• ესე,  კრიტიკა,  რეცენზია

    თამაზ ჩხენკელი – მწვანე ბივრიტი

    ზაზა კვერცხიშვილი
    მწვანედ მოციმციმე სპეკალი
    თამაზ ჩხენკელი. “მწვანე ბივრიტი”. რედაქტორი უჩა შერაზადაშვილი. ს.ს. “გამომცემლობა აჭარა”, ბათუმი, 2002.

    თამაზ ჩხენკელი 75 წლის გახდა. ლიტერატურის მუზეუმმა, – უფრო სწორად კი, პირადად იზა ორკონიკიძემ, – არისტოკრატულად გულუხვი საჩუქარი მიუძღვნა მას: რვაგვერდიანი საიუბილეო გაზეთი, რომელშიც რამდენიმე ნამდვილად სანიმუშო წერილია დაბეჭდილი.
    “თავისუფლების 75 წელი”, – ასეთია ერთი სტატიის სათაური. თუმცა, გამუდმებით რიცხვთა სიმბოლური მნიშვნელობის მჩხრეკელმა იუბილარმა, ალბათ, სხვებზე უკეთ უწყის ნებისმიერი თარიღის პირობითი შინაარსი. კაცისთვის, რომელმაც სიცოცხლე “კოსმიური მუსიკის სმენასა” და “ვარსკვლავიერი მტვრით სუნთქვაში” გალია (“ბჰაგავატგიტა”, “ოდისეა”, ბო ძიუ-ი, “გიტანჯალი”, უიტმენი, ვაჟას სამყაროს მითოსური წიაღი, ქართული ასომთავრულის რიცხვულ-გრაფიკული სტრუქტურა…), ეს ჟამი, შესაძლოა, მარტოობის 75 ასწლეულიც იყოს და მარადისობასთან ზიარების 75 წამიც.
    თავად იუბილარი ამ თარიღს ფუჭი ფაციფუცის გარეშე შეხვდა, სწორედ ისე, როგორც შეშვენის მწერალს: გამოაქვეყნა ორი კრებული, – ლექსებისა და სტატიებისა, – სადაც, სხვადასხვა ფორმით და მასშტაბით, მთელი განვლილი გზა აქვს შეჯამებული.
    ლექსების გამო არაფერს ვიტყვი. თამაზ ჩხენკელის უდიდესი და ჯეროვანად დღემდე გაუაზრებელი გავლენა უახლესი ქართული ლირიკის ჩამოყალიბებაზე ამომწურავად არის ზემოთ ნახსენებ საიუბილეო გაზეთში გაანალიზებული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გააკეთა სწორედ ლექსის უბადლო ვირტუოზმა და გამჭრიახმა ანალიტიკოსმა დავით წერედიანმა.
    გვერდი გვერდზე მიდევს თ. ჩხენკელის წერილების ორი კრებული: 1970-იანი წლების მიწურულს გამოცემული “პოეზია – სიბრძნის დარგი” და ძირითადად შემდგომი ხანის ნაფიქრ-ნაწერით შედგენილი “მწვანე ბივრიტი”. ასე ზედიზედ გადაკითხვისას თვალსაჩინოა განსხვავება ადრინდელსა და გვიანდელს შორის. ადრეულ სტატიებში არის ცალკეული ლექსისა თუ მთელი პოეტური სამყაროს გულმოდგინე, ღრმა ანალიზი, თემის ამოწურვის სურვილი. შემდგომში ჭარბობს რაღაც თვისება, რაც ნაწერს ძნელად ასახსნელ-განსასაზღვრავი ხიბლით ავსებს. იგრძნობა, რომ მწერალმა რაღაც მიჯნა გადალახა, რაღაც მოიპოვა… ოღონდ, ეს ნამდვილად არ არის ოსტატობის უფრო მაღალი დონე: წინარე პერიოდის სტატიები ლიტერატურული ოსტატობით არ ჩამოუვარდება და, შესაძლოა, ზოგჯერ აღემატება კიდეც, უფრო გვიანდელს. ესაა, ალბათ, მეტი თავისუფლება და სილაღე… დაძლეულია არა ხელოსნური, არამედ უფრო პიროვნული სრულქმნის ის საფეხური, რომლის შემდეგ ავტორი თავს აღარ იზღუდავს მხოლოდ იმაზე და იმგვარად წერით, რაც საჭიროდ და მნიშვნელოვნად მიაჩნია (კულტურული პროცესების ამოცანებიდან და მათ წინაშე საკუთარი მოვალეობის გააზრებიდან გამომდინარე); როცა მწერალი ყოველგვარი ეჭვისა და ყოყმანის გარეშე იწყებს წერას ისე და იმის შესახებ, როგორც სურს და რაც აინტერესებს. ინტელექტუალური თავისუფლების ამ სივრცეში შეღწევა კი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ჭეშმარიტი სულიერი სრულქმნილებისა და სრული უანგარობის გარეშე მისი კარის შეღების ცდა ცუდად მთავრდება – ადამიანი თავისუფლების სამყაროს ფალსიფიცირებულ ორეულში ხვდება: თავნებობისა და სულმდაბალი ამპარტავნების საპარპაშოში.
    “მწვანე ბივრიტის” ბირთვს ქმნის მოგონებები ავტორისთვის ძვირფას ადამიანებზე: ერთი მხრივ, წინა თაობის მწერლებსა და მეცნიერებზე, რომლებსაც გულმხურვალედ უმადლის საკუთარი პიროვნების ამა თუ იმ წახნაგის ფორმირებას (შალვა ნუცუბიძე, გერონტი ქიქოძე, კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა, სიმონ ჩიქოვანი…) და, მეორე მხრივ, იმ მეგობრებსა და თანამოკალმეებზე, რომელთა განუმეორებელი ინდივიდუალობა ენერგიით და სიხარულით ავსებდა ყოფასა და ინტელექტუალურ ცხოვრებას (არჩილ სულაკაური, ოტია პაჭკორია, ზურაბ კაკაბაძე, სარგის ცაიშვილი, გურამ ასათიანი, ინოლა გურგულია…).
    ავტორი აღწერს მათთან ურთიერთობის ხშირად გარეგნულად უმნიშვნელო ეპიზოდებს და ამ ფრაგმენტული, იმპრესიონისტული ჩანახატების შერწყმით როგორღაც ახერხებს გარდასული დროც გააცოცხლოს და უჩვეულოდ მეტყველი პორტრეტებიც შექმნას. ამასთან, მოგონებებში ძალდაუტანებლად ჩართული რამდენიმე ფრაზის მეშვეობით ზოგჯერ ლაკონურად, მაგრამ სრულად არის დახასიათებული “პერსონაჟის” კულტურული როლი (რად ღირს, თუნდაც, მსჯელობა მეცნიერული ობიექტურობისა და პოეტური შთაგონების მნიშვნელობაზე ისტორიკოსის ნაღვაწისათვის, პავლე ინგოროყვასადმი მიძღვნილ სტატიაში) ან კიდევ საოცარი სისავსითაა გადმოცემული მთელი მისი შემოქმედების ბუნება (მოვიყვან ამის ბრწყინვალე ნიმუშს: “გიორგი ლეონიძეს სიცოცხლე უყვარდა რაღაცნაირი “ფანატიკური სიხარბით”, თუ შეიძლება ასე ითქვას, რელიგიური ექსტაზურობით და მის ლექსებში ეს ვიტალური ძალმოსილება ზოგჯერ მართლაც იმოსავდა მსოფლმხედველობრივ განზომილებას. მის მსოფლაღქმაში “სიცოცხლე” განიცდება როგორც სომატური სისავსე და დაუშრეტელი ხვავრიელობა: “ჩემს ლექსს თვითეულს ეწურება ცხრა ლიტრი ერბო”, ან “კახეთის მსუქან თეძოების ვწოვე მტევნები”. ეს ხელშესახები პოხიერება გ. ლეონიძის ადრინდელ პოეზიაში ადამური პირველყოფილებით და ერთგვარი “გვაროვნული” არქაულობით ცნაურდება”).
    საიუბილეო გაზეთში ზურაბ კიკნაძემ კარგად დაახასიათა თ. ჩხენკელი როგორც გატაცებული მთხრობელი, – უბადლო ნარატორი, – და ხაზი გაუსვა მონათხრობის ზუსტად დათარიღების სიყვარულს. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს მისი დაჟინებული და, პირადად ჩემთვის, ზოგჯერ გაუგებარი სწრაფვა შემთხვევითი ნაცნობების (“არც მტრად, არც მოყვრად რომ აღარსად შეხვდება”) გვარების დახსომებისა და წლების შემდეგ მათი ერთგვარად თვითმიზნური გახმიანებისკენ, რაც აქა-იქ გაკრთება ხოლმე წიგნში… ვფიქრობ, ამ “უცნაურობას” შობს გამუდმებით ფილოსოფიურ-თეოლოგიური აბსტრაქციების უკიდეგანო ოკეანეზე მოხეტიალე გონების დაუძლეველი წყურვილი, მოიპოვოს რაღაც უაღრესად კონკრეტული, მეხსიერების ღუზით მოებღაუჭოს ზუსტი თარიღისა თუ სახელის ლოდს.
    არსებითად, წიგნის ძირითადი ნაწილი შეიძლება დავახასიათოთ როგორც წარმატებული ძალისხმევა “გაჟონილი დროის” ხელახლა დაუფლებისა და, სახელებისა და სახეების მეშვეობით, მისი ესენციის აწმყოში ჩაწრეტისათვის…
    და კიდევ: ზემოთ გულგრილად მოვიხსენიე მწერლური ოსტატობა, როგორც რაღაც მეორადი პიროვნულ სრულქმნილებასთან შედარებით, მაგრამ, თავისთავად იგულისხმება, – “ხელობის” უმაღლეს დონეზე ფლობაა საჭირო, რათა ძუნწი და ფრაგმენტული შტრიხებით ესოდენ ცოცხალი სურათები დაიხატოს, ან კიდევ – სხვისი მონათხრობის გადმოცემით “ქართული ცხოვრების” ერთი ნაღვლიანი თავისებურების ასეთი შთამბეჭდავი მეტაფორა შეიქმნას (აკაკი ბაქრაძისადმი მიძღვნილ სტატიაში): გრიგოლ რობაქიძის დის, ქალბატონ ლიდას ერთი სიზმარი “მაშინვე ჩავიწერე და დღემდე მახსოვს… ზამთარი იყო. გავიხედე გარეთ და ეზოში თოვლზე დავინახე გრიგოლის უზარმაზარი ნაფეხურები, შევშინდი იმხელა ნაფეხურები იყოო… ასეა ჩვენში: სიკვდილის შემდეგ დიდდება ნაფეხურები”.

