• პოეზია

    გივი ალხაზიშვილი – ლექსები


    * * *

    ფოიე. კარადას ეყრდნობი დაღლილი,
    საბრალო მოხუცი, წელში მოკუნტული.
    ფანჯარა. მიჰყვება მთას მთათა გრაგნილი,
    მრავალჯერ წაკითხულ ხელწერის კონტური.

    ქარი აღარ არი. ქარი სად წავიდა?!
    გსურდა წაჰყოლოდი, მაგრამ შეგატოვა
    სახეს, ამომავალს ხსოვნის საცავიდან,
    ხმოვანს, მომდინარეს უღრმეს ლეგატოდან.

    შენ გული განავრცე. ჩამომდნარ თვალებით
    და გაწვდილ ხელებით ეძებდი ღვთიშობელს,
    სათქმელი გაგიქრა, სიტყვა გემალება,
    ბაგენი სიტყვების წარმოთქმას შიშობენ.

    ისევ არაფერი, მხოლოდ არაფერი,
    ვიღაც იბადება უცნობ არაფრიდან,
    მისი სუნთქვა იყო – ქარი დანაბერი,
    სიტყვიდან სიტყვაში ისე გადაფრინდა…

    შენ რიგს მოელოდი და დღეთა რიგები
    ცდილობდნენ კალენდრის ფურცლის გასაღებას,
    გკითხავენ, პასუხობ, ცხადია, იგებენ,
    რომ იცდი სიკვდილის ცნობის ასაღებად,

    რომ წახვალ ღამეში, სადაც იშლებიან
    შუქები, გარდასულ დროის ნარჩენები,
    მთვარეა და ჟამთა მისანიშნებელი
    გამნათებელია ბოლო გაჩერების –

    სადაც ჩამოდიხარ და გზაზე გაცილებს
    მზერა უცნობების, თვალი მოპარული,
    მძევლად იტოვებენ შენს მოძრავ ნაწილებს
    და ვერ შემოდიან შენში უპაროლოდ.

    თანდათან შეერთვის ქალაქს ეს სოფელი
    ბანკით, ბანკომატით, ახალი ტრანსპორტით,
    სარკმელთან დაბერდა შენი მეზობელი
    სტალინზე Fფიქრით და საბჭოთა პასპორტით.

    * * *

    აჰა, ძველ ხელნაწერს მიათრევ ჩემოდნით
    და მეხსიერებით, რომელიც არ იწვის,
    იმ ფურცლებს, რომლებზეც სიტყვებად ჩამოდნი,
    აჩუქებ ქარ-წვიმას. ქარ-წვიმა: – ქარი წვიმს
    ქალაქში და სველი ტოტების დარწევას-
    სტიქიის სუნთქვაში უმწეოდ გახლართულს,
    დაჰყურებს ფანჯრები და უნდა ცხრა სართულს
    გაიგოს, სად მიხვალ, რა მიგაქვს ჩემოდნით,
    სად მიემგზავრები, ანდა ეს ამინდი
    თუ უამინდობა საიდან ჩამოდის,
    საიდან ვრცელდება, ან როგორ მოედო
    ყველას და ყველაფერს სუნთქვა ნესტიანი?!

    ეს სადარბაზო კი კორპუსის ნესტოა,
    დღისით და ღამითაც, ის მუდამ ისრუტავს
    ყველაფერს: ეზოს და ქუჩას და რესტორანს,
    უაზრო სურვილსაც, რომ არ აგისრულდა,
    იმ ლოთსაც, დილით რომ გააგრესიულდა
    და მობინადრეთა ლანდებს მობარბაცეს,
    მშიერ გამოხედვას, თვალებს ნაკაიფარს,
    რეცეპტის კითხვაში გაწაფულ Fფარმაცევტს,
    უფალო, უფალო ყველა დაიფარე.

    და ნაგავსაყრელთან მისული ჩემოდნით,
    წუთიერ დუმილით შენ პატივს მიაგებ
    იმ ფურცლებს, სადაც შენ სიტყვებად ჩამოდნი,
    შეარხევ გალუმპულ პიჯაკს და იანგლებ,
    რომ: ქარი წაიღებს და ქარის მოტანილს,
    მარტო ქარს კი არა, გაატან ქარ-წვიმას,
    რომ მეხსიერებით სავსეა ქოთანი,
    მხრებზე რომ გადგას და შენ გინდა არწივად
    იქცე და გაფრინდე და ფრთები გაშალო,
    ცაში აბოინო და ზანტად არწიო,
    ქარ-წვიმამ წაიღოს შენი ნაფიქრალი
    და პროსოდიული განცდების ნაშალი.
    უფალო, უფალო, ყველა დაიფარე.

    ქარი კი კითხულობს ფურცელს ფარატინას,
    ყველაფრის გულდასმით მკითხველი ქარია,
    შენ უკვე იქეცი ზეპირ ნარატივად,
    ისე წაიმღერებ ჯერ უცნობ არიას,
    რომ კარგი პოეტი, თავისთვის ცოცხალი,
    ქარისთვის ცოცხალი, სხვებისთვის მკვდარია,
    მკითხველი ქარ-წვიმა: წვიმა და ქარია.
    უფალო, უფალო პოეტიც დაიფარე.

    * * *

    უჩუმრად გააღებ დაგმანულ დარაბებს,
    რომ ბნელი ოთახი განათდეს მზის სხივით
    და ქალაქს ჩახედო მოდავიდარაბეს
    უძილარ თვალებში ჩაქცეულ სისხლივით.

    ის ახლა დიდების აკვანში ჭყლოპინებს,
    მაშინებს დარწევა ცარიელ აკვნისა,
    რამე შეაგონე, ძმაო ლოპიანა,
    ვიდრე ბედისწერამ არ წამოაკვნესა.

    ტელეკრანებში ჩარჩნენ და ჩარჩობენ,
    ყისმათი ღალატობს საბრალო დახლიდარს,
    ზოგჯერ სურათებიც ტოვებენ ჩარჩოებს
    და საღამოობით გარბიან სახლიდან.

    სინათლე აღავსებს გამოხსნილ დარაბებს
    და ისე ბზინავენ ვენური სკამები,
    ოთახის ჰაერში სძინავთ შედარებებს
    და რიტმებს, დუმილში ჩაშლილი გამების.

    გესმის ბაგა-ბუგი გათანგულ გულების,
    გოგო გამომწვევი ბაღთან გადაბარგდა,
    ქუჩას მოახედებს სურნელი გულაბის
    და დარდის სიჩქარით მოძრავი კატაფალკა.

    რატომღაც შემკრთალი გახედავ შუშაბანდს,
    ცას, სადაც იძვრიან ღრუბლის კუნძულები,
    ბავშვობისდროინდელ დაფენილ მუშამბას
    დაუსხამს ალუბლის მწიფე კუნწულები.

    ეს დილა ექოა მათი გულისცემის,
    იქითკენ სავალი გზა რა ფართო არი,
    იქ გელოდებიან მშვიდი კულისები
    ძველი რეკვიზიტით და რეპერტუარით.

    მეკუბოე

    ძვირფასო, ვარდენ, მეკუბოევ, შენ უკეთესო
    მრავალთა შორის. რადგან ზომავ თვალის არშინით,
    როცა ამბობენ, კუბო ვარდენს შეუკვეთესო,
    ცვივა სიტყვების ბურბუშელა და შალაშინი

    კმაყოფილების ღიმილებს რომ სახეს მიაფენს,
    ზოგჯერ სიკვდილიც შეიძლება კაცმა ინატრო,
    რომ დაგიფასდეს ოსტატობა და სიიაფე
    მუხის მასალის და კეთილი სიტყვა, იმავ დროს,

    ვერავის ნახავ ამ ქალაქში ოსტატს უმჯობესს,
    ვის გააჩნია თვალის ზომის მსგავსი ტალანტი,
    ჭვრეტ მიცვალებულს, მოტირლები როცა უნჯობენ
    და კუბოს ზომას იღებ თვალის ერთი დალანდვით,

    ერთი შევლებით დაზუსტდება სანტიმეტრებიც
    და შარვლის ჯიბე პირს დააღებს, მგონი ადლიანს,
    ჩაიბუზღუნებ, რომ დღეს შეგხვდნენ გაუმეტრები,
    სამი მანეთის დამატებას რომ გამადლიან.

    ფიცარს თარაზო მერამდენედ შემოასკუპე,
    აშალაშინე, გაასწორე, ხერხე, გარანდე,
    ამდენ ჯახირში შეჭედავდი, ალბათ ას კუბოს,
    ებუზღუნები, მიაცილებ კლიენტს კარამდე.

    შენთვის წინასწარ გაიმზადე მკვიდრი სასახლე,
    შიში არა გაქვს მოუსვლელში გადაბარგების,
    თუმცა დაბერდი, ერიდები საქმეს დასაღლელს
    და ყოველ ღამე გესიზმრება კატაფალკები.

    მიწა სავსეა შენეული გარჯის ნაყოფით,
    უცნობ-ნაცნობი ამოგხედავს მიწის ღამიდან,
    დაგჩემდა გულის აჩუყება, შიში არყოფნის,
    იღვიძებ ადრე, კმაყოფილი ხარ სისხამითაც,

    რომ ფანჯრებიდან ძველებურად ჩანს ჯაჭვის ხიდი,
    გიკვირს, რატომღაც რომ აღარ ხარ ისე გულცივი,
    გართობს ნიავის მოტანილი მთვრალი ხითხითი
    და რიონის ხმა, რომ ჩაგესმის დროის პულსივით.

    და შენც იმ დროში უნებლიედ გადადინდები,
    უნებლიედვე წამოგცდება: ღმერთო შეგვინდე!
    გეიმედება და იმედის სხივით ინთები,
    მემკვიდრეებად რომ გვიტოვებ რჩეულ შეგირდებს.

    დომინო

    დღე ილეოდა, შენ დაბრუნდი, კედლებმა სითბო
    რომ გაგრძნობინეს, გაიფანტე თამბაქოს ბოლთან
    ერთად და ჩვეულ სიმარტოვეს მწყემსავდა ბოლთა,
    ითვლიდი ნაბიჯს, იხსომებდი, სიჩუმე საგნის
    რას გკარნახობდა ან უბრალოდ, რას გაგონებდა,
    სულ უმნიშვნელოს ანდა თითქოს არაფრის მაქნისს,

    მაგრამ რატომღაც, გულთან ახლოს ან იქნებ გულში,
    რაც არსებობდა უცაბედად გადასხვაფერდა,
    ჩვეულებრივად, მზე ფანჯრებზე ნათელს აფენდა
    და მოინდომე, საიდუმლო გაანდობინო-
    ერთფეროვნებით დაცხავებულ მოწყენილობას,
    კაცების ხორხოცს და ცხოვრებას, როგორც დომინოს,

    სადაც მიდება, მიშენება საჭირო ქვაზე
    ჰკიდია მუდამ და დღეებიც მექანიკურად
    ელოდებიან მოსალოდნელ დღეს პანიკურად,
    რომ ჩაიკარგონ და მიებან ღამის კვადრატებს
    და არ უსმინო მეზობელ ქალს, იგივეობის
    ჭრელა-ჭულაში გამოწყობილს და მორატრატეს,

    რომ სიტყვა სიტყვას მიაწებო, მიაბგერწერო
    და ჩაისუნთქო ერთდროულად ყველა საღამო,
    რომ ყველა ერთად შეკრიბო და ხმა შეახამო
    სტრიქონს დაცდენილ-წამღერებულს და მიატოვო
    და შენი ტექსტი ჩაიწეროს მხოლოდ ჰაერში,
    როგორც ვიღაცის სუნთქვა, ფიქრი და უავტორო

    სიტყვებს მიბმულმა დაიჯერო, რომ მოგისმენენ
    იმ ღიღინივით, რომ მიჩქმალა ამოხავლება,
    მაგრამ ჰაერში სათუოა ხაზის გავლება
    და ღამით ბავშვის უმიზეზო წამოტირება
    სამყაროს ხმაა უნებლიე და ის აგრძელებს
    გაბნეულ ხმების შეგროვებას და ციტირებას.

    ზამთრის ღამე

    …რაც გაგახსენდა სულ ეს იყო: ხმები, ხმები და
    ფრთების შხუილი, ცა – ყვავების გადანაფრენი,
    შავი ლაქები მოსავსავე, სხვა არაფერი,
    სხვა აღარავინ, მხოლოდ გულში გასანასკვავი
    ფიქრი, რომელიც თვალებშიაც იკითხებოდა
    და წაკითხვისას არ ბრწყინავდა, როგორც ვარსკვლავი

    და სუსხიანი ზამთრის კოცნით სულშეხუთული
    გარბოდა ვიღაც შინისაკენ, იქნებ შინიდან
    ან არავისთან არ გარბოდა და ეშინოდა,
    რომ ყველგან, მუდამ და ყოველდღე იყო არავინ,
    ვინც ფანჯრის მინებს შეუმჩნეველ სუნთქვით ორთქლავდა
    და დროს გპარავდა, სხვა რა გქონდა მოსაპარავი

    და დღე და ღამეს ვინ დაღლიდა მორიგეობდით,
    ერთმანეთს ცვლიდა გამუდმებით ორი ბადრაგი,
    შენ ბოლთას სცემდი და სხეული გადასათრაქი,
    ოთხკედელს შორის გადაგქონდა შინაპატიმარს
    და ტელევიზორს აუქმებდა ძველი ფანჯარა,
    ვორდის პროგრამა ავტოკალამს და ფარატინა

    ქაღალდს, რომელიც არც გახსოვდა, აღარც დაორთქლილ
    ფანჯრის მინაზე აღარ წერდი, აღარც სარკეზე
    და ვირტუალურ სამყაროში სჩრიდი ანკესებს –
    ლექსებს და გრძნობდი, თითქოს, ვიღაც იყო მომსვლელი,
    შენ ბრუნდებოდი და ხედავდი, რომ მზეს ჩამავალს
    შემოსცვეთოდა ოქროს ქოში და სამოსელი.

    მალე ამ მთებსაც ბინდის გარსი გადაეკვრება
    და მოვა ღამე სუსხიანი და გულმრისხანე,
    როცა ნათურებს ოთახები გამოისხამენ,
    ის გაშლის ბანქოს, უდროობით კვდება საათი
    და ვერ თენდება და იგივე დუბლში ჩარჩენილ
    დროს იმეორებს პასიანსი და მასლაათი.

    არპეჯიო შენთვის

    გადავრჩი.. გადავრჩი.. გადავრჩი..

    ასე ჩამესმის გულყვითელა ჩიტის სიმღერა,
    გაყინულ ღამეს დააღწია თავი საბრალომ
    და ახლა მინდა ჩემი ფიქრი გადავაბრალო,
    ჩიტს, რომ მომისწრო ძილ-ღვიძილის ელამ ტიხართან,
    თავის სიმღერით და გათენდა და მზის ამოსვლამ
    ამიყოლია, ამამჩატა და გამიხარდა,

    რომ გულთან ახლოს მეგულები, ანდა გულშივე
    ისე გაკრთები და უთვალავ გულში იმავდროს
    შენ მზე ამოგყავს, ყოველი მზე შენში ბინადრობს,
    მე კი დინებას შევეზარდე ტალღის ჩქამივით,
    მაგრამ ვერ გხედავ და თუ გხედავ მწუხარებისას,
    მოულოდნელად შორიახლოს, როცა ჩამივლი.

