• პოლემიკა

    მარსიანი – გემოვნებათა ჭიდილი

    ზაზა შათირიშვილმა ჩვენი ლიტერატურული საზოგადოება სახტად დატოვა იმით, რომ ახალგაზრდა კაცი, რეზო გეთიაშვილი გამოაცხადა ახალი პოეტიკის შემქმნელ დიდ პოეტად, რომლის მოსვლასაც გალაკტიონის შემდეგ ელოდა თურმე. ჟურნალ “ცხელი შოკოლადი”-ს ლიტერატურული დამატების მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 ნომრებს, სადაც ზ.შათირიშვილის წერილი და მასზე გამოხმაურებანი დაიბეჭდა, დღეს ბევრი დაეძებს წასაკითხად: ალეკო ცქიტიშვილის პოლემიკური დიალოგი ზ.შათირიშვილთან (“დიალოგი მეილით”), შოთა იათაშვილის ასევე პოლემიკური წერილი “პოეზია და სიდიდეები”, ლაშა ბუღაძის პატარა პიესა-სკეტჩი “ვინ გაანაწყენა პოეტი?” და ანდრო ბუაჩიძის “მოკლედ ნათქვამი სიტყვა” – ჯერჯერობით ასეთია გამოხმაურებათა ნუსხა. ჟურნალის რედაქტორი მალხაზ ხარბედია “რედაქტორის გვერდში” აღნიშნავს, რომ ჯერ მხოლოდ პოეტები გამოეხმაურნენ ზ.შათირიშვილს, კრიტიკოსები კი სდუმან; არ ვიცი, ჩემი წერილი პოეტის წერილად ჩაითვლება თუ კრიტიკოსისა, მაგრამ ამ საინტერესო, ცხარე ლიტერატურულ ბატალიაში ჩართვა მეც ძალიან მომინდა: საკამათო ბევრია და რაკი შესაძლებლობა გვეძლევა, ვიკამათოთ (ამბობენ, კამათში იბადება ჭეშმარიტებაო).
    იმის განსჯას ვერ ვიკისრებ, ცდება თუ არ ცდება რ.გეთიაშვილის პოეზიის შეფასებაში ზ.შათირიშვილი: ისე კი, ვისაც რაიმე მოსწონს, მას მეტი შანსი აქვს მართალი იყოს, ვიდრე იმას, ვისაც იგივე “რაიმე” არ მოსწონს; აქ ალბათობის კანონი მოქმედებს: ვისაც მოსწონს, მან ალბათ დაინახა რაღაც მოსაწონი, რაც მართლა არსებობს (თორემ არარსებული რატომ უნდა მოსწონებოდა). ხოლო ვისაც არ მოსწონს, მან ალბათ ვერ დაინახა ის, რაც მოსაწონი იყო; რასაკვირველია, მომწონებელიც შეიძლება ცდებოდეს, რაღაცას აჭარბებდეს, მაგრამ არმომწონებლის შეცდომის ალბათობა მაინც მეტია: ამას პირადი გამოცდილებაც მალაპარაკებს: წლების განმავლობაში მიმტკიცებდნენ, რომ გიორგი კორნაპელი (კაპანაძე) დიდი პოეტია, მე კი არ მჯეროდა და ერთ საშუალო, ასე, ნონეშვილის დონის პოეტად მიმაჩნდა იგი: მიზეზი იმისა ის იყო, რომ იშვიათად, განსაკუთრებული გულისყურის გარეშე ვკითხულობდი მის ნაწარმოებებს, რომლებიც გარეგნული ეფექტებით ნაკლებად გამოირჩევიან; მერე და მერე დავფიქრდი – იქნებ მე ვცდები და არა ესენი, თორემ ასე დაჟინებით რატომ აქებენ, მოდი, უფრო საფუძვლიანად შევამოწმებ-მეთქი და დავიწყე გიორგი კორნაპელის წიგნების ინტენსიური კითხვა; ჰოდა ნელ-ნელა, წლების განმავლობაში ეს პოეტი ისე გაიზარდა ჩემს თვალში, რომ ახლა გალაკტიონის, ელიოტისა და რილკეს ტოლად მიმაჩნია.
    ზ.შათირიშვილს, რომელმაც თავის წერილში პოეტები ჯგუფებად დაჰყო და დაახარისხა (“დიდ” თუ “მცირე” პოეტებად, “მიჯნათშორისებად”, “ვერშემდგარ კონცეპტუალისტებად”, “ინგლისურენოვანი სკოლის პოეტებად”, “პოეტურ პოეტებად”), ოპონენტები საყვედურობენ, რომ მან არაერთი სახელი გამოტოვა, მაგალითად, შოთა ჩანტლაძე, ლადო ასათიანი, ლია სტურუა, ზაზა თვარაძე… (შეეძლოთ ამ “გამოტოვებულთა” სიისთვის დაემატებინათ ჯარჯი ფხოველი, ბათუ დანელია, მამუკა წიკლაური, ირაკლი ბაზაძე და ა.შ); საყვედურობენ იმასაც, რომ მან ზოგ პოეტს სათანადო პატივის მიგება დააკლო, ზოგსაც ზედმეტი პატივი მიაგო; არ ვიცი, იქნებ ეს საყვედურები სამართლიანობას მოკლებული არც იყოს, მაგრამ ზ.შათირიშვილის წერილის, ასე ვთქათ, ეშხი და მარილი სწორედ მის სუბიექტურობასა და ეპატაჟურობაშია (აკი შ.იათაშვილიც “ანალიტიკურ ეპატაჟს უწოდებს ამ წერილს”).
    რაღა თქმა უნდა, ზოგ რამეში ვერც მე დავეთანხმები ზ.შათირიშვილს: მაგალითად, არა მგონია, ფეშანგის ან თეიმურაზ პირველის წაუკითხაობამ ვინმეს ხელი შეუშალოს პოეტად გახდომაში; დიდი ნოვატორები – პაუნდი და ელიოტი თუ ჯონ დონსა და ჩოსერს კითხულობდნენ, ეს იმიტომ, რომ ჯონ დონიცა და ჩოსერიც დიდი პოეტები იყვნენ და მათი გვერდის ავლა მართლაც გაუმართლებელი იქნებოდა. ისე, ფეშანგი არც მე წამიკითხავს და რა ვიცი, იქნებ მართლაც არ არის ურიგო პოეტი… სამაგიეროდ, უფრო ადრინდელები – შავთელი და ჩახრუხაძე წამიკითხავს (მათ რატომღაც არ ახსენებს ზ.შათირიშვილი) და მომწონს მათი ოცმარცვლიანი ჩახრუხაული; მეტსაც ვიტყვი – ჩახრუხაძის ოდებს ფორმისეულ მონუმენტურობასთან ერთად ისეთი სიდიადე ახლავს პოეტური პათოსისა, რომ ზოგჯერ კინაღამ თვით რუსთაველსაც ამეტებს და იქნებ მართლა ჭკუასთან ახლოს იყოს ცალკეულ მკვლევართა ჰიპოთეტური მოსაზრება, რომ ჩახრუხაძე და რუსთაველი ერთი და იგივე პიროვნებაა..
    ზოგ რამეში კი ზ.შათირიშვილს ნამდვილად ვეთანხმები: დათო ბარბაქაძის პროზაული ოპუსი “ტრფობა წამებულთა” ჩემი გაუნელებელი აღტაცების საგანია და ძალიან გამეხარდა, ზ.შათირიშვილის სახით თანამოაზრე რომ გამომიჩნდა: ამ ნაწარმოებში ყველაფერი მხიბლავს – იუმორის უტყუარი გრძნობა, ძველი ტექსტების მახვილგონივრული პაროდირება, წერის დახვეწილი კულტურა, ესთეტიზმი.. არადა მთელი ოპუსის ღერძი ერთი ქართული უცენზურო სიტყვაა (კოიტუსის აღმნიშვნელი), მაგრამ რა ნატიფ იუმორისტულ გრადაციებს განიცდის ეს სიტყვა ტექსტში! Uუცენზურო სიტყვებით მანიპულირება, სკაბრეზი თავიდან ბოლომდე გასდევს ამ ნაწარმოებს, მაგრამ ეს ყველაფერი წუნდაუდებლად ესთეტიზირებულია, მხატვრულ ღირებულებად ქცეული; “ტრფობა წამებულთა” არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, “ოდიოზური შედევრი”: მიუხედავად იმისა, რომ ეს ალბათ ვერ მიეკუთვნება ე.წ. “სერიოზულ ლიტერატურას”, ჩემთვის მაინც ეს უნიკალური ტექსტი უფრო ღირებულია, ვიდრე არაერთი ნიჭიერი მწერლის მთელი შემოქმედება.
    “დიდ” და “მცირე” პოეტთა შათირიშვილისეული მაახასიათებლები კი ზოგ შემთხვევაში ჩემთვის საკმაოდ ბუნდოვანია: მართალია, “დიდ” პოეტს თავისი ორიგინალური პოეტიკა უნდა ჰქონდეს, “მცირე” კი, ჩვეულებრივ, უკვე არსებული პოეტიკის ფარგლებში რჩება, მაგრამ არც თუ იშვიათად, საქმე სრულიად სხვაგვარადაა: პოლ ვალერი, მაგალითად, მალარმეს მიმდევარი იყო, მის პოეტიკას არ გასცდენია (თვითონვე აღიარებდა ამას), მაგრამ მალარმეზე არანაკლებ დიდ პოეტად დარჩა ფრანგულ ლიტერატურაში; არც ედგარ პო მიიჩნევა მაინცდამაინც განსაკუთრებულ ნოვატორად ინგლისურენოვანი პოეზიისა, მაგრამ მსოფლიო რანგის შედევრები კი დაწერა; ხოლო ზოგი “ნოვატორი”, ფორმისეულ თუ თემატურ სიახლეთა შემომტანი, შეიძლება საშუალო რანგს ვერ ასცდეს (არის ამის მაგალითები დღევანდელ ქართულ პოეზიაშიც), მაგრამ იქნებ რომელიმე პოტენციური გენიოსისთვის მისი ნოვაციები შედევრების საშენ მასალად გამოდგეს… ამ ნათქვამის პირდაპირ დამადასტურებელი მაგალითები აქ ვერ მომყავს (დავუშვათ, არ მახსენდება ასე სახელდახელოდ), მაგრამ ეს ხომ ჩემი ორიგინალური მოსაზრება არ გახლავთ, ჩემამდეც არაერთგზის თქმულა საქმეში ჩახედული ხალხის მიერ და ალბათ დასაბუთებულადაც; არ ვიცი, ვისი ნათქვამია, მაგრამ კარგად, “დაწურულად”, ფორმულასავით ნათქვამი კია: “ნოვატორების მიერ მიგნებული ხერხები უნდა გაცვდეს, რათა მათ ახალი სიცოცხლე გენიამ მიანიჭოს” (იქნებ ზუსტად ვერ მომყავს ციტატა, რაკი მეხსიერებას ვეყრდნობი). ისე, გალაკტიონი რომ არაიშვიათად პირდაპირ “ძარცვავდა” მასთან შედარებით მოკრძალებული რანგის პოეტებს, იქნებ ესეც რამდენადმე (თუნდაც არაპირდაპირ და არაზუსტად) ადასტურებდეს ზემოთთქმულს…
    ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მაინცდამაინც პოეტების შათირიშვილისეულ ჯგუფებად დაყოფასაც ვერ ავუღე ალღო, თუმცა, შესაძლოა, ეს ჩემი ბრალიც იყოს, რაკი ამ პოეტთა შემოქმედებას (ზოგთა გამოკლებით) არც ისე საფუძვლიანად ვიცნობ; მაინც, ეტყობა აქ ბევრი რამაა საკამათო და დასაზუსტებელი, რადგან შ.იათაშვილიც (ჩემზე უკეთ რომ იცნობს აქ ჩამოთვლილ პოეტთა უმეტესობის, განსაკუთრებით 90-იანელთა შემოქმედებას) არ ეთანხმება კრიტიკოსის მიერ ამა თუ იმ პოეტის ამა თუ იმ ჯგუფში გაერთიანებას; ხოლო რაც შეეხება ცალკეულ პოეტთა “გამოტოვებას”, რის გამოც საყვედურობენ ზ.შათირიშვილს ოპონენტები, ზემოთაც ვთქვი, რომ თვითონაც არაერთი პოეტი “გამორჩათ”, რომელთაც ხელახლა აღარც მე ჩამოვთვლი; მითუმეტეს თავს ვიკავებ ისეთი პოეტების დასახელებისაგან, რომელთაც საერთოდ (ან თითქმის) არ იცნობს ლიტერატურული საზოგადოება, თუმცა კი იმსახურებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და თავის დროზე, როცა მათი საფუძვლიანად წარმოჩენა-პოპულარიზაციის ჟამი დადგება, იქნებ ბევრი რაიმეს (თუ ვინმეს) ახლებურად დანახვა, შეფასება-გადაფასება თუ დახარისხება-დაჯგუფება მოუხდეთ კრიტიკოსებს… თავს ვიკავებ ლიტონი დასახელებებისაგან, იმიტომ, რომ კარგად ვიცი (საკუთარი გამოცდილებით), როგორ გულისშემაღონებლად მოქმედებს ლიტერატურულ სამყაროში უცნობი სახელების, ასე ვთქვათ, “გამოჯირითება”; რეაქცია დაახლოებით ამგვარია: ვინაა ეს ხალხი, საიდან გამოტყვრნენ, ვის დაკარგვიან?! Uუცნობი სახელი ხომ თითქმის ყოველთვის გარდაუვლად ასოცირდება დილეტანტობასთან, უნიჭობასთან, პროვინციალიზმთან. ჰოდა ამგვარ ლიტერატურულ საზოგადოებაში, სადაც თვით გალაკტიონის “სოფლელობაზეც” კი შესაძლებელია ვინმემ მანიპულირება მოახდინოს თვითდამკვიდრების მცდელობისას, განა შესაძლებელია არათუ უცნობ, არამედ თუნდაც ცნობილ ავტორებზე ობიექტური აზრი შემუშავდეს და დადგინდეს? შ. იათაშვილი წერს: “რაც არ უნდა ამტკიცოს, მაინც ვერ დაამტკიცებს ზაზა შათირიშვილი, რომ რეზო გალაკტიონივით (დიდი) პოეტია”.. მართალია, შ.იათაშვილი ამას გარკვეული მიზეზებით ხსნის, მაგრამ თუნდაც ეს მიზეზები გამოვრიცხოთ, ალბათ ბევრი არაფერი შეიცვლება, ვერავინ ვერაფერს “დაამტკიცებს” იმგვარ ვითარებაში, როგორიც დღესაა – კრიტერიუმების ლამის სრული მოშლა, ანარქია და განუკითხაობა, კიჩის არნახული მოძალება. “დამტკიცებაზე” გამახსენდა – ნაირა გელაშვილმა გიორგი კორნაპელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ჩემი წერილი “ჟამიერების მძლეველი” რომ წაიკითხა, მითხრა: “შენ ვერ ამტკიცებ, რომ კორნაპელი გენიოსიაო”. ალბათ მართლაც ასეა, თუმცა კი მცდელობა არ დამიკლია, ზოგი ნაწარმოები დეტალურადაც კი გავაანალიზე შესაძლებლობის ფარგლებში; 2006 წელს “კავკასიური სახლის” მიერ გამოცემული ანთოლოგიის (“ქართული პოეზია საუკუნეთა მიჯნაზე XX-XI საუკუნეები”) წინასიტყვაობაში შოთა იათაშვილი წერს: “ლიტერატურულ წრეებში, შიდამწერლურ საუბრებში სულ უფრო იკვეთება აზრი, რომ ბესიკ ხარანაული უკვე დიდი პიეტია ამ სიტყვის ყველაზე მაღალი გაგებით, იკვეთება აზრი, რომ ისაა ის, ვინც გალაკტიონის შემდეგ უნდა მოსულიყო და ქართული პიეზიისთვის კიდევ ერთხელ მოეძებნა სრულიად ახალი სადინარი”. ზ.შათირიშვილთან გამართულ პოლემიკაშიც შ.იათაშვილი ბესიკ ხარანაულს ასახელებს იმ პოეტად, რომელიც ზ.შათირიშვილისთვის განსაკუთრებით საყვარელი სიმბოლისტებისგან განსხვავებით, გამორჩეული და ღირებული შემოქმედია არა არტისტიზმითა და მუსიკალობით, არამედ “სათქმელის თუ ფიქრის ინტონაციით”. ბ.ხარანაულის პოეზიით დაინტერესებულებს შ.იათაშვილი ურჩევს წაიკითხონ ჟურნალ “ალტერნატივა”-ს 2004-2005 წლების ნომრებში დაბეჭდილი ნაირა გელაშვილის წერილების ციკლი “თანამედროვედ ყოფნის ნიშნები”. ამ ციკლში საფუძვლიანად არის გაანალიზებული ბ.ხარანაულის პოეზია; ნ.გელაშვილი “ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამედროვე ქართველ პოეტად” აღიარებს ბ.ხარანაულს. თუმცა ალბათ ცალსახად “დამტკიცება” იმისა, რომ ბ.ხარანაული ნამდვილად ის პოეტია, რადაც მას ნ.გელაშვილი, შ.იათაშვილი და არაერთი სხვაც მიიჩნევს, მაინც ნაკლებად შესაძლებელია, რადგან არსებობენ ამ აზრის მოწინააღმდეგენიც; ეგ კი არა, თვით გალაკტიონის გენიალობაც არ გახლავთ აბსოლუტურად “დამტკიცებადი”, ვიღაცა ალბათ ამის წინააღმდეგიცაა: მაგალითად, კოლაუ ნადირაძემ 90 წელზე მეტხანს იცოცხლა, მაგრამ ვერასოდეს ვერავინ დაუმტკიცა მას, რომ გალაკტიონი გენიოსი იყო: არ უნდოდა იმ კაცს ამის დაჯერება და ძალაა?
    შ.იათაშვილი სვამს რიტორიკულ კითხვას: “სადაა ჭეშმარიტი ქართული პოეზია, იქ, სადაც თუნდაც ძალიან კარგი ერზაცები იქმნება, თუ იქ, სადაც თვისობრივად სულ სხვა რამ ხდება?”
    თავისთავად ცხადია, ერზაცებს “სულ სხვა რამ” გვირჩევნია, ოღონდ ის “სულ სხვა რამ” ერზაცზე ღირებული უნდა იყოს.
    ოღონდ ვისთვის რა არის ერზაცი და რა კიდევ ჭეშმარიტი ღირებულება, ესაა საკითხავი: ჩვენ რაც არ უნდა ვატრიალოთ ცალკეულ პოეტთა სახელები და რაც არ უნდა ვაჯგუფოთ-ვახარისხოთ ისინი, ამით ბევრი არაფერი გაირკვევა; ეგ კი არა, როგორც უკვე ითქვა, ხშირ შემთხვევაში დეტალური ანალიზიც კი არ კმარა.. თითქმის გამოუვალი მდგომარეობაა, რადგან მხოლოდ პოეზიამ კი არ განიცადა ფრაგმენტაცია (როგორც ზ.შათირიშვილი ასკვნის), არამედ გემოვნებამაც; ოდნავ მაინც რომ მივუახლოვდეთ ჭეშმარიტებას, ალბათ ჩვენთვის მოსაწონი პოეტების შემოქმედებიდან შედევრები უნდა გამოვარჩიოთ (თუ აქვთ, რასაკვირველია) და ამ შედევრებზე მოვახდინოთ ჩვენი ანალიტიკური შესაძლებლობების მაქსიმალური კონცენტრირება; თუმცა მე ხომ ესეც ნაცადი მაქვს და განსაკუთრებულ შედეგს მაინც ვერ მივაღწიე: გიორგი კორნაპელის პოემა “ნარცისს”, რომელიც ელიოტის “უნაყოფო მიწისა” თუ რილკეს “დუინური ელეგიების” ბადალ შედევრად მიმაჩნია, ცალკე წერილი ვუძღვენი, სათაურით “შედევრი”, მერე ამანაც არ დამაკმაყოფილა და გ.კორნაპელის პოეზიისადმი მიძღვნილ წერილში “ჟამიერების მძლეველი” ისევ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე “ნარცისს”: მისი, როგორც პოემა-სიმფონიის მუსიკალური სტრუქტურა საკმაოდ დაწვრილებით, თავიდან ბოლომდე, მრავალრიცხოვანი ციტატების მოტანით გავაანალიზე.. კიდევ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა? რა და აუდიტორიის წინაშე ტექსტის რეჩიტატიულ-მელოდიური დეკლამირების ხერხს მივმართე (ძველი აედებისა თუ რაფსოდების დარად), რათა იქნებ უშუალო-ემოციური შემოქმედებით მომხდარიყო მსმენელთა ზიარება ჩემი რჩეული პოეტის შემოქმედებასთან… მაგრამ ამ “მეთოდის” გამოყენების საშუალება ნაკლებად მეძლევა, უფრო ხშირ შემთხვევაში ადამიანებს არ სურთ მომისმინონ. აქ, ეტყობა, სხვა ფაქტორებთან ერთად “უცნობი სახელისადმი” წინასწარი უარყოფითი განწყობა მოქმედებს დამაბრკოლებლად.
    მე პირადად მჯერა, რომ მომავალში მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის “ანი და ჰოე”-დ გალაკტიონისა და კორნაპელის შემოქმედება იქნება მიჩნეული; თუმცა მათ გვერდით (თუ მათ შორის) სხვა დიდი პოეტების არსებობას როდი გამოვრიცხავ: პირიქით, უკვე გამჟღავნებულ “დიდთა” გარდა კიდევ ათიოდე პოეტი მეგულება, ვისთვისაც “დიდი პოეტის” ტიტული სულაც არ იქნებოდა ზედმეტი..
    კი მაგრამ, მაინც რამდენი დიდი პოეტი ჰყავს საქართველოს?
    ბევრი, ძალიან ბევრი: ალბათ დაახლოებით იმდენი, რამდენი დიდი მხატვარიც იტალიას, ან რამდენი დიდი მუსიკოსიც გერმანიას ჰყავს!
    საქართველო მართლაც პოეტების ქვეყანაა…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოლემიკა

    შოთა იათაშვილი – პოეზია და სიდიდეები

    გამომცემლობა “მერიდიანმა” 2007 წელს რეზო გეთიაშვილის “Artყვავილების” მეორე ვერსია დაბეჭდა. “კავკასიური სახლის” მიერ გამოცემული 2004 წლის “Artყვავილების” პირველი ვერსიისაგან იგი თითქოს ბევრი არაფრით განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ლექსები ამოკლებულია, რაღაც – რა თქმა უნდა დამატებული, და რაც წიგნის პრეზენტაციაზეც ბევრჯერ აღინიშნა – განსხვავებულია ლექსების დალაგების პრინციპიც. მიუხედავად ამისა, ახალ კრებულს მაინც აქვს თავისი თვისობრივი სიახლე, და ეს თვისობრივი სიახლე მისი ბოლოსიტყვაობაა – შეთხზული საყურადღებოდ მოაზროვნე და მჭევრმეტყველი ზაზა შათირიშვილის მიერ – სადაც თანამედროვე ქართული პოეზიის სპექტრში ორი დიდი პოეტის თამამად გამორჩევის გარდა არის მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის მთელი პოეტური პროცესის კონცეპტუალური ანალიზის მცდელობა. ყოველი ასეთი ლიტერატურული ძალისხმევა გასახარია, მით უმეტეს, თუკი იგი არ მიუყვება გაკვალულ ბილიკებს და ცდილობს ახალი ხედვა დაამკვიდროს. სწორედ ესაა ცოცხალი ლიტერატურული პოლემიკის დაწყების ერთ-ერთი ყველაზე კარგი შესაძლებლობა, თუმც აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზაზა შათირიშვილის ტექსტი რამდენადაც ანალიტიკურია, იმდენადვე ეპატაჟურიცაა, რის გამოც თითქოსდა ბოლომდე სერიოზულად არც უნდა მიუდგე მას, მაგრამ რაკი არცთუ სისხლსავსე ქართულ ლიტერატურულ გარემოში ეს ანალიტიკური ეპატაჟი შედგა, იგი რაღაცნაირად გიბიძგებს, ამ სტატიის მიმართ საკუთარი მოსაზრებები არანაირად არ დამალო და ასევე ღიად გამოხატო.
    თავიდანვე, Dდა თუ საჭირო გახდა, ბიბლიაზე ხელის დადებითაც კი უნდა ითქვას, რომ პოლემიკის საბაბი სულაც არაა ის, რომ შოთა იათაშვილი იქ “შეუმდგარ კონცეპტუალისტადაა” გაკვრით ნახსენები საკმაოდ ჭრელ, თუმც ძირითადად შინაგანად ახლობელ ჯგუფთან ერთად. პოლემიკის მიზეზი, – და არავითარ შემთხვევაში საბაბი, – არის ის, რომ იგი, მიუხედავად პოეტობისა (თუ პროზაიკოსობისა – ვინაიდან პროზაიკოსობასაც აქვს მნიშვნელობა ზაზა შათირიშვილის ამ ანალიტიკურ ეპატაჟში) საკმაო ხანია, ანუ დაახლოებით 10 წელია, რაც ქართული ლიტერატურისა და უფრო ხშირად, პოეზიის შესახებ კრიტიკულ წერილებს წერს – ერთი სიტყვით, ცდილობს, იყოს ანალიტიკოსი, თუმც, რამდენად გადასდის ზოგიერთებივით ანალიზი ეპატაჟში, ეს უკვე მკითხველმა უნდა განსაჯოს…
    მივადგეთ სათქმელს: ზაზა შათირიშვილის სტატიის ერთ-ერთ მთავარ ტერმინში – მიჯნათაშორისში – ანუ გალაკტიონიდან 90-იანელებამდე მოხვედრილ აბსოლუტურად განსხვავებულ ქართველ პოეტთა გრძელ სიაში (ანა კალანდაძიდან ანდრო ბუაჩიძემდე), ისეთი პოეტიც კი “რიგითია”, როგორიცაა ბესიკ ხარანაული. სტატიის ბოლოს კი “რიგითობას” თავს აღწევს და ბოლო პოეტური კრებული-ტრამპლინიდან შესრულებული ერთი ნახტომით “დიდპოეტობაში” გადადის ის პოეტი, რომელიც ავტორისავე სიტყვებით რომ ვთქვათ, აქამდე “საგულისხმო მიჯნათაშორისი” იყო. ცხადია, ასეთი არაორდინარული ხედვა საინტერესოა, მაგრამ საფუძვლიან შემოწმებასაც საჭიროებს. თუმც შემოწმება ვერანაირად ვერ შედგება, თუკი კარგად არ გავიაზრებთ კრიტიკოსის გლობალურ პოეტურ ხედვას, ესთეტიკას, უფრო გლეხურად რომ ვთქვათ, გაგებას. ზაზა შათირიშვილი პოეზიაში მუდამ სიმბოლისტებს იკვლევდა: ქართულში, რუსულში (ფრიად აქტიურად), თუ არ ვცდები, უცხოენოვანშიც… სიმბოლისტებისშემდგომ პოეზიას იგი ალაგ-ალაგ, ხამუშ-ხამუშ ეხებოდა, ამიტომ ძნელია ითქვას, რომ იგი მიმდინარე ლიტერატურული პროცესის დამკვირვებელი თვალი იყო. ამის პრეტენზია მას არც ჰქონია. ყოველთვის აღიარებდა, რომ რაღაც არ აკმაყოფილებსBთანამედროვე ქართულ პოეზიაში, და ჩემთვის სრულიად გასაგებია ის აღტკინება, რა აღტკინებითაც მან დაწერა ის წერილი, რომელშიც, როგორც იქნა, შესაძლებლობა მიეცა, ხოტბა შეესხა იმ ტიპის პოეტისთვის, რომელსაც დიდი ხანი ელოდა და ძლივს ეღირსა. თუმცა აქვე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მის ტექსტში თავისთავად იკითხება, რომ ასეთ პოეტს უშუალოდ ის (და შესაძლოა, მისი სამეგობრო) ელოდა, და არა მთელი საქართველო.
    ანუ ელოდა, რომ პოეზია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტაფიზიკური მოვლენა, კიდევ ერთხელ გაცხადებულიყო, როგორც არტისტიზმისა და მუსიკალობის ერთგვარი ნაჯვარი. რა თქმა უნდა, ათასნაირი პოეზია არსებობს და ზაზას ეს ყველანაირი პოეზია ალბათ წაკითხული, შეფასებული და გადაფასებულიც აქვს, თუმც იდეალი პოეზიისა მისთვის მაინც სიმბოლიზმში იყინება. ესაა მისი გულის პოეზია, სხვა კი ტვინის, გენიტალიებისა თუ სხეულის სხვა ნაწილებისა. სათქმელის თუ ფიქრის ის ინტონაცია, რაც, მაგალითად, ბესიკ ხარანაულს მოაქვს, ეტყობა მის გულს ნაკლებად ხვდება, არადა არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც სწორედ ხარანაულის, და არა ძველი თუ ახალი სიმბოლისტების კითხვაა მნიშვნელოვანი სულიერი აქტი (ვისაც ხარანაულის პოეზიის ღრმა და სხვადასხვა რაკურსებიდან გაკეთებული ანალიზი აინტერესებს, ვურჩევ, 2005 წლის “ალტერნატივას” ნომრებში წაიკითხოს ნაირა გელაშვილის წერილების ციკლი “თანამედროვედ ყოფნის ნიშნები”).
    იმას, რასაც მე ცოტა ხნის წინ გული ვუწოდე, ხშირად გემოვნებას არქმევენ და სწორედ ეს იწვევს განაწყენებებს. “როგორ, მე უგემოვნო ვარ, ასეთი ინტელექტუალი, ასეთი კულტუროლოგი?” მახსენდება, ორიოდე წლის წინ, ხანგრძლივი, ცხარე პოლემიკის შემდგომ საბოლოოდ როგორ დავასკვენი და მაშინათვე მოურიდებლად განვუცხადე ერთ-ერთ მსგავს პერსონას, რომ მიუხედავად ყველაფრისა (მათ შორის ერთ-ერთ ქართველ კლასიკოს პოეტზე დაწერილი მონოგრაფიისა), მას არანაირად არ ესმის თანამედროვე პოეზია, და მან ოდნავი სიმორცხვით გამიმხილა, რომ ცოტა ხნის წინ ზუსტად ასეთივე სიტყვებით შეამკო იგი “მიჯნათაშორისშიც” კი არმოხსენიებულმა საკულტო პოეტმა ლია სტურუამ. ასეთი შეფასებები მენიშნა, და არა იმიტომ, რომ მე და ლია სტურუა მაგრები ვართ, ისინი კი უნიჭოები. არა, – უცებ სულ სხვა რამ დავინახე: თანამედროვე, მოდური ყაიდის მოაზროვნეები, რომელთაც ეტყობა გადატვირთული სააზროვნო პროცესების გამო თავიანთთვის ერთი საკრალური, დასასვენებელი სივრცე აქვთ შემონახული, რომელსაც ეწოდება პოეზია და საიდანაც, რამდენადაც შესაძლებელია, გამოძევებულია სათქმელი და დატოვებულია მხოლოდ თვალის (თუ ყურის) მომჭრელი ხატები, მათემატიკურად ზუსტი ჰარმონია, მხოლოდ და მხოლოდ ფორმალისტური სიგიჟეები და ა.შ. შეიძლება არც თუ ისე იშვიათად, ეს ტექსტები დრამატული ან ტრაგიკულიც კია, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მოკაზმულია, და სწორედ ეს მოკაზმულობაა ის მაგნიტი, რაც მათ იზიდავთ და რის ტყვეობაშიც ვარდებიან. მსგავსი სიტყვაკაზმულობა (ხანდახან გაპრანჭულობაშიც კი გადასული) დიდ პოეტებში უკვე სულ სხვა სახეს იღებს და თითქმის ყველასთვის მომნუსხველი ხდება, მაგრამ ზაზასნაირ მკითხველში, როგორც ის თავადაც აღნიშნავს, მხოლოდ დიდი პოეტი აღარაა “დიდი”, მისთვის ძირითადი ვერსიფიკაციული წესების კარგი დამცველი ყველა საშუალოც შესაძლოა “დიდი” იყოს. სწორედ ამ გულწრფელი პრიმიტიული პოზიციიდანაა დაწერილი ზაზა შათირიშვილის ბოლოთქმა რეზო გეთიაშვილის წიგნისა, რომელიც მართლაც შესანიშნავად ფლობს იმ პოეტურ უნარებს, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, რაც არ უნდა ამტკიცოს, მაინც ვერ დაამტკიცებს ზაზა შათირიშვილი, რომ რეზო გალაკტიონივით (დიდი) პოეტია… არტისტიზმის ხარისხი ერთმანეთს რომც არ შევადაროთ, იმის შედარებაც იქნება საკმარისი, თუ რის თქმას ახერხებს ერთის ლექსები, და რის – მეორე. ანუ, გეთიაშვილის არტისტიზმი ჰაერში ეკიდება და რჩება ეგზისტენციალური ვიბრაციების გარეშე, გალაკტიონის ფორმალისტური სიგიჟეები კი სწორედ იმიტომ იმკვიდრებს ქართველი ხალხის ცნობიერებაში ადგილს, რომ ყოველთვის არა, მაგრამ საკმაოდ ხშირად უნიკალურ ჟღერადობებში ჩასმულ ეგზისტენციებს წარმოადგენს. პოეზიისადმი ამ ვიწრო დამოკიდებულებას კიდევ უფრო აზუსტებს ორი სიტყვაუხვი აბზაცი კიდევ ერთი პოტენციურად დიდი პოეტის, რატი ამაღლობელის მართლაცდა შესანიშნავი პროსოდიული სმენის შესახებ, რამეთუ იგი კვლავაც კრიტიკოსის ცალმხრივ გადახრას აზუსტებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ტიპის პოეზიის მიმართ.
    ვიცი, ახლავე გაჩნდება პროტესტი: “კრიტიკოსს სულ სხვა რამის გამოკვეთა სურდა, თქვენ კი კვლავაც ის გვაუწყეთ, რომ გალაკტიონს ვერავინ შეედრება… ნაცნობი და მოსაბეზრებელია მსგავსი არგუმენტები…” კი ბატონო, არის ამაში რაღაც მართალი და მე ნამდვილად არ მინდოდა, ზაზას მიერ რუდუნებით შექმნილი დიდი პოეტის ახალი სურათ-ხატი ძველისძველი მეთოდებით გამენადგურებინა, მაგრამ რა ვქნა, როცა ჩემი მიდგომა რეზოს პოეზიისადმი აბსოლუტურად საპირისპიროა: მე ვფიქრობ, რომ ის, რაც რეზომ აქამდე შექმნა, თითქმის ბოლომდე ამოწურა და გააფორმა, როგორც პირველი, მეტად საინტერესო ეტაპი საკუთარი Aშემოქმედებისა, უკვე აღარ იძლევა თვისობრივი წინსვლის საშუალებას, და აქედან გამომდინარე, იმედიანად ველი, თუ როდის ამოხეთქავს მასში რაღაც სხვა, გაჩნდება ახალი ინტონაცია, ახალი თემატიკა, ახალი მიდგომა პოეზიისადმი, და ის გამოცდილება, რაც მასში დაგროვდა, რეზო გეთიაშვილის ახალ, უხილავ თუ ხილულ სიღრმეებში წასულ პოეზიად ტრასფორმირდება. Mმაგრამ ზაზა შათირიშვილის სტატიის გამოისობით ეს ლოდინი შესაძლოა ამაო აღმოჩნდეს, ვინაიდან დიდია შანსი, მან “დიდი პოეტის” იმიჯს მიაჯაჭვოს პოეტი და ახალი გზების ძიების წყურვილი ერთი ადგილის საფუძვლიანი ტკეპნით შეუცვალოს.
    ბოლოთქმაში დასახელებულია კიდევ ერთი თანამედროვე დიდი პოეტი, – გივი ალხაზიშვილი – რომლის ბოლო პერიოდის კონვენციური ლექსები ჩემი აზრით გაცილებით სათქმელიანია, ვიდრე გეთიაშვილის, თუმც ფორმა აშკარად არაგალაკტიონისებურია, მეტიც, ერთფეროვნად დაბალანსებული, თუმც დიდი ხელოსნობით, ოსტატობით გაკეთებული. ამავე დროს, ლელა სამნიაშვილსაც რომ შევეშვათ, აშკარად ზვიად რატიანზე უფრო სტერილური ქართულით დაწერილი, არადა “ბოლომდე ვერშემდგარი ფრაგმენტირებული 90-იანელების ერთ-ერთი სკოლის” (“ინგლისურენოვანის”) მთავარ ნაკლად ზაზა შათირიშვილი სწორედ სტერილურობას მიიჩნევს. ცხადია, ჩემი ამ დებულების მტკიცება ხანგრძლივ პარალელურ ანალიზს მოითხოვს, მაგრამ რაკი ზაზამ უფლება მისცა საკუთარ თავს არგუმენტაციების გარეშე (თუ არ ჩავთვლით რეზო გეთიაშვილის პოეზიის ანალიზს) დაელაგებინა მთელი ნახევარსაუკუნოვანზე მეტი ხნის ქართული პოეზია, ამჯერად მეც მაინცდამაინც ნუ მომთხოვთ გამოწვლილვით ანალიზს, უბრალოდ, ჩემს ადეკვატურ კონტრდებულებად მიიღეთ, რომ გივი ალხაზიშვილი უფრო სტერილურია, ვიდრე ზვიად რატიანი, და თუ ასეა, და თუ სტერილურობა ნაკლია, რანაირადღაა იგი დიდი?
    მაგრამ აჯობებს თავიდან მივყვეთ ზაზას ჯგუფებს: პირველი ჯგუფი “ვერშემდგარი “კონცეპტუალისტების ჯგუფია, რომელიც კალამბურსა და უხვსიტყვაობას შორის ირყევა (დავით ჩიხლაძე, დათო ბარბაქაძე, შალვა ბაკურაძე, მამუკა ლეკიაშვილი, კოტე ყუბანეიშვილი, დავით რობაქიძე, შოთა იათაშვილი და სხვ.)”. კალამბური გასაგებია – ყუბანეიშვილი. ყველაზე მეტად უხვსიტყვაობა დათო ბარბაქაძეს სჩვევია, მაგრამ სხვები? ვერანაირად ვერ ვხვდები, სად უნდა განვათავსოთ, ან რითი გვანან ერთმანეთს დანარჩენები, ან თუნდაც ისინი, “და სხვ.”-ში რომ მოხვდნენ. კი ბატონო, კონცეპტუალისტია დავით ჩიხლაძე, მაგრამ რაის კონცეპტუალისტი დაინახეთ შალვა ბაკურაძეში? და თუ “პოეტურ პოეტებში” მოხვდა ელა გოჩიაშვილი, რომელიც სწორედაც რომ სრულიად სხვანაირად პოეტურია, რატომ არ მოხვდა ამ შემადგენლობაში თუნდაც ხანდისხან სიტყვაუხვი ბაკურაძე? “პოეტური პოეტის” ტავტოლოგიური დეფინიცია გაგა ნახუცრიშვილისადმი ინტუიტიურად გასაგებია, მაგრამ რომელი “პოეტური პოეტია” ნიკა ჯორჯანელი, რომელიც ჯობს თვისობრივად რატიანისა და სამნიაშვილის ჯგუფს უფრო მიაკუთვნო, თუმც იმ განსხვავებით, რომ მასთან “პოეტური კულტურა” ძირითადად, ინგლისურენოვანი კი არა, გერმანულენოვანი და რუსულენოვანი პოეზიიდან მოდის?
    იმაზე უკვე აღარაა საუბარი, რომ თანამედროვე პოეტური გარემოს შემქმნელი ზოგიერთი ავტორი საერთოდ არაა დასახელებული – მაგალითად, კარლო კაჭარავა და ზაზა თვარაძე მთელი მათი საოცარი და სამწუხაროდ უკვე დასრულებული შემოქმედებით, ან გიორგი ლობჟანიძე ბოლო პერიოდის ლექსებით, რომლებიც რადიკალიზმის იშვიათად სწორი გაგებით სხვათა ზედაპირული რადიკალიზმისაგან ფრიად გამოირჩევა.Aაქვე უპრიანი იქნება გავიხსენოთ კიდევ ერთი ბრალდება, წაყენებული სამივე მიმართულების პოეტების მიმართ: ის, რომ “ისინი თითქოს არ იცნობენ იმ პოეზიას, […] რომლის ენაზეც წერენ, ან, თუ იცნობენ, – საკმაოდ მცირე დოზებით – იცნობენ მხოლოდ ფრაგმენტებს”. საიდანაც თურმე გამომდინარეობს, რომ “ყველა ზემოთ აღნიშნული პოეტი, ლამის უგამონაკლისოდ, საკმაოდ შეზღუდულად ფლობს ქართულ პოეტურ (და არა მხოლოდ პოეტურ) ენას.” შორს რომ აღარ წავიდეთ და თითოეულ პოეტს ცალ-ცალკე პოეტური უნარ-ჩვევების ტესტები არ ჩავუტაროთ, ბარემ ისევ “და სხვ.”-ში მოხვედრილი ზაზა თვარაძე გავიხსენოთ, რომლის განუმეორებელი პოეტური სიგიჟე მუდამ კლასიკური ქართული ლიტერატურისა და პოეზიის უბადლო და ღრმა ცოდნას ეყრდნობოდა.
    სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ზაზა შათირიშვილის კონცეფცია იმის შესახებ, რომ სამოქალაქო პოეტური ლირიკა მხოლოდ და მხოლოდ ახალ მილენიუმში დაწერილი რეზო გეთიაშვილის “მკვდრების მანიფესტით” იწყება. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, იმიტომ რომ სამოქალაქო პოეტური ლირიკა იყო 90-იან წლებში თითქმის მთელი “რეაქტიული კლუბი”, “ანომალიური პოეზია”, ბადრი გუგუშვილი, კარლო კაჭარავა (ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ამ თვალსაზრისით) და ბევრი სხვა პოეტიც. 21-ე საუკუნეში მას Aახალი, მკვეთრი ინტონაციები შესძინა ნაირა გელაშვილმა, ასევე, დღევანდელი სამოქალაქო პოეტური ლირიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა ზურაბ რთველიაშვილი, თუმც ძველ თემას რომ დავუბრუნდეთ, ეს ლირიკა იყო და არის არცთუ გაპრანჭული, ზაზა&company-ს კი სამოქალაქო ლირიკაც კი გაპრანჭული, ანუ უფრო კულტურულად რომ ვთქვათ, უსაზღვროდ ესთეტიზებული სურს და აქედან გამომდინარე, მის საწყისს მხოლოდ რეზოს კარგ, მაგრამ ერთ რიგით ლექსში ხედავს…
    და მგონი მივაღწიეთ როგორც იქნა მთავარ შეკითხვას: სადაა ჭეშმარიტი ქართული პოეზია, იქ, სადაც თუნდაც ძალიან კარგი ერზაცები იქმნება, თუ იქ, სადაც თვისობრივად სულ სხვა რამ ხდება?
    შეკითხვა რიტორიკულია, მაგრამ მას ამ წერილში ვერანაირად ვერ ავცდებოდით. საზომებმომარჯვებული პოეტებისა და კრიტიკოსების საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდეს, სწორედ ისინი მიაჩოჩებენ ნელი-ნელა უკეთესობისაკენ საკუთარ ეროვნულ პოეზიებს, მაგრამ ეს ჩოჩიალი მაინც პრინციპულად არაფრისმომცემემია, სანამ ახალი პოეტური გულისცემის ბესიკ ხარანაული ან ანდრო ბუაჩიძე არ დაიბადება (რომელი მიჯნათაშორისია ანდრო, როცა მისი კაეშანი სრულიად განსხვავებული ინტონაციის მიუხედავად, მაინც ტერენტი გრანელის კაეშნის გრადაციას უსწორდება უსიტყვოდ?)… და საერთოდ, ავტორი და სათქმელი ბევრია, ხანდისხან გგონია, რომ ვერც აუხვალ და ამის გამო ღონეც გეცლება, პასიური ხდები, მაგრამ რაღაც მომენტში რატომღაც მაინც იჯერებ ხოლმე, რომ მოკლე სიტყვითა და არგუმენტებით გადახუნძვლის გარეშეც შესძლებ იმის თქმას, რაც გულისგულში მოხვდება მკითხველს და ზედმეტ დასაბუთებებს უკვე აღარ მოითხოვს…
    და თუკი მართლა ასეა, ჩათვალეთ, რომ ამჯერად მეც სწორედ ასე მოვიქეცი… შევეცადე, მთავარი გამომეთქვა, დანარჩენი, სიდიდეების მილიმეტრული სიზუსტით ზომვა და მსგავსი დამღლელი პროცედურები შემდგომ, მოსალოდნელ პოლემიკას შევატოვე…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ინტერვიუ,  კრიტიკა,  პოლემიკა

