• ესე

    დათო პაიჭაძე – ბიბლიონევროზი


    ამ რუბრიკის ქვეშ მოქცეული ტექსტი, წესით, უნდა გამორიცხავდეს წერის ნაცვალსახელით დაწყებას და მკითხველს კამერული ინტონაციისათვის განაწყობდეს, მაგრამ დრონი იცვალნენ და შეიცვალნენ ბიბლიოფილებიც მასთან ერთად.
    არ ვიცი, იყო ბიბლიოფილი, ნიშნავს თუ არა, წაკითხული გქონდეს შენი წიგნების დიდი ნაწილი მაინც. მე ჩემი წიგნების უმრავლესობა ჯერაც წასაკითხი მაქვს და არ კვდება იმედი, რომ წავიკითხავ.
    არ მახსოვს, როდის ვიგრძენი, რომ წიგნების ყიდვის ტემპი გაცილებით მაღალი მქონდა, ვიდრე მათი კითხვის. ვიგრძენი და გადავწყვიტე, შეძენა შემენელებინა. მართლაც შევანელე, ოღონდ, ასე ვთქვათ, მიმართულებათა შეკვეცის ხარჯზე: მაგალითად, აღარ ვყიდულობდი წიგნებს ფსიქოლოგიაში, ღვთისმეტყველებაში, ფილოსოფიაში, ეკონომიკაში. მანამდე მეგონა, რომ ჩემი “გაქანება” ამ დისციპლინებსაც გასწვდებოდა. აღარ ვყიდულობდი თანამედროვე რუს ავტორებსაც – საამისოდ ინტერნეტი გაჩნდა. ჩემი ინტერესები დაიწურა კლასიკურ ფილოლოგიამდე, მხატვრულ ლიტერატურამდე და უახლეს პოლიტიკურ ლიტერატურამდე.
    ოჯახური გადმოცემით, დედაჩემის ბებიას ბრწყინვალე ბიბლიოთეკა ჰქონია. პირველი ქმარი რომ გადაუსახლეს, ჯერ მის სანახავად გაყიდა ერთი ნახევარი, მერე კი, თავის სარჩენად – მეორე. ორი წიგნი შემოგვრჩა, ვითარცა ნაშთი ძველი დიდებისა: მე-19 საუკუნის ბოლოს დასტამბული ენციკლოპედიური ლექსიკონი და პუშკინის თხზულებათა იმავე პერიოდის სრული კრებული ერთ ტომად. მე მაინც არასოდეს მქონია ჭეშმარიტი ბიბლიოფილის ერთი თვისება: ძველი გამოცემების ყადრი ცოტა კი მესმის, მაგრამ სურვილი არ გამჩენია, საგანგებოდ მომეძებნა და შემეძინა რომელიმე მათგანი. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს ტექსტს და არა მისი გამოცემის წელს, ტირაჟს ან სხვა რამ მახასიათებელს, რაც წიგნს იშვიათობად აქცევს. ყველაზე ხნიერი წიგნი ჩემს სახლში 162 წლისაა: პოეზიის სახელმძღვანელო კეთილშობილ ქალთა პანსიონის სტუდენტთათვის; კი, ძველია, მაგრამ ბევრი არაფერი. თუმცა, სად მივაგენი, კარგად მახსოვს. 80-90-ანი წლების მიჯნაზე, რომელიღაც ზაფხულში, მწერალთა კავშირში მივედი, არ მახსოვს, რისთვის. სტუდენტი ვიყავი. პირველ სართულზე, დაკეტილი ბიბლიოთეკის კართან, უკაცრავად პასუხია და, ტუალეტიდან ხუთიოდ მეტრში რამდენიმე ასეული წიგნი ეყარა. უწესრიგო, ჭუჭყიანი გროვა. რეზო კვერენჩხილაძეს შევთავაზე, ამას დავალაგებ და რაც მომეწონება, ჩემთვის დავიტოვებ-მეთქი. დამთანხმდა. სამი დღე გამოსაცვლელი შარვალ-პერანგით, საპნითა და პირსახოცით დავდიოდი მწერალთა კავშირში, სათითაოდ ვარჩევდი და ვალაგებდი ყველა წიგნს. საბოლოოდ, იქაურობა მოვაწესრიგე, გზა გავწმინდე, წიგნები დავაწყვე, მე კი დამრჩა ბახტინის დოსტოევსკის პოეტიკის პრობლემები, პროპის ჯადოსნური ზღაპრის გმირი, პროფესორ ბორის ტურაევის ძველი ეგვიპტის ლიტერატურა, კრებული რიტმი, სივრცე და დრო, დერატანის ძველი რომის ლიტერატურის ისტორია, შკლოვსკის წერილები არა სიყვარულის შესახებ (პირველი გამოცემა) და ა.შ…
    ცხადია, წიგნებს იმხანად მხოლოდ ნაგავში არ ვეძებდი. ასე, 14 წლის ასაკში მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული მქონდა, რომ ფილოლოგობას ვაპირებდი და იმ დროიდან (ოთხმოციანთა დასაწყისი) მშობლებს ფულს სწორედ წიგნებისთვის ვთხოვდი. ძირითადად ქართველ კრიტიკოსებს ვყიდულობდი. და ვკითხულობდი უკლებლივ ყველას. გიორგი მერკვილაძეც კი მაქვს წაკითხული. მათი უმრავლესობა ახლა სად მიდევს, აღარც მახსოვს.

    სტუდენტობაში, უნდა ვაღიარო, პირველი ორი კურსი ისე გავასრულე, სწავლის დროს მეგობრებთან ერთად რესტორანში არ ვყოფილვარ. თითქმის მთელი სტიპენდია წიგნებში მიმდიოდა. მაშინ შევიძინე ქართული სამეცნიერო-ფილოლოგიური ლიტერატურა, ძველი ქართული ტექსტების მეცნიერული გამოცემები, ჩემი საყვარელი და ალბათ, ყველაზე დაუნდობლად ნახმარი წიგნი, იოსიფ ხანანოვიჩ დვორეცკის “ლათინურ-რუსული ლექსიკონი”…
    სტუდენტობა საბჭოთა ჯარმა გამაწყვეტინა და ორი წელი მეზობელ სომხეთში გავატარე. იქ შევიძინე და წავიკითხე მე-19 საუკუნის რუსული კლასიკა დოსტოევსკის გამოკლებით. სადღაც 60-მდე წიგნი ჩამოვიტანე თბილისში, მათ შორის სახელმძღვანელო, რომელსაც აქ მანამდე ამაოდ ვეძებდი: ტრონსკის “ანტიკური ლიტერატურის ისტორია”.
    1989 წლიდან თბილისში გაჩნდა წიგნის ბაზარი, რომელსაც ხან შავ ბაზარს ვეძახდით. ყოველი შაბათ-კვირა ჩემთვის არა მარტო უქმე, არამედ პატარა დღესასწაული იყო: დიმა ბენაშვილი, დათო აბულაძე და მე ვერის ბაღს ვეწვეოდით ხოლმე და არც ერთხელ ხელცარიელნი არ წამოვსულვართ. იმ სახეთაგან დღემდე რამდენიმე შემორჩა წიგნით ვაჭრობას. ერთი რუსთაველზე დგას, პიონერთა სასახლესთან, მეორე გამომცემლობასთან, ვერაზე, მესამეს, 90-ანი წლების შუამდე კიევის ქუჩაზე ჰქონდა წიგნებით გატენილი, მგონი, ერთნახევარი კვადრატული მეტრი ფართობი, ახლა კი სახლში ვსტუმრობ ხოლმე.
    შავი ბაზარი გამაოგნებელი იყო: ყოველ ჯერზე უამრავი ახალი წიგნი გვხვდებოდა. დიმა და დათო ძირითადად “უჯრაში შენახულ” ლიტერატურაზე იყვნენ მომართულნი: ყიდულობდნენ იმას, რაც საბჭოთა კავშირში და საბჭოთა კავშირზე ადრე ვერ გამოიცა. იმავე პერიოდში სამივე შევეცადეთ გაგვება ურთიერთობები წიგნის მაღაზიათა საწყობის გამგეებთან. ისინი დიდი ხალისით არ დაგვხვედრიან: თავიანთი ძველი მუშტრები ჰყავდათ და საჩვენო წიგნი თუ რჩებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ინფლაცია იყო და ძველებს ყველაფრის ყიდვა აღარ შეეძლოთ. ერთი მაშინდელი წიგნი ახლაც მახსენებს თავს: ოთხტომეული, უინსტონ ჩერჩილი, “მეორე მსოფლიო ომი”. ვერ შევწვდი, მერე კი აღარსად შევხვედრივარ.
    ახლა ვერაფრით ვიხსენებ, საიდან მიჩნდებოდა წიგნის საყიდელი ფული ბნელ წლებში, როცა დედაჩემი ხანდახან პურს წვავდა ზეთში, რათა ისევ პურისთვის შეგვეტანებინა. მშობლებს ფულს აღარ ვთხოვდი, სამუშაო კი ისეთი მქონდა, ხელფასი ან ჰონორარი გზის ფულს თუ გაწვდებოდა. ამ დროს ბევრმა იაფად გაყიდა 80-ანი წლების ბოლოს შეძენილი წიგნები, უფრო მეტმა – საერთოდ, ყველანაირი წიგნი. ჩემი სახლის წინ, მეტროს ამოსასვლელზე დღემდე განფენენ ძველ წიგნებს. სხვადასხვა დროს აქ შემიძენია პიერ გრიმალის “ციცერონი”, “ძველი რომის კულტურის” ორტომეული, ამას წინათ კი – დომინგო ფაუსტინო სარმიენტოს “ცივილიზაცია და ბარბაროსობა”, იგივ “ფაკუნდო”, აკა მორჩილაძის “შენი თავგადასავალის” ეშხით… 1994 წელს ერთ გაზეთში ვმუშაობდი, ივლისი იდგა, ჯიბეში ასე, ოციოდ ათასი რუსული რუბლი მედო. მე და გივი თარგამაძე პლეხანოვზე მივდიოდით. არ ვიცი, რა შემიჩნდა, გივის რომელიღაც გერმანული ლუდით გავუმასპინძლდი, თავად არ დავლიე და, მგონი, იმ ლუდის ოდენი თანხა, იქვე, ბუკინისტებში, დიდი ხნის ნანატრ წიგნში, Выдающиеся Портреты Античности-ში მივეცი. გივიმ ლუდი მოსვა და მშვიდად თქვა: В этом есть что-то кощунственное…
    Åის არ განუცდია უცაბედი ესთეტიკური მუხტი ქალის დანახვისას, როცა თითქმის უტყუარად გრძნობ, რომ თუ მოინდომებ, თქვენს შორის რაღაც აეწყობა. ეს არ არის უბრალო მოწონება, არც ყბადაღებული ერთი ნახვით შეყვარება; ესაა, უბრალოდ, მეყსეული შეგრძნება იმისა, რომ თქვენ, შესაძლოა, ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი. მოწონებაზე მეტია, სიყვარულამდე კი – შორი. არ გაიცინოთ: მსგავსი ემოცია მიჩნდება (ბუნებრივია, გაცილებით, გაცილებით ხშირად) წიგნებთან მიმართებით. ინტიმური და ზღვრულად ინტენსიური “მოკლე ჩართვა” გეუბნება, რომ ეს წიგნი შენი უნდა გახდეს. სხვა ვარიანტს არ დაუშვებ. წიგნი უარს ვერ გეტყვის. მის დასაუფლებლად ტაქტიკა, დრო და დიპლომატია არ გჭირდება. მხოლოდ ფული და იღბალი. ბოლო დროს ეს დამემართა თეოდორ მომზენის რომის ისტორიის “დაუწერელ” მეოთხე ტომთან, გრეგორი ნადის “ბერძნულ მითოლოგიასა და პოეტიკასთან”, ჰენრი კისინჯერის “დიპლომატიასთან”. იღბლად, მე შევხვდი მათ.
    ალბათ, ეს არის ბიბლიოფილობა დღეს – ბიბლიონევროზი. კარგად თქვა ერთმა უმცროსმა კაცმა (ის, ყმაწვილობის მიუხედავად, ჩემზე ადრე იცნობდა წიგნის საწყობთა გამგეებს), ეს ხალხი ჩვენი ნევროზების ხარჯზე ცხოვრობსო; “ეს ხალხი” – ანუ ვისაც ვუმადლით ჩვენი ბიბლიოთეკების საგრძნობ ნაწილს. მხოლოდ აღწერებით ვიცი, რას განიცდიან დონ-ჟუანები. ქართულ ლიტერატურაში ეს ვნება მიხეილ ჯავახიშვილის “ცხრა ქალწულის” პერსონაჟს აქვს. თუ გეგულება წიგნი, რომელიც არ გაგაჩნია, ის არ მოგასვენებს. სჯობს, არ იცოდე მისი არსებობა, ვიდრე გაკლდეს ის. სწორედ ამიტომ, შეიძლება დაგავიწყდეს, რა გაქვს, მაგრამ ყოველთვის იცი, რას არ ფლობ. ფლობა შვებაა, სულის მოთქმა, კმაყოფილება.
    და არცთუ იშვიათად, კმაყოფილებით, ცოტა სიამაყითაც რომ უყურებ თაროებს იქ გამომწყვდეული წიგნებით, ნამდვილად იცი, რომ ბევრს, უბრალოდ, არ წაიკითხავ. გიჩნდება უპასუხო კითხვაც: რაც მინდა, იმას როდისღა წავიკითხავ? მოწყენა, რეზინაცია ასეთი კითხვისა და მზერის თანმხლებია. სამაგიეროდ, წიგნს, ძველ ნაცნობსაც კი, ხან ძალიან მოულოდნელად შეუძლია, თავი შემოგთავაზოს და წაგაკითხოს. აი, იმ “მოკლე ჩართვას”, უნებლიე იმპულსს ზოგჯერ აღძრავს წიგნი, რომელიც სრულიად უვნებოდ შეიძინე. კიდევ ერთი თვისება აქვთ წიგნებს – გულს იშვიათად გწყვეტენ: თუ ჩერჩილის იმ ოთხტომეულს არ ჩავთვლით, თითქმის ყველა წიგნს, შეძენა რომ მსურდა და ვერ შევძელი, მოგვიანებით გადავაწყდი; ასე შევხვდი შარშან მაისტერ ეკჰარტს, პირველად 1991 წლის შემდეგ (მახსოვს, მაშინ 135 მანეთი ღირდა, ახლა – 2 ლარი), ყველაზე სახალისო კი იმავე დვორეცკის ორტომეულის, “ძველბერძნულ-რუსული ლექსიკონის” ისტორიაა: ეს წიგნი სულ, განუწყვეტლივ მსურდა და ვერასოდეს ვყიდულობდი – ხან არ ჩანდა, ხან ფული არ მქონდა. საბოლოოდ მეუღლემ მოიყოლა მზითევში… მე ვიცი, რომ წიგნებთან გამოუთქმელი, საიდუმლო, ჩემთვისვე ბოლომდე გაუგებარი კავშირები მაქვს: ჩვენ ერთმანეთს ვერ ვკარგავთ. ამიტომაც, სოსო გრიშაშვილისგან განსხვავებით, შემიძლია და მიყვარს წიგნის თხოვება ახლობლებისთვის. თან, გია ჭუმბურიძის ბერჯესისა არ იყოს, გრძნობათა კომპენსაციის ამბავია: მე თუ ვერ ვკითხულობ, დე, ჩემი წყალობით, სხვებმა წაიკითხონ…