    მე კი იმავ გზით ვეშურები ბანკომატისკენ,
    ხელის იგივე მოძრაობით ვაწვდი ვიზა გოლდს
    მეტალის ნაპრალს, რათა კვლავაც გამოვიზოგო
    არსობის პური და ცისაკენ წასულ კვიპაროსს
    თვალი შევავლო და გამჭოლი მზერით ზე ავყვე
    და სხეულიდან შეუმჩნევლად ამოვიპარო,

    რომ სამუდამოდ წავიყოლო შენი სიმღერა,
    წავიღიღინო, წავუსტვინო, ეს არპეჯიო,
    არ შემიძლია, სხვა ყველაფერს რომ არ მერჩიოს,
    ლეგატოებით და მსუბუქი განავარდებით –
    არის იმედი გადარჩენის ან შეყოვნების
    და ბანალური დასასრულის გადავადების.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე

    გამომცემელი, რომელმაც ახალი ეპოქა შექმნა

    გამომცემელი, რომელმაც ახალი ეპოქა შექმნა

    როგორ ყიდდა სამუელ ფიშერი ცოდნას და ლიტერატურას

    ანა კორძაია-სამადაშვილი

    თომას მანის რომანის, “დოქტორ ფასუსტუსის” ერთ-ერთი გმირი მუსიკოსი და კომპოზიტორი ვენდელ კრეჩმარია, რომელსაც დიდი გამომცემლის ამბიციები აქვს – “პატარა ტანისა, მრგვალთავა, ულვაშითა და დიდი სიამოვნებით მოღიმარი ყავისფერი თვალებით,” – ნამდვილი სამუელ ფიშერი! თომას მანის გმირის მსგავსად, ისიც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა გამომცემლის როლს: “საზოგადებაში ახალი ღირებულებების დანერგვა გამომცემლის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მშვენიერი მისიაა.” (სამუელ ფიშერი, 1914 წელი).
    1886 წლის ზაფხულში, ვენიდან ბერლინში ჩასულმა 26 წლის ახალგაზრდამ, სამუელ ფიშერმა, რომელიც მანამდე ექვსი წლის განმავლობაში წიგნით მოვაჭრის თანაშემწე იყო, საკუთარი გამომცემლობა დააარსა. 1887 წლის იანვრის ბოლოს “ს.ფიშერის გამომცემლობამ” ჰენრიკ იბსენის Rosmersholm გამოსცა. ასე დაიწყო ყველაფერი.
    მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნის 90-იან წლებში სამუელ ფიშერის მიერ გამოცემულ წიგნებში უცხოელი ავტორების, მაგალითად, დოსტოევსკისა და ზოლას ნაწარმოებები სჭარბობდა, სულ მალე მან თანამედროვე გერმანული ლიტერატურის, განსაკუთრებით, გერმანული ნატურალიზმის პოპულარიზაციით გაითქვა სახელი. მისი ავტორი გერჰარტ ჰაუპტმანი გახდა, და იმავე წელს გამოვიდა ამ იმხანად ერთობ სადავო ლიტერატურული მიმდინარეობის მხარდამჭერი ჟურნალი Freie Buehne fuer modernes Leben (“თავისუფალი სცენა თანამედროვე ცხოვრებისთვის”), რომელსაც შემდგომ Neues deutsche Rundschau ეწოდა – დღემდე არსებული Neues Rundschau-ს წინამორბედი.
    “დადგა დრო, როცა პოპულარული უნდა გავხადოთ წიგნი, კერძოდ, ჩვენი დროის წიგნი, ცოცხალი წიგნი, რომელიც ასეულ ათასობით ადამიანისთვისაა ახლობელი… ჩვენი დროის ტემპი და რიტმი, განათლებისა და ეკონომიკის კულტურის განვითარება იმაზე მიგვითითებს, რომ ეს დაბალი თვითღირებულების წიგნი უნდა იყოს… იაფიანი, თხელყდიანი გამოცემა ლიტერატურული კულტურის დანერგვის, წიგნის პოპულარიზაციის, ყოველ სახლში წიგნის სიხარულის შეტანის საუკეთესო საშუალებაა.”
    სამუელ ფიშერი, 1905 წელი
    სამუელ ფიშერმა ზუსტად იცოდა, რაც უნდოდა, და ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებდა თავის გეგმებს. ლიტერატურის წარმოდგენის მისეული კონცეფციის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი ცოცხალი ავტორების კრებულების გამოცემა იყო (ფიშერის გამომცემლობა ამ ტრადიციას დღემდე არ ღალატობს). 90-იანებში მან ჰენრიკ იბსენის სამტომეული გამოსცა, “დიდი სამუელი” ვენური მოდერნის მოამაგეც იყო – ძალიან დროულად გამოაქვეყნა არტურ შნიცლერისა და ჰუგო ფონ ჰოფმანშტალის ნაწარმოებები…
    1897 წელს 21 წლის უცნობმა ავტორმა, რომელსაც მანამდე პრესაში სულ რამდენიმე მოთხრობა ჰქონდა დაბეჭდილი, სამუელ ფიშერს თავის ნოველა გაუგზავნა Neues deutsche Rundschau-ში გამოსაქვეყნებლად. რამდენიმე კვირის თავზე, მაისის ნომერში, დაიბეჭდა ნოველა “პატარა ბატონი ფრიდმანი”.
    ს.ფიშერი თომას მანს
    ბერლინი, 29 მაისი, 1897 წელი
    ღრმად პატივცემულო ბატონო მან!
    მე სიამოვნებით გამოვცემ თქვენი ნოველების კრებულს. ნაწარმოებები ძალიან მომეწონა, მინდა ჩემი Collection Fischer-ის ილუსტრირებულ გარეკანში გამოვცე… თქვენი ნოველების საგამომცემლო უფლებებში 150 მარკას გთავაზობთ… მაგრამ მოხარული ვიქნებოდი, თუ თქვენი უფრო დიდი მოცულობის პროზაული ნაწარმოების გამოცემის საშუალებას მომცემდით, ვთქვათ, რომანისას, თუნდაც გრძელი არ იყოს. ამ სახის პუბლიკაციისთვის შეუდარებლად უკეთესი ჰონორარის გაცემა შემიძლია…
    ამ დროის შესახებ თომას მანი წერდა: “მე თერთმეტი წლის ბიჭი ვიყავი, როცა მან (ფიშერმა) ბერლინში თავის გამომცემლობა დააარსა. ათი წლის შემდეგ ყველა ახალგაზრდა ლიტერატორი ოცნებობდა იმაზე, რომ ს.ფიშერს მისი წიგნი დაებეჭდა, და მეც ამაზე ვოცნებობდი”. თომას მანის “პატარა ბატონი ფრიდემანი” და კიდევ ხუთი ნოველა ფიშერმა ზუსტად ერთი წლის შემდეგ გამოაქვეყნა – ეს Collection Fischer-ის მეექვსე ტომი იყო.
    ნოველებს “ბუდენბროკები” მოყვა – 1100 გვერდიანი ორტომეული.
    ს.ფიშერი თომას მანს
    ბერლინი, 26 ოქტომბერი, 1900 წელი
    ღრმად პატივცემულო ბატონო მან!
    უკვე დიდი ხანია, იმას გწერთ, რომ ჩემი წარმოების მაშტაბების მიუხედავად, თქვენი 65 ნაბეჭდი ფორმის მოცულობის ნაწარმოების “დაძლევა” წვრილმანი საქმე არაა. თქვენი ნაწარმოების კითხვა დავიწყე და ჯერ მარტო შუამდე ვარ მისული… თუკი ჩათვლით, რომ თქვენი ნაწარმოების ნახევრამდე შემცირებას შეძლებთ, დიდი სიამოვნებით გამოვაქვეყნებდით. დღევანდელ ყოფაში 65 ნაბეჭდი ფორმის მოცულობის რომანი შეუძლებელი რამაა; არა მგონია, რომ ბევრ კაცს იპოვნით, ვინც დროსა და კონცენტრაციის უნარს ამხელა რომანს დაუთმობდა…
    1903 წელს ფიშერმა “ბუდენბროკები” ერთ ტომად გამოსცა, და ეს გამოცემა დღემდე გამომცემლობის ერთ-ერთ უდიდეს წარმატებადაა მიჩნეული. ხოლო 1929, დიდი ეკონომიკური კრიზისის წელს, როცა თომას მანს ნობელის პრემია გადასცეს, “ბუდენბროკების” ე.წ. სახალხო გამოცემის 700 ათასი ეგზემპლარი ორ თვეში მთლიანად გაიყიდა. მოგვიანებით, თომას მანის “ჯადოსნურ მთაზეც” არავის დაუმყარებია დიდი იმედები, მაგრამ წიგნი მაღაზიებში გამოჩენისთანავე დაიტაცეს.
    ფიშერის ავტორთა შორის ჰერმან ჰესეც იყო: სწორედ “ს.ფიშერი გამომცემლობამ” გამოსცა მისი “პეტერ კამენცინდი”, “ბორბალქვეშ”, მოთხრობების სამი კრებული…
    ს.ფიშერი ჰერმან ჰესეს
    გრუნევალდი, 14 ოქტომბერი, 1903 წელი
    ღრმად პატივცემულო ბატონო ჰესე,
    … თუ არ გეწყინებათ, მოგახსენებთ, რომ “პეტერ კამენცინდის” მოულოდნელი წარმატება ფრიად სასაცილოა, და მე ვიმედოვნებ და გისურვებთ, რომ მამინაცვლური ესთეტიკა თქვენს ცხოვრებაში სხვა არაფერი იყოს, თუ არა ერთი სასაცილო ეპიზოდი…
    თუკი ჰერმან ჰესესთვის გაგზავნილ პირველ ორ წერილში სამუელ ფიშერი “პატივცემულო ბატონოთი” იფარგლებოდა, შემდეგ მიმართვა უკვე შეცვალა, თუმცა განწყობა იგივე დარჩა:
    ს.ფიშერი ჰერმან ჰესეს
    რაპალო, 16 მარტი , 1904 წელი
    ძვირფასო ბატონო ჰესე,
    მოხარული ვარ, რომ მიუნხენში ცოცხლად გიხილავთ; მანამდე ჩემთვის მხოლოდ წარმოსახვითი ადამიანი ბრძანდებით, ჯერ მის არსებობაში უნდა დავრწმუნდე…
    …ისე, ერთი ჯერ ციურიხში იკითხეთ, რა ჰონორარს მოგცემენ; ეს ხომ თქვენთვის მნიშვნელოვანი რამაა! ჩვენ, ბერლინელები, ბევრად უკეთ ვიხდით. მაგრამ თუ ჩემს კეთილ რჩევას ყურად არ იღებთ, მისწერეთ ბერლინელებს და ისინი ხელმაწერს გამოგიგზავნიან. ციურიხი ხომ მაინც არსად გაგექცევათ.
    დიდი მოკითხვებით, თქვენი ფიშერი.
    მიუხედავად იმისა, რომ პირველი მსოფლიო ომი დროს ხალხს ბელეტრისტიკა ნაკლებად აინტერესებდა, ფიშერი ამ დროსაც ჩინებულად მოერგო და თავისას განაგრძობდა. მის ავტორთა სიაში ახალი სახელები გაჩნდა: ოტო ფლაკე, ალფრედ დიობლინი და იმხანად ძალიან პოპულარული პოლიტიკოსი და მწერალი ვალტერ რათენაუ.
    1918 წელს სამუელ ფიშერი წერდა: “აშკარად გამოჩნდა, რომ ლიტერატურულ ნაწარმზე დიდი მოთხოვნა შეიძლება გაჩნდეს. მაშასადამე, განვითარებისათვის ფართო მასას იაფფასიანი წიგნი უნდა შევთავაზოთ.” სწორედ ამ საქმისთვის შეიქმნა “თანამედროვე რომანების ფიშერის ბიბლიოთეკა”, რომლის პირველი წიგნიც თეოდორ ფონტენის L’Adultera იყო, და რომლის წყალობითაც თანამედროვე ლიტერატურა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა. სამუელ ფიშერი ყოველთვიურად თითო ტომს გამოსცემდა, რომელთა ფასიც 1,5 მარკას არ აღემატებოდა.
    1919 წელი კიდევ ერთი ბესტსელერით აღინიშნა. “დემიანი. ახალგაზრდობის ამბავი”, ავტორი – ემილ სინკლაირი. “წიგნი არნახული სიზუსტით შეეხო დროის ნერვს,” წერდა მის შესახებ თომას მანი. ავტორის ჭეშმარიტი ვინაობა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გაირკვა: ის ჰერმან ჰესე აღმოჩნდა. მართალია, გამომცემელს ეს ეჭვი წიგნის გამოქვეყნებამდეც ჰქონია: “…თქვენი “დემიანი” – მე მაინც მგონია, რომ ის თქვენი დაწერილია – მართლა დიდი ნუგეშია ჩემთვის ამ ბნელ დროში…” (24 ივნისი, 1919 წელი).
    1925 წელს გამომცემლობაში გოტფრიდ ბერმანი გამოჩნდა. შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სამუელ ფიშერი საქმეებს ჩამოცილდებოდა, მას გამომცემლობის მმართველობა უნდა ეკისრა (ასეც მოხდა). ერთი წლის შემდეგ გოტფრიდმა ფიშერის ქალიშვილი, ბრიგიტე ითხოვა ცოლად, და თავის გვარს მეუღლის გვარი – ფიშერი დაურთო. გოტფრიდის სახით სამუელ ფიშერმა შესანიშნავი პარტნიორი და თავის საქმის საუკეთესო გამგრძელებელი იშოვნა.
    ის, რაც ეკონომიკურმა კრიზისმა ვარ შეძლო, ხელისუფლების სათავეში ნაცისტების მოსვლამ გამოიწვია – ფიშერის გამომცემლობისთვის ეს დიდი დარტყმა აღმოჩნდა. დაიწყო დევნილებისა და ლტოლვილების ეპოქა: ავტორთა უმრავლესობას თავიანთი ნაწარმოებების გამოქვეყნება აეკრძალა, ინტელექტუალები ქვეყნიდან გარბოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სამუელ ფიშერი და გოტფრიდ ბერმან-ფიშერი დიდად ეცადნენ, გერმანიაში საგამომცემლო საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვა ძალიან გაჭირდა.
    1934 წლის 14 ოქტომბერს კი სამუელ ფიშერი გარდაიცვალა. მაგრამ, ძალიან გაცვეთილი გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, მისი საქმე დიდი წარმატებით განაგრძობს არსებობას: Fischer Taschenbuch Verlag, Bermann-Fischer Verlag, L.B.Fischer Publishing Corporation, Suhrkamp Verlag, Alexander Fest Verlag, Argon Verlag, Nicolai Verlag – ყველა ამ გამომცემლობის უკან ლეგენდარული “დიდი სამუელი” დგას…

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ახალი ამბები

    ახალი ამბები – 2008 – მარტი

    ფრანც კაფკას ფოტო-დღიური

    ჩეხმა ფოტოგრაფმა, იან ინდრამ, ფრანც კაფკას დღიურებისა და წიგნების მიხედვით ფოტოსერია შეადგინა. ფოტოები მკითხველებს იმ ადგილების წარმოდგენაში დაეხმარება, რომლებიც ”ციხესიმაგრეში, ”პროცესსა” თუ ”ამერიკაშია” აღწერილი. იან ინდრა 5 წლის განმავლობაში აგროვებდა საჭირო მასალებს, და მთელი ამ დროის მანძილზე მან ჩეხეთის, იტალიის, გერმანიის, უნგრეთის, ავსტიირსა და შვეიცარიის არაერთი ქალაქი თუ პატარა დასახლება შემოიარა. ფოტოგრაფმა ფირზე აღბეჭდა თითქმის ყველა ადგილი, სადაც კი მწერალი ოდესმე ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოების საკმაოდ დიდი რაოდენობა დაგროვდა, ლიტერატორი იოზეფ ჩერმაკი, რომელიც იანს მუშაობაში ეხმარებოდა, აღნიშნავს, რომ კაფკას მაინცდამაინც არ უყვარდა მოგზაურობა და მისი ყველა გადაადგილება დანიშნულების ადგილზე მისვლის აუცილებლობით იყო გამოწვეული. ფოტოების გამოფენა ბრიუსელში გაიხსნა, სახელწოდებით ”ფრანც კ.-ს მოგზაურობა,” მარტისთვის იგი შტუტგარტში გადაინაცვლებს, ზაფხულში კი ”ფრანც კ.-ს მოგზაურობა” ჩეხეთის ქალაქ ლიბერეცსაც ეწვევა.