    ალეკო ცქიტიშვილი, ზაზა შათირიშვილი – დიალოგი მეილით – 90-იანი წლების გადალახვა

    გალაკტიონი, მიჯნათაშორისი, ARTყვავილები და ა. შ.

    “ცხელი შოკოლადი – ლიტერატურის” წინა ნომერში გამოქვეყნდა ლიტარატურათმცოდნისა და კრიტიკოსის, ზაზა შათირიშვილის სტატია “არტისტული ყვავილებიდან ARTყვავილებამდე”. ეს არის რეზო გეთიაშვილის პოეტური კრებულის “ARTყვავილების” ბოლოთქმა, რომელმაც ლიტერატურული წრეების კულუარებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ზაზა შათირიშვილის აზრით, გალაკტიონიდან გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ქართული პოეზია ერთგვარ “მიჯნათაშორის” პერიოდად უნდა განვიხილოთ. ამ პერიოდში იყო რამდენიმე საინტერესო პოეტი თავისი “გვერდითი ხაზით”, მაგრამ არ ყოფილა სრულიად ახალი პოეტური სიტყვა. რეზო გეთიაშვილი “ARTყვავილებით” სწორედ ის ავტორია, საიდანაც ზაზა შათირიშვილმა სრულიად ახალი ეპოქის ათვლა დაიწყო.
    სტატიაში “არტისტული ყვავილებიდან ARTყვავილებამდე” ბევრი რამ არის საკამათო. ჩემთვის განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა კრიტიკოსის დამოკიდებულება გასული საუკუნის 90-იანი წლების პოეტების შემოქმედებისადმი. ჩემი მოსაზრებები მას რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ რეზო გეთიაშვილის კრებულის გამოსვლამდე მივწერე ელექტრონული ფოსტით. წინამდებარე პოლემიკა სწორედ ელექტრონულ სივრცეში წარიმართა. ვფიქრობ, ჩვენი დიალოგი “ცხელი შოკოლადის” მკითხველისათვის საინტერესო იქნება. გთავაზობთ მას უმნიშვნელო შემოკლებით.

    ალეკო ცქიტიშვილი

    ალეკო ცქიტიშვილი: ზაზა, წავიკითხე შენი სტატია რეზოს წიგნისათვის და სურვილი გამიჩნდა, შემოგხმიანებოდი. ამ წიგნთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველაფერი შენი და რეზოს გადასაწყვეტია, მაგრამ მე ჩემ აზრს გეტყვით. ვფიქრობ, თანამედროვე ქართული პოეზიის ტენდენციების მოკლე მიმოხილვა ძალიან სერიოზული თემაა და ასე მოკლედ არ ღირდა მისთვის სტატიაში ადგილის მიჩენა. მით უფრო, ჩემი აზრით, აქ ზოგი რამ საკამათოა.
    ძნელია, მეილით ყველაფერი მოგწერო, მაგრამ ვფიქრობ, დათო ჩიხლაძის, დათო ბარბაქაძის, შოთა იათაშვილისა და ამ თაობის კიდევ რამდენიმე პოეტის შემოქმედება ლიტერატურული ტრადიციისაგან მოწყვეტილად მაინც არ უნდა განვიხილოთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ როგორც შენ უწოდებ – “მიჯნათაშორისის” ეპოქის დასრულების შემდეგ ყოველთვის ადგილი აქვს “ფრაგმენტაციას”. ასეთ დროს ავტორებს, რომლებიც რადიკალურად უპირისპირდებიან ტრადიციას, ყოველთვის ადანაშაულებენ ტრადიციას უგულვებელყოფაში. სინამდვილეში ეს მთლად ასე არ არის. ამის კარგი მაგალითია ცისფერყანწელების ჟურნალების – “ცისფერ ყანწებისა” და “მეოცნებე ნიამორების” შესახებ მაშინდელი ლიტერატორების შეფასებები. ძირითადად სწორედ იმას უკიჟინებდნენ, რომ ტრადიციას მთლიანად ხაზი გადაუსვეს. მართლაც, ერთი შეხედვით, ვალერიან გაფრინდაშვილის, ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის სიმბოლისტურად კონიუნქტურულ ლექსებში (მათ შორის – საუკეთესო ლექსებში) რა არის ნასესხები ტრადიციიდან? ძალიან უმნიშვნელო რამ! მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ იცნობენ ამ ტრადიციას, რომ წაკითხულიც არა აქვთ და ა. შ. ეს კარგად ჩანს ვალერიან გაფრინდაშვილისა და ტიციან ტაბიძის კრიტიკულ წერილებში, სადაც ისინი პირველ რიგში სწორედ ტრადიციასთან (რუსთაველი, ბესიკი, ბარათაშვილი, მამია გურიელი, ორბელიანი) კონტაქტზე აქცენტირებენ და ამას ყოველთვის რაღაცნაირი ხაზგასმითაც აკეთებენ. ზუსტად ასევე თუნდაც დათო ბარბაქაძის თეორიულ წერილებში კარგად ჩანს, როგორ და რატომ “უპირისპირდება” ის იმ ტრადიციას, რომელიც სწორედ რომ ძალიან კარგად იცის. ამას ადასტურებს, თუნდაც, შენს სტატიაში მოხმობილი ნაწარმოები – “ტრფობა წამებულთა”…
    მე ახლა თან არა მაქვს დათოს წიგნები (ჩემს სახლში დაუსრულებელი რემონტია. ყველა ჩემი წიგნი ყუთებშია ჩაწყობილი და იქიდან მათი ამოღება შეუძლებელია). ამიტომ ვერ ვახერხებ ზუსტად შეგახსენო უამრავი მაგალითი მისი ლექსებიდან, სადაც სწორედ ტრადიციასთან კონტაქტი ჩანს. შემიძლია დაგისახელო ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში მისი პოეზიიდან, რომელსაც ფესვები პირდაპირ ქართულ სასულიერო პოეზიაში (ჰიმნოგრაფია) უდგას. ეს არის ლექსი “ქება ცაცხვისა” – ჩემი აზრით, ბოლო ოცწლეულის თუ ყველაზე საუკეთესო არა, სამეულში შესატანი ლექსი. დათოს ბოლო კრებულში (“ტბის სანაპიროს სიმღერები”) ასევე ძალიან საინტერესო ლექსებია, სწორედ ტრადიციასთან და მეტადრე – ენობრივ კლიშეებთან მიმართებაში.
    შენს წერილში კარგად არის წარმოდგენილი ტრადიციის ხაზი – რუსთაველი-გურამიშვილი-გალაკტიონი-სამადაშვილის სახით. მაგრამ, ვფიქრობ, კიდევ ერთი სერიოზული ნაკადი გამოგრჩა – ურბანისტული პოეზია. ურბანისტული ლირიკული გმირი ფრაგმენტულად გვხვდება ცისფერყანწელებთან და გალაკტიონთან, მაგრამ – მხოლოდ ფრაგმენტულად. მთელი სისავსით კი ქართული ურბანისტული პოეზია შოთა ჩანტლაძის პოეზიიდან ვითარდება. საერთოდაც, თანამედროვე ვერლიბრი, თავისუფალი ლექსი, ძირითადად სწორედ ურბანისტულ თემატიკას უკავშირდება. სტატიაში სწორად შენიშნავ, რომ ბესიკ ხარანაული არის “მთის ლირიკოსი”, რაც გარკვეულწილად სწორედ იმასაც ნიშნავს, რომ იგი ქალაქის ლირიკოსი არ არის – მიუხედავად იმისა, რომ მასთან ურბანისტული თემატიკა დიდი ნაკადია (“ხეიბარი თოჯინა”).
    ამ მხრივ გაცილებით მკვეთრად გამოხატული “ქალაქელი პოეტია” შოთა ჩანტლაძე. ამ ყველაფერს იმიტომ გწერ, რომ დათო ჩიხლაძე, შოთა იათაშვილი და სხვები “მიჯნათაშორისის” დასრულების შემდეგ თავიანთი ვერლიბრით დიდწილად სწორედ შოთა ჩანტლაძის ხაზს აგრძელებენ. ეს მათ თეორიულ წერილებშიც ჩანს. შოთა ჩანტლაძე კი, ვფიქრობ, უკვე ტრადიციაა. ჩემთვის ძალიან ძვირფასია დათო ჩიხლაძის ურბანისტული პოეზია, განსაკუთრებით – ამერიკული ციკლი, სადაც ბევრ სიახლეს გვთავაზობს ქართული ვერლიბრის რიტმიკაში.
    აქ აუცილებლად უნდა ვახსენო ქრონოფაგების – შოთა იათაშვილის, ზურაბ რთველიაშვილისა და გიორგი ბუნდოვანის კრებული – “ანომალიური პოეზია”, რომელმაც 90-იან წლებში “ცისფერი ყანწებისა” და “მეოცნებე ნიამორების” როლი შეასრულა დათო ბარბაქაძის პერიოდულ გამოცემებთან ერთად (მათ შორის საუკეთესოა – “პოლილოგი”). ასე რომ, “ტრადიციის უარყოფა” ამ სახით, არ ნიშნავს, რომ მათთვის ტრადიცია უცნობია. საერთოდაც, ტრადიციის ნამდვილი უარყოფა სულაც არ ნიშნავს ტრადიციის უარყოფას J
    აი, ეს მინდოდა, მომეწერა შენთვის. მე პროფესიონალი ლიტერატორი არა ვარ და ამიტომ ჩემს მსჯელობაში შეიძლება ზოგიერთი ლაფსუსი ნახო, მაგრამ, ვფიქრობ, ძირითადი აზრის გადმოცემა მაინც მოვახერხე. დანარჩენს მერეც მოგწერ.
    ზაზა შათირიშვილი: ძალიან დიდი მადლობა მშვენიერი წერილისათვის! შოთა ჩანტლაძე სულ დამავიწყდა – და ახლა მიჯნათაშორისის პოეტებში ჩავრთე. გიგზავნი ჩემი სტატიის საბოლოო ვარიანტს. რაღაცეები კომპოზიციურად გადავაადგილე. საქმე ისაა, რომ პარალელურად წიგნს ვწერ, რომელსაც “ქართული პოეზიის ხუთი ეპოქა: პოეტიკა – იდეების ისტორია – კრიტიკა” ეწოდება. იქ ცალკე თავი ეძღვნება თანამედროვე სიტუაციას. შენი შენიშვნის მერე, გადავწყვიტე, გარკვეული ცვლილებები სტატიაშიც განმეხორციელებინა, თუმცა ტექსტი არსობრივად არ შემიცვლია, მაგრამ ერთი-ორი არგუმენტი მივამატე.
    თუ არ დაგეზარება და ამ ბოლო ვარიანტსაც გადაათვალიერებ, დაინახავ, რომ თანამედროვეებს ტრადიციასთან დაპირისპირებაში არ ვადანაშაულებ. მე ვამბობ, რომ მათ საკმარისად არ იციან ენა და საკუთარი ლიტერატურა. მაგალითად, არც ჩიხლაძეს, არც ბარბაქაძესა და არც სხვებს არა აქვთ წაკითხული XVI-XVIII საუკუნეების პოეტები – ფეშანგი, თეიმურაზ I, სულხან და ბეგთანეგ თანიაშვილები და სხვ. ეს იგივეა, რომ ეზრა პაუნდსა და ელიოტს თავიანთი გრანდიოზული ინოვაციები ისე ეკეთებინათ, რომ ენდრიუ მარველი, ჰერბერტი, დონი თუ ჩოსერი არ ცოდნოდათ.
    შენ მკითხავ, რეზო გეთიაშვილმა თუ იცის ეგენიო? – მე გიპასუხებ, რომ რეზოს ამოცანა სულაც არაა ტრადიციის დემონტაჟი, მაგრამ ვისაც ტრადიციის დემონტაჟი სურს, მას რუსულ ან ქართულ თარგმანში ალენ გინზბერგის კითხვა ვერ უშველის. ჩვენი პოეტები სწორედ იმიტომ არ ვარგიან, რომ თუნდაც ცისფერყანწელებისაგან განსხვავებით, რომლებმაც ბესიკი წაიკითხეს, ქართული ლიტერატურიდან არაფერი იციან სკოლაში წაკითხული ტექსტების გარდა (ამაშიც ეჭვი მეპარება).
    ძალიან მომეწონა შენი მსჯელობა შოთა ჩანტლაძისა და ჩვენი “კონცეპტუალისტების” გენეალოგიურ კავშირზე. ლიტერატურულ-ისტორიული თვალსაზრისით, აბსოლუტურად მართალი ხარ!
    მოკლედ, მე ვეთანხმები შენ ისტორიულ-თეორიულ შეხედულებებს, არ ვიზიარებ შენს სუბიექტურ-კრიტიკულ დამოკიდებულებას. ჩემი სუბიექტურ-კრიტიკული პოზიციიდან, ვერც ჩიხლაძე და ვერც ბარბაქაძე კრიტიკას ვერ უძლებენ – ესთეტიკური თვალსაზრისით, ისინი ცუდი პოეტები არიან. შეიძლება, მე ვცდები, ხოლო შენ მართალი ხარ. კრიტიკა, მოგეხსება, მეცნიერება არაა… აქ რიტორიკა მუშაობს და არა – ლოგიკა.
    კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა შესანიშნავი წერილისათვის. მე მგონი, პოლემიკა უკვე დაიწყო. კარგი იქნებოდა, თუ საჯარო სივრცეშიც გადავიდოდა ეს ყველაფერი.
    ალეკო ცქიტიშვილი: ჰო, როგორც ჩანს, პოლემიკა მართლაც უკვე დაიწყო. წიგნი კი ჯერ გამოცემულიც არ არის J მე მომწონს შენი “სუბიექტურ-კრიტიკული” გადაწყვეტილება – თავისი (ალბათ, უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით – შენი) სახელი დაარქვა მოვლენებს – სახელებისა და გვარების დასახელებით. ეს ქართულ კრიტიკას აქამდე არ ახასიათებდა. ყოველთვის გაურბოდნენ ერთმანეთის განაწყენებას და ა.შ.
    ბოლომდე ვერ დაგეთანხმები, რომ კრიტიკა მეცნიერება არ არის. კრიტიკა, უფრო მეტად კი – ლიტერატურათმცოდნეობა სწორედაც რომ მეცნიერებაა, თუმცა… არაზუსტი J ხომ იცი, ჩემი აზრი – ადრეც გეუბნებოდი – ყველაზე ზუსტი მეცნიერება პოეზიაა-მეთქი! ამიტომ პოეტებს უფლება აქვთ, საკუთარ სიზუსტეს ენდონ და უპირატესობაც მას მიანიჭონ.
    შენს მიერ ჩამოთვლილი პოეტები – ფეშანგი, თეიმურაზ I და მისთანანი, ჩემი აზრით, სწორედ ლიტერატურათმცოდნეებისათვის უფრო არის საინტერესო, პოეტებისთვის კი – ნაკლებად. არ ვიცი, ჩვენს 90-იანელებს წაკითხული აქვთ თუ არა ეს ავტორები. ვფიქრობ, წაკითხული რომც არ ჰქონდეთ, ბევრს არაფერს დაკარგავდნენ. შენ სტატიაში ნათლად გაქვს აღწერილი ქართული პოეზიის ტრადიციის ხაზი – რუსთაველი-გურამიშვილი-ბარათაშვილი-ილია-აკაკი-ვაჟა-გალაკტიონი. ამ ხაზის იქით და აქეთ არიან საინტერესო ავტორები, რომლებიც თანამედროვე პოეტისთვის მეტ-ნაკლებად საინტერესონი შეიძლება იყვნენ (“მეტ-ნაკლებად” ნიშნავს, რომ ზოგი – მეტად და ზოგიც – ნაკლებად), მაგრამ ახალი პოეზიის, ახალი პოეტური ენის შექმნის პროცესში პირველ რიგში სწორედ ეს ხაზია გასათვალისწინებელი და მერე მეტ-ნაკლებად და შეძლებისდაგვარად – ყველა დანარჩენი.
    მე დარწმუნებუილი ვარ, რომ დათო ბარბაქაძე, შოთა იათაშვილი და დათო ჩიხლაძე კარგად იცნობენ ტრადიციას, ყოველ შემთხვევაში – ზუსტად იმ დოზით, რომ წმინდა ეთიკური თვალსაზრისით უფლება ჰქონდეთ, იმუშაონ ამ ტრადიციის რადიკალურ ცვლილებაზე. სამწუხაროდ, მე ახლაც ვერ ვახერხებ მოგიყვანო კონკრეტული ციტატები, განსაკუთრებით მათი პუბლიცისტური და კრიტიკული სტატიებიდან, სადაც კარგად ჩანს ეს ცოდნა (განათლება). ჩემი წიგნების ყუთებიდან ამოლაგება შეუძლებელია. თუმცა, წინა წერილში მოგწერე ერთი მაგალითი – დათო ბარბაქაძის – “ქება ცაცხვისა”. მაინტერესებს ამ ნაწარმოებზე რას ფიქრობ?
    რაც შეეხება რატი ამაღლობელს, რომლის პოეზიას სტატიაში დადებით შეფასებას აძლევ, მის შესახებ აზრის გამოთქმისას ყოველთვის რადიკალური ვარ. ვფიქრობ, ეს არის “რუსთავი 2”-ის მიერ შეთხზული ავტორი, რომლის სახელიც, ჩემი აზრით, თანამედროვე მედიასივრციდან ქართული ლიტერატურის ისტორიაში ვერ გადაინაცვლებს. ამაღლობელის ლექსის ის ნიმუში, რომელსაც შენ სტატიაში ასახელებ, მართლაც საინტერესოა თეიმურაზ II-ის პოეზიასთან კავშირის თვალსაზრისით, მაგრამ მე მას მაინც ვერ აღვიქვამ როგორც განსაკუთრებულ შედევრს და ვერც მისი დაწერის მიზანი მესმის კარგად. ვერ ვიგებ – რა სათქმელი აქვს პოეტს, გარდა იმისა, რომ თეიმურაზ I წაუკითხავს და ამ კლიშეებით თამაში შეუძლია. ეს ხომ ცირკია და არა პოეზია. რეზო გეთიაშვილის შემთხვევა სწორედაც საპირისპიროა – აქ საქმე გვაქვს პოეტთან, რომელიც ახალი ფორმებით და ძველის ციტირებით კი არ მატრაკვეცობს, არამედ თავის ახალ სათქმელს ამბობს.
    შოთა ჩანტლაძის გამოცდილებას რაც შეეხება, მართლაც მნიშვნელოვანი სახელია 90-იანელების შემოქმედებასთან მიმართებაში. ამ მხრივ საინტერესოა შოთა იათაშვილის ერთგვარად მანიფესტური განწყობის ლექსი – “მეოცე საუკუნის დასასრულის პოეტი ცარიელი ბოთლებით ხელში”, რომელიც მე ბოლო ოცწლეულის საუკეთესო ლექსების სამეულში შემყავს (“ქება ცაცხვისა”-ზე უკვე მოგწერე, მესამე – ეს არის ზვიად რატიანის “მამები” – სამოქალაქო პოეზიის შესანიშნავი ნიმუში). გეცოდინება – არსებობს შოთა ჩანტლაძის ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტო, სადაც იგი გამოსახულია ცარიელბოთლებიანი ბადურით ხელში და სწორედ ეს ხატია გადატანილი (გაცოცხლებული) იათაშვილის ლექსში.
    რაკი 90-იანელების წინამორბედებზე ვსაუბრობთ, შოთა ჩანტლაძის გარდა თამაზ ბაძაღუას დასახელებაც შეიძლება – როგორც მისი საავტორო ლექსების გათვალისწინებით, ისე თარგმანებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით – რილკეს თარგმანებიდან. ჩემი აზრით, ეს 80-იანელი პოეტი ასევე არის 90-იანელების წინამორბედი თავისი ლექსწერით და ენით. შეგიძლია, ეს ენა შეადარო დათო ბარბაქაძის პირველი კრებულის (“მივუსამძიმროთ შემოდგომას”) ენას, სადაც ჩემი აზრით, რილკეს ბაძაღუასეული თარგმანების სურნელი იგრძნობა. დათო ბარბაქაძე ანოტაციაში აღნიშნავს, რომ მისი ლექსები რილკეს და ჰოლდერლინის პოეზიით არის ნასაზრდოები. მიუხედავად იმისა, რომ დათომ გერმანული მშვენივრად იცის, ვფიქრობ, მისთვის იმ პერიოდში ბაძაღუასეული რილკეც ახლობელი იყო.
    არანაკლებ საინტერესოა კარლო კაჭარავას პოეტური შემოქმედება, რომელიც არა მარტო დათო ჩიხლაძის მეგობარია, არამედ ერთგვარად მისი წინამორბედიც.
    ასე რომ, 90-იანი წლების ქართული პოეზიის ტრადიციაში კარლო კაჭარავას წინ შოთა ჩანტლაძე და თამაზ ბაძაღუაა. ამ პოეტების წინ კი, როგორ ფიქრობ, ფეშანგი და თეიმურაზ I შეიძლება დავასახელოთ? მე ვფიქრობ, რომ – არა, რადგანაც აქ საქმე გვაქვს სრულიად ახალ პოეზიასთან – თავისი ენითა და თემატიკით. წინა წერილში უკვე გწერდი ურბანისტულ პოეზიაზე. ჩემი აზრით, შეუძლებელია, ამ პოეზიას, ამ ენას, მით უფრო – თემატიკას და სათქმელს რაიმე ბმული ჰქონდეს მე-14, მე-17 საუკუნეებთან. მიუხედავად იმისა, რომ შოთა ჩანტლაძეც კარგად ნაკითხი კაცი იყო და მჯერა, ეს პოეტები მისთვის უცხო არ იქნებოდნენ.
    მოკლედ, მე ვრჩები ჩემს სუბიექტურ-კრიტიკულ პოზიციაზე და დარწმუნებული ვარ, დათო ბარბაქაძეც და დათო ჩიხლაძეც კარგი პოეტები არიან J პოლემიკაც, ალბათ, გაგრძელდება და ვაი, რომ არა მარტო ჩვენს მეილებში J გული მიგრძნობს, შენი სტატია დიდ აურზაურს გამოიწვევს ლიტერატურულ წრეებში. მე ჩემი აზრი რეზოსაც ვუთხარი. რეზომ თქვა, რომ შენ შენი საქმის პროფესიონალი ხარ და სრულ თავისუფლებას გაძლევს. ამაში ბოლომდე ვეთანხმები. შენს სტატიას მეც ვუგულშემატკივრებ, როგორც მოვლენას ქართული კრიტიკის ისტორიაში. თუმცა, ეს ყველაფერი დიდი პასუხისმგებლობაა და ამ მხრივ, წარმატებებს გისურვებ.
    პოლემიკის მიღმა მეგობრები ვართ! J

