• პოეზია

    ბელა ჩეკურიშვილი – ლექსები

    ამბავი ცერცვისა და კედლისა

    “შეაყარე კედელს ცერცვი”

    -ქართული ანდაზა

    ეს მაშინ,
    როცა ჩვეული მოძრაობით
    კედელს მეათასედ შემაყარე,
    როცა წკაპა-წკუპით ძირს ჩამოვცვივდი,
    როცა ხელები ჰაერში აიქნიე ნიშნად იმისა,
    რომ კედელი გლუვია,
    ცერცვის მარცვალი კი ბრიყვი და სხმარტალა,
    როცა იფიქრე,
    რომ კედლისა და ცერცვის ამბავი ისე სანდოა,
    შეხედვაც კი აღარ სჭირდება,
    სწორედ მაშინ,
    როცა მშვიდად მიუბრუნდი ქარს და საზრუნავს,
    სწორედ მაშინ,
    ფესვი გავიდგი.
    სწორედ მაშინ
    დაუმთავრდა სიბერწე კედლს,
    ტანი გაუთბა და ნაპრალები შემომაშველა…
    რა უნდა მოსთხოვო
    ერთ გულუბრყვილო ცერცვის მარცვალს
    ხვიარად რომ დაბადებულა,
    დღენიადაგ საყრდენს რომ ეძებს
    და მზად არის,
    ვინც შეხვდება, გადაეხვიოს.
    რა უნდა მოსთხოვო
    მოულოდნელად გაღვიძებულ ცერცვის მარცვალს,
    როცა საკუთრი სიმწვანეც კი ისე აბრუებს,
    უგზო-უკვალოდ იფოთლება და მსხმოიარობს…
    და მაშინ,
    როცა მზეში ოქროსრქიან ვერძებს ვითვლიდი,
    ფოთლებს ვუწვდიდი შეყვარებულ ჭიამაიებს
    და ღრმა ძილიდან გამოფხიზლებულ ბებერ კედელს
    წყლის და მიწის ამბავს ვამცნობდი,
    როცა ვცდილობდი,
    ჩემს პაწაწინა ცერცვის გულში
    ახალ-ახალი სასწაულები აღმომეჩინა,
    გამომეხმო ყველა ზღაპარი,
    რასაც დედა გვიყვებოდა მე და ჩემს და-ძმებს
    გრილ და ნოტიო პარკში წოლისას,
    მაშინ,
    როცა მეგონა,
    თუკი მოვედი,
    ყველა ცოცხალ და მფეთქავ არსებას
    სიყვარულში დავარწმუნებდი,
    სწორედ მაშინ,
    რატომღაც უკან მოიხედე
    და
    შეგეშინდა.
    …როგორ გიმტყუნე,
    შენ ხომ ისე ალალად მენდე,
    მე კი ბრიყვულად დავარღვიე ათასწლოვანი სიტყვების ტაბუ
    შენ და შენს მოდგმას აკვანშიც რომ განუგეშებდათ,
    რასაც სწავლობდით მამიდან შვილზე,
    რასაც პაპების სიბრძნე ერქვა
    და დიდპაპების გამოცდილება,
    აბა, ჩემი გაღვიძება რად გჭირდებოდათ,
    სიმწვანე ხომ იმდენი გქონდათ,
    ცერცვის ერთი ყლორტი რა არის,
    ფეხქვეშ გეფინათ.
    ოდითგანვე, სხვადასხვა მარცვალს,
    თქვენც ანდობდით მიწის სველ და მხურვალე საშოს,
    მაგრამ კედელი
    უნდა მუდამ გულცივი და ყრუ ყოფილიყო,
    ცერცვის მარცვალს კი თავში ჭკუა უნდა ჰქონოდა
    და ბრმა კენჭივით ესხმარტალა მის ზედაპირზე……
    და მაშინ,
    როცა შენი შეშინებული ხელები დავინახე,
    და მაშინ,
    როცა ყელში ჩაფხრეწილ ბგერებს
    გაკვირვების ავი ბოღმაც ამოაყოლე,
    და მაშინ,
    როცა ძვლები გაგიცივდა
    და იმიტომ გამოიქეცი,
    რომ კედლიდან ჩემი ყველა კვალი მოგესპო,
    ვიდრე სხვები დამინახავდნენ, ათასწლოვანი ტაბუ იქნებ გადაგერჩინა,
    სწორედ მაშინ,
    ვიგრძენი რომ
    შიშზე ძლიერი გრძნობაც არსებობს,
    შიშზე ვერაგი გრძნობაც არსებობს,
    შიშზე მარტივი გრძნობაც არსებობს,
    და
    შემეცოდე –
    ავი ბოღმისთვის.
    შეშინებული ხელებისთვის.
    დამზრალ ძვლებისთვის.
    შემეცოდე,
    ცასაც ავხედე,
    და უფრო მეტად ავეკარი დაბზარულ კედელს,
    ტანი კეკლუცად შემოვხვიე,
    ქვებს გავუსწორე,
    ფოთლები განზე გავშალე
    და
    ჩუქურთმად ვიქეც.