    * * *
    წიგნის მეორე ნაწილში დაბეჭდილია თ. ჩხენკელის რამდენიმე ინტერვიუ და სტატია, სადაც ავტორი ქართველი ერისა და ახალი ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარ ფუნდამენტურ ამოცანებზე მსჯელობს. ზოგ მათგანს (“დედაქალაქი”, “განვემზადოთ ახალი საუკუნისთვის”) დაბეჭდვისთანავე მოჰყვა არაერთგვაროვანი გამოხმაურებები – აღფრთოვანებულიცა და კრიტიკულიც. ოღონდ, აშკარა იყო, რომ წერილებმა მძაფრი ინტერესი გამოიწვია. ნააზრევის აქტუალურობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ყველაზე უეჭველი დადასტურებაც სწორედ ეს არის.
    მცირე რეცენზიაში გაუმართლებლად მეჩვენება ზედაპირულად მაინც მიმოვიხილო წიგნის ამ პუბლიცისტური ნაწილის პრობლემატიკა: ეს, არსებითად, ისტორიული და პოლიტიკური საკითხების არაფრისმთქმელ ჩამონათვალად გადაიქცეოდა. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ყოველთვის ბოლომდე და სრულად იქნას გაზიარებული ავტორის პოზიცია (ცალკეულ თვალსაზრისებთან მეც ბევრი მაქვს სადავო), მაგრამ, აუცილებელი თუ არა, სასურველი მაინც არის მისი გათვალისწინება: აზროვნების სიღრმე და სიფართოვე ქმნის ისეთ დონეს, რომელიც თავისთავად სპობს ყველა სახის პროვინციული და ნიჰილისტური შეზღუდულობის უკუნეთს.

    * * *
    და მაინც: რა არის “მწვანე ბივრიტი”?
    ესაა მარადფასეული კულტურული საგანძურის მეტაფორა, რომელიც ავტორმა “ქართლის ცხოვრებაში” მოიძია: ქართველთა სპილენძის კერპ არმაზს თვალებად ზურმუხტი და ბივრიტი ესხა. მას შემდეგ, რაც წმინდა ნინომ ლოცვით შემუსრა არმაზი, ხელთ იპყრა მისი ბივრიტის თვალი და, ამ ბასრი ქვის მეშვეობით, ხეზე ჭეშმარიტი რწმენის სიმბოლო – ჯვარი გამოსახა. ამგვარად, “მწვანე ბივრიტი” განასახიერებს ყველაფერ იმას, რაც შეუმუსრავი და სამომავლოდაც გამოსადეგია წარსულში.
    “ბივრიტი”, რომელიც თამაზ ჩხენკელს ბედისწერამ აგდებინა ხელთ, – უფრო სწორად კი, თვითონვე მოიპოვა ასკეტის თავგანწირული შეუპოვრობითა და განძისმაძიებლის თავზეხელაღებული გაბედულებით, – უმშვენიერესი და მარადფასეული სპეკალია, უნივერსალური კულტურის საგანძურიდან ჩვენს კავშირებდაწყვეტილ, ყოვლის გამაუფასურებელ დროში იმედად და რწმენის წყაროდ მოტანილი: მისი სხივების განმაჭაბუკებელ მწვანე ციმციმში ხომ ახლაც ისეთივე მშვენიერებით ირეკლება კოსმოსი და მარადისობა, როგორც ოდესღაც ირეკლებოდა “ბრმა ჰომეროსის”, “გიტას” შემოქმედისა და ვაჟა-ფშაველას ყოვლისმხილველ თვალებში.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ესე,  კრიტიკა

