-
-
ნინო ტეფნაძე – პაატა შამუგიას ,,უპირატესობის” შესახებ
პოეტები მხოლოდ ქაღალდზე რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან. პოეტური თვალით, პოეტური გულით და დიდი ოცნებით გასხივოსნებული სხვაც ბევრი დადის დედამიწაზე, “- ეს სიტყვები ,,ნატვრის ხიდანაა” და ალბათ, თავის დროზე მათ სანუგეშებლად შეიქმნა, ვისაც პოეტობა უნდოდა და არ გამოუვიდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. პოეტები აღარც ქაღალდზე წერენ, არც მაინცდამაინც რითმებით ლაპარაკობენ და მით უმეტეს, დიდი ოცნებით გასხივოსნებულნი აღარ დააბიჯებენ დედამიწაზე.
ასე მაგალითად, პაატა შამუგიას მე დედამიწაზე უფრო ხშირად სოციალურ ქსელში ვხვდები. კამათისას ყოველთვის მზად აქვს ხოლმე სათანადო ირონია და მოწინააღმდეგის მხარზე დასაცემად საჭირო ციტატები. რაც მთავარია, მის სტატუსებსა და კომენტარებს თუ გადახედავთ, მიხვდებით, რომ ის არაა პოეტი ლეონიძისეული გაგებით. არც ქაღალდზე წერს, არც ტრადიციულ რითმებს წყალობს და საერთოდაც, კარგად ესმის, რომ პოეზია უსაქმურობის ხელოვნებაა და ღმერთთან მას ხელი არ აქვს.
მიუხედავად ამისა, რელიგიური მოტივები მის ლექსებში მაინც უხვადაა. პრინციპში, ამას უკვე რელიგიური მოტივებიც აღარ ჰქვია, ეს რაღაც ფამილარული დამოკიდებულებაა ღმერთთან. როცა შეგიძლია, მას ზურგზე ხელი დაუტყაპუნო და ნახევრად (!) ხუმრობით უთხრა: ,,მოდი, როლები გავცვალოთ, ღმერთო, შენ იყავი პაატა შამუგია, მე ვიქნები ღმერთი”. ვიღაცისთვის ასეთი მიდგომა იაფფასიანი ტრიუკია, ვიღაცისთვის – ეპატაჟი. ჩემთვის საქმე გაცილებით მარტივადაა. პაატა მორწმუნე არაა, რის გამოც თავს უფლებას აძლევს, ყოველგვარი მოწიწებისა და ტაბუების გარეშე იმეგობროს ღმერთთან. ან სულაც ითანამშრომლოს. კრებულ ,,უპირატესობაში” პაატა შამუგია, უფალი და საბჭოთა კავშირი მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და თითოეული მათგანის ,,უპირატესობა” მხოლოდ პირობითია.
ასეთივე ფამილარული დამოკიდებულება აქვს ავტორს ენასთანაც. სიტყვებთან ურთიერთობისას ის თავდაჯერებულია, როგორც ფილოლოგს ეკადრება და თავხედი, როგორც პოეტს მოეთხოვება. პაატას ლექსებში ხშირად წააწყდებით კონტექსტში სავსებით ლოგიკურად ჩამჯდარ ნეოლოგიზმებსა და სიტყვების ეკლექტურ სიმრავლეებს (,,კონიუნქტურული ,,დედაენა” უცხოელი ტურისტისათვის”, ,,მომხდართა ლოცვა”, ,,მეთერთმეტე მცნება”), მელოდიურ ალიტერაციებსა და გონებამახვილურ შედარებებს.. და ამ ყველაფერს შემთხვევითობის სასიამოვნო კვალი ატყვია. თითქოს, ლექსის წერის დროს წინ ეწყოს სიტყვებით სავსე ტომრები და მათგან ამოღებულ სიტყვებს ანგარიშმიუცემლად არგებდეს ერთმანეთს. მიუხედავად ასეთი ,,დაუდევრობისა”, ყოველი შედარება ბუნებრივი გამოდის: ,,სიყვარული ისეთი სახიფათოა, როგორც კონტრაბანდა/
და ღიმილი პირდაპირი, როგორც ვარდნა”, ყოველი მეტაფორა კი – ემოციურად ზუსტი:
,,მიწაში საიმედოდ ჩათესილმა მკვდრებმა გაიხარონ,
ყლორტები გამოიღონ,
ხელებზე ხილ(ებ)ი გამოებათ და ვიხილოთ ხილი”.
ვფიქრობ, ემოციური სიზუსტე იმით მიიღწევა, რომ პაატა პოეტი-ცენზორია. დაუნდობლად ცხრილავს ხოლმე საკუთარ ლექსებს, გადარჩენილი ლექსებიდან- მონაკვეთებს, გადარჩენილი მონაკვეთებიდან კი – სიტყვებს. შედეგად კი 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 1 თხელი კრებული მიიღება. სამაგიეროდ, ის, რაც წიგნში ხვდება, საუკეთესოა.
წიგნში ლექსებთან ერთად პოემაა შესული, ,,უპირატესობა”. ის ათი თავისგან შედგება და თითოეულ მათგანში სხვადასხვა კუთხით შლის მთავარ თემას – საბჭოთა კავშირს. ასოციაციები ერთი შეხედვით, ბანალურია: სიკვდილი, დუმილი, წითელი ფერი, გადასახლება. სამაგიეროდ, ამ ასოციაციების გამოხატვის ფორმაა განსხვავებული. ასე მაგალითად, იღებს პოეტი წინადადებას ,,ამხანაგ მამას ასახლებენ მიუდგომელ სიცივეში” და სამი სერიის თერთმეტ მწკრივში აუღლებს. ამ ექსპერიმენტის შედეგად კი საინტერესო პოეტური პარადიგმა იბადება. გარდა ამისა, უხვადაა საბჭოთა რეჟიმის აღმწერი ახალი სიმბოლოები: შიშის დესანტები, წითელი მგლები, ანონიმური რეალობა.. აქ ვერსად ნახავთ ნამგლებსა და უროებს. საბჭოთა მიმართებები პაატა შამუგიასთან არაპროგნოზირებადია, როგორც მომავალი წლის ამინდი.
ჰო, აი წერას უკვე ვასრულებდი და გამახსენდა, რაც აქამდეც უნდა მეთქვა. პაატა მხოლოდ სოციალურ ქსელში არაა ირონიული. ის ირონიას ლექსებშიც იყენებს და ალბათ, სწორედ ამით გაურბის პოეტურ ტრადიციად ქცეულ სენტიმენტებს. როგორც წესი, მისი ირონია არ ტოვებს წმინდა, ხელშეუხებელ თემებს, რაც სულაც არაა გასაკვირი. აკი თვითონ პაატაც ამბობს, რომ პოეზია მხოლოდ საგნებისთვის ადგილის შეცვლაა. ადგილის შეცვლას კი ღმერთიც ისე ექვემდებარება, როგორც ნებისმიერი მოკვდავი.
პ.ს. ჩემთვის სწორედ ეს – ღმერთსა და ადამიანს შორის წაშლილი ზღვარია პაატას პოეზიის მთავარი ,,უპირატესობა”.
© kalmasoba.com -
მალხაზ ხარბედია – ჰერმან ჰესეს “ნარცისი და გოლდმუნდი”
გამოვიდა ჰერმან ჰესეს “ნარცისი და გოლდმუნდის” მეორე გამოცემა। მარიამ ქსოვრელისმიერ თარგმნილი XX საუკუნის ეს კლასიკური ნაწარმოები გამომცემლობა “სიესტამ” დაბეჭდა.ჰესეს პროზას პირველად სკოლის წლებში გავეცანი. პირველი წიგნებიც მახსოვს – სოლომონ აპტის მიერ რუსულად თარგმნილი “ტრამალის მგელი”, ლურჯი, უხეში გარეკანით, თეთრი, თხელყდიანი “მოხილვა დილის ქვეყნისა”, ქართულ ენაზე და ასევე ქართულად – “დამსვენებელი”, სადაც “ტრამალის მგელიც” იყო შესული.
ჰესეს მთავარი რომანის, “თამაში რიოში მარგალითებით” და კიდევ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სხვადასხვა დროს თითქმის მთელი ჰესე ოთარგმნა ქართულად: ნანა გოგოლაშვილმა თარგმნა “დამსვენებელი” და “ტრამალის მგელი”, რეზო ყარალაშვილმა და რუსუდან ქებულაძემ “მოხილვა დილის ქვეყნისა”, დალი ფანჯიკიძემ ჰესეს ესეები, მაია მირიანაშვილმა “დემიანი” და “ავგუსტუსი” (“ავგუსტუსი” ქ-ნმა ნანა გოგოლაშვილმაც თარგმნა). სხვადასხვა დროს ჰესე გადმოაქართულეს ასევე გიორგი მაჭუტაძემ, ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანმა, სოსო პაიჭაძემ, რუსუდან ბეჟაშვილმა, კოკო გამსახურდიამ და სხვებმა. ეგ კიარა, მეც კი მაქვს ჰესეს ერთიორი ესე თარგმნილი, ოღონდ, სამწუხაროდ დედნის ენიდან არა.
ჰერმან ჰესეს შემოქმედებაში ჩვენი, ქართველი მკითხველის მეგზური რა თქმა უნდა რეზო ყარალაშვილი იყო, მისი თანაავტორობით თარგმნილი წიგნების გარდა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს კომენტარები, რომლებსაც არამხოლოდ ქართულ, არამედ რუსული გამოცემებისთვისაც ამზადებდა ხოლმე ბატონი ბუბა, წინასიტყვაობები, პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები ჰესეს შესახებ და რაც მთავარია, მისი ორი უმთავრესი წიგნი – 1980 წელს თბილისში გამოცემული “ჰერმან ჰესეს შემოქმედების პრობლემები” და მონოგრაფია “ჰერმან ჰესეს რომანის სამყარო”, რუსულ ენაზე (1984).
დღევანდელი ჩვენი წიგნის, ანუ “ნარცისი და გოლდმუნდის” მთარგმნელიც, მარიამ ქსოვრელი, რა თქმა უნდა, ბუბა ყარალაშვილის მოსწავლე იყო:
“ასეთი თემა მომცა ბატონმა ბუბამ დასაწერად – “სონატის ფორმა ნარცისსა და გოლდმუნდში” (მაშინ ხელოვნებათმცოდნეობაზეც ვსწავლობდი, სადაც მუსიკის თეორიაც ისწავლებოდა…) და წიგნები მომცა დასამუშავებლად… “ნარცისი და გოლდმუნდი” ეს არის რომანი, რომელსაც გარკვეული აგებულება აქვს, არქიტექტონიკა, ანუ გარკვეულ ჩარჩოშია მოქცეული…”.
ეს წიგნი მეორედ გამოვიდა ქართულ ენაზე, პირველად იგი ბუბა ყარალაშვილის ვაჟმა, ოთარ ყარალაშვილმა გამოსცა 2001 წელს, 8 წლის შემდეგ კი ისევ გაჩნდა აუცილებლობა წიგნი ხელმეორედ დასტამბულიყო, შედარებით დიდი ტირაჟით (სხვათა შორის, არ იქნება ურიგო, თუკი რომელიმე გამომცემლობა “ტრამალის მგელის” ხელახალ გამოცემასაც მოაბამს თავს).
ჰერმან ჰესეს სახელი, როგორც აღვნიშნე, კარგადაა ნაცნობი ქართველი მკითხველისთვის, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ლიტერატურული ნობელის გარდა თავის დროზე მას გოეთესა და გოტფრიდ კელერის პრემიები აქვს მიღებული, 1955 წელს კი 78 წლის მწერალს გერმანელ წიგნით მოვაჭრეთა პრესტიჟული, მშვიდობის პრემია მიენიჭა, რომლითაც სხვადასხვა დროს დაჯილდოვდნენ: ალბერტ შვაიცერი, მარტინ ბუბერი, კარლ იასპერსი, ასტრიდ ლინდგრენი, იეჰუდი მენუხინი, სიუზენ სონტაგი, ორჰან ფამუქი და მრავალი სხვ.
“ნარცისი და გოლდმუნდი” ჰესემ 1930 წელს დაიწერა და იგი მწერლის შედარებით გვიანი პერიოდის რომანად ითვლება. ამ ნაწარმოების შემდეგ ჰესემ მხოლოდ ორი მოზრდილი წიგნი შექმნა, “მოხილვა დილის ქვეყნისა” (1932) და “თამაში რიოში მარგალიტებით” (1943). რომანი გამოსვლისთანავე ძალიან პოპულარული გახდა, იგი მაშინვე ითარგმნა ნიდერლანდურად, პოლონურად, იტალიურად. ინგლისური თარგმანის ერთ-ერთი ინიციატორი კი, როგორც ბუბა ყარალაშვილი აღნიშნავს თავის ერთ-ერთ სტატიაში, თომას მანი ყოფილა. თომას მანსვე ეკუთვნის რომანის ძალზე ზუსტი დახასიათება. იგი ჰერმან ჰესეს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღნიშნავდა:
“შვაბი ლირიკოსისა და იდილიკოსის დამოკიდებულება ვენის ეროტოლოგიური სიღრმის ფსიქოლოგიის სფეროსადმი, იმ სახით, როგორც იგი გამოიკვეთა “ნარცისსა და გოლდმუნდში” – ამ, სიწმინდისა და ორიგინალობის თვალსაზრისით მართლაცდა განუმეორებელ რომანში, – წარმოადგენს სულიერ პარადოქსს, რომელსაც არაჩვეულებრივი მიმზიდველობა გააჩნია”.
