• ინტერვიუ,  პორტრეტი

    რამზი ნასრი: “მე მინდა, ადამიანებს სათქმელი გავუზიარო”

    გაგა ლომიძე
    წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო: “ღვთაებრივი კომედია”.
    მუსიკა, რომელსაც უნდა მოუსმინო: “ბევრია. მალერის მე-2 და მე-9 სიმფონიები, ქართული პოლიფონიური მუსიკა, შუასაუკუნეების იტალიური მუსიკა.”
    კინო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო: დრეიერის ფილმები.

    წარმატებული მსახიობი, რეჟისორი, პოეტი… მრავალმხრივი ნიჭის გამო, რამზი ნასრის თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ რენესანსის ხანის ადამიანი. მით უმეტეს, რომ მისი იერი და მეტყველი თვალები ბრონზინოს დიდებულების პორტრეტებს მაგონებს. ესეც პირველი ასოციაცია.
    მის ლექსებში, რომლებმაც თავიანთი მოცულობით და კომპოზიციით ხშირად პოემები შეიძლება გაგვახსენონ, ირონია და ყოფიერების ტრაგიკულობის შეგრძნება, აბსურდის ესთეტიკა და რომანტიზმი თანაარსებობს; ისევე როგორც თანაარსებობს მის პოეზიაში ორიენტალისტური ჭვრეტა და ევროპული აზროვნებისთვის ნიშანდობლივი თვითგამოხატვა. თუმცა, ამგვარი ცდუნებისკენ მისი წარმომავლობა მიბიძგებს – რამზი ნასრი დედით ჰოლანდიელი და მამით პალესტინელია. ასე რომ, კულტურათა დიალოგი შედგა და რამზი ნასრიც თავის პოეზიაში თითქოს მუდმივად ამაზე მიგვანიშნებს – სოციო-პოლიტიკური თუ კონფესიური ქვეტექსტებით, ფორმალისტური ექსპერიმენტებით თუ პოეზიის გრაფიკული თავისებურებებით…
    ინტერვიუს წინა დღეს იუთიუბზე ვიდეო მასალას ვუყურებდი, სადაც რამზი ნასრი თავის ლექსებს კითხულობდა. იყო ინტერვიუებიც. და ჩემთვის მოულოდნელად წავაწყდი ფრაგმენტს, სადაც ის ლეგენდარული ფლამანდელი პოეტის და მუსიკოსის – ვანეს ვან დე ველდეს სიმღერას ასრულებს. “Stalen Boor” – ასე ქვია სიმღერას, რომლის ქართული თარგმანიც დაახლოებით შემდეგნაირად ჟღერს – “ფოლადის ბურღი”. სულ ერთწუთიანი ფრაგმენტიც არაა და გამაოცა რამზი ნასრის ქარიზმამ, მერე ასოციაციებიც მოჰყვა, განსაკუთრებით ჟაკ ბრელთან, გამახსენდა ბრიუგეც, სევდიანი შელდაც და მოწყენილი ხიდებიც; და ფლანდრიული ფოლკლორის ელემენტებით გაჯერებული სიმღერის სადღესასწაულო განწყობის მიუხედავად, მასში უფრო მეტი სევდა ამოვიკითხე. მართლაც, როგორც ერთმა ცნობილმა ფილოლოგმა და ტელეწამყვანმა თქვა, ადამიანი, რომელიც ცხოვრებისეულ საზრისზე ერთხელ მაინც დაფიქრებულა, შეუძლებელია მხიარული იყოსო. გუნებაში მეც ვეთანხმები და თან მომდევნო დღისთვის ინტერვიუს კითხვებს ვაყალიბებ.
    რამდენიმე დღით ადრე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიდერლანდური ცენტრის ხელმძღვანელის – ინგრიდ დეხრავეს წყალობით, რამზი ნასრის ლექსების დავით ღოლიჯაშვილისეულმა ქართულმა თარგმანებმა მზის სინათლე იხილეს. ინტერვიუს დღეს, მოგვიანებით, სამეფო უბნის თეატრში სწორედ ამ წიგნის – “თაფლის და რძის სახლის” პრეზენტაცია იყო დაგეგმილი.
    მახსოვს, წიგნის მომზადებამდე რამდენიმე თვით ადრე, ინგრიდ დეხრავემ მკითხა, როგორი იქნებოდა “მამულის პოეტის” (Dichter des Vaderlands) ქართული ანალოგი. მე ცოტა გამიკვირდა ამგვარი ტიტულის არსებობა ნიდერლანდებში და მაშინვე საბჭოთა საქართველო გამახსენდა, სადაც “სახალხო პოეტის” ცნება სულაც არ გახლდათ უჩვეულო. ამიტომაც ქართველი მკითხველისთვის ყველაზე გასაგები სწორედ ეს ფორმულირება მეჩვენა. როგორც აღმოჩნდა, ამ სტატუსით, რამზი ნასრმა მიიღო დავალება, რომ ოთხი წლის განმავლობაში დაწერდა ლექსებს, რომლებიც ასახავდნენ მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ – ერთი სიტყვით, საზოგადოებრივ მოვლენებს ნიდერლანდებში.
    “ამირანის” ლიტერატურულ კაფეში ინტერვიუს დროს ჩემი პირველი შეკითხვაც სწორედ “სახალხო პოეტის” სტატუსს ეხებოდა.

    რამზი ნასრი: “ამ წოდებას 2001 წელს ჩაეყარა საფუძველი. მე უკვე რიგით მესამე “სახალხო პოეტი” ვარ. “სახალხო პოეტი”, “მამულის პოეტი” – მეტისმეტად პირდაპირი თარგმანია და მართლაც, სტალინის პერიოდს, დედა-სამშობლოსადმი მიძღვნილ ჰიმნებს და პარადებს მაგონებს, როდესაც მშრომელები ბედნიერი სახეებით შესციცინებდნენ ბელადს. მაგრამ ეს წოდება გარკვეულ ირონიასაც გულისხმობს. ანუ, ნაწილობრივ ირონიულია და ნაწილობრივ – თავის სახელწოდებას ამართლებს. იმიტომ, რომ 10 წლის წინ ჰოლანდიაში ძალიან მძაფრად იდგა ეროვნული იდენტობის საკითხი – ვინ ვართ ჩვენ? ფაქტობრივად, ეს არის ის, რაშიც საკუთარ ფუნქციას ვხედავ. იმ დროს დისკუსიები იმართებოდა იმაზე, თუ ვინ იყო ყველაზე დიდი ჰოლანდიელი, ქვეყნის მთელი არსებობის მანძილზე. ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ფეხბურთელიც და ისტორიული პიროვნებაც.
    ამავე დროს, უცბად, უკანასკნელ 10 წელიწადში ყველა ლიტერატურულ კანონზე ალაპარაკდა – ცდილობდნენ გაერკვიათ, რა წიგნები უნდა ესწავლებინათ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, რისი ცოდნა იყო აუცილებელი ნიდერლანდის მოქალაქეებისთვის, რა უნდა სცოდნოდათ თავიანთი ქვეყნის ისტორიის შესახებ.
    ბოლო 20 წელიწადში ჩვენი საზოგადოება რადიკალურად შეიცვალა. ამაში გარკვეული წვლილი მიუძღვის ემიგრაციასაც. საკითხი, რომელიც, ვთქვათ, 50 წლის წინათ არავის აღელვებდა, მოულოდნელად სულ უფრო აქტუალური გახდა: ვინ არის ჰოლანდიელი? რა არის ჰოლანდია? რას ეფუძნება ჩვენი კულტურა? ეს ყველაფერი ეროვნული გმირის, ყველაზე დიდი ჰოლანდიელის ძიებას უკავშირდება და იმაზე მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, დავივიწყეთ ვინ ვართ და სწორედ ამის გაგებას ვცდილობთ.
    დღესდღეობით ჰოლანდიაში ბევრი ემიგრანტია. მათ შორის ვარ მეც, მამაჩემი პალესტინელია, დედაჩემი – ჰოლანდიელი. ჩემს შემთხვევაში საკითხი ასე არ დგას. ვფიქრობ, რომ უფრო მეტად ჰოლანდიელი ვარ, უფრო მეტი ვიცი ჩემი ქვეყნის ისტორიის და ლიტერატურის შესახებ, უფრო მიყვარს ჰოლანდიური ლიტერატურა, ვიდრე საშუალო “ჰოლანდიელს”. მეორე მხრივ, ზოგიერთი მაინც უცხოელად მთვლის. ის, ვინც არ მიცნობს, შეიძლება თქვას, რომ ბოლომდე ჰოლანდიელად არ მიმიჩნევს. ძალიან უცნაურია, რადგან არამარტო ჩემი მშობლიური ენაა ჰოლანდიური, არამედ უფრო გამართულად ვსაუბრობ ამ ენაზე, ვიდრე ნებისმიერი საშუალო ჰოლანდიელი და, რაც მთავარია, ამ ენაზევე ვწერ ლიტერატურულ ტექსტებს. მიყვარს მე-19 საუკუნის ჰოლანდიელი პოეტები, ისინი ჩვენი თანამედროვე პოეზიის სათავეებთან იდგნენ – 1880-იანელების თაობა. მათ გადატრიალება მოახდინეს ჰოლანდიურ პოეზიაში, ჩვენი ენა განაახლეს. ძალიან მიყვარს ბოუტენსი და ლუი კუპერუსი.”
    “სახალხო პოეტის” სტატუსი კი მას 2009 წელს ლექსისთვის “ნეტავი ორი მოქალაქე ვიყო” მიანიჭეს. ამ ლექსში სწორედ იდენტობის საკითხია დასმული.
    რამზი ნასრი: “ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ “მამულის პოეტი” კარის პოეტის ანალოგიურია, რომელმაც ხოტბა უნდა შეასხას მმართველ ფენას. მაგრამ ლექსით “ნეტავი ორი მოქალაქე ვიყო” უკვე ცხადი გახდა, თუ რას გულისხმობს ეს სტატუსი.”
    ამ სიტყვებით ის პოეტის იმ ფუნქციაზე მიანიშნებს, რომლის თანახმადაც, თანამედროვე პოეტმა დღევანდელ მოვლენებზე და პრობლემებზე უნდა წეროს. ამ რანგში რამზი ნასრს მართლაც ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს. ის მუდმივად იღებს მიწვევებს სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზატორებისგან და ლექსებსაც კონკრეტული მოვლენის აღსანიშნავად წერს. ხშირად უარის თქმა უხდება ამა თუ იმ შემოთავაზებაზე, როდესაც ესა თუ ის მოვლენა მისი, როგორც “მამულის პოეტის” სტატუსს არ უკავშირდება. თუმცა უარი არ უთქვამს ვერმეერის ერთი ნახატის – “ქალი სასწორით” გამოფენასთან დაკავშირებით ლექსის დაწერაზე, სადაც მან თანამედროვე მომხმარებლური საზოგადოება და ფინანსური კრიზისი ისტორიული კონტექსტისა და ვერმეერის ფერწერული ტილოების ფონზე წაიკითხა.
    მეორე მხრივ, ეს სტატუსი საშუალებას აძლევს, რომ თავისი პოეტური ნაწარმოებები ჰოლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ყოველდღიური გაზეთის – NRC Handelsblad-ის საშუალებით, მილიონობით მკითხველს გააცნოს. “ჩემი ლექსები, ზოგჯერ დიდი ფორმატის სამ-ოთხ გვერდსაც იკავებს. პოეზია ახალი ამბების ნაწილად იქცევა და მას მართლაც ბევრი ადამიანი კითხულობს. ანუ, ვწერ ლექსს და რამდენიმე დღეში ის მთელ ქვეყანაში ვრცელდება” – ამბობს პოეტი და მე გაკვირვებული ვარ. ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოში, სადაც სულ 3-4 გამომცემლობა გამოსცემს პოეტურ კრებულებს, გაზეთში დაიბეჭდოს ლექსები და თან, მას მკითხველიც ჰყავდეს. თუმცა, გასაოცარი, წესით, არაფერი უნდა იყოს: საგამომცემლო საქმის ერთ-ერთმა პიონერებმა – პლანტენმა და მორეტუსმაც ხომ ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში წამოიწყეს ბეჭდური საქმე ნიდერლანდებში.
    “არასოდეს მესმოდა, რატომ უნდა ემიჯნებოდეს პოეზია მკითხველს და ყოველდღიურობას.” – ამბობს რამზი ნასრი. ამ სიტყვებში ის, უდავოდ, პოლიტიკურ კონტექსტსაც გულისხმობს. მე კი კონკრეტული ფაქტი მახსენდება, როდესაც 2005 წელს ანტვერპენის ქალაქის პოეტად არჩევამდე ცოტა ხნით ადრე, გაზეთ NRC Handelsblad-ში გამოაქვეყნა სტატია, სადაც ისრაელის მოქალაქეების პალესტინიდან გასვლას ითხოვდა. მაშინ ანტვერპენის ებრაულმა დიასპორამ პოეტი ებრაული საზოგადოების მისამართით “ტალახის სროლაში” დაადანაშაულა. მაგრამ მღელვარება მალევე მიწყნარდა. მის პოეზიას დადებითად იღებდნენ, რადგანაც ის ცდილობდა, ადგილობრივ მოსახლეობასა და ემიგრანტებს შორის დიალოგი დაემყარებინა.
    თანამედროვე პოეზიის სოციალური კონტექსტის ნათელი მაგალითი კი ანტვერპენში სოციალური სამსახურის შენობაზე გაკეთებული მისი ლექსია, სახელწოდებით “მინიმუმი”. რამზი ნასრი შეეცადა გაერკვია, რას ნიშნავდა ანტვერპენში ხელმომჭირნედ ცხოვრება და ამ მიზნით, გაჭირვებულ ადამიანებს გაესაუბრა. ამის შედეგად შეიქმნა ლექსი, რომელიც შენობის მთელ კედელზე განათავსეს. “გახსნის დღეს ბევრი მეუბნებოდა, რომ ცრემლის გარეშე ვერ კითხულობდა ჩემს ლექსს, იქ ხომ ბევრმა მათგანმა საკუთარი სიტყვები ამოიცნო” – იხსენებს პოეტი, რომელმაც რიგითი ადამიანების გასაჭირი პირდაპირ კედელზე გამოიტანა. შენობაზე გამოსახული ლექსი პოეზიის გავრცელების ახალ მედიად, მკითხველისთვის თანამედროვე პოეზიის მიწოდების ახალ ხერხად მეჩვენება და ახლა უკვე იმით ვინტერესდები, რას ფიქრობს მომხმარებლურ საზოგადოებაში ხელოვნების, პოეზიის მომავლის შესახებ.
    რამზი ნასრი: “ხელოვნებას სრულიად არ გააჩნია გამოყენებითი ან საბაზრო ღირებულება. შეიძლება შეიზღუდოს ხელოვნება, დაფინანსება შეუწყდეს მას და ადამიანები მაინც იარსებებენ. მაგრამ ხელოვნების გარეშე ჩვენი ცხოვრება აზრს დაკარგავდა. ხელოვანი საზოგადოების ნაწილია, რომელიც თანამედროვე პროცესებს და საკითხებს უნდა გამოეხმაუროს. პოეზიაში უნდა ჩანდეს, რომ ესა თუ ის ლექსი დღესაა დაწერილი. პოეზიას, ალბათ, არ შეუძლია სამყაროს შეცვლა. მაგრამ თუკი სამყაროში რაიმე ისე არ იქნება, როგორც უნდა იყოს, ამაზე უნდა დაწეროს პოეტმა. მისი ვალია, ადამიანებს ინფორმაცია მიაწოდოს. მან უნდა დააგროვოს ცოდნა და თუკი შენიშნავს ისეთ რამეს, რასაც საშუალო სტატისტიკური მკითხველი ვერ ხედავს, მან ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და დააფიქროს ის. ამ შემთხვევაში სწორედ ესაა მთავარი. მე მინდა, ადამიანებს სათქმელი გავუზიარო.”
    იქნებ ამიტომაც გვხვდება მის პოეზიაში თითქოსდა ადამიანის ნივთებთან გათანაბრებაზე მინიშნება – სადაც ადამიანი ციფრების იგივეობრივი ხდება: “ბავშვები – 1, 2, 3, 4 – ბავშვები თითქმის არსებობენ” (“თაფლის და რძის სახლი”), ან შეგვახსენებს, რომ “სარკმელი არის პური ყუა არის მაგიდა” (“რა დაგვრჩენია”) და ამით მიუთითებს, რომ სულიერი ღირებულებების გარეშე ადამიანი ადამიანურ იერსახეს კარგავს.
    შთაგონებისთვის ყოველთვის არსებობს ქალაქები. თუკი აქამდე ქალაქის საპატიო პოეტისთვის ინსპირაციის წყარო იყო ანტვერპენი, დღეს რამზი ნასრი თვლის, რომ ამ თვალსაზრისით ყველაზე ხელსაყრელი გარემო ბერლინშია: “დღეს ბერლინი ყველაზე კრეატიული ქალაქია და ეს ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. მაგალითად, თუკი ამსტერდამში რამდენიმე საკულტო კაფეა, სადაც მუდმივად იკრიბებიან ხელოვანები და თავისუფალი ადგილი თითქმის არასდროსაა, ბერლინში მსგავსს ვერ ნახავთ. იქ ნებისმიერ კაფეში შემოქმედებითი გარემოა და ყოველთვის არის რამდენიმე ცარიელი მაგიდა, რომელთანაც ჩამოჯდები და დაისვენებ.”
    ქალაქის ხსენებაზე მისი ლექსი მახსენდება – “ვენასა და თბილისს შორის”. თავს ვერ ვიკავებ, რომ არ ვუთხრა, როგორ მომეწონა ეს ლექსი და, მთლიანად, მისი პოეზია. თავმდაბლად მიხდის მადლობას, როგორც მართალ შემოქმედ ადამიანებს ჩვევიათ და ამ დროს ბავშვურად სუფთა გამომეტყველება აქვს – ისეთი, როგორიც ინეკე სმიტსის ფილმში “მაგონია”, სადაც ერთ–ერთ როლს ასრულებს. სხვათა შორის, რამზი ნასრის ეს ფილმი 2001 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვნახე. დღეს კი პოეტი იგონებს იმდროინდელ თბილისს და ამბებს, რომლებსაც თბილისელი მეგობრები უამბობდნენ. მეც სწორედ ამ ომის მსხვერპლზე დაწერილი ლექსის ისტორიაზე ვთხოვ მომიყვეს.
    რამზი ნასრი: „მიამბობდნენ თბილისის ომზე და რუსთაველზე სეირნობისას, დაპირისპირებული მხარეების გამყოფ ხაზს მაჩვენებდნენ. ჩემმა მასპინძელმა მითხრა, რომ 10 წლის წინ აქ სამოქალაქო ომი იყო გაჩაღებული. ქალაქს სულაც აღარ ეტყობოდა, რომ რამდენიმე წლის წინ აქ სისხლი იღვრებოდა, ადამიანები ლაღად სეირნობდნენ. ამ დროს ფანჯრიდან მომესმა მუსიკის ხმა – ზუსტად არ მახსოვს, რა იყო – იქნებ, სულაც ბრამსის ნაწარმოები. და ასე გაჩნდა ისტორია ვუნდერკინდ პიანისტ ბიჭზე, რომელიც იმ პერიოდის თბილისში ცხოვრობდა, რუსთაველზე გამოვიდა და დაიღუპა. ლექსს – “ვენასა და თბილისს შორის” იმიტომ დავარქვი, რომ ეს მანძილი აღმოჩნდა საბედისწერო. პიანისტ ბიჭს რომ ვენაში ეცხოვრა, ბრმა ტყვიის მსხვერპლი არ გახდებოდა და შეიძლება გენიოსი მუსიკოსი გამოსულიყო.“
    აშკარაა რამზი ნასრის სიყვარული მუსიკისადმი. დადგმაში “ცხოვრება ჯოჯოხეთში”, რომლისთვისაც მან ლიბრეტო დაწერა, თვითონ იმღერა კიდეც. ამას გარდა, ის მონაწილეობდა ექსპერიმენტულ პროექტში, რომლის ფარგლებშიც მან ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ბელგიური როკ ჯგუფის dEUS-ის გიტარისტთან და ვოკალისტთან – მაურო პავლოვსკისთან ერთად ტურნე გამართა. მაურო პავლოვსკისთან თანამშრომლობა იმდენად მოულოდნელია ჩემთვის, რომ ვეუბნები, ჩემს აიპოდში dEUS-ის ალბომი Worst Case Scenario მაქვს და ხშირად ვუსმენ-მეთქი, რაზეც ეღიმება. “წიგნიერი ადამიანები” – ასე ერქვა ექსპერიმენტულ წარმოდგენა-თამაშს, რომელშიც ნიდერლანდური ლიტერატურის და მუსიკალური სცენის გამორჩეულმა ორმა ფიგურამ წიგნიერი ხალხი თამაშისთვის გამოიწვია. ამავე წარმოდგენაზე წაიკითხა რამზი ნასრმა თავისი სამნაწილიანი პოემა – “ზამთრის სონატა”, რომელიც მის მუსიკალურ კერპს – დმიტრი შოსტაკოვიჩს ეძღვნება და რომელშიც პოეტმა საყვარელი კომპოზიტორის უკანასკნელი ნაწარმოების – “სონატა ალტისა და ფორტეპიანოსთვის” კომპოზიცია ტექსტობრივი ფაქტურით გაიმეორა. როგორც თვითონ აღნიშნავს, “ჩემთვის მუსიკა ტექსტშია. ვცდილობ, ჩემი პოეზიით მელოდია გადმოვცე. პოეზიას მუსიკალური თვალსაზრისით განვიხილავ.” “ზამთრის სონატაში” რამზი ნასრიმ მკითხველს მომაკვდავი კომპოზიტორის ფრაგმენტული მოგონებების და აბსურდული ირონიის სინთეზი შესთავაზა სტალინური რეჟიმის ისტორიულ კონტექსტში.
    რამზი ნასრი: “პოემის პირველ ნაწილში მინდოდა ციტატები ჩამერთო. წიგნებში დავძებნე შოსტაკოვიჩის მიერ სხვადასხვა დროს გამოთქმული ფრაზები. მეორე ნაწილში ყვავილების ჩამონათვალი გავაკეთე. მესამე ნაწილში შოსტაკოვიჩი სასიკვდილო სარეცელზეა და წარსული ამბების გახსენებას ცდილობს.”
    ამ ლექსში სტალინის, როგორც მებაღის და საბჭოთა ხალხის, როგორც ბაღის მეტაფორა აშკარად ირონიულ ელფერს იძენს ახალი აღთქმისეული კონტექსტის გათვალისწინებით. არადა, მართლაც, რამზი ნასრის პოეზიაში ძალიან ხშირია ბიბლიის ციტირება, განსაკუთრებით ლექსში “ფსალმუნი მოდგმაზე”.
    რამზი ნასრი: “ფსალმუნი ჩემთვის თვითგამოხატვის, ეჭვის დაშვების საშუალებად იქცა. ადამიანებს ამ ფორმით შეუძლიათ მოინანიონ, ან კითხვები დაუსვან ღმერთს, კალვინიზმის მსგავსად, სადაც ადამიანსა და ღმერთს შორის შუამავალი არავინაა. იმ დროს ნიდერლანდებში კალვინისადმი მიძღვნილი დღეები იმართებოდა. ამ ლექსის წაკითხვით გავხსენი დორდრეხტის საკათედრო ტაძარში მოწყობილი გამოფენა, რომელსაც თეოლოგების, მოძღვრებისა და რეფორმატორული ეკლესიის სხვა მოღვაწეების გარდა, ჩვენი დედოფალიც ესწრებოდა. კალვინიზმის მიმდევარი საეკლესიო მოღვაწეები გააღიზიანა ჩემმა ლექსმა. ცერემონიალის დამთავრებისას, მითხრეს, რომ ამით დედოფალს შეურაცხყოფა მივაყენე და მათ მხოლოდ მისდამი მოწიწებით არ დატოვეს იქაურობა. დედოფალმა კი პირადად გამოხატა კმაყოფილება ჩემი ლექსით. კალვინიზმს ხშირად გადამწყვეტ როლს მიაწერენ ჰოლანდიელი ერის ხასიათის ჩამოყალიბებაში. მაგრამ ნუთუ მართლა ასე ჰომოგენური ერი ვართ ჰოლანდიელები? ნუთუ კალვინი ყოველ ჩვენგანშია?”
    ჰოლანდიელი ერის ხასიათში რამზი ნასრი უკიდურეს თავისუფლებას გულისხმობს, სადაც თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის ზღვარი უკვე აღარ იკითხება.
    რამზი ნასრი: “ჰოლანდია დედამიწის ზურგზე ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა, აქ ყველაფერი დაშვებულია. შეიძლება ერთ დღესაც რომელიმე მოქალაქემ უარი თქვას სამსახურზე, სამუშაოდ აღარ წავიდეს და სახელმწიფოსგან მაინც მიიღებს დახმარებას. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან ადამიანებს ყველაფერი აქვთ და აღარაფერი დარჩა საოცნებო. ამ დროს ჩნდება პერვერსიული აზრები – თავისუფლების ყველაზე დიდ გამოხატულებად კი შუა ქუჩაში ერთი ადამიანის მიერ მეორის მკვლელობის სურვილი იქცევა, რაც ჩვენს ქვეყანაში არაერთხელ მომხდარა. ასევე, მაგალითად, ჩვენში იყო ანტიისლამისტი პოლიტიკოსი – პიმ ფორტუინი, რომელიც მოკლეს. ის მუსულმანების მიმართ ყველაზე შეურიგებელი პოზიციით გამოირჩეოდა. მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ თავისი პოლიტიკური ტრიბუნის მიღმა, ის სიამოვნებით ერთობოდა მაროკოელ ბიჭებთან.”
    იქნებ ამაშია ევროპული და აღმოსავლური სააზროვნო მოდელების შეუთავსებლობა, ან იქნებ, ნაწილობრივ, ევროცენტრისტულმა დამოკიდებულებამ წარმოშვა ფუნდამენტალიზმი, როგორც თავდაცვითი პასუხი იერიშზე? ამას საკუთარ თავს ვეკითხები, ხმამაღლა კი კალვინიზმის უარყოფითი გავლენით ვინტერესდები.
    რამზი ნასრი: “კალვინიზმს შედეგად მოჰყვა ის, რომ ადამიანებმა უარი თქვეს საეკლესიო მხატვრობაზე, ქანდაკებაზე, მუსიკაზე და მხოლოდ ბიბლიის კითხვას დასჯერდნენ. ამიტომაცაა, რომ ჩვენ, კავკასიელებისგან განსხვავებით, ცეკვა არ გვეხერხება. არ ვიცი, გინახავთ თუ არა ჰოლანდიური ცეკვა, რომელიც მხოლოდ ხის ქოშებწამოცმული ფეხების კანუნით შემოიფარგლება. მის ნახვას არ გირჩევთ. ამის გამო, პროტესტის განცდა ბევრ ჰოლანდიელს უჩნდება. იგივე შეიძლება ითქვას პოლიფონიურ მუსიკაზეც. თქვენს მუსიკაში მრავალი ხმა ისმის, ყველას თავისი ფუნქცია აქვს და ეს ხმები მაინც ჰარმონიულ წესრიგს ემორჩილება. ჩვენთან ასე არ არის.”
    პოლიფონია, პლურალიზმი, მრავალხმოვანება – ამ ცნებების პოეტური ნაკვალევი ჩანს რამზი ნასრის ლექსებში, სადაც თუნდაც წინადადებების წყობის თავისუფალი – დემოკრატიული პრინციპი ამოსავალ პუნქტად იქცევა.
    რამზი ნასრი: “ჩემს პირველ კრებულებში გულმოდგინედ ვცდილობდი, რომ ზუსტად დამეცვა რითმა. შემდგომში ჩემი ლექსები უფრო თავისუფალი და მსუბუქი გახდა – ერთ დღესაც უარი ვთქვი სასვენ ნიშნებზე. უკვე აღარ ვფიქრობ, რომ, ვთქვათ, სონეტი მაინცდამაინც ტრადიციული სონეტის მეტრულ თავისებურებებს უნდა შეესაბამებოდეს.”
    იქნებ ესაა პოეზიის პრინციპი – ზღვარის გაქრობა, რაც გარეგნულად პუნქტუაციური ნიშნების თუ მთავრული ასოების გაუქმებაში გამოიხატება.
    საღამოს, სამეფო უბნის თეატრში გამართულ წიგნის პრეზენტაციაზე რამზი ნასრი ისეთივე ქარიზმით კითხულობდა თავის ლექსებს, როგორც წინა დღით ნანახ ვიდეოებში. ოღონდ ახლა უკვე რეალურ დროსა და სივრცეში. რამზი ნასრი ლექსებს ჰოლანდიურ ენაზე კითხულობდა, მის უკან, პროექტორზე ქართულ თარგმანს უშვებდნენ. თუმცა ენობრივი ბარიერი მეორეხარისხოვანი იყო, რადგან ის საღამო პოლიფონიის საღამოდ იქცა – სადაც წარსული და დღევანდელობა ისევე შეხვდა ერთმანეთს, როგორც ნიდერლანდური და ქართული კულტურა.
    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • AUDIO,  პორტრეტი

