• პოეზია

    გივი ალხაზიშვილი

    რექ­ვი­ე­მი დე­დას

    სად გეჩ­ქა­რე­ბო­და,
    ჩა­მომ­ჯ­და­რი­ყავ გზას­თან ძელ­ს­კამ­ზე
    და დე­დის თხოვ­ნა შე­გეს­მი­ნა,
    და­გე­ცა­და ცო­ტა ხნით მა­ინც.

    ვის­თან მი­დი­ო­დი, ვინ გე­ლო­და ქა­ლაქ­ში,
    სა­დაც ერთ­მა­ნეთს ტკეპ­ნი­ან ქუ­ჩე­ბი და ად­ა­მი­ა­ნე­ბი,
    სა­დაც ათ­ა­სი ხი­ფა­თი ჩა­საფ­რე­ბუ­ლა ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე,
    სა­დაც ხე­ე­ბიც ისე იყ­უ­რე­ბი­ან ზე­მო­დან ქვე­ვით –
    ყოვ­ლის­მ­ხილ­ვე­ლე­ბი­ვით
    და არ­ა­ფე­რი აღ­არ აოც­ებთ,
    არც თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა, არც მკვლე­ლო­ბა
    და აღ­არც კვდო­მა თან­და­თა­ნო­ბით,
    თან­და­თან ხომ ყვე­ლა­ნი ვკვდე­ბით.
    აღ­არ აოც­ებთ, არც ის­ი­ნი ნა­გავ­ში რომ იქ­ე­ქე­ბი­ან
    და აღ­არც წყვილ­თა მში­ერ მკლა­ვებ­ზე
    გა­დაწ­ვე­ნი­ლი ღა­მე­ე­ბის ატ­ორ­ტ­მა­ნე­ბა –
    ცა რომ უკ­უღ­მა ამ­ობ­რუნ­დე­ბა
    და ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი რო­გორ ჩნდე­ბი­ან
    ის­იც კი მო­ჩანს.

    სად გეჩ­ქა­რე­ბო­და,
    რა მაგ­ნი­ტი გი­ზი­დავ­და იქ­ით­კენ,
    სა­დაც ყო­ველ­დ­ღი­უ­რად კლა­ვენ ერთ­მა­ნეთს
    და მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის ფან­ჯ­რე­ბი
    ვე­ღა­რა­ფერს ამჩ­ნე­ვენ სა­კუ­თა­რი ჩარ­ჩო­ე­ბის გარ­და.

    სად გეჩ­ქა­რე­ბო­და,
    ჩა­მომ­ჯ­და­რი­ყავ გზას­თან ძელ­ს­კამ­ზე,
    ან­და სუ­ლაც,
    გზის­პი­რას ამ­ო­სულ ნარ­შა­ვის ყვა­ვი­ლი­ვით გა­გე­ღი­მა,
    კი­დევ გეთ­ქ­ვა რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა
    და ეკ­ლე­ბი გა­და­გე­მა­ლა,
    რო­მელ­საც დე­და მუ­დამ ამჩ­ნევ­და,
    რამ­დე­ნი­მე წუ­თით გა­გე­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბი­ნა იქ ყოფ­ნა –
    დე­დის სი­ახ­ლო­ვეს და გე­ყუ­რა
    და­კოჟ­რილ თი­თებ­ში რო­გორ მა­ლავ­და
    ჰა­ერს ვარ­დი­ვით.

    ცო­ტა ხნით დარ­ჩი…
    ეს სა­მი სიტყ­ვა ჩა­ე­ჭე­და მეხ­სი­ე­რე­ბას
    და ჩვე­უ­ლებ­რივ სამ­კუთხე­დი­ვით,
    რო­გორც არ უნ­და შე­აბ­რუ­ნო
    ხომ სუ­ლერ­თია?!

    ნე­ტავ, შენს კარ­თან ღა­მე მე­თია
    და შო­რი­ახ­ლოს, ხმა­გაკ­მენ­დილს ჩემ­თ­ვის მეს­მი­ნა,
    რო­გორ ამ­ბობ­და შე­ბინ­დე­ბა თა­ვის სათ­ქ­მელს
    შაშ­ვის გა­ლო­ბით,
    რა მოწყე­ნი­ლად მშვიდ­დე­ბო­და პა­ტა­რა ეზო,
    რო­მე­ლიც მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი­ყო შენ­თან ერ­თად
    და ჩემს ჯი­უტ და უდ­ი­ერ ნა­ბიჯს ითვ­ლი­და –
    სად­ღაც, ქა­ლა­ქის­კენ
    და ჩვენს შეხ­ვედ­რას ერ­თი კვი­რით
    სა­თუ­ოს ხდი­და.

    ხან­მოკ­ლე იყო ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა,
    ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე ისე გაგ­ვიქ­რა,
    რომ რი­გი­ა­ნად ერთ­მა­ნეთს ვერ გა­ვე­სა­უბ­რეთ,
    რად­გან მთა­ვა­რი იყო საქ­მე –
    სი­ცოცხ­ლეს რომ აღ­ე­მა­ტე­ბა –
    ენ­ერ­გი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით
    და არ­აფ­რის­კენ მუდ­მი­ვი სწრაფ­ვით.

    ახ­ლა ვფიქ­რობ –
    ღო­ბის ძი­რას ამ­ო­სუ­ლი ნარ­შა­ვი შენ ხარ
    და სულს მი­კაწ­რავს შე­ნი ეკ­ლე­ბი
    და ის ყვა­ვი­ლი ეკ­ლე­ბი­დან ამ­ოშ­ვე­რი­ლი –
    არ­ის წე­რი­ლი,
    რომ­ლის წა­კითხ­ვა ვერ მო­ვას­წა­რი,
    ხან­მოკ­ლე იყო ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა
    და ყულ­ფად იქ­ცა დრო­ის ბა­წა­რი.

    სად მეჩ­ქა­რე­ბო­და,
    ჩა­მოვ­მ­ჯ­და­რი­ყავ ძელ­ს­კამ­ზე და შენ­თ­ვის მეს­მი­ნა…

    ახ­ლა ჩავ­რ­გავ და­ქან­ცულ თავს ჩემს ხე­ლის­გულ­ში,
    რო­მე­ლიც თით­ქოს შე­ნი კალ­თაა,
    მე­რე კი გავ­შ­ლი ხე­ლებს, რომ სად­მე გა­და­ვი­კარ­გო,
    ვიდ­რე უკ­ან და­გიბ­რუნ­დე­ბი,
    ამ წას­ვ­ლა-მოს­ვ­ლას რა­ღაც ჰქვია
    და რა­ტომ­ღაც დიდ­ხანს ვუნ­დე­ბით.

    P.S.
    მე მი­ხა­რია, რომ შენს მზე­რა­ში
    ზოგ­ჯერ დე­და­ჩემს წა­ვაწყ­დე­ბი,
    სწო­რედ ის­ეთს,
    მე რომ ზღა­პარს მი­ამ­ბობ­და
    და შენ­სა­ვით იღ­ი­მე­ბო­და.

    ზღვის მო­ნატ­რე­ბა

    1.

    გაგ­რ­ძე­ლე­ბაა ზღვა ჩე­მი სიზ­მ­რის
    და მე არ ვი­ცი, სად დავ­მ­თავ­რ­დე­ბი,
    და­საწყი­სი­ვით ნა­პი­რი ის­მის
    და ეზო იწ­ვის ღო­ბის ვარ­დე­ბით.

    ვწე­ვარ, ვის­რუ­ტავ სივ­რ­ცეს უძ­ი­როს,
    ხან მეჩ­ვე­ნე­ბა სივ­რ­ცე მის­რუ­ტავს,
    თვალ­მი­ნა­ბულ­მა უნ­და ვუც­ქი­რო
    ყვე­ლა­ფერს, რაც კი არ ამ­ის­რულ­და.

    გა­და­იფ­რენ­დეს ამ ცა­ზე ქო­რი
    და გაბ­ზა­რავ­დეს ცას გა­უბ­ზა­რავს,
    გავ­რ­ცელ­დეს, რო­გორც სა­ში­ში ჭო­რი
    მა­ვან­მა მა­ვანს რომ გა­უგ­ზავ­ნა.

    …და მიმ­ზიდ­ვე­ლად გაწ­ვ­დი­ლი ყე­ლი
    ვნე­ბი­ან თვა­ლის სურ­ვი­ლებს იკ­რობს,
    ისე სწყუ­რია სი­ცოცხ­ლე ყვე­ლას,
    რომ უნ­ებ­ლი­ეთ სიკ­ვ­დილ­ზე ფიქ­რობს.

    2.

    შე­ბინ­დე­ბი­სას შენს ლა­მაზ კი­სერს
    მი­ეტ­მას­ნე­ბა ვნე­ბის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი,
    და­ე­ძებს შე­ნი თვა­ლე­ბის გი­შერს –
    შენს ღა­მე­ებ­ში გა­სა­ნას­კ­ვა­ვი.

    შენ ამ­ო­დი­ხარ ტალ­ღის ჩქა­მი­დან,
    მხო­ლოდ თვა­ლე­ბით და­გე­დევ­ნე­ბი
    და მზეს, რო­მე­ლიც ზღვა­ში ჩა­ვი­და,
    აქ რჩე­ბა სით­ბო შე­ნი მტევ­ნე­ბის.

    უძ­ი­ლო­ბა

    არ­სე­ბობს. მიყ­ვარს. პირ­ჯ­ვ­რით, ამ ხე­ლით
    შე­ვიგ­რ­ძ­ნობ წუ­თებს გულ­ში ჩა­თე­სილს
    და ყვე­ლა სიტყ­ვას ფიქ­რ­ში გამ­ხე­ლილს
    შე­მო­უ­ნა­ხავს ხმა უმ­ჩა­ტე­სი.