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2009 – იანვარი

    ჯეიმს ჯოისი, „დუბლინელები“. (მოთხრობები). მთარგმნელი ლია იმერლიშვილი. თბ. „სიესტა“ 2008.

    მეოცე საუკუნის ადრეული წლების ირლანდიური ქალაქის ცხოვრება, ადამიანები ქალაქში – უბედურებებითა და ბედნიერებებით, ტკივილითა და სიხარულით, საშუალო სოციალური ფენის უფერული ყოველდღიურობა და მასთან დოზირებული ადამიანური ემოციები – ეს ჯეიმს ჯოისის მოთხრობებია, სიმარტივით, დახვეწილობითა და დამახასიათებელი განწყობით შექმნილი ტექსტები. კრებული „დუბლინელები“ მწერლის თხუთმეტი მოთხრობისაგან („დები“, „ეველინი“, „არაბეთი,“ „უბედური შემთხვევა“, „ავტორბოლის შემდეგ“, „მიცვალებულნი…“) შედგება, წიგნის ახალი ქართული თარგმანი კი ლიტერატურის გურმანებისათვის ნამდვილი საჩუქარია.

    ანკა ვისდეი, „მუდამ ერთად“. (პიესები). მთარგმნელები გიორგი ეკიზაშვილი, ქეთი კვანტალიანი, გურანდა დათაშვილი. თბ. „აგორა“ 2008.

    ანკა ვისდეი 30-მდე პიესის ავტორია. წარმოშობით რუმინელი, შვეიცარიელი ავტორი ამჟამად პარიზში ცხოვრობს, მისი პიესები კი წარმატებით იდგმება ევროპის სხვადასხვა ქვეყნის თეატრების სცენაზე. ამჯერად ქართველ მკითხველს საშუალება ეძლევა, გაეცნოს მის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ნაწარმოებს – „მუდამ ერთად“. პიესა უკვე არაერთ ენაზეა თარგმნილი და დრამატურგსაც ჟორჟ ულმონის სახელობის პრემია მოუტანა. გახლეჩილი ოჯახი, ერთმანეთისგან შორს მყოფი უახლოესი ადამიანები, დროში გაწელილი სიმარტოვე და მუდმივი სწრაფვა ერთმანეთისკენ, ტკივილი და სიხარული – ანკა ვისდეის ტექსტებში ერთი მეორეს ჰარმონიულად ერწყმის. წიგნში ასევე წაიკითხავთ ვისდეის სხვა პიესებსაც – „კლასის ფოტოსა“ და „დონა ჟუანას“.

    ჯემალ ქარჩხაძე, “მდგმური”. (რომანი). რედაქტორი ლეილა ბერიაშვილი. თბ. „ქარჩხაძის გამომცემლობა“ 2008.

    მიზანი მაცდურია – სანამ მიაღწევთ, თქვენი გგონიათ, როცა მიაღწევთ, მაშინღა მიხვდებით, რომ სხვისი ყოფილა… სხვისი მიზნები, რომლებიც თითქოს შენია, სხვისი ქალაქი, რომლის ქუჩებშიც ისე დააბიჯებ, თითქოს შენი იყოს, სხვისი სახლი, სადაც საკუთარ ნივთებთან ერთად ცხოვრობ, სხვა ადამიანები, სხვა საგნები… ადამიანები საკუთარი ცხოვრებით და სხვისი მიზნებით – ჯემალ ქარჩხაძის რომანის, „მდგმურის“ ახალი გამოცემა მკითხველს კიდევ ერთხელ გაახსენებს საყვარელი მწერლის ნაცნობ პერსონაჟებსა და მათს თავგადასავლებს.

    ენტონი დ. სმითი, „ნაციონალური იდენტობა“. მთარგმნელი ლელა პატარიძე. რედატორი რუსუდან მახათაძე. თბ. “ლოგოს პრესი” 2008.

    დღევანდელ მსოფლიოში ნაციონალიზმის მოზღვავებამ ნაციონალური ფენომენის სფეროს მიმოხილვისა და კვლევის აუცილებლობა წამოჭრა, ენტონი დ. სმითის წიგნიც სწორედ ამ განხრით შექმნილი ერთ-ერთი საინტერესო ნაშრომია. “ნაციონალური იდენტობა” საკითხს ისტორიული სოციოლოგიის კუთხით განიხილავს, და მკითხველსაც საშუალება ეძლევა პასუხები მიიღოს არაერთ საკამათო და დაუზუსტებელ თემაზე. ნაციონალური იდენტობის ეთნიკური საფუძველი, ნაციების აღმოცენება, სეპარატიზმი და მულტინაციონალიზმი, გეოპოლიტიკა და ნაციონალური კაპიტალიზმი – ეს ის საკითხებია, რომლებიც არა მხოლოდ სოციოლოგიით დაინტერესებული მკითხველის ყურადღებას იპყრობს, არამედ ზოგადად ფართო აუდიტორიისაც.

    ლუი ფერდინან სელინი, „მოგზაურობა ღამის დასალიერში“. (რომანი). მთარგმნელი სიბილა გელაძე. რედაქტორი დალი გერმანიშვილი. თბ. „თსუ გამომცემლობა“ 2008.

    ომის თემატიკაზე მსოფლიო ლიტერატურის არაერთი ნიმუში შეიქმნა, თითოეული მათგანი – სიმძაფრის დამახასიათებელი გამოხატულებით, მოვლენების აღქმის სხვადასხვა რაკურსით, ავტორისეული განსაკუთრებული ხედვით. ფრანგი მწერლის, ლუი ფერდინან სელინის რომანიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისდროინდელ ვითარებას, ბრძოლის ველსა და მის მიღმა განვითარებულ მოვლენებს გვიხატავს, მისი პერსონაჟები ომის ეპოქაში ცხოვრობენ და ეპოქის გავლენებსა და დაძაბულობასაც თან ატარებენ. „მოგზაურობა ღამის დასალიერში“ რომანის პირველი ქართული თარგმანია.

    ნიკა ჯორჯანელი, “სუნთქვა ხუთვისას”. (ლექსები). თბ. “დიოგენე” 2008.

    პოეზიის მოყვარულებისათვის ნიკა ჯორჯანელის სახელი უცხო ნამდვილად არ არის. მკითხველი მას უკვე იცნობს პოეტური კრებულით “განცდა ხავერდისაგან”. ამჯერად კი, პოეტის კიდევ ერთი წიგნი გვაქვს ხელთ – “სუნთქვა ხუთვისას” მისი ახალი კრებულია და აქ წარმოდგენილია 2004-2008 წელში დაწერილი ლექსები (“ღამის აკორდები ზღვისპირეთში, “ “სტანსები სამშობლოს”, “ჰიმნი ვარდისფერ სათვალეს”, “ სამხრეთული ელეგიები”, “თოვლის მატარებელი”…) ორიგინალური ფორმა-შინაარსი, დამახასიათებელი ხელწერა, გამორჩეული სტილი და ხმა – ეს ყველაფერი მკითხველს ნიკა ჯორჯანელის პოეტურ კრებულში ელოდება.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2008 – იანვარი

    “Rimbaud: The Double Life of a Rebel”
    Edmund White
    “რებმო: მეამბოხის ორმაგი ცხოვრება”
    ედმუნდ უაითი
    192გვ, Atlantic

    მას შემდეგ, რაც არტურ რემბო 37 წლის ასაკში მარსელის ჰოსპიტალში გარდაიცვალა, მისი სახელი სიმბოლისტების, დადაისტების, ეგზისტენცალისტებისა და სიურეალისტების გავლენების შემდეგ მოდერნიზმის პიონერად იქნა კანონიზირებული; ამის გარდა მასვე მიეწერა არაერთი მითიური სტატუსი – ანტიგმირი, მეამბოხე ყველასა და ყველაფრის მიმართ, ჭირვეული პოეტი, და ბოლოს, ლიტერატურის გენიოსი… ალბათ იოლი არ არის, ასეთი ადამიანის ბიოგრაფიის დაწერა, თუმცა, წიგნის ავტორი, ედმუნდ უაითი ამბობს, რომ წერის პროცესში მან პოეტთან საკუთარი თავის იდენტიფიცირება შეძლო და რაღაც დროის განმავლობაში სურვილიც კი გაუჩნდა, რომ რემბო ყოფილიყო. მკითხველი უაითის ახალ წიგნში არაერთ საინტერესო დეტალს აღმოაჩენს ფრანგი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

    “La femme promise”
    Jean Rouaud
    “ქალის შეპირება”
    ჟან რუო
    422გვ, Gallimard

    როდესაც ორი უცნობი ადამიანი – ქალი და კაცი ერთმანეთს ხვდება, მათ ერთმანეთთან მხოლოდ აწმყო აკავშირებთ. არ არის გამორიცხული, შემდეგ მომავალმაც დააკავშიროს, მაგრამ წარსულთან პირისპირ შეხლა ცოტა არ იყოს, უცნაურია. მათი წარსული კი ასე გამოიყურება: დანიელი – ბირთვული ფიზიკის მკვლევარი, მერიენი – პერსპექტიული მხატვარი. სად ან როდის გადაიკვეთა ამ ორი ადამიანის წარსული, რატომ აღმოჩნდნენ ისევ ცხოვრების გავლილი წლების წინაშე – ამას ფრანგი მწერალი, გონკურის პრემიის ლაურეატი, ჟან რუო, თავის ახალ რომანში გვიყვება.

    “The Secret Scripture”
    Sebastian Barry
    “საიდუმლო საღვთო წერილი”
    სებასტიან ბარი
    300გვ, Viking

    გასული ასწლეულის ირლანდია, გადატრიალებებისა და ძალადობრივი ხელისუფლების ქვეყანა; ისტორია, რომელიც საბოლოოდ ყოველგვარ სისასტიკესა და ბოროტებას თავის კუთვნილებად და წარსული ამბების შეკვრად აქცევს, მანამდე კი ამ ამბებში ჩვეულებრივი ადამიანები არიან გარეულნი, მათი თანამონაწილეობით ხდება მკვლელობები, ისინი არიან მკვლელები ან მოკლულები. ირლანდიური სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლის ეპიცენტრში ამჯერად როზენია – სებასტიან ბარის ახალი რომანის პერსონაჟი. ქალის სილამაზე, ცბიერება, სისასტიკე და მოქნილობა თანადროული ეპოქის ადეკვატურია. “საიდუმლო საღვთო წერილი” 2008 წლის ბუკერის პრემიის ნომინანტთა შორთლისტში მოხვდა.

