• რეცენზია

    შოთა იათაშვილი

    მუტანტური “ვირის აპოლოგია”

    ზაზა ბურჭულაძე, სახარება ვირისა (რომანი). გაგა ლომიძის კომენტარებით. თბ. “ლოგოს პრესი”, 2004.

    დახედავს წიგნს რიგითი მკითხველი და ხელად აღშფოთდება: “ესეც მორიგი მკრეხელობა!” და აბა სხვა რა ჩარაა, თუკი წიგნს “სახარება ვირისა” ჰქვია გულისსახეთქად და ავტორიც ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური პროზაიკოსი ზაზა ბურჭულაძეა? ყდას გადაშლი, თავფურცელს დახედავ და წერია: სახარება ვირისა გაგა ლომიძის კომენტარებით. და, ცხადია, რისხვაც მატულობს: ესღა გვაკლდა: გაგა ლომიძე – იოანე ოქროპირი!
    მაგრამ თუ არ ვიჩქარებთ შეფასებაში, სამჯერ პირჯვარს გადავისახავთ, “ფუი ეშმაკს” და “ჯვარი აქაურობასა”-ს ვიტყვით და კითხვას შევუდგებით, აღმოჩნდება, რომ სკანდალური ავტორის ეს წიგნი გაცილებით ნაკლებადაა სკანდალური და პრინციპში სათაურს თუ არ ჩავთვლით, სკანდალურობის ბევრი არც არაფერი სცხია: წიგნი სკანდალური კი არა, კულტუროლოგიურია. ადამიანის პირით ამეტყველებული ვირი, მსგავსად ბალაამის ვირისა (წიგნს ეპიგრაფად სწორედ ეს ბიბლიური ისტორია უძღვის), კაცობრიობის წინაშე თავისი დიდი ღვაწლის წინაშე მოუთხრობს მკითხველს. და ნელ-ნელა ჩვენს წინაშე მდიდარი პანორამა იშლება: ანტიკური ხანიდან მოყოლებული დღევანელობამდე, სხვადასხვა რელიგიური თუ ლიტერატურული გამოცდილების მქონე ვირები ერთ კრებით სახეში ერთიანდებიან და გვაჯერებენ, რომ მხოლოდ თანამედროვე, გაუხეშებულ და გაყალბებულ “ვირულ ეპოქაში” მოხდა მათი პოზიტიური ხატისა თუ ანიმალისტური მისიის ნეგატიურით შეცვლა.
    ტექსტი დაძეძგილია კულტუროლოგიური იმიჯებითა თუ მინიშნებებით, მაგრამ ვინაიდან საქმე მაინც მხატვრულ ნაწარმოებთან გვაქვს და არა კულტუროლოგიურ გამოკვლევასთან, ზაზა ბურჭულაძე არ ცდილობს იყოს მთხრობელი ლექსიკონური ინფორმაციისა და სწორედ ამიტომ ხდება აუცილებელი კომენტარები, სადაც ინაცვლებს ის, რასაც სტრიქონებს შორის გულისხმობს ავტორი. თუმცა ეს კომენტარები მხოლოდ და მხოლოდ “ვიროლოგიური” სახიათის არაა, ძალიან გამოწვლილვითაა და, ჩემი აზრით, ჭარბ ინფორმაციასაც შეიცავს ოდნავ მაინც განათლებული ადამიანისათვის.
    მოკლედ, ბალაამის ვირი, იესოს ვირი, აპულეუსის ვირი, ხიმენესის ვირი… ვტრიალებთ ამ უცნაურად საინტერესო სამყაროში და ამავე დროს, საიდან სადაო და, გალაკტიონის სახე, გალაკტიონის თემაც ჩნდება ნაწარმოებში. ჯერ თავიდანვე, ავტორი ყვება, თუ როგორ შეიტყო ლიტერატურულმა სამყარომ, მისმა სამეგობრომ, რომ იგი გალაკტიონზე წერს რომანს და როგორაა შეწუხებული ამ ფაქტისადმი გადამეტებული ინტერესით. არადა, ის გალაკტიონზე კი არა წერს, ის გალაკტიონით (ხაზგასმა ჩემია. შ. ი.) წერს და მორჩა. ცოტა მოგვიანებით მთხრობელი ვირი ყვება, როგორ გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი და როგორ უბრძანა, გალაკტიონით ემეტყველა: ყოველივე ეს ინტრიგას ზრდის. მკითხველი ელის, რომ ნელ-ნელა “სახარება ვირისა” გალაკტიონის ენით დაიწყებს მეტყველებას და არა იმ ღვლარჭნილი, ჩიქორთული ქართულით, რომლითაც აქამდე მეტყველებდა. გაჩნდება გალაკტიონისეული სიმბოლიკა, სახეობრივი აზროვნება და ა. შ. – გაჩნდება რაღაც ფორმით: სტილიზებულად, პაროდიულად, გულისა და სულისმიერად თუ ვინ იცის, როგორ, მაგრამ გაჩნდება.
    და აი, პირველი პასაჟი: მოზრდილი სქოლიო, სადაც დეტალურადაა განხილული “ლურჯა ცხენები” და კეთდება დასკვნა, რომ პოეტი ლექსში თავის თავს აიგივებს იესო ქრისტესთან, ხოლო ლურჯა ცხენების ადგილას იგულისხმებიან ლურჯა ვირები. უბრალოდ, გალაკტიონმა რატომღაც არ ისურვა საიდუმლო ბოლომდე გაეხსნა. ამ მცირე გამოკვლევის სხვადასხვანაირი აღქმა შეიძლება: ერთმა შეიძლება უბრალოდ გულიანად იცინოს ამაზე, მეორე აღშფოთდეს, მესამემ კი თემურ დოიაშვილს ამ სქოლიოს ალმანახ “გალაკტიონოლოგიის” შემგომ ტომში დაბეჭდვა ურჩიოს. ყოველ შემთხვევაში, “ლურჯა ცხენების” “ვირული ანალიზით” კიდევ უფრო იზრდება ამ აპოკრიფული “სახარების” გალაკტიონიზაციის მოლოდინი.
    მაგრამ წიგნის ესთეტიკა გალაკტიონისაკენ სვლას არ იწყებს. უბრალოდ, წიგნის მეორე ნაწილში გალაკტიონი შემოდის, როგორც პერსონაჟი – საბჭოთა მწერლებისა და ოფიციალური მწერლური თუ არამწერლური სტრუქტურების წნეხქვეშ მოყოლილი. კარიკატურული, ფელეტონური ჩვენება მაშინდელი მწერალ-ფუნქციონერების სახისა, ჩემი აზრით, უკვე დრომოჭმული, ათასჯერ დაწერილ-წაკითხული და მოსაწყენი ამბავია. გალაკტიონის სახეც, რომელიც ფაქტიურად მხოლოდ ამ ფუნქციონერ-მწერლებთან კონფლიქტით იხატება (საყვედური: როგორ შეიძლება ხედავდე “სიზმრებს არაჩვენებურს”?), არადამაჯერებელია. თანაც, ნაწარმოების ამ ნაწილის მხატვრული სისუსტე კიდევ უფრო იკვეთება პირველ ნაწილთან და საერთოდ, ტექსტის საწყის იდეასთან შედარებისას. საინტერესო კულტუროლოგიული ძაფი, კულტუროლოგიური ნარატივი მოულოდნელად წყდება, და რისთვის? პრინციპში, არც არაფრისთვის. წყდება და აღარც გრძელდება – ასევე მოულოდნელად, თავმოუბმელად სრულდება.
    საბოლოოდ რჩება შთაბეჭდილება, რომ ზაზა ბურჭულაძის ამ ტექსტში მოხდა მუტაცია: ავტორის ცნობიერებაში არსებული ორი დამოუკიდებელი თემა, ორი დამოუკიდებელი რომანის იდეა ერთმანეთს არაბუნებრივად შეერწყა და შედეგად მივიღეთ რომანი-მუტანტი, კულტუროლოგიის და ფელეტონის მახინჯი სინთეზი, ლურჯა ცხენისა და ლურჯა ვირის ნაჯვარი – უნაყოფო ლურჯა ჯორი.
