• კრიტიკა

    “წერო” – თორმეტი ლიტერატურული ფრინველი

    პოლიტიკური პრობლემებით დამუხტულ გარემოში, იქ, სადაც ხშირად საზოგადოებრივი ფუნქციების აღრევა ხდება, და პროფესიული თუ პიროვნული პასუხისმგებლობების ერთი მეორეზე გადაბარება მღვრიე წყალში თევზის ჭერის ლოგიკას ემსგავსება, არცთუ ისე იოლი საქმეა, ლიტერატურული პროცესების განვითარებაზე ისაუბრო – უსასრულო უარყოფით ან კიდევ აპოლოგიით მწერალიცა და მკითხველიც იღლება და შედეგადაც ჩაკეტილ წრეს ვიღებთ. ნებისმიერი ლიტერატურული მოვლენა, მცირე სიახლეც კი, რაც დაკვირვებისა და განსჯის საშუალებას მოგვცემს, სასიხარულო ხელჩასაჭიდია და სწორედ ამ მხრივ კონკურსმა “წერომ” ჩვენი ყურადღება მიიქცია. მეორე წელია უკვე, რაც ლიტერატურული კონკურსი “წერო” ინტერნეტ-სივრცეში ტარდება, და მიუხედავად იმისა, რომ მისი სპეციფიკა და ფორმატი ჯერ კიდევ დასახვეწია, საკონკურსო ნაწარმოებების კრებულის სახით, საკმაოდ საინტერესო მასალას იძლევა ბოლო პერიოდის ქართულ ლიტერატურულ პროცესებზე დასაკვირვებლად. თავის მხრივ იმ ვაკუუმის ერთ მცირე შრესაც ავსებს, რასაც დღეს ლიტერატურულ სივრცეში პერიოდიკისა თუ სხვადასხვა გამოცემების ნაკლებობის გამო ვუჩივით.
    “წეროს” ორგანიზატორები ლიტერატურული საიტის www.literatura.ge-ს ადმინისტრაცია და ფარმაცევტული კომპანია “GPC”-ია. წინა ორი კონკურსისგან განსხვავებით, შემოდგომის “წერო” იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ საპრიზო ფონდი გაორმაგდა – ვერცხლის ფრინველის სახელობით ჯილდოსთან ერთად პირველი პრემიის ეკვივალენტი თანხა 2000 ლარი გახდა (შესაბამისად – II პრემია – 1000 და III პრემია – 500 ლარი). კუნკურსი 5-დან 10 გვერდამდე პროზაული ნაწარმოებებს შორის ჩატარდა, და 12 ფინალისტი მოთხრობა კრებულის სახით დაიბეჭდა. სწორედ ეს კრებული გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ ბოლო დროს მომძლავრებული “მცირე პროზის” რაობა-როგორობა და ტენდენციები. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ბოლი ერთი წლის მანძილზე არათუ შემფასებლობითი გამოხმაურებების ნაკლებობა იყო ამა თუ იმ პერიოდიკაში დაბეჭდილი მოთხრობების მიმართ, არამედ მათი ერთად თავმოყრაც კი ვერ მოხერხდა იმ ჩვეულ ფორმატში, რასაც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ბაკურ სულაკაურის გამომომცემლობა “15 საუკეთესოს” სახით სთავაზობდა ქართველ მკითხველს. ამ შემთხვევაში ერთგვარი “შემაჯამებელი” ფუნქცია “წეროს” კრებულსაც გააჩნია.
    მხატვრული ტექსტების გარდა საინტერესოა დაკვირვება მკითხველის რეცეფციის კოეფიციენტსა და გემოვნებაზე (რაც სხვა არაფერია, თუ არა მხატვრული ნაწარმოების კითხვასა და აღქმაში კარგად გაწაფული თვალი), რისი პირდაპირი ამსახველიც იყო ინტერნეტ-კონკურსი. ნაწარმოებების საპრიზო ადგილებს სწორედ მკითხველების შეფასება საზღვრავდა და ამ მხრივ გამარჯვებული ტექსტები დაკვირვების ორმაგად მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენენ. პირველ საპრიზო ადგილზე ბაჩო კვირტიას მოთხრობა “მე ბიძინა ვარ” გავიდა. ავტორი სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ერთ ჩვეულებრივ დღეზე გვიამბობს, პერსონაჟის ხედვის კუთხით აღწერს ყოველდღიურ რუტინასა და დაღლილობას, რომელსაც დღის ბოლოს ოჯახისა და მეუღლის სიყვარული აქარწყლებს. სოციალური თემატიკის შეზავება ჰუმანისტური იდეოლოგიებით, ენობრივი გამჭვირვალობა და სიმარტივე, ფორმა-შინაარსობრივი პრიმიტივიზმი – ის ფატქორებია, რაც ქართველი მკითხველის აღქმის უნარსა და ესთეტიკას სრულიად აკმაყოფილებს. სხვა მხრივ კი, მოთხრობა ყველა კრიტერიუმით ერგება სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემებისა და პერიოდიკის მიერ ხელშეწყობილ და დანერგილ მეინსტრიმს, ეგრეთ წოდებულ “ოქროს შუალედს”, რომელიც ამა თუ იმ ტექსტზე პასუხისმგელობის აღებასთან დაკავშირებით ყოველგვარ რისკს გამორიცხავს – შესაბამისად, ეს ის ლიტერატურაა, რომელსაც ძალაუნებურად მიეჩვია მკითხველი. თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ მკითხველზე არ მოქმედებს ეს ფაქტორი – საინტერესოა ისიც, რომ კრებულში წარმოდგენილი მოთხრობების უმეტესობა თითქოს ერთსა და იმავე “კრიტერიუმს” აკმაყოფილებს – ავტორები გვიყვებიან ამბებს, რომლებიც იმდენად დისტანცირებულია მათი გადმოცემის შინაგან აუცილებლობასთან, რომ საბოლოოდ მხატვრული ტექსტი რჩება უმთავრესი კომპონენტის – შინაარსის გარეშე. სახელდახელოდ გამოგონებული დისკურსი კი, როცა ავტორს ამ ამბის გადმოცემის აუცილებლობა არ აქვს გააზრებული, მხოლოდ ერთ შედეგს გვაძლევს – ტექსტი უახლოვდება ისეთ ჟანრს, როგორიცაა დეტექტივი, თუმცა კი ნაკლებ საინტერესო სიუჟეტური ხაზით (მწერალს ხომ სულაც არ ჰქონდა დეტექტივის დაწერა ჩაფიქრებული). მსგავს პრობლემას ვაწყდებით მოთხრობებთან “შოტლანდიური ვენდეტა”, “მკვდარი ჭა”, “ანტიკვარული ტუალეტი, პრეზიდენტი, ისტორის გაკვეთილი, ინფანტილიზმი და მისთანები”, “აბე მურეს მოკრძალებული ხიბლი”, “ნატალის მსგავსი არავინაა”, “com.ისია”.
    პარალელის გავლებისათვის საპირისპირო მაგალითის მოყვანაც შეიძლება ამავე კრებულიდან – მოთხრობა “სულა” იმის ერთგვარი ილუსტრაციაა, რისგან თავის დაღწევის მცდელობამაც შეიძლება ზემოთაღნიშნული დისტანცირება გამოიწვიოს ტექსტთან. ნოსტალგიურობა, უკვე არაერთგზის გადაღეჭილი მაგიური რეალიზმის ელემენტები, გაცვეთილი სიმბოლიკა და დაკარგული ქალაქისა თუ ადამიანების სევდით მანიპულირება მკითხველზე ასევე უკარგავს მხატვრულ ტექსტს ღირებულებას და უფრო ნოსტალგიანარევ პირად ჩანაწერთან აახლოებს მას. თუმცა, რამდენიმე ავტორმა შეძლო, ამ საბედისწერო ზღვარზე წონასწორობის შენარჩუნება და შესაბამისად, მათი ტექსტებიც გამოირჩევიან დანარჩენებისაგან (“მეცამეტე კოპლი”, “დათვი”, “ჩემს მეგობარ პოეტს”, “შენი წყლები აიმღვრა განგა”). ამ შემთხვევაში ავტორებს მხოლოდ ნაწარმოების სიუჟეტური სტრუქტურა არა აქვთ გააზრებული; მათ იციან, რაზე წერენ, და მკითხველისთვის არა მარტო ამბავი აქვთ მოსაყოლი, არამედ აქვთ სათქმელიც, რომელსაც შემდგომ ინდივიდუალური დისკურსით ფორმდება მხატვრულ ტექსტში.
    საინტერესო სურათი ვერ შექმნა ნაწარმოებების ენობრივმა მხარემ, მხატვრული ტექსტის სტილმა, რაც მწერლის ინდივიდუალობის სავიზიტო ბარათია ხოლმე. ტექსტის დანაწევრება და შინაარსისაგან განყენებულად მის მხატვრულ ფორმაზე მსჯელობა შეუძლებელია, და შესაბამისად, სწორედ შინაარსობრივმა მსგავსებამ (ვგულისხმობ შინაარსობრივ დაცლილობას და არა თემატიკას) განაპირობა ისიც, რომ ტექსტების უმეტესობას არ გააჩნია საკუთარი რეგისტრი, ავტორი ვერ პოულობს მკითხველთან სასაუბრო ენას და შესაბამისად, ვერც აწვდენს ხმას. თუმცა, რამდენიმე ავტორი შეეცადა, დიალექტური ლექსიკისა და ჟარგონების შემოტანით ორიგინალური სტილი შეეთავაზებინა მკითხველისათვის (“მე ბიძინა ვარ”, “ანტიკვარული ტუალეტი, პრეზიდენტი, ისტორის გაკვეთილი, ინფანტილიზმი და მისთანები…” “com.ისია”), თუმცა ასეთი მცდელობა ხშირ შემთხვევაში უფრო სტილიდან ამოვარდნისა და შეუკვრელობის საშიშროებას ქმნის, ვიდრე მწერლის ინდივირუალური ენის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. თუმცა, კრებულში არის ტექსტებიც, რომლებიც ენობრივი ქსოვილითა და სტილიზაციებით მკვეთრად გამოირჩევიან დანარჩენებისგან (“ჩემს მეგობარ პოეტს”, “დათვი”), ავტორებს გააჩნიათ თვითმყოფადი სინტაქსი, ფლობენ მდიდარ ლექსიკას და ამასთანავე გრძნობენ ნაწარმოების ტემპერატურას, რაც მისავე შინაარსითაა ნაკარნახევი. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ნარატიული ტექსტის ამბავი, დისკურსი და ენობრივ-მხატვრული ფორმა ერთმანეთთან ჰარმონაშია და შედეგად შემდგარ ლიტერატურულ ნაწარმოებს ვიღებთ.
    ნებისმიერ შემთხვევაში, ლიტერატურული კონკურსის “წეროს” თორმეტივე ფინალისტი საინტერესო მასალას იძლევა მათსავე ტექსტებზე შემდგომი დაკვირვებისათვის. რომ არ მივყოთ ხელი თითოეული ნაწარმოებების დესტრუქტურიზაციას, კრებულის შესახებ საერთო შთაბეჭდილება მყარ საფუძველს იძლევა იმის სათქმელად, რომ კონკურსი შედგა და საკმაოდ მნიშვნელოვანი ტენდენციებიც გამოავლინა. სწორედ შექმნილი სურათის საფუძველზე შეიძლება კიდევ ერთი საჭირბოროტო დასკვნის გამოტანაც – რაც ზემოთვე აღვნიშნეთ: ქართულ ლიტერატურულ სივრცეში “მცირე პროზის” მომძლავრებას ვგულისხმობ. როდესაც წინ გვიდევს ათგვერდიან მოთხრობა, სადაც მწერალს სათქმელი არაფერი აქვს და მკითხველთან მხოლოდ ხელოვნურად გამხატვრულებული მშრალი ფაქტები მიაქვს, აქ უკვე ნათელია, რატომაც არა ვართ განებივრებული თანამედროვე ქართულ ენაზე შექმნილი რომანებით.
    გვახსოვს ალბათ, რომ გაზაფხულზე “წერომ” პოეტური კონკურსიც ჩაატარა. ვინ იცის – იქნებ მომავალში ისეთი ჟანრის პოპულარიზაციასაც შეუწყოს ხელი, როგორიც რომანია. კონკურსის ფორმა და სპეციფიკა კი – ისევ მათი ორგანიზატორებისთვის მიგვინდია.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • კრიტიკა

    ვწეროთ თუ ვიკითხოთ?

