• კრიტიკა,  რეცენზია

    დათო ტურაშვილი – ჩაძირული ქალაქის ღამე

    გია არგანაშვილი
    ჩაძირული ქალაქის დასანახად
    დათო ტურაშვილი. ჩაძირული ქალაქის ღამე (ეთნოგრაფიული რომანის ვერსია), მხატვარი: ვახტანგ რურუა. თბ. “აზრი”, 2002.


    დათო ტურაშვილის ახალი წიგნი გამომცემლობა “აზრმა” დაბეჭდა.
    “ჩაძირული ქალაქის ღამე” რომანია, თემა – ისტორიული, დრო თითქოს წარსული, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ, ისევე როგორც ნაწილობრივ მომავალი. მთლიანად კი აწმყო, აწმყო წარსულის ნოსტალგიით და მომავლის იმედით, აწმყო დროთა გაწყვეტილი კავშირის აღდგენის სურვილით, თხრობის ტრადიციული სტილის პაროდირებით, არატრადიციული კომენტარით, იუმორით და უწმაწური სიტყვებით.
    ზოგიერთი მკითხველი ძალზე მტკივნეულად განიცდის ამგვარ გამოთქმებს, ვაღიარებ, რომ მეც უამისობა მერჩივნა, თუმცა ვფიქრობ, თანამედროვე ლიტერატურისთვის დამახასიათებელი ახალი ლექსიკური მარაგი, ერთგვარი ფორმაა პროტესტისა, იმ საზედამხედველო რეჟიმის მიმართ, რომელსაც ენის სიწმინდის დაცვის მომიზეზებით ყოველთვის ახორციელებდნენ სალიტერატურო ქართულის განვითარების შესაფერხებლად.
    შეიძლება დათო ტურაშვილის ახალი რომანის მკითხველს ბევრი სხვა სიძნელეც შეხვდეს ამ წიგნის კითხვისას. ტრადიციული სამკითხველო კულტურის მქონე ადამიანს ყოველთვის უჭირს სიახლესთან შეჩვევა. მას ურჩევნია თანამედროვე ლიტერატურაშიც კლასიკურ მწერლობასთან დამაკავშირებელი ძაფები მოძებნოს, კავშირი წარსულ კულტურასთან, ერთი მხრივ, იმ ნაცნობი ნიშნების ძიებას ჰგავს, ძნელადამოსახსნელ “რებუსს” რომ ამარტივებს, მეორე მხრივ – წინასწარ შეძენილი ცოდნით, შეფასების მზამზარეული სისტემებით სარგებლობა საზოგადო აზრთან და შეხედულებებთან სრული თანხმობის მყარ გარანტიას იძლევა.
    თუმცა ამისთვის ნუ გავკიცხავთ ნურც მწერალს, რომელიც საკუთარ მკითხველს ზრდის და ნურც ტრადიციულ მკითხველს, რომელიც ოდნავ დაბნეულია ლიტერატურულ ფორმათა და ესთეტიკურ ღირებულებათა მკვეთრი სიახლით.
    მაგრამ მას მალე მოუწევს იმის აღიარება, რომ ახალი ათასწლეულის გამოწვევას (ისე როგორც ქართულ ცეკვაში) ის ოდნავ ქალწულებრივი სიმორცხვით შეხვდა, თითქოს უნებურად შეეწინააღმდეგა ხელოვნების თავისუფლად განვითარების პრინციპს, რადგან დიდხანს, ძალიან დიდხანს, ლიტერატურული ფასეულობა მისთვის რელიგიურ ღირებულებათა ტოლფას დოგმატურ მცნებად განიხილებოდა, რაც ერთნაირად საზიანო იყო როგორც რელიგიისთვის, ასევე ლიტერატურისთვის, რომლის არსიც სწორედ დროსთან მიმართებაში ყალიბდება.
    აქვე შევნიშნავთ, რომ დროის კონკრეტულ საზღვრებში ჩაკეტვა ან დოკუმენტურობით ზედმეტი გატაცება სრულიად არ აკნინებს ნაწარმოების ღირსებას, არ ამცნობს მის მხატვრულ ღირებულებას, რადგან დრო (კონკრეტული წამი) ისეთივე მოუხელთებელია, როგორც რეალობა, რეალური მოვლენა, რომელსაც ვერასოდეს ვერ აღვწერთ ისეთი სიზუსტით, როგორც ის ხდება. რასაც ვერ აღვწერთ, რასაც ვერ დავინახავთ, მხოლოდ გუმანით (ინტუიცია) ვიგრძნობთ და მკითხველსაც ვაგრძნობინებთ. სწორედ ის არის ლიტერატურისთვის აუცილებელი მხატვრული სიმართლე, რომელიც რეალურ მოვლენას ან საგანს ყოფიერებისა და მარადიულობის გამყოფ მიჯნაზე შეაჩერებს და გაყინავს.
    რადგან მეც უპირველესად მკითხველი ვარ, ყველა ის რჩევა-დარიგება, რომელიც ამ წიგნის მომავალ მასპინძელს შევთავაზე, ჯერ საკუთარ გრძნობათა სისტემაზე გამოვცადე და სიამოვნებით ვაღიარე: დოკუმენტურ მასალაზე აგებული დათო ტურაშვილის ეთნოგრაფიული რომანი (ასე უწოდებს ავტორი) თხრობისას იძენს მხატვრულობის იმ აუცილებელ ელემენტს, რომელიც სრულიად საკმარისი იქნებოდა სიმბოლურ-ალეგორიული ჟანრის ნაწარმოების შესაქმნელად.
    ნაწარმოების მყარი, ისტორიული ფაქტებით გამაგრებული ქსოვილი უფრო დამარწმუნებელ სახეს აძლევს იდეას, რადგან ეს იდეა ცნობიერად, კონკრეტულ ისტორიულ-გეოგრაფიულ გარემოში შექმნილი კულტურის მეტაფორული სახეა. რეალობა კი თავისი ჭუჭყიანი სამოსლის შიგნით იგავის სპეტაკ მორალს ატარებს, რომელსაც მხოლოდ აუცილებელი მანძილის დაცვა სჭირდება ნამდვილი იერ-სახის გამოსაჩენად.
    ეს სწორედ ის მანძილია, რომელიც ავტორს სჭირდება ჩაძირული ქალაქის დასანახად:
    “ვნახე ჩაძირული ქალაქი, ყველაზე ქართული ქალაქი, რომელიც მხოლოდ ზევიდან ჩანს. და რაც უფრო მაღლა ხარ ამ ქალაქიდან, უფრო ადვილად დაინახავ იმ ქალაქს, რომელიც მხოლოდ წყლისა და მიწის ქვეშ არსებობს, სადაც ისევ ცხოვრობენ ადამიანები, ვისაც დღემდე სჯერა, რომ ოდესღაც იქაც გათენდება, ერთ დღეს ამოვა მზე და მტკვარში ჩაძირულ ქალაქსაც გაანათებს, როგორც მაშინ, როცა პატრიკ ო’ლირი ტფილისში ჩამოვიდა ძველი ირლანდიური ლექსებით და ახალი ინგლისური პასპორტით, პატარა საკვოიაჟით და დიდი სურვილით – ქვეყანა, რომლის არსებობის შესახებაც მხოლოდ გადმოცემით იცოდა, აღმოჩენილიყო ისეთი, როგორზეც ოცნებობდა, როგორც მას სურდა, რომ ყოფილიყო ეს შორეული, ლეგენდარული საქართველო…”
    რომანი ეძღვნება ქალაქს, რომელიც ჯერ დაანგრიეს და მერე ჩაძირეს… აქ სრულიად ბუნებრივად ჩნდება ხომალდ-ქალაქის “ტიტანიკის” სიმბოლური სახე. მწერალი ჩაძირულ ქალაქსა და ხომალდს სიუჟეტურადაც აკავშირებს. “ტიტანიკმა” ტფილისის უძვირფასესი განძი, “მფრინავი ხალიჩა” ჩაიყოლა ზღვის ფსკერზე. მფრინავი ხალიჩა იგივე ოქროს საწმისია, ახალი განზოგადებული სახე ჩვენი მუდმივი ძიებისა, წარსულში ძიებისა, რომელიც კვლავ სავალალოდ მთავრდება, რადგან რამდენჯერაც არ უნდა განმეორდეს “წარსული”, ყოველთვის ერთსა და იმავე შედეგს მივიღებთ.
    თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ამ რომანის მთავარი იდეა მაინც “ტიტანიკს” უკავშირდება. თუ ერთი მხრივ ხომალდ-ქალაქი “არგოს” გვახსენებს და უხსოვარ წარსულთან გვაკავშირებს, მეორე მხრივ – მას მომავლისკენაც მივყავართ (თუნდაც ჩასაძირად?). მსოფლიო ისტორიული მოვლენა (“ტიტანიკის” ჩაძირვა), რომელმაც მთელი სამყარო შეძრა (1912 წლის 14 აპრილი) და დღემდე ჩვენში მხოლოდ უქმ ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებდა, ამ ნაწარმოებით უფრო ახლობელი გახდა ჩვენთვის. მსოფლიო ტრაგედიამ, თუმცა დაგვიანებით, ქართველსაც მოადინა თვალთაგან ცრემლი, ჩვენც გავხდით თანაზიარნი საერთო-საკაცობრიო ტკივილისა (თუნდაც მხოლოდ ტფილისიდან წაღებული და “ტიტანიკთან” ერთად ჩაძირული მფრინავი ხალიჩის გამო). ლიტერატურული ვერსია გამოდგა ის მაშველი რგოლი, რომელმაც კვლავ დაგვაკავშირა მსოფლიოს, დაგვაკავშირა გლობალურ პროცესებს იმ განუყრელი ინტერესით, რომელიც თითოეულ “მართლა ქვეყანას” სამომავლო-საკაცობრიო მოვალეობას და პასუხისმგებლობას ანიჭებს.
    მფრინავი ხალიჩა არ არის ის ერთადერთი უძრავი ლოდი, რომელიც რომანის საძირკველშია ჩაგდებული, რომელიც ფორმის ნებისმიერ სიახლეს, ორიგინალურ კონსტრუქციას გაუძლებს. ასეთივე მყარი და ტრადიციულია ნაწარმოების მთავარი ხაზი ირლანდიელი პატრიკ ო’ლირის და ქართველი სოფიო მეტრეველის სიყვარულის ისტორიისა, ნაცნობობის განცდა ანტიკურ სიუჟეტთან აქაც ზედაპირზე ძევს. თანამედროვე იაზონი და მედეა. იაზონი კვლავაც მედეას დახმარებით ეუფლება ძვირფას განძს (მფრინავი ხალიჩა). თითქმის მეორდება ისტორია. მეორდება ტრაგედიაც, თუმცა მწერალი ასე ადვილად ვერ იმეტებს სოფიოს დედობრივ ინსტინქტს, ვერც მის სიყვარულს და სოფიო ბრუნდება ტფილისში, ბრუნდება შვილებთან ერთად. “მაგრამ ისინი დაბრუნდნენ სხვა საქართველოში, დაბრუნდნენ იქ, სადაც საყვარელი ქალაქი ჩაძირული დახვდა სოფიო მეტრეველს და ეს არ იყო ქალაქი და ქვეყანა, რომელიც მას ენატრებოდა, რომელზეც ოცნებობდა…”
    მწერალი კი განაგრძობს “მფრინავი ხალიჩის” ძებნას. ეს ჩაძირული, დანგრეული, სადღაც წარსულში დაკარგული, სიზმარში ნანახი ქვეყნის ძიებაა, “რომელიც ერთი საუკუნის წინათ ისეთი ლამაზი იყო, როგორც არაფერი ამქვეყნად”, ის ოცი საუკუნის წინაც ისეთი ლამაზი იყო, როგორც არაფერი ამქვეყნად. ლეგენდა ლეგენდაში, ტექსტი ტექსტში, ლიტერატურული პირველწყაროს ხელახალი გააზრება. ხელოვნება კვლავ იბრუნებს თავის მთავარ ფუნქციას, რომელიც დროისა და სივრცის მიღმა უპირველესად საკუთარი თავის ძიებას გულისხმობს.
    რომანი იწყება სიზმრისეული ჩვენებით. “მაისში სიზმარი ვნახე”. კონკრეტული დრო თხრობას უფრო დამაჯერებელს ხდის. სიზმარი კი მხოლოდ ლიტერატურული ხერხია, მთავარი იდეის ანოტაციური ფორმით წარმოდგენისა: “მფრინავ ხალიჩაზე ვიჯექი და ვტიროდი. რა მატირებდა: ზემოდან ისეთი ლამაზი იყო თბილისი, უკითხავად ჩამომიგორდა ცრემლი ჯერ ლოყაზე, მერე ხელიჩაზე და ბოლოს ის ჩემი ცრემლი მეიდანზე დაეცა, იქვე, მეჩეთის მინარეთთან და გამიკვირდა. რამ გამაკვირვა: თბილისი იყო ძველი, საუკუნის წინანდელი და მეიდანი კი ისეთი ხალხმრავალი და მხიარული, ზემოდან კიდეც რომ მეყვირა, – ხალხო, რა გახარებთ, მალე ეს ქალაქი დაინგრევა და ჩაიძირება-მეთქი, – მაინც არ დამიჯერებდნენ. არც არაფერი მითქვამს, ერთხელაც შემოვუფრინე თბილისს და ძილი გავაგრძელე”.
    მართლაც, ძილშიც შეუძლებელია კარგად ნაცნობი სიუჟეტური ამბის ამაზე მეტი პაროდირება. ნაწარმოების მთავარი გმირი (ავტორი), რომელსაც შეუძლია და ვალდებულიც არის ქალაქი მოსალოდნელი უბედურების შესახებ გააფრთხილოს, არა მხოლოდ გაურბის ამ მოვალეობის შესრულებას (ბიბლიური იონა), არამედ მშვიდად ძილს აგრძელებს (!).
    ჩვენი მიზანი არაა რომანის მხატვრულ-გამომსახველობითი ფორმების ანალიზი, არც სიმბოლურ-ალეგორიული კოდების გაშიფრვა, ჩვენ მხოლოდ იმ განწყობილებას გამოვხატავთ, რომელიც დათო ტურაშვილის ახალი წიგნის წაკითხვის შემდეგ გაგვიჩნდა, თუმცა მწერლის პროფესიულ ოსტატობაზე მაინც ვიტყვით, რომ წიგნიდან წიგნამდე ის შესამჩნევად იზრდება და ამ პროცესის მიმართ ჩვენი უპირობო პოზიტიური დამოკიდებულება მომავალში უთუოდ სასარგებლო შედეგს მოუტანს როგორც მწერალს, ისე მის მკითხველს.
    ნაწარმოებში ბევრია პურივით მართალი სიტყვა და გრძნობა, ისეთი, ლუდის სმის დროს რომ ინატრა პოეტმა ჯუანშერ ტიკარაძემ, ასეთი სიმართლეა, რომ ქეშიშ დარდიმანდი მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ ძალიან უყვარდა სამშობლო, სიმართლეა, რომ იქ, სადაც საკუთარი ქვეყნის სიყვარულის გამო სიკვდილით სჯიან, მხოლოდ ღამდება. სიმართლეა ისიც, რომ შეიძლება ქალაქი ჩაიძიროს, მტკვარი ჩვენს თვალწინ გაქრეს და ამ მტანჯველი სიმართლიდან მხოლოდ ლუდხანიდან გამოყოფილმა თეთრქუდიანმა, ლოყებღაჟღაჟა დიდმა თავმა გამოგვიყვანოს:
    ” – მოიხარშა თქვენი სასისკი, წაიღეთ რა, სანამ გაცივდება…”
    მერე რა, თუ სასისკს მოწუწნიკი ჰქვია, მერე რა, თუ ავტორი რომანის 186-ე გვერდზე ალიხანოვს დედას აგინებს.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • პროზა (თარგმანი)