    ნანას

    თუ საღამოხანს,
    დაგრძელებული ხეების ჩრდილებს,
    ძველებურად,
    ასკინკილით გარს შემოვუვლით,
    ჩემი და შენი ქალაქები ამბად გეტყვიან,
    რომ ზაფრანას ყვავილივით გავყვითლდი
    და დავიბენი,
    როგორც მაშინ,
    სკოლის მერხებზე გაურკვეველ ინიციალებს რომ ვკაწრავდით,
    ხომ გახსოვს,
    ჭორფლების შეგროვება რომ დავიწყე
    და თმაც გამეფშიკა,
    მაშინდელივით ახლაც გამუდმებით ვიწნავ და ვიშლი
    და გოგრის გულივით ყვითელი ვარ.
    ხომ გახსოვს
    ჩემი ჭრელა-ჭრულა სარაფანები,
    ფოჩებიანი მოსასხამი
    და ფარად-ფერადი ღილები,
    ახლა კი წიწილასავით ყვითელი ვარ
    და წყლის დალევისას ცაში ახედვა მავიწყდება.
    ხომ გახსოვს, რა ძნელია,
    პირველად რომ მოიტყუები და დაგიჯერებენ,
    როგორც ხუთი ჩხირით
    რომბებიანი წინდა მოგექსოვოს,
    ანდა ზურგს უკან დამალულ ხელებში გამოგეცნოს,
    მარგალიტის ბურთულები ლუწია თუ კენტი.
    ახლა კი ქარვის კენჭივით გამომშრალი
    და ყვითელი ვარ
    და ვიდრე არ დამიძახენებენ,
    ვეღარ ვხვდები, საით გავიქცე.
    ხომ გახსოვს, ძველ ზღაპრებში
    სამი გზის გასაყარზე რომ დგებოდნენ,
    მე კი სიტყვის ორადორი მარცვალი მაქვს ამოსათქმელი
    და მაინც აქეთ-იქით ვიყურები,
    ხომ გახსოვს, როგორ გვიმეორებდნენ,
    როცა ვმოძრაობთ,
    ან ტანთ ვიცვამთ,
    არ დაგვავიწყდეს,
    რომ ძუძუებიანი არსებები ვართ
    და რძესთან ერთად,
    ასწლოვანი ღვინის ძალასაც დავატარებთ უქმე დღეებში.
    შენ ჩემი და ხარ,
    და რომ გეცადა,
    შენს ქალაქში,
    საღამოხანს,
    ჩრდილებდახრილ ხეების ტოტს შემოხვეოდი,
    ჩემი და შენი ბავშვობის საქანელები ამბად გეტყოდნენ,
    რომ ფეტვის მარცვალივით ყვითელი ვარ,
    ჩამოვიფშვენი და
    დავიბენი.

    ***
    აღარ მახსოვს,
    რატომ იყო იმ ღამეს სველი ქალაქის ასფალტი,
    ან საით მიდიოდნენ ხაკისფერკეპიანი უცხოელები
    ჭრელი ჩანთებით,
    რატომ ვისხედით “ჰეინეკენის” მაგიდებთან და
    რატომ ქროდა ქარი ქოლგების თავზე;
    აღარ მახსოვს,
    რატომ ვიკარგებოდით ასე თავგანწირვით,
    ან რად ვეძახდით ზამთრობით ერთმანეთს,
    რატომ გვჯეროდა ნავსი რიცხვების და
    რად ვავსებით დღიურებს ფანქრით;
    აღარ მახსოვს,
    რატომ იყვნენ იმ ზაფხულს მოდაში
    უცხოპლანეტელი სასიძოები,
    ან ქალიშვილებს რად შეეღებათ ვერცხლისფერად
    რბილი მუცლები,
    როგორ ვსუნთქავდით მორიგეობით
    ხავსიან ფსკერზე,
    ან რვაფეხებმა სად წაიღეს ჩემი ქოშები,
    რას დავეძებდით ფერად სილაში და
    რად გვაწვალებდა მერე სინდისი
    ინკვიზიტორი ჯალათივით;
    აღარ მახსოვს,
    ვის ჩუქნიდნენ სირაქლემები
    ქარხნული წესით დაშაშხულ ბარკლებს,
    რამდენი ნული იყო ჩვენი არსებობა და
    რამდენი კარატი ჩვენი ცრემლები,
    რამდენად შეგვიფასეს შეხვედრები,
    ანდა რომელი მოგონება ჩაიგირავეს;
    აღარ მახსოვს,
    რამდენი ბოლო ჰქონდა იმ თოკს,
    კბილების კაწკაწით რომ ვიჭერდით ყელზე,
    რატომ არ გვკბენდნენ მორიელები
    აგვისტოს ხვატში და
    სად დავკარგეთ კოკა-კოლას მომგებიანი თავსახური;
    აღარ მახსოვს,
    შეგვეშინდა თუ არა,
    როცა ხეების სიმწვანეში
    თვალების ნაცვლად
    ერთმანეთის შიშველი სხეულები დავინახეთ;
    აღარ მახსოვს და …
    იქნებ ჯობდეს,
    ეს ყველაფერი
    ისევ ფოტოალბომებში დავაბრუნოთ.