რომანი ნამდვილად მიმზიდველია, იგი განსაკუთრებული რიტმით გამოირჩევა და თუკი ალღო არ მღალატობს, ეს რიტმი ქართულ თარგმანშიც კარგად იკითხება, აქაც მოჩანს დროისა და თხრობის ის მდინარება, რომელიც “ნარცისსა და გოლდმუნდს” ჰესეს სხვა წიგნებისგანაც გამოარჩევს და ზოგადად ლიტერატურის ისტორიაშიც განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს მას.
წიგნს მთარგმნელმა მარიამ ქსოვრელმა “მხატვრული თარგმანის კოლეგიაში” მუშაობისას მიაკვლია:
“მხატვრული თარგმანის კოლეგიაში ველოდებოდი წიგნს, რომელსაც სათარგმნად გადმომცემდნენ. მახსოვს ერთ ოთახში ვიყავით ზურაბ ჭავჭავაძე, ბატონი ლევან ბრეგაძე და მე. და ლევან ბრეგაძემ მითხრა მაშინ, მე უკვე დავიწყე “ნარცისისა და გოლდმუნდის: თარგმნა, რამდენიმე თავი უკვე გაკეთებული მაქვს და მოდი ერთად ვიმუშავოთ ამ ნაწარმოებზეო. მე გაგატან ამ თავებს, შენ იმუშავე, განაგრძე შემდეგი თავების თარგმნა და ასე, ერთობლივად შევასრულოთ ეს სამუშაოო. მაგრამ სამწუხაროდ მერე ისე მოხდა, რომ ბატონ ლევანს ოჯახური მდგომარეობა შეეცვალა, მეუღლე გარდაეცვალა, მთელი მისი ყურადღება ბავშვების აღზრდაზე იყო გადასული. ამიტომ მე მარტო მომიხდა ამ წიგნზე მუშაობა”.
ეს რომანი, XX საუკუნის კლასიკური ე.წ. აღზრდის რომანია, აქ მთავარმა გმირმა, გოლდმუნდმა, თავისი ცხოვრების გზა უნდა გაიაროს, გზა, რომელიც სავსეა ცოდვებით. ამ გზის დასაწყისთან ნარცისი დგას, ახალგაზრდა ბერი, გოლდმუნდის თვალისამხელი, და ასევე ნარცისია ის ადამიანი, ვისთანაც დაბრუნდება გოლდმუნდი განვლილი ცხოვრების შემდეგ, სწორედ “ნარცისის “თერაპიული” ჩარევის შედეგია ის, რომ რაც სხვა შემთხვევაში განუკურნებელი სენის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო, იქცევა უშრეტ შემოქმედებით ძალად, რომელიც გოლდმუნდის მთელ ხელოვნებას ასაზრდოებს და სამყაროს იდუმალებასთან აკავშირებს მას” (რეზო ყარალაშვილი).
გარდა გოლდმუნდისა, წიგნში, უფრო სწორად კი ამ წიგნით, სხვებიც იზრდებიან, ისინი ვინც ყურადღებით კითხულობენ წიგნს. იზრდებიან მთარგმნელებიც. მაგალითად, ზოგი ციხეში იზრდება, ზოგი გაჭირვებაში, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თარგმნისას იზრდებიან:
“თხუთმეტი წლის წინ ჩემში ჯერ ის გამოცდილებები არ იყო, რაც აქ არის თავმოყრილი. თარგმნისას თან ვსწავლობდი, ვსწავლობდი ცნებებს, იმ სამყაროს, ძალზე საინტერესო სამყაროს, რაც წიგნში იყო”.
ამჯერად მარიამ ქსოვრელი ჰესეს უმთავრეს წიგნზე მუშაობს, “თამაში რიოში მარგალიტებით”, რომელიც კარგი რედაქტორებისა და რაც მთავარია, კარგი წამკითხველების წყალობით, მოვლენად შეიძლება იქცეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში.
© radiotavisupleba.ge -
მალხაზ ხარბედია – გივი ალხაზიშვილის “ჩაბრუნებული მზერა”
გამომცემლობა “საუნჯემ” გივი ალხაზიშვილის პოეტური კრებული, “ჩაბრუნებული მზერა” გამოსცა, რომელშიც ძირითადად პოეტის 2010 და 2009 წლებში შექმნილი ლექსები შევიდა।ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე გივი ალხაზიშვილის 3 წიგნი გამოვიდა. გამომცემლობა “ინტელექტმა” უკვე ტრადიციად ქცეულ სერიაში, “პოეტის 100 ლექსი” გამოსცა მისი რჩეული, გამოვიდა პოეტის ავტობიოგრაფიული რომანი “მომავალი წარსული” და კრებული, რომელიც ძირითადად ბოლო წლებში დაწერილ ლექსებს მოიცავს.
კრებულს “ჩაბრუნებული მზერა” ჰქვია და იგი პოეტის ცხოვრებაში ყველაზე სევდიანი და ტკივილიანი პერიოდის ანარეკლია. ერთ-ერთი ლექსის ეს სათაური, “ჩაბრუნებული მზერა” ძალზე ზუსტად ასახავს იმ მდგომარეობას, რომელიც წიგნს თითქმის მთლიანად გამსჭვალავს და სადაც ავტორი წარსულს უბრუნდება, სადაც თვალი “…ჩაბრუნდება თავის სიღრმეში, რომ თავდაპირველ ბინდში დასახლდეს”.
ლიტერატურათმცოდნე გაგა ლომიძემ სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება გივი ალხაზიშვილის ბოლო წიგნზე საუბრისას:
“ეს უკუსვლა თითქოს მეხსიერებაში, პოეტის წარსულში დაბრუნებას გულისხმობს, ანუ იგი არის საკუთარ წარსულ ისტორიებში ჩაღრმავება, კონკრეტული ისტორიის, საკუთარი მეს შეცნობის მცდელობა”.
წიგნი გაგა ლომიძისვე წინასიტყვაობით იხსნება, ესსეთი, სახელწოდებით “ხსოვნის იმაგინატიური ტოპოსი”, ბოლოში კი წიგნს კიდევ ერთი კრიტიკული წერილი ერთვის, ნანა ტრაპაიძის “ზღვართან ყოფნის პოეტიკა”.
გივი ალხაზიშვილი იმ პოეტთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ცდილობს ყოველთვის სიახლეები წარუდგინოს მკითხველს, მას არ უყვარს კრებულიდან კრებულში ლექსების გადატანა და ყოველი მომდევნო წიგნის “რჩეულად” გადაქცევა. იგი ძირითადად ახალ რკალებსა და დაუბეჭდავ ლექსებს გვთავაზობს ხოლმე:
“გივი ალხაზიშვილის ახალი, ბოლო კრებული, ჩაბრუნებული მზერა აერთიანებს მის სხვადასხვა პერიოდის ლექსებს, იწყება 2010-2009 წლის ლექსებით, თითქოსდა საგანგებოდ არის ეს უკუსვლა დროში, შემდეგ მოდის 2008-2007 წლის ლექსები და ბოლოს უკვე სხვადასხვა, 90-იან და 2000-იან წლებში დაწერილი ლექსები, რომლებიც ავტორმა დღესაც აქტუალურად მიიჩნია.”
ამ კრებულში, შეიძლება ითქვას პოეტის სულის ბიოგრაფიაა მონიშნული, ბიოგრაფია თავისი განცდებითა და ყოველდღიური შთაბეჭდილებებით, ტკივილებითა და გამონათებებით, დაკვირვებებითა და მიგნებებით.
აქ ნახავთ, აგრეთვე ე.წ. სამოქალაქო ლირიკასაც და დიპტიქს “თუშური პასტორალი”, სადაც ორი სტილისტიკა ენაცვლება ერთმანეთს და კონვენციური ლექსისა და ვერლიბრის ბუნებრივი შერწყმის ადგილას ახალი სტილისტიკა იშვება:
“ამ კრებულში შესული ლექსები გამოირჩევა მრავალფეროვანი რიტმით, ამით იგი ჯაზურ კომპოზიციასაც წააგავს, ყოველ შემთხვევაში მისი ლექსების უმრავლესობა ასეა. ამავდროულად გივი ალხაზიშვილი ექსპერიმენტებსაც მიმართავს, მაგრამ პარალელურად იგი მუშაობს კონვენციურ, ტრადიციულ სალექსო ფორმებში, რომლებიც გარკვეულ მიზნებს ემსახურება. ზოგ შემთხვევაში ეს ხდება უფრო ლირიული შეგრძნებების გასაძლიერებლად, ზოგ შემთხვევაში კი უფრო ირონიულ-პაროდიული კონოტაციებისთვის გამიზნული.”
პოეტის ლირიული შეგრძნებებისა და მისი ბიოგრაფიის განუყოფელი ნაწილია ექვსი ეპისტოლე, პირველ რკალში გაფანტული ლექსები, “ქარის ხსოვნა – იანვრის ეპისტოლე”, “ჩაბრუნებული მზერა – თებერვლის ეპისტოლე” და ა.შ. ეს ლექსები წელს დაიწერა, თუმცა მათ გარდა მე განსაკუთრებით გამოვარჩევდი ლექსებს: “გახედვა საღამოსკენ”, “სიჩუმე, შენი სუფლიორი…”, “ეს დღე სად გაქრა?!”, “თუშური პასტორალი”, “ზღვართან”.
სრულიად განსხვავებული, ახალი რიტმული და თემატური მუხტის მატარებელია გივი ალხაზიშვილის ორი ლექსი – “დავიწყებულთა რეკვიემი” და “სასულე ორკესტრის თანხლებით”, ხოლო მისი “უხმო ნატირალი” ჩვენი ბოლო ომის, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და ღრმა გააზრებაა:მე არ ვარ მიწა
და მიწადაც ვეღარ ვიქცევი,
ვარ ფეხადგმული ტერიტორია,
იძულებით ადგილნაცვალი –
ჩემი სხეულით, ჩემი გულით, ჩემი ფიქრებით
თანდათანობით გარდავისახე იმ მინდვრებად,
რომ გადაბუგეს
და საფლავებად
ბნელ სარდაფებში და ძველ ბაღებში რომ გადამალეს, –
ბორცვებად ქცევას რომ ვერ ბედავენ
საგულდაგულოდ დატკეპნილები.ვიქეც უძრავ ტერიტორიად,
მხოლოდ ბუფერად –
ისევ სიკვდილ-სიცოცხლეს შორის,
რომელსაც უკვე მოძალადე ვეღარ დაიპყრობს,
როცა მკვდრები თავის მიწას დაიბრუნებენ.“ჩაბრუნებულ მზერაში” შესულ ძალიან ბევრ ლექსში თამამად მოჩანს ყოფითი დეტალები და ამის გამო ლირიკა, აღსარებითობა და თვითშემეცნება სრულიად სხვა ტონალობაში გადადის:
“გივი ალხაზიშვილის ბოლო პერიოდის, ანუ ბოლო რამდენიმე წლის ლექსები ვფიქრობ მისი 70-იანი წლების ლექსებისგან იმით გამოირჩევა, რომ ამ ლექსებში შედარებით ნაკლებადაა ირონიულ-პაროდიული ნაკადი, თუმცა ალაგ-ალაგ იგრძნობა. აქ ავტორს ზუსტად აქვს ჩამოყალიბებული თავისი ამოცანა, იგი თავის წარსულს იაზრებს და უფრო მეტად, გავიმეორებ, მიმართულია საკუთარი თავის შემეცნებისკენ და უფრო კარგად ჩანს, მისი ლექსის ექსპერიმენტული ბუნება, ანუ პოეტური ძიებები”.
ეს ძიებები, წიგნის ბოლოსიტყვაობის ავტორის, ნანა ტრაპაიძის სიტყვებით რომ ვთქვათ: “ერთსა და იმავე დროს გამოხატავს ბმასა და წყვეტას ტრადიციასთან, რელიგიასთან, ექსისტენციასთან, ყველაფერთან, რაც სულ ცოტა ხნის წინათ გენეალოგიურ მოცემულობად წარმოგვიდგებოდა”. სწორედ ამის, და ბევრი სხვა მიზეზის გამოც, გივი ალხაზიშივილის პოეზია თანამედროვე ქართული პოეტური კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად უნდა მივიჩნიოთ.