    ადოლფო ბიოი კასარესი – პაულინას ხსოვნას


    პაულინა ყოველთვის მიყვარდა. ჩემი ბავშვობის ყველაზე ადრეულ მოგონებებში მახსოვს, როგორ ვიმალებოდით ბაღში, დაფნის როტონდაში, მახსოვს ორი ლომის ქანდაკებასთან როგორ მითხრა: მიყვარს ცისფერი, მიყვარს ყურძნის მტევნები, მიყვარს ყინული, მიყვარს ვარდები, მიყვარს თეთრი ცხენები. და მაშინ ვიგრძენი, რომ ბედნიერი ვიყავი, რადგან მის სურვილებში ჩემს თავს ვხედავდი. ჩვენ იმდენად უცნაურად ვგავდით ერთმანეთს, რომ წიგნზე, სადაც საუბარია ადამიანისა და სამყაროს სულის საბოლოო შერწყმაზე, ჩემმა მეგობარმა მინაწერი გამიკეთა: ,,ჩვენი სულები უკვე შეერთდნენ”. სიტყვა ,,ჩვენი” მაშინ მე და პაულინას ნიშნავდა.
    ჩავთვალე, რომ პაულინას ეს ბუნდოვანი და ნაჩქარევი მინაწერი მსგავსების შესახებ მე მეხებოდა. მახსოვს, ჩემს წიგნაკში შენიშვნაც კი გავაკეთე: ეს პოემა პოეზიის ნაწილია, ხოლო ყოველი საგნის მიღმა უფლის ხატება ირეკლება. მჯეროდა, რომ ჩვენი მსგავსება განსაკუთრებული იყო. მაშინაც ვიცოდი, და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ პაულინა ჩემთვის თავშესაფარი იყო, სადაც საკუთარ ნაკლოვანებებს ვემალებოდი – სიტლანქეს, დაუდევრობასა და უსუსურობას.
    ჩვენი ცხოვრება თითქოს ტკბილი ჩვეულება იყო, რომელიც ბუნებრივად მიედინებოდა ქორწინებისკენ. პაულინას მშობლები გულგრილად ეკიდებოდნენ ჩემს ნაადრევ ლიტერატურულ წარმატებას, მათი თანხმობის მიღების ღირსი მხოლოდ სადოქტოროს დასრულების შემდეგ გავხდებოდი. ხშირად ვგეგმავდით ჩვენს მომავალს, გვჯეროდა, რომ საკმარისი დრო გვექნებოდა მუშაობის, დასვენებისა და სიყვარულისთვის. ჩვენი წარმოსახვა იმდენად ცოცხალი იყო, რომ ლამის გვჯეროდა, რომ უკვე ერთად ვცხოვრობდით.
    მაგრამ მოახლოებული ქორწინების მიუხედავად, შეყვარებულებივით არ ვიქცეოდით. მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ და ჩვენ ძლიერი მეგობრობა გვაკავშირებდა. არ შემეძლო უცებ შეყვარებულად გარდავსახულიყავი და მრავალმნიშვნელოვნად მეთქვა: ,,მე შენ მიყვარხარ”. ამ დროს რა ძლიერ მიყვარდა! როგორი საოცარი წმინდა სიყვარულით! როგორ ვუმზერდი მის თვალისმომჭრელ სრულყოფილებას!
    პაულინას მოსწონდა როცა მეგობრებისთვის წვეულებას ვმართავდით. ყველაფერს თვითონ ამზადებდა, სტუმრებსაც თავად ემსახურებოდა და ოჯახის დიასახლისის როლს სიამოვნებით იფერებდა. გამოგიტყდებით, ასეთი თავყრილობები არ მხიბლავდა. გამონაკლისი არც ის შეკრება იყო, რომელიც ხულიო მონტეროს მწერლებთან გასაცნობად მოვაწყვეთ.
    მონტერო პირველად საღამო ხანს მესტუმრა. გულმოდგინედ ამტკიცებდა საკუთარი მოზრდილი ხელნაწერის ღირსებასა და მნიშვნელოვნებას. წავიდა თუ არა, მალევე დამავიწყდა მისი შავი სახე. რაც შეეხება თხზულებას, მართალია, მონტერო დაჟინებით მთხოვდა გულახდილად მეთქვა, ზედმეტად მძაფრი ხომ არ გამოუვიდა ზოგიერთი ეპიზოდი, ჩემთვის მხოლოდ ერთი რამ იყო ცხადი – მისი წიგნი სხვადასხვა მწერლების უნიჭო მიბაძვა იყო და მეტი არაფერი. ნაწარმოების მთავარი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ თუკი მელოდია იბადება მუსიკოსის მოძრაობისა და ვიოლინოს ურთიერთობის შედეგად, ხომ შეიძლება ადამიანის სულიც იშვეს მატერიისა და მოძრაობის ურთიერთქმედებისას. რომანის გმირი იგონებს სულების შესაქმნელ მანქანას – რაღაც ხითა და თოკებით შეკრული კარკასის მსგავსს. შემდეგ გმირი კვდება. მიცვალებულს მარხავენ, მაგრამ ის კვლავ საიდუმლოდ აგრძელებს ცხოვრებას ამ კარკასში. უკანასკნელ თავში კი სტერეოსკოპთან, შტატივთან და ტყვიის ნაჭერთან ერთად იმ ოთახში ჩნდება, სადაც ქალია გარდაცვლილი. როცა მის არგუმენტებში ეჭვი შევიტანე, მონტერომ მთხოვა, მწერლებთან შემეხვედრებინა.
    – ხვალ საღამოს მოდით და რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ – ვუთხარი.
    საკუთარ თავს თავხედი უწოდა და ჩემი მიპატიჟება მიიღო. მისი წასვლა ისე გამეხარდა, რომ სიამოვნებით ჩავაცილე ქუჩის კარებამდე. ლიფტიდან რომ გამოვედით, მონტერომ შიდა ეზოში პატარა ბაღი შენიშნა. ხანდახან, ღამის მკრთალ შუქზე, თუკი ჰოლის შემინულ კარს მიღმა გაიხედავდით, ეს პატარა ბაღი ტბის ფსკერზე ჩაძირული ტყის მისტიურ სურათს მოგაგონებდათ, ღამით კი, იისფერი და მონარინჯისფრო ნათურები მას შაქარყინულის შემზარავ სამოთხედ გარდაქმნიდნენ. მონტერომ ბაღი ღამით იხილა.
    – გულახდილად გეტყვით – თქვა მან და ბაღს თვალი მოაშორა – მათ შორის, რაც ამ სახლში ვნახე, ბაღმა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
    მეორე დღეს პაულინა ადრე მოვიდა. ხუთ საათზე უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა წვეულებისათვის. მწვანე ქვის ჩინური ქანდაკება ვაჩვენე, რომელიც იმ დილით ანტიკვარიატში შევიძინე. ეს იყო შემართული და ფაფარაშლილი ველური ცხენი. გამყიდველი მარწმუნებდა, ვნების სიმბოლოაო. პაულინამ ქანდაკება ბიბლიოთეკაში, თაროზე შემოდო და შესძახა, ,,იგი ისეთივე მშვენიერია, როგორც პირველი ვნება!” როცა ვუთხარი, რომ ეს მისთვის ვიყიდე, ჩქარი მოძრაობით კისერზე ხელები შემომხვია და მაკოცა.
    სასადილოში ვისხედით და ჩაის ვსვამდით. პაულინას ვუთხარი, რომ ორწლიანი სტიპენდია შემომთავაზეს ლონდონში. იმ წუთიდან ჩვენს მომავალ ოჯახზე, მოგზაურობასა და ინგლისში ცხოვრებაზე დავიწყეთ ფიქრი, რაც ისეთივე გარდაუვალი ჩანდა, როგორც ჩვენი ქორწინება. ოჯახური ცხოვრების წვრილმანებზე ვმსჯელობდით: იმ ტკბილ დათმობებზე, რაც დროის სწორად გასანაწილებლად იყო საჭირო სწავლას, დასვენებას, სეირნობასა და, რა თქმა უნდა, მუშაობას შორის. ვფიქრობდით, რითი დაკავდებოდა პაულინა, სანამ მე კურსებზე ვიქნებოდი. ავარჩიეთ წასაღები წიგნები და ტანსაცმელი. ყველაფერი ბოლომდე მოფიქრებული გვქონდა, როცა სტიპენდიაზე უარის თქმა გადავწყვიტეთ. ჩემს გამოცდებამდე სულ რაღაც ერთი კვირა რჩებოდა და გვეშინოდა, რომ პაულინას მშობლები ქორწილის გადადებას მოინდომებდნენ.
    ნელ-ნელა სტუმრებიც მოგროვდნენ. თავს ცუდად ვგრძნობდი. მიზეზს ვეძებდი, რომ მეგობრებთან საუბარი თავიდან ამერიდებინა, საინტერესო თემის შეთავაზება მიჭირდა და თავს ძალას ვატანდი, რომ რამე გამეხსენებინა. აღზნებული, გამოფიტული და დათრგუნული, ხალხის ხან ერთ, ხან მეორე ჯგუფს ვეკედლებოდი და მხოლოდ იმას ვნატრობდი, ეს ხალხი დროზე წასულიყო, რაც შეიძლება მალე დავრჩენილიყავი პაულინასთან მარტო, შემდეგ კი, ჩვეულებისამებრ, სახლამდე მიმეცილებინა.
    ჩემი საცოლე დაMმონტერო ფანჯარასთან საუბრობდნენ. როცა გავხედე, თვალები ასწია და თავის უნაკლო სახე ჩემკენ მოუბრუნა. მისი სინაზე ის ხელშეუხებელი თავშესაფარი იყო, სადაც განმარტოება შეგვეძლო. როგორ მინდოდა მეთქვა მისთვის, რომ მიყვარს! გადავწყვიტე იმ ღამესვე გადამელახა სიყვარულზე საუბრის ეს უაზრო და ბავშვური შიში. ნეტავ ახლავე შემეძლოს გავანდო ჩემი ფიქრები – ამოვიოხრე. მის მადლიერ გამოხედვაში ხალისი და გაოცება იგრძნობოდა.
    პაულინამ მკითხა, რა ერქვა იმ პოემას, სადაც ქალი და კაცი ისე გაუცხოვდნენ, რომ, როცა სიკვდილის შემდეგ ცაში შეხვდენენ, ერთმანეთი ვერც კი იცნეს. ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ბრაუნინგი იყო, რაღაც სტროფები ბუნდოვნად მახსოვდა კიდეც. მთელი დანარჩენი საღამო ოქსფორდის ენციკლოპედიაში ვიქექებოდი პოემის სახელწოდების მოსაძებნად. თუკი პუალინასთან მარტო არ მტოვებდნენ, სხვებთან საუბარს ისევ მისთვის რამის მოძებნა მერჩივნა. მაგრამ რაღაც არ მასვენებდა. ჩემს თავს ვკითხე, ცუდის ნიშანი ხომ არ იყო, პოემას რომ ვერ ვპოულობდი. ფანჯრისკენ გავიხედე. ლუის ალბერტო მორგანმა ალბათ ჩემი შფოთვა შენიშნა და მითხრა, რომ პაულინა მონტეროს სახლს ათვალიერებინებდა. მხრები ავიჩეჩე, ძლივს დავმალე ზიზღი და ნაძალადევი ინტერესით კვლავ წიგნს მივუბრუნდი. თვალის კუთხით მორგანი დავინახე, ჩემს ოთახში შედიოდა. გავიფიქრე, ალბათ პაულინას დაუძახებს-მეთქი. მალე ისიც გამოჩნდა პაულინასთან და მონტეროსთან ერთად.
    როგორც იქნა, ვიღაც წავიდა. ნელ-ნელა დანარჩენებიც დაიშალნენ. დადგა წუთი, როცა მე, პაულინა და მონტერო მარტო დავრჩით. როგორც ვვარაუდობდი, პაულინამ თქვა: ,,უკვე გვიანია, სახლში წავალ”.
    მონტერომ უცებ გააწყვეტინა: ,,თუ ნებას მომცემ, გაგაცილებ.”
    ,,მეც გაგაცილებ” – ვთქვი მე.
    პაულინას მივმართავდი, მაგრამ მონტეროს ვუყურებდი, მინდოდა თვალებით ზიზღი და სიძულვილი მეგრძნობინებინა.
    როცა დაბლა ჩავედით, გამახსენდა, რომ პაულინას ჩინური ცხენი დაავიწყდა.
    ,,ჩემი საჩუქარი დაგრჩა” – ვუთხარი.
    შენობაში ავბრუნდი და ქანდაკება ჩამოვიტანე. შუშის კარზე მიყრდნობილები დამხვდნენ, ეზოს გაჰყურებდნენ. პაულინას ხელი ავიღე და მონტეროს მეორე მხრიდან მიახლოვების საშუალება არ მივეცი. ლაპარაკის დროს მონტეროს შეგნებულად არ ვაქცევდი ყურადღებას.
    არ სწყენია. როცა პაულინა მივაცილეთ, ჩემი სახლამდე წამოყოლა დაიჟინა. გზაში გულწრფელად და გზნებით საუბრობდა ლიტერატურაზე. ჩემთვის გავიფიქრე, ეს მწერალია, მე კი ქალის გამო შეწუხებული და დაღლილი კაცი ვარ-მეთქი, თან იმას ვფიქრობდი, რამდენად შეუსაბამო იყო მისი ასეთი ფიზიკური სიძლიერე მის ლიტერატურულ უსუსურობასთან. ,,საკუთარი თავის გარდა ვერავის ამჩნევს, ისიც კი არ ესმის, რას ეუბნება თანმოსაუბრე” – გავიფიქრე და ზიზღით გავხედე მის ხშირ ულვაშს, ანთებულ თვალებს და უხეშ კისერს.
    ის კვირა პაულინა თითქმის არ მინახავს. გამოცდისთვის ვემზადებოდი, როგორც კი ბოლო გამოცდა ჩავაბარე, ტელეფონით დავურეკე. რაღაც არაბუნებრივი სიხარულით მომილოცა და მითხრა, რომ საღამოს ჩემთან მოვიდოდა.
    სიესტის შემდეგ ზანტად ვიბანავე. პაულინას ლოდინში მიულერისა და ლესინგის წიგნი გადავათვალიერე ფაუსტის შესახებ.
    დანახვისთანავე აღმომხდა:
    ,,როგორ შეცვლილხარ!”
    ,,რა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, თქმაც არ მჭირდება, ისე ხვდები, რასაც ვგრძნობ.”
    ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ. ბედნიერების მწვერვალზე ვიყავით.
    მადლობა – ვუპასუხე.
    არაფერი ამაღელვებდა ისე, როგორც პაულინას აღიარება ჩვენი სულების სიახლოვის შესახებ. კმაყოფილმა მივიღე ეს Qქათინაური და არც კი მახსოვს, როდის ვკითხე ჩემს თავს, პაულინა რამე სხვას ხომ არ გულისხმობდა-მეთქი და სანამ გონებაში ამ შესაძლებლობას განვიხილავდი, პაულინამ დაბნეულად დაიწყო ახნა:
    – პირველივე დღეს თავდავიწყებით შეგვიყვარდა ერთმანეთი.
    შევეკითხე, ვის გულისხმობ-მეთქი, პაულინამ განაგრძო:
    – ის ძალიან ეჭვიანია, ჩვენი მეგობრობის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ დავპირდი, რომ რაღაც დროის განმავლობაში არ გნახავდი.
    მე კვლავ ველოდი რაიმე სანუგეშო განმარტებას, ვერ ვხვდებოდი, პაულინა სერიოზულად ლაპარაკობდა თუ ხუმრობდა. არ ვიცი, რა მეწერა სახეზე, არ ვიცი, რამდენად შემაძრწუნებელი იყო ჩემი გამომეტყველება. პაულინამ განაგრძო:
    – მივდივარ, ხულიო მელოდება, არ ამოვიდა, რომ ჩვენთვის ხელი არ შეეშალა.
    – ვინ? – შევეკითხე.
    იმ წუთას შემეშინდა, პაულინა არ მიმხვდარიყო, რომ ვთვალთმაქცობ და რომ ჩვენი სულები არც ისე ახლოა ერთმანეთთან.
    მან მშვიდად მიპასუხა:
    – ხულიო Mმონტერო.
    პასუხი არ გამკვირვებია. თუმცა იმ საშინელ საღამოს ვერაფერი შემძრავდა ისე, როგორც ეს სახელი. პირველად ვიგრძენი, რომ პაულინა შორს იყო ჩემგან. ლამის ზიზღით შევეკითხე:
    – დაქორწინებას აპირებთ?
    არ მახსოვს რა მიპასუხა, მგონი ქორწილში დამპატიჟა.
    მარტო დავრჩი, ყველაფერი უაზრობად მეჩვენა. არ არსებობდა უფრო შეუსაბამო ადამიანი პაულინასთვის (და ჩემთვის), ვიდრეMმონტერო. ნუთუ ვცდებოდი? თუკი პაულინას ეს კაცი უყვარდა, გამოდის, რომ ჩვენ არასოდეს ვგავდით ერთმანეთს. მაგრამ ეს მსჯელობაც უაზრო იყო. მივხვდი, რომ ადრეც შევჯახებივარ ამ მწარე სიმართლეს.
    სევდამ მომიცვა, მაგრამ არ ვეჭვიანობდი. ლოგინზე პირაღმა დავწექი. წიგნი, რომელიც ჩემს გვერდით იდო და ცოტა ხნის წინ ვკითხულობდი, ზიზღით მოვისროლე.
    სასეირნოდ გარეთ გამოვედი. ქუჩას გავხედე. იმ საღამოს ცხოვრება წარმოუდგენელი მეჩვენა.
    წლების განმავლობაში მახსოვდა განშორების მტკივნეული განცდა, რადგან ისინიც პაულინასთან იყვნენ დაკავშირებულნი. ყველაფერს დაწვრილებით ვიხსენებდი, ვუკვირდებოდი და ხელახლა განვიცდიდი. ბობოქარ ფიქრებში ვცდილობდი ახლებურად ამეხსნა მოვლენები. მაგალითად, პაულინას ხმაში, როდესაც ის თავის საყვარლის სახელს წარმოთქვამდა, სინაზე შევნიშნე და გული ამიჩუყდა: ვიფიქრე, რომ გოგონას ვეცოდებოდი, და მისმა სიკეთემ ისევე შემძრა, როგორც მანამდე მისმა სიყვარულმა. მოგვიანებით, როცა კარგად დავფიქრდი, მივხვდი, რომ ეს სინაზე წარმოთქმულ სახელს ეკუთვნოდა და არა მე.
    როგორც კი სტიპენდია მივიღე, გასამგზავრებლად მზადებას შევუდექი. ჩემი წასვლის შესახებ, რა თქმა უნდა, ყველამ გაიგო და უკანასკნელ ღამეს პაულინა შინ მესტუმრა.
    ვგრძნობდი, რომ ჩემგან შორს იყო, მაგრამ დავინახე თუ არა, ხელახლა შემიყვარდა. სანამ ხმას ამოიღებდა, უკვე ვიცოდი, რომ ეს საიდუმლო სტუმრობა იყო. მადლიერების ნიშნად ხელი მოვკიდე მის აცახცახებულ ხელებს.
    პაულინამ თქვა:
    – ყოველთვის მეყვარები, რაღაც გაგებით ყოველთვის ყველაზე მეტად მეყვარები.
    ალბათ თავს მოღალატედ მიიჩნევდა. იცოდა, რომ მის ერთგულებაში ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ შეწუხებულმა, თითქოს წარმოსახვითი მოწმის წინაშე თავს იმართლებსო, იმ წამსვე დაუმატა:
    – რა თქმა უნდა, რასაც შენს მიმართ ვგრძნობ, არ ითვლება, მე ხულიო მიყვარს.
    შემდეგ თქვა, რომ ეს სიყვარული მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, და რომ წარსული მხოლოდ უდაბნო იყო, სადაც იგი მონტეროს ელოდა და ჩვენი სიყვარული და მეგობრობა აღარც კი ახსოვდა.
