• რეცენზია

    ვერცხლის საუკუნე + ბროდსკი. ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმნილი რუსული პოეზია.

    ლელა სამნიაშვილი
    ვიდრე ყაზბეგს ეცინება
    ვერცხლის საუკუნე + ბროდსკი. ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმნილი რუსული პოეზია. თბ. 2007.

    “…თვალს ქუთუთოებქვეშ რატომ ჭუტავ?/ყაზბეგო, რაზე გეცინება?“ – მაინცდამაინც პასტერნაკის ამ ლექსზე გადავშალე კრებული, რომელიც ჩემს ხელთაა.
    ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ აღმოსავლური და დასავლური პოეზიის ნიმუშების საუკეთესო ქართული თარგმანებით განებივრებულმა მკითხველმა ცოტა ხნის წინ ახალი საჩუქარი მიიღო. თუმცა, ვახუშტი კოტეტიშვილი რუსული პოეზიის მნიშვნელოვანი ნაწილის (“ვერცხლის საუკუნე + ბროდსკი”) ქართულ ენაზე კრებულად გამოცემას მთარგმნელის პროფესიულ ჟინს უმადლის, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს რუსული პოეზიის თარგმნა და ქართველი მკითხველისათვის მისი შეხსენება ბევრი კუთხითაა დროული და საინტერესო.
    მთარგმნელი აღნიშნავს: “მე ამ ჩემი საყვარელი ლექსების თარგმნას შეგნებულად თავს ვარიდებდი, ვინაიდან ვთვლიდი, რომ რუსული ენა საქართველოში თითქმის ყველამ იცოდა და უმჯობესი იქნებოდა, თუ მკითხველი მათ დედანში გაეცნობოდა.” ქართველი მკითხველის ახალ თაობას დღეს უკვე ნამდვილად სჭირდება რუსული პოეზიის გაცნობა მშობლიურ ენაზე; მით უმეტეს, რომ საქართველო-რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკური მიმართებები, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების სიხშირესა და მასშტაბებზეც აისახება. გლობალიზაციის პირობებში, თანამედროვე რუსულ ლიტერატურას ალბათ არც უნდა მიენიჭოს ჩვენს მიერ რაიმე განსაკუთრებული პოზიცია, ვიდრე ვთქვათ, ინგლისურენოვან ან ლათინოამერიკულ ლიტერატურას. ლიტერატურის ისტორიის თვალსაზრისით კი რუსული ლიტერატურისა და რა თქმა უნდა, რუსული პოეზიის მნიშვნელობის დავიწყება საქართველოსთან და ქართულ ლიტერატურასთან მიმართებაში უბრალოდ, შეუძლებელია. გარდა იმისა, რომ თავის დროზე რუსულმა პოეზიამ კავკასიითა და საქართველოთი შთაგონებული უამრავი ლექსი შეიძინა, მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის ქართულ პოეზიაზე. ისეთ უშუალო გავლენებს რომ დავანებოთ თავი, რომელთა შედეგადაც ქართულ პოეზიაში ვთქვათ, ფუტურისტული მიმართულება გაჩნდა, რუსული პოეზიის გავლენა ცისფერყანწელების და გალაკტიონის შემოქმედებაშიც კი მნიშვნელოვანია. აქედან პირველი – ქართული პოეტური ტრადიციის ფრანგულ სიმბოლიზმთან შეზავების მცდელობა, ხოლო მეორე ამ მცდელობას გაცდენა და მთლიანად ახალი პოეტური პარადიგმის დამკვიდრება იყო. მათში ევროპული პოეტური გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვანწილად, რუსული პოეზიის და ფრანგულიდან და ინგლისურიდან – რუსულად თარგმნილი პოეზიის გავლით მოხდა.
