• პროზა

    თეა თოფურია – თიხა

    თეა თოფურია

    თიხა


    თ ი ხ ა
    თიხა
    სულ პირველი, რაც ახსოვს ეს არის. მაგიდასთან ზის, მზის შუქი პირდაპირ წიგნს ადგას. გარეთ თბილა, შიგნითაც თბილა. დედას დატანჯული სახე აქვს. ოთხი ასო ერთმანეთს ვერაფრით ეკვრება, თ… ხ… თა… თითი გააყოლე, ეუბნება დედა ჩუმად, რატომ არ აყოლებ თითს. ხელს წიგნზე დებს, გამხდარი, საშინლად გამხდარი ხელი აქვს. ეშინია თავისი ხელების, ისევ შარვალში მალავს.
    – სად მიგაქვს, თ-ზე დადე, წაიკითხე, მერე! – დედა თვალებში უყურებს, – თ, ი…?
    ხელს ჯიბიდან იღებს, ისევ წიგნზე აბრუნებს, ახლა თვალებს ხუჭავს. იმეორებს.
    – თ, ი…
    – გაახილე თვალები, ხ?
    თვალებს ისე ბნიდავს, რომ გამოსახულება აიმღვრეს. გამხმარი ხელი ფორმას კარგავს. ხ, ა…
    – თი…
    – თიხა.
    ეს პირველია, რაც ახსოვს. გარეთ მზიანი, იშვიათად ნათელი დღეა, თერთმეტი წლისაა ამ დღეს.

    ***
    მათი ეზო დასახლებას ამთავრებდა. მერე იწყებოდა დიდი მთა, იმის იქით მდინარე, კიდევ მთა, ტყეები.
    ზაქეზე ორსულობისას სესილის ექიმებმა ბევრი მოძრაობა აუკრძალეს. მთელი ცხრა თვე სახლის უკანა აივანზე იჯდა საქსოვით, ზედ დაუხედავად ქსოვდა და თან პირდაპირ აყუდებულ მთას იყო მიშტერებული. ეს მთა მეოთხე მხრიდან ესაზღვრებოდა მის სახლს, შუაში ღობე არ ჰქონდათ და სესილი ხანდახან ვერც არჩევდა, სად მთავრდებოდა მისი ბოსტანი და სად იწყებოდა ტყე.
    ზაქე ძალიან დიდი ბავშვი დაიბადა. დედამისს ძუძუს მოსაწოვებლად რომ მოუყვანეს, ქალმა იუარა, ამას ახალშობილის არაფერი სცხია, ჩემი მომეცითო. ძლივს დაარწმუნეს, რომ შვილი ეჭირა ხელში. სახელი მოფიქრებული ჰქონდათ რაღაც, მაგრამ სანამ იტყოდნენ, მანამ დაარქვეს ექიმებმა – ზაქე, ზაქივით ბიჭიაო. შერჩა კიდეც სამუდამოდ.
    ზაქე ისეთი ძალის პატრონი იყო, ოჯახში მძიმეს აწევა რომ სჭირდებოდათ, დასახმარებლად ეძახდნენ. ნიჭიერიც გამოდგა, ოთხი წლიდან თამაშობდა ჭადრაკს და ყველა საბავშვო, ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეჯიბრიდან გამარჯვებული გამოდიოდა.
    ჭადრაკი მამამ მაშინ ასწავლა, როდესაც სესილიმ მეორე ბიჭი გააჩინა. ზაქე სამეზობლოში ყველა ბავშვს, ხშირად თავისზე უფროსებს, ჯაბნიდა და აწიოკებდა. ხან ერთის მშობელი მოადგებოდათ ზაქესიანებს საყვედურით, ხან – მეორის. ვერც სესილი და ვერც მისი ქმარი შვილს ვერაფრით აჩერებდნენ, ბავშვს თავისი ძალა კარგად ჰქონდა ნაგრძნობი. მალევე მიხვდნენ მშობლები, რომ ზაქესთვის რამე უნდა მოეხერხებინათ, რადგან ის უკვე საბავშვო ეტლს ექაჩებოდა, ჩვილი რომ ძირს გადმოეგდო. ზაქეს ყურადღების სხვა საგანზე გადასატანად მამამ ჭადრაკი გადმოუღო და ასწავლა, დაფაზე რა რის შემდეგ უნდა დაელაგებინა. ის ვერც კი წარმოიდგენდა, ზაქე ასე ადვილად თუ გაართმევდა თავს ამ დავალებას. მაგრამ ბავშვმა ორივე მხარის ფიგურები დააწყო და მოითხოვა, მეთამაშეთო.
    ჭადრაკმა შედეგი გამოიღო. ხუთი წლის ზაქეს უკვე თავისი მწვრთნელი ჰყავდა. შვიდისამ შეჯიბრიდან შეჯიბრზე დაიწყო სიარული. უკვე ყველამ წინასწარ იცოდა, რომ ეს ბავშვი მომავალში ოლიმპიური ჩემპიონი გახდებოდა და მის მშობლებთან აქედანვე ცდილობდნენ დაახლოებას. მაგრამ ჭადრაკით გატაცებამ ზაქეს ზომა-წონას ბევრი ვერაფერი დააკლო. ის ისევ ვირივით ამტანი და თუმცა ძალიან ნიჭიერი, მაგრამ მაინც ბავშვი იყო, ჭადრაკს და ჩხუბს გადაყოლილი ბავშვი.
    მეორეს, რაც ზაქეს გასაჩერებლად მოიფიქრეს, ჩაბრა ერქვა. ეს უზარმზარი, შავი ძაღლი პირაკრული და გათოკილი ჩამოუყვანა მამამისმა. ავიაო, ადრინდელმა პატრონმა უთხრა, მაგრამ გზაშივე მიხვდა კაცი, ჩაბრა ავი კი არა, შეშლილი უფრო იყო. დანამდვილებით არ იცოდა, გადადიოდნენ თუ არა ძაღლები ჭკუიდან, მაგრამ ფაქტია, თუ საერთოდ შეიძლება ძაღლს ნორმალური ფსიქიკა ჰქონდეს, ჩაბრას ამგვარი არაფერი გააჩნდა.
    თავიდან ორი ჯაჭვით ჰყავდათ დაბმული, ერთი ყელზე ეკეთა, მეორე – უკანა თათზე. ძაღლი არამარტო სტუმარზე და გამვლელზე, შინაურებზეც იწევდა ხოლმე. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ჩაბრა ყოველ ალიონზე გაშმაგებულ ყეფას ტეხდა და ისე იწევდა, ლამის ორივე ჯაჭვი გამოეგლიჯა. ერთი-ორჯერ შეშინებული წამოცვივდა ცოლ-ქმარი, ეგობათ, ალბათ ქურდი შემოვიდაო, მაგრამ არა. მერე შეამჩნიეს, ახლად ამოსულ მზეს უყეფდა ძაღლი, ამ ცხოველისთვის ისიც კი უცხო და სახიფათო იყო.
    გადარეული ჩაბრა პირველი ცოცხალი არსება გამოდგა, რომლის მიმართაც ზაქეს მორიდების გრძნობა გაუჩნდა. პირველად იგრძნო, რომ არსებობს რაღაც მისი მსგავსი და მასზე უფრო თავზეხელაღებულიც. ეს გრძნობა ზაქეს არ მოეწონა და ორი კვირა მარტო იმაზე ფიქრობდა, ცხოველისთვის რა მოეხერხებინა. საბოლოოდ ჯერ თავისი შარვალი და პერანგი ჩაუფინა ხუხულაში, იქნებ სუნს შეეჩვიოსო, ცოტა ხნის შემდეგ კი ჯერაც ჩაუცმელი ფეხსაცმელები შეუყარა. ჩაბრა ერთი კვირა ღრნიდა და ღეჭავდა ორივეს. კვირის შემდეგ ზაქემ დაძენძილი, ბეწვით გავსებული და ძაღლის სუნით აქოთებული ფეხსაცმელები ჩაბრას ისევ ააცალა და ახლა თვითონ ჩაიცვა ფეხზე.
    ამის შემდეგ ზაქესაც ჩაბრას მაგვარი სუნი ჰქონდა. ამან ცხოველი ძალიან დააბნია. ვეღარ გაეგო, შეეღრინა მის ცხვირწინ მოსიარულე ზაქესთვის თუ არა. ყოველ შემთხვევაში ძაღლმა ის სხვებისგან გამოარჩია და რაღაც დროის შემდეგ ბოლომდე გაუშინაურდა. მართალია, ნაგაზი სწორედ იმისთვის ჩამოიყვანეს, იქნებ ბავშმა ძალა იგრძნოს და რაღაცის მაინც შეეშინდესო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩაბრამაც ვერ გაამართლა. ზაქეს ცხოვრება ახლა უბრალოდ სამად გაიყო: ჭადრაკი, ჩაბრა და ჩხუბი.

    ***
    იმ დღეს სესილი კარტოფილიან პურებს აცხობდა გაზქურაზე. ბავშვები გარეთ თამაშობდნენ ეზოში. სესილიმ ტაფას დახედა, გადატრიალება ხომ არ სჭირდებაო. მერე სანამ შეიწვებოდა, კედელს იყო მიშტერებული. რაღაც ხაზი აჩნდა შპალერს. დიდი შავი ბუზი ზანტად მიღოღავდა ამ ხაზისკენ. სესილიმ გადაწყვიტა, ეყურებინა, როგორ გადაკვეთდა ბუზი ხაზს. ბუზი ნელ-ნელა მიდიოდა და საბოლოოდ გადასცდა კიდეც.
    შემდეგ სესილის მთელი ცხოვრება ორად გაიყო, ხაზის გადაკვეთამდე და ხაზის გადაკვეთის შემდეგ. ის იყო ბუზი მეორე მხარეს გადავიდა, რომ გარეთ კივილი ატეხეს: სესილიიიი…
    სესილიმ ხელში შერჩენილი დანა ადუღებულ ზეთში ჩააგდო და გამოიქცა. მისი უმცროსი ბიჭი თავგადახსნილი იწვა ვარდისფერ სისხლში. ზაქე იქვე იყო და ისეთი სახე ჰქონდა, ვერ მიხვდებოდი, რა დაემართა. ყოველი მხრიდან მეზობლები გამორბოდნენ. ზღურბლზე გაშეშებულმა ქალმა მექანიკურად აღიქვა, როგორ დაესია ხალხის ერთი ნაწილი მკვდარ ბავშვს, მეორე კი – ცოცხალს და როგორ შევარდა ზაქე ტყეში.

    ***
    დასახლება სოფლის ტიპის არ იყო და შეშის ჭრით და სოკოს კრეფით თავს მაინცდამაინც არავინ იწუხებდა. ამიტომაც პირველი აგონიის შემდეგ ოჯახის ახლობელმა რომ თქვა, ამას აღარაფერი ეშველება და ახლა ზაქე მაინც მოვძებნოთო, სულ ორიოდე კაცი აღმოჩნდა, ვისაც ტყე ასე თუ ისე ჰქონდა შესწავლილი.
    თავდაპირველად ზაქეს მოსაძებნად სამნი წავიდნენ. დანარჩენებს მათკენ არც გაუხედავთ. ზაქე ახლა მკვლელი იყო და მის სახლში მოყვანაზე არავინ შეწუხდებოდა. ის სამი გვიან საღამოს დაბრუნდა ხელცარიელი. ახლა სხვები შევიდნენ ტყეში, მერე კიდევ სხვები. მესამე დღეს უკვე მთელი დასახლება ზაქეს საძებნად იყო გამოსული. ვერსად რომ ვერ მიაგნეს, გადაწყვიტეს, რომ მდინარეში ჩახტა ან ჩავარდა და გვამიც ზღვაში ჩაიტანა წყალმა. საბოლოოდ, მეშვიდე დღეს დააბენეს ძებნას თავი. ყველა თავის სახლში შევიდა და შეიკეტა.