    ზაზა შათირიშვილი: ჩემო ალეკო, მე მგონი, უკეთესი პოლემიკა საჯარო სივრცეშიც კი ვერ გაიმართება!
    ახლა – კონცეპტუალურად.
    მოდი, ჯერ XVII-XVIII საუკუნეების პოეტებს შევეხოთ – საქმე ისაა, რომ მივიწყებული პოეტების “გაცოცხლება” ძალიან მნიშვნელოვანია სალიტერატურო ენისათვის. გურამიშვილი რეალურად ქართულ პოეზიაში XIX საუკუნის 60-70-იან წლებში შემოვიდა… ბესიკი ცისფერყანწელებმა და რობაქიძემ გააცოცხლეს. თეიმურაზ I, ჩემი აზრით, შესანიშნავი პოეტია, მის პოეზიაში არის ძალიან საინტერესო პოტენციალი…
    ამავე დროს, ძველი პოეტების ათვისება არნახულად ამდიდრებს ენას, ლექსიკას… ბევრი ნეოლოგიზმი, როგორც ცნობილია, დავიწყებული სიტყვების გაცოცხლების შედეგია…
    ხლებნიკოვის ავანგარდიზმი, ცნობილი ფაქტია, XVIII საუკუნეების პოეტური პლასტების ამოწევითაც საზრდოობს. ასე რომ, თუკი ავანგარდისტმა ინგლისელებმა და რუსებმა ასე ჩინებულად იციან თავიანთი არქაიკა, ჩვენ რა – გვაწყენს ჩვენი ძველი პლასტების გახსენება და ამოწევა? არ დაგავიწყდეს, ჯოისი როგორი რუდუნებით ახდენდა “ულისეში” მთელი ინგლისური ენის ისტორიის გახსენება-პაროდირებას (“ჰელიოსის ხარების” ეპიზოდი…).
    მეორეც – ლიტერატურული პროცესი არასდროს მიდის პირდაპირი მემკვიდრეობის გზით. ამაზე სპეციალურად ვწერ ჩემს წიგნში – ვეყრდნობი ვიკტორ შკლოვსკისა და ჰარალდ ბლუმის დაკვირვებებს. როგორც წესი, ახალი თაობა “გვერდითი შტოს” კანონიზებით მოდის და ისე იმკვიდრებს ადგილს. შკლოვსკი ამას ბიძა-ძმისწულის ურთიერთობას ადარებს. ასე მაგალითად, რუსმა სიმბოლისტებმა მოახდინეს ბორატინსკი-ტიუტჩევი-ფეტის “გვერდითი მცირეს შტოს” კანონიზება. მანამდე ეს პოეტები “მეორეხარისხოვან” პოეტებად ითვლებოდნენ. ზუსტად ასევე, ცისფერყანწელებმა ვაჟას კანონიზება მოახდინეს, რომელიც XX საუკუნის 20-იან წლებშიც კი აკაკის “ჩრდილში” იმყოფებოდა.
    ჩვენს პოეზიაში არის კიდევ ერთი ასეთი “გვერდითი შტო”: ტერენტი გრანელი – ნიკო სამადაშვილის ხაზი, რომელსაც დღეს ანდრო ბუაჩიძე აგრძელებს.
    ასე რომ, მხოლოდ ცენტრალური ხაზი საკმარისი არ არის. ცენტრალური ხაზი სინამდვილეში რკალური და ზიგზაგობრივი მოძრაობით იქცა ცენტრალურ ხაზად.
    ახლა, თანამედროვე პოეტების შესახებ. შენს საუბარშიც გამოისახა კიდევ ერთი “გვერდითი მცირე შტო”: ჩანტლაძე – კაჭარავა – ჩიხლაძე, იათაშვილი… ძალიან საყურადღებო აზრია. კარგი იქნებოდა, ამაზე დაგეწერა. ამას დასაბუთება სჭირდება.
    უნდა გითხრა, რომ თავად შენს წერილებში ერთი საგულისხმო მომენტი იკვეთება – როგორც წესი, შენ ამა თუ იმ პოეტის მხოლოდ ერთ-ორ ლექსს ასახელებ. ბარბაქაძე და იათაშვილი თავის დროზე ბევრი მაქვს ნაკითხი. ძალიან ბევრი წყალია, უხვსიტყვაობა, ცარიელი რიტორიკული პერიოდები… ცხადია, როცა წიგნზე მუშაობისას მათზე უფრო აქტიურად შევუდგები წერას, ყველაფერს თავიდან გადავიკითხავ – მინდა, რომ ბევრი მასალა იყოს და არგუმენტაცია… მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა შევნიშნო. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებმა მართლა ბევრი იშრომეს, მათი კონცეპტუალური რეფლექსია და პუბლიცისტიკა ძალიან ჩამოუვარდება მათი ამერიკელი, ევროპელი თუ რუსი კოლეგების რეფლექსიის დონეს, აღარაფერს ვამბობ ესთეტიკურ სხვაობაზე. ჩემი აზრით, ეს განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა: 1. ენების ცუდად (ან არ) ცოდნამ და, შესაბამისად, ევროპული და ამერიკული თეორიებისა თუ ტექსტების ზედაპირულმა ცოდნამ. 2. დაბალმა ფილოსოფიურმა მომზადებამ… 3. კრიტიკისა და ლიტერატურული თეორიის დაბალმა დონემ.
    ის, რაც ბიჭებს დაემართათ, მარტო მათი ბრალი არ არის. ეს, საზოგადოდ, ჩვენი აკადემიური და ლიტერატურული ელიტების დაბალმა დონემაც განაპირობა.
    რეზოს გამოჩენა ამ ფონზე ნამდვილი სასწაულია. ჩემს წიგნში სპეციალურად შევეხები რეგიონის საკითხსაც. 5-6 წლის წინ მე ვივარაუდე, რომ მაგარი პოეტი რეგიონიდან გამოჩნდებოდა, რადგანაც “თბილისელი პოეტების” ენა და სინტაქსი ძალიან მწირი და შეზღუდული მეჩვენებოდა. რეზო ფლობს ქართულ ენას მთელი სიგრძე-სიგანით – არა მარტო “პოეტურ” ენასა და სლენგს, არამედ კიდევ სხვა “სოციოლექტებს”. ამით ის ძალიან ჰგავს აკა მორჩილაძეს. მაგრამ თუ მორჩილაძემ ამას გეგმაზომიერი მუშაობით მიაღწია, რეზოს შემთხვევაში უდიდეს როლს მისი საოცარი ენობრივ-რიტორიკული ალღო ასრულებს.
    ასე რომ, ცალკეული მიღწევების მიუხედავად, მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩიხლაძე-ბარბაქაძე-იათაშვილის წამოწყება მაინც მარცხით დასრულდა… იგივე ითქმის დანარჩენებზე (რატიანი, სამნიაშვილი და ა.შ.). თუ მათზე ახლა წერა გვიწევს, ეს მთლიანად რეზოს დამსახურებაა. რა თქმა უნდა, არც გივის “ქორონიკონი” უნდა დავივიწყოთ.
    კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შესანიშნავი წერილისა და პოლემიკისათვის! აუცილებლად გავაგრძელოთ! ეს პოლემიკა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მეგობრობას!

    ალეკო ცქიტიშვილი: მესმის შენი განზრახვა – სტატიის სათაურიდან გამომდინარე – “არტისტული ყვავილებიდან – ARTყვავილებამდე” მიმოიხილო გასული საუკუნის პოეზიის ძირითადი ტენდენციები, მაგრამ ეს ძალიან დიდი თემაა, განსაკუთრებით კი სწორედ 90-იანი წლები. ამ პერიოდის პოეზია ლიტერატურათმცოდნეთა მიერ სრულიად შეუსწავლელია. ამიტომ სახელებით და გვარებით ამ კონკრეტულ პოეტთა შესახებ მოკლედ საუბარი ასეთი ხასიათის წერილში არ ღირს. აჯობებს, რეზოს წიგნის ბოლოთქმაში მაინც ზოგად ტენდენციებზე გამახვილდეს ყურადღება, კონკრეტული ავტორების შემოქმედების მიმოხილვა კი შენი წიგნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა.
    სხვათაშორის, “მიჯნათაშორის” პოეტებს შორის, თუ სწორად მახსოვს, ლადო ასათიანია გამორჩენილი და ასე მგონია, ლადო ასათიანის პოეზიაც სწორედ ერთ-ერთი “გვერდითი ხაზია”, რასაც მერე და მერე მოჰყვა ეპიგონთა და “გამგრძელებელთა” მთელი ლაშქარი, რომლებმაც ასათიანის პატრიოტული ლირიკა მარაზმამდე მიიყვანეს (ლოგიკურიც იყო! რუსთაველის გამგრძელებლებსაც ხომ ეს დაემართათ). ლადო ასათიანის გავლენა დღეს ფოლკლორშიც კი იგრძნობა.
    “გვერდითი ხაზის” შესახებ გეთანხმები. მე გწერდი კიდეც, რომ არსებობს მთავარი ხაზი, რასაც პრინციპში ტრადიცია ჰქვია და არსებობს სხვა დანარჩენი, რასაც ახალი ავტორი მეტ-ნაკლებად უნდა ითვალისწინებდეს, ზოგს – მეტად, ზოგს ნაკლებად-მეთქი. აქ სწორედ იმას ვგულისხმობდი, რომ ზოგიერთმა ავტორმა, შეხედულებისამებრ, შესაძლოა, თქვას, რომ მისთვის ილია ჭავჭავაძის პოეზია მიუღებელია და მისაღებია, ვთქვათ, გრიგოლ ორბელიანი. სხვათაშორის, ილიას პოეზიის კრიტიკა ლევან ბერძენიშვილს არ დაუწყია. “ცისფერყანწელებიც” დაახლოებით იმავეს ამბობდნენ და ბესიკს, მამია გურიელსა და ალექსანდრე ჭავჭავაძეს ანიჭებდნენ უპირატესობას J
    შოთა ჩანტლაძე, თამაზ ბაძაღუა, ბესიკ ხარანაული და ლია სტურუა – ეს არის ის “ხაზი”, რასაც 90-იანელები აგრძელებენ. ამას ისინი თავიანთ წერილებშიც აღნიშნავენ. თუმცა, ის, რაც ამ “ხაზზეა” დაშენებული, კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ჩანტლაძე-ბაძაღუა-ხარანაული-სტურუა. კარლო კაჭარავა, ალბათ, აქ ბოლო ბმული უნდა იყოს, მაგრამ ჩემი აზრით, კაჭარავა თავისი პოეზიით და მხატვრობით ფაქტობრივად თვითონვე არის 90-იანელი და ნაკლებად 80-იანელი.
    რაც შეეხება “მხოლოდ ერთ-ორ მაგალითს”, რაზეც მსაყვედურობ… მე დაგისახელე ბოლო ოცწლეულის 3 საუკეთესო ლექსი (ჩემი აზრით): 1) დათო ბარბაქაძის “ქება ცაცხვისა”, 2) შოთა იათაშვილის “20 საუკუნის დასასრულის პოეტი ცარიელი ბოთლებით ხელში” 3) ზვიად რატიანის – “მამები”… ეს მაგალითები დამჭირდა კონკრეტული აზრის არგუმენტაციისათვის. ამ ავტორთა წიგნები რომ ხელთ მქონდეს, ახლაც უამრავ მაგალითს მოგწერდი. თუმცა, ზოგადად, როცა შენს წიგნში ამ პერიოდს შეეხები, ჩემი თხოვნა იქნება, აუცილებლად გააანალიზო “ქრონოფაგების” კრებული “ანომალური პოეზია”, დათო ბარბაქაძის პერიოდული გამოცემები: “პოლილოგი”, “+- ლიტერატურა” და თავისთავად მისი წიგნები, ზვიად რატიანის კრებული “ჯიბის ჰაერი”. ეს უკანასკნელი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პოეტური კრებულია, რაც კი ბოლო წლებში ქართულად გამოცემულა.
    რაც შეეხება გივი ალხაზიშვილს, აქამდე მე მიმაჩნდა, რომ ეს ავტორი კლასიკური გაგებით 80-იანელია. მისი უკანასკნელი წიგნი – “ქორონიკონი” არ წამიკითხავს. შენს სტატიაში ამ კრებულის შეფასებამ ძალიან დამაინტრიგა. ამიტომ, ვაპირებ, გულდასმით წავიკითხო. გივი, საერთოდ, ცალკე მოვლენაა ბოლო წლების ქართულ პოეზიაში. მისი შემოქმედება ძირითადად კონვენციური ლექსია. ამავე დროს ეს არის სპეციფიკური, შეიძლება ითქვას – ინტელექტუალური პოეზია. ეს მიმართულება, ჩემი აზრით, სათავეს იღებს ოთარ ჭილაძიდან (აი, კიდევ ერთი ხაზი!) და პრინციპში, თუ არ ჩავთვლით გივი ალხაზიშვილს, ამ ხაზს სხვა არც არავინ აგრძელებს (ეპიგონებს და პლაგიატებს, ცხადია, არ ვგულისხმობ). გივი ალხაზიშვილს სწორედ ამ კონტესქტში ვხედავ. “ქორონიკონიც” რომ გადავათვალიერე, იქაც უფრო მეტად ეს ნაცნობი განწყობები დამეუფლა, მაგრამ ამაზე ახლა აღარ ვილაპარაკებ, რადგან ეს წიგნი ჯერ სერიოზულად უნდა წავიკითხო.
    და კიდევ: რაც წინა წერილებში არ მომიწერია და რაც ყველაზე მთავარია ამა თუ იმ პოეტის ავ-კარგიანობის შესაფასებლად. მურმან ლებანიძის ერთ ლექსს თუ დავუჯერებთ, “გალაკტიონმა ბრძანა” – ნიჭი, ძამიკო, ნიჭიო, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარია სული!.. “და სული, რომელიც შიგა აქვს, სახელურო, ქალაქს”… J ვგულისხმობ როგორც უშუალოდ ლექსის სულს, ასევე ეპოქის სულს. თუკი ლექსში ეს ორი რამ არ არის (ორი სული – ორსული), იგი ადრე თუ გვიან კვდება.
    რატი ამაღლობელზე უკვე გწერდი და მის პოეზიას, მის ლექსებს, ჩემი აზრით, სწორედ სული აკლია. ბევრი საინტერესო და “სახელიანი” პოეტია ასეთი – ტექნიკას კარგად ფლობენ, მათ ლექსებში თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ მთავარი არ არის – ლექსები არ სუნთქავენ – მათ სული არა აქვთ. ზვიად რატიანის ლექსებში, მაგალითად, სწორედ ეს სული იგრძნობა – 90-იანი წლების დახუთული სული (იხ. კრებული “ჯიბის ჰაერი”). ასევე ეს ყველაზე მძაფრად იგრძნობა ზემოთ ნახსენებ კრებულში – “ანომალიური პოეზია”. 90-იანელებს შორის არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ავტორი – ბადრი გუგუშვილი, რომელმაც სამწუხაროდ, თავი მოიკლა. ეს ავტორიც, ჩემი აზრით, აუცილებლად იმსახურებს ადგილს შენს წიგნში. ბადრი გუგუშვილის რელიგიურად დამუხტული და ემოციური პოეზია ზუსტად გადმოსცემს 90-იანი წლების მაჯისცემას: 1) ეროვნული მოძრაობის დამარცხებას 2) სამოქალაქო ომს 3) ე. წ. “მხედრიონის” პერიოდს.
    აი, სწორედ ეს სულია შოთა იათაშვილის, ზვიად რატიანის, დათო ბარბაქაძის, დათო ჩიხლაძის, ზურაბ რთველიაშვილის, გიორგი ბუნდოვანის შემოქმედებაში (ლელა სამნიაშვილი უკვე 21-ე საუკუნეა J). მე დარწმუნებული ვარ, ქართული ლიტერატურის ისტორიაში გასული საუკუნის 90-იანი წლები სწორედ ამ სახელებით შეივსება.
    სხვათაშორის, ახლა დავფიქრდი და მგონი, რეზო გეთიაშვილიც სულაც არ არის 90-იანელი. ხომ პარადოქსია, მაგრამ მე მაინც ასე მგონია. ისიც, ლელა სამნიაშვილის მსგავსად, ასევე 21-ე საუკუნეა – 90-იანი წლების სულის გადალახვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი “ბებერი პოეტების ორდენი” 90-იანი წლების მოვლენაა და ჩვენ – “ბებრები” სწორედ ამ ეპოქის სულის გარშემო ვმუშაობდით, პროდუქტი, რაც ამ მუშაობიდან რეზოს და სრულიად ქართულ ლიტერატურას დარჩა – ეს არის 21-ე საუკუნის ქართული პოეზია.
    აი, ეს არის ჩემი დამატებითი “სუბიექტური” მოსაზრებები…
    დანარჩენი – სხვა დროს!..

