• პოეზია

    ზვიად რატიანი – ახალი ლექსები

     

     

    I. წიგნისთვის ღია და ფარული მიძღვნები

    ბოლო სიყვარული – ქალაქი ზღვით

    სინამდვილეში არც ისეთი პატარაა,
    მაგრამ განსაზღვრება ”პატარა ქალაქი”
    ჯერ ხომ ისედაც გაცილებით ტევადია

    და ორჯერ უფრო – თუ ვგულისხმობთ ზღვისპირა ქალაქს.

    *
    მე ერთხელ ვთქვი და მომეწონა,
    და იმ დღიდან გამუდმებით ვიმეორებ,
    რომ ეს ქალაქი ჩემი ბოლო სიყვარულია
    (რასაც მოსდევს კარგად დამუშავებული მოკლე პაუზა)
    და დავძენ ხოლმე: ქალივით მიყვარს.

    მსმენელები, როგორც წესი, მიღიმიან.

    ოღონდ ადგილობრივები – ცოტა სხვანაირად.

    *
    ეს ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
    სადაც ჩემ თავს ვასეირნებ. ეს ფრაზაც ძველია,
    მაგრამ ნაკლებად ეფექტური, როგორც ვატყობ, მსმენელებისთვის;
    სამაგიეროდ, ბევრად უფრო გასაგები. ჩემთვისაც კი. ესეც საქმეა.

    *
    მაშ ასე, ჩემ თავს ვასეირნებ. ხოლო სეირნობა,
    როგორც ჩანს, თავის მოტყუების მეთოდებს შორის
    მართლაც საუკეთესოა (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე აუცილებელ,
    მაგრამ ლექსში სახსენებლად მაინც უხერხულ
    საქმიანობას). გარკვეული უხერხულობა
    ახლავს ამასაც, სეირნობას; განსაკუთრებით –
    როცა ჩემ თავს ვასეირნებ. მას უხარია,
    მე კი, რომელსაც კარგად მესმის
    უაზრობაც, უსაფუძვლობაც
    ამ გულუბრყვილო სიხარულის, არაფერს ვიმჩნევ,
    რადგანაც მახსოვს, თუ რამდენი წელი დაჭირდა
    მის დარწმუნებას, რომ ბათუმი ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
    სადაც ჯერ კიდევ შეიძლება სეირნობა. ძლივს დამიჯერა
    და ვცდილობ, აღარ გავაწბილო. ხშირად ვუმტკიცებ,
    რომ ზღვა არაფერ შუაშია, და არც ქალაქის
    ძველი უბანი – ვიწრო ქუჩებით
    და ორ-სამ, სამ-ოთხ სართულიანი
    აივნიანი შენობებით; და რომ მთავარი,
    რამაც ამ ქალაქს მიაჯაჭვა მისი გული, რაღაც სხვა არის…
    შემეძლო მეთქვა – პოეზია, მაგრამ არ ვრისკავ:
    ხომ შეიძლება მიხვდეს, რომ დავცინი?

    *
    ეს ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
    სადაც ჩემ თავს ვასეირნებ; ვათამამებ. მას აქვს სურვილი
    და უფლებაც, გააყოლოს თვალი გოგონებს –
    მათ ნამზეურ მხრებსა და ფეხებს,

    მე კი, უფლება რომც მქონოდა,
    ალბათ თვალის გაყოლებას ვერ გავბედავდი,
    და თუკი მაინც გავხედავდი – ისეთებს არა,
    ვინც ჯერ კიდევ შეიძლება (თუნდაც ლექსში) გოგონებად მოიხსენიო.

    *
    ზღვა არაფერ შუაშია, და არც ქალაქის
    ძველი უბანი – ვიწრო ქუჩებით,
    სადაც ვიწყებთ სეირნობას
    და მივდივართ პორტისაკენ. როგორც ფოთოლს ჭიანჭველები,
    საბუქსირე კატარღები ნაპირისკენ მიაღოღებენ
    გიგანტურ ტანკერს. პორტის გვერდით პატარა კაფე
    ზღვისკენ გადგმული ხის აივნით – აი ადგილი,
    სადაც ისევ ვმთლიანდები –
    მე, რომელიც საკუთარ ვასეირნებდი,
    და მე, რომელსაც ჩემი თავი მასეირნებდა,
    სწორედ ამ კაფის აივანზე ვერწყმით ერთმანეთს,

    და გარკვევით ვერასდროს ვხვდები,
    თუ რომელი რომელს ერწყმის
    და რომელში ვმთლიანდები –

    გააჩნია, რას ვსვამ და რამდენს.

    *
    ეს ქალაქი ჩემი ბოლო სიყვარულია.
    ესეც ცალმხრივი – პირველივით. ზღვისპირა კაფე,
    რომელსაც უკვე ცხრა წელია, ცოტა მეტიც, ერთგულად ვსტუმრობ

    და მსიამოვნებს, რომ მიმტანებს
    აღარაფრის შეხსენება აღარ ჭირდებათ –
    კარგად იციან, რას დავლევ და რას მივაყოლებ
    (რაც ერთიორად მაამაყებს, თუ კაფეში სტუმრებს მივიყვან),

    და მეც არასდროს მავიწყდება
    ერთ-ერთ მათგანს თანაგრძნობით გამოვკითხო
    პატიმარი მეუღლის და ავადმყოფი შვილის ამბები,
    ხოლო მეორეს ლიმონათით გავუზავო ჭიქა არაყი,
    რომ, როცა მოვა და გადაკრავს, ვიტრინიდან მომზირალი მეპატრონე
    ვერაფერს მიხვდეს.

    *
    ცხრა წელია, ცოტა მეტიც… როდესაც აქ ვარ,
    თითქოს ჩემი ადრინდელი აქ-ყოფნებიც ერთმანეთს ებმის
    და მეჩვენება, რომ ერთი დღე იწელება

    და ეს ცალკე ცხოვრებაა; და ერთადერთი,
    რასაც ასეთი კლინიკური სიცოცხლიდან გამოვყავარ,
    რაც მახსენებს დროის დინებას,

    ის პატარა და ლამაზი, სასაცილო ბოშა-გოგოა,
    რომელსაც, თითქოს გუშინ იყო, გულუხვად რომ ვასაჩუქრებდი,
    დღეს კი უკვე სამათხოვროდ შვილებს მიგზავნის.

    …………

    II. წიგნისთვის ბოლოსწინა ლექსები


    * * *
    ერთხელ,
    ერთხელაც კი
    ვერ დავასწარი ცხოვრებას: ყოველთვის,

    რამდენიმე წამით ადრე,
    ვიდრე თვალს ავახელ,

    გრძნობს, რომ ვიღვიძებ
    და სასწრაფოდ თავს იწესრიგებს,

    რომ გაღვიძებულს
    დამხვდეს ზუსტად ისეთივე,
    როგორიც დავტოვე.

    * * *

    შორიდან და მისალმებით ჩვენ ერთმანეთს ადრეც ვიცნობდით,
    მაგრამ ახლოს, სალაპარაკოდ, პირველად შევხვდით ათიოდ წლის წინ
    ერთი კოლეგა-თანამსმელის დაკრძალვაზე, და მან თავი დამამახსოვრა
    საკმაოდ დამაჯერებელი მოსაზრებით იმის შესახებ,
    რომ პოეტმა უნდა წეროს მხოლოდ ის და მხოლოდ ისე,
    რასაც და როგორც დაწერდა შემდეგ, როცა ცხოვრება უკვე ჩავლილია,
    მკვდრებს რომ წერა შეძლებოდათ. წლები გავიდა
    და ჩვენ ერთმანეთს ისევ ვხვდებით, გვერდიგვერდ ვსხედვართ
    და რამდენიმე ჭიქის შემდეგ, როცა სასმელი ეს-ესაა გვეკიდება
    და ჯერ საერთო წასულების შესანდობარიც
    არ შეგვისვამს, ის უეცრად იხრება ჩემკენ
    და იგივეს მიმეორებს. სიტყვა-სიტყვით. დავიწყებია,
    რომ ეს ოდესღაც უკვე მითხრა; რაც მთავარია,
    დავიწყებია, თუ სად მითხრა, ვის ქელეხში. ვეღარ გათვალა,
    რომ უკვე მეც მყავს ჩემი კაცი ჯოჯოხეთში
    და მისგან ვიგებ ნებისმიერ იქაურ ტყუილს,
    რომელიც ჩვენკენ, ცოცხლებისკენ, ერთადერთი უტყუარი სიმართლეა,
    თუნდაც წერისას.

    * * *
    ერთი სული გაქვს, როდის ჩავიძინებ,
    გამუდმებით ბრუნდები ჩემკენ.
    გადმოიხრები და დამყურებ,
    მაკვირდები, ხომ არ გატყუებ.

    რომც გატყუებდე, რას შემატყობ:
    თვალდახუჭული და უძრავი
    ვწევარ და ვსუნთქავ.

    დაიცდი, ისევ მაკვირდები:
    ვწევარ და ვსუნთქავ.

    ერთი სული გაქვს, რათა ადგე,
    უხმაუროდ ჩაიცვა და გაიპარო.

    ნუ იტანჯები, საყვარელო.
    როგორც კი მართლა ჩავიძინებ,
    თვითონვე გეტყვი.

    © kalmasoba.com

  • პოეზია

    ეკა ქევანიშვილი – ახალი ლექსები

    ბირთვისი. ადრე
    ფოტო კარგი მაშინ გამოდის, როცა ის გიღებს ვისაც უყვარხარ.

    ციფრულ ფოტოებს ერთი უპირატესობა აქვთ.
    ისინი შეგიძლია დაზუმო და ადამიანებს თვალებში შეუვარდე.
    გაიარ-გამოიარო.
    აქ კი, ალბომის სურათებში
    ძლივს ვარჩევ, ხელი ვინ გამომხვია, ვის გვერდით ვდგავარ,
    წელიწადის რომელი დროა, რა მაცვია, რაზე ვფიქრობდი.
    საშველი – ფოტოს უკანა გვერდი
    მიწერილი თარიღი თეთრზე – 2000 წელი,
    ბირთვისი,შემოდგომა. წავედით ათნი.

    ცეცხლზე – ყავა, რკინის ჯამით, შიგ ცვივა ფერფლი.
    ყველა ეწევა.
    შედედებული რძის კოლოფი წვრილად გავხვრიტეთ
    და ენაზე, წვეთი სიტკბო ჩამოვატარეთ.
    არავინ მიყვარს. აღარავინ.
    თითქოს მუცელი გამომფატრეს და მთელ სხეულში,
    მგონი, გაგიჟდა, გული სცემს ბოლთას.
    ვინც მიყვარდა, გასულ კვირაში ჰქონდა ქორწილი.
    ტაშ-ფანდური, ზურნა, დუდუკი,
    თეფშის მტვრევა, შავი ვარდების გოიმური თაიგული..
    იქნებ არც ისე, მაგრამ ეს სიტყვა მიადვილებს მოვყვე ამბავი
    როგორ გასხვისდა უცებ ჩემი ადამიანი.
    წინა კვირაში – აბაზანაში ვარ ჩაკეტილი.
    ხმის დასახშობად ყველა ონკანი მოშვებულია.
    ბირთვისში წასვლა თუ გადაკარგვა – გადაწყვეტილი.

    და აი, ისიც. ტყე, ბოდიალი.
    ღამეა, ცივა. სიტყვებს ფორმა აქვთ – გრძელი ორთქლის.
    ბენე მთვრალია, კარავში სძინავს. დღეს გავიცანით.
    თან რამდენიმე წყვილიც გვახლავს – რეალური და პოტენციური
    ორ სააათში ტყიდან გამოვლენ,
    ჩვენ დავინახავთ მათ ტუჩებზე სიყვარულის კვალს
    და არაფერი გაგვიკვირდება, რადგან გუშინ გავხდით ოცი წლის.
    რადგან სხეულებს ამ ასაკში გმირობები არ აინტერესებს.

    ეს ის დროა, როცა დილით არასდროს ეძებ რა ჩაიცვა.
    სკამის საზურგე – დახუნძლული ჯინსით, სვიტრებით.
    ეს ის დროა, როცა ჟანგბადის ზედმეტი დოზა ყელში გიჭერს
    და ხარ ისეთი თავისუფალი, ისეთი მშვიდი – თითქოს
    საზღვართან, ბოლო სოფელში უკვე მოთოვა.

    რა უნდა მოხდეს, რომ ძველებურად ასე უფულოდ,
    ერთი ზურგჩანთით
    გზას დავადგეთ გაურკვეველი მიმართულებით.
    არ ვდარდობდეთ, შევძლებთ თუ არა გაყინული წყლით
    ტანის დაბანას,
    კარავში ვისთან ერთად მოვხვდებით,
    ნასვამებს გული რომ აგვერიოს,
    უცხო ხალხის ხომ არ შეგვრცხვება.

    რა უნდა მოხდეს.
    რომ დაბრუნდეს ეს შეგრძნება – სიღარიბით ბედნიერების,
    უსიყვარულოდ თავისუფლების.
    და ყველაფერი ეს ერთადერთ
    ფოტოზე იყოს შემორჩენილი.