    მაგდა კალანდაძე
    ვწეროთ თუ ვიკითხოთ?

    თუ წიგნების დაწვაზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაული მათი წაუკითხაობაა, წიგნების დაწერასა და მათს გამოცემაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ალბათ სისხლის სამართლის რომელიმე მუხლს შეუფარდებდა ცნობილი ფრთიანი ფრაზის ავტორი. თუმცა, ამ შემთხვევაში დამნაშავის აღმოჩენა და შემდეგ ბრალდების წაყენება გაცილებით უფრო ძნელი საქმეა – როგორია, ადამიანს მწერლობაში ბრალი დასდო და შემდეგ დანაშაული დაუმტკიცო. დამნაშავეების ძებნას არც ჩვენ დავიწყებთ, თუმცა კი, დიდია ცდუნება, ბოლო ერთი წლის მანძილზე გამოცემული წიგნების მწირი რაოდენობა და არასახარბიელო ხარისხი რომელიმე კონკრეტულ სოციალურ ფაქტორს, ან თუნდაც იურიდიულ პირს, ან კიდევ, ბოლოსდაბოლოს, რომელიმე მითოლოგიურ პერსონაჟს ან წყევლას მაინც გადავაბრალოთ. მაგრამ ზემოთ პასუხისმგებლობა ვახსენე, და ალბათ, უფრო უპრიანი იქნება, ამ პასუხისმგებლობის დოზას ქართული ლიტერატურის საკეთილდღეოდ ყველა თუ გადაინაწილებს. ჩვენ, ჩვენის მხრივ, მხილებას, პროცესებზე თვალის დევნებასა და ამა თუ იმ ფაქტორის ავკარგიანობის გარკვევას არ დაგზარდებით, დროდადრო ჩვენეულ გამოსავალს და სწორ გზებსაც მივუთითებთ.
    მიუხედავად ლიტერატურის ცნების მრავალმნიშვნელიანობისა და აბსტრაქტულობისა, წიგნი საკმაოდ მატერიალისტური ცნებაა, და შესაბამისად, ისეთი სოციალური სექტორისათვის, როგორიც გამომცემლები არიან, მატერიალური დაინტერესების ობიექტს წარმოადგენს. ამ ასპექტშიც კი, თუ გადავხედავთ საზღვარგარეთული საგამომცემლო ინდუსტრიის სტატისტიკას, ვნახავთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ფორმა, რომლითაც ლიტერატურა იყიდება, რომანია. ყურადღებას არ გავამახვილებ ლიტერატურულ პრემიებსა და კონკურსებზე, რომლებიც კიდევ უფრო ხელს უწყობს ამა თუ იმ ავტორისა და წიგნის პოპულარიზაციას – ამის გარეშეც რომანი მხატვრული ნაწარმოების ის ფორმაა, რომელიც მკითხველის რეცეფციისთვის ყველაზე კარგი აღსაქმელია, ერთგვარი “საინტერესო” და “თავშესაქცევი” ჟანრიცაა, გარდა იმისა, რომ მსოფლიო ლიტერატურის ხერხემალს ქმნის. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ვერც ლიტერატურული ღირებულებებისა და ტენდენციების განვითარებისა და ვერც კომერციის მხრივ ბოლო რამდენიმე წელია საქართველო სრულ დისონანსშია მსოფლიო მოვლენებთან.
    თუ ბოლო ათწლეულს გადავხედავთ, ქართულ ენაზე დაწერილი რომანების რიცხვი თანდათან მცირდება. ვიწროვდება იმ ავტორების სავარაუდო კონტიგენტიც, რომლებისგანაც მკითხველი შესაბამის ლიტერატურულ ტექსტს შეიძლება მოელოდეს. ამ მხრივ საინტერესო დაკვირვების ობიექტია ლიტერატურული პრემია “საბაც”, რომელიც ფაქტობრივად წლის შეჯამებას ახდენს და სხვადასხვა ჟანრში საუკეთესო ლიტერატურული პროდუქტების გამოვლენას ისახავს მიზნად. ნომინაციაში “საუკეთესო რომანი” კონკურსის ხუთწლიანი ისტორიის მანძილზე სამჯერ ერთმა და იმავე ავტორმა – აკა მორჩილაძემ აიღო პრემია. არ ვიწინასწარმეტყველებ, ვისი გახდება წლევანდელი “საბა”, მაგრამ 2007 წელს გამოცემული რომანებიდან ორი არსებითად მნიშვნელოვანი წიგნის ავტორი აკა მორჩილაძეა. აქედან ძნელი მისახვედრი არ არის ის ფაქტი, რატომ ხდება აკა მორჩილაძე იმთავითვე ეგრეთ წოდებული ლონგსელერების ავტორი (მაგ. “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები” (1995) დღემდე მუდმივად ტირაჟირებადი წიგნია) – მწერალმა ყოველთვის ზუსტად იცის, განსაზღვრული თემატიკა როგორი ჟანრითა და ფორმით მიიტანოს მკითხველამდე, და ამ ცოდნას გარკვეულწილად თვითვალდებულებაც გამოიმუშავებს – აკას შემთხვევაში ამას შეიძლება დავარქვათ პროფესიული ჩვევაც.
    “Made in Tiflis” და “ძველი გულებისა და ხმლისა” თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში გამოჩნდა წიგნის მაღაზიებში. თუ ერთ შემთხვევაში ავტორი მცირე მოცულობის რომანტიკულ-დეტექტიურ ამბავს გვთავაზობს რუსეთ-თურქეთის ომის ისტორიული ფონითა და ჩვეული სიმბოლოებით, „Maid in Tiflisi“ გაცილებით უფრო მასშტაბურ ნაწარმოებზე აცხადებს პრეტენზიას – თუმცა კი, არც ამ რომანის თემატიკა და პათოსია აკას მკითხველისთვის უცხო – თბილისის ძველი უბნებისა და გაორებული პერსონაჟების სევდა, გაქცევა და დაბრუნება, არარსებული სივრცეები და რეალური შპრიცები, იარაღები, სასმელები… ორივე შემთხვევაში ძალიან დიდია ალბათობა, ერთი და იმავეს დაუსრულებელი ტირაჟირების გამო მკითხველმა მოიბეზროს აკა მორჩილაძე, თუმცა, მე ამ შემთხვევაში მიზეზებს აკას ახალი რომანების ლიტერატურული ღირებულების მიღმა მოვძებნიდი – რეალურად აკა ერთადერთი დანამედროვე ავტორია, ვისი ნაწარმობებიც დღეს მკითხველს მიეწოდება, და ამასთანავე ძალიან ბუნებრივად ჩნდება განსხვავებული სტილისა და ესთეტიკის ტექსტების წაკითხვის მოთხოვნილება. მკითხველი უკვე აკა მორჩილაძის ახალ წიგნებში თავისდაუნებურად სხვა მწერალს ეძებს, არ აკმაყოფილებს ერთი ავტორი. აკა, რა თქმა უნდა, კარგი მწერალია – მაგრამ, სამწუხაროდ, ის ერთია, თავისი ინდივიდუალური სტილითა და ხელწერით.
    მორჩილაძისგან განსხვავებით, საინტერესო სიახლე აღმოჩნდა ყველა დროის საუკეთესი ქართული მცირე რომანის სერიით გამოსული „სიტყვები“ (ზაზა თვარაძე). ენობრივი თამაშებითა და ნახევრად ჩვეულებრივი ამბებით ძირეულად განსხვავებული ესთეტიკისა და სიღრმის ტექსტი მივიღეთ, რომელიც ქართულ ლიტერატურაში მაგიური რეალიზმის სრულიად ახლებურად და არატრადიციულად წაკითხვის საშუალებას გვაძლევს. თავისი ჟანრობრივი მხარით ყურადღება მიიქცია კიდევ ერთმა რომანმა – ჯორჯი ვაშატელის „ამბავი ლილე იროელისა“ საყმაწვილო ფანტასტიკაა ქართული მითოლოგიური პერსონაჟებითა და ზღაპრული გმირებით. ნათელისა და ბნელის, კეთილი და ბოროტი ძალების შერკინების თემატიკამ ქართული ხალხური ზღაპრებიდან ამჯერად რომანის ფორმატში გადმოინაცვლა. ნიშანდობლივია, რომ დასახელებული წიგნები ბაკურ სულაკაურის გამომცმელობას ეკუთვნის – თუმცა, ეს ფაქტი ვერ გამოგვადგება საერთო დასკვნების გამოსატანად, იმდენად, რამდენადაც გამომცემლობისათვის აკა მორჩილაძეც და საუკეთესო ქართული მცირე რომანის სერიაც ერთგვარი საავტორო პროექტია. რა თქმა უნდა, რომანის გამოსაცემად თითქმის ყველა გამომცემლობების კარი ღიაა, მაგრამ მწერლისათვის მოტივაცია მხოლოდ ორ ყდას შუა მოქცეული საკუთარი ნაშრომის ხილვა ვერ იქნება – შესაბამისი ანაზღაურების გარეშე ძნელია, ასერიგად საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდო. ჯერ-ჯერობით ცოტა ადრეა იმის ილუზიის შექმნა, რომ საქართველოში წიგნის გაყიდვა და დიდი ტირაჟები მწერლისათვის კომერციულად მომგებიანი გახდეს. ამისათვის ლიტერატურის სათანადო პოპულარიზაციაა საჭირო, იმ სივრცის შექმნა, სადაც შემდგომ უკვე წიგნი და ავტორი თავის თავს კონკტურენტუნარიან ატმოსფეროში გაყიდიან.
    შედარებით მრავალფეროვანი სურათი გვაქვს მცირე პროზის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობების კრებულებს მსოფლიო ლიტერატურულ ბაზარზე ძალიან მცირე პროცენტი უჭირავს, და შესაბამისად, მწერლებისთვისაც მხატვრული ტექსტის ეს ფორმა უფრო ლიტერატურული პერიოდიკისთვის გადაგდებული ლუკმაა ხოლმე, ქართულ სინამდვილეში ე.წ. „მოთხრობების მწერლებსაც“ შეხვდებით. მიუხედავად ამისა, გასული წლის მოთხრობების კრებულებს შორის რამდენიმემ მაინც მიიქცია ყურადღება – თუ ფიქრია ყუშიტაშვილის „ქათმის გრიპი“ („დიოგენე“) Pen-მარათონის კონკურსში გამარჯვებული ავტორის ახალი ტექსტებით იზიდავს მკითხველს, დებიუტანტი ავტორის, ირმა ტაველიძის „ავტობიოგრაფია ფრანგულად“ („სიესტა“) თვისებრივად განსხვავდება აქამდე ქართულ პროზაში მომძლავრებული ლიტერატურული ტენდენციებისგან და ორიგინალურ ფორმა-შინაარსს გვთავაზობს. ასევე საინტერესოა ბესო სოლომანაშვილის „ზამორა(სნაიპერა)“ („დიოგენე“), რომელშიც ახლებურადაა დანახული და გადმოცემული მოქმედებების განვითარების ფონი – თაობათა შორის ბრძოლა, ომის ესთეტიკა, და ეს ყველაფერი სახასიათო, ცოცხალი სახეებითა და იუმორის თანხლებით.
    წლის ბოლოს შედგა ბესო ხვედელიძის მოთხრობების კრებულის „ესტაფეტას“ („სიეტა“) პრეზენტაციაც, სადაც მწერალმა სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში დაბეჭდილი მოთხრობებს მოუყარა თავი. მკითხველებს, რომლებიც უკვე იცნობენ ამ ავტორის ტექსტებს, ახალ კრებულშიც ჩვეული ხელწერა და ხმა ელოდებათ, თუმცა კი მოთხრობების ერთ წიგნად შეკვრა თავად ავტორისთვის შეიძლება ერთი ეტაპის დასასრულიც იყოს და მისგან უფრო საინტერესო ფორმებსა და თემატიკას ველოდეთ. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ წლის ბოლოს მოთხრობების რამდენიმე კრებული მზადდებოდა გამოსაცემად, თუმცა, 2007 წლისათვის მათი გამოცემა ვერ მოხერხდა. ამ მხრივ ცოტა არ იყოს, უსისტემოდაა გათვლილი გამომცემლობების მუშაობის პრინციპი – თითქმის მთელი წელი სასკოლო წიგნებისა და სხვადასხვა დაკვეთილი პროექტების განხორციელებას ეთმობა, კომერციულად არამომგებიანი მხატვრული ლიტერატურის ბედი კი თითქმის ყოველთვის მეორეხარისხოვანი საკითხის დონეზე წყდება.
    უსისტემობა ეტყობა მთარგმნელობით სფეროსაც. თუ გადავხედავთ ახალ თარგმანებს, გაგვიჭირდება ლოგიკური ჯაჭვის მოძებნა, რა პრინციპის მიხედვით ითარგმნება დღეს საზღვარგარეთული ლიტერატურა. საბოლოო ჯამში კი მაინც იმ დასკვანმდე მივალთ, რომ აქაც ძირითადად ენთუზიაზმზე უწევთ მთარგმნელებს მუშაობა, და შესაბამისად, თარგმნიან თავიანთი შეხედულებისა და სურვილის მიხედვით. გამომცემლობებს არ გააჩნიათ კონკრეტული კონცეფცია, უცხოური ლიტერატურის რა სექტორი უნდა მიაწოდონ ქართველ მკითხველს და იქმნება სრულიად ჭრელი სურათი, რაც დამაბნეველია მკითხველისათვის. გარდა იმისა, რომ მთარგმნელობითი საქმიანობის განვითარება კონკრეტული გეგმა-პროქტების დამუშავებასა და გაანალიზებას მოითხოვს, უმთავრესია ფინანსებიც, რაც გამომცემელს საშუალებას მისცემს, დაიქირავოს მთარგმნელი. სწორედ ასეთი ორგანიზებით „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში“ სამხედრო ლიტერატურის ბიბლიოთეკა გამოიცა. გამოცემის ფინანსური მხარე სამთავრობო სექტორმა უზრუნველყო, რაც იმის იმედს გვიტოვებს, რომ მას შემდეგ რაც ქართული საგამომცემლო ინდუსტრია საჯარისო ნაწილების სფეციფიკურ ბიბლიოთეკას ამოწურავს, სახელმწიფო ხაზინაში მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებისთვისაც გამოჩნდება სახსრები.
    თუმცა, ამ ფონზე რამდენიმე ახალმა თარგმანმა მაინც მიიქცია ჩვენი ყურადღება – მათ შორისაა 2004 წლის გონკურის პრემიის ლაურეატის, ლორან გოდეს რომანი ‚,სკორტების მზე“ („აგორა“, მთარგმ. ნინო ახვლედიანი) და გაბრიელ გარსია მარკესის ბოლო ნაწარმოები „ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს“ („სიესტა“. მთარგმ. ელზა ახვლედიანი). საინტერესო პროექტი იყო „ემ-ფაბლიშინგის“ მიერ გამოცემული წიგნი – თანამედროვე ებრაელი ავტორის, ეტგარ კერეტის მოთხრობების კრებული „ნებროთმა გარეკა“ (მთარგმნელი თამარ ბაბუაძე), რომლის პრეზენტაციაზეც თავად ავტორი მოიწვიეს საქართველოში.
    ლიტერატურულ ბაზარზე ბესტსელერების ადგილი თუ რომანებს უჭირავთ, ყველაზე ნაკლებკომერციულად პოეტური კრებულებია მიჩნეული, და ალბათ, ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, რომ ქართულ პოეტურ კრებულებში საინტერესო და მნიშვნელოვან სიახლეს იშვიათად გადავაწყდებით. უფრო მეტიც – მაგალითად, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა არ გამოსცემს პოეზიას, რის არგუმენტადაც ისევ და ისევ წიგნების დაბალკომერციული ღირებულება მოჰყავს. თუმცა, ქართული პოეზიის ბედი მხოლოდ ერთ გამომცემლობაზე არ არის დამოკიდებული და შესაბამისად, თუ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ამ მხრივ დეფიციტია ქართულ ლიტერატურაში, ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხების ბრალი არაა. იმ პოეტური კრებულების ბაზისზეც კი, რაც ხელთ გვაქვს, თვალშისაცემია, რომ საქართველოში თითქმის არ არსებობს პოეზიის ერთ ციკლად ან თემატურ კრებულად გამოცემის ტრადიცია, წიგნის შედგენა ლექსების მხოლოდ ტექნიკურად შეგროვების პროცესს გულისხმობს. ამის საპირისპირო ფაქტია რეზო გეთიაშვილის ლექსების კრებული „არტ-ყვავილები“ („მერიდიანი“), რომელიც თავისთავად კიდევ საერთო თემატური ხაზით გაერთიანებული ლექსების რამდენიმე ციკლს შეიცავს. საყურადღებოა მაია სარიშვილის პოეტური კრებული „მიკროსკოპი“ („ლინკი“), თვისებრივად განსხვავებული და ინდივიდუალური ხელწერის პოეტი პოეზიის მოყვარულებისათვის კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვების ობიექტია. ზოგადად კი, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, პოეტური კრებულების სიმწირის ფონზეც, ლიტერატურული პროცესი პოეზიაში გაცილებით საინტერესო და დინამიურია, ვიდრე პროზაში. უბრალოდ, პროზას ბევრად მეტი მკითხველი ჰყავს და შესაბამისად, ნაკლებ შესამჩნევი ხდება დაბალი ხარისხის ლიტერატურის ტირაჟირება.
    სამწუხაროდ, დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს ლიტერატურული კრიტიკა, რაც ხშირად არა მარტო მკითხველისთვის არის ხოლმე ორიენტირი, არამედ ავტორისთვისაც, და რისი პრეროგატივაცაა ლიტერატურული ვექტორების დალაგება. რამდენიმე წლის წინ გამოიცა „თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია“ (შემდგ. მალხაზ ხარბედია), რომელმაც ფაქტობრივად შეაჯამა 1990-2004 წლების ქართული პოეზია, მაგრამ ბოლო სამი წლის მანძილზე მსგავსი პროექტი აღარ შემდგარა, თუ არ ჩავთვლით „კავკასიური სახლის“ მიერ გამოცემულ კრებულს „ქართული პოეზია საუკუნეთა მიჯნაზე“, რომელიც არსებითად განსხვავებულ შინაარსს არ ატარებს. ამ მხირვ საინტერესო მასალა შემოგვთავაზა გია ქარჩხაძის გამომცემლობამ მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგიის სახით (შემდგ. თამაზ ვასაძე). წიგნი ბოლო ასწლეულის მანძილზე მიმდინარე ლიტერატურული პროცესების ერთგვარი ასახვაა, თუმცა, საინტერესო იქნებოდა ამავე ტიპის პროექტის ფარგლებში უფრო მცირე დროითი მონაკვეთიც განხილულიყო (მაგ. ბოლო ათწლეული). ცოტა არ იყოს, უცნაური კონცეფციის პროექტი განახორციელა გამომცემლობა „დიამ“ მსოფლიო ლიტერატურის რჩეული მოთხრობების სახით (შემდგ. გია მურღულია, ბეგო ბეჟუაშვილი), სადაც უსისტემოდ შერჩეული მსოფლიო ლიტერატურის მცირე პროზის ნიმუშები იყო თავმოყრილი. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი ტომია გამოსული ხუთტომეულიდან, რომლის ბოლო ნაწილიც ქართულ პროზას მიეძღვნება. მნიშვნელოვანი მოვლენაა „დიოგენესა“ და „ახალი თარგმანების“ ერთობლივი პროექტი – „მხატვრული თარგმანის მასტერკლასი“ ვახუშტი კოტეტიშვილის ხელმძღვანელობით, სადაც სხვადასხვა ენიდან შესრულებული ქართული თარგმანების გარდა თარგმანის, როგორც საშემსრულებლო ხელოვნების, თეორიაა ახსნილი.
    რა გამოვიდა? არ ვწერთ, იმიტომ რომ არავინ კითხულობს (გამომცემლები ამას ალბათ უფრო მარკეტინგთან დაახლოებული ტერმინებით ახსნიდნენ), ვერ ვკითხულობთ, იმიტომ რომ არავინ წერს, და შეკრული წრიდან გამოსავალი არც თუ ისე მარტივი საპოვნია. კვანძი უნდა გაიხსნას, და წრის რომელი ბოლოდან დაიწყება ამ საკრალური კვანძის დაშლა, არავინ იცის. თუმცა, ერთიცაა – წრეს ხომ თავი და ბოლო არ აქვს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • ინტერვიუ,  კრიტიკა,  პოლემიკა

    ალეკო ცქიტიშვილი, ზაზა შათირიშვილი – დიალოგი მეილით – 90-იანი წლების გადალახვა

    გალაკტიონი, მიჯნათაშორისი, ARTყვავილები და ა. შ.