    ამის შემდეგ ცოტა ხანს კიდევ ვისაუბრეთ. ძალიან ცუდად ვიყავი და მოვიტყუე, თითქოს გასვლას ვაპირებდი. ლიფტამდე მივაცილე, კარი გამოვაღე თუ არა, დაიგრგვინა და წვიმამ დაუშვა.
    – ტაქსს მოვიყვან – ვუთხარი.
    პაულინამ აღზნებული ხმით დამიძახა:
    – ნახვამდის, ძვირფასო.
    ქუჩა გადაირბინა და გაუჩინარდა. დამძიმებული დავბრუნდი უკან. როცა თავი ავწიე, დავინახე რომ ჩემს ბაღში ვიღაც იმალებოდა. კაცი გასწორდა და ხელი და სახე შუშის კარებს ჩამოაყრდნო. ესMმონტერო იყო.
    იისფერი და ნარინჯისფერი სინათლის სხივები ერთმანეთში გადადიოდა მწვანე ბუჩქების ფონზე. კარის სველ შუშაზე მიჭყლეტილი მონტეროს სახე გაფითრებული და დამახინჯებული მეჩვენა.
    აკვარიუმის თევზები გამახსენდა. სიმწრით გავიფიქრე, რომ იგი უფრო სხვანაირი მონსტრი იყო, უფრო იმათ ჰგავდა, ზღვის ფსკერზე რომ ცხოვრობენ და წყლის წნევისგან დეფორმირდებიან.
    მეორე დილით გავემგზავრე. მთელი გზა კაიუტიდან არ გამოვსულვარ, ვწერდი და ვმუშაობდი.
    პაულინას დავიწყება მინდოდა. ლონდონში ცხოვრების დროს, ორი წლის განმავლობაში შეძლებისდაგვარად ვარიდებდი თავს ყველაფერს, რაც მასთან იყო დაკავშირებული – დაწყებული არგენტინიდან ჩამოსული ხალხით, დამთავრებული ტელეგრამებით, რომლებიც გაზეთებში ქვეყნდებოდა. სამაგიეროდ, სიზმრად ისე ცოცხლად და დამაჯერებლად ვხედავდი ხოლმე, რომ ისიც კი ვიფიქრე, ჩემი სული სიზმარში ხომ არ ცდილობს იმის ანაზღაურებას, რაც ცხადში ასე მაკლია-მეთქი. მასზე მოგონებებს მთელი ძალით ვებრძოდი. ერთი წლის თავზე როგორც იქნა, მივაღწიე იმას, რომ აღარ მესიზმრებოდა და თითქოს სამუდამოდ დავივიწყე კიდეც.
    იმ საღამოს, როცა ევროპიდან დავბრუნდი, პაულინა ისევ გამახსენდა. შემეშინდა, რომ სახლში მისვლისთანავე ყველაფერი ისევ გაცოცხლდებოდა. როცა ჩემს ოთახში შევედი, გავჩერდი, წარსულის მძაფრმა სიხარულმა და სევდამ ერთბაშად იფეთქა ჩემში. უცებ სამარცხვინო რამ გავაცნობიერე: არც ძველი სიყვარულის ნარჩენები და არც მოულოდნელი სათუთი მოგონებები აღარ მაღელვებდა. ჩემს ფანჯარაში შუქის ძლიერი ნაკადი შემოდიოდა – ეს ბუენოს-აირესის შუქი იყო!
    ასე, ოთხი საათისთვის ყავის საყიდლად გავედი. მაღაზიის მეპატრონემ მიცნო, გულთბილად მომესალმა და შენიშნა, რომ სადღაც ექვსი თვე იქნებოდა, რაც მის მაღაზიაში აღარ გამოვჩენილვარ. როგორც ადრე, ახლაც კილო პური ვთხოვე და მანაც ჩვეული კითხვა მომაგება:
    – თეთრ პურს ინებებთ თუ სატოსტეს?
    მეც, როგორც ყოველთვის ვუპასუხე:
    – თეთრს.
    სახლში დავბრუნდი, ბროლივით გამჭვირვალე და სუსხიანი დღე იყო. ყავას რომ ვამზადებდი, პაულინა გამახსენდა. საღამოობით შავ ყავას ვსვამდით ხოლმე. ხალისიანი უდარდელობიდან უცებ ნამდვილ სიგიჟეში გადავეშვი, რაც პაულინას მოულოდნელი სტუმრობით იყო გამოწვეული. დავინახე თუ არა, მუხლებში ჩავუვარდი, თავი მის მკლავებში ჩავრგე და პირველად ავიტრდი იმ ტკივილით, რომელიც მისი დაკარგვის გამო განვიცადე.
    მისი სტუმრობა ასე მოხდა: კარზე სამი კაკუნი გაისმა, გავიფიქრე, ვინ უნდა იყოს ასეთ დროს, ვიღაცის გამო ყავა უნდა გამიცივდეს-მეთქი. კარი უხალისოდ გამოვაღე.
    შემდეგ – არ ვიცი, ცოტა დრო გავიდა თუ ბევრი, პაულინამ მიბრძანა უკან გავყოლოდი. მივხვდი, რომ ჩვენი ძველი შეცდომის გამოსწორებას ცდილობდა და მომეჩვენა, რომ ამას განსაკუთრებული სიჯიუტით აკეთებდა. როცა მთხოვა ხელი ჩამეჭიდა (ხელი! ახლავე!), მის ნათქვამს უნებურად დავემორჩილე. ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ და როგორც ორი მდინარის ნაკადი, ჩვენი სულები ერთმანეთს შეერწყა. გარეთ, სახურავებსა და კედლებზე წვიმა ასხამდა. ეს წვიმა თითქოს მთელი სამყარო იყო, რომელიც მოედინებოდა, როგორც ჩვენი მღელვარე სიყვარულის გამოცხადება.
    მოზღვავებული გრძნობების მიუხედავად, მაინც შევამჩნიე, რომ მონტეროს პაულინას მეტყველება დაებინძურებინა. მისი ლაპარაკისას უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ჩემი მეტოქის საუბარი მესმოდა. ყურში მომხვდა მისთვის ჩვეული მძიმე ფრაზები, მეცნო გულუბრყვილო და დაჟინებული მცდელობა, ზუსტი სიტყვებისთვის მიეგნო. მეცნო მისი განუმეორებელი სიტლანქეც.
    თავი ძლივს შევიკავე. შევხედე მის სახეს, ღიმილს, თვალებს. ეს პაულინა იყო – ცოცხალი და მშვენიერი. უკვე აღარ მომეჩვენა სხვანაირი.
    როცა სარკის ტყვიისფერ ბინდში შავი ანგელოზების მორთულ ჩარჩოში, მის ანარეკლს ვაკვირდებოდი, პაულინა სხვანაირი მეჩვენა. თითქოს მისი განსხვავებული სახე აღმოვაჩინე. თითქოს ახლებურად შევხედე, ამ განშორებამ მისი ხილვის ყოველდღიურობას მომწყვიტა და უკან უფრო მშვენიერი დამიბრუნა მისი თავი.
    პაულინამ მითხრა:
    – წავედი, ხულიო მელოდება.
    მის ხმაში უცნაურად ერწყმოდა ერთმანეთს გულგრილობა და მღელვარება. გულისტკივილით გავიფიქრე: პაულინა ადრე არავის უღალატებდა. როცა თავი ავწიე, უკვე წასულიყო.
    ერთი წუთით შევყოვნდი, მერე დავუძახე, ისევ დავუძახე და სადარბაზო ჩავირბინე, ქუჩაში გამოვედი. ვერსად ვიპოვე. დაბრუნებისას სიცივე ვიგრძენი. ქუჩა უკვე გამშრალიყო. ,,რა უცბად გადაუღია, ალბათ ხანმოკლე წვიმა იყო” – გავიფიქრე.
    ცხრა საათი ხდებოდა, სახლში რომ დავბრუნდი. მშიოდა, მაგრამ გარეთ გასვლის სურვილი არ მქონდა, არ მინდოდა, ნაცნობებს გადავყროდი. Yყავა მოვადუღე, ორი თუ სამი ჭიქა დავლიე და პურის ყუა მოვიტეხე.
    არ ვიცოდი, ოდესმე ერთმანეთს ისევ თუ შევხვდებოდით. პაულინასთან ლაპარაკი მინდოდა. Mმინდოდა, ჩემი ეჭვები გაექარწყლებინა. ის ეჭვები, რომლებიც მოსვენებას არ მაძლევდნენ და რომელთა გაქარწყლებაც მხოლოდ პაულინას შეეძლო. უცებ საკუთარმა უმადურობამ შემძრა: ცხოვრებამ საუკეთესო საჩუქარი მომიძღვნა, მე კი უკმაყოფილო ვიყავი. ეს საღამო ჩვენი ცხოვრებების კულმინიაცია იყო. პაულინაც ასე ფიქრობდა. ამიტომაც თითქმის არ გვილაპარაკია, რადგან საუბარი, კითხვების დასმა მხოლოდ ჩვენი განსხვავებულობის ნიშანი იქნებოდა.
    მისი ნახვა მინდოდა, შემდეგ დღემდე ვერ მოვითმენდი. გადაჭრით გადავწყვიტე მონტეროს სახლში იმავე საღამოს მივსულიყავი, მაგრამ მალევე გადავიფიქრე. პაულინასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე ვერ მივიდოდი. აჯობებდა, ლუის ალბერტო მორგანი მენახა და მისგან გამეგო როგორ ცხოვრობდა პაულინა ჩემი არყოფნის დროს.
    ყველაზე გონივრული ახლა დაწოლა და დაძინება იქნებოდა. ცოტას დავისვენებდი და ყველაფერში უკეთ გავერკვეოდი. თანაც, არ მინდოდა დაუდევრად ელაპარაკათ პაულინას შესახებ. ძილის წინ ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ხაფანგში ვიყავი გაბმული. გამახსენდა უძილო ღამეები, როცა ლოგინში მარტო იმიტომ რჩები, რომ არ შეიმჩნიო, როგორ გტანჯავს უძილობა. შუქი ჩავაქრე.
    პაულინას საქციელზე თავის მტვრევას არ ვაპირებდი. ძალიან ცოტა რამ ვიცოდი იმისთვის, რომ სიტუაციაში გავრკვეულიყავი. რადგან ამ ფიქრებისგან ვერ გავთავისუფლდი, გადავწყვიტე, იმ საღამოს თავი მოგონებებისთვის შემეფარებინა.
    პაულინას სახე ისევ ისე მიყვარდა, თუმცა იყო მის საქციელში რაღაც უცნაური და მტრული, რაც ასე მაშორებდა მას. ეს ისევ ის სახე იყო, წრფელი და მშვენიერი, რომელსაც მონტეროს საბედისწერო გამოჩენამდე ვუყვარდი. და მივხვდი, რომ ხანდახან სახეზე აღბეჭდილ ერთგულებას სული არ იზიარებს.
    ან იქნებ ეს ყველაფერი ჩემი მოგონილი იყო და ბრმად მინდობილი საკუთარ სურვილებსა და შეხედულებებს, სინამდვილეში წესიერად არც არასდროს ვიცნობდი პაულინას?
    ჩემთვის პაულინას ერთი ხატება ამოვარჩიე: მისი სახე სარკის ბნელი და მბრწყინავი ზედაპირის ფონზე და შევეცადე გონებაში გამეცოცხლებინა. დავინახე თუ არა მისი მქრქალი გამოსახულება, მომეჩვენა, რომ პაულინა მავიწყდებოდა და მისი სახის აღდგენას შევეცადე. ფანტაზია და მეხსიერება ამოუხსნელი რამაა: გავიხსენე მისი აწეწილი თმა, ტანსაცმლის ნაოჭები, ბურუსი, რომელშიც გახვეულიყო, მაგრამ მისი სახე კვლავ ბუნდოვანი რჩებოდა.
    ჩემი დახუჭული თვალების წინ უამრავმა სურათმა გაიელვა, თითოეული მათგანი დიდ საციცოცხლო ენერგიას ასხივებდა. მოულოდნელად რაღაც აღმოვაჩინე: პაულინას მარჯვნივ, სარკის კუთხეში, როგორც უფსკრულის ბნელ კიდეზე, მწვანე ქვის ცხენმა გაიელვა.
    პირველად, როცა ეს გამოსახულება დავინახე, არ გამკვირვებია, მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გამახსენდა, რომ ეს ქანდაკება სახლში არ მქონდა. მე ხომ იგი ორი წლის წინ ჩემი ხელით ვაჩუქე პაულინას.
    გავიფიქრე, რომ ალბათ ჩემს გონებაში სხვადასხვა დროის მოგონებები დამთხვევა ერთმანეთს. ყველაზე ძველი მოგონება ცხენი იყო, ყველაზე ახალი კი პაულინა. ეს კარგი ახსნა იყო და შემეძლო წყნარად დამეძინა. მაშინ თავში სამარცხვინო აზრმა გამიელვა, და თუ მოგვიანებით განვითარებულ მოვლენებს გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, სასაცილომაც: ,,თუ კარგად ვერ გამოვიძინებ, ხვალ ფერმკრთალი ვიქნები და პაულინას არ მოვეწონები.”
    მალე მივხვდი, რომ ჩემი არგუმენტი ცხენთან დაკავშირებით დამაჯერებლად არ ჟღერდა. ცხენი საძინებელში არასოდეს ყოფილა. სახლში მე ის მხოლოდ მეორე ოთახში, თაროზე შეიძლებოდა მენახა, ანდა ჩემი და პაულინას ხელში.
    თავზარდაცემულმა კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ამ მოგონებებს. ისევ დავინახე სარკე ანგელოზებითა და ხის ჩუქურთმებით. ცენტრში პაულინას სახე იკვეთებოდა, მარჯვენა კუთხეში კი ცხენი მოჩანდა. ოთახის ინტერიერი ძალიან მქრქალად ჩანდა. სამაგიეროდ ბიბლიოთეკის თაროზე მკაფიოდ იკვეთებოდა ცხენის შემართული ფიგურა, რომელიც სარკის მთელ ფსკერს მოიცავდა. უცებ სიბნელეში თვალი მოვკარი ახალ პერსონაჟს, რომელიც მანამდე არ შემიმჩნევია და როცა კარგად დავაკვირდი, მივხვდი, რომ ეს მე ვიყავი.
    ვხედავდი პაულინას სახეს, არა ცალკეულ ნაკვთებს, არამედ მთლიანად, თითქოს მისი მშვენიერება და სევდა განსაკუთრებული ძალით ასხივებდა. ტირილით გამომეღვიძა.
    არ მახსოვს, როდის ჩამეძინა. მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს სიზმარი არ იყო. ჩემი გონება ჩემგან დამოუკიდებლად აგრძელებდა მუშაობას და იმ საღამოს მომხდარ მოვლენებს აღადგენდა.
    საათს დავხედე. ხუთი იყო. გადავწყვიტე, პაულინას რისხვის მიუხედავად დილით მასთან მივსულიყავი, მაგრამ ჩემი მღელვარება ამ ფიქრმაც ვერ ჩაახშო.
    შვიდის ნახევარზე გავიღვიძე, ხანგრძლივი აბაზანა მივიღე და ნელ-ნელა ჩავიცვი.
    არ ვიცოდი, სად ცხოვრობდა პაულინა. კარისკაცმა ტელეფონების ცნობარი მათხოვა. მონტეროს მისამართი არსად არ იყო რეგისტრირებული. პაულინას ნომრის ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერც ის ვიპოვე. როგორც მითხრეს, მონტეროს სახლში ახლა სხვები ცხოვრობდნენ. გადავწყვიტე, მისამართი პაულინას მშობლებისთვის მეკითხა.
    დიდი ხანია ერთმანეთი არ გვენახა (რაც პაულინასა და მონტეროს სიყვარულის ამბავი შევიტყვე, მათთან ურთიერთობა გავწყვიტე). ახლა თავის გასამართლებლად უამრავი რამის ახსნა მომიწევდა, ამის თავი ნამდვილად არ მქონდა.
    ყველაზე კარგი იქნებოდა ლუის ალბერტო მორგანთან მელაპარაკა. თერთმეტზე ადრე ვერ ვესტუმრებოდი. ქუჩაში უაზროდ დავეხეტებოდი, ვერაფერს ვამჩნევდი, კედლის კარნიზი ან უცაბედად ნასროლი სიტყვა თუ გამომაფხიზლებდა. მახსოვს, დამოუკიდებლობის მოედანზე ვიღაც ქალი – ფეხშიშველა, ცალ ხელში ფეხსაცმელებით და მეორეში წიგნით, როგორ დადიოდა ნოტიო გაზონზე.
    მორგანი თეფშში თავჩარგული დამხვდა, რომელიც ორივე ხელით ეჭირა. მოთეთრო სითხეში პურის ნაჭერი ტივტივებდა.
    – სად ცხოვრობსMმონტერო? – შევეკითხე.
    რძე მთლიანად დალია და ფიალის ფსკერიდან პურის ნაჭრების ამოღება დაიწყო.
    – მონტერო ციხეშია – მიპასუხა მან.
    გაოცება ვერ დავმალე. მორგანმა განაგრძო:
    – შენ რა, არაფერი გაგიგია?
    მას ალბათ ეგონა, რომ მხოლოდ ეს დეტალი არ ვიცოდი, მაგრამ რადგან ლაპარაკი უყვარდა, ყველაფერი მიამბო. მომეჩვენა, რომ გონება დამიბნელდა და თითქოს უფსკრულში გადავეშვი, სადაც საზეიმო მყიფე და მკაფიო ხმა ჩემთვის გაუგონარ საზარელ ამბებს ყვებოდა და თან დარწმუნებული იყო, რომ მე უკვე ყველაფერი ვიცოდი.
    აი, რა მიამბო მორგანმა: მონტერომ იეჭვა, რომ პაულინა ჩემს სანახავად მოვიდოდა და ჩემი სახლის ბაღში დაიმალა. გამოსულს უკან დაედევნა და ქუჩაში პასუხი მოსთხოვა. როცა მათ ირგვლივ გამვლელები მოგროვდნენ, მონტერომ მანქანა გააჩერა. მთელი ღამე ტბებთან ახლოს, კოსტანერაზე დადიოდნენ, გამთენიისას კი სასტუმრო ტიგრში პაულინა იარაღით მოკლა. ეს არ მომხდარა წინა ღამით, ეს მოხდა ორი წლის წინ, ჩემი ევროპაში გამგზავრების ღამეს.
    ცხოვრების ყველაზე საშინელ წუთებში უპასუხიმგებლობა იღვიძებს, რომელიც გვიცავს იმისგან, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება და ყურადღება ყოფით წვრილმანებზე გადააქვს. იმ წუთას მორგანს ვკითხე:
    – გახსოვს, ჩვენი უკანასკნელი წვეულება, ჩემი გამგზავრების წინ?
    მორგანს ახსოვდა. მე განვაგრძე.
    – როცა შენიშნე, რომ ვღელავდი და პაულინას მოსაძებნად საძინებელში შეხვედი, რას აკეთებდა იმ დროსMმონტერო?
    – არაფერს განსაკუთრებულს, თუ არ ვცდები სარკეში იხედებოდა.
    სახლში დავბრუნდი, Dშემოსასვლელში კარისკაცი შემხვდა და მოჩვენებითი გულგრილობით ვკითხე:
    – იცოდით, რომ სენიორიტა პაულინა გარდაიცვალა?
    – რა თქმა უნდა, ეს ხომ ყველა გაზეთში ეწერა, სწორედ მე შევატყობინე პოლიციას.
    კარისკაცმა დაკვირვებით შემომხედა.
    – ცუდად ხომ არ ხართ? – მკითხა და მომიახლოვდა. – თუ გნებავთ, მიგაცილებთ.