    “Reborn: Early Diaries, 1947-64 “
    Susan Sontag
    “თავიდან დაბადება: ადრეული დღიურები, 1947-64”
    სიუზან ზონტაგი
    336გვ, Hamish Hamilton

    სიუზან ზონტაგი 2004 წელს გარდაიცვალა, თუმცა კი თავის ვაჟს, და ასევე რედაქტორს, დევიდ რიფს, დღიურებითა და სხვადასხვა ჩანაწერებით სავსე ასამდე რვეული დაუტოვა. ერთ-ერთ მათგანს მკითხველი სწორედ ახლა გაეცნობა – “თავიდან დაბადება” ახალგაზრდა კრიტიკოსი ქალის პორტრეტს გვთავაზობს, რომელიც ბოლოს იმ აზრამდეც მივა, რომ თავისი პირველი რომანი გამოსცეს, ერთი წლით ადრე კი კემპის თაობაზე დაწერილი ესე მას ცნობილი ამერიკელი ინტელექტუალის სახელს შესძენს. პარალელურად კი – პირადი ცხოვრება, ოჯახი, გაყრა, დედობა – ზონტაგის კარიერის დასაწყისი არაერთი საინტერესო ფაქტით იყო გამორჩეული, რაც მკითხველს კიდევ უფრო კარგად გააცნობს ავტორს.

    “Charles Dickens and the House of Fallen Women”
    Jenny Hartley
    „ჩარლზ დიკენსი და დაცემულ ქალთა სახლი“
    ჯენი ჰართლეი
    288გვ, Methuen

    ჯენი ჰართლეის ახალი წიგნი დიკენსის ბიოგრაფიითა და შემოქმედებით დაინტერესებული აუდიტორიისათვის კიდევ ერთი სიურპრიზია – ამბები, რომლებსაც ავტორი თავის ნაწარმოებში გვიყვება, მწერლის შესახებ აქამდე უცნობ და გაურკვეველ ბიოგრაფიულ დეტალებს გვიაშკარავებს. ჰართლეის მიხედვით, დიკენსის ცხოვრება რამდენადმე უკავშირდება ლონდონის გარეუბნის, Shepherd’s Bush-ის ერთ-ერთ ციხე-სიმაგრეს, სადაც მკაცრ დისციპლინასა და სისასტიკეს გაქცეული ქალები თავს აფარებდნენ. როგორც აღმოჩნდა, მწერალი სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ამ თავშესაფარსა და მის ბინადრებს მფარველობას უწევდა.

    “Meine Preise”
    Thomas Bernhard
    “ჩემი ჯილდოები”
    თომას ბერნჰარდი
    139გვ, Suhrkamp

    “ჩემი ჯილდოები” ავსტრიელი მწერლის აქამდე გამოუქვეყნებელი ტექსტია, რომელიც მწერლის გარდაცვალების ოცი წლის თავს მიეძღვნა – ბერნჰარდი 1989 წლის 20 თებერვალს გარდაიცვალა. ავტობიოგრაფიული ნაწარმოების სათაური იმ მრავალრიცხოვან პრემიებსა და ჯილდოებს უკავშირდება, რომელთა მფლობელიც ბერნჰარდი 1979 წლამდე გახდა, და რომელთაც იგი საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. გამომცემლის წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ ბერნჰარდმა წიგნის წერა 1980 წელს დაამთავრა, თუმცა კი ანდერძში მიუთითა, მისი გამოუქვეყნებელი ტექსტები ავსტრიაში არ გამოეცათ.
    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პორტრეტი,  ხსოვნა

    ჰაროლდ პინტერის გარდაცვალების გამო

    დარაჯის აღსასრული

    ჰაროლდ პინტერის გარდაცვალების გამო

    მაგდა კალანდაძე

    2005 წლის ოქტომბერში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჰაროლდ პინტერი დუბლინში იყო მიწვეული, სადაც მას თეატრმა “The Gate” საკუთარი შემოქმედებისადმი მიძღვნილ ფესტივალზე უმასპინძლა. ოფიციალური მიღებებისა და პატივისმიგების მოსაწყენი ცერემონიების შემდეგ დრამატურგი აეროპორტში ბრუნდებოდა, როდესაც ტაქსიდან გადმოსვლისას უკვე შერყეული ჯანმრთელობის გამო მომარჯვებული ტროსტი წვიმიან ასფალტზე აუსრიალდა და მძიმე საგანზე საფეთქელი მიანარცხა. პინტერმა დაცემის ადგილი სისხლის კვალით მონიშნა და შემდეგი ოთხი დღე საავადმყოფოში გაატარა – შუბლზე ჭრილობის მოშუშებას ცხრა ნაკერი დასჭირდა. მაშინ “Sky-Tv”-ის მაუწყებლობამ გადმოსცა, რომ მწერალი დაიღუპა. თუმცა, პინტერის “დაღუპვის” ამბის გავრცელება მასმედიამ მალევე გადაიფიქრა და აუდიტორია მწერალთან დაკავშირებული ბევრად უფრო აქტუალური და საინტერესო ინფორმაციით მიიზიდა: ჰაროლდ პინტერი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ეს 2005 წლის 13 ოქტომბერს მოხდა. ამჯერად კი, 2008 წლის 24 დეკემბერს გავრცელებულ სამწუხარო ინფორმაციას პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის შესახებ უწყება ვეღარ შეცვლის – 78 წლის ნობელიანტი დრამატურგი ავთვისებიანი სიმსივნით ლონდონში გარდაიცვალა. მწერალს დიაგნოზი ჯერ კიდევ 2001 წელს დაუსვეს, თუმცა, ექიმებს იმედი ჰქონდათ, რომ ქიმიოთერაპია მას საბოლოოდ გამოაჯანმრთელებდა. იმედი არ გამართლდა – ნობელიანტის გარდაცვალების შესახებ პრესას მისმა მეუღლემ, ანტონია ფრეიზერმა აუწყა. 29 პიესა, 24 ფილმის სცენარი, 17 რადიოდადგმა, პროზა და პოეზია, მსახიობისა და რეჟისორის გამოცდილებები, საპატიო დოქტორის წოდება 14 ევროპული უნივერსიტეტისგან (მიუხედავად იმისა, რომ პინტერს უსახსრობის გამო უმაღლესი განათლება მიღებული არ ჰქონდა) – ეს ნობელიანტი მწერლის მიერ დატოვებული კულტურულ-ლიტერატურული მემკვიდრეობის არასრული ჩამონათვალია.
    ჰაროლდ პინტერი 1930 წელს ლონდონში, ებრაელი მკერავის ოჯახში დაიბადა. დრამატურგიული აკადემიის დამთავრების შემდეგ სიღარიბეს ჭურჭლის მრეცხავის, დარაჯისა და წიგნების გამყიდვლის საქმიანობით უმკლავდებოდა, სანამ ერთ-ერთი პროვინციული თეატრის დასში მსახიობად არ აიყვანეს. სწორედ აქ დაიწყო მწერალმა პიესების შექმნა და მისი, როგორც დრამატურგის, დებიუტიც 1957 წელს ბრისტოლის უნივერსიტეტში “დაბადების დღის” დადგმით შედგა. მალევე, 1960 წელს პინტერის კიდევ ერთი პიესა, “დარაჯი” გაიტანეს სცენაზე, რამაც მწერალს, როგორც დრამატურგს, უკვე სერიოზული აღიარება მოუტანა.
    ჰაროლდ პინტერის ყველაზე ცნობილი პიესების დიდი ნაწილი მისი შემოქმედების ადრეულ პერიოდს ეკუთვნის (“ოთახი” (1957), “დარაჯი” (1960), “კოლექცია” (1961), “საყვარლები” (1962), “წვეულება ჩაიზე” (1964), “დაბრუნება” (1964)). პიესებში მოქმედი პირების რაოდენობა ხშირად ორ-სამს არ სცდება. პინტერს ხანდახან ბეკეტსაც ადარებენ – განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც დრამატურგის მიერ დახატული პერსონაჟები გაურკვევლობაში მყოფი, საკუთარ თავში დაკარგული ადამიანები არიან, და როდესაც მათი დიალოგი ერთმანეთში ყოველგვარი სინთეზის გარეშე გადახლართულ მონოლოგებს უფრო წააგავს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ და აზრთა არათანმიმდევრულ წყობას. თუმცა კი, ბეკეტისა და მის მიერ შექმნილი აბსურდის თეატრისაგან განსხვავებით, პინტერის პერსონაჟები კონკეტულ სივრცესა და დროში არსებობენ და არა – სიცარიელეში, ისინი ნამდვილი, ყოველდღიურობიდან გადმოსული ადამიანები არიან და არა – აბსტრაქტული მეტყველი არსებები.
    პინტერის პერსონაჟებს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ, ერთმანეთის არასდროს ესმით, მიუხედავად იმისა, რომ მათს შორის საკმაოდ ღია და ნათელი დამაკავშირებელი ფაქტორები შეიძლება არსებობდეს – თუნდაც ოჯახური კავშირები. მაგრამ იმის საილუსტრაციოდ, რომ ეს ერთი შეხედვით მნიშვნელოვანი კავშირი ადამიანებს შორის სინამდვილეში არაფერს წყვეტს, პერსონაჟებც მარტო რჩებიან თავიანთ თავთან, ისინი არავის სჭირდება და მათაც არ სჭირდებათ გარშემომყოფები. პინტერი თავისი ჩანაფიქრის გასახორციელებლად და გასამძაფრებლად ხშირად შემდეგ ფანდსაც მიმართავს – სცენაზე ჩნდება ისეთი საგნები, როგორებიცაა დანა, მაკრატელი, ჩაქუჩი, და სწორედ ამ ნივთებთან მიმართებაში იკვეთება პერსონაჟების სახეები, უსულო და უსარგებლო საგნებთან დამოკიდებულება გაცილებით მკვეთრად ავლენს პიესის გმირების ხასიათებს, ვიდრე მათი ერთმანეთთან უერთიერთობა. ხანდახან სწორედ ეს ნივთები იქცევიან მთავარ მოქმედ პირებად, ადამიანების მიერ წარმოთქმული სიტყვები კი იარაღია მათს ხელში – სიტყვები სასიკვდილოდ ჭრიან, ამცირებენ, შეურაცხყოფასა და ტკივილს აყენებენ – პინტერი თავისი პერსონაჟების მიმართ შეუბრალებელია.
    პინტერის პიესებში ხშირად შეიძლება არც კი იყოს მოქმედება, ან კი ეს მოქმედება იქ დამთავრდეს, საიდანაც იგი დაიწყო. ეს ფაქტორი არა მარტო ცალკეული პიესებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, პინტერის მთელი დრამატურგიული შემოქმედებისთვისაა ნიშანდობლივი. თუ გავიხსენებთ მის პირველ პიესას, “ოთახს” (1957 წ), იქ ასეთ სცენას წავაწყდებით: ქალი მეუღლეს საუზმეს მიართმევს და საუბარს იწყებს. ქმარი ჩუმად უსმენს ცოლს, თუმცა კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქალის მონოლოგი ბრალდებებსა და საყვედურებს შეიცავს, კაცი კი მათზე ადეკვატურ პასუხებს იძლევა. არადა საუბარი ამინდს, სამსახურს, ყოველდღიურ წვრილმანებს ეხება… მაყურებელი კი მაინც მოუსვენრადაა, გრძნობს, რომ ამ ზოგადი ფრაზების მიღმა ქალის მხრიდან მუქარა იმალება. პინტერის ბოლო პიესის, “დღესასწაულის” (2000 წ) სცენა კი ასეთია – წყვილი რესტორანში დაბადების დღეს ზეიმობს, თუმცა კი მალე ზეიმი ერთმანეთის დადანაშაულებით, შეურაცხყოფითა და ღალატის გამოვლენით გრძელდება. პროტაგონისტები თითქმის არ იცვლებიან, სხვადასხვა სახელებით და განსხვავებულ გარემოში ისევ ის ადამიანები რჩებიან, რომლებსაც ერთი და იგივე პრობლემები, ერთი და იგივე გაურკვევლობა, სიცარიელე და თავიანთ თავში დაურწმუნებლობა აწუხებთ. ფაბულა კი, ჩვეულებრივ, საკმაოზე მეტად მარტივია: საუზმე ან სადილი, ორი-სამი ადამიანის შეხვედრა, ოჯახური წყვილები… ავტორი დიდ სივრცეს უტოვებს მკითხველს, და შემდეგ უკვე მაყურებელს, იმისათვის, რომ ქვეტექსტები ეძებოს, თვითონ გახდეს პერსონაჟი, ან სულაც რეჟისორი.
    ლიტერატურული მოღვაწეობის პარალელურად ჰაროლდ პინტერი აქტიურად ჩაერთო სოციალურ-პოლიტიკურ სფეროშიც და 2001 წელს უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ამიერიდან მისი შემოქმედება მხოლოდ პოლიტიკური სარჩულის მატარებელი გახდებოდა. ამის დასტურად პინტერმა 2003 წელს ლექსების კრებული – “ომი” გამოსცა, რომლის თემატიკაც ერაყში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება იყო. ამერიკის მიერ ერაყსა და ავღანეთში გატარებული პოლიტიკა, და ბრიტანეთის მხარდაჭერა მიუღებელი იყო მწერლისათვის. 2003 წელს ბრიტანეთის თემთა პალატისადმი მიმართვაში პინტერმა საკმაოდ კატეგორიული შეფასება მისცა ამერიკა-ერაყის ომს: “დაგეგმილი ომი მხოლოდ და მხოლოდ ერაყის დარჩენილი ინფრასტრუქტურის კოლაფსს, დიდ სისხლისღვრას, სიმახინჯესა და სნეულებას თუ მოიტანს, დაგეგმილი ომი – ეს ნიშნავს მილიონ ლტოლვილს და ძალადობის აღზევებას მთელ მსოფლიოში; ამავე დროს, ეს ერთგვარ მასკარადს დაემსგავსება – “წმინდა ომის”, ან “უბრალოდ ომის” ნიღბით, რომელსაც აწარმოებენ თავისუფლების მოყვარე დემოკრატები” ერაყში “დემოკრატიის” დასამკვიდრებლად. მლიქვნელობის სუნი გვახრჩობს. სინამდვილეში ეს ერთი ჩვეულებრივი ამბავია და უბრალო რამეს გულისხმობს – სუვერენული ტერიტორიის დაპყრობას, სამხედრო ოკუპაციასა და ნავთობის ხელში ჩაგდებას. ჩვენი მოვალეობა სრულიად ნათელია – ჩვენ ამ ომს უნდა დავუპირისპირდეთ.”
    მართალია, შვედეთის აკადემიის მიერ ჰაროლდ პინტერისათვის ნობელის პრემიის მინიჭების მოტივაციად პოლიტიკური აქტივობა არ გაჟღერებულა, მაგრამ აშკარა იყო, რომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მას მხოლოდ და მხოლოდ ადრეული პერიოდის პიესებისა და კინოსცენარებისთვის არ ხვდა წილად. პინტერისათვის ნობელის პრემიის მინიჭება განსაკუთრებით მოულოდნელი იყო წინა წლის ლაურეატის, ელფრიდე იელინეკის ფონზე – თანამედროვეობის ერთ-ერთი სკანდალური და პოპულარული მწერლის შემდეგ, ცოტა არ იყოს, გაკვირვება გამოიწვია ჰაროლდ პინტერის ნაკლებაქტუალური შემოქმედების წინ წამოწევამ. მწერალმაც სანობელე ლექციაში უმეტესწილად ამერიკისა და ერაყის კონფლიქტზე ისაუბრა, მან დაგმო პრეზიდენტ ბუშის ქმედება და ასევე მოუწოდა ბრიტანეთს, მხარი არ აება ამერიკისათვის ამ უმსგავსობაში.
    ნობელის პრემია ერთადერთი პრესტიჟული ჯილდო არ ყოფილა, რომლითაც ჰაროლდ პინტერის შემოქმედება აღინიშნა, 2008 წლის დეკემბერში იგი ლონდონის დრამისა და ორატორიის ხელოვნების ცენტრალურ სკოლაში იყო მიწვეული, სადაც მისთვის პროფესორის საპატიო წოდება უნდა მიენიჭებინათ, თუმცა მწერალმა ავადმყოფობის გამო სკოლაში გამოცხადება ვერ შეძლო. სიცოცხლის ბოლო წლები პინტერმა მეუღლესთან, ანტონიასთან ერთად გაატარა, რომელმაც მწერლის გარდაცვალების შემდეგ პრესას განუცხადა: “ჰაროლდი დიდებული ადამიანი იყო, და ჩემთვის დიდი პატივია, რომ 33 წელი სწორედ ასეთი ადამიანის გვერდით ვიცხოვრე. მის სახელს დავიწყება არ ემუქრება.”