© radiotavisupleba.ge -
მალხაზ ხარბედია – თანამედროვე ესპანურენოვანი ლიტერატურა ქართულ ენაზე
გასულ წელს თანამედროვე ესპანურენოვანი მწერლობის მცირე ანთოლოგია გამოვიდა. ქეთი ჯიშიაშვილის მიერ შედგენილი და თარგმნილი წიგნი ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ქართულ ენაზე თანამედროვე ლათინო-ამერიკული ან ესპანური ლიტერატურა გამოიცემა.
თავიდანვე მინდა კიდევ ერთ პრობლემაზე ვისაუბრო, რომელიც თანამედროვე ქართული ლიტერატურის მთარგმნელობით ფრთას შეეხება. წიგნი, რომელსაც დღეს მიმოვიხილავთ, ნამდვილად გამონაკლისია, რადგან ქეთი ჯიშიაშვილის მიერ ესპანური ენიდან შესრულებული თარგმანების კრებული უზარმაზარი ხარვეზის შევსების მცდელობაა. ჩვენში ხომ თანამედროვე ესპანურენოვან ლიტერატურას ძალიან უჭირს!
სამწუხაროა, რომ თანამედროვე ესპანურენოვანი ლიტერატურა საერთოდ არ ითარგმნება ქართულად. გამოდის ძალიან ბევრი ფრანგულიდან თარგმანი, შედარებით ნაკლები – ინგლისურენოვანი, კიდევ უფრო ცოტა – გერმანული ლიტერატურა, მაგრამ ესპანურენოვან ლიტერატურას არა და არ გამოუჩნდა ქომაგი. მართალია არიან სასიამოვნო გამონაკლისებიც, მაგრამ მხოლოდ მერი ტიტვინიძის მიერ თარგმნილი უნამუნოს კრებული და ელზა ახვლედიანის მიერ გადმოქართულებული მარკესი ვითარებას ვერ ცვლის.
და აი, გასული წლის ბოლოს გამოვიდა კრებული, რომელმაც ერთ ყდაში გააერთიანა ჩვენი დროის საუკეთესო ლათინოამერიკელი და ესპანელი მწერლები: ოქტავიო პასი, ხუან კარლოს ონეტი, ადოლფო ბიოი კასარესი, კარლოს ფუენტესი, ანტონიო გალა, ხუან მარსე, მანუელ ვისენტი, არტურო პერეს რევერტე, გუსტავო მარტინ გარსო.
მთარგმნელმა ქეთი ჯიშიაშვილმა გარკვეული ნიშნით შეარჩია ეს მწერლები, მისი აზრით, წიგნში წარმოდგენილი ავტორები თუ ტექსტები კარგად ეხმიანება თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ რეალობაში შექმნილ სიტუაციას. საუბარია პირველ რიგში ლიტერატურაში შექმნილი კრიზისის დაძლევის ხერხებზე, რასაც ზემოთჩამოთვლილი ავტორები გვთავაზობენ, იქნება ეს ლათინოამერიკელი მწერალი თუ ესპანელი.
აი მაგალითად, ლათინოამერიკული მწერლობა:
“60-იან წლებამდე საკმაოდ უსიცოცხლო და ჩამკვდარი ლიტერატურული ცხოვრება მიდიოდა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ სოცრეალიზმი იყო გაბატონებული და, ისინი გარკვეულად იზოლირებული იყვნენ თანამედროვე ევროპული პროცესებისგან, არ იქმნებოდა არაფერი ღირებული, და აი, 60-იანი წლებიდან, მოდის თაობა – კარლოს ფუენტესი, ერნესტო საბატო, ხუან კარლოს ონეტი, კასარესი, მარკესი, ლიოსა, კორტასარი და მათ შეძლეს ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინათ და ეყოთ გაბედულება კულტურულ ფესვებში ჩასულიყვნენ და სწორედ იქ ეძიათ წყარო თავიანთი წიგნებისთვის, ხოლო კულტურულ ფესვებში კი მათ “იმედგაცრუება” ელოდათ, რადგან თითქოს ისტორიას გამორჩა სამხრეთ-ამერიკული კულტურის ჩასახვის მომენტი.”
და ისინი შეეცადნენ მითის მეშვეობის დაეძლიათ ეს პრობლემა, მათ ლეგენდარულ წარსულს მიმართეს:
“ანუ ადგილობრივი ინდიელების ქრონიკებს, სადაც მათი ცხოვრება, მათი ყოფა რაღაც ჯადოსნურ ისტორიებად აქციეს, სადაც შემოდის მაგია, ჯადოქრობა, მიღმური სამყარო და ისე ერწყმის ყოველდღიურ რეალობას, რომ ის ერთ მთლიანობას ქმნის. აი, ეს არის სწორედ ის მაგიური რეალიზმი, რომელთანაც ასოცირდება დღეს სამხრეთ-ამერიკული მწერლობა და რომელმაც უდაოდ დაიპყრო მთელი მსოფლიოს გული და დღესაც უამრავი მკითხველი ჰყავს”.
კრიზისი იყო ესპანურ ლიტერატურაშიც, ოღონდ, სამხრეთ-ამერიკისგან განსხვავებით, ქეთი ჯიშიაშვილის აზრით, იქ შედარებით სხვა პრობლემების წინაშე დადგნენ მწერლები:
“აქ კრიზისი გამოწვეულია ფრანკოს რეჟიმით, ანუ არიან მწერლები, რომლებიც ერგებიან კონიუნქტურას და არიან მწერლები, რომლებსაც ძალიან უჭირთ. ისინი ცდილობენ ეს გაღარიბებული ლიტერატურული პროცესი კვლავ აღადგინონ, დაუბრუნდნენ ისევ თავის ფესვებს და აქედან შექმნან ცოცხალი მწერლობა. ამას ისინი 70-იან წლებში ახერხებენ, როცა ბუმი უკვე მომხდარია, რასაც ხელს უწყობს ეკონომიკური პროცესიც და რა თქმა უნდა, დიქტატურის არარსებობა, ანუ თავისუფალი სივრცე. ძალიან უჭირთ კრიტიკოსებს თანამედროვე ესპანური ხელოვნების ერთი რაიმე კლასიფიკაცია შემოგვთავაზონ, რადგან არ არსებობს რაიმე ერთი განმსაზღვრელი ტენდენცია ან თემა, რომელიც დომინირებს აქ. ალბათ ყველაზე სწორი იქნება, თუკი ამ პროცესს დავახასიათებთ როგორც სტილურ მრავალფეროვნებას, სადაც თავს იყრის ყველა მიმართულება”.
ასეთივე მრავალფეროვანია კრებულში შესული ავტორების მსოფლმხედველობაც, მისწრაფებები და თვალსაზრისები ამათუიმ საკითხზე. ინტერვიუებში ზოგიერთი ძალიან პოეტური ჩანს, ზოგი კი პირიქით, მებრძოლია, ერთის დევიზია “ყველამ თავი დამანებეთ”, მეორე კი ვერაფრით ანებებს თავს საზოგადოებრივ ცხოვრებას და სამყაროს შეცვლაზე ოცნებას:
“მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რის გამოც ვთვლი, რომ აქტუალურია ეს წიგნი, ეს არის თავად ამ ავტორების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. წიგნში შევეცადე მომეტანა არამხოლოდ შემოქმედება ამ ავტორების, არამედ მათი ნააზრევი – ინტერვიუები, ბიოგრაფიები საკმაოდ ვრცლად და ჟურნალისტური ესეები, რაც საშუალებას მისცემს მკითხველს, რომ არამხოლოდ მათ შემოქმედებას გაეცნონ, არამედ მათ სამოქალაქო პოზიციასაც, რომელიც, როგორც წესი, არის ძალიან აქტიური და მწერალი, ესპანეთშიც და ლათინურ ამერიკაშიც, თავს ვალდებულად თვლის, პასუხიმგებლობას გრძნობს საზოგადოების წინაშე და კალმით იბრძვის იმ ტენდენციების წინააღმდეგ, რომელმაც საზოგადოებაში მოიკიდა ფეხი. და ამ ბრძოლის საუკეთესო ასპარეზი ჟურნალისტიკაა, ამიტომ, ყველა მწერალი მჭიდროდაა დაკავშირებული ჟურნალისტიკასთან. ისინი ირჩევენ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით გამოცემას და გარკვეული პერიოდულობით აქვეყნებენ სვეტებს – ეს ჩვეულებრივი ამბავია – და მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად სიხშირისა, მათ ლიტერატურულ ხარისხზე ეს არ მოქმედებს.”
რადგან ხარისხზე არ მოქმედებს, იმედი დავიტოვოთ, რომ ამგვარი სიხშირე საზოგადოებაზე მაინც მოქმედებს, ვისთვისაც მახვილ და მწვავე გამოხმაურებას საყვარელი მწერლების მხრიდან, ყოველთვის გამამხნევებელი მნიშვნელობა ჰქონდა. მწერლობა შესაძლოა ერთ-ერთი საუკეთესო წამალი იყოს უგემოვნობის, პოლიტიკური აგრესიისა და სატელევიზიო უგუნურების წინააღმდეგ.
© radiotavisupleba.ge -
მალხაზ ხარბედია – “მადათოვის ტრილოგია” ერთ წიგნად
“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” აკა მორჩილაძის მადათოვის ციკლის სამივე ცნობილ წიგნს მოუყარა თავი და ერთ ტომად გააერთიანა: “გადაფრენა მადათოვზე და უკან”, “გაქრები მადათოვზე” და “ვეშაპი მადათოვზე”.
მემგონი ზედმეტი სითამამე არ იქნება თუკი ვიტყვი, რომ 90-იან წლებში ყველაზე იმ დროისთვის ყველაზე თანამედროვე პროზის წერა აკა მორჩილაძემ დაიწყო. ჩემი აზრით, აკა მორჩილაძის რომანების დამსახურებაა ახალი ქართველი მიითხველის დაბადებაც და ისიც, რომ ძალიან ბევრმა ზრდასრულმა ადამიანმა, ვინც ცხოვრებაში არასდროს გაეკარებოდა წიგნს, სწორედ აკა მორჩილაძის წიგნით დაიწყო კითხვა.
როგორც ამბობენ ხოლმე, აკა მორჩილაძე ორი არსებობს, ერთი “მოგზაურობა ყარაბაღში”, “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებისა” და “აგვისტოს პასიანსის” ავტორია, მეორე კი იმ ცნობილი ტრილოგიისა, სადაც სამი რომანია გაერთიანებული: “გადაფრენა მადათოვზე და უკან”, “გაქრები მადათოვზე” და “ვეშაპი მადათოვზე”. ცხადია ეს დაყოფა ძალზე პირობითია, იგივე წარმატებით შეიძლებოდა მესამე აკა მორჩილაძეზეც გვესაუბრა, “სანტა ესპერანსასა” და “მისტერ დიქსლის” ავტორზე, მეოთხეზეც და ა.შ. ამიტომ, მოდით ნუ დავანაწევრებთ ავტორს, მერე რა, რომ პირველი სამი რომანი თანამედროვე თბილისს გულისხმობს და უფრო რეალური ჩანს მასში მოყოლილი ამბები, მეორე კი წარსულის ტფილისია და უფრო მეტად ლიტერატურულ თამაშებს ვხედავთ მასში. ამ თემას მწერალი დათო ტურაშვილიც შეეხო, აკა მორჩილაძის მერხის მეგობარი და მისი ნაწერების პირველი წამკითხველი:
“რაც შეეხება რომანს “გადაფრენა მადათოვზე და უკან”, თვითონ გიოს შემოქმედებაშიც განსხვავებული და განსაკუთრებული იყო. მე მგონია, რომ, (ცხადია ეს უფრო ლიტერატურათმცოდნეების საქმეა, მაგრამ მაინც ვიტყვი), რასაც ლიტერატურის შესახებ წერენ ხოლმე, კამათობენ და ა.შ. ეს ყველაფერი არის ძალიან პირობითი, ტერმინოლოგიებიც კი. მიუხედავ იმისა, რომ მეც მსმენია და ალბათ შენც, რომ ეს რომანი პირდაპირ კავშირშია თანამედროვე პოსტმოდერნულ ქართულ ლიტერატურასთან, ეს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, ამას არც უარვყოფ და არც ვადასტურებ, იმიტომ, რომ უბრალოდ არა მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი იყოს, ტერმინოლოგიურად თუ რა კლიშეებში აღმოჩნდება ესათუის წიგნი ან ესათუის ავტორი”.