    იქნებ ვინმეს გაუჩნდეს კითხვა: იქნებ ეს გააზრებული “ლიტერატურული ვირულობაა” ავტორის მხრიდან? მაგრამ რატომ? ზაზა ბურჭულაძესთან ხომ ვირი და ვირულობა პოზიტივია და არა ნეგატივი! არა… ჩემი აზრით, ესაა, უბრალოდ აკიდებული ტვირთის არავირულად ვერგაქაჩვა, საქმის შუა გზაზე მიტოვება, იდეის ჩაფლავება. თუმცა, იდეაზე კიდევა გვაქვს სალაპარაკო. საქმე ისაა, რომ ეს იდეა, რომელიც ასეთი უცნაური და ორიგინალური ჩანს, ყოველ შემთხვევაში ქართული ლიტერატურისათვის მაინც, სინამდვილეში ქართულ ლიტერატურაში უკვე არსებობს და მაღალმხატვრული ფორმითაც. 1991 წლის “ცისკრის” მე-7 ნომერში გამოქვეყნდა შოთა ნიშნიანიძის პოემა “ვირის აპოლოგია” და ჩემი აზრით, შოთა ნიშნიანიძის ეს გვიანდელი და ნაკლებად ცნობილი ნაწარმოები ერთ-ერთი საუკეთესოა მის შემოქმედებაში. სათაურიდანაც ჩანს, რომ ამ პოემის პათოსი ჩვენს მიერ განსახილველი ნაწარმოების მთავარ სათქმელს ბევრ რამეში ემთხვევა. განსხვავება ისაა, რომ შოთა ნიშნიანიძე ნათლად და გზის აუცდენლად, ბოლომდე მიჰყვა დასახულ მიზანს, და ვინ იცის, ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პოეტური გამოცდილება სწორედაც ამ პოემაში ჩადო! “ვირის აპოლოგია” კომპოზიციურად ისე გამართულია და იმდენად დახუნძლულია სათქმელით, რომ მეტად ჭირს ციტატების დამოწმება. ამას ალბათ აჯობებს ის გადმოვწეროთ, რაც მან პოემას ეპიგრაფად წაუმძღვარა: “О святая ослиность”… მიქელანჯელო
    კაბალისტიკაში ვირი წმინდა ცხოველად და სიბრძნის სიმბოლოდაა მიჩნეული.
    ჩემი სხეული, ამბოდა წმინდა ფრანცისკი, ჩემივე სულის ვირი ძმა არისო.
    ფრანცისკელთა ორდენში შემავალი ბერი ვირის ტყავით უნდა შემოსილიყო და ორდენის წევრებისათვის თხოვნით უნდა მიემართა: ძმებო ვირებო, ვირი ვარ და ვირად მიმიღეთო.
    რაკი “ვირის აპოლოგია” პოეტური ნაწარმოებია, იგი კულტუროლოგიური კვლევის ისეთ ხასიათს არ იღებს, როგორც ზაზა ბურჭულაძის “სახარება ვირისა”, მაგრამ გაცილებით უფრო უცნაური დამთხვევა ხდება: შოთა ნიშნიანიძესთან, ისევე როგორც ზაზა ბურჭულაძესთან (ანუ პირიქით), ნაწარმოების ფინალში გალაკტიონი შემოდის! დიახ, იქაც და აქაც, ვირების პატივსაცემად და სადიდებლად შექმნილი ნაწარმოებების დასასრულს – გალაკტიონი! ამის გამგონე ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ ბურჭულაძის მხრიდან პლაგიატთან გვაქვს საქმე, მაგრამ მოდით, უფრო დაკვირვებით შევხედოთ ამ საკითხს: წამოიდგინეთ ადამიანი, რომელიც მინიმუმ ერთი წელი აგროვებს “ვირულ მასალას”, კრიბავს, ახარისხებს, მხატვრულ ქსოვილში ადგილს უძებნის, ხან იერუსალიმშია, ხან ინდოეთში, ხან საბერძნეთში და ამ დროს აქვე, ცხვირწინ ასეთი შესანიშნავი “ვირული წყარო” ეგულება. განა ასეთ საკმაზს მოაკლებდა თავის წიგნს, მით უმეტეს, რომ რატომღაც გალაკტიონის რელსებზე გადასვლა აუხირებია და აგერ, აქაც უცებ გალაკტიონი ჩნდება… არა, აქ ნამდვილად ინფორმაციის არარსებობას აქვს ადგილი და ამ დამთხვევის უკან კი რაღაც მისტიკა თუ მაგია. ვინ იცის, იქნებ ზაზა ბურჭულაძეში შოთა ნიშნიანიძის მიერ აღწერილი იმ უცნაური კაცის სულია ჩასახლებული, რომელიც “პროფესიით ლიტერატორია, ცხოვრებით – ბედოვლათი, სულით – პოეტი”, და რომელსაც
    “უყვარდა პოეტები, უყვარდა ძაღლები (უფრო უპატრონო);
    უყვარდა ჩიტები (უფრო ბეღურები),
    მაგრამ ყველაზე უფრო ვირები უყვარდა,
    უყვარდა და ებრალებოდა”.
    რაც შეეხება გალაკტიონს, ნიშნიანიძესთან იგი სახინკლეში ახალგაზრდა მგოსნებთან დგას და ყვება, თუ როგორ წავიდა ხუთკაციანი დელეგაცია შუა აზიაში, როგორ სცეს დიდი პატივი მასპინძლებმა და იქაური ადათის მიხედვით თავიანთი წმინდა ცხოველის, ვირის რძე დაალევინეს. როგორ გახდა გალაკტიონით დაწყებული რიგ-რიგობით ყველა ცუდად, დელეგაციის ხელმძღვანელმა როგორ დასჭყივლა თავჩაღუნულ და მომჩვარულ ინტელიგენციას: “თქვენ კი შეგარცხვინათ ღმერთმაო და… /… (გვასახელა ძამიკოებო, გვასახელა ქართველები!) / ბოლომდე გამოცალა ვირის რძით გაპიპინებული ჯამი”.
    ერთი სიტყვით, აქაც კომუნისტი ფუნქციონერის და გალაკტიონის დაპირისპირება… – რა გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი, და რომ არ ვიცოდი, დავურეკე ზაზა ბურჭულაძეს. ველაპარაკე დაახლოებით ის, რაც აქ მოგვიანებით დავწერე და ნიშნიანიძის “ვირის აპოლოგიის” და “ვირის აპოლოგიაში” გალაკტიონის ამბავი რომ ვუთხარი, მართლა ისე სახტად დარჩა, და მერე ისეთი სინანული გამოთქვა, რომ არცოდნის გამო ეს მასალა თავისი რომანისთვის ვერ გამოიყენა, რომ ვირეშმაკობას აქ ადგილი ნამდვილად არ ჰქონდა.
    დაბოლოს: მოდით, კიდევ ერთხელ ავიღოთ ხელში წიგნი და დავხედოთ: “სახარება ვირისა”. ჰმ! როგორც ვნახეთ, ტექსტი მკრეხელური არ არის (თუმცა ეს ჩვენ გვგონია ასე, თორემ ბევრი მანიაკალურად მონდომებული საკმაოზე მეტ მკრეხელობას მოძებნის, დარწმუნებული ვარ), მაგრამ ადეკვატურია სათაური ტექსტის? შედგა კი “სახარება ვირისა”? ვფიქრობ, რომ ვერ შედგა, თუნდაც იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში მუტანტური ტექსტი მივიღეთ. და ისედაც, აბა დავფიქრდეთ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო “სახარება ვირისა”. ჩემი ღრმა რწმენით, მხოლოდ და მხოლოდ იმ სახედრის მონათხრობი, რომელზე მჯდარი იესოც იერუსალიმს შევიდა. ოთხთავის გარდა არსებობს აპოკრიფული სახარებებიც, როგორც ვთქვათ, “თომას სახარება” ან “მარიამ მაგდალინელის სახარება”; ლიტერატურაც ათასწლეულებია, რაც ამ იდუმალ მოვლენებს უტრიალებს, უამრავი დიდი ნაწარმოები შექმნილა ამ თემაზე… და ღმერთმა ნუ ქნას, მწერალი მთავარზე ფიქრს შეეშვას… და ცდილობენ ხოლმე ლიტერატორები, სახარებისეული სხვადასხვა პერსონაჟების თვალით დაინახონ და ახსნან ცხოვრება, ღვაწლი და ორბუნებოვნება იესოსი. აი, ამის ერთ-ერთი მაგალითი: ცოტა ხნის წინ ორ ვარიანტად ნათარგმნი (გიორგი ლობჟანიძის და მანანა გიგინეიშვილის მიერ) ჯიბრალ ხალილ ჯიბრანის “იესო, ძე კაცისა”.
    იესოს სახედარი კი მართლა ის პერსონაჟია, რომელიც მოვლენების ეპიცენტრში იყო და მისი თვალით დანახული და მის მიერ ბალაამის ვირივით ადამიანის ხმით ამოთქმული, შეიძლებოდა ყოფილიყო ლიტერატურული “სახარება ვირისა”. მაგრამ ზაზა ბურჭულაძე ამ გზით არ წავიდა. იგი “ვირის აპოლოგიის” დაწერას შეეცადა, მაგრამ მან არ უწყოდა, რომ “ვირის აპოლოგია” ქართულ ენაზე უკვე დაწერილი იყო…

    © ”წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    გელა ოდიკაძე

    ლექსების პასიანსი

    თემურ ჩხეტიანი, ფოთლების პასიანსი (ლექსები). თბ. “დიოგენე”, 2006.