    მალხაზ ხარბედია – ნიკო ლორთქიფანიძე – 130


    AUDIO

    წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული თარიღი აღინიშნება, ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 130 წლისთავი, მწერლისა, რომელიც საქართველოში უყვართ, მაგრამ ხშირად არასწორად ესმით.

    წლების მანძილზე თითქმის ყველა ქართველი კალმოსანი მოვალეობად მიიჩნევდა, რაღაც მაინც დაეწერა ნიკო ლორთქიფანიძის შესახებ. ხშირ შემთხვევაში ეს წერილები ძალიან ზედაპირული შთაბეჭდილებების თავმოყრას წარმოადგენდა და ვერაფერს არსებითს ვერ გვეუბნებოდა XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქართველ პროზაიკოსზე. განსაკუთრებით ლიტერატურულ იმპრესიონიზმზე წერდნენ ბევრს, წერდნენ დაუღალავად, იმდენად, რომ ათწლეულების მანძილზე ყველას, სკოლის პედაგოგსა თუ უნივერსიტეტის პროფესორს, ნიკო ლორთქიფანიძის სახელის ხსენებაზე მხოლოდ ეს სახელოვნებო მიმდინარეობა, იმპრესიონიზმი ახსენდებოდათ.

    ის, თუ რა ნაწარმოებები დაწერა ნიკო ლორთქიფანიძემ, თითქოს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ რატომღაც, სულ ერთიდაიგივე მოთხრობებს სწირავდნენ ხოლმე მსხვერპლად ლიტერატურის ქურუმები და ჩვენც, სკოლასა თუ უნივერსიტეტში ყურები გვქონდა გამოჭედილი: წაიკითხეთ “თავსაფრიანი დედაკაცი”, “ტრაგედია უგმიროდ” და “შელოცვა რადიოთი”. ეგ კი არა და, ერთხელ გავოგნდი, როცა ოთხ სხვადასხვა ავტორთან, ნიკო ლორთქიფანიძის გენიალობის დასტურად ერთიდაიგივე ციტატა აღმოვაჩინე. როგორც ჩანს, ოთხმა სახელოვანმა მწერალმა ვერაფერი ნახა ნიკო ლორთქიფანიძის ოთხტომეულში, გარდა ამ ერთი წინადადებისა: “ყეფდა ძაღლი, სახურავიდან ამოდიოდა კვამლი და იყო პატარა ოჯახი”.

    აქედან გამომდინარე, ნიკო ლორთქიფანიძის პროზა ახლიდანაა წასაკითხი. კრიტიკოს ეკა ცხადაძის აზრით, მისი თემები ჯერ კიდევ შეძრავს მკითხველს:

    “ნიკო ლორთქიფანიძის ადგილი ქართულ პროზაში და საერთოდ ლიტერატურულ სივრცეში თავიდანვე მოინიშნა. მისმა ნიჭის თაყვანისმცემლებმა რა თქმა უნდა თავიდანვე იცოდნენ ვინ იყო ნიკო ლორთქიფანიძე, მაგრამ XXI საუკუნის მკითხველისათვის ნიკო ლორთქიფანიძის თემატიკა, მისი აზროვნება, მის მიერ წამოწეული თემები მაინც საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვიცით, 130 წელი გავიდა მისი დაბადებიდან. მას არ შეხებია დრო”.

    მემგონი მაინც ჯობდა, რომ ნიკო ლორთქიფანიძეს შეხებოდა დრო, ცხადია გახუნებასა და მოძველებას არ ვგულისხმობ, არამედ იმას, რომ ჩვენ, რეალურად არცა გვაქვს ნიკო ლორთქიფანიძის წაკითხვები, არ ვიცით, როგორ აღიქვამდნენ მას 20-30-იან წლებში, 50-60-იანებში, ძალიან ცოტა რამ დაიწერა მის შესახებ 90-იანებიდან დღემდე მოყოლებულ პერიოდში. როგორც ზემოთაც ვთქვი, ნიკო ლორთქიფანიძის კანონიკურ ტექსტებში სულ რამდენიმე მცირე ნოველა მოხვდა, არადა მის შემოქმედებაში კიდევ ბევრი რამეა აღმოსაჩენი:

    “ჩემი აზრით, თანამედროვე მკითხველს უთუოდ დააინტერესებს ნიკო ლორთქიფანიძის ის ნაწარმოებები, რომლებიც ძალიან პოპულარული არ არის, მაგრამ სპეციალისტებმა ვიცით მათ შესახებ და ნებისმიერ დროს შეგვიძლია, რომ ვუთხრათ და ვურჩიოთ მკითხველს. განსაკუთრებით საინტერესოა ნიკო ლორთქიფანიძე, როგორც მოდერნისტული ეპოქის შემოქმედი, მაგრამ ის ამის შემდეგაც ისეთ თემებს ამუშავებს, რომელიც გადის მოდერნიზმის ჩარჩოებიდან”.

    ნიკო ლორთქიფანიძის ბიოგრაფია ცალკე საუბრის თემაა:

    “ნიკო ლორთქიფანიძის ბიოგრაფია ძალიან საინტერესოა. მას ორჯერ ჰქონია დუელი, და მის განსხვავებულობას ალბათ ესეც მოწმობს. უნდა ითქვას, რომ თვითონ ნიკო ლორთქიფანიძე არაა ტრაფარეტული ბიოგრაფიის მქონე ადამიანი. ის არ იზრდებოდა გაჭირვება, უფრო პირიქით, ძალიან ცნობილი და კარგი ოჯახის შვილი იყო, მისი წინაპრები თურმე ფიცის კაცები ყოფილან, რაც ნიშნავდა იმას, რომ ისინი ძალიან, ასე ვთქვათ, ეროვნული ადამიანები იყვნენ. ისინი სოლომონ II-ის დასაყრდენ ძალას წარმოადგენდნენ იმ ძნელბედობის ჟამს. ნიკო ლორთქიფანიძესაც ყოველთვის ახასიატებდა ეს შინაგანი ღირსება, იგი ძალიან დახვეწილი კაცი იყო და ერთი ქართველი პოეტი მწევარსაც კი ადარებდა მას. პირველი დუელი მას უცხოეთში სწავლის პერიოდში ჰქონდა, ავსტრიაში, რომელიღაც დოცენტთან და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიტუაცია დუელის მიზეზი გახდა. მეორე დუელი უკვე რუს ოფიცერთან ჰქონდა, აქ, საქართველოში და ამ შემთხვევაშიც ძალიან ღირსეულად გამოსულა ამ მდგომარეობიდან. პირველი დუელისას მან ფარიკაობაც კი არ იცოდა და ერთი ღამის ნავარჯიშებმა შეძლო დუელში მოანწილეობის მიღება, მეორე დუელისას უკვე სროლაზე მიდგა საქმე…”

    ნიკო ლორთქიფანიძის შესანიშნავი პორტრეტი დაგვიტოვა სიმონ ჩიქოვანმა. გასული საუკუნის ათიან წლებში, გარდა სამწერლო, სარედაქციო და სხვა საქმიანობისა, მწერალი ქუთაისის რეალურ სასწავლებელში გერმანულსაც ასწავლიდა. მისი მოსწავლე იყო სიმონ ჩიქოვანი, რომელმაც მოგვიანებით ესეც მიუძღვნა მასწავლებელს. ფოტოზე ყველასა გვყავს ნანახი ნიკო ლორთქიფანიძე, მაგრამ პოეტისა და მოსწავლის მეხსიერებაში დარჩენილი სახე, შესაძლოა რაღაც უფრო მნიშვნელოვანს იფარავდეს: “კაფანდარა იყო, სქელი ტუჩებით, მეჩხერი ულვაშითა და კოხტად შეკრეჭილი მოკლე წვერით. სათვალიდან დაღლილი იცქირებოდა, მშვიდი ნაბიჯით დადიოდა, სახეზე მუდამ ნაღვლიანი შთაგონება ეფინა და ჩუმი ირონიით შეფერილი “მწარე” ღიმილი იცოდა. ძალზე თავისებური და შეუცნობელი გარეგნობა ჰქონდა.”

    მისი პიროვნული თვისებებიდან პირველ რიგში თავმდაბლობა და ღირსების გრძნობა უნდა დავასახელოთ:

    “სხვათა შორის, მისი ბიოგრაფია ერთგვარად ქვაკუთხედია მისი მენტალობის და ყველაზე უფრო საინტერესო რაც არის და რაც ძალიან მოგვხიბლავს დღევანდელი გადასახედიდან, ისაა, რომ მას უყვარდა ჩუმად ყოფნა, არ უყვარდა საკუთარი თავის წინ წამოწევა. ჩვენ ვიცით როგორი გრან სენიორის პოზა ჰქონდა კონსტანტინე გამსახურდიას, როგორი გამომწვევი და პომპეზური იყო გრიგოლ რობაქიძე, ცნობილია ცისფერყანწელების პოზაც… ნიკო ლორთქიფანიძე კი ემიჯნებოდა ყველაფერ ამას. მას არ უყვარდა ეს პომპეზურობა, თავის მოწონება, ზედმეტი რაღაცეები და ეს ყველაფერი აისახა მის შემოქმედებაშიც”.

    ამაში დარწმუნება საკმაოდ ადვილია, რადგან ნიკო ლორთქიფანიძის თზულებების რამდენიმე გამოცემა არსებობს. მკითხველს შევახსენებ, რომ მისი ტომები 20-იან წლებშიც გამოვიდა, 30-იანებშიც, 40-იანებშიც და 50-იანებშიც. ყველაზე სრული კი, მაინც, ალბათ, 70-იან წლებში გამოცემული ოთხტომეულია, სადაც “თავსაფრიანი დედაკაცი“, “ტრაგედია უგმიროდ” და “შელოცვა რადიო გარდა, კიდევ ბევრ ძლიერ ტექსტს ნახავს მკითხველი.

