-
-
ოსეთის რუკა
-
ელისონ ამენდი – ჯადოქმნილი ბანჯო
-
ახალი წიგნები (2005)
-
ლელა სამნიაშვილი – ყინულის დედოფლის დაბრუნება და სხვ. ლექსები
-
ახალი წიგნები (ივლისი, 2007)
დორის ლესინგი
“ბზარი”
Doris Lessing
“The Cleft”260გვ, Fourth Estate
სადღაც, ოდესღაც, ზღვის პირას სახლობდნენ ქმნილებები, რომლებიც მდედრობითი სქესის უჩვეულო, უცნაურ არსებებს ჰგავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არცერთი არ იყო მამრი, მათ ბავშვები უჩნდებოდათ – პართეროგენეზის პრინციპით მრავლდებოდნენ. აჩენდნენ ბავშვებს, აწოვებდნენ ძუძუს, ხანდახან ახალგაზრდა მდედრს მაღალი კლდიდან აგდებდნენ – მსხვერპლშეწირვის მიზნით… ერთი სიტყვით, არაფერი აღელვებდათ და მშვიდად, უზრუნველად ცხოვრობდნენ. თუმცა, მათი სიმშვიდე დაირღვა, როცა ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთ მდედრს მეტად უცნაური ახალშობილი გაუჩნდა – პატარას სხეულზე ის დეტალი ჰქონდა, რომელიც აქამდე მათს შორის არავის ენახა… ამბავი რომაული სამყაროს ერთ-ერთი მისტიური მანუსკრიპტიდანაა, „ბზარი“ კი ამ ამბის დორის ლესინგისეული ინტერპრეტაციაა, შიგადაშიგ ავტორის კომენტარებითა და მოკრძალებული ავტობიოგრაფიული ელემენტებით.
ჰარუკი მურაკამი
“სიბნელის შემდეგ”
Haruki Murakami
“After Dark”
191გვ, Harvill.იმისთვის, რომ ღამე ჩვეულებრივი და მოსაწყენი არ გახდეს, მას მოჯადოება სჭირდება. ტოკიოს სადღეღამისო კაფეებისა და სიყვარულისათვის განკუთვნილი სასტუმროების ნოქტურნული ატმოსფერო – ეს უკვე ის მისტიკაა, რომლითაც ღამეული სიბნელე იქით გაჯადოებს. “შუაღამით დრო თავისი განსაზღვრული სტილით მიედინება. მას ვერ შეებრძოლები”, – ამბობს ქალაქის ერთ-ერთი პატარა და მყუდრო ჯაზ-ბარის მენეჯერი, რომლის უკანაც, ძნელია, ცდუნებას გაუძლო და თვით ჰარუკი მურაკამის აჩრდილი არ შენიშნო. “სიბნელის შემდეგ” – ეს ის რომანია, რომლითაც მწერალი ღამესთან შიშისმომგვრელ მეტაფიზიკურ ნაძლევს დებს, და რომელსაც ჰარუკი მურაკამის თაყვანისმცემლები სულმოუთქმელად ელოდებოდით.
დონ დელილო
“კაცი, რომელიც ვარდება”
Don DeLillo
“Falling Man”246გვ, Picador
გავრცელებული მოსაზრებით, ხელოვანები ყველაზე უფრო ახლოს არიან ადამიანების კოლექტიურ ქვეცნობიერთან და შემოქმედებითი პროცესის დროს საკმაოდ ხშირადაც მიმართავენ მას. თუმცა, ის, რაც დონ დელილომ შეძლო, მხოლოდ ქვეცნობიერზე დაფუძნებული გათვლები არ არის – ვაშინგტონსა და ნიუ-იორკზე თავდასხმების წინასწარ აღწერას თავისუფლად შეიძლება, წინასწარმეტყველებაც ვუწოდოთ. “კაცი, რომელიც ვარდება” 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტზე გვიამბობს; მაშინ, როცა ხალხმა ამ თავდასხმების შესახებ გაიგო, პირველი სახელი, რაც გონებაში ამოტივტივდა, დელილო იყო. თავად მწერალი კი, შეკითხვაზე, თუ როგორ გაართვა ასეთი შინაარსის წიგნის დაწერას თავი, მშვიდად პასუხობს: “როგორ და, ძალიან მოკრძალებულად.”პოლ ოსტერი
ლექსების კრებული
Paul Auster
Collected Poems
208გვ, Faber.