    ლექსების თანმიმდევრობით დაწყობა ანუ ციკლების შედგენა, ჩემი აზრით, ცალკე ხელონებაა. პოეტს ლიტერატორის ალღოც უნდა ჰქონდეს მომადლებული, რომ ლექსების გარკვეული ნიშნებით შემკვრელი მღლიანობა შექმნას. შეიძლება პოეტმა სამი ან ოთხი კარგი ლექსი მოიძიოს, იქვე ექვსიოდე, ნაკლები მნიშვნელობის ლექსიც დაამატოს, მაგრამ შედგება კი ამგვარად ციკლი? მე ვფიქრობ, არა.
    ციკლიში ყოველი ლექსი მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ყოველი ლექსი უნდა “ფლობდეს” სივრცეს. ერთი სრული ციკლი კი სწორედ ამ სივრცეთა ისეთი განაწილებაა, როცა კიდევ ახალი, უფრო ფართო სივრცის პერსპექტივა იქმნება. ეს ხდება მაშინ, როცა დაახლოებით თანაბარი მხატვრული დონის ნაწარმოებები იყრის თავს. ყოველი ჩავარდნა მთლიანობის რღვევის და სიცარიელის შეგრძნებას აღძრავს. ერთი არასწორად დადებული ან გვერდშეწეული კუბიკის გამო შეიძლება კუბიკებისგან აგებული მთელი შენობა ჩამოშვავდეს.
    თემურ ჩხეტიანის საკმაოდ ვრცელ წიგნში ვცდილობ განწყობილების სიმკვეთრით აღბეჭდილი ის ლექსები შევარჩიო, რომლებიც ჩემთვის სასურველ, ჩემთვის წარმოსახულ ციკლად გაერთიანდა.
    მიუხედავად იმისა, რომ თემურ ჩხეტიანმა სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები გააერთიანა, მაინც შეიძლება იმ ერთი ზოგადი მკაფიო განწყობილებისმიერი გამჭოლი სხივის მოძებნა, რომელიც ამ წიგნებს ემოციურად კრავს. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს ლაიტმოტივი, ეს ლირიკული დინება უნდა ვიპოვო. ამ უმთავრესი მოტივის პოვნის შემდეგ ვაკვირდები ლექსწერის რა ხერხების მეშვეობით გადმოსცემს ავტორი ხაზგასმულად თავის სათქმელს. საბოლოოდ, რაც შეიძლება მჭიდროდ უნდა მოვუყარო თავი იმ ლექსებს, რომლებშიც კონცენტრირებულია მთავარი განწყობა და ამ განწყობის გადმომცემის ლექსწერის ხერხები.
    აი რას წერს თემურ ჩხეტიანი: “…მაგრამ მე ვწერდი მხოლოდ იმდენს,/ რამდენიც შემეძლო/ ვწერდი ცოტას,/ რადგან თვითონ მეც ცოტა ვიყავი.” როცა ის ამბობს, რომ წერდა იმდენს, რამდენიც შეეძლო, ანუ წერდა ცოტას – ეს პროფესიული დამოკიდებულებაა საკუთარი თავისადმი. ის წერდა ცოტას, ე.ი. წერდა მაშინ, როცა შთაგონება ეწვეოდა. შთაგონება კი ის განწყობა იყო, რომელიც მას თითქმის მუდმივად ჰქონდა, მაგრამ დროდადრო მდინარესავით არა მხოლოდ მოედინებოდა, არამედ ადიდდებოდა და ნაპირებიდან გადმოდიოდა კიდეც. სწორედ ამ “წყალდიდობის” პერიოდში წერდა თემურ ჩხეტიანი ლექსებს, ვინაიდან მხოლოდ ასეთ დროს იძენენ ლექსები მნიშვნელობას, ისიც მაშინ, როცა ზეაწეული განწყობა და შესაბამისი ლექსწერის ხერხები ემთხვევა ერთმანეთს.
    მე ვიღებ თემურ ჩხეტიანის კრებულს და პასიანსივით ვშლი იმ ლექსებს, რომელთაგანაც შეიძლება უკვე არსებულზე უკეთესი ციკლი შედგეს. ბუნებრივია, ბევრი ლექსი ამოვარდება წიგნიდან, რადგან უმთავრესია არა ლექსების რაოდენობა, არამედ თუნდაც მცირე რაოდენობის ლექსებით შექმნილი ლირიკული სივრცის სიფართოვე.
    აი, ვთქვათ ერთი ასეთი ლექსი: “ჩემმა სხეულმა გაიარა ოთხი კედელი/ გაეშურა ოთხივე მხარეს,/ თვალს მიეფარა და… დამეძინა.” აქ პოეტის ობიექტივმა ჩაძინების მომენტი აღბეჭდა, მხოლოდ არა ვიზუალური სივრცე, არამედ შეგრძნებათა ნაკადი. ან ასეთი ლექსი: “მე ვწვავ ხელნაწერებს,/ იფერფლება ნელა ქაღალდი,/ ხოლო კვამლი/ თეთრი და მწარე/ უკან მიბრუნებს ცრემლებს ლექსიდან.” კიდევ ერთი: “ ჩაიარა გვიანმა მანქანამ/ ჩაიარა შუაღამის ეშელონმა,/ სადღაც ფანჯარაში გაკრთა სილუეტი,/ ფანჯარაც ჩაქრა…/ სიჩუმეა, ჩუმად ვეწევი.” კიდევ ერთი: “მსურდა, რომ კარი გამომეღო,/ მაგრამ მე ხელში/ სახელური შემრჩა მარტოდენ,/ იქვე დავტოვე/ ეგებ ვინმემ გამოიყენოს.”
    ამ მცირე ზომის ლექსებში არა მხოლოდ წამიერი განწყობილება, არამედ უეცრად აღძრული ასოციაციაა მოხელთებული. აქ პოეტმა ძნელად მისაღწევ მიზანს მიაღწია: ფოკუსი თითქმის ბოლომდე გაასწორა, რამდენადმე ზუსტი სიტყვიერი ექვივალენტი გამოუძებნა განცდას. ვერ ვიტყოდი იგივეს ამ ციკლური მონაკვეთის ხვა ლექსებზე.
    წიგნში არ შევიტანდი იმ ლექსებს, რომელთა საერთო სათაურია “ხუთი მარტივი შაირი”. ეს ლექსები ზოგადი განწყობილებით თითქოს ორგანულად თავსდება კრებულის კონტექსტში, მაგრამ შესრულება, ამ შემთხვევაში ხალხური სამეტყველო კილო, არ ესადაგება ვარიაციულად მრავალგზის გამეორებულ განწყობილებას.
    თემურ ჩხეტიანის პოეზიაში ყველაზე ხელშესახებად მარტოობის მოტივია წარმოჩენილი. ეს მარტოობა სულიერიც არის და ფიზიკურიც. სადღაც პროვინციაში, ხმაურიან ქალაქებს მიღმა ცხოვრობს ამ ლექსების ლირიკული სუბიექტი, ამ სივრცეში ბუნებრივად ჟღერს ფრაზა: “მაისი ისევ წვიმიანია”, რადგან ირგვლივ არაფერი ხდება, მხოლოდ და მხოლოდ წვიმს. ასეთია თემურ ჩხეტიანის პოეზიის ატმოსფერო, – გამჭვირვალე, მსუბუქი ნაღველით და სინანულით გაჟღენთილი. ეს არის მისი პოეტური კრებულის ლაიტმოტივი და ამ ნიშნით ვშლი მეც მისი ლექსების პასიანსს. მხოლოდ ვარჩევ იმ ლექსებს, სადაც მოწყენილობა მშრალი დეკლარილებული სტილით კი არა, პოეტური მინიშნებების ენით არის გამოხატული. პასიანსი ორი მთავარი ტექსტის ირგვლივ გაიშლება, ეს ლექსებია “ბუდე” და “ფოთლების პასეანსი”. აქვე ჩემს მიერ შერჩეული მთელი ციკლი მოიყრის თავს: “თიხის ლარნაკი”, “ოთახი”, “თებერვლის ფურცელი”, “გაუქმებული სიზიფე”, “იანვარი”, “ორნი ერთად” და სხვა.
    და კიდევ: საერთო სურათს თემურ ჩხეტიანის პოეტური მდინარეების ერთი შენაკადიც ერთვის. ეს არის, პირობითად რომ ვთქვათ, ჭვრეტითი-მედიტაციური ლირიკა. ფაქტობრივად ეს მახვილგონივრული ლირიკული განაზრებებია, ოღონდ აქაც ჩხეტიანისეული წყნარი, მარტოობაში აღძრული ფიქრის ჩქამი იძვრის: “ფსალმუნი II”, “მუზეუმი III” და სხვა ლექსები.
    პასეანსი გაწყობილია. აქ უფრო ნაკლები ლექსია, მაგრამ მეტია სივრცე და საგანთა სიმკვეთრე.