    “ჩინეთის დიდი ენციკლოპედიის” ასტომეული

    ჩინეთში “ჩინეთის დიდი ენციკლოპედიის” ასტომეულის პირველი ნაწილი გამოიცა. ენციკლოპედიაზე მუშაობა 1992 წელს დაიწყო, და დღეისთვის უკვე 49 ტომია მზად. ენციკლოპედია 20 ათასზე მეტი უძველესი წიგნის, თქმულებისა და ნაწარმობის საფუძველზე შეიქმნა, მათში აღწერილია ჩინური ცივილიზაციის ყველა ასპექტი – უძველესი ხანიდან, მეოცე საუკუნის დასაწყისამდე. ენციკლოპედია მოიცავს პერიოდს ჩინური ნაციის, როგორც ცალკე ერთეულის ჩამოყალიბებიდან (ჩვენს წელთაღრიცხვამდე 221 წელი) სინხაის რევოლუციამდე, რომელიც 1911 წელს მოხდა და ქვეყანაში მმართველობის რესპუბლიკური ფორმა დაამყარა. ძველი და შუა საუკუნეების დროინდელი ნაწარმოებების ავტორების გვერდით ენციკლოპედიაში შესულია თანამედროვე მეცნიერების არაერთი სტატია და კვლევა. ჩინეთის მთავრობამ ასტომეულის გამოსაცემად 55 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო. დანარჩენი 51 ტომის გამოცემა 2010 წლისთვისაა დაგეგმილი. აქამდე კი მსგავსი ტიპის ენციკლოპედიები მხოლოდ 10-15 ტომეულს მოიცავდა.

    პორნოგრაფიული ლიტერატურა – კემბრიჯის უნივერსიტეტის საიდუმლო

    კემბრიჯის უნვერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ დაადასტურა გავრცელებული ლეგენდა იმის შესახებ, რომ მათ საცავში ეროტიკული და პორნოგრაფიული ლიტერატურის კოლექცია ინახება. აქამდე კი ამ კოლექციის არსებობა კემბრიჯის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო იყო. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის 17 სართულიან შენობაში 200 ათასამდე ილუსტრირებული წიგნი ინახება, რომლებიც სექსისა და სიყვარულის ხელოვნებას ეძღვნება. მათს შორისაა ვიქტორიანული ეპოქის ეროტიკული ლიტერატურის ნიმუშებიც. საუკუნის მანძილზე ბიბლიოთეკის მონახულების ბედნიერება მოკვდავთა ძალიან მცირე რაოდენობას ჰქონდა – ძირითადად ესენი იყვნენ მეცნიერები და პოლიტიკოსები. სტუდენტებისთვის კი ამ წიგნების წაკითხვა აკრძალულია. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ვანესა ლეისიმ, განაცხადა, რომ კოლექცია მუდმივად ახლდება თანამედროვე ეროტიკული და პორნოგრაფიული ლიტერატურით, და ეს წიგნები განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამომავლო ისტორიული კვლევებისთვის შეიძენს.

    ფედერალური ბიურო ერნესტ ჰემინგუეის კვალზე

    ნობელის პრემიის ლაურეატის, ერნესტ ჰემინგუეის შესახებ არსებულ მდიდარი ბიბლიოთეკას კიდევ ერთი საინტერესო წიგნი შეემატა. ცოტა ხნის წინ კუბაში გამოიცა მწერლის, ენრიკე სირულესის კვლევა: “ჰემინგუეი – დიდი უცნობი”. წიგნში კუბელი ავტორი იმ პერიოდზე გვიამბობს, როდესაც ჰემინგუეი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანულ წყალქვეშა ნავებზე დაკვირვებით იყო გატაცებული, რომლებსაც კუბის სამხრეთ სანაპიროებისაკენ ჰქონდათ აღებული კურსი და თავს ესხმოდნენ მოკავშირეების ტრანსპორტებს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამერიკული სპეცსამსახურები ეჭვის თვალით უყურებდნენ მწერალს, რისი მიზეზიც კუბაში ჰემინგუეის 20 წლიანი ცხოვრება გახლდათ, სადაც მან იქაურ მმართველობასთან თანამშრომლობის სურვილიც გამოქვა. უფრო მეტიც – 1941 წელს მწერალს სერიოზული მცდელობა ჰქოდა, ჩამოეყალიბებინა კუბაში ანტიფაშისტური სააგენტო, რის შემდეგაც უკვე ამერიკის ფედერალურმა ბიურომ მკაცრი კონტროლის ქვეშ აიყვანა იგი. ენრიკე სირულესის წიგნიც ნობელიანტი მწერლის ცხოვერების სწორედ ამ პერიოდზე გვიამბობს.

    “წყნარი დონის” ხელნაწერი რუსეთში დაბინავდა

    “წყნარი დონის” (მ. შოლოხოვი) პირველი და მეორე ნაწილის ხელნაწერის ფაქსიმილური გამოცემა 4 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკას გადაეცა. ხელნაწერის გამოცემაში მონაწილეობა მიიღო შოლოხოვის სახელობის საერთაშორისო კომიტეტმა, გორკის სახელობის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტმა და უკრაინის საპრეზიდენტო ფონდმა. აქამდე “წყნარი დონის” ფაქსიმილური გამოცემა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში, ფრანკფურტის, პარიზის, პრაღისა და პეკინის წინგის ბაზრობებზე იყო წარმოდგენილი. ახლა კი რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა გამართავს ხელნაწერის პრეზენტაციას და აიღებს პასუხისმგებლობას XX საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლის შენახვაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ შოლოხოვის რომანს წელს 80 წელი შეუსრულდა,

    დორის ლესინგმა კუთვნილი ჯილდო მიიღო

    30 იანვარს ლონდონში ნობელის პრემიის ლაურეატმა, დორის ლესინგმა, თავისი კუთვნილი ჯილდო მიიღო. მწერალი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ ეწვია შვედეთის აკადემიას დაჯილდოების ცერემონიალზე, ახლა კი 88 წლის ქალბატონი სტაფილოსფერი ხავერდის კაბითა და კაშნეთი საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურებოდა და ხალისით გამოართვა პრემია შვედეთის ელჩს ბრიტანეთში, შტეფან კარლსონს. ამ უკანასკნელმაც თავის მხრივ კომპლიმენტები არ დაიშურა მოხუცისთვის და მას საპატიო ჯილდოს გვირგვინოსანი უწოდა. ლესინგმა კი სამადლობელ სიტყვას ჩვეული იუმორი გამოურია: “ამის იქით ალბათ აღარაფერია – ახლა მგონი ისღა დამრჩენია, რომის პაპისგან თავზე ხელის გადასმას დაველოდო”. დორის ლესინგი მეთერთმეტე ქალია ნობელის პრემიის ისტორიაში, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.

    უოლტ უიტმენის ძეგლი მოსკოვში

    ამერიკელი პოეტის, უოლტ უიტმენის ძეგლი რუსეთის დედაქალაქში დადგმება. ძეგლის გახსნა მოსკოვში სექტემბრისთვისაა დაგეგმილი, ინიციატივა კი ვაშინგტონის მერიასა და რუსულ-ამერიკული კულტურული თანამშრომლობის ფონდს ეკუთვნის. სამუშაოების შესრულებისთვის 150 ათასი დოლარია გამოყოფილი. მაისში, პოეტის დაბადების დღეს, ოთხმეტრიანი ქანდაკების ადგილის პრეზენტაცია შედგება ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიეტის ბიბლიოთეკის ახალ შენობასთან. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ უიტმენი არა მარტო ამერიკული კულტურისთვის არის განსაკუთრებული ფიგურა, არამედ მნიშვნელოვანია იგი რუსული ლიტერატურისთვისაც თავისი შემოქმედებით გავლენებით რუს პოეტებზე. თუმცა, ისიც აღინიშნა, რომ ძეგლს კულტურულზე მეტად პოლიტიკური დატვირთვა ექნება ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებისათვის.

    ორჰან პამუკის სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია

    თურქეთში შეიარაღებული დაჯგუფება დააკავეს, რომელიც ცამეტი ულტრანაციონალისტის მიერ იყო ჩამოყალიბებული და მათ თურქი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ორჰან პამუკის ლიკვიდაცია ჰქონდათ დაგეგმილი. საერთაშორისო ბესტსელერების (“მე მქვია წითელი”, “შავი წიგნი”, “თოვლი”, “სტამბული”) ავტორის ფიზიკურ განადგურებას შეიარაღებული ჯგუფი 2009 წლისთვის აპირებდა. ამჟამად ეჭვმიტანილები სამხედრო სამსახურიდან დეზერტირებულ სხვა დამნაშავეებთან ერთად თურქეთის სამართლებრივი ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, თუმცა, ქვეყნის გამოხატვის თავისუფლების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, სანარ იურდაპტანი აცხადებს, რომ მსგავსი საპროტესტო გაერთიანებები ყოველთვის არსებობდა და იარსებებს თურქეთში, და მწერლის სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტია ვერასდროს ვერ იქნება ქვეყანაში.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • რეცენზია

    ირმა ტაველიძე, “ავტობიოგრაფია ფრანგულად”

    მაგდა კალანდაძე

    ინტერიერში გაყალბებული ავტობიოგრაფია

    ირმა ტაველიძე, “ავტობიოგრაფია ფრანგულად” (მოთხრობები). თბ. “სიესტა”, 2007.

    დებიუტანტი ავტორები ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევიან ხოლმე, რაც სრულებით ბუნებრივია – მაშინ, როცა უკვე ნაცნობი სახელებისაგან სიახლესა და შემოქმედებითი მრავალფეროვნების გამოვლინებას ველოდებით, მით უმეტეს, დიდია ნოვაციის მოლოდინი ლიტერატურულ სივრცეში ჯერ კიდევ უცნობი ავტორისაგან. თუმცა, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სიახლე ხშირად ავტორის ინდივიდუალურ ხელწერასა და ხმას გულისხმობს, რაც შემდგომ გამოცდილებასთან ერთად ოსტატობაში გადაზრდება ხოლმე, და ლიტერატურული დებიუტებიც ავტორების აღმოჩენის თვალსაზრისით უფრო საინტერესოა, ვიდრე – ტექსტების.
    მიუხედავად იმისა, რომ “ავტობიოგრაფია ფრანულად” ირმა ტაველიძის პირველი წიგნია, ქართველი მკითხველისათვის ეს სახელი უცხო ნამდვილად არ ყოფილა – ირმას მოთხრობები და თარგმანები წლების მანძილზე იბეჭდებოდა სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში. თუმცა, ეს წიგნი არ არის სხვადასხვა დროს დაწერილი მოთხრობების ტექნიკური თავმოყრა, როგორც ხშირ შემთხვევაში არა მარტო დებიუტანტ ავტორებთან ხდება ხოლმე. მწერალი სწორედ იმ პერიოდს დაელოდა, როცა ტექსტების არც თუ ისე მცირე რაოდენობიდან მოუწევდა საუკეთესოების არჩევა. კრებულშიც სწორედ ის მოთხრობებია შესული, რომლებიც ირმამ თავისი შემოქმედებიდან ამა თუ იმ განსაკუთრებული ნიშნით გამოარჩია.
    თუ ზემოთ განსხვავებული ესთეტიკისა და ხედვის ავტორის გამოვლენაზე ვსაუბრობდით, “ავტობიოგრაფია ფრანგულად” ის წიგნია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მწერალი პირდაპირ გვეუბნება, რომ მოთხრობები ავტობიოგრაფიულია, მათი “ფრანგულობა” ამბებისა და დოკუმენტური სინამდვილის ავტორისეულ ინტერპრეტაციაზე, გაყალბებაზე მიუთითებს (შდრ: “ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები” – სადაც რუსთაველი “სპარსულში” არათუ გეოგრაფიას გულისხმობს, არამედ ამბების ზღაპრულობას, უჩვეულობას). ფრანგულის მოშველიება ირმას ტექტსების ტონალობის, აკუსტიკური ფონის შესაქმნელად სჭირდება, მოთხრობების შინაგანი დინამიკისა და მკითხველთან სასაუბრო ენის მოსახელთებლად. თუმცა, დინამიურობა ამ შემთხვევაში მხოლოდ პრობითია, და იმდენად გაჯერებულია მოთხრობები სხვადასხვა ფორმა-შინაარსობრივი ორნამენტებით, რომ ხშირად ნაკლებად გვაძლევს საშუალებას, “ვიმოძრაოთ” ტექსტებში და ნაწარმოებებიც უფრო მხატვრულ ტილოს, სტატიკურ სურათს მოგვაგონებს.
    მიუხედავად იმისა, რომ ირმას ყველა მოთხრობა ერთი დასრულებული ეპიზოდი ან ამბავია, მისი თხრობის სტილი და აქცენტები საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ავტორისთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანია ამ ამბის, მოვლენის განვითარება. მისთვის მთავარია იმპრესიულობა, ის შთაბეჭდილება და ემოცია, რაც მას ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ამბებისგან რჩება, და თხრობის დროსაც სწორედ ამას ანიჭებს უპირატესობას – იოლი შესამჩნევია, რომ სიუჟეტური ხაზის განვითარებაზე მეტად ირმა სახეების შექმნაზე, პერსონაჟების შინაგანი სამყაროს მკითხველამდე მიტანაზე ამახვილებს ყურადღებას, ხოლო ამბები და მოვლენები ამ პორტრეტების დახატვაში კიდევ უფრო ეხმარება. აქ საინტერესოა ერთი დეტალიც – რაკი წიგნს “ავტობიოგრაფია” ჰქვია და მოთხრობებიც ავტობიოგრაფიულია, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ პროტაგონისტი თავად ავტორია, და შექმნილი სახეებიც – უმეტესწილად, ავტოპორტრეტები. ამ შემთხვევაში ირმა-ავტორი ერთგვარ დისტანცირებას ახდენს ირმა-პერსონაჟთან, უფრო მეტიც – თვითირონიისა და ფსევდო-ფრანგულობის შეზავებით აყალბებს სინამდვილეს და მისთვის ირმა-პერსონაჟი უკვე ის მასალა ხდება, რომლისგანაც დაუნდობლად შეიძლება გამოაქანდაკო ფიგურა, ისე, რომ მჭრელი იარაღის არცერთი დარტყმა საკუთარ სხეულზე არ იგრძნო. თუმცა, ხანდახან ავტორი ცდუნებას ვერ უძლებს, ბოლომდე ირმა-პერსონაჟს ანდოს სათქმელი და ხშირად რემარკების სახით ერევა ტექსტებში. ეს ის განსაკუთრებული შემთხვევებია, როცა ავტორი ვერ თმობს საკუთარ “მეს”, უჭირს სინამდვილის ბოლომდე უარყოფა და ამიტომაც ყოველი რემარკა ან საკუთარ თავში დაბრუნებაა (მკითხველისთვის კი, უბრალოდ, თავშესაქცევი და სახალისო ლიტერატურული თამაში), ან კიდევ პირიქით – ხანდახან რემარკად ძირითადი ტექსტი იქცევა ხოლმე და მოთხრობის ქვესათაურებში გამოტანილი “სინამდვილეების” გაბათილებას ემსახურება. ზემოთ არაერთხელ ვახსენე “სიყალბე”, თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არამც და არამც არ არის ტექსტების შეფასება – პირიქით, ყოველი მხატვრული სახე თუ ეპიზოდი მაქსიმალური სიზუსტითა და დაწურულობითაა გადმოცემული, ავტორს არც ერთი მცირე დეტალი არ რჩება ყურადღების მიღმა, და ასევე შესანიშნავი უნარი აქვს, სათქმელი ძალიან მარტივი, ყოფითი ელემენტებით გადმოსცეს – რაც ერთგვარი ხიბლია მისი პროზის. ამას თან ერთვის დახვეწილი და გამართული ქართული, რომელიც არა მარტო გრამატიკულად სწორ, სინტაქსურად გამართულ ენას გულისხმობს, არამედ მკითხველთან სასაუბრო ხმას, შინაარსთან შეწყობილ ფორმას. თუმცა, ჯერ-ჯერობით ეს ხმა მხოლოდ სტუდიურ ფოტოებს, ინტერიერში გადაღებულ ფილმებს მოგვაგონებს, რომლებსაც არ გააჩნიათ არავითარი კონტაქტი გარესამყაროსთან, თუმცა კი იმდენად დიდი ოსტატობითა შესრულებული, რომ წინათ თქმულს ნაკლად ვერაფრით ჩაუთვლი. ესეც, ალბათ, ირმას, როგორც მწერლის, ერთი მხარეა, ერთი შემოქმედებითი ეტაპი, რომელიც მწერალმა საკმაოდ მძლავრი დებიუტით, “ავტობიოგრაფია ფარნგულად”, უკან ჩამოიტოვა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • ახალი წიგნები