    მადლობა ვუთხარი და ზემოთ ავედი. ბუნდოვნად მახსოვს, რომ კარის გაღება გამიჭირდა, მერე სადარბაზოს კედლიდან ფოსტა ავიღე, სახლში შევედი და თვალებდახუჭული ლოგინზე პირჩაღმა დავემხე.
    შემდეგ სარკის წინ აღმოვჩნდი, გავიფიქრე: ,,ცხადია, რომ გუშინ ღამით ჩემთან პაულინა მოვიდა. სიკვდილის წინ მიხვდა, რომ მონტეროსთან ქორწინება შეცდომა იყო, საშინელი შეცდომა, ჩვენი სიყვარული კი – ნამდვილი. და მობრუნდა სიკვდილის შემდეგ, რათა დაესრულებინა საკუთარი ბედი, ჩვენი ბედი. გამახსენდა ფრაზა, რომელიც რამდენიმე წლის წინ პაულინამ წიგნზე წამიწერა: ,,ჩვენი სულები უკვე შეერთდნენ”. ეს გუშინ ღამით აღსრულდა, იმ წამს, როცა ჩვენი ხელები ერთმანეთს შეეხო. მისი ღირსი არ ვარ, რადგან ვეჭვიანობდი, არ ვენდობოდი, პაულინა კი ჩვენი სიყვარულის გამო სიკვდილის შემდეგაც დაბრუნდა.
    პაულინამ მაპატია. არასოდეს გვყვარებია ერთმანეთი ასე ძლიერად. არასოდეს ვყოფილვართ ასე ახლოს.
    სიყვარულით, გამარჯვებითა და სევდით ვიყავი გაბრუებული, როცა ჩემს თავს ვკითხე, უფრო სწორად, ჩემმა გონებამ, რომელსაც ჩვევად აქვს ალტერნატიული აზრების შემოთავაზება, მკითხა, ხომ არ ჰქონდა პაულინას გუშინდელ სტუმრობას რაიმე სხვა ახსნა. და მაშინ, როგორც ჭექა-ქუხილი, ერთადერთი სიმართლე დამატყდა თავს.
    პაულინა საიქიოდან ჩვენი საცოდავი სიყვარულის გამო არ მობრუნებულა. ეს არ იყო პაულინას მოჩვენება. მე ჩემი მეტოქის ეჭვებით შექმნილ საზარელ ქიმერას შევეფეთე.
    ამ ყველაფრის გასაღები ჩემი გამგზავრების წინა დღეს პაულინას სტუმრობა იყო. მონტერო მას უკან აედევნა და მალულად ბაღში ჩაუსაფრდა. მთელი ღამე ჩხუბობდნენ, მაგრამ მონტერომ მაინც ვერ ირწმუნა მისი ერთგულება – ან კი როგორ დაიჯერებდა ის პაულინას სისპეტაკეს. და გამთენიისას მოკლა.
    ნათლად დავინახე, როგორ იჯდა ციხეში და არ ასვენდებდა იმაზე ფიქრი, რაც იმ საღამოს მოხდა და თან ჯიუტად თხზავდა საკუთარ ეჭვებს.
    ლანდი, რომელიც ჩემს სახლში შემოვიდა და ისიც, რაც შემდეგ მოხდა, მონტეროს საშინელი წარმოსახვის ანარეკლი იყო. ისე ვიყავი დაბრმავებული, რომ ამ ყველაფერს გვიან მივხვდი, მაშინ მხოლოდ ის მსურდა, რომ პაულინას ნებას დავყოლოდი. თუმცა საეჭვო ბევრი რამ იყო. მაგალითად, წვიმა. როცა ნამდვილი პაულინა ჩემი გამგზავრების წინ მესტუმრა, წვიმის ხმა არ ისმოდა. მონტეროს კი, რომელიც ამ დროს ბაღში იმალებოდა, წვიმა პირდაპირ სხეულზე ესხმებოდა და როცა ჩვენ წარმოგვიდგენდა, ეგონა, რომ წვიმის ხმაური ჩვენამდეც აღწევდა. სწორედ ამიტომ ჩამესმოდა ეს ხმა წინა ღამით და ამიტომ იყო, რომ გარეთ გამოსულს ქუჩა მშრალი დამხვდა.
    მეორე ნიშანი ქანდაკება იყო. ის სახლში მხოლოდ ერთი დღე გავაჩერე – წვეულების დღეს, მაგრამ მონტეროსთვის ის ჩემი სახლის სიმბოლოდ იქცა და ამიტომ გაჩნდა სარკეში მისი გამოსახულება.
    სარკეში რომ ჩავიხედე, საკუთარი თავი ვერ ვიცანი, იმიტომ, რომ მონტეროს არ შეეძლო ჩემი მკაფიოდ წარმოდგენა. ამავე მიზეზით არ ჩანდა საძინებელი. პაულინას ცნობაც კი გამიჭირდა – მონტეროს ფიქრებიდან არეკლილი პაულინა არ ჰგავდა საკუთარ თავს და მეტიც, მონტეროსავით საუბრობდა.
    ამ ღამის ჩვენებები მონტეროს სასჯელია. ჩემი სასჯელი კი უფრო რეალურია, ეს არის იმის ცოდნა, რომ სიყვარულში იმედგაცრუებული პაულინა არასოდეს დაბრუნებულა ჩემთან, მე არასოდეს ვყოფილვარ მისი სიყვარული. ეს იმის ცოდნაა, რომ Mმონტერო იცნობდა ისეთ პაულინას, როგორსაც მე არ ვიცნობდი, რომ იმ ღამეს, როცა ხელი მოვკიდე – ჩვენი სულების შეერთების წამს – დავემორჩილე პაულინას ბრძანებას, რომელიც სანამდვილეში მის ბაგეებს არასოდეს წარმოუთქვამთ ჩემთან, და რომელიც განუწყვეტლივ ჩაესმოდა ჩემს მეტოქეს.