    (c) “ცხელი შოკოლადი”

  • რეცენზია

    გია არგანაშვილი

    კრიტიკოსის არჩევანი


    ანდრო ბუაჩიძე “ილუზიების მსხვრევა”. გამომცემლობა “სამკალი”. თბილისი 2006.

    ანდრო ბუაჩიძისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს სხვადასხვა ვითარებაში რას წერს კაცი – ლექსს, მოთხრობას თუ კრიტიკულ წერილს. მთავარია, ვინ წერს. ეს “ვინ”, მისი აზრით, უნდა იყოს მხატვარი, ლიტერატორი, ნატიფი კულტურის მქონე პიროვნება.
    ამის განმარტება დასჭირდება მკითხველს, ვიდრე ლექსების ორი წიგნის ავტორის და ამ ჟანრში რამდენიმე ლიტერატურული პრემიის მფლობელის, მესამე – კრიტიკული წერილების კრებულს აიღებს ხელში.
    ამას ისიც დავუმატოთ, რომ ანდრო ბუაჩიძე თარგმნის პოეზიას, წერს პიესებს, მოღვაწეობს პედაგოგიურ სარბიელზე…და წარმატებით მონაწილეობს სხვდასხვა ლიტერატურულ კონკურსებში..
    ასეთ შემთხვევაზე ახლა არცერთი ცნობილი ქართული ანდაზა ან შეგონება არ მახსენდება, რადგან ვთვლი, რომ ჩვენში კრიტიკას უფრო უჭირს, ვიდრე ლიტერატურას და რაც უფრო მეტი შემოქმედი დასაქმდება ამ ჟანრში, უფრო უკეთესი იქნება.
    ჩვეულებრივ, შემოქმედი სწავლულზე უფრო თამამია საკუთარ მსჯელობაში. ერიდება ვრცელ ლიტერატურულ-თეორიულ დისკურსს და მზამზარეული აზრების გამეორებას. შემოქმედებითი გამოცდილება, რომ ყოველი ფრაზა აუცილებლობით იყოს ნაკარნახევი, მის ტექსტს შინაარსიანს და ადვილად გასაგებს ხდის.
    ამ წიგნში ავტორი განსაკუთრებით ლაღად გრძნობს თავს, როდესაც პოეტის შემოქმედებას ეხება, ამ დროს იგი კი არ “აკრიტიკებს”, არამედ ერთგვარი გიდის მოვალეობას ასრულებს და მკითხველს ლექსწერის რთულ პროცესში ახედებს.
    კრიტიკოსი ანდრო ბუაჩიძე მარტივად წერის მომხრეა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორი იმის ახსნას ცდილობს, რაც პროზაული ენით არ გადმოიცემა), არ უყვარს სნობური განსჯები და “სირთულედ მონათლული ბნელმეტყველება”, რადგან ეს ყველაფერი მისთვის ყოველთვის სწორხაზოვან აზროვნებასთან ასოცირდება.
    კრებულში ავტორმა ბოლო ოცდახუთი წლის მანძილზე სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ ლიტერატურულ წერილებს, ესეებს და საუბრებს მოუყარა თავი (შეიძლება ამ ხნის მანძილზე კრიტიკოსის აზროვნებაშიც მოხდა ღირებულებათა გადაფასება, მაგრამ ამას საგანგებოდ არ დავკვირვებივარ). ეს კი ლიტერატურის საკმაოდ ვრცელ ქრონოლოგიურ და გეოგრაფიულ არეალს მოიცავს, სადაც ღირებულებათა ცვლილება და ილუძიების მსხვრევა კარგად იგრძნობა.
    ასეთ დროს კრიტიკული აზრი და ათვლის საერთო წერტილის მოძებნა უფრო ძვირად ფასობს. ავტორიც ეთანხმება მოსაზრებას, რომ მეოცე საუკუნის ქართული მწერლობა ხელახლა უნდა შეფასდეს, ბოლშევიზმის ლაფი და ჭუჭყი ჩამოსცილდეს ქართულ კულტურას, უნდა აღდგეს ის კრიტერიუმები, რომლებიც კომუნისტებმა მახინჯი იდეოლოგიით გაამრუდეს, თუმცა ამჩნევს საპირისპირო ტენდენციას, რომ გარკვეულ წრეებში გამოჩნდნენ “არასრულფასოვნების კომპლექსით დასნეულებული ტიპები”, რომელთაც ღირებულებათა შერყვნა და ნამდვილ ფასეულობათა უარყოფა მოიწადინეს.
    ალბათ ამ ტიპებს შორის აღმოაჩინა კრიტიკოსმა საბჭოთა კალმოსნის თავისებური ნაირსახეობა “მწერალი-პრაგმატიკოსი”. ადამიანი, რომლისთვისაც მწერლობა საბოლოო მიზანი კი არ არის, არამედ მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა. თათბირების, პრეზენტაციების, ტელედებატების მუდმივი მონაწილე მწერალი, რომელმაც უკვე იმდენი დაწერა, რომ სოციალურად ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. ის თავს ღირებულებათა უარყოფით იწონებს, თუმცა საკმაოდ მოქნილია და მზად არის დათმობაზეც წავიდეს, თუ იერარქიულ კიბეზე ერთი საფეხურით ამაღლების საშუალება მიეცა.
    ამავე წერილში, მწერალ-პრაგმატიკოსის სრულყოფილი პორტრეტის გვერდით, იკვეთება კონტურები “უბირი ავტორისა”, რომლის ღიმილისმომგვრელ ნაწარმოებებში, თუ პროზად არის დაწერილი, “სექსუალური აღვირახსნილობა” ჭარბობს, ხოლო თუ ლექსებია – “ჰეროიკულ-პატრიოტული” მოტივი.
    ანდრო ბუაჩიძე აკვირდება ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებას და სხვა საინტერესო აღმოჩენებასაც გვთავაზობს, თუმცა ის მაინც ერიდება ავტორიტეტებთან ბრძოლას და ხმაურიან პოლემიკას, მას ღირებულებათა დამკვიდრების საკუთარი გზა აქვს არჩეული.
    რადგან კრიტიკოსი არჩევანში თავისუფალია, ალბათ რაღაცას უნდა ნიშნავდეს ორი-სამი წერილი გურამ რჩეულიშვილის, ჯემალ თოფურიძის, თამაზ ბაძაღუას, ვახუშტი კოტეტიშვილის, ირაკლი სამსონაძის შემოქმედებაზე; უფრო ძველი თაობიდან ალექსანდრე ყაზბეგის, ნიკო სამადაშვილის, გერონტი ქიქოძის; ხოლო უცხოელთაგან დოსტოევსკის, ვულფის, რილკეს, პასტერნაკის (რა თქმა უნდა, წიგნში ის სია უფრო ვრცელია) გამოყოფა, გამორჩევა, როგორც ხდება ნაყოფისდამიხედვით, რომ ოდესმე მაინც დაბინავდნენ ღირსების შესაფერისად, დასხდნენ მარჯვნივ და მარცხნივ…
    შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმთა შორის კრიტიკოსი სამყაროს თანამედროვე რაკურსით ხედვის, ევროპული ფასეულობის და ახალი მსოფლშეგრძნების საზომ ერთეულსაც იყენებს. ესაა თანამედროვე ღირებულებები და სრულიად საკმარისია შემოქმედისთვის, რომ მან თავის თანამედროვეთა შორის მართლაც ღირსეული ადგილი დაიკავოს, ვიდრე უფრო ახალი მსოფლშეგრნება არ დააძველებს დღევანდელ სიახლეს და ხელახალი გადაფასების დრო არ დადგება.
    რა თქმა უნდა, კრიტიკოსსაც შეუძლია ამ საზომით შეაფასოს ლიტერატურული პროცესები და რომელიმე თანამედროვე კლასიკოსის “ხელისმომკიდედ”, პოპულარულ კრიტიკოსად იქცეს. თუმცა, არსებობს სხვა გზა, შეფასების სხვა “მუდმივა”, არაპოპულარული მეთოდი, რომელიც არა მხოლოდ ტექსტის, არამედ საერთოდ ადამიანის “მარადიულ კონტექსტში” განხილვას გულისხმობს.
    კრიტიკოსის არჩევანი ამ შემთხვევაშიც თავისუფალია.
    ვფიქრობ, ეს არჩევანი ანდრო ბუაჩიძეს უკვე გაკეთებული აქვს (ნიკო სამადაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილ წერილი), ახლა მხოლოდ მისი ერთგულება ევალება, რაც თანდათან, ალბათ უფრო გაძნელდება.

    © “ცხელი შოკოლადი”

  • რეცენზია

    დავით პაიჭაძე

    თბილისური კრიმინალის აედი

    აკა მორჩილაძე, Maid in Tiflis. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2007.