    აქ უკვე თარგმანის როლის მნიშვნელობას შევეხეთ – პოეზია, სამეტყველო ენების გარდა, მხატვრული აზროვნების, სიმბოლოების, მოტივების, განცდების, რიტმის, ფორმალური ძიებების ენებსაც ფლობს, რომელთაგან თითოეული სხვადასხვანაირად ემორჩილება გეოგრაფიას, ეპოქას, პოლიტიკურ ფორმაციებს და კონკრეტულ ენობრივ სისტემებსაც კი. სხვანაირად რომ ვთქვათ, პოეზიის ინტერპრეტირებაც და თარგმნაც ბევრნაირად და უსასრულოდ შეიძლება – ენის შიგნით, ენიდან-ენაზე, ეპოქიდან–ეპოქაში, ქვეყნიდან-ქვეყანაში. ჩვენს ხელთ არსებული რუსული პოეზიის ქართული კრებული მთარგნელობითი ოსტატობის ყველა ნიშანს ატარებს: ცალ გვერდზე განთავსებული რუსული ლექსი და მეორე გვერდზე, მისი ქართული თარგმანი – სტრიქონთან-სტრიქონის, რიტმთან-რიტმის, რითმულ სტრუქტურასთან–რითმული სტრუქტურის ერთმანეთთან შედარების საშუალებას იძლევა. თუმცა, ამ ნიმუშების კითხვისას, გზადაგზა, სმენაში მკაფიოდ გაიელვებს ხოლმე ჩვენთვის ცნობილი კოტეტიშვილესეული სხვა თარგმანები, და მათი აღმოსავლური ინტონაციები: “მოცემული მაქვს მე სხეული, რა ვქნა, რა ვუყო?/ ასე მთლიანი, ასე ჩემი, ვის რა გავუყო?/ მისთვის რომ ვსუნთქავ და ცოცხალი კაცი მქვია მე,/ ითხარით მაინც, ვის ვუმადლო მე ეს სიამე?” (უსათაურო, ოსიპ მანდელშტამი).
    განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს კრებულში იოსიფ ბროდსკის პოეზიის თარგმანებისათვის დათმობილ ნაწილს. Bბროდსკის ლექსების თავისებურება – ემოციური სახეები, ორიგინალური რიტმი და ფილოსოფია, რომელიც რუსული ენისათვის ბევრად უფრო ორგანული აღმოჩნდა, ვიდრე იგივე – ინგლისურისათვის, უკიდურესად ძნელს ხდის ამ ავტორის თარგმნას. ჩვენ უკვე ვიცნობთ ქართულ ენაზე ბროდსკის ზვიად რატიანისეული თარგმანების წარმატებულ მცდელობას. კოტეტიშვილის მიერ გადმოქართულებული ბროდსკი ოსტატურია, გარითმული, მრავალფეროვანი. ის, რაც თარგმანში იკარგება, არის პოეტის უკიდურესი რადიკალიზმი, განწყობის თვალსაზრისით. ბროდსკის ლექსები ხომ მისსავე პუბლიცისტიკაზე არანაკლებად ბასრია. პოეტური ნიჭის გარდა მათში ეფექტური, დახვეწილი აზროვნება და ასე ვთქვათ, გარემოსთან ენობრივი ბრძოლა ჩანს. თუმცა, თავად ავტორმა, პოეზიასთან ამ განწყობის საუკეთესო ნაზავი, როგორც ითვლება, თავადაც ვერ გადაიტანა რუსულიდან – ინგლისურ ენაზე. ბროდსკი ხომ თავის თავს მოიხსენიებდა ებრაელად, რუს პოეტად და ამერიკელ პუბლიცისტად. ასეთი თვითიდენტიფიკაცია, მისი ბიოგრაფიის ფონზე, ზუსტად რომ ხაზს უსვამს ენების თვისებას – გადალახონ კონკრეტული ტერიტორიები მწერლისა და ლიტერატურის საშუალებით და დაამტკიცონ საკუთარი უპირატესობა გეოგრაფიაზე, პოლიტიკასა და დროზე.
    ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ ქართველი მკითხველისათვის შემოთავაზებული რუსული პოეზია ქართულად, სწორედ იმ გზის ნაწილია, რომლითაც პოეზია და ენა დროში და სივრცეში აგრძელებს მოგზაურობას. ამ გზის აღმოჩენა და მისი გაყოლა კი, იქნებ გადარჩენასაც ნიშნავდეს. შეიძლება ამ წერილის პუბლიცისტური ციტატით დასრულებას ბროდსიკსავე ლექსის კოტეტიშვილისეული თარგმანის ციტირება სჯობდეს, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ამ მნიშვნელოვან თარგმანებს მკითხველი აუცილებლად მოძებნის უახლოეს მომავალში.
    ბროდსკი კი წერდა: “ლიდერებს მათ მიერ წაკითხული წიგნების, და არა მათი პოლიტიკური პროგრამების მიხედვით რომ ვირჩევდეთ, დედამიწაზე ბევრად ნაკლები მწუხარება იქნებოდა.”
    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • რეცენზია