    სტატია დაიწერა 2008 წელს

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეცენზია

    ნინო ბაქანიძე – რაინერ მარია რილკეს პოეტური სამყარო.

    იასე ესაძე
    სულის ბედ-იღბალი
    ნინო ბაქანიძე. რაინერ მარია რილკეს პოეტური სამყარო. რედაქტორი ნოდარ კაკაბაძე. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა 2002.

    რილკეს გარდაცვალების ერთი წლის თავზე – 1927 წელს რობერტ მუზილმა ბერლინში წარმოთქვა სიტყვა, სადაც იგი ამბობდა, რომ მისმა თანამედროვეობამ პოეზიის მწვერვალზე მოაქცია “ვარსკვლავი”, გამომცემლობათა საჯინიბოების ფეხმარდი ულაყი, ლიტერატურის ჩემპიონი და რომ რაინერ მარია რილკე არ იყო ამ დროის კაცი. ამ დიდმა ლირიკოსმა პირველად მიანიჭა გერმანულ ლექსს სრულყოფილება. რილკე ამ დროს მწვერვალი კი არა, ერთ-ერთი იმ მაღლობთაგანია, რომელზედაც ეპოქათა გულით მიაბიჯებს სულის ბედ-იღბალი… რილკეს შემოქმედება იზომება საუკუნეებით და არა დღეებითო – ბრძანებს “უთვისებო კაცის” ავტორი.
    ლიტერატურული საქმიანობით დაკავებული ქართველის თავმოყვარეობას ფრიად აშოშმინებს ის ფაქტი, რომ ჩვენში რილკეს შემოქმედებისადმი ინტერესმა ჯერ კიდევ იმ ეპოქაში იჩინა თავი, როცა შიშისა და დაურწმუნებლობის ყოველდღიური პორცია აბი-გლუკოზასავით უნდა მიეღო მწიგნობარ კაცს: 1936 წელს გივი გაჩეჩილაძეს უთარგმნია რილკეს ორი ლექსი. კარგა ხნის შემდეგ, 1952 წელს ზურაბ კაკაბაძეს გადმოუქართულებია და “მნათობში” დაუბეჭდავს რილკეს კიდევ რვა ლექსი. შემდგომაც იყო “დუინური ელეგიების” ავტორთან მიახლების წარმატებული ცდები, მაგრამ რილკეოლოგია, როგორც ჩანს, მაინც 80-იან წლებში “გაფორმდა”: ნაირა გელაშვილის ინიციატივითა და მაშინ “მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის” თავმჯდომარის – ოთარ ნოდიას მხურვალე მხარდაჭერით შეიქმნა მთარგმნელთა ჯგუფი ოცი კაცის შემადგენლობით, რომლებმაც პირდაპირ ფრონტი გახსნეს რილკეს შემოქმედების ქართულ კულტურულ სივრცეში შემოსატანად. ნაირა გელაშვილი იგონებს: მთარგმნელთა ნაწილს მოგვეცა საშუალება ბიჭვინთის შემოქმედებით სახლში გამგზავრების და იქ მთელი თვე მუშაობისა. ეს იყო ერთობლივი შემოქმედებითი მუშაობისთვის იდეალური პირობები, რაც, რა თქმა უნდა, აღარასოდეს განმეორდება. თავაუღებელმა მუშაობამ თავისი გამოიღო და 1986-87 წლებისთვის უკვე მზად გვქონდა რილკეს შემოქმედება ქართულად: თხზულებათა ოთხტომეული, რისი გამოცემაც, სამწუხაროდ, ვერ მოვასწარითო.
    დიახ! ტომეულებად არა, მაგრამ ეს თარგმანები შემდგომ და შემდგომ იბეჭდებოდა ქართულ პერიოდულ გამოცემებში და სწორედ ამ მოძრაობის შედეგი იყო, რომ ჩვენს ლიტერატურულ პრესაში რილკეს ტექსტებს მეტატექსტებიც მოჰყვა კრიტიკულ კვლევათა სახით და აწ უკვე შეგვიძლია თავი დავირწმუნოთ, რომ ქართველი მკითხველი რ.მ. რილკეს შემოქმედებას იცნობს. ამ ნაცნობობას კიდევ უფრო აღრმავებს უნივერსიტეტის მიერ გამოცემული ნინო ბაქანიძის წიგნი “რაინერ მარია რილკეს პოეტური სამყარო”, რომლის რედაქტორიც ბატონი ნოდარ კაკაბაძე გახლავთ.
    საზოგადოდ, “პოეტურ სამყაროზე” საუბარს სემიოტიკის ერთ-ერთ საყრდენ ტერმინთან – სემანტიკასთან მივყავართ. ლიტერატურის სივრცეში ორ სემანტიკას განასხვავებენ: საკუთრივ ენობრივს – სიტყვებით აღნიშნულ საგანთა სფეროს და სიღრმისეულს ანუ არსთა იმ სფეროს, რომელსაც ინტუიტურად თუ ცნობიერად ჩასწვდა ავტორი და მხატვრულად ასახა მათი საზრისი. მხატვრულ შინაარსს სწორედ ეს სიღრმისეული სემანტიკა შეადგენს. ლიტერატურული თხზულების ამ ორპლანიანობის გათვალისწინებით ნაწარმოების სამყარო განეკუთვნება არა შინაარსს – როგორც ასეთს, არამედ შინაარსობრივად მნიშვნელადი ფორმის სფეროს…
    თეორიულ რეფლექსიებს აღარ გავყვები, რადგან ეს რეცენზია ამას ვერ აიტანს, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ ავტორი “პოეტური სამყაროს” ცნებას მხატვრულად იყენებს… ნინო ბაქანიძე პირველ თავში იკვლევს რილკესეული სამყაროს მოდელის მითოლოგიურ-ასტრონომიულ ასპექტებს. “პოეტური სამყაროსა” და “სამყაროს რილკესეულ მოდელს” შორის სხვაობა ავტორსაც კარგად უნდა მოეხსენებოდეს. ეს შენიშვნა სრულიად სპონტანურად წამოიმართა და ქაღალდსაც მხოლოდ იმიტომ გავანდე, რომ კეთილმოსურნეობის უპირობო ქებაზე აღმატებულობის მჯერა და მწამს. საქებარი კი ამ წიგნში ნამდვილად მოიძებნება და ამაში რილკეს მრავალფეროვანი შემოქმედების შემეცნების მოწადინე მკითხველი თავადვე დარწმუნდება.
    ნინო ბაქანიძის გამოკვლევა სამი ნაწილისგან შედგება. პირველის შესახებ უკვე ვთქვი. მეორე თავში ავტორი რილკესა და მის თანამედროვეებს მიაპყრობს ყურადღებას, ხოლო მესამე ნაწილში წარმოდგენილია რილკეს მიმართება გოეთესთან.
    ჩემთვის პირადად ძალზე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ რილკეზე შექმნილ ზღვა ლიტერატურაში ქართველმა ავტორმა აღმოაჩინა ის მიუკვლეველი თუ ცალკე გამოუწახნაგებელი სფერო, როგორიცაა გვიანდელი პოეტური ციკლების – “დუინური ელეგიებისა” და “სონეტები ორფევსისადმი”-ს მითოლოგიური და ასტრონომიული ასპექტების ურთიერთმიმართება და მათი როლი საზოგადოდ რილკეს პოეტური კოსმოლოგიის ფორმირებაში. მკვლევარი ამ ორ ციკლს აერთიანებს ორფიკული პოეზიის ნიშნით, ხოლო ამ პოეზიის აზრობრივ-ენობრივი სირთულის უმთავრეს გამოხატულებად მისი ჰერმეტიზმი ესახება. სწორედ ჰერმეტიზმი და ორფიზმი, როგორც ფილოსოფიურ-მისტიკური მსოფლაღქმა, მიაჩნია ავტორს გვიანდელი რილკეს პოეზიის მასაზრდოებელ წყაროდ.
    ნინო ბაქანიძე გამოწვლილვით განიხილავს ავსტრიელი ფილოსოფოსისა და ფიზიოგნომისტის რუდოლფ კასნერის ნააზრევით ინსპირირებულ მერვე ელეგიის მხატვრულ ქსოვილს და გამოყოფს იმ პლასტებს, რომლებიც საკუთარ პოეტურ პრიზმაში მხატვრულად გარდასახა პოეტმა. ასევე კონკრეტულად აანალიზებს ალფრედ შულერის პოეტური კოსმოგონიის ზეგავლენას რილკეს გვიანდელ შემოქმედებაზე. “სონეტებზე” მუშაობისასო – ბრძანებს მკვლევარი, რილკეს უდავოდ თვალწინ ედგა შულერის მიერ აღწერილი რომაული თერმები და … მდინარე ჰებროსის ტალღებს მინდობილი ორფევსის თავის სიმბოლური სურათი…
    ავტორის დასკვნით, ამოუწურავია ის თემები, მოტივები და სიმბოლოები, რომელთაც რილკეს შემოქმედებაში ალფრედ შულერის გავლენის კვალი ემჩნევა. ეს მნიშვნელოვანი სამომავლო საკეთებელია არა მხოლოდ რილკეს შემოქმედების შესწავლის თვალსაზრისით, არამედ იმ მიზნითაც, რომ შულერის მხატვრულმა მემკვიდრეობამაც დაიკავოს თავისი კუთვნილი ადგილი XIX და XX საუკუნეთა მიჯნის გერმანულ ლიტერატურაში. ეს დასკვნა იმის მშვენიერი დასტურიცაა, თუ როგორ “აკეთილშობილებს” გავლენის ობიექტი თავის წინამორბედს.
    დაბოლოს, რილკეს მიმართება გოეთესთან. ეს საკითხი საკმაოდ საფუძვლიანადაა შესწავლილი და იგი მკვლევართა თვალსაწიერში რილკეს გარდაცვალებისთანავე მოექცა, მაგრამ ჩვენი ავტორი მახვილს რილკეს იმ აღფრთოვანებაზე სვამს, რომელიც გოეთეს ერთ ნაკლებად ცნობილ ლექსს – “ეფროსინეს” გამოუწვევია. მაშ, რილკე აღტაცებული ყოფილა არა “ფაუსტით”, არამედ “ეფროსინეთი” – და ამ ფაქტს ნინო ბაქანიძე პარადოქსს უწოდებს.
    გოეთეს ლექსის მხატვრულ სივრცეს ქმნის ჩამავალი მზის სხივებში გახვეული ტყე, რომელშიც ადვილად ამოიცნობა შვეიცარიის ლანდშაფტი; მაგრამ ამავე დროს სურათი მკითხველს მწუხარებისა და სიკვდილის წინათგრძნობას უღვიძებს. სწორედ აქ ეცხადება მარტოსულ პოეტს ეფროსინეს აჩრდილი და გარემომცველი ბუნება იმწამსვე წარმოსახვით სამყაროდ გარდაისახება. რილკეს პოეტური კოსმოლოგიის მიხედვით ეს არის “Zwischenraum der Zeit” (“დროის შუალედური სივრცე”), სადაც ერთმანეთს თანხვდება სიცოცხლე და სიკვდილი. ლექსის ერთ-ერთ პასაჟში პოეტი მსჯელობს ადამიანური ყოფის წარმავალობის შესახებ, რასაც ტრაგიკულ ელფერს ანიჭებს ბუნებრივ კანონზომიერებათა დარღვევა: ხშირად მამა დასტირის შვილს და არა პირიქით. ადამიანის უსასოო ყოფას უპირისპირდება ბუნებაში არსებული ჰარმონია, წელიწადის დროთა ჰარმონიული მონაცვლეობა, კვდომა-განახლების უწყვეტი პროცესი, რომელსაც ვერავითარი ძალა ვერ დაარღვევს.
    ეს პესიმისტური მოტივი არაერთგზის გაიჟღერებს რილკეს პოეზიაშიც, განსაკუთრებით კი “დუინურ ელეგიებში”. სამაგიეროდ “სონეტებში” რილკე, ისევე როგორც გოეთე ლექსში “ეფროსინე”, ახერხებს ამ უძირო პესიმიზმიდან თავის დაღწევას. სიკვდილის ძლევა მხოლოდ ჭეშმარიტ ხელოვნებას ძალუძს, რომელიც ადამიანს მიწიერ ვნებათა დათრგუნვაში შემწედ მოევლინება. მხოლოდ ხელოვნების ძალით მოხვდება იგი ჯერ “დროის შუალედურ სივრცეში” და შემდგომ შეერწყმის სამყაროს კოსმიურ ერთობას – “ველტინნერ რაუმ”-ს. ამრიგად, გოეთესა და რილკეს ერთი საერთო მიზანიც აკავშირებთ: ესაა გახლეჩილი სამყაროს ერთ მთლიანობად წარმოსახვა, ხელოვნების მაგიური ძალის ხოტბა და ამით უკვდავყოფა არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებებისა, არამედ საკუთარი შემოქმედებისაც.
    ნინო ბაქანიძის ნაშრომი ქართული რილკეოლოგიის ერთი მშვენიერი შენაძენია და სამომავლოდ მისი დახვეწა, ორიგინალის ტექსტების ქართულად გადმოღება, ერთი სიტყვით, მისი “საკითხავ” წიგნად გაკეთება ავტორსაც სახელს შესძენს და ქართველი მკითხველის ინტელექტუალურ თვალსაწიერსაც განავრცობს.
    დაბოლოს, ისევ რაინერ მარია რილკეს მოვიშველიებ: “დიდება იმ სულს, რასაც ძალუძს, გაგვხადოს ერთი”. რილკე მართლაც ის პოეტია, რომლის შემოქმედების წიაღაც “მიაბიჯებს სულის ბედ-იღბალი”.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ესე (თარგმანი)