    უხერხული კითხვების გარეშე

    მე არ მაინტერესებს
    შენი მეთერთმეტე პარტნიორი,
    შენ არ გაინტერესებს
    ჩემი მცირეწლოვანი ბოიფრენდები,
    ჩვენ არ გვაინტერესებს
    ნავთობპროდუქტების მერყევი ფასები,
    გვაქვს საერთო გასაღები,
    უკომფორტო სააბაზანო და
    წითელი მადუღარა,
    უკიდურესად გვეშინია ღამის და წვიმის
    და მავანთა და მავანთა ბრიყვი ენის მიუხედავად
    სიცივის გამო
    ერთი საბნის ქვეშ ვიძინებთ ხშირად.
    შენ არ გიყვარს თოხლო კვერცხი
    და შავი პური,
    მე არ მიყვარს მეტროთი მგზავრობა
    და პოპ მუსიკა,
    ჩვენ ორივეს გვიყვარს მზე
    და იალქნიანი, უმისამართო იახტები.
    ზღვა წვიმის შემდეგ ბერიკაცივით აღერღილია
    და სველი სილა –
    ქუჩის ბიჭივით უტიფარი,
    მე ვამბობ, რომ სიგარეტი მიხორკლავს ნერვებს,
    შენ დუმხარ და სტაფილოსფერ ქოშებს მაფიცებ,
    ჩვენ ვკამათობთ
    და ვცდილობთ, სათქმელს ტალღასავით ქვეშ გამოვუძვრეთ.
    მე ვცხოვრობ ჩემი შვილის ფერად სიზმრებში,
    შენ ცხოვრობ
    ზამთარს გადარჩენილ ჩიტბატონებში.
    ჩვენ აქ არ ვცხოვრობთ,
    აქ ფიჭვებია და კოტეჯი,
    სამას და მგონი მეთვრამეტე,
    ქარებთან ახლოს…

    Nota Bene

    I

    შეიძლება დაგირეკო
    და უტიფარი ხმით მოგიკითხო,
    მეკეთოს მარჯნის სამაჯურები
    და არ მეტანჯებოდეს მაჯები,
    შეიძლება მოვახერხო
    და გითხრა რაიმე ახალი,
    სასაცილო, ან პრობლემატური,
    მაგალითად, ჩემი ჯინსი,
    ვარცხნილობა,
    ანდა ამომშრალი ფრჩხილების ლაქი,
    შეიძლება დავხუჭო თვალები
    და ვითამაშო ასკინკილა,
    ინტიუციით გადავაბიჯო ცარცის ხაზებს
    და გამოვიდე გამარჯვებული,
    შეიძლება ვიყიდო ის ლამაზი კაბა,
    რადგან ყოველი სევდა
    ტანსაცმელში გროვდება ბოლოს
    და ნემსის ყუნწშიც,
    ბოლოს და ბოლოს,
    შეიძლება გავძვრე.