    ***
    სამი დღის დამარხული იყო ზაქეს უმცროსი ძმა, შუაღამისას ტურები რომ აკივლდნენ ტყეში. ზაქეს მამა მეორე სართულის აივანზე იჯდა, ზუსტად იქ, სადაც მისმა ცოლმა ცხრა თვე გაატარა და ისიც წინ ჩამოხვავებულ მთას შესცქეროდა. მთის კონტურები ოდნავ ჩანდა ღამეში. ტურა რომ აკივლდა, კაცი ძალიან დაფრთხა. სხვა დროსაც კიოდნენ ხოლმე, მაგრამ ტურის კივილი ბავშვის ტირილის ხმას ჰგავს და ეს ორი ხმა ერთმანეთში ხშირად გამოცდილ მონადირესაც ერევა.
    – სესილი!
    – ჰო? – გამოეპასუხა ქალი ოთახიდან.
    – უსმინე! ზაქეს ხმა არაა?!
    – დაიძინე. ტურაა ხომ იცი.
    – ზაქე რომ იყოს?
    – მოკვდა ზაქე.
    – ვაი და, ვერ მოძებნეს კარგად.
    – დაწექი, გეხვეწები.
    – ზაქე რომ იყოს?!
    კაცმა ჯერ დააპირა დაწოლა, მერე ისევ აივანზე გამოვიდა. ჩუმად აიღო ფარანი, თოფი და თხუთმეტი წუთის შემდეგ სესილის უკვე ტყიდან მოესმა – ზაქეეე, ზაქეეე…
    მომდევნო ღამესაც იგივე განმეორდა, იმის მომდევნო ღამესაც. ტურის აკივლებისთანავე კაცი ეგრევე მთას აუყვებოდა ხმის კვალდაკვალ. საშუალება რომ ყოფილიყო, ძაღლსაც წამოიყვანდა, მაგრამ ჩაბრა უკვე კარგა ხანია მის მეგობარ გოგიტას ჰყავდა წაყვანილი სოფელში (ნაგაზის მოშორება აუცილებელი გახდა, რადგან მისი შიშით ხალხი სამძიმარზე ვერ შემოდიოდა). ამიტომ ახლა მხოლოდ ჩანთას აიკიდებდა ხოლმე. ჩანთაში ზაქეს სათამაშოები და ჭადრაკის ფიგურები ედო. ერთ ხელში ფარანი, მეორეში – ქაღალდის პარკი ეჭირა ახლადგამომცხვარი კვერებით. ზაქე მსუნაგი ბავშვი იყო და მამამისს იმედი ჰქონდა, იქნებ საჭმლის სუნზე მაინც გამოვიდესო.
    სესილი არაფერს ეუბნებოდა ქმარს. მისთვის ცხოვრება მაშინ დამთავრდა, როდესაც ბუზმა კედელზე ხაზი გადაკვეთა. უხმოდ აცხობდა კვერებს და პარკში ყრიდა. შემდეგ სკამზე იჯდა გაუნძრევლად, სანამ ქმარი, გამთენიისას უკან მოსული, არ დაუძახებდა ხოლმე: სესილიი, არ დაწოლილხარ ჯერ?
    – სესილიი! – ეს მეთხუთმეტე დილა იყო ზაქეს დაკარგვიდან. ქმრის ხმა ზღურბლთან ისმოდა.
    – სესილი, მომეხმარე!
    “ნადირმა დაგლიჯა”, გაუელვა მექანიკურად და კარი გამოაღო. კაცს რაღაც ეჭირა ხელში. ის რაღაც ოთახში შემოიტანა და სამზარეულოს მაგიდაზე დააწვინა. სესილის არასდროს ენახა ასეთი გამხდარი ბავშვი.
    – ვისია, საიდან მოიყვანე? – ჰკითხა ქმარს გაოგნებულმა.
    – ზაქეა, რა მოგივიდა?! შემთხვევით წამოვკარი ფეხი. ცოცხალია. – სხაპასხუპით მიაყარა კაცმა.
    სესილიმ მაგიდას შემოუარა. თუმცა ნათურა ჩახჩახებდა, მაინც ასანთს დაწვდა და სახესთან აუნთო. ერთიანად გალურჯებული, შიმშილისგან ცვილივით გამლღვალი ბავშვი ძლივს ფეთქავდა. ყურადღებით ჩააშტერდა და მერე ისე როგორც სამშობიაროში, თქვა: “ეს ჩემი არ არის”.

    ***
    ზაქე ერთი თვე იწვა ხმისამოუღებლად. არაფერი ახსოვდა, საკუთარი თავიც კი. თავისი სხეულის ერთადერთი ნაწილი, რომელსაც ხედავდა, საბნიდან ამოყოფილ ხელები იყო და ამ გამხდარი ხელებისაც ზაქეს ძალიან ეშინოდა. საავადმყოფოდან გამოწერისას მშობლებს იმედი მისცეს, რომ ერთ წელიწადში მეხსიერებას სრულად აღიდგენდა. მაგრამ ასე არ მოხდა. ზაქეს ბევრი არაფერი გაუხსენებია, მან უბრალოდ თავიდან დაიწყო ცხოვრება. ხელახლა, ისე როგორც პირველკლასელს, ასწავლეს ანბანი, ლაპარაკი, სიტყვების სწორად წარმოთქმა, ველოსიპედის ტარება… თავიდან წაიკითხა უკვე წაკითხული წიგნები, თავიდან გაიცნო ნათესავები…
    სესილი ყველანაირად ცდილობდა, ზაქეში ძველი, მოჩხუბარი და ნიჭიერი ბავშვი აღედგინა. ესწავლებინა ის, რაც ადრე იცოდა, გაეხსენებინა, რაც ადრე უყვარდა ან ეჯავრებოდა. მთელი ერთი თვე ემზადა და მერე ძმაც უხსენა. რატომღაც ეგონა, რომ ზაქე ისევ ტყეს შეაფარებდა თავს, მაგრამ არანაირი რეაქცია არ გამოუხატავს. მას ძმა ისევე ბუნდოვნად ახსოვდა, როგორც ყველა დანარჩენი.
    ზაქე უკვე თორმეტი წლის იყო, როცა სესილი ოთახში შევიდა, სადილზე დასაძახებლად. მაგიდასთან მჯარი სუსტი, ფერმკრთალი ბავშვი ჭადრაკის ფიგურებს დასცქეროდა. აშკარად ვერ ხვდებოდა, რომელი სად უნდა დაესვა. სესილიმ თვალნათლივ დაინახა, როგორ მიცოცავს ბუზი ხაზის გადასაკვეთად და უკან გამობრუნებულმა ქმარს უთხრა.
    – მეორე შვილიც მომიკლა, ამ არაადამიანმა!

    ***
    ამასობაში კი ხალხი თავის ფარას მწყემსავდა. ზაქეს დაკარგვის შემდეგ დასახლებაში ყველას უძილობა შეეყარა. მთელი ღამეები ერთმანეთის სახლებში დადიოდნენ და იმას არკვევდნენ, ბავშვის სიკვდილში ვინ იყო დამნაშავე. დიდხანს იკვლიეს და დამნაშავეების რიგი საბოლოოდ ასე დალაგდა:
    “თავიდანვე მკვლელი იყო ეს ზაქე”,
    “ბავშვი, რა?! მამამისმა ვერ გაზარდა”,
    “სესილი სად იყურებოდა?!”
    “იმ საცოდავმაც ვერ იყვირა, მკლავენო?!”
    “მწვრთნელს მაინც დაეძახა ზაქესთვის სამეცადინოდ”,
    “ტარიელა სულ მაგ გზაზე დადის, რაღა იმ დღეს დაიკარგა?!”
    “ცხრა თვე მთას რომ უყურა, იმიტომ გაჩნდა ეგ ბავშვი ასეთი დიდი”,
    “რაღა იმ დღეს მოუნდა კახის ტარიელასთან ნარდის თამაში?!”…
    საბოლოოდ, მკვლელების სია იმხელა გახდა, რომ მასში დასახლების ყველა მცხოვრები კი არა, ლამის ქვა და ღორღიც მოექცა. სიაში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზაქეს შემდეგ მეორე ადგილს ერთი ყოფილი მსახიობი იკავებდა. ამ კაცს ოდესღაც ფადიშაჰის როლი ეთამაშა და კოსტიუმი დღემდე სახლში ჰქონდა შენახული. იმ წელს, როდესაც ზაქეს ამბავი მოხდა, მთელს დასახლებაში ის იყო მეკვლე. თოვლის ბაბუა სჭირდებოდათ ბავშვებისთვის და ამიტომ ყოფილ მსახიობს მიაკითხეს. მანაც თავისი გრძელი ხალათი ჩაიცვა, გადმობრუნებულ ჩალმაში კანფეტები ჩაიყარა და ხალხს ჩამოუარა. მაშინ კი არაფერი, მაგრამ ახლა ყველა იმას ამბობდა, მეკვლედ ყიზილბაში რომ შემოვიყვანეთ, აბა, რა გვეგონაო.
    კიდევ ერთი, ვისაც ზაქეს შემდეგ და ხანდახან მასზე ადრეც ახსენებდნენ, მისი აწ გარდაცვლილი ბებია იყო. ხალხის აზრით, ზაქეს მკვლელის გენი სწორედ მისგან ჰქონდა სისხლში.
    ეს ქალი სულ ახალგაზრდა გამოთხოვდა დასახლებაში. ერთი ზაქეს მამა გააჩინა და შემდეგ სანამ ასაკი მოუწევდა, ლამის ყოველ წელს იშორებდა ბავშვებს. რამდენი აბორტი ჰქონდა გაკეთებული არც თვითონ ახსოვდა და არც მის გინეკოლოგს. სიკვდილამდე ორი წლით ადრე, ზეზეულად დაეწყო აგონია. სესილის მიუახლოვდა და ჩურჩულით ჰკითხა:
    – სკოლაში რატომ გადავედით?
    – სად სკოლაში? – დაიბნა სესილი.
    – სკოლაში?
    – სახლში ვართ, დედა, რა მოგივიდა?!
    – აბა, ეს ამდენი ბავშვი როა?
    ვერაფერი შეასმინეს დედაბერს. დილით გაღვიძებული კუთხეში მიიყუჟებოდა და ხმას არ იღებდა, გაკვეთილია, ხელი არავის შევუშალოო. საჭმელსაც მხოლოდ “ზარის დარეკვის” შემდეგ ჭამდა. საღამოობით სესილის მიუჯდებოდა მაგიდასთან, დაიდგამდა ჯამით ხმელ ლობიოს, არჩევდა და თან “სკოლის” ამბებს ყვებოდა.
    – ძალიან ცელქი ბავშვია, ძალიან, ჯერ ერთხელ დავალება არ დაუწერია.
    – რომელი? – ეკითხებოდა სესილი.
    – იმას კიდევ თავი ტკივა, გერმანული არ უყვარს.
    – რომელს?
    – აბა რა ვიცი, სახელები არც ერთს არ ჰქვიათ.
    დასახლებაში ამის გამო სკოლის დირექტორი შეარქვეს. კარგა ხანს იყო ასე, ყველგან ბავშვები ეჩვენებოდა, თან ისე გადამდებად, რომ ის ორი წელი სესილი ქმართან აღარ დაწოლილა, სირცხვილია, გვიყურებენო. მეტი როცა აღარ შეეძლო, მოჰკიდებდა ხოლმე კაცი ხელს და ტყეში მიჰყავდა. იქაც საგულდაგულოდ მიიხედ-მოიხედავდნენ და მერე იწყებდნენ ტანსაცმლის გახდას. ზაქეც ასე ჩაისახა, ოფლიან ტანზე მიწებებულ ხიწვებსა და ლაჯებში გაკვეხებულ ფოთლებს შორის. იმდენად მიეჩვივნენ ამ ველურ ალერსს, რომ როცა “სკოლოს დირექტორის” გარდაცვალების შემდეგ სესილიმ საწოლი გაშალა, კაცი ბავშვივით დაიბნა და საკუთარი თავის გასამხნევებლად ჯარისდროინდელი ამბების მოყოლა დაიწყო.