    მალხაზ ხარბედია – სიმართლის პოეზია

    დღევანდელ ნომერში ერთი ამერიკელი კრიტიკოსის საინტერესო ესეს ნახავთ ბერძენი პოეტის, იორგოს სეფერისის შესახებ. იქ ერთ ლექსზეა საუბარი, ლექსს “ელენეს” ჰქვია. მას “ჰომეროსის მითის ევრიპიდესეული გამანადგურებელი ვერსია უდევს საფუძვლად, რომლის მიხედვითაც ელენე არასდროს ყოფილა ტროაში და ამხელა ომი მხოლოდ მოჩვენების გამო გაჩაღდა. მთხრობელი კი, ერთ-ერთი ბერძენი ჯარისკაცი, ვერ ახერხებს, ჩასწვდეს იმ ფაქტს, რომ “ამდენი ტკივილი, ამდენი სიცოცხლე/ მიეცა უფსკრულს/ ელენეს ცარიელი ღამის პერანგის გამო”.
    ნაცნობი სიტუაციაა. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ სტრიქონებს ქართველი მკითხველი გაცნობისთანავე შეავსებს თავისი გამოცდილებით, სისხლით, რომელიც უკვე წლებია იღვრება ასეთი “ცარიელი ღამის პერანგების გამო”.
    მიკვირს, რატომ არ ამჩნევენ ევრიპიდეს ამ გენიალურ იდეას ქართველი რეჟისორები? იქნებ უბრალოდ ალღო და გაბედულება არ ჰყოფნით? ეჭიდებიან ათეულობით თითიდან გამოწოვილ მოდურ იდეას, უხეშად აქართულებენ პიესებს, აწყობენ კლოუნადებს, რეალობის პირისპირ კი არავინ ჩერდება, არც რეალობად შემოსაღებულ “ცარიელ ღამის პერანგზე” ამბობს ვინმე სიმართლეს.
    ეს საყვედური მარტო თეატრს არ ეხება, იგივე სიტყვებს გავიმეტებდი თანამედროვე ქართული პროზისთვის და პოეზიისთვისაც. თუმცა დღევანდელი ნომერი გამონაკლისია, ამ შემოდგომაზე, როგორც ჩანს, რამდენიმე პოეტს მწარე მოსავალი მოუვიდა.
    დღევანდელ ჩვენს ნომერს პირობითად “სიმართლის პოეზია” შეგვიძლია ვუწოდოთ, სადაც განსხვავებული თაობისა და მსგავსი გულისცემის ორი პოეტი, ბესიკ ხარანაული და ზვიად რატიანი თავიანთ სიმართლეს ამბობენ. ამბობენ მწვავედ, გულახდილად, სინანულით.
    ბესიკ ხარანაული ლექსში უძველეს მეტაფორას მიმართავს, იყო დრო, როცა პოეტებს თავისივე სტრიქონები მიადგებოდნენ საყვედურით, ანდა მათ თავად პოეტი აგზავნიდა ხოლმე დავალებებით, ხან ვიღაც მეძავთან, ლექსების რვეულის გამოსასყიდად, ხან იმპერატორთან, თავის მოსაქონად, ხანაც ვაჟიშვილთან, გასამხნევებლად. როგორც აღმოჩნდა, სტრიქონები ჩვენს დროშიაც აკითხავენ ავტორს: “რომ გავიხედე და… კარს მომდგომოდა ჯოხის რაკუნით/ ჩემივ ნათქვამი, წლების უკან დაწერილი ჩემივ სტრიქონი/ და დამცინავად დამკითხავდა ბრაზიანი ხმით:/ – “სიღარიბის ნოსტალგია ისევ ღარიბს ეწვევა ხოლმე!” – ასეა, არა?/ ნაღარიბალო!”. ასე ამბობს წლების წინ დაწერილი სტრიქონი და თან ავტორს ქუჩაში მიერეკება, უმოწყალოდ სცემს, ძუნძულით დაატარებს ქუჩებში, ერთ სურათად ანახებს მთელ ქალაქს.
    ზვიად რატიანი კი პირდაპირია, ძველებურად მრავალხმიანი, სადაც “ჩვენ”-აა მთავარი და არა “მე”, “ისინი” და არა “იგი”: “ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ/ და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს,/ არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს/ და სხვებსაც, თუკი დაგვიჯერეს, გამოვარიდებთ/ ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს”. ვინც ზვიადის ლექსებს იცნობს, ეს “ჩვენ” ადვილი ამოსაცნობი იქნება, პირველ რიგში ერთი უძველესი ლექსიდან: “ჩვენ ხომ აქ ვმდგარვართ. ჩვენ ხომ აქ დიდხანს…”, შემდეგ ამოძახილით: “რა დავაშავეთ ჩვენ, ვინც ვერ გავმდიდრდით, ვერც გავლოთდით,/ ვერც დავიხოცეთ?” და ბოლოს “მამებიდან”: “ისინი აწყობდნენ ლამაზ საღამოებს./ ისინი აწყობდნენ ძნელზე ძნელ საქმეებს./ ისინი აწყობდნენ მზრუნველ ხელისგულებს საყვარელი შვილების მხრებზე და/ აწყობდნენ, უსასრულოდ აწყობდნენ გეგმებს.”
    “მამების” დაწერიდან, თუ არ ვცდები, უკვე, 10 წელი გავიდა. 10 წლის წინ მამებს ყოფნიდათ თავხედობა “დარჩენილიყვნენ ისეთებად, როგორებადაც თავისთავი წარმოედგინათ”, ახლა კი მხოლოდ “სიზმრებია”, სადაც „უწყვეტად/ ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე,/ სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან/ და აღვიძებენ”.
    ამ ბოლო სტრიქონმა ბესიკ ხარანაულის ერთი დიდი ლექსი გამახსენა, და გულში შეცდომით წამომცდა: „სად არიან მამები? მამები სად არიან?“ და რადგან იმ ერთხელ ნაფიქრში მეორეჯერ ვეღარ შევაღწიე, დასასრულისთვის მხოლოდ ერთი ხმელი აზრი შემომრჩა: ეს ორი ლექსი პოეტური მამა-შვილის დიალოგია, მკაცრი და გულახდილი დიალოგი.

    2008
    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • კრიტიკა,  რეცენზია

    "ახალი დროება", №2

    შოთა იათაშვილი
    “ახალი დროების” მეორე ჩქამის ჰიპერთამაშები და სურნელებანი
    “ახალი დროება”, №2. მთავარი რედაქტორი გია ჭუმბურიძე, გარეკანის გაფორმება შალვა ლეჟავასი. თბ. “აზრი”, 2002.

    ახალი დროების ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელი ხომ ძველ დროებასთან შედარებით მისი თავბრუდახვევამდე აჩქარებული რიტმია (ჩარლის “ახალი დროება” გავიხსენოთ თუნდაც), ჰოდა, 1994 წელს ალმანახი “ახალი დროება” რომ გამოვიდა ნუმერაციის ელექტრონული ვერსიით: 00:01, რაიც სასტარტო პირველ წამს აღნიშნავდა, ოპტიმისტნი, მორწმუნენი და ნეტარნი ელოდნენ ალბათ, რომ მართლა სეკუნდებივით წაეწყობოდა ალმანახის ახალ-ახალი ნუმრები და ეგ კი არა, “რომელი საათიაო” – იკითხავდნენ სულ მალე ალმანახის ფურცლებიდან დავით და ზურაბ, გია და ზაზა, მაგრამ, “ვაჰ, დრონი, დრონი”, პერვერსიულ ნიშან-თვისებათა მქონე ჩვენებური “ახალი დროების” გაუგონარი სიზანტე იმაში გამოიხატა, რომ მისი ელექტრონული მეორე წამი (00:02) მხოლოდ რვა წლის შემდეგ დადგა – კალენდარული თვალსაზრისით უკვე ნამდვილად ახალ ეპოქაში, ახალ მილენიუმში – ახალი დროების 02-ში…
    “შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!” – ეს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უპოპულარულესი ფრაზა ამ ალმანახშიცაა მოხვედრილი (გვ. 13. თფუ, თფუ, ჯვარი აქაურობასა!) და ვფიქრობ, მისტიური ღრმა კანონზომიერება ძევს ამაში, ვინაიდან 00:02-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟის, კაკაბსონას პირით ნათქვამი ეს სიტყვები გულზე უნდა ამოვიჭრათ ჩვენც და შევუდგეთ “ახალი დროების” მეორე შეჩერებული წამის გაანალიზებას. ამ საქმეს კი ყველაზე უკეთ მისტერ ზაზა თვარაძესთან ერთად მოვახერხებთ, ვინაიდან მას ამ ფრაზის საკუთარი ბრწყინვალე ვარიანტი გააჩნია და ჰორიზონტის ხაზზე გამოჩენილ ნაცნობ-მეგობრებს ასე შესძახებს ხოლმე: “შეჩერდი, წამო, ხინკალი ვჭამოთ!” 00:02-ის ერთ-ერთმა ავტორმა, ბატონმა კურიეროვმა ეს პერიფრაზი მშვენივრად უწყის და წვერის ქიცინითა და განუმეორებელი იუმორით გაზავებული კულტუროლოგიური სხაპასხუპით მუდამ მზადაა დროის ამგვარ შეჩერებაზე; რა თქმა უნდა, არც სულით რაბლეზიანელი და მოდერნიზმის ერთგულებით ვერდაქანცული მაგისტრი იქნება წინააღმდეგი ჩაღლიოს მკითხველთან ერთად ღვინო მუქი ან თუნდაც ღია (ფონდ სოროსივით) და ისე იმასლაათოს “ახალი დროების” ავ-კარგზე; ერთი სკოტლანდიური ვისკი და საფეხბურთო გუნდი და აღა-მორჩილ-ხანიც ჩვენთან გაჩნდება, მერე davzur-საც აღარ მოუთმენს გული, მოსწყდება Rotmail-ს და შემოგვიერთდება. მოკლედ, შევიკრიბებით და მისტერ ზაზა თვარაძე თავის ცნობილ ფუნაგორიებსაც იტყვის აუცილებლად.
    მაგალითად, ამას:
    “თუ გინდა გქონდეს ბოდრი იერი,
    უნდა იკითხო ბოდრიიარი”.