    აჰა! – ქართულ ლიტერატურაშიც გაჩნდა რომანი, სადაც მოქმედების ნაწილს წიგნები წარმართავენ და ბიბლიოთეკა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პერსონაჟები. ამიერიდან ჩვენცა გვაქვს ჩვენებური “ვარდის სახელი” და შეგვიძლია გადავიღოთ “მეცხრე კარიბჭე”.
    მაგრამ მეეჭვება, აკა მორჩილაძის რომანში Maid in Tiflis სწორედ წიგნის თემა იყოს წამყვანი. თუ ეკოსა და პერეს-რევერტესთან (უფრო კი პოლანსკისთან) წიგნის მიგნება, ფორმალურად მაინც, პერსონაჟთა ძირითადი მიზანია, აკა მორჩილაძე ატრიზავებს ამ მოტივს. წიგნი აქ სულაც არ არის მიზანი. წიგნებს არც მიგნება სჭირდება, რადგან ყველა გამოფენილია, საოჯახო ბიბლიოთეკაში ძევს. მარტო ერთია დამალული და, როგორც ბოლოსკენ აღმოჩნდება, მასაც იგივე დატვირთვა აქვს, რაც ყველა დანარჩენს.
    წიგნებისადმი აკა მორჩილაძის პერსონაჟთა დამოკიდებულება უაღრესად ქართულია: მათ არ კითხულობენ. ხომ ვიცით, რომ ოჯახებში წიგნების უმეტესობა არ გადაუშლიათ. მით უმეტეს, ძველი, საბჭოთა დროს გამოცემული და ნაგროვები წიგნების. მაშ რაღას ყიდულობდნენ? არავითარი ენიგმა აქ არ არის. წიგნი – კაპიტალია, “დაგროვების საშუალება”. გაგიჭირდება – გაყიდი. ყოველ შემთხვევაში, ეს პასუხი აქვს აკა მორჩილაძის პერსონაჟს, კოლია მოგელაძეს, რომელიც კარგა ხნის მკვდარია.
    აი, რა არის Maid in Tiflis-ის მთავარი თემა: მკვდრების, აჩრდილების, თან მყოფთა და თან არმყოფთა ძალა. მათი გავლენა ცოცხლებზე, მათი დიქტატი, უნარი, გმართონ, გამოქმედონ, გაგართონ ან სიცოცხლე გაგიმწარონ საიქიოდან. მაგრამ მთავარი თემის დადგენაც რომ ძალიან საეჭვოა? წიგნში გაცილებით მეტ თემასა თუ მოტივს დაძებნი.
    აკა მორჩილაძის რომანები და მოთხრობები ორ პირობით ნაწილად შეიძლება დავყოთ: პირობითი ისტორია ხშირად “ზუსტი” დროით, მოგონილი ამბებით, ზოგჯერ მოგონილი ადგილებით და ასეთივე თანამედროვეობა. ეს უკანასკნელი კი აკა მორჩილაძესთან არ არსებობს კრიმინალის გარეშე. ის არის აედი ქართული კრიმინალისა, რომლის ხელში დაიბადა, იზრდება და აგრძელებს განვითარებას ახალი ქართული სახელმწიფო, პოსტსაბჭოთა ქართული საზოგადოება. ამ ციკლის სათავეში დგას “მოგზაურობა ყარაბაღში” (გახსოვთ, არა, როგორც იწყება: აქ ომი იყო თუ რაღაც, რაც ჰქვია – აი, ის რომ გაიქცა და მერე რომ…). სრულდება კი ციკლი ჯერჯერობით ამ რომანით, Maid in Tiflis.
    მოდი ახლავე ვთქვათ, რომ სათაურის გაშიფვრა ბევრს არაფერს მოგვცემს: maid წარმოითქმის როგორც made და ნიშნავს ქალწულს ან შინამოსამსახურეს. მოკლედ, ნაცვლად დამზადებულია (ან: მოგონილია, შედგენილია) თბილისში ხელთა გვაქვს ქალწული თბილისში. სლვაჲ ესე, ალბათ, უნდა გავიგოთ, ვითარცა მკითხველის შემზადება ცრუმოძრაობების, ირონიისა და ლიტერატურული თამაშისათვის, რაც რომანს მართლაც არ აკლია. თითქმის იგივე და ცოტა მეტი ფუნქცია აქვს წიგნის 12 თავს ეპიგრაფად წამძღვარებულ ჯონ ლენონისა და პოლ მაკარტნის ტექსტებს, რომანისტის თავისუფალ თარგმანში…
    კრიმინალს დავუბრუნდეთ. თუ აკა მორჩილაძის ადრეულ რომანებსა და მოთხრობებში ის იყო ცოცხალი, ხელშესახები, მჩქეფარე – ახლა რაღაცნაირად დაკრისტალებულია, თითქმის უხილავი, ბოროტი ნატვრისთვალია, რომელსაც ყველაფერი ძალუძს. ვგულისხობ, ამ რომანში, რაც უნდა, ყველაფერს აღწევს.
    ამ ორი სერიოზული მოტივის – აჩრდილთა ძალაუფლებისა და კრიმინალის კვეთა წიგნში ზოგან ძალიან სასაცილოც შეიძლება იყოს. კოლია მოგელაძის შვილიშვილს, პლეხანოველ მოგელას ბებერი ქალაქელი ბანდიტები აკითხავენ, ბაბუაშენს განძი ჰქონდა ეზოში დაფლული და იქიდან წილი გვეკუთვნისო. უკაცრავად ვარ მოუქნელი შედარებისთვის: მოგელას სტუმრების ეპიზოდი შორეულად მაგონებს შალვა რამიშვილისა და გია ჭანტურიას დარდუბალას, მაიკლ ჯექსონის ცნობილი კლიპის პაროდიას, დაფხავებული ინვალიდი ვამპირები რომ ამოდიან მიწიდან და ეშვიან შევარდნაძესთან ცეკვავენ.
    პლეხანოველ მოგელას სახელი არ აქვს. მის მეგობარს და სრულიად ასიმეტრიულ alter ego ბარნოველ ლევიკოს არ აქვს გვარი. მოგელას ქალს არც ერთი აქვს და არც მეორე. მას ქმარი გაუქრა, სამაგიეროდ დარჩა ავსტრიაში მცხოვრები მამამთილი (ხო ხვდებით უკვე, ვინც იქნება), რომელიც შვილის სიკვდილს არ იჯერებს და სურს, მთლიანად მართოს რძლის ცხოვრება. ის თითქმის არ ჩანს, მაგრამ სულ მოქმედებს. ბარნოველი ლევიკო მკვდარია, ბოლოშიღა მივხვდებით (ისიც არა დანამდვილებით), რამ მოკლა, მაგრამ სიკვდილის შემდეგ ასევე გამუდმებით მოქმედებს და ცოცხლად დარჩენილ ძმაკაცს აიძულებს, წიგნებს დააკვირდეს, კანაფით დაბინდული ტვინი გაანძრიოს და თვითონაც გაინძრეს. აკა მორჩილაძეს ძნელი საქმე გამოსდის: წიგნიერი, განათლებული, მომხიბლავი ბიჭი საბოლოო ჯამში აფერისტია, ხოლო უსაქმური ნარკომანი კი – ძალიან სიმპათიური პერსონაჟი. მისი ინერტულობა და ჩემთვის უწვდომელ სივრცეებში განრინება – ეს თბილისის ბრალია, ქალაქის, სადაც ვერაფერი ხარობს და ადამიანებიც თანდათან ქრებიან.
    თორემ ჰოლანდიაში, სადაც თბილისს თავდაღწეული მოგელა და მისი ქალი გაიცნობენ ერთმანეთს… რომანის ეს თავი, მგონი, 21-ე საუკუნის ჯერჯერობით მთავარი ცელქობაა ქართულ ლიტერატურაში. გულწრფელი, სენტიმენტალური და რომანტიკული Love Story მოთხრობილია ენითა და აქცენტით, რომელიც განუხრელი ირონიის საგანია სრულიად აღმოსავლეთ საქართველოში. ჩარლზ ჩაპლინი იხსენებს, როგორ წარმოთქვა ანა პავლოვას სადღეგრძელო ვითომ ჩინურ ენაზე, რადგან ღარიბი ინგლისური ენა ვერ აუვიდოდა მის გრძნობებს. ეგებ თბილისური დიალექტი, რომელიც საფუძვლად უდევს ქართულ სალიტერატურო ენას, მართლა უძლურია სიყვარულის აღსაწერად და ამისთვის იმერული დიალექტი უნდა გამოვიხმოთ? აკა მორჩილაძის დიდოსტატური ოპუსი და უსაზღვრო ენობრივი არტისტიზმი პასუხს თუ არა, ამ კითხვას ნამდვილად გაგიჩენთ.
    Maid in Tiflis-ში არის კიდევ ერთი თავი, რომელიც გაგახსენებთ, რომ აკა მორჩილაძე გახლავთ ისტორიკოსი გიორგი ახვლედიანი. ის თან მოგვითხრობს და თან მსჯელობს ქართული ხასიათისა თუ ქცევის ორ, ვთქვათ რბილად, თავისებურებაზე, რომლებიც დამპყრობელთა ორმა სატრაპმა – ხოსრო მირზამ, იმავე როსტომ მეფემ და ლავრენტი ბერიამ შესძინეს ქართველებს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ თითოეული ეს თვისება – თრიაქის წევა და უცხო ქალების სიყვარული – გახლავთ “მაკოორდინირებელი შტრიხი” პლეხანოველი მოგელასა და ბარნოველი ლევიკოსათვის. წავიკითხავთ რა (არ მეშინია ამ სიტყვის) მის ბრწყინვალე ესეს, უთუოდ გავიფიქრებთ, რომ აკა მორჩილაძე აღარ არის მარტო მწერალი. ის არის მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

    © “ცხელი შოკოლადი”

  • რეცენზია

    მალხაზ ხარბედია

    კუნძულების გოთიკა

    აკა მორჩილაძე, სანტა ესპერანსა (რომანი). ყდების მხატვარი აკა მორჩილაძე, რუკის მხატვარი კახა ბახტაძე. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2004.