    ***
    მეორე ტალღა მაშინ აგორდა, როდესაც ზაქე იპოვეს. მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ბავშვი, რომელიც დამხვრჩვალი ეგონათ, თურმე ისევ ტყეში იყო. ახლა იმ ხალხის სიამ დაიწყო დაგრძელება, ზაქეს რომ ეძებდა და ვერ მიაგო, მერე იმათმა, ვინც ძებნაზე ხელი ჩაიქნია. ეს სია ძველზე დიდი და თან უფრო ნამდვილი გამოვიდა. ალბათ სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ ზაქეს საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, როდესაც ბავშვი ნახეს, ხმა გავარდა, ზაქე ზაქე არ არისო.
    “რა უგავს ზაქესი?!”
    “მაგას ზაქეს შარვალი ქორწილშიც დიდი ექნება”
    “ჭადრაკის ინჩი არ იცის და ბინჩი”,
    “უშვილებიათ ვიღაცა და არ უნდათ, გაამხილონ”,
    “მაგათ ამდენი ხალხი სულელები ვგონივართ”,
    “მთელი ტყე არ გადავაბრუნეთ, სად იყო თუ იყო”…
    ეჭვებს ისიც ამძაფრებდა, რომ ხალხმა ზაქეს პოვნის ამბავი პირველად სანიტარი ელიზბარისგან გაიგო. ეს ელიზბარი იმით იყო ცნობილი, რომ წაღმა არასოდეს არაფერს ამბობდა. იქით წავალო, აქეთ წავიდოდა, ამას ვიზამო, სულ არ იზამდა. შესაბამისად, სიას ესეც დაემატა: “ელიზბარმა თქვა, ზაქეაო, ესე იგი ზაქე არ არის”.
    – ხალხი ყაყანებს, ვიღაცა იშვილესო, – უთხრა ერთხელაც სესილიმ ქმარს.
    კაცმა არაფერი უპასუხა. ისევ მთას უყურებდა ორივე. ეს მთა მათი ცხოვრების უცვლელი პანორამა იყო. ერთი საგნის ყურებამ კი ფიქრების მოძალება იცის და ხანდახან გეჩვენება, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც არის, რომ მთაც მთა არაა, შენც შენ არ ხარ. ამგვარ ფიქრებს ცოლ-ქმარი ჯერ კიდევ მაშინ შეეჩვია, უჩინარი ბავშვებით გადატენილ სახლში გვერდიგვერდ რომ იწვნენ და ერთმანეთის მიკარებას ვერ ბედავდნენ. მართალია, ადამიანს საკმარისი გონება არა აქვს, მსგავსი რაღაცეების გასაგებად, მაგრამ აქვს ტკივილი, რომელიც ხანდახან ნისლივით დადის ძარღვებში და ისეთი გაუსაძლისია, რომ ხვდები, ეს ძარღვები, ეს წვრილი, ლურჯი კაპილარები, მარტო ღვიძლს და თირკმელს კი არ აერთებს ერთმანეთთან, არამედ რაღაც უხილავ და უზარმაზარ უფსკრულსაც. ამ უფსკრულს, ადამიანის ამ ორგანოს, სისხლი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, განსაკუთრებული ჭირის დროს პოულობს, რათა ის, რასაც ძარღვები ვერ დაიტევს, შიგ გადაუშვას.
    ზაქეს მამაც უფსკრულის მატარებელი იყო და ამიტომ, ხანდახან მყარი საგნებიც კი მისთვის ძალიან არარეალური ხდებოდა ხოლმე. რამდენჯერმე კაცმა მართლაც იფიქრა, ნეტავ მართლა სხვა ბავშვი ხომ არ ვიპოვე ტყეშიო. იცოდა, იგივე ეჭვი ჰქონდა სესილისაც. მაგრამ ეს ისეთი ეჭვია, თავს და ბოლოს რომ ვერ გაუგებ და სინამდვილეში ეჭვს კი არა, უფრო ახალი რელიგიის გამოგონებას ჰგავს.
    თავად ზაქე უკვე უმაღლესში სწავლობდა პირველად რომ გაიფიქრა, იქნებ მართლა ზაქე არა ვარო. იმის მერე სულ ცდილობდა, თავისი ბავშვობიდან რამე გაეხსენებინა, მაგრამ იმ მზიანი დღის იქით მაინც ვერ წავიდა, დედა რომ ანბანს ასწავლიდა ხელმეორედ. რაღაცეები კი ახსოვდა, მაგრამ ისე ბუნდოვნად, რომ ვერ გაიგებდი, მართლა ახსოვდა თუ სიზმარში ნახა. ხშირად წამოწვებოდა ხოლმე ჩაკეტილ, ჩამობნელებულ ოთახში და ცდილობდა, გაერკვია, შეეძლო თუ არა კაცის მოკვლა. თითქოს შეეძლო, თითქოს – არა, გააჩნია რას დაუშავებდა. არადა, არც ის იცოდა ვინმემ, რაზე იჩხუბეს იმ დღეს ძმებმა.
    მშობლები, ცხადი იყო, სიმართლეს არ ეტყოდნენ. ზაქემ გადაწყვიტა, ისევ სანიტარი ელიზბარისთვის ეკითხა.
    – შენ რომ თქვი, ზაქე იპოვესო, ტყუილი თქვი თუ მართალი?
    ელიზბარი ღობის წინ იჯდა სკამზე. სულ არ გაკვირვებია ზაქე რომ თავზე დაადგა, ის ერთადერთი იყო დარჩენილი მთელს დასახლებაში, ვისაც მისთვის ეს კითხვა არ დაესვა.
    – მართალი ვთქვი.
    – სულ ტყუილს რომ ამბობ ხოლმე?
    – ტყუილი თქვენ გგონიათ. მე ტყუილს კი არა ვამბობ, შავ ანგელოზს ვაცუცურაკებ.
    – ვისო?
    – კაცი რომ საქმეს დაადგება, იმას ორი ანგელოზი უყურებს, შავი და თეთრი. შავი სულ იმას ცდილობს, როგორმე ხელი შეგიშალოს. რომ იტყვი, მანქანა უნდა შევაკეთოო, გაიგებს შავი ანგელოზი და სახელოსნოს დაკეტილს დაგახვედრებს. მეც ვიძახი, ძროხა მიმყავს ბაზარში-მეთქი, ხოდა შავი ანგელოზი ბაზარში მიდის, მე – მანქანის გასაკეთებლად. ხალხს კიდევ ჰგონია, რომ ვიტყუები.
    ზაქეს გაეცინა.
    – აბა, როგორ გავიგოთ, როდის სიმართლეს ამბობ და როდის არა?
    – ადამიანი კეთილისა და ბოროტის გამრჩევად იმიტომ არის დაბადებული, ტყუილსაც უნდა ცნობდეს და მართალსაც.
    – რა ვიცი, წესია ასეთი, თუ სიმართლის თქმა უნდა კაცს, სიმართლეს ამბობს, თუ ტყუილის – ტყუილს. ასე ხდებოდა მთელს მსოფლიოში და ახლაც ასე ხდება.
    – მსოფლიოში კი არა, მეორე მსოფლიოც რომ იყოს და იქაც ასე მოხდეს, მე მაინც ჩემსას ვიტყვი.
    – ზაქე იპოვესო, მაშინ არ გეშინოდა შავი ანგელოზის?
    – წამომცდა, სიმართლე თუ წამოგცდება თორემ…
    – თუ ზაქე ვარ, ზაქე სხვანაირი ყოფილა.
    – თიხაა ადამიანი, ხან ისე მოიზილება, ხან – ასე.
    – არავის რომ არ სჯერა?
    – არ იციან მაგათ, ადამიანი რომ თიხაა.
    ზაქემ ამოიოხრა და გამობრუნდა. მაინც ვერ გაიგო, ელიზბარი მართალს ამბობდა თუ ახლაც თავის შავ ანგელოზს ატყუებდა.
    იმ ზაფხულს ზაქეს სახლში მამამისის მეგობარი, გოგიტა მოვიდა სტუმრად, თავისი ცოლით და გოგო-ბიჭით. ეს ის გოგიტა იყო ჩაბრა რომ წაიყვანა ადრე თავისთან. ცოტა ხანში შეატყო ზაქემ, სულ სხვაგვარად მისჩერებოდა მას გოგიტას გოგო. ჯერ გაოცდა, მერე დაიბნა. ზაქე ხეირიანად არავის არასდროს ყვარებია და ამიტომ ვერ იგებდა, მისგან რა უნდოდათ…
    – ზაქეს უნდა გავყვე! – თქვა უკვე სახლში დაბრუნებულმა გოგომ.
    – ზაქეს? – შეიცხადა დედამისმა.
    – მიყვარს!
    გოგიტამ დაკვირვებით შეხედა.
    – რა მოხდა მერე, ზაქე ხომ ზაქე არ არის, – თქვა ბოლოს.
    დედა ცოტა ხანს იჯდა ჩაფიქრებული.
    – ძალიან გიყვარს?
    – კი.
    – ვერ გაუძლებ?
    – ვერა.
    – ზაქე რომ იყოს?
    – მოკვდა ზაქე.
    – ვაი და, ვერ მოეძებნათ კარგად?
    – მთელი დასახლება ეძებდაო, მამამ არ თქვა?!
    – …

    ***
    მანქანა ნელა მიდიოდა ასფალტაყრილ გზაზე. მძღოლი ორჯერ შეჩერდა, ერთხელ ხაჭაპურები იყიდეს, მეორედ – წყალთან. წინ კიდევ ორი საათის სავალი ედოთ. ზაქე უკანა სავარძელზე იჯდა და შუშის ერთ წერტილს მიშტერებული ფიქრობდა. იმ წერტილს იქით ერთმანეთის მიყოლებით გაქრა მთები, ველები. მამა ამბობდა, რომ გოგიტასთან ხშირად დადიოდნენ, მაგრამ ზაქესთვის ეს გზა საერთოდ არ იყო ნაცნობი. შეეცადა, როგორმე ერთი მონაკვეთი მაინც აღედგინა გონებაში, მაგრამ ამაოდ. გაეცინა: ზაქეს ორ საათში ცოლი უნდა მოეყვანა, ის კი ჯერ არ იცოდა, მართლა ზაქე იყო თუ არა. ისევ გზის გახსენება სცადა, მაგრამ სულ სხვა რამ, ერთი ძველი ზღაპარი გაახსენდა:
    ქალი ქმართან და ძმასთან ერთად მოდის. წინ მტერი შეხვდებათ. გაიმართება ბრძოლა და ქმარსაც და ძმასაც ორივეს თავებს დააჭრიან. ქალი ატირებული ზის და ამ დროს რომელიღაც ფრინველი ჯადოსნურ ბალახს მოუტანს, კისერზე მიუსვ-მოუსვამ და გამრთელდებაო. ისიც წააცხობს ბალახს ორივეს და დაადგამს თავებს. გაცოცხლდებიან და თურმე სიჩქარეში ქმრის თავი ძმისთვის დაუდგამს, ძმის – ქმრისთვის…
    მერე მთელი ზღაპარი ქალი ბრძენიდან ბრძენთან დადიოდა და ეკითხებოდა, ქმარი რომელია და ძმა რომელიო. ზაქემ ისევ გაიცინა. ვისი ცოლი გამოდიოდა გოგიტას გოგო, ზაქესი თუ ზაქესი. მიდი და იკვლიე. თქვა კიდეც ელიზბარმა, ანგელოზი ან შავია ან თეთრი, ადამიანმა კი მუდმივად ტყუილ-მართალი უნდა არჩიოსო.
    “რაღა მაინცდამაინც ადამიანმა, ღმერთო”, გაიფიქრა ზაქემ და უკვე გაჩერებული მანქანიდან გადმოვიდა. ჩაბრა ყეფით მოაწყდა ჭიშკარს. მერე უეცრად დაშოშმინდა ზაქეს დანახვაზე, კუდის ქიცინით ფეხებთან დაუწვა მოსულს. ზაქეს ყურადღება არ მიუქცევია, ჭიშკარი მიკეტა და გოგიტას სახლისკენ მიმავალ ბილიკს დაადგა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    მამუკა დოლიძე

    ბნე­ლი და ნა­თე­ლი

    გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბნე­ლი ნა­თელს შე­ე­რია გე­ო­ფი­ზი­კუ­რი აქ­ტის შე­დე­გად, ბერ­მუ­დის სამ­კუთხე­დის კუნ­ძულ­ზე. კუნ­ძუ­ლი იგი მა­ტე­რიკ­თან სა­ვაჭ­რო ქსე­ლით აღ­მოჩ­ნ­და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და გა­მო­რიცხუ­ლი არაა, კოს­მი­უ­რი წყვდი­ა­დი ეგ­ზო­ტი­კას და­ხარ­ბე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის გზით შე­მო­იჭ­რა ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში. გა­მო­ძი­ე­ბამ ეჭ­ვი იმ­ა­ზეც აიღო, რომ ბნე­ლით მო­ცუ­ლი ხო­მალ­დი გზად და­ა­ყა­ჩა­ღეს, რის გა­მოც კონ­ტ­რა­ბან­დით წა­მო­ღე­ბულ წყვდი­ადს აგ­რე­სი­აც შე­ე­მა­ტა. აგ­რე­სია ყვე­ლა­ზე უკ­ეთ დიდ ქა­ლაქ­ში გავ­რ­ცელ­და. ზამ­თა­რი ეშხ­ში შე­ვი­და. კომ­პი­უ­ტერს ვი­რუ­სი შე­ე­ყა­რა და გა­მო­ძი­ე­ბას შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით მო­უ­წია ბნელს შე­ფა­რულ აგ­რე­სი­ას­თან ბრძო­ლა. “იუს­ტას­მა” და­რე­კა ოთხ­მოც­და­მე­ო­რე ქუ­ჩი­დან – “ცენ­ტ­რა­ლურ პარ­კ­ში მო­ძებ­ნეთ ის, ვი­საც ეძ­ებ­თო”. გა­მო­ძი­ე­ბა წი­თელ-ყვი­თე­ლი ყმუ­ი­ლით იქ­ით გა­ქან­და; სწო­რედ ამ დროს სამ­ძებ­რო კან­ტო­რა­ში შუ­ქი ჩაქ­რა და ვიდ­რე მო­პა­რულ სი­ნათ­ლეს ჩარ­თავ­დ­ნენ, მა­გი­დი­დან სა­ძი­ე­ბე­ლი მა­სა­ლა აორთ­ქ­ლ­და. მოტყუ­ე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას ახ­ლა არ­აფ­რი­დან უნ­და შე­ექ­მ­ნა საქ­მე. რკი­ნის ლო­გი­კა კი გა­აჩ­ნ­და, მაგ­რამ საწყი­სი მო­ნა­ცე­მე­ბი აღ­არ ჰქონ­და. ამ­ი­ტომ გა­მო­ძი­ე­ბამ კა­მა­თე­ლი გა­ა­გო­რა და ალ­ალ­ბედ­ზე გა­დად­გა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი. შემ­თხ­ვე­ვით შერ­ჩე­ულ­მა გზამ უმ­ალ მო­იხ­ვე­ჭა უპ­ი­რა­ტე­სო­ბა კვლე­ვის სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა მი­მართ. ამ­ან ძი­ე­ბის და­ნარ­ჩენ ალ­ბა­თო­ბა­თა აღშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. სა­ჩი­ვა­რიც კი შეთხ­ზეს არ­ჩევ­ნებ­ში შემ­თხ­ვე­ვი­თი გზის გა­მარ­ჯ­ვე­ბის გა­მო, მაგ­რამ სა­სა­მარ­თ­ლომ უარ­ყო მა­თი პრო­ტეს­ტი, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბა უკ­ვე და­ად­გა ბედ-იღ­ბალ­ზე გა­დაშ­ლილ გზას. ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ლო­გი­კუ­რად გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­და წი­ნა­მორ­ბე­დი­სა­გან და ცხა­დია კა­ნო­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შე­დი­ო­და.