    "ცისფერყანწელები” – ასი ლექსი


    დაბრუნება ნაცნობ სამყაროში

    გელა ოდიკაძე

    “ცისფერყანწელები”. ასი ლექსი. შემდგენელი მაია ჯალიაშვილი. თბილისი. “ინტელექტი” 2007.

    ერთი საუკუნის შემდეგ ხელახლა ვუბრუნდებით “ცისფერყანწელთა” პოეზიას. მეგაპოლისების ეპოქაში მათი ურბანიზმი მოკრძალებულად გამოიყურება, მაგრამ ეს ხომ დასაწყისი იყო. ეს იყო ურბანისტული ცნობიერების ქართულ პოეზიაში დამკვიდრების პირველი ცდები. ურბანიზმი XX საუკუნის დასაწყისისათვის ჩვენში თავისებურად იკიდებდა ფეხს. ქალაქი ერთდროულად შემზარავ და ამასთანავე მიმზიდველ ადგილსამყოფელს წარმოადგენდა პოეტებისათვის. კოლაუ ნადირაძის ლექსი “ავზნიანი ქალაქი” ასეთი სტრიქონით იწყება: “მე ხშირად მიყვარს ეს ქალაქი მრუში და მყრალი”. უჩვეულო, ფანტასმაგორიული, მომაჯადოებელი სურათია აღწერილი პაოლო იაშვილის ლექსში “ფარშავანგები ქალაქში”. და თუმცა, იგივე პაოლო იაშვილის სხვა ლექსში – “წერილი დედას”- ქალაქის შემზარაობა სოფლის პასტორალურ ფონზეა წარმოსახული, მაინც ერთგვარი მიმზიდველობა ამოიკითხება ურბანისტული გარემოს შტრიხებში. წიგნის წინასიტყვაობის ავტორი მაია ჯალიაშვილი ხაზს უსვამს კრიტიკოს თამაზ ვასაძის სიტყვებს – სიმბოლიზმის სკოლამ “ცისფერყანწელებს” სინამდვილის პირველაღმომჩენთა, პირველმხილველთა ხედვის სიხალასე მისცაო. ჩემი მხრივ, მინდა დავძინო: ეს მახვილგონივრული დაკვირვება, ალბათ, ქალაქსაც ეხება, ვინაიდან “ცისფერყანწელები” ქალაქსაც ახალი, ხალასი და განცვიფრებული თვალითაც კი უმზერდნენ. ქალაქიც იმ სინამდვილის ნაწილი იყო, რომელიც ქართველმა პოეტებმა ახლებურად აღიქვეს.
    “ცისფერყანწელთა” შემოქმედების ხელახლა გადაკითხვისას, ნებსით თუ უნებლიეთ, ლექსებს არა მხოლოდ ფორმის დახვეწილობის, არამედ ემოციური შემოქმედების ნიშნით ვაფასებთ. მართლაც, ამ შემთხვევაში, საზომად შეიძლება მკითხველის მეხსიერება გამოდგეს. ის ლექსები, რომლებიც ერთხელ მაინც ცხოვლად აღიბეჭდა მეხსიერებაში, ხელახლა გადაკითხვისას ან იმედგაცრუებას გამოიწვევს ან კიდევ უფრო ცხოვლად აღიბეჭდება. მე, პირადად, ამ წიგნმა ესთეტიკურ სიამოვნებასთან ერთად წარსული დროის ნოსტალგია და სევდანარევი სიხარულიც მომგვარა. ისევე, როგორც ბევრი ადამიანისათვის, ჩემთვისაც, ამ პოეტებით და ამ ლექსებით იწყება XX საუკუნის ქართული პოეზია.
    კრებულის შედგენისას მაია ჯალიაშვილი ცდილობდა, წინა პლანზე ის ლექსები წამოეწია, რომლებზეც აქამდე საგანგებოდ არ გაკეთებულა აქცენტი. მან ამა თუ იმ პოეტის ნაწარმოებთა თავისი არჩევანი, თავის თანმიმდევრობა შემოგვთაზა. ეს ასეც უნდა იყოს და სწორედ ამიტომაცაა (საინტერესო წინასიტყვაობასთან ერთად) ეს წიგნი მნიშვნელოვანი. წიგნს ორგანულად შეერწყა სანდრო ცირეკიძის და სერგო კლდიაშვილის მინიატურები.