აკა მორჩილაძე ამ სამ რომანში ძალიან კარგი მთხრობელიცაა და მახვილგონივრულიც, იგი ნამდვილი საჩუქარია ქართული თუ უცხოური ლიტერატურის მოყვარულთათთვის, მათთვის, ვისაც ვნებებისა თუ სიუჟეტზე თვალყურის დევნების გარდა, ამოცნობაც უყვარს და ამგვარი მსგავსებებით ტკბობაც. სწორედ ამის გამო, პირველი წიგნი, “გადაფრენა მადათოვზე და უკან”, გარკვეულ წრეებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. აქამდე ქართულ ლიტერატურაში არავის წაეკითხა მსგავსი, მინიშნებებით სავსე წიგნი, თუმცა გარდა ამისა, წიგნი უბრალო, ე.წ. შთანთქმით წამკითხველთა შორისაც ძალიან პოპულარული გახდა. ეს იყო, თუ არ ვცდები, ახალი დროის პირველი ქართული ბესტსელერი. დათო ტურაშვილი ამბობს, რომ ამ მხრივ გიო ახვლედიანი ძალიან შორს წავიდა:
“იმდენად შორს წავიდა, რომ “ბოროტად გამოიყენა” ეს ბაკურ სულაკაურმა და წიგნებიც კი დააწერინა [იცინის]. არ ვიცი, ამას დრო უფრო შეაფასებს ალბათ, ვიდრე ჩვენ, ანუ მკითხველმა უფრო მეტი უკეთესი შედეგი მიიღო ამით თუ გიო უფრო მეტად გაწვალდა. ცეცხლითა და მახვილით აწერინებდა ხოლმე, სანამ გაიქცეოდა. ბოლოს აიძულა და საქართველო დაატოვებინა, გიო უკვე იმალება და მეც რო მეკითხებიან ხოლმე, რატომ აღარ ცხოვრობს საქართველოში, ვეუბნები, რომ ბაკურ სულაკაურს ემალება მეთქი [იცინის]. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ხუმრობაში არის სიმართლის რაღაც მარცვალი. ფაქტია, რომ ბაკურ სულაკაურმა მკითხველს ამით კარგი სამსახური გაუწია (ხანდახან ისიც კი მესმოდა, რომ გრაფომანიაში გადაიზარდაო და ა.შ.), რადგან დღეს უკვე რამდენიმეთი მეტი წიგნი გვაქვს გიოსი, რომელიც, რომ არა ბაკურ სულაკაურის დაჟინებული მოთხოვნა, შეიძლებოდა არ გვქონოდა, ამიტომ სიამოვნებაც დაგვაკლდებოდა”.
ძალიან მნიშვნელოვანია “მადათოვის ტრილოგიის“ კულტურული პლანიც, ის, თუ რა გავლენა მოახდინა მან თანამედროვე კულტურული ცნობიერების ჩამოყალიბებაზე. ამაზე დათო ტურაშვილს საინტერესო დაკვირვებები აქვს:
“ჩემთვის მაინც ყველაზე შთამბეჭდავი, ალბათ შენთვისაც, რავიცი, მაინც პირველი მადათოვია, შეიძლება წყვეტის გამო, რადგან ჩვენ ძალიან დიდი წყვეტა გამოგვივიდა მთელი ეს საბჭოთა პერიოდი. იყო უამრავი მონაპოვარი, რაც მანამდე ჰქონდა თანამედროვე ლიტერატურას, ან შეიძლებოდა გვქონოდა, რადგან მაშინ თითქმის ფეხდაფეხ მივყვებოდით ევროპულ პროცესებს, XIX-ს ბოლოს და XX-ის დასაწყისში, და რომ არა ანექსია და ოკუპაცია და გაწყვეტა ამ კავშირის, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ჩვენ ხომ ინფორმაციული კავშირიც კი არ გვქონდა, არათუ რაღაცა ღრმა პროცესები. არადა მანამდე ჩვენ სერიოზული მონაპოვრები გვქონდა, არამხოლოდ ლიტერატურაში, არამედ კინოში, თეატრში, ფერწერაში და ა.შ. და რომ არა ეს ხელოვნური წყვეტა, ჩვენ შეიძლებოდა ის შეგრძნება აღარ გვქონოდა, რაც პირველმა მადათოვმა მოგვიტანა. მაშინ როგორღაც მომეჩვენა, რომ ისეთ სხეულთან დავბრუნდი, რომელსაც მე მოწყვეტილი ვიყავი. მალხაზ ხარბედია: რაც შემდეგ განახორციელა “სანტა-ესპერანსაში”. დათო ტურაშვილი: ჰო, რაც განახორციელა “სანტა-ესპერანსაში”, და მემგონი ეს იქიდან დაიწყო, ეს დაბრუნება. მე აღმოვაჩინე ამ წიგნში, რომ სულ სხვანაირი შეიძლება იყოს ლიტერატურული სამყარო. სულ მახსენდება ხოლმე ბორხესის სიტყვები: ლიტერატურა, ანუ გამონაგონი გაცილებით დამაჯერებელია, ვიდრე სამყარო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთო. და პირველი მადათოვი როცა წავიკითხე, მაშინ გამიჩნდა ეს იდეა და მაშინ დავიწყე იმის აღმოჩენა, რომ ის სამყარო უფრო რეალური იყო”.
ცალკე თემაა თავად კუნძული, მისი რეალურობა თუ წარმოსახვითობა, მისი სიმბოლური მნიშვნელობა და ის სევდა, რომელიც მის გაქრობას უკავშირდება. პირადად ჩემი აზრით, ამ კუნძულის დაკარგვით ჩვენმა ქალაქმა ძალიან ბევრი რამ დაკარგა, და ეს არ იყო მხოლოდ დანაკლისი ეკზოტიკის თვალსაზრისით:
“თვითონ ეს მადათოვიც, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ეს იყო კუნძული, მაგრამ იმავე დროს იყო უფრო მეტი, ვიდრე შენი ქვეყანა. ძალიან უცნაური რამე გააკეთა ამ წიგნში გიომ, კერძოდ ის, რომ მადათოვი ჩემთვის არის თვითონ კუნძულის თავგადასავალიც და ამავე დროს რაღაცნაირად, ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის თავგადასავალიც”.
ეს წიგნი მართლა თავგადასავალია, თავგადასავალი, სადაც ხანდახან ელვის სისწრაფით ვითარდება მოვლენები, ხანდახან კი მდორედ და თავდაჯერებით, სადაც ყველაფერს ნახავს მკითხველი: ძველი ქალაქიდან დაწყებული – საყვარელი ლიტერატურითა და ნაცნობი გმირებით დამთავრებული.
© radiotavisupleba.ge -
ზაზა შათირიშვილი – ზურაბ ქარუმიძის ”მელია-ტულეფია: Foxtrot”
ზაზა შათირიშვილიქართული მოდერნიზმის აპოლოგია:
ზურაბ ქარუმიძის ”მელია-ტულეფია: Foxtrot”ზურაბ ქარუმიძის ახალი რომანი, ჩემი აზრით, არაა, უბრალოდ, ამა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სალიტერატურო მოვლენა! ესაა მოვლენა, რომლის შემდეგაც თანამედროვე ქართულ სალიტერატურო სივრცეში, პირადად ჩემთვის, რაღაც დალაგდა (გადალაგდა?). ქარუმიძის ”მელია-ტულეფია: Foxtrot” (მაინც ეს ორი ურთიერთამრეკლავი სათაური?!) – ესაა ჩვენი ქართული მოდერნიზმის ჭეშმარიტად ჩვენებურად პოსტმოდერნისტული აპოლოგია, აპოლოგია – ამ სიტყვის ძველი ანტიკური გაგებით – გამართლება: ქართულმა მოდერნიზმმა კიდევ ერთხელ გაამართლა – მან იპოვა თავისი ნამდვილი მემკვიდრე.
მართალი გითხარათ, ჩემთვის მოხდა დაუჯერებელი ფაქტი – ”ცისფერყანწელთა” ღვარჭნილი მანიფესტები, რობაქიძის გადაპრანჭული ესეები თუ არანაკლებ გადაპრანჭული რომანები, გასული საუკუნის 10-20-იანი წლების ჩიქორთული ენით ნაწერი პერიოდიკა, ტფ/თბილისური პროვინციული ჭორები, პერიფერიული კაფეების ბოჰემა, შავი მაგი გურჯიევი, ავანტიურისტი ბერია, ფანტასმაგორიული 1926 წელი – ყველაფერი ეს გაცოცხლდა და თან როგორ!! თქმა იმისა, რომ ქარუმიძის ტექსტი სულმოუთქმელად იკითხება, არაფერს ნიშნავს! – ის სულმოუთქმელადაც იკითხება და თან სპონტანურობისა და რეფლექსიურობის არაჩვეულებრივი ნაზავიცაა!
ამავე დროს, ეს 1926 წელი ძალიან ნატიფად ირეკლება ჩვენს თანემედროვე რეალობაში – ისე ნატიფად, რომ გეგონება – ავტორი საგანგებოდ არც კი ეძებდა არანაირ პარალელს – პარალელები თვითონ დალაგდა. ამიტომაც, გარკვეული აზრით, ქარუმიძის რომანი ჩვენი ამ დაუსრულებელი გარდამავალი (თუ გარდაუვალი? – გრამატიკული გაგებით) და (პოსტ?)რევოლუციური პერიოდის გააზრებაცაა.
მაგრამ დავიწყოთ თავიდან და შევუდგეთ რუტინულ საქმეს – ტექსტის სტრუქტურულ და თემატურ ანალიზს…
რომანის პირველ თავს ”შაქრო კარმელი” ჰქვია.
დიაღ, კარმელი! – კარმელი? – ეს ხომ ფსევდონიმია? – რა თქმა უნდა… – იყო ასეთი პოეტი-სიმვოლისტი – შალვა კარმელი, ”დაწყევლილი პოეტი”, რომელიც 24-25 წლის ასაკში ჭლექით გარდაიცვალა და მხოლოდ ორიოდე კრებულის გამოცემა მოასწრო…
– მაგრამ რატომ – შაქრო?
– იმიტომ, რომ, ჩემო ძვირფასო მკითხველო, ქარუმიძის რომანის სიუჟეტური ქარგა ერთი ამერიკელი ბიზნესმენის დოკუმენტურ მემუარებს ეფუძნება. ამ ბიზნესმენს უილიამ ბებიტ უოსერსტაინი, ანუ – ბილი ერქვა (ცხადია, მემუარების ავტორის ნამდვილი სახელი და გვარი ქარუმიძის რომანში შეცვლილია, ამიტომ, მეც ამ ბიზნესმენს სწორედ რომანისეული სახელით მოვიხსენიებ) და მან თავის მეუღლე მერიონთან ერთად 1926 წელს ნამდვილად იმოგზაურა საბჭოთა კავშირში, მათ შორის – საქართველოში და სვანეთშიც კი ავიდა – ამხანაგ შალვა ელიავას ნებართვითა და თვით გიორგი ნიკოლაძის მეგზურობით! ხოდა, სწორედ ამ მემუარების მიხედვით, ბილის მძღოლი ტიფლისში და მხლებელთაგანი სვანეთში ვინმე შაქრო შანშიევი ყოფილა – კაცი ნასწავლი და მოფრანგულე, ყოფილი არისტოკრატი და აფიცერი (პირველი მსოფლიო ომის მონაწილე და ნადეზერტირალიც კი), აწ კი (ანუ – 1926 წელს) ტიფლის-ქალაქის ერთადერთი ”სატაქსომოტორო გარრაჟის” მძღოლი – ფანტაზიორი და ჭკუამხიარული ”გრუზინი”…
რომანი ამგვარად იწყება: შაქრო კარმელი ხედავს სიზმარს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ძველი სვანური რიტუალი – მელია-ტულეფია, რომელიც ყველამ კარგად ვიცით ივანე ჯავახიშვილისეული აღწერებიდან… მე მგონი, ყველას გესმით, თუ რას ხედავს შაქრო და როგორ იღვიძებს… თუ არადა, გავიხსენოთ კიდევ ერთი დიდებული რიტუალი და სიტყვა – ”ადრეკილაა”… აი, ზუსტად ასე იღვიძებს შაქრო კარმელი, რასაც მოსდევს სიმვოლისტურ-ფუტურისტულ-კონსტრუქტივისტულ-ანთროპოსოფიულ-ნიცშნეანურ-ფრეიდისტულ-მარქსისტულ-ლენინისტურ-ორფისტულ-არფისტული პასაჟი შივას ლინგამისა და რუსის ქალის, ტატლინის კოშკისა და კარდუს მონოლიტის, კისლოვოდსკის ქრონოტოპოსისა და მზიანი ღამის, ცისფერყანწელებისა და ტიფლისის ქრონოტოპოსის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, აპოლონისა და დიონისოს და ა.შ და ა.შ. … – შესახებ…
– ალუზიებისა და ციტატების ნაზავი? – კი, ბატონო!
– ერუდიციისა და ენციკლოპედიური ცოდნის დახვავება? – კი, ბატონო!