    ჯონ მაქსველ კუტზეე – მძინარე მზეთუნახავი



    1.
    გაბრიელ გარსია მარკესის რომანი “სიყვარული ქოლერის ჟამს” მთავრდება იმით, რომ ფლორენტინო არისა საბოლოოდ იმ ქალთან რჩება, ვინც მთელი სიცოცხლე უყვარდა და მასთან ერთად აღმა-დაღმა დაცურავს მდინარე მაგდალენაზე ორთქმავლით, რომელზეც ქოლერის ყვითელი დროშა დაფრიალებს. ამ წყვილში ერთი სამოცდათექვსმეტი წლისაა, მეორე კი – სამოცდათორმეტის.
    იმისთვის, რომ მთელი ყურადღება საყვარელ ფერმინას დაუთმოს, ფლორენტინო ინტიმურ ურთიერთობას წყვეტს თოთხმეტი წლის შვილობილთან, რომელიც თავადვე აზიარა სექსის საიდუმლოებებს ერთ კვირადღეს იმ ბინაში, სადაც მარტოდმარტო ცხოვრობს (გოგო ყველაფერს საოცარი სისწრაფით ითვისებს). კაცი სწორედ მაშინ დაუწყებს განშორებაზე საუბარს, როცა ის უგემრიელეს ნაყინს მიირთმევს ამერიკულ სანაყინეში. გაოგნებული და თავზარდაცემული გოგონა თავს იკლავს და საიდუმლო საფლავში მიაქვს. ფლორენტინოს თვალს ფარული ცრემლი მოსწყდება, დროდადრო ამ დანაკარგის გამო მისი გული მწვავე ტკივილის მარწუხებსაც გრძნობს, მაგრამ მეტი არაფერი ხდება.
    ამერიკა ვიკუნია (América Vicuña) – ბავშვი, რომელიც ბერიკაცმა შეაცდინა და მიატოვა, მთლიანად დოსტოევსკის პერსონაჟს გვაგონებს. ამ საკმაოდ ამაღელვებელ ნაწარმოებში (“სიყვარული ქოლერის ჟამს”), რომელიც, მართალია, შემოდგომის ფერებში გაზავებულ, მაგრამ მაინც კომედიას წარმოადგენს, მისი ადგილი უბრალოდ არ არის. გარსია მარკესი ამერიკას მეორეხარისხოვანი პერსონაჟივით ექცევა: თითქოს მხოლოდ ფლორენტინოს მორიგი საყვარელი იყოს და არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა მოჰყვება გოგონას მიმართ ჩადენილ დანაშაულს თავად ბერიკაცისთვის. ამით ავტორი მორალური აზრით ერთგვარად საშიშ და დანაღმულ ტერიტორიაზე იჭრება. რასაკვირველია, აქ იმის ნიშნებიც იკითხება, რომ მან არ იცის, რა მოუხერხოს ამ გოგოს ამბავს. მწერლის ენა, როგორც ყოველთვის, ახლაც უშრეტი ენერგიით მჩქეფარე, მოქნილი და სრულიად განუმეორებელია, თუმცა ფლორენტინოსა და ამერიკას კვირადღის სცენებში ვლადიმირ ნაბოკოვის “ლოლიტას” შორეული გამოძახილი მაინც გვესმის. ბერიკაცი გოგოს თამაშ-თამაშით ხდის, თითო ჯერზე თითო რამეს ითხოვს: “აბა, ჯერ ეს პაწია ბაჩიები გაიხადე დათუჩასთვის, ახლა ეს ყვავილებიანი საცვალი – ყურცქვიტასთვის და პაწუკა კოცნაც გაიმეტე მამიკოს უსაყვარლესი ჩიტუნიასთვის”.