    ამ ხმას ვე­ლუ­რი სის­ხ­ლი ხა­ტავ­და,
    რომ წა­ერ­თ­მია ხმა სა­მუ­და­მოდ
    ხმის­თ­ვის, რო­მე­ლიც თით­ქ­მის გა­თავ­და
    და თვა­ლე­ბის­თ­ვის იყო უდაო:

    რომ ამ ბგე­რებ­ში ფერ­თა სიმ­კ­ვეთ­რე
    ერ­თი­მე­ო­რის და­მა­მუნ­ჯე­ბი,
    სად­ღაც მა­ლა­ვენ ჩამ­ქ­რალ სი­კე­თეს,
    რი­თაც სავ­სეა ხსოვ­ნის უჯ­რე­ბი.

    აქ მუ­დამ არ­ის ვი­ღაც მე­სა­მე
    და იწ­ე­ლე­ბა ის­ევ ის ღა­მე,
    წუ­თე­ბი ის­ევ ტკი­ვილს კემ­სა­ვენ
    და გა­ურ­კ­ვე­ველ ნა­ყოფს ის­ხა­მენ.

    და­ი­ნა­წი­ლეთ ჩე­მი სხე­უ­ლი,
    შემ­ს­ვით, წუ­თე­ბო და სა­ა­თე­ბო,
    დროო, ღა­მე­ში გა­მოხ­ვე­უ­ლო,
    გა­უ­თე­ვა­რო ან გა­სა­თე­ვო.

    © “არილი”

  • პორტრეტი

    ინგრიდ დეხრავე

    ხელის თხოვნა ანუ როგორ შექმნა როტერდამში პოეზიამ ოჯახი

    ყოველი წელს, ზაფხულობით, ნიდერლანდური ქალაქი როტერდამი, ევროპის პოეზიის დედაქალაქად იქცევა ხოლმე. ეს მას შემდეგ, რაც 1970 წელს ფესტივალი ‘Poetry International Rotterdam’ დაარსდა და მალევე, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ პოეზიის ფესტივალად იქცა. 38-ე ფესტივალზე, პირველად ქართველი პოეტებიც მიიწვიეს. წერილში წაიკითხავთ, როგორ ჩავიდნენ მაია სარიშვილი, შოთა იათაშვილი, რატი ამაღლობელი და მათი ბელგიელი, თბილისში მცხოვრები მთარგმნელი, ინგრიდ დეხრავე, ნიდერლანდებში და როგორ ჩატარდა როტერდამის საერთაშოირისო პოეზიის ფესტივალი ოცდამეთვრამეტეჯერ.

    მაინც და მაინც წასვლის ღამეს, პირველი საზაფხულო ბუზი ჩემს ბინაში შემოფრინდა, დავსდევ, მინდა გავაგდო, მაგრამ გარეთ გაფრენას არ აპირებს. მე კი მეცოდება, წარმოვიდგინე, დავბრუნდები და მისი ხმელი გვამი დამხვდება. უცნაურია, წასვლამდე რამდენიმე წუთი მრჩება და ამ ბოლო წუთებსაც ბუზის გადარჩენას ვახმარ. საბედნიეროდ. შოთა შეთანხმებულ დროს მობილურზე მირეკავს: “გამოდი.” ბუზიც სწორ გზაზე გავუშვი და აღარაფერი მაბრკოლებს ნიდერლანდებში გასამგზავრებლად.

    თბილისსა და ამსტერდამს შორის რამდენჯერ ვიფრინე, არც კი მახსოვს. ყოველ ფრენას კი განსაკუთრებული საბაბი აქვს. საბაბი შეიძლება იყოს – ნიდერლანდური ენისა და კულტურის კონფერენცია, ჩემი დისა ან ძმისშვილის დაბადების დღე, აუცილებელი სამედიცინო კვლევა, დასვენების საჭიროება, გამოფენა, ერლომ ახვლედიანის წიგნების ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია, და ასე შემდეგ.

    ამჟამად კი, ბალახისფერი ჩემოდნით, მარკით “სემსონაიტ”, აიბუქით, ხელჩანთით და სამი ქართველი პოეტით ნიდერლანდებში მივემგზავრები. ჩვენი ფრენის დღესვე, როტერდამის საერთაშორისო პოეზიის ფესტივალი 38-ჯერ იხსნება. ჩვენ საპატიო სტუმრებად ვარ დაპატიჟებული.

    ტაქსში მძღოლის გარდა, რატი ამაღლობელი, მაია სარიშვილი და შოთა იათაშვილი მელოდებიან. ღამის 3 საათზე – კაცების შეწუხება მიწევს. ჩემი ეზოს ჭიშკრის ბოქლომს ვებრძვი. ივლისში რვა წელი გახდება, რაც საქართველოში ვცხოვრობ, მაგრამ საბჭოთა ნივთების ხმარება ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე. არადა, ჭიშკარი ღია რომ დავტოვო, და ქურდებს მეზობლების მანქანების მოპარვა გავუადვილო, გამორიცხულია. ადამიანი ჯიპის გარეშე, ადამიანად ხომ არ ითვლება?! საბედნიეროდ შოთა ფარანით მეხმარება, რატი კი – შერჩენილი საბჭოთა სიბრძნით.

    აეროპორტში ვჩქარობთ. ტაქსში ბავშვური სიხარული იგრძნობა. რაც დრო გადის, თბილისის დატოვებისას ყოველთვის მელანქოლია მიმძაფრდება ხოლმე. დღეს კი ეს განცდა ჩვენს მიზანს დაემთხვა: წელს როტერდამის ფესტივალი სწორედ იმ მელანქოლიასა და სიგიჟეს ეხება.

    ნახევარი წლის წინ, სანამ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ცნობის მოსაპოვნებლად საჭირო საბუთებზე დავრბოდი, ნიდერლანდებიდან დამიკავშირდნენ: “რამდენიმე ქართული წიგნი ნიდერლანდურად რომ გადათარგმნე, პოეზიაზეც ხომ არ იმუშავებდიო?” დავთანხმდი. თორმეტი პოეტის სამ-სამი ლექსი გადავთარგმნე, ნიდერლანდელებისთვის ქართული პოეზიის ლანდშაფტის საჩვენებლად. ამ თარგმანების მიხედვით წელს ფესტივალისათვის სამი პოეტი აარჩიეს. ჰოდა, მაია, შოთა, რატი და მე ერთ თვითმფრინავში ერთიანი მიზნით აღმოვჩნდით. მაიას ეშინია, შოთას ეძინება, რატი რამდენიმე რიგის მოშორებით მოხვდა და თავისი აიპოდი ჩართო. შეშინებული ადამიანი ყველაზე საინტერესოა, იმიტომ, რომ ყველაზე ნაღდია. მითუმეტეს მაია, რომელსაც შიშის კი არ სრცხვენია, არამედ სწორედ შიშსა და წუხილს იყენებს თავის ლექსების ძრავად. მის გვერდზე ვზივარ და ვხვდები, არც უნდა დავაწყნარო, ვინაიდან ეს განცდები მისი ახალი ლექსების საფუძველს წარმოადგენს.

    სხიპჰოლზე, ანუ ამსტერდამის აეროპორტში, ის დიდი პატივი, რითიც ნიდერლანდებში გვიღებენ, ოდნავ გვაკვირვებს: ფესტივალის მძღოლი და საქართველოს ახალი დანიშნული ელჩი გვხვდებიან. ვიბნევი. მძღოლის მოსვლის თაობაზე წინასწარ გამაგებინეს. ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს კი აეროპორტში ნამდვილად არ ველოდი. რამდენიმე თვის წინ ქალაბატონ მაიას ნიდერლანდური ენის გაკვეთილები ჩავუტარე. მალე კი ვხვდები, რომ ქალბატონი მაია დედამისის დასახვედრად მოვიდა. ეს კარგად დაემთხვა, ვთანხმდებით, რომ ფესტივალის ქართულ საღამოზე საქართველოს წარმომადგენელი იქნება. საზეიმო განწყობა უკვე ჰაერში იგრძნობა.

    მანქანასთან რომ მოვხვდით, მძღოლი გვთავაზობს, რომ წინ დავჯდე: “ჩემი ქართული დაჟანგულია, ამიტომ გზაში საჭირო ინფორმაციას შენ მოგაწოდებ.” ერთი საათის მერე სასტუმროში ისეთ დროს მივდივართ, რომ საუზმეს ვუსწრებთ. ბოლო სართულზე ყავას და წვენს ვწრუპავთ, შემწვარ კვერცხს, ხილის სალათს, კრუასანებს და კიდევ უამრავ სხვა დელიკატესს მივრთმევთ. სასაუზმის შუშის კედლებში როტერდამის განუმეორებელი ხედი ირეკლება. როტერდამი ქალაქია, რომელიც, როგორც გროზნო, ნაჰასაკი, ბერლინი, იერუსალიმი, კიჰალი და მრავალი სხვა ქალაქი, ნანგრევებად გადაიქცა და ფერფლიდან აღსდგა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ დაბომბილი როტერდამი თავიდან კი არა, არამედ მომავლისკენ მიმართული მიდგომით აღედგინათ. სანამ ნამგზავრები ვისვენებთ და გემრიელად მივირთმევთ, ჩვენს გარშემო მსოფლიო დონის არქიტექტურული ლანდშაფტი იშლება. ყველა შენობა თავისი განუმეორებელი აურით ჩვენს ყურადღებას ითხოვს. ამ ამბავს ჯერ ჩემთვის ვინახავ. მეც დავიღალე.