    © radiotavisupleba.ge

  • ინტერვიუ,  პორტრეტი

    საუბრები ლიტერატურაზე – ბესო ხვედელიძე


    თეონა დოლენჯაშვილი
    მსოფლიო ლიტერატურულ იერარქიაში რიგით სამოსნებად ვჩანვართ

    – ლიტერატურულ ჟურნალს რედაქტორობ და ყოველთვიურად ალბათ, უამრავ ახალ ტექსტს ეცნობი. როგორ შეაფასებ იმას, რაც დღეს იქმნება. როგორები არიან მომავალი თაობის ავტორები? და საერთოდ, როგორია თანამედროვე ლიტერატული ტენდენციები?
    – ჟურნალის რედაქტორობა არაა იოლი საქმე. მით უმეტეს ისეთისა, როგორიც “ლიტერატურული პალიტრაა”. აქ მრავლადაა სხვადასხვა რუბრიკა, რომლებიც ეხმიანება ბოლოდროინდელ საზღვარგარეთულ ლიტერატურულ თუ ტექნიკურ პროგრესს – ამ უკანასკნელში ვგულისხმობ ბოლო ხანებში ჩვენში ფეხმოკიდებულ ლიტერატურულ ინტერნეტ-საიტებსა და ნაირ-ნაირ პორტალებს. ჯერჯერობით მათი უმრავლესობის სახე ჩემგან უფრო მეტ სერიოზულობას საჭიროებს. როგორც ვამჩნევ ბევრ მათგანს ძლიერი, კრეატიული და პროფესიონალური რედაქტორული ფილტრი აკლია. ალბათ, ნელ-ნელა ისინიც დაიხვეწებიან და ღირსეულად ჩაეწერებიან ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში. საერთოდ კი, ძნელია ავტორებთან მუშაობა. განსაკუთრებით ისეთ დამწყებებთან, რომლებსაც, როგორც წესი, თავი თინეიჯერობის ასაკიდან გენიოსები ჰგონიათ (როგორც წესი სწორედ ასეთები ტოვებენ ამ ასპარეზს ნაადრევად). ჩემი მხრივ, დეტალებში მახსოვს, ნამდვილ, გამოწვლილივით რედაქტორულ მუშაობას კაი ათი-თორმეტი წლის წინ ვეზიარე, როდესაც ჯერ კიდევ დებიუტანტს მჭიდროდ მიწევდა თანამშრომლობა დიდებულ ლიტ-გამოცემებთან: “არილი”, “ალტერნატივა”, “ქომაგი”, “სუფთა წერა” და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, დღეს აღარცერთი გამოდის, თუმცა კი დარჩა ის ძველი, ნამდვილი გამოცდილება, მუშაობის ის ყველაზე უტყუარი მეთოდები. ისინი ერთგვარი სტიმული და სასარგებლო გამაღიზიანებელიც კი იყო რედაქციის მხრიდან ავტორებთან ურთიერთობაში. მეც ვცდილობ არ დამავიწყდეს ეს ცოდნა – ვაწუხებ ავტორებს, ვწერ, ვურეკავ, მოვიკითხავ, ვაგულიანებ… ამის გარეშე ძნელია ბევრ მათგანში ლიტერატურული ჟინის აღძვრა, ვინაიდან ბევრი სხვა რამითაა დაკავებული. მომავალს რასაც ვუყურებ, საკმაოდ ნიჭიერი თაობა მოდის – საინტერესო პროზაიკოსებად უნდა ჩამოყალიბდნენ “ლიტერატურულ პალიტრაში” პირველად დაბეჭდილები მიშა ბახსოლიანი, ნინო ტეფნაძე, თამთა მელაშვილი, ირაკლი ფაღავა… უაღრესად ნიჭიერი ახალგაზრდა გამოჩნდა ლადო კილასონიას სახით… ზემოთ ჩამოთვლილთა ძალიან დიდი იმედი მაქვს – უბრალოდ, აუცილებლად დაჭირდებათ ცხოვრებაში რძესა და ბულკზე მეტით გაზრდა, რომ ბევრზე მოუწიოთ ფიქრი, ჩარღმავება… სხვანაირად კარგი ლიტერატურა არც იქმნება. იმასაც დავამატებ, რომ არც ძველებს (უფროს თაობას) მობლაგვებიათ საბედნიეროდ კალამი, და ზოგი მათგანი იმ ასაკშიც შევიდა, საიდანაც როგორც ამბობენ იწყება კიდეც ნამდვილი პროზის წერა. საერთოდ კი კარგი, საინტერესო, მზარდი ლიტერატურა გვაქვს. ვინც არ მეთანხმება – გადაიკითხოს ამ ბოლო ოცწლეულში დაწერილი ქართული პროზა და პოეზია. ერთი უცხოეთისკენაა ფანჯარა შესაღები და დანარჩენს ისევ თავის ადგილზე დააყენებს უცხო თვალი და მომავალი. სკეპტიკოსებმა ცივი წყალი დალიონ – ბოლოს და ბოლოს ხომ წყალშია ჭეშმარიტება, რადგან ის არც ტკბილია და არც მწარე.
    – რაც შეეხება უცხოეთში კარის შეღებას, რა არის ქართული ლიტერატურის ლოკალურობის მიზეზი? თავად ავტორების, ენის, თუ ეს უფრო თარგმნისა და საგამომცემლო პრობლემების ბრალია?
    – ისევ და უფრო ენა, ენა და ენა. მისი მოქნილობა, გრამატიკული სირთულე, პლიუს მავან ძველთა ფეხებზემკიდიობა თუ უმეცრება ამ სფეროში ამ მომენტს ძალიან ავად დაეტყო. ქართული ენა დანარჩენი მსოფლიოსთვის ერთგვარი ჯავშანია. ამავდროულად ხომ დიდი ბარიერიცაა. მაგრამ არა მგონია, ამ ბარიერის არარსებობის შემთხვევაში, ის, რასაც ვწერთ და ვწერდით, რიგითი სამოსნის, პლებეის ადგილით დაკმაყოფილებულიყო მსოფლიო ლიტერატურულ იერარქიაში – ალბათ უფრო პირიქით. ეს უმკაცრესი “ენობრივი სავიზო რეჟიმი” უბრალოდ სასწრაფოდ გადასალახია. ჩემი ოპტიმისტური ვარაუდებიც ან დადასტურდება ან პირიქით. დასანანია, რომ სადაც ერს აქვს დიდი ნაწარმოებები პროზასა და პოეზიაში – არ გიცნობდეს თითქმის არავინ მსოფლიოში. და ეს უბრალოდ იმის გამო ხდებოდეს, რომ ძალიან დაბალ დონეზეა ჩვენთან ქართულიდან ნებისმიერ უცხო ენაზე თარგმნის საქმე.
    – ამობენ, რომ თითქმის აღარ იქმნება მცირე პროზა. შენი აზრით, რატომ აღარ წერენ ქართველი მწერლები მოთხრობებს?
    – ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას ვერანაირად. მე მგონი, თანამედროვე ქართველი მწერლები კარგ მოთხრობებს ზუსტადაც რომ წერენ, და უფრო რომანებშია არც მთლად ისე კარგად საქმე. პირად საზომად ჩემივე ხედვა მაქვს – ლამის არცერთი ქართული რომანის წაკითხვა არ მომინდებოდა, წინასწარ მათი მოკლე ანოტაცია რომ მცოდნოდა. ეს რა თქმა უნდა ყველა ტექტს არ ეხება. ისე – სიმართლე ითქვას, დღესდღეობით თანამედროვე ქართული ლიტერატურა მთელი ეპოქით და ათწლეულებით უსწრებს სათქმელით, გემოვნებით და სიღრმით სიტყვაზე ესოდენ ფსკერზე დაყვინთულ ქართულ კინემატოგრაფს. ამაში დასარწმუნებლად და ექსპერიმენტად უბრალოდ ამ ორივეს გულდასმით გადაკითხვა-გადათვალიერება გამოდგება – ბოლოს და ბოლოს უცხოეთში გატანა – ანუ უცხოს თვალით შეიძლება ამის გადამოწმება. და აღარ წერენო – ასე კატეგორიულად ვინ თქვა ნეტავ? ჩეხოვი და ბორხესი საფლავში უნდათ დააბზრიალონ? მე ვწერ, ზურა ლეჟავა წერს, ზაალ სამადაშვილი წერს, ბექა ქურხული წერს, ირაკლი ლომოური წერს, გურამ მეგრელიშვილი წერს, მარიანა ნანობაშვილი წერს, თეა თოფურია წერს, გელა ჩქვანავა წერს, ბაჩო კვირტია წერს, მაკა მიქელაძე წერს, თამრი ფხაკაძე წერს, რეზო თაბუკაშვილი წერს, დავით ქართველიშვილი წერს, მაკა ლდოკონენი წერს, მიშა ბახსოლიანი წერს, ნიკუშა ანთაძე წერს, თამთა მელაშვილი წერს, ნინო თარხნიშვილი წერს, ლადო კილასონია წერს, რატი რატიანი წერს. ხანდახან ლაშა ბუღაძეს და ზაზა ბურჭულაძესაც გაუვარდებათ ხოლმე ყარაულის თოფივით… ეს ამხელა რომანების წერაც რა გითხრათ – მე გრძელი სიტყვა მოკლედ მირჩევნია ვთქვა და მეორე კიდევ, სად მაქვს იმის დრო, რომ სამსაგვერდიანი ეპიკა ვაცხო. ახლა თუ დავით კლდიაშვილი და მიხეილ ჯავახიშვილი აღარ წერენ – მიზეზებზე სხვაგანაა გადასარეკი.
    – მაგრამ წლის 15 საუკეთესო მოთხრობების კრებელების მიხედვით ამას ვერ ვიტყვით. თუნდაც, წლევანდელ კრებულს როგორ შეაფასებდი? რამდენად ასახავს ასეთი გამოცემები ჩვენს ლიტერატურულ სივრცეს და იმას რაც ამ სივრცეში ერთი წლის მანძილზე იქმნება? მე პირადად, ხშირად ვფიქრობ, რომ ეს უფრო კომერციული პროექტია, ვიდრე ლიტერატურული.
    – მეც უფრო ამ კრებულების აშკარა კომერციულობას გავუსვამდი ხაზს, ვიდრე მათ წმინდა ლიტერატურულ ღირებულებას. ამაში ბოლო კრებულის მაგალითზე შეიძლება დარწმუნდეს ლიტერატურაში ნორმალურად ჩახედული და გემოვნებიანი ადამიანი – ეს ხომ მხოლოდ ერთი გამომცემლობის სუბიექტური და კომერციული გემოვნებით შედგენილი წიგნია. ეს თავადაც არაერთხელ აღუნიშნავთ ამ გამომცემლობის უფროსებს. დარწმუნებული ვარ – იგივე ტიპის წლევანდელ პროექტში მეტწილად სხვა მოთხრობები მოხვდებოდნენ – რომ შეედგინა ეს კრებული გამომცემლობა “დიოგენეს”, “საარს”, “სიესტას”… იგივე ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებს – ანუ მათ რომ სულ სხვა რედაქტორ-შემრჩევები ჰყოლოდათ მივიღებდით სულ სხვა შედეგს. უბრალოდ, სხვა ალტერნატიული წლიური კრებულის კრებული განსაზღვრავს “15 საუკეთესოს” პოპულარობას. დარწმუნებული ვარ, ამ კრებულის რეიტინგი განახევრდებოდა, მსგავსი ლიტერატურული წამოწყება სხვებსაც რომ შემოეთავაზებინათ. თან ისეთივე ან უფრო დიდი პიარით. ისე კი, მსგავს პროექტებს მუდამ აშკარა სუბიექტურობის დაღი აზის, და სიმართლე ითქვას, ვინაა რომ მთლად ობიექტური და შეუმცდარი ამ პლანეტაზე…
    – კომერციასა და ლიტერატურაზე საუბარი რომ განვაგრძოთ. უნდა ვაქციოთ თუ არა წიგნი კომერციის ნაწილად? და უნდა იფიქროს თუ არა მწერალმა ამ მიმართულებითაც. შენ თავად ფიქრობ?
    – მე გაცილებით ნაყოფიერად ვიმუშავებდი ლიტერატურაში, ელემენტარულად უფრო მეტი თავისუფალი დრო რომ მქონდეს და არ მიწევდეს პარალელურად ორ ტელევიზიაში მუშაობა საკუთარი თავის შესანახად. მოგეხსენებათ, ენერგიათა აქეთ-იქით, პარალელურ რეჟიმში ფლანგვა მაინცდამაინც ბევრ არაფერს იძლევა, როგორც ორი კურდღლის გაშმაგებული დევნა მხოლოდ წყვილი ფეხით, მაგრამ იქ მკითხველი გაიაფდაო, აქ წიგნებს აღარ კითხულობენო, 25 წლის ქვემოთ “წ”-ს და “შ”-ს გარჩევა უჭირს თაობასო. ალბათ ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი და სასარგებლო გამოსავალი იქნება დიდი პიარ-კამპანიის ჩატარება – რომლის შედეგადაც ქვეყანაში უბრალოდ ისეთივე სირცხვილად და უზნეობად იქნება უწიგნურობა მიღებული, როგორც პირდაუბანლად ან საჯდომგამოფხრეწილად ქუჩაში სიარული.
    – თემას გავაგრძელებ და ბესტსელერების სპეციფიკაზე მინდა გკითხო. რა ტიპის წიგნები ხდებიან დღეს თანამედროვე მსოფლიოში ბესტსელერები? რა ნიშანი გამოარჩევს მათ?
    – ხშირად მიწევს ლიტერატურულ ფესტივალებზე ყოფნა და უკვე აგერ 30 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. იქ უპირველესად ამ სფეროთი ვინტერესდები, მყავს უამრავი კოლეგა და მეგობარი, გამომცემელი და რედაქტორი. რასაც ვატყობ – მათი რეკომენდაციები ძალიან ახლოსაა ჰოლივუდის კინო-მრეწველობის ბოლო ნამუშევრების შინაარსთან: – გლობალური კატაკლიზმები, პლანეტარული პრობლემები, ადამიანთა ფიზიკური გაჩანაგების შიში, უცხოპლანეტელთა შემოსევა, მასობრივი ვირუსები, შავზე ბნელ იუმორში გადასული პორნოგრაფია თუ ინცესტი… მოკლედ თუ კინემატოგრაფს დავუკვირდებით – ამ მიმართულებით შექმნილ უცხოურ პროდუქციას გაცილებით მეტი მაყურებელი ეტანება ვიდრე პროზად დაწერილ რომანტიკულ სასიყვარულო ვოდევილებს თუ ჩაგრული ადამიანების ჩივილს საკუთარ ბედუკუღმართობასა და სამყაროს უკმაყოფილებაზე. ამ ტიპის მოთხოვნებმა საზღვარგარეთ ძალიან წინ წაიწია, თუმცა ამ მიმართულებით მე ქართულ ლიტერატურაში დიდ მუშაობას მაინც ვერ ვხედავ – მახსენდება ჩემი მხოლოდ ორი ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობა დედამიწიდან მასობრივ ემიგრაციაზე (ერთ-ერთი 2002 წლის პენ-მარათონზე” დაიწერა და ლაურეატადაც აღიარეს)… მეტწილად კი, რაზეც ჩვენში იწერება – რაღაც ყავლგაცლილი რეალიზმი, პოეტური კიჩი ან ფოტოგრაფიული სიზუსტით აღწერილი “მართლა მომხდარი ამბებია”.…კიდევ კაი მანდ არა ვარ, თორემ ნამდვილი ამბების მოყოლა რომ ასე ძალიან მნდომებოდა “კურიერში” ან “მოამბეში” უფრო სიამოვნებით და წარმატებით დავიხარჯებოდი ჟურნალისტად. იქ ხომ, როგორც წესი, იმას ჰყვებიან – აგერ გუშინ რომ სადღაც რაღაც მოხდა და დედა რა გვეშველება… ნუ ეს მდაბიო და ქვითკიროვანი შეხედულებაც ვისი მოტანილია თავის დროზე?.. მე რასაც დავაკვირდი, ძირითადად ისევ ამ სფეროში დროებით მობანავე ვიღაც უნიჭო და შემთხვევითი ადამიანების. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ასეთებს უბრალოდ არ აქვთ წაკითხული არც გარსია მარკესი, არც ფიოდორ დოსტოევსკი, არც ბორხესი, არც კამიუ და სარტრი, არც ჰამსუნი, არც რუსთაველი, არც ოთარ ჭილაძე და არც მილან კუნდერა, არც სოროკინი, პელევინი, მამლეევი თუ მილორად პავიჩი… რაღაც ძალიან იმატა ამ ბოლო დროს უწიგნური მწიგნობრების რიცხვმა საქართველოში. მე სხვა ნავში ვზივარ, საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს და გვაცალეთ ბატონო…
    – ცოტა ხნის წინ ატეხილ აჟიოტაჟსა და ახლაგაზრდა მწერლის ერეკლე დეისაძის წიგნზე რომ ვისაუბროთ. ამგვარი სტარტი საზიანოა იმისთვის, ვინც მწერლობას აპირებს, თუ პირიქით?
    – ერეკლეს კარგად ვიცნობ და ვიცი რომ ნაკითხი, ნიჭიერი და მონდომებული ახალგაზრდაა. დარწმუნებული ვარ, რომ მას ნამდვილი და ძარღვიანი ლიტერატურული ცხოვრება ჯერ კიდევ წინ აქვს. ჩვეულებრივ რეალობაში თუ კიდევ უფრო მეტს ნახავს და გადაიტანს, გაცილებით მეტი სიღრმე ექნება ყოველ მის დაწერილ ნაწარმოებს. ეს არა მხოლოდ მას, ყველა იმ დებიუტანტს ეხება, ვინც გარისკა თავში და ისეთ საპასუხისმგებლო და სახიფათო საქმეს მოკიდა ხელი, როგორიც მხატვრული ტექსტის წერაა. მე ერეკლეს გულით ვგულშემატკივრობ და ვიცი, საკმაო შინაგანი ენერგია აქვს საიმისოდ, გაუძლოს ბევრს – დაუმსახურებელ წიხლს თუ კუპრნარევ თაფლს, კიდევ უფრო იმუშავოს საკუთარ თავზე, გახსნას ის სიღრმეები რაც ბევრისთვის მთვარეზე ექსკურსიის ტოლფასია ხოლმე.
    – შენი ბოლო პროზაული კრებული “თაგვის გემო” ლიტერატურული პრემია “საბას” ფინალისტთა შორისაა. ამ პრემიის არსებობის მანძილზე შენ იყავი პირველი, ვინც საუკეთესო პროზაული კრებულების ნომინაციაში ეს პრემია აიღო. როგორ განვითარდა ამ წლების მანძილზე მწერალი ბესო ხვედელიძე? რა დაკარგა და რა შეიძინა მან. როგორია შენი ლიტერატურული სახელოსნო. როგორ წერ?
    – “საბა” საჭირო ლიტერატურული წამოწყება იყო. ის არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის ქომაგი აღმოჩნდა, არამედ 90-იან წლებში ნავთის სუნზე და უშუქობაში დროგატარებული ერისთვის ახალ საუკუნეში მთავარ ლიტერატურულ გზამკვლელვად იქცა. მან ბევრ ავტორს, ბევრ კონკრეტულ წიგნს (და არა მხოლოდ გამარჯვებულს) გაუკეთა კარგი რეკლამა. ბევრი ხელჩაქნეული ადამიანი მიიყვანა კარგ წიგნთან და გადაატანინა რაღაც ძალიან პირადი ტკივილი. ზოგიერთთა ქილიკს ამ პრემიის მიმართ ალბათ მხოლოდ სუბიექტური ახსნა აქვს. უმრავლესობა მათგანი ხომ შინაარსობრივი არადამაჯერებლობის, ზერელეობის თუ კულუარულ ამბებში ჩაუხედაობის გამო ვერაფრით იქცა სიტყვაზე პრემიის ჟიურის მუშაობის პროფესიონალურ კრიტიკად და სერიოზულობამდე ოდნავადაც ვერ ამაღლდა. მე რაც შემეხება, შევიძინე ცხოვრების 7 წელი, უამრავი საინტერესო ადამიანი, წავიკითხე ბევრი კარგი წიგნი. მოვიარე რიგი ქვეყნები. ვწერ ყველგან სადაც მომიხერხდება – ტრანსპორტში, საწოლში, იატაკზე, წამოწოლილი, ზეპირად. ასევე ერთი აპრობირებული მეთოდი მაქვს მოთხრობებთან დაკავშირებით, რომლებიც თავში მწიფდებიან ისტორიებად – რაღაც ხნის შემდეგ მათ აუცილებლად ვუყვები ზეპირად ახლო მეგობრებს და ამით ვამოწმებ მათ დრამატურგიულ, კომპოზიციურ მდგრადობას. დაწერა უკვე სპორტი და უბრალო ხელობა ხდება, როდესაც იცი, თუ რა უნდა დაწერო. ჩემთვის ეგრეა და სხვა არ ვიცი როგორ წვალობს… ბოლო კრებულში, რომელიც აგერ “საბას” შორტ-ლისტში მოხვდა, 17 მოთხრობაა, რომელთაგან არცერთი არცერთ წიგნშია არაა შესული. ძირითადი ნაწილი დაიწერა ბოლო 2-3 წლის მანძილზე და ქვეყნდებოდა პერიოდიკაში. ჭრელი კრებული გამოვიდა, წინა კრებულთან შედარებით, სადა რაღაც გარკვეულ კონცეფციას ემორჩილებოდნენ იქ შესული ტექსტები. აქ ბევრი ნახავს თავის მოთხრობებს – სისხლი გინდა – ვედროებით, ბატონო… დიდი ღალატი, ნამდვილი სიყვარული, პარალელური სამყაროები, სიზმრების სამყარო, სექსი, მკვლელობები, გაუკუღმართებული ზნეობა და პატარკაცობა, მოსაფხიზლებლად გაწნული ალიყურები, ცრუ-პატრიოტიზმი და ძალიან ბევრი ფსევდო-თვისება – პერსონაჟები მეტწილად უარყოფითები, ანუ საუკეთესო მაგალითები – თუ როგორი არ მინდოდა არასდროს ვყოფილიყავი… ესაა და ეს.
    © Weekend

  • ინტერვიუ,  პორტრეტი

    საუბრები ლიტერატურაზე – გივი ალხაზიშვილი

    თეონა დოლენჯაშვილი
    ტელევიზიას მწერლის გამოგონებაც შეუძლია და კარგი მწერლის არდანახვაც

    – ახლახანს ორი ახალი წიგნი გამოეცით. პოეტური კრებული და “მომავალი წარსული”, რომელიც ჩვენს რეალობას და უახლოეს წარსულს ასახავს…

    – თითქმის ნებისმიერი ინტერვიუ სახელდახელო საქმეა და ამავე დროს საჩოთირო, მეტადრე თუ საინტერვიო განწყობილება არ აქვს რესპონდენტს, მაგრამ განსაკუთრებულ ვითარებაში გამოავლენს თავს პოეტი. ცხადია, გოეთეს ეს სენტენცია არ გულისხმობს ინტერვიუს და მას, ალბათ, მხედველობაში ჰქონდა წერის პროცესში შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, კონვენციის სრულყოფილად ფლობის აუცილებლობა და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, თითქმის გამოუვალ ვითარებაში, როცა ერთი ზუსტი სიტყვა ან სხვა რამ ხერხია მოსაძებნი და ვერსად პოულობ.
    გოეთეს ამ სენტენციაზე, ალბათ, კიდევ მოგვიწევს საუბარი, მაგრამ თუ გადამავიწყდა, შეკუმშულად აქვე მოგახსენებთ. დაწუნებულია ყოველგვარი კონვენცია ავტორთა დიდი ნაწილისგან, რადგან უკონვენციო სივრცე უკონტროლო თავისუფლებას ანიჭებს პოეტს, თუმცა თავისუფლებით მონიჭებულ უნაპირობას თუ უპასუხისმგებლობა და ნაკლული ნიჭი დაემატება, საქმე ეგრევე უკუღმა მიდის. კონვენციის ათვისება ძნელია, თან პროსოდიის ფლობას მუსიკალური სმენაც ესაჭიროება, ამიტომ იოლია ეგრევე უარი თქვა კონვენციურ “ჩხირკიდელაობაზე” და წერო თავისუფალი ლექსები. საკუთარი სისუსტის გასამართლებლად აუცილებელია კონვენცია გოიმობად გამოცხადდეს, ხოლო ვერლიბრი ნოვაციად მოინათლოს.
    სამოცდაათიან წლებში მეც ინტენსიურად ვწერდი არაკონვენციურ ლექსებს, ე.წ. რითმიანებსაც და ჩემთვის ამ ფორმების ფლობას არასოდეს ხელი არ შეუშლია, პირიქით საშემსრულებლო შესაძლებლობები უფრო მრავალფეროვანდება.
    როგორც იქნა მივაღწიე შეკითხვამდე. “100 ლექსი” “ინტელექტმა” გამოსცა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გამომცემლობის მესვეურებს. ამ წიგნის შედგენისას მივხვდი, როგორი უნდა იყოს მომავალი რჩეული, რადგან “100 ლექსი” მხოლოდ რჩეულის პრინციპით არ შემიდგენია. გავითვალისწინე ორმოცწლიანი დინამიკა; ე.წ. ჰერმეტული პერიოდი, ვერლიბრის აღზევების ხანა, კონვენციური ლექსის ნაირსახეობები, რამდენიმე ლექსი “ქაცვიას დღიურიდან” და ვერბლანის ციკლი, რომელიც გასულ საუკუნეში წამოვიწყე და ამჟამად უფრო ბუნებრივი და სტილისტურად მიმზიდველი გახდა ჩემთვის. ჰერმეტულ პერიოდში ვგულისხმობ იგავურ პოეზიას, ნახევრღიაობას და შეფარულ ანტისაბჭოთა რიტორიკას. წიგნში – “მომავალი წარსული”, რომელიც გამომცემლობა “სიესტამ” გამოსცა და აგრეთვე მადლობელი ვარ ამ გამომცემლობის, ამ თემებზეც ვწერ და აღვნიშნავ, რომ არსებობდა ორგვარი კონიუნქტურა – საბჭოური და ანტისაბჭოური. მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ანტისაბჭოური კონიუნქტურაც შემზღუდავი და ხელისშემშლელი გახლდათ, თუმცა “100 ლექსში” რამდენიმე ლექსი მაინც შევიტანე, როგორც იმ ეპოქის ნიშანი.
    “100 ლექსი” მოიცავს ჩემი პოეტური სიცოცხლის ორმოცწლიან პერიოდს. “მომავალი წარსული” ამავე დროს ასახავს, ოღონდ მხატვრულ-დოკუმენტური პროზაა და ეს ორი წიგნი ერთმანეთს ავსებს.
    “მომავალი წარსული” თვალში არ მოუვიდა საბჭოთა ინტელიგენციას და მოწითალო ტიპებს, საბჭოთა დროს რომ მისტირიან, მაგრამ მე ამაზე ვერ ვიდარდებ და არც მენაღვლება ჩადუღაბებული ტვინები რას განიცდიან.

    – როგორია ჩვენი რეალობა და პოეზიის ადგილი ამ რეალობაში?
    – ჩვენი რეალობა ისეთია, როგორიც არის. ჩვენს სინამდვილეშიც უცვლელია : კეისარს კეისრისა, უფალს უფლისა.
    კეისარს კეისრისა და ზოგი გეისრისა. ასეთი ხუმრობაც არსებობს.
    პოეზიის ადგილი ამ რეალობაშიც არის, რადგან პოეზია, როგორც ნესტეროვი აღნიშნავდა რამდენიმე წლის წინათ, ყოველთვის პოულობს თავის ადგილს და გამოხატვის ფორმებს. თუ იმ ტირაჟებით აღარ გამოდის წიგნები, როგორც საბჭოეთში გამოდიოდა, სრულებით არ არის გასაკვირი. მაშინდელი ტირაჟები სინამდვილეს არ გამოხატავდა, ისევე ტყუოდა, როგორც მაშინდელი რეჟიმი.
    აბა, სად გაგიგიათ ოთხმოციათასიანი ტირაჟით გაყიდული და მეტადრე წაკითხული “ულისე”?! ეს მხოლოდ ჩვენში მოხდა საბჭოურ ხანაში.
    პოეზია და მისი მკითხველი ძალიან რთული თემაა და ამაზე სხვა დროს შეიძლება საუბარი. ერთს კი ვიტყვი – ვითომპოეზია, რომელიც სადღეგრძელოებსა და დღესასწაულებზე გამოდგებოდა “ტუშის” თანხლებით ან თუშის სანაცვლოდ, დღეს ნაკლებად ან სულ აღარ იწერება. ამ ტიპის “ვირშებზე” ჩვენში ახლაც არის მოთხოვნა და კიდევ “უწმაწურ ლექსებზე” ანუ კნინ შაირზე. სერიოზული და მაღალი დონის პოეზია ისედაც ცოტაა და თავის მკითხველი ყოველძთვის ჰყავს.

    – თქვენ მშვენივრად აფასებთ წარსულს, იმას რაც იყო და ამავე დროს ერთ-ერთი ის შემოქმედი ხართ, რომელიც განსაკუთრებით ახლოს დგას ახალგაზრდებთან, მომავალ თაობასთან. ამიტომ თქვენ ყველაზე უკეთ მოახერხებთ შეაფასოთ ლიტერატურის პოეზიის გუშინდელი და ხვალინდელი დღე. რა იყო, რა არის და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ.
    – ამ სხვაობაზე უნებურად პირველ შეკითხვაში ვისაუბრე. სტილისტიკა მთლიანად შეიცვალა უახლეს პოეზიაში და მიიდრიკა თვითნასწავლობისა და ნაივურობისკენ, უარი ითქვა კონვენციაზე და პოეზია თავშესაფრად და მხოლოდ საკუთარი მეს გამოხატვის საშუალებად იქცა. ამან განაპირობა მკითხველისა და პოეტის დაშორება, რაც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. არ ვიცი, რამდენად აინტერესებს მკითხველს მთხზველის გაუთავებელი წუწუნი მის სულიერ თუ სექსუალურ პრობლემებზე… ამიტომ პოეზიის ერთი, უარესი ნაწილისთვის ლექსების წერა თვითმომსახურების ანუ ავტო-ფსიქო-თერაპიის საშუალებაა. მაგრამ ასე არ არის საქმე მთელ უახლეს პოეზიაში.
    არიან უაღრესად საინტერესო პოეტები ახალ თაობებში. მე მათ ყველას კარგად ვიცნობ, მაგრამ სიის ჩამოწერისგან თავს შევიკავებ, თუნდაც იმიტომ რომ ვინმე გამომრჩება და უნებლიეთ გულს ვატკენ, როგორც ეს უკვე მოხდა არაერთხელ.
    ახალ თაობებთან შესაძლებლობის ფარგლებში ვახლობლობ, ვეცნობი მათ შემოქმედებას და ეს ორმხრივად სასარგებლოა. არ უნდა არსებობდეს სრული გაუცხოება თაობებს შორის, მეტადრე ძველებსა და ახლებს შორის, რადგან ტრადიციის უწყვეტობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს, რამდენად შევძლებთ კლასის შენარჩუნებასა და განვითარებას. ლიტერატურული სკოლები კარგახანია მოიშალა ჩვენში და მის სანაცვლოდ შეიქმნა “ინერციის მორჩილთა დასები”. ასე პირობითად ვამბობ იმათზე, ვინც არაფერს სწავლობს და არც აპირებს რაიმეს წაკითხვას და უკვე გენიოსის პრეტენზიები აქვს და მისი წარმოდგენით, იგი მკითხველი კი არა, მხოლოდ მწერალია.
    ახალგაზრდებთან ურთიერთობა “ცისკრიდან” დაიწყო. თამაზ ბაძაღუა, რუსუდან კაიშაური ანდრო ბუაჩიძე, ომარ თურმანაული, ელა გოჩიაშვილი, ბათუ დანელია, გიგი სულაკაური და სხვანი, ჩემზე უმცროსები იყვნენ და დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა. სამოცდაათიანის მიწურულის და ოთხმოციანი წლების ამბებს ვიხსენებ. ხოლო 90-იან წლებში დამიახლოვდნენ ზვიად რატიანი, მალხაზ ხარბედია, გიორგი ლობჟანიძე, ლელა სამნიაშვილი, ხოლო მოგვიანებით ბესო ხვედელიძე, შალვა ბაკურაძე, სოფო კვანტალიანი, მადი სერებრიაკოვა, მაია სარიშვილი, დათო ქართველიშვილი. სიებს ვერ მოვეშვი და ვინმე დამავიწყდა, ალბათ, მექანიკურად, რისთვისაც მოვუბოდიშებ ყველას.. ახლა გიორგი კეკელიძის და დიანა ამფიმიადის, ნათია ნაცვლიშვილის, ეკა ქევანიშვილის, კატო ჯავახიშვილის, პაატა შამუგიას, სანდრო ლორთქიფანიძის, ვარადას და ქეთი თუთბერიძის თაობა გამოიკვეთა და თავის სიტყვას ამბობს.
    არიან შედარებით უფროსები ნატო ინგოროყვა, დარეჯან სუმბაძე, ნუციკო დეკანოზიშვილი, ზაზა ბიბილაშილი და გიორგი საჯაია.
    დროდადრო პატარა რეცენზიებს ვწერ ახალი თაობის მწერალთა წიგნებზე. თუ შედარებით ძველ პუბლიკაციებსაც გავიხსენებ ჩამონათვალი გაიზრდება და ბიბლიოგრაფიულ ცნობარს დაემსგავსება ეს ინტერვიუ. ვფიქრობ, ჩემი რეცენზიები და ესეები ერთ წიგნად შევკრა მომავალში და იქ გამოჩნდება მკაფიოდ რა დამიწერია რეზო ინანიშვილზე თუ თეონა დოლენჯაშვილზე და ა. შ.
    როცა სხვაობაზე ვსაუბრობთ ძველ და ახალ პოეზიას შორის, ძველში ვგულისხმობ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარს, ყურადღებას იპყრობს ერთი უცნაური რამ – თუ ადრე პოეზია, პოეტი ორიენტირებული იყო ფართო მკითხველზე ან შედარებით ფართო მკითხველზე, ახლა პოეტი ნაკლებად უწევს ანგარიშს ფართო მკითხველს და ორიენტირებულია მოდის განმსაზღვრელ თემებზე, სტილისტიკაზე, ინტონაციებსა და მახვილებზე. Eეს დაკვეთები სუბკულტურული წრეებიდან მოდის და შერეულია ფსევდო-სნობურ გემოვნებასთან. ახლა კარგად “იყიდება” სიურელისტური ალუზიები და სუიციდის თემაზე შექმნილი რემინისცენციები. საერთოდ, ხშირად წავწყდომივარ ლიტერატურულ საიტებზე სუიციდის განდიდებას და ხოტბას. ეს თემა, საერთო ტენდენციები ცალკე უნდა გამოკვლიონ რიგ შემთხვევაში ლიტმცოდნეებმა, ზოგჯერ კი ფსიქოლოგებმა, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, ფსიქიატრებმა.
    კიდევ ვიმეორებ, მე ვსაუბრობ ავტორთა ფართო წრეზე და არა იმ საუკეთესო ნაწილზე, ვინც აქტიურად მონაწილეობს არა მხოლოდ ერთი თაობის, არამედ მიმდინარე ლიტერატურულ პროცესში.

    – ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში იყო რამდენიმე ცდა გალაკტიონის შემდგომი პოეტური სივრცის განსაზღვისა. თუნდაც, ზაზა შათირიშვილის ცნობილი წერილი რომ გავიხსენოთ. თქვენი აზრით, რა ორიენტირები მოინიშნა ქართულ პოეზიაში და რა გზა უნდა აირჩიოს თანამედროვე ქართულმა პოეზიამ
    – რამდენიმე ცდაში თქვენ, ალბათ, გულისხმობთ გურამ ასათიანის ცნობილ სტატიას და როგორც აღნიშნავთ ზაზა შათირიშვილის გახმაურებულ წერილს. ზაზა შათირიშვილის წერილი აბსოლიტურად განსხვავდებოდა გაბატონებული “სტერეოტიპული სპისოკებისგან”, რამაც კულუარებში გამოიწვია მრისხანება და სასტიკი შეძახილები, რისი სუსტი ექოც გახლდათ მასთან თითქოს მოპაექრე თუ მოსაუბრე ავტორების გამოხმაურება”ლიტერატურა”-ში. სამწუხაროდ, დისკუსია არ გაიმართა, ვერ შედგა, რადგან ერთი ავტორის წერილი საკუთარი სიბრაზის დემონსტრირება იყო, ხოლო მეორესთან მსუბუქი საუბარი უფრო ფლირტს წააგავდა, ვიდრე ლიტერატურულ დისკუსიას, ხოლო ანდრო ბუაჩიძის ესეიც განაწყენებულ ინტონაციას ამჟღავნებდა, არაფერს ვიტყვი ქალბატონ ლალი ავალიანის წერილზე, მაშველი რგოლივით რომ ჩააწოდეს რომელიღაც განაწყენებულ ავტორს.
    სტერეოტიპის ხელისხლება ურთულესი საქმეა ჩვენში. არ დავიწყებ იმის გარკვევას სწორია თუ არა ზაზა შათირიშვილი?! ვიტყვი მხოლოდ ერთს: ზაზა შათირიშვილის მოსაზრებას სრული უფლება აქვს იარსებოს, ისევე, როგორც მოსალოდნელ, ახალ, განსხვავებულ და მკვეთრ შეხედულებას ქართულ პოეზიაზე.
    ასე რამ გაამწარა ეს ხალხი?! შათირიშვილმა რა, დეკრეტი გამოსცა თუ საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა პარლამენტში?! Gეს მისი აზრია . არა აქვს უფლება თავის აზრი ჰქონდეს.
    კარგახანია ქართული პოეზია გავიდა გალაკტიონის ჩრდილიდან და ეს ძალიან კარგია, რადგან ინერციისა და ეპიგონობის პერიოდი უნდა დასრულებულიყო. ამით, ცხადია, გალაკტიონს არაფერი დაკლებია, უბრალოდ, ქართული პოეზია სხვა გზით მიდის და მისი მკითხველიც ახალ პოეზიასთან ერთად ყალიბდება, თითქმის ჩამოყალიბდა.

    – იცვლება დრო და იცვლება ფორმები. ერთგან თანამედროვე ფანკლუბებსა და სუბკულტურულ თავშესაფრებზე წერდით. ერთგვარ პოეტურ სექტებზე და მათ მიმდევრებზე… საჭიროა თუ არა მათი არსებობა პროცესისთვის?
    – თანამედროვე მსოფლიოში სუბკულტურული ურთიერთობები დამკვიდრდა და
    ჩვენშიც ჩამოყალიბდა სპონტანურად რამდენიმე სუბკულტურული ჯგუფი. ეს გარდაუვალია, სუბკულტურა თან სდევს ლიტერატურის ფრაგმენტაციის პერიოდს, რომელიც კარგახანია ჩვენშიც დაიწყო. Fფან-კლუბები არსებობენ ასევე სპონტანურად, ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე, როგორც უნდა იყოს, მხოლოდ ასწორებს, მაგარია და მევასებას დონეზე. ვისაც ვინ უნდა ის უყვარდეს, აიკვიატოს, დაიზეპიროს, საწოლთან სურათი დაიკიდოს და წარმოსახვაში რაც უნდა ის უყოს, ეგ ჩემი საქმე არ არის, რადგან იქ არ ჭაჭანებს სერიოზული ლიტერატურა და ცოდნა და ამიტომ არც მაინტერესებს.
    ლიტერატურული სექტა ვუწოდე იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ არაა აუცილებელი ლიტერატურული სკოლების მიღწევებს ფლობდე ან აითვისო და ნულიდან არის შესაძლებელი ახალი პოეზიის შექმნა, ისე რომ ძველი მიღწევების ათვისება, ცოდნა არ არის აუცილებელი. Aამიტომაც, ისინი მხოლოდ თვითნასწავლობას ანიჭებენ უპირატესობას და კონვენციას რუტინად ნათლავენ, რადგან თვითონ ვერაფერს გახდნენ კონვენციასთან და უნაგირი დაამტვრიეს, ხოლო დაუძლეველი კონვენციის ალტერნატივად და ნოვაციად ესახებათ მხოლოდ არაკონვენციურობა ანუ სრული თავისუფლება. ეს მარტივი სქემა ზარმაც მოსწავლეებს თავის გასამართლებლად სჭირდებათ. ასე იქცა ვერფლობა ნოვაციად და ფლობა გოიმობად.
    ამერიკულ უნივერსიტეტებში არსებული ლიტერატურული ჯგუფები კარგახანია დაინტერესდნენ იმ ლიტერატურული სკოლებით გასული საუკუნის დასაწყისში რომ არსებობდა და ახლა სწავლობენ მათ მიღწევებს და განვლილ გზებს. აქ, ჩვენში, ამის სწავლა არ არის საჭირო, რადგან თვითნასწავლობა და ნაივურობაა უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი და საკმარისია.
    სამოც წელს რომ გადავცდი, მივხდი, რომ კამათი უაზრობაა და აღარ ვკამათობ. არ ვაციტირებ, უბრალოდ, მეხსიერებაზე დაყრდნობით ვიხსენებ კონფუცის ნააზრევს. ვიმეორებ ამ სიტყვებს და ვაღიარებ, რომ აღარ მინდა არავითარი კამათი და ვისაც რა უნდა ის წეროს. დავრწმუნდი, რომ ნამდვილი ნიჭი არ იკარგება. თუ ცოტას მიეშველები გზის გაკაფვაში, ამას რა ჯობს. მგზავრმა თუ ვიწრო გზა მიატოვა და ფართო გზებზე მოისურვა ბოდიალი, თვითონვე დაზარალდება. რაც მწერლობაში დაუშვებელია და საშინლად ამაზრზენია გამუდმებული კომპრომისების შეჩვევა, გაიოლებული გზების ძიება და გაძრომა-გამოძრომა. ჩალიჩში მწერალი კვდება, ნადგურდება საბოლოოდ.
    როგორც ჩანს, ბაზარსაც უნდა გაუწიოს ანგარიში მწერალმა, უნდა შეძლოს არსებულ რეალობაში მკითხველის მოპოვება და საინტერესო წიგნის შექმნა.
    – ტელევიზიის მიერ შექმნილ მწერლებსა და პოეტებზე რას იტყვით?
    – ჩვენში, სხვაგანაც, ტელე-რეკლამები ქმნიან სახელებს და აპიარებენ წიგნებს. ტელევიზია განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესებსაც და რა გასაკვირია, რომ ტელევიზიას მწერლის გამოგონებაც შეუძლია და კარგი მწერლის დანახვაც ან არდანახვა?! აქ კი ჩვენი ჟურნალისტები მხოლოდ ცნობად სახეებს დასდევენ, რადგან წარმოდგენა არ აქვთ თანამედროვე მწერლობაზე.
    მახსოვს იყო საუბარი საზოგადოებრივ არხზე ცალკეულ წიგნებს, მხატვრულ ლიტერატურას შესწეოდნენ უფასო რეკლამებით. ეს პრეზიდენტის იდეა გახლდათ და რამდენიმე მწერალთან ერთად ბატონმა კულტირის მინისტრმაც მოისმინა. ვიმედოვნებ ამ წინადადების შესრულება შეუძლებელი არ არის და ვისავ ეხება გაიხსენებს.
    – მხოლოდ ბავშვობაში ვწერდი ლექსებს და როგორც ჩანს, ძალიან ადრე დავკარგე პოეტური ბუნება და პროზაული ადამიანი გავხდი. ამიტომ შეიძლება ბანალურად, ან უჩვეულოდ მოგეჩვენოთ ჩემი შეკითხვა. მაგრამ მაინც… როგორ ხდება ეს – დაწერო ლექსი? შექმნა მაღალი პოეზია. და არა თუ დაკარგო, არამედ გაამრავლო და გააღრმავო ის სიყვარული, რაც უმთავრესი მასალაა პოეზიისთვის.
    – რატომღაც დავუკვირდი, რომ შენ უფრო ხშირად კამერულ პოეზიას იწონებ, ლირიკულ ინტონაციებს მიაგებ პატივს. ამას მივხვდი იმ ლექსების მიხედვით, რომელიც შენ მოგწონდა საიტზე. მრავალი ავტორის ლექსს ვგულისხმობ და არა რომელიმე ერთი პოეტის შემოქმედებას. ეს სავსებით გასაგებია ჩემთვის, მაგრამ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს. მარტივად გიპასუხებ: რადგან სიყვარულსა და პოეზიას შორის ტოლობის ნიშანი დასვი, იქით შეგეკითხები: სიყვარული ხომ განახლებადი და მრავალჯერადია?! ასეა პოეზიაც.
    – ასეთი სტერეოტიპიც არსებობს, რომ პოეტური ცხოვრება მუდმივად რაღაც განსაკუთრებულ ემოციურ ტალღაზე არსებობაა. პოეტი მღელვარე, მუდმივად შეყვარებული, ახალი ემოციით, ხმით, ფერით, ამბით სავსე უნდა იყოს. რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ყოველივე ეს?
    -შეიძლება გამოირჩეოდეს ენამახვილობით, მოსწრებული სიტყვა-პასუხით, გადამდები სიყვარულისკენ სწრაფვით და ა. შ. მაგრამ ამ თავგადასავლებში ლეგენდებიდან უფრო მეტია მოხმობილი, ვიდრე რელობიდან. საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა სტრეოტიპი, მითოსური ნარევი, პანთეონური ლეგენდები და ა. შ. ოცდამეერთე საუკუნეში
    მხოლოდ ღიმილს იწვევს.
    – “ჩემი დრო მიდის, შენი დროც წავა
    მოვა სხვისი და ისიც გაქრება
    ამაოების უძველეს წამალს
    ვსვამ დღეში სამჯერ,
    ვერ ინამქრება…”
    შემოქმედებაა ამაოების წამალი?

    – დიახ, შემოქმედება ამაოების ნაყოფი თუ ნაწილია და ამავდრულად წამალი. Mმგონი გაუგებრად ვსაუბრობ… ამის ახსნას ერთი წმიდა მამის კომენტარით შევეცდები: ამაოება უკეთესი მომავლის იმედია. როგორ არის ამაოება უკეთესი მომავლის იმედი, ამაზეც არსებობს პასუხი, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს და სხვა დროს ვისაუბროთ.
    – შეგვეძლო ლექსის ციტირების გაგრძელებაც, სადაც ანკლავების “ამპუტინებაზეა” საუბარი..
    – შეგვეძლო, მაგრამ თქვენ არ ჩათვალეთ საჭიროდ. რაც შეეხება ანკლავების “ამპუტინებას,” ჩემი ღრმა რწმენით, დროებითი მოვლენაა და ამ ლექსმაც აირეკლა, როგორც ავი სიზმარი.