    2008 – მარტი

    ბესო ხვედელიძე, “ესტაფეტა”. მოთხრობები. თბ. “სიესტა” 2007.

    ბესო ხვედელიძე ის ავტორია, რომელიც მკითხველს შემოქმედებითი მრავალფეროვნებით ანებივრებს და მისი ყოველი ახალი გამოჩენა ლიტერატურულ სივრცეში არაფრით ჰგავს წინას. თანაც ამ ყველაფერთან ერთად მწერალი ახერხებს, შეინარჩუნოს ინდივიდუალური ხელწერა, სტილი, რაც გამოარჩევს მას თანამედროვე ავტორთაგან. “ესტაფეტა” მწერლის რიგით მეცხრე წიგნია. მოთხრობების კრებულში განსხვავებული ხასიათის, სტრუქტურისა და ტონალობის ტექსტებია შეტანილი, რომლებიც ბესოს ბოლო პერიოდში დაუგროვდა და რომელთა ნაწილსაც სხვადასხვა ლიტერატურული პერიოდიკიდან თუ გამოცემებიდან უკვე იცნობს მკითხველი.

    ერლომ ახვლედიანი, „ზარმაცი თაგუნას ამბავი“. მოთხრობები. თბ. “link” 2007.

    მოთხრობა, დაწერილი პირველ სიტყვამდე, ზღაპრები, სადაც მატყუარა მელიას, თეთრი ყვავილების და პეპლების, უნიჭო ფეიქრის – ობობას, ზარმაცი თაგუნასა და ცბიერი მასწავლებლის – მელას ამბებია მოყოლილი, ცხოვრებისეული იგავ-არაკები, სიკეთით, სათნოებითა და შემწყნარებლობით გაზავებული ტექსტები – ეს ერლომ ახვლედიანის ახალი კრებულია, რომელიც კიდევ ერთხელ გაახსენებს ქართველ მკითხველს მწერლის სადა და თვითმყოფად პროზას. წიგნს თან ერთვის სახალისო ილუსტრაციები; საინტერესო წინასიტყვაობა და ბიოგრაფია კი მკითხველს ერლომ ახვლედიანის შემოქმედების უკეთ გაცნობასა და აღქმაში დაეხმარება.

    ნათია ნაცვლიშვილი, “პირიქით”. ლექსები. თბ. “სიესტა” 2007.

    დებიუტანტი ავტორები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევიან ხოლმე, მათი ტექსტები ახალი ფორმების, სტილისა და ხმის ძიებაა და შესაბამისაად, ყოველგვარი სიახლე მნიშვნელოვანი დაკვირვების, ინტერესის ობიექტს წარმოადგენს. ნათია ნაცვლიშვილის დებიუტი ლიტერატურულ ასპარეზზე საკმაოდ საინტერესო პოეტური კრებულით “პირიქით” შედგა. ავტორმა თავი მოუყარა ლექსებს, რომლებიც აქამდე სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში თუ გამოცემებში ქვეყნდებოდა და პოეზიის მოყვარულ მკითხველს ახალი წიგნის სახით კიდევ ერთი საინტერესო საკითხავი შესთავაზა.

    ირაკლი აბაშიძე, “100 ლექსი”. შემდგენელი ირინე აბაშიძე. თბ. “ინტელექტი” 2007.

    პოეტის ახალგაზრდა გულისთვის ცხოვრების სიბრძნემდე დიდი და ხანგრძლივი გზაა გასავლელი. ამ გზაზე რას აღარ გადაეყრება იგი, თუმცა კი, საბოლოოდ ყველაფერს პოეზიად, ლექსად აქცევს, რითმებსა და სტროფებში იხატება მისი ცხოვრება. ირაკლი აბაშიძის “100 ლექსიც” პოეტის ცხოვრების ერთგვარი სარკეა, ამოთქმული თუ გამოუთქმელი, სრული თუ ნახევარლექსები მისი ხმით მეტყველებენ. წიგნს წინასიტყვაობის მაგიერ დართული აქვს ამონარიდები ქართული ენციკლოპედიის მიერ 1999 წელს გამოცემული წიგნიდან “ირაკლი აბაშიძე 90”.

    ირაკლი მახარაძე, რევაზ მახარაძე, “ერთი მუჭა ვესთერნი”. თბ. „არეტე“ 2007.

    თუ კინემატოგრაფია თქვენი საყვარელი სფეროა, განსაკუთრებით კი ამერიკული კინო გიზიდავთ და მისი განვითარების ისტორია, წარსული და აწმყო გაინტერესებთ, მაშინ „ერთი მუჭა ვესტერნის“ ხილვა წიგნის მაღაზიების თაროებზე განსაკუთრებით გაგახარებთ. წიგნის ავტორები ამერიკული კინემატოგრაფის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჟანრზე, ვესთერნზე გვიამბობენ, კიდევ უფრო ახლოს გვაცნობენ კინომოღვაწეებს, რომლებმაც გადატრიალება მოახდინეს არა მარტო ვესთერნში, არამედ ზოგადად კინემატოგრაფიაში. წიგნს თან ერთვის საინტერესო ილუსტრაციებიც, ასე რომ, ირაკლი და რევაზ მახარაძის მიერ წარმოდგენილი ვესთერნის ისტორია გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი მუჭა.

    ნიკო ხუციშვილი, “იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მიწათმფლობელობა საქართველოში”. თბ. “არტანუჯი” 2007.

    იერუსალიმის ეკლესია-მონასტრებში ქართველების მოღვაწეობის ხანა დაახლოებით თორმეტსაუკუნოვან პერიოდს მოიცავს. XIX საუკუნის დამდეგიდან კი საქართველოს სამეფო-სამთავროების რუსეთთან შეერთებისა და ავტოკეფალიის დაკარგვასთან ერთად ქართული მხარე საბოლოოდ ჩამოშორდა იერუსალიმის მონასტრების უძრავ-მოძრავი ქონების მართვას. ჯვრის მონასტრის მიწათმფლობელობის საკითხების კვლევა 1990 წელს კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტმა დაიწყო. ამჯერად მკითხველს შეუძლია გაეცნოს ნიკო ხუციშვილის საინტერესო შრომას მნიშვნელოვანი ქართული საეკლესიო ცენტრის შესახებ, რომელიც გამომცემლობა “არტანუჯის” სერიის, “საქართვლოს ეკლესიის ისტორიის” პირველი წიგნია.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეცენზია

    რაინერ მარია რილკე – ღია წერილი ახალგაზრდა პოეტს

    თორნიკე მოდებაძე

    მარტოობის წიგნი

    რაინერ მარია რილკე. ღია წერილი ახალგაზრდა პოეტს. გერმანულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანმა. “აფრის” ბიბლიოთეკა ¹1. თბ. “კავკასიური სახლი”, 2002.

    რაინერ მარია რილკესთვის სიტყვა-ცნება “მარტოობა” თავისებური შინაარსის შემცველია. ერთი რამ ცხადია, მის მიერ სხვადასხვა კონტექსტში გამოყენებული ეს სიტყვა არ ნიშნავს მხოლოდ ფიზიკურ ან სულიერ სიმარტოვეს, ის უფრო მეტაფიზიკური, უნივერსალური, მრავლისმომცველი, იქნებ იდუმალი და ბოლომდე დაუდგენელი მნიშვნელობის მქონეცაა.
    ახალგაზრდა პოეტისადმი მიწერილ წერილებშიც არაერთხელ გაიელვებს ეს სიტყვა და გარემომცველ მნიშვნელობას, როგორც მთრთოლვარე შარავანდედს, ისე გაიყოლიებს. ვფიქრობ, რომ თვითონ რილკეს ესეისტიკაში გამჟღავნებული სტილია კანონზომიერი იდუმალებით მოცული. ეს სტილი ერთგვარ დაუმუშავებელ მასალას ჰგავს, რომლისგანაც, როგორც თიხისგან, პოეტური ნაწარმოებები უნდა გამოიწვას. ახალგაზრდა პოეტისადმი მიწერილ წერილებს ესეისტიკა პირობითად შეიძლება ეწოდოს. წერილები თითქოს გარდამავალი ფაზაა პროზიდან პოეზიაში. მე პირადად, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ რილკეს ყელში ჰქონდა მობჯენილი სათქმელი, თვითონვე სურდა გაეშიფრა თავის უაღრესად ღრმა მსოფლშეგრძნების წიაღიდან მომდინარე დინებები და საბაბიც მიეცა – ფრანც ქსავერ კაპუსმა მას საინტერესო და ამაფორიაქებელი კითხვები დაუსვა.
    რილკე პასუხობს: “შეიყვარეთ თავად კითხვები. შეიყვარეთ ისინი დალუქული ოთახებივით და უცნობ, იდუმალ ენაზე დაწერილი წიგნებივით. ახლა ნუ ეძებთ პასუხებს, რომლებსაც ვერ იპოვით, რადგან თქვენი ცხოვრებით არ მისულხართ ამ პასუხებთან. საქმე ის გახლავთ, ვიცხოვროთ, გამოვცადოთ ყველაფერი, საკუთარი ცხოვრებით გავცეთ პასუხები საკუთარ კითხვებს. ამჟამად კი იცხოვრეთ საკუთარი კითხვებით და იქნებ ერთ შორეულ დღეს, თქვენმა ცხოვრებამ შეუმჩნევლად შეგიყვანოთ პასუხის სიღრმეში”.
    რილკე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხანგრძლივ სულიერ წრთობას, გამოცდილებას შინაგანი სამყაროს ფსკერზე დალექილ განცდებს ანიჭებს. მხოლოდ ხაზგასმით იმასაც დასძენს, რომ ეს გამოცდილება პიროვნულ-ინდივიდუალური, უნიკალური, საკუთარი უნდა იყოს. თითქოს არაფერია აქ საკვირველი, დელფოსის სამისნოზე ამოტვიფრული წარწერა “შეიცან თავი შენი” რილკეს სათქმელსაც იტევს. მაგრამ რილკე არასოდეს არავის არ ჰგავს და სხვასაც არ იმსგავსებს. მისი თვითშემეცნებაც მეტად თავისებურია, უაღრესად სუბიექტური, პიროვნულ-ინტიმური. რილკე კი არ აგებს, თითქოს სახელდახელოდ ქმნის ლირიკულ-აღსარებითი ტონალობით შეფერილ ტექსტს, რომელშიც მისი მსოფლშეგრძნების და მსოფლმხედველობის ნაზავია განფენილი. ეს ტექსტი მისივე პოეტური შთაგონების ცოცხალი ანაბეჭდია, მისი პირველსახეა, აზროვნების ის ფაზაა, როცა გამჭვირვალედ იკვეთება ქაოსიდან კოსმოსი, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელშესახებ ფორმას იძენს მხატვრულობა. რილკე თეორეტიკოსი არ არის, მისი მსოფლმხედველობა მხატვრულია, ის “დაბადებიდანვე” მხატვრულ სამოსელშია გახვეული. რაც, რასაკვირველია, ბედნიერების ნიშანია.
    და მაინც, რატომ გასცა ავსტრიელმა პოეტმა ფრანც ქსავერ კაპუსს ასეთი გულისხმიერი პასუხები?
    რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის მახვილი გრძნობა გააჩნდა. მას არ შეეძლო გულგრილი დარჩენილიყო ამქვეყნიურ შეჭირვებათა ლაბირინთში ხელისცეცებით მავალი ახალგაზრდა კაცის მხურვალე აღიარებების მიმართ. მაგრამ, ვფიქრობ, იყო სხვა მიზეზიც: კაპუსის წერილებში აღძრული ვნებათაღელვა თვითონ რილკეს სულიერ ფორიაქს დაემთხვა. რილკეს მთელი პოეტური მოღვაწეობა მუდმივი თვითრეფლექსიაა, სადაც ყველაფერს სრული წესრიგისკენ სწრაფვის ნიშანი ატყვია. ამ წესრიგისკენ სწრაფვის ყველაზე უფრო დრამატული აკორდები “დუინურ ელეგიებში” გახმიანდა. ამავე ციკლში რილკე თითქოს ეძებს ჩახლართული გორდიასის კვანძის ბოლოს, რათა ჩვენს ყოფიერებას ნათელი მოჰფინოს.
    შტეფან ცვაიგი თავის წიგნში “ევროპელის მოგონებანი” გულდაწყვეტით დასძენს, რომ გაივლის დრო და XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ბრწყინვალე ლირიკოსების ბადალი შემოქმედნი აღარ იარსებებენ. ის იხსენებს რილკეს, სიყვარულით და მოწიწებით ხატავს მის პორტრეტს. რილკე ხმადაბლა და მკაფიოდ წარმოთქვამდა საკუთარ ლექსებს, დინჯად ანაწილებდა აქცენტებს. ის უფაქიზესი ინსტრუმენტის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არ უყვარდა საზოგადოების შუაგულში ტრიალი, ყოველნაირად ცდილობდა გარიდებოდა ხალხმრავლობას. უჩვეულო კრძალვა და თავმდაბლობა გამოარჩევდა ყველგან, წვეულებებზე და საჯარო თავშეყრის ადგილებზე.
    ცვაიგი იხსენებს, როგორ შეესწრო ერთხელ რილკეს გამგზავრების მომენტს. და აქაც წესრიგისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება იჩენს თავს. რილკე ფრთხილად, ფაქიზად აწყობდა ნივთებს ჩემოდანში და მთელი მისი არსება წესრიგს და წესიერებას განასახიერებდა. ეტყობა, შინაგანი შფოთის გრძნობას გარეგნული წესრიგი უქარვებდა. სხვათა შორის იგივეს წერს კორნეი ჩუკოვსკი ალექსანდრ ბლოკზე. ბლოკი ვერ ეგუებოდა უწესრიგობას და ქაოსს. ის გამუდმებით ალაგებდა თავის საწერ მაგიდას, თავ-თავის ადგილს უჩენდა წიგნებს, რვეულებს, სხვადასხვაგვარ ნივთებს. შეიძლება გაგვახსენდეს გალაკტიონიც, რომლის დღიურებშიც გარეგნულ ქაოსთან გაუთავებელი ბრძოლის “ბატალიებია” დაწვრილებით აღწერილი.
    რილკესთვის წესრიგი გამოცდილების, სულიერ და გონებრივ მიღწევათა კონცენტრირების გარკვეული საფეხურია. ეს ის მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანი თავის ინდივიდუალური სწრაფვის გამოისობით აღწევს. ამ სწრაფვის გარეშე ყოველი პიროვნება უწესრიგობისთვის და აპათიისთვისაა განწირული: “ახალგაზრდები ხშირად და მწარედ ცდებიან, ფიცხი და დაუთმენელი ბუნებისანი, მყისვე ერთმანეთს მიაწყდებიან ხოლმე, როგორც კი სიყვარული ეწვევათ. იფლანგებიან და იფანტებიან, რაც საერთოდაც სჩვევიათ თავიანთ აღგზნებულ თუ აპათიურ, უწესრიგო და ქაოტურ ცხოვრებაში”.
    ახალგაზრდა პოეტისადმი მიწერილ წერილებში განსაკუთრებით ამაღელვებელია სიყვარულზე შეთხზული პასაჟები. აქაც რილკესეული, უაღრესად თავისებური ანალიტიკა იჩენს თავს.
    სიყვარულიც ავსტრიელი პოეტის მთლიანი მსოფლმხედველობის კონტექსტში თავსდება. რილკე ტრადიციულ-რომანტიკული ტრფიალის ბანალურ თემას ოდნავადაც კი არ ეხება. მისი მხედველობის არეში ეს თემა საერთოდ არ ფიგურირებს. ის თავიდანვე სქესთა ურთიერთმიმართების საიდუმლოებაზე ფიქრობს. რილკეს ფიქრი იმთავითვე უჩვეულო სიღრმისეულობით არის აღბეჭდილი. სიყვარული მისთვის სამყაროს საფუძველში ჩადებული უხილავი ნების განხორციელებაა. ამიტომ რაც ზედაპირულია და გარეგნული, ის ნაკლებად საინტერესოა, ბუნების მიერ სიღრმეში ჩადებული და კანონზომიერი კი ცხოველ ინტერესს აღძრავს. ვთქვათ, რილკესთვის ამ წერილებში გამოთქმული თვალსაზრისის თანახმად არ არსებობს ულამაზო და ლამაზი ქალი. ასეთი კონკრეტიკა მისთვის უცხოა, ის უფრო ზოგად, არსისმიერ ნიშან-თვისებებს ეძიებს. აი, რას წერს პოეტი: “შესაძლოა ყველაფერზე მაღლა დგას და ძლიერია დიადი დედობა – ეს საერთო ურთიერთლტოლვა. ქალწულის სილამაზე, იმ არსების სილამაზე (როგორც თქვენ მშვენივრად ბრძანეთ), რომელსაც ჯერ არაფერი მოუმოქმედებია – მომავალი დედობაა, მის წიაღში რომ მწიფს, ემზადება, შიშობს, წინასწარ გრძნობს და ესწრაფვის თავის მომავალს; ხოლო მოხუც ქალში ეს სილამაზე დიდ მოგონებად ქცეულა. და მე მგონია, რომ ფიზიკურ-სულიერი დედობა მამაკაცშიც არის; ჩასახვა – ეს ერთგვარი სახეა შობისა, ხოლო როცა მამაკაცი თავისი შინაგანი სისავსიდან ქმნის და წარმოშობს, ესეც ერთგვარი შობაა და დაბადება. შესაძლოა, ეს ორი სქესი უფრო ახლოსაა ერთმანეთთან, ვიდრე ჰგონიათ”. ცოტა ქვემოთ კი მართლაც განსაცვიფრებელი სტრიქონებია: “მამაკაცი და ქალი, ყოველგვარი მცდარი მორიდებისა და ქვენა ზრახვათაგან თავისუფალნი მოძებნიან ერთმანეთს, არა როგორც საპირისპირო არსებანი, არამედ როგორც და და ძმა, როგორც მეზობლები; მოძებნიან და შეერთდებიან, როგორც ადამიანები, რათა ერთად, უბრალოდ, მკაცრად და მოთმინებით ატანონ სქესის სიმძიმე, საერთო უღელი, მათ რომ დაეკისრათ”.
    რაინერ მარია რილკეს “წერილები ახალგაზრდა პოეტს” არა მხოლოდ მწერალმა უნდა წაიკითხოს, არამედ ყველა იმ ადამიანმა, ვინც იწყებს ცხოვრების რთულ და ძნელადგასაგნებ გზას.
    დაბოლოს, რითაც დავიწყე, იმის დავამთავრებ. სიტყვა “მარტოობას” რილკეს ლექსიკონში ძალიან ღრმა, მრავალწახნაგოვანი აზრობრივი დატვირთვა აქვს. მარტოობა სხვა ყველაფერთან ერთად ის მდგომარეობაა, რომლის წიაღში შემოქმედებითი ნაპერწკალი ღვივდება. ახალგაზრდა პოეტისადმი მიწერილი წერილებიც, როგორც პოეტი იტყოდა, “უსასრულო მარტოობით” არის დაღდასმული. ეს მარტოობის შემცველი წიგნი ქართულ ენაზე შესანიშნავად თარგმნა ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანმა.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • პროზა