პოლ ოსტერმა მკითხველის ყურადღება პირველად 80-იან წლებში, თავისი მისტიური დეტექტივებით, “ნიუ იორკის ტრილოგიით”, მიიქცია. ახლა კი მისი ლექსების კრებულიც გამოვიდა, რომელშიც 1967 წლიდან დღემდე დაწერილი პოეტური ნაწარმოებებია შესული. ბუნებრივია, რომ ისინი, ვინც უკვე ოსტერის რომანებს იცნობს, მისი ლექსების წაკითხვისას მწერლის ლიტერატურული წარმოსახვის განვითარების შესახებ დასკვნების გამოტანას მოისურვებენ, და შეიძლება, უკვე ფიქრობენ კიდეც, რომ მის პოეტურ ნაწარმოებებში ოსტერის, როგორც რომანისტის, ხელწერას შენიშნავენ, მაგრამ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლექსებში მინიმალური დოზითაა ნარატივი. პირიქით – ოსტერის პოეზია ევროპული რომანტიზმის მოდელის გავლენას განიცდის.
ვოლე შოიინკა
“ამოთქვი მზის ამოსვლისას. მემუარები.”
Wole Soyinka
“You Must Set Forth at Dawn: A Memoir”
626გვ, Methuen, in association with Bookcraft.
ერთ-ერთი აფრიკული სიბრძნის მიხედვით, როდესაც ადამიანი უფროსის სტატუსს უახლოვდება, ის ბრძოლაში ჩართვისაგან თავს იკავებს. ვოლე შოიინკა კი, მიუხედავად იმისა, რომ მას გაჭაღარავებული თმა და თეთრი წვერი სხვა აფრიკელი ასაკოვანი მწერლებისაგან ყველაზე მეტად გამოარჩევს, ჯერაც არ აპირებს კალმის დადებას. მის წიგნს ახლა უკვე მემუარების სახე აქვს და შიგ ნობელიანტი მწერლის შემოქმედებითი თუ პოლიტიკური მოღვაწეობის საინტერესო ფაქტებია თავმოყრილი. “იყო დრო, როცა ვერავინ იფიქრებდა, რომ ნიგერია, როგორც პოლიტიკური ერთეული, დღეს კიდევ იარსებებდა”, – აღნიშნავს შოიინკა თავისი მემუარების დასაწყისში. იგი სწორედ ის ერთ-ერთი მათგანია, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ ათასებისა და ათიათასების ვარაუდი ნიგერიის არსებობა-არარსებობის შესახებ არ გამართლდა. როგორი იყო გზა სახელმწიფოებრიობამდე, როგორ ემატებოდა ნიგერიას სასიცოცხლო ძალები – ამ ყველაფერს ვოლე შოიინკა თავის ახალ წიგნში გვიყვება.
ა.დ. ნათალი
“შექსპირი – მოაზროვნე”
AD Nuttall
“Shakespeare the Thinker”
448გვ, Yale
მაშინ, როცა ახალ ლიტერატურულ კრიტიკაში შექსპირის ხელოვნების ნაკლებ სიღრმისეულად მიჩნევის ტენდენციები შიემჩნევა; როცა თანდათან მყარდება შეხედულებები, რომ შექსპირი თავისი დროის კლიშეებით წერდა და ამას თან მისი რასიზმი, სექსუალურ უმცირესობაში ყოფნისგან გაჩენილი ფსიქოლოგიური დარღვევები ემატებოდა, ნათალი სრულიად საპირისპიროს გვიჩვენებს – პროფესორის კვლევის ობიექტი გაცილებით უფრო განათლებული, სიღრმისეულად მოაზროვნე და ტოლერანტი იყო, ვიდრე მისი 21-ე საუკუნის მკითხველები არიან. ნათალის კვლევა შექსპირის შემოქმედების ინტელექტუალურობაზე მისი საკმაოდ წარმატებული კარიერის დამაგვირგვინებელია. იგი უკვე არაერთი ნაშრომის ავტორია შექსპირის შესახებ.© “ცხელი შოკოლადი”
-
მაგდა კალანდაძე
დაგერხათ, ღორებო!
დი ბი სი პიერი, “ვერნონ გენიოს ლითლი”, რომანი, მთარგმნელი ქეთი ქანთარია. თბ, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2006.