    კონ­ტ­რა­ბან­დით შე­მო­ტა­ნილ აგ­რე­სი­ა­საც აზ­რი ძი­ე­ბის ამ გზი­სა და მე­თო­დის ძა­ლით მი­ე­ცა. ამ­ა­სო­ბა­ში “იუს­ტას­მა” მე­ო­რედ და­რე­კა, “78-ე ქუ­ჩის 45-ე სარ­თულ­ზე სის­ხ­ლი და­იღ­ვ­რე­ბაო”. ვიდ­რე ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­და­ა­მოწ­მებ­დ­ნენ, სის­ხ­ლ­მა მარ­თ­ლაც გა­მო­ჟო­ნა 45-ე სარ­თუ­ლი­დან. შემ­ტ­ვ­რე­ულ ბი­ნა­ში იპ­ო­ვეს მკვდა­რი სუ­ლი, ფუ­ლით და­ტე­ნი­ლი ქი­სა და სამ­კა­უ­ლე­ბით სავ­სე ლარ­ნა­კი. რო­გორც ჩანს, მკვლე­ლო­ბა მომ­ხ­და­რა მკვლე­ლო­ბის გუ­ლის­თ­ვის და არა გა­ძარ­ც­ვის მიზ­ნით; ანუ გა­მო­ძი­ე­ბა შე­ე­ფე­თა სის­ხ­ლ­ს­მოწყუ­რე­ბულ, მა­ნი­ა­კა­ლურ აგ­რე­სი­ას, და­ნა­შა­ულს და­ნა­შა­უ­ლის­თ­ვის რომ ჩა­დი­ო­და და კა­ცის­კ­ვ­ლას რა­ღაც თა­ვის­თა­ვად ღი­რე­ბუ­ლე­ბად თვლი­და. არ­ა­ვი­თა­რი წი­ნა­პი­რო­ბა და შემ­დ­გო­მი კვა­ლი მსგავს სი­სას­ტი­კეს არ გა­აჩ­ნ­და. არ არ­სე­ბობ­და მკვლე­ლო­ბის არ­ა­ნა­ი­რი მო­ტი­ვი და მსხვერ­პ­ლიც სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვი­თი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო. ქა­ლა­ქის მთელ სივ­რ­ცე­ში უს­ა­ხუ­რად გან­ფე­ნი­ლი აგ­რე­სია რო­დის, რო­მელ წერ­ტილ­ში იფ­ეთ­ქებ­და, ეშ­მაკ­მა უწ­ყო­და. გა­მო­ძი­ე­ბა იმ­ა­საც გრძნობ­და, თვი­თო­ნაც მი­ზან­ში იყო ამ­ო­ღე­ბუ­ლი და ამ­ი­ტომ ვე­ღარ თა­მა­შობ­და საქ­მის მი­მართ კვლე­ვის სუ­ბი­ექ­ტის როლს. გაქ­ცე­ულ­სა და მდე­ვარს შო­რის ზღვა­რი წა­ი­შა­ლა, თვით მო­ნა­დი­რე­ზეც ნა­დი­რობ­დ­ნენ! კრი­მი­ნა­ლურ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში სუ­ბი­ექ­ტი­სა და ობ­ი­ექ­ტის აღ­რე­ვა “იუს­ტა­სის” მე­სა­მე ზარ­მაც და­ა­მოწ­მა: “თავ­დას­ხ­მა თქვენს კან­ტო­რა­ზე მზად­დე­ბა და ცხე­ნი შე­კაზ­მუ­ლი გყავ­დე­თო”. არ­ა­და, სად ეშ­ო­ვათ ცხე­ნი ამ მან­ქა­ნე­ბად ქცე­ულ ქა­ლაქ­ში? გა­მო­ძი­ე­ბამ იპ­ოდ­რომს მი­მარ­თა, მაგ­რამ დი­რექ­ტო­რი ვირ­ზე შეჯ­და: “ყვე­ლა ცხე­ნი აღ­რიცხ­ვა­ზეა, ერთ მო­ნო­ლი­თურ კო­ლექ­ტივს შე­ად­გენს და ერ­თიც რომ და­აკ­ლ­დეს, ჯი­რი­თო­ბას პე­წი და­ე­კარ­გე­ბაო”. გა­მო­ძი­ე­ბა იძ­უ­ლე­ბუ­ლი შე­იქ­ნა “იუს­ტა­სის” გაფ­რ­თხი­ლე­ბა გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით გა­ე­გო და ქა­ლაქ­ში ცხე­ნე­ბის ძებ­ნის ნაც­ვ­ლად გაქ­ცე­ვის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე ეზ­რუ­ნა. კერ­ძოდ, გა­მო­ი­ძა­ხეს ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნი; კან­ტო­რის წინ აღ­ა­შე­ნეს ზღუ­დე, ას­აფ­რენ მო­ედ­ნამ­დე კი გვი­რა­ბი გათხა­რეს; ამ­ა­სო­ბა­ში აგ­რე­სია უკ­ვე შე­ი­პა­რა მტრის ბა­ნაკ­ში და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს სი­ძულ­ვილ­მა გა­მო­ძი­ე­ბის გულ­ში იფ­ეთ­ქა! ჩხუ­ბი ატყ­და არ­აფ­რის გა­მო. მგო­ნი ერთ­მა მე­ო­რეს ჭი­ქა­ში ჩა­უ­ფერ­ფ­ლა, თუ პი­რი­ქით. აგ­ორ­და სიტყ­ვა, და­იწყო შეხ­ლა-შე­მოხ­ლა. ცი­ხე შიგ­ნი­დან ტყდე­ბაო და მი­ლეწ-მო­ლე­წეს კან­ტო­რის კედ­ლე­ბი, მო­არ­ღ­ვი­ეს ზღუ­დე­ნი. აღ­მავ­ლო­ბის ნაც­ვ­ლად დე­კა­დან­სის გზას და­ად­გა სა­ძი­ე­ბელ აგ­რე­სი­ად ქცე­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა. თუმ­ცა, ფერ­ფ­ლი ჭი­ქა­ში თვით­რ­ღ­ვე­ვის მხო­ლოდ სა­ბა­ბი გახ­ლ­დათ. ნამ­დ­ვი­ლი მი­ზე­ზი იმ შავ­ბ­ნე­ლი ქა­ლა­ქის ჯურ­ღ­მუ­ლებ­ში იმ­ა­ლე­ბო­და, გარს რომ ერტყა გა­მო­ძი­ე­ბას და თა­ვი­სი პირ­ქუ­ში მზე­რით უს­ი­ა­მოვ­ნო ნა­ლექს სტო­ვებ­და მის გულ­ში. ავ­კა­ცო­ბის ეს ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო ფო­ნი, რო­გორც ერ­თი­ა­ნი სუბ­ს­ტან­ცია, უშ­რე­ტად ას­აზ­რ­დო­ებ­და აგ­რე­სი­ის ფაქ­ტობ­რივ სამ­ყა­როს. ამ სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბობ­და ყვე­ლა; ვინც იძ­ი­ებ­და და ვინც იძ­ებ­ნე­ბო­და. მსხვერ­პ­ლი, მკვლე­ლი და მე­ძე­ბა­რი გა­ნურ­ჩევ­ლად ერწყ­მო­და ერთ­მა­ნეთს. ყვე­ლა ერთ ქვაბ­ში იხ­არ­შე­ბო­და, ჯო­ჯო­ხე­თის მა­რად­ჩა­უქ­რო­ბელ ცეცხ­ლ­ზე. ყო­ვე­ლი გახ­ს­ნი­ლი საქ­მე, ახ­ალ გა­უხ­ს­ნელ საქ­მეს აჩ­ენ­და, რად­გან და­ნა­შა­უ­ლის ფეს­ვი მკვლე­ლის­თ­ვი­საც და მე­ძებ­რის­თ­ვი­საც ერთ­ნა­ი­რად მი­უწ­ვ­დო­მე­ლი იყო. აგ­რე­სი­ის უზ­ო­გა­დე­სი სუბ­ს­ტან­ცია არ­სე­ბობ­და და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტებს მიღ­მა, ვით ამ ფაქ­ტე­ბის მუდ­მი­ვი გა­მომ­წ­ვე­ვი და მა­საზ­რ­დო­ე­ბე­ლი. აი, რა­ტომ მოყ­ვა მკვდარ სულს 78-ე ქუ­ჩა­ზე, ავ­ტო­კა­ტას­ტ­რო­ფა 127-ე ტრა­სა­ზე; ეს იყო უბ­ე­დუ­რი შემ­თხ­ვე­ვა, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის ახს­ნას თით­ქო თა­ვის თავ­ში­ვე მო­ი­ცავ­და. მოხ­და უეც­არ ფაქ­ტორ­თა ავ­ბე­დი­თი დამ­თხ­ვე­ვა; მძღოლს ყუ­რად­ღე­ბა გა­ე­ფან­ტა, მო­სახ­ვე­ვის ჯე­ბი­რი მორ­ყე­უ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, ფერ­დო­ბი კი ისე იყო და­ქა­ნე­ბუ­ლი, რომ გა­დარ­ჩა ყვე­ლა, უკ­ან მჯდო­მი მე­ძებ­რის გარ­და, ალ­ჩუ­ზე დამ­ჯ­და­რი ავ­ტო­ბუ­სის ძირ­ში რომ მო­ექ­ცა.

    უბ­ე­დუ­რი შემ­თხ­ვე­ვის მი­ზე­ზობ­რი­ვი ახს­ნა ვერ ცხად­ყოფ­და, რა­ტომ შეწყ­და ასე უაზ­როდ ად­ა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე, რო­მე­ლიც იქ­ნებ სწო­რედ ცხოვ­რე­ბის ამ ეტ­აპ­ზე გას­ც­და და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტობ­რივ სივ­რ­ცეს და ავ­კა­ცო­ბის ზო­გა­დი სა­თა­ვი­სა­კენ მი­მა­ვალ გზას და­ად­გა.

    ამ დიდ მი­სი­ა­საც რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, სი­ცოცხ­ლე თა­ვის­თა­ვად, ვით ღვთის სა­ჩუ­ქა­რი, აშ­კა­რად აღ­ე­მა­ტე­ბო­და უეც­ა­რი სიკ­ვ­დი­ლის გა­მომ­წ­ვევ შემ­თხ­ვე­ვა­თა ჯამს. უაზ­რო იყო სი­ცოცხ­ლის შეწყ­ვე­ტის ფაქ­ტობ­რი­ვი ახს­ნა. გა­მო­ძი­ე­ბას აინ­ტე­რე­სებ­და, თუ რა­ტომ და არა რო­გორ ჩაქ­რა მი­სი ერთ-ერ­თი პერ­სო­ნა­ჟის მზე­რა. იქ­ნებ იმ­ი­ტომ, რომ ხი­ლუ­ლის მიღ­მა იხ­ე­დე­ბო­და და იმ­ას ხე­დავ­და, რი­სი და­ნახ­ვის ღირ­სიც არ იყო? არ­ა­და, მხო­ლოდ თვალ­სა­წი­ერს იქ­ით შე­იძ­ლე­ბო­და ქა­ო­სუ­რად მი­მობ­ნე­ულ ბო­რო­ტე­ბა­თა ერ­თი­ა­ნი ძი­რის გან­ჭ­ვ­რე­ტა. ხი­ლუ­ლი ფაქ­ტე­ბის სივ­რ­ცე­ში ხომ ყო­ვე­ლი­ვე შემ­თხ­ვე­ვით ხდე­ბო­და! შემ­თხ­ვე­ვი­თი იყო აგ­რე­სი­ის აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი იდ­ე­ის გა­მოვ­ლე­ნის გზა; წი­ნას­წარ­გან­ზ­რა­ხუ­ლიც რომ ყო­ფი­ლი­ყო და­ნა­შა­უ­ლი, მთე­ლი ლო­გი­კუ­რი ჯაჭ­ვი გან­ზ­რახ­ვი­დან მის აღს­რუ­ლე­ბამ­დე, ჰა­ერ­ში ეკ­ი­და, არ­აფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­და და არ­ა­ნა­ირ ახს­ნა-გან­მარ­ტე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და.