    ან ამას:
    “თუ არ იცი დერიდა,
    ვერ ამოხვალ მძღნერიდან”.

    ეს ფუნაგორიები პირდაპირ მიმართებაშია “ახალ დროებასთან”, ვინაიდან ქართული თარგმანების პრობლემაზე დარდობს ეს ალმანახი, თანამედროვე ლიტერატურისადმი არასტერეოტიპულ მიდგომებს ავითარებს, აქვეყნებს კიდეც ბოლო-ბოლო ნათარგმნ ტექსტებს… და პრინციპში, იმას ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანას “ბოდრი იერი” ვერ ექნება და “მძღნერიდან” ვერ ამოვა, თუ კულტუროლოგიური ენა და თარგმნის ხელობა ვერ ისწავლა კარგად. ხელოვნება კი არა, ხელობა, მაგრამ ისეთი, “დასაოსტატებლად 10 წელი მაინც რომაა საჭირო” (გია ჭუმბურიძე, 00:02-ის მთ. რედაქტორი). სხვათა შორის, ალბათ ამ კონცეპციამ განაპირობა, რომ 00:01-სგან განსხვავებით, 00:02-ში ნათარგმნი ტექსტები ანონიმურად, მთარგმნელთა მითითების გარეშეა დაბეჭდილი. რაღაი ხელობაა, ხელოსანი რაღა აღსანიშნავიაო – ეტყობა დაასკვნა გ.ჭ.&Co-მ. ვითომ სწორი პოზიციაა? იმას თუ ვჩივით, კარგი ხელოსნები სანთლით საძებარნი არიანო, იმ ერთ-ორ კარგს რაღას ვუმალავთ საზოგადოებას?
    ჩაღლიეთ, ჩაღლიეთ მთარგმნელობით პროცესზე მჭმუნვარენო, მოამზადეთ კონტრარგუმენტები, მე კი მანამდე, იცით, რასა ვიქმ? თქვენი “ახალი დროების” პირველ სეკუნდს მეორეს შევადრი. თანაც არ მივკიბ-მოვკიბავ და პირდაპირ ვიტყვი: პირველი ჩემთვის გაცილებით საინტერესო გამოდგა. იგი უფრო მრავალფეროვანია, დინამიურია და, რაც მთავარია, უფრო მეტად პრობლემატურია! პირველში დაბეჭდილი დავით ზურაბიშვილის წერილი “ჯეიმს ბონდის რეაბილიტაცია ანუ პოლემიკური შენიშვნები თვითრეკლამის ელემენტებით” ჩემი აზრით ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერილია ქართულ ლიტერატურულ სინამდვილეში, ვინაიდან იგი ცდილობს სრულიად სხვა კუთხით დაანახოს წინასწარ ქედმაღლურად განწყობილ ქართველ მკითხველს და რაც მთავარია, მთარგმნელთა კორპუსს, მასკულტურა და ის დადებითი შედეგები, რაც მასკულტურის ხარისხიან თარგმნას შეიძლება მოჰყვეს. ერთი საეტაპო, პროგრამული ხასიათის წერილი 00:02-ში არ მოიძიება. გარდა ამისა, პირველ ალმანახში იყო მრგვალი მაგიდა თემაზე “მარგინალური საზოგადოება და ლიტერატურული პროცესი”, სადაც მწერლობისადმი დამოკიდებულების გადაფასების მტკივნეულ პროცესზე ცოცხლად და საქმიანად ბჭობდნენ ჭკვიანი ლიტერატორები. ამ მრგვალი მაგიდის შემდეგ რვა წელი გავიდა, მაჩანჩალობის მიუხედავად, მაინც ბევრი რამ შეიცვალა ლიტ.საქართველოში და ვფიქრობ, პრობლემატურობის გრადაციის შესანარჩუნებლად და ვინ იცის, ასამაღლებლადაც კი, რედაქციას არ უნდა დაზარებოდა ჭკვიანი ლიტერატორების კიდევ ერთხელ შეკრება და ამჭევრმეტყველება ამ მომენტისათვის ყველაზე აქტუალურ თემებზე.
    “ახალი დროების” 300-ზე ოდნავ მეტი გვერდიდან 200 გასული საუკუნის 80-იანი წლების შედევრისა და დღემდე ბესტსელერის – პატრიკ ზიუსკინდის “ნელსურნელებითაა” გაჟღენთილი. ამ რომანს თავის დროზე “Иностранка”-თი გავეცანი, ისევე როგორც ალბათ ბევრი სხვა, ამიტომაც ამჟამად თავიდან ბოლომდე აღარ გადამიბულბულებია, მხოლოდ ალაგ-ალაგ მიმოვიკითხე, გავიხსენე XVIII საუკუნის გენიალური ურჩხულის, ჟან-ბატისტ გრენუის ისტორია და ისიც ვიგრძენი, რომ თარგმანს აშკარად კარგი სუნი უდიოდა. ასე რომ, ერთი შეხედვით, რაა საპრეტენზიო? ბრწყინვალე ნაწარმოები, კარგი თარგმანი… ეჰ! როგორც წერილის დასაწყისში წარმოვიდგინეთ, ამ ალმანახის ახალ-ახალი ნუმრები მიწყობილად რომ გამოდიოდეს, ვთქვათ, იმავე “Иностранка”-სავით, მაგაზე უკეთესი რა იქნებოდა, მაგრამ როცა პირველ და მეორე წამს შორის 8 წელია?.. გამართლებულია ვითომ მაშინ, ალმანახის ორი მესამედი ერთ ნაწარმოებს დაეთმოს?.. ამ შემთხვევაში ძალიან ხომ არ “ჭამს” იგი “ახალ დროებას”?.. თანაც, “ნელსურნელება” ადრე გაგრძელებებით “ახალ 7 დღეში” იბეჭდებოდა (ვერ დავიჩემებ, რომ ზუსტად ეს თარგმანია, რადგან მთარგმნელი არ წერია, თუმც მეეჭვება დღეს საქართველოში ამ რომანის ორი თარგმანი არსებობდეს). ასე რომ, პირველი, საგაზეთო პუბლიკაცია უკვე არსებობდა, გამომცემლობა “დიოგენეს” საავტორო უფლება ამ ნაწარმოებზე აღებული აქვს და საფიქრალია, რომ არცთუ ტყუილუბრალოდ, – ანუ რომანის წიგნად გამოცემა, ფაქტობრივად უკვე გარდუვალია, – ჰოდა, ამ მიზეზთა გამო, ვფიქრობ, აღარ ღირდა თარგმანის კიდევ ერთი საშუალედო პუბლიკაცია, – აჯობებდა მის ხარჯზე მასალათა სხვა სპექტრით გამდიდრება ალმანახისა.
    შევხედოთ ახლა, “ნელსურნელების” გარდა რაა დაბეჭდილი 00:02-ში.