    ესპანურიდან თარგმნა ქეთი ჯიშიაშვილმა

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ინტერვიუ

    კასარესის სიბერე და სიყვარული

    ადოლფო ბიოი კასარესი 1914 წელს არგენტინაში, ბუენოს აირესში დაიბადა. მისი ოჯახი საზოგადოების მაღალ ფენას ეკუთვნოდა. მან პირველი რომანი 11 წლის ასაკში დაწერა და თავის ბიძაშვილს მიუძღვნა. 1932 წელს ბიოი კასარესი ხორხე ლუის ბორხესს გაიცნობს და მათი ახლო მეგობრობა ბორხესის სიკვდილამდე, 1986 წლამდე გაგრძელდება. ამავე წელს დაიწყო მისი ურთიერთობა იმ დროის ერთერთ ყველაზე გავლენიან მწერალ ქალთან, ვიქტორია ოკამპოსთან, ჟურნალ ,,Sur -ის რედაქტორთან. 1933 წელს კასარესი ბუენოს აირესის უნივერსიტეტში ირიცხება, თუმცა მალევე ანებებს თავს სწავლას, რადგან სურს სამწერლო კარიერას მოჰკიდოს ხელი. 1940 წელს ვიქტორიას დაზე, ნიჭიერ პოეტსა და მწერალ სილვინა ოკამპოზე ქორწინდება, იმავე წელს აქვეყნებს მის შემოქმედებაში უდაოდ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს, კლასიკურ ლათინოამერიკულ ფანტასტიკას ,,მორელის გამოგონებას”, რომელსაც ბუენოს აირესის პირველი მუნიციპალური პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში. კასარესის ამ რომანის მიხედვით ალენ რენე იღებს ფილმს სახელწოდებით ,,წარსულ ზაფხულს მარიენბადში”
    ნახევარ საუკუნის მანძილზე ბიოი კასარესი აქტიურად და ნაყოფიერად იყო ჩართული არგენტინის ლიტერატურულ ცხოვრებაში. მისი შემოქმედება მოიცავს არაერთ რომანს, მოთხრობების კრებულს, სტატიებს, ესეებს და სსვადასხვა ჟანრის თხზულებებს. საყოველთაოდ ცნობილია მისი თანამშრომლობა ბორხესთან. მათ ერთობლივად შექმნეს პოლიციური რომანები, რომლებიც არგენტინული საზოგადოებისადმი ირონიითაა შეზავებული. ხელს სხვადასხვა ფსევდონიმებით აწერდნენ. ჰ. ბუსტოს დომეკის, ბ. სუარეს ლინჩის ფსევდონიმით გამოაქვეყნეს ,,დონ ისიდორო პაროდის ექვსი ამოცანა (1942) და ,,ბუსტოს დომეკის ქრონიკები’’ (1967). მეუღლესთან, სილვინა ოკამპოსთან ერთად ადგენს ფანტასტიკური ლიტერატურის ანთოლოგიას, რომელსაც მეუღლესთან და ბორხესთან ერთად ამუშავებს.
    მოგვიანებით ბიოი კასარესის პროზა უფრო რეალისტური ხდება, თუმცა ირეალურობის ელემენტები კვლავ რჩება. ..გმირების ოცნება” (1954), ,,ჩრდილიანი მხარე” (1964) და ,,ღორებთან ომის დღიურები” (1969) ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრებია. წიგნებში ,,ფანტასტიკური ისტორიები” (1973) და ,,ქალების გმირი” (1978) ავტორი დრამატული ალეგორიულობისა და ფილოსოფიური მოთხრობის ერთგვარ ნაზავს ქმნის”.
    ბორხესის გარდაცვალების შემდეგ მწერალმა გამოსცა თავის მოგონებების ნაწილი ბორხესის შესახებ, აგრეთვე მათი ერთობლივი ფილმების სცენარები.
    ადოლფო ბიოი კასარესი გარდაიცვალა 1999 წელს, ბუენოს აირესში, 84 წლის ასაკში. მისი ნამუშევრები მრავალ ენაზეა თარგმნილი და უკანასკნელ წლებში მათ მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება. იგი არის არაერთი პრესტიჟული პრემიის, მათ შორის, სერვანტესის პრემიის ლაურეატი (1990), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯილდოა ესპანურენოვანი მწერლისთვის.

    კასარესის სიბერე და სიყვარული

    ინტერვიუ ჩაწერილია ლაურა პინტოსის მიერ, მწერლის გარდაცვალების წელს, მისი 84-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით.

    – რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე გქონდათ…
    – სამწუხაროდ. რა დრო გავიდა არა? რა საშინელი ტრადიციაა სიბერეში გარდაცვალება. თავი რომ მშვიდად ვიგრძნო, კიდევ 150 წლის პერსპექტივა მაინც მჭირდება წინ.
    – კიდევ უფრო უკეთესი უკვდავება იქნებოდა, არა?
    – თანაც ბევრად უკეთესი, სხვანაირად ცხოვრებას აზრი ეკარგება, გონება რას აღარ წარმოიდგენს და უცებ, ყველაფერი მთავრდება. ვეღარც აქტიური ცხოვრების გეგმას დასახავ (ბოლო სიტყვებს თითქმის ჩურჩულით წარმოთქვამს. როგორც კი ხვდება, ბოდიშს იხდის და იღიმება) ხმამაღლა ფიქრი და საუბარი არ შემიძლია, ხმას ვუწევ ხოლმე, ალბათ ამის სწავლაც მომიწევს.
    – ყოველდღე წერთ?
    – დიახ, ხელით ვწერ რვეულებში, ლურჯი მელნით, რაც იმის შთაბეჭდილებას მიქმნის, რომ გვერდების ამოხევა არ შემიძლია. ახლა ცოტა შევფერხდი, ერთ რომანზე ვფიქრობ, დასაწყისი კარგი გამოდის, მაგრამ აი დასასრული კი ვერაფრით მომიფიქრებია. ამ ბოლო დროს ეჭვისა და დამარცხების განცდა მეუფლება, იმედი მაქვს, ყველაფერს გადავლახავ. როგორც კი თავში რაიმე ისტორია მომდის, იმ წუთას ვხვდები, რომ ეს სწორედ ამ სიუჟეტის ნაწილია.
    – როგორ იბადება თქვენი ნაწარმოები?
    – თავდაპირველად ისტორია მომდის თავში, რომელსაც ჯერ საკუთარ თავს ვუყვები, შემდეგ კი სხვებს. თუ შევატყვე, რომ მათთვის საინტერესოა, წერას ვიწყებ.
    -,,სხვებში” ვის გულისხმობთ?
    – ბიოი ეშმაკურად იღიმება: როგორც წესი, ქალებთან ერთად ვსაუზმობ და ჩემს ისტორიასაც სიამოვნებით ვუყვები.
    – როგორ ფიქრობთ, წერა სამსახურია?
    – დიახ, ჩემის აზრით, ასეა.
    – თუმცა აქ, არგენტინაში მწერლისთვის ძნელია თავის შენახვა.
    – ჩემთვისაც ასეა, წერას სიღარიბე ენაცვლება. იმის წყალობით, რომ ჩემი წიგნები ლამის ყველა ენაზეა თარგმნილი, შემოსავლის ნაწილი საფრანგეთიდან, ინგლისიდან, იტალიიდან შემომდის.
    – თანაც ის პრემიები, რომლებსაც კაპიტალი მოაქვთ, დაგვიანებით მოდიან.
    – მე ვიტყოდი, ძალიან დაგვიანებითაც კი. გასაოცარია, როგორ აუმჯობესებენ ისინი ჩვენს ცხოვრებას. როცა სერვანტესის პრემია მივიღე და ბუენოს-აირესში ჩამოვედი, ხალხი რიგში აქეთ-იქით იწეოდა, რომ ჩემთვის გზა დაეთმო. პრემიები ყველაზე მეტად ამისთვისაა საჭირო. ისინი ცხოვრებას უკეთესს, უფრო კომფორტულს ხდიან. კაზანოვა ამბობდა, რომ აღიარება ათავისუფლებს გზას სიამოვნებისაკენ.
    -…და აგრეთვე კვებავს პატივმოყვარეობას.
    – ამას დიდი ხნის წინ მოვერიე. პატარაობაში ძალიან პატივმოყვარე ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ პატივმოყვარეობა სიხარულის პირველი მტერია და კლავს ბედნიერებას.
    – ბედნიერი იყავით?
    – დიახ, ბედნიერი ვიყავი, მართალია, ცხოვრებამ დიდი დარტყმები მომაყენა, მაგრამ მგონი ბედნიერი ვიყავი.
    – დაუსრულებელი საქმეები თუ გაქვთ?
    – დიახ, მოთხრობები, რომლებსაც ვერ ვამთავრებ და რომანი, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანო.
    – თავს მარტოსულად გრძნობთ?
    – არა, მე ბევრი მეგობარი მყავს, ზოგი მთელი ცხოვრებაა მომყვება, ზოგიც ლიტერატურამ გამაცნო. მყავს მეგობარი ქალებიც.
    – როგორი იყო თქვენი ურთიერთობა ბორხესთან?
    – ეს იყო მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა, მაგრამ აგრეთვე იმ ორი მეგობრის ურთიერთობა, რომლებსაც ძალიან უყვართ და კარგად უგებენ ერთმანეთს, ბევრს ერთობიან და ბევრს საუბრობენ ლიტერატურაზე. ზუსტად ახლა ვაპირებ გამოვცე ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი-საუბრები ბორხესთან – 30-იანი წლებიდან 75 წლამდე. სულ ცოტა 500 გვერდიანი იქნება.
    – საიდან ჩნდება ისტორიების წერის სურვილი? რატომ უნდება ადამიანს დატოვოს ჩანაწერები მის მიერ განცდილზე?
    – რა რთული შეკითხვაა… ჩემს შემთხვევაში ასე ხდება: წარმოსახვა იდეებს მაწვდის და მე მათზე წერის ცდუნება მიყოლიებს. ამ დროს ვფიქრობ თხრობის სიამოვნებაზე, იმაზე, რომ მკითხველს ჩემს წარმოსახვაში ჩავითრევ და ეს მომხიბვლელად მეჩვენება.
    – რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, სიამოვნება?
    – ცხოვრება მატყუარაა. გეჩვენება რომ სულ იქნები. სიამოვნება კი იმისთვის არის კარგი, რომ ადამიანი სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს იმაზე ფიქრით, რომ ყველაფერი დამთავრდება.
    – რას ფიქრობთ არგენტინულ ლიტერატურაზე?
    – ვფიქრობ, რომ არგენტინას აქვს თავის უარყოფითი მხარეები და ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ არგენტინა ყოველთვის კარგ ლიტერატურას ქმნიდა. მაშინაც კი, როცა ქვეყანაში მხოლოდ 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, არსებობდნენ მანსილია და სხვა შესანიშნავი მწერლები. არ ვიცი, რით შეიძლება ამ ყველაფრის ახსნა.
    – თქვენ ამბობთ, რომ ტექსტის ჩასწორებაზე ბევრს მუშაობთ. რა ხდება გამოქვეყნების შემდეგ, კმაყოფილი ხართ შედეგით?
    – არასოდეს მქონია იმის სიამოვნება, წიგნი ხელში ამეღო და კმაყოფილი სახით მშვიდად, შეხტომების გარეშე წამეკითხა, ყოველთვის რაღაც სისულელე ან შეცდომა მეჩხირება თვალში.
    – მამათქვენის შემდეგ, თქვენი მეუღლის, სილვინა ოკამპოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო თქვენი კარიერისთვის?
    – დიახ, რა თქმა უნდა, როცა ადვოკატობას თავი დავანებე, მშობლები ძალიან გავანაწყენე. მაგრამ მე ვთვლიდი, რომ ადვოკატობა ფუჭი ძალისხმევა იყო იმ ადამიანისთვის, ვისაც თანამდებობა არ აინტერესებს. ამის შემდეგ ფილოსოფიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩავაბარე, რამაც კიდევ უფრო დამაშორა ლიტერატურასა და ფილოსოფიისგან, ვიდრე ადვოკატურაზე სწავლამ. ამიტომ სწავლა მივატოვე და ათი წლით სოფელში გადავსახლდი. ამან ძალიან გამზარდა, ბევრს ვწერდი და ვკითხულობდი.
    – ძნელი იყო მწერალ მეუღლესთან თანაცხოვრება? იყო თქვენს შორის პაექრობა?
    – არავითარი. კარგი იყო, როცა ვსაუბრობდით იმაზე, რის დაწერასაც ვაპირებდით.
    – ერთგულება უტოპიაა?
    – ეჭვი მაქვს, რომ კი.
    – არსებობდა დაუვიწყარი ქალი თქვენს ცხოვრებაში
    – მგონი კი (წუთით დადუმდა, შემდეგ გამოიხედა ისე, რომ არ შემოუხედავს და სევდანარევი ხმით მიპასუხა) იყო ერთი ქალი, მე ის ძალიან მიყვარდა პარიზში ყოფნისას და საშინლად განვიცადე, როცა ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ გარდაცვლილა. ეს იყო ელენა გარრო (საუბარია ოქტავიო პასის მეუღლეზე. ამ სიტყვებზე მისი ცოცხალი თვალები იღრუბლება, თავს მხოლოდ ერთი წუთით აძლევს ნოსტალგიის უფლებას, შემდეგ კი იღიმება და უნაკლო ლურჯ კოსტიუმზე ჰალსტუხს ისწორებს).
    – რა უპირატესობა აქვს სიბერეს, თუ კი მას საერთოდ აქვს რაიმე უპირატესობა?
    – ამას წინათ აი აქ, ამ ლოგინზე ვიწექი და მასაჟს მიკეთებდნენ. ექიმმა მკითხა, ბიოი, არ გეჩვენება, რომ სიბერე საძაგლობაა? (ხანგრძლივად იცინის) და მე ვუპასუხე რომ კი, ეს მართლაც ასეა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა (თარგმანი)