სანამ 2003 წლის “ბუკერის” ჟიური საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, ორი-სამი დღით ადრე პრესამ ერთ-ერთი ნომინანტის, დიბისი პიერის, არც თუ ისე სახარბიელო წარსული გამოააშკარავა – მექსიკაში დასახლებული ავსტრალიელის ბიოგრაფია ნარკოტიკების მოხმარებით, ძარცვით, ვალების გადაუხდელობითა და სხვა ათასი დანაშაულებრივი ფაქტით იყო დატვირთული. თუმცა, თავად ავტორს არასდროს უცდია საკუთარი შავბნელი წარსულის დამალვა – პირიქით, მისი ფსევდინიმი (ნამვილი სახელია პიტერ უორენ ფინლეი) სწორედ განვლილი ცხოვრების აბრევიატურაა – DBC – Dirty But Clean (“ბინძური, მაგრამ სუფთა”). ზემოთაღნიშნული ფაქტორის და კიდევ იმის გათვალისწინებით, რომ “ვერნონ გენიოს ლითლი” დიბისი პიერის სადებიუტო რომანია, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი იყო ჟიურის გადაწყვეტილება – ბუკერის პრემია – 50 ათასი ფუნტი სტერლინგი – საკმაოდ “არაელიტურ” ავტორს არგუნეს. საინტერესოა, რითი მოხიბლა დებიუტანტი მწერლის რომანმა საკმაოდ პრესტიჟული პრემიის კონსერვატიული ჟიური – ბუკერი ხომ ჰუმანიტარული დახმარება არაა, დიბისი პიერისთვის ვალების გასასტუმრებლად გადაეცათ ამხელა თანხა.
“ვერნონ გენიოს ლითლის” მოქმედება ტეხასში ხდება – ფასტფუდებით, ბარბექიუებითა და ტომატის სოუსით გაჟღენთილ ამერიკის ერთ-ერთ შტატში. მთავარი მოქმედი პირი 15 წლის ვერნონ გრეგორი ლითლია, რომელსაც თანაკლასელის მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობა ბრალდება. სასამართლოს ეჭვმიტანილი ჰყავს და საქმეს იძიებს, თუმცა, მართლმსაჯულება ერთადერთი არაა, ვინც ვერნონითაა დაინტერესებული – საქმეში ტელევიზია ერთვება. მასმედიის ინტერესებში მხოლოდ ერთი რამ შედის – როგორმე რეალურ შოუდ აქციოს გამოძიების პროცესი, ჟურნალისტები და შოუმენები ძალღონეს არ იშურებენ, კიდევ უფრო ჩახლართული გახადონ ვერნონის საქმე და მეტი ინტრიგა შემატონ მას. მკითხველმა რომანის დასაწყისშივე იცის, რომ ლითლი უდანაშაულოა, თუმცა, მართლმსაჯულება და სენსაციებზე მონადირე ტელევიზია ყველანაირად ცდილობენ, სასიკვდილო განაჩენამდე მიიყვანონ ბიჭი. დიბისი პიერი ცინიზმსა და სარკაზმს არ იშურებს ამერიკელების ნამდვილი სახის წარმოსაჩენად – ვერნონს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ღალატობენ, ატყუებენ, მშობელი დედიდან დაწყებული, საყვარელი გოგოთი დამთავრებული, ყველა სარგებლის ნახვას და გამორჩენას ცდილობს შექმნილი სიტუაციიდან. ეს არის სატირა ქვეყანაზე, სადაც ადამიანებისთვის მთავარია სანახაობა, დროის გაყვანა, კარგი კვება და უახლესი საოჯახო ტექნიკა. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთ ენაზე ლაპარაკობს -კოკა-კოლას, ჰამბურგერების, სატელევიზიო შოუებისა და ახალნაყიდი ტანსაცმლის ენაზე – ადამიანებს შორის მაინც სრული დისონანსი და გაუგებრობაა. ამის ყველაზე ნათელ და სასტიკ მაგალითად მწერალს რომანის მთავარი მოვლენა გამოჰყავს: მკვლელობის მიზეზი ჰომოფობური გამოხდომაა – მოზარდის სექსუალური ორიენტაცია დაცინვის საგანი ხდება. დიბისი პიერის მიერ აღწერილ საზოგადოებაში განსხვავებული აზროვნებისა და შეხედულებების ადამიანს არა თუ არ იღებენ და ზურგს აქცევენ, არამედ ცდილობენ, გაანადგურონ, მოიშორონ, უკეთეს შემთხვევაში – რეალური შოუს გმირად აქციონ და როგორც გალიაში გამომწყვდეულ მხეცს, ისე, შორიდან უყურონ.