    II
    გაძვერი ნემსის ყუნწში
    და იყიდე ის ლამაზი კაბა,
    გუშინ გამოფენაზე რომ ნახე,
    გაძვერი, სანამ ვინმე მოგასწრებდეს,
    უფრო მარჯვე და მოქნილი.
    თიხის ლარნაკი გაიბზარა,
    თაბაშირის სპილო
    და ექიმის ხმაც:
    “თქვენ ავად ხართ ქალბატონო!”
    ბარგის გადაზიდვისას კი
    კედლის საათს ისრები მოსტყდა
    და ტელევიზორს ფერები აერია.
    წამოდი იმ სახლიდან,
    იადონებს რომ უთევდი ღამეს,
    წამოიღე მეგობრების ნახატები
    და სარწეველა სავარძელი,
    წამოდი, სანამ გზები გაიტკეპნება,
    სილამაზეს ნივთები იმით ინარჩუნებენ,
    რომ არ მოძრაობენ,
    შენ კი ჩააკერე რამდენიმე წელი ნაჭრის დათუნიებს
    და არასოდეს იკითხო “რატომ”,
    დაუჯერე ეიხმანს
    და ნუ დაიწყებ უკან ყურებას,
    თორემ ფეხს წამოკრავ რამეს
    და წაიქცევი.
    ძვირია მკურნალობა
    და მწარეა ნემსები,
    სილამაზე კი
    ისევ და ისევ მსხვერპლს მოითხოვს,
    მაგრამ შენ ახალი, მოშრიალე კაბა გაცვია,
    ჰოდა, გაიღიმე.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • კულტურა/ლიტ.თეორია

    ელინოფილობა და ქართული საერო ლიტერატურის წარმოშობის პრობლემა

    DOWNLOAD

    ქეთევან ბეზარაშვილი
    სააზროვნო მოდელები ბიზანტიურ კულტურაში, ელინოფილობა და ქართული საერო ლიტერატურის წარმოშობის პრობლემა
    © სემიოტიკა

  • კულტურა/ლიტ.თეორია

    ლირიკული სუბიექტის იდენტიფიკაცია ანუ კონცეპტი ს ი ს ხ ლ ი მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში

    ცირა ბარბაქაძე
    ლირიკული სუბიექტის იდენტიფიკაცია ანუ კონცეპტი ს ი ს ხ ლ ი მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში
    © სემიოტიკა
  • ესე (თარგმანი)