– კი, მაგრამ ეს ხომ აქამდეც გვინახავს, ეს ხომ უკვე ვიცით – ულისე, ღვინომუქი ზღვა?!…
– არა, ბატონო, აქ კი არ და ვერ დაგეთანხმებით! სწორედ აქ – ამ რომანში – ჩნდება ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ ტიფლისური მოდერნიზმის ხელახალი დაბადება თიბლიზურ-პოსტმოდერნისტული დაგვიანებულობისა და პერიფერიულობის, ჩარეცხილობისა და მაინც მემკვიდრეობის ჭეშმარიტად ნაგრძნობი მტანჯველი განცდიდან…
და მე ვიტყოდი – ესაა რეაქცია, ნამდვილი რეაქცია – როცა, ილარიონის უკვდავი სიტყვებით რომ ვთქვათ – ”უგრძვნია კაცს”…
საქმე ისაა, რომ დანტედან მოყოლებული მთელი ახალი ევროპული ლიტერატურა რეაქციით იწერება და იბადება. მაგრამ რას ნიშნავს რეაქცია? რის მიმართ რეაქცია? – ესაა რეაქცია საკუთარ დროზე, რომელიც აღარ გიტოვებს დროს მოცალეობისა და მჭვრეტელობისათვის, ჭეშმარიტი ფილოსფიური ცხოვრებისათვის… თვითონ დანტე – ესაა პოლიტიკური ემიგრანტის მტანჯველი რეაქცია, საიდანაც დაიბადა მისი პოლიტიკური მისტიკა; სერვანტესი – ესაა, ასევე, მტანჯველი რეაქცია (ყველამ ვიცით რაზეც! – მაშინ ”ამას” ერქვა ”სარაინდო რომანები”)… ბალზაკი რეაქციაა ძველი რეჟიმის ნგრევაზე, დოსტოევსკი – ნიჰილისტებზე – ანუ საკუთარ თავზე, პრუსტი – არისტოკრატიის დასასრულზე, მუზილი – ერთი იმპერიის გაქრობაზე…
ასევეა ჩვენს ლიტერატურაშიც – ბარათაშვილი რეაქციაა პერიფერიულობის მტანჯველ განცდაზე. იგივე ითქმის უგამონაკლისოდ მთელი დანარჩენი ქართული ლიტერატურის შესახებ – ილია, აკაკი, კლდიაშვილი, გალაკტიონი (ვაჟას გარდა – მაგრამ ამის შესახებ მერე!) და მთელი ქართული მოდერნიზმი პერიფერიულობის ამ განცდის პასუხია… უფრო აქეთ – გურამ რჩეულიშვილი, ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, აკა მორჩილაძე, ზაზა ბურჭულაძე და ახლა – ზურაბ ქარუმიძე თავისი ამ რომანით – ჭეშმარიტად ქართული რეაქციაა, ესაა – სევდა პერიფერიულობისა, პროვინცილიზმისა, ორნამენტულობისა, დაგვიანებულობისა… რომ ვართ ”ყურესა ამ ქვეყნისასა” – უმამოდ და უპაპოდ, უგრაალოდ, უევროპოდ, უკავშიროდ, უნატოოდ და უ(ს)ასოოდ…
ქარუმიძის რომანში ოთხი ემბლემური პერსონაჟია – ამერიკელი ბილი, ფრანგი მერიონი, რუსი ნადია და ქართველი შაქრო… და მეხუთე – ყველაზე მთავარი – ელემენტი – კვინტესენცია (როგორც იტყოდნენ სხოლასტი ფილაფოზები) – ტიფლისი და ტიფლისური მოდერნიზმი თავისი ფანტასტიკური ქრონოტოპოსებით – კაფე ”ქიმერიონითა” და ”ფანტასტიკური დუქნით”…
აქ ღირს შეჩერება! ”ფანტასტიკური დუქანი” რუსთაველის 12 ნომერში მდებარეობდა – ახლა იქ ტელეგრაფის შენობაა აღმართული. იქ, სოფია მელნიკოვას სალიტერატურო სალონში, იკრიბებოდნენ ემიგრანტი (მაგრამ მაინც ოკუპანტი) ფუტურისტები – კრუჩონიხ, ტერენტიევ, ილიაზდ (ჩვენებური კაცი, მაგრამ მაინც…), კოლაუ ჩერნიავსკი… სიმვოლისტებიდან – ტიციანი, პაოლო, გრიგოლ რობაქიძე, მხატვრებიდან – კაკაბაძე, გუდიაშვილი… და, აგრეთვე, – აშუღი-პოეტი ყარა-დავრიში (ტომით ტიფლისელი, ქალაქელი კაცი)… ეს იყო მართლაც ”ფანტასტიკური დუქანი” და ”ფანტასტიკური ქალაქი” – და ასე უწოდა კიდეც თავის სამეცნიერო წიგნს თანამედროვე ოკუპანტმა ფილოლოგმა ტატიანა ნიკოლსკაიამ ოკუპანტურსავე ენაზე – ”ფანტასტიჩესკი გოროდ”: რუსსკაია კულ’ტურნაია ჟიზნ’ ვ ტბილისი (1917 – 1921)” . 2000 წელს გამოცემული ეს წიგნი ზურაბ ქარუმიძის რომანის სხვა მრავალთა შორის ერთ-ერთი ინტერტექსტთაგანია (როგორც იტყოდა ჟერარ ჟენეტ – ინტერტექსტთა გამჩითავი ბრანჯი სიტყვათმიჯნური-ფილოლოგოსი)….
ოთხი პერესონაჟი – ვითარცა ოთხი სტოიხეიონ-ელემენტი: ფრანგი ლიბერალ-ფემინისტი მერიონი, ამერიკელი ჰურია-სოვდაგარი ბილი, რუსი ნაარისტოკრატალი ვორონცოვ-დაშკოვის (?) შთამომავალი ულამაზესი ნადია და შაქრო-ბოჰემა – მძღოლი-სიმვოლისტი, ”ჩამორჩენილი მისტიკოსი”, არამწერალი… რით არ არის ეს მოდერნიზაციის ნარატივი? ოღონდ რომანში მოდერნიზაციის ორი ვერსია ”ეჯახება” ერთმანეთს – ევროამერიკული და ბოლშევიკური. ხოლო ამათგან მეორე ასეა გააზრებულ-წარმოსახული:”სხვათა შორის, გურჯიევმა ისიც თქვა, რომ მალე აქ დიდი სისხლი დაიღვრება, რომ მალე ჩვენს თავებს წიხლებს ჩასცემენ და თიხას მოზილავენ, რომ იმ თიხიდან ახალი ადამიანი გამოძერწონ…”
ხომ არ გეცნობა ამგვარი მოდერნიზაცია, ჩემო მკითხველო, რამეს ხომ არ გაგონებს ეს ყოველივე?
რომანის მეორე თავი საკუთრივ ბილის მოგონებებს ეძღვნება, ხოლო მესამეს – ”პარალელი 41°” ჰქვია, ისევე როგორც რუსული (უკაცრავად – ოკუპანტური!) ფუტურიზმის ყველაზე რადიკალურ განშტოებას, რომელმაც ეს სახელი თბილისის გეოგრაფიული განედის მიხედვით დაირქვა, რადგანაც სწორედ ტფილისში დაფუძნდა ეს ლიტერატურული ქვემიმდინარეობა.
მოცემული თავი 1926 წლის რეტროქრონიკაა – პერიოდიკიდან გამოხმობილი პოლიტიკური, კრიმინალური, საყოფაცხოვრებო თუ სახელოვნებო ”ნიუზებით”. მაგრამ დროდადრო ამ ნიუზებში ჩვენი პერსონაჟების ფიქციური ამბებიცაა შეზავებული, რაც ამ მონტაჟს კიდევ უფრო დამაინტრიგებელს ჰხდის. აქვე მკითხველს იმასაც შევახსენებ, რომ ამ სტილში – ერთი წლის განმავლობაში მომხდარი ”ნიუზების” (და არა მხოლოდ!) მონტაჟი – დღეს მთელი წიგნებიც კი იწერება – მაგალითისათვის დავასახელებ სტენფორდელი კომპარატივისტის ჰანს-ულრიხ გუმბრეხტის წიგნს – In 1926: Living at the Edge of Time (Harvard University Press, 1997). ეჭვი მაქვს, რომ ზურაბ ქარუმიძე ოდენ ყურმოკვრით არ იცნობს ამ ნაშრომს….
ხოლო ფინალი ამ თავისა ამგვარი ლოზუნგია: ”გასაკეთებელი კიდევ ბევრია, აფხანიკებო!”
რომანის მეოთხე თავი – «შალვა ელიავა, ორნი ’გრანდ-ოტელში’, ’დენიკინთან’ და ’ქიმერიონში’» – ესაა ტფილისური მოდერნიზმის კულმინაცია. ამ თავის დასკვნითი სცენა ’ქიმერიონში’ ჯოისის ულისეს ცირცეას ეპიზოდისა და მილოშ ფორმანის Hაირ-ს LშD-თი შთაგონებული ჰალუცინაციურ-ფსიქოდელიკური პასაჟის სინთეზს წარმოადგენს. დუქან ’დენიკინში’ დაწყებული ტფილისური მოლხენა (აქ რომანის პერსონაჟთა სადღეგრძელოს დუქანში შემოხეტებული იეთიმ-გურჯი ლექსად შესვამს) კაფე ’ქიმერიონში’ ჰალუცინოგენურ-ნარკოტიკული სერობით სრულდება, სადაც რეალობა და ჰალუცინაცია ერთმანეთში საბოლოოდ ირევა: ცოცხლდებიან სუდეიკინისა და კაკაბაძის ფრესკები, ხოლო ტიციანი თუ პაოლო, კრუჩონიხი თუ რობაქიძე გვევლინებიან არა მხოლოდ დისკურსებისა და ციტატების სახით, არამედ – როგორც ფიქციური ნარატივის ცოცხალი პერსონაჟები – ვიღაც (სინამდვილეში ფუტურისტი ჩაჩავა) რობაქიძეს პარიკს ჩამოგლეჯს, ხოლო გურჯიევის მაგიური ზემოქმედებით სიმვოლისტებსა და ფუტურისტებს შორის ჩხუბი ატყდება… რა თქმა უნდა, თვითონ გურჯიევიც აქაა – მერე რა, რომ 1926 წელია და ბერძენი მაგი უკვე პარიზშია: დროთა და სივრცეთა ფანტასტიკური მონტაჟის გამო შაქროს მოდერნისტული ჰალუცინაცია სავსებით დამაჯერებელია… დაბოლოს, ლავრენტი ბერია გრიგოლ რობაქიძის ”საკუთარ ტოსტსაც” წაიკითხავს არტისტული გამოთქმით…
ერთი დეტალიც (რადგან, აბი ვარბურგის თქმით, ღმერთი დეტალებშია!) – ამ 1926 წლის მოდერნისტულ ფანტასმაგორიაში თანამედროვე თიბლიზური ქრონოტოპოსის შეზავებაც ხდება: კაფე ’ქიმერიონში’ ნარკოტიკულ კოკტეილებს ოფიციანტი ხარბედია აზავებს, რაც ფილოლოგისა და ლიტერატორის მალხაზ ხარბედიას მეორე ჰიპოსტატის – ღვინის რეცეპტთა დამფასებლისა და უებარი ღვინო-ბლოგერის – ”გადათამაშებაა”:
”- აბსენტს ხომ არ ინებებდით, მესიე? მადამ? – ტანმორჩილი, ჟღალთმიანი, კოლხურად მკვირცხლი თვალებით, ოფიციანტი ხარბედია განსაკუთრებული ტაქტით მიმართავდა ამერიკელ სტუმრებს: როგორც ლირიკული აფთიაქარი, გამოკვეთილი გარეგნობით, თითქოს თუჯიდან. – შემიძლია შემოგთავაზოთ: აბსენტი ანისულის ლიქიორით, გუმფისის სიროპის დამატებით, ან ორშადით, ნუშის რძით დამტკბარი; ასევე – აბსენტი რამდენიმე წვეთი გრენადინით და წყლით, აბსენტჰე მინუიტ – “შუაღამის აბსენტი” – თეთრ ღვინოსთან შეზავებული: გვაქვს ასევე თრემბლემენტ დე ტერრე – “მიწისძვრა” – აბსენტის და ბრენდის ნაზავი, ტულუზ-ლოტრეკის საყვარელი სახეობა; ასევე, თუ გაბედავთ, შემოგთავაზებდით “ნიანგს” – მესამედი რომი, მესამედი აბსენტი და მესამედიც გაუფილტრავი ღვინის სპირტი – ანარქისტების სასმელი…”რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მოდერნისტული რომანი, ყველაფერთან ერთად, ყავა-ხანების, კაფეებისა და რესტორნების რომანია. მოცალეობის ეს ბოჰემური ქრონოტოპოსები სრულიად აუცილებელი ხდება მოდერნისტული ნარატივისათვის, რადგანაც არისტოკრატიული სალონი – არისტოკრატიული მოცალეობის განუყრელი ქრონოტოპოსი – ფაქტობრივად, პრუსტის რომანთან ერთად დასრულდა (პრუსტის ”დაკარგული დრო” დაკარგული არისტოკრატიული მოცალეობაცაა!); ამიტომაც, ჯოისის, თომას ელიოტის, ჰემინგუეის, სკოტ ფიცჯერალდის, ნაბოკოვის, რობაქიძისა თუ უილიამ ბეროუზის (ქარუმიძის რომანი სავსეა თითქმის ყველა ამ ავტორთა სახელებით, ციტატებითა თუ ალუზიებით!) ”უგვარტომო” პერსონაჟები უკვე კაფეებსა და რესტორნებში იკვეთებიან, სვამენ, ”იჩხირავენ”, ჩხუბობენ, უყვარდებათ, დრო გაჰყავთ, დროს კლავენ, კლავენ, ალკოჰოლურ თუ ნარკოტიკულ ჰალუცინაციებს ეძლევიან… ამ კაფეებსა და რესტორნებში აკოჰოლი და ნარკოტიკები – ეს ფსიქოდელიკური ტექნიკები – ჰომოლოგიურად თითქმის ”იმგვარსავე” როლს ასრულებს, რასაც მოცალეობისა მჭვრეტელობის ტრადიციულ ქრონოტოპოსებში (მონასტრებსა და სამლოცველოებში) – სულიერი ვარჯიშები: მედიტაციური ლოცვები, ასკეტიკური პრაქტიკები, მჭვრეტელობით-ვიზიონერული მედიტაციები….