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოლემიკა

    სიმონ ჯანაშია

    კოტე ჯანდიერი, ნინო გოგუაძე – იდიოტიზმის ანატომია

    ზოგადი განათლების სისტემის ექს-‘რეფორმატორებს’

    მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შინაარსისა და პათოსის წერილების საპასუხო წერილების წერისთვის იშვიათად ვიცლი ხოლმე, მნიშვნელოვნად ჩავთვალე მეპასუხა, რათა მკითხველს ჰქონდეს საშუალება, კრიტიკულად შეხედოს საქმის ვითარებას და ავტორთა ამბიციას, განათლებისა და კულტურის ფლაგმანებად წარმოგვიდგინონ თავი. მადლობას ვუხდი გაზეთ “24 საათის” ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ გაზეთ “რეზონანსში” ერთხელ უკვე დაბეჭდილ პასუხის წაკითხვის შესაძლებლობას უფრო ფართო აუდიტორიას თავისი გაზეთის საშუალებით აძლევს.

    22 ივლისი, 2008

    სიმონ ჯანაშია, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი



    ეპიზოდი

    სანამ აქ მუშაობას დავიწყებდი, განათლების სამინისტროში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. პირველად ეს 1989 წელს იყო, როდესაც ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, ხოლო ბოლოს სტუმრის სტატუსით 2003-ში. ყველა ჩემი ვიზიტი წარუშლელი შთაბეჭდილებით მთავრდებოდა და ამიტომ ზედმიწევნით მახსოვს მრავალი დეტალი, მაგრამ ამ სტატიის მიზნებისთვის მხოლოდ ორი შემთხვევაა საინტერესო. პროფესიული თვალსაზრისით, განათლების სამინისტროსთან შეხება პირველად 2000 წელს მომიწია. ბატონი გივი ზალდასტანის თაოსნობით, ახალი სკოლის გახსნისთვის მზადება მიმდინარეობდა. დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლაა საქართველოში – ამერიკული აკადემია თბილისში. ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად ვემზადებოდი იმისთვის, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში განათლების სპეციალობით მაგისტრატურის კურსი დამემთავრებინა. სწავლის პერიოდში საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და დასავლეთში მიღებული სწავლების მეთოდების სინთეზის საფუძველზე ახალი სკოლისთვის სასწავლო გეგმა უნდა შემემუშავებინა. დაგეგმილი მქონდა, რომ საქართველოდან წამეღო სასწავლო გეგმა, რომელსაც ჩვენს სკოლებში იყენებდნენ და ამ მოთხოვნაზე დაყრდნობით შემემუშავებინა საგაკვეთილო გეგმები, მომეგროვებინა თვალსაჩინოებები, დამეწერა ტესტები, მომეფიქრებინა საექსკურსიო თემები და სხვ.
    სასწავლო გეგმის საშოვნელად მივედი განათლების სამინისტროში. მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ერთ დიდ, ბნელ და გაურემონტებელ ოთახში წრეზე განლაგებულ მაგიდებთან მსხდომი ათამდე ქურთუკმოსხმული ადამიანის რეაქციამ ჩემს მორიდებულ კითხვაზე – “ხომ არ გაქვთ სასწავლო გეგმა, რომლითაც სკოლებში ისწავლება?”. ათივე ძალიან დაიბნა, ერთმანეთს გადახედა და შეეცადა იგნორირება გაეკეთებინა ჩემი კითხვისთვის. ზოგიერთმა უცებ ძველი ჟურნალი გადაშალა, ზოგი ფანჯარასთან მივიდა. ერთერთმა, რომელსაც თავისი უხერხულობა თანამდებობამ დააძლევინა მოკლედ, მაგრამ მეგობრულად მომიჭრა: “იცით ჩვენ ერთი ეგზემპლარი გვქონდა, სკოლებში გავაგზავნეთ და რომ დაგვიბრუნდება აუცილებლად მოგცემთ. გამოგვიარეთ მოგვიანებით”. სხვებმაც მეგობრულად თავი დამიქნიეს. თანამდებობა რომ ჰქონდა, მას მხოლოდ მდიდრულ ტყავის ქურთუკზე ეტყობოდა, თორემ ოთახში იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ხელმძღვანელის სტატუსის სიმბოლოები: გამორთული კომპიუტერი და ტყავის სკამიც კი არ იდგა. იმ წუთას ვერ გავაცნობიერე, მაგრამ მოგვიანებით, უკვე პედაგოგიკის ინსტიტუტში შევიტყვე, რომ დამტკიცებული სასწავლო გეგმა, რომლითაც იქნებოდა განსაზღვრული საქართველოში რა, როდის, როგორ და რატომ ისწავლება, უბრალოდ არ არსებობდა. არსებობდა მხოლოდ საგნების ჩამონათვალი, საათების მითითებით.
    ნახევარი წლის შემდეგ, უკვე სწავლისას, გავიგე, რომ საქართველოში განათლების რეფორმა იწყებოდა. საუბარი იყო, როგორც სისტემის მართვის ძირეულ გაჯანსაღებაზე, ისე განათლების შინაარსისა და სწავლების მეთოდების გათანამედროვეობაზე. მესმოდა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მსოფლიო ბანკისგან სამოც მილიონიან კრედიტს იღებდა, ახალი სწავლების პრინციპების დასანერგად მოწვეული ჰყავდა საქართველოში არსებული ინტელექტუალური ელიტა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის კონსულტანტები ეხმარებოდნენ ქართველებს მართვის ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებაში და სხვა. მიხაროდა და იმედი მქონდა, რომ მსგავს პასუხს, რაც მანამდე მივიღე არავინ აღარასოდეს მიიღებდა. გამიხარდა ისიც, როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ (2002-2003 წ.), მიმიწვიეს ექსპერტად მსოფლიოს ისტორიის სახელმძღვანელოების შესაფასებლად. პროფესიონალურად იყო შედგენილი კითხვარები, რომლითაც ხდებოდა შეფასება. ჩაგვიტარეს სემინარი სახელმძღვანელოების დიზაინისა და შინაარსის ორგანიზების შესახებ. ექსპერტების ჯგუფის თითოეული წევრი ინდივიდუალურად ვაფასებდით სახელმძღვანელოებს. შემდეგ ქულები შეიკრიბა და აღმოჩნდა, რომ ცხრა წიგნიდან რვამ არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიიღო. ამ პროცესისას ისევ მომიწია განათლების სამინისტროში მისვლა. აქ უკვე არსებობდა რეფორმის ჯგუფი, რომელიც დამხვდა გარემონტებული, დასავლური ტიპის “ოფისში”. თანამედროვე მეტყველებისა და გამომეტყველების ადამიანები, კომპიუტერები, ახალი ავეჯი – ყველაფერი იმედის მომცემად გამოიყურებოდა. ერთ ოთახში თითქოს უკვე აღარ იჯდა ათი ადამიანი.
    2004 წელს, უკვე მას შემდეგ, რაც ვარდების რევოლუციის შედეგად საქართველოში ხელისუფლებაც და ქვეყნის განვითარების კურსი შეიცვალა, განათლების რეფორმის პროექტის სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების შემუშავების ჯგუფში დავიწყე მუშაობა. მუშაობის დაწყებისთანავე აღმოჩნდა, რომ ჩემი შთაბეჭდილებები იმის შესახებ, რომ საქართველოში 2000-2004 წლებში განათლების რეფორმა მიმდინარეობდა, მხოლოდ ილუზია იყო. აღმოჩნდა, რომ ერთ ოთახში ათი ადამიანი კი არა, უკვე 40 მუშაობდა. უბრალოდ, მათ არ მოეთხოვებოდათ სამსახურში სიარული. ასევე აღმოჩნდა, რომ რეფორმის ჯგუფს კი ჰქონდა რამდენიმე კომპიუტერი, მაგრამ, მაგალითად, განათლების სამინისტროს 400 თანამშრომელს მხოლოდ 20 თანამედროვე კომპიუტერი ჰქონდა. სამინისტროს ახლადგარემონტებულ ოთახებში, ელექტროღუმელებზე 50-ლარიანი ხელფასის მქონე სპეციალისტები ლობიოს ხარშავდნენ (ეს არ არის ხუმრობა – ჩემი თვალით ნანახი რეალობაა). აღმოჩნდა ისიც, რომ 2000 წელს დაწყებული რეფორმის ოთხი წლის თავზე ჯერ კიდევ არ არსებობდა საქართველოში სასწავლო გეგმა (აღარაფერი რომ არ ვთქვათ კანონპროექტებზე, რომლებსაც უნდა შეექმნა საფუძველი ახალი სისტემისთვის). არ არსებობდა არცერთი კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელიც საჯაროდ იქნებოდა განხილული, რომლის შექმნის მონაწილეები მასწავლებლები იყვნენ და სხვა. ასევე გამაოგნებელი იყო ის, რომ სახელმძღვანელოების შემმუშავებელი ჯგუფის წინა ხელმძღვანელის კაბინეტში (სადაც ახლა მე ვმუშაობ) არ იყო არცერთი წიგნი, რომელიც განათლების პრინციპებს ეხებოდა. სამაგიეროდ, იყო უამრავი კინოს სცენარი და სახელმძღვანელოების ნიმუშების მცირე ნაწილი. რთული იყო იმის დაჯერება, რომ ამ სახელმძღვანელოებს შორის იყო ის სახელმძღვანელოებიც, რომლებიც ჩემი და სხვა ექსპერტების შეფასების საფუძველზე თითქოს დაწუნებული იყო. დაუჯერებელი იყო, როდესაც ამ სახელმძღვანელოებში ამოვიკითხე “დამტკიცებულია განათლების სამინისტროს მიერ”. შემდგომში სხვა მრავალი დაუჯერებელი ამბავი გავიგე – მაგრამ ამას ქვემოთ მოგითხრობთ.
    სწორედ ამ სასწავლო გეგმების ჯგუფს ხელმძღვანელობდა სტატიის ავტორი ქალბატონი ნინო გოგუაძე, ხოლო მისი თანაავტორი ბატონი კოტე ჯანდიერი სახელმძღვანელოების ჯგუფს კურირებდა. ეს ადამიანები საკუთარი მოღვაწეობისას მეტნაკლები წარმატებით ქმნიდნენ ილუზიას, რომ საქართველოში განათლების რეფორმა მიმდინარეობს, ინტელექტუალურ მხარდაჭერას უწევდნენ სამინისტროს კორუფციული სქმების შექმნასა და განხორციელებაში. ცოტასთვის იქნება უცნაური იმის აღმოჩენა, რომ ისინი უკმაყოფილოები არიან იმით, რაც დღეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარეობს.
    გადავხედოთ მათ სტატიას “იდიოტიზმის ანატომია” (ნ. გოგუაძე, კ. ჯანდიერი, გაზეთი “რეზონანსი”, 12.07.08, გვ. 10-11). თუ ამ სტატიას გამოვაკლებთ ლანძღვის ნაწილს, დავაკვირდებით არგუმენტებს და განვიხილავთ კონტექსტს, ნათელი გახდება, რომ ავტორების მთავარი მიზანია, დაარწმუნონ მკითხველი, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი ცენტრები დაკომპლექტებულია არაკომპეტენტური ადამიანებით, რომლებსაც არ აქვთ სათანადო განათლება, გამოცდილება, რომლებმაც არ იციან თავიანთი საქმე და, რაც მთავარია, რომლებსაც არ შეუძლიათ აზროვნება. მიზნის კეთილშობილება ალბათ ცალკე განსჯის საგანი უნდა იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად მეთოდების მთელი არსენალია გამოყენებული. გარდა სიმართლის თქმისა, შეგვიძლია განვიხილოთ ისეთი პრინციპები, როგორიცაა შეგნებული დამახინჯება, ჰიპერბოლიზაცია, არარსებული წყაროების განხილვა, წყაროებში იმის განხილვა, რაც იქ არ გვხვდება, ტყუილი ან მარტივი ლოგიკური კონსტრუქციების ვერდაძლევა და სხვა. სტატიის ავტორები ცდილობენ, რომ შემოფარგლონ საკუთარი მსჯელობის არეალი რეფორმატორთა აზროვნების სიმდაბლით, რომელიც ენების მათი ახალი კლასიფიკაცით ე.წ. “პროექტების ენაშია” გამოხატული, მაგრამ უჭირთ. ზედმეტი სიბრაზისა თუ არგუმენტების ნაკლებობისგან ისინი ყოველგვარი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გადადიან ხან დაფინანსების სისტემის განხილვაზე, ხან გამოცდების სისტემის, ხან საუნივერსიტეტო რეფორმაზე, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების რეფორმის შეფასებაზე და ა.შ. სტატიის შეფასება, მისი სტრუქტურის თვალსაზრისით, ქართული ენისა და ლიტერატურის მოსწავლეებისთვის მიგვინდია, რომლებიც უკვე დაწყებითი სკოლიდან სწავლობენ, თუ როგორ ჩამოაყალიბონ აზრი თანმიმდევრულად. განვიხილავ მხოლოდ იმ ნაწილს, სადაც ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კრიტიკის გამალებული მცდელობაა.