    მიგელ დე უნამუნო – როგორ შევადგინოთ ბიბლიოთეკა

    სენიორ, თქვენ ბიბლიოთეკის შედგენა გინდათ და რჩევას მეკითხებით. ასეთი რჩევის მიცემა ბევრად რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
    უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდე რას გულისხმობთ სიტყვებში – “ბიბლიოთეკის შედგენა”, უფრო სწორედ, რა მიზნით ადგენთ ბიბლიოთეკას და როგორი ნიშნით უნდა მოძებნოთ წიგნები.
    – ეჭვს ხომ ვერ შეგატანინებთ ვულგარულ ცდომილებებში, თითქოს წიგნი, პირველ ყოვლისა იმისთვის არსებობს, რომ მხოლოდ წაიკითხონ, ხოლო მისი მოვლა და სათუთად შენახვა მეორე რიგის საქმეა.
    ერთხელ, ერთ ნაცნობ მხატვართან ვაქებდი მეორე მხატვრის ნამუშევრებს. ის კი მომიბრუნდა და ზიზღნარევი ხმით მეუბნება: “მაგ ნახატების ადგილი მხოლოდ მუზეუმის კედლებზეაო”. ეს იგივეა, რომელიმე წიგნის აბუჩად აგდება მოგვინდეს და ვთქვათ – “ამ წიგნის ადგილი მხოლოდ ბიბლიოთეკის თაროზეაო!” ხომ ფაქტია, არსებობენ ადამიანები, რომელთაც სჯერათ, თითქოს საუკეთესო წიგნი ხშირი კითხვისაგან აუცილებლად ყდაშემოცრეცილი და ფურცლებგაცვეთილი უნდა იყოს.
    კიდევ ის ვიცი, რომ ერთხელ, ერთმა უჭკვიანესმა და უნიჭიერესმა, მაგრამ ბიბლიოფილობის ნიადაგზე ცოტა შექანებულმა მწერალმა, უამრავ საშინელ სისულელეს რომ ჰყვებოდა, ძალიან ძველ და იშვიათ წიგნში ამოკითხულ რაღაც ციტატის მოყვანისას დააყოლა: “აბა, კმარა ამ სისულელეების მოყოლა, ისინი ყოველთვის სისულელეებად დარჩება, იმის მიუხედავად, რომ ასეთ იშვიათ წიგნში აღმოვაჩინეთო”.
    მოკვდავთა უმრავლესობას, მაგრამ არა ამ ბიბლიოფილივით ჭკვიანებს, მიაჩნიათ, რომ სწორედ ერთად თავმოყრილი ამდენი სისულელე აქცევს წიგნს იშვიათობად. და ბუნებრივიცაა, რომ ასეთი ადამიანები არასოდეს დაკარგავენ, გვერდზე არ მიაგდებენ მსგავს წიგნს, რადგან ისინი იქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რაღაცას პოულობენ, რომელიც მათთვის განსაკუთრებულად ღირებულია. თუმცა, საჭიროა პატივი მიეგოს ნებისმიერი მანიისაკენ ხალხის სულიერ ლტოლვას, ოღონდ ეს მანია არ უნდა იყოს საზოგადოებისთვის საშიში; მანიათა შორის განსაკუთრებული პატივისცემის ღირსია ბიბლიომანი, რომელიც არა მხოლოდ ყველაზე უდანაშაულო, არამედ ყველაზე კეთილშობილურიცაა. აი, უკვე ნათლად დაინახეთ განსხვავება მათ შორის, ვისაც სძულს ის წიგნი, რომელიც თავის ცხოვრებას ბიბლიოთეკის თაროზე ატარებს და ვინც აფასებს მას სწორედ იმისათვის, რომ იშვიათობაა, ძვირფასია და მისი ადგილი – ბიბლიოთეკის თაროზეა.
    მაშასადამე, თუ თქვენ მართლა გადაწყვიტეთ სოლიდური ბიბლიოთეკის შედგენა, გირჩევთ შეიძინოთ თხზულებათა მხოლოდ სრული კრებულები, შეძლებისდაგვარად – ორიგინალის ენაზე – განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ფილოსოფიურ თხზულებებს ეხება; შეიძინეთ თავად ავტორთა მიერ მომზადებული ცალკეული გამოცემებიც. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გირჩევთ სერიული გამოცემების შეძენას, თქვენთვის საინტერესო წიგნების, ამ ე.წ. კოლექციებში, ბიბლიოთეკებში, ციკლებში ძებნას… ნებისმიერი წიგნი უფასურდება, როცა ამ სერიათაგან ნებისმიერის რიგითი წევრი ხდება. მხოლოდ არასერიოზულ მკითხველს შეუძლია ასეთი სახით გამოცემული წიგნის წაკითხვა.
    ვიმედოვნებ, აუცილებლობას არ წარმოადგენს “არასერიოზული მკითხველის” რაობის განმარტება, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის – კეთილს ვინებებ და ვიტყვი: არასერიოზულია მკითხველი, ვინც იმ წიგნებს არ კითხულობს, რომლებსაც მე; მაგრამ თუ კითხულობს და მეც ვვარაუდობ, რომ კითხულობს, მაშინ ჩემნაირად კი არა, სხვანაირად კითხულობს, და რასაკვირველია, მათ ისე ვერ გაიგებს, როგორც მე ვიგებ; ვერც წიგნები დაარწმუნებენ იმგვარად, როგორც მე მარწმუნებენ. გარდა ამისა, თუ წიგნი მკითხველს იმას არ ახსენებს, რასაც მე, ან მკითხველი თავად არ აგდებს სათვალავში ამას, მაშინ, მარტივი ლოგიკის თანახმად, უნდა ჩავთვალო, რომ ასეთმა მკითხველმა არ იცის ეს ყველაფერი. ხომ შეუძლებელია, ვინმე კითხულობდეს იმას, რასაც მე ვკითხულობ და არ ფიქრობდეს ისე, როგორც მე ვფიქრობ.