    “იუს­ტას­მა” გა­მოთ­ქ­ვა ეჭ­ვი; საქ­მე, რო­მე­ლიც აორთ­ქ­ლ­და ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი კან­ტო­რი­დან, შე­ე­ხე­ბო­და არა ნივ­თ­მ­ტ­კი­ცე­ბებს აგ­რე­სი­ის ექს­პორ­ტის შე­სა­ხებ, არ­ა­მედ შე­ად­გენ­და მი­სი მე­ტა­ფი­ზი­კუ­რი არ­სე­ბო­ბის სა­ფუძ­ვ­ლებს. “იუს­ტა­სი” ამ­ჯე­რად ფი­ლო­სო­ფი­ა­ში გა­და­იჭ­რა და გა­მო­ძი­ე­ბაც სულ­გა­ნა­ბუ­ლი უს­მენ­და მას. თუმ­ცა საქ­მის მოს­პო­ბა­ში მთქმელ­საც და გამ­გო­ნე­საც ერთ­ნა­ი­რად მი­უძღო­და ბრა­ლი, დამ­ნა­შა­ვე არც ერ­თი იყო. “იუს­ტა­სი”, ბნე­ლით მო­ცუ­ლი აგ­ენ­ტი, თვი­თო­ნაც შე­უც­ნო­ბელ ძალ­თა კარ­ნა­ხით მოქ­მე­დებ­და. გა­მო­ძი­ე­ბაც, იმ­ა­ვე ძალ­თა უკ­უღ­მარ­თი ზე­მოქ­მე­დე­ბით, სა­ჭი­რო დროს გა­ი­ფან­ტა და გა­თი­თო­კაც­და. ერ­თა­დერ­თი, ვინც და­ი­ნა­ხა რო­გორ გაქ­რა საქ­მე, იმ დღი­დან ფიქ­რებს მი­ე­ცა და ბო­ლოს ავ­ტო­კა­ტას­ტ­რო­ფა­ში და­ი­ღუ­პა.

    გა­მო­ძი­ე­ბის ხელთ მხო­ლოდ შიშ­ვე­ლი ფაქ­ტე­ბი აღ­მოჩ­ნ­და. ფაქ­ტი იყო ის­იც, რომ ზღვა­რი წამ­და­უ­წუმ მერ­ყე­ობ­და მა­ძი­ე­ბელ­სა და სა­ძი­ე­ბელს შუა, ანუ გა­მო­ძი­ე­ბა გა­რე­დან კი არ აკ­ვირ­დე­ბო­და და­ნა­შა­ულს, არ­ა­მედ, რო­გორც მი­სი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე და თვი­თო­ნაც დამ­ნა­შა­ვე, უშ­უ­ა­ლოდ შე­იც­ნობ­და მას. ას­ე­თი მიდ­გო­მა საგ­რ­ძ­ნობ­ლად აფ­არ­თო­ებ­და ძი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, მაგ­რამ გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი სინ­დი­სის ქეჯ­ნის გა­მო ვერ ბე­დავ­და მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რად­გან გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი სა­კუ­თარ თავს ას­ა­მარ­თ­ლებ­და და აქ­ე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დამ­ნა­შა­ვეს ამ­არ­თ­ლებ­და.

    ამ­ი­ტომ, რო­ცა აგ­რე­სი­ის ქა­ლაქ­მა თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის ზღვარს მი­აღ­წია, გა­მო­ძი­ე­ბამ კი­დევ უფ­რო ღრმად ჩა­ი­ხე­და სა­კუ­თარ სულ­ში. მის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ამ­ო­ტივ­ტივ­და არ­ე­ულ-და­რე­უ­ლი წარ­სუ­ლის ფრაგ­მენ­ტე­ბი. ამ ეპ­ი­ზო­დებ­ში აღ­წე­რი­თი ელ­ე­მენ­ტი სჭარ­ბობ­და სა­აზ­როვ­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ას, მაგ­რამ წარ­სუ­ლის ეს სა­ოც­რად გა­ფა­ქი­ზე­ბუ­ლი ხედ­ვა არ იყო მხო­ლოდ სუ­რა­თი, ის გან­ს­ჯას, გა­მო­ძი­ე­ბას და ახს­ნას ით­ხოვ­და.

    რო­ცა ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად გახ­სენ­დე­ბა ოთ­ა­ხის ბნელ­ში რე­ლი­ე­ფუ­რად გა­მოკ­ვე­თი­ლი კე­დე­ლი, ფან­ჯ­რი­დან და­ცე­მუ­ლი და ზედ გა­დას­რი­ა­ლე­ბუ­ლი მან­ქა­ნის ჩრდი­ლი, გრძნობ, რომ ეს არ არ­ის მხო­ლოდ ბავ­შ­ვო­ბის მო­გო­ნე­ბა. რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე წვრი­ლად გახ­სოვ­დეს ის ოთ­ა­ხი, ის ფან­ჯა­რა, ის ჩრდილ­თა თე­ატ­რი კე­დელ­ზე. აღქ­მის ის შე­უც­ნო­ბე­ლი სა­ა­მო მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­ცა მო­თა­მა­შე ჩრდი­ლი წა­რი­ტა­ცებს თვალს და ძი­ლის ბუ­რან­ში ით­რევს… იქ­ნებ, არც იყო ეს ასე; იქ­ნებ, წარ­სუ­ლი აუხ­დე­ნელ ოც­ნე­ბა­თა ქი­მე­რაა, რო­მელ­საც მას ცხოვ­რე­ბის ობ­ო­ბა-ქსელ­ში გახ­ლარ­თუ­ლი და ფრთა­მოკ­ვე­თი­ლი აწმ­ყო მი­ა­წერს?

    გა­მო­ძი­ე­ბა ვერ სცემ­და ამ კითხ­ვას პა­სუხს. ის მხო­ლოდ შე­იგ­რ­ძ­ნობ­და, რომ მო­გო­ნე­ბა­თა ტალ­ღა თვალს კი არ ატკ­ბობ­და, აზრს აღ­ვი­ძებ­და. გარ­და­სულს კი არ უბ­რუნ­დე­ბო­და ეს აზ­რი, წუ­თი­ე­რე­ბას აჩ­ე­რებ­და და უს­ას­რუ­ლოდ აფ­არ­თო­ებ­და. ცხოვ­რე­ბა იყო წუ­თი არა ხან­მოკ­ლე­ო­ბის გა­მო, არ­ა­მედ დრო­ის დი­ნე­ბი­დან ცოცხა­ლი­ვით ამ­ო­ვარ­დ­ნი­ლი და ცა­ში შემ­ხ­ტა­რი წუ­თი­ე­რე­ბის ძა­ლით. რა იყო ფაქ­ტე­ბის სამ­ყა­რო მის წი­ნა­შე? ჩრდილ­თა თე­ატ­რი. ნამ­დ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბის გზა მეხ­სი­ე­რე­ბის ცოცხ­ლად შერ­ჩე­ნილ წუ­თებ­ზე გა­დი­ო­და.

    გა­მო­ძი­ე­ბამ ეს სუ­რა­თე­ბი სამ­კა­უ­ლი­ვით აკ­ინ­ძა და ექს­პერ­ტი­ზა­ზე გა­და­აგ­ზავ­ნა. ექს­პერ­ტი­ზამ აჩ­ვე­ნა, რომ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ცოცხ­ლად აღ­ი­ბეჭ­და მხო­ლოდ კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი, გრძნო­ბი­სა და გო­ნე­ბის თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით შექ­მ­ნი­ლი სუ­რა­თე­ბი. ამ­ი­ტომ გაკ­ვე­თი­ლებს გა­მო­პა­რუ­ლი ქუ­ჩა და მთაწ­მინ­დის მზით სავ­სე აღ­მარ­თი გულ­საც ან­ა­თებ­და და გო­ნე­ბა­საც. მწე­რალ­თა პან­თე­ო­ნი­დან სა­თა­მა­შო სახ­ლე­ბად ქცე­უ­ლი ქა­ლა­ქი, წინ­გა­დაშ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბის მო­ლო­დი­ნით იყო სავ­სე. ეს მო­ლო­დი­ნი იქ­ი­დან აქ­ეთ კი არ იყო მო­მარ­თუ­ლი, პი­რი­ქით, აქ­ე­დან იქ­ით იყო უკ­უ­ფე­ნი­ლი და მი­სი სევ­და­ნა­რე­ვი, ოდ­ნავ შემ­ღ­ვ­რე­უ­ლი სი­ხა­რუ­ლი, ამ­ა­ვე დროს სი­ნა­ნუ­ლიც აღ­მოჩ­ნ­და ცხოვ­რე­ბის ჩარ­ჩო­ში ვერ­ჩა­ტე­ულ ოც­ნე­ბა­თა გა­მო.

    სწო­რედ ეს შე­უ­სა­ბა­მო­ბა სურ­ვი­ლებ­სა და ცხოვ­რე­ბას შო­რის სცნო ექს­პერ­ტი­ზამ და­ნა­შა­უ­ლის ერთ-ერთ სა­თა­ვედ. აქ­ე­დან იწ­ყე­ბო­და სუ­ლის ამ­ბო­ხე­ბა სხე­უ­ლის მი­მართ; სუ­ლის, რო­მე­ლიც იყო ჩაკ­ლუ­ლი და არა მკვდა­რი, და­უშ­რე­ტელ სიბ­რა­ზედ გარ­და­სა­ხუ­ლი თავ­და­ვიწყე­ბის წყვდი­ად­ში. ეს ზღვარ­და­უ­დე­ბე­ლი სიბ­რა­ზე ბევ­რად აღ­ე­მა­ტე­ბო­და მის ფაქ­ტობ­რივ გა­მომ­წ­ვევ მი­ზე­ზებ­სა და მიზ­ნებს და რო­გორც გა­ნუ­საზ­ღ­ვ­რე­ლი და შემ­თხ­ვე­ვი­თი, ბე­დის­წე­რა უფ­რო იყო, ვიდ­რე გან­ზ­რახ და­ნა­შა­უ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბას შე­ექ­მ­ნა რწმე­ნა, რომ ყო­ველ ტრა­გი­კულ ფაქ­ტ­ში შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბა სჭარ­ბობ­და მოვ­ლე­ნა­თა მი­ზე­ზობ­რივ კავ­ში­რებს და შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ამ ფაქ­ტის გან­ჭ­ვ­რე­ტა და ახს­ნა თუ არ შევ­ხე­დავ­დით მას, რო­გორც ბე­დის გან­ჩი­ნე­ბას არ­ას­წო­რი ცხოვ­რე­ბის გა­მო. თით­ქოს არ იყო კა­ცი დამ­ნა­შა­ვე იმ­ა­ში, რომ შემ­თხ­ვე­ვით აღ­მოჩ­ნ­და იმ სა­ბე­დის­წე­რო ავ­ტო­ბუ­სის სწო­რედ იმ ავ­ბე­დით სკამ­ზე, მაგ­რამ თუ ჩა­ვუ­ფიქ­რ­დე­ბით, ის თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით სწო­რედ ამ­ის­კენ მი­დი­ო­და. რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, ავ­ტო­კა­ტას­ტ­რო­ფა მო­უ­ღებ­და მას ბო­ლოს, თუ გა­მო­უც­ნო­ბი პა­თო­ლო­გია სხე­უ­ლის ბი­ო­ქი­მი­ა­ში; ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­ნა­ჩე­ნის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნას­თან გვექ­ნე­ბო­და საქ­მე, რო­მე­ლიც თვი­თონ გა­მო­უ­ტა­ნა სა­კუ­თარ თავს.

    ამ­ი­ტომ, ექს­პერ­ტი­ზამ და­ას­კ­ვ­ნა, რომ ტრა­გე­დი­ის ფა­რულ მი­ზეზ­თა ძი­ე­ბას აზ­რი მსჯავ­რის და­დე­ბამ­დე ჰქონ­და, ვიდ­რე არ­სე­ბობ­და ამ მი­ზეზ­თა აღ­მოფხ­ვ­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბა; ვიდ­რე ეს მი­ზე­ზე­ბი კი არ მი­ზე­ზობ­დ­ნენ, გა­მაფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი­ვით ჰა­ერ­ში ეკ­იდ­ნენ.

