• ახალი ამბები,  პოლემიკა

    დავით პაიჭაძე – პრაგმატული ლირიკა

    წიგნით მოვაჭრეთა ამასწინანდელი გასტუმრება თბილისის ქუჩებიდან რამდენიმე განმარტებას მოითხოვს – მერიისა და საკრებულოსგან არა. ჩვენგან, მოქალაქეებისგან.
    სწორი ნაბიჯია, როცა ყველის, ვაშლატამას, კარტოფილისა და სხვა ასეთი სიკეთეების ქუჩაში გამყიდველებს გამოუყოფ ტერიტორიას და იქ მოუყრი თავს. ეს მეთოდი ქალაქის მერობისას ჯერ კიდევ ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოიყენა, როცა დინამოს სტადიონის მეავეჯენი ნაძალადევში გადაიყვანა სავაჭროდ. ახლა ვისაც მეორადი ან აქ დამზადებული ავეჯი უნდა, ჯერ კიკვიძის ბაღთან წავა. ამავე მიდგომას ავლენს დედაქალაქის ხელისუფლება წიგნით მოვაჭრეებთანაც: გინდა ძველი ან მაღაზიებს მიღმა დარჩენილი ახალი წიგნები? ახლო მომავალში მიაკითხე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დედაენის ძეგლის მიდამოებში. ალბათ, ასე უფრო იოლი იქნება მათი დაბეგვრაც.
    მაგრამ წიგნს აქვს ერთი თავისებურება – ავეჯისა თუ ჭირნახულისგან განსხვავებით. ის არ ითვლება, რომ წიგნი არ იჭმევა და ხშირად ამ დროს არა სურსათს – არამედ სწორედ წიგნს ფუთავენ ქუჩის ჭუჭყისგან დასაცავად. წიგნთან შეხვედრა ჰგავს შეხვედრას უნახავ ახლობელთან, როცა აღმოაჩენ, რომ ის თურმე მოგნატრებია. არადა, მანამდე არც კი გახსოვდა. ყველაზე სრულყოფილი კარტოფილიც კი ვერ გამოიწვევს სიხარულს, რომლის მონიჭება შეუძლია წიგნს, როცა ის მოულოდნელად გხვდება – იქ, სადაც არ ელოდი. კარტოფილის (რას ჩავაცივდი!) დანახვამ, შესაძლოა, შეგახსენოს, რომ ის გჭირდება. წიგნთან შეხვედრა კი გასურვებს მას. საჭიროება ხშირად მეორადია. წიგნს მოაქვს სპონტანურობის განცდა, რომელიც ფერს ჰმატებს შენს ყოფას. თბილისში ბოლო დრომდის სპორადულად მდგარი წიგნის სტელაჟები ასეთ განცდას ბადებდნენ ბევრგან – გლდანით დაწყებული, ისნით დამთავრებული. ეს იყო პატარა რიფები, რომელზეც ბევრი ჩვენგანი მოაცურებდა ან შეაჩერებდა მზერას – აღმოჩენისა და სიხარულის მოლოდინით. არსებითია, რომ, შეიძლება, სულ არ იცოდე, რისი ყიდვა გსურს – წიგნი თავად მოგიყვანს აზრზე და გაგიჩენს ასეთ სურვილს. დედაენის ძეგლთან სპეციალურად უნდა წახვიდე, რომ წიგნები ნახო. მანამდე კი წიგნებს წააწყდებოდი და იყიდდი წინასწარი განზრახვის გარეშეც.
    ერთ ძალიან ტრაგიკულ ქართულ რომანში „Maid in Tiflis” აკა მორჩილაძეს შემოაქვს ძველი, კარგახნის ნაგროვები წიგნების მოტივი. ოჯახს თავი გააქვს ამ წიგნების ნელ–ნელა გაყიდვით. თავის დროზე ოჯახის უფროსი მათ იმისთვისაც აგროვებდა, რომ შთამომავლობას ძნელბედობისას გაეყიდა. სინამდვილეშიც, ძველი წიგნების გაყიდვა უწინარესად ასარგებლებს ჩამბარებელს და მერე უკვე მყიდველს ან უშუალო გამყიდველს. მტკვრის გასწვრივ, ერთ რიგად თავმოყრილი ძველი წიგნები ერთმანეთს უფრო მძაფრ კონკურენციას გაუწევენ, ვიდრე სხვადასხვა უბანში, პატარა ულუფებად გაყიდვისას, რადგან ამ დროს ერთი და იგივე წიგნები ერთად ვერ მოხვდებიან. გაჭირვების წლები ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის არ დასრულებულა. გასაყიდი – გასაკეთებლის არ იყოს – ჯერაც ბევრია. სახლიდან გამოტანილ წიგნს ის ყიდის, ვისაც არ ულხინს. და უკეთ გაყიდის, თუ გვერდით ტყუპისცალი წიგნი არ უდევს.
    არაფერი მოხდება, თუ წიგნით მოვაჭრეებს ძველ ადგილებზე დავტოვებთ. ამით შეჭირვებულ მოქალაქეებსაც უფრო შევეშველებით და ამ ქალაქშიც შევინარჩუნებთ წერტილებს უცაბედი სიხარულის წამოსანთებლად.

    © tabula
  • პოლემიკა

    ბაკურ სულაკაური – რეპლიკა

    თქვენი ჟურნალის 2009 წლის იანვრის ნომერში, რედაქტორის სტატიაში, რომელსაც ჰქვია “შეჯამებასავით”, გადმოცემულია რამდენიმე, ჩემი აზრით, საკამათო მოსაზრება.
    ბუნებრივია, შემეძლო ეს ყველაფერი პირადად მეთქვა მალხაზ ხარბედიასათვის და ალბათ იგი დამეთანხმებოდა კიდეც, მაგრამ ვითვალისწინებ იმას, რომ “ლიტერატურა” ერთადერთი კარგი ლიტერატურული ჟურნალია ქვეყანაში და მის სარედაქციო სტატიაში გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება შესაძლოა ზოგისათვის ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებას წარმოადგენდეს, ამიტომ შევეცდები ოფიციალური რეპლიკით შევეხმიანო ამ სტატიას, უფრო სწორად კი მის ორ ფრაგმენტს.
    სტატიის მე-5 აბზაცი ასეთია: “სამწუხაროდ 2008-ში წიგნებისათვის არავის ეცალა, აგვისტოს მოვლენებმა კი საერთოდაც, მოქალაქეთა მსყიდველუნარიანობა ნულს გაუტოლა, დააცარიელა მაღაზიები, გააძვირა ახლად გამოცემული წიგნები. მყიდველი მოაკლდა სახელმძღვანელოებსაც კი”.
    პირდაპირ უნდა განვაცხადო, რომ ამ აბზაცში გამოთქმული მოსაზრებები, რბილად რომ ვთქვათ, მცდარია. საერთოდ, არსებობს სუბიექტური მოსაზრებები (ვთქვათ, ასეთი: “შარშან არც ერთი კარგი პოემა არ გამოქვეყნებულა”) და ბუნებრივია ამაზე კამათობენ ხოლმე. ეს კრიტიკოსების საქმეა, რადგან მოსაზრება წიგნის შინაარსს, თვისებრივ პარამეტრს ეხება. როდესაც მოსაზრება რაოდენობრივ პარამეტრებს ეხება (ვთქვათ, ასეთს: “შარშან არც ერთი წიგნი არ გამოცემულა”), ამ დროს ფაქტებს უნდა დავეყრდნოთ და არა – ემოციებს. ზემოთმოყვანილ აბზაცში გამოთქმულია 5 სხვადასხვა მოსაზრება. განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე:
    1. 2008-ში წიგნებისათვის არავის ეცალასინამდვილეში, 2008-ში წიგნებისადმი ინტერესი არნახულად გაიზარდა, რაზედაც მეტყველებს: გამოცემული წიგნების რაოდენობების ზრდა, გაყიდვების ზრდა, ტირაჟების ზრდა და, რაც მთავარია, ეს არის პირველი წელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც წიგნების საცალო გაყიდვების წერტილების (იქნება ეს წიგნის მაღაზია თუ უბრალო დახლი) რაოდენობა გაორმაგდა. როდესაც ავტორიტეტული ჟურნალი განვლილ წელს აჯამებს, ასეთ ფაქტებს ყურადღება უნდა მიაქციოს. უფრო მეტიც, წიგნისათვის ხალხს ეცალა აგვისტოშიც კი. მე სპეციალურად ვაკვირდებოდი წიგნის მაღაზიებს იმ დროს და რომ მეგონა, ომის გამო იქ არავინ შევიდოდა, ძალიან შევცდი. მახსოვს, წიგნის გაყიდვები არ შეწყვეტილა მაშინაც კი, როდესაც თბილისში პანიკა ატყდა.
    2. მოქალაქეთა მსყიდველუნარიანობა ნულს გაუტოლდათუ ეს მართალია, მაშინ რატომ გაიზარდა წიგნების გაყიდვები? თანაც ეს გაყიდვები გაიზარდა წიგნის ბაზრის ყველა სეგმენტში.
    3. დაცარიელდა [წიგნის] მაღაზიებიამ მოსაზრების მცდარობა შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია. ამას დაადასტურებს ნებისმიერი, ვინც დადის წიგნის მაღაზიებში. ცნობისათვის: არც ერთ წიგნის მაღაზიაში არამც თუ არ შემცირებულა დასახელებათა რაოდენობა, არამედ არსებითად გაიზარდა. მოვიყვან ერთ მაგალითს: წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსაში” თუ შარშან თაროებზე ეწყო მაქსიმუმ 10 000 დასახელების წიგნი, 2008 წლის ბოლოს წიგნების რაოდენობამ 16 000-ს გადააჭარბა. ანალოგიური სიტუაციაა სხვა მაღაზიებშიც.
    4. გაძვირდა ახლად გამოცემული წიგნებიარც ეს მოსაზრება შეესაბამება სინამდვილეს. შარშან წიგნები არ გაძვირებულა. შესაძლოა რომელიმე კონკრეტული წიგნი იგულისხმება, ასეთ შემთხვევაში, განზოგადებაა მცდარი.
    5. მყიდველი მოაკლდა სახელმძღვანელოებსაც კიარც ეს მოსაზრებაა სწორი. სინამდვილეში სახელმძღვანელოების ბაზარზე ასეთი მდგომარეობა იყო: გამძაფრდა კონკურენცია გამომცემლობებს შორის და ზოგიერთ გამომცემლობას ზოგიერთი პროექტი არც თუ ისე წარმატებული გამოუვიდა. გარდა ამისა, შარშან ეფექტურად ამუშავდა ნახმარი სახელმძრვანელოების ბაზრობა, რამაც ზოგიერთი წიგნის ტირაჟი მართლაც შეამცირა, მაგრამ სინამდვილეში, ნაყიდი წიგნების მთლიანი რაოდენობა გაიზარდა მეორადი წიგნების ხარჯზე. ამას დაემატა სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო პროგრამები, რომლებიც განკუთვნილი იყო სახელმძღვანელოების შესაძენად. ასე რომ, აშკარა ზრდა იყო სახელმძღვანელოების ბაზარზეც.ბუნებრივია, ქართული წიგნის ბაზარი ჯერ კიდევ შორსაა იდეალური მდგომარეობისაგან, მაგრამ ხასიათდება ძალიან პოზიტიური დინამიკით და ყველაზე სწრაფად განვითარებადი წიგნის ბაზარია მსოფლიოში (ამ თემაზე დაწვრილებით სხვა დროს ვისაუბროთ).რადგან “ცხელი შოკოლადი” მისი ლიტერატურული დამატებითურთ ერთადერთი ჟურნალია საქართველოში, რომელსაც სიამოვნებით ვკითხულობ, ვისურვებდი, რომ წიგნის ბაზრის შეფასებები მომავალში უფრო კვალიფიციურად გაკეთდეს.რედაქტორის გვერდი ბოლოვდება ასეთი აბზაცით: “საერთოდაც, არ გვაწყენდა მომავალი წელი წიგნის წლად გამოგვეცხადებინა საქართველოში, იქნებ ამით მაინც გაგვეწყვიტა ის უხილავი ძაფები, რომელიც ჯერ კიდევ გვექაჩება ბნელი 90-იანებისაკენ”. კარგი აზრია, მით უმეტეს, რომ წელს 300 წელი უსრულდება საქართველოში დაბეჭდილ პირველ წიგნს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოლემიკა

    მალხაზ ხარბედია – ნაკიანი წელი


    ანუ გზა 48 გვერდიდან – 32-მდე

    არ მინდა ეს წერილი მკითხველმა მხოლოდ ბაკურ სულაკაურის რეპლიკაზე პასუხად აღიქვას და არც რაიმე საპოლემიკო ინტრიგა მინდა დავთესო ჩემი გამოხმაურებით. უბრალოდ, დიდი სურვილი მაქვს, კარგად გავერკვეთ საკითხში, გავაცნობიეროთ, თუ რა დაემართა აგვისტოს შემდეგ ქართულ წიგნიერ კულტურას, რა ვითარებაა საგამომცემლო საქმეში, რა ბედი ეწიათ ქართველ მკითხველებს, მწერლებს, ბიბლიოფილებს, ადამიანებს, ვინც ბევრს კითხულობს, და არც ფულს იშურებს კარგი ახალი წიგნისთვის. ამ წერილში, მე ჩემს სიმართლეზე მეტად (რაშიც დარწმუნებული ვიყავი, რადგან ეს სიმართლე, რამდენიმე გამომცემლის სიმართლეს ემყარებოდა) რეალური სურათი მაინტერესებს, რომელიც ვითარებაში უკეთ გარკვევის საშუალებას მოგვცემს.
    ამ სტატიისთვის მასალის შეგროვებამ დიდი ენერგია წაიღო, აქამდე არასდროს დამჭირვებია ციფრებთან მუშაობა და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სულის მდგომარეობის ნაცვლად, გაყიდვების მაჩვენებლების აღწერა მომიწევდა. სიმართლე გითხრათ, თავიდან წიგნების გაყიდვების საკითხი არც მაინტერესებდა, მე უფრო ომი და მისი შედეგები მიმღვრევდა ხასიათს და რადგან გარშემო კარგს ვერაფერს ვხედავდი, გადავწყვიტე, სვეტიც დროის შესაფერისი დამერთო ნომრისთვის. მაშინ ამას დაემატა ჩემთვის ძალზე ძვირფას საქმიანობაში, წიგნების დაწერა-გამოცემა-წაკითხვაში ჩართული რამდენიმე ადამიანის ჩივილი, რამაც დამაწერინა კიდეც, რომ ომის შემდეგ ბევრი რამე უარესობისკენ შეიცვალა. იქ დახასიათებული სიტუაცია მემგონი ბევრისთვის არ იქნებოდა ახალი ამბავი. ომის გარეშეც ცხადად ჩანს, რომ “ლიტერატურა” ჩვენს ქვეყანაში არ იყიდება და განათლების რეფორმა და სახელმძღვანელოებისთვის გამოყოფილი გრანტები რომ არა, ნებისმიერ გამომცემლობას ძალიან გაუჭირდებოდა დღევანდელ საქართველოში. ომმა კიდევ უფრო ცხადი გახადა რაღაც-რაღაცეები, თუმცა, ამის მიუხედავად, უფრო ჩემს გარშემო გამეფებული უიმედობა და რადიკალური ეკზისტენციალური ცვლილებები მალაპარაკებდა, ცვლილებები, რომლებმაც დიდხანს მოწყვიტა ჩემი მეგობრები საყვარელ საქმიანობას.
    ამასწინად რამდენიმე კოლეგას მივწერე თხოვნით, ერთ აბზაცში ჩაეტიათ ის, თუ რა გავლენა მოახდინა მათზე, როგორც მკითხველზე ომმა. რა შეიცვალა მათი, პროფესიონალი ლიტერატორების ცხოვრებაში აგვისტოს შემდეგ. ზოგს გაუჭირდა პასუხის გაცემა, ზოგმა კი საერთოდაც, ვერაფერი დაწერა ლიტერატურაზე, რადგან მთელი ეს ბოლო პერიოდი მის გარეშე მოუწია ცხოვრება. ლაშა ბუღაძისთვის ცხოვრება უკვე ორ ნაწილად გაიყო, იგი მწერდა ამასწინათ: “ჩემს ცხოვრებას ასე ვყოფ: აგვისტოს ომამდე და აგვისტოს მერე. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე ვფიქრობ ამ ომზე და ასე განვიცდი ამ ომს. ომი საშინელებაა იმიტომაც, რომ მხოლოდ მასზე ხარ კონცენტრირებული. ამ ომმა მე წამართვა წიგნის კითხვის უნარი, გამიქრო მადა, შემიმცირა საურთიერთოდ ასატანი ადამიანების რიცხვი…
    არ ვიცი, ციფრები რას გვეუბნებიან, მე მარტო ის ვიცი, რომ ომი ჩვენც გვინდოდა და მერე ძალიან შეგვეშინდა სიკვდილის. ოღონდ ჩვენ სხვანაირი ომი გვინდოდა. ლამაზი და რიხიანი, ისეთი, როგორიც ჩვენს მილიტარისტულ მუსიკალურ ტელე-კლიპებში იყო. კარგი არაფერი მომხდარა 2008 წლის აგვისტოში. იმ პანიკურ შიშს, რომელიც ამ ომმა დამიტოვა, ჯერჯერობით, არაფერი მიქარწყლებს. მხოლოდ ის მამშვიდებს (ისიც შედარებით), როცა გულწრფელად ვყვები ჩემს შიშებზე. არაადეკვატური ოპტიმისტები კი საშინლად მაფრთხობენ. რატომ არ შეიძლება, რომ დამარცხების გაცნობიერების საშუალება მივცეთ ერთმანეთს? რამდენჯერ წავაგეთ და ყოველთვის იმას ვამბობდით, არ წაგვიგია, წაგვაგებინესო. წავაგეთ! წავაგეთ! ჩვენმა ილუზიებმა წააგეს, ჩვენმა იდიოტურმა სადღეგრძელოებმა წააგეს, ჩვენმა მუქარით მოქნეულმა მუშტებმა წააგეს, ბაქიბუქობამ და ინფანტილიზმმა! ამაზე ფიქრი, ამაზე ჩაფიქრება ადეკვატური მგონია, ყველაფერი დანარჩენი – არა-ადეკვატური და სახიფათო. ომში წაგება მძიმეა, მაგრამ, მგონი, არც მოგებაა კარგი. არ მინდა, რომ ომში მოგებული ქვეყნის მოქალაქე ვიყო. ომი საერთოდ არ მაწყობს – არც მოგებული, არც წაგებული. ამ ომმა ჩემი თავი დამაკარგვინა. მას დღემდე ვაკოწიწებ”.
    საინტერესო დაკვირვებები ჰქონდა დათო პაიჭაძესაც: “როგორ დაეტყო ომის კვალი წიგნის გაყიდვას, ამაზე შემიძლია მხოლოდ სპეკულაციები შემოგთავაზოთ. მოულოდნელი მეჩვენა ბ-ნ ბაკურ სულაკაურის მტკიცება, რომ 2008 წელი ყველაზე წარმატებული იყო გაყიდვების თვალსაზრისით; მეუცნაურა ასევე ინფორმაცია, რომ წიგნის მყიდველს ბანკიდან კრედიტის აღება არ ჭირდება, ამიტომ ფინანსური კრიზისი წიგნის გაყიდვებს არ დაეტყო. ხშირად ვსტუმრობ წიგნის მაღაზიებს და შარშან ბოლო ოთხი თვის მანძილზე იქ მოქალაქეთა არც განსაკუთრებული მატება შემიმჩნევია და არც განსაკუთრებული კლება. უკვე რამდენიმე წელია, ჩვენი გამომცემლობების ერთი ნაწილი მომართულია სახელმძღვანელოთა გამოშვებაზე, რაც მათ ბიზნესს რენტაბელობას ანიჭებს. პოპულარულია საბავშვო გამოცემებიც. საკითხავია, ამ ორი წარმატებული მიმართულების გარდა სხვა აქტივობას – მოზრდილთათვის განკუთვნილი ქართული წიგნების ბეჭდვას, იმპორტირებული წიგნების გაყიდვას თუ მოჰქონდა მოგება? ჩვენი გამომცემლები კერძო და საჯარო საუბრებში აღნიშნავენ ხოლმე, რომ საქართველოში ცოტას კითხულობენ. ვგონებ, სწორედ ეს – კითხვის კულტურა, წიგნის ადგილი ქართულ კულტურაში არის გადამწყვეტი ფაქტორი იმის განსაზღვრისათვის, როგორ იყიდება წიგნები ამ ქვეყანაში და არა მაინცდამაინც ომი და ფინანსური კრიზისი. რადგან წიგნის ყიდვის საბჭოთა ”ტრადიცია” მოკვდა: წიგნი აღარც სამშვენისია, აღარც ”დაგროვების საშუალება” – დღეს მას მხოლოდ იმისთვის ყიდულობენ, რომ იკითხონ.”
    ძალიან მტკივნეული იყო ბოლო თვეები გიორგი ლობჟანიძისთვისაც: “აგვისტოს ომის დროს, წიგნის მაღაზიაში წასვლა კი არა, ოჯახში წლების მანძილზე, რამდენიმე თაობის მიერ შეგროვილ ბიბლიოთეკასაც გულაყრილი, გაუცხოებული შევცქეროდი. ომმა ყველა ღირებულება თავდაყირა დააყენა და ჩემი სასოწარკვეთა პირველ რიგში წიგნებზე გავრცელდა. წიგნებზე, რომლებმაც ვერ მოახერხეს, მთელი თავიანთი სიკარგის მიუხედავად, სამყარო ოდნავ უკეთესი გაეხადათ.
    ეს შეგრძნება დიდხანს გამყვა და მხოლოდ ცოტა ხნის წინათ მოვახერხე, წიგნის მაღაზიებისაკენ მიბრუნება. იქ კი საშინლად გაძვირებული ბეჭდური პროდუქცია დამხვდა. ვიცი, ვინმე შემომედავება: ყველაფერი ძვირდება და რაღა წიგნის ფასები გიკვირსო, მაგრამ წიგნის ფასებზე მეტად ჩვენი ზოგირთი გამომცემლის პოზიცია მაკვირვებს. სხვათა შორის, მწერლობა, რითაც ზოგადად პატიოსანი გამომცემლები ფულს შოულობენ, სულ სხვა რამისთვისაა მოწოდებული: კრიტიკულად გაიაზროს არსებული სინამდვილე და აქტიურად იღვაწოს ამ სინამდვილის გასაუმჯობესებლად”.
    მეც სწორედ ამ სინამდვილეს ვუტრიალებდი გასული წლის ბოლოს და დეკემბერში დაბეჭდილ ჩემს “შემაჯამებელ” სვეტში კონკრეტული ციფრების დასახელება მიზანშეწონილად არ მივიჩნიე, რადგან მეგონა, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო მკითხველისთვის. ერთი თვის შემდეგ, ბაკურ სულაკაურმა რეპლიკით მიპასუხა, რომელიც, არსებითად ჩემი შენიშვნის ერთ პატარა აბზაცს ეხებოდა: “სამწუხაროდ, 2008-ში წიგნებისთვის არავის ეცალა, აგვისტოს მოვლენებმა კი საერთოდაც, მოქალაქეთა მსყიდველუნარიანობა ნულს გაუტოლა, დააცარიელა მაღაზიები, გააძვირა ახლად გამოცემული წიგნები. მყიდველი მოაკლდა სახელმძღვანელოებსაც კი”, რის პასუხადაც ბაკურ სულაკაურმა პუნქტობრივად, სათითაოდ ჩამოაყალიბა კონტრარგუმენტები ხუთივე დებულების გასაბათილებლად. იგი შეეცადა დაემტკიცებინა, რომ 1. “2008 წელს წიგნებისადმი ინტერესი არნახულად გაიზარდა”. 2. “წიგნის ბაზრის ყველა სეგმენტში გაიზარდა წიგნის გაყიდვები”. 3. “არც ერთ წიგნის მაღაზიაში არამც თუ არ შემცირებულა დასახელებათა რაოდენობა, არამედ არსებითად გაიზარდა”. 4. “შარშან წიგნები არ გაძვირებულა”. 5. “აშკარა ზრდა იყო სახელმძღვანელოების ბაზარზეც”.
    როცა რაღაცის დამტკიცებას ცდილობ, ყოველთვის უნდა ეყრდნობოდე, ციფრებს თუ არა, რეალურ ფაქტებს მაინც. როცა ბაკურ სულაკაური წერს, “2008-ში წიგნებისადმი ინტერესი არნახულად გაიზარდა, რაზედაც მეტყველებს: გამოცემული წიგნების რაოდენობების ზრდა, გაყიდვების ზრდა, ტირაჟების ზრდა”, მინიმუმ 2-3 გამომცემლობის მაგალითი მაინც უნდა მოიყვანოს. ბაკურ სულაკაურს კი თავისი ხუთივე არგუმენტის გასამყარებლად არცერთი ციფრი თუ ფაქტი არ დაუმოწმებია. რა დააშავა მკითხველმა ისეთი, რომ ზედიზედ მეორე ნომერში დაუზუსტებელი ინფორმაცია იკითხოს და სიტყვაზე მენდოს ჯერ მე და შემდეგ ბაკურ სულაკაურს. ჩვენ ხომ არც ერთს არ შეგვიწუხებია სირბილით თავი და ერთი ციფრიც კი არ დაგვიზუსტებია. იქნებ მკითხველს სწორედ ზუსტი პასუხი ურჩევნია ზოგად განსჯებს, იქნებ მისთვის ფაქტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაკვრით საუბარი ერთი მხრივ პრობლემებზე, მეორე მხრივ კი მიღწევებზე?!
    სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ამ წერილისთვის მეტი “მერბინა”, მეტი ხელშესახები მასალა მომეძიებინა, რათა ერთხელ და სამუდამოდ გამერკვია, მართლა არნახულად გაიზარდა თუ არა გასულ წელს წიგნებისადმი ინტერესი და მართლა მოახდინა თუ არა ომმა უცნაურად სასიკეთო გავლენა წიგნის მაღაზიებსა თუ გამომცემლობებზე. მე რამდენიმე გამომცემლობას დავუკავშირდი, ასევე ყველაზე დიდ თბილისურ წიგნის მაღაზიებსა და წიგნის გამავრცელებელ სააგენტოებს, რათა დამედგინა განსხვავება ომამდელ და ომისშემდგომ ვითარებასა და ზოგადად, 2007 წელსა და 2008 წელს შორის. აი როგორი შედეგები მივიღეთ.
    აღმოჩნდა, რომ გამომცემლობა “ლოგოს პრესის” საერთო გაყიდვებმა წლის მეორე ნახევარში, წლის პირველ ნახევართან შედარებით (ანუ ომის შემდეგ), ერთი მესამედით იკლო. გამომცემლობა “ინტელექტის” გაყიდვები 1 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე პერიოდში 55%-ით შემცირდა, ვიდრე იანვარი-მაისის პერიოდში იყო, ხოლო 2007 წელთან შედარებით 2008 წელს გამომცემლობა “ინტელექტის” გაყიდვებმა 57%-ით იკლო. სხვა სურათი იყო ფასების მხრივ, თუკი 2007 წელს ნაკლები ღირებულების მეტი წიგნი გაიყიდა, 2008 წელს გაიყიდა გაცილებით ნაკლები რაოდენობის წიგნი, რომელიც, შესაბამისად, შარშანდელზე ძვირი ღირდა. ომის შემდეგ, 50-%-იანი ვარდნა ჰქონდა გამომცემლობა “დიოგენესაც”. გაყიდვებმა უმნიშვნელოდ იკლო თავად “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაშიც”. 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში 1,4%-ით ნაკლები წიგნი გაიყიდა, ვიდრე 2008 წლის აპრილ-მაისში.
    გაირკვა, რომ აგვისტოს თვე მართლაც ნაყოფიერი აღმოჩნდა სხვა წლების აგვისტოსთან შედარებით, ანუ, როგორც ბაკურ სულაკაური წერს, “წიგნისათვის ხალხს ეცალა აგვისტოშიც კი”. მაღაზია “პარნასის” მფლობელი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ აგვისტოში ძალიან ცოტამ მოახერხა ქალაქიდან გასვლა და შესაბამისად, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, მეტი მყიდველი ჰყავდა წიგნებს. აგვისტოს უცნაურმა “გამოცოცხლებამ” მაინც ვერ დააზღვია მაღაზია “პარნასი” და აპრილ-მაისთან შედარებით ოქტომბერ-ნოემბერში მაინც 19-20%-იანი კლება აჩვენა სტატისტიკამ, თუმცა ლესელიძის ქუჩაზე მდებარე “პარნასში” 2008 წლის ვაჭრობამ პირიქით, გასულ წელთან შედარებით 31%-ით იმატა. ასევე გამონაკლისი იყო მაღაზია “წიგნის სახლი”, სადაც აპრილ-მაისთან შედარებით ოქტომბერ-ნოემბერში 5%-ით მოიმატა გაყიდვებმა, ძირითადად, რა თქმა უნდა, სახელმძღვანელოების ხარჯზე, სამაგიეროდ 2008 წლის მაჩვენებელი ჩამოუვარდებოდა 2007-სას 5%-ით.
    მაღაზია “სანტა ესპერანსაშიც” უმნიშვნელოდ იმატა ოქტომბერ-ნოემბრის გაყიდვებმა (აპრილ-მაისთან შედარებით) და 3% შეადგინა, სამაგიეროდ 2008 წლის გაყიდვები 17%-ით ჩამოუვარდებოდა გასული წლისას. აქ არ შეიძლება არ ვახსენოთ ერთი უცნაურობა, რომელიც ზემოთ გამომცემლობა “ინტელექტის” შემთხვევაშიც გამოჩნდა. კერძოდ ის, რომ 2008-ში “სანტა ესპერანსამ” დაახლოებით 40 000 ლარით მეტი ივაჭრა, არადა გაყიდვები 17%-ით ნაკლები იყო 2007-თან შედარებით, რაც მაღაზიის მენეჯერის აზრით, ქართული თუ შემოტანილი წიგნების გაძვირებით იყო გამოწვეული.
    ძალზე საინტერესო იყო ქვეყნის უმსხვილესი წიგნის გამავრცელებელის (რომელიც ძირითადად რუსულ და სხვა უცხოენოვან გამოცემებზე მუშაობს), “ტაშენის” ოფიციალური წარმომადგენლის, შპს “პრემიერის” მონაცემებიც, რომლის თანახმადაც, 2008-ში, ომამდე, წინა წელთან შედარებით, 50%-ით მეტი ახალი დასახელების წიგნი იყო შემოტანილი, თუმცა კი გაყიდვებს ეს პროცენტული მატება არანაირად არ დატყობია, ანუ მოსალოდნელი 50%-იანი წინსვლა არ შედგა და გაზრდილმა ასორტიმენტმა ვერანაირი გავლენა ვერ იქონია წიგნების გაყიდვაზე. ისიც უნდა ითქვას, რომ “პრემიერის” გაყიდვები ომის შემდგომ საგრძნობლად დაეცა.
    სახელმძღვანელოების მხრივაც სერიოზული პრობლემები იყო. ომის შემდგომ პერიოდში წარმოუდგენლად იკლო არაქართულენოვანი სკოლებისთვის გამოცემული წიგნების გაყიდვამ, “დიოგენეს” მონაცემებით, რუსული სახელმძღვანელოების გაყიდვამ 20-30%-ით იკლო, ხოლო გამომცემლობა “ინტელექტის” მიხედვით, სომხურენოვანი და აზერბაიჯანული სახელმძღვნელოების გასაყიდად განსაზღვრული რაოდენობიდან მხოლოდ 5% შეიძინეს.
    სხვა საკითხია სახელმწიფოს დამოკიდებულება ზოგადად ლიტერატურისადმი (ამაზე ჩვენ ადრეც გვიასაუბრია) მთარგმნელობითი გრანტების, სუბსიდიების, სტიპენდიების, პენსიების, პრემიების სისტემა, შეიძლება ითქვას, სავალალო დღეშია. ბოლო წლების მანძილზე რამდენჯერმე იყო მცდელობა დაფინანსებულიყო ქართული და უცხოენოვანი ლიტერატურის თარგმანები, ლიტერატურული პერიოდული გამოცემები, თუმცა პერიოდიკის კონკურსს კულტურის სამინისტრო ძალიან გვიან აცხადებდა ხოლმე, და შესაბამისად ჟურნალების მხოლოდ რამდენიმეთვიანი დაფინანსება ხერხდებოდა. შარშან თარგმანის პროექტიც შეკვეცეს და თუკი სახელმწიფო თავიდან 500 ეკზემპლარის შეძენის ვალდებულებას იღებდა, პროექტის დასასრულს ციფრი 150-მდე ჩამოვიდა და ეს მაშინ, როცა წიგნის გამოცემის საქმე უკვე დასრულებული იყო. ცხადია, მცირე გამომცემლობები, რომლებიც მთლიანად ამ გრანტზე იყვნენ დამოკიდებულნი, წაგებაში დარჩნენ, ბევრი კი შიშობს, რომ 2009 წელს საერთოდაც, შეიძლება გააუქმონ ეს პროექტები.
    ამგვარი შიშები საკმაოდ გახშირდა, აგერ ჩვენი ჟურნალიც უკვე 48 გვერდის ნაცვლად 32 გვერდამდე შემცირდა და გასული წლის ბოლო ნომრის “შეჯამებაში” დაპირებული საინტერესო სიახლეების ნაცვლად, ნაკლული ნომერი უნდა შევთავაზოთ მკითხველს. თუმცა ეს დანაკლისი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ქართულ ლიტერატურას დააკლდა რამდენიმე დღის წინ. ამ წერილზე მუშაობა თითქმის უკვე დასრულებული მქონდა, როცა ნუგზარ შატაიძის გარდაცვალების ამბავი შევიტყვე. ნუგზარი რამდენიმე დღის წინ დავკრძალეთ. ახლა ძალიან ძნელია მასზე ლაპარაკი და ამაში სამწუხაროდ ვერც ნუგზარის უმდიდრესი ენა დაგვეხმარება. როგორც ჩანს, რაღაც დრო უნდა გავიდეს, რომ ახლიდან გავაცნოთ თანამედროვე მკითხველს სევდიანი მხნეობით სავსე ეს შესანიშნავი მწერალი და საყვარელი ადამიანი. ერთი თვის წინ გარდაცვლილი ჯონ აპდაიკის სიტყვებით რომ ვთქვათ: “დროთა განმავლობაში ბევრი წიგნი ძალიან სწრაფად ყვავილობს და შემდეგ უკვალოდ ქრება, მხოლოდ რჩეული უმცირესობა იშლება აუჩქარებლად, ფურცელ-ფურცელ და კლასიკად იქცევა”. იმედია ორიოდე თვის შემდეგ, ერთ-ერთ სპეციალურ ნომერში ჩვენც ასე, აუჩქარებლად, ფურცელ-ფურცელ შევუდგებით ნუგზარის ნაწერების კითხვას და ჩავწვდებით თანამედროვე კლასიკის ნამდვილ გემოს.
    იმედია 32 გვერდი ამ წამოწყებას მაინც ეყოფა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • კრიტიკა,  პოლემიკა