რამდენადაც მძიმე და დამთრგუნველია თემატიკა, იმდენად მსუბუქი და ლაღია მწერლის ენა და თხრობის სტილი. 15 წლის გაუნათლებელი ბიჭისთვის დამახასიათებელი ჟარგონული ლექსიკითა და სიმარტივით მოყოლილი ამბავი წიგნის ყოველ გვერდზე უფრო და უფრო ითრევს მკითხველს. თავად ვერნონ ლითლი კი მთხრობელი უფროა, ვიდრე მთავარი გმირი – ერთადერთი, რაც მას დანარჩენებისგან გამოარჩევს, ისაა, რომ მსხვერპლის როლში გვევლინება. რომანის პერსონაჟები ერთ მთლიან გროტესკულ სახეს ქმნიან, სათითაოდ კი მოკლებულები არიან ყოველგვარ ინდივიდუალობას, ყველა იმ შტრიხს, რომელიც მათს ადამიანურობას აგრძნობინებს მკითხველს. ეს საკმაო მიზეზია იმისათვის, რომ მწერალს პერსონაჟის შექმნის უუნარობაში დავდოთ ბრალი, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ვერნონიც და მის გარშემო მოფუსფუსე “კეთილისმსურველებიც” მხოლოდ ფონია იმისათვის, რომ მთავარი გმირები გამოიკვეთონ: პირსისხლიანი მართლმსაჯულება, ადამიანის უბედურებაზე აწყობილი ბიზნესი – რეალური ტელეშოუ და ფასტფუდების ცხიმში გახვეული, ტომატის სოუსით შეღებილი ამერიკა. ეს ის პერსონაჟებია, რომლებსაც ავტორი სარკაზმისა და ირონიის მკვეთრ ფერებში გვიხატავს და რომლებიც არა მარტო ამ რომანის, არამედ თანამედროვეობის ნამდვილი “გმირები” არიან. დიბისი პიერი კი თანამედროვეობის მწერალია – მან ზუსტად იცის, რას ამბობს, რისი თქმაა დღეს საჭირო და რას მოითხოვს მისგან მკითხველი. იცოდე, რა სურთ და რას ელოდებიან შენგან – ეს უკვე ნახევარი გამარჯვებაა. იმარჯვებს სიკვდილმისჯილი ვერნონ ლითლიც, რომელიც ერთი გამოცდილი მკვლელისა და რეციდივისტის უკანასკნელი დარიგების მიხედვით მოქმედებს: “მიეცი ხალხს ის, რაც სურს, გაიგე მათი მოთხოვნილებები და იმოქმედე – შენი ხელის აქნევაზე იცეკვებენ”, – ეს გადარჩენისა და გამარჯვების რეცეპტია, რომელიც დიბისი პიერმა მკითხველს გაანდო, რომლის მიხედვითაც მისი სამწერლო დებიუტი შედგა… და რამდენიც არ უნდა უძახოს მისმა პერსონაჟმა მთელს მსოფლიოს, ღორებო, დაგერხათო, ავტორი კარგად ხვდება, რომ ეს სწორედ ისაა, რასაც მისგან “ღორები” მოითხოვენ და რისთვისაც იგივე “ღორები” ”ბუკერის” პრესტიჟულ პრემიას არიგებენ.© ”ცხელი შოკოლადი”
-
ახალი წიგნები (ივლისი, 2007)
ბესიკ ხარანაული, “100 ლექსი”, ლექსები, შემდგენელი ნინო ყულოშვილი, თბ, 2007, “ინტელექტი”.მარტოობის ხავსით დაფარული წმინდა გიორგი, ფშაური მზის ნაბიჯები ქართლის გზაზე, ბავშვებივით უმანკო დღეები, თიხისფერი ქალიშვილის ოცნებები და სურათები – მაწანწალა ძაღლის გზაზე, თაფლიანი ქილის, მთას მიმავალი ბერის… სურათები, რომლებსაც თვალნათლივ ხედავ ბესიკ ხარანაულის ლექსების კითხვისას – თითქოს ფერწერული ტილო გედოს წინ. ლექსების ახალი კრებული პოეზიის გურმანებს კიდევ ერთხელ გაახარებს საყვარელი ავტორის, ქართული თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი პოეტის ნაწარმოებებით. წიგნში ბესიკ ხარანაულის სხვადასხვა დროს დაწერილი 100 ლექსია თავმოყრილი.