    როტერდამის გულს წარმოადგენს მოედანი, სადაც კინო, თეატრი და კულტურის ცენტრი წრეს ქმნის. კინოში ყოველწლიურად მსოფლიოში ცნობილი კინოფესტივალი ტარდება, კულტურის ცენტრში ვარსკლავების კონცერტები იმართება, და თეატრში ყოველ გაზაფხულზე, პოეზიის წასაკითხად და მოსასმენად დედამიწის ყველა კუთხიდან იკრიბებიან. ამ სამი შენობის შუაში მდებარე მოედანი ქალაქელების ყველაზე საყვარელი ადგილია. მის ხის იატაკზე სეირნობა სასიამოვნოა, გრძელ სკამებზე ჩამოჯდომა მეგობართან საუბარს უხდება, სიცხეს პირდაპირ იატაკიდან ამოსული შადრევანი აგრილებს. სწორედ ეს სულიერი კუნძული წარმოადგენს ჩვენს ყოველდღიურ სამუშაო ადგილს.

    ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. თანდათან მოდის წარმატებები: პირველ საღამოს ათიოდე სხვა პოეტთან ერთად შოთა და რატიც გამოდიან. Mმეორე დღეს, გაზეთში სათაურია: “ყველა პოეტს ტაში, ყველაზე მეტი – რატი ამაღლობელს”. მეორე საღამო მთლიანად ქართველ პოეტებს ეთმობათ. შოთა ყველა ლექსის დასრულებისთანავე ტაშს იმსახურებს, რაც ნიდერლანდებში იშვიათი მოვლენაა. ბოლო საღამოს დახურვის ფართიზე კი ვხვდებით, რომ მაიას უკვე ფანები ჰყავს. მრავალი ადამიანისგან უსასრულო ქების გარდა, მაია ერთი კაცისგან საჩუქარს იღებს: მაიას რომ ხედავს, საცეკვაო მოედანს ტოვებს, თავის ოფლიან მაისურს იხდის, და მაიას ჩუქნის.

    ჩემს მიმართ კი უფრო ჰაეროვანი დამოკიდებულება შევამჩნიე. ზოგიერთი დაინტერესდა, საქართველოში პურის ფულს რითი ვშოულობ. ვაღიარე, რომ ეს იოლად არ გამომდის. შეწუხებულებმა მირჩიეს, ნიდერლანდელებისთვის ტურისტული სააგენტო გავხსნა, ან რესპოდენტად ვიმუშავო, ან რა ვიცი, კიდევ რა არ მირჩიეს. ამ რჩევების მოსმენა არ გამჭირვებია. ბოლო დროს მოთმინების უნარი მომემატა.
    ფესტივალს “კარის ფოტოგრაფი” ყავს, რომელიც ფესტივალის დაარსებიდან, 38 წელია მუშაობს და ბროდსკი, შიმბორსკა და შეიმას ჰინი ჰყავს გადაღებული. Kინოფესტივალზეც, მისი დაარსებიდან მოყოლებული, სტუმრების პორტრეტებს იღებს. ყველას უყვება, როგორ უყვარს თავისი პროფესია. როცა იგებს, საიდან ვართ, ამაყად გვეუბნება, რომ ფარაჯანოვი, ტარკოვსკი და იოსელიანი მრავალჯერ გადაიღო. ბოლო დღეს მითხრა, რომ ჩემს პორტრეტსაც დიდი სიამოვნებით გადაიღებდა: პატარა ნიმფას გავხარო. ვაფრთხილებ, რომ დიდი შანსია, ნიმფა ფოტოფირზე არ დაფიქსირდეს, და თუ დაფიქსირდება, ფრთები მაინც არ მაქვს-მეთქი. როგორ არ გაქვს, უბრალოდ არ ჩანსო. ამ კაცმა ჩინებული პორტრეტი გადამიღო, ამის მერე უკვე მჯერა, რომ განსაკუთრებული არსება ვარ, ოღონდ შესაფერის ტყეს ვეძებ, ნიმფას როლის შესასრულებლად. თითქოს მართლა ფრთები მაქვს, ისე, როგორც სხვას ფანტომური ტკივილი აწუხებს – ტკივილი დაკარგული სხეულის ნაწილში.

    საბედნიეროდ, მხოლოდ საქართველოდან მოსული ოთხეული არ ბრწყინავს. იაპონელი კიაო ნომურა, შუახნის კაცი, რომელიც ბრძენ პროფესორს ჰგავს, მიმზიდველი, მშვიდი ხმით, სასტიკ ლექსებს კითხულობს.

    ყველაზე ახალგაზრდა მონაწილის გამოსვლისას ფესტივალის თანამშრომელი მიკროფონთან პატარა კიბეს ადგამს. იე მიმი ტაივანელი გოგოა, რომელიც ფულის საშოვნად დონატებს ყიდის, სხვა დროს კი ლექსებს, პიესებს და სცენარებს წერს. სანამ ლექსების კითხვას დაიწყებს, ტკბილი, ფრანგული მუსიკა ისმის, მაგრამ, მისი ლექსებიდან თანამედროვე და რეპულ სტილში, ახალგაზრდის შინაგანი სამყარო იშლება და ყალბ სიტკბოებას სპობს.

    ტრადიციულად, ფესტივალი გარკვეული თემის ირგვლივ ტარდება. ამჟამად მელანქოლია და სიგიჟე პოეზიის აკვნად გამოაცხადეს. ორგანიზატორებმა ეს არჩევანი სიტყვასიტყვით წარმოიდგენეს, და მრავალი საკმაოდ მშვიდი პოეტის გარდა, ერთი ნამდვილი შეშლილიც ჩამოიყვანეს. ჰანს ვლეკი ახალგაზრდობიდან ძლიერ, ეგზისტენციალურ ლექსებს წერს. მისი პოეტური სამყარო ყოველდღიურობასთან კონფლიქტშია, და რამდენიმე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნის მერე საბოლოოდ ესპანეთში დასახლდა. იქ მარტო ცხოვრობს, საზოგადოებრივი ცხოვრებისგან მოშორებით. დიდი ხანია, სამშობლოში აღარ ყოფილა. არავინ იცის, როგორ ჰანს ვლეკს შევხვდებით.
    თავის საღამოზე საცირკო ატრაქციონს აწყობს. “სპექტაკლი” თან ჯადოსნური, თანაც – უხერხულია. სანამ მისი გამომცემელი ჰანს ვლეკის ცხოვრებასა და შემოქმედებას გვაცნობს, თვითონ პოეტი პირველ რიგში ზის და ამ ყველაფერს, გაუჩერებლად და ხმამაღლა თავის კომენტარს ამატებს. მისი გამომცემლის, მეგობარი-პოეტის, დოკუმენტალისტის გამოსვლების მერე თავად ჰანს ვლეკს გადასცემენ სიტყვას. დარბაზი იძაბება. ალბათ, თითოეული მაყურებელი სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავს, რომ უხერხულობისგან დარბაზი არ დატოვოს და უყუროს, როგორ იშორებს პოეტი მიკროფონს, როგორ უსასრულოდ ეძებს საქაღალდეში წასაკითხ ლექსს, პულტს როგორ ტოვებს და სცენაზე ბოდიალს როგორ იწყებს, გამომცემელი და მეგობარი სცენაზე როგორ ბრუნდებიან და ამაოდ ცდილობენ, პოეტი ბავშვივით დააწყანრონ, და თავისი მოვალეობა შეასრულებინონ. ამას ისე ვუყურებ როგორც პერფორმანსს: კაცმა ღია ნაცრისფერი კოსტუმი ჩაიცვა, და იმავე ფერის დიდი ქუდი დაიხურა. დარბაზი არენად გადაიქცა, რაც ნიშნავს, რომ მაყურებლები ზევიდან უყურებენ სცენას. ჰანს ვლეკი თავს არ წევს, მისი სახე რომ არ გამოჩდეს. მისი ტანადობა ლამაზ სურათს ქმნის: სავსე დარბაზი პოეტის სახის ნაცვლად მის ქუდს უყურებს, და პოეტის ლექსების ნაცვლად მის მუსიკალურ და მოუსვენარ ბოდვას უსმენს. საღამო დამთავრდა. ხალხი ადგა, და დარბაზი, უხეშად კი არა, ბუნებრივად და პატივისცემით დატოვა. გარეთ ფესტივალის ერთი თანამშრომელი მომიყვა, რომ იმ დილით ჰანს ვლეკი თავისი ნომრის აივნიდან მეზობლის ოთახში გადაძვრა.

    ჩვენი საუკეთესო წუთები სასტუმროს ნომერში შედგა. ფესტივალის კვირეულის განმავლობაში პოეზიის საღამოების გარდა, ბევრი სხვა პროექტიც იყო დაგეგმილი. ერთს “გადაჩურჩულების პროექტი” დაარქვეს. ეს ნიდერლანდელი პოეტის ლექსის რიგრიგობით ნიდერლანდურიდან ქართულად, ქართულიდან რუსულად, რუსულიდან ფრანგულად – და ასე შემდეგ – თარგმანს გულისხმობდა. ყოველ დღე, ერთი ენიდან მეორეზე ითარგმნებოდა, რათა ბოლო დღეს ბოლო ენიდან, რომელიც აფრიკული იყო, ისევ ნიდერლანდურად თარგმნილიყო. რასაკვირველია, ბოლოს შინაარსით და ფორმით საკმაოდ განსხვავებული ლექსი გამოვიდა. ამ თამაშში მონაწილეობის დროს, ერთი შეხედვით შეიძლება უმნიშვნელო, სინამდვილეში კი, ყველაზე ლამაზი წუთები გვქონდა: შოთა, მაია და მე ლოგინზე წამოწოლილები, რატი – პატარა მაგიდასთან, და ჩვენი გონება ერთი მიმართულებით მომუშავე. ასე ერთობლივად გადავთარგმნეთ ლექსი, სადაც პოეტი ნანობს, რომ მისი შემოქმედება მძღნერის სუნით აყროლებულ ვარდს ჰგავს. ჩვენმა თანამშრომლობამ დაამტკიცა, რომ შრომა ჩემში სიყვარულს აღვიძებს. ჩემს ნომერშიც საწერ მაგიდასთან სარკე ეკიდა. დღიურის დასაწერად ან პრეზენტაციის მოსამზადებლად სარკის წინ ვჯდებოდი, და ჩემს თავს ასე შრომაში ჩაფლულს რომ ვხედავდი, გული მიჩქარდებოდა.