    © Weekend

  • ესე (თარგმანი),  პორტრეტი

    ხავიერ მარიასი – დიდების ასპექტები

    თარგმნა ირმა ტაველიძემ
    არავინ იცის, როგორ გამოიყურებოდა სერვანტესი და არც შექსპირის გარეგნობაზე შეუძლია საუბარი ვინმეს. ასე რომ, “დონ კიხოტისა” და “მაკბეტის” მიღმა არ ჩანს მათი ავტორების სახის გამომეტყველება, სახასიათო ნაკვთები თუ სულაც მზერა, რომელიც დროთა განმავლობაში სხვა ადამიანების თვალებში ჩაიყინებოდა და მათ საკუთრებად იქცეოდა. მხოლოდ ის თუ წარმოუდგება ყველას, რაც შთამომავლობამ მიაწერა ამ მწერლებს – გაუბედავად, მოუქნელად და უსინდისოდ: ისეთი იერი, მზერა, სახის ნაკვთები, როგორიც, ცხადია, არც შექსპირს ექნებოდა და არც სერვანტესს.
    თითქოს წიგნები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვკითხულობთ, უფრო უცხო და გაუგებარი ხდება მათი ავტორების სურათების გარეშე. თითქოს ჩვენი საუკუნე, რომელშიც ყველასა და ყველაფერს შესაბამისი გამოსახულება აქვს, ვერ იგუებს ისეთ რაღაცას, რის ავტორსაც სახე არ მოეძებნება. თითქოს მწერლის სახის ნაკვთებიც რაღაცნაირად მონაწილეობს ნაწარმოების შექმნის პროცესში. ალბათ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე მოღვაწე ავტორებმა სწორედ ეს იგრძნეს და ამიტომაც დაგვიტოვეს უამრავი ფერწერული თუ ფოტო პორტრეტი. ალბათ მეც ამიტომ ვაგროვებდი წლების მანძილზე იმ ღია ბარათებს, რომლებზეც ეს პორტრეტებია გამოსახული. სრულიად უსისტემოდ შედგენილი ჩემი კოლექცია, დღეს, 150 სურათს ითვლის.
    იოლად შევნიშნავთ, რომ ძალიან ცოტა ღია ბარათზეა გამოსახული მწერლის მთელი სხეული (რა თქმა უნდა, ზოგ სურათზე თავს ტანის მოზრდილი ნაწილიც მოჰყვება) – თითქოს ის სიტყვები, რომლებითაც მათ ვიცნობთ, მხოლოდ თავმა შექმნა, ხელებს კი არაფერი უკეთებიათ. იმ მწერლებს შორის, რომლებიც სხედან, დგანან თუ წვანან – ამგვარად, სრულად ან ნაწილობრივ გვიჩვენებენ, ზოგადად, არაფრისმომცემ სხეულებს – დიკენსი ყველაზე გამორჩეულია. ის სამივე შემთხვევაში ზის: ორ ფოტოზე სკამზე უკუღმა გადამჯდარა, სახით საზურგისკენ. პირველ სურათზე მარტოა, მისი პოზა, ცოტა არ იყოს, ხელოვნური და გაზეპირებულია. მკლავებით სკამის საზურგეს ეყრდნობა, მარჯვენა ხელი კი სწორედ იმისთვის აუწევია, რომ გრაციოზულად და მელანქოლიურად გადახრილი თავი ზედ ჩამოაყრდნოს. მეორე სურათზე ის საკუთარ ქალიშვილებთან ერთადაა: ისეთ თხელ წიგნს უკითხავს, რომ თავისი დაწერილი ვერაფრით იქნება. აქაც სკამზე უკუღმა გადამჯდარა, ისევ სახით საზურგისკენ. ასეთი დამთხვევა აუცილებლად გვაფიქრებინებს, დიკენსი, სინამდვილეში, ალბათ სულ ასე იჯდაო. ორივე ფოტოზე, მოლოდინის საპირისპიროდ, სერიოზული კაცის სახე აქვს, სულაც არ ჩანს მხიარული, უდარდელი, ან ძალიან ბედნიერი – უფრო ფიცხსა და წესრიგის მოყვარულს, ელეგანტურად ჩაცმა-დახურვას გადაყოლილს ჰგავს. ჰო, რაღაცით დენდია, მაგრამ თვალს არ გვიხვევს: კაცი, რომელმაც სული ჩაბერა პიკვიკს, მიკობერს, უელერს, სნოდგრასსა და უამრავ სხვა პერსონაჟს, თავის ხუმარა, ოინბაზ მხარეს დეტალებით ამხელს: შეუძლია არავის მოერიდოს და ფეხებგაჩაჩხული იჯდეს, შეუძლია სკამს უკუღმა გადააჯდეს. არა, მესამე ფოტოზე ასე აღარ ზის, თუმცა მაინც ჭკვიანურად და ეშმაკურად იქცევა: არ თვალთმაქცობს, თითქოს რაიმეს წერდეს – ეს ვულგარულიც იქნებოდა და რთულად განსახორციელებელიც. ამის ნაცვლად, ისეთი სახე მიუღია, თითქოს ღრმად ჩაფიქრებულა, ხელში კალამი უჭირავს და ეს კალმიანი ხელი ფურცელზე უდევს. დიკენსი მომდევნო წინადადების ძებნაში გართულა, იმ წინადადების გამართვაში, რომელსაც არასდროს დაწერს. ფიქრებში წასული და რაღაცით გახალისებული კაცის მზერა აქვს – რა გასაკვირია, აბა, ვინ დაიჯერებს იმას, რასაც თვითონაც ვერ დაიჯერებდა: თითქოს ფიქრს წამით მაინც წყვეტდა იმ წლების მანძილზე, როცა უზარმაზარ, უთავბოლო რომანებს წერდა.
    ოსკარ უაილდი ისე კოხტად იცვამს და იხურავს, რომ შესანიღბად შერჩეული ტანსაცმელი მისი განუყოფელი ნაწილი ხდება – ამას ვერც ვამჩნევთ და არც მნიშვნელობას ვანიჭებთ. ის ყველაზე მეტად სახეზე ზრუნავს. უაილდი ცდილობს, ორივე პორტრეტზე ლამაზ მამაკაცად ჩანდეს და ისე იყურება, თითქოს მართლაც ასეთი იყოს: აი, ამას აკეთებენ დღევანდელი მოდელები რეკლამებში. პირი ორივე შემთხვევაში ერთნაირად მოუკუმავს, თითქოს სარკეში საკუთარი თავი დიდხანს ათვალიერა და ახლა კარგად იცის, რომ მხოლოდ ასეა მისაღები, ასე ბევრად სჯობს. ყველაზე უცნაური კი ორივე ფოტოზე ის არის, რომ უაილდის მთელი იუმორი და ირონია ტანსაცმელზე გადასულა – ძალიან სერიოზულ სახეზე მათი კვალიც არ ჩანს. გაფართოებული ნესტოები იმაზე მიგვანიშნებს, რომ სუნთქვაშეკრული მწერალი რაღაცას ელოდება. ამ კაცს ყველაფრის მიუხედავად სჯერა, თითქოს სილამაზე მხოლოდ სახესა და მის გამომეტყველებაშია. ის მნიშვნელობას არ ანიჭებს ბეჭედს, ხელჯოხს, გრძელ თმას, ხელთათმანებს, ბეწვშემოვლებულ საყელოსა და სახელოებს, ქუდს, ლაბადასა თუ ბაფთად შეკრულ ყელსახვევს – ეს ყველაფერი მხოლოდ უმნიშვნელო სატყუარაა, რომელმაც დამთვალიერებელს მისი ფოტოები უნდა შეამჩნევინოს. თვალშისაცემი რაღაც-რაღაცების შემდეგ კი ამ უკანასკნელმა მართლაც მნიშვნელოვანი რამ უნდა დაინახოს: იმ კაცის სახე და მზერა, ვისაც ყველანაირი მასხრობისა და ხუმრობის მიღმა სერიოზულობის თანმხლები სილამაზის მიღწევა სურს.
    ჰენრი ჯეიმსის ნამდვილი სახე სარჯენტის ნახატმა შემოგვინახა. მასზე ის ისეთივეა, როგორიც უფროს ძმასთან, უილიამთან ერთად გადაღებულ ფოტოზე. ჯეიმსის სახე ერთიანად მრგვალია, მისნაირი ლოყები და თავის ქალა უამრავ პოლიტიკოსსა თუ ბანკირს აქვს. მიუხედავად ამისა, სარჯენტის ნახატზე, სადაც ის დაბინდული, ჩამქრალი მზერით იყურება, თვალში გვხვდება დეტალი, რომელიც ძირს უთხრის ამ მოჩვენებით რესპექტაბელურობას და შეუძლებელს ხდის მის პოლიტიკოსობასა თუ ბანკირობას: მწერლის ცერი ჟილეტის ჯიბეზეა გამოდებული – მორცხვად, მოუქნელად და დაუდევრად – მტევანი კი მოუხერხებლად ჰკიდია. ფოტოზე, პირიქით, მხოლოდ მისი თვალები იპყრობს მნახველის ყურადღებას, და სასაცილო ყელსახვევიც – მეტად უცნაური რამ ასეთი თავდაჭერილი კაცისთვის. ჭკვიანი ადამიანის საშინელი მზერა აქვს: მისი გონება გარემოს შეცნობისკენაა მიმართული და გაცილებით მეტ ცნობისწადილს ამჟღავნებს, ვიდრე ფილოსოფოსი ძმისა, რომლის სახეც, ერთი შეხედვით, უფრო მეტყველი გვეჩვენება. უბრალოდ, ორივეს თვალებში უნდა ჩახედო: უილიამი პირდაპირ იყურება და თითქმის ვერაფერს ხედავს, ჰენრი კი გვერდით იხედება და ალბათ იმასაც კი ხედავს, რაც იქ არ არის.
    კონრადი, ძალიან სერიოზული სახით, სავარძელში ზის და ვერ ხვდება, ხელები სად წაიღოს. აი, ამიტომ ერთი ხელი მოუმუშტავს, მეორე კი ზემოდან დაუფარებია. თავის გარეგნობაზე ისე ზრუნავს, თითქოს, ზოგადად, ასე კარგად არ იცვამს ხოლმე, თითქოს სულაც არ დადის ისე კოხტად, უნაკლოდ გამოწყობილი, როგორიც ამ სურათზეა. მისი პორტრეტი იმ რესპექტაბელურობის საჩვენებლად არის ჩაფიქრებული, რომლის მისაღწევადაც ემიგრანტებს უამრავი რამის გადატანა უწევთ – მათ ხომ, პირველ რიგში, უნდა დაამტკიცონ, რომ ღირსეული ადამიანები არიან. საგულდაგულოდ მოვლილი წვერი აქვს, მაგრამ სწორედ ასეთი ნამდვილ ინგლისელს ვერ ექნებოდა: ბოლოწამახვილებული, სამკუთხედის ფორმის. ვერც ასეთი ულვაში ექნებოდა, აწკეპილი ბოლოებით. მწერლის უწამწამო თვალებში სიმკაცრეს დაუსადგურებია: ისინი იმ მართალი კაცის თვალებია, რომლის გულშიც რისხვა მწიფდება, უსამართლოდ განსჯილი კაცის თვალები. ან იქნებ, უბრალოდ, აღმოსავლელი კაცის თვალებია.
    რილკეს სახე სულაც არ არის ისეთი, როგორიც წარმოგვიდგენია. წერის დროს დიდ პოეტს თავისებური მოთხოვნილებები და აუტანელი ჩვევები ჰქონდა – ჩვევები, რომლებსაც ვერ უმკლავდებოდა და მოთხოვნილებები, რომლებსაც იკმაყოფილებდა. მისი სახე აშკარად საშიშია, ღრმად ჩამჯდარი თვალების ირგვლივ ჩამუქებული წრეებით, ქვემოთ ჩამოზრდილი მეჩხერი ულვაშით, რაც უცნაურ, მონღოლურ იერს აძლევს. ცივი, ირიბი მზერა სასტიკ კაცად აქცევს და მხოლოდ ხელები – ისეთი, როგორიც უნდა იყოს: ერთმანეთში მყარად გადაჭდობილი თითებით, კონრადის გაუბედავი ხელებისგან სრულიად განსხვავებული – ასევე, ხარისხიანი ტანსაცმელი მწერლის სიმშვიდეზე მიანიშნებს, სისასტიკეს კი როგორღაც არბილებს. შეიძლებოდა ის ერთი მეოცნებე ექიმი ყოფილიყო, რომელიც ლაბორატორიაში ზის და რაღაც თავზარდამცემი, აკრძალული ექსპერიმენტის შედეგს ელოდება.
    ჯუნა ბარნსი, მხრებზე წამოცმული პალტოთი და მშვენიერი აღმოსავლური თავსაბურით, ყველაზე გამორჩეულია ჩემს გალერეაში. ის კეთილსინდისიერად იღებს შესაბამის პოზას და ასევე კეთილსინდისიერად გამოწყობილა სწორედ ამისათვის, თუმცა ეს ყველაფერი ყოველდღიურ ჩვევად უნდა ჰქონდეს. უაილდისგან განსხვავებით, ვისაც უნდოდა, ლამაზი ყოფილიყო და ასეთად გამოჩენილიყო, ამ ქალმა იცის: ლამაზი არ არის და ასეთად ვერც გამოჩნდება. აი, ამიტომ არ ცდილობს, იმგვარი მეოცნებე იერი მიიღოს, სახეების უმრავლესობას რომ გადაჰფენია. ამის ნაცვლად, თვალს თვალში გიყრით, სკეპტიკური და დამცინავი გამომეტყველებით. ბოლომდე მხოლოდ ტანსაცმელს (განსაკუთრებით, პალტოს აწეულ საყელოს) და საკუთარ პოზას ენდობა. ყელსაბამი მას სულაც არ ამშვენებს – უბრალოდ, იცავს. ზოგადად, ამ ქალისთვის სისადავე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავისი გარეგნობის დაფასება.
    რაც შეეხება ნაბოკოვს, ის მასხარაა, მაგრამ ამის საქვეყნოდ აღიარება არ სურს. აი, ამიტომ იკითხება მის სახეზე მღელვარებისა და რაღაცით განცვიფრების კვალი. მიუხედავად ამისა, მაინც ბედავს საძაგელი, ალბათ ნატკენი მუხლების გამოჩენას და ისეთი ქუდის არჩევას, როგორსაც არასდროს დაიხურავდა ის, ვინც ნამდვილი ამერიკელი არ გამხდარა. მუხლამდე შორტი აცვია, ვითომ პეპელას მისდევს, პერანგის ჯიბე კი კალმებით, სათვალითა თუ რაღაც ასეთით ამოუვსია: იმით, რაც პეპლების მდევარს არ სჭირდება. უკვე ასაკოვანია, რასაც გაბადრული სახე კი არ ამხელს, არამედ მისი ბებრული კოფთა.
    თომას ჰარდის ყველაზე სოფლური გარეგნობა აქვს მთელს კოლექციაში. ჯეიმსს თუ არ ჩავთვლით (რომელიც მეორე უკიდურესობას წარმოადგენს), ის ერთადერთია, ვისზეც ვერაფრით იფიქრებ, მწერალიაო. ყოველ შემთხვევაში, ამ ფოტოს ნახვისას მაინც, რომელიც ასაკში შესულს გადაუღია. სქელი, ბოლომდე შეკრული შალის ჟილეტი აცვია. დაშაშრული, გახევებული კანი, უწამწამო ქუთუთოები, აბურდული წარბები და ჩალასავით უხეში ულვაში იმ სოფლის ექიმს ამსგავსებს, რომლის დაუფარავი გაღიზიანებაც პენსიაზე იძულებით გასვლას უნდა გამოეწვია, ან იმას, რომ ძალიან ბევრ ცუდ ამბავს შეესწრო – “პატარ-პატარა ცხოვრებისეულ ირონიებს”, როგორც თავად უწოდებდა მათ. ამ დროისთვის ჰარდის უკვე გაეცვალა პროზა პოეზიაზე, მაგრამ ვერც იმას იფიქრებ, პოეტიაო. როცა გაგახსენდება, რომ კიდევ 14 წელი უნდა ეცოცხლა, გული გისკდება იმის წარმოდგენაზე, რა დღეში ჩავარდებოდა ბოლოს მისი დანაოჭებული კანი. ის ხომ სოფლელი იყო: ვინ იცის, იქნებ ყოველთვის სოფლელს ჰგავდა, სიყმაწვილეშიც კი.
    იეიტსი უდავოდ პოეტია, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოზე თეთრი თმა აქვს, მოხუცები კი ლექსების წერასთან არ ასოცირდებიან ხოლმე. როცა სახეზე შეხედავ, ფანატიკოსსა თუ ფანტაზიორს დაინახავ – ძლიერი ხასიათის მქონე კაცს, რომელმაც კარგად იცის, რას ფიქრობს და რას აკეთებს. ეს ნამდვილად მისი სახეა. გაწეწილი თმის გამო, რომელიც თითქმის ქერად მოჩანს, ვერ იფიქრებ, მოხუციაო. თმა მთელ სახეს აცოცხლებს – ამ კაცს ენერგია მოსჭარბებია. თვალში მუქი წარბებიც გვხვდება. გაუჩინარებული, სათვალის მიღმა საგულვებელი მზერა კი ერთ რამეზე მიგვანიშნებს: ის მაგრად მოკუმული პირით უნდა ხედავდეს – თითქოს თვითონაც მხოლოდ ხმა იყოს და მეტი არაფერი.
    იეიტსისგან განსხვავებით, ელიოტის სახე შეიძლებოდა ესეისტისა ყოფილიყო, რომ არაფერი ვთქვათ ბანკის მოხელისაზე (სწორი შედარება არ იქნებოდა – ის ხომ ერთხანს სწორედ ბანკის მოხელედ მუშაობდა). აი, ათწლეულებია, ეს კაცი თმას ერთი და იმავე მიმართულებით ივარცხნის და სულაც არ ანაღვლებს, რომ ჩამოსწორებული თმა დიდ, პარტყუნა ყურებს ვერ უმალავს. მან კარგად იცის: ასე უფრო ორიგინალური თავი უჩანს. პედანტი და პერფექციონისტია. დიდი ძალისხმევის ფასად სულაც არ უჯდება ის, რომ ამგვარად უნაკლო იყოს – უბრალოდ, ჩვევის ამბავია. იმ კაცის მშვიდი, მიმნდობი მზერა აქვს, რომელსაც ოდნავადაც არ აეჭვებს სამყაროსეული წესრიგი, რადგან მას სრულად ეთანხმება და თვითონაც ყველაფერს აკეთებს მის შესანარჩუნებლად. მიუხედავად ამისა, მთელ სახეზე უცნაური, უსაზღვრო იმედის შუქი აფენია – აი, ამიტომაც უნდა იყოს გამომგონებელიც.
    უილიამ ბლეიკის სახის ნაცვლად მის ნიღაბს ვხედავთ. ნიღაბი გვამიდან არ აუღიათ, პოეტის სიცოცხლეშივე აიღეს, როგორც ღია ბარათზე მიწერილი სიტყვები მოწმობს: 1823 წელს, გარდაცვალებამდე 4 წლით ადრე აღებული ნიღბიდან დამზადებული თაბაშირის ასლი. როცა სხვები თვალთმაქცობენ, თითქოს წერენ, ან იმაზე ფიქრობენ, რომ ამ დროს მათი პორტრეტი იქმნება, ბლეიკი თავს მკვდრად გვაჩვენებს. არა, მაინცდამაინც კარგად არ გამოსდის: თუ კვარცხლბეკზე დამაგრებულ ნიღაბს ყურადღებით დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ეს დახუჭული თვალები მკვდრისა არ უნდა იყოს. ისინი ისე მაგრად დაუხუჭავთ, ისე ჩაუნაოჭებიათ, თითქოს მათ პატრონს დანახვა ისევ შეუძლია, მაგრამ არ სურს, რომ რამე დაინახოს. ნესტოები ამოსასუნთქ ჰაერს იკავებენ. შუბლი დაჭიმულია: თითქოს ძარღვებში სისხლი ისევ მოსჩქეფს. ტუჩები გამქრალია – მათ ადგილას გრძელი, წვრილი ხაზია, ხელის ერთი მოსმით გავლებული, და ეს ხაზიც რაღაცნაირად იჭიმება. ბლეიკი თავს მკვდრად გვაჩვენებდა იმ დროს, როცა ცოცხალი იყო და ახლა, როცა ნამდვილად მკვდარია, ისევ გვატყუებს: სინამდვილეში მთელ შთამომავლობას აკონტროლებს. ის მკვდარიც არის და ცოცხალიც – აი, ამიტომ წარმოადგენს მისი სურათი ხელოვანის ყველაზე სრულყოფილ პორტრეტს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე (თარგმანი),  პორტრეტი

    რაინჰარდ პრისნიცი – ჰანს კარლ არტმანი

    გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ

    იმ გარემოების გამო, რომ არტმანის პოეტურმა პროდუქციამ დაგვიანებით იხილა დღის სინათლე, ის დღესდღეობით ისეთ გემოვნებას შეესაბამება, რომლის ყურადღების ცენტრშიც ამ პოდუქციაში გამოხატული პოზიციის ნაცვლად ის განსაკუთრებული ეფექტია მოქცეული, რომელსაც ის მკითხველზე ახდენს. ახალ-ახალი ენობივი საშუალებებით დახვეწილი თამაში იმდენად გვაოცებს, რომ მხედველობის არიდან გვეკარგება ის, რაც არტმანის შემოქმედების ამოსავალ წერტილს წარმოადგენს და ის ლიტერატურული სიტუაცია, რომლის გარეშეც არტმანისთვის მისი შემოქმედებითი სტრატეგიის განვითარება სრულიად შეუძლებელი იქნებოდა. არტმანის მსგავსად სინტაქსური ფორმებით დაინტერესებულ ავტორს ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში შექმნილი ლიტერატურული კლიშეები პრაქტიკულად აღარც კი უტოვებდა იზოლირებული, დამოუკიდებელი განვითარების შესაძლებლობას. გრძნობათა გადამეტებული გამოხატვით დამძიმებული ენობრივი და სხვა სახის ტრადიციებისაგან განთავისუფლება შეიძლებოდა მხოლოდ გამოკვეთილად საშაკარაოზე გამოტანილი ექსცენტრიკის გზით, რამაც, თავის მხრივ, იმ სულისკვეთების აღორძინება განაპირობა, კლასიკისა და კლასიციზმის ეპოქებში ჩდილში რომ იყო მოქცეული: ვგულისხმობთ არსებობის გამართლებას საქმიანობით და ორივეს მამოძრავებელ ბირთვად პოეზიის გამოცხადებას.
    ამ მრწამსის საპირისპიროდ, იმ პერიოდის სოციალური გარემო შემოქმედისაგან ითხოვდა, უკვე არსებულ ნორმებს მორგებოდა, – რაც საკმარისად ხშირადაც ხდებოდა, – წინააღმდეგ შემთხვევაში ხელოვანი მარტოდმარტო რჩებოდა საზოგადოების პირისპირ, რომელიც მის მიმართ საკუთარ პოზიციას ჯერ კიდევ ისეთი მოძველებული ტერმინებით გამოხატავდა, როგორიცაა “გადაგვარებული” და ა. შ. უცხო ენათა ცოდნამ, პირველ რიგში კი უტყუარმა ალღომ, რომლითაც არტმანი სიტყვისა და გამოთქმის ძალას გრძნობდა, საშუალება მისცა მას, შემოქმედებითი პროცესი სინამდილისადმი ფიქტიური მიმართების ნიშნით ეწარმოებინა; სწორედ ამის ხარჯზე მისი თვითგამოხატვა და ცხოვრების სტილი არასოდეს შეწინააღმდეგებია ტრადიცებს, სამყაროს მისეული ხედვა კი მუდამ მყარად რჩებოდა. საკუთარ აზრობრივ თამაშებს არტმანი თავის ფიქციებში მრავალფეროვანი როლების სახით აცოცხლებდა და თავის მიერ მიკვლეული სინტაქტური ელემენტებით ალაპარაკებდა; ამაზეა აგებული მისი ნამუშერების უმრავლესობა (1953 წელს დაწერილი “პოეტური აქტის რვაპუნქტიანი პროკლამაციის” მიზანიც სწორედ ეს არის: თვითგამოხატვა როლების მეშვეობით, ოღონდ – “პოეტური ცნობიერების” სფეროდან გამოუსვლელად).
    არტმანის გავლენაში ზოგიერთ, – უპიველეს ყოვლისა, ბერლინელ, – ლიტერატორზე დიდი წვლილი მიუძღვის მის უნარს, საკუთარი შემოქმედება და საკუთარი პიროვნება ერთ განუყოფელ მთლიანად აქციოს, რომელსაც ასევე თავად Aძერწავს. ამგვარად შექმნილი ერთგვარი მითოსი მის ნაწარმოებებს ობიექტური ანალიზისათვის ყოვლად შეუვალს ხდის. მოკლედ, კონრად ბაიერის განსაზღვრებით რომ ვთქვათ, არტმანმა “პოეზია მსოფლმხედველობად აქცია”. გასულ საუკუნეთა ნაკლებად გავრცელებულ ლიტერატურულ ფორმათა ცოდნამ, უშრეტმა ფანტაზიამ და სწრაფვამ, “ძველი დროის ევროპულ ლიტერატურათა არსებითი ნიშნები ავანგარდულ მიმდინარეობათა სამსახურში ჩაყენებისა”, ხელი შეუწყო არტმანს პროგრესულ ტენდენცათა წარმომადგენლებთან დაახლოვებაში. ეს, უპირველეს ყოვლისა, “ვენის ჯგუფია”, რომლის წევრიც გარკვეული დროის მანძილზე თავადაც გახლდათ. მართალია, მისი საქმიანობა მეცნიერული კვლევით არ იყო მოტივირებული: ენობრივი პრობლემების თეორიული განხილვა მას ნაკლებად აინტერესებდა.
    მიუხედავად ამისა, საკუთარ შემოქმედებაში ის ხშირად იყენებდა იმ პერიოდში სხვებთან ერთად შემუშაებულ ტექსტურ მეთოდებს (როგორიცაა ინვენცია, მონტაჟი და სხვა.), თუმცა ამას მეტწილად გაუცნობიერებლად სჩადიოდა. ამავე პერიოდს ემთხვევა არტმანის ჟარგონული, დიალექტზე დაწერილი ლექსები, რომელიც, – რიუმისა და ახლაიტნერისაგან განსხვავებით, – იმდენად ენობრივი საშუალებებით ექსპერიმენტირებას არ ისახავდა მიზნად, რამდენადაც იდიომებით თამაშს ემსახურებოდა, რასაც არტმანი ხშირად მეტაფორული ეფექტის გასამძაფრებლად მიმართავდა.
    მისი ერუდიცია მოიცავდა აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ლიტერატურულ პროგრამებსა და მათთან დაკავშირებულ ცხოვრების სტილს, რაშიც ის, ერთი მხრივ, თავისთვის ახლობელ მომენტებს ეძიებდა, მეორე მხრივ, საკუთარი ქცევის დასტური და გამართლება ეგულებოდა. ამ გაგებით, პირველ რიგში, უნდა დავასახელოთ სიურეალიზმის, კონცეპტიზმის, ბაროკოსა და ტრუბადურების პოეზიის ზოგიერთი ასპექტი, აგრეთვე – რომანტიზმის ელემენტები, ხალხური ლიტერატურის კრებულები და ევროპასა და ამერიკაში მათზე შექმნილი ვარიაციები. ყველა სფეროს ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ერთი კი უეჭველია: ისინი აუცილებელ წინაპირობად გვევლინება არტმანის შემოქმედების ღრმა წვდომის გზაზე. აქვე უნდა მოვიხსენიოთ აგრეთვე ის გავლენაც, რომელიც მასზე მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდის ტრივიალურმა ლიტერატურამ იქონია; მის მოდულაციებში არტმანი გარკვეულ პარალელებს ავლებდა საკუთარ შემოქმედებასთან. იმ პერიოდში, როდესაც მისთვის გარკვეულწილად განმსაზღველი გახდა “პოპ-არტის” ტრივიალური კლიშეები, მან, – მართალია, ძალზე უშუალოდ, – გადმოიტანა ამ ლიტერატურული ჟანრის ელემენტები საკუთარ ტექსტებში.
    არტმანის შემოქმედებაში ყველაზე მეტად გვეცემა თვალში ერთმანეთსაგან სრულიად განსხვავებული, დროში განგრძობილი სამი ტენდენცია, რომელთაც ფესვები ერთ წიაღში: შემოქმედის მრწამსში, – სინამდვილისადმი უკვე ხსენებულ, ფიქტიურ დამოკიდებულებაში, – უდგათ. ასე რომ არ ყოფილიყო, შეგვეძლო გვეთქვა, რომ მათ ერთურთთან საერთოდ არაფერი აკავშირებთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ მეტყველების განსაკუთრებული მანერა, რომელიც, ტრადიციული სინტაქსური საშუალებების ციტირების მაგიერ, ემოციების გამოსახატად ოდნავ შეცვლილ ლირიკულ ფორმებს მიმართავს; ტრადიციული თვალთახედვით დანახული ამგვარი თვითგამოხატვა ძლიერ მეტაფორიზირებულად აღიქმება და, რაც მთავარია, ახდენს “პოეტური ცნობიერების შიგნით არსებული სიტუაციების” დემონსტრირებას. ამ პროცესის მომსწრენი ვხდებით როგორც არტმანის ადრეულ ლექსებში, ისე შემდეგ ლირიკულ კრებულებში: “ჩემს მახვილზე ამოტვიფრული”, “თერთმეტი ცალკეული ლექსი”, “ირმების ნაკრძალი და შუქურ-კოშკი”, “ჩანახატი სამგლოვიარო სიმღერისათვის. ბრძოლის ველზე დაცემულს”, დაბოლოს, “ლანდშაფტები”; რაც შეეხება პროზას, უნდა დავასახელოთ “გუშინდელი დღის ძიების” ცალკეული დიდი მონაკვეთები, ნაწილობივ – “დროშის ასომთავრული” და “ჰუსარებსა და ბაგირზე მოცეკვავეების შესახებ”; აგრეთვე, თითქმის ყველა ჟარგონული ლექსი. პიესებიდან – “ჩერმაკისთვის წიწაკა არ არის”.
    ჩამოთვლილი ნაწამოებიდან თითქმის ყველას, – შესაძლოა, უკანასნელის გამოკლებით, – ერთი რამ აერთიანებთ: მათში მეტყველება შეგრძნებების გადმოცემის მაგიერ თავს აფარებს შეგრძნების გარკვეულ სურათ-ხატს. ეს, თუკი გავითალისწინებთ არტმანის მანერას, მთელი კომპლექსის გადმოსაცემად გამოიყენოს ერთი და იმავე გრამატიკული ერთეული, ხშირად არტმანისეული ლირიკის ერთადერთ მეტაფორულ ხერხად გვევლინება. (მაგალითად: “ბასრი ფოთლებით (ფურცლებით) ჩავეჭიდე ნათელ დღეს / ჩემი აყვავებული სარეველა-ბალახიდან გალობდა ადრეული მზე / მე ვიყავი (…)” და ა. შ. ანდა: “ქარი მიმოქრის ლერწამში / მე ვიპოვე [რაღაც] შროშანისფერი / მე ვხედავ შენს ბაგეს / სიტყვებსა და ჩიტებს / ბაგე მიმოდის წითელი / ძალზე მუქი გვინეას გარშემო (…)”, ანდა: “28 სექტემბერი: და კვლავაც იასამნისფერი პარასკევი [venerdies violacea]. მაგრამ, ო, თეზაურის ქალიშვილი ლიუბეკში ჩამოვიდა მატარებლიდან.”)
    ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს არტმანისთვის თავად ემოციაზე უფრო მნიშვნელოვანი ის მეტაფორაა, რომლის არსიდანაც გამომდინარეობს ემოციასთან მიმართება. ამგვარ წარმოდგენას ისიც აძლიერებს, რომ მაპროვოცირებელი, თავისი ჟღერადობით თუ ხატოვანებით მიმზიდველ ლექსიკურ ერთეულები მხოლოდ მათი გრამატიკული სახეცვლის ხარჯზე ახდენს მნიშვნელობის ნიუანსირებას, მსგავსად მონტაჟისა კინემატოგრაფში. იქმნება კიდევ ისეთი შთაბეჭილებაც, თითქოს არტმანი რაღაც ზმანებით იყოს მონუსხული, რომლის წვდომასაც მხოლოდ მაშინ შეძლებს, თუკი ბოლომდე დაჰყვება მის ხიბლს.
    არტმანის ნამუშევართა დიდი ნაწილისათვის დამახასიათებელია არა ცხოვრებისეულ, არამედ ენობივ რეალიებთან კომუნიკაცია; ამის შედეგი კი იმგვარი ემოციაა, თავისი სიმბოლიკითა და სინტაქსით გაუცხოებულ არქაიზმად რომ გვევლინება. ვითომდა მივიწყებული კლიშეების ციტირებით არტმანი თითქოს გამოდის თანამედროვეობასა და ფსევდოისტორიულ წარსულს შორის შუამავლის როლში და თავისი თხრობის საგნად საგანგებოდ შელამაზებულ არქაიკას აქცევს. ეს ფიქტიური ისტორიული ხედვა, გაიგივებული რეალურ ენობრივ ხედვასთან, შეიძლება მცდარად მივიჩნიოთ რომელიმე ისტორულ გარემოცვაში დაბადებული ობიექტური განწყობის გულუბრყვილო ან უგემოვნო იმპლიკაციად. (მაგალითისათვის: “თეთრად გაშლილა დილით / ბანია ლუკა, / გრუხუნებს დოლი, / მამლაყინწას ვგავარ, გარნიზონის მესაყვირე, / ირხევა მბზინავი ბუმბულები, / ერთურთზე გადაჭდობილ მახვილთა ფრენა …” ანდა: “მიმაქოლებს ჩემი მუქი რაში / შალ-ი-მანისკენ, / მსუბუქი მხედარი [მივაპობ] ტყეთა შავ დალალებს, / აგერ, ნაპირი! მდინარე! მდინარე! ოჰ, შესვი ფსკერამდე! / ბაგე გაიგრილე წყლით, რომელიც ასე შორი ჯერ არასოდეს ყოფილა…”, ანდა: “სიცილიურ სახლს, / ატლანტიის მწვანე ბაღნარს, / ფრინველ სანგ სიბირს, / ახალი ჰოლანდიის პირქუშ უბეს, / ვის მივმართო / მას შემდეგ, რაც დამზაფრა, / მოლოდინმა *** წლის…”).
    არტმანის არაერთ ტექსტში ისტორიული ფიგურები თუ ადგილები, მითები თუ ლეგენდებია გაცოცხლებული; ამის მიზანი სულაც არ არის დღევანდელი გადასახედიდან გაგებული ამა თუ იმ შინაარსის წარმოდგენა. ეს უბრალოდ კულისებია ამა თუ იმ ენობრივი სცენისათვის, რომელზედაც არტმანი ვითომდა ამ ენის მატარებლის სახით გამოგვეცხადება. ეს, უპირველეს ყოვლისა, მის პიესებს ეხება. მაგრამ ისეთი ოდნავ პაროდიული ფანტაზმაც, როგორიცაა “რეალური შეხვედა დრ. ფუ მანჩუსთან” (ის პაროდიად აღიქმება მისი სიუჟეტიდან გამომდინარე) შეიცავს მინიშნებას გვიან ვიქტორიანულ ტრივიალურ მოდელებზე: “ჰ. კ. არტმანი გახლავართ, – წამოსთქვა მან შემდეგ, – ჰ. კ. არტმანი, აგრეთვე ცნობილი, როგორც ჯონ ეტერლი ბენკროფტი, იგივე ლორდ ლისტერი, იგივე დეივიდ ბლენერჰესეტი, იგივე მარტიმერ გრიზლიმოლდ დე ვერი და ა. შ. და ა. შ.!”
    მაგრამ ეს მხატვრული ხერხი მარცხს განიცდის იქ, სადაც ორიგინალი კარგადაა ცნობილი ფართო მკითველისათვის, როგორც ეს “მწვანედ დალუქულ ეპისტოლესა” და “alleleirausch”-ის შემთხვევაში მოხდა. სამაგიეროდ, სწორედ ამ ხერხის წყალობით გაჩნდა სრულიად უნიკალური ნაწარმოები “გულმოდგინება და ინდუსტრია”, განსაკუთრებული ადგილი რომ უკავია არტმანის მთელ შემოქმედებაში. შემდგომში არტმანმა ეს მეთოდი თავის არაჩვეულებრივი ემოციურობით გამორჩეულ თარგმანებზე მუშაობისას გამოიყენა, – მათზე აქ, სამწუხაროდ, საგანგებოდ ვერ შევჩერდებით, თუმცა მათ არტმანის შემოქმედებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ.
    არტმანისეული წერის მანერის მესამე ტენდენციად შეგვეძლო დაგვესახელებინა ის მეთოდი, ერთი შეხედვით ექსპერიმენტულად რომ აღიქმება, სინამდვილეში კი ნაკლებადაა ორიენტირებული “მეცნიერულ” ცდებზე. ის უფრო გრძნობათა გადმოსაცემად ტრადიციული ფორმების გავრცობა-გაფართოებას ისახავს მიზნად (ამ ტიპის ნაწარმოებებია: “გავრცობილი პოეზია”, “ბოთლით გაგზავნილი ბარათები”, “ლირიკული ვერბარიუმები”, ბაიერსა და რიუმთან ერთად შექმნილი ნამუშევრები, ასევე “რითმები, პწკარები, ფორმულები”, პიესები “მოგზარობა კუნძულ ნანთაკეთზე”, “ბურუსი და ფოთოლი”, “კეთილშობილთა და სამართლიანთა ხვედრი” და სხვ.). გავრცობა ძირითადად ფონეტიკის სფეროში მიმდინარეობს, მაგრამ ამასთან ბგერითი ჯგუფის კონსტრუქტიულ ელემენტს როდი ეწევა ანგარიში. გადამწყვეტი აქ ისევ და ისევ შეგრძნებებსა და ასოციაციებზე დამყარებული ერთგვარი სემანტიკური პრინციპია (მაგალითად: “wasserlobelia almegalsdatan / ich wohne lobelia almedals / nummernd auf weiß in weiß…” ანდა: “Assegor Thibeta et dü azimout… / vendigot ül iblout et ´l ab ab…” ანდა: “Ungummi / Schneebitter / Sanssouci / gekäfigte / Note / Abdusche…”). წერის ამგვარი მანერა საუკეთესოდ გამოხატავს არტმანის მიერ დასახულ ამოცანას: ამა თუ იმ გრძნობა-განწყობის შესაბამისად შერჩეულ ბგერათა ჯგუფები ახალ სისტემაში იქნას მოყვანილი და ჩაწერილი.
    თუკი ზემოთ თქმულს შევაჯამებთ, არტმანის ნამუშევრები უნდა განვიხილოთ, როგორც ავტორის ცდები, შესაბამისობაში მოიყვანოს ენისადმი და ცხოვრებისადმი საკუთარი დამოკიდებულება. ორივე მიმართებას მხატვრულ სინამდვილეში აქვს ადგილი; განწყობა და წერის პროცესი ამართლებს ერთი მეორეს. არტისტიზმი გვევლინება ამა თუ იმ ემოციის საბუთად, შინაგანი მდგომარეობის პრეზენტაციად. შინაარსი მხოლოდ გრამატიკული ფორმის ხარჯზე იძენს თავის სიღრმეს; ენობრივ ელემენტებს უკვე არსებული ნიმუში ანიჭებს მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე, არტმანის ქმნილებები არ უნდა განვიხილოთ, როგორც ძველთან შედარებითა და გამოხატვის ახალი საშუალებების ძიებით გაწაფული ინტელექტის ნაყოფი; ეს უფრო რეთორიკული ფიგურებია, გარკვეული ეპოქის შესაბამისი ცნობიერების ჩარჩოებში ჩასმული. მათი მიზანი – ეფექტის სიმძაფრეა და არა საზრისის გამოხატვა. საზრისთან ეს ტექსტები, – მთელი მათი ხიბლის მიუხედავად, – ისეთსავე მიმართებაში არიან, როგორც ხისგან ოსტატურად ამოჭრილი მეფეები, დედოფლები, გლეხები, კოშკები – ჭადრაკის თამაშთან; თუკი მათ, ამასთან ერთად, ძალუძთ, სიამოვნება მოგვგვარონ, ეს იმას ნიშნავს, რომ…