    მა­შინ ქა­ლა­ქიც სხვა­ნა­ი­რი იყო. სხვა სუ­ლი ტრი­ა­ლებ­და მის ნა­თელ-ბნელ ქუ­ჩებ­ში. ნაჩ­ვ­რე­ტე­ბი­ა­ნი ყვე­ლის მძაფ­რი სუ­ნი ტრამ­ვა­ით მგზავ­რობ­და პროს­პექ­ტის გას­წ­ვ­რივ, ქვე­მოთ, ქაშ­ვე­თის ბა­ღის გა­ჩე­რე­ბამ­დე. იქ ერწყ­მო­და ბა­ღის ათ­ას­ფე­რი სურ­ნე­ლე­ბით შე­ზა­ვე­ბულ ჰა­ერს და ჩან­თა­ში ჩა­დე­ბუ­ლი ბუ­ტერ­ბ­რო­დის მო­ლო­დი­ნი სხვა გე­მოს აძ­ლევ­და თა­მა­შით სავ­სე სიმ­წ­ვა­ნეს. ცხოვ­რე­ბა­ში ახ­ლად­ფეხ­შედ­გ­მულ გა­მო­ძი­ე­ბას იქ უნ­და ეპ­ოვ­ნა შეც­დო­მის სა­თა­ვე; იქ, სა­დაც ფეხს იდ­გამ­და პირ­ვე­ლი გრძნო­ბა, სა­დაც უხ­ვად შეკ­მა­ზულ, სი­გემ­რი­ე­ლით გან­თ­ქ­მულ, ლა­მის შე­საჭ­მელ თბი­ლი­სურ ჰა­ერს ჯერ ვერ ამღ­ვ­რევ­და ბენ­ზი­ნის ნის­ლი. იქ, თავ­და­პირ­ვე­ლი ბა­ღის წი­აღ­ში ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ ეთ­ა­მა­შე­ბო­და იმ გზას, რო­მელ­საც მე­რე უკ­ვე ვე­ღარ გა­და­უხ­ვევ­და. ეს იყო ეჭ­ვის, ფიქ­რის, გა­მო­ძი­ე­ბის გზა, ბაღს გვე­ლი­ვით შე­მოხ­ვე­უ­ლი და ქა­ლაქს აბ­ლა­ბუ­და­სა­ვით მო­დე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბამ ვერ და­ად­გი­ნა, გულს რო­დის შე­უძ­ვ­რა და შე­მო­ეტ­მას­ნა ეს ეჭ­ვი, რო­დის შე­ი­მო­სა ფიქ­რის სა­მო­სე­ლით ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა. რო­გორ იქ­ცა პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, ვერ­თ­ქ­მის, გა­უ­ბე­და­ო­ბის, ღა­მე­ნა­თე­ვი ფიქ­რის სიმ­ბო­ლოდ. და აქ გა­მო­ძი­ე­ბა ჩიხ­ში მო­ექ­ცა: ბა­ღის ბი­ლიკ­მა ვერ წა­იყ­ვა­ნა დას­მუ­ლი შე­კითხ­ვი­დან პა­სუ­ხი­სა­კენ. ცხოვ­რე­ბა ჩად­გა სტრი­ქო­ნებს შო­რის. და­იმ­ს­ხ­ვ­რა ტალ­ღა, ფიქრს რომ მი­არ­წევ­და ბნე­ლი­დან ნა­თელ­ში. შეწყ­ვე­ტილ­მა ძი­ე­ბამ ვე­ღარ იყ­ვა­ვი­ლა, ვერ გა­მო­ის­ხა სუ­ლის მა­საზ­რ­დო­ე­ბუ­ლი ნა­ყო­ფი. სხვა საზ­რუ­ნავ­მა გა­დაკ­ვე­თა და გა­ახ­მო მი­სი ფეს­ვე­ბი და მი­სი მკვდა­რი, გა­ხე­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლა გა­მო­ძი­ე­ბას ტვირ­თად და­აწ­ვა. ად­ა­მი­ან­მა იგრ­ძ­ნო ეს გულს შე­მო­წო­ლი­ლი სიმ­ძი­მე, გა­ნი­ცა­და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის შე­უ­სა­ბა­მო­ბა სა­კუ­თარ თავ­თან, მაგ­რამ სწო­რედ ამ შე­უ­სა­ბა­მო­ბამ, ამ სი­ნა­ნულ­მა, რო­გორც ახ­ალ­მა ტალ­ღამ, ახ­ა­ლი ბიძ­გი მის­ცა შეწყ­ვე­ტილ საქ­მეს. და აქ გა­მო­ძი­ე­ბამ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ბავ­შ­ვო­ბა თა­ვის­თა­ვად არ­ა­ფე­რია ზედ ფა­რუ­ლად წა­ფე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბის­გან ნოს­ტალ­გი­უ­რი გა­მორ­ჩე­ვის გა­რე­შე; რომ ათ­ას­ფე­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით გაშ­ლი­ლი სი­ცოცხ­ლის სა­თა­ვე, აუხ­დე­ნელ სურ­ვილ­თა გა­მო ხდე­ბა ას­ე­თი იდ­უ­მა­ლი და მიმ­ზიდ­ვე­ლი, რომ სუ­ლი ით­ხოვს ამ იდ­უ­მა­ლე­ბას, ამ ეფ­ე­მე­რას, რომ წარ­სუ­ლი დაძ­რას დრო­ის რე­ა­ლუ­რი წერ­ტი­ლი­დან და იმ ოც­ნე­ბე­ბით შე­ავ­სოს, ამქ­ვეყ­ნად რომ ვე­რა და ვერ მო­უ­ძებ­ნა ად­გი­ლი. რო­ცა უკ­ან­მო­ხედ­ვა შო­რე­ულ მო­გო­ნე­ბა­ში გა­და­დის, რო­ცა გახ­სენ­დე­ბა ის, რაც ვერ თქვი და ვერ აის­რუ­ლე, უნ­და შე­იგ­რ­ძ­ნო ეს არა რო­გორც ცხოვ­რე­ბის აგ­რე­სია ოც­ნე­ბის მი­მართ, არ­ა­მედ რო­გორც თა­მა­ში მი­უწ­ვ­დო­მელ­თან, რო­გორც დას­ტუ­რი, რომ არა ხარ მხო­ლოდ ის, რა­საც იტყ­ვი და მი­აღ­წევ, არ­ა­მედ ხარ ის, რა­საც ვერ იტყ­ვი და რაც ასე მი­უწ­ვ­დომ­ლად ეს­ა­ხე­ბა შენს ამქ­ვეყ­ნი­ურ არ­სე­ბას.

    აი, ას­ე­თი აღ­მო­ჩე­ნა გა­ა­კე­თა გა­მო­ძი­ე­ბამ, სა­ძი­ე­ბე­ლი საქ­მის გარ­შე­მო, სა­კუ­თარ გრძნო­ბა­თა ექს­პერ­ტი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე.

    © “არილი”