    მთავარი დებულებები
    ავტორები გვამცნობენ, რომ ენა აზროვნების საფუძველია. აზროვნება დედაენის სრულყოფილ ცოდნაზეა დამოკიდებული. ბუნდოვნად გამოთქმული აზრი აზრი არ არის. რეფორმატორებმა არ იციან ქართული. რეფორმატორები ებრძვიან ქართულს. რეფორმატორებს არ შეუძლიათ აზრის სწორად გადმოცემა და იგონებენ ახალ ენას – “პროექტების ენას”, რომლითაც მალავენ საკუთარ გაუნათლებლობას. ეს, ავტორების მტკიცებით, ბანალურ ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული დასკვნებია.
    სტატიიდან ჩანს, რომ ავტორებს არა მხოლოდ ენის, არამედ ენის საშუალებით შემეცნების ფილოსოფიურ თუ პრაქტიკულ საკითხებში გარკვევა უჭირთ. ეს თვალსაჩინოა, როდესაც ავტორები მსჯელობენ, რომ მთავარია აზრი ენობრივად და ლოგიკურად გამართულად და სალიტერატურო ქართულით იყოს გადმოცემული და ის უკვე ჭეშმარიტია. ავტორები საჭიროდ არ მიიჩნევენ იფიქრონ იმისთვის, რომ აზრი გადმოსცენ. ფიქრისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენისა და ლოგიკური კონსტრუქციების ცოდნა, არამედ საკითხისაც, რაც, რა თქმა უნდა, ენის ცოდნაზე უფრო რთულია. სოფიზმის ასეთი მარტივი გაგება კარგად ჩანს ავტორების მიერ მოყვანილი არგუმენტების გადამოწმებისას. მაგალითად, ავტორებმა არ იციან, ან ვერ იყენებენ ცოდნას იმის შესახებ, რომ, როდესაც რომელიმე ნაშრომის ციტირებას ახდენ, აუცილებელია მისი ატრიბუტები დაასახელო (ავტორი, გამოცემის წელი და ა.შ.). ეს პროცედურული ცოდნაა, რაც მათ, ეტყობა, მნიშვნელოვნად არ მიაჩნიათ და ამის გამო სტატიაში ვკითხულობთ ციტირების ახალ ფორმებს, როგორებიცაა “ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სასწავლო გეგმა”, “მეათე კლასის ქიმიის სახელმძღვანელო” და ა.შ. ციტირების ასეთი ფორმა, გარდა იმისა, რომ მსჯელობისას აუდიტორიის წინაშე პასუხისმგებლობის დაბალ ხარისხზე მიუთითებს, გვაჩვენებს, რომ ავტორებისთვის უცნობია ის სფერო, რომლის შესახებაც ისინი მსჯელობენ. როდესაც ციტირებისას ამბობ, რომ მეათე კლასის ქიმიის სახელმძღვანელოს ასმეერთე გვერდზე, ან ბიოლოგიის მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოს მეათე გვერზე რაღაც წერია, ის მაინც ხომ უნდა იცოდე, რომ მეათე კლასში ორი ქიმიის, ხოლო მეშვიდე კლასში ბიოლოგიის ექვსი სხვადასხვა სახელმძღვანელო გამოიყენება.
    თუმცა ზერელე ციტირება “სასარგებლოა” არაკეთილსინდისიერი ავტორისთვის, რადგან ასე შესაძლებელია ტყუილიც შეაპარო მკითხველს. მაგალითად, ჩვენი ავტორები ცრუობენ მაშინ, როდესაც ამბობენ, რომ ბუნებისმეტყველების ტრიმესტრულ სწავლებას სასწავლო გეგმაში ინტეგრირებული ეწოდება. აი, რა წერია ეროვნულ სასწავლო გეგმაში (ეროვნული სასწავლო გეგმა, 2007 წელი. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი. გვ. 23):
    “საბუნებისმეტყველო საგნების (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგიის) სწავლა სავალდებულოა VII-X კლასებში. VII-X კლასებში სკოლა ირჩევს ორი შესაძლებლობიდან ერთს:
    ა) თითოეული საბუნებისმეტყველო საგანი თითო ტრიმესტრის განმავლობაში ისწავლება (მაგრამ არა ერთდროულად. მაგ. მეშვიდე კლასში შეიძლება ისწავლებოდეს: I მესამედი ქიმია, II მესამედი ფიზიკა, III მესამედი ბიოლოგია).
    ბ) საბუნებისმეტყველო საგნები ისწავლება ინტეგრირებული კურსით სამივე ერთად – ერთ საგნად.”
    აი, როგორ აწოდებენ ავტორები თავის სტატიის მკითხველს ამ დებულებებს: “სასწავლო წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ისწავლება მხოლოდ ერთი საბუნებისმეტყველო საგანი, ვთქვათ, ბიოლოგია; მეორე სამი თვის განმავლობაში – მხოლოდ ფიზიკა, ხოლო მესამე ტრიმესტრში კი – მხოლოდ ქიმია. ყოველივე ამას, რატომღაც, საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირებულ სწავლებად ასაღებენ.” იბადება კითხვა, ავტორები მარტივ ლოგიკურ კონსტრუქციას ვერ ართმევენ თავს, სადაც წერია ორი შესაძლო ვარიანტი ტრიმესტრული ან ინტეგრირებული სწავლების შესახებ, თუ გამიზნულად ამახინჯებენ წყაროს? იქნებ მათი პრობლემა ეთიკის სფეროს სცილდება და საქმე უფრო მარტივადაა. იქნებ პრობლემა ისაა, რომ ავტორებს დაკვირვებით კითხვა უჭირთ?
    სტატიაში ხშირად საქმე რეალობის დამახინჯებასთან გვაქვს. მაგალითად, ის სისტემა, რომელიც ამ ადამიანების სამინისტროში მოღვაწეობის დროს არსებობდა, გულისხმობდა მეათე კლასში 18 სხვადასხვა საგნის სწავლებას. წარმოიდგინეთ, რომ ამის გათვალისწინებით, ავტორები ბრალს გვდებენ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის შემოღების შემდეგ, თურმე, საგანთაშორისი კავშირების დარღვევა ხდება. არაფერი რომ არ ვთქვა იმის შესახებ, რომ ინტეგრირება მოხდა ისეთი საგნების, როგორიც იყო ალგებრა და გეომეტრია, ენა და ლიტერატურა, საზოგადოებრივი მეცნიერებების გარკვეულ კლასებში და სხვა, მარტო ის, რომ სასწავლო გეგმა საერთოდ არ არსებობდა, იყო მთავარი გარანტია იმის, რომ არც არანაირი საგნობრივი კავშირები არსებობდა. საბუნებისმეტყველო საგნებში ხშირად მოეთხოვებოდათ მათემატიკური აპარატის ცოდნა, რომელიც ჯერ არ ჰქონდათ ნასწავლი. ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის გარდა, არსად არ ასწავლიდნენ ფორმალური ხასიათისა და შინაარსის ტექსტების წერას (მაგ. კვლევის ანგარიში, მოხსენება და ა.შ.). ჩვენს მიერ შექმნილი სასწავლო გეგმა ზოგადად, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნების ფარგლებში ყველაზე მეტად, გულისხმობს მჭიდრო საგნობრივ კავშირს, როგორც თემატურ, ისე უნარების სიბრტყეში. საუკეთესოა მაგალითია ის, რომ სამივე საბუნებისმეტყველო საგანში ისწავლება კვლევის მეცნიერული მეთოდი, რაც არ იყო მოთხოვნილი არც ჩვენი ავტორების მოღვაწეობისას და არც მანამდე.
    აზრის ბუნდოვანებაზე მსჯელობისას ავტორებს ვეთანხმები, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში არის შეცდომები, რაც ზოგჯერ ძნელად გასაგებს ხდის მის შინაარსს. ასევე ვეთანხმები ავტორებს იმაში, რომ შეცდომები გვხვდება სახელმძღვანელოებშიც. მთავარი ეს არ არის, რადგან, თუ არსებობს კეთილგანწყობილი კრიტიკა, ამ შეცდომების მითითების შემთხვევაში, ისინი სწორდება. მას შემდეგ, რაც 2004 წლის დეკემბერში ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტი გამოქვეყნდა, ასობით ასეთი რეკომენდაცია მივიღეთ და გავითვალისწინეთ. სტატიის ავტორებისგან კი არ მახსოვს არცერთი წერილი. ეჭვი მაქვს, რომ ისინი არც კითხულობენ ზედმიწევნით იმ დოკუმენტებს, რომელზეც მსჯელობენ, რადგან შეამჩნევდნენ ერთ უხერხულობას, რომ, მაგალითად, სტატიის ავტორი ქ-ნი ნინო გოგუაძე ამ სასწავლო გეგმის ავტორების ჩამონათვალში წერია. იმის გამო, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე (ანუ, როგორც მაშინ უწოდებნენ – კურიკულუმზე) სწორედ მის დროს დაიწყო მუშაობა და მნიშვნელოვნად ჩავთვალე, რომ მისი მონაწილეობა აღნიშნული ყოფილიყო, მიუხედავად მისი წარუმატებლობისა. გაუგებარია, სასწავლო გეგმა მას თუ წაკითხული აქვს, როგორ შეიძლება საკუთარ თავი იმ ეპითეტებით შეემკო, რაც სტატიაში გვხვდება?! ან თუ თანაავტორობა არ სურს, რა უშლიდა ხელს ეს ჩვენთვის შეეტყობინებინა? პასუხი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს – რომ პრობლემა გვაქვს დაკვირვებით კითხვასთან და ზოგადად დაკვირვებასთან.
    ის, რომ ავტორებს პრობლემა აქვთ დაკვირვების სურვილსა და უნართან, კარგად ჩანს იმაში, რომ ამჩნევენ დეტალებს, მაგრამ ვერ ამჩნევენ მთავარს. მაგალითად, ამჩნევენ იმას, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მეთექვსმეტე გვერდზე მათთვის გაუგებარი ფრაზა წერია (სხვათა შორის საინტერესო ისაა, რომ მათთვის გაუგებარია მრავალი ისეთი რამ, რაც საქართველოს მასწავლებლების უმრავლესობისთვის ცხადზე-ცხადია), მაგრამ ვერ ამჩნევენ იმას, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა არსებობს. ვერ ამჩნევენ იმას, რომ, რაც თვითონ ვერ შეძლეს ოთხი წლის განმავლობაში, ის ერთი წლის მანძილზე – 2004 წელს გაკეთდა. მათ მიერ შექმნილ სასწავლო გეგმაში შეცდომებს ვერავინ ვერ იპოვიდა მარტივი მიზეზის გამო – ის უბრალოდ არ არსებობდა. ვერც მათ კანონპროექტებში მოძებნის ადამიანი შეცდომას. რეფორმის პროცესში მრავალწლიანი მოღვაწეობისას საკანონმდებლო ცვლილებებზე სერიოზულად მუშაობას ისინი საჭიროდ არ მიიჩნევდნენ. ასევე არ თვლიდნენ საჭიროდ, რომ ისე, როგორც ჩვენ გავაკეთეთ, მასწავლებლები ჩაერთოთ დოკუმენტების შემუშავებაში. ანდა როგორ უნდა ჩაერთოთ, როდესაც მასწავლებლებს მაშინ ცამეტი თვის ხელფასი არ ჰქონდათ მიღებული? ასევე ვერ ამჩნევენ იმას, რომ ბოლო სამ წელიწადში 200-ზე მეტი ახალი სახელმძღვანელო დაიწერა, მაგრამ ამჩნევენ ამ სახელმძღვანელოებში არსებულ უმნიშვნელო შეცდომებს. ვერც იმ უხერხულობას ამჩნევენ, რომ მათ დროს დამტკიცებული სახელმძღვანელოები, არათუ უზადო, ხშირად აბსოლუტურად უვარგისი იყო. მაგრამ თურმე დღევანდელ სახელმძღვანელოში არსებული შეცდომა რეფორმატორების აზროვნების დონეზე მეტყველებს, მაგრამ მათ დროს დამტკიცებულების შეცდომები იმავე საზომით მათზე არ ვრცელდებოდა. ვერც იმას ამჩნევენ, რომ გამომცემლობებს სამინისტროში ფული, ისე როგორც მათ დროს იყო, აღარ მიაქვთ, და არც ის, რომ სამინისტროს თანამშრომლების ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელოები აღარ მტკიცდება. ვერც იმას ამჩნევენ, რომ გამომცემლობები რეალურ ინვესტიციებს დებენ სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაში იმიტომ, რომ მათი წიგნების გაყიდვის გარანტია აღარ არის ზარი სამინისტროდან, რომელიც სკოლებს “ურჩევდა” ხოლმე, რომელი წიგნი “აერჩიათ”. აღარც უნივერსიტეტების რექტორების მიერ დაწერილი წიგნები ხდება უალტერნატივოდ დამტკიცებული სახელმძღვანელოები და სახელმძღვანელოების დამტკიცების კრიტერიუმი აღარ არის ნათესაობა, ახლობლობა და გავლენა სახელმწიფო ეშელონებში. ვერც იმას ამჩნევენ ჩვენი სტატიის ავტორები, რომ, მათი და მათი მეგობრების მუშაობის პერიოდისგან განსხვავებით, ახლობლების შვილები დაუმსახურებლად აღარ აყავთ სამსახურში. აღარ არის უფასო ექსკურსიები ჩილეში და საკუთარი შვილების ავიაბილეთებსაც აღარ აფინანსებს სახელმწიფოს მიერ აღებული კრედიტი. ავტორებს ყოფნით სითამამე და თანაც ფიქრობენ, რომ, რადგან მათი მოღვაწეობა არ ყოფილა შეფასებული, უფლება აქვთ, ბრალი დაგვდონ კორუფციული სქემების შექმნაში.
    დეტალებზე მსჯელობა და მთავარის მიჩქმალვა საუკეთესო ხერხია საკუთარი დილეტანტიზმის დასაფარად. ამ ხერხის დემონსტრირება არაერთხელ მინახავს ამ სამსახურში მუშაობისას. მაგალითად, ჯგუფს სთავაზობ, რომ განიხილონ კანონპროექტი ან კონცეფცია. ამ დროს ხშირია, რომ მათი ყველაზე ამბიციური და აქტიური წევრები ცდილობენ, რომ განხილვის მთელი პროცესისას პუნქტუაციის ნორმებზე იმსჯელონ და არა დოკუმენტის არსზე. ჩვენი ავტორებისგან განსხვავებით, ეს არ დამართნიათ ზოგადი განათლების რეფორმის დასავლელ შემფასებლებს. ადამიანები, რომლებიც განათლების სფეროში მსოფლიოში უცილობელ ავტორიტეტებად არიან მიჩნეულები, რომელთა წიგნები განათლების შესახებ ასიათასობით ტირაჟით გამოდის სხვადასხვა ენაზე, რომელთა რჩევებს ითვალისწინებენ მრავალი ქვეყნის მთავრობები, განათლების რეფორმას საქართველოში უპრეცედენტოდ წარმატებულად მიიჩნევენ – იმიტომ, რომ ისინი ეცნობიან სისტემას, უყურებენ ცვლილებებს ერთიან და თანამედროვე საგანმანათლებლო პრინციპების კონტექსტში და არა ისე, როგორც ამას ჩვენს მიერ განხილული სტატიის ავტორები გვთავაზობენ – რომ რეფორმის არსი შეფასდეს ისეთი დეტალით, რომლის მიხედვითაც ერთერთ დოკუმენტში უნდა ეწეროს “საგნის ერთი მასწავლებელი”, “ერთი საგნის მასწავლებელის” ნაცვლად. საქართველოში მოქმედი მასწავლებლებიც ასევე მთლიანობაში უყურებენ ამ რეფორმას და არა ერთი აბზაცის პრიზმიდან და სწორედ ამიტომ უჭერენ ისინი მხარს ძირითად კურსსა და ცვლილებებს, მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ კრიტიკულად არიან ისინი განწყობილი რომელიმე ცალკე აღებული პრინციპისადმი.

    დეტალები
    იმისთვის, რომ მკითხველს შეუქმნან წინასწარი განწყობა, თითქოს, სტატია ამხელს უვიც და უგუნურ ადამიანებს, ავტორები არა მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალკეული ფრაზებით ცდილობენ ფონს გასვლას. წინასწარვე, სტატიის შესავალში ისინი ცდილობენ, დაარწმუნონ მკითხველი, რომ მათ მიერ სერიოზულად განიხილება დოკუმენტები, რომლებიც შექმნილია იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც არ აქვთ სათანადო განათლება იმისთვის, რომ ასეთი დოკუმენტები შექმნან. ავტორები ცდილობენ წარმოაჩინონ ეს ადამიანები, როგორც უმაღლესი განათლების არმქონენი, რომლებსაც მოკლევადიანი “თრენინგების” გავლის შემდეგ სერტიფიკატები აქვთ დაგროვილი და, რომლებსაც დასავლეთში სპეციალისტებადაც კი არ თვლიან. ავტორებს აინტერესებთ, საერთოდ თუ აქვს რომელიმეს “თუნდაც მაგისტრის ხარისხიც” კი. ცნობისთვის, მინდა სიამაყით ვთქვა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თავის დაქვემდებარებული სტრუქტურებით, მისი ძირითადი ბირთვის ძალიან მაღალი კვალიფიკაციით მეტოქეობას გაუწევს არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ნებისმიერ შესაბამის სამინისტროებს. გარდა საქართველოში მიღებული განათლების მქონე, მაღალკვალიფიცირებული ადამიანებისა, აქ სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე მუშაობს რვა ჰარვარდის განათლების სკოლის მაგისტრის ხარისხის მფლობელი, სამი კოლუმბიის უნივერსიტეტის ხარისხის მფლობელი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის არაერთი მაგისტრის ხარისხის მფლობელი, ომაჰას უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი, ედინბურგის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი, ვანდერბილდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი, სიმონსის კოლეჯის მაგისტრის ხარისხის მფლობელი და სხვა. ჩამოთვლილთაგან აბსოლუტურ უმრავლესობას მაგისტრატურის კურსი სწორედ განათლების, განათლების მართვის, პოლიტიკის და ადმინისტრირების კუთხით აქვს გავლილი. ასევე მრავალი მათგანი ფლობს მაგისტრის ხარისხს განათლებაში სწავლისა და სწავლების კუთხით, ფსიქოლოგის ან სოციალური მუშაკის მიმართულებით. დღევანდელი სამინისტრო ძალიან განსხვავდება იმ სამინისტროსგან, რომელსაც სტატიის ავტორები “შიგნიდან” იცნობდნენ, სადაც მართლაც ჰარვარდში ერთთვიანი კურსგავლილი ადამიანები ჰარვარდის კლუბებს აარსებდნენ და კედლები აჭრელებული ჰქონდათ ტრენინგების სერტიფიკატებით. თავისთავად ამ სერტიფიკატებში ცუდი არაფერია და იმას აჩვენებს, რომ ადამიანს კვალიფიკაციის ამაღლება სურს, მაგრამ დავეთანხმები ავტორებს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს განათლება ჰქონდეთ იმ სფეროში, რომელშიც ისინი მოღვაწეობენ. ჩვენს მიერ განხილულ სტატიის ავტორებს ავიწყდებათ იმის ხსენება, რომ იმ სამინისტროში და იმ რეფორმის ჯგუფში, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ, წამყვან თანამდებობაზე არცერთი ისეთი ადამიანი არ მუშობდა, რომელსაც განათლების სფეროში ხარისხი ჰქონდა, არაფერი რომ ვთქვა იმის შესახებ, თუ რომელი უნივერსიტეტები იყო ამ ხარისხის გამცემი. ამის გარდა, სასწავლო გეგმების შემქმნელების უვიცებად მოხსენიებისას, ავტორებს ავიწყდებათ ისიც, რომ სასწავლო გეგმების შემქმნელების ნახევარი მაინც სწორედ მათ დროს იქნა მიღებული სამსახურში. საქართველოში გავრცელებული აზრის მიუხედავად, რომ მთავრობების შეცვლისას პროფესიონალების ავტომატურად დათხოვნა ხდება, მათ არათუ შეინარჩუნეს თავიანთი თანამდებობები, არამედ კარიერულ წინსვლასაც მიაღწიეს და იმის მიუხედავად, რომ მათ მაინცდამაინც დასავლეთში მიღებული ხარისხი ყველა შემთხვევაში არ აქვთ, საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი.

    შემოთავაზება
    როდესაც ცდილობ რაღაც გააკრიტიკო, სულ ცოტა, ის მაინც უნდა ჩანდეს, თუ რას სთავაზობ ოპონენტს ან შენს აუდიტორიას, როგორ წარმოგიდგენია შენ ამა თუ იმ საკითხის გადაჭრა. სამწუხაროდ, სტატიის ავტორები არათუ პირდაპირ არაფერს გვთავაზობენ, არამედ საკმაოდ თამამად გვაჩვენებენ იმას, რომ არ ესმით უმარტივესი პედაგოგიური ხერხები: ისტორიის სავარჯიშოების, ან საბუნებისმეტყველო საგნების ინტერაქტიული მეთოდიკის ძალიან თვალსაჩინო მაგალითებზე მსჯელობისას, საკუთარ უვიცობას არ მალავენ. მაგალითად, ცდილობენ, რომ სარკასტული გამონათქვამებით ილუზია შექმნან, რომ სკოლაში არ შეიძლება მოსწავლეებმა იმსჯელონ იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს უსაფრთხოების წესები, როდესაც რადიოაქტიულ ნივთიერებებთან აქვთ შეხება ან მოსწავლეები ვერ შეძლებენ ძირითადი ისტორიული მოვლენების თანმიმდევრობის დამახსოვრებას და ა.შ. რაც შეეხება მათ ძირითად მოტივს, რომ თურმე ჩვენს მიერ შემუშავებული დოკუმენტების ენა იმდენად მდარეა, რომ ასახავს ჩვენს მდარე აზროვნებას – ამ საკითხთან მიმართებაში ავტორები სამწუხარო ალტერნატივას გვთავაზობენ. მათ სტატიაში, სათაურის ჩათვლით, ხშირად გვხვდება ისეთი გამონათქვამები, როგორებიცაა: “იდიოტიზმი”, “ნაბოდვარი”, “უწიგნური, მაგრამ … ლაღად მოტლიკინე რეფორმატორები”. ან რად ღირს ეს აბზაცი: “მთელს ამ ბნელმეტყველებას, ენობრივ და აზრობრივ კოშმარს ზოგნი სოროსის ფარულ ზრახვებს უკავშირებდნენ, ზოგნი – მასონების შეთქმულებას მიაწერდნენ, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ეს ყველაფერი გაუნათლებლობის, დეფექტური აზროვნებისა და, უბრალოდ იდიოტიზმის ნაყოფია”. სამწუხაროა, როდესაც ადამიანები, რომლებიც თავს ინტელექტუალებად თვლიან, ასეთ სიმდაბლემდე დაეცემიან საკუთარი არაკომპეტენტურობისა და სიბრაზის გამო. ასევე სამწუხაროა, როდესაც ჩვენი ბეჭდური მედია ამგვარ შეურაცხმყოფელ ტექსტს საკუთარი გაზეთში “მოსაზრების” რუბრიკის ფარგლებში დასაშვებად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, ძალიან მიხარია, რომ ჩვენი სკოლის ახალდამთავრებული მოსწავლეები უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ ენასა და საკუთარ რეპუტაციას, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი სტატუსის დაკარგვის შემდეგ კარგავენ უნარს, რაიმე სასარგებლო შესთავაზონ საზოგადოებას. სკოლებში უკვე უკეთ ასწავლიან გააზრებულ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას საკუთარი თავის, საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ, რაც იმის წინაპირობაა, რომ ქ-ნ. ნ. გოგუაძისა და ბ-ნ. კ. ჯანდიერის შექმნილი სტატიების მსგავსის დაწერის სითამამეს ჩვენი საზოგადოება ნაკლებად მისცემს მათ, ვისაც ინტელექტუალობის პრეტენზია აქვთ.