    გახსნა

    ორ კვირაში მოვა წერილი
    ჩემი უცნობი მეგობრისგან – სხვა ქვეყნიდან. სხვა ქალაქიდან.
    გაბერილი კონვერტი მარკით.
    დღესასწაული თუ დაემთხვა, გზავნის ბარათსაც.
    ან სარვამარტოს – ნარცისებზე შემოხვეული თეთრი ლენტები,
    ან საახალწლოს – თოვლის ბაბუას საჩუქრების გუდის გვერდით,
    შემოუსვამს ციყვი მარხილზე.
    ორ კვირაში ნელი ფოსტა მოაჩაქჩაქებს
    უნახავი ადამიანის ამბებს, სურვილებს – სულ ცოტათი გაზვიადებულს.
    მდიდარმა ბიძამ როგორ უყიდა ველოსიპედი.
    გვესმის, ვპატიობთ.
    მაგრამ ეს ხდება ოცი წლის წინ
    და ასეთი მეგობრობა იშვიათია.

    დღესაც ვხსნი ფოსტას. ვხსნი ფორუმებს.
    სიმარტოვეს ვუხსნი პაროლებს.
    ვუმეგობრდები განურჩევლად, მცირე შერჩევით.
    და ჩემი სიის მეგობრების ავატარები
    როგორც დაშლილი ბანქოს დასტა ყრია გარშემო.

    ავატარიდან მამის ნაცვლად, დედის მაგივრად
    შემომცქერიან თოთო ბავშვები,
    დაბერილ ლოყებს, ჩაჩხვლეტილ ღიმილს
    როგორც საშვებს, მათი მშობლები აფრიალებენ –
    მფეთქავ ქსელში შემოსაძრომად.
    თრთის ფეისბუკიც.
    გინეკოლოგის სავარძელზე გაშლილია ჩვენი ფეხები.
    თავიდან ოდნავ მოკრძალებულად.
    ლ ლიკე ყოუ,
    შემდეგ თამამად მოვყვებით ვიღაც ”სუნიანი” როგორ აგვეკრა,
    მიწისქვეშა ტრანსპორტის ამბებს გავუზიარებთ
    მათ, ვინც მიწას რამდენიმე საფეხურით არ ჩასცდენია.
    ვყვებით, როგორ აიწია ვერცხლისწყალმა სიცხის საზომზე.
    ვიხდით მადლობას –
    თუ უცებ ვინმემ ამის პასუხად
    შემოგვწირა ვირტუალური ჟოლოს მურაბა.
    გგონია გათბი, გამოკეთდი,
    მოხვდი გაშლილ სტადიონზე ფრედის კონცერტზე,
    სულელურმა ტესტმაც გაგართო, როცა გამცნო როდის მოკვდები.

    ისიც ვიცი
    ვინ არის შენი მეგობარი,
    ელექტრონულმა სივრცემ მამცნო ორი წამის წინ.
    ცოტა კი მიკვირს – რა საერთო გაქვთ –
    ალბათ, ფოტოზე ხარ მიმზიდველი.
    ან რაიმე ბრძნული დაწერა –
    ბანალური სააღდგომო მისალოცივით
    ყველასათვის მისაღები და გასაგები – ვერასოდეს გააპროტესტებ.
    ამ მორევში შენით შეცურე და ახლა მხოლოდ სინქრონულად
    ხელს თუ მოუსვამ.

    ოკუპაცია. სპირალი

    გაიცანით მისი ხელოვნური თანამგზავრი.
    სულ ახლახანს დაიმეგობრა.
    ერთი თვეა ერთად წვებიან, ერთდროულად იღვიძებენ.
    ზის ჩუმად, თავისთვის,
    არც იზრდება, არც გული უცემს.
    ციცქნა საცობი,
    საზრიანი მისი დარაჯი,
    მისი მცველი,
    ზის საშოს კართან
    და
    მოახლოებულ სიცოცხლეებს, როგორც ვირუსებს
    უკან აბრუნებს.
    რამდენიც გინდა,
    სადაც გინდა იქ გიყვარდეს.
    არ დაჟანგდება.
    სპირალი – მუცლის ოკუპაცია.
    სიყვარულის მიწაზე უდგას რკინის ფესვები
    და ყველაფერი არის მარტივად.
    ახლა ყველა ბედნიერია.

    მე კი ვფიქრობ,
    ვინ დაარქვა ნეტავ ამ ლითონს
    კეთილშობილი?

    დამსგავსების თეორია (ცოლები და ქმრები)

    ხარი რომ ხართან დააბა, იქნება ორი ხარი და არაფერი მეტი

    ჩემი მეგობარი ჭანო

    ერთხელ, თვალი რომ გავახილე
    მომეჩვენა, ერთმანეთს ვგავდით
    და შემეშინდა.
    ათი წელი იყო გასული.
    გავიფიქრე, ათი წლის წინ ვინც შემიყვარდა, ვისთან ერთადაც
    გადავწყვიტე მქონოდა სახლი, მტვერსასრუტი,
    მაცივარი, ქურა, მანქანა..
    ნუთუ მაშინაც ასე მგავდა და თუ მგავდა, რატომ იყო საინტერესო მასთან დარჩენა?
    ორი “მე” როგორ ეტეოდა ამ ვიწრო კარში.
    ორი “ის: რატომ დადიოდა კვირას ბაზარში?
    ღიმილის. დგომის, სიარულის, წოლის მანერა – ერთი ერთზე.
    ”როგორ უხდებით”.
    ”ერთმანეთს ასე შეაბერდით”
    ”თქვენი უღრუბლო ცხოვრებები”
    ”არასოდეს მოხვდეთ წვიმაში” .
    და თუ მაინც.
    ვითომ მიწიდან ამოიზარდა,
    გაშალოს დიდი შავი ქოლგა,
    შენ კი მხარზე თავი დაადო.

    თუ ეს არის იდეალური წყვილის ფორმულა,
    ასე არ მინდა,
    ვთქვი და ლოყაზე დანა დავისვი.
    იპოვეთ ათი განსხვავება ვთქვი და გავხდი, ვთქვი და გავსივდი.

    ადრე თითქოს ქერა ვიყავი, ახლა გავშავდი,
    ადრე თვალებში ფორთოხლის ქერქებს ვიწურავდი, ახლა ვამშრალებ.
    მძულდა ფეხბურთი, ახლა ვყვირი შენზე ხმამაღლა,
    ყრიდი ტანსაცმელს მთელ ოთახში, ახლა ალაგებ.
    თუ ვბრაზდებოდი, უწმაწური სიტყვების ლავა ესხმოდა ოთახს
    სამაგიეროდ, ცივდებოდა ჩემი დარდი,
    ახლა კი მშვიდად: გმადლობ, ბოდიში. უკაცრავად, გადავამლაშე.

    ერთხელ ჩვენ გვითხრეს,
    ფერი ფერსა და მადლი ღმერთსა
    მე კი გავწყვიტე.

    დღეს ისევ მიყვარს.
    ახლა უფრო.
    და ჯერ ვანსხვავებ.

    © kalmasoba.com

  • პოეზია

    ლია სტურუა – ლექსები

    * * *
    სახლებმა დაავიწროვეს დღე,
    კარებში მოწეწკილი სინათლისგან
    რას ელოდები?
    ჰორიზონტის დევნას?
    თვალის პური ესაა,
    სივიწროვემ თუ გააშუშა,
    წვეტიან მზერაზე წამოცმულ ნაგავს
    ხასიათში ჩაგიყრის,
    ხიფათიდან კაშკაშს ვეღარ გამოადნობ!
    ნაკვეთს მოგიზომავს,
    შიგადაშიგ ქაღალდის ყვავილებით –
    მინდვრის პოპარტი
    ფეხი თუ დაადგი, სისხლს ამოასხამენ,
    შუშის ჭურჭელზე მითითებულს;
    დარჩენილ წყალზე, გადაღვრილ მინაზე,
    ბოლო შუქს ეჭიდებოდა – ქინქლების თაიგულს
    მტკივნეულია, ნამტვრევები იკბინებიან…

    იალბუზზე

    დიდი ღიმილი – გული კბილებში,
    ტკივილის დროსაც,
    ძალიან მწარე, ფესვიანი –
    უკვე ბოლო
    ფრენის კანონს ვხედავ:
    ჰაერი და ფრთა აწვებიან ერთმანეთს
    თანაბრად, ფრთის ჩრდილში
    რაღაც იმალება –
    ალუმინის ქვაბი, რეალისტებით გატენილი,
    ანუ თვითმფრინავი
    რეისები მასშტაბური
    ალიასკაზე ოქროს ისევ ცრიან?
    ეკვატორის ხაზი გულში შემოდის,
    იშემიას მმართებს, ცხელა,
    კავკასიონის თავზე ჩავიფუშები
    ვენდო ჰაერს,
    თუ იალბუზიდან დავიწყო
    ფრენაში ვარჯიში?
    ეკვატორები, პოლუსები,
    უნაყოფოდ ჟღერს
    თვითმფრინავი
    რომელიმე წყნარ ქალაქში წავა,
    მე აქ დავრჩები
    კარგი მთაა იალბუზი,
    ლექსივით ისმის.

    * * *

    წითელი ხაზი გამისვა ფეხქვეშ,
    აღმნიშნა, გამომარჩია სხვებისგან,
    კი გავუძნელდი,
    ხორხზე ნაწიბურები დავუტოვე –
    პირიდან გამაჩინა
    სიტყვით მშვენიერი,
    ტანით ხარვეზიანი,
    ცეცხლი იღლიებში მქონდა,
    თერმომეტრი თავში,
    კონტროლი ცხრა მთას იქით.
    და გარიგითება დამიპირეს,
    ამ ქვაბივით ქალაქიდან
    ცეცხლის დეპარტაცია
    აბა, რაში მოიხარშებიან
    ნამდვილი მშობლები,საწყლები და პოეტურები?
    რას შეჭამენ? საკუთარ ტემპერამენტს?
    თითო წამოხურებაზე
    თითო მეხანძრე თუ მიუჩინეს,
    ამასაც ვერა
    ამიტომ ახლიდან გამაჩინა,
    სხვა სიტყვებისგან გამომარჩია,
    ფეხქვეშ წითელი ხაზი გამისვა,
    კრემატორიუმის საძირკველივით.

    ტკივილის შიში

    სიზმარში სირბილი
    დაბორკილი ფეხებით, ბრმა შუბლით,
    სულ წრეზე,
    გარღვევის უფლების გარეშე.
    თავიდან აზრიანი მთებისკენ ბიძგით,
    მერე ზეგანის ერთფეროვნება,
    ყველაზე გრძელი, მოწყენილობაზეც კი,
    ლირიკის ნაწყვეტები,
    მთვარით მიბმული ერთმანეთზე,
    უსაყრდენო პოზა გაძლებამდე,
    თანაცხოვრება უძრავ ქონებასთან,
    სიზმარში, უკვე, სხვების სირბილი,
    მე შუაში, ფარგლის წერტილივით,
    რომ იგულისხმება და არ ჩანს…
    ათვლას ვიწყებ არაფრიდან სევდისაკენ,
    აღმატებითი ხარისხი – დარდი.
    იატაკი სახეში რომ გამოვტოვო?

    იმ არავისთვის

    გინდა ამოვიტრიალო თავი
    და შიგნიდან გაჩვენო?
    წითელ ატლასს მოელი,
    ლაბადის დრეკადობას,
    ნაცრისფერ ფარაჯას?
    არადა, მორევი ტრიალებს,
    ჩქარა, ცხადად,
    გული – ვირის მუშა,
    არც ცეცხლი არც ყინული,
    არც სხვა რომანტიკული სისულელე!
    გაცვდება, შეაკეთებენ,
    შუნტებს დაადებენ.
    რამდენ ხანს გაძლებს?
    თორემ ფრთიან ლოგიკას
    უკეთეს ქვეყანაში მივყავარ,
    სინათლის სიჩქარით
    არც ეს გულისხმობს
    ჩათბობას, ჩაშენებას
    და სხვა ამგვარ საძირკვლიან სიტყვებს.
    უფრო, იმ არავის,
    ფრენას რომ ვპირდებოდი,
    შეკეთებული გულის ხარჯზე,
    ისიც თავის წვა-დაგვიანად,
    თვალებში ამაქვს,
    გარეთ ატლასი, შიგნით ნაცრისფერი ფარაჯა
    კიდევ რამდენი ომია გადასატანი…

    კანდინსკის ალბომი

    კი ვუყურებ ამ წითელ სიღრმეს,
    მაგრამ ასე არ ვგრძნობ თავს
    კანის ქვეშ, სისხლამდე ხორცი მაქვს,
    ბიჟუტერიით დაჩხვლეტილი,
    სიტყვები უსამკაულო,
    რაღაცას კი არ ასახავენ,
    თვითონ არიან რაღაც: უნებლიე,
    თუ ჩემზე უფრო გადამწყვეტები?
    წონასწორობა თუ აფეთქება?
    ვერბალური გავლენის ქვეშ ვარ,
    წნევის, წნეხის,
    უკეთესს მხდის, თუ უარესს?
    სიზმარში მხედავთ, თუ ახალგაღვიძებულზე?
    ერთ შემთხვევაში საფუძვლიანს,
    მეორეში – ზერელეს,
    ორივეჯერ იმას, რაც ვარ.
    წონასწარობის აფეთქებით,
    კომპლექსებზე ბიჟუტერიით,
    ლექსიკონში ჩასული მზით
    წითელძირიან სიღრმეს ვხედავ,
    მაგრამ ასე არ ვგრძნობ თავს…

    პატრიოტიზმის მცდელობა

    დამავიწყდა. ყრუ კედელი.
    სახელი მოწითალო,
    გვარს ნაცრის სუნი აქვს.
    ყოფილი სისხლი, ყოფილი ცეცხლი
    ისე ზოგადად, როგორც ზღვა ან მთა,
    სანამ გეოგრაფიაში ჩაიკეტებიან,
    მაგრამ რუქაზე მისამართი არ აქვთ,
    ის ზღვა ან მთა ხომ არ არიან,
    თვალსაწიერის ბოლოში ეძებონ,
    გამეორებულ წყალში,
    თორემ სახელის და გვარის ბანალურობა?
    “ვინმე მელექსე”
    და ამბავი “ვეფხის და მოყმის”,
    ცეცხლი და სისხლი, გადამდები სახადივით,
    მერე ნაცარი და სიტყვა “მოწითალო”
    ნაკლებ გაცვეთილი, მშობლიურ სისხლის ფერზე
    გვარი და სახელი
    სულ არ წერია არსად,
    ჩემს ტვინში რასაც შეესაბამება,
    ის არის მთავარი:
    ნადირობის აზარტი ლექსიკონში,
    ალპინისტის ჟინი რუქაზე,
    ხვიშტი ცხოვრებაში,
    პათეტიკური მემკვიდრეობა –
    “ვინმე მელექსე”
    ძლიერი მხრები უნდა,
    ფრთები გვერდზე გადადე.