    “ცხელი შოკოლადი – ლიტერატურის” წინა ნომერში გამოქვეყნდა ლიტარატურათმცოდნისა და კრიტიკოსის, ზაზა შათირიშვილის სტატია “არტისტული ყვავილებიდან ARTყვავილებამდე”. ეს არის რეზო გეთიაშვილის პოეტური კრებულის “ARTყვავილების” ბოლოთქმა, რომელმაც ლიტერატურული წრეების კულუარებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ზაზა შათირიშვილის აზრით, გალაკტიონიდან გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ქართული პოეზია ერთგვარ “მიჯნათაშორის” პერიოდად უნდა განვიხილოთ. ამ პერიოდში იყო რამდენიმე საინტერესო პოეტი თავისი “გვერდითი ხაზით”, მაგრამ არ ყოფილა სრულიად ახალი პოეტური სიტყვა. რეზო გეთიაშვილი “ARTყვავილებით” სწორედ ის ავტორია, საიდანაც ზაზა შათირიშვილმა სრულიად ახალი ეპოქის ათვლა დაიწყო.
    სტატიაში “არტისტული ყვავილებიდან ARTყვავილებამდე” ბევრი რამ არის საკამათო. ჩემთვის განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა კრიტიკოსის დამოკიდებულება გასული საუკუნის 90-იანი წლების პოეტების შემოქმედებისადმი. ჩემი მოსაზრებები მას რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ რეზო გეთიაშვილის კრებულის გამოსვლამდე მივწერე ელექტრონული ფოსტით. წინამდებარე პოლემიკა სწორედ ელექტრონულ სივრცეში წარიმართა. ვფიქრობ, ჩვენი დიალოგი “ცხელი შოკოლადის” მკითხველისათვის საინტერესო იქნება. გთავაზობთ მას უმნიშვნელო შემოკლებით.