    არსებობენ წიგნები, რომლის შესახებ წერა ყოველთვის მოითხოვს ხოლმე ამ წიგნის სამოქმედო სივრცის მონიშვნას, ადგილების, ჩვევების, ისტორიული მოვლენებისა და ა.შ. აღწერას. სანამ უშუალოდ ტექსტს მიადგები, ბევრი რამ უნდა დააზუსტო, რათა არ დაიბნენ ისინი, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს ეს ნაწარმოები და მეტი დამაჯერებლობისთვის, რაღაც პარალელებიც შეიძლება გაავლო. მაგალითად, შეუძლებელია “ილიადას” აცნობდე მკითხველს და მხოლოდ აქილევსის რისხვის ამბავი მოყვე. არ გაგახსენდეს არც ქალღმერთების ნაძლევი და არც ელენეს მოტაცების ამბავი, თავისი მრავალწლიანი ომით. ასეთ შემთხვევაში კომენტატორი დაახლოებით ისეთივე ამოცანების წინაშე დგება, ჰომეროსმა რომ გადაჭრა დიდი ხნის წინ, როცა აუცილებლობითა და ალბათობით შეარჩია მოსათხრობი მასალა, ამიტომ სანამ პარალელებამდე მივალთ, აუცილებლობიდან გამომდინარე, ადგილზე ვიტყვი ორიოდ სიტყვას, მითუმეტეს, რომ ჩემთვის ამ რომანის მთავარი გმირი სწორედ ეს საბრალო (თუმცა კი პირქუში) ადგილია, რომელსაც სახელად შავი ზღვა ჰქვია.
    მაშ ასე, შავი ზღვა. ბერძნული ევქსინოს პონტო, თურქული ყარადენიზი, სპარსული ახშაინა… როგორც ამბობენ, ბერძნებს ეს “ახშაინა” (რაც მუქს, მკაცრს ნიშნავს) “აქსენოსად” (არასტუმართმოყვარე) უთარგმნიათ, თუმცა მალევე შეუცვლიათ სახელი და გულის მოსაბრუნებლად “ევქსინოსი”, ანუ სტუმართმოყვარე ზღვა უწოდებიათ. II საუკუნეში არიანეს მთელი წიგნიც დაუწერია შავი ზღვის შესახებ, “Periplus Ponti Euxini”. ფართობი ზღვისა 420,3 ათასი კვადრ. კილომეტრია, საშუალო სიღრმე 1300 მეტრი. კუნძულები ცოტაა, ძირითადად მცირე ზომისა, მათ შორის ყველაზე ცნობილი აქამდე ბერეზანი იყო (ანტიკური ბორისთენოსი), სანამ ლიტერატურულ რუკაზე სამი ახალი კუნძული არ გამოჩნდა, სანტა ესპერანსას არქიპელაგი. ანუ, თუკი აქამდე შავი ზღვის ტალღები მხოლოდ ექვსი ქვეყნის ნაპირებს ეხლებოდა, დღეიდან მათ მეშვიდეც შეუერთდა.
    ახლა პარალელებსაც მივხედოთ. ყველაზე მარტივი ანალოგია, რაც ამ რომანის კითხვისას გაგიჩნდება კაცს, უილიამ ფოლკნერის იოკნაპატოფაა, მწერლის მიერ გამოგონებული მხარე თუ ოლქი, სადაც ერთად-ერთი მფლობელი და ბატონ-პატრონი თავად ფოლკნერი იყო. ასეთივე წარმატებით შეგვიძლია “სანტა ესპერანსას” რუკასაც მივაწეროთ “Sole Owner&Proprietor Aka Morchiladze”, მითუმეტეს, რომ ეს გამონაგონიც რეალურ ადგილასაა მონიშნული და არა სადღაც ცხრამთასიქით. მოგეხსენებათ, იოკნაპატოფა მისისიპის შტატშია, სანტა ესპერანსა კი, როგორც გითხარით, სამკუნძულიანი არქიპელაგია შავ ზღვაში. ესაა სახელმწიფო 237 ათასიანი მოსახლეობით, რომლის 58%-საც იოანური, ანუ ქართველური წარმომავლობის ხალხი შეადგენს.
    კუნძულებზე ასევე ცხოვრობენ თურქები, იტალიელები და ინგლისელები, შესაბამისად, სკოლაშიც ოთხი ენა ისწავლება და ამიტომ, თანამოსაუბრესთან მის მშობლიურ ენაზე გამოლაპარაკება კარგ ტონად ითვლება.
    სანტა ესპერანსა (დედაქალაქი სანტა სიტი) ბრიტანეთის დედოფლის ქვეშევრდომია განსაკუთრებული სტატუსით. რომანში აღწერილ მოვლენებამდე კუნძულის საქმეებს გუბერნატორი განაგებდა, სერ სესილ-პიჩგეიმერ-მონტე კრისტო.
    მოდით ჯერ ამით დავკმაყოფილდეთ, დანარჩენამდე კი იმედია თავად სიტყვა მიგვიყვანს. ახლა კი ავტორის შენიშვნა მინდა მოვიხმო, თავის მიერ გამოგონილი კუნძულების მთავარ ქალაქზე რომ წამოცდა: იქო, “ცხოვრება სინამდვილითაა სავსეო”. ჯერ გვეუბნება, “ყოველთვის ვცდილობდი ქალაქი გამომეგონა და უკვე გამოგონილი კი ყოფილიყოო”, მერე კიდევ დასძენს, იქაური “ცხოვრება სინამდვილითაა სავსეო”.
    მაინც რაზე მიანიშნებს ეს სიტყვები, რისი თქმა სურდა ავტორს, როცა ამბობდა “უკვე გამოგონილი კი ყოფილიყოო”? მემგონი აქ სევდის ამბავია, აკა მორჩილაძის ჯერ კიდევ პირველი რომანებიდან გამოყოლილი სევდისა და სევდისთვისვე დაწერილი ერთი მოთხრობისა, სახელწოდებით “ტიფლისი, გრანტის საგრაფო”. ამ მოთხრობაში აკა ამერიკაში, გრანტის საგრაფოში ჩაკარგულ პატარა ქალაქს ეძებს, ტიფლისს. ინტერნეტით ჰქექავს ამბებს ქალაქისას, რომელიც არის კიდეც და არც არის: “არც ხევია, არც სხვა რამ. არც ძველი რკინიგზა, არც რაიმე. ყველგან ნახსენებია და არსად არ არის. გამქრალა. ყოფილა და წასულა, ქუდიც არ დაუხურავს. ჩვენი საწყალი, პატარა და კოხტა ტიფლისი, ამერიკული პროვინციის ქალაქი, რუკიდან ამოშალეს. მოდი და დამითვალე, რამდენი დეკალიტრი სევდა დამიგროვდება.”
    ბოლოს ეს ქალაქი სულაც სასაფლაო აღმოჩნდება, მიტოვებული სასაფლაო თითზე ჩამოსათვლელი საფლავის ქვებით. ისეთი, მხოლოდ ამოოხვრა რომ მოუხდება.
    როგორც ჩანს, ეს სასაფლაო “სანტა ესპერანსაშიც” გადმოჰყვა აკას, უფრო მეტიც, გადმოჰყვა კი არა, შესაძლოა სწორედაც ამ პატარა ამერიკული სასაფლაოდან იშვა ეს დიდი რომანი. ამას დაუმატეთ ის აუარება ლიტერატურული სასაფლაო, მივიწყებული, სარეველაგადავლილი მოტივები თუ პერსონაჟები, აქ რომ შეხვდებით და “უკვე გამოგონილი კი ყოფილიყო”-ს აზრიც ნათელი გახდება.
    ავტორი გვაუწყებს ერთგან, ყველაზე ძვირფასი აზრები საფლავებიდან არის მოსული, კაცი კვდება და მის აზრებს მეტი პატივი და სარგებელი ემატებაო, ჰოდა აკაც ასეთ პატივიან და სარგებლიან სულებს აცოცხლებს და მისი ეს ურბანული თუ კუნძულების გოთიკა, თავისი მოხეტიალე, მაძიებელი სულებით, ახალ სამყაროს უდებს სათავეს, მხარეს, რომელიც გრანტის საგრაფოს ტიფლისისგან განსხვავებით, არსადაა ნახსენები, მაგრამ ყველგანაა, სხვისია, მაგრამ მაინც ჩვენი გვგონია.