ვახუშტი კოტეტიშვილი, “ვერცხლის საუკუნე + ბროდსკი” (ბილინგვა), ლექსები, რედაქტორი ევგენია ზახაროვა, თბ, 2006.
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი კულტურული სიმდიდრე, რუსული ლიტერატურის ახალი აღზევების ხანა და სიმბოლისტების მიერ დაწყებული ესთეტიური გადატრიალება – ეპოქა, რომელმაც ლიტერატურის ისტორიაში “ვერცხლის საუკუნის” სახელით დაიმკვიდრა ადგილი. სწორედ ამ ეპოქის თვალსაჩინო წარმომადგენლებია თავმოყრილი ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანების კრებულშიც – ინოკენტი ანენსკი, მაქსიმილიან ვოლოშინი, ნიკოლაი გუმილიოვი, ოსიპ მანდელშტამი, ველიმირ ხლებნიკოვი, ბორის პასტერნაკი, მარინა ცვეტაევა – პოეტები, რომელთა შემოქმედებასაც თამამად შეიძლება რუსული პოეზიის რენესანსი ვუწოდოთ. “ვერცხლის საუკუნის” პოეზიის გარდა, კრებულში შესულია იოსიფ ბროდსკის რამდენიმე ლექსის თარგმანი. წიგნი ორენოვანია, რაც ლიტერატურის მოყვარულებს არა მარტო ვახუშტისეული თარგმანის, არამედ ლექსების ორიგინალში კიდევ ერთხელ წაიკითხვის საშუალებას მისცემს.ჰერმან ჰესე, “დამსვენებელი”, მთარგმნელი ნანა გოგოლაშვილი, თბ, 2007, “ინტელექტი”.
ალბათ, ხშირად გითამაშიათ მარგალიტებით, მაგიური თეატრის მაყურებელიც ყოფილხართ, ველოსიპედის ბორბლების ქვეშაც მოხვედრილხართ და იდუმალი ფრინველის – აბრაქსასის დაბადებაც არაერთხელ დაგსიზმრებიათ… ახლა კი დროა, ცოტა ხნით სახსრები აიტკიოთ და მსუბუქი იშიასის დიაგნოზით ბალნეოლოგიურ კურორტს მიაკითხოთ – “დამსვენებელი – ჩანაწერები ჩემი ბადენში მკურნალობის თაობაზე” – ჰერმან ჰესეს დაუვიწყარი მოთხრობის ახალი გამოცემა კიდევ ერთხელ მიაბრუნებს მკითხველს იმ სამყაროში, რომელსაც “ჰესეს სამყარო” ჰქვია. წიგნში ნობელიანტი ავტორის რამდენიმე მხიარული ზღაპარიცაა შესული, ასევე გაეცნობით მის დამოკიდებულებას მუსიკისადმი და შეიტყობთ მიზეზს, თუ რატომ ვერ ესტუმრა მწერალი შვედეთის აკადემიას, როცა მას მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟიული ლიტერატურული პრემია მიანიჭეს.
ბორის ვიანი, “წითელი ბალახი”, რომანი, მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი, რედაქტორები ანა ჭაბაშვილი და ლალი ქადაგიძე, თბ, 2007, “დიოგენე”.
ორივეს ქერა, გრძელი თმა აქვს, ვიწრო წელი, სრულყოფილი ფეხები და ლამაზი მხრები. მათ გვერდით საყვარელი მამაკაცები არიან, რომლებთან ერთადაც ბედნიერად გრძნობენ თავს… მანამ, სანამ არ აღმოაჩენენ, რომ, თურმე, აღარ უნდათ სერიოზული კაცები, მობეზრდათ უფულოები, დაიღალნენ სიყვარულით და უკვირთ, საერთოდაც, როგორ ძლებდნენ ისეთი არსებების გვერდით, როგორებიც კაცები არიან. ერთი სიტყვით, ქალები, როგორც ყოველთვის – მსხვერპლის როლში… თუმცა, ეს როლი უფერულდება და დამაჯერებლობას კარგავს, როცა ნამდვილი მსხვერპლი გვყავს სახეზე… იქნებ “წითელი ბალახის” წაკითხვის შემდეგ მაინც დაფიქრდნენ ქალები, რომ მამაკაცი ფულის საჭრელი მანქანისა და სექსუალური პარტნიორის გარდა, შეიძლება ადამიანიც იყოს, თავისი სისუსტეებითა და უცნაურობებით, რომელსაც ხანდახან ფულის მხარჯველისა და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებლის გარდა, ასევე ადამიანი სჭირდება.