    * * *
    მოვედი,
    ხალიჩა დამიღვარეს ფეხქვეშ,
    მზისკენ იყურება თბილად
    ჩემი უფსკრულები ვაჩვენო,
    შიგ ჩაჩეხილი კაბებით და ჩექმებით?
    რასაც ქარი ვერ ამოაფრიალებს,
    მეორადი ტანსაცმელი
    სიმსუბუქით არ გამოირჩევა,
    არ ლივლივებს ხელის გადასმაზე
    ხალიჩის ხაოებივით,
    ოქროს კბილებს არ აკაკუნებს,
    როცა მზე მოწყენილია.
    ისინი ყველანი კარგად უნდა ყოფილიყვნენ:
    წყალზე დაბიჯებულები,
    მატერიალიზებულები ჰაერში,
    ამობურცულები, სადაც საჭიროა,
    მარტოობა რომ არ მეგრძნო
    ყოველშემთხვევაში, ასე მწარედ!
    თუ ხალიჩას მიღვრიან ფეხქვეშ,
    ალისფერ ტალღებზე მასრიალებენ,
    ამომიცარიელონ უფსკრულკები,
    ფეხწამოკრულებისა და თავმოკლულებისგან!
    მზე რომ მოძლიერდება,
    შიგ ჩაიხედავს.

    ბაღი

    “ამ ჯოჯოხეთისთვის, ამ ბედისწერისთვის,
    ღმერთო, მისახსოვრე ბაღი სიბერეში”
    მ. ცვეტაევა
    ჯერ ჩონჩხს ვიშენებ,
    მერე სახლს, მერე ბაღს,
    შუბლის ძვალზე რომ ალმასები მაქვს,
    თეთრ პურსა და ქონში მიცვლიან
    სინათლეც მათია, მზე არ ჩანს…
    რატომ ვიწროვდება ხმოვნები,
    რომლებითაც ვყვიროდი?
    პათოსისთვის, თუ იმედისთვის?
    თუ იმ პატარა აპოკრიფისთვის,
    ღმერთს რომ სამოთხე
    ვაშლითაც უყვარს, ანუ
    ჩემი ცნობისმოყვარეობით?
    მუხლებზე დავუდგებოდი, მაგრამ მუხლები არ მაქვს
    მხოლოდ, მოკეცილი აბრეშუმი,
    ლეტალური ბოლოთი.
    მარილიან ჩონჩხს ვაბარებ მიწას,
    მახვილ სითეთრეზე!
    მზეზე სამი ძახილის ნიშანი!
    ბაღს რა უჭირს, ხეები ეზრდება,
    ვაშლებს ისხამენ, არ ეშინიათ…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    ერეკლე დეისაძე – შაქრის აპარატი

    აქ ყველაფერი მოსაბეზრებელი გახდა…
    ცივი პალატა… გრძელი დერეფანი… მუდმივად ჩაკეტილი ფანჯრები და საღამო, როდესაც მისის ტეილორი ორ ტიპთან ერთად მოდის და სქელ ტაბლეტებს იძულებით მაყლაპებს…
    მისის ტეილორს თეთრი სამედიცინო ხალათი აცვია და დიდი ძუძუები აქვს. ტაბლეტები კი საშინლად მძულს, რადგან ყოველთვის ყელში მეჩხირება. ფანჯრებს არავინ აღებს, ხშირად ჰაერიც იხუთება და ოფლის სუნი დგას.
    აქ ყველას ერთნაირი ფორმები გვაცვია და ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ვსადილობთ. მიუხედავად იმისა, რომ საჭმელი საკმაოდ უგემოვნოა, მისი დაგემოვნება იძულებით მიწევს.
    საღამოს, ტაბლეტების მიღებიდან რამდენიმე წუთში თვალები მეხუჭება და დილამდე ვკვდები.
    მისის ტეილორი ყოველთვის ერთი და იგივე შენიშვნას მაძლევს და საშინლად ბრაზდება, როდესაც შუა პალატაში ვშარდავ. მე კი ვპასუხობ, რომ მაშინ დარვინი არაფერ შუაში იყო…