    ამ ფრიად მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური წიაღსვლების დასრულებისთანავე, ვუბრუნდები თქვენთვის დაპირებულ ბიბლიოთეკის შედგენას.
    თუ მართლა სერიოზულად ფიქრობთ ამ საქმისათვის ხელის მოკიდებას, მაშინ კატალოგით უნდა დაიწყოთ. ჩვეულებრივ, უკატალოგოდ შედგენილი ბიბლიოთეკები, რამდენადმე არეულ-დარეულია ხოლმე. ასე შედგენილი რომელიმე კერძო ბიბლიოთეკის გადათვალიერებისას, რაღაცას ფილოსოფიიდან აღმოაჩენთ, რაღაცას ღვთისმეტყველებიდან, წააწყდებით ლიტერატურულ თხზულებებს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს და სხვა ამისთანა რამეებს, არათანმიმდევრულად და დაულაგებლად. და თუ იქვე, თაროებზე, კლასიკოსთა შემოქმედების გვერდით აწყვია იაფფასიანი სახელმძღვანელოებიც სხვადასხვა მეცნიერებათა მოკლე შინაარსების სახით, რომელსაც ერთმა უსუსურმა მასწავლებელმა ოდესღაც სარწყულებელი გეჯა უწოდა, მაშინ თამამად შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ეს ბიბლიოთეკა ეკუთვნის diletante-ს. და შეუძლებელია არ იცოდეთ, რომ diletante ჰუმანიტარული კულტურის უწმინდესი და უმაღლესი საქმისთვის განსაკუთრებულად საშიში და მავნე ურჩხულია.
    ვხედავ, ვხედავ როგორ შეშფოთდით და გინდათ მკითხონ: ვინ არის ეს diletante და რა არის დილეტანტიზმი. მაგრამ მე, ვინც ასე მშვენივრად გავართვი თავი არასერიოზული მკითხველის ცნების განსაზღვრას, `diletante`-ს ცნებას ვეღარ განვსაზღვრავ ისეთივე გულისხმიერებით, როგორც განვსაზღვრე “არასერიოზულობა” – იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არც მე შევდივარ ამეების მცოდნეთა რიცხვში. ვიცი მხოლოდ, რომ რაღაც საძაგლობა და საზიზღრობაა, მოკლედ რომ ვთქვა, ის ჰუმანიტარული კულტურის უწმინდესი და უმაღლესი საქმის მტერია; იმ კულტურის მტერი, რომელსაც ახლა არ შემიძლია მივცე განსაზღვრება და, ისიც საეჭვოა, ოდესმე შევძლო ამის გაკეთება.
    მაშ, შეეცადეთ გაექცეთ ასეთი დილეტანტური ბიბლიოთეკის შედგენის ცდუნებას და მთელი ძალისხმევა კატალოგზე გადაიტანეთ, რათა, შესაძლებლობის ფარგლებში, თქვენი ბიბლიოთეკა იყოს მონოლითური, ერთიანი, საფუძვლიანი, ჭეშმარიტად კლასიკური – შედგენილი ახალი წიგნებითა და იმ ავტორებით, რომელთა ციტირებითაც სირცხვილს არასოდეს ჭამთ.
    ვგონებ, მშვენივრად უწყით, რომ წიგნები იმიტომაც იწერება, მკითხველებმა ამონარიდები აკეთონ და ციტატებით თავი მოიწონონ; რომ ისინი, ვინც მათ წერდა და წერს, დაიბადნენ, რათა მათი სახელები მოხსენიებული იყოს მათივე დაწერილი წიგნებიდან ციტირებული პასაჟების გვერდით. თუ ჩვენ თითქმის არავის ციტირებას ვახდენთ, ე.ი. გვინდა, გარშემომყოფნი ფიქრობდნენ, თითქოსდა ყველაფერი, ჩვენგან თქმული, ჩვენვე მოგვივიდა თავში, ეს კი უხსოვარი დროიდან დაგმობილი მედიდურობის ნიშანია. ამას ჯობია, საერთოდ არავინ იცოდეს, რომ კითხვა შეგვიძლია.
    ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, კატალოგი შეადგინეთ. ბიბლიოთეკა წარმოუდგენელია კატალოგის გარეშე. სწორედ იმ დროიდან, როდესაც დიდმა სწავლულმა დონ ფულხენსიომ გამოიკვლია ეს საკითხი და თავისი კვლევა-ძიების შედეგები გამოაქვეყნა (ამის შესახებ ვრცლად გიამბეთ წიგნში – “სიყვარული და პედაგოგიკა”, მაგრამ ამ წიგნს ნუ მიათვლით თქვენს ბიბლიოთეკას), სწორედ იმ დროიდან უკვე იცით, რომ მეცნიერების მიზანი სულ სხვა რამეა, რაღაცა ისეთი, როგორც სამყაროს კატალოგიზაცია; ეს არის აუცილებლობა და საშუალება იმისა, რომ ღმერთს სამყარო სრულ წესრიგში დაუბრუნდეს.
    სევდიანი სანახავია ადგილობრივი ბიბლიოთეკები ჩვენს ესპანურ ქალაქებში, ოლქებსა და სოფლებში. რომ შეგვეძლოთ ამ სხვადასხვა ჯურის ბიბლიოთეკების გამოკვლევა, ამა თუ იმ წიგნის ეგზემპლიართა რაოდენობის მითითებით გენერალური კატალოგის შექმნა (რაღა თქმა უნდა, a posteriori(1)) და შემდეგ მისი საშუალო არითმეტიკულ რაოდენობად წარმოდგენა (ეს კი მკაფიოდ წარმოჩინდება ამა თუ იმ წიგნის არსებობის ან არარსებობის შეპირისპირებით) შევიქმნიდით სრულ ადეკვატურ წარმოდგენას ჩვენი ინტელექტუალური უკუსვლის შესახებ და თავზარიც დაგვეცემოდა. იმასაც კარგად დავინახავდით, რომ ბიბლიოთეკების უმრავლესობათა შედგენას განაპირობებს ან შემთხვევითობა ან ახირება. შემთხვევითობა – ობიექტური ელემენტია, ახირება – სუბიექტური; ანუ, ერთ ასპექტსაც და მეორესაც აქვს ირაციონალური საწყისი.