    რომელიღაც ქართულ ტაძარზე ასეთი წარწერაც ყოფილა, XI საუკუნისა, “ერთა იყვნეს იესო და იოვანე”-ო, სადაც თურმე იესო საქართველოს აღნიშნავდა, იოანე კიდევ კუნძულებს. ანუ ოდესღაც კუნძულელებიც საქართველოს კალთას ყოფილან მიყრდნობილნი, სახარების პერიფრაზერება რომ მოვახდინოთ, მიყრდნობილნი “წიაღთა თანა საქართველოისა”. დღეს კი ლიტერატურის მოყვარულებისთვის ამ კუნძულების საქართველომ ჩაანაცვლა უტყვი და უჩინარი ზეციური საქართველო და ახალი, წმინდა იმედი, ანუ “სანტა ესპერანსა” ჩაგვისახა გულებში.
    ზემოთჩამოთვლილის გამო კარგი იქნებოდა რომანზე წერა სანტა ესპერანსული ზღაპრის პირველი სიტყვებით დაგვეწყო, აკა მორჩილაძის მიერ გამოგონილი, თურმეობითებით ნაქსოვი წინადადებით: “რაც იყო იყო, და რაც არ ყოფილა, ისიც ყოფილა”, მაგრამ ასეთი დასაწყისი შესაბამის გაგრძელებას მოითხოვდა, ახალი მითების თხზვას მაიძულებდა, არადა ამ რომანში ისედაც ბევრია მითი და ვამჯობინე სწორედ მათ მივხედო, მოკლედ ჩამოვთვალო ისინი, ვინძლო ამ მიმოხილვაში სხვა ამბებიც წამომცდეს.
    პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი მითია ალი ბეის ჩიბუხის ამბავი, რომელიც XVII საუკუნიდან იღებს სათავეს. 1662 წელს კუნძულებზე ფაშად ალი ბეი დამჯდარა, წარმოშობით ქართველი, არჩილიანთა დინასტიიდან, თვალდარდიანი კაცი, და ეს მითიც მის სახელს უკავშირდება. რომანის ერთ-ერთი სიუჟეტური ხაზი ამ გრძელი ჩიბუხის კვალდაკვალ ვითარდება და მოხუც ქალბატონთან, აგათიასთან მივყავართ, აგათია ციხისთავ არჩილიანთან. იგი არჩილიანთა ერთად-ერთი შთამომავალია და კუნძულების მომავალი დედოფალი. აგათიას გარშემო კიდევ ბევრი მოვლენა მოიყრის თავს, ამბები, რომლებიც ელვის სისწრაფით განვითარდება, მას შემდეგ რაც ინგლისელები კუნძულს დატოვებენ. აგათიას სახლს აფარებს თავს თბილისიდან გამოქცეული ნიკა აბაიშვილიც, კუნძულებზე ყველაზე გავლენიანი გვარის, ვისრამიანების სიძე, ვისი ცხოვრებაც კიდევ ერთი სიუჟეტური ხაზია ამ რთულად მოწნულ ნაწარმოებში.
    მეორეა ბანქოს მითი, რომელსაც კუნძულებზე ინტს ეძახიან. ეს კულტურა ესპანელმა ხინეს დე პასამონტემ გაავრცელა, არქიპელაგის ნათლიამ, ადამიანმა, ვინც “სანტა ესპერანსა” დაარქვა იქაურობას. დროთა განმავლობაში ინტი ესპერანსაზე უფრო მნიშვნელოვან ფენომენად იქცა, ვიდრე რელიგია და მისდამი მიძღვნილ ფესტივალსაც ასოცდამეცხრეჯერ მართავდნენ უკვე. თავიდან ამ თამაშს “ლ`ომბრე” რქმევია თურმე, შემდეგ კი მეგრული “ინტი” დაურქმევიათ, რადგან “ძველად ყოფილა შემთხვევები, რომ წაგებული ბანქოს მიყრიდა და გაბრაზებული გარბოდა, რაც იოანელთა ტემპერამენტის ბრალი თუ იყო. ამისდაკვალად, წაგებულს დაცინვით ხშირად ეუბნებიან, ინტი, ინტიო, ანუ იმ ძველებს მიბაძე და გაიქეციო. ანდა, აშკარა მარცხის შემხედვარე მოთამაშე თავადაც ამბობს, ინტი, ანუ გავიქეციო. და საერთოდაც, ინტი იმგვარ პრინციპზე ჩამოყალიბდა, რომ თავის გადარჩენას, ანუ არწაგებას გულისხმობს.” ფერები კი თამაშში (მასტებს რომ ეძახიან) სერჯიო ლეონეს შერქმეული გეგონება, კოხტა (გული), კაი (აგური), გლახა (ჯვარი) და ავი (ყვავი).
    ინტთან დაკავშირებით შეუძლებელია არ გავიხსენოთ რომანის კიდევ ერთი ხლართი, დათა ვისრამიანს რომ უკავშირდება და მისი სიყვარულის ისტორია, ვინმე კესანესთან გამიჯნურების ამბავი. აქედან უკვე კუნძულების რიგით მესამე მითოლოგემა გამოიმზირება და ეს მითოლოგემა თუ ლეგენდა მოდარდე ქალებს უკავშირდება.
    აკა მორჩილაძემ, ნიცშესთან თვალის ჩაპაჭუნებით, ლეგენდას ასე უწოდა, “მუსიკის დაბადება ტალღების შხუილიდან” და მოგვითხრო რომანის ყველაზე სევდიანი და უცნაური ისტორია, რომელსაც ფესვები, ჩემი აზრით, შექსპირის “მეფე ლირამდე” აქვს გადგმული. გახსოვთ ის სცენა, ლირი რომ ეკითხება გადაცმულს კენტს, რა ხნისა ხარო? იქნებ ისიც გაიხსენოთ, რას პასუხობს კენტი, კაცი, რომელიც თავის დროზე დიდის ამბით გამოეთხოვა ლირს, იმის იმედით, რომ უცხო ქვეყნადაც იმავე კენტად დარჩებოდა, მაგრამ მაინც კი მოუწია გადაცმა… აი ეს პასუხიც: “არც ისე ყმაწვილი ვარ, რომ დედაკაცი მარტო სიმღერის გამო შევიყვაროო”. ახლა კი ნახეთ, როგორ იბადება მუსიკა ტალღების შხუილიდან და საით მიიქცევა ამ სირინოზულ ხმათა ზვირთები.
    “ქალი ტალღას აყოლებდა ხმას და აყოლებდა კი არა მხოლოდ, უწყობდა კიდეც. სწორედ ისე, როგორც გალობაში უწყობენ ხმებს ერთმანეთს ქართველები. ამიტომ ქალის ხმა ეხამებოდა ზღვის ხმას და მეტიც, ტალღა თითქოს რაღაც საკრავი იყო, იმ ცოდვილ მემუსიკეთა ხელში, განცმხრომთ რომ გაართობენ ხოლმე ეშმაკეულ სახლებში. ოღონდ ზღვის საკრავი არ მუსიკობდა ცოდვილად და ქალის ხმაც, მას შეწყობილი, არ იყო წარმართთა გასართობი. ეს ხმა უსიტყვო იყო, დარდიანი, განწირული, სავედრებელი და ქალი სუნთქავდა ისე, როგორც ზღვა.”
    ამ ნამღერებს სადარდოები დაარქვეს და მოდარდეებს სახეზე არავინ იცნობდა, მხოლოდ სახელით, უფრო სწორად ფსევდონიმებით უხმობდნენ: ნათელო, მათანე, ემინე, თალითო და ა.შ. საქმე იქამდე მივიდა, რომ მამაკაცები ძალიან მიიზიდა ამ სირინოზებმა, ქალი მხოლოდ ხმის გამო უყვარდებოდათ და ბევრი თავსაც კი იკლავდა: “ყოველღამ ნასმენი სადარდოები”, ყურთასმენას მოღწეული ეს გამოუვალი კაეშანი ზღვისკენ ითრევდა უცხოელებსაც და ადგილობრივებსაც. ბოლოს კი “დადგინდა ხმათა სიყვარული, როგორც მძიმე ცოდვა, მრუშობაზე მძიმე, მაგრამ ვერ აღმოიფხვრა. ტკივილმა იძალა, გრძნობამაც იძალა და გაჩნდა პირველი პოეტი ამ კუნძულზე.”