    * * *
    ნავახშმევს, როდესაც პალატაში მოგვათავსეს, ელცინმა სისხლი გამიშრო, ის დაჟინებით მთხოვდა აპარატის ისტორია მომეყოლა.
    – გუშინ ხომ მოვყევი – ვცდილობ თავიდან მოვიშორო.
    – ყველამ არ იცის.
    – ყველამ არც უნდა იცოდეს.
    – ზოგიერთს ეძინა – მხარს უბამს კოზლოვი.
    – მაგალითად, მე – ამბობს საშა და საწოლზე მოხერხებულად კალათდება.
    – მოკლედ, ეს ამბავი ბევრად ადრე დაიწყო, მაგრამ ისინი სამშაბათს მოვიდნენ – ვიწყებ მე – შუაღამე იქნებოდა, როცა კარებზე დააკაკუნეს, შემოსვლისთანავე მიბრძანეს სახლი დროებით დამეტოვებია, მე ვეუბნები, რომ მათ ამის უფლება არა აქვთ, მაგრამ პასუხის ნაცვლად, ცემას მიწყებენ და გარეთ მაგდებენ. თეთრი უნიფორმები აცვიათ, ყველა შეიარაღებულია. ჯერ ნივთების აღრიცხვას იწყებენ. შემდეგ სახლს საგულდაგულოდ ჩხრეკენ. ,,სად არის?’’ – მეკითხება ერთ-ერთი.
    ,,წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მეკითხებით’’ – მოჩვენებითი სიმშვიდით ვპასუხობ.
    ,,კიდევ ერთხელ გიმეორებ, სად არის?’’- უნიფორმიანი ტონს იმაღლებს.
    ,,არ ვიცი’’ – ვამბობ თუ არა, უკნიდან მძიმე დარტყმას ვგრძნობ და იატაკზე მოწყვეტით ვეცემი. გონზე რომ მოვდივარ, ორი უცნობი გაურკვეველი მიმართულებით მიმათრევს. ფეხებში ძალას ვერ ვგრძნობ. ყელიდან გაურკვეველი ბგერები ამომდის, მთელი სახლი თავდაყირა დააყენეს, მაგრამ პირველი ჩხრეკა უშედეგოდ დასრულდა.
    – როგორი იყო?
    – მოცულობით, ოთახის ნახევარს იკავებდა.
    – ოთახი რამხელა იყო?
    – საკმაოზე დიდი.
    – მე კარადა მქონდა მსგავსი მოცულობის, რომელშიც მამაჩემს ერთი თვე
    ვმალავდი – ამბობს კოზლოვი.
    – რატომ მალავდი? – ელცინი ეკითხება.
    – მოხუცი იყო და სიკვდილის ეშინოდა, მაგრამ ერთი თვის თავზე
    კარადაში მოკვდა, ზოგმა თქვა უჰაერობის გამოო.
    – ეგ ისტორია ვიცით, მეზობლები რომ სუნმა შეაწუხათ, ისიც ვიცით.
    – მოყოლილი მაქვს? – კოზლოვი იმდეგაცრუებულია.
    – არაერთხელ.
    – ჩვენ სიზმრების აპარატზე გვაინტერესებს – ამბობს საშა.
    – შაქრის – უსწორებს ელცინი.
    – შაქრის რატომ?
    – ეგრე ქვია.
    – ნუ მომაცდენთ, ისედაც მეძინება.
    – ჯერ თეთრხალათიანი ძუკნა არ გამოჩენილა.
    – მერე რა, ისე არ შეიძლება გეძინებოდეს?
    – განაგრძე, ყველას გვაინტერესებს.
    – მოკლედ, აპარატში მიკროსქემა იდო, რომელიც ხელსაწყოს მთავარ
    მექანიზმს წარმოადგენდა, მისი დახმარებით ადამიანები მომდევნო დღის პროგნოზს ხილვებში ხედავდნენ, საგულისხმოა ისიც, რომ კლიენტები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნებოდნენ.
    – როგორ ხდებოდა მათი მოზიდვა?
    – პირველმა ექსპერიმენტმა იმდენად გაამართლა, რამდენიმე დღეში
    მთელმა ქალაქმა იცოდა გამოგონების ამბავი.
    – მათ ისტორიებს მართლა ისმენდი?
    – ეს პროცესი თითქმის ჩემდა დამოუკიდებლად მიმდინარეობდა, მე
    მხოლოდ აპარატზე ვაერთებდი.
    – შაქრის რატომ იყო?
    – როცა საკუთარ ისტორიას მოყვებოდი, აპარატი შაქარს იძლეოდა, რომლის მიღებიდან რამდენიმე წუთში ხედავდი ხილვას მომდევნო დღის შესახებ.
    – ანუ?
    – მაგალითად, თუკი ხილვაში ავტოკატასტროფის მსხვერპლი იქნებოდი, მეორე დღეს შეგეძლო კატასტროფა თავიდან აგეცილებია.
    – როგორ?
    – ძალიან მარტივად, მეორე დღეს ნებისმიერი სახის ტრანპორტით სარგებლობაზე იტყოდი უარს, რის შედეგადაც საფრთხე აღარ დაგემუქრებოდა.
    – ანუ, რა გამოდის, შენს აპარატს ჩემი გადარჩენაც შეეძლო?
    – ვერ მიგიხვდი.
    – ვიდრე აქ გამომკეტავდნენ, წინა დღით რომ მოვსულიყავი და აპარატით მესარგებლა, ახლა აქ არ ვიქნებოდი.
    – და ვერც ამ ისტორიას მოისმენდი – აჯავრებს კოზლოვი.
    – შენ არავინ გეკითხება – ტონს უწევს საშა.
    – თუ მაგ ლოგიკით მივუდგებით, ელენას გადარჩენაც შემეძლო – ამბობს ელცინი.
    – ელენა ვინ არის? – ვეკითხები.
    – ჩემი ქალიშვილი.
    – ახლა სად არის?
    – ზღვაში.
    – იქ რა უნდა?
    – მაშველები ერთი კვირა ეძებდნენ – სლუკუნებს ელცინი – ცურვა არ იცოდა.
    – ბოდიშს გიხდი.
    – რისთვის?
    – უხერხული შეკითხვის გამო.
    – არაფერია, ისტორიების მოსაყოლად აქაურობა ყველაზე საუკეთესო ადგილია.
    – მოსასმენადაც – ისევ კოზლოვი ეჩრება.
    – სიფათს მიგინგრევ, ნაბიჭვარო – ემუქრება საშა.
    – ახლა ეგ აპარატი სად არის? – საუბარში კოსტავა გვერთვება.
    – იმათმა წაიღეს – თვალებით ჭერისკენ მივანიშნებ.
    – როგორ მიაგნეს, შენ უთხარი?
    – სამი დღე მაწამეს, მაგრამ კრინტიც არ დამიძრავს, ბოლოს სარდაფში მიაკვლიეს, სპეციალურად გამოყოფილ უზარმაზარ ოთახში.
    – დიდხანს იწვალეს?
    – საკმაოზე დიდხანს, რადგან როცა ისინი მოვიდნენ, მე მათ ველოდებოდი.
    – გადამალეთ?
    – ცხადია გადავმალე.
    – მარტოს არ გაგიჭირდა? – ელცინი მეკითხება.
    – მარტო არ ვყოფილვარ, რამოდენიმე ერთგული კლიენტის დახმარებით, ნაწილ-ნაწილ გადავიტანე სარდაფში.
    – შენს ადგილას, მე სახლსაც დავტოვებდი – კოზლოვი ამბობს.
    – რა აზრი აქვს, მათ ვერსად დაემალები, მიწიდანაც ამოგთხრიან.
    – ეგ მართალია.
    – ნეტა სად ინახავენ?
    – პარლამენტში – იცინის კოზლოვი.
    – ნერვებს მიშლი – ელცინის შენიშვნაზე, კოზლოვი სიცილს წყვეტს.
    – შემდეგი არჩევნებიც მოგებული აქვთ – ვამბობ მე.
    – მაგაში ეჭვიც არ მეპარება, ისინი ხალხს უსმენენ და სასურველ შაქარს იძლევიან.
    – იქნებ მაღაზიებშიც ყიდიან.
    – არაფერია გამორიცხული.
    – თანაც შაქარი, მოხუცებს და ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ.
    – ოდესმე შენი აპარატით უსარგებლიათ?
    – ვის?
    – იმათ – საშა ჭერისკენ მიმანიშნებს.
    – რამდენიმე მათგანი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მოვიდა, თავი ჩვეულებრივ ადამიანებად წარმომიდგინეს, მაგრამ მაინც ვიცანი..
    – რანაირად?
    – ხელოვნური ულვაშები ეკეთათ და პარიკი ედოთ..
    – უთხარი?
    – არა, თავი ისე მეჭირა, თითქოს ვერაფერს მივხვდი.
    – თავის მოტყუება მაგარი რამეა – ამბობს კოზლოვი – ეგ რომ შეგვძლებოდა ახლა აქ არ ვიქნებოდით.
    ეს იყო პირველი რეპლიკა კოზლოვის მხრიდან, რომელმაც საშა და ელცინი არ გააღიზიანა.
    – მგონი ხვალ, ჰაერზე გავყავართ – ამბობს კოსტავა.
    – თუ ისევ არ გაწვიმდა.
    – მე წვიმაშიც თანახმა ვარ.
    – ჩემზე რომ იყოს, ახლაც სიამოვნებით გავისეირნებდი.
    – იმ ძუკნასთან ერთად? – კოზლოვი ეკითხება.
    – რატომაც არა – იცინის საშა – ალბათ გავჟიმავდი კიდეც.
    საშა და კოზლოვი სიცილს იწყებენ, მოგვიანებით დანარჩენებიც მხარს ვუბამთ. ამ დროს დერეფნიდან მოგუდული ხმაური გვესმის, რამდენიმე ადამიანის საუბარს, დროდადრო ნაბიჯების ხმა ფარავს.
    – ჩშშ – ელცინი საჩვენებელ თითს ტუჩთან იდებს.
    ყველანი ვჩუმდებით. ხმა თანდათან გვიახლოვდება, ახლა მხოლოდ მათი საუბარი იმის. ისინი კარებთან დგანან.
    – ეს ოთახი დალუქულია – მისის ტეილორი ამბობს.
    – შეიძლება შევამოწმოთ? – უცხო ხმაა.
    – არ მენდობით?
    – რათქმაუნდა გენდობით, მაგრამ აქ ნდობა არაფერ შუაშია, მე დავალებას ვასრულებ.
    მოულოდნელ ხმაურზე, ყველანი ვფითრდებით. სამარიდან ახლადამდგარ მიცვალებულებს ვგავართ. რამდენიმეხნიან პაუზას მისის ტეილორის შეკითხვა არღვევს.
    – მოკალი?
    – ჯერ სუნთქავს – სხვა ხმა პასუხობს.
    – ჯობია ჭრილობა გადავუხვიოთ, რათა სისხლისგან არ დაიცალოს,
    დანარჩენს მე მივხედავ.
    – ახალი ფორმაა საჭირო.
    მათი საუბარი უკვე შორიდან გვესმის. გაურკვეველ დიალოგს დროდადრო მისის ტეილორის გამაღიზიანებელი კისკისი ფარავს, რომელსაც დერეფნის ექო შემაძრწუნებლად ახმოვანებს.
    – ალბათ დამკვირვებელი იყო – ამბობს კოსტავა.
    – მაგას ხვალ გავიგებთ – ჩურჩულებს ელცინი.
    – ხვალიდან ახალი მეგობარი გვეყოლება.
    ჩამავალი მზის შუქი, ფანჯრებიდან შემოდის და გისოსების ჩრდილს მტვრიან იატაკზე ხატავს. აქედან გახედვა ყველას შეუძლია. მათ შორის ჩვენც, თუმცა სასიამოვნო ხედის ნაცვლად, უზარმაზარი კედელი იშლება, რომელიც კოსტავას თქმით, ადამიანის სხეულის ნაწილებით არის ნაგები.
    – ვინ ადამიანების? – კოზლოვი შეშინებული ხმით კითხულობს.
    – იმათი, ვინც აქედან გაქცევა მოინდომა.
    – შენ საიდან იცი? – ვეკითხები.
    – ჩემი დიდი ბაბუა მშენებელი იყო, ისინი აშენებდნენ.
    – ვინ ისინი?
    – ყველანი, ვინც კი ამ ქვეყნის შვილები იყვნენ.
    – მართლა ბაბუამ გითხრა? – ელცინს ხმაში ხრინწი ერევა.
    – ბავშვობაში, ზღაპრებს ყოველთვის ბაბუა მიყვებოდა ხოლმე,
    მაგრამ ეს ისტორია ზღაპარი არ არისო მითხრა. როცა კედელი შეგვიკვეთეს, ომიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი და გამოცდილებაც დიდი მქონდაო. მისი თქმით ყველა ამბოხებულ პაციენტს ორგანოებს აჭრიდნენ და სამშენებლო მასალის დაზოგვის მიზნით კედლისთვის იყენებდნენ, ამას რა თქმა უნდა, სხვა პაციენტების დასანახად აკეთებდნენ. რათა შიში დაეთესათ.
    – კედლის აშენება რატომ გადაწყვიტეს? – საშა კითხულობს.
    – ბაბუა მაგ თემაზე ლაპარაკს ყოველთვის გაურბოდა, მაგრამ ერთხელ
    მაინც დავაცდენიე.
    – რაო რა გითხრა?
    – კედლის იქით სხვა სამყაროაო.
    – მაინც როგორი? – კოზლოვი როლშია.
    – ისეთი, როგორზეც ჩუმად ოცნებობენ, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობენ,
    ბაბუას აზრით, ჩვენი ხალხი ამისათვის არასოდეს იქნება მზად.
    – წარმოგიდგენია? – ელცინი მეუბნება – შენი აპარატის გამო იქ
    შესაძლებელია ხელის გულზე გატარონ, აქ კი ცოცხლად გმარხავენ.
    – უნდა დავიძინო – ვამბობ მე.
    – ჯერ არ მოსულა, შვიდამდე დრო გვაქვს – მამშვიდებს ელცინი.
    – მერე რა, ისედაც მეძინება.
    – კარგი, მაშინ ყველამ ერთდროულად დავიძინოთ, ოღონდ ერთი პირობით
    – ამბობს კოსტავა.
    – რა პირობით? – კითხულობს საშა.
    – ძილის წინ, ყველამ კედელზე ვიფიქროთ.
    – კარგი აზრია.
    – კედელზე რატომ?
    – იქნებ სიზმარში მაინც ვნახოთ იქეთ რა ხდება.
    საბანს ბოლომდე ვიფარებ და თვალებს მთელი ძალით ვხუჭავ. სამარისებურ
    სიჩუმეს საათის წიკ-წიკი არღვევს.
    უკვე შვიდი სრულდება…
    ო, როგორ ვერ ვიტან იმ წყეულ ტაბლეტებს: ყოველთვის ყელში მეჩხირება.
    დერეფნის ბოლოდან ფეხის ხმა ისმის.
    ალბათ მისის ტეილორია…
    © “არილი“

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2010 – დეკემბერი

    გრიგოლ რობაქიძე, ჰიტლერი (უცხოელი მწერლის თვალით). გერმანულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო დალი ფანჯიკიძემ. რედაქტორი ზვიად კვარაცხელია. თბ. “არტანუჯი”, 2010.
    ეს წიგნი გრიგოლ რობაქიძის განცდების კრებულია, სადაც ჰეროიკულადაა აღწერილი ფიურერის ცხოვრება და პოლიტიკური გზა. წიგნში დამოწმებული არაერთი სიმბოლო, ხატი თუ მითიური ამბავი მხოლოდ იმ მიზანს ემსახურება, რომმტავარი პერსონაჟი ახლებურად წარმოჩნდეს. ნანახისა და გაგონილის უჩვეულო შერწყმასთან ერთად, მწერალი გვთავაზობს თავის დაკვირვებებს, ხშირად გადამეტებულსაც, მაგრამ საოცარი რწმენითა და დაბეჯითებით. პირადი ფოტოები, საჯარო გამოსვლები, ხალხთან შეხვედრა და ჰიტლერით მოცული ყოველდღიურობა თავს იყრის გრიგოლ რობაქიძის აზროვნებასა და წარმოსახვაში.

    სილვია პლათი, ზარხუფი (რომანი), ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა, თბ. “ფონდი ტასო”, 2009.
    სილვია პლათის “ზარხუფი” ფონდმა ტასომ “ფემინისტური ბიბლიოთეკის” სერიით გამოსცა. თუკი ლელა სამნიაშვილისა და სხვათა მიერ ტარგმნილ სილვია პლათის ლკექსებს მკითხველი აქამდე კარგად იცნობდა, გასული წლიდან უკვე პოეტის რომანის წაკითხვაც შეუძლიათ მკითხველებს. ლელა სამნიაშვილის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: “ამ ავტობიოგრაფიული რომანის ზარხუფი – სიგიჟეა, ესთერის, სილვია პლათის პროტოტიპის, ახალგაზრდა, ნიჭიერ თავზე მოულოდნელად ჩამომხობილი, მისი და გარშემომყოფების, მისი და ცხოვრების გამყოფი, რომლისგანაც თავის დაღწევა სულ მცირე, საკუთარი გონების, ვნებებისა და ნიჭის დაყოლიებასა და სიცოცხლის სურვილზე მათ ჩაჭიდებას მოითხოვს”.

    ჟან ჟენე, ნოტრ-დამ-დე-ფლერი (რომანი), ფრანგულიდან თარგმნა გიორგი კახაბერმა. თბ. “დიოგენე”, 2010.
    ჟენეს ლიტერატურული შემოქმედება იწყება XX საუკუნის 40-იანი წლებიდან. ამავე პერიოდში იგი დაუახლოვდა ჟან კოქტოსა და ჟან-პოლ სარტრს. ჟ. კოქტო იყო პირველი, რომელმაც აღმოაჩინა ჟან ჟენე, როგორც მწერალი და მას “თანამედროვეობის მნიშვნელოვანი მწერალი” უწოდა. ჟან ჟენეს რომანი ნოტრ-დამ-დე-ფლერი (ყვავილების ღვთისმშობელი) – დაწერილია პატიმრობაში. პოეტურ რომანში, რომელიც მნიშვნელოვანწილად ავტობიოგრაფიულია, აღწერილია პარიზელ მარგინალთა, კრიმინალთა ყოფა-ცხოვრება., დანახული 16 წლის მოზარდის თვალით, რომელიც ქურდობისთვის იყო გასამართლებული. პერსონაჟთა ხასიატები აღებულია რეალური ცხოვრებიდან.

    ტენესი უილიამსი, კამინო რიალი (პიესა), ინგლისურიდან თარგმნა მანანა ანთაძემ. თბ. “აგორა”, 2010.
    “კამინო რიალი” ტენესი უილიამსის (1911-1983) პოეტურ პიესებს შორის განსაკუთრებული მოვლენაა. ამ სათაურით უილიამსმა 1945 წელს ლექსი დაწერა, 1946-ში პიესაზე დაიწყო მუშაობა, 1948 წელს ერთაქტიანი პიესა შექმნა, რომელიც American Blues-ში დაიბეჭდა და რომელსაც ელია კაზანი თავის Actors Studio-სთვის აიღო, როგორც სატრენაჟო მასალა მსახიობებთან სამუშაოდ. “კამინო რიალი” თავისი დროის უგამორჩეულესი დრამატურგის ყველაზე სუსტ პიესად მოინათლა, დღეს კი “ამერიკის უდიდესი დრამატურგის ყველაზე მნიშვნელოვან პიესად” ითვლება.

    ფილიპ პულმანი, ოქროს კომპასი, ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ, თბ. 2010.
    ინგლისელი მწერლის, ფილიპ პულმანის ოქროს კომპასის ტრილოგია, რომელიც ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება, 2003 წელს ინგლისელების ყველაზე კითხვადი წიგნების სამეულში შევიდა; 2005 წელს საბავშვო ლიტერატურაში უმაღლესი, ასტრიდ ლინდგრენის პრემია მოიპოვა; 2007 წელს კი ამ ტრილოგიის პირველი წიგნის მიხედვით გადაიღეს ფილმი სახელწოდებით “ოქროს კომპასი”. “ოქროს კომპასი” ტრილოგიის პირველი წიგნია. მასში მოქმედება ხდება პარალელურ სამყაროში, რომელიც თან ძალზე წააგავს ჩვენსას, თან ბევრი რამითაც განსხვავდება. წიგნის მთავარი გმირი 12 წლის ლაირაა. უშიშარი გოგონა მეგობრის გადასარჩენად ჩრდილოეთ პოლუსზე მიემგზავრება. ამ საქმეში მას ბოშები, ჯავშნიანი დათვები და ალქაჯები ეხმარებიან.