    ალეკო ცქიტიშვილი

    ალეკო ცქიტიშვილი: ზაზა, წავიკითხე შენი სტატია რეზოს წიგნისათვის და სურვილი გამიჩნდა, შემოგხმიანებოდი. ამ წიგნთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველაფერი შენი და რეზოს გადასაწყვეტია, მაგრამ მე ჩემ აზრს გეტყვით. ვფიქრობ, თანამედროვე ქართული პოეზიის ტენდენციების მოკლე მიმოხილვა ძალიან სერიოზული თემაა და ასე მოკლედ არ ღირდა მისთვის სტატიაში ადგილის მიჩენა. მით უფრო, ჩემი აზრით, აქ ზოგი რამ საკამათოა.
    ძნელია, მეილით ყველაფერი მოგწერო, მაგრამ ვფიქრობ, დათო ჩიხლაძის, დათო ბარბაქაძის, შოთა იათაშვილისა და ამ თაობის კიდევ რამდენიმე პოეტის შემოქმედება ლიტერატურული ტრადიციისაგან მოწყვეტილად მაინც არ უნდა განვიხილოთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ როგორც შენ უწოდებ – “მიჯნათაშორისის” ეპოქის დასრულების შემდეგ ყოველთვის ადგილი აქვს “ფრაგმენტაციას”. ასეთ დროს ავტორებს, რომლებიც რადიკალურად უპირისპირდებიან ტრადიციას, ყოველთვის ადანაშაულებენ ტრადიციას უგულვებელყოფაში. სინამდვილეში ეს მთლად ასე არ არის. ამის კარგი მაგალითია ცისფერყანწელების ჟურნალების – “ცისფერ ყანწებისა” და “მეოცნებე ნიამორების” შესახებ მაშინდელი ლიტერატორების შეფასებები. ძირითადად სწორედ იმას უკიჟინებდნენ, რომ ტრადიციას მთლიანად ხაზი გადაუსვეს. მართლაც, ერთი შეხედვით, ვალერიან გაფრინდაშვილის, ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის სიმბოლისტურად კონიუნქტურულ ლექსებში (მათ შორის – საუკეთესო ლექსებში) რა არის ნასესხები ტრადიციიდან? ძალიან უმნიშვნელო რამ! მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ იცნობენ ამ ტრადიციას, რომ წაკითხულიც არა აქვთ და ა. შ. ეს კარგად ჩანს ვალერიან გაფრინდაშვილისა და ტიციან ტაბიძის კრიტიკულ წერილებში, სადაც ისინი პირველ რიგში სწორედ ტრადიციასთან (რუსთაველი, ბესიკი, ბარათაშვილი, მამია გურიელი, ორბელიანი) კონტაქტზე აქცენტირებენ და ამას ყოველთვის რაღაცნაირი ხაზგასმითაც აკეთებენ. ზუსტად ასევე თუნდაც დათო ბარბაქაძის თეორიულ წერილებში კარგად ჩანს, როგორ და რატომ “უპირისპირდება” ის იმ ტრადიციას, რომელიც სწორედ რომ ძალიან კარგად იცის. ამას ადასტურებს, თუნდაც, შენს სტატიაში მოხმობილი ნაწარმოები – “ტრფობა წამებულთა”…
    მე ახლა თან არა მაქვს დათოს წიგნები (ჩემს სახლში დაუსრულებელი რემონტია. ყველა ჩემი წიგნი ყუთებშია ჩაწყობილი და იქიდან მათი ამოღება შეუძლებელია). ამიტომ ვერ ვახერხებ ზუსტად შეგახსენო უამრავი მაგალითი მისი ლექსებიდან, სადაც სწორედ ტრადიციასთან კონტაქტი ჩანს. შემიძლია დაგისახელო ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში მისი პოეზიიდან, რომელსაც ფესვები პირდაპირ ქართულ სასულიერო პოეზიაში (ჰიმნოგრაფია) უდგას. ეს არის ლექსი “ქება ცაცხვისა” – ჩემი აზრით, ბოლო ოცწლეულის თუ ყველაზე საუკეთესო არა, სამეულში შესატანი ლექსი. დათოს ბოლო კრებულში (“ტბის სანაპიროს სიმღერები”) ასევე ძალიან საინტერესო ლექსებია, სწორედ ტრადიციასთან და მეტადრე – ენობრივ კლიშეებთან მიმართებაში.
    შენს წერილში კარგად არის წარმოდგენილი ტრადიციის ხაზი – რუსთაველი-გურამიშვილი-გალაკტიონი-სამადაშვილის სახით. მაგრამ, ვფიქრობ, კიდევ ერთი სერიოზული ნაკადი გამოგრჩა – ურბანისტული პოეზია. ურბანისტული ლირიკული გმირი ფრაგმენტულად გვხვდება ცისფერყანწელებთან და გალაკტიონთან, მაგრამ – მხოლოდ ფრაგმენტულად. მთელი სისავსით კი ქართული ურბანისტული პოეზია შოთა ჩანტლაძის პოეზიიდან ვითარდება. საერთოდაც, თანამედროვე ვერლიბრი, თავისუფალი ლექსი, ძირითადად სწორედ ურბანისტულ თემატიკას უკავშირდება. სტატიაში სწორად შენიშნავ, რომ ბესიკ ხარანაული არის “მთის ლირიკოსი”, რაც გარკვეულწილად სწორედ იმასაც ნიშნავს, რომ იგი ქალაქის ლირიკოსი არ არის – მიუხედავად იმისა, რომ მასთან ურბანისტული თემატიკა დიდი ნაკადია (“ხეიბარი თოჯინა”).
    ამ მხრივ გაცილებით მკვეთრად გამოხატული “ქალაქელი პოეტია” შოთა ჩანტლაძე. ამ ყველაფერს იმიტომ გწერ, რომ დათო ჩიხლაძე, შოთა იათაშვილი და სხვები “მიჯნათაშორისის” დასრულების შემდეგ თავიანთი ვერლიბრით დიდწილად სწორედ შოთა ჩანტლაძის ხაზს აგრძელებენ. ეს მათ თეორიულ წერილებშიც ჩანს. შოთა ჩანტლაძე კი, ვფიქრობ, უკვე ტრადიციაა. ჩემთვის ძალიან ძვირფასია დათო ჩიხლაძის ურბანისტული პოეზია, განსაკუთრებით – ამერიკული ციკლი, სადაც ბევრ სიახლეს გვთავაზობს ქართული ვერლიბრის რიტმიკაში.
    აქ აუცილებლად უნდა ვახსენო ქრონოფაგების – შოთა იათაშვილის, ზურაბ რთველიაშვილისა და გიორგი ბუნდოვანის კრებული – “ანომალიური პოეზია”, რომელმაც 90-იან წლებში “ცისფერი ყანწებისა” და “მეოცნებე ნიამორების” როლი შეასრულა დათო ბარბაქაძის პერიოდულ გამოცემებთან ერთად (მათ შორის საუკეთესოა – “პოლილოგი”). ასე რომ, “ტრადიციის უარყოფა” ამ სახით, არ ნიშნავს, რომ მათთვის ტრადიცია უცნობია. საერთოდაც, ტრადიციის ნამდვილი უარყოფა სულაც არ ნიშნავს ტრადიციის უარყოფას J
    აი, ეს მინდოდა, მომეწერა შენთვის. მე პროფესიონალი ლიტერატორი არა ვარ და ამიტომ ჩემს მსჯელობაში შეიძლება ზოგიერთი ლაფსუსი ნახო, მაგრამ, ვფიქრობ, ძირითადი აზრის გადმოცემა მაინც მოვახერხე. დანარჩენს მერეც მოგწერ.
    ზაზა შათირიშვილი: ძალიან დიდი მადლობა მშვენიერი წერილისათვის! შოთა ჩანტლაძე სულ დამავიწყდა – და ახლა მიჯნათაშორისის პოეტებში ჩავრთე. გიგზავნი ჩემი სტატიის საბოლოო ვარიანტს. რაღაცეები კომპოზიციურად გადავაადგილე. საქმე ისაა, რომ პარალელურად წიგნს ვწერ, რომელსაც “ქართული პოეზიის ხუთი ეპოქა: პოეტიკა – იდეების ისტორია – კრიტიკა” ეწოდება. იქ ცალკე თავი ეძღვნება თანამედროვე სიტუაციას. შენი შენიშვნის მერე, გადავწყვიტე, გარკვეული ცვლილებები სტატიაშიც განმეხორციელებინა, თუმცა ტექსტი არსობრივად არ შემიცვლია, მაგრამ ერთი-ორი არგუმენტი მივამატე.
    თუ არ დაგეზარება და ამ ბოლო ვარიანტსაც გადაათვალიერებ, დაინახავ, რომ თანამედროვეებს ტრადიციასთან დაპირისპირებაში არ ვადანაშაულებ. მე ვამბობ, რომ მათ საკმარისად არ იციან ენა და საკუთარი ლიტერატურა. მაგალითად, არც ჩიხლაძეს, არც ბარბაქაძესა და არც სხვებს არა აქვთ წაკითხული XVI-XVIII საუკუნეების პოეტები – ფეშანგი, თეიმურაზ I, სულხან და ბეგთანეგ თანიაშვილები და სხვ. ეს იგივეა, რომ ეზრა პაუნდსა და ელიოტს თავიანთი გრანდიოზული ინოვაციები ისე ეკეთებინათ, რომ ენდრიუ მარველი, ჰერბერტი, დონი თუ ჩოსერი არ ცოდნოდათ.
    შენ მკითხავ, რეზო გეთიაშვილმა თუ იცის ეგენიო? – მე გიპასუხებ, რომ რეზოს ამოცანა სულაც არაა ტრადიციის დემონტაჟი, მაგრამ ვისაც ტრადიციის დემონტაჟი სურს, მას რუსულ ან ქართულ თარგმანში ალენ გინზბერგის კითხვა ვერ უშველის. ჩვენი პოეტები სწორედ იმიტომ არ ვარგიან, რომ თუნდაც ცისფერყანწელებისაგან განსხვავებით, რომლებმაც ბესიკი წაიკითხეს, ქართული ლიტერატურიდან არაფერი იციან სკოლაში წაკითხული ტექსტების გარდა (ამაშიც ეჭვი მეპარება).
    ძალიან მომეწონა შენი მსჯელობა შოთა ჩანტლაძისა და ჩვენი “კონცეპტუალისტების” გენეალოგიურ კავშირზე. ლიტერატურულ-ისტორიული თვალსაზრისით, აბსოლუტურად მართალი ხარ!