    (1970)

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე (თარგმანი),  პორტრეტი

    პეტერ ო. ხოტიევიჩი – ახალი თვითმყოფადი პოეტი

    გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ

    ჰანს კარლ არტმანის პიროვნებისა და შემოქმედების ვერც ერთი მიმოხილვა გვერდს ვერ აუვლის ვენაში შექმნილ იმ განსაკუთრებულ გარემოებებს, რაზედაც 1950-იანი წლებიდან მოკიდებლი თვით არტმანიც ახდენდა გავლენას. 50-იანი წლების ვენა და, მაშასადამე, ავსტრია დღევანდელზე უფრო მეტადაც კი წარმოადგენდა მყარად თავდაცობილ გაუმჭვირვალე ბოთლს, რომლის შიგთავსიც ვენის გარეთ ცოტა ვინმეს თუ აინტერესებდა: მას სულაც თითქმის არავინ იცნობდა. საყოველთაო შემოქმედებითი დეპრესიის მძიმე სათბურისებრი ატმოსფერო ლიტერატურულ დაჯგუფებათა შექმნას იმთავითვე უწყობდა ხელს. მოგვიანებით პირწავადნილი კომუნისტის, ჰანს ვაიგელის წრეში, ისევე, როგორც გავლენიანი ანტივაიგელიანელის, ჰერმან ჰაკელის ჯგუფში, “ახალი გზების” სამწერლო წრესა და ვენის პოეტთა ჯგუფში კვლავაც და კვლავაც იკრიბებოდნენ ერთურთის სითბოს მოწყურებული შემოქმენი, – ჰარი პონგსმა სხვა მაგალითების მოშველიებით უკვე საფუძვლიანად გააშუქა საზოგადოებრივ დაჯგუფებათა ეს ფენომენი. ამგვარ, თუნდაც არამდგრად და სხვა წრეებთან კავშრების გამო მერყევ ჯგუფში შემოქმედს არც იზოლირებულობა აშინებს, არც გამოქვეყნების შესაძლებლობათა სიმწირეს თუ მკითხველთა უყურადღებობით გამოწვეულ დამუნჯებას უჩივის. 1950 წლიდან მოკიდებული არტმანის ძლიერ გავლენას განიცდის, სულ ცოტა, ორი ამ დაჯგუფებათაგანი: ესაა “ახალი გზების” ავტორთა წრე, რომელსაც ავსტრიელი მწერლობის დიდი ნაწილი შეადგენდა, ვისი ნაწარმოებებიც ჰანს ვაიგელმა შეაგროვა ანთოლოგიაში “თანამედროვეობის ხმები I-IV”, და ვენის პოეტთა ჯგუფი. ვილანდ შმიტი წერს ამის თაობაზე: “არტმანის როლი ამ წრის საქმანობაში შეიძლება შევადაროთ იმ ადგილს, რაც ფაუნდს ეკავა ლონდონში პირველი მსოფლიო ომის წინა წლებში”.
    ამ შედარებაში მხოლოდ ფაუნდის “დამძიმებული” სახელი თუ მოგვჭრის ყურს; სხვა მხრივ, ყოველ შემთხევაში, ავტორთა წრის ექსპერიმენტულ ფრთასთან და მოგვიანებით მთელ ვენის პოეტთა ჯგუფთან მიმართებაში, თუკი შესაბამისად შევცვლით მასშტაბებს, ეს შედარება სავსებით გამართლებულია. თავისი შრომებითა და ლიტერატურული აღმოჩენებით, ენობრივი მონაცემებით, რაც უცხო ენებისადმი მიდრეკილებასაც გულისხმობს, არტმანი ახალგაზრდა მწერლებისათვის უთუოდ რჩებოდა იმ აუცილებელ იმპულსთა და წამყვან იდეათა მატარებლად, ჯგუფის ერთსულოვნებას რომ უზრუნველყოფდა, თუმცა მათ თავად უწევდათ ამ იმპულსებისა და იდეების წესრიგში მოყვანა და ადექვატურად ათვისება, რადგან არტმანი, როგორც მის მეოცნებე ბუნებას შეეფერებოდა, თავადაც მუდმივ ძიებასა და პოზიციათა ცვლაში იყო, რათა ბოლოს და ბოლოს ერთი საბოლოო გეზი აეღო. წრეებში გაერთიანებამ ვენის იმდროინდელ ლიტერატურულ ცხოვრებას იმთავითვე საკუთარ თავში ჩაკეტილი, სექტანტური სახე შესძინა, რაც მისი ყველა დეტალის დადგენას ართულებს. ანდრეას ოკოპენკო ასე წერს 50-იანი წლების ვენური ლიტერატურის შესახებ: “ხშირად ერთმანეთთან სტუმრობისას იმპროვიზაციებს ვქმნიდით, მეგობარს ვკარნახობდით ანდა უბრალოდ წარმოვთქვამდით ტექსტებს, რომლებიც ქაღალდზე აღარ გადაგვქონდა; ნაწერს ვკარგავდით, ნაგავს ვატანდით, ვწვავდით. შემოქმედებას თან რაღაც გიჟური სილაღე ახლდა: თითქმის უეჭველი იყო, რომ ყველაფერი, რასაც ვქმნიდით, ჩაუწერელი დაჩებოდა.”
    თუკი ბოთლის მეტაფორას დავუბრუნდებით, არტმანი ამ ბოთლში მომწყვდეული ჯინი გახლდათ, პოეტთა ზღაპრული რესპუბლიკის ჰარუნ ალ რაშიდი.
    დღევანდელ, დასავლეთგემანულ სინამდვილეში ეს უცნაური ადამიანი უცხოსავით მორიდებით შემოდის. ის თავს არიდებს ლიტერატურული საზოგადობის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს. მას მთლად სანდოდ არ მიიჩნევენ. დასანანი ის კი არ არის, რომ ის ყურაღების ცენტრში ვერ მოექცა მავანის მსგავსად, ვინც ამას ბევრად ნაკლებად იმსახურებს: დასანანი უფრო ისაა, რომ მისი საინტერესო და ვრცელ ლიტერატურულ შემოქმედებას უჯრაში ჩარჩენა და მივიწყება ემუქრება. ან კი რისთვის შეინახოს ლექსები, თუკი ისინი არავის სჭირდება? არტმანის რამდენიმე ასეული ლექსიდან, რომელთა ნაწილი დღეს უკვე დაკარგულია, მხოლოდ თითო-ოროლა ადამიანს თუ წაუკითხავს ორი ან სამი ცალი, ხოლო რაც შეეხება 1966 წლის გაზაფხულზე გამოსულ კრებულს “ვერბარუმი”, ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში შექმნილ ორმოცდაათიოდე ლექსს რომ შეიცავს, ის მხოლოდ განმეორებით უდასტურებს განდობილთ იმას, რაც მანამდეც იცოდნენ: რომ არტმანი, როგორც ჩანს, ერთადერთი ჭეშმარიტი პოეტია, რომელიც გერმანულენოვან ლიტერატურას ჰყოლია 1945 წლის შემდგომ, – ყველა იმ მოდური გენიოსის ჯიბრზე, ვინც კი მას შემდეგ ცამდე აუყვანიათ: ბახმანით დაწყებული და გრასით დამთავრებული. ხოლო პროფანებისათვის “ვერბარუმი” მხოლოდ კიდევ ერთი ცდაა, – საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილი, თუმცა, უდაოდ, მნიშვნელოვანი. ასევე სანახევროდ დაკარგული, მეტწილად მოკლე პროზაული ტექსტების მრავალი ასეული გვერდი დღემდე მხოლოდ ორ წიგნადაა გამოცემული. ავსტრიაში მხოლოდ დიალექტზე დაწერილმა ლექსებმა მოუპოვა აღიარება. ერთ-ერთი მათგანი, “med ana schwoazzn dintn” (“შავი მელნით ნაწერი”), ბესტსელერიც კი გახდა.
    და მაინც, მისი სახელი თანდათანობით სულ უფრო ხშირად ჟღერს. მისი მეგობრებიც კი უკვე თანდათან იწყებენ მის აღმოჩენას.
    არტმანს თარგმნილი აქვს შვედურიდან კარლ ლინეი, ესპანურიდან – ფრანცისკო დე კევედო, ირლანდიურიდან – კელტური რელიგიური პოეზია, ფრანგულიდან – მარივო, ინგლისურიდან – დეიზი ეშფორდი, იდიშიდან – ებრაული ანდაზები; ეს მხოლოდ თითო მაგალითია ზოგიერთი ენობრივი სფეროდან, რასთანაც მას საქმე ჰქონია. დაწერილი აქვს ლექსები ბაროკოს სტილში, სპარსული ოთხპწკარიანი ლექსები… ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს არტმანს ოცდაათი წლის ასაკამდე კითხვისა და ენების შესწავლის გარდა არაფერი უკეთებია. ის ქალაქში მიმოდის, ადამიანების საუბარს აყურადებს, კითხულობს საგზაო ნიშნებსა და მაღაზიის აბრებს, შემდეგ კი, საღამოთი, ლექსიკონებში დაეძებს თავის მონაპოვართა მნიშნელობებს. მისი პირველი პუბლიკაცია 1950 წელს შედგა. ესაა პირველი ცხრა ბწკარი 1949 წელს დაწერილი უსათაურო ლექსისა, რომელსაც სრულად, 20 ბწკარის სახით, ორიოდ ადგილას ოდნავი ჩასწორებებით, “ვერბარუმის” “კარინტიულ სასიყვარულო ლექსებს” შორის ნახავთ.
    რაც შეეხება სიტუაციას მაშინდელ ვენაში: 1945 წელს ოტო ბაზილმა დაიწყო ჟურნალ “Plan”-ის გამოცემა, რომელიც 1948 წელს დაიხურა ისე, რომ ვერ მოესწო არტმანის პირველი, უკვე დაკაბადონებული ტექსტების დაბეჭდვა. 1950 წლისათვის, ანუ არტმანის პირველი პუბლიკაციის დროისათვის ვენაში არსებობდა ერთადერთი ჟურნალი “Neue Wege” (“ახალი გზები”), რომელსაც ახალგაზრდული თეატრი გამოსცემდა ყოველთვიურად. მასში დაახლოვებით 1948 წლიდან ლექსებსა და მცირე პროზას ბეჭდავენ: ჰანს ვაისენბორნი, ჰერბერტ აიზენრაიჰი, გერჰად ლამპერსბერგი, ფრიდრიჰ პოლაკოვიჩი, ანდრეას ოკოპენკო, ერნსტ კაინი, ვალტერ ტომანი და სხვები, რომელთა გვერდითაც ასევე თავ-თავის სიტყვას ამბობენ კაროსა და კვაზიმოდო, არაგონი და მაიაკოვსკი. 1950 წელს ჟურნალი იწვევს მუდმივ ავტორებს შეკრებაზე, სადაც ახალგაზრდა ავსტრიელ ავტორთა დაბეჭდვის საკითხი უნდა გადაწყდეს. არტმანის – რომელიც ჯერ კიდევ თვით ვენაშიც კი ვერ დაიკვეხნიდა პოპულარობით – იმ დროისათვის ერთადერთი მოწაფე, რენე ალტმანი, სიტყვას შეაწევს თავის მოძღვარს და მოითხოვს საზოგადოების ყურადღებას ამ, მისი განმარტებით, სურეალისტი პოეტისადმი. არტმანს მიიღებენ და ის მაშინვე ამ არაერთგვაროვნად სტრუქტურირებული ჯგუფის მენტორად იქცევა. ცხადია, ჯგუფს არც სხვა მხრიდან აკლია გავლენები, მაგრამ არტმანი თავის მიერ მოწვდილი მასალის სიუხვითა და მრავალფეროვნებით და თავისი მჩქეფარე პიროვნებით ყველა სხვა იმპულსს გადასძალავს.
    “ის ყველაფერს განსაკუთრებულ სიცხარეს ანიჭებდა, ყველაფრის მაცოცხლებელი ძრავა იყო” – წერს ანდრეას ოკოპენკო.
    1951 წლის ნოემბერში ახალგაზრდა ავტორებსა და რეაქციონერ აკადემიურ წრეებს შორის განხეთქილება ხდება. არტმანის, ალტმანისა და სხვათა მრწამსიდან გამომდინარე, ახალგაზრდებს სიურრეალიზმში დაედოთ ბრალი. სიურრეალიზმი ლიტერატურის ავკარგიანობის შეფასების უპირველეს კრიტერიუმად იქცა. 1950 წლის ნოემბრის “ახალ გზებში” არტმანი უმკაცრესად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, გამოთქვამს აღშფოთებას იმის გამო, რომ სიურრეალისტებს თითქმის ყოველთვის ისეთ ახალგაზრდა ავტორებს უწოდებენ, ვინც სრულებით არ წერს სიურრეალისტურად და ვისი პუბლიკაციებიც ისე შირსაა სიურრეალიზმისგან, როგორც ცა და დედამიწა. ამასთან დაკავშირებით ის გვთავაზობს საკუთარი შემოქმედების საინტერესო დახასიათებას, რამდენადმე რომ უსწრებს წინ “პოეტური აქტის რვაპუნქტიან პროკლამაციას”. არტმანი წერს: “ავტორები, რომელთაც, ჩემი აზით, მართლაც შეესაბამებათ ეს განსაზღვრება, გახლავთ, პირველ რიგში, ჰელენე დიმი, რენე ალტმანი და ჰ. კ. არტმანი. დასახელებული ავტორები მართლაც სიურრეალისტურ ლექსებს წერენ. (…) სიცოცხლეში სტრიქონიც რომ არ დამეწერა, მხოლოდ ჩემი მწამსითა და მსოფლმხედველობით მაინც ვიქნებოდი სიურრეალისტი”.
    სიურრეალიზმმა, – რომელსაც დღემდე მხოლოდ ფრიდერიკე მაირიოკერმა უერთგულა, ისიც, მხოლოდ თავის ზოგიერთ ლირიკულ სტრუქტურაში, – განხეთქილების ვაშლის სახით მოევლინა ვენის პოეტურ წრეებს. 1951 წლის მარტში ოკოპენკომ დაიწყო “ახალგაზრდა ვენელ ავტორთა ჯგუფის პუბლიკაციათა” გამოცემა, რომლებიც საშუალოდ 100 ეგზემპლარის ტირაჟით 1953 წლის დასაწყისამდე წელიწადში ოთხჯერ გამოდიოდა, შემდეგ კი, მრავალწლიანი ინტერვალის შემდეგ, 1957 წლის მარტსა და აპრილში არტმანის მიერ გამოცემული ორი ნომრით გაგრძელდა.
    1950 წლის შემოდგომიდან მოყოლებული არტმანი განუწყვეტლივ ეძებს გამოცემის ახალ-ახალ შესაძლებლობებს, რადგან “ახალი გზები” და “პუბლიკაციები” ამ მოთხოვნილებას მთლიანად ვერ აკმაყოფილებს. ახალ-ახალი კლუბების დაარსება და დუქან-სარდაფებში დაუსრულებელი ჯდომა არა იმდენად საეჭვო ურთიერთობების ჟინით იყო გამოწვეული, რამდენადაც მუდმივი ბეჭდვითი ორგანოს ძიებით. არტმანის წრის ნაწილობრივი დაშლის შემდეგ ეს მოძრაობა გადაიზარდა პოსტდადაისტურ აქციათა ლიტერატურაში, რომლის წარმომადგენლებიც ძველ წრეზე საშუალოდ ათი წლით უმცროსნი იყვნენ. მაგალითად, არტმანის პროექტი “სარდაფი” ჟურნალის ან ალმანახის სახით იქნა ჩაფიქრებული, თავდაპირველად მას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ეძლეოდა, მოგვიანებით კი ის თავისი დასახელების კონკრეტული მნიშვნელობით განახორციელეს. ერთ ხანს ის, არც მეტი, არც ნაკლები, ბალგასეს ქვეშ არსებულ ოთხი სართულის სიღრმის ცნობილ კატაკომბაშიც კი ფუნქციონირებდა.
    საკუთარი თავის გამოცხადებამ კატაკომბებში შეფარებულ დაუფასებელ შემოქმედად არტმანს ნამდვილი აღიარება მოუტანა. 1951 წლის შემოდგომაზე ალბერტ პარის გიუტესლოსა და მისი მოწაფეების მიერ დაარსებულმა არტ-კლუბმა საკუთარი კაფე-გალერეა “ჩალის ჩემოდანი” გახსნა. არტმანი თანდათან იქაურობის განუყოფელ ნაწილად იქცა.
    თუკი 1945 და 1950 წლებს შუალედში არტმანი, ამერიკელებთან თარჯიმნად მუშაობის შემდეგ, ლუკმა-პურის გულისთვის ხან მშენებლობაზე მუშაობდა, ხანაც სტატისტად იყო დაკავებული, ამ პერიოდში ის ამგვარ რამეს არც საკუთარ და არც მეგობრების ცხოვრებაში აღარ მოითმენდა. ის საკუთარი ცხოვრების სტილიზებას შეუდგა, სულ მალე იქცა პოეტის ანუ საკუთარი თავის ცოცხალ არტეფაქტად და, ამასთან, უშუალობის უმაღლეს დონეს მიაღწია. ეს გარემოება ძალზე ართულებს არტმანის შესახებ თხრობას. თუკი პოეტის პიროვნება, როგორც წესი, ნაწილობრივ მაინც იძლევა მისი შემოქმედების გასაღებს, არტმანისნაირი მრავალსახოვნად შენიღბული ავტორის შემთხვევაში, პირიქით, ლიტერატურული ნაწარმოები გვიქმნის წარმოდგენას იმაზე, თუ როგორ მოიაზრებდა ის საკთარ თავს შემოქმედებით პროცესში: ჰუსარად თუ სიურრეალისტად, სახალხო პოეტად თუ საკუთარი არარაობით ბაროკალურად დათრგუნულ მონად უფლისა, აგიტატორად თუ ჩინეთის იმპერატორის კარის მგოსნად, მსოფლიო მოგზაურად თუ ვენის გარეუბნის პოეტად, მოუსვენარ ვაგაბუნდად თუ დინჯ მოქალაქედ, დარდიმანდ მოქეიფედ თუ ბულბულის გალობას მიყურადებულ მეოცნებედ, დუნაისპირა მონარქიის ანტისემიტ მესვეურად თუ მეამბოხე ანარქისტად. ეს – რომ არაფერი ვთქვათ დიალექტზე დაწერილი ლექსების კრებულის, “hosn rosn baa”-ს თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ წიგნის ავტორი, სამასი წლის წინათ ყოფილა დაბადებული.
    არტმანმა მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყო თავისი მისტიფიკაციების უგულვებელყოფა და დღეისათვის შემორჩენილ გაურკვეველ დეტალებს გადამწყვეტი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. მის დაბადების ადგილად დღემდე საყოველთაოდ ითვლება ვითომდა ქვემო ავსტრიაში მდებარე არარსებული სოფელი სანტ-ახაცი-ტყის-პირას: ამგვარი ინფორმაციის გადამოწმება დღეისათვის უკვე შეუძლებელი ხდება, მაგრამ ეს მაინც დიდად არ ცვლის ჩვენს საერთო წარმოდგენას არტმანის ბიოგრაფიაზე.
    ლამისაა ვირწმუნოთ, რომ თავად არტმანი არ არის ერთადერთი, ვინც არტმანისეული ლეგენდის ქსოვითაა გართული. ყოველ შემთხევაში, სრულებით აღარ გვაკვირვებს ის, რომ იმხანად, როცა გერჰარდ რიუმს ვენაში ჯერ კიდევ არავინ იცობდა, გავარდა ხმა, თითქოს არავითარი რიუმი არ არსებობს და რომ რიუმის ავტორობით გამოქვეყნებული ტექსტები სინამდვილეში ეკუთნის არტმანს, რომელმაც რიუმის სახით მეორე “მე” შეიქმა და ამ გზით გამოიტანა დღის სინათლეზე თავისი ექსპერიმენტული ნამუშევრები.
    არტმანის ლიტერატურული სილუეტის მოხაზვას ორი გარემოება ართულებს. ერთი მათგანი გახლავთ ყოველ ნაბიჯზე, უფრო ხშირად, მეგობრების და მეგობარი ქალების ბინებში მოწყობილ სამუშაო კაბინეტთა უსაშველო სიმრავლე და ხელნაწერთა დაკარგვის მაღალი რისკი, მუდმივ მოგზაურობასა და ბოჰემური ცხორების წესს რომ ახლავს თან. მეორე ის უეჭველი ფაქტია, რომ არტმანის მშობლიური სტიქია ფრაგმენტია. ხშირად ყოველ დღე ახალ-ახალ ტექსტს იწყებს, – ცალკეულ ნაწარმოებს თუ ზღაპრების, მოთხრობების, ლექსების ახალ ციკლს. უბრალოდ ძალზე ბევრი იდეები უტრიალებს თავში. ამასთან, გასაოცარი ისაა, რომ თითოეულ ტექსტში ავტორისეულ სტილს ამოიცნობთ. ეს მუდამ არტმანია. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ვინ არის არტმანი?
    ახალგაზრდა ვენელთა პირველი გამოსვლა უცხოურ ტრიბუნაზე 1952 წლის 25 ივნისს შედგა, ბერნში. საამისოდ მათ საკუთარი სახსრებით იქირავეს დარბაზი, სადაც შვეიცარიელმა მსახიობმა, არტმანის მეგობარმა ქალმა ესთერ ვირცმა ჯენი ებნერის, ერნსტ კაინის, ოკოპენკოს, შმიტისა და არტმანის ნაწარმოებები წაიკითხა.
    1952 წლის გვიანი შემოდგომით არტმანის გარშემო ფორმირდება უკვე ხსენებული ახალი წრე, მაგრამ, ყველა სხვა წრის მსგავსად, ისიც ძირითადად მხოლოდ არტმანის პიროვნების ზედნაშენს წარმოადგენს. რაც შეეხება “ახალი გზების” ავტორთა წრეს, მათთან ურთიერთობას მეტნაკლებად ინარჩუნებს ან მოგვიანებით აღადგენს. იმ დროისათვის უკვე ნახსენები მცირე პროზის გვერდით არტმანს დაწერილი ჰქონდა კიდევ თვრამეტიოდე პროზაული ტექსტი, ზოგიერთი – რამდენიმე ნაბეჭდ გვერდს ითვლიდა, მათ შორს: “ლანსელოტი და გვინევრა”, “ფანტასმაგორიული მითოლოგია” (სწორედ ამ ტექსტით გამოვიდა შვეიცარიაში გამართულ შეხვედრებზე), “ყველგან, სადაც კი ჰამლეტი მივიდოდა”, “ურჩხულის შესახებ ანუ იკაუსუს დაცემა” და მოგვიანებით “ჰუსარების” კრებულში შესული რამდენიმე ბაროკალური მოთხრობა.
    ბაროკალური მოთხრობების გამოკლებით, ყველა ამ ტექსტის სიღრმეში ისევე ისმის ფანტასნაგორიული ჟღერადობა, როგორც 1950-51 წლების ნაწარმოებებში. სწორედ ის ანიჭებს ამ ტექსტებს ძალზე მოკლე და პოეტურად დახვეწილ ფორმას. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ავსტრიელ შემოქმედთათვის სწორედ ეს ფორმა გახდა ყველაზე მისაღები, რადგან მათ სულიერ პროცესებს საუკეთესოდ გამოხატავდა და პუბლიკაციის თვალსაზრისითაც ხელსაყრელი იყო: ჟურნალებში ხომ მუდამ შეინიშნებოდა ადგილის დანაკლისი.
    1953 წლის აპრილში არტმანი წერს “პოეტური აქტის რვაპუნქტიან პროკლამაციას”, რომლის პრეამბულაც წარმოადგენს ზემოთ მოყვანილი, უკვე “ახალ გზებიდან” ცნობილი თეზის უფრო ხშირად ციტირებულ ვარიანტს: “არსებობს ერთი ხელშეუხებელი ჭეშმარიტება: შეიძლება იყო პოეტი ისე, რომ სიცოცხლეში ერთი სიტყვაც არ გქონდეს დაწერილი”.
    ვენელ პოეტთა ჯგუფის წევრებს, – უპირველეს ყოვლისა, ესენია: გერჰად რიუმი (დაიბ. 1930), კონრად ბაიერი (დაიბ. 1932), ოსვალდ ვინერი (დაიბ. 1935), ფრიდრიჰ ახლაიტნერი (დაიბ. 1930) და ჰ. კ. არტმანი, – ნაკლებად ადარდებთ ის, რომ პროკლამაციის დებულება: “პოეტური აქტი, შესაძლოა, მხოლოდ შემთხვევით იქნას საზოგადოების წინაშე გამოტანილი!” – ვენაში შექმნილი გამოუვალი კულტურულ-პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე ისედაც ერთადერთია, რაც მათ რჩებათ. მიუხედავად ამისა ჯგუფი ყველანაირად ცდილობს, იცხოვროს არტმანისეული პროკლამაციის მიხედვით, თავად უკრძალავს საკუთარ თავს ნაწარმოებების გამოქვეყნებას და ემიჯნება კიდეც არტმანს, როცა ამ უკანასკნელის “shwoazzn dintn” წარმატებით სარგებლობს და ავტორისათვის მოგებაც მოაქვს. ეს არტმანს, ცხადია, დიდად არ ადარდებს.
    თუკი მოვისურვებთ არტმანის ლიტერატურული განვითარების ქრონოლოგიური ეტაპების გამოყოფას, უნდა ვთქვათ, რომ 1954 წელი ერთ-ერთი ასეთი ფაზის დასრულებას დაემთხვა. შეგვიძლია ისიც დავძინოთ, რომ დღეისათვის არტმანმა მთელი შესაძლო მწერლური აღიარება მოიპოვა, მის ხელთ შესაძლებლობათა მთელი სპექტრია, რასაც ის უაღრესად მავალფეროვნად განავითარებს; ის გამუდმებით აგებს ხიდებს თავის დღევანდელ სამუშაოსა და იმას შორის, რაც ათი-თორმეტი წლის წინ უკეთებია. აღსანიშნავია, რომ ვალტერის რჩეული ლექსების გამოცემაში სასაფლაოზე ნამღერ ოთხ სიმღერასთან ერთად შესულია ასევე 1954 წელს შექმნილი “ეპიტაფიები” და “შვიდი ლირიკული ვერბარიუმი”. 1954 წლის ლირიკული ვერბარიუმებით არტმანმა კიდევ ერთი ახალი ექსპერიმენი წამოიწყო. ექსპერიმეტული ხასიათისაა აგეთვე “გამოგონებანი”, ნაწილობრივ გერჰარდ რიუმსა და კონრად ბაიერთან ერთად დაწერილი. კონრად ბაიერმა ვერბარიუმის ცნება შემდეგნაირად განმარტა: ესაა ლექსი, რომელშიც ესა თუ ის სიტყვა, თუ სიტყვათა სვეტი, – სწორედ ამას ეწოდება ვერბარიუმი, – განიხილება სხვადახვანაირი პრინციპით, მაგალითად, მათემატიკური მწკრივების მიხედვით. ვენაში ეს მეთოდი ჩილელმა მხატვარმა, იბან კონტრერა ბრუნეტმა შემოიტანა, თუმცა არტმანმა, ეს მეთოდი მხოლოდ გაკვრით გამოიყენა და მეტი პოეტურობა შესძინა.
    1955 წელს არტმანი წერს მოკლეპწკარიან, ზოგჯერ ძალზე დიდი მოცულობის ლექსების ციკლს სათაურით “გამორჩეულად მშენიერი სიმღერები კეთილშობილ კასპარისა, ხალხში ჰანს ვურსტელად წოდებულისა”, შემდეგ – რამდენიმე ცალკეულ ლექსს, ავსტრიის შეიარაღების საწინააღმდეგოდ მიმართულ მანიფესტს, “25 ეპიგრამის” პირველ ლექსებს, ასევე რამდენიმე პიესას. 1954 წლისათვის არტმანს უკვე დაწერილი აქვს თავისი პიესა “ჩერმაკისათვის წიწაკა არ არის”, რომელშიც გარეუბნელი ვაჭრის ყოველდღიურობაში აბსურდის თეატრი შემოდის; ეს ყოველივე ისეთი სისხლსავსე ჟარგონული ელემენტებითაა შეკმაზული, რომ ჟურნალი “Wort in der Zeit” 1965 წელს ათავსებს ამ პიესას რუბრიკაში “ვენური კოლორიტი” და ნესტროისეული კომედიის კატეგორიას მიაკუთვნებს.
    1956 წელს პოეტი გულმოდგინე მონტაჟის სამუშაოს შეუდგა. ვენის პოეტთა ჯგუფისათვის ტიპიური ერთობლივი ნამუშევრების დრო დამდგარიყო. ლექსიკონებიდან, სახელმძღვანელოებსა და სიტყვათა სხვა რეზერვუარებიდან ხდებოდა ტექსტური ელემენტების ამოკრება და ახალ სისტემაში მოყვანა, რასაც თავად ჯგუფის წევრები მონტრებას უწოდებენ; ამის შედეგად ჩნდება ისეთი შედევრები, როგორიცაა კონრად ბაიერის “ვიტუს ბერინგის თავი”. ჰაინრიჰ ტერებელსკის მიერ 1830 წელს გამოცემული “ბოჰემიური ენის სრული ლექსიკონის” მიხედვით არტმანი და ბაიერი ამონტაჟებენ ტექსტს “სრული სასწავლო ლექსი გერმანელთათვის, თერთმეტი ვერბარიუმი”; რიუმთან თანამშრომლობის შედეგად იქმნება “მაგიური კავალერია”.
    1957 წელს “ახალ გზებში”, რომელიც 1955 წლიდან მოყოლებული ახალგაზრდა ვენელ მწერალთათვის, ფაქტიურად, კვლავაც ერთადერთ ბეჭდვით ორგანოს წარმოადგენდა, ლიტერატურული სკანდალი დატრიალდა. მის მიზეზად მაისის ნომერი იქცა, სადაც ტრადიციული ლირიკის გვერდით დაიბეჭდა ერნსტ კაინის, გერჰარდ რიუმისა და ერნსტ იანდლის ექსპერიმენტული ტექსტები, თანაც, უპირატესად, არაკონკრეტული ჟარგონული პოეზია, რაც ორგზის მკრეხელობად აღიქმებოდა. მართალია, ივნისის ნომერში ახალგაზრდული თეატრის ხელმძღვანელი ჰაინრიჰ ნოიმაიერი ამ ფაქტის გამართლებას შეეცადა, პირობა მისცა მკითხველს, რომ მომავალში ექსპერიმენტული ნაწარმოებები სხვებისაგან საგანგებოდ იქნება გამიჯნული. მიუხედავად ამისა, საზაფხულო არდადაგების შემდეგ 1957 წლის შემოდგომაზე გამოსული ნომერი უკვე სრულებით “გასუფთავებულია”. ამ დროიდან ვენის მკითხველი საზოგადოება კარგა ხანს ვეღარ ადევნებს თვალყურს შემოქმედებით დისკუსიებს.
    ვენაში მწერლისათვის ყველაზე შესაფერის კერძად დღესაც შიმშილი მიაჩნიათ. არტმანი ღებულობს ჰონორარებს და ჰგონია, გავმდიდრდიო. ის აღიარებული სახალხო პოეტის საოცნებო ხატს ირგებს, ამაყობს და ნესტროისა და რაიმუნდს ადარებს თავს. “კურიერი” მას ყოველკვირეულ სვეტს უთმობს, რომელსაც ის ქალაქური ჩანახატებითა და სურეალისტური მოთხრობებით ავსებს. ქალაქის მერია სახაზინო ბინას უთმობს, თუმცა პოეტს მალევე კვლავ უწევს მისი დაცლა. ტელევიზია უკვეთავს პიესებს “დუნაისპირა ქალი” და “გრასელი”, ეს უკანასკნელი ავადსახსენებელი ისტორიული პირის, ყაჩარების წინამძღოლის შესახებაა. იგეგმება მისი სცენარით ფილმის გადაღება, პირდაპირ, სპონტანურად რომ უნდა გათამაშდეს გარეუბნის ქუჩებში, მაგრამ რომელიღაც სამშენებლო კომპანიის მიერ ძველი უბნის დანგრევა ხელს უშლის გადაღებების დაწყებას. არტმანი სიცოცხლეში პირველად აფასებს იმის მნიშვნელობას, რომ განსაკუთრებულ პიროვნულ და სივრცობრივ გარემოცვაში გაიზარდა.
    ის ლექსები, რაც მას შემდეგ დაწერა, ადრეულ ნამუშევრებზე უფრო “საფუძვლიანია”, ნაკლებად მანერული, თუმცა მისი ჟარგონული ლექსების შავი იუმორი კვლავ შენარჩუნებულია მის მრავალ გვიანდელ ტექსტში. პოლემიკური ხასიათის ლიტერატურული ნამუშევრები, რომლებსაც არტმანი სახელისა და შემოსავლის გამო კიდებს ხელს, კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს იმას, რომ არტმანის ძალა, მთელი მისი სიმსუბუქის მიუხედავად, მხოლოდ უმაღლესი დონის ლიტერატურაშია. ასეა თუ ისე, 1958 წლით მთავრდება კიდევ ერთი შემოქმედებითი ფაზა. ამ დროს არტმანი წერს ციკლს “40 სპარსული ოთხპწკარედი. მცირე დივანი”. მასში შესული ლექსების ნაწილი დღეს დაკარგულია, ზოგიერთი მხოლოდ მოგვიანებით გამოქვეყნდა. ვენის პოეტთა ჯგუფთან ინტენსიური თანამშრომლობის პერიოდიც დასრულდა. 1953 წლის პროკლამაციაც წარსულს ჩაბარდა, თუმცა გარეგნულად ჯგუფი ისევ ძველ ჟესტებს ინარჩუნებს. ამავე პერიოდში ერნსტ კიოლცი და ფეტი ჯორჯი წერენ მუსიკას არტმანის ჟარგონული ლექსებისათვის, ხოლო ქვალტინგერი ასრულებს მათ.
    60-იანი წლების დასაწყისიდან მოკიდებული არტმანი ექვსიოდე წიგნს თარგმნის; მათ შორისაა ვენურ დიალექტზე გადმოთარგმნილი ვიიონის ანდერძიც. სწორედ ამ თარგმანის წყალობით იქმნება მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს არტმანის მთავარი მწერლური ღირსება მის თარგმანებში იყოს. ეს შეხედულება იმიტომაა მცდარი, რომ არაობიექტურად შეზღუდულ ხედვას ეფუძნება. თარგმანების პარალელურად იწერება ამდენივე ვრცელი დრამა და ენობრივად ახალი ლექსების რამდენიმე რვეული, ცოტათი 1950-51 და 1954 წლების ლექსების ტედენციებს რომ განაგძობს: 1960 წელს კარინტიაში შექმნილი სასიყვარულო ლექსები “ჩემს მახვილზე ამოტვიფრული” და 1962 წელს ბერლინში დაწერილი ციკლი “ირმების ნეკრძალი და შუქურ-კოშკი” – ორივე კრებულის უმნიშვნელოვანესი ტექსტები შესულია რჩეული ლექსების ვალტერის გამომცემლობის მიერ დასტამბულ კრებულში, – გარდა ამისა, დიდი რაოდენობით ცალკეული ლექსები და უკვე ნახსენები “ბოთლით გამოგზავნილი წერილები”, რომლებშიც კვლავ გავრცობილი პოეტიკის მიმართულებით ჩატარეულ ცდებს ვაწყდებით, და კიდევ არაერთი ახალი გამოგონება. ამ პერიოდის მრავალრიცხოვანი, ნაწილობრივ – დღემდე დაუმთავრებელი, პროზაული ტექსტებიდან აღსანიშნავია, პირველ რიგში, ავანტიურული რომანის თანამედროვე ვარიანტი, რომლის მოქმედებაც ლისაბონში ვითარდება, მოკლე ტექსტების კრებული “ოთხმოცდაათი სიზმარი”, კრებული “გულმოდგინება და ინდუსტრია” და პაროდია “რობინზონ კრუზოზე”. ამავე პერიოდში დასრულებულია მუშაობა “დრაკულაზე”, ბოლო დროს “Diskus”-ში გამოქვეყნებულ რომანზე კაციჭამიას შესახებ, ძალზე სახალისო ზღაპრებზე და ა. შ.
    დღეს უკვე ხდება ადგილობრივი ლიტერატურული მოვლენების ქრესტომატულ ცნებებად დაყოფა: ლიტერატურა ვენაში და ჰ. კ. არტმანი. თუკი წარსულს გადავხედავთ, ნათელი ხდება, რომ საქმე უწყვეტ პროცესთან გვაქს, – ცხადია, თავდაპირველად, ირაციონალურთან, რომელიც მთლიანად პოეტის პიროვნებიდან გამომდინარეობს.

    (1966)