    იზაბელ ებერარდი, მოგზაურობა მაღრიბში, ფრანგულიდან თარგმნა მანანა ბოსტოღანაშვილმა, თბ. გამომცემლობა ლირა, 2010.
    რატომ გადაწყვიტა XX საუკუნის გარიჟრაჟზე 20 წლის არისტოკრატიული წარმოშობის, თავისუფლების მოყვარულმა ქალიშვილმა, მიეღო ისლამი? მან დაარღვია თავისი ეპოქის ევროპული საზოგადოების წესები, არაბი მამაკაცის სამოსითა და მაჰმუდ საადის სახელით საჰარაში მოგზაურობდა აბსოლუტის ძიებაში… იზაბელ ებერარდის ყველა ტექსტს შორის მოგზაურობა მაღრიბში (სამხრეთ ირანი), ერთად-ერთია, რომელიც თვითონ მოამზადა გამოსაცემად.

    მარკ ლევი, სად ხარ? (რომანი). ფრანგულიდან ტარგმნა ნინო თურქესტანიშვილმა. რედაქტორი თემურ ქურდოვანიძე. თბ. “აგორა”, 2010.
    საწარმოს ახალგაზრდა ხელმძღვანელმა, მარკ ლევიმ, შვიდი წელი ამერიკის შეერტებულ შტატებში, სან-ფრანცისკოში იცხოვრა. იქ სინთეზური გამოსახულებების ფირმა ჩამოაყალიბა, შემდეგ ჩამოვიდა პარიზში და სათავეში არქიტექტორთა ჯგუფს ჩაუდგა. 2000 წელს გამოაქვეყნა პირველი რომანი “ეს რომ მართალი იყოს…”, რომელსაც თავბრუდამხვევი წარმატება ხვდა წილად.: 2000 წელს ის ფანტასტიკის ჟანრში ნომერ პირველ წიგნად ითვლებოდა. რომანი იტარგმნა 30 ენაზე და სტივენ სპილბერგმა ავტორისგან ნაწარმოების მიხედვით ფილმის გადაღების უფლება შეიძინა. მარკ ლევის ეს რომანი, “სად ხარ?” 2003 წელს გამოიცა საფრანგეთში.

    ადრიან მარინო, კომპარატივიზმი და ლიტერატურის თეორია, ფრანგულიდან თარგმნეს რუსუდან თურნავამ და ნინო გაგოშაშვილმა. რედაქტორები, ირმა რატიანი, გაგა ლომიძე. თბ. “ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა”, 2010.
    ეს წიგნი ლიტერატურის ინსტიტუტმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის საელჩოს, დიუმას ცენტრისა და მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო პროგრამის მხარდაჭერით გამოსცა და იგი რუმინული წარმოშობის ფრანგულენოვან ლიტერატურათმცოდნეს, ადრიან მარინოს ეკუთვნის. წიგნი 80-იან წლებშია გამოცემული და როგორც წინასიტყვაობაში ვკითხულობთ, მისი მიზანი იყო კომპარატივიზმის მიერ “გატელილი ძველი, პოზიტივისტური, “აკადემიური” გზების მიტოვება, მისი შემობრუნება “თეორიული” და ამასთანავე “მებრძოლი” მიმართულებით ლიტერატურის თეორიისკენ… კომპარატივიზმის პირდაპირი ჩართვა ჩვენი ეპოქის იდეოლოგიურ სინამდვილეში”.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – ორჰან ფამუქის მეოთხე წიგნი ქართულ ენაზე

    ბოლო 2 წლის მანძილზე თურქი ნობელიანტი მწერლის, ორჰან ფამუქის 4 წიგნი გამოვიდა ქართულ ენაზე. მათ შორისაა სულ ახლახანს გამოცემული “მე წითელი მქვია”, მწერლის ყველაზე ცნობილი რომანი.
    შედარებით ახალი თაობის თანამედროვე მწერლებს შორის ფამუქი მემგონი ერთად-ერთია, ვისი 4 წიგნიც ითარგმნა ქართულ ენაზე. ამ მხრივ ფამუქმა მიშელ უელბეკსაც გადაუსწრო. ქართული ფამუქი ჩვენი თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ნათელი წერტილია, თუკი გავითვალისწინებთ სავალალო მდგომარეობას და წარმოუდგენლად ნელ ტემპებს, რა ტემპებითაც ითარგმნება კლასიკა და უახლესი მწერლობა. ფამუქი ამ მხრივ ნამდვილად გამონაკლისია. მას ყველაზე მეტად გაუმართლა ჩვენში, თუმცა უფრო მეტად გაუმართლა ქართველ მკითხველსაც, იმის გამო, რომ საქართველოში აღმოსავლეთმცოდნეობის კარგი სკოლა არსებობს და ჩვენი თურქოლოგები კლასიკაზე უფრო ბარაქიანად უახლესი ლიტერატურის ნიმუშებს თარგმნიან. აღმოსავლეთმცოდნეს, მთარგმნელისა და პოეტის გიორგი ლობჟანიძის აზრით, საქართველოში არავინ დალოდებია, სანამ ფამუქს მსოფლიო აღიარებდა, მას ნობელის პრემიამდეც კარგად იცნობდნენ ჩვენში:
    “რაც შეეხება ქართულ თარგმანებს… ქართული აღმოსავლეთმცოდნეობა არ დალოდებია იმას, რომ ფამუქი მსოფლიოში ეღიარებიათ და გამოჩენისთანავე დაიწყო მისი შემოქმედების შესწავლა. ჩვენი თურქოლოგები – თამუნა ალფენიძე, ქეთევან ტომარაძე, ნანა ჯანაშია და ლია ჩლაიძე აქტიურად შეისწავლიდნენ და თარგმნიდნენ მის ნაწარმოებებს”.
    თავად ფამუქი, მისი პირადი ცხოვრებით, შეხედულებებით და წერის მანერით, ცალკე თემაა. XX საუკუნის 80-იანი წლების თურქეთში არავინ ელოდა ასეთი მწერლის გამოჩენას, მწერლისა, რომელიც გულახდილიც იყო და თამაშობდა კიდევაც კულტურული მეტაფორებით. ფამუქში, შეიძლება ითქვას აღმოსავლური და დასავლური ლიტერატურული ტრადიციის შერწყმა მოხდა:
    “საერთოდ ძალიან უცნაური იყო ფამუქის გამოჩენა თურქულ ლიტერატურაში და კონკრეტულად იმ სახის მწერლის გამოჩენა, როგორიც ფამუქია. საკმაოდ ღარიბია თურქული ლიტერატურა, განსხვავებით სხვა აღმოსავლური ლიტერატურებისგან და მას პრაქტიკულად თანამედროვე ლიტერატურა ისეთი დონის ჰქონდა, რომ ნაკლებ სავარაუდო იყო ამ მასშტაბის მწერლის გამოჩენა. თვითონ თურქეთში ფამუქის მიუღებლობა მემგონი სწორედ ამითაც არის განპირობებული, რომ იგი პიროვნული აქტით შემდგარი მწერალი უფროა და დიდად გაუსწრო დროს და თავის თანამედროვე თურქულ ლიტერატურას. თავის მხრივ მისი პოლიტიკური შეხედულებებიც ამძაფრებს პროტესტს და ხშირად გამიზნული ხასიათის არის ხოლმე, რათა დასავლური საზოგადოების ყურადღება მიექცია”.
    ჩემი პირველი ფამუქი რუსულად თარგმნილი “შავი წიგნი” იყო, ზუსტად არ მახსოვს, დაახლოებით 2002-2003 წელს წავიკითხე. შემდეგ ამას “მე წითელი მქვია” მოჰყვა, ასევე ფამუქის შედარებით ადრეული წიგნები, “თეთრი ციხესიმგრე” (1985), “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” (1979), ყველაზე ახალი გამოცემებიც, “თოვლი” (2002) და “სტამბოლი – მოგონებების ქალაქი” (2003). ფამუქისთვის გამოყოფილი ჩემი თარო ყოველწლიურად იზრდება, მას სულ ბოლოს ქართულად დაბეჭდილი “მე წითელი მქვია”-ც შეემატა, თუმცა ქართული ფამუქიადა შედარებით ადრე დაიწყო, რამდენიმე წლის წინ და თავდაპირველად მთარგმნელები ფამუქის ნაკლებად ცნობილ ნაწარმოებებზე სინჯავდნენ ძალებს:
    “როდესაც თარგმანზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ არჩევანი, ანუ რას ვირჩევთ, და ფამუქის შემთხვევაში ქართველმა მთარგმნელებმა რატომღაც სამწუხაროდ მისი მეორეხარისხოვანი ნაწარმოებები აირჩიეს თავიდან. თუნდაც იგივე “ორმაგი სახე”, ქეთევან ტომარაძის მიერ თარგმნილი “თეთრი ციხესიმაგრე”, ნანა ჯანაშიას “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” არ იყო ამ მწერლის საუკეთესო ნაწარმოებები და მხოლოდ ბოლოს რაც ითარგმნა, ლია ჩლაიძის მიერ შესრულებული “მე წითელი მქვია”, ითვლება, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია ფამუქისა. ჩემზე სწორედ ეს თარგმანი ახდენს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას. აქ იგრძნობა სწორედ ქართული მთარგმნელობითი სკოლის ძალიან მაღალი დონე და ის კლასი, რომლის ქვემოთაც დონე არ უნდა დაეშვას.
    “მე წითელი მქვია”-ში მოთხრობილი ამბავი იმ დროისაა, როცა სტამბული შედარებით პატარა და ღარიბული, მაგრამ სამაგიეროდ, უფრო ბედნიერი ქალაქი იყო, როცა ფადიშაჰები მოცალეობისას წიგნების კითხვასა და მინიატურების ჭვრეტაში ატარებდნენ დროს. ერთ-ერთი ასეთი ფადიშაჰის მიერ შეკვეთილი წიგნის გარშემო ტრიალებს რომანის მთელი სიუჟეტი და ყველა მთხრობელი სწორედ ამ წიგნის შექმნასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა გააერთიანა. მთხრობელი კი ბევრია წიგნში: ყარა, ენიშთე ეფენდი, შექურე, ენიშთე ეფენდის მოსწავლეები – ქელებექი, ლეილექი და ზეითინი, ებრაელი ქალი ესთერი, ოსტატი ოსმანი, ძაღლი – ყავახანაში დაკიდებული ნახატიდან, ოქროს მონეტა, ხე, ცხენი, სიკვდილი, შაითანი, ორი დერვიში (ასევე მინიატურებიდან) და რაც მთავარია – თავად წითელი ფერი, რომანის მთავარი ხმა:
    “”მე მქვია წითელი” იმით არის მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომ ძალიან ბევრ პრობლემას, რომელიც საქართველოსათვისაც არის მტკივნეული, ფამუქი შემოქმედებითად სვამს და ამუშავებს. მათ შორის, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ურთიერთობის ურთულესი პრობლემა, რომელზეც მთელი ლიტერატურაა შექმნილი და ცალკე ამ ლიტერატურის კვლევა ძალიან შორს წაგვიყვანს. ფამუქი ძალზე ორიგინალურად განიხილავს ამ საკითხს თავის წიგნში და იმდენად ფაქიზ შტრიხებს გვთავაზობს აღმოსავლელი კაცის ქცევისას და ამ ქცევის აღქმისას დასავლეთის მიერ, რომ ძალიან იშვიათად მეგულება მსოფლიო ლიტერატურაში ამ ტიპის ნაწარმოები, რომელიც ამ პრობლემას ამ სიღრმით განიხილავს. გარდა ამისა ეს ნაწარმოები ენობრივადაა ძალიან საინტერესო, რაც ქართულ თარგმანშიცაა შენარჩუნებული. როგორც მკითხველმა იცის, თვითონ წიგნი აგებული პერსონაჟთა მონათხრობზე, ნაამბობებზე, რომელიც, თავისთავად, არ არის ახალი ხერხი, ლიტერატურული თვალსაზრისით, თუნდაც ქართულ ლიტერატურაში რომ გავიხსენოთ, დათა თუთაშხია ამის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია, მაგრამ სათარგმნელად ეს ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ყველა პერსონაჟს მეტყველების თავისი დამახასიათებელი მანერა აქვს, რაც თურქულ ორიგინალში არის, როგორც მე მითხრეს, და ქართულშიც გადმოტანილია შესაბამისად, ლია ჩლაიძის მიერ. გარდა ამისა, იქ არის უამრავი დეტალი, პროფესიული თვალსაზრისით, რომელიც უბრალოდ ბრწყინვალედ არის შესრულებული და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი კითხველი ამას ადეკვატურად დააფასებს”.
    ჩვენ კი იმედი დავიტოვოთ, რომ ახლო მომავალში თავად ავტორსაც გავიცნობთ პირადად. საქართველოში უკვე ყველა პირობა არსებობს საიმისოდ, რომ თურქი ნობელიანტი ვისტუმროთ. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორჰან ფამუქს თბილისზეც აქვს დაწერილი რამდენიმე ძალიან თბილი სიტყვა.
    © radiotavisupleba.ge
  • AUDIO,  კრიტიკა