    ჩემი აზრით, ფაქიზად, დახვეწილი გემოვნების კარნახით არის შერჩეული გრიგოლ რობაქიძის ლექსები. ამ ლექსებში მკაფიოდ გამოსჭვივის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ექსპრესიული ხელწერა. არცთუ იშვიათად, ზერელედ აფასებენ რობაქიძის ლექსებს და ავიწყდებათ, რომ ეს ლექსები განუყოფელი ნაწილია ახალი მხატვრული აზროვნებისა. მაია ჯალიაშვილს მოაქვს ტიციან ტაბიძის სიტყვები: “სიმბოლიზმი ჩვენთან შემოიტანა გრიგოლ რობაქიძემ. ბატონ რობაქიძეზე არ გამართლდა საერთო დებულება, რომ ყოველ ნოვატორს წინ ეღობება გაუგებრობის გალავანი. იმას არაფრად დასჯდომია ძველ ღირებულებათა გადაფასების კადნიერება, ახალ ძიებათა ფეირვერკების გასროლა”.
    არცთუ ისე დიდი ხანია, რაც გამოიცა შალვა კარმელის ლექსების სრული კრებული. წინამდებარე კრებულშიც ეს პოეტი თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, სხვა ლექსებს “სემირამიდის ბაღი” უძღვის წინ. ეს ლექსი დღემდე ინარჩუნებს იმ პირველქმნილ მუხტს, რომელიც დაწერის პირველი დღიდანვე ჰქონდა. უაღრესად შთამბეჭდავია პირველივე სტროფი: “გადმოკიდულა ციდან,
    სემირამიდის ბაღი,
    გულია ერთი ციდა,
    და მთისოდენა დაღი.”
    კიდევ ერთხელ დავუბრუნდები უკვე ნათქვამს: ამ კრებულის კითხვისას ჩვენ ვამოწმებთ “ცისფერყანწელთა” ლექსების ემოციური ზემოქმედების ხანგრძლივობას. ლექსები იმისთვის იწერება, რომ, უპირველეს ყოვლისა, ემოციურად შეძრას ადამიანები. არსებობს ლექსები, რომლებიც ტექნიკურად უზადოდ არის შესრულებული, მაგრამ გრძნობისმიერი მუხტის უქონელია და არსებობს ლექსები, რომელთაც მცირეოდენი ტექნიკური ზადი აქვს, მაგრამ მძლავრ ემოციურ ფლუიდებს გამოსცემს.
    სწორედ ასეთი ემოციური მუხტით არის აღბეჭდილი კოლაუ ნადირაძის წინამდებარე წიგნში შესული ლექსი “25 თებერვალი. 1921”. ყველას კარგად გვახსოვს ამ ლექსის ხელნაწერის შემთხვევითი გამოქვეყნების ისტორია საბჭოთა პერიოდში. დღეს “ცისფერყანწელების” სხვა ლექსებთან ერთად გამოქვეყნებული ეს ლექსი ცხოველმყოფელ შტრიხს სძენს კოლაუ ნადირაძის შემოქმედებას და XX საუკუნის ქართულ კლასიკურ პოეზიაში თავის კუთვნილ ადგილს იკავებს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • რეცენზია

    ანდრო ბუაჩიძე


    ოსტატობის გაკვეთილები

    მხატვრული თარგმანის მასტერკლასი. პროექტის ხელმძღვანელი ვახუშტი კოტეტიშვილი. პროექტის ასისტენტი ნიკა ჯორჯანელი. რედაქტორი ანა ჭამაშვილი. თბ. ”დიოგენე”, 2007.