რობაქიძის ფალესტრა კაფეებისა და რესტორნების ტიპური რომანია. ის ქარუმიძის ნაწარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტერტექსტია. ფალესტრასთან ”თამაშს” ქარუმიძე თავისი ნაწარმოების პირველსავე თავში იწყებს. ახლად გაღვიძებული შაქროს შინაგან მონოლოგსა თუ ცნობიერების ნაკადში ამგვარ ფრაზა გვხვდება:” …”ეპოქის სტილი სენსუალობაშია და სენსუალობა – სიტიტვლეში,” დასძინა შაქრომ, თითქო ვინმე ახლანდელ, ყავახანის ინტელექტუალს, ვინმე მოლაყბე “ესტეტს” მიუგდო ეს აზრი უგულისყუროდ…”
ეს ”მოლაყბე ესტეტი” და ”ყავახანის ინტელექტუალი” გრიგოლ რობაქიძე, უფრო ზუსტად, ფალესტრას ერთ-ერთი პერსონაჟი პეტერეცი გახლავთ.
ფალესტრასთან თამაშის კიდევ ერთი მაგალითი ვინმე ავალონ უნგარის რამდენიმეგზის ხსენება თუ ციტირებაა. ავალონ უნგარი ესაა – ”ადოლფ უნგარ” – ფალესტრას პროტაგონისტი ”რეჟისსორი”, რომელიც ფილმს იღებს ამორძალთა დედოფალ ფალესტრაზე.
და კიდევ – ფალესტრას მეოთხე თავში (”კამარაში”) რობაქიძე თავად გვიყვება ტფილისური მოდერნიზმის მოკლე ისტორიას (რობაქიძისეულ ვერსიას) – მისთვის უჩვეულოდ მშრალი და დოკუმენტური თხრობით, სადაც საკუთარ თავს მესამე პირში მოიხსენიებს ხოლმე.
რადგანაც ინტერტექსტებს შევეხეთ, ძალიან მოკლედ უნდა აღვნიშნო, რომ ლიტერატურულ ინტერტექსტთა გარდა ქარუმიძის რომანი სავსეა ფილოლოგიურ-ლიტერატურათმცოდნეობით ტექსტებზე ალუზიებითაც – დავასახელებ, მაგალითისათვის, ჩემი კოლეგის – ამერიკელი კომპარატივისტის ჰარშა რამის სტატიებს ქართულ ან/და პერიფერიულ მოდერნიზმზე, იჰაბ ჰასანისა თუ ბრაიენ მაკჰეილის გამოკვლევებსა და საკუთარ მოკრძალებულ პერსონასაც. კერძოდ, შემდეგი ციტატა –და მე, ხეზე ამძვრალი პოეტი, მოგმართავთ თქვენ და ვუმღერ იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართულ ხასიათში [ჩემთან – ქრონოტოპოსში – ზ.შ.] – მოცალეობა და მჭვრეტელობა, შინაგანი გარინდებულობა, არისტოკრატიზმი და სიცოცხლის სიყვარული!
– უფრო ზუსტად, ამ ციტატის ხაზგასმული მონაკვეთი ჩემი ტექსტიდანაა ტიციან ტაბიძისა და პასტერნაკის შესახებ (თავად საკუთარ ტექსტში მე ამ ფრაზას ჩემს აწ გარდაცვლილ უფროს მეგობარს ლონდონელ ფილოსოფოს ალეკსანდრ პიატიგორსკის მივაწერ). ქარუმიძის რომანში კი ამ ფრაზას ხეზე ამძვრალი ნიკოლოზ შენგელაია წარმოთქვამს. როგორც ცნობილია, თავისი შექმედების ფუტურისტულ პერიოდში ნიკოლოზ შენგელაია მართლაც მიმართავდა ხოლმე ამ ეპატაჟურ ჟესტს და რუსთაველის პროსპექტზე, ხეზე ამძვრალი მოქალაქეებს საკუთარ ავნგარდისტულ ლექსებს უკითხავდა.
მაგრამ დავუბრუნდეთ ქარუმიძის რომანის სიუჟეტურ ქარგას. ნაწარმოების მეხუთე და ჯერ-ჯერობით ბოლო თავი ”ვარდები მერიონისათვის…”, გარკვეული აზრით, ასრულებს ტფილისურ მოდერნიზმს, როგორც ქრონოტოპოსს და ამის შემდეგ თხრობა სვანეთისაკენ – ოღონდ ქუთაისის გავლით – გადაჰყავს. ტფილისური ”მოდერნი” ტფილისური ჟესტით სრულდება – შაქრო მერიონს დაბადების დღეზე ”ერთ მაღაზია” ვარდებს უყიდის – ოღონდ ბილის ფულით. ეს ”თავადური ჟესტი” ფიროსმანის ცნობილი პოტლაჩის პაროდიაა. საგულისხმო ისაა, რომ მოცემული ჟესტი სრულიად დოკუმენტურია – უილიამ უოსერსტაინის მემუარებში ეს ფაქტი თითქმის იგივენაირადაა მოთხრობილი – ოღონდ ფიროსმანზე ალუზიის გარეშე, რაც ამ ეპიზოდს კიდევ უფრო ”ფიროსმანულსა” და ”ბორხესულს” ხდის – ეს მართლაც ის შემთხვევაა, როცა ლეგენდასა და რეალობას შორის ზღვარის გავლება შეუძლებელი ხდება…
რა ხდება ამის მერე ქუთაისში? – კარნავალი და დიონისიები, ავანგარდისტი მღვდლის ტიციან ტაბიძისეული ლოცვა-მადრიგალი ბაგრატის ტაძართან (ბილი ამ სცენას კამერით იღებს) და ოფიციანტი თხების დათრობა რესტორანში – სახელად ”დამაფრინდი”, რომლის გადათარგმნასაც ამაოდ ცდილობს შაქრო ფრანგულად მერიონისათვის… ასე რომ, (პოსტ)მოდერნისტული ნარატივი სავსებით ”ბუნებრივად” გადადის ტფილისიდან ქუთაისში, რადგანაც ქართული მოდერნიზმის სათავეებიც ხომ იქ იწყება…
… და აქ, ძვირფასო მკითხველო, წყდება ჩემს ხელთ არსებული ხელნაწერი… სამწუხაროდ, არ ვიცი, როგორ გაგრძელდება ეს ამბავი (უფრო ზუსტად – დაახლოებით წარმომიდგენია სწორედაც ამბავი როგორ გარძელდება, მაგრამ არა – ნარატიული დისკურსი – ამბის მოყოლა!), მაგრამ ამას, ნუ მიწყენთ და, უკვე აღარა აქვს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა, რადგანაც ზურაბ ქარუმიძე შედგა – შედგა, როგორც ნამდვილი მწერალი. ეს უკვე აღარაა ნიჭიერი ინტელექტუალის საინტერესო ექსპერიმენტი, ესაა – ნამდვილი პროზა – პროზა, რომელიც ბრწყინვალედ აცოცხლებს ქართული მოდერნიზმის ”მაღალ ბოჰემას”, რადგანაც ”დაბალი ბოჰემა” აკა მორჩილაძემ უკვე უბადლოდ გაგვიცოცხლა…
ასე რომ, დღეს უკვე თავისუფლად შეიძლება საუბარი ახალ ქართულ პროზაზე, სადაც განუმეორებელი ”სერიული” მთხრობელის ნიშა აკა მორჩილაძეს საიმედოდ აქვს დაკავებული; სადაც ზაზა ბურჭულაძე თავისი შესანიშნავი ენით, სამწუხაროდ (თუ – საბედნიეროდ?), ”გლამურში წავიდა” და სადაც ზურაბ ქარუმიძის მელია-ტულეფია: Foxtrot” (მაინც ეს ორი სათაური!) ნატიფი რეფლექსიური თხრობის ჩინებულ ნიმუშად მოგვევლინა…
Bravo, ზურა! და აუცილებლად – Bis!© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
პაატა ნაცვლიშვილის „ნამდვილი ქაღალდის წერო“
მანანა კარტოზიაიაპონია ერთი ხელის გაწვდენაზე
პაატა ნაცვლიშვილის წიგნის: „ნამდვილი ქაღალდის წერო“ წაკითხვის შემდეგ იაპონიაზე უფრო მშობლიური და სამეგობრო ქვეყანა ცოტა მეგულება. რამდენი ისტორიული პარალელით, რამდენი უფაქიზესი მოგონებით ვყოფილვართ დაკავშირებული ქართველები იაპონელებთან. ეს პაატა ნაცვლიშვილიც თითქოს მერვე კლასიდან ამ ერთადერთი წიგნის დასაწერად ემზადებოდა და დაწერა განცდითა და გამოცდილებით ჩაგვირისტებული წიგნი-მეგზური, რომ ხიდად გამოდგეს, გადაივლი და იქა ხარ, მშვენიერ იაპონიაში. მაგრამ ეს მერამდენედ მგონია, რომ პაატა სწორედ იმ საქმეს შეეჭიდა, მის გარდა, რომ ვერავინ გაართმევდა თავს. ეს მერამდენედ მგონია, რომ უნივერსალიზმის მარათონში ჩაბმულმა, სპრინტშიც იპოვნა ის ერთადერთი დისტანცია, სადაც გაიმარჯვებდა. პაატა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით სპორტული ასოციაციების გაჩენა სრულიად ბუნებრივია, რადგან მისი სახასიათო შტრიხია ისიც, რომ შემოქმედებით მომენტშიც, პროფესიულ საქმიანობაშიც სპორტული ჟინითა და აზარტით მოქმედებს და უამრავი არსებული, თუ მის მიერვე მოგონილი, სარეკორდო მიჯნა აქვს გადალახული, პირველობა აქვს მოპოვებული. მისი საქმიანობის გრძელზე გრძელი ჩამონათვალი ამის უტყუარი დასტურია.
წიგნი იაპონიაზე ვირტუოზული ნახელავია. მასში პაატას ბევრი ცოდნა, განცდა, მოგონება და იმედია ჩადებული, მაგრამ როგორი სიმშვიდით, თანმიმდევრულობით, ცალკეული დეტალის დამუშავებით, უამრავი ნიუანსის გათვალისწინებით მიგვიძღვის ჩვენთვის მოულოდნელ სამყაროში, რომ არ დაგვაფრთხოს, შეგვაჩვიოს, შეგვაყვაროს ეს უცხო ტრადიციებიცა და უცხო სიტყვებიც.
პაატა ნაცვლიშვილის თხრობის მანერა ზედმიწევნით ნათელი და ამომწურავია. იგი შეიძლება შევადაროთ იაპონური ნაციონალური თეატრის „კაბუკის“ პრინციპს: „ყველაფერი უნდა იყოს არც ის, რაც არის და არც ის, რაც არ არის“. გულწრფელი, თანმიმდევრული ავტორი ქარაგმებსა და ქვეტექსტებზეც ღიად, უშუალოდ გესაუბრებათ, რადგან მას თავმოყრილი ინფორმაციის ერთი მისხალიც არ ემეტება დასაკარგავად. მას არ სჭირდება კეკლუცობა, დარწმუნებულია, რომ არ შეიძლება არ ენდობოდე, არ გჯეროდეს მისი და ძირისძირობამდე არ მიყვებოდე თითოეული ნიუანსის გასარკვევად. თავად პაატა ასეთი განწყობით მოგზაურობს იაპონიაში:
„რომ დამინახეს
ჩრდილნი დამიგეს ფეხქვეშ.
ბებერი მუხა,
ნორჩი ნაძვი და ფიჭვი,
მელოდებოდნენ თურმე.“
იაპონიაზე დაწერილი წიგნის წაკითხვამდე პაატა ნაცვლიშვილი მის მიერვე გადაღებულ ფოტოებს გვაფურცვლინებს და ტრადიციული იაპონური პოეზიის ქარგაზე შექმნილ მის ლექსებს გვთავაზობს, სადაც ახლადგადატანილი დიდი ადამიანური ტკივილი და განცდაც არის აღბეჭდილი:
„მშვენივრად მესმის,
კიორაი-სან, შენი:
ჩემი დაც, როგორც
ციცინათელა ჩაქრა.