    პასკალ რობერ-დიარი – უყვარდა და მოკლა

    ამ ოთხმოცი წლის ბერიკაცმა შარფი
    წაუჭირა კისერში თავის ცოლს,
    რომელთან ერთადაც ორმოცდაათწლიანი
    ცხოვრების გზა გამოიარა.
    ვეღარ ვუყურებდი, როგორ მადნებოდა ხელშიო.

    მარსელის ოჯახს ყველა იცნობდა. მის ცოლს – რენეს, ქუჩაში მხოლოდ ქმართან მკლავგაყრილს ხედავდნენ. მოხუცდნენ, ოთხმოცს გადააბიჯეს. აქედან ორმოცდაათი ერთად გაატარეს. კაცი სულ ცოლზე ზრუნვაში იყო: ფეხი არაფერს წამოკრას, არ გაცივდესო. ადრე ყოველ ნაშუადღევს გამოდიოდნენ სახლიდან და პლესი-ტრევიზის მოხუცთა პანსიონში მეგობრებს ხვდებოდნენ, ბანქოს თამაშით იქცევდნენ თავს. ბოლო დროს ისე ხშირად აღარ ჩანდნენ. რენეს გათიშვები დაეწყო. პანსიონში ამბობდნენ, ალცჰეიმერის დაავადება აქვსო. მარსელსაც დაეტყო დაღლილობა, ძალიან გახდა.
    2003 წლის 9 იანვარს, სამზარეულოში, საუზმის შემდეგ მარსელმა რენეს ძალიან მაგრად წაუჭირა ყელზე შარფი და მაშინ მოუშვა, ქალმა თვალები რომ გადმოკარკლა. მერე პოლიციაში დარეკა, ეს-ესაა ცოლი დავახრჩეო. რძალსაც დაურეკა, თხოვა ვაჟიშვილისთვის შეეტყობინებინა ეს ამბავი და დაამატა: “აღარ შემეძლო მისი ყურება ამ მდგომარეობაში. იქნებ შვებაც კი მოვგვარე”.
    სამშაბათ-ოთხშაბათს, 2 და 3 ოქტომბერს მარსელი ნაფიც მსაჯულთა წინაშე წარსდგა განზრახ მკვლელობის ბრალდებით. სკამი მოუტანეს, რადგან ფეხები და ჯოხი ვეღარ იჭერდნენ მის სხეულს. მიკროფონიც მიუმაგრეს პიჯაკზე, რადგან ხმას ძლივსღა იღებდა. სასამართლო სხდომის თავმჯდომარე ედიტ დიუბრეილი ნელა, დამარცვლით და ხმამაღლა ლაპარაკობდა, რომ მის სიტყვებს მარსელის სმენადაკარგულ ყურებამდე მიეღწია.
    – ჯერ თქვენი ცხოვრების შესახებ გვიამბეთ, ბატონო.
    – როდიდან მოყოლებული, ქალბატონო თავმჯდომარე?
    – თავიდან.
    მარსელის ცხოვრება 1921 წლის 10 იანვარს დაიწყო. 14 წლის რომ შესრულდა, რენეს მამას შეგირდად დაუდგა ძეხვეულის მაღაზიაში. რენე ხუთი წლით იყო მასზე უმცროსი. მარსელს 12 წლის ასაკში უკვე წარჩინებული მოსწავლის მოწმობა ჰქონდა და მასწავლებლობაზე ოცნებობდა, მაგრამ ხელმოკლე მშობლებმა მაღაზიაში გაამწესეს.
    ომის შემდეგ მარსელმა პარიზს მიაშურა. იქ ერთ გამყიდველ ქალს შეხვდა, ცოლად შეირთო და შვილიც ეყოლათ.
    – ახლა უკვე საკუთარი საქმე მინდოდა მქონოდა.
    მე-15 უბანში მარსელმა თავისი პირველი ძეხვეულის მაღაზია გახსნა.
    ბიჭი პატარა იყო, 4 წლისა იქნებოდა, ცოლმა რომ მიატოვა; კურიერი გაიცნო ბანკში და მასთან ერთად გაუჩინარდა. მარსელს ძალიან გაუჭირდა.
    – ძეხვეულის მაღაზიაში წყვილი უნდა მუშაობდეს, ქალბატონო თავმჯდომარე.
    მაღაზია დაკეტა და ბაზრობებზე დაიწყო მუშაობა. სწორედ მაშინ კვლავ შეხვდა რენეს, რომელიც ასევე დედაქალაქში წამოსულიყო.
    – გადავწყვიტე, პატარა საქმე წამომეწყო მასთან ერთად, ცხოვრება ხელახლა უნდა დამეწყო.
    რენეს ყოველთვის სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, მაგრამ თავდაუზოგავად შრომობდა.
    – მას ვერასოდეს გააჩერებდი, – იგონებს მარსელი.
    მერე ქალს უგუნებობა დასჩემდა, დეპრესია მოეძალა და, ერთხელაც, თავის მოკვლა სცადა. მაშინ მარსელმა გაყიდა მაღაზია, რომ ცოლისთვის დასვენების საშუალება მიეცა. ორი წლის შემდეგ ვაჟი შეეძინათ, რენე უკეთ გრძნობდა თავს და მარსელიც საქმეს მიუბრუნდა. მაგრამ ავადმყოფობამ კვლავ იჩინა თავი. მაშინ მარსელმა საბოლოოდ თქვა უარი საკუთარ საქმეზე და მას მერე, პენსიაში გასვლამდე, სუპერმარკეტში ძეხვეულის განყოფილებაში მუშაობდა. რაც შეეხება რენეს, მის მკურნალობას ერთმა საქვეყნოდ ცნობილმა პროფესორმა მოჰკიდა ხელი და ლითიუმის წყალობით ქალი გამოჯანმრთელდა.
    – მან აჩუქა ჩემს ცოლს 25 ბედნიერი წელი!
    ვაჟიშვილი თავისი გზით რომ წავიდა, მარსელმა და რენემ სახლი გაყიდეს და უფრო მომცროში დასახლდნენ პლესი-ტრევიზში. სულ ერთად იყვნენ. მარსელს მუდამ თვალი ეჭირა, დროულად მიეღო წამლები რენეს.
    – კოლოფში ვუწყობდი, ცალკე დილით დასალევს, ცალკე – შუადღისას და ცალკე – საღამოსას, რომ არ არეოდა.
    როდესაც მდგომარეობა უარესდებოდა, მახლობელ საავადმყოფოში მიჰყავდა.
    – ორ დღეში სრულიად გამოკეთებული მიბრუნდებოდა.
    – გამოდის, მუდმივ მოვლას საჭიროებდა? – ეკითხება თავმჯდომარე.
    – ჩანს, ეს გვეწერა. იცით, ეს ორმოცდაათი წელი მაინც ბედნიერები ვიყავით. ყველაფერს აკეთებდა, ჩემთვის რომ ესიამოვნებინა. მეც… ერთხელ ბირჟაზე პატარა მოგება ვნახე, რაღაც თანხა მოვიხელთე და ქურქი ვუყიდე. მან კი ვერც გაბედა მისი ჩაცმა იმის შიშით, რას იტყვის ხალხიო, – ეღიმება მარსელს.
    – ერთ დღეს, ეს იყო 2002-ში, რენემ სადილად 15 კაცისთვის გააკეთა კერძი, თუმცა მხოლოდ ორნი ვიყავით. არაფერი მითქვამს. ვეღარ პოულობდა გასაღებებს, რომლებსაც 15 წელია ერთსა და იმავე ადგილას კიდებდა დერეფანში.
    გასაღებები ადგილზე იყო. მარსელი უსიტყვოდ იღებდა და აძლევდა. ერთხელაც საშინელ დღეში ვარდება; დარწმუნებულია, რომ ქურქი მოპარეს და ეს მარსელის ბრალია, კარს რომ არასოდეს კეტავს. და საერთოდ, ყველაფერში ისაა დამნაშავე და ჩხუბს უტეხავს.
    – როდესაც ეს დაეწყო, არაფრად ვაგდებდი, თავს ვირწმუნებდი, რომ ვიღაც ავადმყოფი მაყენებს შეურაცხყოფას და არა ჩემი ცოლი, რადანაც ის არასოდეს მექცეოდა ასე.
    საავადმყოფოში მარსელი იგებს, რომ რენეს ალცჰეიმერის დაავადება აქვს. წამლები უკვე ვეღარაფერს შველის. მდგომარეობა თანდათან მძიმდება. აღარც ალაგებს, აღარც ამზადებს. მარსელი თავის თავზე იღებს ყველაფერს. “სახლში უზადო წესრიგია”, იტყვიან მეზობლები. რენეს ღამით აღარ სძინავს, შეუკავებლობა დაეწყო. მარსელი უვლის, ბანს, ურეცხავს პერანგს, ზეწარს, მაგრამ უკვე დაიღალა, ძალა გამოეცალა. მათი ახლო მეზობელი, ყოფილი ექთანი პენსიონერი ქალი შეშფოთებულია ორივეს ჯანმრთელობის გამო. ვაჟიშვილიც შეწუხებულია, ხშირად დადის მათ სანახავად.
    2002-ის დეკემბერში მარსელი და რენე საავადმყოფოში მოათავსეს, ზოგადი თერაპიის განყოფილებაში, ერთმანერთის მომდევნო სართულებზე.
    – ყოველ შუადღეს სინით ხელში ჩავდიოდი მასთან და ჩემი ხელით ვაჭმევდი, პატარა ბარტყივით, ნისკარტში რომ უნდა ჩაუდო საკვები.
    საღამოობით მათი ვაჟი საქმიანობს სახლში. რენე მათ უკვე ვეღარ სცნობს.
    – მსაყვედურობდა, რომ არ დავდივარ საავადმყოფოში მის სანახავად.
    იანვრის დასაწყისში ექიმმა გამოუცხადა მარსელს, რომ ცოლთან ერთად უნდა გაწერონ საავადმყოფოდან.
    – მაგრამ ჩემი ცოლის ადგილი აღარაა სახლში, ვუთხარი მას. მან კი სიტყვასიტყვით ასე მიპასუხა, ქალბატონო თავმჯდომარე: “თქვენ ძლიერი მამაკაცი ხართ. უნდა შინ დაბრუნდეთ და ეცადოთ, მოიწყოთ ცხოვრება”.
    ვაჟის ჩარევის შემდეგ დედამისი კიდევ ერთი კვირით დატოვეს საავადმყოფოში. ის და მარსელი მეტი ძალისხმევით ეძებდნენ ადგილს რენესათვის სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში.
    – თავს ჩიხში მომწყვდეულივით ვგრძნობდი. კარგად ვხედავდი, რომ მამაჩემისთვის ეს ძალიან მძიმე ტვირთი იყო, დედაჩემს კი არც ერთი დაწესებულება არ ღებულობდა, – უხსნის ის სასამართლოს.
    მეზობელი ქალიც კი ჩაერია, მთავარ ექიმს დაელაპარაკა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ზრდილობიანად მოიშორა თავიდან, შეახსენა, რომ მათი ოჯახის წევრი არ იყო, თან გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვსო.
    – შესაძლოა, ხვალ ეს ინანოთ, – უთხრა მას ქალმა.
    2003-ის 6 იანვარს რენე შინ დაბრუნდა, პლესი-ტრევიზში. ვაჟიშვილის დახმარებით მარსელმა მაცივარი გაავსო. სოციალური სამსახურიც დაპირდა, რომ მოინახულებდნენ, მაგრამ წლის დასაწყისის გამო შეფერხებები ჰქონდათ.
    9 იანვრის დილით მარსელი და რენე სამზარეულოში ისხდნენ.
    – საუზმე მოვუმზადე და მიირთვა. მერე, ჩემთვის რომ ვიმზადებდი, მისაყვედურა, არასდროს არაფერს მაჭმევო. მაშინ, კიდევ ერთი ბალახის ნაყენი გავუკეთე, რადგან ვიცოდი, წამლებთან ერთად ბევრი სითხე უნდა მიეღო. ისევ შემომწყრა. გულზე გავსკდი, ბრაზით ავივსე, განსაკუთრებით, ექიმების მიმართ, რომელთაც არაფერი იღონეს. ჰოდა, ის იყო, მივვარდი და წავუჭირე.
    – რას ფიქრობდით მაშინ? – ეკითხება თავმჯდომარე.
    – არაფერს. გონება დამიბნელდა. მე ბოროტმოქმედი ვარ, ქალბატონო თავმჯდომარე, ეს პროცესიც ხომ ამიტომაა. ისიც კი მიფიქრია, შესაძლოა, ამით სიყვარული კიდევ ერთხელ დავუმტკიცე. თუმცა, რა ვიცი; ყველას შეუძლია ის იფიქროს, რაც უნდა, ჩემთვის კი სასჯელი სიცოცხლეა.
    ოთხშაბათს, 3 ოქტომბერს, ვალ-დე-მარნის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 86 წლის მარსელს ერთი წლით პირობითად თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დარბაზიდან ვაჟიშვილის მკლავზე დაყრდნობილი გამოვიდა და მოხუცთა პანსიონში თავის ოთახში დაბრუნდა. ერთი კი გაიფიქრა, პტიტ-ეპარნის გამზირზე ბინაში დაბრუნებულიყო, მაგრამ მარტო ვერ დარჩებოდა.
    – იქ, თავშესაფარში, ყველა თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, მაგრამ კვირაში მხოლოდ ხუთჯერ გვაქვს ერთად სადილობის უფლება. საღამოობით თვითონ ვამზადებთ ვახშამს, ასევე, შაბათ-კვირას, რადგან რესტორანი არ გვაქვს.
    – და მაინც იქ ბრუნდებით?
    – რას იზამ, ვცდილობ იოლად გავიდე, ქალბატონო თავმჯდომარე.
    2003 წლის 9 იანვრის მომდევნო დღეს მარსელისა და რენეს ვაჟი ფსიქიარტიული საავადმყოფოდან გამოიძახეს, სადაც თხოვნა ჰქონდა შეტანილი. აცნობეს, რომ ადგილი გათავისუფლდა… დედამისისთვის…

    ფრანგულიდან თარგმნა ლია რუხაძემ

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეცენზია

    ასტრიდ ლინდგრენი – "ყაჩაღის ასული რონია"


    თამარ ლომიძე
    უკან, ბუნებისკენ
    ასტრიდ ლინდგრენი. “ყაჩაღის ასული რონია”. მთარგმნელი თამარ ჩიქოვანი. ილუსტრაციები ილონ ვიკლანდისა. გამომცემლობა “დიოგენე”. თბილისი. 2002.