    მოგზაურობა ბევრ რამეს გასწავლის. ქართველებიც ნიდერლანდებში ყოფნის წყალობით საკუთარ იდენტობაზე ფიქრდებოდნენ. ერთი ქართველი პოეტი ნანობს, რომ ქართველი მეგობრობას იოლად გიცხადებს, ოღონდ ეს მეგობრობა მხოლოდ იქამდე გრძელდება, ვიდრე მას ამისი სურვილი და ინტერესი ყოფნის, და, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მალე მთავრდება. დასავლელი კი ძნელად გიმეგობრდება, ოღონდ თუ დაგიმეგობრდა, მაშინ ხშირ შემთხვევაში გრძელვადიანი და გულწფრელი ურთიერთობა გამოდის. ამას ქუჩაში მეუბნება. კომენტარისთვის არ მცალია, იმიტომ, რომ ყველანაირად ვცდილობ, გუბეში არ ჩავვარდე.
    მეორე დღეს, საერთო ქართველ ნაცნობს ვხვდებით, რომელიც რამდენიმე კვირით ნიდერლანდებში ისვენებს. წლების მანძილზე ნიდერლანდებში სწავლობდა, და ორი წლის წინ ისევ საქართველოში გადასახლდა. ახლა ქართველების საღამოზე გვესტუმრა. ნიდერლანდელი პოეტების არსებობაში ეჭვი ეპარება. რაც აქ ცხოვრობს, ნიდერლანდები ყველაზე არაპოეტურ ქვეყნად ეჩვენა. ჩვენი გამოცდილი ქართველი მეგობარი ამტკიცებს, რომ ნიდერლანდებში ემოციებს ტაბუ ადევს. ქართველები ბედნიერი ერია, ვინაიდან მტკიცედ სჯერათ, რომ ემოციებზე და მეგობრობაზე პატენტი აქვთ მოპოვებული.

    ცოდნას უცნობი და იდუმალი საქართველოს შესახებ ჩემთვის არ ვინახავ. ამ რვა წლის განმავლობაში, რაც საქართველოში ვცხოვრობ და კულტურათა შორის გაცვლაზე ვმუშაობ, ვფიქრობ, რომ საქართველო შეგიძლია გიყვარდეს, შეგიძლია გძულდეს, გულგრილი კი, ამ ქვეყნის მიმართ ვერ დარჩები. სასიხარულოა, თუ შენს ბიოგრაფიაში საქართველო რაიმე როლს თამაშობს, უკვე საინტერესო ადამიანად ითვლები. ყველგან გეკითხებიან, იქ როგორ ცხოვრობ, და ღმერთო, იქ რატომ გადასახლდი. როტერდამის ფესტივალზეც “ქართულ დელეგაციას” ყურადღება არ აკლია. ყოველ დღე, მაგალითად 11-დან 2 მონაწილე პოეტს ორ მთარგმნელობით სემინარს სთავაზობენ: ერთი ნიდერლანდელი პოეტის შემოქმედებას ეხება, მეორე კი, მაია სარიშვილის ლექსებს.

    მაიას სათარგმნი მასალა ჩემი არჩეული ათი ლექსიდან შედგება. ყოველ დღე, მაია და მე დილაადრიანად ვტოვებთ სასტუმროს, გზაში ქუჩის მუსიკოსს, ასაკოვან აკორდეონისტს და თეატრის ფოიეში შეკრებილ პოეტებს ვესალმებით. პირველ სხდომაზე პორტუგალიელი, ტაივანელი, ნიდერლანდელი და ეგვიპტელი პოეტები გაერთიანდნენ. ორ საათში ერთ ლექსს ვთარგმნით პორტუგალიურად, ჩინურად, ნიდერლანდურად და არაბულად. კვირეულის გამავლობაში პოეტები მაიას ლექსების თარგმნის საშუალებით საქართველოს შესახებ რაღაცეებს იგებენ: საქართველოში მოხუცმა ქალებმა როცა აღარ იციან, პურის ფული საიდან იშოვონ, ქუჩაში ბუშტებს ყიდიან. ქართველი სტუმარს როცა იღებს, თავისი შვილებით ამაყობს, რომლებსაც სტუმრის გასართობად სიმღერები და ლექსები ასწავლა. ოჯახში ქალი ხშირად ცდილობს, თავისი წუხილი არ გამოხატოს. ბევრი ქართული ოჯახის ფინანსურ სირთულეებზე მსჯელობის დროს, ერთი ნიდერლანდელი პოეტი სიღარიბესთან დაკავშირებით თავის აზრს გვიზიარებს: “სიღარიბე ის კი არ არის, რაც ნიდერლანდელი მასზე წარმოიდგენს. შეიძლება ოთხი შვილით და დაბალი შემოსავლით გიჭირდეს, და მაინც, ღარიბად არ ითვლებოდე.”

    დღე არ გადიოდა, მაია ვინმეს რომ არ შეექო და არ ეთქვა, რომ დიდი პოეტია. ყველა კომპლიმენტზე მაია ყველაზე ნაზი და გულწრფელი ‘თენკ იუ’-თი პასუხობდა, რაც ოდესმე გამიგია. ქართველებს შორის მაია ამ ფესტივალზე აღმოჩენა იყო. ერთმა ორგანიზატორმა მითხრა, რომ პირველად როცა მაიას ლექსები წაიკითხა, ეგონა, რომ კაცის იყო. სხვამ ჩემი თანდასწრებით მაიას უთხრა, რომ ახალი შიმბორსკა გახდება. მაია სარიშვილმა, როცა თბილისში მისი ლექსების თარგმანზე ვმუშაობდით, ერთხელ აღმიწერა, როგორ წერს. პირველი ლექსიც ახსოვს: ბავშვობაში კორპუსში ცხოვრობდა, და ყოველ დღე მოუთმენლად ელოდებოდა ნაგვის მანქანას. ის კორპუსთან ახლოს ჩერდებოდა, და ყველა თავისი ფანჯრიდან ნაგავს ყრიდა. ერთხელ თავისი პირველი თოჯინა ნაგავში აღმოაჩინა. დედამ ნახმარი თოჯინა ჩუმად მოიშორა. პატარა მაიამ კი ისე განიცადა, რომ მისი პირველი ლექსი იმ დაკარგულ თოჯინას მიუძღვნა. მითხრა, რომ წერის დროს, თითქოს წყალშია ჩაძირული, და სასწრაფოდ ლექსი უნდა დაწეროს, რომ დროზე ამოვიდეს და ისუნთქოს. მისი საყვარელი საწერი ადგილი ის ოთახია, სადაც მის ოთხ შვილს სძინავს, და მათი ტანსაცმელით საწერ ლამპას ფარავს, სინათლემ ბავშვები რომ არ შეაწუხოს. მაიას ლექსები დღიურივით იკითხება. პირდაპირი და ფიზიკური ხატებით ახერხებს ქალის შინაგანი სამყაროსა და არსის ჩვენებას.

    ფესტივალის დახურვის საღამოზე ყველა პოეტი ერთი ლექსით გამოდის, რომელიც მელანქოლიას ეხება. ბოლო საცეკვაო საღამოს მერე ერთმანეთს მელანქოლიურად ვემშვიდობებით. გულში კი, ყველას, ალბათ, მაინც უხარია, რომ ჩვენი დროებითი “ოჯახი” იშლება. შოთას ერთი ბელგიელი პოეტი-მეგობრის გაცნობაც მოვასწარი. რამდენიმე წლის წინ შოთა და ის რუმინეთში ერთ-ერთ ფესტივალზე შეხვდნენ, და დღეს როტერდამში შოთას მოსასმენად და სანახავად ჩამოვიდა. ჩემთან მოდის, და ნებართვას მთხოვს, გასაცნობად ერთი ლექსი წამიკითხოს. უარს არ ვეუბნები. სანამ ჩვენს გარშემო უამრავი ხალხი ხმამაღალი მუსიკის ფონზე ყვირის, ყურში შემდეგნაირ სტრიქონებს მიჩურჩულებს: “შენ თვალებში ანგელოზები ცურავენ/ ოცნებები მიატოვე/ სინამდვილე ახლა დგება”. მადლობა გადავუხადე, და ლექსი დავიმახსოვრე – მოგვიანებით დასაფიქრებლად.

    შემდეგ დილას ქართველები ნიდერლანდებში უკვე აღარ არიან, ბოლოჯერ ვსაუზმობ სასტუმროს სახურავზე. სადგურში წასასვლელად რომ ჩავდივარ, ერთ-ერთ პოეტს გასასვლელში ვხვდები, ანგოლელ-პორტუგალიელს. ვთავაზობ, რომ სადგურში ერთი ტაქსით წავიდეთ. პარალელურ ქუჩაზე ბანკ-ავტომატიდან საჭირო გზის ფულს ვიღებ, და როცა სასტუმროსკენ ტაქსის დასაჩერებლად მივრბივარ, ანგოლელ-პორტუგალიელს ჩემი ბარგი უკვე ტაქსში შეაქვს. თითქოს, მრავალი წლის ცოლ-ქმარი ვიყოთ. გზაში ჩაძინებულ როტერდამში ცხენებიან და ყვავილებით მორთულ, თეთრ ეტლს ვხვდებით. ქორწილია-მეთქი. ბედნიერად იყვნენო, პოეტმა. იქნებ ნიჭიერი და ბრძენი მეუღლეები გახდნენო. მე კი, კატასტროფული ქმარი აღმოვჩნდი, არც ერთი ქორწინება არ გამომივიდაო. ნუგეშად ტაქსისტს მე გადავუხადე.