    “მხატვრული თარგმანის მასტერკლასი”! წიგნის ამგვარმა სათაურმა აღმაფრთოვანა. ასეთი წიგნი ხომ ჩვენში ადრე არასდროს გამოცემულა. არადა, სადღეისოდ ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს! აკი ჩვენს ეპოქას თარგმანის საუკუნე უწოდეს. კულტურათა ღიაობა და დილთაისა თუ გადამერისეული ჰერმენევტიკის საკითხები უშუალოდ მხატვრული ლიტერატურის თარგმნას უკავშირდება. მახსენდება თარგმანის პრობლემებზე წაკითხული წიგნები. უმეტესი მათგანი ზოგადთეორიული ხასიათის იყო, ამიტომაც ბევრი არაფერი დამამახსოვრდა. ზოგადი საუბარი ამ თემაზე არცთუ ისე შთამბეჭდავია, კონკრეტული მაგალითები და ავტორისეული გამოცდილება კი ცხოველ ინტერესს ბადებს. მასტერკლასის ხელმძღვანელი და ავტორი, შესანიშნავი მთარგმნელი ვახუშტი კოტეტიშვილი წინამდებარე წიგნის ფურცლებზე წერს: “აკადემიური კურსი მოიცავს თარგმანის ზოგად თეორიულ საკითხებს, რაც საერთოა ნებისმიერი ენიდან ნებისმიერი ტექსტის თარგმნის პროცესში. მასტერკლასი კი გულისხმობს პირადად ჩემს პროფესიულ გამოცდილებას, ჩემს მრწამსსა და ხატოვანი სისტემის ჩემეულ გააზრებას”.

    ამგვარივე პირადი გამოცდილება ჩააქსოვა თავის წიგნში, “მაღალი ხელოვნება” ბრწყინვალე კორნეი ჩუკოვსკიმ! ამიტომაც არის ეს წიგნი უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი, ვიდრე, ვთქვათ, ცნობილი თეორეტიკოსის, ირჟი ლევის გამოკვლევები თარგმანის პრობლემებზე.

    რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი განხილვის საგანს ანუ მასტერკლასს, რომელსაც უძღვება ვახუშტი კოტეტიშვილი, უნდა ითქვას, რომ ესეც, ჩუკოვსკისა არ იყოს, უიშვიათესი და ბედნიერი შემთხვევაა. თარგმანებს წამძღვარებული კოტეტიშვილისეული წინათქმა ერთი ვრცელი გამოკვლევის ტოლფასია, ვინაიდან აქ თავმოყრილია პოეზიის და, საერთოდ, მხატვრული თარგმანის ის უარსებითესი მომენტები, რომელსაც მთარგმნელი გადაწყდომია თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვახუშტი კოტეტიშვილი არა მხოლოდ კონკრეტული ტექსტის შემთხვევებზე გვესაუბრება (გავიხსენოთ ბროდსკის ქართულ ვარიანტში გამოყენებული სიტყვა “უნებრივი”), არამედ ზოგადთეორიულ საკითხებსაც თავისი გამოცდილების კვალად წამოჭრის. აი, ვთქვათ, ასეთი თავი: “თარგმანი და ზნეობა”, სადაც ავტორი წერს: “მთარგმნელს ნიჭის გარდა, კიდევ ერთი რამ უნდა ჰქონდეს აუცილებლად: სინდის-ნამუსი. მე არ ვხუმრობ. მთარგმნელობა დიდ ზნეობრივ სიმაღლეს მოითხოვს”.

    ყოველივე ისე მარტივად და ნათლად არის ნათქვამი, კაცი იფიქრებს, ამას თქმა რად უნდა, ეს ხომ მეც ვიციო. არადა, მთარგმნელმა, უპირველეს ყოვლისა, მართლაც საკუთარი შესაძლებლობები უნდა აწონ-დაწონოს. დიდ მწერალთა თარგმნა რჩეულთა ხვედრია: “რუსთაველისა თუ ფირდოუსის, პუშკინისა თუ ელიოტის ვაი-მთარგმნელს რატომ უნდა შერჩეს “ხახვივით” დიდ ხელოვანთა ნააზრევის გაუფასურება და გაყალბება?!”

    სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ჩვენში მხატვრული თუ სამეცნიერო თარგმანის კრიტიკა თითქმის არ არსებობს, და თუ არსებობს, მხოლოდ “მსუბუქი ჟანრისა” – დაიწყებს ერთი ლიტერატორი მეორე ლიტერატორის თარგმანში შეცდომის ძებნას და თუ ოდნავ შორდება ესა თუ ის თარგმნილი სიტყვა დედნისეულ ვარიანტს, ატეხს ერთ ამბავს, ეს რა საშინელი ამბავი მომხდარაო. ასეთი რამ კი ყველას შეიძლება დაემართოს!

    თუმცაღა, არსებობს სერიოზული შეცდომებიც. და იმისათვის, რომ ამგვარი შეცდომები თავიდან ავირიდოთ, არ უნდა მივენდოთ მხოლოდ საკუთარ ცოდნას და ასოციაციებს, საჭიროა ლექსიკონში ჩახედვა. ამას ურჩევს მასტერკლასის მონაწილე ახალგაზრდა მთარგმნელებს ვახუშტი კოტეტიშვილი წინათქმის ერთ-ერთ თავში “მთარგმნელის ცრუ მეგობრები”.

    წინამდებარე წიგნს წამძღვარებული ვახუშტი კოტეტიშვილისეული წინათქმა “საუბრები მთარგმნელობით ხელოვნებაზე” არა მხოლოდ ახალგაზრდა მთარგმნელებს, არამედ ყველა ლიტერატორს გამოადგება, ვინაიდან აქ ჩატეულია არა მხოლოდ მთარგმნელის, არამედ მკვლევარის მაღალპროფესიული გამოცდილებაც. ამაში იოლად დავრწმუნდებით, თუკი გულდასმით წავიკითხავთ თავებს: “რითმის წარმოშობა და მისი განვითარების გზები” ან “სემანტიკური შესაბამისობანი”.

    არ შეიძლება ორიოდ სიტყვა არ ითქვას წიგნის მეორე ნაწილზე, სადაც მასტერკლასის “პრაქტიკული ნაღვაწია” წარმოდგენილი. ეს ნაწილი იხსნება მარინა ცვეტაევას ვახუშტი კოტეტიშვილისეული თარგმანებით. არცთუ ისე დიდი ხანია, რაც ვიხილეთ ამავე მთარგმნელის ცალკე წიგნად გამოცემული “ვერცხლის საუკუნის” პოეტების ლექსები. იქ იყო ცვეტაევას რამდენიმე მცირე ლექსი. მათ რიცხვს მიემატა ამ ახალ კრებულში წარმოდგენილი ლექსებიც და ჩვენთვის ცხადი შეიქნა, თურმე ცვეტაევას თარგმნა შესაძლებელი ყოფილა, თუკი ამ საქმეს ნამდვილი ოსტატი მოჰკიდებს ხელს.

    მასტერკლასის ახალგაზრდა მონაწილეების სია საკმაოდ ვრცელია. შთამბეჭდავია მათი არჩევანი: ანა ახმატოვას, ეზრა პაუნდის, ფრიდრიხ ჰოლდერლინის, უილიამ ბლეიკის, ჯიბრან ხალილ ჯიბრანის, არნო ჰოლცის, ფრანც კაფკას, იუსუფ იდრისის ნაწარმოებები.

    მთარგმნელთა უმრავლესობა კარგად ფლობს სალექსო ტექნიკას, სწორად სვამს ლირიკულ აქცენტებს, ფეხდაფეხ მიჰყვება დედანს, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად არსებობს ემოციური მხურვალებაც, რომელიც მთარგმნელმა თვითონვე უნდა ჩადოს თარგმანში. ეს კი უკვე სამომავლოდ თუ მიიღწევა.

    © “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“