    საბავშვო პროზის ცნობილი შვედი ოსტატის, ასტრიდ ლინდგრენის ვრცელი ზღაპარი “ყაჩაღის ასული რონია” მკვეთრად გამოირჩევა მწერლის სხვა ნაწარმოებთაგან. კერძოდ, მასში თავს იჩენს მჭიდრო კავშირი გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიასთან და ფოლკლორთან. ამ სტილური ხერხის მეშვეობით ნაწარმოებში გადმოცემული ამბავი მაქსიმალურად განზოგადებული იერით აღიჭურვება და მიგვანიშნებს იმაზე, რომ “რონია” მწერლისთვის საგანგებო მნიშვნელობის ქმნილებას წარმოადგენდა.
    ზღაპრის შინაარსი, მოკლედ, ასეთია: ყაჩაღთა თორმეტკაციანი რაზმის ბელადის, მატისის ასული რონია დაიბადა ქარიშხლიან ღამეს, ჭექა-ქუხილის დროს. იმავე მომენტში მატისის მოსისხლე მტერს, ყაჩაღთა ასევე თორმეტკაციანი ბანდის მეთაურს, ბორკას გაუჩნდა ვაჟი, ბირკი. ბავშვების დაბადებისას მეხმა შუაზე გააპო მატისის ციხე-სიმაგრე. მის ერთ ნაწილში დარჩა მატისის ოჯახი და რაზმი, მეორე ნაწილს კ4ი მალე დაეპატრონა ჯარისკაცების მიერ დევნილი ბორკა, თავისი ოჯახითა და ერთგული ყაჩაღებითურთ.
    როდესაც რონია წამოიზარდა, დედ-მამამ გოგონას ნება დართო, ყოველდღე დაეტოვებინა ციხე-სიმაგრე და გასცნობოდა გარემომცველი უზარმაზარი ტყის ყოველ კუთხე-კუნჭულს, მის ბინადართა ცხოვრებას. ერთ მშვენიერ დღეს რონიამ და ბირკმა ერთმანეთი გაიცნეს და, მშობლებს შორის არსებული მტრული დამოკიდებულების მიუხედავად, დამეგობრდნენ, შემდეგ კი და-ძმობაც შეჰფიცეს ურთიერთს.
    ბორკასა და მატისის შუღლმა აიძულა ბავშვები, წასულიყვნენ ციხე-სიმაგრიდან და თავი შეეფარებინათ გამოქვაბულისთვის, სადაც მათ გაატარეს გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა. ისინი კვლავ დადიოდნენ ტყეში, სადაც არაერთი თავგადასავალი გადახდათ. ზამთრის დადგომისას შვილს მონატრებულმა მატისმა შინ წაიყვანა რონია. ბირკიც დაბრუნდა თავის დედ-მამასთან. მატისმა და ბორკამ, ორთაბრძოლის შემდეგ, დაივიწყეს ძველი მტრობა და დამეგობრდნენ. მომდევნო გაზაფხულზე ბავშვებმა კვლავ გამოქვაბულში დაიდეს ბინა, ახლა უკვე – მშობლების ნებართვით. ასე მთავრდება “ყაჩაღის ასული რონია”.
    ნაწარმოების აღქმის სისრულისთვის აუცილებელია, მივუთითოთ მისი ზოგიერთი ფოლკლორულ-მითოლოგიური პირველმოტივი და პირველსახე.
    “რონიაში” წარმოჩენილია (როგორც ეს სჩვევია, საზოგადოდ, ზღაპარსა და მითს) სამყაროს სივრცული მოდელი. ამიტომ ზღაპრის თემას, ფაქტობრივად, წარმოადგენს ემპირიული სივრცის (ტყის, ბუნების) ათვისება, რაც ხორციელდება რონიას მიერ ტყეში ხეტიალის, ტბასა და მდინარეში ცურვის, ცხენების გახედნის, კლდეებზე ცოცვის, ფანტასტიურ არსებებთან შეხვედრათა და ა.შ. საშუალებით. რაც შეეხება დროს, მითითებულია, უბრალოდ, მისი ციკლურობის შესახებ. ამასთან, დროის კონკრეტული მომენტები ან პერსონაჟების ასაკი მკითხველისთვის უცნობი რჩება. ჩვენ მხოლოდ შემთხვევით ვგებულობთ, რა ხნის არიან რონია და ბირკი (თერთმეტი წლისანი), როდესაც ისინი ტოვებენ მატისის ციხეს.
    ზღაპრის დასაწყისში საგანგებოდაა ხაზგასმული რონიასა და ბირკის დაბადების პირობები – ქარიშხალი, ჭექა-ქუხილი, მეხის გავარდნა. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბავშვთა მამების – მატისისა და ბორკას მითოლოგიურ პირველსახეს წარმოადგენს ჭექა-ქუხილის სკანდინავიური ღმერთი, თორი (შემთხვევითი არაა, რომ დედამისი რონიას “ჭექა-ქუხილის ბავშვს” უწოდებს). ბორკა ნაწარმოებში, ერთგვარად, ჩრდილშია, მაგრამ მატისი ნამდვილად წააგავს თორს, რომელსაც მითები, ოდინისგან განსხვავებით, ჭკუა-გონებას კი არ მიაწერენ, არამედ – მხოლოდ უდიდეს ფიზიკურ ძალ-ღონეს და მრისხანე ხასიათს. თორის მსგავსად, მატისი ერთთავად “ბრდღვინავს”, “ღმუის” ან “ღრიალებს”. ისიც კანონზომიერია, რომ მატისსაც და ბორკასაც თორმეტკაციანი რაზმები ჰყავთ. სკანდინავიური ღმერთები იყოფოდა “აზებისა” და “ვანების” ორ ჯგუფად, თითოეულ მათგანში კი თორმეტი ღმერთი იყო გაერთიანებული. მითების მიხედვით, “აზების” და “ვანების” შებრძოლებას მოჰყვა მათი კონსოლიდაცია, ისევე, როგორც “რონიას” დასასრულს ერთიანდებიან მატისისა და ბორკას რაზმები.
    რონიას ცხოვრების რიტმი ერწყმის ბუნების ცხოვრების რიტმს. თავდაპირველად ესაა ყოველდღიური გასვლა ტყეში და ღამით შინ დაბრუნება. შემდგომ კი რონია მხოლოდ ზამთარს ატარებს მატისის ციხეში (მითოლოგიური წარმოდგენებით, ზამთარი=ძილი=სიკვდილი), გაზაფხულის პირს კი “იღვიძებს” და ბუნების წიაღს უბრუნდება. შევნიშნავთ, რომ ლინდგრენი იყენებს არა ფოლკლორისთვის დამახასიათებელი ერთჯერადი ციკლის (შინიდან წასვლა თავგადასავალთა საძიებლად – შინ დაბრუნება), არამედ – უფრო არქაული, მითოლოგიური მრავალჯერადი ციკლის (სიკვდილი – ხელახალი გაცოცხლება) მოტივს.
    ლინდგრენის ამ ზღაპარში არ გვხვდება უარყოფითი პერსონაჟები – მატისის ციხე “კეთილი ყაჩაღების” საუფლოა. ადამიანების ძარცვა ამ ყაჩაღთა შინაგანი ბოროტებიდან როდი გამომდინარეობს. ისინი, ბავშვებივით, ვერ განასხვავებენ სიკეთესა და ბოროტებას, გულუბრყვილონი არიან და ხშირად სასაცილოდაც გამოიყურებიან. კომიკურნი – და არა საშიშარნი – არიან ტყეში მცხოვრები ფანტასტიკური არსებებიც – მაჯლაჯუნები, ტრაკუნები. ბავშვები მათ იოლად აფრთხობენ და უმკლავდებიან.
    “ყაჩაღის ასულ რონიაში” აშკარად ვლინდება ავტორის ნოსტალგია იმ ეპოქების მიმართ, როდესაც ადამიანის მიერ ჯერ კიდევ შეურყვნელი ბუნება ინარჩუნებდა თავის პირველქმნილ მშვენიერებასა და იდუმალებას. ამ ბუნების ღვიძლ შვილებს წარმოადგენენ ნაწარმოების პერსონაჟები – რონიათი და ბირკით დაწყებული, მატისისა და ბორკათი დამთავრებული.

    © “წიგნები – 24 საათი”
  • რეცენზია

    მიხო მოსულიშვილი – ფრენა უკასროდ


    ანდრო ენუქიძე
    როგორ დაფრინავენ გერმანიაში?
    მიხო მოსულიშვილი: “ფრენა უკასროდ”. რომანი. თბ., ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2001.

    ამ პიკარესკული რომანის მოქმედება წარმოებს ოთხ ქვეყანაში: გერმანიაში, შვეიცარიაში, ნიგერიასა და საქართველოში. ჟანრულად რთული და, მიუხედავად ამისა, წასაკითხად იოლი და ხალისიანი თხრობა მოიცავს სამი მთავარი გმირის, სამი ქართველი ემიგრანტის ნახევრად ლეგალურ ყოფას გერმანიის ლტოლვილთა ბანაკებში და ზოგადად, გერმანიაში. მოქმედება ხდება ჩვენს დროში.
    ავტორმა თავის რომანს ხუმრობით “სახელმძღვანელოც” კი უწოდა. სახელმძღვანელო მათთვის, ვინც თავის ღარიბ ქვეყანაში კანონისგან გაქცევას შეეჩვია და ასეთი ცხოვრების წესზე არც გერმანიაში სურს ხელის აღება. ხოლო ლტოლვილთა ბანაკები ის სივრცეა, სადაც სხვადასხვა რჯულის ადამიანები, მიუხედავად სარწმუნოებისა და ეროვნებისა, თავის გატანის მიზნით, ქმნიან კრიმინალურ დაჯგუფებებს, საშუამავლო რგოლებს, რომლებიც აკავშირებენ დიდ ნარკომაფიას ნარკოტიკების მომხმარებელთან და ასე შემდეგ.
    გმირების საქციელი თითქოს მარტივია და პრიმიტიულიც კი, ცხოვრების წესი – ქურდობა, ბრძოლა ნარკოტიკებისათვის. ავტორი თავისი პერსონაჟების ყოფას ირონიულად უყურებს. თხრობა ხან ზედმიწევნით ეპიკურია და ხაზგასმით ყალბ პოეტურ ელემენტებს მოიცავს, ჰომეროსის “ოდისეასაც” კი ემგვანება, ხან კი ავტორი თავს ირთობს რაბლეანური მოტივებით და მკითხველი ჰიპერტროფირებულ, მაღალპოეტური სატირისა და იუმორის სამყაროში გადაჰყავს… ამ ნაწარმოებში უცნაურად ერწყმის ერთმანეთს ერთფეროვნების სიჭრელე და – პირიქით, – მრავალწახნაგოვანი ყოფის მონოტონურობა და ერთფეროვნება.
    რომანის სათაური გოეთეს “ფაუსტის” პერიფრაზია; დოქტორ ფაუსტს ცაში გასაფრენად აუერბახის სარდაფის ღვინის კასრი სჭირდებოდა, ჩვენს გმირებს კი ასეთივე გაფრენისთვის მარიხუანით შეკეთებული ამერიკული “ჯოინტიც” ყოფნით.
    გერმანიაში მოგზაურობისას პერსონაჟები ხვდებიან თავიანთი დიდი ქართველი წინაპრების სულებს, რომლებიც ამავე ადგილებში მოღვაწეობდნენ (გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, დავით გურამიშვილი); ვაიმარში კი გოეთესა და შილერის სკულპტურები ცოცხლდებიან, რომანის გმირებს, ქართველ და ნიგერიელ ნარკო-ვაჭრებს ეკამათებიან, და იმავე კამათში მონაწილეობას ღებულობს ნიგერიელი ღმერთების მამამთავარი, ოლოკრუნი! (ნარკომაფიის იერარქიულ კიბეზე ასვლისას ქართველ ემიგრანტებს მფარველებად მოევლინებიან უაღრესად მომხიბვლელი, თვითმყოფადი, ოდნავ სასაცილო და საშიში ნიგერიელი არამზადები).
    საბოლოოდ, ინტერნაციონალური “არამზადების” ჯგუფის მოღვაწეობა მარცხით მთავრდება – რომანტიზირებულ ავაზაკობას წინ აღუდგება გერმანული სასამართლო მანქანა და “აზულიანტებს” თავ-თავიანთ ქვეყნებში გააძევებენ. ამგვარად, ირკვევა – არც გერმანიაა წარმოჩენილი რომანში იდეალურ სამყაროდ, ვინაიდან არამზადებს გერმანიაში თავიანთი შავ-ბნელი საქმეების თანამზრახველები ჰყავთ და, გარდა ამისა, არც დასავლური ცივილიზაციაა ისეთი რამ, რისი მორყევაც შეუძლებელია.
    სასაცილოსა და სატირალის ზღვარზე ბალანსირებული თხრობა რომანში შევსებულია უაღრესად მკაფიო, გმირებისთვის (დიტო ქინქლაძე, პუპა კოღუაშვილი და კახა ბურნაძე – ქართველი არამზადები; ბოზო ანჩიბუა ოდუდუვუა, საფა ჩუკუ ჩუკუ – ნიგერიელი არამზადები; ვილი ზაბელიკუსი და კრისტინ შვერდტლაინი – გერმანელი არამზადები; მარიშკა “პალმით” და ანანკე ორო კააია – ქართველი და ნიგერიელი ამორძალები) დამახასიათებელი, სისხლხორცეული ცნობიერების ნაკადის გადმოცემით.
    და ბოლოს, რა არის ავტორისთვის ყველაზე ფასეული პოსტმოდერნისტულად ორგანიზებულ თხრობაში, სადაც ყველა პრობლემა (განვითარებული და ჩამორჩენილი ქვეყნების ანტაგონიზმი, გლობალიზმი და ანტიგლობალიზმი, ფემინიზმი და ანტიფემინიზმი, სექსუალურ უმცირესობათა და უმრავლესობის ჰარმონიული თანაარსებობა და ასე შემდეგ) სასაცილო ასპექტშია გადაწყვეტილი?
    ადამიანი, როგორც ინდივიდი; ადამიანი, როგორც თავისებური სამყარო – ყველა თავისი მანკიერებითა და ღირსებით – ის სიყვარულის სივრცეა, რომელიც რომანში ავტორს შეარიგებს ქვეყნიერებასთან და, მიუხედავად სატირისა, მკითხველს თავის პერსონაჟებს შეაყვარებს. სწორედ ამიტომაა, რომ რომანის გმირები ცხოვრებას აგრძელებენ ქართველი მკითხველის ცნობიერებაში. აქედან გამომდინარე, გვაქვს იმედი და საფუძველი, ვივარაუდოთ რომანის წარმატება როგორც დასავლეთ ევროპასა და გერმანიაში, ასევე ნიგერიასა და მის მსგავს განვითარებად ქვეყნებში.