  • პროზა

    ზურაბ ლეჟავა

    კარსმომდგარი არაჰიგიენური ბედნიერება

    მიიკვლევდა ნესტიან თავისუფლებაში გზას ენადაშანთული, შერცხვენილი, მონუსხული და სულგაყინული ზარღრა, იგივე ვიქტორ ნაზრაძე. ნესტიან, სუსხიან, არასტუმართმოყვარე თავისუფლებას კი ჯიუტად არ სურდა ბედისწერიდან ამოვარდნილი, უადგილო, უსამშობლო, უნათესაო, უმოყვარო და უმეგობრო კაცის თავის წიაღში მიღება, მისი შეკედლება და დაბინავება. აკვიატებული ავი ფიქრივით, უტიფარ ქარად შემოუბერავდა ხოლმე სუსხიანი თავისუფლება მომხდურს, ღიად დარჩენილ მის ბაგეებში შეძრომას ლამობდა და როცა ამას ახერხებდა, გაგულისებული, უაზროთვალება საიქიოს ბოროტი ჩიტივით უკორტნიდა დაშანთულ ენას. ვიქტორ ნაზრაძე თავისას ფიქრობდა და არ იცოდა სად წასულიყო, ვისთვის მიემართა, რადგან სულგაყიდულს აღარ ჰყავდა არავინ და არ გააჩნდა ქვეყნად არაფერი გაყიდული სულის, განთავისუფლების ცნობის და 25 მანეთის გარდა. მიუხედავად გამოუვალი მდგომარეობისა, ან იქნებ სწორედ ამიტომაც, ზარღრა თავს დაჯერებულად გრძნობდა და ამდენი ხნის ნანატრი თავისუფლება სურდა მოვლენოდა არა ნესტიან ქარად, ჩაბნელებულ ქუჩად, არა სიბნელეში მოთარეშე, ურჩ მანქანებად, ბინძურ წყლის წვეთებს რომ აფრქვევდნენ გუბეებში გაშლიგინებისას, არამედ სითბოდ, ჭერად, სასმელად, საჭმელად და ტიტველ ქალად.
    – მე გაიძულებ შენ შემეგებო სითბოდ და ჭერად, – ეუბნებოდა იგი მტრულად შემართულ თავისუფლებას და მუშტს უღერებდა მას, – სასმელად, საჭმელად და ტიტველ ქალად! გაიძულებ! გაიძულებ! რადაც არ უნდა დამიჯდეს!!!
    – ვერ მაიძულებ! ვერ მაიძულებ! – პასუხობდა სისინით თავისუფლება და თავისი გათოშილი თითებით გარყვნილად უწეწავდა თმას.
    – გაიძულებ, ოღონდ ჯერ რეზინის ჩაქუჩს ვიყიდი, უკიდურესი შემთხვევისათვის! ჯერ ვიყიდი რეზინის ჩაქუჩს, შემდეგ კი გაიძულებ! გაიძულებ! – ჯიუტად იმეორებდა ვიქტორი.
    გზას იგი ქალაქის ცენტრისაკენ, ანუ ეშმაკის ბუნაგისკენ მიყავდა და ზარღრაც მიყვებოდა გზის მიერ შემოთავაზებულ დამღუპველ მარშრუტს, გზაც ხომ თავისუფლების ნაწილი იყო და წესით არც მისი ნდობა შეიძლებოდა, მაგრამ არა ზარღრასთვის – არა, რადგან ამიერიდან ყოველი მისი გზა ჯოჯოხეთისკენ, მოუსავლეთში მიემართებოდა.
    – ჯოჯოხეთში შევხვდებით! – სისინებდა ქარი.
    – ჯოჯოხეთში შევხვდებით! – სისინებდნენ ხეები.
    – ჯოჯოხეთში შევხვდებით! – სისინებდნენ ბუჩქები.
    – შევხვდებით! შევხვდებით! შევხვდებით! – სისინებდა მიდამო.
    რკინიგზის ვაგზალი და მასთან მიმდებარე ვრცელი ტერიტორია ხალხით იყო სავსე. ისინი მწერებივით ირეოდნენ იქ და რაღაცას თავისას ფუსფუსებდნენ. ვიქტორი ჯერ ბაზრობაზე შევიდა და რიგებს დაუყვა. მის მზერას უნებურად მიიპყრობდა ხოლმე დახლებზე გამოტანილი და დახვავებული უცხო საქონელი, მაგრამ ის მაინც თავისას ეძებდა – რეზინის ჩაქუჩს. ბოლოს როგორც იქნა, რკინეულობის განყოფილებაში იპოვა და 4 მანეთად შეიძინა კარგი, მძიმე, ხისტარიანი რეზინის ჩაქუჩი. მან იგი ხელში შეათამაშა, ქამარში გაირჭო, პიჯაკის კალთით სათუთად დაფარა და თავისი უთავბოლო გზა გააგრძელა.
    ვიქტორი შორიდან უცქერდა მეძავთა ჯგუფს და მათში თავისთვის საცოლეს ეძებდა. ვაგზლის მეძავები ქალაქში ყველაზე იაფფასიანებად ითვლებოდნენ, თუმცა ისინიც ასაკის, გარეგნობის და შესაბამისად, ფასების თანახმად, ცალ-ცალკე, პატარ-პატარა ჯგუფებად იყვნენ დაყოფილნი. იყვნენ მათ შორის ისეთები, რომელთაც, ალბათ არათუ ნორმალური ადამიანი, არამედ ყველაზე უფრო ხურუშიანი მაიმუნიც არ გაეკარებოდა, მაგრამ იყვნენ საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობისაც, რომლებიც შედარებით ძვირნი ღირდნენ. ერთი სიტყვით, ბოზები იყვნენ დაახლოებით სამი ძირითადი კატეგორისა – მეტნაკლებად ნორმალურები, ნახევრად ბანძები და ბანძები. ვიქტორი ჯერ შედარებით ნორმალურთა ჯგუფს მიუახლოვდა და ფასები იკითხა:
    – გამარჯობათ გოგოებო! – მიესალმა ის მეძავებს.
    – გაგიმარჯოს! – მიუგეს მათ.
    – რომელია თქვენში გასათხოვარი?! –
    – ყველანი გასათხოვრები ვართ, – გასცა პასუხი ერთ-ერთმა და ღიმილით გადახედა დანარჩენებს.
    ისინი არ იყვნენ ჩვეულნი ამგვარ მიმართვას. გამოცოცხლდნენ.
    – მე რომელი გამომყვებით ცოლად? –
    გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს და გაიცინეს.
    – რომელსაც შენ ხელს დაადებ, – უპასუხა ერთ-ერთმა.
    – მერე ცელქები ხართ?! – ღიმილითვე გაუსწორა თვალი ვიქტორმა თავის მოსაუბრეს და თან ახლოს მდგომ, ცოტათი მორცხვ და ცოტათი ლამაზ ცუგრუმელას ხელი წაატანა ძუძუზე. ცუგრუმელამ თავი დაიძვრინა, უფრო სწორად კი ძუძუ დაიძვრინა.
    – ე-ე-ე, ჯერ დადე, – დაიფხუკუნა ცუგრუმელამ მორცხვად, – ამას უყურე ერთი! – და ვიქტორს ალერსით უბიძგა.
    არიან ადამიანები, რომლებიც მიუხედავად თავიანთი ურცხვი პროფესიისა, ბუნებით არიან მორცხვნი, ისევე, როგორც ზოგჯერ უსათნოესი პროფესიის ადამიანები არიან აშკარად ურცხვნი. რატომ ხდება ასე – ალბათ იმიტომ, რომ ბუნებაში წესრიგთან ერთად უწესრიგობაც სუფევს, საგნები კი არ არიან ყოველთვის სამართლიანად განლაგებულნი.
    – რამდენი დავდო ჩემო ცუგრუმელავ? – კითხა ვიქტორმა.
    – ერთი საათი ოცი მანეთი! – იყო სხარტი პასუხი.
    ვიქტორმა კისერი მოიქექა – ძვირია!
    – სულაც არა, – იყო მოხდენილი და ალბათ დაზეპირებული პასუხი, როგორც ჩანს კლიენტები ხშირად ძვირობდნენ ფასებს და ბოზებსაც შემუშავებული ჰქონდათ მოხდენილი პასუხი – “სულაც არა!”
    – გადავიხდი ოცს, ოღონდ მე შენ დილამდე მჭირდები, – უთხრა ვიქტორმა ცუგრუმელას და კიდევ ერთხელ წაატანა ნაღმივით მკვრივ ძუძუზე ხელი.
    – ა-ა-რა შენი ჭირიმე! – იუარა ცუგრუმელამ – დილამდე 50 დაგიჯდება, – კიდევ ერთხელ დაიძვრინა ძუძუ და გვერდზე გახტა.
    – მე სულ 21 მანეთი მაქვს, ოცს შენ მოგცემ, მანეთი მე დამრჩება.
    – ა-ა-რა შენ შემოგევლე! –
    – მაშინ შენ წამოდი, – შესთავაზა ვიქტორმა მეორეს, მიწისქვეშა გადასასვლელის შემაღლებულ ზღუდეზე მჯდომ ნაცრისფერებში გამოწყობილ, ასაკით ცოტათი უფროსს, მგლისთვალა მეძავს და ხელი გაიშვირა მისკენ, თუმცა ხელის ძუძუზე წავლება ვერ შებედა. ეს სერიოზული ჩანდა – მგლისთვალა.
    – ჩვენ ჩვენი ფასი გვაქვს, თუ გეძვირება, მაშინ სხვებთან მიდი! – ურჩია მგლისთვალამ.
    აქ ვიქტორმა დასვა ცოტა არამართებული, როყიო შეკითხვა, რომ იტყვიან ჩაიჭრა და შედეგიც მაშინვე იგემა:
    – აბა, რომლები არიან იაფები? –
    გოგოებმა სიცილით და კისკისით დაუწყეს მითითება ისეთებზე, რომელნიც შესაძლოა არც იყვნენ ალბათ მეძავები, რადგან მათკენ მართლა არ გაიხედავდა არცერთი ხურუშიანი მაიმუნი და თუ მათ მაინც ვიღაც ეკარებოდა, ეს უკვე, ალბათ, იყო უტყუარი მანიაკალური ამბავი. ხომ არსებობენ პათოლოგიური ადამიანები, რომლებსაც ნორმალურ ქალთან სექსს, მძორთან სექსი ურჩევნიათ. ჰოდა ის მძორიც იდო იქ და თავის კლიენტს ელოდებოდა. გოგოები არ ცხრებოდნენ, თითებს იშვერდნენ და რიგრიგობით სთავაზობდნენ ვიქტორს ყველაზე იაფიანებს.
    – აი ეს კი უფასოდაც მოგცემს, – მიუთითა ვიქტორს ცუგრუმელამ, ვიქტორისდაჭირად შემთხვევით აქვე მიმავალ ჰერმაფროდიტზე.
    – ბანჯგვლაეთერო მოდი აქ! – დაუძახა მან ჰერმაფროდიტს.
    ბანჯგვლაეთერო – ასე ერქვა ჰერმაფროდიტს, მას ზურგზე დიდი პოლიეთილენის ტომარა ეკიდა, რომელიც პლასტმასის ბოთლებით იყო სავსე. ჰერმაფროდიტი ამ ბოთლებს ვაგზლის ტერიტორიაზე აგროვებდა, მერე აბარებდა და ამით ცხოვრობდა. საოცარია, მაგრამ მას პროსტიტუციიდანაც ჰქონდა მცირედი შემოსავალი. ალბათ ეთერომ ბავშვობისას მენინგიტი გადაიტანა, ან შესაძლოა დებილიზმის მსუბუქ სტადიაში იყო, ან კიდევ რაღაც, იმიტომ, რომ ჩანდა, აშკარად ჩანდა მასში გონებრივი სიჩლუნგის ნიშნები. ეთეროს ჰქონდა კაცისებური თავი ხშირი ჭაღარაშერეული წვერ-ულვაშით და ქალისებური ტანი ძუძუებით და თეძოებით. ის იყო ძალიან კოჭლი (თანდაყოლილი სიკოჭლით კოჭლი), ეცვა კაცის ძველი პიჯაკი და ლაქებიანი, გახვრეტილი შარვალი – ბინძური ძონძები.
    გოგოები ბანჯგვლაეთეროს უბოროტოდ ეხუმრებოდნენ, თითით ვიქტორზე მიუთითებდნენ, ეკითხებოდნენ ცოლად თუ გაყვებიო. ეთერო იშმუშნებოდა და თანხმობის ნიშნად მორცხვად უკრავდა კვერს, თან ალერსიან მზერას აპარებდა სასიძოსაკენ უნდობლად. გოგოებს ეს აკისკისებდათ და არც ვიქტორს აბრაზებდა სხვათა შორის.
    – წამოხვალ?! წამომყვები?! გიყვარვარ ეთერი?! – ეკითხებოდა მას ვიქტორი თანაგრძნობითა და ღიმილით.
    ეთერი პასუხობდა: – ჰო-ო-ო!
    – მისცემ უფასოდ ეთო? – კისკისით ეხუმრებოდნენ გოგოები.
    – უ-უფასოდ? არა-ა-ა! –
    – მაშ რამდენათა! – მის კილოკავზე უქცევდა ვიქტორი, – მაშ რამდენათა!
    – ხუთ მანეთათა! ხუთ მანეთათა! –
    მერე ვიქტორმა საჯდომზე მოუთათუნა ბანჯგვლაეთეროს ხელი, კარგი გოგო ხარო უთხრა, თავი დაუკრა ბოზებს და სხვებს, უფრო იაფიანებს მიუბრუნდა.
    აღმოჩნდა, რომ ამ სუსხიან საღამოს სითბოს, ჭერის, სასმელ-საჭმელის და ტიტველა ქალის ყიდვა თურმე პრობლემატური ყოფილა. არ ყოფილა საკმარისი 21 მანეთი ამქვეყნიური ბედნიერების საყიდლად. ბოზები თავისას ითხოვდნენ, ზარღრას კი არ გააჩნდა ქვეყნად არაფერი გაყიდული სულის, განთავისუფლების ცნობის, 21 მანეთის და ახლად ნაყიდი რეზინის ჩაქუჩის გარდა.
    ზარღრა დაფიქრდა. ის მოულოდნელად იმ ხასიათზე დადგა, როცა ადამიანი გაწბილებას იწყებს. მან პირი მომუწა, ქამარში გარჭობილ საკმაოდ მძიმე რეზინის ჩაქუჩის ხის ტარს თითები მოუჭირა და ის იყო ცხოვრებისათვის წარბქვეშიდან უნდა შეეხედა, რომ მოულოდნელად მისკენ მიმართული დამთრგუნველი ყურადღება იგრძნო, მოტრიალდა და გაოგნდა.
    მის წინაშე, პირდაპირ შუა ქუჩაში, დიდი, ბრგე, თავისთავში ღრმად დაჯერებული, კაცნახევარა ეშმაკი იდგა. სწორედ ისეთი, როგორსაც მას ხატავენ! ბალნიანი, ტლანქჩლიქიანი, შავდინგა და რქოსანი, თანაც რაღაცნაირად გამორჩეული, ელიტარული, არარიგითი ეშმაკი, არამედ არისტოკრატი და ჯენტლმენი ჯოჯოხეთისა. მარჯვენა ხელში მას ეპყრა უბადლო ნიმუში ხელოვნებისა – სამკბილა კვერთხი, ხოლო მარცხენაში მოკრძალების ღირს, იდუმალებით მოცულ, გიშრის უცხო კრიალოსანს ატრიალებდა.
    – ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰააა!!! – გადაიხარხარა ეშმაკმა, – მე ღორმენი ვარ შენი მოძღვარი, ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰააა!!! აბა წამოდი! წამო! წამოდი! გავიტასავოთ ჩათლახებს შორის!!!
    ვიქტორი მონუსხულივით აედევნა ღორმენს, მას ის მხოლოდ სახენაცვალი ჰყავდა ნანახი სულისმყიდველი ზედამხედველისა და ციხის უფროსის სახით და ახლა, ამდენ ხალხში, ვაგზლის გაჩახჩახებულ მოედანზე ასე აშკარად აბსოლუტში მისმა ხილვამ ელდა ჰკრა და თავზარი დასცა.
    – ქორწინება გადაგიწყვეტია შვილო ჩემო, ოჯახის შექმნა განგიზრახავს? – ღიმილით გაუყარა ხელმკლავი ღორმენმა ზარღრას.
    – დიახ უწმინდურო მამაო, ოღონდ ხანმოკლე, მოკლევადიანის. –
    – ხა-ხა-ხა – გულღიად გაიცინა ღორმენმა – მერედა ამას აბა რა სჯობს, რაც შეეხება ქორწინების ხანმოკლეობას, ეს შენ შვილო ჩემო ნუ შეგაცბუნებს. განა ყველაფერი წარმავალი არ არის ამ ქვეყნად, და ან არის საერთოდ რაიმე ჩვენი წვალების გარდა მუდმივი? ყველაფერი წარმავალია და ხანმოკლე! ცოცხალი არსება ხომ დაბადებასაც ვერ ასწრებს, როდესაც უკვე იწყებს სიკვდილს! შენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გაქვს გასარკვევი ჩემო ბიჭუნი!