    ყველაზე პრობლემატური კვლავაც დავით ზურაბიშვილის მასალა აღმოჩნდა – ავტორისეული წინათქმითა და ბოლოთქმით შეკრული ეპისტოლარული კოლაჟი, შედგენილი 4 რეალური პერსონაჟის ინტერნეტ-მიმოწერიდან. ამ ოთხიდან ერთი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლია, ცნობილი ამერიკელი გამომცემელი და ლიტერატურის კრიტიკოსი ედვარდ გოლდმან უმცროსი, “ახალი დროების” პირველი ჩქამის სტუმარი რომ იყო და მერე იმეილის საშუალებით რომ ემუსაიფებოდა ხოლმე თავის ქართველ მეგობრებს საგამომცემლო და საერთოდ, ლიტერატურულ საკითხებზე. დავით ზურაბიშვილმა ედვარდ გოლდმან უმცროსის ტრაგიკულ აღსასრულს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მიანიჭა და “ახალი დროების” მეორე ჩქამი გადაწყვიტა ამ მიმოწერის საშუალებით შეეჯერებინა მიმოწერის მოქმედი გმირები. გარდა გოლდმანისა და ზურაბიშვილისა, არიან ამერიკაში მცხოვრები “პოეტი-ავანგარდისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ესეისტი და ბიზნესმენი” ზაზა კაკაბაძე და ავსტრიაში მცხოვრები “მწერალი, მთარგმნელი და ესეისტი” ზვიად შამანაური (ეს განსაზღვრებები მასალის სქოლიოდანაა ამოღებული).
    მიმოწერა შეუნელებელი ინტერესით იკითხება. ამას წამოჭრილი საკითხების პრობლემატურობის გარდა ისიც განაპირობებს, რომ მოკამათენი პრინციპულად განსხვავებულ პოზიციებზე დგანან და ამ პოზიციებიდან გამომდინარე, ერთმანეთს კიდეც “ამკობენ” შესატყვისი ტერმინებით. მაგალითად, გოლდმანის აზრით ზაზა კაკაბაძე (იგივე კაკაბსონა) მემარცხენე ინტელექტუალია, ზვიად შამანაური (იგივე ზვიადაური) კი მემარჯვენე ტრადიციონალისტი. სამაგიეროდ ზვიადაური გოლდმანს კოსმოპოლიტ ჟიდომასონს უწოდებს, თუმც ისეთს, რაღაც-რაღაცებში 100%-ით მართალი რომაა. დავით (იგივე დევიდ) ზურაბიშვილი პოზიციით ყველაზე ახლოს კოსმოპოლიტ ჟიდომასონთან დგას და ალბათ ამიტომაც არაა სხვა მოქმედ პირთა მიერ სახელდებული, თუმც მე უმაგისობას მაინც ვერ მოვითმენ და “ჯეიმს ბონდის რეაბილიტაციისა” და ამ კოლაჟის შემდგომ “მასკულუტურის ადვოკატს” ვუწოდებ თქვენის ნებართვით მას.
    ერთი სიტყვით, კაი გიჟმაჟი კვარტეტია (სამწუხაროდ, დღეს უკვე ტრიოდ ქცეული) და გირჩევთ, მათ “საბაჩკიან” დისკურსს delete არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ.
    ზაზა შათირიშვილი, რომელსაც საკუთარი გვარიც კი აქვს ნათარგმანები და შინაურულ-სახუმარო სიტუაციებში კურიეროვად იწოდების (შათირ-ი [არაბ.] (ძვ.) – იგივეა, რაც შიკრიკი; კურიერ-ი [ფრ. courrier] – დაწესებულების შიკრიკი), ალმანახში კულტუროლოგიურ წერილს “თარგმანების ხელოვნებას” გვთავაზობს, ოღონდაც ამ წერილში იგი მხატვრული ტექსტის თარგმანებაზე კი არ საუბრობს, არამედ მხატვრულ ტექსტად თარგმანებაზე ისეთი ტექსტისა, რომელსაც ქალაქი, ამ შემთხვევაში კი თბილისი (ტფილისი) ეწოდება. თბილისის მთარგმნელთა შორის განიხილებიან და მოიხსენიებიან ზურაბ ქარუმიძე, აკა მორჩილაძე, ვასილ ბარნოვი, იოსებ გრიშაშვილი, სერგო ფარაჯანოვი…
    თუმც ავტორი მხოლოდ თბილისით არ იფარგლება და კავკასიურ (თუ ამიერკავკასიურ?) დისკურსზე გადადის. საქართველოს და სომხეთს განიხილავს (აზერბაიჯანზე კრინტსაც კი არ ძრავს. რატომ?) და ასკვნის, რომ კავკასიურ დისკურსს ორი ძირითადი მეტაფორა გააჩნია – საზღვრის და სამოთხის.
    წერილი მოცულობით პატარაა და თან, ამავე დროს, საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი თემაა მასში მონიშნული. ამიტომაცაა, რომ იგი ესკიზის, მონახაზის შთაბეჭდილებას ტოვებს. თითქოს ავტორმა თავისთვის დააფიქსირა ის თემატიკა და ის ძირითადი კონცეპციები, რომლებზეც სამომავლოდ უფრო დეტალურად და თანმიმდევრულად აპირებს მუშაობას. ალბათ ამიტომაცაა, რომ აუცილებელი ყველა სივრცე ჯერ არაა შესწავლილი (იგივე აზერბაიჯანი) და არაა “ნათარგმანები”, ყველა მოსაზრება არაა არგუმენტირებული. ერთი სიტყვით, ბატონი კურიერისაგან ამ მიმართულებით წესით სერიოზულ ნაშრომს უნდა ველოდოთ, ბოლომდე წესიერი და სერიოზული ადამიანი რომ იყოს იგი.
    ახლა ორიგინალურ მხატვრულ ტექსტებზეც გადავიდეთ. 00:02-ში ასეთი ორია. ორივე ფრაგმენტი. ერთია აკა მორჩილაძის “ჯერეთ გამოუქვეყნებელი რომანიდან” “ძირს სიმინდის რესპუბლიკა” და მეორე ზურაბ ქარუმიძის “დიდი სონატადან” “თხა და გიგო” (სხვათა შორის, ალმანახის უკანა ყდაზე ავტორთა ფოტოებია და ისინი იქ ერთ ფოტოზე, ტანდემში არიან გამოსახულნი).
    “ძირს სიმინდის რესპუბლიკა” ჯერ იყო და “ქომაგში” იბეჭდებოდა, მერე “24 საათში” გაგრძელდა მისი პუბლიკაცია, ახლა კიდევ “ახალ დროებაშიც” რომ ვნახე ფრაგმენტები, სიმინდის მარცვლებივით დამეფანტა თავში ყველაფერი. ასე რომ, ნება მიბოძეთ, ერთ წიგნად (სიმინდის ერთ ტაროდ) გაერთიანებამდე ანალიზს მოვერიდო, თუმც ზოგად შთაბეჭდილებას მაინც გაგიმხელთ, შეკოწიწებულს ჩემი დაკუწული შთაბეჭდილებებისაგან: მეჩვენება, რომ მას ის შთამბეჭდაობა აკლია, რაც ამ ავტორის ტექსტების დიდ ნაწილს აქვს (ღმერთმა ქნას, ვცდებოდე!).
    ზურაბ ქარუმიძის მკითხველს რომ გიგოობაში გადავარდნის დიდი შანსი აქვს, ამას თავად ზურაბ ქარუმიძეც კარგად აცნობიერებს, ამიტომაცაა ალბათ მისთვის “თხა და გიგო”-ს თემა ასე აქტუალური. მეტიც, ავტორი მაქსიმალურად ცდილობს, გიგოდ აქციოს მკითხველი, ამის შესაძლებლობა კი თითქმის 100%-ანია, თუკი მას საკუთარი სიბრიყვისდა გამო აქამდე შვეიცარული “გლასპერლენის” გემო არ გაუსინჯავს, ანუ, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ჰერმან ჰესეს “თამაში რიოში მარგალიტებით” (“Игра в бисер”) არ წაუკითხავს.