    სადგურში ბოლო პოეტსაც ვემშვიდობები. ხელს არ მართმევს. აღარასოდეს შევხვდებით. ჩემი ბაქანის მოსაცდელში შავკანიანი ქალი შემოდის სამ პატარა ვაჟთან ერთად. თვალებს ვერ ვაშორებ. სხდებიან, ბიჭები თანდათან ფეხებს ამოძრავებენ. მათი ფეხების მოძრაობაზე მუსიკა მესმის, და მეც შინაგანად ცეკვას ვიწყებ. მატარებელი მოდის, და ბრიუსელისკენ, ჩემს სამშობლოში მივემგზავრები ჩემების სანახავად.

    გვერდით ორი ბრიტანელი მეცნიერი ზის. საქაღალდისგან ერთი ფურცელს აიღებს, და მეორეს აჩვენებს. ეცინებათ. თვალის კუთხიდან ვცდილობ გავარკვიო, რა წერია ფურცელზე და რაზე ეცინებათ: ჩემთვის გაუგებარი, ოღონდ ლამაზი სკამები ხატია. ერთ-ერთს ასე ჰქვია: “Sheepworld”. ლექსის სათაურად ცუდი არ იქნებოდა. წვიმა ფანჯარას სცემს, და რაინის გრძელ ხიდზე რომ გადავდივართ, მეჩვენება, თითქოს მდინარეში წყალი კი არა, ნისლი მიედინება.

    ბრიუსელში სხვა მატარებელზე უნდა გადავჯდე. სამშობლოში ვარ. ფანჯრიდან ძველი სახლები ჩანს. ყველგან გრაფიტია. ქუჩებში ხალხი ქოლგით ქარს ებრძვის. პირველ ვაგონში ვზივარ. მძღოლმა კარი ღია დატოვა, და ყველა მისი მოქმედება ჩანს. გვირაბში თავის კაბინაში სინათლეს ანთებს, და შემხვედრ კოლეგას ესალმება. დერეფნის იქით ერთი გოგო ზის, თავის მშობლებთან ერთად. კაცი ქალიშვილს ესაუბრება. ქალი კი ერთი ხელით გაზეთს კითხულობს, და მეორე ხელი ქმრის მუხლზე უდევს. ქმრის ხელი ცოლის ხელზე ისვენებს. მინდა, რომ ის გვერდი, რომელსაც ქალი კითხულობს, სანამ მე არ ჩავალ, არ დამთავრდეს.

    ვატუ, ბელგია, 6 ივლისი 2007

    © “ცხელი შოკოლადი”

  • რეცენზია

    გელა ოდიკაძე

    ლექსების პასიანსი

    თემურ ჩხეტიანი, ფოთლების პასიანსი (ლექსები). თბ. “დიოგენე”, 2006.

    ლექსების თანმიმდევრობით დაწყობა ანუ ციკლების შედგენა, ჩემი აზრით, ცალკე ხელონებაა. პოეტს ლიტერატორის ალღოც უნდა ჰქონდეს მომადლებული, რომ ლექსების გარკვეული ნიშნებით შემკვრელი მღლიანობა შექმნას. შეიძლება პოეტმა სამი ან ოთხი კარგი ლექსი მოიძიოს, იქვე ექვსიოდე, ნაკლები მნიშვნელობის ლექსიც დაამატოს, მაგრამ შედგება კი ამგვარად ციკლი? მე ვფიქრობ, არა.
    ციკლიში ყოველი ლექსი მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ყოველი ლექსი უნდა “ფლობდეს” სივრცეს. ერთი სრული ციკლი კი სწორედ ამ სივრცეთა ისეთი განაწილებაა, როცა კიდევ ახალი, უფრო ფართო სივრცის პერსპექტივა იქმნება. ეს ხდება მაშინ, როცა დაახლოებით თანაბარი მხატვრული დონის ნაწარმოებები იყრის თავს. ყოველი ჩავარდნა მთლიანობის რღვევის და სიცარიელის შეგრძნებას აღძრავს. ერთი არასწორად დადებული ან გვერდშეწეული კუბიკის გამო შეიძლება კუბიკებისგან აგებული მთელი შენობა ჩამოშვავდეს.
    თემურ ჩხეტიანის საკმაოდ ვრცელ წიგნში ვცდილობ განწყობილების სიმკვეთრით აღბეჭდილი ის ლექსები შევარჩიო, რომლებიც ჩემთვის სასურველ, ჩემთვის წარმოსახულ ციკლად გაერთიანდა.
    მიუხედავად იმისა, რომ თემურ ჩხეტიანმა სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები გააერთიანა, მაინც შეიძლება იმ ერთი ზოგადი მკაფიო განწყობილებისმიერი გამჭოლი სხივის მოძებნა, რომელიც ამ წიგნებს ემოციურად კრავს. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს ლაიტმოტივი, ეს ლირიკული დინება უნდა ვიპოვო. ამ უმთავრესი მოტივის პოვნის შემდეგ ვაკვირდები ლექსწერის რა ხერხების მეშვეობით გადმოსცემს ავტორი ხაზგასმულად თავის სათქმელს. საბოლოოდ, რაც შეიძლება მჭიდროდ უნდა მოვუყარო თავი იმ ლექსებს, რომლებშიც კონცენტრირებულია მთავარი განწყობა და ამ განწყობის გადმომცემის ლექსწერის ხერხები.
    აი რას წერს თემურ ჩხეტიანი: “…მაგრამ მე ვწერდი მხოლოდ იმდენს,/ რამდენიც შემეძლო/ ვწერდი ცოტას,/ რადგან თვითონ მეც ცოტა ვიყავი.” როცა ის ამბობს, რომ წერდა იმდენს, რამდენიც შეეძლო, ანუ წერდა ცოტას – ეს პროფესიული დამოკიდებულებაა საკუთარი თავისადმი. ის წერდა ცოტას, ე.ი. წერდა მაშინ, როცა შთაგონება ეწვეოდა. შთაგონება კი ის განწყობა იყო, რომელიც მას თითქმის მუდმივად ჰქონდა, მაგრამ დროდადრო მდინარესავით არა მხოლოდ მოედინებოდა, არამედ ადიდდებოდა და ნაპირებიდან გადმოდიოდა კიდეც. სწორედ ამ “წყალდიდობის” პერიოდში წერდა თემურ ჩხეტიანი ლექსებს, ვინაიდან მხოლოდ ასეთ დროს იძენენ ლექსები მნიშვნელობას, ისიც მაშინ, როცა ზეაწეული განწყობა და შესაბამისი ლექსწერის ხერხები ემთხვევა ერთმანეთს.
    მე ვიღებ თემურ ჩხეტიანის კრებულს და პასიანსივით ვშლი იმ ლექსებს, რომელთაგანაც შეიძლება უკვე არსებულზე უკეთესი ციკლი შედგეს. ბუნებრივია, ბევრი ლექსი ამოვარდება წიგნიდან, რადგან უმთავრესია არა ლექსების რაოდენობა, არამედ თუნდაც მცირე რაოდენობის ლექსებით შექმნილი ლირიკული სივრცის სიფართოვე.
    აი, ვთქვათ ერთი ასეთი ლექსი: “ჩემმა სხეულმა გაიარა ოთხი კედელი/ გაეშურა ოთხივე მხარეს,/ თვალს მიეფარა და… დამეძინა.” აქ პოეტის ობიექტივმა ჩაძინების მომენტი აღბეჭდა, მხოლოდ არა ვიზუალური სივრცე, არამედ შეგრძნებათა ნაკადი. ან ასეთი ლექსი: “მე ვწვავ ხელნაწერებს,/ იფერფლება ნელა ქაღალდი,/ ხოლო კვამლი/ თეთრი და მწარე/ უკან მიბრუნებს ცრემლებს ლექსიდან.” კიდევ ერთი: “ ჩაიარა გვიანმა მანქანამ/ ჩაიარა შუაღამის ეშელონმა,/ სადღაც ფანჯარაში გაკრთა სილუეტი,/ ფანჯარაც ჩაქრა…/ სიჩუმეა, ჩუმად ვეწევი.” კიდევ ერთი: “მსურდა, რომ კარი გამომეღო,/ მაგრამ მე ხელში/ სახელური შემრჩა მარტოდენ,/ იქვე დავტოვე/ ეგებ ვინმემ გამოიყენოს.”
    ამ მცირე ზომის ლექსებში არა მხოლოდ წამიერი განწყობილება, არამედ უეცრად აღძრული ასოციაციაა მოხელთებული. აქ პოეტმა ძნელად მისაღწევ მიზანს მიაღწია: ფოკუსი თითქმის ბოლომდე გაასწორა, რამდენადმე ზუსტი სიტყვიერი ექვივალენტი გამოუძებნა განცდას. ვერ ვიტყოდი იგივეს ამ ციკლური მონაკვეთის ხვა ლექსებზე.
    წიგნში არ შევიტანდი იმ ლექსებს, რომელთა საერთო სათაურია “ხუთი მარტივი შაირი”. ეს ლექსები ზოგადი განწყობილებით თითქოს ორგანულად თავსდება კრებულის კონტექსტში, მაგრამ შესრულება, ამ შემთხვევაში ხალხური სამეტყველო კილო, არ ესადაგება ვარიაციულად მრავალგზის გამეორებულ განწყობილებას.
    თემურ ჩხეტიანის პოეზიაში ყველაზე ხელშესახებად მარტოობის მოტივია წარმოჩენილი. ეს მარტოობა სულიერიც არის და ფიზიკურიც. სადღაც პროვინციაში, ხმაურიან ქალაქებს მიღმა ცხოვრობს ამ ლექსების ლირიკული სუბიექტი, ამ სივრცეში ბუნებრივად ჟღერს ფრაზა: “მაისი ისევ წვიმიანია”, რადგან ირგვლივ არაფერი ხდება, მხოლოდ და მხოლოდ წვიმს. ასეთია თემურ ჩხეტიანის პოეზიის ატმოსფერო, – გამჭვირვალე, მსუბუქი ნაღველით და სინანულით გაჟღენთილი. ეს არის მისი პოეტური კრებულის ლაიტმოტივი და ამ ნიშნით ვშლი მეც მისი ლექსების პასიანსს. მხოლოდ ვარჩევ იმ ლექსებს, სადაც მოწყენილობა მშრალი დეკლარილებული სტილით კი არა, პოეტური მინიშნებების ენით არის გამოხატული. პასიანსი ორი მთავარი ტექსტის ირგვლივ გაიშლება, ეს ლექსებია “ბუდე” და “ფოთლების პასეანსი”. აქვე ჩემს მიერ შერჩეული მთელი ციკლი მოიყრის თავს: “თიხის ლარნაკი”, “ოთახი”, “თებერვლის ფურცელი”, “გაუქმებული სიზიფე”, “იანვარი”, “ორნი ერთად” და სხვა.
    და კიდევ: საერთო სურათს თემურ ჩხეტიანის პოეტური მდინარეების ერთი შენაკადიც ერთვის. ეს არის, პირობითად რომ ვთქვათ, ჭვრეტითი-მედიტაციური ლირიკა. ფაქტობრივად ეს მახვილგონივრული ლირიკული განაზრებებია, ოღონდ აქაც ჩხეტიანისეული წყნარი, მარტოობაში აღძრული ფიქრის ჩქამი იძვრის: “ფსალმუნი II”, “მუზეუმი III” და სხვა ლექსები.
    პასეანსი გაწყობილია. აქ უფრო ნაკლები ლექსია, მაგრამ მეტია სივრცე და საგანთა სიმკვეთრე.