    მოკლედ, მე ვეთანხმები შენ ისტორიულ-თეორიულ შეხედულებებს, არ ვიზიარებ შენს სუბიექტურ-კრიტიკულ დამოკიდებულებას. ჩემი სუბიექტურ-კრიტიკული პოზიციიდან, ვერც ჩიხლაძე და ვერც ბარბაქაძე კრიტიკას ვერ უძლებენ – ესთეტიკური თვალსაზრისით, ისინი ცუდი პოეტები არიან. შეიძლება, მე ვცდები, ხოლო შენ მართალი ხარ. კრიტიკა, მოგეხსება, მეცნიერება არაა… აქ რიტორიკა მუშაობს და არა – ლოგიკა.
    კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა შესანიშნავი წერილისათვის. მე მგონი, პოლემიკა უკვე დაიწყო. კარგი იქნებოდა, თუ საჯარო სივრცეშიც გადავიდოდა ეს ყველაფერი.
    ალეკო ცქიტიშვილი: ჰო, როგორც ჩანს, პოლემიკა მართლაც უკვე დაიწყო. წიგნი კი ჯერ გამოცემულიც არ არის J მე მომწონს შენი “სუბიექტურ-კრიტიკული” გადაწყვეტილება – თავისი (ალბათ, უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით – შენი) სახელი დაარქვა მოვლენებს – სახელებისა და გვარების დასახელებით. ეს ქართულ კრიტიკას აქამდე არ ახასიათებდა. ყოველთვის გაურბოდნენ ერთმანეთის განაწყენებას და ა.შ.
    ბოლომდე ვერ დაგეთანხმები, რომ კრიტიკა მეცნიერება არ არის. კრიტიკა, უფრო მეტად კი – ლიტერატურათმცოდნეობა სწორედაც რომ მეცნიერებაა, თუმცა… არაზუსტი J ხომ იცი, ჩემი აზრი – ადრეც გეუბნებოდი – ყველაზე ზუსტი მეცნიერება პოეზიაა-მეთქი! ამიტომ პოეტებს უფლება აქვთ, საკუთარ სიზუსტეს ენდონ და უპირატესობაც მას მიანიჭონ.
    შენს მიერ ჩამოთვლილი პოეტები – ფეშანგი, თეიმურაზ I და მისთანანი, ჩემი აზრით, სწორედ ლიტერატურათმცოდნეებისათვის უფრო არის საინტერესო, პოეტებისთვის კი – ნაკლებად. არ ვიცი, ჩვენს 90-იანელებს წაკითხული აქვთ თუ არა ეს ავტორები. ვფიქრობ, წაკითხული რომც არ ჰქონდეთ, ბევრს არაფერს დაკარგავდნენ. შენ სტატიაში ნათლად გაქვს აღწერილი ქართული პოეზიის ტრადიციის ხაზი – რუსთაველი-გურამიშვილი-ბარათაშვილი-ილია-აკაკი-ვაჟა-გალაკტიონი. ამ ხაზის იქით და აქეთ არიან საინტერესო ავტორები, რომლებიც თანამედროვე პოეტისთვის მეტ-ნაკლებად საინტერესონი შეიძლება იყვნენ (“მეტ-ნაკლებად” ნიშნავს, რომ ზოგი – მეტად და ზოგიც – ნაკლებად), მაგრამ ახალი პოეზიის, ახალი პოეტური ენის შექმნის პროცესში პირველ რიგში სწორედ ეს ხაზია გასათვალისწინებელი და მერე მეტ-ნაკლებად და შეძლებისდაგვარად – ყველა დანარჩენი.
    მე დარწმუნებუილი ვარ, რომ დათო ბარბაქაძე, შოთა იათაშვილი და დათო ჩიხლაძე კარგად იცნობენ ტრადიციას, ყოველ შემთხვევაში – ზუსტად იმ დოზით, რომ წმინდა ეთიკური თვალსაზრისით უფლება ჰქონდეთ, იმუშაონ ამ ტრადიციის რადიკალურ ცვლილებაზე. სამწუხაროდ, მე ახლაც ვერ ვახერხებ მოგიყვანო კონკრეტული ციტატები, განსაკუთრებით მათი პუბლიცისტური და კრიტიკული სტატიებიდან, სადაც კარგად ჩანს ეს ცოდნა (განათლება). ჩემი წიგნების ყუთებიდან ამოლაგება შეუძლებელია. თუმცა, წინა წერილში მოგწერე ერთი მაგალითი – დათო ბარბაქაძის – “ქება ცაცხვისა”. მაინტერესებს ამ ნაწარმოებზე რას ფიქრობ?
    რაც შეეხება რატი ამაღლობელს, რომლის პოეზიას სტატიაში დადებით შეფასებას აძლევ, მის შესახებ აზრის გამოთქმისას ყოველთვის რადიკალური ვარ. ვფიქრობ, ეს არის “რუსთავი 2”-ის მიერ შეთხზული ავტორი, რომლის სახელიც, ჩემი აზრით, თანამედროვე მედიასივრციდან ქართული ლიტერატურის ისტორიაში ვერ გადაინაცვლებს. ამაღლობელის ლექსის ის ნიმუში, რომელსაც შენ სტატიაში ასახელებ, მართლაც საინტერესოა თეიმურაზ II-ის პოეზიასთან კავშირის თვალსაზრისით, მაგრამ მე მას მაინც ვერ აღვიქვამ როგორც განსაკუთრებულ შედევრს და ვერც მისი დაწერის მიზანი მესმის კარგად. ვერ ვიგებ – რა სათქმელი აქვს პოეტს, გარდა იმისა, რომ თეიმურაზ I წაუკითხავს და ამ კლიშეებით თამაში შეუძლია. ეს ხომ ცირკია და არა პოეზია. რეზო გეთიაშვილის შემთხვევა სწორედაც საპირისპიროა – აქ საქმე გვაქვს პოეტთან, რომელიც ახალი ფორმებით და ძველის ციტირებით კი არ მატრაკვეცობს, არამედ თავის ახალ სათქმელს ამბობს.
    შოთა ჩანტლაძის გამოცდილებას რაც შეეხება, მართლაც მნიშვნელოვანი სახელია 90-იანელების შემოქმედებასთან მიმართებაში. ამ მხრივ საინტერესოა შოთა იათაშვილის ერთგვარად მანიფესტური განწყობის ლექსი – “მეოცე საუკუნის დასასრულის პოეტი ცარიელი ბოთლებით ხელში”, რომელიც მე ბოლო ოცწლეულის საუკეთესო ლექსების სამეულში შემყავს (“ქება ცაცხვისა”-ზე უკვე მოგწერე, მესამე – ეს არის ზვიად რატიანის “მამები” – სამოქალაქო პოეზიის შესანიშნავი ნიმუში). გეცოდინება – არსებობს შოთა ჩანტლაძის ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტო, სადაც იგი გამოსახულია ცარიელბოთლებიანი ბადურით ხელში და სწორედ ეს ხატია გადატანილი (გაცოცხლებული) იათაშვილის ლექსში.
    რაკი 90-იანელების წინამორბედებზე ვსაუბრობთ, შოთა ჩანტლაძის გარდა თამაზ ბაძაღუას დასახელებაც შეიძლება – როგორც მისი საავტორო ლექსების გათვალისწინებით, ისე თარგმანებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით – რილკეს თარგმანებიდან. ჩემი აზრით, ეს 80-იანელი პოეტი ასევე არის 90-იანელების წინამორბედი თავისი ლექსწერით და ენით. შეგიძლია, ეს ენა შეადარო დათო ბარბაქაძის პირველი კრებულის (“მივუსამძიმროთ შემოდგომას”) ენას, სადაც ჩემი აზრით, რილკეს ბაძაღუასეული თარგმანების სურნელი იგრძნობა. დათო ბარბაქაძე ანოტაციაში აღნიშნავს, რომ მისი ლექსები რილკეს და ჰოლდერლინის პოეზიით არის ნასაზრდოები. მიუხედავად იმისა, რომ დათომ გერმანული მშვენივრად იცის, ვფიქრობ, მისთვის იმ პერიოდში ბაძაღუასეული რილკეც ახლობელი იყო.
    არანაკლებ საინტერესოა კარლო კაჭარავას პოეტური შემოქმედება, რომელიც არა მარტო დათო ჩიხლაძის მეგობარია, არამედ ერთგვარად მისი წინამორბედიც.
    ასე რომ, 90-იანი წლების ქართული პოეზიის ტრადიციაში კარლო კაჭარავას წინ შოთა ჩანტლაძე და თამაზ ბაძაღუაა. ამ პოეტების წინ კი, როგორ ფიქრობ, ფეშანგი და თეიმურაზ I შეიძლება დავასახელოთ? მე ვფიქრობ, რომ – არა, რადგანაც აქ საქმე გვაქვს სრულიად ახალ პოეზიასთან – თავისი ენითა და თემატიკით. წინა წერილში უკვე გწერდი ურბანისტულ პოეზიაზე. ჩემი აზრით, შეუძლებელია, ამ პოეზიას, ამ ენას, მით უფრო – თემატიკას და სათქმელს რაიმე ბმული ჰქონდეს მე-14, მე-17 საუკუნეებთან. მიუხედავად იმისა, რომ შოთა ჩანტლაძეც კარგად ნაკითხი კაცი იყო და მჯერა, ეს პოეტები მისთვის უცხო არ იქნებოდნენ.
    მოკლედ, მე ვრჩები ჩემს სუბიექტურ-კრიტიკულ პოზიციაზე და დარწმუნებული ვარ, დათო ბარბაქაძეც და დათო ჩიხლაძეც კარგი პოეტები არიან J პოლემიკაც, ალბათ, გაგრძელდება და ვაი, რომ არა მარტო ჩვენს მეილებში J გული მიგრძნობს, შენი სტატია დიდ აურზაურს გამოიწვევს ლიტერატურულ წრეებში. მე ჩემი აზრი რეზოსაც ვუთხარი. რეზომ თქვა, რომ შენ შენი საქმის პროფესიონალი ხარ და სრულ თავისუფლებას გაძლევს. ამაში ბოლომდე ვეთანხმები. შენს სტატიას მეც ვუგულშემატკივრებ, როგორც მოვლენას ქართული კრიტიკის ისტორიაში. თუმცა, ეს ყველაფერი დიდი პასუხისმგებლობაა და ამ მხრივ, წარმატებებს გისურვებ.
    პოლემიკის მიღმა მეგობრები ვართ! J