ალექსანდრე დიუმა, “ჯადოსნური ზღაპრები”, მთარგმნელები: თამარ ხოსრუაშვილი, ნატა ბალავაძე, თბ, 2007, “აგორა”.
გაფრთხილება პატარებს: თუ შემთხვევით ჯადოსნურ ჯოხს ან ნატვრისთვალს იპოვით, კარგად დაფიქრდით, სანამ სურვილის ასრულებას სთხოვთ მას… ან თუ ამპარტავნება და სუსტის დაჩაგვრის სურვილი შემოგიტევთ, გაიხსენეთ, რომ თქვენზე ძლიერებიც არსებობენ… წინააღმდეგ შემთხვევაში, უქნარა, ჯიუტი პიერისა და კეგლის მეფის, ხარატი გოტლიბის ბედი გელით. ალექსანდრე დიუმას “ჯადოსნური ზღაპრები” ბავშვებს მცონარობის, სიზარმაცისა და ამპარტავნების დამარცხებას ასწავლის; საინტერესო, მხიარული ამბები და მათი უცნაური პერსონაჟები სიკეთესა და სათნოებაზე გვიამბობენ. ზღაპრებს თან ახლავს სახალისო ილუსტრაციები, რაც წაკითხულის უკეთ აღქმაში დაეხმარებათ პატარებს.
ფაჰრეთინ ჩილოღლუ (ფარნა ჭილაძე), “სასაზღვრო ფიქრები”, მთარგმნელები ლელა დადიანი, ნანა კაჭარავა, მირიან მახარაძე, რედაქტორი ლია ჩლაიძე, თბ, 2006, “არტანუჯი”.
მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ქართველთა დიდი რაოდენობა გადასახლდა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც ისინი ქართულ სოფლებს ქმნიდნენ, მშობლიურ ენაზე ლაპარაკობდნენ და ეროვნულობას ინარჩუნებდნენ. სწორედ თურქეთში მცხოვრებ ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალია ფაჰრეთინ ჩილოღლუც, რომელსაც თურქეთის ლიტერატურულ წრეებში კარგად იცნობენ, როგორც პოეტს, პროზაიკოსს, მთარგმნელსა და პუბლიცისტს. იგი არაერთი წიგნის ავტორია საქართველოს ისტორიის, ქართული სოფლების, ხალხისა და ენის შესახებ. “სასაზღვრო ფიქრები” კი მოთხრობებისა და ლექსების კრებულია, რომელიც თურქულიდან ითარგმნა და ქართველ მკითხველს საშუალება მიეცა, მშობლიურ ენაზე გაიცნოს ამ საკმაოდ საინტერესო ავტორის შემოქმედება.© ”ცხელი შოკოლადი”
-
დავით პაიჭაძე
მთხრობელი და ავტორი
მიხეილ ჭაბაშვილი, მოგონებები. თბ. “დიოგენე”, 2006.
ცდუნება მაქვს, მიხეილ ჭაბაშვილის “მოგონებებზე” კი არ ვილაპარაკო, არამედ მოკლე წინასწარი კომენტარი წავუმძღვარო ციტატებს წიგნიდან და მათ ამარა დაგტოვოთ: სავსებით საკმარისი იქნება ტექსტთან მისაახლოვებლად და მასზე წარმოდგენის შესაქმნელად.
მიხეილ ჭაბაშვილის, როგორც ავტორის, სახელი დღემდე არც ერთ წიგნს არ ეწერა, თუმცა, მჯერა, ყველა წიგნიერი ქართველი იცნობს ამ სახელს: უცხო სიტყვათა ჯერჯერობით ერთადერთ ქართულ ლექსიკონს აწერია, რომ შეადგინა მიხეილ ჭაბაშვილმა. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ერთტომეულს აწერია, რომ მისი რედაქტორია მიხეილ ჭაბაშვილი. იგივე აწერია საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელებისა და უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონებს. მოკლედ, ჩვენ წინაშეა მეცნიერის მემუარები.