    (c) “ცხელი შოკოლადი”

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები (აგვისტო-სექტემბერი, 2007)

    პერ პეტერსონი
    ”გაქცეული ცხენები”
    Per Petterson
    OUT STEALING HORSES
    258გვ Graywolf Press



    ტრონდ სანდერი მარტო დარჩა – მას მეუღლე და და დაეღუპა, ახლა კი ამ ტკივილის განკურნებას სწორედ მარტოობით ცდილობს. არავითარი დრამატიზირება – უბრალოდ, სურს, სახელმწიფო სუბსიდიაზე იცხოვროს და ძველი ადგილმდებარეობა შეიცვალოს. ამასობაში საინტერესო დასკვნამდეც მიდის – თურმე იღბლიანი ადამიანი ყოფილა – მისი ცხოვრებისეული მისწრაფება ხომ ყოველთვის მარტოობა იყო?.. ვითომ, მეუღლის დაღუპვამ ის უბრალოდ გაათავისუფლა? საინტერესოა სკანდინავიელის თვალით დანახული განსხვავება მარტოობასა და გარიყულობას შორის… ნორვეგიელი მწერლის, პერ პეტერსონის ახალი რომანი სულ ცოტა ხნის წინ IMPAC-ის ირლანდიური ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა.

    ნაიალ გრიფიტსი
    ”ლილიპუტი”
    Runt
    Niall Griffiths
    149გვ Jonathan Cape

    ნაიალ გრიფიტსის ახალი რომანის პერსონაჟი ეპილეფსიით დაავადებული პატარა ბიჭი – ლილიპუტია. იგი 16 წლის ასაკში სიხარულით ტოვებს სკოლას და ბიძამისის ჯოჯოხეთურ ფერმას. მამა არ ჰყავს. დედა კი ცდილობს, შეინარჩუნოს შეურაცხმყოფელი ურთიერთობა მამინაცვალთან… ბიჭის ერთადერთი მეგობარი მისივე ძაღლია, რომელთან ერთადაც სახლის წინ მიგდებულ, მიტოვებულ ჟანგიან მანქანაზე წვიმის წვეთების ხმას უსმენს ხოლმე. მორიგი წვიმისას ბიჭს იდეა მოსდის – გადაწყვეტს, ძაღლთან ერთად შეთქმულება მოაწყოს მამინაცვლის წინააღმდეგ და, არც მეტი, არც ნაკლები – მოკლას იგი, ისე, როგორც მტაცებელი ფრინველები ხოცავენ თაგვებს. ”ჩვენ ვქმნით მონსტრებს, იმისთვის, რომ ხანდახან სწორედ მათმა არსებობამ შეგვახსენოს ჩვენი ადგილი ამ სამყაროში,”- ამბობს გრიფიტსი თავისი ახალი რომანის შესახებ.

    ინგო შულცე
    ”მობილური ტელეფონი”
    Ingo Schulze
    Handy
    280გვ Berlin Verlag

    1999 წლის დეკემბერი, საახალწლო ღამე – ბერლინი ათასწლეულის დასასრულს ხვდება. ახალგაზრდა მასწავლებელი, ფრანკ რეიხერხტი, რომელიც დასავლეთ გერმანიაში მუშობს, საშობაო არდადეგებზე შინ ბრუნდება, და სწორედ ათასწლეულის მიჯნაზე ხვდება იულიას, თავის ძველ, დაკარგულ შეყვარებულს. არადა, დაშორებიდან მთელი წლის მანძილზე არაამქვეყნიურივით დაბოდიალობდა აქეთ-იქით, არც კარიერული წარმატების გემო გაუგია და ვერც ახალ ნაცნობებთან მოძებნა საერთო ენა. ყველგან იულიას აჩრდილი დაჰყვებოდა, და იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო. ახლა კი, როცა მისთვის ახალი ათასწლეული სასწაულებითა და ბედნიერებით იწყება, ცოტა არ იყოს, დაბნეულია…
    ეპოქალური რომანის ”ახალი ცხოვრების” (Neues Leben) შემდეგ ეს წიგნი თანამედროვე გერმანელი მწერლის, ინგო შულცეს, მეორე სერიოზული ნაშრომია.

    ფრედერიკ ბეგდებერი
    ”მიტევებაში დახმარება”
    Au secours pardon
    Frédéric Beigbeder
    318გვ Grasset & Fasquelle

    99-ფრანკიანი სარეკლამო განცხადების ავტორი ოქტავი კვლავ ბრუნდება. ამჯერად ის დიდი ჩრდილოეთის დედაქალაქში, მოსკოვში, დახეტიალობს – არც მეტი, არც ნაკლები, ახალი პროფესია შეიძინა. ეს სწორედ ის არის, რაზეც დიდი ხნის მანძილზე ოცნებობდა – სამოდელო სააგენტომ მას ქვეყნის ულამაზეს გოგონებს შორის საუკეთესოების არჩევა დაავალა. უცნაურია, მაგრამ ასეთ დროს ყველა გოგო გაუცნობიერებლად ცდილობს, ერთსა და იმავე მითიურ არსებას დაემგვანოს, და მეტ-ნაკლებად გამოუდით კიდეც ეს… აი, სანკტ-პეტერბურგელი მოზარდი ლენა კი სულაც არ გავს სხვებს, რაც ოქტავის ყურადღებას მიღმა არ რჩება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის – გოგონა ოქტავის ცხოვრებაში პირველი და უკანასკნელი სიყვარული აღმოჩნდება…

    “დივისადერო”
    Mმაიკლ ონდაჩე
    “Dივისადერო”
    Mიცჰაელ Oნდაატჯე
    273გვ. Aლფრედ A. Kნოპფ

    ქუჩას, სადაც ანა ცხოვრობს, “დივისადერო” ჰქვია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ესპანური სიტყვის ”დივისიონ”-ის (”გაყოფა”) მიხედვით ეს ქუჩა გამყოფი ხაზი უნდა ყოფილიყო სან-ფრანცისკოსა და პრესიდიოს ველებს შორის, ან კიდევ, ეტიმოლოგიას უფრო თუ ჩავუღრმავდბით, ისიც დასაშვები იქნება, რომ რომანს იმ ადამიანის სახელი ჰქვია, ვინც შორი დისტანციიდან აკვირდება რაღაცას. ასეა თუ ისე, ანას თავგადასავლის წაკითხვის შემდეგ მკითხველს სრული თავისუფლება ექნება, თვითონ, თავისი შეხედულებისამებრ დაარქვას რომანს სახელი. ახალი წიგნის პერსონაჟი ონდაჩეს ერთგულ მკითხველს რაღაცით იმავე ავტორის ”ინგლისელი პაციენტის” ჰანას მოაგონებს. ”დივისადერო” მწერლის მეხუთე რომანია.