    მალხაზ ხარბედია – ლიტერატურა და სახელმწიფო

    AUDIO
    უნდა ფინანსდებოდეს თუ არა სახელმწიფოს მხრიდან ლიტერატურა? უნდა მონაწილეობდეს თუ არა სახელმწიფო ლიტერატურული გარემოს გაუმჯობესებაში? დღეს ამ კითხვას ხშირად გაიგონებთ საქართველოში, ხოლო დასავლეთში ეს პრობლემა უკვე მოხსნილია, ქვეყნებში, სადაც ჩვენზე 10-ჯერ უფრო მაღალი ტირაჟები აქვთ, არავინ საუბრობს იმაზე, რომ პოეტებმა ტირაჟებით უნდა ირჩინონ თავი. დღეს, საქართველოში, სამწუხაროდ, ლიტერატურა ბაზარზეა მინებებული და ამგვარი გულგრილობის, უფრო სწორად კი უცოდინრობის გამო, ლიტერატურა და ამ ლიტერატურის შემქმნელი ადამიანები უმძიმეს მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი.
    ჟურნალ “ლიბერალის” მიმომხილველი, პოლიტოლოგი გიორგი ცხადაია მიიჩნევს, რომ ძალიან დიდი შეცდომაა ლიტერატურის და ზოგადად კულტურის, ბაზრის კანონებზე დაქვემდებარება:
    “ერთ-ერთი გზა პრობლემის გადაწყვეტის, ჩემი აზრით ისაა, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ბაზარი ვერ დაარეგულირებს კულტურის პროდუქტების – პირობითად რომ ვთქვათ – ადეკვატურ მიწოდებას საზოგადოებისთვის. ადეკვატურში ვგულისხმობ იმას, რომ საზოგადოების ყველა ფენის, ყველა ჯგუფის ინტერესები და ყველა ჯგუფის ემოციური თუ ესთეტიკური ღირებულებები უნდა გადაიცეს და უნდა შედგეს გარკვეული ურთიერთკომუნიკაცია საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის, რასაც თავისუფალი ბაზარი პრინციპში ხელს უშლის, იმიტომ, რომ პროდუქტი ხდება ჰომოგენური და უნიფიცირებულ სტანდარტებში ჯდება”.
    ამგვარ უნიფიკაციაზე უკვე ათეული წლებია საუბრობენ ფილოსოფოსები, ჯერ კიდევ 60-იანი წლების დასაწყისში წერდა გერმანელი მოაზროვნე ჰერბერტ მარკუზე ერთგანზომილეობიან საზოგადოებაზე და ერთგანზომილებიან ადამიანზე, მომხმარებელზე, რომელსაც ბაზარი სხვა განზომილებას არ უტოვებს გარდა ერთისა, ადამიანზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, ზომბირებული ხდება მანიპულაციის სხვადასხვა საშუალებით:
    “პრობლემა არის ხოლმე ის, რომ სახელმწიფოები უხეშად ერევიან კულტურულ პოლიტიკაში და ახორციელებენ ამას იმ მიმართულებით, რა მიმართულებაც მათ აწყობთ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. კლასიკური მაგალითი იყო ალბათ ყოფილი საბჭოთა კავშირი და ზოგადად სოციალისტური ბანაკის ქვეყნები, სადაც სახელმწიფო პირდაპირ ახდენდა კულტურის იმ ფორმების სუბსიდირებას, რომლებიც მას აწყობდა, რომლებიც მისთვის იყო მისაღები და მის პროპაგანდისტულ მიზნებს ეთანხმებოდა. ამის თავიდან ასაცილებლად ალბათ ერთად-ერთი გზა არის კულტურის პოლიტიკის დეცენტრალიზაცია, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს რაც შეიძლება ქვედა დონეზე და არა პრეზიდენტის დონეზე. ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, პრეზიდენტი კი არა, მინისტრის და მინისტრის მოადგილის დონეზეც კი არ უნდა ხდებოდეს ასეთი გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილების მიღება გაცილებით “ქვემოთ” უნდა ხდებოდეს და გაცილებით ინკლუზიური უნდა იყოს ის ჯგუფები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, რათა ამით ხელი შეეწყოს ჩვენი კულტურის, საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტის განვითარებას და არ იყოს ეს მინდობილი რაღაც ძალებზე, რომელთაც ჩვენ, საზოგადოება ბოლომდე ვერ ვაკონტროლებთ”.
    ასერომ, კულტურის და ლიტერატურის მხარდაჭერა დემოკრატიულ სახელმწიფოში, არამც და არამც არ გულისხმობს რაღაცით მანიპულირებას, ცრუ-ღირებულებების შექმნასა თუ კონფორმისტულ დათმობებს ავტორების მხრიდან. პირიქით, სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ ასპარეზზე გამოიყვანოს ავტორები, რომლებიც არ ჩანან ე.წ. საბაზრო კულტურისა და საბაზრო ლიტერატურის ასპარეზზე. დღეს საქართველოში არ მეგულება ავტორი, არც პროზაიკოსი და არც პოეტი, არც მთარგმნელი და არც ესეისტი, ვინც მხოლოდ თავისი ტირაჟებით ცხოვრობს. ამიტომ, მათ პირობები უნდა შევუქმნათ, მივცეთ საშუალება ლექციებით ირჩინოს თავი, ბეჭდურ პერიოდიკაში გამოქვეყნებულ სტატიაში მაღალი ანაზღაურება მიიღოს, თარგმნოს, დაკავდეს კვლევით, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა პროგრამაში, მოიპოვოს სტიპენდია, გრანტი და ა.შ. ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ჩვენთან ტირაჟით მხოლოდ საბჭოთა პერიოდში ცხოვრობდნენ მწერლები და ისიც ყველაზე დაწინაურებული, ბობოლა ავტორები, რომელთა წიგნებსაც, მაგალითად, შსს–ს ყველა თანამშრომელი ვალდებულებით იძენდა.
    ჩვენში სამწუხაროდ ბევრმა არ იცის, რომ მთელს მსოფლიოში ლიტერატურა სხვადასხვა პროგრამებით ფინანსდება, სადაც უდიდესი წილი სახელმწიფო სუბსიდიებზე მოდის. მაგალითად, საფრანგეთში არის წიგნის ნაციონალური ცენტრი, რომელიც თავის მხრივ განყოფილებაა საფრანგეთის კულტურის სამინისტროს წიგნისა და კითხვის დეპარტამენტისა. და თქვენ წარმოიდგინეთ, მხოლოდ ამ განყოფილებამ 2005 წელს 21 მილიონი ევრო დაახარჯა ლიტერატურას. წიგნის ეროვნულმა ცენტრმა თავისი ბიუჯეტის 20% უცხოელი ავტორების თარგმნას მოახმარა. განხორციელდა 30-ზე მეტი პროგრამა, რომელიც ლიტერატურის წახალისებას ითვალისწინებდა: ავტორებისა და მთარგმნელების სტიპენდიების გარდა, ისინი ხელს უწყობდნენ გამომცემლებსაც, მსოფლიო თუ მშობლიური ლიტერატურის თარგმნაში და ა.შ.
    “ჩემი აზრით თარგმანებს აქვთ ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ეს პირდაპირ სახელმწიფოს პრეროგატივა უნდა იყოს ალბათ, რომ ხელი შეუწყოს სხვადასხვა ენებიდან თარგმნის საქმეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი რა თქმა უნდა ისიც არის, რომ ამით თვითონ ენის პოტენციალი ახლდება, მაგრამ მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, არის ის, რომ ადამიანები ეცნობიან სხვა კულტურებს. ადამიანები უერთდებიან იმ კომუნიკაციის არხებს, რომლებიც წყდება თითქოს იმის გამო, რომ არსებობს ენობრივი ბარიერი.”
    მხოლოდ მთარგმნელების ჰონორარებში 2005 წელს სლოვენიის მთავრობამ 78 300 ევრო დახარჯა, უნგრეთისამ – 82 600, პოლონეთში 273 900 ევრო დახარჯა ამ საქმეში, თანაც არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყნებში დაფინანსების სხვა, ძალზე ბევრი კერძო წყარო არსებობს, საიდანაც არამხოლოდ მთარგმნელობითი ან სამწერლო გრანტი გაიცემა, არამედ ფინანსდებიან პერიოდული ლიტერატურული გამოცემები, გამომცემლობები, რომლებიც მხატვრულ ლიტერატურას გამოსცემენ და ა.შ. ამ დონორების დახმარებითვე ხდება სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიების მოწყობა.
    “არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ ყველა დაფინანსება მოდიოდეს სახელმწიფოდან. შეიძლება ეს იყოს ფილათროპია, შეიძლება ეს იყოს მოქალაქეების რაღაც ტიპის გაერთიანება, რომლებიც წაახალისებენ ხოლმე გარკვეული კულტურული ტიპის საქმიანობას. უბრალოდ, სახელმწიფოს შეუძლია, რომ შეასრულოს პოზიტიური როლი ამ საქმეში და მას შეუძლია დაეხმაროს საზოგადოებას იმაში, რომ უფრო უკეთ გამოხატოს თავისი თავი კულტურულად”.
    დღეს მხოლოდ თვითგამოხატვისა და სიმართლის თავისუფლებაა გამოსავალი ქართული ლიტერატურისთვის, ნუ დაგვავიწყდება, რომ მხოლოდ ბაზრის კანონებს მიღმა არსებული ნამდვილი, გულახდილი ტექსტები ქმნიან ლიტერატურის ისტორიას.
    © radiotavisupleba.ge

  • ინტერვიუ,  პორტრეტი

    რამზი ნასრი: “მე მინდა, ადამიანებს სათქმელი გავუზიარო”

    გაგა ლომიძე
    წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო: “ღვთაებრივი კომედია”.
    მუსიკა, რომელსაც უნდა მოუსმინო: “ბევრია. მალერის მე-2 და მე-9 სიმფონიები, ქართული პოლიფონიური მუსიკა, შუასაუკუნეების იტალიური მუსიკა.”
    კინო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო: დრეიერის ფილმები.

    წარმატებული მსახიობი, რეჟისორი, პოეტი… მრავალმხრივი ნიჭის გამო, რამზი ნასრის თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ რენესანსის ხანის ადამიანი. მით უმეტეს, რომ მისი იერი და მეტყველი თვალები ბრონზინოს დიდებულების პორტრეტებს მაგონებს. ესეც პირველი ასოციაცია.
    მის ლექსებში, რომლებმაც თავიანთი მოცულობით და კომპოზიციით ხშირად პოემები შეიძლება გაგვახსენონ, ირონია და ყოფიერების ტრაგიკულობის შეგრძნება, აბსურდის ესთეტიკა და რომანტიზმი თანაარსებობს; ისევე როგორც თანაარსებობს მის პოეზიაში ორიენტალისტური ჭვრეტა და ევროპული აზროვნებისთვის ნიშანდობლივი თვითგამოხატვა. თუმცა, ამგვარი ცდუნებისკენ მისი წარმომავლობა მიბიძგებს – რამზი ნასრი დედით ჰოლანდიელი და მამით პალესტინელია. ასე რომ, კულტურათა დიალოგი შედგა და რამზი ნასრიც თავის პოეზიაში თითქოს მუდმივად ამაზე მიგვანიშნებს – სოციო-პოლიტიკური თუ კონფესიური ქვეტექსტებით, ფორმალისტური ექსპერიმენტებით თუ პოეზიის გრაფიკული თავისებურებებით…
    ინტერვიუს წინა დღეს იუთიუბზე ვიდეო მასალას ვუყურებდი, სადაც რამზი ნასრი თავის ლექსებს კითხულობდა. იყო ინტერვიუებიც. და ჩემთვის მოულოდნელად წავაწყდი ფრაგმენტს, სადაც ის ლეგენდარული ფლამანდელი პოეტის და მუსიკოსის – ვანეს ვან დე ველდეს სიმღერას ასრულებს. “Stalen Boor” – ასე ქვია სიმღერას, რომლის ქართული თარგმანიც დაახლოებით შემდეგნაირად ჟღერს – “ფოლადის ბურღი”. სულ ერთწუთიანი ფრაგმენტიც არაა და გამაოცა რამზი ნასრის ქარიზმამ, მერე ასოციაციებიც მოჰყვა, განსაკუთრებით ჟაკ ბრელთან, გამახსენდა ბრიუგეც, სევდიანი შელდაც და მოწყენილი ხიდებიც; და ფლანდრიული ფოლკლორის ელემენტებით გაჯერებული სიმღერის სადღესასწაულო განწყობის მიუხედავად, მასში უფრო მეტი სევდა ამოვიკითხე. მართლაც, როგორც ერთმა ცნობილმა ფილოლოგმა და ტელეწამყვანმა თქვა, ადამიანი, რომელიც ცხოვრებისეულ საზრისზე ერთხელ მაინც დაფიქრებულა, შეუძლებელია მხიარული იყოსო. გუნებაში მეც ვეთანხმები და თან მომდევნო დღისთვის ინტერვიუს კითხვებს ვაყალიბებ.
    რამდენიმე დღით ადრე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიდერლანდური ცენტრის ხელმძღვანელის – ინგრიდ დეხრავეს წყალობით, რამზი ნასრის ლექსების დავით ღოლიჯაშვილისეულმა ქართულმა თარგმანებმა მზის სინათლე იხილეს. ინტერვიუს დღეს, მოგვიანებით, სამეფო უბნის თეატრში სწორედ ამ წიგნის – “თაფლის და რძის სახლის” პრეზენტაცია იყო დაგეგმილი.
    მახსოვს, წიგნის მომზადებამდე რამდენიმე თვით ადრე, ინგრიდ დეხრავემ მკითხა, როგორი იქნებოდა “მამულის პოეტის” (Dichter des Vaderlands) ქართული ანალოგი. მე ცოტა გამიკვირდა ამგვარი ტიტულის არსებობა ნიდერლანდებში და მაშინვე საბჭოთა საქართველო გამახსენდა, სადაც “სახალხო პოეტის” ცნება სულაც არ გახლდათ უჩვეულო. ამიტომაც ქართველი მკითხველისთვის ყველაზე გასაგები სწორედ ეს ფორმულირება მეჩვენა. როგორც აღმოჩნდა, ამ სტატუსით, რამზი ნასრმა მიიღო დავალება, რომ ოთხი წლის განმავლობაში დაწერდა ლექსებს, რომლებიც ასახავდნენ მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ – ერთი სიტყვით, საზოგადოებრივ მოვლენებს ნიდერლანდებში.
    “ამირანის” ლიტერატურულ კაფეში ინტერვიუს დროს ჩემი პირველი შეკითხვაც სწორედ “სახალხო პოეტის” სტატუსს ეხებოდა.