მემუარული ჟანრის ამბავი ცნობილია: ავტორი აღწერს ფაქტებს, გადმოსცემს მოვლენებს, გასცქერის წარსულს, მსჯელობს უშუალოდ. ის აუცილებლად სუბიექტურია – როგორც ფაქტების შერჩევის, ისე მათი გაშუქება-შეფასების დროს. მემუარები შეუცვლელი წყაროა გარდასულ დროთა რეალიების შესაცნობად – რა გემოვნება, ზნე-ჩვეულებები, ღირებულებები ჰქონდათ იმ დროს, რომელსაც ავტორი იხსენებს.
თითქოს ბევრი მოწმობა არსებობს იმ დროისა, რომელშიც მიხეილ ჭაბაშვილმა იცხოვრა, მაგრამ “მოგონებები”, გეჩვენებათ, რომ აცოცხლებს უნიკალურ ამბებს XX საუკუნის საქართველოს ისტორიიდან. ამ ისტორიის წყაროები დევს, მაგრამ მკვლევრები მათთან მიახლებას არ ჩქარობენ. არავინ იკვლევს, მაგალითად, ქართულ საბჭოთა პრესას, არადა, ალბათ იქიდანაც “ამოვა” ბევრი რამ, რასაც მიხეილ ჭაბაშვილთან წაიკითხავთ. არამკვლევრებს კი, ვისაც მეცნიერული ინტერესის ნაცვლად, აქვს სურვილი, შეისეირნოს 50, 60, 80 წლის წინანდელ ეპოქაში, მიხეილ ჭაბაშვილის წიგნი მშვენიერ გიდობას გაუწევს. აბა, ეს ნახეთ: “ქვეყნის მამებმა” იდეოლოგიური მოსაზრებებით 20-ან-30-ანი წლების მიჯნაზე ერთი არევ-დარევა კიდევ გამოიწვიეს მოსახლეობაში. აიღეს და გააუქმეს… შვიდდღიანი კვირა. მის ნაცვლად ჯერ შემოიღეს ხუთდღიანი, ე.წ. უწყვეტი საწარმოო კვირა (დღეებს ერქვა პირველი, მეორე და ა.შ. ყველა ისვენებდა ხუთ დღეში ერთხელ, მაგრამ არა ერთდროულად. ტაბელ-კალენდრებიც კი გამოუშვეს, რომლებზედაც კომუნისტური კვირის დღეები გაფერადებული იყო სხვადასხვანაირად. გაიგონებდით ასეთ საუბარს: “მე წითელზე ვისვენებ, ჩემი ქმარი – მწვანეზე”, “მე ყვითელზე” – შეეპასუხებოდა მეორე”.
ადრეული კომუნიზმის სვლებს, რაც ახლა აბსურდად ან დანაშაულად მოჩანს, მილიონები ლოიალურად ხვდებოდნენ. მიხეილ ჭაბაშვილის კითხვისას გაქვთ განცდა, რომ მას ყოველთვის ადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდა კომუნისტებისადმი, უფრო ზუსტად, ყოველთვის ხვდებოდა და იცოდა, ვინ იყო ეს ხალხი. მიხეილ ჭაბაშვილი არც დისიდენტია და არც შინაგანი ემიგრანტი, არც, მით უმეტეს, ტრიბუნი ან სამზარეულოში მობუზღუნე ინტელიგენტი. კლასობრივი წარმოშობის თვალსაზრისით, მუშისა და ღატაკი აზნაურიშვილის ვაჟი, იდეალური მასალა უნდა გამხდარიყო საბჭოთა მოქალაქის ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩემთვის გამოცანად დარჩა, სვანეთის უბანში, ღარიბი მუშებისა და ხელოსნების გარემოში გაზრდილმა ბიჭმა რანაირად შეაგება სინამდვილეს ის ფსიქოლოგიური არისტოკრატიზმი, რომელმაც ათწლეულების მანძილზე შეუნარჩუნა დისტანცია კომუნისტურ მეინსტრიმთან. ღირსება და ჩუმი ნაღველი დაჰყვება მიხეილ ჭაბაშვილის ნაწერს მაშინაც, როცა ყმაწვილობის სახალისო ამბებს იხსენებს. და არა იმიტომ, რომ სიჭაბუკის ნოსტალგია აქვს. ნაწერის მიხედვით, ის ასეთი – მშვიდი, ნაღვლიანი და ღირსეული – ჩანს სიჭაბუკეშიც.