    გამოქვეყნებული ტექსტის ძირითადი კორპუსი “ჰიპერშპილის” აღწერას ეთმობა. კასტილური უნივერსალური თამაში ქარუმიძესთან რთველის სახეს იღებს, ოღონდ მისი გლობალსოფლელები ორღან-კომპიუტერ-საწნახელში ნამდვილი კი არა, ვირტუალური ყურძნის “რიოშ მარგალიტებს” წურავენ. ციფრულ-დიგიტალური მარცვლები რომ იწურება, ორღანი გუგუნებს და ტექსტებს გამოსცემს, ჩემი აზრით, არც მაინცდამაინც გემოვნებიანს მხატვრული თვალსაზრისით, ოღონდ ამას ავტორი შეგნებულად აკეთებს თუ ძალაუნებურად გამოუდის, უკვე ვეღარ ვხვდები. იმიტომ, რომ ეს უკვე პაროდია კი არა, პირდაპირი გამეორებაა იმ კიჩური ესთეტიკის, იმ ვითომ თანამედროვე პოეზიისა, უახლესი ტერმინოლოგიით რომაა გამოტენილი და მხოლოდ ამის ხარჯზე ცდილობს კონტექსტუალობის მოპოვებას. რომ მიხვდეთ, რაზეა ლაპარაკი, რამდენიმე სტრიქონი აქაც მოვიყვანოთ:
    “და on-line ერთობა ჩვენი ამ კვარკთაგან წარმოშობს
    ულტრა მაღალი სიხშირის ელექტრო-საკრამენტულ ტალღებს
    Info-Pleroma-დან რომ მოემartებიან,
    რომლის თაობაზეც სალვიფიკურ-მაცხონებელი message
    დაგვიტოვეს: სეთმა (მესამე ძემან ადამისამან), სოტერ-იესომ და
    ქადაგმა მანიმ (მანიპულატორმა)!”
    ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავისთავად, თუნდაც ტრანსკრიფციის ისეთი ფორმების გამოყენება, როგორიცაა: მიემartებიან, საკრაmentalურ, Soupევა და ა.შ. დიდი ვერაფერი მიგნებაა, ისევე როგორც “ენათა აღრევის ბაბილონის გოდოლისეული ტრადიციისადმი პატივისცემის ნიშნად” სხვადასხვა ეტიმოლოგიისა და გენეზისის მქონე სახელ-გვარების ბავშვური ჰიბრიდიზაციით თავის გართობა. თუ ჰესეს ზემოხსენებული რომანი წაკითხული გაქვთ, აქ ბევრ პერსონაჟს იპოვით იმ რომანის პერსონაჟებზე დამყნილს: ნაომი ტეგულარიუსს, დიროლ ციხენგალსს, ტაისონ კნეხტს, ბრიუს ფონ დე ტრევეს, თუ არადა პეპსი ნაბოკოვით, ჰომეროს სიმფსონ ეკოთი, კონფუციუს სპილბერგით, ბორხეს მერდოკით, პლეიბოი ჰოიზინგათი შეიქცევთ თავს და შეიძლება საკუთარი თავიც სცადოთ ამ იოლ ვარჯიშობაში: ერთმა თქვას გარინჩა პავიჩი, მეორემ მარკიზ დე გალაკტიონი, მესამემ გოგოლ დიდი მოგოლი, მეოთხემ კასპაროვ თაგორი, მეხუთემ ჯეოსელ დანტე და ა.შ. და ასეთი ბრწყინვალე შედეგების მიღწევის გამო ყველამ ლიტერატორად წარმოიდგინოს თავი.
    მოკლედ, არ ვიცი, მაგისტრ ქარუმიძეს გულში რა ედო (იქნებ ჰიპერშპილში ჩვენი რამენაირად ჩართვა და აი, ახლა, გარინჩა პავიჩები რომ გვათქმევინა, უზომოდ კმაყოფილია და ხელებს იფშვნეტს), მაგრამ მისი დიდი ნიჭისა და ცოდნის ასეთ რაღაცებზე დახურდავება, ვფიქრობ, რომ მაინც არ ღირს. ჰესეს თამაში კია ორიგინალურად გათამაშებული ქართულ ყაიდაზე, მაგრამ მთლიანობაში “თხა და გიგო” მაინც ვერ მივა მის “ღვინომუქ ზღვამდე”. ცხადია, ეს დასკვნა მართებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ტექსტი წერა-კითხვის მცოდნე მკითხველივით სწორად მიჭირავს ხელში და არა გიგოსავით.
    “ჰესეც ჰესეეე!” როგორც იტყოდა თავად ზურაბი და ბარეღამ დავასრულოთ რეფლექსია მის ამ დიდ სონატაზე, რომელსაც მე, ჩემი ნება რომ იყოს, დიდ სონატს კი არა, დიდ ჰესეს (ჰესეისტიკას) ვუწოდებდი.
    კიდევ რა დაგვრჩა სახსენებელი? სამი თარგმანი. აქედან ერთი თარგმანის პრობლემებს ეხება (უმბერტო ეკო), მეორე რელიგიის საკითხებს (ფრანსის ბეკონი), მესამე კი ართურ კონან დოილის მოთხრობაა, სახელად “კარამაზოვების საქმე”. ცხვირი არ აიბზუოთ, აღარ გვინდა ისევ შერლოკ ჰოლმსი და უოტსონიო (თუ გსურთ, ეჭვი გამოთქვით, რომ ეს მოთხრობა მათი ფანის, აკა მორჩილაძის გაშანსულია). თავიდან მეც თქვენსავით ცხვირი ავწიე, აკა მორჩილაძის მიმართაც იგივე ეჭვები გამიჩნდა (სინამდვილეში ახლაც არ ვიცი, რაიმე ხელი ურევია თუ არა ამ საქმეში მას), მაგრამ იმის ინტერესით, თუ რა შუაში იყო აქ დიდი რუსის დიდი რომანი, თვალი მაინც გამეპარა მოთხრობისაკენ… და მოულოდნელად ისეთი რამ დამხვდა, რასაც ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, მიუხედავად ართურ კონან დოილისადმი ჩემი ღრმა პატივისცემისა.
    მეტს აღარაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ეს მოთხრობა ყველა დოსტოევსკისტმა და დოსტოევსკოლოგმა უნდა წაიკითხოს.
    მთლიანობაში კი, როგორც ხედავთ, ისე გამოდის, რომ ალმანახ “ახალი დროების” მეორე წამი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ხამუშ-ხამუშ კი ვაკრიტიკე იგი, სასტარტო ალმანახთან პარალელური ანალიზისას ნაკლებად პრობლემატურობაც დავწამე, მაგრამ საბოლოო ჯამში, როგორც ქართველნი იტყვიან ხოლმე, “დონე არის!”… არ არის მხოლოდ ახალი დროებისათვის შესაფერი რეგულარულობა, ის პულსაცია (ფულსაცია), აუცილებელ დინამიკას რომ გააჩენს ამ ალმანახშიც და მთლიანად, ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებაშიც…