    ირაკლი ბერიაშვილი – ორი ელექტრონული მოთხრობა

    ჯადოქარი

    “ზედ, შენ გამოცდილი და საიმედო ჯადოქარი ხარ. მქონდეს იმედი, რომ ერთ თხოვნას შემისრულებ? ხომ იცი, ვალში არ დაგრჩები!”
    ბიჭმა კვესტის ბოლოს დახედა:
    Reward – 10000 xp, 2 ოქრო და წამოსასხამი – 9 გამძლეობა, 5 ძალა და 10 ინტელექტი… საჩუქარს არა უშავს, ალბათ არც ისე ადვილი კვესტია.
    DDდღეს ალბათ მიაღწევს მეორმოცე დონეს… მთელი თვეა ამ წუთზე ფიქრობს, წუთზე, როცა ორმოცის გახდება და ცხენის ყიდვის უფლება ექნება. საკმარისია ეს კვესტი შეასრულოს, ერთი-ორი მონსტრიც მოკლას და…
    კვესტის კითხვა განაგრძო:
    “მოკლედ, დებიურების კარმიდამოში, აროტში უნდა წახვიდე. რეფიუჯ პოინტის ჩრდილო-აღმოსავლეთით. წადი და კენატასა და იმისი შვილების ფარდელისა და მარსელის თავები მომიტანე!
    ეგ ღორი! ეგ… har…“
    ბიჭმა დისპლეის თვალი მოაცილა. გვერდით პატარა მაგიდიდან ინგლისურ-ქართული ლექსიკონი აიღო და “harlot”-ის ძებნას შეუდგა.
    ოთახი პატარა იყო – სამი ოთხზე. ფანჯარასთან საწოლი იდგა. იქვე, საწოლის თავზე, ნიშაში – წიგნის სამი თარო. პირველ თაროზე “ტომ სოიერი” და “ჰეკლბერ ფინი”, “რობინზონ კრუზო”, “საიდუმლო კუნძული”, “80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ” და “კაპიტან გრანტის შვილები”, ლინდგრენის “პეპი გრძელი წინდა”, “ბიჭუნა და კარლსონი”, “ჰარი პოტერის” ხუთივე წიგნი და, რა თქმა უნდა, “პატარა უფლისწული”.
    მეორე თარო დისკებით, მაუსისა და ფერად-ფერადი კაბელების კოლოფებით იყო სავსე. მარჯვენა კუთხეში მაღვიძარა იდგა. მესამე თაროზეც წიგნები ეწყო. ესენი ჯერ არ ჰქონდა წაკითხული.
    ფანჯრებს იქიდან ღამე იცქირებოდა. არც ადამიანების, არც მანქანების ხმა – გარედან შემოსული წვიმის ჩუმი შრიალი პროცესორის ვენტილატორის ღუღუნს უერთდებოდა.
    ნაცრისფერტილოგადაკრულ სავარძელში იჯდა. კარიდან რომ შეგეხედათ, მარტო წაბლისფერთმიანი თავი მოუჩანდა. ამ ზაფხულს თორმეტისა კი გახდა, მაგრამ ასაკთან შედარებით პატარა და თანაც ძალიან გამხდარი იყო.
    har… har… ბიჭმა თითი ჩამოაყოლა გვერდს… აი ისიც: harlot – ბოზი. ჩაეცინა. ლექსიკონი დახურა, ისევ მაგიდაზე გადადო და კვესტის კითხვა განაგრძო. მარჯვენა ხელი მაუსზე ედო, მარცხენა ხელის თითები – კლავიატურაზე. Elwynn Forest-ში მშვიდად ვერ იქნები – ყოველ წამს შეძლება მონსტრი ან ალიანსელი გამოჩნდეს.
    დისპლეიზე უჟმური, ჩამუქებული ტყე მოჩანდა. თვითონ ჯადოქრის გრძელ ბალახონში გამოწყობილი თეთრთმიანი ქალის წინ იდგა. კვესტის ტექსტი ეკრანის მარცხენა ზედა კუთხეში იყო მოთავსებული. მეჩხერი ტყის მიღმა ჟანგიან რკინისღობეშემოვლებულ სასაფლაოზე გრანიტის სვეტები აჩოჩხილიყო.
    “… ეგ ბოზი! კენატა ჯერ კიდევ ცოცხალია. მისი ოჯახი Hჰყვავის და სულ უფრო მდიდრდება, მაშინ როცა მე ვიტანჯები! რა უსამართლობაა! ჩემი ოჯახი დაიქცა, ჭირმა და უბედურებამ გააჩანაგა. ქონება წაგვართვეს, გაგვძარცვეს. ცალკე ხანძარმა შთანთქა ყველაფერი. და ამის შემდეგ მასა და მის საზიზღარ შვილებს თავხედობა ეყოთ მოეპარათ მამის დანატოვარი უკანასკნელი ძვირფასეულიც. არანაირი ნივთები აღარ მჭირდება. ის, რაც ახლა მინდა, მათი თავებია!
    მოკალი ჩემი გულისთვის! წადი აროტში, რეფიუჯ პოინტის ჩრდილო-აღმოსავლეთით და მათი თავები მომიტანე!”
    ბიჭმა მართკუთხა ჩარჩოს ქვედა მარცხენა კუთხეში Accept-თან მიიტანა კურსორი და დააწკაპუნა. კვესტის ჩარჩო დაიხურა.
    – ნიკა, დაწექი, გვიანია!­ – მოისმა ქალის ხმა მეზობელი ოთახიდან.
    – ცოტაც, რა, დე, – ბიჭმა ჯერ საათს შეხედა, მერე კარისკენ მიაბრუნა თავი, – ჯერ თერთმეტიც არ არის…
    მაგიდის ლამფისკენ გაიწვდინა ხელი და სინათლეს დაუკლო.
    მეზობელი ოთახიდან აღარავინ გამოხმაურებია. ფანჯრის იქით ისევ შრიალებდა წვიმა.
    დისპლეის ქვემოთა მარჯვენა კუთხეში პატარა მართკუთხედი ამოვარდა. “ელენე” ურეკავდა “სკაიპით”.
    “აქ ხარ?” – ეწერა პირველ სტრიქონზე.
    “ჰო” – ლათინური ასოებით აკრიფა კლავიატურაზე.
    “სკარლეტ მონასტერში” არ წამომყვები? ასორმოცდაათიან, შვიდსტამინიან და ათინტელექტიან სტაფს აგდებს ერთ-ერთი ბოსი.
    “რეფიუჯ პოინტის” კვესტზე ვაპირებდი წასვლას, ზუსტად ეხლა გამოვართვი. მაგრამ არა უშავს. მერე გავაკეთებ. სად შევხვდეთ?”
    იცოდა, რატომაც ურეკავდა ელენე. “სკარლეტ მონასტრის” შესასვლელთან დღედაღამ ალიანსელები დაძრწიან. ის “ვარიორიც” იქ იქნება…
    ეტყობა, უკნიდან ვიღაც მიეპარა – განათდა და სიცოცხლის ხაზიც დამოკლდა. შებრუნდა.
    ვეებერთელა რუხი დათვი იყო, Frost Nova მონიშნა. გაყინა. მერე მოშორდა და Frost Bolt-ი ესროლა. დათვი ისე ჩქარა ვეღარ იქნევდა ტორებს. ახლა Fireball გაუშვა თავდამსხმელისკენ. მერე კიდევ. დათვმა ყინული მოიხსნა, მაგრამ უკვე გვიან იყო. ღმუილით წამოსულს შუა გზაზე უწია კიდევ ერთმა Fireball-მა. კურსორი მკვდარ დათვს დაადო, ფული და რაღაც ნივთები აკრიფა.
    ისე, სკარლეტში წასვლას ტანარისში ჯობდა წასულიყვნენ. ძალიან უყვარდა ტანარისი. იქ ტყე არ იყო, სასაფლაოც კი უფრო მხიარულად გამოიყურებოდა. ქვიშის ბორცვები ისე ლამაზად მისდევდნენ ერთმანეთს… ეგეთ ქვიშიან ბორცვზე მოვიდა დედამიწაზე თავისი B-12 პლანეტიდან პატარა უფლისწული. თეთრ ქვიშაზე აქეთ-იქით საქმიანად დადიოდნენ ჯუჯა, გრძელცხვირა გობლინები. მას შემდეგ, რაც თავისი დაბადების ადგილი დუროტარის პატარა დაბა Den-ი მიატოვა, მეათედან ოცდამეთხუთმეტე დონემდე სულ ტანარისში აიწია. აქვე გამართა თავისი პირველი დუელი ალიანსელთან… წაგება ვის სიამოვნებს, მაგრამ როცა პატიოსან, რაინდულ ბრძოლაში მარცხდება, არ სწყინს…
    ერთი კვირის წინანდელი ამბავი გაახსენდა. შესვენებაზე დერეფანში ელენესთან იდგა ფანჯარასთან. წვრილი გოგო იყო. წაბლისფერი თმა და კოხტა ცხვირი ჰქონდა. კომპიუტერი თითქმის ერთდროულად უყიდეს მშობლებმა. WoW-ის თამაშიც ერთდროულად დაიწყეს. ზედი რატომ დაირქვიო, ეკითხებოდა.
    – მამაჩემი რომ თარგმნის წიგნს, იქ არის ერთი პირველი რანგის მოხუცი ჯადოქარი, ზედიკუს ზულ ზორანდერი. ზედ შემოკლებული სახელია.
    – საინტერესოა?
    – ძალიან. თვითონ არ წამიკითხავს, მაგრამ თითქმის თავიდან ბოლომდე ვიცი, დედაჩემს უყვება ხოლმე. სულ ცხრა წიგნია გამოსული, ამერიკელი მწერალია, ეხლა მეათესაც წერს თურმე.
    – რა ჰქვია?
    – ვის?
    – წიგნს.
    – არა, ვიფიქრე, მწერლის გვარი ხომ არ აინტერესებს-მეთქი.
    – ეგეც მაინტერესებს.
    – ტერი გუდქაინდი. წიგნების საერთო სათაური “ჭეშმარიტების მახვილია”, ცალ-ცალკე კი “ჯადოქრის პირველი კანონი”, “ჯადოქრის მეორე კანონი” და ასე შემდეგ, მეცხრემდე.
    – არ აპირებ წაითხვას?
    – კი. პოტერის მეხუთე წიგნს მოვრჩები და მერე…
    – მეც მათხოვებ?
    – გათხოვებ, ოღონდ მარტო პირველს.
    – რატომ მარტო პირველს?
    – დანარჩენები ქართულად არ არის ნათარგმნი. თუ რუსულად ან ინგლისურად შეგიძლია…
    ამ დროს დერეფანში მეშვიდეკლასელმა ბიჭებმა ჩაიარეს. ორ-ორად – მხრებზე ხელგადახვეულებმა. ერთი გაჩერდა და ნიკას თვალი თვალში გაუყარა.
    – საქმე მაქვს შენთან.
    ბიჭს გაუკვირდა, რა საქმე უნდა ჰქონდესო, მაგრამ მაინც გაჰყვა.
    – შენ, ბიჭო, მაგ გოგოსთან მეორედ არ გნახო, თორემ ცხვირ-პირს გაგინგრევ! გაიგე?
    ხმა არ გაუცია.
    მეორე დღეს დიდ დასვენებაზე ისევ ფანჯარასთან იდგნენ. ელენე მულგორეზე ეკითხებოდა, კვესტი მაქვს შესასრულებელი და რომელი გზით ჯობს წასვლაო.
    ამ დროს ისევ იმ შანტრაბამ ჩამოიარა. ჭიტომ – ასე ეძახდნენ იმ ბიჭს – ჯერ განზე გაიხმო, მერე ტუალეტში შევიდეთო. დანარჩენები მიჰყვნენ.
    – ხომ გითხარი, მაგ გოგოსთან არ გნახო-მეთქი! – თქვა და ისე ჩამოუსვა თავზე ხელი, თმა თვალებზე ჩამოეშალა. უკნიდან ვიღაცამ პანჩური ამოარტყა.
    მუშტი მომუჭა.
    – ერთი ამას უყურე, მგონი თავის დაცვასაც აპირებს, – ჩაიცინა ერთმა.
    – ეხლა წადი, ბიჭო, და დაიხსომე, რაც გითხარი, – ისევ ჭიტომ თქვა, – ისე დაგისიებთ ცხვირ-პირს, დედიკო ვეღარ გიცნობს.
    გუშინწინ თვალებჩალუჯებული დაბრუნდა სკოლიდან.
    – უი, თვალი დამიდგეს, – შეიცხადა ბებიამ.
    – ვინ გცემა? – ჰკითხა დედამ
    მამას არაფერი უკითხავს. თავი დაანებეთო, უთხრა ქალებს, თვითონ მოაგვარებს თავის პრობლემებსო.