    © “წიგნები – 24 საათი”
  • Uncategorized

    ნიკა ჯორჯანელი – ლექსები

    * * *

    ვარსკვლავების შეხლა
    შენს ოთახში ჩქამის
    სახით ნიავს შეჰყვა.
    აურეკლავს ღამის
    უხილავი ცეკვა
    ღია ფანჯრის მინას.
    უკვდავივით წევხარ.
    მოკვდავივით გძინავს.

    და სიბნელის ნება,
    ჯერ საერთოდ რომც არ
    თენდებოდეს, ტყდება,
    ნადგურდება, როცა
    უჩუმარი ხვნეშით
    საბანს იხდი ძილში.
    სილამაზეს ბნელშიც
    არასოდეს იშლი.

    სუნთქვა ხუთვისას

    ჩაქუჩის
    უწყვეტ და თავნება
    ბრახუნში, ბრახუნში, ბრახუნში, ბრახუნში,
    სრულიად ჭკუაზე შემშლელში, გადის და მწვავდება
    სამხრული ზაფხული, მბრუნავი მრავალგვარ ცეცხლოვან ზმანებად,
    ზაფხული-მარყუჟი.
    აკვესებს
    ის მზეს და, ლახვრებით,
    შანთებით თავისით მჭრელი და მდაღველი,
    ამომშრალ აუზში აცოცხლებს ბრინჯაოს ქალთევზებს.
    და რომელიმედან სიგრილით დამტკბობი გორების კალთებზე
    მდებარე დაღვრემილ
    ტყეთაგან
    ღამეში უფსკრულთან
    დანახულ ქალაქში, რომელსაც უწუხან
    სიცხისგან მცხოვრებთა გულნი და მოელის ბნედაღა,
    მკრთომარე ქალაქში, რომელშიც ყველანი ერთმანეთს ზურგს უკან
    აყრიან დღედაღამ
    ქოქოლას,
    რომელშიც სიძულვილს
    სახლად აქვს სრა, ხოლო სიყვარულს – მიწური,
    რომელშიც ოდნავი ნიავიც არსაით მოქროლავს,
    ცარიელ ბინაში ბოლთას სცემს პოეტი, წრიალებს, როგორაც
    სარდალი, მისული
    მკითხავთან.
    მან მაგრად შეტოპა.
    არ იცის – ეგება ჯობს უმოქმედობა;
    თუმც ბრძოლა თავისი ჯერხანად მხნედ გადაიხადა,
    მოჯანყე მონების მწკრივებად, რაზმებად, ერთიან მხედრობად
    ქაღალდზე სიტყვათა
    მწყობელმა.
    ის თავის გარდასულ
    სიხარულს იხსენებს და ეუცხოება,
    იმდენად შორი და მქრქალია. ის თავის დაშაშრულ,
    დათენთილ ბაგეს გრძნობს, რომლითაც როგორმე აცლიან დასასრულ
    შესძახოს ცხოვრებას:
    “რას მერჩი?!”
    ან აღარ აცლიან…
    რამდენი ექნება უქმ, გინდა აზრიან
    ცხოვრებას ფართობი ნეტავი, თუ ყოველ ას მეტრში
    სიგრძივ და განდაგან ბანკია, მეძავი, უსახლო კაცი ან
    ღრე, ბედის წამგლეჯი?
    მიდენის
    ცხოვრება მარსელის
    მურდალი იერით არსებებს მიბნედილს
    და თავის კაეშანს გარშემო ხმასავით ავრცელებს.
    დღითი დღე სულ უფრო ძალუმად ღამდება. შენ, ჩემო მარცვლების
    თვლაო და რითმების
    ბუტბუტო,
    არ შეწყდე, კარგი ხარ!
    პირისგან, რომელიც ტკივილმა დაგრიხა,
    შენ სახესხვაობად კოცნისა დარჩები უთუოდ.
    ამგვარად რჩებიან: ცოცხალი თვალისგან – მხოლოდღა ქუთუთო,
    შუბლისგან – დაღიღა.

    თოვლის მატარებელი
    გ. გ. შენგელიას

    ჩამოვუაროთ
    ჩვენი ბავშვობის ლანდშაფტებს,
    სადგურებსა და მხრჩოლავსაკვამლემილებიან ქარხნებს,
    ოდესღაც დანახულთ
    ძველ მგზავრობათა მატარებლების ფანჯრებიდან.
    ჩამოვუაროთ თოვლის მატარებლით,
    რომელსაც ყინული აქვს ფანჯრის მინების მაგიერ
    და ფიფქების კორიანტელი ნაცვლად ძრავასი.
    კარგად ჩაფუთნულებს,
    ნაქსოვი ქუდები გვეხუროს,
    თათმანები გვეკეთოს
    და მოგონებებით ვითბობდეთ საკუთარ გულებს,
    თუკი აღარაფერი გვექნა სალაპარაკო.
    ვისხდეთ თუნდაც სხვადახვა კუპეში,
    ოღონდაც ერთ, დაე, თოვლის, მატარებელში ვიმყოფებოდეთ,
    ვგრძნობდეთ ცივ და თეთრ კედლებს იქით ერთმანეთს,
    და, გავარჩევთ თუ ვერ გავარჩევთ რაიმეს
    ყინულის ფანჯრებს მიღმა,
    ამას არავითარი მნიშვნელობა არ ექნება მეგობრობისთვის.

    თანამედროვე ინტერმეცო

    I

    ირჩევს ახალი ეპოქა
    თავის შესაფერ სახელს.
    მყრალი ზეთებით ეპოხა
    მას საკუთარი სახე.
    ჯავშანი აჩენს იარებს.
    ცივი სილბოა კანში.
    მზის ფონზე შავად ფრიალებს
    ტოტს მოდებული კაშნე.

    II

    კორიანტელი დამდგარა
    უერთფეროვნეს დღეთა.
    იცის ყოველმა მათგანმა,
    როგორ დამღალოს. ვხედავ,
    როგორ ვექცევი ალყაში,
    როგორ იქცევა არე,
    როგორც ბებერი ალქაჯი,
    როცა სავსეა მთვარე.

    III

    სიშორე უხილავია,
    თორემ ახლოა სხვა მხრივ.
    დღის კოლბას, ძირზე ლამიანს,
    რაც ძალა შემწევს, ვამღვრევ.
    ლამი – ესაა რითმები
    და სიყვარულის ხმები.
    დნება წუხილის თითბერი,
    როცა ოქროზე ჰყვები.

    IV

    უსამართლობის ეგიდით
    შეფასებებში იგებს
    უგემოვნობა. შეხედეთ,
    როგორ თარეშობს იგი,
    სისულელეთა მროშავი,
    სიფაქიზეთა მჩეხი,
    როგორც მუზების კოშმარი,
    მათი მფატრავი ჯეკი.

    V

    სნეული აწმყო ტრანსშია.
    ითხრება თითქოს ტანში
    სევდა-კაეშნით ტრანშეა.
    დგას პლასტილინის დაშნით
    ხელში კულტურა. გაღმიდან
    ჩანს იქაური ბზინვა.
    მძიმე ხვატია. გახვრიტა
    სადღაც ჰაერი ბზიკმა.

    VI

    და გაყრილი აქვთ მახათი
    დაბლა მსხდომარე კაცებს.
    უდარდელობა მაგათი
    ხანძრის კვამლივით გასწევს,
    მძიმედ, ნელ-ნელა აიწევს
    ლაჟვარდოვანი ცისკენ.
    და შეაფერხებს აისებს
    შავი ბოლქვების სისქე.

    VII

    მიწას ცრემლები მდუღრავენ.
    ჯუჯა ყელს ღადრავს ტიტანს.
    ამაოების უღრანი
    და გამყინავი ტყიდან
    მგლების ყმუილი მოისმა.
    განწყობებია ცუდი.
    ო, დღეს ცრემლია დროისა
    თითოეული წუთი.

    * * *

    წევს გული პირქვე.
    ახლოცაა იგი და შორიც.
    სევდამ იხარა, –
    დარწმუნებით იგებს მიტელშპილს.
    სიკვდილზე ფიქრი
    თავს ისე გრძნობს სხვა ფიქრებს შორის,
    როგორც სიგარა
    ცისფერთვალა ქალის თითებში.

    სხეულთა გამჭოლ,
    ფიქრთა გამჭოლ, როგორც ნაკადი,
    მომდინარეობს
    საშინელი თეთრი სიცივე.
    სიცხადის ჩარჩომ
    შეიწოვა სიზმრის ნახატი…
    ყოფნის მხარეო,
    როგორ წირავ, როგორ იცილებ.

    ქარი, ჩამოშლილს,
    ხვეტს ცის ბათქაშს. მძიმე ბინდია.
    ყინვას შევები.
    გადამდიან ღრუბლები ზამთრის.
    ტყის სქელ საფლობში
    ძლივს მივტოპავ, მაგრამ მივდივარ,
    რომ ბავშვებივით
    მივიტანო ლექსები გზამდის.

    * * *

    მე ჩრდილოეთის ზამთრებიდან ჩემს ზაფხულამდე
    სწრაფად გავირბენ.
    კილომეტრები სიჩქარისგან ერთობ დაიბნენ
    და დახურდავდნენ.

    მაგრამ ვერაფერს ახერხებენ, – რამდენიც იყო,
    იმდენი არის.
    ბურუსებიდან ვესალმები ოქროსფერ არილს
    და ვჭიმავ სტრიქონს.

    მე ჩრდილოეთის სიცივიდან სამხრეთის მზემდე
    გავაწვდენ ხელს და
    მშობლიურ წყალთან აღმოვჩნდები, მშობლიურ ხესთან,
    ძალას რომ მძენდნენ.

    სამშობლოვ, გულზე დამეჩნია შენი ნაკვთები!
    განმწმინდა ნატვრამ.
    დაძლიე ეჭვი და დაბრუნდი საკუთარ თავთან.
    მე იქ დაგხვდები.

    2008, მოსკოვი

    * * *
    შ. ა. შავიშვილს

    მე ვწერ, რომ დაბინდულ სიბრტყეზე გავლებულია წრფე
    შუქისა, მარადიული შუქის, რომ ტკბილ და წრფელ
    ამღელვარებას იწვევს ეს გრძნობა მკერდში.
    რომ დროებითია ტკივილი, ტყუილუბრალოდ ვერჩი.

    მე ვწერ, რომ ოცნება შეისისხლხორცა დრომ,
    რომ ყოფნა დუღს, მიმოიფრქვევა, რომ
    კარგი უფროა კარგი, ვიდრე ცუდია ცუდი,
    და რომ “მიყვარდი” აწმყოა, და რომ ნამყოა “მძულდი”.

    მე ვწერ, რომ ჩვენ ვნახავთ მყოფადს, ბედნიერს, ლამაზს; თუმც
    დღეს სხვა ამის შესახებ ყრუდ, შემაშინებლად დუმს.
    და რომ სიყვარულს რად ან როგორ ვეძახით ცალმხრივს,
    როცა ვუყვარვართ მას, ვინც სიბნელეს აფეთებს ციდან და ამსხვრევს.

    მე ვწერ, რომ თბილა. და მივქრი ბრმად.
    მივდევ წუთებს, ხმებს, მივდევ ფრთებს და ფარდებს და ვმადლობ მათ.
    მშვენიერდება დღე. არასდროს დავსვამ წერტილს!
    მე ვწერ, და თითქოს თავად მადლიერება წერდეს.

    ჩემს ნაწერს ეცნობა საღამო, უკითხავს წყლებს და გზებს.
    აცურებული ცამრგვალზე, კითხულობს სხივით მზე.
    ხან მტვერი, რომელიც ადევს. ხან ბუჩქი საბანქვეშ ნამქრის.
    და ქარიც ფურცლავს და ერწყმება. მაშინ, როდესაც არ ქრის.

    2008

    * * *
    ა. რ. თათარაძეს

    ყველა ნავარდობს. ბუც კი.
    არეს სიყვარულს უხსნი.
    ლოლუებიდან სუსხი
    თბილად მოწვეთავს. დათბა.
    გდია თებერვლის ჩექმა.
    ცაზე ღრუბელი შეხმა.
    სოფლად, ვაშაო, გლეხმა.
    ტყეში, ვიშ-ვიშო, დათვმა.

    ჩამოშვებულო ყველგან,
    გაზაფხულისო დელგმავ,
    რა სიკეთეებს გეგმავ?
    რის სურნელებას აფრქვევთ
    წვიმის წვეთებო თბილო?
    როგორ გიბრწყინავთ კილო!
    რა მონდომებით ცდილობთ,
    სიკვდილს არ ვთვლიდეთ საფრთხედ!

    წვიმს, და მზისაა ფურცვლა.
    კენტი შეცვალა ლუწმა.
    ყოფნა ძლიერი, თუმცა
    ტყუილუბრალო ლტოლვით
    ელტვის თავისვე ზედა
    ნაწილს, რომელსაც სწევდა
    დაბლა. გროვდება სევდა
    და საგაისო თოვლი.

    2008

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“