    ლალი ავალიანი – მარგინალიები ერთი "ანალიტიკური ეპატაჟის" გამო

    პოეტის მთელი შემოქმედება,
    მისანო, ხელისგულზე გიშლიათ……
    არ გღრღნით ეჭვები (არც გაქვთ ისინი!)…
    სულს სხვისას სუროს ხლართით ერთვებით!
    …ო, არაფერში თქვენ არ შეცდებით
    (თავდაჯერება – მეცხრე ცაზეა!):
    “იქნებ”… “ეგების”…
    “ვფიქრობ, ასეა”… –
    ამაებს ყველას ყავლი გასვლია!
    “მშურს, ბატონებო, ეგ ფანტაზია!”

    ანა კალანდაძე – “მიჯნათაშორისის პოეტი”

    რაც მართალი, მართალია: უყვარს ზაზა შათირიშვილს ეპატაჟურ-ეფექტური, მდაბიურად რომ ვთქვათ, მყვირალა სათაურები. მაგალითად, – “ნარატივის აპოლოგია” (სხვათა შორის, საინტერესო წიგნია), ანდა, მთლად უკეთესი – “ნაციის დაბადება ბიზანტიური გეტოდან”; ზოგადად “ნაცია” არ გეგონოთ, 21-ე საუკუნემდე შრომით, ბრძოლით, მშვენიერების მსახურებით, ვაი-ვიშით და ტაშ-ფანდურით მოღწეულ, ჯერ კიდევ ნირუცვლელ ქართველობაზეა საუბარი. გეტო?! Aამის წამკითხავი, ძრწოლამ მომიცვა; ჰიტლერ-მუსოლინის მოლანდებები და, რატომღაც, თომას მანის ძველი, რუსულად ძვირფასად თარგმნილი სტატიის («Фридрих Ницше в свете нашего опыта») ასოციაცია გამიჩნდა, შემდეგ ძალდაუტანებლად ამოტივტივდა შათირისეული სათაურის პირველწყარო – “ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან” (ნიცშე).
    ამგვარ სათაურთა წყებას განეკუთვნება “არტისტული ყვავილებიდან ARTყვავილებამდე” (კვლავ ასოციაცია: ტარიელ ჭანტურიას “დინოზავრიდან დიზაინამდე”).
    ზაზა შათირიშვილის სტატიას რეზო გეთიაშვილის ლექსების პუბლიკაცია მოსდევს. კიდევ კარგი, რომ ჯერ ლექსები წავიკითხე და მერე ზემოხსენებული წერილი ანუ “გეთიაშვილის აპოლოგია”, თორემ იქნებ მრუდე სარკეში დამენახა პოეტი (რასაც ნამდვილად არ იმსახურებს).
    ზაზა შათირიშვილმა, სანამ რეზო გეთიაშვილს “ნამდვილად დიდ პოეტად” და “გალაკტიონის ეპოქის დამასრულებლად” გამოაცხადებდა, ჰაიჰარად მიმოიხილა “მთელი” XX საუკუნის პოეზია: დიდი ჩავარდნებით თუ “ამოვარდნებით”, საკუთარი “ორიგინალური მეთოდოლოგიით”, – პოეტების “გეტოებში” მოქცევით (“მიჯნათაშორისი”, “მიჯნებამდე მისვლის გარეშე”, “მიჯნებმოშლილი”…), მათი სისტემატიზაციით, კლასიფიკაციითა თუ დახარისხებით, “შტრიხ-კოდების” ჩამორიგებით: “ცუდი”, “კარგი”, “მცირე”, “დიდი”, “ნამდვილად დიდი”, “პლაკატური”, “მთის ლირიკოსი”, “ბარის ეპიკოსი”, “პოეტური პოეტი”, “თითქმის გენიალური”, “ინგლისურენოვანი სკოლის” მიმდევარი, “კანონიკური”, “კონცეპტუალისტი”, “მინიმალისტი”, “ვერშემდგარი კონცეპტუალისტი”, “სტილიზატორი”, “რადიკალური მინიმალისტი” და ა.შ.
    არ ღირს ვრცელი მსჯელობა ავტორის უმეტესწილად უსაფუძვლო, უსაბუთო, მიკერძოებულ, ამასთან, – შეუვალი კატეგორიულობით გამოთქმულ მოსაზრებებზე, მხოლოდ ზოგიერთ, განსაკუთრებით ოდიოზურ ფრაგმენტს მივაპყრობ მკითხველის ყურადღებას.

    ***
    “გალაკტიონისა და ნიკო სამადაშვილის ამ ორ პოეტიკას შორის მერყეობდა ქართული პოეტური ენა XX საუკუნის 90-იან წლებამდე. ამიტომაც 1960-1990 წლების პოეზიას მიჯნათაშორისიც შეიძლება ვუწოდოთ. ამ 30-წლეულის ყველა მნიშვნელოვანი პოეტი უგამონაკლისოდ (?!) მოცემულ ორ პოეტიკას შორის მოძრაობს, ოღონდ მიჯნებამდე მისვლის გარეშე”.
    ამაზე ბუნდოვანი (პოეტი “ბუნდოვანი” არ გეგონოთ) დისკურსი იშვიათად შემხვედრია. Gგაუგებარია, საიდან იწყება XX საუკუნის ქართული პოეზიის ათვლა; გაუგებარია, ცამ ჩაყლაპა, მიწამ თუ ბერმუდის სამკუთხედმა 1900-1960 წლების ქართული პოეზია; ისიც კი გაუგებარია, დროითი სამანებია ნაგულისხმები თუ “მოძრავი” პოეტების ერთურთისაგან გამოყოფა-დაშორიშორება.
    განა გალაკტიონი “ცარიელ” სივრცეში აღმოცენდა? ნიკო სამადაშვილის პოეტიკის ზეგავლენა კი ერთობ შეზღუდული უნდა ყოფილიყო, თუნდაც იმის გამო, რომ მის პოეზიას ერთეულები იცნობდნენ…

    ***
    ნამდვილად გაუმართლა 60-80-იანი წლების ე.წ. “გამოჩენილ” პოეტებს (მათ შორის ზოგიერთს საკუთარი, ნოვატორული პოეტიკა აქვს და სხვისი ნასუფრალით არ საზრდოობს), ვინ იცის, რა იარლიყს მიაკრავდა მათ ავტორი (მურმან ლებანიძის პატრიოტული ლირიკის ინტიმური, თბილი ინტონაციები, “საუბრით” განდობა მკითხველთან, – “ქართულ პლაკატურ ნაციონალიზმად” არის მონათლული); Aარ გაუმართლა “გლობალური ფრაგმენტაციის” პერიოდის ოთხმოცდაათიანელებს, რომელნიც, სრულიად უსამართლოდ, ერთ ტაფაში არიან მოქცეულნი. Aარადა, ყველაზე ნიჭიერი და საიმედო ავტორები, ღვთის მადლით, საოცრად გამოირჩევიან ნაცრისფერ ფონზე. ზაზა შათირიშვილი ან ზედმეტად მკაცრია მათ მიმართ, ანდა, – ზერელედ იცნობს მათ შემოქმედებას (პირიქით კი უნდა იყოს, თუნდაც “გენერაციული” სოლიდარობის გამო).
    … “ჩვენს წინაშეა ვერშემდგარი “კონცეპტუალიზმი”.
    … ვერ ახერხებენ წინამორბედი პოეტების ესთეტიკურ სიმაღლეთა დაპყრობას.
    … “სტერილური ქართულის” მანკიერ ზეგავლენას ისინიც ვერ ასცდნენ.
    … ორიგინალური ლექსი თარგმანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
    … ყველა ზემოთ აღნიშნული პოეტი, ლამის უგამონაკლისოდ, საკმაოდ შეზღუდულად ფლობს ქართულ პოეტურ (და არა მხოლოდ პოეტურ) ენას.
    … სწორედ ცინიზმი და პოეტური ტრადიციის ცოდნა არ ყოფნით ჩვენს კონცეპტუალისტებს” და მისთანანი. ასეთია ავტორის დეკლარაციულ ბრალდებათა არასრული ნუსხა.

    ***
    ზაზა შათირიშვილი ქართულზე უფრო ხშირად ინგლისურ პარალელებს მიმართავს, მოიხმობს ინგლისელ ან ინგლისურენოვან ავტორებს და ავტორიტეტებს; მანვე აღმოაჩინა თანამედროვე ქართულ პოეზიაში “ინგლისურენოვანი სკოლა”, თუმცა არ დაუზუსტებია, რა იგულისხმება: ინგლისურის მცოდნე, ინგლისურიდან მთარგმნელი ქართველი პოეტები თუ ისინი, ვისი “ორიგინალური ლექსი თარგმანის შთაბეჭდილებას ტოვებს”. ყოველივე ეს, ცოტა არ იყოს, ბანალურ სნობიზმს წააგავს.
    ინგლისურ კვალს ეძიებს ავტორი რეზო გეთიაშვილის “მკვდრების მანიფესტში”: “ესაა ნამდვილი სამოქალაქო პოლიტიკური ლირიკა, რომელსაც ქართულ პოეზიაში სრულიად ახალი, გარკვეული აზრით, “ინგლისური” ინტონაცია შემოაქვს. “ინგლისურის” საფუძველი გასაგებია – ესაა მაჩაბლისეული შექსპირი, რომელიც რეზო გეთიაშვილის პოეზიაში შეუფარავად “ისმის”. …მაგრამ საქმე ისაა, რომ მაჩაბლისეული შექსპირი “მკვდრების მანიფესტში” “საკუთრივ შექსპირულად” ჟღერს – იმ ინტონაციით, რაც შექსპირის ერთი უმთავრესი “თვისებაა” – აფორისტული წყობის მედიტაციური პოლიტიკური რეფლექსია ძალაუფლებაზე. …გენიალურ მაჩაბელში იყო ეს შექსპირისეული პოლიტიკური პოტენციალი, რომელიც გეთიაშვილმა აიღო და “ახალ დროს” მოუცილებელი იარლიყი მიაწება”…
    80-იანი წლებიდან დღემდე, სამოქალაქო თუ პოლიტიკური სულისკვეთება გვხვდება სხვადასხვა თაობის ქართველ ავტორთა პოეზიაში, მხოლოდ მოძიებაა საჭირო. ასეც რომ არ იყოს, ეგებ, ზაზა შათირიშვილს “მკვდრების მანიფესტზე” ენაწყლიანი საუბრისას, ბესიკ ხარანაულის გახმაურებული ლექსი “მკვდრების სიმღერა” მაინც გახსენებოდა.
    მაჩაბლისეული შექსპირის “პოლიტიკური პოტენციალისა” რა მოგახსენოთ, მაგრამ პირადად მე “მანიფესტის” 14-მარცვლიანმა, ჯვარედინი რითმით გაწყობილმა სტროფებმა უფრო 10-20-იანი წლების არაკანონიკური ქართული სონეტის ჟღერადობა და ცისფერყანწელთა “სიმახინჯის ესთეტიკა” (“ვარდებით მოვა პროზექტურის სამი ტენორი”) გამახსენა, – ინტერტექსტუალური ჩანართებით (აკაკი, გალაკტიონი, ცისფერყანწელები, ირაკლი აბაშიძე…).

    ***
    რეზო გეთიაშვილს არავისთვის უთხოვია – “დიდ პოეტად მაქციეთო”; ვფიქრობ, რომ ღირსსაცნობი პოეტია, თუნდაც ასეთი მშვენიერი სტროფის გამო:
    საკუთარ თავს ვუვლი გარშემო, წლებია,
    მაგრამ მისასვლელი ვერ ვუპოვე,
    ათასუცნობიანს, უცნაურს, ათასათმცნებიანს.
    სიტყვები უკვე ზედიზედ ჭკნებიან და
    ყველა იმ ნანახის მეკუბოვე
    ვფიქრობ რომ ასეა, სიტყვებიც ჭკნებიან.

    ***
    ზაზა შათირიშვილი რომ ხელწამოსაკრავი ავტორი არ არის, ცნობილია. ამიტომაც მგონია, რომ ზემოხსენებული სტატიით “წაითამაშა”, იქნებ სატყუარაც კი გადმოგვიგდო, – ვნახოთ, რა მოხდებაო…

    P.S. სათაურის “ანალიტიკური ეპატაჟი” შოთა იათაშვილისაგან მაქვს ნასესხები, რის გამოც მადლობას ვუხდი “პოეზიისა და სიდიდეების” ავტორს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოლემიკა

    მარსიანი – გემოვნებათა ჭიდილი

    ზაზა შათირიშვილმა ჩვენი ლიტერატურული საზოგადოება სახტად დატოვა იმით, რომ ახალგაზრდა კაცი, რეზო გეთიაშვილი გამოაცხადა ახალი პოეტიკის შემქმნელ დიდ პოეტად, რომლის მოსვლასაც გალაკტიონის შემდეგ ელოდა თურმე. ჟურნალ “ცხელი შოკოლადი”-ს ლიტერატურული დამატების მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 ნომრებს, სადაც ზ.შათირიშვილის წერილი და მასზე გამოხმაურებანი დაიბეჭდა, დღეს ბევრი დაეძებს წასაკითხად: ალეკო ცქიტიშვილის პოლემიკური დიალოგი ზ.შათირიშვილთან (“დიალოგი მეილით”), შოთა იათაშვილის ასევე პოლემიკური წერილი “პოეზია და სიდიდეები”, ლაშა ბუღაძის პატარა პიესა-სკეტჩი “ვინ გაანაწყენა პოეტი?” და ანდრო ბუაჩიძის “მოკლედ ნათქვამი სიტყვა” – ჯერჯერობით ასეთია გამოხმაურებათა ნუსხა. ჟურნალის რედაქტორი მალხაზ ხარბედია “რედაქტორის გვერდში” აღნიშნავს, რომ ჯერ მხოლოდ პოეტები გამოეხმაურნენ ზ.შათირიშვილს, კრიტიკოსები კი სდუმან; არ ვიცი, ჩემი წერილი პოეტის წერილად ჩაითვლება თუ კრიტიკოსისა, მაგრამ ამ საინტერესო, ცხარე ლიტერატურულ ბატალიაში ჩართვა მეც ძალიან მომინდა: საკამათო ბევრია და რაკი შესაძლებლობა გვეძლევა, ვიკამათოთ (ამბობენ, კამათში იბადება ჭეშმარიტებაო).
    იმის განსჯას ვერ ვიკისრებ, ცდება თუ არ ცდება რ.გეთიაშვილის პოეზიის შეფასებაში ზ.შათირიშვილი: ისე კი, ვისაც რაიმე მოსწონს, მას მეტი შანსი აქვს მართალი იყოს, ვიდრე იმას, ვისაც იგივე “რაიმე” არ მოსწონს; აქ ალბათობის კანონი მოქმედებს: ვისაც მოსწონს, მან ალბათ დაინახა რაღაც მოსაწონი, რაც მართლა არსებობს (თორემ არარსებული რატომ უნდა მოსწონებოდა). ხოლო ვისაც არ მოსწონს, მან ალბათ ვერ დაინახა ის, რაც მოსაწონი იყო; რასაკვირველია, მომწონებელიც შეიძლება ცდებოდეს, რაღაცას აჭარბებდეს, მაგრამ არმომწონებლის შეცდომის ალბათობა მაინც მეტია: ამას პირადი გამოცდილებაც მალაპარაკებს: წლების განმავლობაში მიმტკიცებდნენ, რომ გიორგი კორნაპელი (კაპანაძე) დიდი პოეტია, მე კი არ მჯეროდა და ერთ საშუალო, ასე, ნონეშვილის დონის პოეტად მიმაჩნდა იგი: მიზეზი იმისა ის იყო, რომ იშვიათად, განსაკუთრებული გულისყურის გარეშე ვკითხულობდი მის ნაწარმოებებს, რომლებიც გარეგნული ეფექტებით ნაკლებად გამოირჩევიან; მერე და მერე დავფიქრდი – იქნებ მე ვცდები და არა ესენი, თორემ ასე დაჟინებით რატომ აქებენ, მოდი, უფრო საფუძვლიანად შევამოწმებ-მეთქი და დავიწყე გიორგი კორნაპელის წიგნების ინტენსიური კითხვა; ჰოდა ნელ-ნელა, წლების განმავლობაში ეს პოეტი ისე გაიზარდა ჩემს თვალში, რომ ახლა გალაკტიონის, ელიოტისა და რილკეს ტოლად მიმაჩნია.
    ზ.შათირიშვილს, რომელმაც თავის წერილში პოეტები ჯგუფებად დაჰყო და დაახარისხა (“დიდ” თუ “მცირე” პოეტებად, “მიჯნათშორისებად”, “ვერშემდგარ კონცეპტუალისტებად”, “ინგლისურენოვანი სკოლის პოეტებად”, “პოეტურ პოეტებად”), ოპონენტები საყვედურობენ, რომ მან არაერთი სახელი გამოტოვა, მაგალითად, შოთა ჩანტლაძე, ლადო ასათიანი, ლია სტურუა, ზაზა თვარაძე… (შეეძლოთ ამ “გამოტოვებულთა” სიისთვის დაემატებინათ ჯარჯი ფხოველი, ბათუ დანელია, მამუკა წიკლაური, ირაკლი ბაზაძე და ა.შ); საყვედურობენ იმასაც, რომ მან ზოგ პოეტს სათანადო პატივის მიგება დააკლო, ზოგსაც ზედმეტი პატივი მიაგო; არ ვიცი, იქნებ ეს საყვედურები სამართლიანობას მოკლებული არც იყოს, მაგრამ ზ.შათირიშვილის წერილის, ასე ვთქათ, ეშხი და მარილი სწორედ მის სუბიექტურობასა და ეპატაჟურობაშია (აკი შ.იათაშვილიც “ანალიტიკურ ეპატაჟს უწოდებს ამ წერილს”).
    რაღა თქმა უნდა, ზოგ რამეში ვერც მე დავეთანხმები ზ.შათირიშვილს: მაგალითად, არა მგონია, ფეშანგის ან თეიმურაზ პირველის წაუკითხაობამ ვინმეს ხელი შეუშალოს პოეტად გახდომაში; დიდი ნოვატორები – პაუნდი და ელიოტი თუ ჯონ დონსა და ჩოსერს კითხულობდნენ, ეს იმიტომ, რომ ჯონ დონიცა და ჩოსერიც დიდი პოეტები იყვნენ და მათი გვერდის ავლა მართლაც გაუმართლებელი იქნებოდა. ისე, ფეშანგი არც მე წამიკითხავს და რა ვიცი, იქნებ მართლაც არ არის ურიგო პოეტი… სამაგიეროდ, უფრო ადრინდელები – შავთელი და ჩახრუხაძე წამიკითხავს (მათ რატომღაც არ ახსენებს ზ.შათირიშვილი) და მომწონს მათი ოცმარცვლიანი ჩახრუხაული; მეტსაც ვიტყვი – ჩახრუხაძის ოდებს ფორმისეულ მონუმენტურობასთან ერთად ისეთი სიდიადე ახლავს პოეტური პათოსისა, რომ ზოგჯერ კინაღამ თვით რუსთაველსაც ამეტებს და იქნებ მართლა ჭკუასთან ახლოს იყოს ცალკეულ მკვლევართა ჰიპოთეტური მოსაზრება, რომ ჩახრუხაძე და რუსთაველი ერთი და იგივე პიროვნებაა..
    ზოგ რამეში კი ზ.შათირიშვილს ნამდვილად ვეთანხმები: დათო ბარბაქაძის პროზაული ოპუსი “ტრფობა წამებულთა” ჩემი გაუნელებელი აღტაცების საგანია და ძალიან გამეხარდა, ზ.შათირიშვილის სახით თანამოაზრე რომ გამომიჩნდა: ამ ნაწარმოებში ყველაფერი მხიბლავს – იუმორის უტყუარი გრძნობა, ძველი ტექსტების მახვილგონივრული პაროდირება, წერის დახვეწილი კულტურა, ესთეტიზმი.. არადა მთელი ოპუსის ღერძი ერთი ქართული უცენზურო სიტყვაა (კოიტუსის აღმნიშვნელი), მაგრამ რა ნატიფ იუმორისტულ გრადაციებს განიცდის ეს სიტყვა ტექსტში! Uუცენზურო სიტყვებით მანიპულირება, სკაბრეზი თავიდან ბოლომდე გასდევს ამ ნაწარმოებს, მაგრამ ეს ყველაფერი წუნდაუდებლად ესთეტიზირებულია, მხატვრულ ღირებულებად ქცეული; “ტრფობა წამებულთა” არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, “ოდიოზური შედევრი”: მიუხედავად იმისა, რომ ეს ალბათ ვერ მიეკუთვნება ე.წ. “სერიოზულ ლიტერატურას”, ჩემთვის მაინც ეს უნიკალური ტექსტი უფრო ღირებულია, ვიდრე არაერთი ნიჭიერი მწერლის მთელი შემოქმედება.
    “დიდ” და “მცირე” პოეტთა შათირიშვილისეული მაახასიათებლები კი ზოგ შემთხვევაში ჩემთვის საკმაოდ ბუნდოვანია: მართალია, “დიდ” პოეტს თავისი ორიგინალური პოეტიკა უნდა ჰქონდეს, “მცირე” კი, ჩვეულებრივ, უკვე არსებული პოეტიკის ფარგლებში რჩება, მაგრამ არც თუ იშვიათად, საქმე სრულიად სხვაგვარადაა: პოლ ვალერი, მაგალითად, მალარმეს მიმდევარი იყო, მის პოეტიკას არ გასცდენია (თვითონვე აღიარებდა ამას), მაგრამ მალარმეზე არანაკლებ დიდ პოეტად დარჩა ფრანგულ ლიტერატურაში; არც ედგარ პო მიიჩნევა მაინცდამაინც განსაკუთრებულ ნოვატორად ინგლისურენოვანი პოეზიისა, მაგრამ მსოფლიო რანგის შედევრები კი დაწერა; ხოლო ზოგი “ნოვატორი”, ფორმისეულ თუ თემატურ სიახლეთა შემომტანი, შეიძლება საშუალო რანგს ვერ ასცდეს (არის ამის მაგალითები დღევანდელ ქართულ პოეზიაშიც), მაგრამ იქნებ რომელიმე პოტენციური გენიოსისთვის მისი ნოვაციები შედევრების საშენ მასალად გამოდგეს… ამ ნათქვამის პირდაპირ დამადასტურებელი მაგალითები აქ ვერ მომყავს (დავუშვათ, არ მახსენდება ასე სახელდახელოდ), მაგრამ ეს ხომ ჩემი ორიგინალური მოსაზრება არ გახლავთ, ჩემამდეც არაერთგზის თქმულა საქმეში ჩახედული ხალხის მიერ და ალბათ დასაბუთებულადაც; არ ვიცი, ვისი ნათქვამია, მაგრამ კარგად, “დაწურულად”, ფორმულასავით ნათქვამი კია: “ნოვატორების მიერ მიგნებული ხერხები უნდა გაცვდეს, რათა მათ ახალი სიცოცხლე გენიამ მიანიჭოს” (იქნებ ზუსტად ვერ მომყავს ციტატა, რაკი მეხსიერებას ვეყრდნობი). ისე, გალაკტიონი რომ არაიშვიათად პირდაპირ “ძარცვავდა” მასთან შედარებით მოკრძალებული რანგის პოეტებს, იქნებ ესეც რამდენადმე (თუნდაც არაპირდაპირ და არაზუსტად) ადასტურებდეს ზემოთთქმულს…
    ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მაინცდამაინც პოეტების შათირიშვილისეულ ჯგუფებად დაყოფასაც ვერ ავუღე ალღო, თუმცა, შესაძლოა, ეს ჩემი ბრალიც იყოს, რაკი ამ პოეტთა შემოქმედებას (ზოგთა გამოკლებით) არც ისე საფუძვლიანად ვიცნობ; მაინც, ეტყობა აქ ბევრი რამაა საკამათო და დასაზუსტებელი, რადგან შ.იათაშვილიც (ჩემზე უკეთ რომ იცნობს აქ ჩამოთვლილ პოეტთა უმეტესობის, განსაკუთრებით 90-იანელთა შემოქმედებას) არ ეთანხმება კრიტიკოსის მიერ ამა თუ იმ პოეტის ამა თუ იმ ჯგუფში გაერთიანებას; ხოლო რაც შეეხება ცალკეულ პოეტთა “გამოტოვებას”, რის გამოც საყვედურობენ ზ.შათირიშვილს ოპონენტები, ზემოთაც ვთქვი, რომ თვითონაც არაერთი პოეტი “გამორჩათ”, რომელთაც ხელახლა აღარც მე ჩამოვთვლი; მითუმეტეს თავს ვიკავებ ისეთი პოეტების დასახელებისაგან, რომელთაც საერთოდ (ან თითქმის) არ იცნობს ლიტერატურული საზოგადოება, თუმცა კი იმსახურებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და თავის დროზე, როცა მათი საფუძვლიანად წარმოჩენა-პოპულარიზაციის ჟამი დადგება, იქნებ ბევრი რაიმეს (თუ ვინმეს) ახლებურად დანახვა, შეფასება-გადაფასება თუ დახარისხება-დაჯგუფება მოუხდეთ კრიტიკოსებს… თავს ვიკავებ ლიტონი დასახელებებისაგან, იმიტომ, რომ კარგად ვიცი (საკუთარი გამოცდილებით), როგორ გულისშემაღონებლად მოქმედებს ლიტერატურულ სამყაროში უცნობი სახელების, ასე ვთქვათ, “გამოჯირითება”; რეაქცია დაახლოებით ამგვარია: ვინაა ეს ხალხი, საიდან გამოტყვრნენ, ვის დაკარგვიან?! Uუცნობი სახელი ხომ თითქმის ყოველთვის გარდაუვლად ასოცირდება დილეტანტობასთან, უნიჭობასთან, პროვინციალიზმთან. ჰოდა ამგვარ ლიტერატურულ საზოგადოებაში, სადაც თვით გალაკტიონის “სოფლელობაზეც” კი შესაძლებელია ვინმემ მანიპულირება მოახდინოს თვითდამკვიდრების მცდელობისას, განა შესაძლებელია არათუ უცნობ, არამედ თუნდაც ცნობილ ავტორებზე ობიექტური აზრი შემუშავდეს და დადგინდეს? შ. იათაშვილი წერს: “რაც არ უნდა ამტკიცოს, მაინც ვერ დაამტკიცებს ზაზა შათირიშვილი, რომ რეზო გალაკტიონივით (დიდი) პოეტია”.. მართალია, შ.იათაშვილი ამას გარკვეული მიზეზებით ხსნის, მაგრამ თუნდაც ეს მიზეზები გამოვრიცხოთ, ალბათ ბევრი არაფერი შეიცვლება, ვერავინ ვერაფერს “დაამტკიცებს” იმგვარ ვითარებაში, როგორიც დღესაა – კრიტერიუმების ლამის სრული მოშლა, ანარქია და განუკითხაობა, კიჩის არნახული მოძალება. “დამტკიცებაზე” გამახსენდა – ნაირა გელაშვილმა გიორგი კორნაპელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ჩემი წერილი “ჟამიერების მძლეველი” რომ წაიკითხა, მითხრა: “შენ ვერ ამტკიცებ, რომ კორნაპელი გენიოსიაო”. ალბათ მართლაც ასეა, თუმცა კი მცდელობა არ დამიკლია, ზოგი ნაწარმოები დეტალურადაც კი გავაანალიზე შესაძლებლობის ფარგლებში; 2006 წელს “კავკასიური სახლის” მიერ გამოცემული ანთოლოგიის (“ქართული პოეზია საუკუნეთა მიჯნაზე XX-XI საუკუნეები”) წინასიტყვაობაში შოთა იათაშვილი წერს: “ლიტერატურულ წრეებში, შიდამწერლურ საუბრებში სულ უფრო იკვეთება აზრი, რომ ბესიკ ხარანაული უკვე დიდი პიეტია ამ სიტყვის ყველაზე მაღალი გაგებით, იკვეთება აზრი, რომ ისაა ის, ვინც გალაკტიონის შემდეგ უნდა მოსულიყო და ქართული პიეზიისთვის კიდევ ერთხელ მოეძებნა სრულიად ახალი სადინარი”. ზ.შათირიშვილთან გამართულ პოლემიკაშიც შ.იათაშვილი ბესიკ ხარანაულს ასახელებს იმ პოეტად, რომელიც ზ.შათირიშვილისთვის განსაკუთრებით საყვარელი სიმბოლისტებისგან განსხვავებით, გამორჩეული და ღირებული შემოქმედია არა არტისტიზმითა და მუსიკალობით, არამედ “სათქმელის თუ ფიქრის ინტონაციით”. ბ.ხარანაულის პოეზიით დაინტერესებულებს შ.იათაშვილი ურჩევს წაიკითხონ ჟურნალ “ალტერნატივა”-ს 2004-2005 წლების ნომრებში დაბეჭდილი ნაირა გელაშვილის წერილების ციკლი “თანამედროვედ ყოფნის ნიშნები”. ამ ციკლში საფუძვლიანად არის გაანალიზებული ბ.ხარანაულის პოეზია; ნ.გელაშვილი “ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამედროვე ქართველ პოეტად” აღიარებს ბ.ხარანაულს. თუმცა ალბათ ცალსახად “დამტკიცება” იმისა, რომ ბ.ხარანაული ნამდვილად ის პოეტია, რადაც მას ნ.გელაშვილი, შ.იათაშვილი და არაერთი სხვაც მიიჩნევს, მაინც ნაკლებად შესაძლებელია, რადგან არსებობენ ამ აზრის მოწინააღმდეგენიც; ეგ კი არა, თვით გალაკტიონის გენიალობაც არ გახლავთ აბსოლუტურად “დამტკიცებადი”, ვიღაცა ალბათ ამის წინააღმდეგიცაა: მაგალითად, კოლაუ ნადირაძემ 90 წელზე მეტხანს იცოცხლა, მაგრამ ვერასოდეს ვერავინ დაუმტკიცა მას, რომ გალაკტიონი გენიოსი იყო: არ უნდოდა იმ კაცს ამის დაჯერება და ძალაა?
    შ.იათაშვილი სვამს რიტორიკულ კითხვას: “სადაა ჭეშმარიტი ქართული პოეზია, იქ, სადაც თუნდაც ძალიან კარგი ერზაცები იქმნება, თუ იქ, სადაც თვისობრივად სულ სხვა რამ ხდება?”
    თავისთავად ცხადია, ერზაცებს “სულ სხვა რამ” გვირჩევნია, ოღონდ ის “სულ სხვა რამ” ერზაცზე ღირებული უნდა იყოს.
    ოღონდ ვისთვის რა არის ერზაცი და რა კიდევ ჭეშმარიტი ღირებულება, ესაა საკითხავი: ჩვენ რაც არ უნდა ვატრიალოთ ცალკეულ პოეტთა სახელები და რაც არ უნდა ვაჯგუფოთ-ვახარისხოთ ისინი, ამით ბევრი არაფერი გაირკვევა; ეგ კი არა, როგორც უკვე ითქვა, ხშირ შემთხვევაში დეტალური ანალიზიც კი არ კმარა.. თითქმის გამოუვალი მდგომარეობაა, რადგან მხოლოდ პოეზიამ კი არ განიცადა ფრაგმენტაცია (როგორც ზ.შათირიშვილი ასკვნის), არამედ გემოვნებამაც; ოდნავ მაინც რომ მივუახლოვდეთ ჭეშმარიტებას, ალბათ ჩვენთვის მოსაწონი პოეტების შემოქმედებიდან შედევრები უნდა გამოვარჩიოთ (თუ აქვთ, რასაკვირველია) და ამ შედევრებზე მოვახდინოთ ჩვენი ანალიტიკური შესაძლებლობების მაქსიმალური კონცენტრირება; თუმცა მე ხომ ესეც ნაცადი მაქვს და განსაკუთრებულ შედეგს მაინც ვერ მივაღწიე: გიორგი კორნაპელის პოემა “ნარცისს”, რომელიც ელიოტის “უნაყოფო მიწისა” თუ რილკეს “დუინური ელეგიების” ბადალ შედევრად მიმაჩნია, ცალკე წერილი ვუძღვენი, სათაურით “შედევრი”, მერე ამანაც არ დამაკმაყოფილა და გ.კორნაპელის პოეზიისადმი მიძღვნილ წერილში “ჟამიერების მძლეველი” ისევ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე “ნარცისს”: მისი, როგორც პოემა-სიმფონიის მუსიკალური სტრუქტურა საკმაოდ დაწვრილებით, თავიდან ბოლომდე, მრავალრიცხოვანი ციტატების მოტანით გავაანალიზე.. კიდევ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა? რა და აუდიტორიის წინაშე ტექსტის რეჩიტატიულ-მელოდიური დეკლამირების ხერხს მივმართე (ძველი აედებისა თუ რაფსოდების დარად), რათა იქნებ უშუალო-ემოციური შემოქმედებით მომხდარიყო მსმენელთა ზიარება ჩემი რჩეული პოეტის შემოქმედებასთან… მაგრამ ამ “მეთოდის” გამოყენების საშუალება ნაკლებად მეძლევა, უფრო ხშირ შემთხვევაში ადამიანებს არ სურთ მომისმინონ. აქ, ეტყობა, სხვა ფაქტორებთან ერთად “უცნობი სახელისადმი” წინასწარი უარყოფითი განწყობა მოქმედებს დამაბრკოლებლად.
    მე პირადად მჯერა, რომ მომავალში მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის “ანი და ჰოე”-დ გალაკტიონისა და კორნაპელის შემოქმედება იქნება მიჩნეული; თუმცა მათ გვერდით (თუ მათ შორის) სხვა დიდი პოეტების არსებობას როდი გამოვრიცხავ: პირიქით, უკვე გამჟღავნებულ “დიდთა” გარდა კიდევ ათიოდე პოეტი მეგულება, ვისთვისაც “დიდი პოეტის” ტიტული სულაც არ იქნებოდა ზედმეტი..
    კი მაგრამ, მაინც რამდენი დიდი პოეტი ჰყავს საქართველოს?
    ბევრი, ძალიან ბევრი: ალბათ დაახლოებით იმდენი, რამდენი დიდი მხატვარიც იტალიას, ან რამდენი დიდი მუსიკოსიც გერმანიას ჰყავს!
    საქართველო მართლაც პოეტების ქვეყანაა…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოლემიკა

    შოთა იათაშვილი – პოეზია და სიდიდეები

    გამომცემლობა “მერიდიანმა” 2007 წელს რეზო გეთიაშვილის “Artყვავილების” მეორე ვერსია დაბეჭდა. “კავკასიური სახლის” მიერ გამოცემული 2004 წლის “Artყვავილების” პირველი ვერსიისაგან იგი თითქოს ბევრი არაფრით განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ლექსები ამოკლებულია, რაღაც – რა თქმა უნდა დამატებული, და რაც წიგნის პრეზენტაციაზეც ბევრჯერ აღინიშნა – განსხვავებულია ლექსების დალაგების პრინციპიც. მიუხედავად ამისა, ახალ კრებულს მაინც აქვს თავისი თვისობრივი სიახლე, და ეს თვისობრივი სიახლე მისი ბოლოსიტყვაობაა – შეთხზული საყურადღებოდ მოაზროვნე და მჭევრმეტყველი ზაზა შათირიშვილის მიერ – სადაც თანამედროვე ქართული პოეზიის სპექტრში ორი დიდი პოეტის თამამად გამორჩევის გარდა არის მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის მთელი პოეტური პროცესის კონცეპტუალური ანალიზის მცდელობა. ყოველი ასეთი ლიტერატურული ძალისხმევა გასახარია, მით უმეტეს, თუკი იგი არ მიუყვება გაკვალულ ბილიკებს და ცდილობს ახალი ხედვა დაამკვიდროს. სწორედ ესაა ცოცხალი ლიტერატურული პოლემიკის დაწყების ერთ-ერთი ყველაზე კარგი შესაძლებლობა, თუმც აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზაზა შათირიშვილის ტექსტი რამდენადაც ანალიტიკურია, იმდენადვე ეპატაჟურიცაა, რის გამოც თითქოსდა ბოლომდე სერიოზულად არც უნდა მიუდგე მას, მაგრამ რაკი არცთუ სისხლსავსე ქართულ ლიტერატურულ გარემოში ეს ანალიტიკური ეპატაჟი შედგა, იგი რაღაცნაირად გიბიძგებს, ამ სტატიის მიმართ საკუთარი მოსაზრებები არანაირად არ დამალო და ასევე ღიად გამოხატო.
    თავიდანვე, Dდა თუ საჭირო გახდა, ბიბლიაზე ხელის დადებითაც კი უნდა ითქვას, რომ პოლემიკის საბაბი სულაც არაა ის, რომ შოთა იათაშვილი იქ “შეუმდგარ კონცეპტუალისტადაა” გაკვრით ნახსენები საკმაოდ ჭრელ, თუმც ძირითადად შინაგანად ახლობელ ჯგუფთან ერთად. პოლემიკის მიზეზი, – და არავითარ შემთხვევაში საბაბი, – არის ის, რომ იგი, მიუხედავად პოეტობისა (თუ პროზაიკოსობისა – ვინაიდან პროზაიკოსობასაც აქვს მნიშვნელობა ზაზა შათირიშვილის ამ ანალიტიკურ ეპატაჟში) საკმაო ხანია, ანუ დაახლოებით 10 წელია, რაც ქართული ლიტერატურისა და უფრო ხშირად, პოეზიის შესახებ კრიტიკულ წერილებს წერს – ერთი სიტყვით, ცდილობს, იყოს ანალიტიკოსი, თუმც, რამდენად გადასდის ზოგიერთებივით ანალიზი ეპატაჟში, ეს უკვე მკითხველმა უნდა განსაჯოს…
    მივადგეთ სათქმელს: ზაზა შათირიშვილის სტატიის ერთ-ერთ მთავარ ტერმინში – მიჯნათაშორისში – ანუ გალაკტიონიდან 90-იანელებამდე მოხვედრილ აბსოლუტურად განსხვავებულ ქართველ პოეტთა გრძელ სიაში (ანა კალანდაძიდან ანდრო ბუაჩიძემდე), ისეთი პოეტიც კი “რიგითია”, როგორიცაა ბესიკ ხარანაული. სტატიის ბოლოს კი “რიგითობას” თავს აღწევს და ბოლო პოეტური კრებული-ტრამპლინიდან შესრულებული ერთი ნახტომით “დიდპოეტობაში” გადადის ის პოეტი, რომელიც ავტორისავე სიტყვებით რომ ვთქვათ, აქამდე “საგულისხმო მიჯნათაშორისი” იყო. ცხადია, ასეთი არაორდინარული ხედვა საინტერესოა, მაგრამ საფუძვლიან შემოწმებასაც საჭიროებს. თუმც შემოწმება ვერანაირად ვერ შედგება, თუკი კარგად არ გავიაზრებთ კრიტიკოსის გლობალურ პოეტურ ხედვას, ესთეტიკას, უფრო გლეხურად რომ ვთქვათ, გაგებას. ზაზა შათირიშვილი პოეზიაში მუდამ სიმბოლისტებს იკვლევდა: ქართულში, რუსულში (ფრიად აქტიურად), თუ არ ვცდები, უცხოენოვანშიც… სიმბოლისტებისშემდგომ პოეზიას იგი ალაგ-ალაგ, ხამუშ-ხამუშ ეხებოდა, ამიტომ ძნელია ითქვას, რომ იგი მიმდინარე ლიტერატურული პროცესის დამკვირვებელი თვალი იყო. ამის პრეტენზია მას არც ჰქონია. ყოველთვის აღიარებდა, რომ რაღაც არ აკმაყოფილებსBთანამედროვე ქართულ პოეზიაში, და ჩემთვის სრულიად გასაგებია ის აღტკინება, რა აღტკინებითაც მან დაწერა ის წერილი, რომელშიც, როგორც იქნა, შესაძლებლობა მიეცა, ხოტბა შეესხა იმ ტიპის პოეტისთვის, რომელსაც დიდი ხანი ელოდა და ძლივს ეღირსა. თუმცა აქვე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მის ტექსტში თავისთავად იკითხება, რომ ასეთ პოეტს უშუალოდ ის (და შესაძლოა, მისი სამეგობრო) ელოდა, და არა მთელი საქართველო.
    ანუ ელოდა, რომ პოეზია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტაფიზიკური მოვლენა, კიდევ ერთხელ გაცხადებულიყო, როგორც არტისტიზმისა და მუსიკალობის ერთგვარი ნაჯვარი. რა თქმა უნდა, ათასნაირი პოეზია არსებობს და ზაზას ეს ყველანაირი პოეზია ალბათ წაკითხული, შეფასებული და გადაფასებულიც აქვს, თუმც იდეალი პოეზიისა მისთვის მაინც სიმბოლიზმში იყინება. ესაა მისი გულის პოეზია, სხვა კი ტვინის, გენიტალიებისა თუ სხეულის სხვა ნაწილებისა. სათქმელის თუ ფიქრის ის ინტონაცია, რაც, მაგალითად, ბესიკ ხარანაულს მოაქვს, ეტყობა მის გულს ნაკლებად ხვდება, არადა არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც სწორედ ხარანაულის, და არა ძველი თუ ახალი სიმბოლისტების კითხვაა მნიშვნელოვანი სულიერი აქტი (ვისაც ხარანაულის პოეზიის ღრმა და სხვადასხვა რაკურსებიდან გაკეთებული ანალიზი აინტერესებს, ვურჩევ, 2005 წლის “ალტერნატივას” ნომრებში წაიკითხოს ნაირა გელაშვილის წერილების ციკლი “თანამედროვედ ყოფნის ნიშნები”).
    იმას, რასაც მე ცოტა ხნის წინ გული ვუწოდე, ხშირად გემოვნებას არქმევენ და სწორედ ეს იწვევს განაწყენებებს. “როგორ, მე უგემოვნო ვარ, ასეთი ინტელექტუალი, ასეთი კულტუროლოგი?” მახსენდება, ორიოდე წლის წინ, ხანგრძლივი, ცხარე პოლემიკის შემდგომ საბოლოოდ როგორ დავასკვენი და მაშინათვე მოურიდებლად განვუცხადე ერთ-ერთ მსგავს პერსონას, რომ მიუხედავად ყველაფრისა (მათ შორის ერთ-ერთ ქართველ კლასიკოს პოეტზე დაწერილი მონოგრაფიისა), მას არანაირად არ ესმის თანამედროვე პოეზია, და მან ოდნავი სიმორცხვით გამიმხილა, რომ ცოტა ხნის წინ ზუსტად ასეთივე სიტყვებით შეამკო იგი “მიჯნათაშორისშიც” კი არმოხსენიებულმა საკულტო პოეტმა ლია სტურუამ. ასეთი შეფასებები მენიშნა, და არა იმიტომ, რომ მე და ლია სტურუა მაგრები ვართ, ისინი კი უნიჭოები. არა, – უცებ სულ სხვა რამ დავინახე: თანამედროვე, მოდური ყაიდის მოაზროვნეები, რომელთაც ეტყობა გადატვირთული სააზროვნო პროცესების გამო თავიანთთვის ერთი საკრალური, დასასვენებელი სივრცე აქვთ შემონახული, რომელსაც ეწოდება პოეზია და საიდანაც, რამდენადაც შესაძლებელია, გამოძევებულია სათქმელი და დატოვებულია მხოლოდ თვალის (თუ ყურის) მომჭრელი ხატები, მათემატიკურად ზუსტი ჰარმონია, მხოლოდ და მხოლოდ ფორმალისტური სიგიჟეები და ა.შ. შეიძლება არც თუ ისე იშვიათად, ეს ტექსტები დრამატული ან ტრაგიკულიც კია, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მოკაზმულია, და სწორედ ეს მოკაზმულობაა ის მაგნიტი, რაც მათ იზიდავთ და რის ტყვეობაშიც ვარდებიან. მსგავსი სიტყვაკაზმულობა (ხანდახან გაპრანჭულობაშიც კი გადასული) დიდ პოეტებში უკვე სულ სხვა სახეს იღებს და თითქმის ყველასთვის მომნუსხველი ხდება, მაგრამ ზაზასნაირ მკითხველში, როგორც ის თავადაც აღნიშნავს, მხოლოდ დიდი პოეტი აღარაა “დიდი”, მისთვის ძირითადი ვერსიფიკაციული წესების კარგი დამცველი ყველა საშუალოც შესაძლოა “დიდი” იყოს. სწორედ ამ გულწრფელი პრიმიტიული პოზიციიდანაა დაწერილი ზაზა შათირიშვილის ბოლოთქმა რეზო გეთიაშვილის წიგნისა, რომელიც მართლაც შესანიშნავად ფლობს იმ პოეტურ უნარებს, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, რაც არ უნდა ამტკიცოს, მაინც ვერ დაამტკიცებს ზაზა შათირიშვილი, რომ რეზო გალაკტიონივით (დიდი) პოეტია… არტისტიზმის ხარისხი ერთმანეთს რომც არ შევადაროთ, იმის შედარებაც იქნება საკმარისი, თუ რის თქმას ახერხებს ერთის ლექსები, და რის – მეორე. ანუ, გეთიაშვილის არტისტიზმი ჰაერში ეკიდება და რჩება ეგზისტენციალური ვიბრაციების გარეშე, გალაკტიონის ფორმალისტური სიგიჟეები კი სწორედ იმიტომ იმკვიდრებს ქართველი ხალხის ცნობიერებაში ადგილს, რომ ყოველთვის არა, მაგრამ საკმაოდ ხშირად უნიკალურ ჟღერადობებში ჩასმულ ეგზისტენციებს წარმოადგენს. პოეზიისადმი ამ ვიწრო დამოკიდებულებას კიდევ უფრო აზუსტებს ორი სიტყვაუხვი აბზაცი კიდევ ერთი პოტენციურად დიდი პოეტის, რატი ამაღლობელის მართლაცდა შესანიშნავი პროსოდიული სმენის შესახებ, რამეთუ იგი კვლავაც კრიტიკოსის ცალმხრივ გადახრას აზუსტებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ტიპის პოეზიის მიმართ.
    ვიცი, ახლავე გაჩნდება პროტესტი: “კრიტიკოსს სულ სხვა რამის გამოკვეთა სურდა, თქვენ კი კვლავაც ის გვაუწყეთ, რომ გალაკტიონს ვერავინ შეედრება… ნაცნობი და მოსაბეზრებელია მსგავსი არგუმენტები…” კი ბატონო, არის ამაში რაღაც მართალი და მე ნამდვილად არ მინდოდა, ზაზას მიერ რუდუნებით შექმნილი დიდი პოეტის ახალი სურათ-ხატი ძველისძველი მეთოდებით გამენადგურებინა, მაგრამ რა ვქნა, როცა ჩემი მიდგომა რეზოს პოეზიისადმი აბსოლუტურად საპირისპიროა: მე ვფიქრობ, რომ ის, რაც რეზომ აქამდე შექმნა, თითქმის ბოლომდე ამოწურა და გააფორმა, როგორც პირველი, მეტად საინტერესო ეტაპი საკუთარი Aშემოქმედებისა, უკვე აღარ იძლევა თვისობრივი წინსვლის საშუალებას, და აქედან გამომდინარე, იმედიანად ველი, თუ როდის ამოხეთქავს მასში რაღაც სხვა, გაჩნდება ახალი ინტონაცია, ახალი თემატიკა, ახალი მიდგომა პოეზიისადმი, და ის გამოცდილება, რაც მასში დაგროვდა, რეზო გეთიაშვილის ახალ, უხილავ თუ ხილულ სიღრმეებში წასულ პოეზიად ტრასფორმირდება. Mმაგრამ ზაზა შათირიშვილის სტატიის გამოისობით ეს ლოდინი შესაძლოა ამაო აღმოჩნდეს, ვინაიდან დიდია შანსი, მან “დიდი პოეტის” იმიჯს მიაჯაჭვოს პოეტი და ახალი გზების ძიების წყურვილი ერთი ადგილის საფუძვლიანი ტკეპნით შეუცვალოს.
    ბოლოთქმაში დასახელებულია კიდევ ერთი თანამედროვე დიდი პოეტი, – გივი ალხაზიშვილი – რომლის ბოლო პერიოდის კონვენციური ლექსები ჩემი აზრით გაცილებით სათქმელიანია, ვიდრე გეთიაშვილის, თუმც ფორმა აშკარად არაგალაკტიონისებურია, მეტიც, ერთფეროვნად დაბალანსებული, თუმც დიდი ხელოსნობით, ოსტატობით გაკეთებული. ამავე დროს, ლელა სამნიაშვილსაც რომ შევეშვათ, აშკარად ზვიად რატიანზე უფრო სტერილური ქართულით დაწერილი, არადა “ბოლომდე ვერშემდგარი ფრაგმენტირებული 90-იანელების ერთ-ერთი სკოლის” (“ინგლისურენოვანის”) მთავარ ნაკლად ზაზა შათირიშვილი სწორედ სტერილურობას მიიჩნევს. ცხადია, ჩემი ამ დებულების მტკიცება ხანგრძლივ პარალელურ ანალიზს მოითხოვს, მაგრამ რაკი ზაზამ უფლება მისცა საკუთარ თავს არგუმენტაციების გარეშე (თუ არ ჩავთვლით რეზო გეთიაშვილის პოეზიის ანალიზს) დაელაგებინა მთელი ნახევარსაუკუნოვანზე მეტი ხნის ქართული პოეზია, ამჯერად მეც მაინცდამაინც ნუ მომთხოვთ გამოწვლილვით ანალიზს, უბრალოდ, ჩემს ადეკვატურ კონტრდებულებად მიიღეთ, რომ გივი ალხაზიშვილი უფრო სტერილურია, ვიდრე ზვიად რატიანი, და თუ ასეა, და თუ სტერილურობა ნაკლია, რანაირადღაა იგი დიდი?
    მაგრამ აჯობებს თავიდან მივყვეთ ზაზას ჯგუფებს: პირველი ჯგუფი “ვერშემდგარი “კონცეპტუალისტების ჯგუფია, რომელიც კალამბურსა და უხვსიტყვაობას შორის ირყევა (დავით ჩიხლაძე, დათო ბარბაქაძე, შალვა ბაკურაძე, მამუკა ლეკიაშვილი, კოტე ყუბანეიშვილი, დავით რობაქიძე, შოთა იათაშვილი და სხვ.)”. კალამბური გასაგებია – ყუბანეიშვილი. ყველაზე მეტად უხვსიტყვაობა დათო ბარბაქაძეს სჩვევია, მაგრამ სხვები? ვერანაირად ვერ ვხვდები, სად უნდა განვათავსოთ, ან რითი გვანან ერთმანეთს დანარჩენები, ან თუნდაც ისინი, “და სხვ.”-ში რომ მოხვდნენ. კი ბატონო, კონცეპტუალისტია დავით ჩიხლაძე, მაგრამ რაის კონცეპტუალისტი დაინახეთ შალვა ბაკურაძეში? და თუ “პოეტურ პოეტებში” მოხვდა ელა გოჩიაშვილი, რომელიც სწორედაც რომ სრულიად სხვანაირად პოეტურია, რატომ არ მოხვდა ამ შემადგენლობაში თუნდაც ხანდისხან სიტყვაუხვი ბაკურაძე? “პოეტური პოეტის” ტავტოლოგიური დეფინიცია გაგა ნახუცრიშვილისადმი ინტუიტიურად გასაგებია, მაგრამ რომელი “პოეტური პოეტია” ნიკა ჯორჯანელი, რომელიც ჯობს თვისობრივად რატიანისა და სამნიაშვილის ჯგუფს უფრო მიაკუთვნო, თუმც იმ განსხვავებით, რომ მასთან “პოეტური კულტურა” ძირითადად, ინგლისურენოვანი კი არა, გერმანულენოვანი და რუსულენოვანი პოეზიიდან მოდის?
    იმაზე უკვე აღარაა საუბარი, რომ თანამედროვე პოეტური გარემოს შემქმნელი ზოგიერთი ავტორი საერთოდ არაა დასახელებული – მაგალითად, კარლო კაჭარავა და ზაზა თვარაძე მთელი მათი საოცარი და სამწუხაროდ უკვე დასრულებული შემოქმედებით, ან გიორგი ლობჟანიძე ბოლო პერიოდის ლექსებით, რომლებიც რადიკალიზმის იშვიათად სწორი გაგებით სხვათა ზედაპირული რადიკალიზმისაგან ფრიად გამოირჩევა.Aაქვე უპრიანი იქნება გავიხსენოთ კიდევ ერთი ბრალდება, წაყენებული სამივე მიმართულების პოეტების მიმართ: ის, რომ “ისინი თითქოს არ იცნობენ იმ პოეზიას, […] რომლის ენაზეც წერენ, ან, თუ იცნობენ, – საკმაოდ მცირე დოზებით – იცნობენ მხოლოდ ფრაგმენტებს”. საიდანაც თურმე გამომდინარეობს, რომ “ყველა ზემოთ აღნიშნული პოეტი, ლამის უგამონაკლისოდ, საკმაოდ შეზღუდულად ფლობს ქართულ პოეტურ (და არა მხოლოდ პოეტურ) ენას.” შორს რომ აღარ წავიდეთ და თითოეულ პოეტს ცალ-ცალკე პოეტური უნარ-ჩვევების ტესტები არ ჩავუტაროთ, ბარემ ისევ “და სხვ.”-ში მოხვედრილი ზაზა თვარაძე გავიხსენოთ, რომლის განუმეორებელი პოეტური სიგიჟე მუდამ კლასიკური ქართული ლიტერატურისა და პოეზიის უბადლო და ღრმა ცოდნას ეყრდნობოდა.
    სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ზაზა შათირიშვილის კონცეფცია იმის შესახებ, რომ სამოქალაქო პოეტური ლირიკა მხოლოდ და მხოლოდ ახალ მილენიუმში დაწერილი რეზო გეთიაშვილის “მკვდრების მანიფესტით” იწყება. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, იმიტომ რომ სამოქალაქო პოეტური ლირიკა იყო 90-იან წლებში თითქმის მთელი “რეაქტიული კლუბი”, “ანომალიური პოეზია”, ბადრი გუგუშვილი, კარლო კაჭარავა (ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ამ თვალსაზრისით) და ბევრი სხვა პოეტიც. 21-ე საუკუნეში მას Aახალი, მკვეთრი ინტონაციები შესძინა ნაირა გელაშვილმა, ასევე, დღევანდელი სამოქალაქო პოეტური ლირიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა ზურაბ რთველიაშვილი, თუმც ძველ თემას რომ დავუბრუნდეთ, ეს ლირიკა იყო და არის არცთუ გაპრანჭული, ზაზა&company-ს კი სამოქალაქო ლირიკაც კი გაპრანჭული, ანუ უფრო კულტურულად რომ ვთქვათ, უსაზღვროდ ესთეტიზებული სურს და აქედან გამომდინარე, მის საწყისს მხოლოდ რეზოს კარგ, მაგრამ ერთ რიგით ლექსში ხედავს…
    და მგონი მივაღწიეთ როგორც იქნა მთავარ შეკითხვას: სადაა ჭეშმარიტი ქართული პოეზია, იქ, სადაც თუნდაც ძალიან კარგი ერზაცები იქმნება, თუ იქ, სადაც თვისობრივად სულ სხვა რამ ხდება?
    შეკითხვა რიტორიკულია, მაგრამ მას ამ წერილში ვერანაირად ვერ ავცდებოდით. საზომებმომარჯვებული პოეტებისა და კრიტიკოსების საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდეს, სწორედ ისინი მიაჩოჩებენ ნელი-ნელა უკეთესობისაკენ საკუთარ ეროვნულ პოეზიებს, მაგრამ ეს ჩოჩიალი მაინც პრინციპულად არაფრისმომცემემია, სანამ ახალი პოეტური გულისცემის ბესიკ ხარანაული ან ანდრო ბუაჩიძე არ დაიბადება (რომელი მიჯნათაშორისია ანდრო, როცა მისი კაეშანი სრულიად განსხვავებული ინტონაციის მიუხედავად, მაინც ტერენტი გრანელის კაეშნის გრადაციას უსწორდება უსიტყვოდ?)… და საერთოდ, ავტორი და სათქმელი ბევრია, ხანდისხან გგონია, რომ ვერც აუხვალ და ამის გამო ღონეც გეცლება, პასიური ხდები, მაგრამ რაღაც მომენტში რატომღაც მაინც იჯერებ ხოლმე, რომ მოკლე სიტყვითა და არგუმენტებით გადახუნძვლის გარეშეც შესძლებ იმის თქმას, რაც გულისგულში მოხვდება მკითხველს და ზედმეტ დასაბუთებებს უკვე აღარ მოითხოვს…
    და თუკი მართლა ასეა, ჩათვალეთ, რომ ამჯერად მეც სწორედ ასე მოვიქეცი… შევეცადე, მთავარი გამომეთქვა, დანარჩენი, სიდიდეების მილიმეტრული სიზუსტით ზომვა და მსგავსი დამღლელი პროცედურები შემდგომ, მოსალოდნელ პოლემიკას შევატოვე…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ინტერვიუ,  კრიტიკა,  პოლემიკა