    რეცენზია დაიწერა 2002 წელს

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ესე,  კრიტიკა,  რეცენზია (თარგმანი)

    სნეული პოლიტიკოსი

    პატრიცია ბლეიკი
    სნეული პოლიტიკოსი

    თუ კირკეგორის სიტყვებს ვერწმუნებით, დიდი ხელოვანისა და დიადი თემის ერთიანობა ის ღვთაებრივი ალიანსია, იღბლიანად რომ წარმართავს ისტორიულ პროცესს და აჩქარებს დროის ისედაც მძლავრ მდინარებას.
    და მართლაც, ალექსანდრ სოლჟენიცინისა და საკონცენტრაციო ბანაკის თემის ერთიანობამ “გამოიწვია” მეოცე საუკუნის პროზის შედევრი, “ივან დენისოვიჩის ერთი დღე”. “ერთ დღესა” და მისსავე “პირველ წრეში” მიღწეულია ის, რაც კამიუს თითქმის შეუძლებლად მიაჩნია: ორივე ნაწარმოები აიძულებს ჩვენი საუკუნის მკითხველს, გაითავისოს მილიონობით ადამიანის ტანჯვა-წამება და პასუხი აგოს თითოეულ მკვლელობაზე. სტალინიზმისა და ნაციზმის ისტორიული კატაკლიზმების შემდეგ “განმწმენდელ ფუნქციას” მხოლოდ ლიტერატურა თუ შეასრულებს!
    სოლჟენიცინის ბოლო რომანი “კიბოს კორპუსი” უკვე თარგმნილია ინგლისურ ენაზე და მზად არის ამერიკაში გამოსაცემად. აქ ავტორი ტრადიციას არ ღალატობს და წერს იმაზე, რაც საკუთარი თვალით იხილა და გამოსცადა; შეუბრალებლად მოგვისვრის განწირულთა სამყაროში და არც კარის გამოჯახუნება ავიწყდება. საკონცენტრაციო ბანაკისა და ონკოლოგიური განყოფილების თემებს შორის დიდი განსხვავებაა: მწერალი ჯერაც არ არის დაზღვეული იმ წყეული ბანაკისაგან, სნეულებამ კი, საბედნიეროდ, გვერდით ჩაუარა. გარდა ამისა, საკონცენტრაციო ბანაკი ადამიანის ხელითა და ნებითაა შექმნილი, ჩვენი საუკუნის საზარელი პროდუქტია, სნეულება კი ღვთის ნებაა, გარდაუვალი და მარადიული. “ნეტავ ვიცოდე, როდის წავიკითხავთ რაიმეს ჩვენს შესახებ, ალბათ ასი წლის შემდეგ, არა?” კითხულობს მწერლის ერთ-ერთი პერსონაჟი – ყოფილი პატიმარი და თანამედროვე ლიტერატურის დიდი მოძულე.
    “ერთი დღით”, რომელიც რუსეთში 1962 წელს გამოიცა, სოლჟენიცინმა იმის შანსი მაინც მისცა მილიონობით თანამემამულეს, თავის შესახებ რომ წაეკითხა. ეს არის ამბავი ყოვლად უდანაშაულო დურგლისა, დაუმსახურებელი ტანჯვა-წამების მსხვერპლის! “პირველ წრეში”, რომელიც რუსეთში აკრძალული გახლავთ, მწერალმა დეტალურად შეგვასწავლა სტალინიზმის ანატომია; გვიჩვენა, როგორ ამახინჯებს ის სულსა და გონებას, რა საშინლად აცამტვერებს ადამიანურ ურთიერთობებს. გულუბრყვილოდ სჯერა სოლჟენიცინს, რომ ხელოვნებას სტალინიზმის განდევნა და აღმოფხვრაც შეუძლია. მართალია, ამაოა ეს იმედი, მაგრამ მან მოიმედე შემოქმედი საბედისწეროდ და სამუდამოდ მიაჯაჭვა ამ თემას.
    იგივე მეთოდი მიუსადაგა სოლჟენიცინმა “კიბოს კორპუსს”. აქ იგი კლინიკური სიზუსტით შეისწავლის ავადმყოფობის ყველა სიმპტომს და მიჰყვება იმ პროცესს, რომლის წყალობითაც ავადმყოფი, ისევე როგორც პატიმარი – “განძარცული და გასარანდავად განმზადებული” – საბოლოოდ შეიცნობს საკუთარ თავს და გარკვეულ ტრანსფორმაციასაც კი განიცდის სიკვდილთან დაპირისპირების მოლოდინში. უდავოდ საინტერესო თემაა, თუმც არც ისე ძნელი ჩასაწვდომი. აქ არ ვაწყდებით დაჟინებულ, გარდაუვალ მოთხოვნას “ბევრის ცოდნისა”, როგორც ამას სოლჟენიცინის ადრეული რომანები გვიბრძანებენ. ტოლსტოიმ ერთხელ უკვე გვიჩვენა – მე ვიტყოდი ერთხელ და სამუდამოდ – თუ როგორ სწვდება საკუთარ არსს ავადმყოფობით საწოლს მიჯაჭვული ადამიანი (“Смерть Ивана Ильича”). პირადად მე, ეს ნაწარმოები “კიბოს კორპუსის” მოდელად მიმაჩნია, მის მასაზრდოებელ და წარმომშობ ლიტერატურად. იმასაც ვიტყვი, რომ სნეულება, როგორც საგანი და სიმბოლო თანამედროვე ხელოვნებისა, სოლჟენიცინზე უფრო “ღრმააზროვან” მწერალს მოითხოვს.
    ავტორი სულ იმას იმეორებს, რომ ეს რომანი მხოლოდ და მხოლოდ სიმსივნეზე, ავადმყოფობაზეა დაწერილი და განსაკუთრებულს არაფერს ისახავს მიზნად. 1967 წლის 22 სექტემბერს, მწერალთა კავშირის სამდივნოს სხდომაზე, ამავე კავშირის თავმჯდომარის, კონსტანტინ ფედინის მიერ ნაწარმოების აკრძალვამდე ოთხი თვით ადრე, კრიტიკოსებს, რომლებმაც სოლჟენიცინს სიმბოლური რომანის შექმნაში დასდეს ბრალი, მწერალმა გულწრფელად უპასუხა: “კი მაგრამ, აქ ხომ უამრავი სამედიცინო დეტალია… რომელ სიმბოლოებზეა ლაპარაკი!”
    რომანის შესახებ იგი ასეთ რამესაც ამბობს: “მე ის ცნობილ ონკოლოგებს წავაკითხე, ძალიან მაინტერესებდა მათი აზრი. გამოირკვა, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩემი ქმნილება უტყუარია და დროის მოთხოვნასაც კარგად პასუხობს. მერწმუნეთ, იგი სიმსივნის შესახებაა დაწერილი, მხოლოდ სიმსივნის. ეს არ არის გასართობი ლიტერატურა, აქ განწირულთა განცდებია ასახული”.
    რომანში, მართლაც, საინტერესოდ და შთამბეჭდავადაა აღწერილი, თუ რა დღეშია მედიცინა 1955 წლის ცენტრალურ აზიაში. რვა მძიმე წელი გაატარა სოლჟენიცინმა საბჭოთა ციხეებსა და ბანაკებში, და ბოლოს, სიმსივნით დაავადებული, ტაშკენტში “გადაასახლეს”, 1957 წლამდე არ ღირსებია რეაბილიტაცია. ტაშკენტში იგი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მისი სიმსივნე, რომლის ავთვისებიანობა ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული… მოულოდნელად გაქრა. ვინაიდან სოლჟენიცინი მაქსიმალურად რეალისტი მწერალია, რომლის ცხოვრების ისტორიაც მისივე შემოქმედების განუყოფელ ნაწილად ქცეულა, უნდა ვივარაუდოთ, რომ რომანში აღწერილი საავადმყოფოს პალატა არ განსხვავდება სინამდვილეში არსებულისგან.