ვარ სიბნელეში მარტო.“
ან აი, ეს:
„მშობლებო ჩვენო,
ვით გადაიტანთ ტკივილს,
რომელსაც შვილის
გარდაცვალება ჰქვია?
რა ვქნა, მე გიხდით ბოდიშს.“
და იქვე, ფოტოხელოვანისა და სიტყვის ოსტატის არაერთი მიგნებაა მარადიული განცდისთვის მარადიული ოპტიმიზმის დასაპირისპირებლად. მე პირადად, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა, ამ სტრიქონების წერისას, თოვლის მომლოდინე თბილისში წვიმს, ეს სტრიქონები ყველაზე მეტად მომეწონა:
„შეფარებული
ქოლგის ქათქათა გუმბათს,
ვერ გაიგებდი,
წვიმდა, სეტყვდა თუ თოვდა.
ქოლგაც ნატრობდა ქოლგას.“
ფოტოგმირებიდან კი ყველაზე მეტად ყარიბი დამამახსოვრდა, რომელიც ჩვენს ფუფალას ჩამოჰგავს თავისი ქოლგითა და გამომეტყველებით: „ყარიბი ჩასთვლემს და გამოჩნდება შორით თეთრი ტაძარი.“
გამიტაცეს ფოტოებმა და ლექსებმა და მათზე ლაპარაკმა, იქნებ იმიტომ, რომ ამ ლექსებში პოეტი პაატა ნაცვლიშვილი გალაკტიონს შეებადალა:
„მთებს მოსდებიათ
ქლიავისფერი ბინდი.
გალაკტიონმა
გამომიწოდა შორით
ლექსის ბალახი ესე.“
ჩემთვის მულოდნელი სწორედ ეს სურათია პოეზიის ველზე ერთმანეთის გვერდით მდგარი ორი ირემი… თორემ საგამომცემლო საქმეში ბროწეულის გვირგვინით შემოსული პაატა ნაცვლიშვილი რომ სტრუქტურულად არაჩვეულებრივად დაალაგებდა წიგნს, სათაური რომ უაღრესად კონცეპტუალური იქნებოდა, ინფორმაციის ნიაღვარი რომ წვრილ-წვრილ შენაკადებად იქნებოდა მოწოდებული და პოლიგრაფიული პეწი რომ თვალს მოჭრიდა მკითხველს, ეს მოსალოდნელი იყო.
მოკლედ, წვრილ-წვრილ შენაკადებს დავუბრუნდეთ.
ფოტოებისა და მინაწერების შემდეგ უთუოდ ვარდისფერი ტიხრები შეგიტყუებთ: „ძალიან იაპონური“ – ასე ჰქვია ამ ტიხრებს, კუნძულებს, რომლებზეც უნდა შევისვენოთ ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილის მასტერკლასებისაგან. პაატა ჩვეულებრივი სკრუპულოზურობით გვაცნობს იაპონიის „სავიზიტო ბარათებს“:
საკურა – იაპონური დეკორატიული ალუბალი;
იკებანა – ყვავილების არანჟირების ტრადიციული იაპონური ხელოვნება;
კიმონო – ეროვნული ტანსაცმელი;
უკიო-ე – ხეზე ნაკვეთი გრავიურა;
ორიგამი – ფურცლის დეკორატიული კეცვა;
ჩა-ნო-იუ – ჩაის ცერემონია;
საკე – ტრადიციული ალკოჰოლური სასმელი, რომელიც ბრინჯისგან მზადდება;
კარაოკე – არაპროფესიონალთა თავშექცევა მუსიკით;
მანგა და ანიმე – იაპონური პოპკულტურის ორი ნაკადი.
რატომ უნდა აინტერესებდეს ეს ყველაფერი ადამიანს, თან რატომ უნდა აინტერესებდეს ეს ყველაფერი ამდენად გამოწვლილვით? პაატასთან ამ საკითხის დასმა და, მით უფრო, ამდაგვარად, მომაკვდინებელი ცოდვაა. უფრო მეტიც, მას ვერ წარმოუდგენია, არ ეკამათოს, თუნდაც, ათწლეულების შემდეგ კოლეგას ერთი კონკრეტული საკუთარი სახელის ერთი კონკრეტული ასოს დაწერის პრინციპზე, მაგრამ, დამერწმუნეთ, ეს ნიუანსებიც კითხვადია, უფრო მეტიც, პაატა ნაცვლიშვილი-კოლექციონერი გთავაზობთ „წაიკითხოთ“ მის მიერ იაპონიაში მოგზაურობისას საგანგებოდ შეგროვილი ეფემერები: სავიზიტო ბარათები, სავიზო აპლიკაციები, ავიაბილეთების ყუა და ბარგის ნომერი, სასტუმროს ღია ბარათები, მაღაზიებისა და კაფე-რესტორნების ქვითრები,
ბუკლეტები, სხვა ათასი წვრილმანი, რომელიც, საზოგადოდ, პოლიგრაფიულ ნაგვად ითვლება.
პაატა ასეთი მოგზაურია, მას ყველაფერი ხიბლავს, თუნდაც დაიკარგოს დროსა და სივრცეში. არ გეგონოთ, გადატანითი მნიშვნელობით ვლაპარაკობდე. ავსტრალიიდან კუნძულ ტაიტიზე გაემგზავრა და დაიკარგა. 24 საათის განმავლობაში ვეძებდით, ველოდით მის ყოველდღიურ რეპორტაჟს სიდნეის ოლიმპიადიდან, მან მხოლოდ 8-საათიანი პაუზა ითხოვა, მაგრამ დროის ხაზი გადაკვეთა და დაგვეკარგა ჩვენც და საკუთარ თავსაც. ძალიან დაიღალა, მაგრამ… ბედნიერი დაბრუნდა.
პაატას წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩემნაირ ტიპს რაღა ესაქმება იაპონიაში. უკვე მიყვარს ეს ხალხი, პაატას კი სჭირდება სხვისი გამოცდილებით შეამოწმოს თავისი თავი, ის ხომ მკვლევარი მეცნიერია. რატომ შეუყვარდა იაპონია? თავად ბევრ არგუმენტზე გველაპარაკება წიგნში, მე კი ერთი მჯერა, იმიტომ, რომ ნიკო ნიკოლაძისგან იანდერძა ეს ინტერესი, იმიტომ რომ აკაკი წერეთლის „გურული ნანინას“ ქარაგმის ამხსნელი უნდა გამხდარიყო.
რაკი პაატა ნაცვლიშვილზე მისი ერთი წიგნით ვლაპარაკობთ, ამ წიგნის მაგალითებით ვიხელმძღვანელოთ: „იაპონიაში არ არიან დამსახურებული და სახალხო არტისტები, მხატვრები, თუ მუსიკოსები. იაპონიაში ჭეშმარიტად სახალხო და ჭეშმარიტად დამსახურებულ შემოქმედს „იაპონიის ეროვნული საგანძურის“ უნიკალურ ტიტულს ანიჭებენ.“ არ ვიცი, რას ფიქრობენ მხატვრები, პოეტები, მეცნიერები, ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებლები, ლიტერატორები, პუბლიცისტები, მაგრამ გამომცემლები უთუოდ შევთანხმდებით, რომ პაატა ნაცვლიშვილი არის უნიკუმი, საგამომცემლო საქმიანობის ვირტუოზი და ის ნამდვილად იმსახურებს საქართველოს საგამომცემლო საქმიანობის ეროვნული საგანძურის ტიტულს.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
მალხაზ ხარბედია – კრიტიკა და რეცენზიები
თამაზ ვასაძის წიგნი “ლიტერატურა ჭეშმარიტების ძიებაში” და სოსო ტაბუცაძის “უბრალო დამატება” თითქმის ერთდროულად გამოსცა “ლიტერატურის ინსტიტუტმა”. ერთში კრიტიკულადაა შეფასებული ბოლო რამდენიმე საუკუნის ქართული ლიტერატურა, მეორე კი რეცენზიების კრებულია და ძირითადად თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ეხება.
ეს ორი წიგნი იმ დიდი ხარვეზის ამოვსების მცდელობაა, რაც ბოლო წლებში ქართულ ლიტერატურულ კრიტიკასა და რეცენზირების კულტურაში გაჩნდა. ამ წიგნებში ერთგან კრიტიკულადაა შეფასებული ბოლო რამდენიმე საუკუნის ქართული ლიტერატურა, მეორე კი რეცენზიების კრებულია და ძირითადად თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ეხება.
თამაზ ვასაძის კრებული “ლიტერატურა ჭეშმარიტების ძიებაში” 30 წლის მანძილზე დაწერილ სტატიებს უყრის თავს, რომელიც ბოლო რამდენიმე საუკუნის ქართულ ლიტერატურას მოიცავს, დავით გურამიშვილიდან დაწყებული – ბესიკ ხარანაულითა და ჯემალ ქარჩხაძით დამთავრებული. წიგნის რედაქტორის, ლიტერატურათმცოდნე მაკა ელბაქიძის აზრით შემთხვევითი არ არის, რომ წიგნი დავით გურამიშვილით იწყება, რადგან მისი სიტყვით, არც რუსთველამდე და არც რუსთველის შემდეგ “ისე მკაფიოდ და ზედმიწევნით არსად არ ცხადდება ჭეშმარიტების ძიების თუ მისი ხელახლა აღმოჩენის წყურვილი, როგორც “დავითიანში””:
“სწორედ დავით გურამიშვილის მიერ გავლებულ კვალს, და ეს ამ წიგნში ძალიან კარგად ჩანს, გაჰყვება შემდეგ მთელი მომდევნო პერიოდის ქართული მწერლობა. და მე შევეცდები თემატურად დავალაგო თამაზ ვასაძის მიერ წარმოდგენილი მასალა და სწორედ ამ ხაზს მივყვე. ვთქვათ, ბარათაშვილი გაჰყვება ამ ხაზს თავისი ფილოსოფიური ლირიკით, ილია ჭავჭავაძე თავისი რაციონალიზმითა და განმანათლებლური სულისკვეთებით, აკაკი წერეთელი თავისი ზნეობრივი გაკვეთილებით, ვაჟა ფშაველა თავისი ჰუმანიზმით, დავით კლდიაშვილი – ტრაგიკომიკურობით, ვასილ ბარნოვი სპეციფიკური ფილოსოფიურ-რელიგიური მსოფლხედვით, ნიკო ლორთქიფანიძე თავისი განუმეორებელი პოეტიკით, მიხეილ ჯავახიშვილი ტრაგიკომიკურობით და გროტესკულობით, ლეო ქიაჩელი რომანტიკული ესთეტიკით, გერონტი ქიქოძე მისთვის დამახასიათებელი იშვიათი ობიექტურობით, დაკვირვებისა და ანალიზის იშვიათი სიმახვილით, გლიგოლ რობაქიძე ინტელექტუალიზმის წინ წამოწევით, გალაკტიონი პოეტური მეს სრული ინტიმიზაციით, გიორგი ლეონიძე, ტიციან ტაბიძე – სიცოცხლის ვნებიანი სიყვარულით, გურამ რჩეულიშვილს თავად თამაზ ვასაძე ასე ახასიათებს – ვნებად ქცეული აზრი თუ აზრად ქცეული ვნება, ბესიკ ხარანაული – აზრის სილაღით და ჯემალ ქარჩხაძე რეალობის კრიტიკულ-ანალიტიკური ხედვით”.
მაკა ელბაქიძის ეს ჩამონათვალი სრული არ არის, წიგნში სხვა ავტორებსა და თემებსაც ნახავთ:
“შემთხვევითი არ არის ისიც, რომ თამაზ ვასაძე თავის წიგნს ამთავრებს ორი ძალიან საინტერესო თავით. ერთი ეს არის “ეროვნული და დასავლური”, და მეორე “ილიას ფორმულა ჩვენს დროში”. ეს ორი თავი ერთგვარად სისტემატიზაციას ახდენს იმ ყველაფრისას რაც წიგნის წინა ნაწილებში ითქვა და ეს ალბათ ძალიან აქტუალურია ჩვენთვის დღეს, ვინაიდან, მოგეხსენებათ, დასავლური ფასეულობების ძალიან ფართოდ წინ წამოწევა მოხდა ამ ბოლო წლებში და ძალიან ბევრი ჩვენგანი საკმაოდ ნიჰილისტურად უდგება ამ საკითხს და ხშირად გაიგონებთ, რომ დასავლური ფასეულობები სპობს ეროვნულ კულტურებს, რომ შეიძლება ჩვენი კულტურა მასკულტურაში გაითქვიფოს და ა.შ., მაგრამ თამაზ ვასაძის წიგნში არის ერთი ძალიან საინტერესო დაკვირვება, რომ ყველა ამ ავტორთან, რომელიც მე ახლა ჩამოვთვალე, და ეს ეხება ფაქტობრივად მთელს ქართულ ლიტერატურას, არის ერთი უწყვეტი ხაზი. ეს არის ადამიანის სწრაფვა თვითდამკვიდრებისკენ, თავისი პიროვნული თავისუფლებისაკენ, და ეს არის ქართველი ადამიანისთვის დამახასიათებელი (რადგან ჩევნ ქართულ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ) მისწრაფება, რომ სამყარო უკეთესად აქციონ, გააუმჯობესონ, გარდაქმნან იგი”.