    * * *
    ცოტათი გულიც კი დასწყდა, საინტერესო კვესტი იყო, მაგრამ ელენეს მარტოს ხომ ვერ გაუშვებდა სკარლეტში. აუცილებლად მოკლავენ.
    – სად შევხვდეთ და ანდერსითის წინ, მცველები რო დგანან იქ.
    – ო’კეი. მე ახლა დუროტარში ვარ, თხუთმეტ წუთში მანდ ვიქნები.
    სკარლეტში ალიანსელებიც დადიან. ის “ვარიორიც” სულ იმ მიდამოებში ტრიალებს. ოთხჯერ შეებრძოლა, ოთხჯერვე დამარცხდა. ორმოცდაათიანთან წაგება სასირცხვო არ იყო, მაგრამ მაიცდამაინც თავისზე დაბალლეველიან მეტოქეს ირჩევს ხოლმე… ჭიტოსავით…
    რაღაც უნდა მოიფიქროს. ტყის ვიწრო ბილიკზე მირბოდა და თან ფიქრობდა. უცებ გონება გაუნათდა. Frost Nova –ს შემდეგ რამდენჯერმე შენიშნა, რომ Frost Bolt-ი 316-ის მაგივრად 500-ზე მეტს ურტყამდა. აი თურმე როგორ გამოდის კრიტიკალი! ესე იგი ეს კომბინაცია რამდენჯერმე რომ გაიმეოროს, “ვარიორი’ ვერც მოუახლოვდება და აღარც Fireball-ის სროლა დასჭირდება. Frost Bolt-ი ხომ თითქმის წამით სწრაფია! ანდერსითიში შესასვლელთან ორი გოლიათი დარაჯის გარდა არავინ ჩანდა.
    ესენი “კომპის” მცველები იყვნენ – სამოციანები. ჰორდელების ქალაქს ალიანსელებისგან იცავდნენ.
    ბალახიან ფრდობზე დაჯდა და სიცოცხლე აღიდგინა. მალე მოპირდაპირე კოშკიდან ტელეპორტით გადმოსული ელენეს ფიგურა შენიშნა. გუშინ ოცდათოთხმეტი გახდა და სკარლეტის მწვანე სტაფის დაჭერის უფლებაც მოიპოვა. მაგრამ ჯერ სკარლეტში უნდა შეაღწიონ, მერე კი საიდუმლოებების მცველი დოანი მოკლან.
    ერთად წავიდნენ მონასტრისკენ მიმავალ დაკლაკნილ ბილიკზე. გზაზე რამდენიმე მონსტრის მოკვლა მოუხდათ.
    კიბეებზე ფართომხრებიანი “ვარიორი” იჯდა. ალიანსელები მორიგეობით დარაჯობდნენ სკარლეტს. არტეფაქტები რომლებიც იქ იშოვებოდა, ძალიან აძლიერებდნენ მოთამაშეს და ბუნებრივია მტრისთვის დათმობა არ უნდოდათ.
    ნიკამ ყურსაცვამები მოირგო თავზე და ლაპარაკის რეჟიმზე გადავიდა.
    – ორივე მოვერევით, მაგრამ მერე მთელ ქვეყანას შეყრის ორი ერთზე მოვიდაო.
    – აბა, რა ვქნა, ვუყურო როგორ მოგკლავს?
    – ვერ მომკლავს! შენ აქეთ-იქით იყურე ვინმე არ მოვიდეს მოსაშველებლად.
    – ო’კეი.
    “ამას ვის ვხედავ!” – გაჩნდა წარწერა ეკრანის ქვემოთა მარცხენა კუთხეში, – “დაითესეთ ეხლა, სანამ ლამაზები ხართ. რამდენჯერ უნდა მოგკლა რომ ჭკუა ისწავლო?”
    “გაგვატარე, ეს მონასტერი შენი საკუთრება არ არის. ჩვენც გვინდა არტეფაქტები.”
    “კი ბატონო, სცადე, თუ გაივლი…”
    FFrost Nova წრედ გაიშალა მწვანე ბალახზე და “ვარიორის” ფეხები ყინულმა შებოჭა. ნიკამ Frost Bolt-იც მიაყოლა. “ვარიორის” თავზე მოთავსებული მწვანე ხაზი საგრძნობლად დამოკლდა.
    ნიკა მეტოქის ფერად-ფერად ტანისამოსსა და ცინიკურად მომღიმარე სახის მეტს ვეღარაფერს ხედავდა.
    სკარლეტის დაუპატიჟებელი მცველი უკვე ფეხზე იდგა, ყინული მოიხსნა და ხმალშემართული წამოვიდა. ნიკამ იგრძნო როგორ დაკარგა მოძრაობის უნარი.
    “თუ მოასწრო ჩემამდე მოსვლა, კარგი დღე არ დამადგება.” საბედნიეროდ მხოლოდ ერთხელ მოასწრო დარტყმა “ვარიორმა”. ზედი განზე გახტა და ისევ Frost Nova და Frost Bolt-ი უთავაზა. ჭიტო ისევ დაება. ღიმილი გაუქრა სახიდან. თვითონაც მშვენივრად დაინახა როგორ დაპატარავდა მწვანე ზოლი.
    “რამდენიმე ასეთი სროლა და მომკლას ეს ლაწირაკი.”
    – ნიკა, ალიანსელები! – მოესმა ყურმილში ელენეს ხმა.
    ეტყობა ახლო-მახლო დაძრწოდნენ და “ჩატით” გამოიძახა.
    – ეკრანის მარცხენა კუთხეს დახედა. ერთი ხუთჯერ მაინც ეწერა: Help! Help! Help!
    იგრძნო როგორ მოხვდა Fireball-ი – უცებ განათდა და ნაპერწკლები აქეთ-იქით გაცვივდა. სადღაც ზურგიდან ესროლეს. ხეებს შორის კიდევ რამდენიმე ჩრდილი გამოჩნდა.
    – გაიქეცი, ელენე! ანდა, “ლოგაუტი” მიეცი! ჩქარა!
    ისევ იელვა Fireball-მა. დისპლეიზე მწვანე ზოლს ახედა. რამდენიმე მილიმეტრიღა დარჩენილიყო.
    – ჩქარა, ელენე, ჩქარა!
    წამის შემდეგ პატარა ფიგურა აღარსად იყო. ახლა შეეძლო მომკვდარიყო და სანამ სულად იქცეოდა, ვიღაცის ნათქვამი თუ წაკითხული გაახსენდა:
    “ადრე თუ გვიან ყველა ზღაპარი სრულდება;
    ადრე თუ გვიან ყველა გმირი ეცემა ბრძოლის ველზე”
    რატომღაც საათს გახედა. ორი სრულდებოდა. ფანჯრებს იქით ჩუმად შრიალებდა წვიმა.