    ფლორენტინო ერთი მოპოეტო ძველი ბერბიჭაა, რომელსაც პირისპირ საუბარს სასიყვარულო წერილების წერა ურჩევნია. გარდა ამისა, თავგადაკლული მელომანი, თავისებურად ძუნწი და ხელმომჭირნე, ქალებთან საშინლად გაუბედავი ვინმეა. თუმცა, მიუხედავად სიმორცხვისა და არცთუ სასიამოვნო გარეგნობისა, ნახევარი საუკუნის მანძილზე მან 622 ქალის გული მოინადირა ყველასგან ფარულად.
    ამ მხრივ ფლორენტინო გარსია მარკესის ახალი მოთხრობის უსახელო მთხრობელს მოგვაგონებს. ლიტერატურული წინამორბედივით ეს კაციც წვრილად აღნუსხავს მის მკლავებში მოხვედრილ ქალთა სახელებს, რაც თითქოს იმ წიგნში უნდა გამოიყენოს, რომლის დაწერასაც აპირებს. სინამდვილეში კი, მხოლოდ სათაური აქვს მოფიქრებული: “Memoria de mis putas tristes” – “ჩემი სევდიანი მეძავების გახსენება” (თუ სახსოვარი), რომელიც ედით გროსმანმა “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენებად” თარგმნა. მისი სია 514-მდე ადის, სანამ თვლას შეწყვეტდეს. მერე კი ასაკში შესულს ნამდვილი სიყვარული ეწვევა, არა შუახანს გადაცილებული ქალის, არამედ თოთხმეტი წლის გოგოს სახით.
    ოცი წლის ინტერვალით გამოცემულ ამ ორ წიგნს შორის იმდენად თვალშისაცემი პარალელებია, რომ შეუძლებელია მათ გვერდი ავუაროთ. ისინი სწორედ ამაზე მიგვანიშნებენ: “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენებაში” გარსია მარკესმა ახლებურად გადაამუშავა როგორც მხატვრული, ასევე მორალური თვალსაზრისით გაუმართავი ისტორია – ფლორენტინოსა და ამერიკას ამბავი რომანიდან “სიყვარული ქოლერის ჟამს”.
    “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების” მთავარი გმირი და ავტორად ნაგულისხმევი მთხრობელი კოლუმბიის საპორტო ქალაქ ბარანკილაში დაიბადა, დაახლოებით 1870 წელს. მისი მშობლები განათლებული ბურჟუაზიის წარმომადგენლები იყვნენ. თითქმის მთელი საუკუნე გავიდა და ის ისევ ნახევრად დანგრეულ მშობლიურ სახლში ცხოვრობს. აქამდე პურის ფულს ჟურნალისტობითა და ესპანურისა თუ ლათინურის კერძო გაკვეთილებით შოულობდა, ახლა კი თავი პენსიითა და იმ ყოველკვირეული სვეტების წყალობით გააქვს, რომლებსაც ერთ-ერთი გაზეთისთვის წერს.
    ჩანაწერი, რომელსაც ჩვენ გვიტოვებს, მისი მშფოთვარე ცხოვრების ოთხმოცდათერთმეტ წელს მოიცავს და მემუარის სპეციფიკურ ნაირსახეობას – აღსარებას განეკუთვნება. როგორც წმინდა ავგუსტინეს “აღსარებანი” მოწმობს, ამ ტიპის ნაწარმოებში ხელაღებით გაფლანგული ცხოვრების ამბავს მოგვითხრობენ, რომელიც სულიერი კრიზისის გამწვავებითა და აღმსარებლის მოქცევით სრულდება, რასაც მისი ხელახალი დაბადება მოჰყვება ახალ და უფრო შინაარსიან ცხოვრებაში. ქრისტიანულ ტრადიციაში აღსარებას მკვეთრად დიდაქტიკური მიზანი აქვს. აი, ჩემი მაგალითი, – გეუბნება ის – ნახე, სულიწმინდის იდუმალი ძალით ჩემნაირი არარაობის გადარჩენაც კი შესაძლებელია.
    ჩვენი გმირის ცხოვრების ოთხმოცდაათი წელი, რა თქმა უნდა, ფუჭად გაფლანგულია. მან არა მხოლოდ მემკვიდრეობა და მრავალმხრივი ნიჭი დაანიავა, არამედ რომანტიკული ხანაც საოცრად უფერულად გალია. არასდროს დაქორწინებულა (ოდესღაც კი იყო დანიშნული, მაგრამ ბოლო წუთს საცოლე მიატოვა). არ წოლილა ქალთან, რომლისთვისაც არ გადაუხდია: თუ ვინმეს ფულის გამორთმევა არ სურდა, ძალას ატანდა და ამ გზით მას თავის მორიგ მეძავად აქცევდა. ერთადერთი ხანგრძლივი ურთიერთობა საკუთარ მოსამსახურესთან აქვს, ვისაც ტრადიციულად თვეში ერთხელ ხმარობს იმ დროს, როცა ქალი სარეცხს რეცხავს, თან ყოველთვის en sentido contrario (ამ ევფემიზმის გროსმანისეული თარგმანია “უკნიდან”). ჰოდა, შინაბერას საშუალებას აძლევს, თქვას, თითქოს ისევ “virgo intaqta”, ანუ ყოვლად უმანკო იყოს.
    ოთხმოცდამეათე დაბადების დღეზე ის საკუთარ თავს დიდ სიამოვნებას დაპირდება: სექსს ნორჩ ქალწულთან. ბორდელის დიასახლისი, სახელად როსა, ვისაც დიდი ხანია იცნობს, იმ ოთახისკენ გაუძღვება, სადაც მისთვის გამზადებული, შიშველი და ძილის წამლით გათიშული თოთხმეტი წლის გოგო წევს:
    “შავგვრემანი იყო, თბილი. ეტყობა, დაბანეს, გაალამაზეს თხემიდან ნაზი ღინღლით დაფარულ ბოქვენამდე. თმა დაუხვევიათ, ხელ-ფეხზე ფრჩხილები შეუფერადებიათ, მაგრამ მოთაფლისფრო კანი ქარდაკრული, აქერცლილი და მოუვლელი ჰქონდა. ძუძუები საცაა დაეტყობოდა, ახლა კი ჯერჯერობით ბიჭისას მიუგავდა, თუმცა იგრძნობოდა მზადყოფნა – ამოეხეთქა დაფარული ენერგია. ფეხები მართლაც საუკეთესო ჰქონდა. ალბათ მსუბუქად დადის. გრძელი და მგრძნობიარე თითები აქვს ხელებზეც. ჩართული ვენტილატორის ქვეშაც კი ოფლის წვეთები უბრწყინავდა სხეულზე. შეღამებულზე აუტანელი სიცხე ჩამოდგა. ბრინჯის პუდრის სქელი ფენის ქვეშ ძნელი იყო მისი სახის გარჩევა. გვარიანად შეეთითხნათ. ორი შევარდისფერებული ლაქა, დაწებებული წამწამები, გამუქებული წარბები, შოკოლადისფრად გათხიპნილი ტუჩები – მძიმე სანახავი იყო, მაგრამ კოსმეტიკის სქელი ფენის ქვეშ მაინც ჩანდა ამაყად გამოკვეთილი ცხვირი და ლამაზი ტუჩ-პირი. “ნაზი, ყოჩაღი ბოჩოლა” – გავიფიქრე მე”.*
    გოგოს დანახვისას ამ ძველი მექალთანის პირველი რეაქცია სრულიად მოულოდნელია: შიში, პანიკა, გაქცევის დაუძლეველი სურვილი. მიუხედავად ამისა, მაინც გვერდით მიუწვება და გაუბედავად აფათურებს ხელს გოგოს ფეხებს შორის. ის ძილში იშმუშნება. ვნებადაშრეტილი კაცი სიმღერას წამოიწყებს: “დელგადინას საწოლთან ანგელოზები ჩამომსხდარან”. მალევე აღმოაჩენს, რომ თურმე მისთვისაც ლოცულობს. შემდეგ ჩაეძინება. დილის ხუთ საათზე გამოღვიძებულს გოგო გარდიგარდმო დაწოლილი და ხელებგაშლილი დახვდება, “თავისი სიქალწულის სრულუფლებიანი დიასახლისი”. “უფალი გფარავდეს”, გაიფიქრებს კაცი და მიდის.
    ცოტა ხანში ბორდელის დიასახლისი ურეკავს, რათა სიმხდალის გამო დასცინოს და კიდევ ერთი შანსი მისცეს მამაკაცური სრულფასოვნების დასამტკიცებლად. ის კვლავ უარზეა. “აღარაფრად ვვარგივარ”, – ამბობს და მაშინვე შვებას გრძნობს, – “როგორც იქნა, გავთავისუფლდი მონობისგან”, – პირდაპირი მნიშვნელობით, სექსისადმი მონობისგან – “რომლის უღელშიც ცამეტი წლის ასაკიდან ვიტანჯებოდი”.
    თუმცა როსა მას მანამდე არ მოეშვება, სანამ არ დაითანხმებს და ეს უკანასკნელიც ისევ ესტუმრება ბორდელს. გოგოს ახლაც სძინავს, ბერიკაცი კი მხოლოდ ოფლს უმშრალებს და მღერის: “დელგადინა, დელგადინა, ყველაზე მეტად მეყვარები”. (მისი სიმღერა ერთგვარ ბუნდოვან ქვეტექსტს შეიცავს: ზღაპარში დელგადინა პრინცესაა, რომელიც მამასთან ინტიმურ სიახლოვეს გაურბის).
    კაცი ძლიერი ქარიშხლის დროს ბრუნდება შინ. ახლადმოყვანილი კატა თითქოს სატანურ არსებად ქცეულა. წვიმა სახურავის ხვრელებიდან ასხამს, გათბობის მილი სკდება, ქარი ფანჯრის მინებს აწყდება. როცა საყვარელი წიგნების გადასარჩენად იბრძვის, გრძნობს, რომ დელგადინას აჩრდილი გვერდით უდგას და ეხმარება. ახლა ის დარწმუნებულია, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვა: “ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილი პირველი სიყვარული, რომელიც ოთხმოცდაათი წლისას მესტუმრა”.
    მასში ზნეობრივი რევოლუცია ხდება: ვეღარ იტანს განვლილი ცხოვრებისთვის დამახასიათებელ უსუფთაობას, სიძუნწეს, ახირებულობას და უარს ამბობს მათზე. როგორც გვეუბნება, “სხვა კაცად” იქცა. ის ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ სამყაროს სიყვარული ამოძრავებს – არა იმდენად ქორწინებით დაგვირგვინებული, რამდენადაც ცალმხრივი ტრფიალის მრავალფეროვანი გამოვლინებები. მისი საგაზეთო სვეტი სიყვარულის ძალისადმი მიძღვნილი დითირამბებით ივსება და ერთგული მკითხველებიც ერთობ ეპირფერებიან.
    დღისით – თუმცა ამის მოწმენი ვერ ვხდებით – დელგადინა, თითქოს ნამდვილი ზღაპრის გმირი იყოს, ფაბრიკაში მუშაობს და ღილებს აკერებს, ღამით კი – რათა საყვარელს უმანკოდ მოუწვეს გვერდით – ბორდელში თავის ოთახს უბრუნდება, რომელსაც მისი სატრფო ნახატებითა და წიგნებით რთავს (მოხუცი მიზნად დაისახავს, გოგოს გონებრივი შესაძლებლობები განუვითაროს). მოთხრობებს ხმამაღლა უკითხავს, ის კი დროდადრო გაურკვეველ სიტყვებს წამოროშავს ხოლმე ძილში. კაცს სულაც არ მოსწონს მისი ხმა, რომელიც ისე ესმის, თითქოს ნაცნობი სხეულიდან უცნობი ელაპარაკებოდეს. ბევრად ურჩევნია, რომ იგი სრულიად გათიშული იწვეს.