    ალეკო ცქიტიშვილი, ზაზა შათირიშვილი – დიალოგი მეილით – 90-იანი წლების გადალახვა

    გალაკტიონი, მიჯნათაშორისი, ARTყვავილები და ა. შ.

    “ცხელი შოკოლადი – ლიტერატურის” წინა ნომერში გამოქვეყნდა ლიტარატურათმცოდნისა და კრიტიკოსის, ზაზა შათირიშვილის სტატია “არტისტული ყვავილებიდან ARTყვავილებამდე”. ეს არის რეზო გეთიაშვილის პოეტური კრებულის “ARTყვავილების” ბოლოთქმა, რომელმაც ლიტერატურული წრეების კულუარებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ზაზა შათირიშვილის აზრით, გალაკტიონიდან გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ქართული პოეზია ერთგვარ “მიჯნათაშორის” პერიოდად უნდა განვიხილოთ. ამ პერიოდში იყო რამდენიმე საინტერესო პოეტი თავისი “გვერდითი ხაზით”, მაგრამ არ ყოფილა სრულიად ახალი პოეტური სიტყვა. რეზო გეთიაშვილი “ARTყვავილებით” სწორედ ის ავტორია, საიდანაც ზაზა შათირიშვილმა სრულიად ახალი ეპოქის ათვლა დაიწყო.
    სტატიაში “არტისტული ყვავილებიდან ARTყვავილებამდე” ბევრი რამ არის საკამათო. ჩემთვის განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა კრიტიკოსის დამოკიდებულება გასული საუკუნის 90-იანი წლების პოეტების შემოქმედებისადმი. ჩემი მოსაზრებები მას რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ რეზო გეთიაშვილის კრებულის გამოსვლამდე მივწერე ელექტრონული ფოსტით. წინამდებარე პოლემიკა სწორედ ელექტრონულ სივრცეში წარიმართა. ვფიქრობ, ჩვენი დიალოგი “ცხელი შოკოლადის” მკითხველისათვის საინტერესო იქნება. გთავაზობთ მას უმნიშვნელო შემოკლებით.