    ბლეიდერი

    – ცხოვრება ძალიან მოკლეა საიმისოდ, რომ თამაშისთვის მოცდე.
    ჩემი მბრუნავი სავარძლის უკან დგას და ეგეთი ფილოსოფიური შეგონებით მამუნათებს ცოლი. წყალი არ გაუვა, ისიც დისპლეიზე გაფრანგებულ ჩემს “ზედიკუსს” შესცქერის, მარცხნივ და მარჯვნივ რომ კაფავს მტერს.
    “ბრძოლის” კადრი ჩავხსენი და ისევ თარგმანს მივუბრუნდი. ახლა აღარც გამოსხივება აქვს კომპიუტერს და აღარც ერთ ადგილზე ჯდომით ვიმოკლებ სიცოცხლეს. ის, რაც პირდაპირ თუ ირიბად მაინც ფულის წყაროს უკავშირდება, ჯანმრთელობისთვის ამ საშიშ გავლენებს როგორღაც ანეიტრალებს. თუ როგორ, ესეც ალბათ მარტო ჩემმა თანამეცხედრემ იცის.
    – ჩაის დალევ თუ ჰერკულესი გირჩევნია? – უკვე სამზარეულოდან მესმის ხმაში სითბოშეპარული ჟღურტული.
    – ჰერკულესი.
    ჩაისთვის ძველი პიჯაკივით მორგებული სავარძლიდან უნდა ავდგე, მაგიდასთან მივიდე. არა, ჯერ ხელები უნდა დავიბანო და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდე მაგიდასთან. იქიდან კი ჩემი P-4 შორსაა – ვერც ვთარგმნი და ვერც “ზედიკუსს” მივადევნებ თვალს. მაგიდასთან იმიტომ, რომ ამ ჩემს მყუდრო კუთხეში შეიძლება ფინჯანს წავკრა ხელი, ან კიდევ რამე სხვა უბედურება დამემართოს.
    “- ნეტა რა ნახე მაგ კოცონებში? მაინც რა არის საინტერესო? – ბუტბუტებდა კეისუკე სანაპიროსკენ მიმავალ გზაზე. ყინავდა, მაგრამ უქარო ღამე იყო. ამოისუნთქებ და სიტყვები პირს გამოსცდება თუ არა, იქვე იყინება.
    – “პერლ ჯემში” რაღაა საინტერესო? კაკაფონიაა და მეტი არაფერი, – უპასუხა ძიუნკომ.
    – “პერლ ჯემს” ათ მილიონამდე თაყვანისმცემელი ჰყავს მთელ მსოფლიოში…
    – კოცონის თაყვანისმცემლები კი უკვე ორმოცდაათი ათასი წელიწადი ცხოვრობენ დედამიწაზე.
    – რაც მართალია, მართალია, – დაეთანხმა კეისუკე.
    – ერთ მშვენიერ დღეს “პერლ ჯემი” აღარ იქნება, კოცონის თაყვანისმცემლები კი დარჩებიან.
    – ეგეც სიმართლეა.”
    დიალოგი ჩავიკითხე და მოთხრობის თარგმნა გავაგრძელე.
    მეორე წელიწადია, მურაკამის ვთარგმნი. ხარუკი მურაკამის. სამი რომანი და რამდენიმე მოთხრობა დამიგროვდა. ახლაც არ ვიცი, რატომ მოვკიდე ხელი. თარგმნაზე არასოდეს ვგიჟდებოდი. ხომ არიან, ხომ კი არა ნამდვილად არიან უკეთესი მწერლები. რაღა მაინცდამაინც ეს? რა უცნაურია. შეიძლება ვერც ვერასოდეს მივხვდე – რომანი ხომ მანქანა არ არის, ძრავის სიმძლავრით, სპიდომეტრზე დაწერილი ციფრებითა და დიზაინით ჩაგივარდეს გულში. ქალივით. თანაც სად მე და სად იაპონია, რა უნდა გვქონდეს საერთო? ალბათ მარტო მთები…
    “კეისუკემ ჯიბიდან მარჯვენა ხელი ამოიღო და ძიუნკოს მოხვია.
    – მაგრამ იცი რას გეტყვი, ძიუნკო?.. სულ არ მაინტერესებს, რა იყო ხუთასი საუკუნის წინათ და რა იქნება კიდევ ხუთასის შემდეგ. სულ არ მაინტერესებს! მთავარი ის არის, რაც ახლაა. იცის კი ვინმემ, რამდენი დარჩა ქვეყნის აღსასრულამდე? შენ გგონია, ფიქრობს ვინმე მომავალზე? კუჭი უნდა გქონდეს ამოვსებული და გიდგებოდეს. რა, არა?”
    ერთხანს დისპლეის უაზროდ შევყურებ. მერე ისევ ჩავიკითხე ბოლო აბზაცი. თითქოს არა უშავს. მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვუდებ გულს. ეტყობა, რაღაც დავაკელი ჭიას. როგორც იტყვიან ხოლმე, ყველა თავის ჭიას ახარებს – ზოგი მათემატიკურს, ზოგი ალკოჰოლურს, ზოგი ფილოლოგიურს, ზოგი კაზინოში აკიდებულს, ზოგიც ვინ იცის სად ნაპოვნსა თუ ნაშოვნს. ეს online თამაში silk road-იც ჭიის ნაირსახეობაა. ეს არის და ეს. მაგრამ ამას სხვის გასაგონად არ ვამბობ. რა თქმა უნდა, ვერც ცოლს ვეტყვი – აზრი არა აქვს. ან ვერ, ან კიდევ უარესი – არ გაიგებს. ნეტა ჩემი “ზედი” რას შვრება? ისე, რა გამიტრაკა საქმე ამ ჩემმა კნეინამ. ჩემთვის ერთიც თამაშია და მეორეც. გააჩნია, როდის, როგორ და რა გუნებაზე ვარ. ვითომ სულ ერთი არ არის, რით მივიღებ სიამოვნებას? ჩემი ცოლი იტყვის, მურაკამი ინტელექტუალური სიამოვნებააო. თითქოს მართალია, მაგრამ ერთი უმნიშვნელო, მისთვის უმნიშვნელო დეტალი ავიწყდება: აზარტი. იქ, სადაც აზარტი არ არის, არაფერი მესაქმება. წლები თავისას შვრება – პოკერს უკვე ვეღარ ვთამაშობ, ნერვები აღარ მყოფნის. ჰო, უვალიუმოდ ვეღარ. დალევ და გინდ გითამაშია, გინდ არა – სანახევროდ გძინავს, ბურანში ხარ. არც პულსი აგიჩქარდება, არც წნევა აგიწევს. ადრენალინზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია. კარესა და ჭირიანი ვალეტების ორ წყვილს ერთნაირად, დანისლული თვალებითა და გაგრილებული გულით უყურებ. მოკლედ, პრეზერვატივით სიყვარულსა ჰგავს. ეს, რაც შეეხება პოკერს, მაგრამ პაემნებზე სიარულის დროცა და გოგოებზე ლამის ქუჩაში ნადირობის დროც ძალიან შორს დარჩა. აი, Silk Road სულ სხვა რამეა. თან ახლა მოდაშიც რომ არის აბრეშუმის გზა?! არა, ხომ ლამაზი სახელია. დუელი გინდა? კი ბატონო. ქარავანი გინდა ატარო ბანდიტებით სავსე გზებზე? კი ბატონო. ისე, თუ მოინდომებ, შენც შეგიძლია ძარცვო ქარავნები. გადაიცვი ბანდიტის შავი ტანისამოსი და ხოცე ვაჭრები. რომ იცოდე, როგორ ელამუნება ყურს აგონიაში მყოფი ფულის ტომრების წყევლა-კრულვა! თითოეული მეომრის, სოვდაგრისა თუ ბანდიტის უკან ცოცხალი და, რაც მთავარია, შენი მასტის ადამიანები არიან. ზიხარ შენთვის მომყუდროებულში, რბილ, მართლა შენზე მორგებულ სავარძელზე გიდევს საჯდომი და თუმცა ხინკალსა და მწვადს აქ არავინ გაღირსებს, მაგრამ სამაგიეროდ დაუყვედრებლად გაქვს ჩაი, რძიანი ყავა, გახეხილი ვაშლი, გემრიელი ბუტერბროტები და, რაღა თქმა უნდა, ჰერკულესი…
    სანამ ჩემი “ზედის” ფარ-ხმლითა და აბჯრით ვტკბები, პროცესორის გვერდით კუჭის საუკეთესო მეგობრით სავსე მათლაფა იკავებს ადგილს. საუკეთესო მეგობარს საუკეთესო სურვილებიც მოჰყვა:
    – შენი გამოსწორება არ იქნება. ჰერკულესის კი არა, ვიცი, რისი ღირსიცა ხარ.
    თამაშის ჩახსნა, რა თქმა უნდა, ვერ მოვასწარი. საოცარია, მაინც როგორ ახერხებს ხოლმე ასე მოულოდნელად თავზე წამოდგომას.
    – კარგი, რა, მუშაობამ ვირი მოკლა, – თავის დაცვას ვცდილობ, – ხანდახან მეც ხომ შეიძლება ამოვისუნთქო!
    ამ ჩემს კონტრშეტევას ყურადღების ღირსადაც არ თვლის და თავის სამუშაო ადგილს უბრუნდება. მეც ჩემს ჭიას უნდა მივხედო. დღეს საღამოს “WAR-ია” – “ფენიქსებს” უნდა შევებრძოლოთ, ომი გამოგვიცხადეს და ქვეშიდან ხომ არ გამოვალთ. მანამდე ხოტანში – ეს ჩემი ქალაქია – ერთ-ორ რეისს მოვასწრებ აქლემით. ცოტა ფულს ვიშოვი. გზაზე ჩასაფრებული ბანდიტებისგან დავიცავ ჩემს ტვირთსა და აქლემს. ისე იოლად ვეღარ მერევიან – ხუმრობა ხომ არ არის, სამოცდამეოთხე დონის ბლეიდერი მყავს!
    დისპლეის მარცხენა ქვედა კუთხეში ტექსტი ტექსტს მიჰყვება. ერთმანეთშია არეული გერმანული, რუსული, ინგლისური…
    ქალაქში გახურებული ვაჭრობაა. ყიდიან, ყიდულობენ. ზოგს იარაღი უწყვია დახლზე, ზოგს აბჯარი, ზოგსაც სხვადასხვაგვარი ელექსირები, მიქსტურები – სამკურნალო, სიცოცხლის მოსამატებელი, ძალის მოსამატებელი…
    ჩვენს გილდიას საკუთარი სალაპარაკო არხი აქვს. შეკრების დრო, ადგილი, რომელიმე ქარავანზე თავდასხმა თუ პირიქით – ტვირთის გადატანა ერთი ქალაქიდან მეორეში – ეს ყველაფერი, ცხადია, საიდუმლოა და სხვამ არ უნდა გაიგოს.
    ეხლა გამოხტება ვინმე პრაგმატისტი და მეტყვის: ეგ ხომ ერთ მოცუცქნულ ეკრანზე ხდება, ადამიანებიც, იარაღიც, ფულიცა და აქლემებიც ვირტუალურია. ნეტა, რა სიამოვნებას ნახულობო.
    აბა, რა ვუთხრა, მაშინ ის თქვი, რა არ არის ვირტუალური-მეთქი. თანაც აქ ორმოცდაათი წლის წინათ პრივატიზებულ ჭიაზეა ლაპარაკი, ჩემს საკუთარ ჭიაზე.
    აი, ვიღაც თურქი ამეკიდა. ამ ბოლო დროს ეგენიც მომრავლდნენ, ვარსკვლავითა და ნახევარმთვარით შემკული ემბლემით უცბად იცნობ. რაღაცას მთხოვს დამტვრეული ინგლისურით. მგონი, ფარი მომყიდეო. მერე მე ონანიზმით გავერთო-მეთქი? მინდა ვუთხრა, მაგრამ არ ვიცი როგორ დავწერო “ონანიზმი” ინგლისურად. თურქულად ხომ არ ვიცი და არ ვიცი. ამიტომ go away-მეთქი და გზას ვაგრძელებ.
    – Hi. – მწვანე ფერის შრიფტია. ვიღაც დროებითი პარტნიორი მესალმება. ესტელა. ქალია. თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, სალამს ხომ ვერ დავუჭერ. ჰაი-მეთქი.
    – German?
    – No,Georgian.
    პაუზა. ეტყობა, ვერ მიხვდა ვის ელაპარაკება.
    – Where’r u from?
    სხვა რა გზაა, უნდა გავიმეორო. ვიცი, უაზრობაა, მაგრამ რაღაც ხომ უნდა ვუპასუხო. ისევ პაუზა და:
    – What’s your name?
    ნამეტანი ჩქარი ტემპით მოიწევს. ეტყობა, რაღაც უჭირს.
    – Ira, – ბრიჯში აშშ ნაკრების კაპიტანს ჰქვია. შინაურობაში მეც, მაგრამ ამერიკულ ვერსიაში სუფთა მამაკაცური სახელია. ეგრეც მიიღებს. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა.
    – No. Honey.
    – What?
    – I want to call you such. May I?
    აი, ახალი ნათლიაც ვიშოვე. მაგრამ რა ჯანდაბაა ეს Honey, წარმოდგენა არა მაქვს. ვხვდები, რომ რაღაც მოსაფერებელი სიტყვა უნდა იყოს, თითქოს ნაცნობიც არის, მაგრამ… ჯობს ისევ ლექსიკონს დავეკითხო.
    ძველი, ორკილოგრამიანი მიულერის ლექსიკონი მაქვს. იქვე, გვერდზე, პატარა ტუმბოზე მიდევს სხვა ლექსიკონებთან ერთად. honey… honey… honey… აი… 1. თაფლი. 2. საყვარელი. რაღაც ვარიანტში თაფლის კვერიც შეიძლება იგულისხმო. თაფლის კვერიც გავხდი. ჯანდაბას, რაც არი, არი – ძალინ მაინტერესებს მაინც რა უნდა.
    – Ok.
    – Honey.
    როცა არც ხმა გესმის და ვერც ხედავ, აუცილებლად ახალგაზრდასა და ლამაზს წარმოიდგენ. სხვისი არ ვიცი, მე კი სწორედ ეგრე მემართება. ნეტავ საიდან არის?
    – Were’r u from, honey?
    – Philippines, honey.
    თხელები, ნაზები, ძალიან ქალურები. ისეთი მომსახურება იციან, მეშვიდე ცაზე აგაფრენენ. არც კი ვიცი, საიდან მაქვს ეგეთი წარმოდგენა, ფილიპინი თვალითაც არ მინახავს. ალბათ კინოდან. გაბრდღვიალებული წითელი ფარნები, წითელი ფარდები, ნელსაცხებლების სურნელი და ხერხემლის დაყოლებაზე მოცეკვავე ნატიფი თითები… ვგრძნობ, როგორ მიხშირდება პულსი.
    – What u want? – ფლირტი კარგია, მაგრამ მაინტერესებს მაინც რა უნდა.
    – Gold. Give me gold, honey.
    ღმერთო, რა ჩქარა შემოიხია ყველაფერი. მეგობრების ფანჯარაში ეს-ეს არის ჩაწერილი ესტელა უცებ წავშალე და bb-მეთქი.
    ჰო, ამ ფილიპინელი გამომძალველის გადამკიდე, სულ დამავიწყდა, რომ ჩემს ერთგულ მგელს – სხვათა შორის, ბროფი ჰქვია, ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთ წიგნში მგლად გადაქცეული კაი კაცის სახელი – ჭამა სჭირდება. სიცოცხლის ხაზი თითქმის განახევრებია. სულ პატარა ვიყიდე. ძალიან ლამაზი და საყვარელი იყო. ახლა ისეთი კოხტა აღარ არის, სამაგიეროდ სამოცდამესამე დონეს მიაღწია, ზედთან ერთად იზრდება, თანდათან ემატება ძალა და გამძლეობა. რაც მთავარია, ძალიან მეხმარება ბანდიტებთან და მონსტრებთან ბრძოლაში. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქარავანი მიმყავს ხოტანიდან დონჰანგში. იქ ერთი ადგილია, შხამიანი მონსტრებით სავსე, სიკვდილის ხეობას ეძახიან. სწორედ იქ უყვართ ჩასაფრება მოთამაშე ბანდიტებს. ცალკე მონსტრების, ცალკე ყაჩაღების მოგერიება ძალიან ჭირს. ბევრი, ძალიან ბევრი მექარავნე ტოვებს ამ ხეობაში საკუთარი ოფლით მონაგარს.
    – ისევ ომობანას თამაშობ, მურაკამის კი მალიარი ცაცოს ბიჭი გითარგმნის, არა?
    რომ აქვს, სულ არ მიკვირს, მაგრამ საიდან გამოაძრო ეს უჩინმაჩინის ქუდი ამ ჩემმა ცოლმა, ეგაა საინტერესო. თამაშის ჩახსნა აღარ მიცდია.
    – Hi. – ყავისფერი ასოებით მესალმება ვიღაც. ვიღაც კი არა, ჩემი გილდიელია. გოგო უნდა იყოს, აბა Princessa-ს რატომ დაირქმევდა. თუმცა, რა ვიცი… ისე, ქალების ნამდვილი ცვენაა დღეს. რაღაც პატარა ქალაქი ახსენა. დასავლეთ უკრაინიდან უნდა იყოს. Princessa-ს ინგლისური, ჩემი არ იყოს, Hi-თი იწყება და ამითვე მთავრდება. რუსულიც, ეტყობა, ისერა იცის. მაინც რუსულით ვაგრძელებთ.
    – ჩვენი გილდიიდან შენს გარდა არავინ თამაშობს, – ერთი სტრიქონი დაწერა და მერე, როგორც ჩანს, ყოყმანი დაიწყო, გავაგრძელო თუ არაო, – ეტყობა, სძინავთ ჯერ. ერთი შემპირდა, აქლემი დატვირთე და მე გამოგყვებიო. ნახევარი საათია ველოდები…
    – სად ხარ?
    – დონჰანგში.
    – სად მიგაქვს, პირველ ქალაქში თუ ხოტანში?
    – ხოტანში.
    – შემოვლითი გზით თუ პირდაპირ, სიკვდილის ხეობის გავლით.
    – რა ვიცი, როგორც შენ იტყვი.
    – გოგო ხარ თუ ბიჭი?
    – რა მნიშვნელობა აქვს?
    – ამ ბოლო დროს ბიჭებიც გოგოს სახელს ირქმევენ. ალბათ გამორჩენის მიზნით. თავს შეგაცოდებენ, და…
    – არა. გოგო ვარ. ჩვიდმეტი წლის. სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობ, პირველ კურსზე. საკმარისია? ჰო, ოლია მქვია.
    ცოტა არ იყოს, დავიბენი. ამდენი რამის კითხვას ნამდვილად არ ვაპირებდი.
    – ანკეტების შევსება არ მჩვევია. უბრალოდ მაინტერესებდა, ასეთი რისკიანი მართლა გოგოა-მეთქი?
    – სარისკო რა არის, მართლა ხომ არ მომკლავენ.
    უცებ წარმოვიდგინე როგორ გლეჯენ ჩვიდმეტი წლის გოგოს სხეულს მონსტრები, ყაჩაღებს კი სიცილ-ხარხარით მიაქვთ მისი ტვირთი.
    – დამელოდე. ხუთ წუთში მანდ ვიქნები. მე გაგაცილებ.
    მადლობა გადამიხადა და გაჩუმდა. სიცოცხლისა და მანის მოსამატებლები ვიყიდე, ბროფის ბოლომდე გავუვსე მწვანე ხაზი და ტელეპორტით დონჰანგში გადავედი. დასავლეთის კართან მელოდებოდა თავისი აქლემით.
    – შეჯექი და, რაც არ უნდა მოხდეს, არ ჩამოხვიდე. აქლემისთვის სიცოცხლის მოსამატებლები მოიმარაგე?
    – ჰო.
    – რამდენი ვარსკვლავი მოგაქვს?
    – ერთი.
    – ეგრე ჯობს. ცოტა და ნაღდი. სიხარბეს კარგი არაფერი მოაქვს. მაშინ სიკვდილის ხეობით წავალთ, შემოვლით ძალიან შორსაა.
    – კარგი.
    ერთი ვარსკვლავი ტვირთის ის რაოდენობაა, როცა მოთამაშე ყაჩაღს უფლება არა აქვს უშუალოდ შეუტიოს აქლემსა და მის პატრონს. ორი და მეტი ვარსკვლავი კი, ესე იგი, გაცილებით მეტი ტვირთი და შესაბამისად მეტი მოგებაც, ამის უფლებას აძლევს. თუმცა ყაჩაღებს ერთვარსკვლავიანი ქარავნის გაძარცვის საშუალებაც აქვთ. თავის ცხენს კომპიუტერის ყაჩაღების მისატყუებლად ცოტაოდენ ტვირთს აჰკიდებენ და ქარავანს წინ გაუვლიან. მერე ცხენიდან ჩამოხტებიან და კომპის ყაჩაღებს ისღა რჩებათ, ქარავანს მიესიონ. თუ აქლემსაც მოკლავენ და მის პატრონსაც, მიწაზე დაყრილ უკვე უპატრონო ტვირთს მოთამაშე ყაჩაღი კრეფს. ნაძარცვი თავის, მხოლოდ მძარცველებისთვის განკუთვნილ ბუნაგში მიაქვს და იქ ყიდის.
    – Party მომეცი.
    ეკრანზე “ზედის” ქვემოთ “პრინცესას” ფოტოც გამოჩნდა. ახლა ჩვენი საუბარი მხოლოდ ჩვენ “გვესმის”.
    სიკვდილის ხეობა დონჰაგიდან მთელი სავალის სამ მეოთხედზეა. ისე გავიარეთ ეს გზა, რომ ხმლის ამოღება არც დამჭირვებია – კომპიუტერულ ყაჩაღებსა და თითო-ოროლა მონსტრს დისტანციური ელვისა და ბროფის დახმარებით ისე ადვილად ვხოცავდი, რომ საუბრის გაგრძელების საშუალებაც კი მოგვეცა:
    – სად ცხოვრობ?
    – თბილისში.
    ეტყობა, იმ პატარა წყენამაც გაუარა და ცოტა გათამამდა კიდეც:
    – რამდენი წლისა ხარ?
    – ბევრის.
    – მაინც რამდენის – ოცის, ოცდახუთის?
    სიზმარში რომ დაფრინავ, ანდა განძს იპოვი, გაგეღვიძება და – არაფერი, ზუსტად ეგრე დამემართა.
    – უფრო მეტის.
    – ოცდაათის, ოცდათხუთმეტის?
    ჩვიდმეტწლიანებისთვის ეს ალბათ სულ ზედა ზღვარია. თითქოს საკმარისი არ იყო იმედგაცრუება. ახლა კიდევ ერთხელ მაღვიძებს და სილასავით მაწნის სახეში, რომ არც ფრენა შემიძლია და განძიც თვალსა და ხელს შუა ამიორთქლდა.
    ტყუილის თქმა არ მინდა. არადა, სიმართლე ამ მოულოდნელად გაბმულ უდღეურ ძაფებსაც დაწყვეტს. რამდენიც არ უნდა თქვას, ასაკს რა მნიშვნელობა აქვსო, მაინც დაწყვეტს.
    – დაახლოებით ეგრე, – ისევ ტყუილის თქმა ვამჯობინე.
    “კოცონის თაყვანისმცემლები კი უკვე ორმოცდაათი ათასი წელიწადი ცხოვრობენ დედამიწაზე… ერთ მშვენიერ დღეს “პერლ ჯემი” აღარ იქნება, კოცონის თაყვანისმცემლები კი დარჩებიან”.
    რა ვქნა, მე ჩემს პატარა კოცონს ვუფრთხილდები.
    სიკვდილის ხეობა არც ისე გრძელია, მაგრამ თავიდან ბოლომდე გავლას საკმაო დრო სჭირდება. არც ურჩხულები არიან მაინცდამაინც დიდები, მაგრამ ძალიან სწრაფები და გესლიანები არიან. ერთს რომ მოკლავ, იმის ადგილზე ორი ჩნდება. მე ვერაფერს დამაკლებენ, მაგრამ აქლემს უტევენ – ორ-ორი, სამ-სამი, ოთხ-ოთხიც კი. ბროფი თავის სტიქიაშია – აზარტში შესული ფლეთს შხამიან მონსტრებს. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც სივიწროვე და სიბნელეა – გზა სახურავივით წამოფარებულ ორ კუპრივით შავ კლდეს შორის მიიკლაკნება. არც გასასვლელი ჩანს, არც შემოსასვლელი. ერთ ადგილზე თუ დიდხანს იტრიალე, შეიძლება დაგავიწყდეს კიდეც, საიდან შემოხვედი და საით მიდიხარ.
    როგორც იქნა, უსწორმასწორო სამკუთხედის ფორმის სინათლეც გამოჩნდა.
    – ეხლა რაც შეიძლება სწრაფად იარე, არ გაჩერდე, გასასვლელთან იქნებიან.
    დღის სინათლეზე პირველები მე და ბროფი გავდივართ. მართლა გასასვლელთან ჩასაფრებულან. სამნი არიან. შავებში. ორი მაშინვე ჩამოხტა ცხენიდან. ფარზე და მახვილზე ეტყობათ – სამოცზე ნაკლები არც ერთი არ არის. მენტები არიან, მაგრამ ბლეიდერის დაგდება არც ისე იოლია. მთავარი ის მესამეა. სანამ ცხენიდან არ ჩამოვა, ვერც მიხვდები რა დონისაა. გავჩერდი. დრო უნდა მოვიგო. პრინცესას ჯერ ხელს ვერ ახლებენ. ეს იმათაც მშვენივრად იციან და შეტევაზე გადმოდიან. ბევრი ვერაფერი დამაკლეს. სიცოცხლე შევივსე და Heaven chain-ით ვუპასუხე. ბროფიც იმას ეცა და სიცოცხლე თითქმის გავუნახევრეთ. მეორემ Freeze იხმარა. მიქსტურა ავტომატურ რეჟიმში მაქვს დაყენებული – ყინული მტვერივით ჩამოვიფერთხე და ისევ პირველს დავცხე. ერთი ასეთი დარტყმაც და ორნიღა დარჩებიან.
    მარცხნივ პრინცესას მოვკარი თვალი. თავისი აქლემით ერთ ადგილზე დგას. არ ვიცი, ბრძოლამ გაიტაცა თუ უბრალოდ ჩემი მიტოვება არ უნდა.
    – წადი, რას მომჩერებიხარ, სანამ ესენი ჩემს მოკვლას მოახერხებენ, უკვე შორს იქნები.
    ამასობაში მესამე მიხვდა, რომ მის ორივე პარტნიორს ადრე თუ გვიან გავუსწორდებოდი და ისიც ჩამოხტა ცხენიდან. ზუსტად ჩემი დონისაა. სხვა შემთხვევაში ალბათ გავეცლებოდი, აქლემსა და ტვირთსაც კი დავუტოვებდი, მაგრამ ახლა ბოლომდე ვიბრძოლებ. მე ეხლა იერუსალიმისკენ დაძრულ ჯვაროსნებზე მეტი მიზეზი მაქვს – ერთი პატარა ქალბატონის ბედი მაბარია.
    იმ მესამემ პირდაპირ ბროფის დაჰკრა. მგელი უსულოდ გაიშალა მიწაზე. აქ კი პატარა შეცდომა მომივიდა. იმის მაგივრად, იმ პირველისთვის მომეღო ბოლო, გამწარებული ბროფის მკვლელს ვეცი. ამასობაში პირველმა სიცოცხლე ისევ აღიდგინა და სამივემ ერთად შემომიტია.
    შორს, იქ, სადაც მდინარეზე გადასასვლელი ბორანი მეგულებოდა, პრინცესას მოვკარი თვალი. კარგია, რომ დამიჯერა…
    შიგნით, სადღაც გულთან ახლოს რაღაც დაინთო. სიცოცხლის მწვანე ხაზი ნელ-ნელა მოკლდება, მაგრამ ეს უკვე აღარ მადარდებს…
    – ტყუილად კი არ ამბობენ, ბებრუხუნებს პატარა გოგოები მოსწონთო!
    ახლა კი ვიკადრე და უკან მივიხედე. ჩემი ცოლი დოინჯშემოყრილი მისჩერებია დისპლეის.
    “რა სულელები არიან ეს ქალები”, გავიფიქრე და იმის თქმა დავაპირე, რომ არც ჩემი და არც იმ გოგოს ასაკი აქ არაფერ შუაშია, რომ უბრალოდ… უბრალოდ…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეცენზია

    ბესო სოლომანაშვილი – ზამორა

    გელა ოდიკაძე

    მამები და შვილები

    ბესო სოლომანაშვილი, ზამორა (მოთხრობები). რედაქტორი ანა ჭაბაშვილი. თბ. “დიოგენე”, 2007.

    ქართულ ლიტერატურაში იყო ე.წ. ხელშეუხებელი თემები. XX საუკუნემ ფაქტობრივად ისე გაიარა, რომ ამ თემებს მწერლები არ შეხებიან. საქმე ისაა, რომ 90-იან წლებამდე საბჭოთა ცენზურა ინერციით ინარჩუნებდა ძალას, ამის შემდეგ კი ქვემეხები გრუხუნებდნენ და მუზები სდუმდნენ.
    თუმცა სხვაც უნდა ითქვას: მწერლები ამ წლებშიც წერდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უაღრესად კრიტიკულ მომენტებშიც არ გაჩერებულან (მაგონდება შოთა იათაშვილის “ავადმყოფი ქალაქი”. ეს მოთხრობა თბილისის ომის დროს დაიწერა და თითქოს ამ მოვლენის შემზარავ ექოს გამოსცემს). საბოლოოდ, ცენზურა ჩვენს ცნობიერებაში ხელშეუხებელი თემების შეხებამ მოხსნა. წყალს სადინარი უნდა მისცემოდა და მიეცა კიდეც.
    ბესო სოლომანაშვილის “ზამორა” სწორედ იმ სიცარიელეს ავსებს, რომელიც ქართულ ლიტერატურაში გაჩნდა. ქვემეხების გრუხუნი, ალბათ, არა იმდენად პასიურობის გამომწვევი იყო, რამდენადაც დაბნეულობის. მწერალი წინამდებარე მოთხრობის მეშვეობით XX საუკუნის კატაკლიზმებს ეხმაურება: ზამორა უფროსი და ზამორა უმცროსი – ერთი საუკუნის ორი სრულიად სხვადასხვა ომის მონაწილე.
    ბესო სოლომანაშვილი უფროსი ზამორას მეგობრის, ალექსანდრეს პირით მოგვითხრობს ამბავს. თხრობა არტაშას დუქანში მიმდინარეობს. ბოჰემური გარემო და წარსულის მტკივნეული მომენტები ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს და თავისებურ ინტიმს ქმნის.
    ზამორების (წარმოშობით ესპანელები არიან) სისხლის ყივილი, ვაჟკაცური ჯიში და მოდგმა თვალსაჩინოდ აღიბეჭდება ალექსანდრეს მონაყოლშიც.
    ბესო სოლომანაშვილის ოსტატობას ავლენს ფაქტობრივი მასალის წარმოსახვასთან დაკავშირება. ჯერ ერთი, მწერალმა კარგაც იცის ტოტალიტარული სახელმწიფოს ატმოსფერო, კონკრეტული რეალიები, ტიპაჟი, მათი მეტყველება. ალექსანდრეს ცხოვრება (ისევე, როგორც ზამორების) იმ ავტორიტარული რეჟიმის პერიპეტიებთან არის გადაჭდობილი, რომლებმაც ათასობით ადამიანის ბედი დაამახინჯა და გაამრუდა.
    გარდა ამისა, ავტორი თავიდანვე იშველიებს თხრობის ისეთ ინტონაციას და ფორმას, რომლის მეშვეობითაც ცხოვრების თუნდაც ყველაზე უფრო უხეში გამოვლინებები, ყველაზე სასტიკი შტრიხები დამაჯერებლად და ძალდაუტანებლად შემოდის ჩვენში.
    ბესო სოლომანაშვილმა იცის ერთი რამ: თხრობის ასეთი ფორმა ცხოვრებისეულ მასალას სრულიად თავისებურად განაფენს, აქ მთხრობელის სუბიექტივიზმი ერწყმის რეალობის აუხსნელ და უცნაურ ფაქტებს და თავისებურ სიმბიოზს ქმნის. სამხედრო გამომძიებლების, ჩეკისტების ისტორიები არა მხოლოდ პირადი, არამედ სამსახურებრივი წვრილმანი დეტალებისგან შედგება, რისი ცოდნაც მწერალს ნამდვილად სჭირდებოდა. ყოველივე ეს წარსულის რეალობიდან უნდა აეღო, სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო. ამის კარგი მაგალითია მოთხრობაში აღწერილი მხატვართა ტილოების ეპიზოდი. ამ ეპიზოდში არა მარტო ალექსანდრეს, გრიშას და ზამორას პიროვნული თავისებურებები ჩანს, არამედ მთელი ტოტალიტარული ეპოქა, რომელიც მზაკვრობაზე და ძალადობაზეა აგებული. ასეთი ქვეყნის სამსახურში პასუხსაგებ თანამდებობებზე მომუშავე სინდისის მქონე ადამიანები ცდილობდნენ რთულ ვითარებაში სამართლებრივად და ზნეობრივად ყველაზე ოპტიმალური გზა გამოენახათ, რათა სხვა არ დაეზიანებინათ და საკუთარი თავის გადარჩენაზეც ეზრუნათ. ალექსანდრეც სწორედ იმ ამბებს ჰყვება, სადაც ხაფანგიდან თავდაღწევის ათასგვარი გზებია მონიშნული.
    ამ ხაფანგში სხვადასხვა თაობები მოხვდნენ, ამიტომ აქ მამათა და შვილთა პრობლემაც ბუნებრივად წამოიჭრება. კარგად ამბობს ალექსანდრე: “შენ რა, მართალი ხომ არ გგონია, შვილები მამების ცოდვებზე პასუხს არ აგებენო! აგებენ! აგებენ! ჩვენ თქვენთვის და თქვენ ჩვენთვის, – ერთი სისხლია, სამყაროსთვის ერთი გადაწიტებაა შენსა და ჩემს ასაკს შორის მანძილი. შენ რომ იზამ, ჩემი ბრალია, მე რომ ვიზამ – შენი. თქვენ ხო არ გგონიათ, რაც ჩვენ გავაკეთეთ, თქვენი ბრალი არ არის, ან რასაც თქვენ იზამთ, ჩვენი ბრალი არ იქნება? ერთი სისხლი აკეთებს, ერთი სისხლი.”
    ბესო სოლომანაშვილი პროფესიული ოსტატობით ფლობს მასალას, აწესრიგებს სათქმელს, კრავს კომპოზიციას. სიტყვა მასთან სადაა, ზუსტი და მიზანმიმართული. საერთოდ, ავტორს, როგორც პროფესიონალ მწერალს შეჰფერის, ერთი მთავარი სათქმელი აქვს და სხვა, მეორეული კომპონენტები ამ სათქმელს არის დაქვემდებარებული. ეს მოთხრობა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია და სერიოზულ ანალიზს იმსახურებს.
    კრებულში კიდევ ორი საინტერესო, შედარებით მცირე მოცულობის მოთხრობაა შესული – “გიბონა” და “თითრინავი”. ჩემი აზრით, მაინც აჯობებდა ვრცელი მოთხრობა “ზამორა” ცალკე გამოცემულიყო. ეს ერთი ეპოქის დამტევი მრავლისმომცველი ნაწარმოებია და თითქოს თავის თავშივე კრავს წრეს. ცალკე გამოცემის შემთვევაში, ალბათ, შრიფტიც უფრო მსხვილი იქნებოდა და გრაფიკულადაც, ვრცელი პანორამის შთაბეჭდილება შეიქმნებოდა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“