    ზაზა შათირიშვილი: ჩემო ალეკო, მე მგონი, უკეთესი პოლემიკა საჯარო სივრცეშიც კი ვერ გაიმართება!
    ახლა – კონცეპტუალურად.
    მოდი, ჯერ XVII-XVIII საუკუნეების პოეტებს შევეხოთ – საქმე ისაა, რომ მივიწყებული პოეტების “გაცოცხლება” ძალიან მნიშვნელოვანია სალიტერატურო ენისათვის. გურამიშვილი რეალურად ქართულ პოეზიაში XIX საუკუნის 60-70-იან წლებში შემოვიდა… ბესიკი ცისფერყანწელებმა და რობაქიძემ გააცოცხლეს. თეიმურაზ I, ჩემი აზრით, შესანიშნავი პოეტია, მის პოეზიაში არის ძალიან საინტერესო პოტენციალი…
    ამავე დროს, ძველი პოეტების ათვისება არნახულად ამდიდრებს ენას, ლექსიკას… ბევრი ნეოლოგიზმი, როგორც ცნობილია, დავიწყებული სიტყვების გაცოცხლების შედეგია…
    ხლებნიკოვის ავანგარდიზმი, ცნობილი ფაქტია, XVIII საუკუნეების პოეტური პლასტების ამოწევითაც საზრდოობს. ასე რომ, თუკი ავანგარდისტმა ინგლისელებმა და რუსებმა ასე ჩინებულად იციან თავიანთი არქაიკა, ჩვენ რა – გვაწყენს ჩვენი ძველი პლასტების გახსენება და ამოწევა? არ დაგავიწყდეს, ჯოისი როგორი რუდუნებით ახდენდა “ულისეში” მთელი ინგლისური ენის ისტორიის გახსენება-პაროდირებას (“ჰელიოსის ხარების” ეპიზოდი…).
    მეორეც – ლიტერატურული პროცესი არასდროს მიდის პირდაპირი მემკვიდრეობის გზით. ამაზე სპეციალურად ვწერ ჩემს წიგნში – ვეყრდნობი ვიკტორ შკლოვსკისა და ჰარალდ ბლუმის დაკვირვებებს. როგორც წესი, ახალი თაობა “გვერდითი შტოს” კანონიზებით მოდის და ისე იმკვიდრებს ადგილს. შკლოვსკი ამას ბიძა-ძმისწულის ურთიერთობას ადარებს. ასე მაგალითად, რუსმა სიმბოლისტებმა მოახდინეს ბორატინსკი-ტიუტჩევი-ფეტის “გვერდითი მცირეს შტოს” კანონიზება. მანამდე ეს პოეტები “მეორეხარისხოვან” პოეტებად ითვლებოდნენ. ზუსტად ასევე, ცისფერყანწელებმა ვაჟას კანონიზება მოახდინეს, რომელიც XX საუკუნის 20-იან წლებშიც კი აკაკის “ჩრდილში” იმყოფებოდა.
    ჩვენს პოეზიაში არის კიდევ ერთი ასეთი “გვერდითი შტო”: ტერენტი გრანელი – ნიკო სამადაშვილის ხაზი, რომელსაც დღეს ანდრო ბუაჩიძე აგრძელებს.
    ასე რომ, მხოლოდ ცენტრალური ხაზი საკმარისი არ არის. ცენტრალური ხაზი სინამდვილეში რკალური და ზიგზაგობრივი მოძრაობით იქცა ცენტრალურ ხაზად.
    ახლა, თანამედროვე პოეტების შესახებ. შენს საუბარშიც გამოისახა კიდევ ერთი “გვერდითი მცირე შტო”: ჩანტლაძე – კაჭარავა – ჩიხლაძე, იათაშვილი… ძალიან საყურადღებო აზრია. კარგი იქნებოდა, ამაზე დაგეწერა. ამას დასაბუთება სჭირდება.
    უნდა გითხრა, რომ თავად შენს წერილებში ერთი საგულისხმო მომენტი იკვეთება – როგორც წესი, შენ ამა თუ იმ პოეტის მხოლოდ ერთ-ორ ლექსს ასახელებ. ბარბაქაძე და იათაშვილი თავის დროზე ბევრი მაქვს ნაკითხი. ძალიან ბევრი წყალია, უხვსიტყვაობა, ცარიელი რიტორიკული პერიოდები… ცხადია, როცა წიგნზე მუშაობისას მათზე უფრო აქტიურად შევუდგები წერას, ყველაფერს თავიდან გადავიკითხავ – მინდა, რომ ბევრი მასალა იყოს და არგუმენტაცია… მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა შევნიშნო. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებმა მართლა ბევრი იშრომეს, მათი კონცეპტუალური რეფლექსია და პუბლიცისტიკა ძალიან ჩამოუვარდება მათი ამერიკელი, ევროპელი თუ რუსი კოლეგების რეფლექსიის დონეს, აღარაფერს ვამბობ ესთეტიკურ სხვაობაზე. ჩემი აზრით, ეს განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა: 1. ენების ცუდად (ან არ) ცოდნამ და, შესაბამისად, ევროპული და ამერიკული თეორიებისა თუ ტექსტების ზედაპირულმა ცოდნამ. 2. დაბალმა ფილოსოფიურმა მომზადებამ… 3. კრიტიკისა და ლიტერატურული თეორიის დაბალმა დონემ.
    ის, რაც ბიჭებს დაემართათ, მარტო მათი ბრალი არ არის. ეს, საზოგადოდ, ჩვენი აკადემიური და ლიტერატურული ელიტების დაბალმა დონემაც განაპირობა.
    რეზოს გამოჩენა ამ ფონზე ნამდვილი სასწაულია. ჩემს წიგნში სპეციალურად შევეხები რეგიონის საკითხსაც. 5-6 წლის წინ მე ვივარაუდე, რომ მაგარი პოეტი რეგიონიდან გამოჩნდებოდა, რადგანაც “თბილისელი პოეტების” ენა და სინტაქსი ძალიან მწირი და შეზღუდული მეჩვენებოდა. რეზო ფლობს ქართულ ენას მთელი სიგრძე-სიგანით – არა მარტო “პოეტურ” ენასა და სლენგს, არამედ კიდევ სხვა “სოციოლექტებს”. ამით ის ძალიან ჰგავს აკა მორჩილაძეს. მაგრამ თუ მორჩილაძემ ამას გეგმაზომიერი მუშაობით მიაღწია, რეზოს შემთხვევაში უდიდეს როლს მისი საოცარი ენობრივ-რიტორიკული ალღო ასრულებს.
    ასე რომ, ცალკეული მიღწევების მიუხედავად, მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩიხლაძე-ბარბაქაძე-იათაშვილის წამოწყება მაინც მარცხით დასრულდა… იგივე ითქმის დანარჩენებზე (რატიანი, სამნიაშვილი და ა.შ.). თუ მათზე ახლა წერა გვიწევს, ეს მთლიანად რეზოს დამსახურებაა. რა თქმა უნდა, არც გივის “ქორონიკონი” უნდა დავივიწყოთ.
    კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შესანიშნავი წერილისა და პოლემიკისათვის! აუცილებლად გავაგრძელოთ! ეს პოლემიკა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მეგობრობას!