    ალეკო ცქიტიშვილი

    ალეკო ცქიტიშვილი: ზაზა, წავიკითხე შენი სტატია რეზოს წიგნისათვის და სურვილი გამიჩნდა, შემოგხმიანებოდი. ამ წიგნთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველაფერი შენი და რეზოს გადასაწყვეტია, მაგრამ მე ჩემ აზრს გეტყვით. ვფიქრობ, თანამედროვე ქართული პოეზიის ტენდენციების მოკლე მიმოხილვა ძალიან სერიოზული თემაა და ასე მოკლედ არ ღირდა მისთვის სტატიაში ადგილის მიჩენა. მით უფრო, ჩემი აზრით, აქ ზოგი რამ საკამათოა.
    ძნელია, მეილით ყველაფერი მოგწერო, მაგრამ ვფიქრობ, დათო ჩიხლაძის, დათო ბარბაქაძის, შოთა იათაშვილისა და ამ თაობის კიდევ რამდენიმე პოეტის შემოქმედება ლიტერატურული ტრადიციისაგან მოწყვეტილად მაინც არ უნდა განვიხილოთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ როგორც შენ უწოდებ – “მიჯნათაშორისის” ეპოქის დასრულების შემდეგ ყოველთვის ადგილი აქვს “ფრაგმენტაციას”. ასეთ დროს ავტორებს, რომლებიც რადიკალურად უპირისპირდებიან ტრადიციას, ყოველთვის ადანაშაულებენ ტრადიციას უგულვებელყოფაში. სინამდვილეში ეს მთლად ასე არ არის. ამის კარგი მაგალითია ცისფერყანწელების ჟურნალების – “ცისფერ ყანწებისა” და “მეოცნებე ნიამორების” შესახებ მაშინდელი ლიტერატორების შეფასებები. ძირითადად სწორედ იმას უკიჟინებდნენ, რომ ტრადიციას მთლიანად ხაზი გადაუსვეს. მართლაც, ერთი შეხედვით, ვალერიან გაფრინდაშვილის, ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის სიმბოლისტურად კონიუნქტურულ ლექსებში (მათ შორის – საუკეთესო ლექსებში) რა არის ნასესხები ტრადიციიდან? ძალიან უმნიშვნელო რამ! მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ იცნობენ ამ ტრადიციას, რომ წაკითხულიც არა აქვთ და ა. შ. ეს კარგად ჩანს ვალერიან გაფრინდაშვილისა და ტიციან ტაბიძის კრიტიკულ წერილებში, სადაც ისინი პირველ რიგში სწორედ ტრადიციასთან (რუსთაველი, ბესიკი, ბარათაშვილი, მამია გურიელი, ორბელიანი) კონტაქტზე აქცენტირებენ და ამას ყოველთვის რაღაცნაირი ხაზგასმითაც აკეთებენ. ზუსტად ასევე თუნდაც დათო ბარბაქაძის თეორიულ წერილებში კარგად ჩანს, როგორ და რატომ “უპირისპირდება” ის იმ ტრადიციას, რომელიც სწორედ რომ ძალიან კარგად იცის. ამას ადასტურებს, თუნდაც, შენს სტატიაში მოხმობილი ნაწარმოები – “ტრფობა წამებულთა”…
    მე ახლა თან არა მაქვს დათოს წიგნები (ჩემს სახლში დაუსრულებელი რემონტია. ყველა ჩემი წიგნი ყუთებშია ჩაწყობილი და იქიდან მათი ამოღება შეუძლებელია). ამიტომ ვერ ვახერხებ ზუსტად შეგახსენო უამრავი მაგალითი მისი ლექსებიდან, სადაც სწორედ ტრადიციასთან კონტაქტი ჩანს. შემიძლია დაგისახელო ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში მისი პოეზიიდან, რომელსაც ფესვები პირდაპირ ქართულ სასულიერო პოეზიაში (ჰიმნოგრაფია) უდგას. ეს არის ლექსი “ქება ცაცხვისა” – ჩემი აზრით, ბოლო ოცწლეულის თუ ყველაზე საუკეთესო არა, სამეულში შესატანი ლექსი. დათოს ბოლო კრებულში (“ტბის სანაპიროს სიმღერები”) ასევე ძალიან საინტერესო ლექსებია, სწორედ ტრადიციასთან და მეტადრე – ენობრივ კლიშეებთან მიმართებაში.
    შენს წერილში კარგად არის წარმოდგენილი ტრადიციის ხაზი – რუსთაველი-გურამიშვილი-გალაკტიონი-სამადაშვილის სახით. მაგრამ, ვფიქრობ, კიდევ ერთი სერიოზული ნაკადი გამოგრჩა – ურბანისტული პოეზია. ურბანისტული ლირიკული გმირი ფრაგმენტულად გვხვდება ცისფერყანწელებთან და გალაკტიონთან, მაგრამ – მხოლოდ ფრაგმენტულად. მთელი სისავსით კი ქართული ურბანისტული პოეზია შოთა ჩანტლაძის პოეზიიდან ვითარდება. საერთოდაც, თანამედროვე ვერლიბრი, თავისუფალი ლექსი, ძირითადად სწორედ ურბანისტულ თემატიკას უკავშირდება. სტატიაში სწორად შენიშნავ, რომ ბესიკ ხარანაული არის “მთის ლირიკოსი”, რაც გარკვეულწილად სწორედ იმასაც ნიშნავს, რომ იგი ქალაქის ლირიკოსი არ არის – მიუხედავად იმისა, რომ მასთან ურბანისტული თემატიკა დიდი ნაკადია (“ხეიბარი თოჯინა”).
    ამ მხრივ გაცილებით მკვეთრად გამოხატული “ქალაქელი პოეტია” შოთა ჩანტლაძე. ამ ყველაფერს იმიტომ გწერ, რომ დათო ჩიხლაძე, შოთა იათაშვილი და სხვები “მიჯნათაშორისის” დასრულების შემდეგ თავიანთი ვერლიბრით დიდწილად სწორედ შოთა ჩანტლაძის ხაზს აგრძელებენ. ეს მათ თეორიულ წერილებშიც ჩანს. შოთა ჩანტლაძე კი, ვფიქრობ, უკვე ტრადიციაა. ჩემთვის ძალიან ძვირფასია დათო ჩიხლაძის ურბანისტული პოეზია, განსაკუთრებით – ამერიკული ციკლი, სადაც ბევრ სიახლეს გვთავაზობს ქართული ვერლიბრის რიტმიკაში.
    აქ აუცილებლად უნდა ვახსენო ქრონოფაგების – შოთა იათაშვილის, ზურაბ რთველიაშვილისა და გიორგი ბუნდოვანის კრებული – “ანომალიური პოეზია”, რომელმაც 90-იან წლებში “ცისფერი ყანწებისა” და “მეოცნებე ნიამორების” როლი შეასრულა დათო ბარბაქაძის პერიოდულ გამოცემებთან ერთად (მათ შორის საუკეთესოა – “პოლილოგი”). ასე რომ, “ტრადიციის უარყოფა” ამ სახით, არ ნიშნავს, რომ მათთვის ტრადიცია უცნობია. საერთოდაც, ტრადიციის ნამდვილი უარყოფა სულაც არ ნიშნავს ტრადიციის უარყოფას J
    აი, ეს მინდოდა, მომეწერა შენთვის. მე პროფესიონალი ლიტერატორი არა ვარ და ამიტომ ჩემს მსჯელობაში შეიძლება ზოგიერთი ლაფსუსი ნახო, მაგრამ, ვფიქრობ, ძირითადი აზრის გადმოცემა მაინც მოვახერხე. დანარჩენს მერეც მოგწერ.
    ზაზა შათირიშვილი: ძალიან დიდი მადლობა მშვენიერი წერილისათვის! შოთა ჩანტლაძე სულ დამავიწყდა – და ახლა მიჯნათაშორისის პოეტებში ჩავრთე. გიგზავნი ჩემი სტატიის საბოლოო ვარიანტს. რაღაცეები კომპოზიციურად გადავაადგილე. საქმე ისაა, რომ პარალელურად წიგნს ვწერ, რომელსაც “ქართული პოეზიის ხუთი ეპოქა: პოეტიკა – იდეების ისტორია – კრიტიკა” ეწოდება. იქ ცალკე თავი ეძღვნება თანამედროვე სიტუაციას. შენი შენიშვნის მერე, გადავწყვიტე, გარკვეული ცვლილებები სტატიაშიც განმეხორციელებინა, თუმცა ტექსტი არსობრივად არ შემიცვლია, მაგრამ ერთი-ორი არგუმენტი მივამატე.
    თუ არ დაგეზარება და ამ ბოლო ვარიანტსაც გადაათვალიერებ, დაინახავ, რომ თანამედროვეებს ტრადიციასთან დაპირისპირებაში არ ვადანაშაულებ. მე ვამბობ, რომ მათ საკმარისად არ იციან ენა და საკუთარი ლიტერატურა. მაგალითად, არც ჩიხლაძეს, არც ბარბაქაძესა და არც სხვებს არა აქვთ წაკითხული XVI-XVIII საუკუნეების პოეტები – ფეშანგი, თეიმურაზ I, სულხან და ბეგთანეგ თანიაშვილები და სხვ. ეს იგივეა, რომ ეზრა პაუნდსა და ელიოტს თავიანთი გრანდიოზული ინოვაციები ისე ეკეთებინათ, რომ ენდრიუ მარველი, ჰერბერტი, დონი თუ ჩოსერი არ ცოდნოდათ.
    შენ მკითხავ, რეზო გეთიაშვილმა თუ იცის ეგენიო? – მე გიპასუხებ, რომ რეზოს ამოცანა სულაც არაა ტრადიციის დემონტაჟი, მაგრამ ვისაც ტრადიციის დემონტაჟი სურს, მას რუსულ ან ქართულ თარგმანში ალენ გინზბერგის კითხვა ვერ უშველის. ჩვენი პოეტები სწორედ იმიტომ არ ვარგიან, რომ თუნდაც ცისფერყანწელებისაგან განსხვავებით, რომლებმაც ბესიკი წაიკითხეს, ქართული ლიტერატურიდან არაფერი იციან სკოლაში წაკითხული ტექსტების გარდა (ამაშიც ეჭვი მეპარება).
    ძალიან მომეწონა შენი მსჯელობა შოთა ჩანტლაძისა და ჩვენი “კონცეპტუალისტების” გენეალოგიურ კავშირზე. ლიტერატურულ-ისტორიული თვალსაზრისით, აბსოლუტურად მართალი ხარ!
    მოკლედ, მე ვეთანხმები შენ ისტორიულ-თეორიულ შეხედულებებს, არ ვიზიარებ შენს სუბიექტურ-კრიტიკულ დამოკიდებულებას. ჩემი სუბიექტურ-კრიტიკული პოზიციიდან, ვერც ჩიხლაძე და ვერც ბარბაქაძე კრიტიკას ვერ უძლებენ – ესთეტიკური თვალსაზრისით, ისინი ცუდი პოეტები არიან. შეიძლება, მე ვცდები, ხოლო შენ მართალი ხარ. კრიტიკა, მოგეხსება, მეცნიერება არაა… აქ რიტორიკა მუშაობს და არა – ლოგიკა.
    კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა შესანიშნავი წერილისათვის. მე მგონი, პოლემიკა უკვე დაიწყო. კარგი იქნებოდა, თუ საჯარო სივრცეშიც გადავიდოდა ეს ყველაფერი.
    ალეკო ცქიტიშვილი: ჰო, როგორც ჩანს, პოლემიკა მართლაც უკვე დაიწყო. წიგნი კი ჯერ გამოცემულიც არ არის J მე მომწონს შენი “სუბიექტურ-კრიტიკული” გადაწყვეტილება – თავისი (ალბათ, უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით – შენი) სახელი დაარქვა მოვლენებს – სახელებისა და გვარების დასახელებით. ეს ქართულ კრიტიკას აქამდე არ ახასიათებდა. ყოველთვის გაურბოდნენ ერთმანეთის განაწყენებას და ა.შ.
    ბოლომდე ვერ დაგეთანხმები, რომ კრიტიკა მეცნიერება არ არის. კრიტიკა, უფრო მეტად კი – ლიტერატურათმცოდნეობა სწორედაც რომ მეცნიერებაა, თუმცა… არაზუსტი J ხომ იცი, ჩემი აზრი – ადრეც გეუბნებოდი – ყველაზე ზუსტი მეცნიერება პოეზიაა-მეთქი! ამიტომ პოეტებს უფლება აქვთ, საკუთარ სიზუსტეს ენდონ და უპირატესობაც მას მიანიჭონ.
    შენს მიერ ჩამოთვლილი პოეტები – ფეშანგი, თეიმურაზ I და მისთანანი, ჩემი აზრით, სწორედ ლიტერატურათმცოდნეებისათვის უფრო არის საინტერესო, პოეტებისთვის კი – ნაკლებად. არ ვიცი, ჩვენს 90-იანელებს წაკითხული აქვთ თუ არა ეს ავტორები. ვფიქრობ, წაკითხული რომც არ ჰქონდეთ, ბევრს არაფერს დაკარგავდნენ. შენ სტატიაში ნათლად გაქვს აღწერილი ქართული პოეზიის ტრადიციის ხაზი – რუსთაველი-გურამიშვილი-ბარათაშვილი-ილია-აკაკი-ვაჟა-გალაკტიონი. ამ ხაზის იქით და აქეთ არიან საინტერესო ავტორები, რომლებიც თანამედროვე პოეტისთვის მეტ-ნაკლებად საინტერესონი შეიძლება იყვნენ (“მეტ-ნაკლებად” ნიშნავს, რომ ზოგი – მეტად და ზოგიც – ნაკლებად), მაგრამ ახალი პოეზიის, ახალი პოეტური ენის შექმნის პროცესში პირველ რიგში სწორედ ეს ხაზია გასათვალისწინებელი და მერე მეტ-ნაკლებად და შეძლებისდაგვარად – ყველა დანარჩენი.
    მე დარწმუნებუილი ვარ, რომ დათო ბარბაქაძე, შოთა იათაშვილი და დათო ჩიხლაძე კარგად იცნობენ ტრადიციას, ყოველ შემთხვევაში – ზუსტად იმ დოზით, რომ წმინდა ეთიკური თვალსაზრისით უფლება ჰქონდეთ, იმუშაონ ამ ტრადიციის რადიკალურ ცვლილებაზე. სამწუხაროდ, მე ახლაც ვერ ვახერხებ მოგიყვანო კონკრეტული ციტატები, განსაკუთრებით მათი პუბლიცისტური და კრიტიკული სტატიებიდან, სადაც კარგად ჩანს ეს ცოდნა (განათლება). ჩემი წიგნების ყუთებიდან ამოლაგება შეუძლებელია. თუმცა, წინა წერილში მოგწერე ერთი მაგალითი – დათო ბარბაქაძის – “ქება ცაცხვისა”. მაინტერესებს ამ ნაწარმოებზე რას ფიქრობ?
    რაც შეეხება რატი ამაღლობელს, რომლის პოეზიას სტატიაში დადებით შეფასებას აძლევ, მის შესახებ აზრის გამოთქმისას ყოველთვის რადიკალური ვარ. ვფიქრობ, ეს არის “რუსთავი 2”-ის მიერ შეთხზული ავტორი, რომლის სახელიც, ჩემი აზრით, თანამედროვე მედიასივრციდან ქართული ლიტერატურის ისტორიაში ვერ გადაინაცვლებს. ამაღლობელის ლექსის ის ნიმუში, რომელსაც შენ სტატიაში ასახელებ, მართლაც საინტერესოა თეიმურაზ II-ის პოეზიასთან კავშირის თვალსაზრისით, მაგრამ მე მას მაინც ვერ აღვიქვამ როგორც განსაკუთრებულ შედევრს და ვერც მისი დაწერის მიზანი მესმის კარგად. ვერ ვიგებ – რა სათქმელი აქვს პოეტს, გარდა იმისა, რომ თეიმურაზ I წაუკითხავს და ამ კლიშეებით თამაში შეუძლია. ეს ხომ ცირკია და არა პოეზია. რეზო გეთიაშვილის შემთხვევა სწორედაც საპირისპიროა – აქ საქმე გვაქვს პოეტთან, რომელიც ახალი ფორმებით და ძველის ციტირებით კი არ მატრაკვეცობს, არამედ თავის ახალ სათქმელს ამბობს.
    შოთა ჩანტლაძის გამოცდილებას რაც შეეხება, მართლაც მნიშვნელოვანი სახელია 90-იანელების შემოქმედებასთან მიმართებაში. ამ მხრივ საინტერესოა შოთა იათაშვილის ერთგვარად მანიფესტური განწყობის ლექსი – “მეოცე საუკუნის დასასრულის პოეტი ცარიელი ბოთლებით ხელში”, რომელიც მე ბოლო ოცწლეულის საუკეთესო ლექსების სამეულში შემყავს (“ქება ცაცხვისა”-ზე უკვე მოგწერე, მესამე – ეს არის ზვიად რატიანის “მამები” – სამოქალაქო პოეზიის შესანიშნავი ნიმუში). გეცოდინება – არსებობს შოთა ჩანტლაძის ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტო, სადაც იგი გამოსახულია ცარიელბოთლებიანი ბადურით ხელში და სწორედ ეს ხატია გადატანილი (გაცოცხლებული) იათაშვილის ლექსში.
    რაკი 90-იანელების წინამორბედებზე ვსაუბრობთ, შოთა ჩანტლაძის გარდა თამაზ ბაძაღუას დასახელებაც შეიძლება – როგორც მისი საავტორო ლექსების გათვალისწინებით, ისე თარგმანებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით – რილკეს თარგმანებიდან. ჩემი აზრით, ეს 80-იანელი პოეტი ასევე არის 90-იანელების წინამორბედი თავისი ლექსწერით და ენით. შეგიძლია, ეს ენა შეადარო დათო ბარბაქაძის პირველი კრებულის (“მივუსამძიმროთ შემოდგომას”) ენას, სადაც ჩემი აზრით, რილკეს ბაძაღუასეული თარგმანების სურნელი იგრძნობა. დათო ბარბაქაძე ანოტაციაში აღნიშნავს, რომ მისი ლექსები რილკეს და ჰოლდერლინის პოეზიით არის ნასაზრდოები. მიუხედავად იმისა, რომ დათომ გერმანული მშვენივრად იცის, ვფიქრობ, მისთვის იმ პერიოდში ბაძაღუასეული რილკეც ახლობელი იყო.
    არანაკლებ საინტერესოა კარლო კაჭარავას პოეტური შემოქმედება, რომელიც არა მარტო დათო ჩიხლაძის მეგობარია, არამედ ერთგვარად მისი წინამორბედიც.
    ასე რომ, 90-იანი წლების ქართული პოეზიის ტრადიციაში კარლო კაჭარავას წინ შოთა ჩანტლაძე და თამაზ ბაძაღუაა. ამ პოეტების წინ კი, როგორ ფიქრობ, ფეშანგი და თეიმურაზ I შეიძლება დავასახელოთ? მე ვფიქრობ, რომ – არა, რადგანაც აქ საქმე გვაქვს სრულიად ახალ პოეზიასთან – თავისი ენითა და თემატიკით. წინა წერილში უკვე გწერდი ურბანისტულ პოეზიაზე. ჩემი აზრით, შეუძლებელია, ამ პოეზიას, ამ ენას, მით უფრო – თემატიკას და სათქმელს რაიმე ბმული ჰქონდეს მე-14, მე-17 საუკუნეებთან. მიუხედავად იმისა, რომ შოთა ჩანტლაძეც კარგად ნაკითხი კაცი იყო და მჯერა, ეს პოეტები მისთვის უცხო არ იქნებოდნენ.
    მოკლედ, მე ვრჩები ჩემს სუბიექტურ-კრიტიკულ პოზიციაზე და დარწმუნებული ვარ, დათო ბარბაქაძეც და დათო ჩიხლაძეც კარგი პოეტები არიან J პოლემიკაც, ალბათ, გაგრძელდება და ვაი, რომ არა მარტო ჩვენს მეილებში J გული მიგრძნობს, შენი სტატია დიდ აურზაურს გამოიწვევს ლიტერატურულ წრეებში. მე ჩემი აზრი რეზოსაც ვუთხარი. რეზომ თქვა, რომ შენ შენი საქმის პროფესიონალი ხარ და სრულ თავისუფლებას გაძლევს. ამაში ბოლომდე ვეთანხმები. შენს სტატიას მეც ვუგულშემატკივრებ, როგორც მოვლენას ქართული კრიტიკის ისტორიაში. თუმცა, ეს ყველაფერი დიდი პასუხისმგებლობაა და ამ მხრივ, წარმატებებს გისურვებ.
    პოლემიკის მიღმა მეგობრები ვართ! J