    რაც შეეხება სიყვარულს, კუნძულები ვნებებითაა სავსე. აქ, გოგოსა და ბიჭის სიყვარულს შვიდი სხვადასხვა სახელი ჰქვია და სანტა სიტის თავისი მონტეკები და კაპულეტებიცა ჰყავს, ვისრამიანები და და კოსტები, რომეო და ჯულიეტად კი ალესანდრო და კოსტა და სალომეა ვისრამიანი მოჩანან (მათ ერთმანეთი 13 მაისს შეუყვარდათ, ალბათ 1981-ში, “კარლ ცაისზე” “დინამოს” გამარჯვების წელს). აქაც დაიარებიან მაგარი გოგოები, აი ისეთები “სარკეში რო გავლენ და გამოვლენ” და აქაც, ისევევ როგორც ძველ ტრაგედიებში, სიყვარული ყოველთვის შეცდომაა ხოლმე, ანდა სინანულის საგანი. მაგალითად ერთ-ერთი პერსონაჟი, ბუზია, სულ იმას დარდობს, თავის დროზე როზმარი კლუნი რატომ არ შევირთე ცოლადო (ჯორჯ კლუნის მამიდა იყო ეს მშვენიერი მომღერალი ქალი).
    სიტყვა სიყვარულზე ჩამოვარდა და მოდით პოეზიაზეც ვთქვათ, მითუმეტეს თავად ავტორის სიტყვები გვაქვს დამოწმებული, “გრძნობამაც იძალა და გაჩნდა პირველი პოეტი ამ კუნძულზე”-ო. აქაურ პოეტებზე საუბარი იმ აუარება გამოცანის ამოხსნასაც გულისხმობს, რომანში რომაა გაფანტული. როგორც გითხარით, ბევრი რამ აკა მორჩილაძეს ქაღალდის სასაფლაოებიდან აქვს წამოღებული და კარგ მკითხველს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს ნაცნობი მწერლებისა და პერსონაჟების ამოცნობა.
    ერთ-ერთი მთხრობელი ამბობს, ჩემი სახელისა და გვარის ხსენება არ მინდა, თუკი ვინმე ჩაუკირკიტდა, ისედაც მიაგნებსო. ჰოდა რომანიც სავსეა ასეთ საკირკიტო სახელებითა და გვარებით. მაგალითად ესპერანსელი პოეტი მაფეო ტანელი გიორგი ლეონიძესაც ჰგავს და ნიკო სამადაშვილსაც, ერთ გრძელ ლექსად რო დაუწერია ზღვაში ჩავარდნილი საზამთროებისა და ჭირიანი ყივჩაღების ამბავი. სუნგალების კუნძულზე კი (სუნგალები ოდესღაც მეფის მიერ გადმოსახლებული ხალხია, კახელებისა და სვანების უცნაური ნაზავი) ასეთი გამოთქმა არსებულა თურმე, “თუთა ლამის არი და სახლში შამოგვივარდესაო” (ესეც კუნძულელი ანა კალანდაძე). თბილისელი მეცნიერი, სანტა ესპერანსას მკვლევარი ვალოდია ნებიერიძე გალაკტიონსაცა ჰგავს და პავლე ინგოროყვასაც, მოჩეჩილი გრძელი წვერით დადიოდა თურმე და არავინ ჰყავდა ერთი ძმიშვილის გარდა. იგი ღვინის სარდაფების ხშირი სტუმარი იყო და საზღვრებზე წერდა.
    აგათია ციხისთავი, “ჯვაროსანი და დიდი ქალბატონი” რა თქმა უნდა, აგათა კრისტია, რიდიკულით რომ პატარა რევოლვერს დაატარებს. ლამურ მოსიალურე თავიდან მოხეტიალე მელმოტს გაგახსენებს, მაგრამ შემდეგ მიხვდები, რომ ეს უფრო ჩვენი დროის ცრუ რაფსოდია, რომელიც ამბებს, ჭორებს დაატარებს და მათ დიდებულთა სუფრებზე კი არ დაამღერებს ხოლმე ჰომეროსის აედებივით, არამედ ჰყიდის ამ ინფორმაციას.
    სუნგალების კუნძულის უკანმოუხედავი ღელეები, ბარათაშვილის არაგვიან არაგვს ეხმიანება. იქაური მარტია საგურამოელ მარტიას გაგახსენებთ, ილია ჭავჭავაძის ყმას, ასე კარგად რომ დაგვიხატა თავის დროზე იაკობ მანსვეტაშვილმა. ხეტიაში კი ლუარსაბ თათქარიძეს ამოიცნობთ. ეს მსუქანი, ულვაშებჩაგრეხილი კაცი გულაღმა წევს ხოლმე, “ყალიონს აბოლებს და ცას შესცქერის, თავქვეშ ამოუდია ერთი ხმარებისგან შუაზე გაწყვეტილი მუთაქა და ასევე ბატკნის ხუჭუჭა ტყავის ბოხოხიც”. ამ ხეტიასა და მარტიას ერთი დიალოგი აკამ პირდაპირ “გლახის ნაამბობიდან” წამოლალა.
    ქუხილას მთამ ემილი ბრონტე გამახსენა და ერთგან ჯონ ფაულზმაც კი გაიელვა. 1891 წელს სანტა სიტიში, ტყვია გავარდნილა თურმე, ვინმე ლეგა ქარიანს ინგლისელი ლეიტენანტისთვის უსვრია, ცოლზე უეჭვიანია. თანაც დაუყვირია, “ეს ქალი ჩემი ცოლია თუ ფრაგი ლეიტენანტისაო”, რაზეც მიუგეს, “ფრანგის კი არა, ანგლეზისაო”, თუმცა კი ქარიანისთვის სულერთი იყო, “დამბაჩა და ფინდიხი არც ერთისთვის დაელეოდა”.
    აქვე შეხვდებით ორჰან ფამუქსა და ბუკერის შარშანდელ ლაურეატს, დი ბი სი პიერს, თოლიას სახელად ბუ ვისრამიანსა და ჯულიან ბარნსს, პროფესორ პაგანელს “კაპიტან გრანტის შვილებიდან” და ირლანდიელ პარნელს, ირლანდიისა და სანტა ესპერანსას განმანთავისუფლებელს. ჩრდილოეთის კუნძულის დედა ესპერანსასთან დაბრუნება კი დახვეწილი ირონიით გვახსენებს აჭარის დედა საქართველოსთან დაბრუნების ისტორიას. ვინ იცის, იქნებ, ამ მოვლენის აღსანიშნავად გამართულ ნადიმზე იქაურმა აკაკი წერეთელმა გრძელი სადღეგრძელოც კი წარმოსთქვა.
    სუნგალების კუნძულთანაა დაკავშირებული ნაწარმოების მთავარი სიუჟეტური ხაზიც. აღმოჩნდება, რომ ეს სხვა არაფერია თუ არა განძის კუნძული და რომანის ფინალური სცენებიც სწორედ ამ განძის გარშემო ტრიალებს. ბოლოს კი აკა მორჩილაძე ისევ თავისი კუნძულების გოთიკურ ნისლში გვხვევს და ცდილობს და კოსტათა გვარის ძველისძველი წითელი ფეხსაცმელებით დააფრთხოს ლიტერატურული სასაფლაოებიდან მოსული “პატივიანი და სარგებლიანი სულები”. ეს ფეხსაცმელები რომანის ბოლო თავში უკვე ჟურნალისტ მონიკა უსო დი მარეს აცვია და მის შესახებ წერს კიდევაც: “ოჯახური ადათით, ამ ფეხსაცმელებს მაშინ იცმევენ, როცა სახლში მოჩვენებები და აჩრდილები მომრავლდებიან. თურმე მათ წითელი ფერი არ ჰყვარებიათ. მეც ამიტომ ჩავიცვი ეს საოცარი ძალის ფეხსაცმელი, რომ სუნგალის კუნძულზე აჩრდილები დავაფრთხო”-ო.
    აკა მორჩილაძემაც უამრავი აჩრდილი გამოიხმო (თავად აკაც ხომ აჩრდილია, ანარეკლი გიო ახვლედიანისა), მაგრამ ეყო ძალა, გაუმკლავდა მათ და შედეგად “ამბავთა მრავალფერხიანობით” გამორჩეული, რთულად დატოტვილი, ავტორისავე “ხელხუჭუჭით” დამშვენებული დიდი რომანი მივიღეთ, სადაც ავტორს წითელი ფეხსაცმელი ჩაუცვამს და თვალყურს ადევნებს, რომ გათამამებულმა აჩრდილებმა წიგნის, უფრო სწორად კი ჩანთის საზღვრები არ გადმოლახონ.

    © “წიგნები – 24 საათი”