    ალეკო ცქიტიშვილი: მესმის შენი განზრახვა – სტატიის სათაურიდან გამომდინარე – “არტისტული ყვავილებიდან – ARTყვავილებამდე” მიმოიხილო გასული საუკუნის პოეზიის ძირითადი ტენდენციები, მაგრამ ეს ძალიან დიდი თემაა, განსაკუთრებით კი სწორედ 90-იანი წლები. ამ პერიოდის პოეზია ლიტერატურათმცოდნეთა მიერ სრულიად შეუსწავლელია. ამიტომ სახელებით და გვარებით ამ კონკრეტულ პოეტთა შესახებ მოკლედ საუბარი ასეთი ხასიათის წერილში არ ღირს. აჯობებს, რეზოს წიგნის ბოლოთქმაში მაინც ზოგად ტენდენციებზე გამახვილდეს ყურადღება, კონკრეტული ავტორების შემოქმედების მიმოხილვა კი შენი წიგნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა.
    სხვათაშორის, “მიჯნათაშორის” პოეტებს შორის, თუ სწორად მახსოვს, ლადო ასათიანია გამორჩენილი და ასე მგონია, ლადო ასათიანის პოეზიაც სწორედ ერთ-ერთი “გვერდითი ხაზია”, რასაც მერე და მერე მოჰყვა ეპიგონთა და “გამგრძელებელთა” მთელი ლაშქარი, რომლებმაც ასათიანის პატრიოტული ლირიკა მარაზმამდე მიიყვანეს (ლოგიკურიც იყო! რუსთაველის გამგრძელებლებსაც ხომ ეს დაემართათ). ლადო ასათიანის გავლენა დღეს ფოლკლორშიც კი იგრძნობა.
    “გვერდითი ხაზის” შესახებ გეთანხმები. მე გწერდი კიდეც, რომ არსებობს მთავარი ხაზი, რასაც პრინციპში ტრადიცია ჰქვია და არსებობს სხვა დანარჩენი, რასაც ახალი ავტორი მეტ-ნაკლებად უნდა ითვალისწინებდეს, ზოგს – მეტად, ზოგს ნაკლებად-მეთქი. აქ სწორედ იმას ვგულისხმობდი, რომ ზოგიერთმა ავტორმა, შეხედულებისამებრ, შესაძლოა, თქვას, რომ მისთვის ილია ჭავჭავაძის პოეზია მიუღებელია და მისაღებია, ვთქვათ, გრიგოლ ორბელიანი. სხვათაშორის, ილიას პოეზიის კრიტიკა ლევან ბერძენიშვილს არ დაუწყია. “ცისფერყანწელებიც” დაახლოებით იმავეს ამბობდნენ და ბესიკს, მამია გურიელსა და ალექსანდრე ჭავჭავაძეს ანიჭებდნენ უპირატესობას J
    შოთა ჩანტლაძე, თამაზ ბაძაღუა, ბესიკ ხარანაული და ლია სტურუა – ეს არის ის “ხაზი”, რასაც 90-იანელები აგრძელებენ. ამას ისინი თავიანთ წერილებშიც აღნიშნავენ. თუმცა, ის, რაც ამ “ხაზზეა” დაშენებული, კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ჩანტლაძე-ბაძაღუა-ხარანაული-სტურუა. კარლო კაჭარავა, ალბათ, აქ ბოლო ბმული უნდა იყოს, მაგრამ ჩემი აზრით, კაჭარავა თავისი პოეზიით და მხატვრობით ფაქტობრივად თვითონვე არის 90-იანელი და ნაკლებად 80-იანელი.
    რაც შეეხება “მხოლოდ ერთ-ორ მაგალითს”, რაზეც მსაყვედურობ… მე დაგისახელე ბოლო ოცწლეულის 3 საუკეთესო ლექსი (ჩემი აზრით): 1) დათო ბარბაქაძის “ქება ცაცხვისა”, 2) შოთა იათაშვილის “20 საუკუნის დასასრულის პოეტი ცარიელი ბოთლებით ხელში” 3) ზვიად რატიანის – “მამები”… ეს მაგალითები დამჭირდა კონკრეტული აზრის არგუმენტაციისათვის. ამ ავტორთა წიგნები რომ ხელთ მქონდეს, ახლაც უამრავ მაგალითს მოგწერდი. თუმცა, ზოგადად, როცა შენს წიგნში ამ პერიოდს შეეხები, ჩემი თხოვნა იქნება, აუცილებლად გააანალიზო “ქრონოფაგების” კრებული “ანომალური პოეზია”, დათო ბარბაქაძის პერიოდული გამოცემები: “პოლილოგი”, “+- ლიტერატურა” და თავისთავად მისი წიგნები, ზვიად რატიანის კრებული “ჯიბის ჰაერი”. ეს უკანასკნელი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პოეტური კრებულია, რაც კი ბოლო წლებში ქართულად გამოცემულა.
    რაც შეეხება გივი ალხაზიშვილს, აქამდე მე მიმაჩნდა, რომ ეს ავტორი კლასიკური გაგებით 80-იანელია. მისი უკანასკნელი წიგნი – “ქორონიკონი” არ წამიკითხავს. შენს სტატიაში ამ კრებულის შეფასებამ ძალიან დამაინტრიგა. ამიტომ, ვაპირებ, გულდასმით წავიკითხო. გივი, საერთოდ, ცალკე მოვლენაა ბოლო წლების ქართულ პოეზიაში. მისი შემოქმედება ძირითადად კონვენციური ლექსია. ამავე დროს ეს არის სპეციფიკური, შეიძლება ითქვას – ინტელექტუალური პოეზია. ეს მიმართულება, ჩემი აზრით, სათავეს იღებს ოთარ ჭილაძიდან (აი, კიდევ ერთი ხაზი!) და პრინციპში, თუ არ ჩავთვლით გივი ალხაზიშვილს, ამ ხაზს სხვა არც არავინ აგრძელებს (ეპიგონებს და პლაგიატებს, ცხადია, არ ვგულისხმობ). გივი ალხაზიშვილს სწორედ ამ კონტესქტში ვხედავ. “ქორონიკონიც” რომ გადავათვალიერე, იქაც უფრო მეტად ეს ნაცნობი განწყობები დამეუფლა, მაგრამ ამაზე ახლა აღარ ვილაპარაკებ, რადგან ეს წიგნი ჯერ სერიოზულად უნდა წავიკითხო.
    და კიდევ: რაც წინა წერილებში არ მომიწერია და რაც ყველაზე მთავარია ამა თუ იმ პოეტის ავ-კარგიანობის შესაფასებლად. მურმან ლებანიძის ერთ ლექსს თუ დავუჯერებთ, “გალაკტიონმა ბრძანა” – ნიჭი, ძამიკო, ნიჭიო, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარია სული!.. “და სული, რომელიც შიგა აქვს, სახელურო, ქალაქს”… J ვგულისხმობ როგორც უშუალოდ ლექსის სულს, ასევე ეპოქის სულს. თუკი ლექსში ეს ორი რამ არ არის (ორი სული – ორსული), იგი ადრე თუ გვიან კვდება.
    რატი ამაღლობელზე უკვე გწერდი და მის პოეზიას, მის ლექსებს, ჩემი აზრით, სწორედ სული აკლია. ბევრი საინტერესო და “სახელიანი” პოეტია ასეთი – ტექნიკას კარგად ფლობენ, მათ ლექსებში თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ მთავარი არ არის – ლექსები არ სუნთქავენ – მათ სული არა აქვთ. ზვიად რატიანის ლექსებში, მაგალითად, სწორედ ეს სული იგრძნობა – 90-იანი წლების დახუთული სული (იხ. კრებული “ჯიბის ჰაერი”). ასევე ეს ყველაზე მძაფრად იგრძნობა ზემოთ ნახსენებ კრებულში – “ანომალიური პოეზია”. 90-იანელებს შორის არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ავტორი – ბადრი გუგუშვილი, რომელმაც სამწუხაროდ, თავი მოიკლა. ეს ავტორიც, ჩემი აზრით, აუცილებლად იმსახურებს ადგილს შენს წიგნში. ბადრი გუგუშვილის რელიგიურად დამუხტული და ემოციური პოეზია ზუსტად გადმოსცემს 90-იანი წლების მაჯისცემას: 1) ეროვნული მოძრაობის დამარცხებას 2) სამოქალაქო ომს 3) ე. წ. “მხედრიონის” პერიოდს.
    აი, სწორედ ეს სულია შოთა იათაშვილის, ზვიად რატიანის, დათო ბარბაქაძის, დათო ჩიხლაძის, ზურაბ რთველიაშვილის, გიორგი ბუნდოვანის შემოქმედებაში (ლელა სამნიაშვილი უკვე 21-ე საუკუნეა J). მე დარწმუნებული ვარ, ქართული ლიტერატურის ისტორიაში გასული საუკუნის 90-იანი წლები სწორედ ამ სახელებით შეივსება.
    სხვათაშორის, ახლა დავფიქრდი და მგონი, რეზო გეთიაშვილიც სულაც არ არის 90-იანელი. ხომ პარადოქსია, მაგრამ მე მაინც ასე მგონია. ისიც, ლელა სამნიაშვილის მსგავსად, ასევე 21-ე საუკუნეა – 90-იანი წლების სულის გადალახვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი “ბებერი პოეტების ორდენი” 90-იანი წლების მოვლენაა და ჩვენ – “ბებრები” სწორედ ამ ეპოქის სულის გარშემო ვმუშაობდით, პროდუქტი, რაც ამ მუშაობიდან რეზოს და სრულიად ქართულ ლიტერატურას დარჩა – ეს არის 21-ე საუკუნის ქართული პოეზია.
    აი, ეს არის ჩემი დამატებითი “სუბიექტური” მოსაზრებები…
    დანარჩენი – სხვა დროს!..

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • კრიტიკა

    მალხაზ ხარბედია

    კრიტიკის დაბადება

    მცირე ექსკურსით დავიწყებ და ჟან სტარობინსკის 1967 წელს დაწერილ და 2001 წელს გადამუშავებულ ერთ სტატიას გავიხსენებ, სადაც ავტორი კრიტიკის ძალზე საინტერესო ეტიმოლოგიას გვთავაზობს. სტატიას “კრიტიკის მიმართება” ჰქვია და ავტორი ამ სიტყვის ძირის მოსახელთებლად ჟორჟ ბლენის წიგნსაც იმოწმებს: ცნობილია, რომ სიტყვა “კრიტიკა” ძველბერძნული ზმნა krinein-დან მოდის (ლათ. cerno), რომლის თავდაპირველი მნიშვნელობაც გაყოფას, გარჩევას უკავშირდება, აქვეა გაფანტვისა და განიავების სახეებიც და რაც მთავარია, სტარობინსკი გამოჰყოფს ე.წ. “კრიტიკულ დღეებსაც”, კრიზისის პერიოდს, როცა, ჰიპოკრატეს მედიცინის თანახმად, ავადმყოფის ბედი წყდება.

    თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და კრიტიკის მდგომარეობა და ზოგადად კულტურული ვითარება სწორედ ამ ერთი ძალზე მოქნილი და თითქოსდა შიშისმომგვრელი სიტყვით, კრიზისით შეიძლება დახასიათდეს. ანუ, ავადმყოფი ცნობილია, მასზე უკვე ბევრი დაწერილა, ზოგს ასეთივე ავადმყოფური პათოსით აღსავსე წერილები შეუთხზავს მის გამო, სხვებს კი ჭკვიანური, მაგრამ არაფრისმთქმელი განსჯებით დაუმძიმებია მკითხველის გონება. იყო მახვილგონივრული შენიშვნებიც. დიდი შანსები არც ამ წერილს აქვს, არც ამ ერთი სტატიით გაირკვევა რამე, მაგრამ იმედია ფიქრს მაინც მივაყოლებთ იმას, რაც დღევანდელ ჩვენს ლიტერატურაში ხდება.

    არ მინდა მოწუწუნე ნიჰილისტად ჩამთვალოს ვინმემ, მაგრამ კრიზისი დღეს ყველგან იგრძნობა, და ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს, ვინ უფრო მეტნი არიან დღეს საქართველოში, პროფესიონალი, მონდომებული და მუყაითი ავტორები თუ გულგრილი ან ხელგაუტეხავი მწერლები. დღეს რომ ლიტერატურული პროცესი ცოტა ვინმეს აინტერესებს, ცხადია, ცხადია ისიც, რომ არც კრიტიკა აღელვებს ბევრს. ხშირად დაიჩივლებენ ხოლმე ამაზე, მაგრამ სინამდვილეში ერთეულები თუ აღიარებენ, რა არის აუცილებელი სისხლსავსე ლიტერატურული ცხოვრებისთვის.

    ამ მომჩივანთაგან უმრავლესობას, სამწუხაროდ, არაფრის უფლება აქვს და ვერც კათედრაზე შედგება საქადაგოდ, იმიტომ რომ ეს კათედრებიც (ლიტერატურული გამოცემები) აღარ არსებობს და თავადაც ყოველთვის უკან იხევენ, როცა რაიმე საჯარო შეხვედრაზე იწვევენ. სამაგიეროდ ქადაგებენ ამათუიმ ლიტერატურული კავშირის პირმშონი, რომლებსაც ჯგუფები პირობითად ჰქვიათ, თორემ სინამდვილეში არც შემოქმედებითი კავშირებია ესენი და არც რაიმე ღირებულის აღმსარებელნი, არამედ გარკვეული მენტალური თუ ფინანსური ერთობა, ადამიანები, რომელთაც ან ფული აერთიანებთ, ან შენობა, ანდა სულაც ხათრი. ქადაგებს ამ ჯგუფების მიერ (თუ პირიქით) “გაწამებული” კულტურის მინისტრი, ერთი ხელის მოსმით რომ შეუწყვიტა თავის დროზე დაფინანსება უკლებლივ ყველა გამოცემას, და მრავალი სხვა საქმეზე კი არავინ დარდობს, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ორი პროფესიონალი პროზაიკოსი და ორიც პოპულარული პოეტი ვერ შექმნის თანამედროვე ლიტერატურას. არც კაფეების თავყრილობები ეყოფა ამას და არც მითუმეტეს პრესაში მიმოფანტული აბზაცები, ამ თავყრილობებს რომ აღწერს.

    ამასწინათ, ყურძნის შარშანდელ მოსავალზე ჩავეკითხე მეღვინეებს, კომპანიის წარმომადგენლებსა და გლეხებს და ვერც ერთისგან ვერ მივიღე პასუხი ყურძნის ხარისხის შესახებ, იმაზე, თუ როგორ ღვინოს უნდა ელოდოს მომხმარებელი 2006 წლის მოსავლიდან. ერთნი მხოლოდ რუსულ ემბარგოზე მოთქვამდნენ, მეორენი კი სოციალურ პრობლემებზე, იმაზე, რომ კომპანიები ძალიან იაფად იბარებდნენ ყურძენს და ა.შ. ხარისხზე ფიქრით კი არავინ იწუხებდა თავს. ლიტერატურაც ასეთ დღეშია ჩვენთან, მხატვრულ ღირებულებებზე ვინღა დარდობს, როცა ჰონორარის მაძიებელი ავტორი, ღმერთმა უწყის რომელი რედაქციის კარს არ მიადგა, როცა მწერალი მინიმალურსაც კია მოკლებული, მათ შორის დაბეჭდვას, თუნდაც უჰონორაროდ. როცა მწერლის ბედით არავინ ინტერესდება, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა.