    რამზი ნასრი: “ამ წოდებას 2001 წელს ჩაეყარა საფუძველი. მე უკვე რიგით მესამე “სახალხო პოეტი” ვარ. “სახალხო პოეტი”, “მამულის პოეტი” – მეტისმეტად პირდაპირი თარგმანია და მართლაც, სტალინის პერიოდს, დედა-სამშობლოსადმი მიძღვნილ ჰიმნებს და პარადებს მაგონებს, როდესაც მშრომელები ბედნიერი სახეებით შესციცინებდნენ ბელადს. მაგრამ ეს წოდება გარკვეულ ირონიასაც გულისხმობს. ანუ, ნაწილობრივ ირონიულია და ნაწილობრივ – თავის სახელწოდებას ამართლებს. იმიტომ, რომ 10 წლის წინ ჰოლანდიაში ძალიან მძაფრად იდგა ეროვნული იდენტობის საკითხი – ვინ ვართ ჩვენ? ფაქტობრივად, ეს არის ის, რაშიც საკუთარ ფუნქციას ვხედავ. იმ დროს დისკუსიები იმართებოდა იმაზე, თუ ვინ იყო ყველაზე დიდი ჰოლანდიელი, ქვეყნის მთელი არსებობის მანძილზე. ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ფეხბურთელიც და ისტორიული პიროვნებაც.
    ამავე დროს, უცბად, უკანასკნელ 10 წელიწადში ყველა ლიტერატურულ კანონზე ალაპარაკდა – ცდილობდნენ გაერკვიათ, რა წიგნები უნდა ესწავლებინათ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, რისი ცოდნა იყო აუცილებელი ნიდერლანდის მოქალაქეებისთვის, რა უნდა სცოდნოდათ თავიანთი ქვეყნის ისტორიის შესახებ.
    ბოლო 20 წელიწადში ჩვენი საზოგადოება რადიკალურად შეიცვალა. ამაში გარკვეული წვლილი მიუძღვის ემიგრაციასაც. საკითხი, რომელიც, ვთქვათ, 50 წლის წინათ არავის აღელვებდა, მოულოდნელად სულ უფრო აქტუალური გახდა: ვინ არის ჰოლანდიელი? რა არის ჰოლანდია? რას ეფუძნება ჩვენი კულტურა? ეს ყველაფერი ეროვნული გმირის, ყველაზე დიდი ჰოლანდიელის ძიებას უკავშირდება და იმაზე მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, დავივიწყეთ ვინ ვართ და სწორედ ამის გაგებას ვცდილობთ.
    დღესდღეობით ჰოლანდიაში ბევრი ემიგრანტია. მათ შორის ვარ მეც, მამაჩემი პალესტინელია, დედაჩემი – ჰოლანდიელი. ჩემს შემთხვევაში საკითხი ასე არ დგას. ვფიქრობ, რომ უფრო მეტად ჰოლანდიელი ვარ, უფრო მეტი ვიცი ჩემი ქვეყნის ისტორიის და ლიტერატურის შესახებ, უფრო მიყვარს ჰოლანდიური ლიტერატურა, ვიდრე საშუალო “ჰოლანდიელს”. მეორე მხრივ, ზოგიერთი მაინც უცხოელად მთვლის. ის, ვინც არ მიცნობს, შეიძლება თქვას, რომ ბოლომდე ჰოლანდიელად არ მიმიჩნევს. ძალიან უცნაურია, რადგან არამარტო ჩემი მშობლიური ენაა ჰოლანდიური, არამედ უფრო გამართულად ვსაუბრობ ამ ენაზე, ვიდრე ნებისმიერი საშუალო ჰოლანდიელი და, რაც მთავარია, ამ ენაზევე ვწერ ლიტერატურულ ტექსტებს. მიყვარს მე-19 საუკუნის ჰოლანდიელი პოეტები, ისინი ჩვენი თანამედროვე პოეზიის სათავეებთან იდგნენ – 1880-იანელების თაობა. მათ გადატრიალება მოახდინეს ჰოლანდიურ პოეზიაში, ჩვენი ენა განაახლეს. ძალიან მიყვარს ბოუტენსი და ლუი კუპერუსი.”
    “სახალხო პოეტის” სტატუსი კი მას 2009 წელს ლექსისთვის “ნეტავი ორი მოქალაქე ვიყო” მიანიჭეს. ამ ლექსში სწორედ იდენტობის საკითხია დასმული.
    რამზი ნასრი: “ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ “მამულის პოეტი” კარის პოეტის ანალოგიურია, რომელმაც ხოტბა უნდა შეასხას მმართველ ფენას. მაგრამ ლექსით “ნეტავი ორი მოქალაქე ვიყო” უკვე ცხადი გახდა, თუ რას გულისხმობს ეს სტატუსი.”
    ამ სიტყვებით ის პოეტის იმ ფუნქციაზე მიანიშნებს, რომლის თანახმადაც, თანამედროვე პოეტმა დღევანდელ მოვლენებზე და პრობლემებზე უნდა წეროს. ამ რანგში რამზი ნასრს მართლაც ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს. ის მუდმივად იღებს მიწვევებს სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზატორებისგან და ლექსებსაც კონკრეტული მოვლენის აღსანიშნავად წერს. ხშირად უარის თქმა უხდება ამა თუ იმ შემოთავაზებაზე, როდესაც ესა თუ ის მოვლენა მისი, როგორც “მამულის პოეტის” სტატუსს არ უკავშირდება. თუმცა უარი არ უთქვამს ვერმეერის ერთი ნახატის – “ქალი სასწორით” გამოფენასთან დაკავშირებით ლექსის დაწერაზე, სადაც მან თანამედროვე მომხმარებლური საზოგადოება და ფინანსური კრიზისი ისტორიული კონტექსტისა და ვერმეერის ფერწერული ტილოების ფონზე წაიკითხა.
    მეორე მხრივ, ეს სტატუსი საშუალებას აძლევს, რომ თავისი პოეტური ნაწარმოებები ჰოლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ყოველდღიური გაზეთის – NRC Handelsblad-ის საშუალებით, მილიონობით მკითხველს გააცნოს. “ჩემი ლექსები, ზოგჯერ დიდი ფორმატის სამ-ოთხ გვერდსაც იკავებს. პოეზია ახალი ამბების ნაწილად იქცევა და მას მართლაც ბევრი ადამიანი კითხულობს. ანუ, ვწერ ლექსს და რამდენიმე დღეში ის მთელ ქვეყანაში ვრცელდება” – ამბობს პოეტი და მე გაკვირვებული ვარ. ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოში, სადაც სულ 3-4 გამომცემლობა გამოსცემს პოეტურ კრებულებს, გაზეთში დაიბეჭდოს ლექსები და თან, მას მკითხველიც ჰყავდეს. თუმცა, გასაოცარი, წესით, არაფერი უნდა იყოს: საგამომცემლო საქმის ერთ-ერთმა პიონერებმა – პლანტენმა და მორეტუსმაც ხომ ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში წამოიწყეს ბეჭდური საქმე ნიდერლანდებში.
    “არასოდეს მესმოდა, რატომ უნდა ემიჯნებოდეს პოეზია მკითხველს და ყოველდღიურობას.” – ამბობს რამზი ნასრი. ამ სიტყვებში ის, უდავოდ, პოლიტიკურ კონტექსტსაც გულისხმობს. მე კი კონკრეტული ფაქტი მახსენდება, როდესაც 2005 წელს ანტვერპენის ქალაქის პოეტად არჩევამდე ცოტა ხნით ადრე, გაზეთ NRC Handelsblad-ში გამოაქვეყნა სტატია, სადაც ისრაელის მოქალაქეების პალესტინიდან გასვლას ითხოვდა. მაშინ ანტვერპენის ებრაულმა დიასპორამ პოეტი ებრაული საზოგადოების მისამართით “ტალახის სროლაში” დაადანაშაულა. მაგრამ მღელვარება მალევე მიწყნარდა. მის პოეზიას დადებითად იღებდნენ, რადგანაც ის ცდილობდა, ადგილობრივ მოსახლეობასა და ემიგრანტებს შორის დიალოგი დაემყარებინა.
    თანამედროვე პოეზიის სოციალური კონტექსტის ნათელი მაგალითი კი ანტვერპენში სოციალური სამსახურის შენობაზე გაკეთებული მისი ლექსია, სახელწოდებით “მინიმუმი”. რამზი ნასრი შეეცადა გაერკვია, რას ნიშნავდა ანტვერპენში ხელმომჭირნედ ცხოვრება და ამ მიზნით, გაჭირვებულ ადამიანებს გაესაუბრა. ამის შედეგად შეიქმნა ლექსი, რომელიც შენობის მთელ კედელზე განათავსეს. “გახსნის დღეს ბევრი მეუბნებოდა, რომ ცრემლის გარეშე ვერ კითხულობდა ჩემს ლექსს, იქ ხომ ბევრმა მათგანმა საკუთარი სიტყვები ამოიცნო” – იხსენებს პოეტი, რომელმაც რიგითი ადამიანების გასაჭირი პირდაპირ კედელზე გამოიტანა. შენობაზე გამოსახული ლექსი პოეზიის გავრცელების ახალ მედიად, მკითხველისთვის თანამედროვე პოეზიის მიწოდების ახალ ხერხად მეჩვენება და ახლა უკვე იმით ვინტერესდები, რას ფიქრობს მომხმარებლურ საზოგადოებაში ხელოვნების, პოეზიის მომავლის შესახებ.
    რამზი ნასრი: “ხელოვნებას სრულიად არ გააჩნია გამოყენებითი ან საბაზრო ღირებულება. შეიძლება შეიზღუდოს ხელოვნება, დაფინანსება შეუწყდეს მას და ადამიანები მაინც იარსებებენ. მაგრამ ხელოვნების გარეშე ჩვენი ცხოვრება აზრს დაკარგავდა. ხელოვანი საზოგადოების ნაწილია, რომელიც თანამედროვე პროცესებს და საკითხებს უნდა გამოეხმაუროს. პოეზიაში უნდა ჩანდეს, რომ ესა თუ ის ლექსი დღესაა დაწერილი. პოეზიას, ალბათ, არ შეუძლია სამყაროს შეცვლა. მაგრამ თუკი სამყაროში რაიმე ისე არ იქნება, როგორც უნდა იყოს, ამაზე უნდა დაწეროს პოეტმა. მისი ვალია, ადამიანებს ინფორმაცია მიაწოდოს. მან უნდა დააგროვოს ცოდნა და თუკი შენიშნავს ისეთ რამეს, რასაც საშუალო სტატისტიკური მკითხველი ვერ ხედავს, მან ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და დააფიქროს ის. ამ შემთხვევაში სწორედ ესაა მთავარი. მე მინდა, ადამიანებს სათქმელი გავუზიარო.”
    იქნებ ამიტომაც გვხვდება მის პოეზიაში თითქოსდა ადამიანის ნივთებთან გათანაბრებაზე მინიშნება – სადაც ადამიანი ციფრების იგივეობრივი ხდება: “ბავშვები – 1, 2, 3, 4 – ბავშვები თითქმის არსებობენ” (“თაფლის და რძის სახლი”), ან შეგვახსენებს, რომ “სარკმელი არის პური ყუა არის მაგიდა” (“რა დაგვრჩენია”) და ამით მიუთითებს, რომ სულიერი ღირებულებების გარეშე ადამიანი ადამიანურ იერსახეს კარგავს.
    შთაგონებისთვის ყოველთვის არსებობს ქალაქები. თუკი აქამდე ქალაქის საპატიო პოეტისთვის ინსპირაციის წყარო იყო ანტვერპენი, დღეს რამზი ნასრი თვლის, რომ ამ თვალსაზრისით ყველაზე ხელსაყრელი გარემო ბერლინშია: “დღეს ბერლინი ყველაზე კრეატიული ქალაქია და ეს ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. მაგალითად, თუკი ამსტერდამში რამდენიმე საკულტო კაფეა, სადაც მუდმივად იკრიბებიან ხელოვანები და თავისუფალი ადგილი თითქმის არასდროსაა, ბერლინში მსგავსს ვერ ნახავთ. იქ ნებისმიერ კაფეში შემოქმედებითი გარემოა და ყოველთვის არის რამდენიმე ცარიელი მაგიდა, რომელთანაც ჩამოჯდები და დაისვენებ.”