    © “24 საათი”

  • პოლემიკა

    კოტე ჯანდიერი, ნინო გოგუაძე

    იდიოტიზმის ანატომია

    საყოველთაოდ ცნობილია, რომ ენა აზროვნების საფუძველია, აზროვნება კი მხოლოდ ენის საშუალებით ხორციელდება. ბავშვის აზროვნება დედაენის დაუფლების კვალდაკვალ ყალიბდება, ვითარდება და ფართოვდება. შეიძლება ითქვას, რომ გამართული აზროვნება, პირველ რიგში, დედაენის სრულყოფილ ფლობაზეა დამოკიდებული. აზრის სიზუსტე, სიცხადე პირდაპირ უკავშირდება მისი მკაფიოდ გამოთქმის აუცილებლობას. იმას, რაც ცუდად, ბუნდოვნად და გაუგებრად არის გამოთქმული, მხოლოდ პირობითად შეიძლება აზრი ეწოდოს. ეს ბანალური ჭეშმარიტებებია.
    მაგრამ საოცარი ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის გასაგები ქართული სალიტერატურო ენის პარალელურად, ჩვენში გაჩნდა ერთგვარი ენობრივი სუროგატი, რომელიც თანდათან მკვიდრდება სახელმწიფო დაწესებულებებსა თუ არასამთავრობო სექტორში, მედიასა თუ სამართალწარმოებაში და ა. შ. გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წიაღში დაბადებული ეს ენობრივი სუროგატი, რომელსაც პირობითად “პროექტების ენა” შეიძლება დავარქვათ, თანდათანობით იქცა “სიახლისა და თანამედროვეობის”, ანუ ე. წ. “ახალი მენტალობის”, განუყოფელ ატრიბუტად და “საფირმო ნიშნად”. ამ “ენაზე” მეტყველება და წერა დღეს “ელიტურობის” გამოხატულებად ითვლება – ეს საქმიანობის, რეფორმების ახალი ენაა, რომლის ათვისებაც ძალიან იოლია, რადგან მისი დაუფლების აუცილებელ წინაპირობას მხოლოდ და მხოლოდ ქართული სალიტერატურო ენის არცოდნა წამოადგენს. “პროექტების ენაზე” მეტყველებენ და “აზროვნებენ” ჩვენი “რეფორმატორი” სახელმწიფო მოხელეები. მათთვის ეს პრაქტიკული აუცილებლობითაცაა ნაკარნახევი, რადგან სინამდვილეში ისინი მხოლოდ ამგვარ “ქართულს” ფლობენ.
    “პროექტების ენა” პრეტენზიას აცხადებს რაციონალურობასა და ინტელექტუალობაზე, სინამდვილეში კი კლიშეების გროვასა და საოფისე ჟარგონის ნაზავს წარმოადგენს, რაც ამ ენაზე მოსაუბრეებს საკუთარი სიცარიელისა და უაზრობის შესანიღბავად სჭირდებათ. ამ ენის ძირითადი მახასიათებელი აზრიან წერასა და მეტყველებაზე ტოტალური უარის თქმაა. ამ ენის მიზანი და დანიშნულება სწორედაც რომ ზუსტი აზროვნების, გამართულად მეტყველებისა და წერის განდევნაა.
    “პროექტების ენას” ჰყავს თავისი ცოცხალი “კლასიკოსები”, რომლებმაც, როგორც წესი, რამდენიმე თვიანი კურსების (ე. წ. “თრეინინგების”) გავლის შემდეგ სერტიფიკატების მოპოვება მოახერხეს. ამგვარად “განათლებული” ადამიანი დასავლეთში არც სპეციალისტად და არც რაიმეს საფუძვლიანად მცოდნე პირად არ ითვლება. ჩვენი “ახალი ელიტა” კი სწორედ ასეთი არასრული განათლების მქონე ხალხისაგან შედგება. საინტერესოა, მათგან რამდენს აქვს დაცული თუნდაც მაგისტრის ხარისხი? ალბათ, ძალიან ცოტას… შესაძლოა – არც არავის.
    “პროექტების ენა” ასეთი ტიპის “მოღვაწეთათვის” იდეალური საშუალება გამოდგა საკუთარ განათლებაში არსებული ლაკუნებისა და ხარვეზების დასაფარად. რევოლუციის შემდეგ მათი დიდი ნაწილი განათლების სამინისტროში, განათლების რეფორმის მართვის ჯგუფში წამყვან თანამდებობებზე აღმოჩნდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში მათ მიერ ამ ენაზე იქმნებოდა კანონები, პროექტები, ბროშურები, კონცეფციები, მეთოდური მითითებები და სხვ. და სხვ. ეს ოპუსები, როგორც ჩინური “ი ძინი”, ალალბედზე შეგიძლიათ გადაშალოთ და თვალწინ ნათლად წარმოგიდგებათ ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების, მთლიანად განათლების სისტემის, დღევანდელი სავალალო მდგომარეობა და კიდევ უფრო შემზარავი მომავალი.
    “პროექტების ენა” გაბატონებულია განათლების რეფორმის უკლებლივ ყველა დონეზე – კანონმდებლობიდან დაწყებული, მასწავლებელთათვის განკუთვნილი მეთოდური სახელმძღვანელოებით დამთავრებული. დავიმოწმებთ მაგალითს ამ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი კანონპროექტიდან:
    “ზოგადი განათლების მიღება ნიშნავს გარკვეული საგანმანათლებლო საფეხურის ეროვნულ საგანმანათლებლო გეგმაში დადგენილი მიღწევის დონის დაძლევას და შესაბამისი დოკუმენტით სახელმწიფოს მიერ ამის დადასტურებას” (ზოგადი განათლების კანონი. პროექტი. მუხლი 6).
    სტილს რომ თავი დავანებოთ, ამ მუხლის მიხედვით, მოსწავლეს შეუძლია ზოგადი განათლების მიღება თავისი სურვილის მიხედვით დაასრულოს სკოლის გარკვეულ საფეხურზე. “გარკვეული” საფეხური კი სკოლაში სამია: პირველი საფეხური – I-VI კლასები, მეორე საფეხური – VII-IX კლასები და მესამე საფეხური – X-XII კლასები. ამრიგად, პირველი საფეხურის, ანუ VI კლასის, დამთავრების შემდეგ, კანონპროექტის თანახმად, 12 წლის მოსწავლე უფლებამოსილია ზოგადი განათლების მიღება დასრულებულად ჩათვალოს და აღიჭურვოს სახელმწიფოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით. რა არის ეს, ენის უცოდინარობა, თუ აზრის სიჩლუნგე?
    იმავე კანონპროექტში ვკითხულობთ:
    “მოსწავლის განათლების დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონისათვის მაქსიმალური დატვირთვის შესაბამისად სახელწიფოს მიერ ერთ მოსწავლეზე გათვალისწინებული ფინანსური ნორმატივით” (ზოგადი განათლების კანონი. პროექტი. მუხლი 10.3).
    აქ დახვავებული სიტყვების რახარუხით, ცხადია, ვერც ვერაფერი გამოითქმის და ვერც ვერაფერი შეინიღბება, თუმცა ერთი რამით კი უდავოდ სასარგებლოა. იგი მშვენიერი ინდიკატორია – ვინც იტყვის, რომ აქ აზრი ამოიკითხა, მით უმეტეს, ვინც ამ “აზრის” პროგრესულობისა და რეფორმატორულობის მტკიცებას დაიწყებს, ის, უბრალოდ, ტყუის ან მლიქვნელობს. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ციტირებული კანონპროექტი საფუძვლიანად გადამუშავდა პარლამენტის შესაბამის კომიტეტში, ვინაიდან მაშინ იქ ჯერ კიდევ მუშაობდა ქართული ენის რამდენიმე მცოდნე, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი და მხოლოდ მათი უკიდურესი ძალისხმევითღა მოხერხდა ტექსტის ბოლო რედაქციის “გაკეთილშობილება”.
    განსხვავებული ბედი ეწია განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სხვა ფუძემდებლურ დოკუმენტებს, რომლებსაც საპარლამენტო კომიტეტის ფილტრი არ გაუვლია, ანდა გაიარეს წიგნიერი ადამიანების თანამდებობებიდან წასვლის შემდეგ. ამისი ნათელი მაგალითია ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც “ეროვნული სასწავლი გეგმები (კონცეფცია)” ეწოდება. მისი ერთ-ერთი კონცეპტუალური პოსტულატი ასეთია: “რაიმეს გააზრება ფიქრის პროდუქტია და არამარტო დამახსოვრების” (გვ. 22). ვის შეიძლებოდა თავში მოსვლოდა, რომ გააზრება, გარდა აზროვნებისა, რაიმე სხვა აქტის პროდუქტიც შეიძლება იყოს?! რეფორმატორთა “ფიქრის პროდუქტი” კი შემდეგი მტკიცება უნდა იყოს:
    “სწავლაში მოიაზრება არა ერთი კონკრეტული გზა, არამედ მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ ერთობლივად შერჩეული ოპტიმალური ვარიანტის ძიება” (იქვე, გვ. 11).
    ბუნებრივია, ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს გაუჩნდება კითხვა: თუკი გზა უკვე ერთობლივადაა შერჩეული მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ, მაშინ რომელი “ოპტიმალური ვარიანტის” ძიებას სთხოვენ მათ დოკუმენტის ავტორები?
    გამოდის, რომ სწავლა თურმე მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ უკვე შერჩეული გზის შემდგომი ერთობლივი ძებნა, ანუ ადგილზე ტკეპნა, ყოფილა და სხვა არაფერი.
    “ყველა სკოლაში (სადაც ერთზე მეტი საგნის მასწავლებელია) უნდა არსებობდეს საგნობრივი ჯგუფების მასწავლებელთა კათედრები” (იქვე, გვ. 16).
    როგორც ვხედავთ, საქართველოში ისეთი სკოლებიც ყოფილა, რომლებშიც ერთზე მეტი საგანი ისწავლება და, თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი სკოლებიც, რომლებშიც მხოლოდ ერთ საგანს ასწავლიან. ამ სკოლებს შორის განსხვავება კი ამიერიდან ის იქნება, რომ “არაერთსაგნიან” სასწავლებლებში კათედრები შეიქმნება, “ერთსაგნიანებში” კი – ვერა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ისმის კითხვა: რით იყო განპირობებული უნივერსიტეტებსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში კათედრების გაუქმება რეფორმატორთა იმავე ჯგუფის მითითებით? ნუთუ იქ მხოლოდ ერთი საგანი ისწავლებოდა?
    “დამრიგებელი მოიაზრება მოსწავლის მრჩევლად, რომელიც ეხმარება მას სკოლაში უკეთ მოღვაწეობაში…” (იქვე, გვ. 16).
    გამოდის, რომ საქართველო ის უნიკალური ქვეყანაა, სადაც ადამიანები ბავშვობიდანვე, პირდაპირ, ყოველგვარი მომზადების გარეშე იწყებენ მოღვაწეობას და ამისათვის სრულიად საკმარისია კლასის დამრიგებელმა მათ ასისტენტობა გაუწიოს.
    “სკოლამ უნდა ჩამოაყალიბოს ფიქრის კულტურა და ფიქრის გარემო. მასწავლებელი ამას დავალებებში და გაკვეთილზე გამოყენებული ლექსიკით უნდა უწყობდეს ხელს. მოსწავლეს არ უნდა ეშინოდეს საკუთარი აზრის გამოთქმის, რაც უნდა სულელურად ეჩვენებოდეს მას, ან მის გარშემო მყოფებს” (იქვე, გვ. 22).
    “ფიქრის კულტურა”, ალბათ, აზროვნების კულტურას გულისხმობს, რაც გამართული ენით ზუსტ და ლოგიკურ მსჯელობას ნიშნავს. მაგრამ გამართული მეტყველება როგორ უნდა მოსთხოვოს მოსწავლეებს იმან, ვინც სკოლაში ბავშვის სწავლას და შესვენების დროს ცელქობას “მოღვაწეობას” უწოდებს?! ან რა ლოგიკას მოითხოვს სხვებისაგან ის, ვინც ქვეყანაში ისეთი სკოლების შემოღებას გეგმავს, რომლებშიც ერთზე მეტი, მხოლოდ ერთი ან, ვინ იცის, ერთზე ნაკლები საგანი შეიძლება ისწავლებოდეს? რაც შეეხება “ფიქრის ხელშეწყობას შესაბამისი ლექსიკით”, ამ წინადადებიდან მკაფიო აზრის გამოტანა ჩვენს ძალებს აღემატება. მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ციტატის ბოლო, დამაგვირგვინებელი წინადადებაა, სადაც კონცეფციის ავტორები ღიად აცხადებენ თავიანთ კრედოს, თამამად გამოთქვამენ ყოვლად სულელურ აზრს და საქართველოს თითოეულ მოსწავლეს მოუწოდებენ – თვითონაც იგივე გააკეთონ.
    “პროექტების ენაზე” მეტყველ და შესაბამისად მოაზროვნე რეფორმატორებს თავში მოუვიდათ და შემოიღეს ეროვნული სასწავლო გეგმები, რომლებსაც საბჭოთა კავშირში სასწავლო პროგრამები ერქვა, ხოლო დასავლეთში კურიკულუმი ეწოდება. თვალის ერთი გადავლებითაც კი ნათელია, რომ ჩვენი რეფორმატორ-ინტელექტუალების მიერ შემუშავებული ეს გეგმები ყველა საგანში უაღრესად დაბალი ცოდნის სტანდარტს ამკვიდრებს. ცალკეული საგნების სწავლება, იმის ნაცვლად, რომ მაქსიმალურად ურთიერთშეთანხმებული და კოორდინირებული გამხდარიყო, კიდევ უფრო დაშორდა ერთმანეთს. ამის თვალსაჩინო მაგალითია საბუნებისმეტყველო საგნების ტრიმესტრული სწავლება, რომელიც გულისხმობს შემდეგს: სასწავლო წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ისწავლება მხოლოდ ერთი საბუნებისმეტყველო საგანი, ვთქვათ, ბიოლოგია; მეორე სამი თვის განმავლობაში – მხოლოდ ფიზიკა, ხოლო მესამე ტრიმესტრში კი – მხოლოდ ქიმია. ყოველივე ამას, რატომღაც, საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირებულ სწავლებად ასაღებენ.
    ვითომცდა უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, საგანთა უმრავლესობის შინაარსი სრულიად გაუმართლებლად და უაზროდაა შემცირებული. უკუგდებულია ან თითქმის მინიმუმამდეა დაყვანილი ამა თუ იმ საგნის ძირითადი ცნებების, კანონებისა და შესასწავლი ობიექტების ცოდნასთან დაკავშირებული მოთხოვნები. სამაგიეროდ, არაპროპორციულად გაიზარდა მეორეხარისხოვან საკითხებთან დაკავშირებული მოთხოვნების დონე და სირთულე. მაგალითად, ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, V-VI კლასების მოსწავლეს მოეთხოვება შემდეგი:
    “კლასში ჯგუფური მუშაობისას მოსწავლე ადგენს სხვადასხვა ტიპის დამწერლობის სიას, საუბრობს მათ წარმოშობასა და წერის მეთოდში მომხდარ ცვლილებებზე” (გვ. 16); ანდა: “ძირითადი სამიწათმოქმედო დარგები და სამუშაო იარაღები საქართველოში და მსოფლიოში უძველესი დროიდან დღემდე” (გვ. 21).
    ეს უსისტემოდ, ეკლექტურად და ზერელედ შედგენილი დოკუმენტები შეიცავს მრავალ კურიოზულ, მოსწავლისა და მასწავლებლისათვის დამაბნეველ და დამრთგუნველ მოთხოვნას, რომლებიც აშკარად სცდება არათუ პედაგოგიური, არამედ საერთოდ საღი აზრის ფარგლებს. მაგალითად, საბუნებისმეტყველო საგანთა ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ:
    “ჯგუფური მუშაობის პრინციპით შეიმუშავებს რადიაქტიურ პრეპარატებთან მუშაობის უსაფრთხო ქცევის წესებს და აკეთებს პრეზენტაციას” (გვ. 355; ფიზ. XI. 12).
    “მუშაობის უსაფრთხო ქცევას” თავი რომ დავანებოთ, გაუგებარია, როგორ უნდა შეიმუშავოს მოსწავლეთა ჯგუფმა უსაფრთხოების წესები? ცდისა და შეცდომის მეთოდით? ანდა რომელი რადიაქტიური პრეპარატების შეტანას აპირებენ სკოლებში განათლების რეფორმის მესვეურები?
    ზემოთ უკვე ციტირებულ ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ეროვნულ სასწავლო გეგმაში მე-17 გვერდზე ასეთ ჩანაწერსაც ვხვდებით: “კლასში ჯგუფური მუშაობისას ვიზუალურ მასალაზე დაყრდნობით აღწერს თვითმფრინავისა და კოსმოსური ხომალდის დიზაინსა და განვითარებას”. ანდა, იქვე, ერთ-ერთ ქვეთავში, რომელიც ასეა დასათაურებული – “მოსწავლე აკავშირებს ისტორიულ მოვლენებსა და ფაქტებს შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან” – სიტყვასიტყვით წერია შემდეგი:
    “ეს შედეგი მიღწეულია მაშინ, როდესაც მოსწავლე… ადგენს ცხრილს, რომელსაც კონკრეტულ მოვლენას უკავშირებს მსგავსი ტიპის მოვლენებს პრინციპით: “ადრე” და “გვიან”. მაგალითად,

    ადრე ისტორიული მოვლენა გვიან
    ქვის იარაღი ბრინჯაოს იარაღი რკინის იარაღი
    რომის იმპერია საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

    ეს ცხრილი “პროექტების ენაზე” მეტყველთა აზროვნების ტიპური ნიმუშია. რაც შეეხება მოსწავლეებს, ამ ნაბოდვარიდან ისინი გაიგებენ, რომ თურმე ბრინჯაოს იარაღი და საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა ისტორიული მოვლენები ყოფილა, ხოლო ქვის იარაღი და რომის იმპერია კი – არა. არც რკინის იარაღი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეიძლება ჩაითვალოს ისტორიულ მოვლენებად. ეს უცნაური წყვილები განეკუთვნება შემდეგ კატეგორიებს: “ადრე” და “გვიან”.
    “პროექტების ენის” შედევრებს უნდა მივაკუთვნოთ ციტირებული სასწავლო გეგმის IV თავის სახელწოდებაც: “მოსწავლე ახასიათებს მოსახლეობის გეოგრაფიულ თავისებურებებს” (გვ. 15).
    იქვე, მე-20 გვერდზე, მითოსს, ანტიკურ ტრაგედიასა და ისტორიულ რეალობას შორის არსებული განსხვავების არმცოდნე “ინტელექტუალები” ამგვარ რეკომენდაციას იძლევიან:
    “[მოსწავლე] მასწავლებლის დახმარებით თანაკლასელებთან ერთად დგამს ისტორიული ხასიათის სპექტაკლს და მსჯელობს მასში გადმოცემული ფაქტების შესახებ (მაგ. ევრიპიდეს “მედეა”)”.
    უწიგნური, სამაგიეროდ, “პროექტების ენაზე” ლაღად მოტლიკინე “რეფორმატორების” ასეთ რეკომენდაციებსა და დირექტივებს ვიღაც, შესაძლოა, კომედიად განიხილავდეს, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ეს მომავალი თაობების, მთელი ჩვენი საზოგადოების ტრაგედიაა. ტრაგედიაა იმდენად, რამდენადაც ეროვნული სასწავლო გეგმა სასწავლო პროცესის შინაარსის განმსაზღვრელი დოკუმენტია. მათზე დაყრდნობით იქმნება მოსწავლეთა სახელმძღვანელოები, მეთოდური მითითებები მასწავლებლებისათვის, მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმები და ა. შ. შედეგების პროგნოზირება მკითხველს არ უნდა გაუჭირდეს.
    “პროექტების ენაზე” მეტყველმა და შესაბამისად მოაზროვნე “რეფორმატორებმა” მათ მიერვე შეთხზულ ეროვნულ სასწავლო გეგმებზე დაყრდნობით შეიმუშავეს სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენის წესები, შეფასების კრიტერიუმები და გრიფის მინიჭების პროცედურები. გრიფის მინიჭების ახალი წესი ვერაფრით ვერ უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციასა და სახელმძღვანელოების ობიექტურ შეფასებას, ვინაიდან ახალი დებულების თანახმად, სახელმძღვანელოებს აფასებენ არა დამოუკიდებელი, კომპეტენტური ექსპერტები, არამედ თვითონ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის თანამშრომლები, რომელთა კომპეტენციაშიც (როგორც ზემოთ უკვე დავრწმუნდით), რბილად რომ ვთქვათ, ეჭვის შეტანის სრული საფუძველი არსებობს. ადვილი მისახვედრია, რომ ასეთი სისტემა ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის კორუფციული გარიგებებისათვის გამომცემლებსა და შემფასებლებს შორის.
    ჩვენ აქ შეგნებულად არ ვაღრმავებთ ამ თემას, ვინაიდან განათლების რეფორმის კრიმინალური ასპექტები ამ წერილის ავტორთა ინტერესის სფეროს არ განეკუთვნება. მაგრამ ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევთ, მიმართოს თავად განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, სადაც ინტერესთა კონფლიქტთან და კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებული გარკვეული მასალები ინახება, თუმცა არ ხმაურდება.
    ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ რაღა გასაკვირია, რომ სასკოლო სახელმძღვანელოთა უმრავლესობა, როგორც წესი, შეიცავს უამრავ ფაქტობრივ შეცდომას, უმეტესად მდარე ქართულითაა დაწერილი და სავსეა სხვადასხვა ტიპის ენობრივი თუ აზრობრივი კურიოზებით. რამდენიმე მაგალითს შემოგთავაზებთ:
    “უჯრედი შეგვიძლია შევადაროთ თქვენთვის კარგად ნაცნობ აგურს. როგორც შენობა აგებულია აგურებისაგან, ისე ორგანიზმი შედგება უჯრედებისაგან” (ბიოლოგია, VII კლასი, გვ. 10).
    საეჭვო ხარისხის ტროპულ მეტყველებას თავი რომც დავანებოთ, ისმის კითხვა: უჯრედი, რომელიც შედგება მემბრანის, ბირთვის, ციტოპლაზმის, ენდოპლაზმური ბადის, გოლჯის კომპლექსისა და ა. შ., რატომ უნდა შევადაროთ აგურს, თუ ბავშვის წარმოსახვაში განზრახ არასწორი წარმოდგენის შექმნა არა გვაქვს მიზნად დასახული?
    გაოცებას იწვევს მეათე კლასის ქიმიის სახელმძღვანელო. ამ წიგნის ერთ-ერთი მთვარი თავი – “ქიმიური რეაქციები”, არ შეიცავს არც ერთი ქიმიური რეაქციის ფორმულას (სხვათა შორის, ისევე, როგორც საერთოდ მთელი სახელმძღვანელო). სამაგიეროდ, ტექსტის ნახევარზე მეტი ეთმობა ქიმიურ მრეწველობას (“დაუმუშავებელი მასალიდან მზა პროდუქციამდე”), ქაღალდის წარმოებას, ტოქსიკურ ნივთიერებათა მოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე და სხვ. წიგნის ერთ-ერთი ქვეთავი – “დუღილის რეაქციები ქიმიურ მრეწველობაში” – ასეთი საშინაო დავალებით სრულდება:
    “ვაზის გამოსახულება ამშვენებს სვეტიცხოვლის ტაძარს. გაიხსენეთ კინოფილმ “ჯარისკაცის მამაში” როგორ ზრუნავს ქართველი გლეხი ომით განადგურებულ უცხო მიწაზე გაზრდილი ვაზის გადასარჩენად. რაზე მიგანიშნებთ მოყვანილი ფაქტები?” (ქიმია 10. გვ. 101).
    შეგახსენებთ – საუბარია მეათე კლასის ქიმიის სახელმძღვანელოზე, თავზე, რომელიც ქიმიურ რეაქციებს ეხება! პირდაპირ უნდა ვთქვათ: დამოწმებული ფაქტები, ჩვენი აზრით, მიგვანიშნებს ავტორთა მიერ უკუღმართად გაგებულ ინტერდისციპლინარული სწავლების პრინციპებზე, ხოლო ციტირებული ტექსტი ინტეგრირებულია ხელოვნებათმცოდნეობასთან, კინოს ისტორიასთან, დემეტრე I-ის ცნობილ საგალობელთან, ერთი სიტყვით, ყველაფერთან, ქიმიის გარდა. რაკი მეათე კლასის სახელმძღვანელოს პარაგრაფებს გავეცანით, ჩვენი ბუნებრივი ინტერესი გამოიწვია იმან, თუ რა საკითხები განიხილება უფრო დაბალი კლასების ქიმიის სახელმძღვანელოებში. მეშვიდე კლასის ქიმიის წიგნში ვალენტობის შესწავლის უნიკალურ მეთოდს წავაწყდით:
    “გსურთ ადვილად დაიმახსოვროთ ელემენტთა ვალენტობები? ითამაშეთ “გზაზე მიდის ელემენტი”: გზაზე მიდის ნატრიუმი? რათა ერთი? მაშ რამდენი? ალუმინი! გააგრძელეთ თამაში”(ქიმია, VII, გვ. ??).
    ხომ კარგად დაიმახსოვრეთ? მოდი, ახლა მერვე კლასში გადავინაცვლოთ. ამ კლასის სახელმძღვანელოში ასეთი რამ წერია:

    “ჩემი თავგადასავალი”. I ნაწილი

    “სამყაროს გაჩენისთანავე მზეზე დავბადებულვარ (საუბარია წყალბადზე – ნ. გ., კ. ჯ.) ჩემი მშობლები ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული პროტონი და ელექტრონია. ყველა სხვა ელემენტს ჩემს შვილად მივიჩნევ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ მე დავუდე საფუძველი ელემენტთა დიდ ოჯახს. ვისაც ჩემი აღნაგობა აინტერესებს, მზად ვარ, გული გადავუშალო. ჩემს გულში საპატიმროს მსგავსი ბირთვია…” და ა.შ.
    წესით, მოზარდებს ამ ასაკში მაინ რიდი, ჯეკ ლონდონი, შარლოტა ბრონტე, ალექსანდრე დიუმა და არტურ კონან დოილი უკვე წაკითხული უნდა ჰქონდეთ და ლევ ტოლსტოის კითხვას უნდა იწყებდნენ. მერვეკლასელის ენობრივი კომპეტენციისათვის სრულიად შეუფერებელი, ყოვლად სამარცხვინო ენის მოჩლექით საუბარი მეცნიერების ფუნდამენტურ საკითხებზე ისეთივე კურიოზია, როგორც წყალბადის სამშობლოდ მზის გამოცხადება. ამა თუ იმ მეცნიერების საფუძვლების შესწავლა, პირველ რიგში, ამ მეცნიერების სპეციფიკური ტერმინოლოგიის, მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ენის ათვისებას და ამ ენაზე აზროვნების, წერის, მეტყველებისა და ა. შ. განვითარებას გულისხმობს.
    ეს პროექტები, დოკუმენტები და წიგნები სავსებით ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისათვის. ისინი განიხილებოდა საპარლამენტო კომიტეტებში, მთავრობის სხდომებზე, განათლების სამინისტროში, სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში. იმართებოდა სხვადასხვა სახის დისკუსიები, თითქოს გამოითქმებოდა კრიტიკული აზრიც. მთელ ამ ბნელმეტყველებას, ენობრივ და აზრობრივ კოშმარს ზოგნი სოროსის ფარულ ზრახვებს უკავშირებდნენ, ზოგნი – მასონების შეთქმულებას მიაწერდნენ, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ეს ყველაფერი გაუნათლებლობის, დეფექტური აზროვნებისა და, უბრალოდ, იდიოტიზმის ნაყოფია.
    ის, რაც ზევით მოგახსენეთ, ეხებოდა ზოგადი განათლების რეფორმის შინაარსობრივ მხარეს. რეფორმატორთა ოთხწლიანი მოღვაწეობის შედეგად არანაკლებ სავალალო სურათია შექმნილი განათლების სისტემის ინსტიტუციური მოწყობის, მართვისა და დაფინანსების სფეროში.
    “რეფორმატორებს” თავში მოუვიდათ და შემოიღეს სკოლების დაფინანსების ახალი, უვარგისი წესი. ამ წესის მიხედვით, სკოლის ბიუჯეტი ვაუჩერული დაფინანსებით ივსება. ვაუჩერი გულისხმობს ერთ მოსწავლეზე გათვლილ თანხას. ამიტომაც სკოლის ბიუჯეტი მთლიანად დამოკიდებულია მოსწავლეთა რაოდენობაზე. ამას კი კატასტროფული შედეგები მოაქვს – მცირეკონტიგენტიანი სკოლები კოტრდება და იხურება. ასეთი სკოლების უმრავლესობა კი სოფლებში, განსაკუთრებით, მაღალმთიან და სასაზღვრო რეგიონებშია. ამ რეგიონებში მოსახლეობის დამაგრება, მნიშვნელოვანწილად, სწორედ სკოლის არსებობაზეა დამოკიდებული. იმის ნაცვლად, რომ განათლების სამინისტროში სკოლების დაფინანსების უფრო ადეკვატური და არა ასეთი მომაკვდინებელი წესი მოეფიქრებინათ, განათლების მაშინდელმა მინისტრმა ალ. ლომაიამ გამოაცხადა: “მაღალმთიანი აჭარა ეკოლოგიურად საშიში ზონაა და სულ არ არის საჭირო იქ მოსახლეობის ცხოვრება”. როგორც ჩანს, სწორედ ამ გზით აპირებს განათლების სამინისტრო ჯავახეთის, სვანეთის, ხევსურეთის, თუშეთისა და სხვა მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის გადარჩენას. საქართველოში უკვე დაიხურა დაახლოებით 1200 სკოლა. ცოტა ხანში საჯარო სკოლები მხოლოდ მსხვილ რაიონულ ცენტრებში დარჩება, სოფლებიდან კი მოსწავლეები ყვითელი ავტობუსებით ივლიან. თუმცა მალე, ალბათ, ეს სოფლებიც დაიცლება და ყვითელი ავტობუსების ხანა ისტორიას ჩაბარდება. “პროექტების ენაზე” ამ ეროვნულ უბედურებას “ოპტიმიზაცია” ეწოდება.
    “რეფორმატორებს” თავში მოუვიდათ და შემოიღეს საჯარო სკოლების დირექტორთა ლოტოტრონის მეშვეობით დანიშვნა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ადამიანები საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან 30, 50 და ზოგჯერ 100 კილომეტრით დაშორებული სკოლების დირექტორებად დაინიშნენ, აზერბაიჯანელი პედაგოგი კინაღამ სომხური სკოლის დირექტორად განაწესეს. ამ სუპერ-ობიექტური წესით გადირექტორებული პიროვნებების დიდ ნაწილს მისვლისთანავე პედკოლექტივთან და მშობლებთან კონფლიქტი მოუვიდა. რა გასაკვირია, რომ ლოტოტრონით დანიშნული ერთ-ერთი სკოლის ახალი დირექტორი საკუთარი კაბინეტის ფანჯრიდან დღისით, მზისით, ტელეკამერების თანდასწრებით უშვერი სიტყვებით აგინებდა და ლანძღავდა ეზოში მყოფ მოსწავლეებს, მათს მშობლებს, პედკოლექტივს და, მგონი, სკოლის დარაჯსაც კი. მთელი ეს ქაოსი და გაურკვევლობა დღემდე გრძელდება.
    მელოტოტრონე “რეფორმატორებმა” საქართველოში გააუქმეს ბევრი საავტორო და სპეციალიზებული სასწავლებელი, რითაც განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ათასობით ახალგაზრდას მოუსპეს საკუთარ სამშობლოში პროფესიული ზრდისა და განვითარების საშუალება.
    ცალკე განსჯის საგანია რეფორმატორების მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული “სპეცოპერაცია”. ბოლონიის პროცესთან დაახლოების მოტივით და მომიზეზებით პირველი რაც გაკეთდა – საბაზო დაფინანსების გაუქმება და მის ნაცვლად ერთობ მწირი პროგრამული (ანუ საგრანტო) დაფინანსების შემოღება იყო. ამით მოისპო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის აუცილებელი ტექნიკური ბაზის არათუ განახლების, არამედ ელემენტარულ დონეზე შენარჩუნების საშუალება. საგრანტო დაფინანსება ამ ფუნქციას, ცხადია, ვერ შეასრულებს, ვინაიდან კონკრეტული პროგრამების განხორციელებისთვისაა გამიზნული და არა კვლევითი ლაბორატორიების შენახვისა და თანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით აღჭურვისათვის. საუნივერსიტეტო მეცნიერებას მოესპო განვითარების საშუალება. არა და, ბოლონიის პროცესის ფუძემდებლური დოკუმენტების მიხედვით უნივერსიტეტად მხოლოდ ის უმაღლესი სასწავლებელი შეიძლება ითვლებოდეს, სადაც სამეცნიერო კვლევა და სტუდენთთა საწავლება ერთდროულ და ურთიერთგადამკვეთ პროცესებს წარმოადგენს.
    რეფორმატორთა შემდეგი, არანაკლებ მომაკვდინებელი ნაბიჯი იყო ფაკულტეტების მექანიკური, სრულიად გაუაზრებელი გაერთიანება. სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს, მაგალითად ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე გაერთიანებულია კლასიკური ფილოლოგია და კინო-ტელე რეჟისურა, აღმოსავლეთმცოდნეობა და ტამსაცმლის დიზაინი, ისტორია და ოპერატორის ხელოვნება, დასავლეთ ევროპის ენები და ლიტერატურა და დეკორატიული ქსოვილები. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, კათედრები გაუქმებულია, ხოლო სტუდენტს თავისი ნება-სურვილით შეუძლია გადაწყვიტოს რომელ ლექციას დაესწროს და რომელს არა, მთავარია ჯამში კრედიტ-საათების განსაზღვრული რაოდენობა დააგროვოს. ჩვენს კითხვაზე, თუ რისი სპეციალისტი იქნება ასეთი ფაკულტიტის კურსდამთავრებული, რეფორმის მესვეურთაგან მივიღეთ პასუხი: “ის ჰუმანიტარიის ბაკალავრი იქნება”. ანალოგიური ვითარებაა სხვა ფაკულტეტებზეც, რომელთა რიცხვიც დღეს მხოლოდ ექვსია. ცნობისათვის, თავად ბოლონიის უნივერსიტეტში 22 ფაკულტეტია და იქ თავში არავის მოსვლია არც მათი გაერთიანება და არც კათედრების გაუქმება. რა ქვია ამას, წინასწარგანზრახული ბოროტმოქმედება, თუ სიბრიყვე?
    ასევე, ცალკე ანალიზისა და განსჯის საგანი უნდა გახდეს “რეფორმატორთა” მიერ მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ფაქტობრივი მოშლა. არავინ დავობს, რომ აკადემიის სისტემა (ისევე, როგორც განათლების სისტემა) საჭიროებდა ღრმად გააზრებულ, მეცნიერებისა და განათლებისათვის სასარგებლო რეფორმას. მაგრამ ის, რაც რეფორმის სახელით განხორციელდა საქართველოში, სხვა არაფერია, თუ არა სამეცნიერო და საგანმანათლებლო კერების მოსპობა და მიწასთან გასწორება. დღეს ისიც კი საკითხავია, ამ “რეფორმის” შედეგად დარჩა თუ არა საქართველოში მეცნიერების განვითარების ელემენტარული პირობები და პერსპექტივა?
    რეფორმატორებს თავში მოუვიდათ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შექმნეს ალტერნატიული სკოლების ქსელი. მთელს ცივილიზებულ სამყაროში არსებული თანამედროვე განათლების სისტემები დაფუძნებულია ჰუმანიზმისა და ტოლერანტობის პრინციპებზე. ჩვენი რეფორმატორების მიერ შემუშავებულ “მოსწავლის ქცევის კოდექსში” გაცხადებული “ნულოვანი ტოლერანტობა” (სწორედ ასე წერია) ე. წ. ძნელად აღსაზრდელი ბავშვების მიმართ გულისხმობს მათ გადაყვანას ალტერნატიულ სკოლებში. ნათელია, რომ ეს პათოლოგიური წამოწყება ეწინააღმდეგება ჰუმანურ, სამართლებრივ და, უბრალოდ, ადამიანურ პრინციპებს. ალტერნატიულ სკოლაში ბავშვის გადაყვანა უეჭველად გამოიწვევს მის სოციალურ სტიგმატიზაციას, გაბოროტებას. ამასთანავე, განათლების რეფორმატორთა მიერ ასეთი მოსწავლეების მიმართ გამოჩენილი უკიდეგანო და თანაც უაზრო სისასტიკე ძალიან ძვირად დაუჯდება სახელმწიფოსა და მთლიანად საზოგადოებას.
    რეფორმატორებს თავში მოუვიდათ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოახერხეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო ეროვნული გამოცდის გაუქმება. ამგვარი მიზანი რომ განეხორციელებინათ, ეს იქნებოდა მათი ოთხწლიანი “მოღვაწეობის” კულმინაცია და “პროექტების ენის” საბოლოო გამარჯვება ქართულ სალიტერატურო ენაზე. განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ხელმძღვანელი ს. ჯანაშია გვამცნობს:
    “განათლების სამინისტროში არსებობს მოსაზრება, რომ ქართული ენის გამოცდისას ერთი აბიტურიენტი კი არ უნდა ეჯიბრებოდეს მეორეს, არამედ იყოს ჩათვლა… ეს იქნება ამერიკული სერტიფიკატის, ტოეფელის მსგავსი გამოცდა. არსებობს მოსაზრება, რომ სერტიფიცირების ტიპის გამოცდა ჩვენთანაც უკეთესი იქნება, რადგან ხელს შეუწყობს არაქართველთა ადაპტაციას და, მეორეს მხრივ, რეპეტიტორთა რიცხვის შემცირებას. დღეს, სამწუხაროდ, ქართულს კარგად აბარებს ის, ვისაც ფული აქვს. ამ სისტემით მოსწავლემ შეიძლება გამოცდა მეათე კლასში წინასწარ ჩააბაროს და უკვე იცოდეს, აქვს თუ არა ენის სერტიფიკატის შესაბამისი დონე.”
    ანალოგიური განცხადება “რუსთავი 2”-ის ეთერში პროფ. გიგი თევზაძემაც გააკეთა. “რეფორმის მამათა” მსჯელობიდან გამოდის, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
    ა) ის იწვევს რეპეტიტორთა რიცხვის ზრდას;
    ბ) მისი ჩაბარება მხოლოდ მდიდარი ოჯახების შვილებს შეუძლიათ და
    გ) ხელს უშლის არაქართველთა ადაპტაციას საზოგადოებაში.
    ლოგიკა ნათელია: არ არის გამოცდა, არ არის პრობლემა! საკითხავია, ზოგადი უნარების გამოცდამ რეპეტიტორთა რიცხვის შემცირებას შეუწყო ხელი, თუ პირიქით? ან რეპეტიტორთა წინააღმდეგ ბრძოლა სკოლაში სწავლების ხარისხის ამაღლებით უფრო სწორი და ეფექტური იქნება, თუ გამოცდების გაუქმებით? რა შეღავათი იქნება არაქართული მოსახლეობისათვის, თუკი ქართულ მოსახლეობასაც აღარ ეცოდინება ქართული? ამ შემთხვევაში, რა ენაზე უნდა იმეტყველონ საქართველოს მოქალაქეებმა? რუსულად, ინგლისურად, თუ არაბულად? ცხადია, რომ გამოცდის გაუქმება, ან “ტოეფელის” მაგვარი ტესტით ჩანაცვლება მისი შესწავლის მოტივაციას ნულამდე დაიყვანს. ერთხელ და საბოლოოდ უნდა გავიგოთ – ტოეფელი, ეს არის არა მშობლიური, არამედ მეორე (ანუ უცხო) ენის ტესტი. ამგვარი ტესტით მოწმდება, ფლობს თუ არა ადამიანი ამა თუ იმ უცხო ენას საკომუნიკაციო დონაზე და სხვა არაფერი.
    როგორც ვხედავთ, “პროექტების ენაზე” მეტყველნი არა მათემატიკის, საბუნებისმეტყველო საგნების, უცხო ენებისა და, მით უმეტეს, ზოგადი უნარების, არამედ სწორედ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას უპირებენ გაუქმებას. ამით ისინი უკვე აშკარად და დაუფარავად იწყებენ ბრძოლას ქართული ენის წინააღმდეგ. ქართული ენა საქართველოში ჯერჯერობით სახელმწიფო ენაა და თითოეული მოქალაქისათვის აუცილებელია მისი კარგად ცოდნა, რათა სრულფასოვნად შეძლონ საკუთარი მიზნებისა და შესაძლებლობების რეალიზაცია საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. ხოლო ვისთვისაც ქართული მშობლიური ენაა, მათთვის ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა სამყაროს შემეცნების, აზროვნებისა და თვითგამოხატვის უმთავრესი იარაღია. აქედან გამომდინარე, რეფორმატორთა ლაშქრობა არა უბრალოდ ქართული ენის, არამედ ზოგადად აზროვნებისა და შემეცნების წინააღმდეგაა მიმართული.
    სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვთქვათ, საქართველოში ჩამოყალიბდა მანკიერი, მაგრამ კარგად განვითარებული, მონოლითური სისტემა, რომელიც აღჭურვილია სათანადო მექანიზმებით საკუთარი სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. ამ სისტემის ყოველ იერარქიულ საფეხურზე, როგორც წესი ინიშნებიან “პროექტების ენაზე” მეტყველი და შესაბამისად “მოაზროვნე” ადამიანები. სისტემის გამართული მუშაობისათვის კი აუცილებელია განიდევნოს ზუსტი აზროვნება, გამართული წერა და მეტყველება. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის გაუქმებაც სწორედ ამ “დიად” მიზანს ემსახურება.
    დამოუკიდებლად და ნათლად მოაზროვნე თავისუფალ ადამიანთა არსებობა სამოქალაქო საზოგადოების, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა. როდესაც, ამის საპირისპიროდ, განათლების სისტემა აზროვნების უნარს მოკლებული, უცოდინარი და ბნელმეტყველი ადამიანების აღზრდას ისახავს მიზნად, მაშინ ისმის კითხვა: რა სახელმწიფოს ვაშენებთ? ან საერთოდ, აქვს კი ჩვენს ქვეყანას მომავალი?

    © “ცხელი შოკოლადი”