    მიუხედავად მწერლის “კლინიკური აღმაფრენისა”, მკითხველმა დიდი ჯაფა უნდა იტვირთოს, რათა ეს წიგნი სიმსივნის შესახებ დაწერილ ამბად აღიქვას. გავიხსენოთ მის მიერ დასმული კითხვა: “ადამიანი თავის სხეულში აღმოაცენებს სიმსივნეს და … კვდება. ერთი მითხარით, რა აცოცხლებს ისეთ ქვეყანას, ამდენი ბანაკი და საპყრობილე რომ აღმოაცენა?” იგი კვლავ, შეიძლება თავისდა უნებურადაც, საკუთარი შემოქმედების ძირითად თემას უბრუნდება. ვინ არიან ეს განწირული ავადმყოფები? ერთი ყოფილი პატიმარია, მეორე ბანაკის ზედამხედველი; აქვე არიან გადასახლებული “დამნაშავენი” და უშიშროების ურცხვი მუშაკი, რომლის სინდისზეც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეა! თუკი “ერთი დღე” სტალინის დროინდელი რუსეთის აგონიას წარმოაჩენს, “კიბოს კორპუსი” პოსტ-სტალინური პერიოდის ასახვაა, იმ პერიოდის, როცა ორივე, ჯალათიცა და მისი მსხვერპლიც, ერთნაირი პატიმარია, აქ ყველა თანაბრად არის დასახიჩრებული და სასჯელს “საერო ონკოლოგიურში” იხდის.
    ყოფილი პატიმრის, კოსტოგლოტოვისა და სასიკვდილოდ გადადებული შულუბინის დიალოგი კიდევ ერთხელ შეახსენებს მკითხველს, თუ რა საბედისწეროა ეს სულიერი ხეიბრობა. და, აი, შულუბინი წამოჭრის საკითხს, ნაწარმოების ამოსავალ წერტილად რომ გვევლინება: თითოეული რუსის პასუხისმგებლობა, თუნდაც მორალური, მილიონობით უდანაშაულო ადამიანის დაღუპვისათვის! გულწრფელად შურს შულუბინს კოსტოგლოტოვის, რომელმაც ბანაკის ყველა საშინელება გამოიარა: “შენ სხვებზე ნაკლებად მაინც ტყუოდი, არც ჩვენისთანა ნაძირალა ხარ… და მერე რა, რომ დაგაპატიმრეს, ჩვენ უფრო მძიმე დღეებიც გამოგვივლია, გვაიძულებდნენ ტაში დაგვეკრა მათ მიერ გამოტანილი განაჩენისთვის… ტაშს ვიღა ჩივის, ჩვენ თვითონ უნდა მოგვეთხოვა ადამიანის დასჯა და გადასახლება”.
    შულუბინს იმის გაგონებაც არ სურს, რომ ხალხს სჯეროდა სტალინიზმის: “მოულოდნელად ყველა პროფესორი და ინჟინერი მავნებლად იქცა… და მათ ეს სჯეროდათ? ლენინის ყველა ძველი თანამებრძოლი საზიზღარი რენეგატი აღმოჩნდა ბოლოს… და მათ ეს სჯეროდათ? უეცრად მათი ნაცნობ-მეგობრები ხალხის მტრებად გამოაცხადეს… და მათ ეს სჯეროდათ? დასაშვებია, რომ მთელი ერი იდიოტებისაგან შედგებოდეს? როდესაც ისტორია დაგვისვამს კითხვას: “ვინ იყო იგი?” ჩვენ, ალბათ, პუშკინის ლექსით ვუპასუხებთ:
    ჩვენს სამარცხვინო საუკუნეში
    უნდა იყო ტირანი, მოღალატე, ანდა მლიქვნელი.
    სხვა არჩევანი შენ აღარა გაქვს,
    სხვა ვერაფერი ვეღარ იქნები!”
    სტალინის სიკვდილის შემდეგ საკონცენტრაციო ბანაკების მძლავრი სისტემის ლიკვიდაციამ და სახალხო ტერორის შენელებამ ბევრი ვერაფერი უშველა იმ შიშის გრძნობას, ყოველ საბჭოთა მოქალაქეში რომ ჩაებუდა. უშიშროების მუშაკს ზარავს იმის გაფიქრება, რომ ბანაკიდან დაბრუნებული უდანაშაულო შურს იძიებს, თავად ბანაკიდან დაბრუნებულს კი თავისუფლება ბოჭავს და თრგუნავს. შესანიშნავი პასაჟია რომანის ბოლოს: ონკოლოგიური განყოფილებიდან “გათავისუფლებული” ოლეგ კოსტოგლოტოვი, გულისფანცქალით მომლოდინე ამ “სამუდამო გადასახლების” დასასრულისა, რატომღაც ტაშკენტის ზოოპარკს მიაშურებს. “მაიმუნები თავგადახოტრილ პატიმრებს წააგავდნენ. ეს საცოდავი, თავიანთ პრიმიტიულ სიხარულსა თუ საწუხარში ჩაძირული, ფართო ნარებზე ჩამომსხდარი არსებები, ისე ძალიან აგონებდნენ ყოფილ ნაცნობებს, რომ… ზოგიერთი მათგანის ცნობაც კი არ გასჭირვებია. იმ ადამიანთა უმეტესობა ჯერ ხომ კიდევ იხდიდა სასჯელს… მთელი უბედურება კი იმაში იყო, რომ ოლეგს არ შეეძლო დატყვევებული ცხოველების გათავისუფლება… მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ შეამტვრევდა გალიის კარებს… გინდაც შეემტვრია, მაინც ვერაფერს გახდებოდა. ამ მაიმუნებს თავიანთი სამშობლო აღარ ახსოვდათ, თავისუფლების შეგრძნებაც უცხო იყო მათთვის! მოულოდნელი თავისუფლება უფრო საზარელ შედეგს გამოიღებდა”.
    მსგავსი პასაჟებით სოლჟენიცინი სავსებით ამართლებს იმ მოლოდინს, მისი ორი ადრეული რომანი და შესანიშნავი მოთხრობა “მატრონას სახლი” რომ აღძრავს. მაგრამ ზოგიერთი ის ხარვეზი, რომელიც “პირველ წრეში” შეიმჩნევა – ზომიერების გრძნობის ღალატი, მასალაზე კონტროლის შესუსტება, მიდრეკილება არაფრისმომცემი დამოძღვრისაკენ – კვლავ იჩენს თავს “კიბოს კორპუსში”. არც ამ ნაწარმოებს და არც “პირველ წრეს” ცოტაოდენი დახვეწა არ აწყენდა. აი, “ერთი დღე” კი სულ სხვაა! იგი სამჯერ გადაწერა სოლჟენიცინმა და ბოლოს ისეთ ლაკონიურობას მიაღწია, მხოლოდ ბაბელი და კამიუ თუ გაუწევენ მეტოქეობას.
    როგორც კრიტიკოსმა, “კიბოს კორპუსი” გაორებული და მღელვარე გრძნობით ჩავიკითხე. ერთი მხრივ, მადლიერი ვარ, რომ გავეცანი ნაწარმოებს, რომელიც მიუხედავად ბევრი ნაკლისა, გაცილებით სჯობს იმ რომანებს, ჩვენი წიგნის ბაზარს წალეკვით რომ ემუქრებიან, მეორე მხრივ კი, მომბეზრდა იმის მოსმენა, რომ ამ წიგნს რუსეთში ვერ წაიკითხავენ და თავით ნაწარმოებთა აკრძალვაზე სოლჟენიცინის ნაადრევი პროგნოზიც მაღიზიანებს. მწერალმა რამდენჯერმე აღნიშნა “საფრთხე” თავისი აკრძალული ნაწერების უცხოეთში გამოჩენისა და მათ ფართო გავრცელებაში საბჭოთა აგენტურა დაადანაშაულა, ეს ყველაფერი ჩემი დისკრედიტაციისათვის კეთდებაო… გასული წლის 21 აპრილს მან განაცხადა, რომ არც ერთ უცხოელ გამომცემელს არ მიუღია მისგან “კიბოს კორპუსის” ხელნაწერი და არც ნებართვა მისი გამოქვეყნებისა. გარდა ამისა, მან გამოთქვა შეშფოთება, რომ მოქიშპე გამომცემლობებს შორის ატეხილი დავა ამ წიგნის გამო და უცხო ენაზე მისი ნაჩქარევი გამოცემა თარგმანს კარგ დღეს არ დააყრიდა. “ლიტერატურა ფულზე მეტია”, შეგვახსენა სოლჟენიცინმა.
    უნდა აღვნიშნო, რომ ევროპაში უკვე რამდენჯერმე გამოაქვეყნეს ეს რომანი, ამიტომ ვეჭვობ, ამერიკაში “დაიალ პრესის” მიერ მისმა გამოცემამ რაიმე საფრთხე შეუქმნას ავტორს, მით უმეტეს, რომ თავად მას ეს არ უთხოვია. გარდა ამისა, ყოვლად გაუმართლებლად მიმაჩნია მწერლის წუხილი ნაწარმოების თარგმანის ხარისხთან დაკავშირებით. რებეკა ფრანკმა შესანიშნავად გაართვა თავი ამ სამუშაოს, ბრწყინვალედ გადაიტანა სხვა ენაზე სოლჟენიცინის არაორდინარული სიტყვები თუ გამოთქმები, მისი ინტონაციისა და დიქციის მოულოდნელი ვარირება.

    The New York Times Book Review
    27 ოქტომბერი, 1968
    ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

    © “წიგნები – 24 საათი”