    ზაზა შათირიშვილი: ჩემო ალეკო, მე მგონი, უკეთესი პოლემიკა საჯარო სივრცეშიც კი ვერ გაიმართება!
    ახლა – კონცეპტუალურად.
    მოდი, ჯერ XVII-XVIII საუკუნეების პოეტებს შევეხოთ – საქმე ისაა, რომ მივიწყებული პოეტების “გაცოცხლება” ძალიან მნიშვნელოვანია სალიტერატურო ენისათვის. გურამიშვილი რეალურად ქართულ პოეზიაში XIX საუკუნის 60-70-იან წლებში შემოვიდა… ბესიკი ცისფერყანწელებმა და რობაქიძემ გააცოცხლეს. თეიმურაზ I, ჩემი აზრით, შესანიშნავი პოეტია, მის პოეზიაში არის ძალიან საინტერესო პოტენციალი…
    ამავე დროს, ძველი პოეტების ათვისება არნახულად ამდიდრებს ენას, ლექსიკას… ბევრი ნეოლოგიზმი, როგორც ცნობილია, დავიწყებული სიტყვების გაცოცხლების შედეგია…
    ხლებნიკოვის ავანგარდიზმი, ცნობილი ფაქტია, XVIII საუკუნეების პოეტური პლასტების ამოწევითაც საზრდოობს. ასე რომ, თუკი ავანგარდისტმა ინგლისელებმა და რუსებმა ასე ჩინებულად იციან თავიანთი არქაიკა, ჩვენ რა – გვაწყენს ჩვენი ძველი პლასტების გახსენება და ამოწევა? არ დაგავიწყდეს, ჯოისი როგორი რუდუნებით ახდენდა “ულისეში” მთელი ინგლისური ენის ისტორიის გახსენება-პაროდირებას (“ჰელიოსის ხარების” ეპიზოდი…).
    მეორეც – ლიტერატურული პროცესი არასდროს მიდის პირდაპირი მემკვიდრეობის გზით. ამაზე სპეციალურად ვწერ ჩემს წიგნში – ვეყრდნობი ვიკტორ შკლოვსკისა და ჰარალდ ბლუმის დაკვირვებებს. როგორც წესი, ახალი თაობა “გვერდითი შტოს” კანონიზებით მოდის და ისე იმკვიდრებს ადგილს. შკლოვსკი ამას ბიძა-ძმისწულის ურთიერთობას ადარებს. ასე მაგალითად, რუსმა სიმბოლისტებმა მოახდინეს ბორატინსკი-ტიუტჩევი-ფეტის “გვერდითი მცირეს შტოს” კანონიზება. მანამდე ეს პოეტები “მეორეხარისხოვან” პოეტებად ითვლებოდნენ. ზუსტად ასევე, ცისფერყანწელებმა ვაჟას კანონიზება მოახდინეს, რომელიც XX საუკუნის 20-იან წლებშიც კი აკაკის “ჩრდილში” იმყოფებოდა.
    ჩვენს პოეზიაში არის კიდევ ერთი ასეთი “გვერდითი შტო”: ტერენტი გრანელი – ნიკო სამადაშვილის ხაზი, რომელსაც დღეს ანდრო ბუაჩიძე აგრძელებს.
    ასე რომ, მხოლოდ ცენტრალური ხაზი საკმარისი არ არის. ცენტრალური ხაზი სინამდვილეში რკალური და ზიგზაგობრივი მოძრაობით იქცა ცენტრალურ ხაზად.
    ახლა, თანამედროვე პოეტების შესახებ. შენს საუბარშიც გამოისახა კიდევ ერთი “გვერდითი მცირე შტო”: ჩანტლაძე – კაჭარავა – ჩიხლაძე, იათაშვილი… ძალიან საყურადღებო აზრია. კარგი იქნებოდა, ამაზე დაგეწერა. ამას დასაბუთება სჭირდება.
    უნდა გითხრა, რომ თავად შენს წერილებში ერთი საგულისხმო მომენტი იკვეთება – როგორც წესი, შენ ამა თუ იმ პოეტის მხოლოდ ერთ-ორ ლექსს ასახელებ. ბარბაქაძე და იათაშვილი თავის დროზე ბევრი მაქვს ნაკითხი. ძალიან ბევრი წყალია, უხვსიტყვაობა, ცარიელი რიტორიკული პერიოდები… ცხადია, როცა წიგნზე მუშაობისას მათზე უფრო აქტიურად შევუდგები წერას, ყველაფერს თავიდან გადავიკითხავ – მინდა, რომ ბევრი მასალა იყოს და არგუმენტაცია… მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა შევნიშნო. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებმა მართლა ბევრი იშრომეს, მათი კონცეპტუალური რეფლექსია და პუბლიცისტიკა ძალიან ჩამოუვარდება მათი ამერიკელი, ევროპელი თუ რუსი კოლეგების რეფლექსიის დონეს, აღარაფერს ვამბობ ესთეტიკურ სხვაობაზე. ჩემი აზრით, ეს განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა: 1. ენების ცუდად (ან არ) ცოდნამ და, შესაბამისად, ევროპული და ამერიკული თეორიებისა თუ ტექსტების ზედაპირულმა ცოდნამ. 2. დაბალმა ფილოსოფიურმა მომზადებამ… 3. კრიტიკისა და ლიტერატურული თეორიის დაბალმა დონემ.
    ის, რაც ბიჭებს დაემართათ, მარტო მათი ბრალი არ არის. ეს, საზოგადოდ, ჩვენი აკადემიური და ლიტერატურული ელიტების დაბალმა დონემაც განაპირობა.
    რეზოს გამოჩენა ამ ფონზე ნამდვილი სასწაულია. ჩემს წიგნში სპეციალურად შევეხები რეგიონის საკითხსაც. 5-6 წლის წინ მე ვივარაუდე, რომ მაგარი პოეტი რეგიონიდან გამოჩნდებოდა, რადგანაც “თბილისელი პოეტების” ენა და სინტაქსი ძალიან მწირი და შეზღუდული მეჩვენებოდა. რეზო ფლობს ქართულ ენას მთელი სიგრძე-სიგანით – არა მარტო “პოეტურ” ენასა და სლენგს, არამედ კიდევ სხვა “სოციოლექტებს”. ამით ის ძალიან ჰგავს აკა მორჩილაძეს. მაგრამ თუ მორჩილაძემ ამას გეგმაზომიერი მუშაობით მიაღწია, რეზოს შემთხვევაში უდიდეს როლს მისი საოცარი ენობრივ-რიტორიკული ალღო ასრულებს.
    ასე რომ, ცალკეული მიღწევების მიუხედავად, მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩიხლაძე-ბარბაქაძე-იათაშვილის წამოწყება მაინც მარცხით დასრულდა… იგივე ითქმის დანარჩენებზე (რატიანი, სამნიაშვილი და ა.შ.). თუ მათზე ახლა წერა გვიწევს, ეს მთლიანად რეზოს დამსახურებაა. რა თქმა უნდა, არც გივის “ქორონიკონი” უნდა დავივიწყოთ.
    კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შესანიშნავი წერილისა და პოლემიკისათვის! აუცილებლად გავაგრძელოთ! ეს პოლემიკა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მეგობრობას!

    ალეკო ცქიტიშვილი: მესმის შენი განზრახვა – სტატიის სათაურიდან გამომდინარე – “არტისტული ყვავილებიდან – ARTყვავილებამდე” მიმოიხილო გასული საუკუნის პოეზიის ძირითადი ტენდენციები, მაგრამ ეს ძალიან დიდი თემაა, განსაკუთრებით კი სწორედ 90-იანი წლები. ამ პერიოდის პოეზია ლიტერატურათმცოდნეთა მიერ სრულიად შეუსწავლელია. ამიტომ სახელებით და გვარებით ამ კონკრეტულ პოეტთა შესახებ მოკლედ საუბარი ასეთი ხასიათის წერილში არ ღირს. აჯობებს, რეზოს წიგნის ბოლოთქმაში მაინც ზოგად ტენდენციებზე გამახვილდეს ყურადღება, კონკრეტული ავტორების შემოქმედების მიმოხილვა კი შენი წიგნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა.
    სხვათაშორის, “მიჯნათაშორის” პოეტებს შორის, თუ სწორად მახსოვს, ლადო ასათიანია გამორჩენილი და ასე მგონია, ლადო ასათიანის პოეზიაც სწორედ ერთ-ერთი “გვერდითი ხაზია”, რასაც მერე და მერე მოჰყვა ეპიგონთა და “გამგრძელებელთა” მთელი ლაშქარი, რომლებმაც ასათიანის პატრიოტული ლირიკა მარაზმამდე მიიყვანეს (ლოგიკურიც იყო! რუსთაველის გამგრძელებლებსაც ხომ ეს დაემართათ). ლადო ასათიანის გავლენა დღეს ფოლკლორშიც კი იგრძნობა.
    “გვერდითი ხაზის” შესახებ გეთანხმები. მე გწერდი კიდეც, რომ არსებობს მთავარი ხაზი, რასაც პრინციპში ტრადიცია ჰქვია და არსებობს სხვა დანარჩენი, რასაც ახალი ავტორი მეტ-ნაკლებად უნდა ითვალისწინებდეს, ზოგს – მეტად, ზოგს ნაკლებად-მეთქი. აქ სწორედ იმას ვგულისხმობდი, რომ ზოგიერთმა ავტორმა, შეხედულებისამებრ, შესაძლოა, თქვას, რომ მისთვის ილია ჭავჭავაძის პოეზია მიუღებელია და მისაღებია, ვთქვათ, გრიგოლ ორბელიანი. სხვათაშორის, ილიას პოეზიის კრიტიკა ლევან ბერძენიშვილს არ დაუწყია. “ცისფერყანწელებიც” დაახლოებით იმავეს ამბობდნენ და ბესიკს, მამია გურიელსა და ალექსანდრე ჭავჭავაძეს ანიჭებდნენ უპირატესობას J
    შოთა ჩანტლაძე, თამაზ ბაძაღუა, ბესიკ ხარანაული და ლია სტურუა – ეს არის ის “ხაზი”, რასაც 90-იანელები აგრძელებენ. ამას ისინი თავიანთ წერილებშიც აღნიშნავენ. თუმცა, ის, რაც ამ “ხაზზეა” დაშენებული, კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ჩანტლაძე-ბაძაღუა-ხარანაული-სტურუა. კარლო კაჭარავა, ალბათ, აქ ბოლო ბმული უნდა იყოს, მაგრამ ჩემი აზრით, კაჭარავა თავისი პოეზიით და მხატვრობით ფაქტობრივად თვითონვე არის 90-იანელი და ნაკლებად 80-იანელი.
    რაც შეეხება “მხოლოდ ერთ-ორ მაგალითს”, რაზეც მსაყვედურობ… მე დაგისახელე ბოლო ოცწლეულის 3 საუკეთესო ლექსი (ჩემი აზრით): 1) დათო ბარბაქაძის “ქება ცაცხვისა”, 2) შოთა იათაშვილის “20 საუკუნის დასასრულის პოეტი ცარიელი ბოთლებით ხელში” 3) ზვიად რატიანის – “მამები”… ეს მაგალითები დამჭირდა კონკრეტული აზრის არგუმენტაციისათვის. ამ ავტორთა წიგნები რომ ხელთ მქონდეს, ახლაც უამრავ მაგალითს მოგწერდი. თუმცა, ზოგადად, როცა შენს წიგნში ამ პერიოდს შეეხები, ჩემი თხოვნა იქნება, აუცილებლად გააანალიზო “ქრონოფაგების” კრებული “ანომალური პოეზია”, დათო ბარბაქაძის პერიოდული გამოცემები: “პოლილოგი”, “+- ლიტერატურა” და თავისთავად მისი წიგნები, ზვიად რატიანის კრებული “ჯიბის ჰაერი”. ეს უკანასკნელი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პოეტური კრებულია, რაც კი ბოლო წლებში ქართულად გამოცემულა.
    რაც შეეხება გივი ალხაზიშვილს, აქამდე მე მიმაჩნდა, რომ ეს ავტორი კლასიკური გაგებით 80-იანელია. მისი უკანასკნელი წიგნი – “ქორონიკონი” არ წამიკითხავს. შენს სტატიაში ამ კრებულის შეფასებამ ძალიან დამაინტრიგა. ამიტომ, ვაპირებ, გულდასმით წავიკითხო. გივი, საერთოდ, ცალკე მოვლენაა ბოლო წლების ქართულ პოეზიაში. მისი შემოქმედება ძირითადად კონვენციური ლექსია. ამავე დროს ეს არის სპეციფიკური, შეიძლება ითქვას – ინტელექტუალური პოეზია. ეს მიმართულება, ჩემი აზრით, სათავეს იღებს ოთარ ჭილაძიდან (აი, კიდევ ერთი ხაზი!) და პრინციპში, თუ არ ჩავთვლით გივი ალხაზიშვილს, ამ ხაზს სხვა არც არავინ აგრძელებს (ეპიგონებს და პლაგიატებს, ცხადია, არ ვგულისხმობ). გივი ალხაზიშვილს სწორედ ამ კონტესქტში ვხედავ. “ქორონიკონიც” რომ გადავათვალიერე, იქაც უფრო მეტად ეს ნაცნობი განწყობები დამეუფლა, მაგრამ ამაზე ახლა აღარ ვილაპარაკებ, რადგან ეს წიგნი ჯერ სერიოზულად უნდა წავიკითხო.
    და კიდევ: რაც წინა წერილებში არ მომიწერია და რაც ყველაზე მთავარია ამა თუ იმ პოეტის ავ-კარგიანობის შესაფასებლად. მურმან ლებანიძის ერთ ლექსს თუ დავუჯერებთ, “გალაკტიონმა ბრძანა” – ნიჭი, ძამიკო, ნიჭიო, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარია სული!.. “და სული, რომელიც შიგა აქვს, სახელურო, ქალაქს”… J ვგულისხმობ როგორც უშუალოდ ლექსის სულს, ასევე ეპოქის სულს. თუკი ლექსში ეს ორი რამ არ არის (ორი სული – ორსული), იგი ადრე თუ გვიან კვდება.
    რატი ამაღლობელზე უკვე გწერდი და მის პოეზიას, მის ლექსებს, ჩემი აზრით, სწორედ სული აკლია. ბევრი საინტერესო და “სახელიანი” პოეტია ასეთი – ტექნიკას კარგად ფლობენ, მათ ლექსებში თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ მთავარი არ არის – ლექსები არ სუნთქავენ – მათ სული არა აქვთ. ზვიად რატიანის ლექსებში, მაგალითად, სწორედ ეს სული იგრძნობა – 90-იანი წლების დახუთული სული (იხ. კრებული “ჯიბის ჰაერი”). ასევე ეს ყველაზე მძაფრად იგრძნობა ზემოთ ნახსენებ კრებულში – “ანომალიური პოეზია”. 90-იანელებს შორის არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ავტორი – ბადრი გუგუშვილი, რომელმაც სამწუხაროდ, თავი მოიკლა. ეს ავტორიც, ჩემი აზრით, აუცილებლად იმსახურებს ადგილს შენს წიგნში. ბადრი გუგუშვილის რელიგიურად დამუხტული და ემოციური პოეზია ზუსტად გადმოსცემს 90-იანი წლების მაჯისცემას: 1) ეროვნული მოძრაობის დამარცხებას 2) სამოქალაქო ომს 3) ე. წ. “მხედრიონის” პერიოდს.
    აი, სწორედ ეს სულია შოთა იათაშვილის, ზვიად რატიანის, დათო ბარბაქაძის, დათო ჩიხლაძის, ზურაბ რთველიაშვილის, გიორგი ბუნდოვანის შემოქმედებაში (ლელა სამნიაშვილი უკვე 21-ე საუკუნეა J). მე დარწმუნებული ვარ, ქართული ლიტერატურის ისტორიაში გასული საუკუნის 90-იანი წლები სწორედ ამ სახელებით შეივსება.
    სხვათაშორის, ახლა დავფიქრდი და მგონი, რეზო გეთიაშვილიც სულაც არ არის 90-იანელი. ხომ პარადოქსია, მაგრამ მე მაინც ასე მგონია. ისიც, ლელა სამნიაშვილის მსგავსად, ასევე 21-ე საუკუნეა – 90-იანი წლების სულის გადალახვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი “ბებერი პოეტების ორდენი” 90-იანი წლების მოვლენაა და ჩვენ – “ბებრები” სწორედ ამ ეპოქის სულის გარშემო ვმუშაობდით, პროდუქტი, რაც ამ მუშაობიდან რეზოს და სრულიად ქართულ ლიტერატურას დარჩა – ეს არის 21-ე საუკუნის ქართული პოეზია.
    აი, ეს არის ჩემი დამატებითი “სუბიექტური” მოსაზრებები…
    დანარჩენი – სხვა დროს!..

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“