    გოგოს დაბადების დღეს მათ ინტიმური ურთიერთობა აქვთ, თუმცა სქესობრივი აქტის გარეშე:
    “კოცნით დავუფარე მთელი სხეული, ხერხემალი, მალები, მილეული თეძოები, ხალიანი გვერდი და მკერდი, სადაც უძილო გული უძგერდა. მე ვკოცნიდი, მის სხეულს კი თანდათან ემატებოდა სიმხურვალე და ველური სურნელი. მისი კანის ყოველი გოჯი ნაზი თრთოლვით მპასუხობდა და ყოველ ჩემს კოცნას აგებებდა სხვაგვარ სითბოს, განსაკუთრებულ გემოსა და ახალ კვნესას, ძუძუს კერტები ეფურჩქნებოდა ჩემი თითების მოლოდინში, თითებისა, რომლებიც არ შეხებიან მას”.
    მერე ცუდი ამბავი ხდება. ბორდელის ერთ-ერთ კლიენტს ყელგამოჭრილს იპოვიან. იქაურობას პოლიცია გადაჩხრეკს, ჰაერში მოსალოდნელი სკანდალის სუნი დატრიალდება და დელგადინა იძულებულია, სასწრაფოდ აორთქლდეს. შეყვარებული მთელ ქალაქს გადააბრუნებს, მაგრამ მას ვერსად მიაგნებს. ბოლოს, როცა ბორდელში დაბრუნდება, აღმოჩნდება, რომ გოგოს თითქოს ასაკი მომატებია და უმანკო იერიც დაუკარგავს. ეჭვიანობისგან კაცს თვალთ დაუბნელდება, რისხვა ერთიანად დარევს ხელს.
    გადის თვეები და მისი მრისხანება თანდათან ნელდება. ძველი საყვარელი ბრძნულ რჩევას აძლევს: “ისე ნუ მოკვდები, ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ განიცადო, რა საოცრებაა: დაწვე იმასთან, ვინც გიყვარს”. მოხუცის ოთხმოცდამეთერთმეტე დაბადების დღე უხმაუროდ ჩაივლის. როსას შეურიგდება. შეთანხმდებიან, რომ მთელს ქონებას ორივენი ამ გოგოს დაუტოვებენ, ვინც, ბორდელის დიასახლისის თქმით, ამასობაში თავით გადაშვებულა სიყვარულის მორევში. გულმხიარული ბერიკაცი გალაღებულ მეტრფესავით ელის “ჭეშმარიტი ცხოვრების ჟამს”.
    ამ ახლადშობილი სულის აღსარებები, როგორც ამბობს, სინდისის ქენჯნის შესამსუბუქებლად შეითხზა, თუმცა ისინი ხორციელი სურვილების დათრგუნვისკენ ნამდვილად არ მოგვიწოდებენ. ღმერთი, რომელსაც მოხუცი მთელი ცხოვრების მანძილზე უარყოფდა, რა თქმა უნდა, სწორედ ის არის, ვისი წყალობითაც ავაზაკნი გადარჩებიან, თუმცა ამავე დროს იგი სიყვარულის ღმერთიცაა, ცოდვილ ბერიკაცს “გადარეული სიყვარულის” (Amor loco, რაც სიტყვასიტყვით “გიჟურ სიყვარულს” ნიშნავს) საძებნელად რომ აგზავნის ქალწულთან – “იმ დღეს ისეთი მძაფრი სურვილი დამეუფლა, თითქოს ეს უფლის ნება იყო” – მერე კი შიშსა და ძრწოლას შთაბერავს, როცა იგი პირველად მიაპყრობს თვალებს თავის ნადავლს. უფლის ხელით ბერიკაცი წამში გადაიქცევა გარყვნილი მექალთანიდან უმანკო მეტრფედ, რომელიც გოგონას მთვლემარე სხეულს სწორედ ისე ეთაყვანება, როგორც უბრალო მორწმუნე – წმინდანის ხატსა თუ ქანდაკებას: მზრუნველობით, ყვავილების მიტანით, შესაწირის გაღებით, ლოცვით და გალობით.
    ყოველთვის არის რაღაც აუხსნელი მოქცევის გამოცდილებაში: როგორც წესი, ცოდვილი ისე ბრმავდება ვნებით, სიხარბით ან სიამაყით, რომ შინაგან ლოგიკას, რომელსაც ცხოვრების ყველაზე კრიზისულ მომენტამდე მიჰყავს, ის მხოლოდ რეტროსპექტივაში ხედავს, ანუ მაშინ, როცა თვალი აეხილება. ასე რომ, ერთგვარი ორგანული შეუთავსებლობაა მოქცევის ნარატივსა და თანამედროვე რომანს შორის, რომლის საბოლოო სახეც მეთვრამეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა და რომელშიც პერსონაჟს გაცილებით დიდი ყურადღება ეთმობა, ვიდრე სულს. მისი მიზანი ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი ნახტომებისა და ზებუნებრივი ჩარევების გარეშე იმის ჩვენებაა, თუ რა გზას გაივლის დასაწყისიდან დასასრულამდე ის, ვისაც ადრე გმირი ერქვა, მაგრამ ახლა სრულიად მართებულად, მთავარ პერსონაჟს უწოდებენ ხოლმე.
    მიუხედავად იმისა, რომ “მაგიური რეალისტის” იარლიყი მიაკერეს, გარსია მარკესი მაინც ფსიქოლოგიური რეალიზმის ტრადიციაში აგრძელებს ნაყოფიერ მუშაობას, რამდენადაც უშვებს, რომ ინდივიდუალური ფსიქეს ნაღვაწს თავისი ლოგიკა აქვს, რომლისთვის თვალის მიდევნებაც სავსებით შესაძლებელია. მან თვითონვე შენიშნა, რომ ე.წ. “მაგიური რეალიზმი” მხოლოდ თხრობის მანერაა, რომლითაც დაუჯერებელ ამბებს წარბშეუხრელად ჰყვება – ერთგვარი ხრიკი, კარტახენელი ბებიისგან რომ ისწავლა. მეტიც, ის, რაც უცხოელებს ძნელად სარწმუნო ეჩვენებათ მის ამბებში, ხშირად ჩვეულებრივი ლათინოამერიკული რეალობაა. მიუხედავად იმისა, დავიჯერებთ თუ არა მწერლის გულწრფელობას, ფაქტია, რომ ფანტასტიკურისა და რეალურის შერწყმა (უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ელიზია: «ან…, ან…», რომელიც “ფანტაზიისა” და “რეალობის” მიღმაა), რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია 1967 წელს, როცა “მარტოობის ასი წელი” გამოვიდა, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა რომანში ლათინური ამერიკის ფარგლებს გარეთაც.
    კატა “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენებაში“ მხოლოდ კატაა თუ ჯოჯოხეთის მოციქული? დელგადინა მართლაც მიდის საყვარლის დასახმარებლად ქარიშხლიან ღამეს თუ სიყვარულის ჯადოთი მონუსხული კაცი მის სტუმრობას უბრალოდ წარმოიდგენს? ეს მძინარე მზეთუნახავი მხოლოდ მუშათა კლასის ერთი უბრალო გოგოა, რომელიც რამდენიმე ზედმეტ პესოს გამოიმუშავებს თუ იმ მიღმიური სამყაროს ქმნილებაა, სადაც პრინცესები მთელი დღე ცეკვავენ, ზღაპრული არსებები ზებუნებრივ საქმეებს აღასრულებენ და მოჯადოებული ქალიშვილები საუკუნო ძილით იძინებენ? ასეთ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხების ძიება მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ მთხრობელის ხელოვნება სწორად არ გვესმის. რომან იაკობსონი ხშირად გვახსენებდა ხოლმე იმ ფორმულას, რომელსაც მაიორკაზე ადგილობრივი მეზღაპრეები იყენებენ, როცა ამბის მოყოლას იწყებენ: “იყო და არც იყო ასე”.
    სეკულარული ორიენტაციის მქონე თანამედროვე მკითხველებისთვის საკმაოდ ძნელია ხელშესახები ფსიქოლოგიური საფუძვლის გარეშე იმის დაჯერება, რომ უბრალო შიშველი გოგოს ხილვამ შეიძლება სულიერი გადატრიალება გამოიწვიოს გარყვნილ ბერიკაცში. მოქცევისათვის მოხუცის მზაობა ფსიქოლოგიურად უფრო დამაჯერებელი გახდება, თუ დავუშვებთ, რომ ეს კაცი მემუარების დასაწყისამდეც არსებობდა გარსია მარკესის ადრეულ ნაწარმოებებში და განსაკუთრებით რომანში “სიყვარული ქოლერის ჟამს”.
    მაქსიმალურად ობიექტურად თუ განვსჯით, “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენება” შედევრი ნამდვილად არ არის. არც მისი სიმსუბუქე იქნებოდა ძნელად მისაღწევი – ის ხომ უბრალოდ ტექსტის სიმოკლისა და შეკუმშულობის შედეგია. მაგალითად, “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა” (1981) მიუხედავად იმისა, რომ თითქმის იმავე სიგრძისაა, მნიშვნელოვნად ამდიდრებს გარსია მარკესის კონცეფციას: კარგად შეკრული, მიმზიდველი ნარატივი და ამავე დროს თავბრუდამხვევი მასტერ-კლასი: რამდენი ისტორია, რამდენი სიმართლე შეიძლება გამოიგონოს ავტორმა ერთი და იმავე მოვლენის აღსაწერად.
    “გახსენების” ამოცანაც მეტად გაბედულია: მოხუცი კაცის პირით ისაუბრო არასრულწლოვანი გოგონასადმი გაჩენილ ვნებაზე, ანუ ისაუბრო პედოფილიაზე, ან ის მაინც აჩვენო, რომ შეყვარებულებისთვის პედოფილია ჩიხი ვერ იქნება. გარსია მარკესის კონცეპტუალური სტრატეგია იმ კედლის დანგრევისკენ არის მიმართული, რომელიც ეროტიკულ ვნებასა და თაყვანისცემის ვნებას შორის აღმართულა. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ქალწულობის კულტში, რომელიც ასეთი ძლიერია სამხრეთ ევროპასა და ლათინურ ამერიკაში, მყარი არქაული ქვედა შრით, პირველ შემთხვევაში, პრე-ქრისტიანულით, მეორეში კი – პრე-კოლუმბურით (საყვარლის აღწერით, დელგადინას არქაული ქალწული ქალღმერთის მრისხანება მოსდგამს: “ამაყად გამოკვეთილი ცხვირი და ლამაზი ტუჩ-პირი. ნაზი, ყოჩაღი ბოჩოლა”).
    როგორც კი უწყვეტი კავშირის შესაძლებლობას დავუშვებთ სექსუალურ სურვილსა და თაყვანისცემის ვნებას შორის, ფლორენტინო არისას “ცუდი” ლტოლვა საკუთარი შვილობილისადმი არსის შეუცვლელად შეიძლება გადაიქცეს დელგადინას საყვარლის “კარგ” ლტოლვად, რომელიც ახალი ცხოვრების ჩანასახზე მიგვანიშნებს. “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენება” კი უფრო ღრმა ნაწარმოებად გამოჩნდება, თუ მას ერთგვარ გაგრძელებად აღვიქვამთ რომანისა “სიყვარული ქოლერის ჟამს” და თან ისეთად, სადაც უმანკო ბავშვის ნდობის გამტეხი მისი ერთგული თაყვანისმცემელი ხდება.