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • ინტერვიუ,  პორტრეტი

    საუბრები ლიტერატურაზე – ბესიკ ხარანაული

    თეონა დოლენჯაშვილი

    ბესიკ ხარანაულის ჯორზე ამხედრებული რაინდები და მომავლის მკითხველი

    – ბატონო ბესიკ, ცოტა ხნის წინ თქვენი სახელი ნობელის პრემიასთან ასოცირდა. და დიდი აჟიოტაჟიც ატყდა. ბევრი გახარებული მკითხველი ვნახე და ბევრი ისეთი სკეპტიკურად განწყობილიც, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ნობელი დიდი ხანია პოლიტიკურ პრემიად იქცა და ჩვენი ქვეყანა შვედეთის აკადემიის გეგმებში ჯერჯერობით არ შედის.
    – ამ აჟიოტაჟმა – როგორც თქვენ ბრძანებთ, და ბოლო დროინდელმა მოვლენებმა ბევრი რამ დამანახა. პირველი, ის, რომ ჩვენს ადამიანს სჭირდება ხალისი და ეძებს საამისო საბაბს, რომ როგორმე დაძლიოს ეს ხალისის დეფიციტი. და ეს უბიძგებს ადამინებს, ის წარმოიდგინონ, რაც არ არის. ხალხს უნდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პრემია, პირველ რიგში, მისიანმა მიიღოს. თავისი გამარჯვებული უნდა, რომ ჰყავდეს, თავისი გმირი უნდა რომ ჰყავდეს. მაგრამ ამავე დროს, ყველა ვერ წარმოუდგენია ამგვარ გმირად.
    – მაგრამ თქვენ წარმოგიდგინეს… ალბათ, მკითხველს სურს ენდოს საკუთარ წარმოსახვას, „სინამდვილე თვითონ დაემსგავსება“…
    – ალბათ. მაგრამ ამ ამბავმა კიდევ ერთი რამე შეამოწმა. ის, რომ წიგნი წარმოიდგინეს პრემიის ღირსად, აღიარეს. მოკლედ, ჩემს წიგნებზე უარი არ უთქვამთ, თქვეს, რომ წიგნს ეკუთვნის ეს განსაკუთრებული “რაღაც”…
    – საერთოდ, რა განწყობა გაქვთ პრემიების მიმართ? მართლაც ისეა, როგორც ერთგან ამბობთ, რომ “თუ თავს დაუდაფნავ, ტკივილს დაუკარგავ”?
    – დაფნა და გვირგვინები ხალხმა თავისი თავისთვის გამოიგონა და თავის თავს ადგამს. ისე კი, ყველა პრემია იმსახურებს იმას, რომ ერთი-ორი დღე ამ ტალღაზე იყო, გიხაროდეს, შეიძლება საკუთარ თავს სიყვარულითაც გაეთამაშო. პრემიაც ეგაა ალბათ, რომ გინდა, ცოტა ხნით შენს თავს გაექცე. ეგეც ერთგვარი გაქცევაა. ისე კი, არავინ არ არის საკუთარი თავის წინაშე ჯილდოს ღირსი.
    – საფრანგეთში ომარ თურმანაულმა და მარი ფრენინგმა თარგმნეს თქვენი “წიგნი ამბა ბესარიონისა” და დიდი წარმატებითაც. ისე კი, როგორ ხდება, მართლაც იკარგება თარგმანში პოეზია?
    – ალბათ, მართალია ის, რომ დიდი პროცენტი თარგმანში იკარგება, მაგრამ საბედნიეროდ, არის ისეთი მაგალითებიც, როდესაც ეს შეგრძნება არ გიჩნდება. მაგალითად, მაჩაბელს როდესაც კითხულობ, წერედიანს, ან გრიგოლ აბაშიძის მიერ ნათარგმნ შანდორ პეტეფს, არ გიჩნდება სურვილი შეამოწმო დედანი. ამიტომ უნდა თარგმნოს იმან, ვინც იცის და გრძნობს ენას და ტექსტს, ან უნდა გაიზარდოს მთარგმნელი ჯერ და მერე მოკიდოს ამ საქმეს ხელი. საერთოდ მგონია, რომ ყველანაირი ნიჭი ღმერთის ბოძებულია – რასაც ადამიანი ხარისხიანად და ღირსეულად ქმნის. ცუდ პოეტს და კარგ მთარგმნელს შორის დიდი განსხვავებაა. მე ასეთ დროს კარგ მთარგმნელს ვამჯობინებ და ასე ვფიქრობ: “მაჩაბლის შექსპირი, წერედიანის ვიიონი, ანდა წერედიანის სვანური პოეზია…”
    – ეს პრობლემა ალბათ სულ იდგა. და სამწუხაროდ, ჩვენმა პოეზიამ და ლიტერატურამ დღემდე ვერ მოახერხა საზღვრებს გარეთ გასვლა, სერიოზული გარღვევა .
    – ადრე საერთოდ ძალიან მანკიერი მხარე ჰქონდა ბევრ რამეს. რუსეთზე ვიყავით დამოკიდებულები. ვთარგმნიდით ბწკარედებიდან. მთარგმნელის სახელი საერთოდ არ ჩანდა და ძალიან დაუფასებელი საქმედაც იყო მიჩნეული. მაგალითად, ერთი ფოტო მახსენდება. ამ ფოტოზე გალაკტიონი მიხალკოვთან ერთადაა. ღიმილით ლაპარაკობენ რაღაცას. გალაკტიონს რაღაცნაირი პირმოთმე სახე აქვს, ჩანს, რომ ან თარგმნა უნდა, ან პრემია და რუსი კოლეგის კეთილგანწყობას ცდილობს. გალაკტიონზე იმიტომ შეიძლება ასე ლაპარაკი, რომ ის გენიოსი იყო და ბევრი რამ სისულელე უნდებოდა, ბავშვივით, გულწრფელად.
    – იცნობდით გალაკტიონს?
    – კი, და ბევრ, ერთი შეხედვით, უხერხულ სიტუაციაშიც მინახავს. მაგრამ გალაკტიონი იყო და ისეთი სცენა, რამაც შეიძლება სხვა დაამციროს, მას, პირიქით, ამკობდა კიდეც. გალაკტიონი და სპარტაკ ბაღაშვილი მიყვარდა ძალიან და სადაც დავინახავდი, მიხაროდა. ვახტანგ ჭაბუკიანის პლასტიკის გენიას ვცემდი კიდევ თაყვანს… საერთოდ ბევრი, ბევრი ვინმე მიყვარდა…
    – გალაკტიონის შემდეგ თქვენ იყავით პირველი, რომელმაც ააყირავა ქართული პოეზია, შემოიტანა ვერლიბრი, და ამასთან ერთად დისიდენტური აზროვნებაც პოეზიაში. ეს იმ დროს რთული არ იყო?
    – მე არ მოვითხოვდი საბჭოთა გამომცემლისგან, რედაქტორისგან, რომ ჩემს გამო რისკზე წასულიყო, დავებეჭდე და ჩემს გამო დაეკარგა სამსახური. ვერლიბრი მერე დაერქვა, მაშინ ეძახდნენ თავისუფალ ლექსს. თვითონ ეს სიტყვათშეთანხმებაც კი მიუღებელი იყო. და ამიტომ არავისგან არაფერი არ უნდა მომეთხოვა, არც მოწონება, არც თავის დაკვრა. მაგალითად ასეთი პატარა ლექსი მაქვს:
    “ჭრელი ხბო,
    როგორც პატარა ნიში,
    მახსოვრობაში თუ დაღლილ ტვინში,
    განათდება და უცებ გაქრება”
    აბა, ასეთი “საქონლით” მაშინ ვაჭრობა შეიძლებოდა? უნდა ივაჭრო იმით, რაც იყიდება, კონიუქტურას უნდა დაემორჩილო, ამიტომ არ ვიყავი პრეტენზიული და გარეგნულად არ გამოვხატავდი. და არც ჩემს ირგვლივ გამართულ კამათში მიმიღია მონაწილეობა.
    – მაგრამ თქვენი პოეზია მაინც იბეჭდებოდა…
    – მაინც იბეჭდებოდა. და თუ არ იბეჭდებოდა, რედაქციიდან რედაქციაში არ დავდიოდი. რომ იბეჭდებოდა გასაკვირიც არაფერია ალბათ… ტრადიციული ხალხი ვართ, ლიტერატურა ჩვენთვის ტრადიციაა. ყველა დრო ითხოვს ახალს, ახალს და ეს გზა ისეთი შეუქცევადია.. ეს თემა განსაკუთრებით ჩემმა “ხეიბარმა თოჯინამ” გაამძაფრა. რომელიც ძალიან მოეწონა არჩილ სულაკაურს და ოთარ ჭილაძეს. და რედაქტორს უთხრეს, მოგვწონსო. თქვენ თუ მოგწონთ ჩემი წაკითხვა რად უნდაო,… და ასე ნახევრად არალეგალურად გამოიცა ეს წიგნი, რომელსაც შემდეგ გურამ ასათიანის დიდებულმა წერილმა გაუთქვა სახელი და ყველაფერი მიამშვიდა…
    – რადგან „ყოველი წუთი კონსერვატორულია, მომავლისკენ იყავით მიპყრობილი”
    – მწერალი საერთოდ ხომ მომავლისაა. ჩვენ არ ვიცით მომვლის მკითხველი, მაგრამ ჩვენ ვაფასებთ მომავალს. მომავლისკენ ვიყურებით, რადგან წიგნი მომავალს ნიშნავს.
    – და საერთოდ ხედავთ მკითხველს? ჩემი აზრით, კარგი მკითხველი უფრო ცოტაა, ვიდრე კარგი მწერალი.
    – რა თქმა უნდა. ასეა. სხვათა შორის, ყველაზე კარგი კომპლიმენტი რომელიც მითხრეს, ის იყო, – “საიდან გაფიქრდება ეგეთი რაღაცეებიო?” ახალგაზრდა კაცი იყო, მაშინ მეც ახალგაზრდა ვიყავი, ტოლები ვიყავით. ვიცნობდი იმ კაცს და არც მეგონა, თუ მე წამიკითხავდა…
    – როგორ ფიქრობთ, დღეს ლიტერატურა მკვდარია? გავლენას რომ ვერ ახდენს ცხოვრებაზე, ეს ცხადია.
    – ეს მითი, რომ ლიტერატურამ გავლენა უნდა მოახდინოს ცხოვრებაზე, ალბათ განმანათლებლების ეპოქის პირმშოა. ერთხელ აქ სტეინბეკი იყო. საუბარი ლიტერატურის ცხოვრებაზე გავლენას შეეხო, თქვეს, როგორ უნდა მოახდინოს ლიტერატურამ ისეთი გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე, როგორც ვთქვათ, ზინგერის საკერავმა მანქანამ, ან ტოიოტამ? სტეინბეკმა მაშინ თქვა, რომ ჩვენთან “ბიძია თომას ქოხმა” მოახდინა დიდი გავლენაო. ესე იგი, სოციალურმა ლიტერატურამ.
    -თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰარიეტ ბიჩერ სტოუ ვთქვათ, ჯოისზე, ან თუნდაც, ტოლსტოიზე უკეთესი მწერალი იყო. მაშინ როდესაც მათ რომანებს ცხოვრებაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. და დღეს რა ხდება? ლიტერატურა დაშორებულიც ხომ არ არის ცხოვრებისგან, ადამიანისგან?
    – დღეს ტექნიკა ბატონობს ყველგან. ყველაფერში და მწერალსაც უბიძგებს პირველ რიგში ტექნოლოგიური იყოს, “თანამედროვე”. გული კი არ არის ტექნოლოგიური და არც თანამედროვე – გილგამეშისაა. ნახეთ, როგორი მოუწესრიგებელია ადამიანის გული თვითონ ადამიანში. ამიტომ თავის თავს ადამიანი ვერასდროს დაეწევა. უამრავი თავგადასავალი გადახდა ბევრს, მაგრამ თვითონ მაინც ცარიელია. იმიტომ, რომ პოეზია თავგადასავალი არ არის და არც ფაქტები და არც ეფექტები..
    – “შიგნით თუ არ არის ადამიანი, გარედან რას მიაშენებ…”
    ეს არის მწერლის იდეალი, მიაშენოს?.. საერთოდ, მწერლის იდეალი რა არის?

    – მწერლის იდეალი ის არის, რომ თქვას რაც აწუხებს და მორჩეს.
    – ეს იდეალური მდგომარეობაა? თუ მაინც მუდმივი უკმარისობის გრძნობა რჩება, რომ “აქამდე არაფერი არ იყო და ბოლოს და ბოლოს როდის უნდა დაიწყო წერა”
    – ეს არანორმალური მდგომარეობაა. წერა არანორმალურ მდგომარეობაში გაგდებს. ყველაფერი გაშორებს მას, ყველაფერი ხელს გიშლის. ახლა როდესაც ეს ბოლო წიგნი დავასრულე, ვთქვი, რომ უნდა დავისვენო. ანუ საკუთარ თავს დავუბრუნდე. მე ისეთი ფსიქიკა მაქვს… არ ვემადლიერები საკუთარ თავს, საკუთარ ნერვებს და შესაძლებლობებს. ყველა სიბრძნე კარგია, მაგრამ ვხედავ, რომ მე არ მეხება, მე არ მეკუთვნის.
    – თქვენ როგორ წერთ?
    – 24 საათი ვწერ. თუ კალამს არ ვაწრიპინებ, ვიმახსოვრებ. ეს მუდმივად ხდება. იკითხავენ, რომელი დროა კარგი? დილაც კარგია საწერად, შუადღეც და ღამეც… მოდი და გამეცი პასუხი… მე გეტყვით: დღის სხვადასხვა მონაკვეთში აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანი ვწერ.
    – ფიქრი და ცხოვრება ერთად ხერხდება? თუ ეს “ისეთივე უადგილო შეთანხმებაა, როგორც ცალ-ცალი ფეხსაცმელი?”
    – ადამიანი იმიტომაა ასეთი მხეცი, რომ ყველაფერი შეუძლია
    – ცალ-ცალი ფეხსაცმლითაც სარული?
    – რა თქმა უნდა. უხდება კიდევაც.
    – ასეთი მოსაზრებაც არსებობს, რომ მხოლოდ მარტოკაცები აღწევენ მწვერვალებს. მწერლისთვის უმთავრესი შემოქმედება უნდა იყოს და მაშინ გამოუვა რამე…
    – იცით რა არის? ყველაზე დიდი რამ ამქვეყნად არის ადამიანი. ყველაზე ძნელი არის ადამიანი. ყველაზე შეუძლებელი – სიყვარული. საერთოდ. ეს შეუძლებელი გრძნობებია. ათი მცნება შეუძლებელია, უფრო სწორად, ჯერ-ჯერობით დაუძლეველია.
    – სრულებით გეთანხმებით. და შემოქმედებასაც ადამიანის გარეშე რა აზრი აქვს. ისე კი ყველაფერს თავისი ფასი აქვს, მაგრამ რა საშინელია ზოგჯერ ეს ფასი…
    – იმიტომ, რომ ყველაფერს გამოსყიდვა უნდა, განსაკუთრებით სიხარულს. ძველ დროში მსხვერპლთშეწირვას თავისი სიბრძნე გააჩნდა. მაშინ თავის მიზეზები ჰქონდათ. იცოდნენ, რას და რატომაც წირავდნენ მსხვერპლს. რის სათხოვნელადაც მიდიხარ, იმის წონა ფასი უნდა გადაიხადო. ისე, ალბათ არ მოგეცემა.
    – შემოქმედებას რა ფასი აქვს? თავისი ტვირთი და სიმძიმე?..
    – ძალიან კარგია იყო ხალისიანი, ხალისიანი ნაწარმოებები შექმნა. ასეთი მეტაფორა არსებობს, რომ ოსვენციმის შემდეგ პოეზია და ლექსის წერა აღარ შეიძლებაო. მაგალითად, ვაჟა ფშაველას დროს ძალიან მოდაში იყო ნიცშე და ვაჟაც ძალიან განათლებული იყო, ნიცშეც ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ არსად არ აქვს ნიცშეანური რამეები, რატომ? იმიტომ რომ რამდენ ჯურღმულშიც არ უნდა იყოს ადამიანი ნამყოფი, ყველას თავისი სათქმელი აქვს, ყველაფერი მაინც მიწაზე ხდება ბოლოს. ასე უცნაურად მიწიერია ადამიანი, მაგრამ ამავე დროს, მიწა არ აკმაყოფილებს მას. “ალუდა ქეთელაური” რომ გავიხსენოთ როგორია მიწა მასთან. ხორკლიანი, მშრალი… ალუდა ვაჟამ ნამდვილ ამბავზე დაწერა და ძმამ, ბაჩანამ მაინც “გაარკვია” მკითხველი – ეგ ამბავი რალურიაო… ის კი ვერავის ამოგლიჯეს პირიდან, რომ ისეთი ფინალი, როგორც ქეთელაურს აქვს საერთოდ არ არსებობს და მხოლოდ მხატვრულობა და არა ფაქტი ანიჭებს მას უკვდავებას.
    – ფიქრობთ, რომ ყველა „მართალი სიტყვა მართლაც წარსულში ითქვა” თუ სათქმელი კიდევ ბევრია? თაობათა შორის მუდმივი წინააღმდეგობაც ამაზე ხომ არ არის აგებული.
    – ახლა ვკითხულობ მე-16 -მე-17 საუკუნის პოეტებს. სულ იქ ვარ, და რა საოცარია, რა თქმა უნდა, აღიარებენ რუსთაველს, მის ტყვეობაში არიან, ისევე წერენ, როგორც რუსთაველი, ბაძავენ, მაგრამ იცით, რა ბრალდებას უყენებენ? ამდენი რამ ხდებოდა საქართველოში და რას იგონებდი რაღაც ზღაპრებსო. მოკლედ, ესენი უკვე სხვანაირად უყურებენ ცხოვრებას, ლიტერატურას, სულ სხვა ტიპები არიან. ასევე რომ დასვათ გავრცელებული კითხვა, რას ფიქრობთ ახალგაზრდა მწერლებზეო, პასუხს ვერ მიიღებთ. ეს საერთოდ ისეთი კითხვაა… აი მაგალითად, ერთად იდგნენ აკაკი და გრიშაშვილი, მაგრამ ვიცით ჩვენ რას ფიქრობდა აკაკი გრიშაშვილზე? კაცმა არ იცის, რადგან გრიშაშვილმა წაართვა აკაკის ყველა მსმენელი და მკითხველი. მაგრამ მერე გრიშაშვილსაც გამოუჩნდენ შემცვლელები… და ასე შემდეგ…
    – და მაინც რაღაც ახალი ტენდენციები არსებობს, არა? ახალ დროს თავისი მოაქვს. და რა არის ეს „მეტი ავანტიურა, ვიდრე გულწრფელობა?”
    – თუ ლიტერატურას დავარქმევთ საამქროს, სადაც ახალი ტექნოლოგიები ინერგება, მაშინ ყველაფერი გასაგებია. მაგრამ რა უნდა ქნას ამ დროს უბრალო მიწისმზომელმა? ცოდვაში ჩაგვაგდებს ეგეთი საუბარი…
    – სკაბრეზზე რას იტყვით. ეს დღეს პოპულარული თემაა. ის თქვენთანაც გვხვდება, მაგრამ ძალიან ორგანულად ტექსტში ჩაქსოვილი. თავის დროზე ყველაფერი ისე ბუნებრივად და ლაღად ითქვა ხალხურ პოეზიაშიც.
    – რაც შეეხება სკაბრეზს, ამისათვის დიდი მხატვრული ნიჭია საჭირო. ადამიანი რომ ჩაერევა, ბევრი რამე უხამსდება.
    – ბოლო რომანზე „60 ჯორზე ამხედრებული რაინდი“ ვისაუბროთ, წერთ, რომ ეს არის “წიგნი ჰიპერბოლების და მეტაფორების.”
    – ამ ბოლო წიგნის გამო გავმეცნიერდი კიდეც. იმდენი რამ წავიკითხე, თანაც როგორც ჩანს, პედანტიც გავხდი… ერთი თუ “გამეცნიერდი”. იგებ, რომ ცხენს რომ ნალს აჭედებენ იმას ლურსმანი კი არა, ყაირი ჰქვია , მოკლედ, სინდისი სანამდეც გაგიშვებს, იქამდე იქნები ზუსტი. ისე კი, მე ჯერ არ მინახავს ადამიანი რომელმაც ეს წიგნი წაიკითხა. ამითაა დღევანდელი ქართველი მწერალიც ბედნიერი, რომ, რაც გინდა დაწეროს საიდუმლოდ დარჩება.
    – რატომ?
    – იცით, როგორაა? დაუშვათ, დაბარე და გაიხედე შენი დაბარულისკენ. ამ დროს შეიძლება თავი შეიქო, ან რამე შენიშვნა თქვა. ეს ბუნებრივია. და მე ვთქვი ჩემს ბოლო წიგნზე, “დასაწერად ხომ ძალიან ძნელი იყო, მაგრამ მკითხველიც ძალიან მამაცი უნდა იყო, რომ ეს წაიკითხოს- თქო” ეს არის ჩემი შეფასება. მეტი არაფერი მითქვამს. მაგრამ, ამავე დროს, დაბარულისკენ რომ ვიხედები, ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ამ წიგნით კარგად გავიგე ჩემი ხალხი, კარგად დავინახე მისი “წიგნი”. და ამ მომენტის გამო ვარ კმაყოფილი.

    © “Weekend”

  • ესე,  პორტრეტი

    წინასიტყვაობა ჰანს მაგნუს ენცენსბერგისადმი მიძღვნილ თემატურ ნომერში

    ჰანს მაგნუს ენცენსბერგერს, XX საუკუნის გერმანული პოეზიის ოქროს წლების (50-იანი წლებიდან მოყოლებული, ვიდრე 70-იანი წლების ბოლომდე) ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცნობილ წარმომადგენელს, 80 წელი შეუსრულდა. მისი შემოქმედება მოიცავს არა მხოლოდ ლირიკას, რომლის გავლენა გერმანულენოვან პოეზიაზე თავისი მასშტაბით შეიძლება ამერიკულ პოეზიაზე ალენ გინზბერგის გავლენას შევადაროთ, არამედ – უმდიდრეს ესეისტიკას, თარგმანს, საგამომცემლო საქმიანობას, აკადემიურ სამეცნიერო კვლევას, რადიოპიესებს, სოციალური კრიტიკის ხელოვნებას.
    იყო დრო, როცა ენცენსბერგერის პოეტური სიტყვა და თეორიული დაკვირვებები, მისი სოციალურად ანგაჟირებული ცხოვრება და პრაქტიკული გადაწყვეტილებები გერმანული კულტურის განვითარების არსებით მომენტებს განსაზღვრავდა. მიჩნეულია, რომ ბრეხტის მერე ენცენსბერგერის რანგის პოლიტიკური პოეტი გერმანიას არ ჰყოლია. ეს სახელი მას პირველმავე პოეტურმა კრებულმა – „მგლების დაცვა კრავებისგან“ – მოუპოვა. უნიკალური აღმოჩნდა მის მიერ 1960 წელს გამოცემული „მოდერნული პოეზიის მუზეუმი“. თექვსმეტი ენიდან თარგმნილი ასამდე ავტორიდან, რომელიც ამ ანთოლოგიამ გააერთიანა (ლექსების დიდი ნაწილი თვით ენცენსბერგერის მიერ იყო თარგმნილი), უმრავლესობა მხოლოდ ამ წიგნის გამოცემის მერე იქნა აღიარებული, როგორც მოდერნული პოეზიის კანონიკური წარმომადგენელი, მანამდე კი უცნობი იყო ან ჩრდილში რჩებოდა.
    ენცენსბერგერმა დააარსა და 1965-1975 წლებში გამოსცემდა ჟურნალს სახელწოდებით „Kursbuch“ (სიტყვა აღნიშნავს წიგნად შეკრულ სარკინიგზო მოძრაობის განრიგს), რომელიც გერმანიაში მემარცხენე ლიტერატურის და თეორიული აზრის ეპიცენტრი იყო და უდიდეს გავლენას ახდენდა ლიტერატურულ და თეორიულ აზრზე და სოციალურ კრიტიკაზე. დებატები, რომლებიც ამ ჟურნალის ფურცლებზე ფიქსირდებოდა, აყალიბებდა ლიტერატურისგან, ხელოვნებისგან შორსმყოფი ადამიანების პოლიტიკურ კულტურას. ენცენსბერგერის (და მისი ამ ჟურნალის) სახელი 60-იანი წლების გერმანიაში სტუდენტური მოძრაობის და რადიკალური სოციალური პრაქტიკების ყველა ეტაპზე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა.
    1967 წელს ენცენსბერგერი იყო ბერლინში არასაპარლამენტო ოპოზიციური მოძრაობის, „რესპუბლიკური კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და თეორეტიკოსი. მთელი გერმანიის ტერიტორიაზე ამ კლუბის უამრავი ანალოგის შექმნამ დააჩქარა სოციალური აქციები (თეორიული დისკუსიები, დემონსტრაციები, სახელოვნებო პროტესტების პერმანენტული სერიები), რომლებიც ერთგვარი საორიენტაციო პლატფორმები იყო სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი მოქალაქეებისთვის. სტუდენტური მოძრაობის ბაზაზე აღმოცენებული გაერთიანების „კომუნა I“ წევრები თავიდან სწორედ ენცენსბერგერის ბერლინურ ბინაში ცხოვრობდნენ, თუმცა, თვით ენცენსბერგერი თავიდანვე გაემიჯნა საკომუნო პრაქტიკებს.
    ენცენსბერგერი გერმანიაში მედიის თეორიის ერთ-ერთი მამამთავარიც არის. მის სახელს უკავშირდება გერმანული პრესის მემარჯვენე ენის პირველი კრიტიკული წაკითხვა და ამასთან დაკავშირებული მრავალწლიანი დებატები, რაც საბოლოო ჯამში მისი გამარჯვებით და მედიის სემიოტიკის გაღრმავებით, აკადემიურ საუნივერსიტეტო კურსებს შორის მისი უჩვეულო პოპულარობით დაგვირგვინდა. ვიზუალური და აკუსტიკური მედიის დარგში ენცენსბერგერის ესსეებში ნაცადია ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენლებისა და ბრეხტის რადიოს თეორიის ურთიერთდაკავშირება.
    მსგავსად ნებისმიერი დიდი ინტელექტუალისა, არც ენცენსბერგერის ნააზრევი და ცხოვრებაა მოკლებული წინააღმდეგობებს. მათ შორის ყველაზე მწვავე რეაქცია გერმანელ ინტელექტუალებსა და მისი შემოქმედების დამფასებელ მილიონობით ადამიანში ენცენსბერგერის მიერ ერაყში ამერიკის ჯარების შეჭრის გამართლებამ გამოიწვია. ჰუსეინის დაპატიმრების საბაბით ერაყზე თავდასხმა, რაც გერმანელი ინტელექტუალების მიერ ერაყის ნავთობის მიტაცებისთვის ბრძოლად შეფასდა, ენცენსბერგერმა ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებად მიიჩნია, რამაც მის ავტორიტეტს მთელ ევროპაში სერიოზული დარტყმა მიაყენა.

    დათო ბარბაქაძე

    წინამდებარე პრეზენტაციისთვის ავტორის ესსეები თარგმნილია გამოცემიდან: Hans Magnus Enzensberger. Nomaden im Regal. Frankfurt am Main: Suhrkamp 2003.
    ლექსები თარგმნილია გამოცემიდან: Hans Magnus Enzensberger: Gedichte 1955–1970. Frankfurt am Main: Suhrkamp 1971.
    ენცენსბერგერის აქ წარმოდგენილი შედევრი „ფრანკონული ალუბლის ბაღი იანვრის თვეში“, რომელიც უხუცესი ქართველი მთარგმნელის, ბესიკ ადეიშვილის მიერ თითქმის 30 წლის წინ არის თარგმნილი.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“