სოსო ტაბუცაძის რეცენზიები უმთავრესად ლიტერატურულ პერიოდიკაში იბეჭდებოდა. გაზეთ “24 საათის” ლიტერატრულ დამატებაში, გაზეთ “კალმასობაში”. საქართველოში ძალზე იშვიათია შემთხვევები, როდესაც ავტორი თავის რეცენზიებს უყრის თავს. ასეთი მაგალითები ბოლო წლებში სულ რამდენიმე მახსენდება:
“ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, რომ იმ გაგებით და იმ შეგნებით, როგორაც გვესმის ჩვენ დღეს და რასაც ჰქვია ლიტერატურული კრიტიკა, დღეს არ არსებობს, და არც იარსებებს, იმიტომ, რომ ლიტერატურული კრიტიკა საბჭოურ სივრცეში რაც იყო, ყოველ შემთხვევაში მე ასე მესმის, ეს იყო იარაღი, რასაკვირველია, იდეოლოგიური იარაღი. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არამხოლოდ საბჭოური იდეოლოგიის ინსტრუმენტს, არამედ მეორე მხრივ ეროვნული იდეოლოგიის ინსტრუმენტსაც. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ ერთის კლასიკოსად წარმოვიდგინოთ 20-იანი წლების კრიტიკოსი პლატონ ქიქოძე, და მისი წიგნი, უკვე იშვიათობად ქცეული. ვისაც უნახავს, მან იცის, რომ ეს წიგნი პირდაპირ იარაღია… და მეორე მხრივ, უკვე ჩვენს დროში, აკაკი ბაქრაძე, ეროვნული იდეოლოგიის თვალსაზრისით…”.
სოსო ტაბუცაძის აზრით, კრიტიკა რომ არ არსებობს, ეს არცაა გასაკვირი. მისი სიტყვით, კრიტიკის დაბადება თუ აღორძინება პირველ რიგში რეცენზირების კულტურის გაჯანსაღებითაა შესაძლებელი და იმ კრიტიკის ადგილი, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო, დღეს რეცენზიამ დაიკავა. ტრადიციულ ქართულ კრიტიკას კი იგი რუსული ტრადიციიდან იწყებს, კერძოდ ბელინსკიდან, რომლის გამგრძელებელი ილია იყო ჩვენთან. ეს კრიტიკა კი სოსო ტაბუცაძის აზრით ძალიან განსხვავდება ფრანგული ან ბრიტანული ტრადიციისგან, ტომას ელიოტისგან, როლან ბარტისგან და ა.შ.:
“ყველაზე კარგი ის იქნება, რომ უბრალოდ, როცა კრიტიკაზე ვისაუბრებთ, ძალიან ღრმად და კარგად დავმარხოთ ის საბჭოური კრიტიკა, ანუ უნდა დავივიწყოთ ეს და უნდა დაიბადოს ახალი”.
ახალი კრიტიკის დაბადება არც ისე ადვილია, მითუმეტეს უახლოესი და უმძიმესი წარსულის ღრმად დამარხვამ არამგონია ამაში ხელი შეგვიწყოს.
© radiotavisupleba.ge -
მალხაზ ხარბედია – ორჰან ფამუქის მეოთხე წიგნი ქართულ ენაზე
ბოლო 2 წლის მანძილზე თურქი ნობელიანტი მწერლის, ორჰან ფამუქის 4 წიგნი გამოვიდა ქართულ ენაზე. მათ შორისაა სულ ახლახანს გამოცემული “მე წითელი მქვია”, მწერლის ყველაზე ცნობილი რომანი.
შედარებით ახალი თაობის თანამედროვე მწერლებს შორის ფამუქი მემგონი ერთად-ერთია, ვისი 4 წიგნიც ითარგმნა ქართულ ენაზე. ამ მხრივ ფამუქმა მიშელ უელბეკსაც გადაუსწრო. ქართული ფამუქი ჩვენი თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ნათელი წერტილია, თუკი გავითვალისწინებთ სავალალო მდგომარეობას და წარმოუდგენლად ნელ ტემპებს, რა ტემპებითაც ითარგმნება კლასიკა და უახლესი მწერლობა. ფამუქი ამ მხრივ ნამდვილად გამონაკლისია. მას ყველაზე მეტად გაუმართლა ჩვენში, თუმცა უფრო მეტად გაუმართლა ქართველ მკითხველსაც, იმის გამო, რომ საქართველოში აღმოსავლეთმცოდნეობის კარგი სკოლა არსებობს და ჩვენი თურქოლოგები კლასიკაზე უფრო ბარაქიანად უახლესი ლიტერატურის ნიმუშებს თარგმნიან. აღმოსავლეთმცოდნეს, მთარგმნელისა და პოეტის გიორგი ლობჟანიძის აზრით, საქართველოში არავინ დალოდებია, სანამ ფამუქს მსოფლიო აღიარებდა, მას ნობელის პრემიამდეც კარგად იცნობდნენ ჩვენში:
“რაც შეეხება ქართულ თარგმანებს… ქართული აღმოსავლეთმცოდნეობა არ დალოდებია იმას, რომ ფამუქი მსოფლიოში ეღიარებიათ და გამოჩენისთანავე დაიწყო მისი შემოქმედების შესწავლა. ჩვენი თურქოლოგები – თამუნა ალფენიძე, ქეთევან ტომარაძე, ნანა ჯანაშია და ლია ჩლაიძე აქტიურად შეისწავლიდნენ და თარგმნიდნენ მის ნაწარმოებებს”.
თავად ფამუქი, მისი პირადი ცხოვრებით, შეხედულებებით და წერის მანერით, ცალკე თემაა. XX საუკუნის 80-იანი წლების თურქეთში არავინ ელოდა ასეთი მწერლის გამოჩენას, მწერლისა, რომელიც გულახდილიც იყო და თამაშობდა კიდევაც კულტურული მეტაფორებით. ფამუქში, შეიძლება ითქვას აღმოსავლური და დასავლური ლიტერატურული ტრადიციის შერწყმა მოხდა:
“საერთოდ ძალიან უცნაური იყო ფამუქის გამოჩენა თურქულ ლიტერატურაში და კონკრეტულად იმ სახის მწერლის გამოჩენა, როგორიც ფამუქია. საკმაოდ ღარიბია თურქული ლიტერატურა, განსხვავებით სხვა აღმოსავლური ლიტერატურებისგან და მას პრაქტიკულად თანამედროვე ლიტერატურა ისეთი დონის ჰქონდა, რომ ნაკლებ სავარაუდო იყო ამ მასშტაბის მწერლის გამოჩენა. თვითონ თურქეთში ფამუქის მიუღებლობა მემგონი სწორედ ამითაც არის განპირობებული, რომ იგი პიროვნული აქტით შემდგარი მწერალი უფროა და დიდად გაუსწრო დროს და თავის თანამედროვე თურქულ ლიტერატურას. თავის მხრივ მისი პოლიტიკური შეხედულებებიც ამძაფრებს პროტესტს და ხშირად გამიზნული ხასიათის არის ხოლმე, რათა დასავლური საზოგადოების ყურადღება მიექცია”.
ჩემი პირველი ფამუქი რუსულად თარგმნილი “შავი წიგნი” იყო, ზუსტად არ მახსოვს, დაახლოებით 2002-2003 წელს წავიკითხე. შემდეგ ამას “მე წითელი მქვია” მოჰყვა, ასევე ფამუქის შედარებით ადრეული წიგნები, “თეთრი ციხესიმგრე” (1985), “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” (1979), ყველაზე ახალი გამოცემებიც, “თოვლი” (2002) და “სტამბოლი – მოგონებების ქალაქი” (2003). ფამუქისთვის გამოყოფილი ჩემი თარო ყოველწლიურად იზრდება, მას სულ ბოლოს ქართულად დაბეჭდილი “მე წითელი მქვია”-ც შეემატა, თუმცა ქართული ფამუქიადა შედარებით ადრე დაიწყო, რამდენიმე წლის წინ და თავდაპირველად მთარგმნელები ფამუქის ნაკლებად ცნობილ ნაწარმოებებზე სინჯავდნენ ძალებს:
“როდესაც თარგმანზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ არჩევანი, ანუ რას ვირჩევთ, და ფამუქის შემთხვევაში ქართველმა მთარგმნელებმა რატომღაც სამწუხაროდ მისი მეორეხარისხოვანი ნაწარმოებები აირჩიეს თავიდან. თუნდაც იგივე “ორმაგი სახე”, ქეთევან ტომარაძის მიერ თარგმნილი “თეთრი ციხესიმაგრე”, ნანა ჯანაშიას “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” არ იყო ამ მწერლის საუკეთესო ნაწარმოებები და მხოლოდ ბოლოს რაც ითარგმნა, ლია ჩლაიძის მიერ შესრულებული “მე წითელი მქვია”, ითვლება, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია ფამუქისა. ჩემზე სწორედ ეს თარგმანი ახდენს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას. აქ იგრძნობა სწორედ ქართული მთარგმნელობითი სკოლის ძალიან მაღალი დონე და ის კლასი, რომლის ქვემოთაც დონე არ უნდა დაეშვას.
“მე წითელი მქვია”-ში მოთხრობილი ამბავი იმ დროისაა, როცა სტამბული შედარებით პატარა და ღარიბული, მაგრამ სამაგიეროდ, უფრო ბედნიერი ქალაქი იყო, როცა ფადიშაჰები მოცალეობისას წიგნების კითხვასა და მინიატურების ჭვრეტაში ატარებდნენ დროს. ერთ-ერთი ასეთი ფადიშაჰის მიერ შეკვეთილი წიგნის გარშემო ტრიალებს რომანის მთელი სიუჟეტი და ყველა მთხრობელი სწორედ ამ წიგნის შექმნასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა გააერთიანა. მთხრობელი კი ბევრია წიგნში: ყარა, ენიშთე ეფენდი, შექურე, ენიშთე ეფენდის მოსწავლეები – ქელებექი, ლეილექი და ზეითინი, ებრაელი ქალი ესთერი, ოსტატი ოსმანი, ძაღლი – ყავახანაში დაკიდებული ნახატიდან, ოქროს მონეტა, ხე, ცხენი, სიკვდილი, შაითანი, ორი დერვიში (ასევე მინიატურებიდან) და რაც მთავარია – თავად წითელი ფერი, რომანის მთავარი ხმა:
“”მე მქვია წითელი” იმით არის მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომ ძალიან ბევრ პრობლემას, რომელიც საქართველოსათვისაც არის მტკივნეული, ფამუქი შემოქმედებითად სვამს და ამუშავებს. მათ შორის, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ურთიერთობის ურთულესი პრობლემა, რომელზეც მთელი ლიტერატურაა შექმნილი და ცალკე ამ ლიტერატურის კვლევა ძალიან შორს წაგვიყვანს. ფამუქი ძალზე ორიგინალურად განიხილავს ამ საკითხს თავის წიგნში და იმდენად ფაქიზ შტრიხებს გვთავაზობს აღმოსავლელი კაცის ქცევისას და ამ ქცევის აღქმისას დასავლეთის მიერ, რომ ძალიან იშვიათად მეგულება მსოფლიო ლიტერატურაში ამ ტიპის ნაწარმოები, რომელიც ამ პრობლემას ამ სიღრმით განიხილავს. გარდა ამისა ეს ნაწარმოები ენობრივადაა ძალიან საინტერესო, რაც ქართულ თარგმანშიცაა შენარჩუნებული. როგორც მკითხველმა იცის, თვითონ წიგნი აგებული პერსონაჟთა მონათხრობზე, ნაამბობებზე, რომელიც, თავისთავად, არ არის ახალი ხერხი, ლიტერატურული თვალსაზრისით, თუნდაც ქართულ ლიტერატურაში რომ გავიხსენოთ, დათა თუთაშხია ამის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია, მაგრამ სათარგმნელად ეს ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ყველა პერსონაჟს მეტყველების თავისი დამახასიათებელი მანერა აქვს, რაც თურქულ ორიგინალში არის, როგორც მე მითხრეს, და ქართულშიც გადმოტანილია შესაბამისად, ლია ჩლაიძის მიერ. გარდა ამისა, იქ არის უამრავი დეტალი, პროფესიული თვალსაზრისით, რომელიც უბრალოდ ბრწყინვალედ არის შესრულებული და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი კითხველი ამას ადეკვატურად დააფასებს”.
ჩვენ კი იმედი დავიტოვოთ, რომ ახლო მომავალში თავად ავტორსაც გავიცნობთ პირადად. საქართველოში უკვე ყველა პირობა არსებობს საიმისოდ, რომ თურქი ნობელიანტი ვისტუმროთ. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორჰან ფამუქს თბილისზეც აქვს დაწერილი რამდენიმე ძალიან თბილი სიტყვა.
© radiotavisupleba.ge