    2.
    როცა როსას ესმის, რომ მისი თოთხმეტი წლის თანამშრომელს დელგადინად მოიხსენიებენ (სიტყვიდან: “la delgadez” – სინატიფე, დახვეწილობა), გაოგნდება და გადაწყვეტს, გოგონას ბანალური სახელი გაუმხილოს კლიენტს. ბერიკაცს არაფრის გაგონება არ სურს. მას ხომ ურჩევნია, რომ გოგომ საერთოდ არ ამოიღოს ხმა. როდესაც დელგადინა ბორდელიდან ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ უცხო მაკიაჟითა და სამკაულებით დაბრუნდება, მოხუცი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს: გოგომ არა მხოლოდ მას, არამედ საკუთარ ბუნებასაც უღალატა. ორივე შემთხვევაში, ჩვენს წინაშეა კაცი, რომელიც შეყვარებულისგან მყარ იდენტობას, ქალწული პრინცესის იდენტობას ითხოვს.
    ბერიკაცის ახირება თუ დაჟინებული მოთხოვნა, რომ მისი სატრფო იმ სახის ერთგული დარჩეს, რომლითაც მან ის გააიდეალა, ესპანურენოვან ლიტერატურაში სულაც არ არის უპრეცედენტო რამ. მიღებული წესის დაცვით, რომლის თანახმადაც ყველა მოხეტიალე რაინდს გულისსწორი უნდა ჰყოლოდა, ვისაც აღსრულებულ საგმირო საქმეებს მიუძღვნიდა, შუახანს გადაცილებული ერთი კაცი, საკუთარ თავს დონ კიხოტს რომ უწოდებს, საქვეყნოდ აცხადებს, ქალბატონ დულსინეა ტობოსელს ვემსახურებიო. ეს ქალბატონი დულსინეა რაღაცით იმ გლეხის გოგოს მოგვაგონებს, სოფელ ტობოსოში რომ ცხოვრობს და ვისაც დონ კიხოტმა ოდესღაც თვალი მოჰკრა, მაგრამ ის მაინც წარმოსახვითი არსებაა, რომელიც კაცმა საკუთარი თავის მსგავსად გამოიგონა.
    დასაწყისში სერვანტესის წიგნი სარაინდო რომანების პაროდიას წარმოადგენს, მაგრამ თანდათან უფრო საინტერესო სახეს იღებს – იდეალის იდუმალი ძალის გამოკვლევად გადაიქცევა, რომელიც მკაცრ რეალობასთან მუდმივ დაპირისპირებებს უძლებს. წიგნის დასასრულს დონ კიხოტის გონზე მოსვლა, იმ იდეალური სამყაროს უარყოფა, რომელში დამკვიდრებასაც ის ასე შეუპოვრად ცდილობდა და ენამწარე ჭორიკანების რეალური სამყაროს აღიარება მის ირგვლივ ყველას საგონებელში აგდებს, მათ შორის მკითხველსაც. ნუთუ ეს ის არის, რაც ნამდვილად გვინდა: უარი ვთქვათ წარმოსახვით სამყაროზე და კასტილიის სოფლური ჭაობის მოსაწყენ ყოველდღიურობაში ჩავეფლოთ?
    “დონ კიხოტის” მკითხველი ვერასდროს იტყვის დარწმუნებით, სერვანტესის გმირი მართლაც გიჟია, რომელიც ილუზიების ტყვეობაში იმყოფება, თუ პირიქით, ბოლომდე აცნობიერებს საკუთარ როლს – ცხოვრობდეს გამოგონილ სამყაროში – თუ მის თავში სრულიად ქაოსურად ხან ილუზიები ბობოქრობენ, ხან კი საღი აზრი იმარჯვებს. რასაკვირველია, არის ისეთი წუთებიც, როცა დონ კიხოტი ამტკიცებს, თითქოს თავგანწირვასა და უანგარო მსახურებას შეეძლოს უკეთეს ადამიანებად გვაქციოს, მიუხედავად იმისა, წარმოსახვით არსებას ვემსახურებით თუ არა. “რაც მოხეტიალე რაინდი გავხდი”, – ამბობს ის, – “მე ვარ გულადი, ზნეკეთილი, სულგრძელი, თავაზიანი, გულუხვი, გულისხმიერი, უშიშარი, მშვიდი, თვინიერი [და] ბევრის მომთმენი”. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ის მართლაც ისეთი გულადია, ზნეკეთილია და ა.შ., როგორც ამტკიცებს, მის ბრძნულ მსჯელობაზე რაღას იტყვის, რომლის თანახმადაც ოცნების ძალას ჩვენი ზნეობრივი ცხოვრების წარმართვა შეუძლია. ვინ უარყოფს, რომ იმ დღიდან, როცა ალონსო კიხანამ თავი რაინდად წარმოიდგინა, სამყარო გაცილებით უკეთესი არ გახდა, ან უფრო საინტერესო, უფრო სიცოცხლით სავსე მაინც?
    დონ კიხოტი დიდი უცნაური ვინმე ჩანს გაცნობისას, მაგრამ მათი უმრავლესობა, ვისაც ამ კაცთან ურთიერთობა უხდება, მცირე ხანში თითქმის მისნაირად იწყებს აზროვნებას და თვითონაც რაღაცით დონ კიხოტი ხდება. თუ ის რაიმეს გვასწავლის, მხოლოდ იმას, რომ გაცილებით უკეთესი, უფრო სისხლსავსე ცხოვრებისთვის სხვა სამყაროში გადასვლის უნარი უნდა განვივითაროთ – შეიძლება სულაც გაუცნობიერებლად – თუმცა ამანაც შეიძლება მიიყვანოს გარშემომყოფნი იმ დასკვნამდე, რომ დროდადრო ილუზიებით ვიტანჯებით.
    სერვანტესის წიგნის მეორე ნაწილში დონ კიხოტის, ჰერცოგისა და მისი ცოლის სჯა-ბაასი სიღრმისეულ ანალიზს გვთავაზობს იმისა, თუ რას ნიშნავს ბოლომდე დაიხარჯო იდეალისთვის და ამდენად, არარეალური (წარმოსახვითი, გამოგონილი) ცხოვრებისთვის. ჰერცოგის ცოლი უმთავრეს შეკითხვას სვამს, თავაზიანად და მოურიდებლად: მართალია თუ არა, რომ დულსინეა “ამქვეყნად არ არსებობს და ის წარმოსახვითი ქალბატონია, რომელიც თქვენმა აღმატებულებამ (ანუ დონ კიხოტმა) გამოიგონა და მას სიცოცხლეც შთაბერა გონებაში?”
    “უფალმა უწყის, არსებობს თუ არა დულსინეა ამქვეყნად”, – პასუხობს დონ კიხოტი, – “ან წარმოსახვითია თუ არა იგი. ასეთ რამეებს ბოლომდე ვერც ვერავინ გაიგებს. [თუმცა] მე არც გამომიგონია და არც სიცოცხლე შთამიბერავს ჩემი ქალბატონისთვის”.
    დონ კიხოტის პასუხის სამაგალითო სიფრთხილეში უფრო მეტი აზრი დევს, ვიდრე იმ ზედაპირულ ცოდნაში, რასაც იგი ყოფიერების ბუნების შესახებ გამართული ხანგრძლივი კამათისას ავლენს, როცა სოკრატეს წინამორბედებიდან თომა აქვინელამდე ყველას და ყველაფერს მიმოიხილავს. ავტორის ირონიის გათვალისწინებითაც კი, დონ კიხოტი აშკარად ამტკიცებს, რომ თუ იმ სამყაროს ეთიკურ უპირატესობას ვაღიარებთ, სადაც ხალხი იდეალის სახელით მოქმედებს – იმ სამყაროზე, რომელშიც პირადი ინტერესებისთვის ირჯებიან, მაშინ ისეთ უხერხულ ონტოლოგიურ კითხვებს, როგორიც ჰერცოგის მეუღლემ დასვა, შეიძლება უბრალოდ ყური მოვუყრუოთ.
    მთელი ესპანურენოვანი ლიტერატურა სერვანტესის სულით არის გაჟღენთილი. ფაბრიკის პატარა უსახელო მუშის ქალწულ დელგადინად ტრანსფორმაციაში იმავე იდეალიზაციის პროცესს შევნიშნავთ, რომელმაც ტობოსოელი გლეხის გოგო ქალბატონ დულსინეად გადააქცია. გავიხსენოთ გარსია მარკესის გმირის ახირება, ვისაც ურჩევნია, მისი სიყვარულის ობიექტი გათიშული იწვეს და ხმას არ იღებდეს – აქ რეალური სამყაროს ისეთივე მწველი სიძულვილი ჩანს, დონ კიხოტს სატრფოსგან ერთგვარ უსაფრთხო დისტანციაზე ყოფნას რომ აიძულებდა. რამდენადაც სერვანტესის გმირი აცხადებს, თითქოს უკეთესი ადამიანი გახდა იმ ქალის მსახურებით, ვინც მისი არსებობაც კი არ იცის, ამდენადვე მარკესის ბერიკაცს შეუძლია განაცხადოს, რომ “ჭეშმარიტი ცხოვრების” ზღურბლზე აღმოჩნდა, რადგან ის გოგო შეიყვარა, ვისაც სინამდვილეში არ იცნობს და ვინც, რასაკვირველია, ასევე არ იცნობს მას (“გახსენების” ყველაზე “სერვანტესული” ეპიზოდია, როცა ბერიკაცი ველოსიპედის სანახავად გაეშურება, რომლითაც მისი შეყვარებული სამსახურში დადის – ან უნდა დადიოდეს – და ნამდვილი ველოსიპედის არსებობის ფაქტი თავისებური “ნივთიერი სამხილი” აღმოჩნდება იმისა, რომ ზღაპრული სახელის მქონე გოგონა, ვის საწოლსაც ღამ-ღამობით იყოფდა, “ამქვეყნად არსებობდა”).
    ავტობიოგრაფიულ წიგნში “იცოცხლო, რათა მოყვე” გარსია მარკესი დიდი ზომის პირველი პროზაული ნაწარმოების, “ფოთლების ქარიშხლის” (1955) შექმნის ამბავს მოგვითხრობს. ხელნაწერზე მუშაობის დასრულებისთანავე მან უახლოეს მეგობარს, გუსტავო იბარას აჩვენა იგი, რომელმაც თავზარდამცემი დასკვნა გააკეთა: დრამატული სიუჟეტი – საერო და საეკლესიო ავტორიტეტების წინააღმდეგ გამართული ბრძოლა მიცვალებულის დამარხვისთვის – სოფოკლეს “ანტიგონეს” ასლს წარმოადგენდა. გარსია მარკესმა “ანტიგონე” თავიდან წაიკითხა, როგორც ამბობს, “უცნაური განცდით, რომელშიც შერწყმულიყო სიამაყე იმის გამო, რომ ასეთ დიდ მწერალთან უნებლიე თანხვედრა აღმომაჩნდა და გულისტკივილი, რადგან პლაგიატში სახალხოდ მამხელდნენ”. გამოქვეყნებამდე მან ხელნაწერი საფუძვლიანად ჩაასწორა და ეპიგრაფად სოფოკლეს ფრაზაც დაუმატა, იმის აღსანიშნავად, რომ მას გარკვეულწილად დაესესხა.
    სოფოკლე არ გახლავთ ერთადერთი მწერალი, რომელმაც გარსია მარკესზე გავლენა მოახდინა. უფრო ადრეულ ერთ-ერთ ნაწარმოებში უილიამ ფოლკნერის ისეთი მკაფიო კვალი გვხვდება, რომ თავისუფლად შეიძლებოდა, მისთვის ფოლკნერის უერთგულესი მოსწავლეც კი გვეწოდებინა.
    ცხადია, “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების” ავტორი მნიშვნელოვნად არის დავალებული იასუნარი კავაბატასგან, რომელმაც 1968 წელს ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში. 1982 წელს გარსია მარკესმა დაწერა მოთხრობა “მძინარე მზეთუნახავი და თვითმფრინავი”, სადაც სპეციალური მინიშნებაა კავაბატაზე. მთხრობელს, ატლანტიკის ოკეანის თავზე გამოკიდებული თვითმფრინავის პირველი კლასის განყოფილებაში რომ მოკალათებულა, არნახული სილამაზის ქალიშვილი უმშვენებს გვერდს, რომელსაც ფრენის დასრულებამდე სძინავს. ის უდავოდ კავაბატას რომანის ბერიკაცს მოგვაგონებს, რომელიც ფულს იმაში იხდის, რომ ძილის წამლით გათიშულ გოგოებთან ღამეები გაატაროს. როგორც მხატვრული ნაწარმოები, “მძინარე მზეთუნახავი” დაუმუშავებელია, მხოლოდ ზოგადი მონახაზია და მეტი არაფერი. ალბათ ამ მიზეზით გარსია მარკესი “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენებაში” თავს უფლებას აძლევს, კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს მთავარ თემას – ასაკში შესულ თაყვანისმცემელს, რომელიც ჩაძინებული გოგოს გვერდით ზის.
    კავაბატას “მძინარე მზეთუნახავების სახლში” (1961) ხანდაზმულობის ზღურბლზე მყოფი იოსიო ეგუტი დახმარებისთვის ბორდელის დიასახლისს მიმართავს, ვინც თავისებური გემოვნების მქონე კაცებს ძილის წამლით გათიშულ გოგოებთან აწვენს. გარკვეული დროის მანძილზე ის რამდენიმე მათგანთან ღამესაც გაატარებს. ამ სახლის წესები, რომელთა თანახმადაც სექსუალური აქტი იკრძალება, არსებითად უსარგებლოა, რადგან კლიენტების უმრავლესობა მოხუცი და იმპოტენტია. ეგუტი კი – როგორც თავად ამბობს – არც ერთია და არც მეორე. ის მუდმივად ეთამაშება წესების დარღვევის იდეას: წარმოიდგენს, როგორ გააუპატიურებს ერთ-ერთ გოგოს, დააორსულებს და ბოლოს გაგუდავს კიდეც, რითიც კაცობას დაუმტკიცებს და გამოწვევას გაუგზავნის იმ სამყაროს, რომელიც მოხუცებს ბავშვებივით ექცევა. ამავე დროს მას ის აზრიც უტრიალებს თავში, რომ ძილის წამლის ზედმეტი დოზა მიიღოს და ქალწულის მკლავებში განუტევოს სული.
    კავაბატას ნოველა იკვლევს, თუ რა საქმიანობას ეწევა ეროსი თვითანალიზით დაკავებული, ჩამოყალიბებული სენსუალისტის გონებაში, რომელიც წარმოუდგენლად – თითქმის ავადმყოფურად – მგრძნობიარეა სუნებისა და სურნელების, შეხების ნიუანსების მიმართ. ეს ის კაცია, ვინც ერთიანად შეუპყრია იმ ქალის ფიზიკურ უნიკალურობას, რომელთანაც წევს, ვისთვისაც მეტად ბუნებრივია სექსუალური წარსულიდან სურათების გაცოცხლება, ვინც უშვებს ალბათობას, რომ გოგოებისადმი ლტოლვა შეიძლება საკუთარი ქალიშვილებისადმი აღძრული ვნების გამოხატულება იყოს, ან ქალის მკერდზე გადარევა ბავშვურ მეხსიერებაში იღებდეს სათავეს.
    პირველ ყოვლისა, განცალკევებული ოთახი, მხოლოდ საწოლისა და იმ ცოცხალი სხეულისგან რომ შედგება, რომელსაც შეიძლება კარგად ან ცუდად მოეპყროს (საზღვრების ფარგლებში, თუმცა კი სურვილისამებრ) – უცხო თვალისგან ფარულად და შესაბამისად, გაკიცხვის რისკის გარეშე – წარმოადგენს თეატრს, სადაც ეგუტი საკუთარ თავს უპირისპირდება, ისეთს, როგორიც სინამდვილეშია – მოხუცს, მახინჯსა და სიკვდილის ზღურბლზე მდგარს. უსახელო გოგოებთან გატარებულ ღამეებში უფრო მეტი სევდაა, ვიდრე სიხარული, უფრო მეტი სინანული და ტკივილია, ვიდრე ფიზიკური სიამე.
    იმ ნაღვლიანი კაცების საძაგელი სიძაბუნე, რომლებიც ამ სახლს სტუმრობდნენ ხოლმე, ეგუტისგან არც ისე შორს იყო. სექსის უნაპირო სივრცე და უძირო სიღრმე – მის რა ნაწილს იცნობდა იგი სამოცდაშვიდი წლის ასაკში? ბერიკაცების ირგვლივ ხომ ახალი ხორცი, ქორფა ხორცი, მშვენიერი ხორცი მუდმივად ჩნდებოდა. განა ამ სახლის საიდუმლოში სევდიანი მოხუცების უსასრულო ოცნებით გატაცება არ იმალებოდა, როგორც იმ დღეების სინანული, რომლებიც ისე დაკარგეს, თითქოს არც კი ჰქონიათ?
    გარსია მარკესი კავაბატას იმდენად არ ბაძავს, რამდენადაც პასუხობს. ხასიათით მისი გმირი ძალიან განსხვავდება ეგუტისგან: ნაკლებად განვითარებული მგრძნობელობა აქვს, საკუთარ თავს ნაკლებად უღრმავდება, ნაკლებად იკვლევს და ბოლოს, ნაკლებად პოეტურია. თუმცა ჭეშმარიტი მანძილი გარსია მარკესსა და კავაბატას შორის სწორედ იმით უნდა გაიზომოს, რაც მათი საიდუმლო სახლების საწოლებში ხდება. დელგადინას გვერდით ბერიკაცს სრულიად ახლებური, მზარდი სიხარული ეუფლება. ეგუტისთვის კი მუდამ შემაწუხებელ თავსატეხად რჩება, როგორ შეიძლება იმ გათიშულ ქალთა სხეულებს, ვისი გამოყენების უფლებაც საათობით იყიდება და რომელთა მოდუნებულ, თოჯინასებურ კიდურებს კლიენტი სურვილისამებრ ამოძრავებს, ისეთი ძალა ჰქონდეს, რომ ამ სახლში კვლავ და კვლავ დააბრუნონ.
    არსებობს შეკითხვა, რომელიც ყველა მზეთუნახავს თანაბრად ეხება: რა მოხდება, როცა გაიღვიძებენ? კავაბატას წიგნში, სიმბოლური აზრით, გამოღვიძება არ ხდება: ეგუტის მეექვსე და უკანასკნელი გოგო მის გვერდით კვდება, იმ წამლით მოწამლული, რომელმაც ჩააძინა. გარსია მარკესთან კი, როგორც ჩანს, დელგადინამ კანით შეისრუტა მთელი მზრუნველობა და ყურადღება, რასაც მის მიმართ არ იშურებდნენ და ახლა გაღვიძების პირას იმყოფება, მზად არის თვითონაც გადაეშვას სიყვარულის მორევში.
    მძინარე მზეთუნახავის მარკესისეული ვერსია უფრო მხიარული აღმოჩნდა, ვიდრე კავაბატასი. რასაკვირველია, მის მოულოდნელ დასასრულში ნათლად ჩანს, რომ ავტორი სრულიად გაცნობიერებულად ხუჭავს თვალს იმაზე, თუ რა ელის ბერიკაცს ნორჩ საყვარელთან, როგორც კი სატრფოს ქალღმერთის კვარცხლბეკიდან ჩამოსვლის ნებას დართავს. სერვანტესმა თავისი გმირი სოფელ ტობოსოში მიიყვანა და მუხლი მოადრეკინა იმ გოგოს წინაშე, რომელიც თითქმის შემთხვევით იქცა დულსინეას განსხეულებად. გადატანილი ტკივილის სანაცვლოდ, დონ კიხოტმა ახალი ხახვის სურნელით შეზავებული სოფლური ლანძღვა-გინების ქარცეცხლი მიიღო. იგი სცენიდან დაბნეული და შემცბარი გადის.
    ვერ ვიტყვით, გარსია მარკესის ეს პატარა იგავი ცოდვების გამოსყიდვის შესახებ იძლევა თუ არა ამგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას. იქნებ მან ჩოსერის “კენტერბერიულ მოთხრობებში” “ვაჭრის ამბავსაც” გადაავლო თვალი – სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ქორწინების სარდონიკულ ისტორიას და მზერა სწორედ ამ კადრზე შეაჩერა: გამომფიტველი პირველი ღამის შემდეგ ალიონის ბინდ-ბუნდში მოჩანს ასაკოვანი ქმარი, რომელიც საწოლზე წამომჯდარა, თავზე ჩაჩდამხობილი, მომჩვარული კანით, კისერთან რომ დუნედ უთრთის, მის გვერდით კი ნაჯიჯგნი და ნატანჯი ახალგაზრდა ცოლი წამოწოლილა, უკმაყოფილო სახით, ზიზღით სავსე თვალებით.

    *ელზა ახვლედიანის თარგმანი

    ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ

    © The New York Review of Book
    2006