    ტენესი უილიამსი
    ”უბის წიგნაკები”
    Tennessee Williams
    Notebooks
    784გვ Yale

    ინგმარ ბერგმანის პირველი საღამო ნაციონალურ თეატრში (1970) კინაღამ ჩაიშალა საშუალო ასაკის წვერებიანი მამაკაცის გამოხდომის გამო, რომელიც პარტერში თავის მშვენიერ კომპანიონთან ერთად იჯდა და მეგი სმიტის ყოველ წარმოთქმულ ფრაზასა თუ მიხრა-მოხრაზე ხმამაღლა ხარხარებდა. აბეზარი მაყურებლის საქციელმა საღამო კომედიად აქცია. ღონისძიების მსვლელობისას მას რამდენჯერმე სთხოვეს კიდეც, დაეტოვებინა დარბაზი. ეს კაცი, არც მეტი, არც ნაკლები – ტენესი უილიამსი იყო, 20-ე საუკუნის ცნობილი მწერალი, დრამატურგი და სცენარისტი. მისი ცხოვრება ბოჰემური თავგადასავლებით, ალკოჰოლიზმითა და ეპატაჟური გამოხდომებითაა დატვირთული, შესაბამისად, წიგნში თავმოყრილი მისი მოღვაწეობის ისტორიებიც სხვადასხვა საინტერესო და დღემდე უცნობი ფაქტების მომცველია.

    © “ცხელი შოკოლადი”

  • რეცენზია

    გია არგანაშვილი

    კრიტიკოსის არჩევანი


    ანდრო ბუაჩიძე “ილუზიების მსხვრევა”. გამომცემლობა “სამკალი”. თბილისი 2006.

    ანდრო ბუაჩიძისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს სხვადასხვა ვითარებაში რას წერს კაცი – ლექსს, მოთხრობას თუ კრიტიკულ წერილს. მთავარია, ვინ წერს. ეს “ვინ”, მისი აზრით, უნდა იყოს მხატვარი, ლიტერატორი, ნატიფი კულტურის მქონე პიროვნება.
    ამის განმარტება დასჭირდება მკითხველს, ვიდრე ლექსების ორი წიგნის ავტორის და ამ ჟანრში რამდენიმე ლიტერატურული პრემიის მფლობელის, მესამე – კრიტიკული წერილების კრებულს აიღებს ხელში.
    ამას ისიც დავუმატოთ, რომ ანდრო ბუაჩიძე თარგმნის პოეზიას, წერს პიესებს, მოღვაწეობს პედაგოგიურ სარბიელზე…და წარმატებით მონაწილეობს სხვდასხვა ლიტერატურულ კონკურსებში..
    ასეთ შემთხვევაზე ახლა არცერთი ცნობილი ქართული ანდაზა ან შეგონება არ მახსენდება, რადგან ვთვლი, რომ ჩვენში კრიტიკას უფრო უჭირს, ვიდრე ლიტერატურას და რაც უფრო მეტი შემოქმედი დასაქმდება ამ ჟანრში, უფრო უკეთესი იქნება.
    ჩვეულებრივ, შემოქმედი სწავლულზე უფრო თამამია საკუთარ მსჯელობაში. ერიდება ვრცელ ლიტერატურულ-თეორიულ დისკურსს და მზამზარეული აზრების გამეორებას. შემოქმედებითი გამოცდილება, რომ ყოველი ფრაზა აუცილებლობით იყოს ნაკარნახევი, მის ტექსტს შინაარსიანს და ადვილად გასაგებს ხდის.
    ამ წიგნში ავტორი განსაკუთრებით ლაღად გრძნობს თავს, როდესაც პოეტის შემოქმედებას ეხება, ამ დროს იგი კი არ “აკრიტიკებს”, არამედ ერთგვარი გიდის მოვალეობას ასრულებს და მკითხველს ლექსწერის რთულ პროცესში ახედებს.
    კრიტიკოსი ანდრო ბუაჩიძე მარტივად წერის მომხრეა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორი იმის ახსნას ცდილობს, რაც პროზაული ენით არ გადმოიცემა), არ უყვარს სნობური განსჯები და “სირთულედ მონათლული ბნელმეტყველება”, რადგან ეს ყველაფერი მისთვის ყოველთვის სწორხაზოვან აზროვნებასთან ასოცირდება.
    კრებულში ავტორმა ბოლო ოცდახუთი წლის მანძილზე სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ ლიტერატურულ წერილებს, ესეებს და საუბრებს მოუყარა თავი (შეიძლება ამ ხნის მანძილზე კრიტიკოსის აზროვნებაშიც მოხდა ღირებულებათა გადაფასება, მაგრამ ამას საგანგებოდ არ დავკვირვებივარ). ეს კი ლიტერატურის საკმაოდ ვრცელ ქრონოლოგიურ და გეოგრაფიულ არეალს მოიცავს, სადაც ღირებულებათა ცვლილება და ილუძიების მსხვრევა კარგად იგრძნობა.
    ასეთ დროს კრიტიკული აზრი და ათვლის საერთო წერტილის მოძებნა უფრო ძვირად ფასობს. ავტორიც ეთანხმება მოსაზრებას, რომ მეოცე საუკუნის ქართული მწერლობა ხელახლა უნდა შეფასდეს, ბოლშევიზმის ლაფი და ჭუჭყი ჩამოსცილდეს ქართულ კულტურას, უნდა აღდგეს ის კრიტერიუმები, რომლებიც კომუნისტებმა მახინჯი იდეოლოგიით გაამრუდეს, თუმცა ამჩნევს საპირისპირო ტენდენციას, რომ გარკვეულ წრეებში გამოჩნდნენ “არასრულფასოვნების კომპლექსით დასნეულებული ტიპები”, რომელთაც ღირებულებათა შერყვნა და ნამდვილ ფასეულობათა უარყოფა მოიწადინეს.
    ალბათ ამ ტიპებს შორის აღმოაჩინა კრიტიკოსმა საბჭოთა კალმოსნის თავისებური ნაირსახეობა “მწერალი-პრაგმატიკოსი”. ადამიანი, რომლისთვისაც მწერლობა საბოლოო მიზანი კი არ არის, არამედ მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა. თათბირების, პრეზენტაციების, ტელედებატების მუდმივი მონაწილე მწერალი, რომელმაც უკვე იმდენი დაწერა, რომ სოციალურად ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. ის თავს ღირებულებათა უარყოფით იწონებს, თუმცა საკმაოდ მოქნილია და მზად არის დათმობაზეც წავიდეს, თუ იერარქიულ კიბეზე ერთი საფეხურით ამაღლების საშუალება მიეცა.
    ამავე წერილში, მწერალ-პრაგმატიკოსის სრულყოფილი პორტრეტის გვერდით, იკვეთება კონტურები “უბირი ავტორისა”, რომლის ღიმილისმომგვრელ ნაწარმოებებში, თუ პროზად არის დაწერილი, “სექსუალური აღვირახსნილობა” ჭარბობს, ხოლო თუ ლექსებია – “ჰეროიკულ-პატრიოტული” მოტივი.
    ანდრო ბუაჩიძე აკვირდება ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებას და სხვა საინტერესო აღმოჩენებასაც გვთავაზობს, თუმცა ის მაინც ერიდება ავტორიტეტებთან ბრძოლას და ხმაურიან პოლემიკას, მას ღირებულებათა დამკვიდრების საკუთარი გზა აქვს არჩეული.
    რადგან კრიტიკოსი არჩევანში თავისუფალია, ალბათ რაღაცას უნდა ნიშნავდეს ორი-სამი წერილი გურამ რჩეულიშვილის, ჯემალ თოფურიძის, თამაზ ბაძაღუას, ვახუშტი კოტეტიშვილის, ირაკლი სამსონაძის შემოქმედებაზე; უფრო ძველი თაობიდან ალექსანდრე ყაზბეგის, ნიკო სამადაშვილის, გერონტი ქიქოძის; ხოლო უცხოელთაგან დოსტოევსკის, ვულფის, რილკეს, პასტერნაკის (რა თქმა უნდა, წიგნში ის სია უფრო ვრცელია) გამოყოფა, გამორჩევა, როგორც ხდება ნაყოფისდამიხედვით, რომ ოდესმე მაინც დაბინავდნენ ღირსების შესაფერისად, დასხდნენ მარჯვნივ და მარცხნივ…
    შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმთა შორის კრიტიკოსი სამყაროს თანამედროვე რაკურსით ხედვის, ევროპული ფასეულობის და ახალი მსოფლშეგრძნების საზომ ერთეულსაც იყენებს. ესაა თანამედროვე ღირებულებები და სრულიად საკმარისია შემოქმედისთვის, რომ მან თავის თანამედროვეთა შორის მართლაც ღირსეული ადგილი დაიკავოს, ვიდრე უფრო ახალი მსოფლშეგრნება არ დააძველებს დღევანდელ სიახლეს და ხელახალი გადაფასების დრო არ დადგება.
    რა თქმა უნდა, კრიტიკოსსაც შეუძლია ამ საზომით შეაფასოს ლიტერატურული პროცესები და რომელიმე თანამედროვე კლასიკოსის “ხელისმომკიდედ”, პოპულარულ კრიტიკოსად იქცეს. თუმცა, არსებობს სხვა გზა, შეფასების სხვა “მუდმივა”, არაპოპულარული მეთოდი, რომელიც არა მხოლოდ ტექსტის, არამედ საერთოდ ადამიანის “მარადიულ კონტექსტში” განხილვას გულისხმობს.
    კრიტიკოსის არჩევანი ამ შემთხვევაშიც თავისუფალია.
    ვფიქრობ, ეს არჩევანი ანდრო ბუაჩიძეს უკვე გაკეთებული აქვს (ნიკო სამადაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილ წერილი), ახლა მხოლოდ მისი ერთგულება ევალება, რაც თანდათან, ალბათ უფრო გაძნელდება.

    © “ცხელი შოკოლადი”

  • რეცენზია

    დავით პაიჭაძე

    თბილისური კრიმინალის აედი

    აკა მორჩილაძე, Maid in Tiflis. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2007.