    ბოლო წლის მანძილზე ძალზე იკლო მხატვრული ლიტერატურის წილმა საგამომცემლო საქმეშიც. სულ ორიოდ რომანი გამოვიდა, სამი-ოთხი პოეტური კრებული და რამდენიმე თარგმანი. ხშირი გახდა კლასიკის გადამღერებული გამოცემები, რომელიც არსებული ხარვეზის დაძლევის ილუზიას ქმნის მხოლოდ. შეჩერებული ლიტერატურული პერიოდული გამოცემების გამო “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” წელს პირველად დაარღვევს ტრადიციას და ვერ შეადგენს თავის “15 საუკეთესოს”, წლის რჩეული მოთხრობების კრებულს, რადგან მოთხრობები თითქმის აღარსად იბეჭდება (ლექსებზე რომ არაფერი ვთქვათ).

    კიდევ ერთი პრობლემა ავტორების ცნობადობაა. ნახეთ ბოლო ათწლეულის მანძილზე გამოქვეყნებული ინტერვიუები კლასიკოსებთან, ცნობილ ან თუნდაც ახალგაზრდა მწერლებთან, და თავად დარწმუნდებით, რომ მათ ყოველთვის ძალიან უჭირთ გვარების დასახელება, ჯერ ერთი არ იცნობენ კოლეგების ნაწერს და თუკი იცნობენ, სიტყვა არ ემეტებათ მათთვის. ანდა პირიქით, ასახელებენ მხოლოდ თავიანთ მეგობრებს, მათ “ქაჩავენ”.

    მახსოვს რამდენიმე წლის წინ გამომავალ ერთ ლიტერატურულ გაზეთში, სადაც ყოველ ნომერში იბეჭდებოდა ინტერვიუები, კითხვაზე, ვის გამოყოფდით თანამედროვე მწერლებიდან, სულ ერთიდაიგივე ავტორებს ასახელებდნენ და ასე გრძელდებოდა გამუდმებით. განსაკუთრებული პრობლემა ექმნებათ თანამედროვე კლასიკოსებს. თავის დროზე ერთი კორესპონდენტი სამჯერ, სამი სხვადასხვა კითხვით შეეცადა დაეცდენინებინა სახელოვანი მწერლისთვის თუნდაც ერთი სახელი უმცროსი თაობიდან, და მაინც ვერაფერს გახდა. იცოდა, მაგრამ არ თქვა, წაკითხულიც ჰქონდა ზოგიერთი მათგანი, მაგრამ ვერ ათქმევინეს.

    უკვე რამდენიმე წელია ვცდილობ, ხანდახან ძალიან აგრესიულადაც, რომ საქართველოში რეცენზირების, მიმოხილვისა თუ კრიტიკის სხვა, უფრო თანამედროვე წესები დამკვიდრდეს. ბევრჯერ მითხოვია მწერლებისთვის, თავისი კოლეგის წიგნის შესახებ აზრი გამოეთქვა, უბრალოდ მიმოეხილა მაინც, მაგრამ არ მახსოვს ვინმე გამოხმაურებოდეს ამ ჩემს თხოვნას. არადა დასავლეთში, კრიტიკოსი სულ სხვა რამეს გულისხმობს, პირველ რიგში კი ესაა მწერალი, რომელიც თავისნაირზე წერს, მნიშვნელობა არა აქვს ეს თავისნაირი უფრო ნიჭიერი იქნება თუ უნიჭო. იქ ყველას კარგადა აქვს გაცნობიერებული, რომ უსაფუძვლო ღრენას ან უთავბოლო სადღეგრძელოებს არავინ დაბეჭდავს.

    მაგალითისთვის, გადახედეთ The New Yorker-ის, Guardian-ის, The London Review of Books-ის, The New York Review of Books-ის ან ნებისმიერ სხვა სახელოვანი ამერიკული თუ ევროპული ლიტერატურული გამოცემის ბოლო ნომრებს და თავად დარწმუნდებით, რომ ნობელის პრემიის ლაურეატი და ორგზის ბუკერის გამარჯვებული, ჯ.მ. კუტზეე ნორმან მეილერის ბოლო რომანზე წერს, მილან კუნდერა კი სალმან რუშდიზე, ჯონ აპდაიკი ორჰან ფამუქის ბოლო ნაწარმოებს მიმოიხილავს, ჯულიან ბარნსი კი მიშელ უელბეკისას. არადა ასეთი კარგი საკბილო მათ იშვიათად აქვთ ხოლმე, ძირითადად დებიუტანტების ან ყველასთვის უცნობი ავტორების რეცენზირება უწევთ ხოლმე გასაგები მიზეზების გამო.

    საქართველოში არ არსებობს კარგი ლიტერატურული გადაცემაც, არც ერთი არხი არ ზრუნავს ამაზე, არადა ყველამ კარგად იცის რამხელა ძალა აქვს ტელევიზიას, განსაკუთრებით კი ზარმაცი, მონებივრე ქართველი მკითხველისთვის.

    საქართველოში ლიტერატურული ჟურნალისტიკისა და კრიტიკის მწვავე კრიზისია, აღარავინ წერს პორტრეტებს, მიმოხილვებს, წიგნის პრეზენტაციებიდან კი ზოგიერთ ჟურნალისტს ავტორის სახელი და გვარიც კი არ ამახსოვრდება.

    სხვა საქმეა კრიტიკა, რომელიც ძალზე უკუღმართად ესმით საქართველოში, რომელიც საერთოდ მოკლებულია პასუხისმგებლობის გრძნობას და ჩასაფრებულის პოზიციებიდან დანახულ პროცესს უფრო აღწერს, ვიდრე რეალურ სურათს, სადაც ერთმანეთს უნდა შეერწყას გარკვეული მეთოდოლოგიური სიმკაცრე და რეფლექსიური მიუკერძოებლობა. არადა კრიტიკას ნამდვილად შეუძლია გარკვეული პერიოდი მხატვრული ტექსტების გარეშე გაძლოს, პირიქით პროვოცირებაც კი მოახდინოს მათი შექმნისა, ლიტერატურულ პროცესს კი კრიტიკის გარეშე უმალ უცნაური წარმოშობის სნობები ან პროვინციალები დაეპატრონებიან.

    თანამედროვე მსოფლიოში კრიტიკას სულ სხვა პრობლემები უდგას. ლიტერატურის თეორიის მრავალწლიანი ბატონობის შემდეგ, იქ სხვა სახე მიიღო ამ სახის მწერლობამ. ფორმალური ანალიზიდან ბევრი ღირებულების საკითხებზე და ლიტერატურის საზრისის ძიებაზე გადავიდა, სტრუქტურალიზმის, პოსტსტრუქტურალიზმისა და დეკონსტრუქციის კლასიკოსებმა კი ლიტერატურული ეთიკის პრობლემებზეც კი დაიწყეს წერა (ტოდოროვმა, კრისტევამ და მრავალმა სხვამ). საქართველოში სხვა პრობლემების წინაშე ვდგავართ, აქ არც ძლიერი ლიტერატურათმცოდნეობითი სკოლა ყოფილა და არც რეალურ თეორეტიკულ კრიტიკას უარსებია როდისმე. საქართველოში თავის დროზე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ლიტერატურული ნაწარმოების, ვთქვათ “ვეფხისტყაოსნის”, დავით გურამიშვილის ან ბარათაშვილის ტექსტების ანალიზისისას შტაინერის, შიურესა და სხვა სინთეზური სიბრიყვის ციტირება. საქმეს ვერ შველის გერონტი ქიქოძის, ან გურამ ასათიანის სახელებს ამოფარებაც. ჩვენთან, როგორც ჩანს, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს, თუმცა დაინტერესებული, ყურადღებიანი მწერლებისა და მკითხველების გარეშე არაფერი გამოვა და ვინ იცის, იქნებ საქართველოშიც დადგა დრო, როცა შეუძლებელია კრიტიკა მხოლოდ ტექსტის ანალიზით შემოიფარგლოს. იქნებ პირველადაა ქვეყანაში ვითარება, როცა ლიტერატურამ და კრიტიკამ უნდა იკისროს ის როლი, რომელსაც სამწუხაროდ ვერც პოლიტიკით დაბრმავებული მას-მედია ართმევს თავს და ვერც ე.წ. ინტელექტუალები.

    ბოლოდროინდელი ქართული კულტურა ხომ რიტუალს დაემსგავსა, არანაირ კრიტიკას რომ არ უშვებს (ვერ უძლებს და იმიტომაც არ უშვებს), თანამედროვე კრიტიკა ხომ არსებითად კაფიობაა, სადაც მხოლოდ ორი მხარე ჩანს. კრიტიკა ჩვენში ხომ მხოლოდ სახელდახელოა, კრიტიკა წაკითხვის გარეშე, ე.წ. ჭორ-კრიტიკა.

    მორის ბლანშო ერთგან აღნიშნავდა, “კულტურა რაციონალური დისკურსის უნივერსალიზაციისკენ მიისწრაფის, ლიტერატურა კი პირიქით, ყოველთვის უარს ამბობს ამგვარ გაწონასწორებულობაზე”-ო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლიტერატურის სფეროში ხშირად რაციონალობაზე ორიენტირებული ამგვარი “კულტურული გმირის” ფუნქციას კრიტიკა და ლიტერატურათმცოდნეობა კისრულობენ ხოლმე, თუმცა მათ კიდევ ერთი მთავარი ნიშანი გამოარჩევთ, ესაა თავისუფლება და მხოლოდ ამ ორ, ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავ მხარეთა შერწყმით ხდება ტექსტის თუ ზოგადად ლიტერატურის საზრისის დაზუსტება.

    იმით დავამთავრებ, რათაც დავიწყე, ანუ კრიტიკის ეტიმოლოგიით და ამ სიტყვის ყველაზე ღრმა მნიშვნელობით, კრიზისის პერიოდს რომ ეხება. დღეს ქართული კულტურა (ლიტერატურა და სხვ.) მართლა ავადაა და მართლა წყდება მისი ბედი, მაგრამ ამ სიტყვებში ნეგატიურზე მეტად, ჩემი აზრით, უფრო საქმიანი მოწოდება გაისმის, რომელიც გვთხოვს კარგად დავიმახსოვროთ ეს დრო, მწარე დღეები, საიდანაც რაღაც ახალი უნდა დაიწყოს. იგი არც მოვლა-პატრონობას გვთხოვს და არც ქადაგებას, არამედ მხოლოდ ყურადღებას, დაკვირვებას და აღწერას. კრიტიკაც აქედან იბადება და ერთი მხრივ წინააღმდეგობის, მეორე მხრივ კი გაწონასწორებულობის ამ უსასრულო დავაში ვინძლო გულგრილობისა და განურჩევლობის მონსტრიც გაქრეს.

    © “ცხელი შოკოლადი”