    მგონი, ყველაფერი ნათლად ვთქვი.
    ასე ხდება ხოლმე და ეჭვს ნუ შეიტანთ ჩემს სიტყვებში! ხდება იმიტომ, რომ არ იწყებენ კატალოგით, რომელიც კარგი სუფრის მენიუს ჰგავს; რაციონალური მენიუს შედგენას ყოველთვის ექიმ-დიეტოლოგის განსაკუთრებული რეკომენდაცია სჭირდება. არასისტემური კვების დროს დისპეფსიის თითქმის ყველა სახეობა ვითარდება და ორგანიზმის გაცილებით მეტი სერიოზული დარღვევა მიმდინარეობს. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ არსებობს კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, რომელთა დიაგნოზირება ძნელია და მკურნალობასაც სრულიად ექვემდებარება. ამ ყველაფრისგან კი უმალ დავაღწევთ თავს, თუ დაცვენილი საკუთარი კბილების ნაცვლად, ჩავისვამთ ხელოვნურს. და აი, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს, კბილების ჩასმასთან დაკავშირებული მომენტი.
    მინდა ამის შესახებ უფრო დაწვრილებით გესაუბროთ, მაგრამ სხვა დროს იყოს; ამჯერად კი სავსებით საკმარისია იმის ცოდნა, რომ ჩასმული კბილები – უმნიშვნელოვანესი, ზოგ შემთხვევაში კი შეუცვლელი ორგანო ან ინსტრუმენტია ღეჭვა-მონელებისათვის. ზოგიერთ ადამიანს ენანება ფული კბილების ჩასასმელად და ყველაფერს, რასაც პირში იდებს, დაღეჭვის გარეშე ყლაპავს; შემდეგ – ან საერთოდ ვეღარ გადაამუშავებს საჭმელს, ან ინელებს ცუდად და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ორგანიზმს.
    ასე რომ, დაიწყეთ შესადგენი ბიბლიოთეკის კატალოგის გულმოდგინე შესწავლით. შეისწავლეთ აუჩქარებლად და, მხოლოდ ამის შემდეგ კატალოგი მიუტანეთ ჩვენს საერთო მეგობარს – დონ ფულხენსიოს, რომელიც, ვიმედოვნებ, ჩემი მონაყოლის შემდეგ თქვენი მეგობარიც გახდა. ეს სწორედ ის ადამიანი გახლავთ, პირველ კატალოგს რომ გაგიკრიტიკებთ და აუცილებლად დაგიწუნებთ.
    არ არის გამორიცხული, კატალოგის შედგენას გაცილებით დიდი დრო დასჭირდეს, ვიდრე დასაწყისში წარმოგედგინათ; შესაძლოა – ღვთის გულისათვის, ნუ შეგეშინდებათ! – მთელი სიცოცხლეც. სამაგიეროდ, თუ თქვენ სიკვდილის წინ დატოვებთ რიგიან კატალოგს, მერწმუნეთ, ტყუილად არ გიცხოვრიათ. შთამომავლები დაასრულებენ თქვენს შრომას იმიტომ, რომ არც შემიძლია, არც მსურს და არც მინდა დავუშვა, თითქოს ბიბლიოთეკის შედგენა იმ სულმდაბლური და უმაქნისი ეგოისტური მიზნისთვის გინდოდეთ, რომ საკუთარი ბიბლიოთეკის წიგნები გასართობად იკითხოთ. თქვენ ეს არ შეგფერით და, მოდით, ნუ გავახარებთ მაცდუნებელ ეშმაკს.
    ამას წინათ, ერთი ინგლისელის, სახელად Shadworth H.Hodgson-ის წიგნში, რომელიც მეტაფიზიკის პრობლემებს ეძღვნება – ეს წიგნი სულაც არ მიდევს ბიბლიოთეკის თაროზე – წავიკითხე, რომ მეტაფიზიკა, საკუთრივ ამ სიტყვის მნიშვნელობით, არის არა მეცნიერება, არამედ ფილოსოფია; უფრო სწორედ, ეს არის მეცნიერება, რომლის მიზანიც თავად მასშია ჩაკეტილი, მაგრამ ამავდროულად ხელს უწყობს გონების აღზრდა-განვითარებას, რომელიც მას შეისწავლის და მაშინ დავფიქრდი, რომ თუ მისი მიზანი იმ “გონების აღზრდა და წვრთნაა”, რომელიც მას სწავლობს, მაშინ აღარ ყოფილა თავის თავში ჩაკეტილი და ყველაზე მაცდური ეშმაკიც დედამიწაზე – მეტაფიზიკური ეშმაკი ყოფილა.
    იცით, რომ ჩვენი საერთო სწრაფვის საგანი გიგანტური ბიბლიოთეკების, გასაოცარი მუზეუმების, მშვენივრად აღჭურვილი ლაბორატორიების მშენებლობაა. სწორედ იქ უნდა შევინახოთ ჩვენი თეორიები, ჰიპოთეზები და აქსიომები; უნდა გავდოთ მდინარეებზე ხიდები, ამოვაშროთ ჭაობები, განვავითაროთ მეცნიერება, მორალი – თუმცა, ხეირიანად არც ვიცი, რა არის ხელოვნება… და შემდგომ, როცა დედამიწა ათასობით ნამსხვრევად გაიფანტება, გაიყინება ან ერთგვარ ნისლად გარდაიქმნება, ამ ბიბლიოთეკებს, მუზეუმებს, ლაბორატორიებს, თეორიებს, ჰიპოთეზებს, ჩვენს მორალსა და ხელოვნებას ჯილდოდ მივართმევთ უმაღლეს შემოქმედს!
    მაგრამ – კატალოგი უპირველეს ყოვლისა! პროგრამების გარეშე არ არსებობს მეცნიერების კურსი…

