნამეს ქართული თარგმანები”, ანდა “აკადემიის” შესანიშნავი გამოცემები, თუნდაც ჭუჭყიან ცელოფანში გახვეული, მირჩევნია ბევრ თანამედროვე გამოცემას. ბაკური გვეუბნება, რომ წიგნებით ცენტრალურ ქუჩებზე ვაჭრობა ჩვენი, ლოკალური ტრადიციაა და არსად სხვაგან ასე არ იქცევიან. “ევროპის ქალაქებში ცენტრალურ გამზირებზე არასოდეს თვალიც არ მომიკრავს წიგნებით გარევაჭრობისთვის.” – გვეუბნება ბაკური. “თვალი არ მომიკრავს” და “არ არსებობს” ორი სხვადასხვა რამაა. მაგ. ბაკურმა ბერლინში, ფრიდრიხშტრასეზე რომ გაისეირნოს (ბერლინის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირია), ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის წინ, შუა ქუჩაში აუცილებლად შეამჩნევს ათიოდე წიგნებით სავსე ფანერისაგან სახელდახელოდ შეკოწიწებულ მაგიდას. (ასეა, ბუკინისტები “სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში” კი არ ვაჭრობენ, არამედ იქ, სადაც წიგნის მოყვარულს და მყიდველს, მაგალითად სტუდენტს, ელოდებიან). არ ვიცი სინგაპურში როგორაა, მაგრამ ევროპის ყველა დედაქალაქში ასეა.
“ამ ღონისძიების შედეგად (გარევაჭრობის გადატანა დედაენის პარკში), წიგნი არ გახდება ნაკლებად ხელმისაწვდომი, მკითხველები არ დაზარალდებიან და საბოლოოდ წიგნის ბაზარიც გაცილებით სწრაფად განვითარდება.” – ასკვნის ბაკური, თუმცა მისი დასკვნა არანაირად არ გამომდინარეობს მისი არგუმენტებიდან, პრიქით, მსჯელობა გამოდინარეობს დასკვნიდან. წიგნის მოყვარული იმით დაზარალდება, რომ სპეციალურ ადგილას მისასვლელად სპეციალური დროის გამონახვა დაჭირდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბუკინისტებთან უფრო იშვიათად მივა. არ ვიცი, რამდენად გამოიწვევს ეს ბაზრის სწრაფად განვითარებას, უბრალოდ, შესაძლებელია, ბუკინისტური ბაზრის დაკნინების ხარჯზე ახალი გამოცემების გაყიდვა გაიზარდოს (ისიც არც თუ მნიშვნელოვნად).
ბუკინისტების პრობლემა საერთოდ არ არსებულა, ის ხელოვნურად გამოიგონეს. ბუკინისტები არც ქუჩაში მოძრაობას უშლიდნენ ხელს, არც ეკონომიკას აზარალებდნენ. თუკი ვინმე შემთხვევით ქუჩაში გამოსულ ჩინოვნიკს შეიძლებოდა წარმოდგენა შექმნოდა, რომ ბუკინისტები ტროტუარზე მოძრაობას აფერხებენ, ჯობდა ყურადღება მიექცია ტროტუარზე სრულიად უკანონოდ გაჩერებული მანქანებისათვის. მაგრამ ეს ხომ ნამდვილი პრობლემაა, გამოგონილ პრობლემასთან ბრძოლა კი ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ნამდვილთან.
© andronikashvili.blogspot.com