    ქალაქის ხსენებაზე მისი ლექსი მახსენდება – “ვენასა და თბილისს შორის”. თავს ვერ ვიკავებ, რომ არ ვუთხრა, როგორ მომეწონა ეს ლექსი და, მთლიანად, მისი პოეზია. თავმდაბლად მიხდის მადლობას, როგორც მართალ შემოქმედ ადამიანებს ჩვევიათ და ამ დროს ბავშვურად სუფთა გამომეტყველება აქვს – ისეთი, როგორიც ინეკე სმიტსის ფილმში “მაგონია”, სადაც ერთ–ერთ როლს ასრულებს. სხვათა შორის, რამზი ნასრის ეს ფილმი 2001 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვნახე. დღეს კი პოეტი იგონებს იმდროინდელ თბილისს და ამბებს, რომლებსაც თბილისელი მეგობრები უამბობდნენ. მეც სწორედ ამ ომის მსხვერპლზე დაწერილი ლექსის ისტორიაზე ვთხოვ მომიყვეს.
    რამზი ნასრი: „მიამბობდნენ თბილისის ომზე და რუსთაველზე სეირნობისას, დაპირისპირებული მხარეების გამყოფ ხაზს მაჩვენებდნენ. ჩემმა მასპინძელმა მითხრა, რომ 10 წლის წინ აქ სამოქალაქო ომი იყო გაჩაღებული. ქალაქს სულაც აღარ ეტყობოდა, რომ რამდენიმე წლის წინ აქ სისხლი იღვრებოდა, ადამიანები ლაღად სეირნობდნენ. ამ დროს ფანჯრიდან მომესმა მუსიკის ხმა – ზუსტად არ მახსოვს, რა იყო – იქნებ, სულაც ბრამსის ნაწარმოები. და ასე გაჩნდა ისტორია ვუნდერკინდ პიანისტ ბიჭზე, რომელიც იმ პერიოდის თბილისში ცხოვრობდა, რუსთაველზე გამოვიდა და დაიღუპა. ლექსს – “ვენასა და თბილისს შორის” იმიტომ დავარქვი, რომ ეს მანძილი აღმოჩნდა საბედისწერო. პიანისტ ბიჭს რომ ვენაში ეცხოვრა, ბრმა ტყვიის მსხვერპლი არ გახდებოდა და შეიძლება გენიოსი მუსიკოსი გამოსულიყო.“
    აშკარაა რამზი ნასრის სიყვარული მუსიკისადმი. დადგმაში “ცხოვრება ჯოჯოხეთში”, რომლისთვისაც მან ლიბრეტო დაწერა, თვითონ იმღერა კიდეც. ამას გარდა, ის მონაწილეობდა ექსპერიმენტულ პროექტში, რომლის ფარგლებშიც მან ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ბელგიური როკ ჯგუფის dEUS-ის გიტარისტთან და ვოკალისტთან – მაურო პავლოვსკისთან ერთად ტურნე გამართა. მაურო პავლოვსკისთან თანამშრომლობა იმდენად მოულოდნელია ჩემთვის, რომ ვეუბნები, ჩემს აიპოდში dEUS-ის ალბომი Worst Case Scenario მაქვს და ხშირად ვუსმენ-მეთქი, რაზეც ეღიმება. “წიგნიერი ადამიანები” – ასე ერქვა ექსპერიმენტულ წარმოდგენა-თამაშს, რომელშიც ნიდერლანდური ლიტერატურის და მუსიკალური სცენის გამორჩეულმა ორმა ფიგურამ წიგნიერი ხალხი თამაშისთვის გამოიწვია. ამავე წარმოდგენაზე წაიკითხა რამზი ნასრმა თავისი სამნაწილიანი პოემა – “ზამთრის სონატა”, რომელიც მის მუსიკალურ კერპს – დმიტრი შოსტაკოვიჩს ეძღვნება და რომელშიც პოეტმა საყვარელი კომპოზიტორის უკანასკნელი ნაწარმოების – “სონატა ალტისა და ფორტეპიანოსთვის” კომპოზიცია ტექსტობრივი ფაქტურით გაიმეორა. როგორც თვითონ აღნიშნავს, “ჩემთვის მუსიკა ტექსტშია. ვცდილობ, ჩემი პოეზიით მელოდია გადმოვცე. პოეზიას მუსიკალური თვალსაზრისით განვიხილავ.” “ზამთრის სონატაში” რამზი ნასრიმ მკითხველს მომაკვდავი კომპოზიტორის ფრაგმენტული მოგონებების და აბსურდული ირონიის სინთეზი შესთავაზა სტალინური რეჟიმის ისტორიულ კონტექსტში.
    რამზი ნასრი: “პოემის პირველ ნაწილში მინდოდა ციტატები ჩამერთო. წიგნებში დავძებნე შოსტაკოვიჩის მიერ სხვადასხვა დროს გამოთქმული ფრაზები. მეორე ნაწილში ყვავილების ჩამონათვალი გავაკეთე. მესამე ნაწილში შოსტაკოვიჩი სასიკვდილო სარეცელზეა და წარსული ამბების გახსენებას ცდილობს.”
    ამ ლექსში სტალინის, როგორც მებაღის და საბჭოთა ხალხის, როგორც ბაღის მეტაფორა აშკარად ირონიულ ელფერს იძენს ახალი აღთქმისეული კონტექსტის გათვალისწინებით. არადა, მართლაც, რამზი ნასრის პოეზიაში ძალიან ხშირია ბიბლიის ციტირება, განსაკუთრებით ლექსში “ფსალმუნი მოდგმაზე”.
    რამზი ნასრი: “ფსალმუნი ჩემთვის თვითგამოხატვის, ეჭვის დაშვების საშუალებად იქცა. ადამიანებს ამ ფორმით შეუძლიათ მოინანიონ, ან კითხვები დაუსვან ღმერთს, კალვინიზმის მსგავსად, სადაც ადამიანსა და ღმერთს შორის შუამავალი არავინაა. იმ დროს ნიდერლანდებში კალვინისადმი მიძღვნილი დღეები იმართებოდა. ამ ლექსის წაკითხვით გავხსენი დორდრეხტის საკათედრო ტაძარში მოწყობილი გამოფენა, რომელსაც თეოლოგების, მოძღვრებისა და რეფორმატორული ეკლესიის სხვა მოღვაწეების გარდა, ჩვენი დედოფალიც ესწრებოდა. კალვინიზმის მიმდევარი საეკლესიო მოღვაწეები გააღიზიანა ჩემმა ლექსმა. ცერემონიალის დამთავრებისას, მითხრეს, რომ ამით დედოფალს შეურაცხყოფა მივაყენე და მათ მხოლოდ მისდამი მოწიწებით არ დატოვეს იქაურობა. დედოფალმა კი პირადად გამოხატა კმაყოფილება ჩემი ლექსით. კალვინიზმს ხშირად გადამწყვეტ როლს მიაწერენ ჰოლანდიელი ერის ხასიათის ჩამოყალიბებაში. მაგრამ ნუთუ მართლა ასე ჰომოგენური ერი ვართ ჰოლანდიელები? ნუთუ კალვინი ყოველ ჩვენგანშია?”
    ჰოლანდიელი ერის ხასიათში რამზი ნასრი უკიდურეს თავისუფლებას გულისხმობს, სადაც თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის ზღვარი უკვე აღარ იკითხება.
    რამზი ნასრი: “ჰოლანდია დედამიწის ზურგზე ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა, აქ ყველაფერი დაშვებულია. შეიძლება ერთ დღესაც რომელიმე მოქალაქემ უარი თქვას სამსახურზე, სამუშაოდ აღარ წავიდეს და სახელმწიფოსგან მაინც მიიღებს დახმარებას. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან ადამიანებს ყველაფერი აქვთ და აღარაფერი დარჩა საოცნებო. ამ დროს ჩნდება პერვერსიული აზრები – თავისუფლების ყველაზე დიდ გამოხატულებად კი შუა ქუჩაში ერთი ადამიანის მიერ მეორის მკვლელობის სურვილი იქცევა, რაც ჩვენს ქვეყანაში არაერთხელ მომხდარა. ასევე, მაგალითად, ჩვენში იყო ანტიისლამისტი პოლიტიკოსი – პიმ ფორტუინი, რომელიც მოკლეს. ის მუსულმანების მიმართ ყველაზე შეურიგებელი პოზიციით გამოირჩეოდა. მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ თავისი პოლიტიკური ტრიბუნის მიღმა, ის სიამოვნებით ერთობოდა მაროკოელ ბიჭებთან.”
    იქნებ ამაშია ევროპული და აღმოსავლური სააზროვნო მოდელების შეუთავსებლობა, ან იქნებ, ნაწილობრივ, ევროცენტრისტულმა დამოკიდებულებამ წარმოშვა ფუნდამენტალიზმი, როგორც თავდაცვითი პასუხი იერიშზე? ამას საკუთარ თავს ვეკითხები, ხმამაღლა კი კალვინიზმის უარყოფითი გავლენით ვინტერესდები.
    რამზი ნასრი: “კალვინიზმს შედეგად მოჰყვა ის, რომ ადამიანებმა უარი თქვეს საეკლესიო მხატვრობაზე, ქანდაკებაზე, მუსიკაზე და მხოლოდ ბიბლიის კითხვას დასჯერდნენ. ამიტომაცაა, რომ ჩვენ, კავკასიელებისგან განსხვავებით, ცეკვა არ გვეხერხება. არ ვიცი, გინახავთ თუ არა ჰოლანდიური ცეკვა, რომელიც მხოლოდ ხის ქოშებწამოცმული ფეხების კანუნით შემოიფარგლება. მის ნახვას არ გირჩევთ. ამის გამო, პროტესტის განცდა ბევრ ჰოლანდიელს უჩნდება. იგივე შეიძლება ითქვას პოლიფონიურ მუსიკაზეც. თქვენს მუსიკაში მრავალი ხმა ისმის, ყველას თავისი ფუნქცია აქვს და ეს ხმები მაინც ჰარმონიულ წესრიგს ემორჩილება. ჩვენთან ასე არ არის.”
    პოლიფონია, პლურალიზმი, მრავალხმოვანება – ამ ცნებების პოეტური ნაკვალევი ჩანს რამზი ნასრის ლექსებში, სადაც თუნდაც წინადადებების წყობის თავისუფალი – დემოკრატიული პრინციპი ამოსავალ პუნქტად იქცევა.
    რამზი ნასრი: “ჩემს პირველ კრებულებში გულმოდგინედ ვცდილობდი, რომ ზუსტად დამეცვა რითმა. შემდგომში ჩემი ლექსები უფრო თავისუფალი და მსუბუქი გახდა – ერთ დღესაც უარი ვთქვი სასვენ ნიშნებზე. უკვე აღარ ვფიქრობ, რომ, ვთქვათ, სონეტი მაინცდამაინც ტრადიციული სონეტის მეტრულ თავისებურებებს უნდა შეესაბამებოდეს.”
    იქნებ ესაა პოეზიის პრინციპი – ზღვარის გაქრობა, რაც გარეგნულად პუნქტუაციური ნიშნების თუ მთავრული ასოების გაუქმებაში გამოიხატება.
    საღამოს, სამეფო უბნის თეატრში გამართულ წიგნის პრეზენტაციაზე რამზი ნასრი ისეთივე ქარიზმით კითხულობდა თავის ლექსებს, როგორც წინა დღით ნანახ ვიდეოებში. ოღონდ ახლა უკვე რეალურ დროსა და სივრცეში. რამზი ნასრი ლექსებს ჰოლანდიურ ენაზე კითხულობდა, მის უკან, პროექტორზე ქართულ თარგმანს უშვებდნენ. თუმცა ენობრივი ბარიერი მეორეხარისხოვანი იყო, რადგან ის საღამო პოლიფონიის საღამოდ იქცა – სადაც წარსული და დღევანდელობა ისევე შეხვდა ერთმანეთს, როგორც ნიდერლანდური და ქართული კულტურა.
    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“