დიახ, ჩანს, რადგან საკუთარ თავზე ბევრს არ ლაპარაკობს. მემუარული ლიტერატურა გულისხმობს ერთ ილუზიას, თუ გნებავთ სტერეოტიპს, თითქოს მისი ავტორი, როგორც ადამიანი საერთოდ, ყველაზე უკეთ იცნობს საკუთარ თავს და შესაბამისად, ყველაზე უკეთ შეიძლება ილაპარაკოს საკუთარ თავზე. და თუ მიხეილ ჭაბაშვილი ამას არ აკეთებს, არა მხოლოდ თავმდაბლობის გამო: ცოდნა საკუთარი თავის შესახებ უნიკალურია იმითაც, რომ მას ვერავის გადასცემ. ერთი ამბავია, იცოდე და სრულიად სხვაა – მოჰყვე. ორი რამ – მთხრობელის იდენტობა და წიგნის ავტორი, როგორც საზოგადოებრივი ფიგურა – ერთმანეთს ძნელად უთავსდება და მიხეილ ჭაბაშვილს, მგონი, ეს გამოსდის. შთაბეჭდილება მაქვს, რომ მას შეუძლია, ინტერესით შეხედოს საკუთარ თავს და ჩვენც დაგვანახოს იგი – ძალდაუტანებლად, ნარცისული თვითტკბობისა თუ პირიქით, მაზოხისტური თვითდამდაბლების გარეშე. პარადოქსია, მაგრამ მის გულწრფელობაში ეჭვს ვერ შეიტანთ თუნდ იმის გამო, რომ ბევრი ადამიანის სახელს, უბრალოდ, არ გიმხელთ: “მოგონებების” ავტორი მაინც საბჭოთა ეპოქის შვილია.
მიხეილ ჭაბაშვილმა რომ იცხოვრა, იმ დროს სკოლის მასწავლებლები მოწაფეებს თავში ცარცს ესროდნენ და იდიოტებს უძახდნენ; ბავშვები სიღატაკისგან კვდებოდნენ; ცხენოსნები სისწრაფეში კახეთის მატარებელს ეჯიბრებოდნენ; უნივერსიტეტის მედროვე სტუდენტებს რექტორი გვერდზე გაყავდათ და საქმეს ურჩევდნენ. Бей грузин! – რუსი გენერლები სტადიონზე მოუწოდებდნენ დანარჩენ რუსებს ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ. ერთ რამედ ღირს თბილისთან დაკავშირებული მოგონებების კითხვა. ასეთი თბილისი არსად არის დაცული: არც ფოტოებზე, არც ქართულ კინოში და არც იმ დროის ქართულ ლიტერატურაში.
მკითხველი ვერ ჩაიჭერს მომენტს, თუ როდის გაუღვივდა მიხეილ ჭაბაშვილს ფილოლოგის და ლექსიკოგრაფის ვნება: ბავშვობაში, ქართლში, სოფლად ყოფნისას, თანატოლმა ჩათლახი რომ დაუძახა და გულზე 30 წლის შემდეგ მოეშვა, როცა აღმოაჩინა – ქართლურად, თბილისურისგან განსხვავებით, ეს სიტყვა სუსტსა და უხეიროს ნიშნავს; თუ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, როცა არნოლდ ჩიქობავამ (მოგონებების მთავარი პერსონაჟი, მონუმენტური და ავტორიტარული ფიგურა, ასკეტი და უმაღლესი რანგის პროფესიონალი) მიიწვია მიხეილ ჭაბაშვილი ლექსიკონზე სამუშაოდ; ან ეგებ ყმაწვილობაში, როცა გარემომცველ სიღარიბეს უწვრილეს დეტალებამდე ამჩნევდა. ვის, თუ არა სიღარიბეში ასეთი მრავალფეროვნების დამნახავ კაცს, უნდა შეეკრიბა ათასობით ქართული სიტყვა და ერედაქტორა რამდენიმე ქართული ლექსიკონისათვის?© “ცხელი შოკოლადი”
-
ახალი ამბები (ივლისი, 2007)