    ზარღრა და მისი მოძღვარი პირდაპირ ბოზების “სტაიანკაზე” დატასაობდნენ ხელკავგაყრილნი და დარბაისლურად მასლაათობდენ. ღორმენი ამჟამად მხოლოდ თავისი მორჩილისათვის იყო აბსოლუტში, ხოლო იქმყოფმეჩხერკბილება ბრბოს კარგადმოვლილი ორმოცდაათიოდე წლის, წარმოსადგენი ჯენტლმენის სახით ევლინებოდა – ჯენტლმენისა, რომელსაც ოდნავ ეტყობოდა, რომ დალეული ჰქონდა ცოტაოდენი ღვინო, ის ხავერდოვნად ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა.
    – მშვენიერი მარგალიტები, ზღვის ლოკოკინათა სხეულში რომ ყალიბდებიან, სინამდვილეში ავადმყოფობაა მათი. ეს ავადმყოფობა ცდილობს გაფართოვდეს და მთელს ლოკოკინას მოედოს, ლოკოკინა კი თავის მხრივ ავიწროებს და ზღუდავს ავადმყოფობას, ამიტომ გამოდის მარგალიტი ასეთი მკვრივი, ასეთი ლამაზი, ასეთი იდუმალებით მოცული, მასში ხომ ამდენი განცდაა. ეს საბრალო ლოკოკინას ტკივილები და განცდებია – ლოკოკინისა, რომელიც თავის წუხილებს მარგალიტად აქცევს, ინახავს თავის სხეულში და მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ თავს დაიმარტოხელებს, წვება ზღვის ფსკერზე, ხსნის თავის ნიჟარას და ტკბება მარგალიტად ქცეული საკუთარი ტკივილების სილამაზის ცქერით.
    მხოლოდ ეშმაკმა უწყის მარგალიტად ქცეული, სათუთად შენახული ტკივილის ჭეშმარიტი ფასი და ამიტომაც მზაკვრულად და მალვით ტკივილს უნერგავს ის თავის რჩეულთ, რათა შემდეგ ჯოჯოხეთში მათი მისვლისას, ბანჯგვლიანი ხელით უხეშად პირი გაუღოს და შიგნეულიდან გულისფანცქალით ამოუგლიჯოს ერთ წვეთ ცრემლად ქცეული ტანჯვის, წვალების, ბოღმის და უიმედობის პატიოსანი მარცვალი. ძვირფასი საჩუქარი მბრძანებელთათვის, მბრძანებელთა მბრძანებელთათვის და მბრძანებელთა მბრძანებელთა მბრძანებელთათვის მუდმივი საჩუქარი მბრძანებელთათვის, რამეთუ ბოროტებას საზღვარი არ აქვს ამ ქვეყნად, ისევე, როგორც მბრძანებელთა მბრძანებლობას უკუნითი უკუნისამდე!
    ესენი იშვიათად დაყვებიან ბინაში კლიენტს, რადგან ამ საბრალოებმა არ იციან, რომ მათი ფანჯრიდან გადმოგდება, მათივე სახლიდან გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარი სახლის ფანჯრიდან. ისინი, როგორც უმეტესობა ამ ცოდვილ მიწაზე, წყეულნი არიან და მათი უბადრუკი, არაფრის ცხოვრებაც არაფერს არ აძლევს მათ სიცოცხლის შენარჩუნების და წვალების გარდა, შემოსავალიც თითქოს არა აქვთ მცირედი, მაგრამ ის მაინც თვალსა და ხელს შუა უქრებათ, რადგან ყველაფერი მიაქვს საჭმელს, სასმელს, დედილოებს, დაქალებს, ალფონსებს და ზნეობრივ პოლიციას. ისინი რეგულარულად ყლაპავენ აბებს, იკეთებენ ნემსებს ვენერიული და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ, არ უწვებიან და ზოგჯერ ქვეშიდანაც გამოუძვრებიან ხოლმე კლიენტს, ზედმეტად დამუწუკებულ სხეულიანს, ან ზედმეტად მყრალს. მათ ორგანიზმს ერთგვარი იმუნიტეტიც აქვს გამომუშავებული, მაგრამ გახსოვდეს, ზოგიერთ მათგანს, რჩეულთ მათ შორის, სადღაც ღრმად, უწმინდურ სიღრმეში აქვთ ჩაკირული, ჩაგლესილი, მოშუშებული და პირშეკრული, მკვრივი ლორწოვანი აპკით დაცული ნახველის მსგავსი ლორწოვანი გროვა. ეს გროვა მათი უკურნებელი სენია, სენი რომელიც, როგორც ლოკოკინა ებრძვით მათ და რომელსაც, თავის მხრივ, ლოკოკინებივით ებრძვიან ისინი, რაც გამოიხატება ბატონებში – ბატონებში, რომლებიც დროდადრო წითელ ღუდუდებად გამოყრით ხოლმე მათ, შემდეგ კი ბატონები ისევ შოშმინდებიან. აი, ასე ყალიბდება მათში სიბრძნისა და სისპეტაკის პატიოსანი მარცვლები.
    ქუდი მოიხადეთ და მოიდრიკეთ ქედი, როცა მოხვდებით მეძავებს შორის ძაღლიშვილებო!!!
    ამ სიტყვების შემდეგ ღორმენმა იქ მყოფ უწმინდურ ბრბოს, როგორც მოძღვარმა სამწყსოს, თვალი მოავლო და ბატონკაცური კეთილგანწყობით ზარღრას დარბაისლურად ჰკითხა:
    – რა, არ იძლევიან ეს ბოზები იაფად?
    – არ იძლევიან ამათი! – გულდაწყვეტით ჩაიქნია ხელი ზარღრამ.
    – მოგცემენ, შვილო ჩემო, მოგცემენ! – მხიარულად ლაპარაკობდა ღორმენი.
    ის არ იყო ვირთხისმაგვარი კიკიმორი, არც ბოროტუნი, ან ანცი, არ იყო ის, აგრეთვე, მუხისთავკუნძა ქაჯი, ის ელიტარული ეშმა და ჯენტლმენი იყო ჯოჯოხეთისა. ღორმენს უყვარდა ხუმრობა და ამით იყო საშიში. ის ხუმრობის მეშვეობით რწყმედდა უმანკო სულებს.
    – უბრალოდ, ალბათ არ გამოინახა შენი ტოლი და სწორი! ეძიე – უძიე შვილო ჩემო შენი ბედი, შესაძლოა ის აქ არის, შენს გვერდით?
    – ფული არ მყოფნის მამაო, თორემ ბედის მეტი რა არის, – წაიბუზღუნა ზარღრამ.
    – მერე შენც ეშმაკური ხრიკი იხმარე, – ურჩია ღორმენმა, – ხომ ხედავ სასტუმროს, ამათ ან ამ სასტუმროში დაყავთ თავიანთი კლიენტები, ან კიდევ პატარ-პატარა იაფიან აბანოებში, აქვე შორიახლოს, სასტუმროში წასვლას არ გირჩევ, იქ დედილო ყვირილს ატეხავს. აი, აბანოში კი სხვა საქმეა, იქ შენ ბოზთან ერთად შეიკეტები ერთი საათით, მერე რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს დაჰყოფ. მეაბანოვე არასოდეს არ ატეხავს ყვირილს, იმის გამო, რომ ზნეობრივი პოლიციის მოსვლას მოერიდება. არ კითხავენ ქალი და კაცი ერთად რატომ შეუშვიო? რასაკვირველია, იგივეს დედილოსაც კითხავენ სასტუმროში, მაგრამ დედილო თავს გაიმართლებს იმით, რომ არ იცოდა რისთვის შედიოდნენ. მეაბანოვე კი ამით თავს ვერ გაიმართლებს. აქედან ორას მეტრში პატარა აბანოა, იქ მე ვმუშაობ მეაბანოვედ და სერგო მქვია. უბრალოდ, დიდი ხანია მაგ სახეცვალებაში ვარ და აღარც კი მახსოვს, რომ ღორმენი ვარ, თუ მოხვალ და გამახსენებ, კარგს იზამ. შენი ნაცნობი კაჭიჭი და ჩონთაც მანდ მუშაობენ ცეცხლფარეშებად, რა თქმა უნდა, სახეცვალებაში! ისე, რომ მოდი! თუ კარგ პატარძალს მოიყვან, შეიძლება მეც ვიხმარო, არც ბიჭებს არ აწყენთ. სულ უკიდურეს შემთხვევაში, თუ იქ არ დაგხვდი, ან ვაითუ ვერ გავიხსენე, ღორმენი რომ ვარ, ან თუ შენ ვერ გიცანი და დავუშვათ წყალი გამოგირთე, შენ მაინც იხტიბარი არ გაიტეხო. საქვაბე შიგვეა და არ გაიყინები, იქ მუდამ ისეთი სითბოა, რომ თავი ჯოჯოხეთში გეგონება. ეს რომ უთხრა, ღორმენმა თავის მორჩილს თვალი ჩაუკრა.
    – შეიძლება გკითხოთ მამაო ღორმენ? – მოწიწებითა და მადლიერებით მიმართა ვიქტორმა მოძღვარს.
    – ბრძანე შვილო ჩემო! – უპასუხა ღორმენმა ზარღრას.
    – მამაო ღორმენ, თქვენ ეს წუთია ბრძანეთ, რომ აბანოშიაც მუშაობთ პარალელურად და აბა რაღა გახსოვთ, თუ საკუთარი ვინაობა არა?! –
    ღორმენმა ხელი მოხვია ვიქტორს მხარზე, განწყობილება გამოიცვალა და თქვა:
    – ეჰ, ზარღრა, ზარღრა, ჩვენ ჩვენი უსასრულო ტანჯვის პროცესში ზოგჯერ გვავიწყდება საკუთარი მეც. – მერე იქ შეკრებილ მეჩხერკბილება ბრბოს გადახედა და განაგრძო, – აბა შეხედე ამათ, ნუთუ შენ ფიქრობ, რომ ამათ ახსოვთ თუ ვინ იყვნენ ისინი ადრე, ან თუ გგონია, რომ მათ იციან, ვინ არიან ისინი დღეს!
    ზარღრამ მოწიწებით დახარა თავი.
    – ახლა კი უნდა წავიდე ზარღრა, – ისევ მხნედ და ისევ ხალისიანად წარმოთქვა ღორმენმა, – წასვლის წინ კი ერთი მითხარი – შენ ჩემს ნათქვამში ყველაზე მეტად რა მოგეწონა?!
    ზარღრამ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, ხელები ორატორულად გაშალა ფართოდ, გულღიად გაიღიმა და დაიძახა ომახიანად:
    – გავიტასავოთ ჩათლახებს შორის!!! –
    კმაყოფილების ღრუტუნი აღმოხდა ღორმენს. არ მოელოდა ის ამგვარ ქცევას მორჩილისაგან. დარბაისლურად გაშალა სამკაპისა და კრიალოსნის მპყრობელი ხელები ფართოდ და ზარღრა შვილივით ჩაიკრა გულში. უნდა ითქვას, რომ ზარღრამ თავისი ხმამაღალი შეძახილით, იქმყოფთა შორის კმაყოფილება გამოიწვია. მოძღვარმა და მორჩილმა ერთხელ კიდევ გაიტასავეს ხელკავგაყრილებმა ჩათლახებს შორის. კლიენტებიც და ბოზებიც მოწიწებით უთმობდნენ მათ გზას, რადგანაც გრძნობდნენ ღორმენის უხილავ ძალას. მორჩილი და მისი მოძღვარი კიდევ ერთხელ გადაეხვივნენ განშორებისას ერთმანეთს. ღორმენი წავიდა, წასვლის წინ, კარგ ხასიათზე მყოფმა თავს კიდევ ერთი პატარა ანცობის უფლება მისცა: მან იქვე მიმავალ უცნობ ქალიშვილს, არამეძავს, არამედ უბრალოდ გამვლელს ქვეშიდან ამოჰკრა კურტუმოში ხელი, იმგვარად, რომ ჰაერშიც კი შეახტუნა და თან ისე ძლიერად მოუჭირა კაუჩუკის გავაზე, რომ საწყალ გოგონას კინაღამ მოაგლიჯა ტრაკი, რითაც აღტაცებაში მოიყვანა იქმყოფი მეჩხერკბილება ბრბო.
    ზარღრას ღორმენის რჩევა ჭკუაში დაუჯდა. ის გამხნევდა, გამხიარულდა და შეუდგა საქორწინო სამზადისს. ჩავიდა საღამოს ბაზარში, იყიდა 4 ცალი პრეზერვატივი, საჭმელ-სასმელი იაფად, ოცი მანეთისა, ერთი ქეციანი მანეთიანი ჯიბეში ჩაიტოვა საჯიშედ და ასე სანოვაგით დატვირთული მიადგა ბოზების “სტაიანკას”. ეს ყველაფერი ართობდა ზარღრას, ართობდა და აცინებდა, იწვევდა მასში სხვებისათვის უხილავ ხარხარს. დამცინავი თავისუფლებაც კი შეცბუნებული იყო მომხდურის გაუგონარი საქციელით, რადგან ის მას პირიქით დასცინოდა, და თუ თავისუფლება ევლინებოდა ვიქტორს არასასურველი ფორმით, ის უარესად ამახინჯებდა მას. მანჭიაობის მოყვარულ თავისუფლებას ის კიდევ უფრო ამახინჯებდა.
    – აბა ვინ მოდის აბანოში, ერთი საათი 20 მანეთი – სთავაზობდა ვიქტორი პირობებს მეძავთა ჯგუფებს.
    ზოგიერთები თანხმდებოდნენ, მაგრამ გასამრჯელოს ითხოვდნენ წინასწარ, ვინაიდან ვაგზლის ბოზების კლიენტურა არ იყო საიმედო ხალხი. გარდა ამისა, ეჭვს ბადებს სანოვაგით სავსე დიდი ცელოფნის პარკი, რომელიც აბანოში სრულებით არ იყო საჭირო. მეძავები გრძნობდნენ, რომ ვიქტორი რაღაც სხვას, მათ მიერ გაუთვალისწინებელს გეგმავდა და ეს ასეც იყო, მას ხომ ერთი ქეციანი მანეთიანის მეტი ფული არ ჰქონდა.
    ბოზები მოულოდნელად მოსულმა მთვრალმა ზნეობრივმა პოლიციელმა დაფანტა დედის გინებით, პანღურის რტყმევითა და რეზინის ხელჯოხის ქნევით, შემდეგ კი დაცარიელებული “სტაიანკის” შუაგულში ბარბაცით დადგა, კაბურიდან უზარმაზარი რევოლვერი ამოიღო და გამარჯვების ნიშნად ჰაერში გაისროლა.
    – წადით აქედან, წადით! – დაიღრიალა მან.
    – მორჩა ხორცით ვაჭრობა, წადით! – ყვიროდა ის.
    პოლიციელი ახლა კლიენტებს უყვიროდა და ხელში რევოლვერს ატრიალებდა. კლიენტებმაც ნელ-ნელა დაიწყეს და მალე “სტაიანკაზე” თითქმის აღარავინ დარჩა. ვიქტორიც მოერიდა პოლიციელს, უკან დაიხია თავისი პარკით და ზურგით მის უკან მდგომ და განგების ძალით მის მომლოდინე ბანჯგვლაეთეროს მიაწყდა.
    – აი ტიტველა ქალიც! – თავის ფიქრებში დასცინა მოქალაქე ვიქტორ ნაზრაძემ საკუთარ თავს.
    – წამოხვალ ჩემთან აბანოში? – ჰკითხა მან ბანჯგვლაეთეროს დუმაზე ხელის წავლებით, – შენ იქ დაიბან ტანს, გაიპარსავ, თუ საჭიროა ზოგან დუსტსაც მოიყრი და მერე მე და შენ დილამდე ვისიამოვნებთ ორთქლსა და ქაფში, – ეუბნებოდა გაგიჟებული ვიქტორი ბანჯგვლაეთეროს, – მერე კი დილით მოგცემ ორმოცდაათ კაპიკს და იყავი კარგად! ჯოჯოხეთში შევხვდებით! მოდიხარ?! –
    – ჰო-ო-ო!!!
    ვიქტორ ნაზრაძემ ბინძურ კისერში წაავლო ბანჯგვლა ეთეროს უხეშად ხელი და პატარა უსუფთაო ვაგზლის აბანოსკენ გაუტია დასაქორწინებლად. ასე კისერში ხელწავლებული მიჰყავდა ნეფეს თავისი კოჭლი, ჭაღარა, წვერულვაშიანი, უსუფთაო დედოფალი. დედოფალს ზურგზე ეკიდა ვაგზლის ტერიტორიაზე შეგროვებული პლასტმასის ბოთლებით სავსე ტომარა, რომლის წართმევასა და გადაგდებასაც უშედეგოდ ცდილობდა ნეფე. ნეფეს, თავის მხრივ, ხელში ეჭირა ცელოფნის დიდი პარკი, რომელშიც იდო საქორწილო საჭმელ-სასმელი, 4 ცალი პრეზერვატივი და მძიმე, ხისტარიანი ჩაქუჩი.
    იყო სუსხი. ციოდა.

    © “არილი“