    P.S. ბრწყინვალე ტალანტის, მაგრამ ბიბლიოფილობის ნიადაგზე ცოტა შერყეული ადამიანი, რომლის შესახებაც თავში, ჩემს ძალიან მოკლე ესეში გიამბეთ, დონ მარსელინო მენენდეს-და-პელაიოა,(2) ჩემი მასწავლებელი და მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე, კათედრაზე ჩემდამი ნდობით აღჭურვილი პირი; ჩემ მიერ ციტირებული ფრაზის ნახვა (რომელიც სინამდვილეში უფრო სხვაგვარად ჟღერს და მე ციტირებას ვახდენ დაახლოებით ასე: “აბა, კმარა ამ სისულელეების მოყოლა, ის ყოველთვის სისულელედ დარჩება იმის მიუხედავად, რომ ასეთ იშვიათ წიგნში აღმოვაჩინეთ”) შეიძლება თხზულებაში “სიყვარულის ბედნიერება” ათ ნაწილად, შედგენილი ანტონიო დე ლოფრასიო ets-ის მიერ”. CDXCV გვერდზე (უფრო სწორად, 495-ე-ზე – რომაული ციფრებით გვერდების დანომვრა უფრო ეშმაკისეულია, ვიდრე თავად ლოფრასიოს თხზულება), “რომანის წარმოშობის” პირველ ტომში.
    ჩემ მიერ ციტატის არასწორად მოტანა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, როგორ მცირედ მწყალობს ნიჭიერების ღმერთი, რათა ერუდიტის გზით წავიდე. ხოლო P.S.-ით იმიტომ მოგმართეთ, რომ ეს ესე ორი წლის წინ დავწერე, როდესაც ესპანეთს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაცნობიერებული დონ მარსელინოს სიკვდილით გამოწვეული უბედურება და მთელი ამ ხნის განმავლობაში, ძველი ჩვეულების მიხედვით, მაგიდის უჯრაში ვინახავდი, რათა სიბნელეში ღვინოსავით დამდგარიყო.

    (1) გამოცდილების საფუძველზე (ლათ.).
    (2) მარსელინო მენენდეს-და-პელაიო (1856-1912). ესპანელი მეცნიერი, კულტურისა და ლიტერატურის ისტორიკოსი, ავტორი მონუმენტური ნაშრომებისა “ესთეტიკური იდეების ისტორია ესპანეთში”, “რომანის წარმოშობა” (4 ტ.), “შუა საუკუნეების ესპანური პოეზიის ისტორია”.

    თარგმნა ირმა არჩუაშვილმა

    © “წიგნები – 24 საათი”