    აჰა! – ქართულ ლიტერატურაშიც გაჩნდა რომანი, სადაც მოქმედების ნაწილს წიგნები წარმართავენ და ბიბლიოთეკა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პერსონაჟები. ამიერიდან ჩვენცა გვაქვს ჩვენებური “ვარდის სახელი” და შეგვიძლია გადავიღოთ “მეცხრე კარიბჭე”.
    მაგრამ მეეჭვება, აკა მორჩილაძის რომანში Maid in Tiflis სწორედ წიგნის თემა იყოს წამყვანი. თუ ეკოსა და პერეს-რევერტესთან (უფრო კი პოლანსკისთან) წიგნის მიგნება, ფორმალურად მაინც, პერსონაჟთა ძირითადი მიზანია, აკა მორჩილაძე ატრიზავებს ამ მოტივს. წიგნი აქ სულაც არ არის მიზანი. წიგნებს არც მიგნება სჭირდება, რადგან ყველა გამოფენილია, საოჯახო ბიბლიოთეკაში ძევს. მარტო ერთია დამალული და, როგორც ბოლოსკენ აღმოჩნდება, მასაც იგივე დატვირთვა აქვს, რაც ყველა დანარჩენს.
    წიგნებისადმი აკა მორჩილაძის პერსონაჟთა დამოკიდებულება უაღრესად ქართულია: მათ არ კითხულობენ. ხომ ვიცით, რომ ოჯახებში წიგნების უმეტესობა არ გადაუშლიათ. მით უმეტეს, ძველი, საბჭოთა დროს გამოცემული და ნაგროვები წიგნების. მაშ რაღას ყიდულობდნენ? არავითარი ენიგმა აქ არ არის. წიგნი – კაპიტალია, “დაგროვების საშუალება”. გაგიჭირდება – გაყიდი. ყოველ შემთხვევაში, ეს პასუხი აქვს აკა მორჩილაძის პერსონაჟს, კოლია მოგელაძეს, რომელიც კარგა ხნის მკვდარია.
    აი, რა არის Maid in Tiflis-ის მთავარი თემა: მკვდრების, აჩრდილების, თან მყოფთა და თან არმყოფთა ძალა. მათი გავლენა ცოცხლებზე, მათი დიქტატი, უნარი, გმართონ, გამოქმედონ, გაგართონ ან სიცოცხლე გაგიმწარონ საიქიოდან. მაგრამ მთავარი თემის დადგენაც რომ ძალიან საეჭვოა? წიგნში გაცილებით მეტ თემასა თუ მოტივს დაძებნი.
    აკა მორჩილაძის რომანები და მოთხრობები ორ პირობით ნაწილად შეიძლება დავყოთ: პირობითი ისტორია ხშირად “ზუსტი” დროით, მოგონილი ამბებით, ზოგჯერ მოგონილი ადგილებით და ასეთივე თანამედროვეობა. ეს უკანასკნელი კი აკა მორჩილაძესთან არ არსებობს კრიმინალის გარეშე. ის არის აედი ქართული კრიმინალისა, რომლის ხელში დაიბადა, იზრდება და აგრძელებს განვითარებას ახალი ქართული სახელმწიფო, პოსტსაბჭოთა ქართული საზოგადოება. ამ ციკლის სათავეში დგას “მოგზაურობა ყარაბაღში” (გახსოვთ, არა, როგორც იწყება: აქ ომი იყო თუ რაღაც, რაც ჰქვია – აი, ის რომ გაიქცა და მერე რომ…). სრულდება კი ციკლი ჯერჯერობით ამ რომანით, Maid in Tiflis.
    მოდი ახლავე ვთქვათ, რომ სათაურის გაშიფვრა ბევრს არაფერს მოგვცემს: maid წარმოითქმის როგორც made და ნიშნავს ქალწულს ან შინამოსამსახურეს. მოკლედ, ნაცვლად დამზადებულია (ან: მოგონილია, შედგენილია) თბილისში ხელთა გვაქვს ქალწული თბილისში. სლვაჲ ესე, ალბათ, უნდა გავიგოთ, ვითარცა მკითხველის შემზადება ცრუმოძრაობების, ირონიისა და ლიტერატურული თამაშისათვის, რაც რომანს მართლაც არ აკლია. თითქმის იგივე და ცოტა მეტი ფუნქცია აქვს წიგნის 12 თავს ეპიგრაფად წამძღვარებულ ჯონ ლენონისა და პოლ მაკარტნის ტექსტებს, რომანისტის თავისუფალ თარგმანში…
    კრიმინალს დავუბრუნდეთ. თუ აკა მორჩილაძის ადრეულ რომანებსა და მოთხრობებში ის იყო ცოცხალი, ხელშესახები, მჩქეფარე – ახლა რაღაცნაირად დაკრისტალებულია, თითქმის უხილავი, ბოროტი ნატვრისთვალია, რომელსაც ყველაფერი ძალუძს. ვგულისხობ, ამ რომანში, რაც უნდა, ყველაფერს აღწევს.
    ამ ორი სერიოზული მოტივის – აჩრდილთა ძალაუფლებისა და კრიმინალის კვეთა წიგნში ზოგან ძალიან სასაცილოც შეიძლება იყოს. კოლია მოგელაძის შვილიშვილს, პლეხანოველ მოგელას ბებერი ქალაქელი ბანდიტები აკითხავენ, ბაბუაშენს განძი ჰქონდა ეზოში დაფლული და იქიდან წილი გვეკუთვნისო. უკაცრავად ვარ მოუქნელი შედარებისთვის: მოგელას სტუმრების ეპიზოდი შორეულად მაგონებს შალვა რამიშვილისა და გია ჭანტურიას დარდუბალას, მაიკლ ჯექსონის ცნობილი კლიპის პაროდიას, დაფხავებული ინვალიდი ვამპირები რომ ამოდიან მიწიდან და ეშვიან შევარდნაძესთან ცეკვავენ.
    პლეხანოველ მოგელას სახელი არ აქვს. მის მეგობარს და სრულიად ასიმეტრიულ alter ego ბარნოველ ლევიკოს არ აქვს გვარი. მოგელას ქალს არც ერთი აქვს და არც მეორე. მას ქმარი გაუქრა, სამაგიეროდ დარჩა ავსტრიაში მცხოვრები მამამთილი (ხო ხვდებით უკვე, ვინც იქნება), რომელიც შვილის სიკვდილს არ იჯერებს და სურს, მთლიანად მართოს რძლის ცხოვრება. ის თითქმის არ ჩანს, მაგრამ სულ მოქმედებს. ბარნოველი ლევიკო მკვდარია, ბოლოშიღა მივხვდებით (ისიც არა დანამდვილებით), რამ მოკლა, მაგრამ სიკვდილის შემდეგ ასევე გამუდმებით მოქმედებს და ცოცხლად დარჩენილ ძმაკაცს აიძულებს, წიგნებს დააკვირდეს, კანაფით დაბინდული ტვინი გაანძრიოს და თვითონაც გაინძრეს. აკა მორჩილაძეს ძნელი საქმე გამოსდის: წიგნიერი, განათლებული, მომხიბლავი ბიჭი საბოლოო ჯამში აფერისტია, ხოლო უსაქმური ნარკომანი კი – ძალიან სიმპათიური პერსონაჟი. მისი ინერტულობა და ჩემთვის უწვდომელ სივრცეებში განრინება – ეს თბილისის ბრალია, ქალაქის, სადაც ვერაფერი ხარობს და ადამიანებიც თანდათან ქრებიან.
    თორემ ჰოლანდიაში, სადაც თბილისს თავდაღწეული მოგელა და მისი ქალი გაიცნობენ ერთმანეთს… რომანის ეს თავი, მგონი, 21-ე საუკუნის ჯერჯერობით მთავარი ცელქობაა ქართულ ლიტერატურაში. გულწრფელი, სენტიმენტალური და რომანტიკული Love Story მოთხრობილია ენითა და აქცენტით, რომელიც განუხრელი ირონიის საგანია სრულიად აღმოსავლეთ საქართველოში. ჩარლზ ჩაპლინი იხსენებს, როგორ წარმოთქვა ანა პავლოვას სადღეგრძელო ვითომ ჩინურ ენაზე, რადგან ღარიბი ინგლისური ენა ვერ აუვიდოდა მის გრძნობებს. ეგებ თბილისური დიალექტი, რომელიც საფუძვლად უდევს ქართულ სალიტერატურო ენას, მართლა უძლურია სიყვარულის აღსაწერად და ამისთვის იმერული დიალექტი უნდა გამოვიხმოთ? აკა მორჩილაძის დიდოსტატური ოპუსი და უსაზღვრო ენობრივი არტისტიზმი პასუხს თუ არა, ამ კითხვას ნამდვილად გაგიჩენთ.
    Maid in Tiflis-ში არის კიდევ ერთი თავი, რომელიც გაგახსენებთ, რომ აკა მორჩილაძე გახლავთ ისტორიკოსი გიორგი ახვლედიანი. ის თან მოგვითხრობს და თან მსჯელობს ქართული ხასიათისა თუ ქცევის ორ, ვთქვათ რბილად, თავისებურებაზე, რომლებიც დამპყრობელთა ორმა სატრაპმა – ხოსრო მირზამ, იმავე როსტომ მეფემ და ლავრენტი ბერიამ შესძინეს ქართველებს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ თითოეული ეს თვისება – თრიაქის წევა და უცხო ქალების სიყვარული – გახლავთ “მაკოორდინირებელი შტრიხი” პლეხანოველი მოგელასა და ბარნოველი ლევიკოსათვის. წავიკითხავთ რა (არ მეშინია ამ სიტყვის) მის ბრწყინვალე ესეს, უთუოდ გავიფიქრებთ, რომ აკა მორჩილაძე აღარ არის მარტო მწერალი. ის არის მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

    © “ცხელი შოკოლადი”