AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

მალხაზ ხარბედია – “აბსურდისტანული” ისტორიები

ადრეც მქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველოში საკუთარი თავგადასავლის მოსაყოლად მწერალს ძალიან დიდი ენერგიები სჭირდება-მეთქი. ჩვენთან ავტობიოგრაფიული პროზა თითქმის არ არსებობს, ან არაფერი აქვთ მოსაყოლი ქართველ მწერლებს, ან საინტერესოდ მოყოლა არ იციან, ანდა რაღაც აკვიატებებს ვერ აღწევენ თავს, აქაოდა, რა დროის პირადი გამოცდილება და მემუარებია, როცა ამხელა რაღაცა მაქვს დასაწერიო… როგორც წესი, შემდეგ ამ “დიდ რომანს” არავინ ამჩნევს ხოლმე, სამაგიეროდ, მის საკუთარ ამბავს (თუკი რა თქმა უნდა ავტორს წერა ეხერხება) ბევრი სიამოვნებით მოისმენდა და წაიკითხავდა.
“აბსურდისტანი”, ასე ჰქვია ბასა ჯანიკაშვილის ავტობიოგრაფიულ წიგნს, ანუ რომანს, როგორც თავად იგი უწოდებს. წიგნში ბასამ თითქმის ყველაფერი ჩაატია, რაც მასა და მის ქვეყანას გადახდა თავს უკანასკნელი 20 წლის მანძილზე და შეეცადა ძალიან მარტივი, უბრალო ენით მოეთხრო უბრალო თუ სასაცილო, ნაღდი და ცრუ გატაცებების შესახებ, სიტუაციებზე, რომელშიც თვითონ ჩავარდნილა, ადამიანებზე, ვისაც შეხვედრია. ამ ყველაფერს მუსიკა აერთიანებს, თანამედროვე პოპ-კულტურა, რომელიც სულ ჟონავდა ჩვენს საბჭოთა ბავშვობაში, მაგრამ ძლიერი ნაკადით წამოვიდა 80-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული. ბასას წიგნიც სწორედ ამ პერიოდს მოიცავს და იგი ერთ-ერთი პირველია, ვინც მთლიანად პოპულარულ და სუბ-კულტურას მიუძღვნა რომანი. ასე ფიქრობს როკ-მწერალი ბიძინა მაყაშვილიც: “ბასას ამ წიგნს ორმაგ დატვირთვას ვანიჭებ საქართველოსთვის. ერთი არის საგანმანათლებლო, ამას ვამბობ ვიწრო სპეციალობით, წიგნი სუბკულტურაში, მუსიკალურ კულტურაში გვარკვევს და მეორე მხრივ ისტორიული მნიშვნელობა. ისტორიული ორმაგად, რადგან თვითონ ფაქტი, რომ ასეთი წიგნი დაიდო სუბკულტურაზე საქართველოზე, განსაკუთრებულია, რადგან ამ ტიპის წიგნი სუბკულტურაზე საქართველოში არ დადებულა”.
წიგნის წერა რამდენიმე წლის წინ დაიწყო ავტორმა, პირველი თავების პუბლიკაციები მეც კარგად მახსოვს. ბასა ხუმრობითაც კი იხსენებს იმ პერიოდს: “ყველა დიდი წიგნის ისტორია იწყება ძალიან ბანალურად (იცინის). ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ ბანალურად მართლა დაიწყო. სერგიმ დამირეკა გვარჯალაძემ, რომ ახალი ჟურნალი გამოდის, “ოზონი” და თუ გინდა რაღაც საავროტო სვეტების მაგვარი წაიყვანოო. და აქედან მოყოლებული დაიწყო “აბსურდისტანის” ისტორია და თვეში ერთ თავს ვბეჭდავდი ხოლმე ჟურნალში. შემდეგ ოზონი დაიხურა, როგორც ბევრი კარგი წამოწყება ამ ქვეყანაში და გადავწყვიტე წიგნად გამომეცა ეს დღიურებივით დაწერილი დოკუმენტურ პროზას მიახლოებული პირადი აზრები”.
თუმცა ეს მხოლოდ “დოკუმენტურ პროზას მიახლოებული პირადი აზრები” არაა, ესაა კონკრეტული ფაქტები, დეტალები, ნივთები, ახირებები, რომლებიც ბოლოდროინდელ საქართველოშია მიმოქცევაში, რომელიც მუდამ ყალიბდება და ხან რად იქცევა, ხან რად: “ფაქტებს გიყვება, ისეთ ფაქტებს, რომელიც უნდა დარჩეს, უნდა იცოდეს ვიღაცამ. ეს იქნება ჩვენი FM რადიოს განვითარება, დამოკიდებულება ახალგაზრდობის ამ სუბკულტურისადმი… ბევრი ახალგაზრდისთვის და ზოგჯერ უფროსებისთვისაც ყველაფერი ეს უკვე არსებობს, სამაგიეროდ როგორ შეიქმნა, რაზე იყო, ეგ არ იციან. მაგალითად, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რადიო არ იყო. ამ ახალგაზრდებს მე ვიკიპედიის თაობას ვუწოდებ”.
თაობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცნებაა ბასას წიგნისთვის. მისი პირადი თავგადასავალი მისი თაობისაცაა, მეც ამ თაობისა ვარ და მეც მახსოვს “ჩეკების” მაღაზია, სუნიანი საშლელები, საღეჭი რეზინა “სუპერბაზუკა”, პინკ ფლოიდის Wall-დან მიღებული პირველი შთაბეჭდილება, ქრომის BAS-ის კასეტები, რომლის მოსმენისასაც საკრავს სპეციალური გადამრთველი უნდა ჰქონოდა, ე.წ. “ვისოკები” რომ “წამოეღო”.
ეს ისეთი თემაა, რაზეც ყველას თავისი მოგონება აქვს, ყოველი ადამიანი თავისებურად იხსენებს მაშინდელ სიტუაციას და სწორედ ამიტომ იყო, ჯერ კიდევ “ოზონში” პუბლიკაციისას, ბასას ბევრი მითხველი ეხმიანებოდა: “საინტერესო მომენტს მივაგენით “ოზონის” რედაქციაში. გადავწყვიტეთ, რომ ავტორების წერილებზე გამოხმაურებები მიგვეღო და გაგვეთვალისწინებინა. შესაბამისად, რაც მაშინ იბეჭდებოდა “ოზონში”, მასზე მოდიოდა გამოხმაურებები და შემდეგ უკვე წიგნად როდესაც გამოვეცი, ჩემი ელექტრონული ფოსტის მისამართიც მივუთითე. ახლა უკვე პირად მეილზე მომდის წერილები. კვირაში დაახლოებით ათი მეილი მომდის. ეს ნიშნავს, რომ წიგნს მეტი ადამიანი კითხულობს. გარდა ამისა, ბევრი რამ არის დამოკიდებული პოლიტიკურ ტემპერატურაზე, ანუ სცალიათ თუ არა წიგნებისთვის. როგორც გითხარი, კვირაში სადღაც ათი მეილი მოდის, შენიშვნებით, მოგონებებით, სხვადასხვა ამბებით, ამიტომ, თუკი გამოჩნდება “ოზონისნაირი” საინტერესო ჟურნალი, სადაც მუსიკაზე იქნება საუბარი, შეიძლება მეილებიც მივაყოლოთ და კიდევ ერთი ახალი წიგნიც გამოვაცხოთ.”
როგორც ვხედავთ, ბასა უკვე ახალ წიგნზეც ფიქრობს, ბიძინა მაყაშვილი კი მოგვიწოდებს ჯერ ეს წიგნი შევაფასოთ. თავად იგი საკმაოდ ფართო კონტექსტში ათავსებს მას: “ბასა თუ შევა ლიტერატურის ისტორიაში და ლიტერატურის სახელმძღვანელოში მოხვდება, არავითარ შემთხვევაში ეს არ იქნება მისი პროზისა და დრამატურგიის გამო. მემგონია ამ წიგნით უნდა მოხვდეს…”
ყოველ შემთხვევაში, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ასე დაიმკვიდრეს თავი ავტორებმა, რომელთა წიგნებიც მთლიანად თანამედროვე პოპულარულ კულტურას ეძღვნებოდა. ბრიტანელი ნიკ ჰორნბი ამის საუკეთესო მაგალითია: “დასავლელი წინამორბედებიდან, როგორც ვიცით და ჩვენმა მსმენელმაც იცის, ნიკ ჰორნბის ვერ აუვლით გვერდს ვერაფრით. მას სამი ისეთი ნაწარმოები აქვს, რომელიც სწორედ პოპ კულტურას ეხება. პირველ რიგში High Fidelity, შემდეგ 31 Songs, თავის 31 საყვარელ სიმღერაზე და წიგნი კლუბ არსენალზე, Fever Pitch”.
არ ვიცი წაკითხული აქვს თუ არა ბასას ჰორნბის ეს სამი რომანი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, “აბსურდისტანი” ბევრისთვის ძალიან ახლობელ თემას ეხება, ბევრი შესაძლოა სულაც გაღიზიანდეს ავტორის ზედმეტად მარტივი და ბანალური ისტორიებით, ბევრს იგი სასიამოვნო მოგონებებს აუშლის, სხვებს გააცინებს, ზოგიერთები კი ადგებიან და ავტორს მისწერენ თავიანთ შთაბეჭდილებებს.

© tavisupleba.org

Facebook Comments Box