თარგმნა სანდრო მოსაშვილმა
გაბრიელ გარსია მარკესს ინტერვიუ ჩამოვართვი საკუთარ სტუდიაში/ოფისში, ქალაქის ძველ და მშვენიერ, მეხიკოს ფერადი ყვავილებით მორთულ მონაკვეთში, სან ანჟელის სასტუმროში მდებარე მისივე სახლის უკან. სტუდიო სახლისაგან მცირე სავალზეა. შენობა დაბალი და წაგრძელებულია, როგორც ჩანს, თავდაპირველად საოჯახო სასტუმროდ იყო ჩაფიქრებული. შიგნით, ერთ ბოლოში, დგას დივანი, ორი სავარძელი და ბარის დროებითი ჩამნაცვლებელი – პატარა თეთრი მაცივარი.
ოთახის ყველაზე გასაოცარი მახასიათებელი მარკესის უზარმაზარი ფოტოა დივნის თავზე, რომელზეც ქარიშხლიანი ხედის ფონზე ელეგანტური მოსასხამით მარტო დგას და ენტონი ქვინს ჩამოჰგავს.
მარკესი სტუდიის ბოლოში, სამუშაო მაგიდასთან იჯდა. ჩემს მოსაგებებლად სწრაფად, მსუბუქი ნაბიჯით გამოემართა. ბრგე აღნაგობის მამაკაცია, მეტრი და სამოცდათორმეტი-სამოცდათხუტმეტი, საშუალო წონის მოჩხუბარს ჰგავს – ფართო გულმკერდით, თუმცა შედარებით თხელი ფეხებით. არაფორმალურად ეცვა, განიერი ვილვეტის შარვალი, თხელი, ყელიანი სვიტრი და ტყავის შავი ფეხსაცმელი. თმა მუქი ყავისფერი და ხვეული აქვს, ულვაში სქელი და სრული.
ინტერვიუ სამი ორ-ორსაათიანი შეხვედრის განმავლობაში იწერებოდა, გვიან-საღამოობით. თუმც ინგლისურს საკმაოდ კარგად ფლობს, მარკესი, ძირითადად, ესპანურად საუბრობდა, მთარგმნელის როლს კი მისი ორი ვაჟი ინაწილებდა. მარკესი საუბრისას ხშირად წინ და უკან ირხევა, ხელების მცირე, მაგრამ მკვეთრი მოძრაობით აზრს ამყარებს ან ფიქრის მიმართულების ცვლილებაზე მიუთითებს. მონაცვლეობით ხან მსმენელისკენ გადმოიხრება, ხანაც რეფლექსიას მიცემული ფეხებგადაჯვარედინებული საზურგეს მიეყრდნობა ხოლმე.
ინტერვიუერი: პიტერ სტოუნი
ამდენი ხნის განმავლობაში რომანების წერის შემდეგ, ახლა, როგორც ჟურნალისტი, როგორ გრძნობთ თავს? განსხვავებული გრძნობითა და ხედვით საქმიანობთ?
ჩემს ჭეშმარიტ პროფესიად ყოველთვის ჟურნალისტობა მიმაჩნდა. უწინ ჟურნალისტიკაში სამუშაო პირობები არ მომწონდა, ამასთან, საკუთარ მოსაზრებათა გაზეთის ინტერესებზე მორგება მიწევდა. ახლა, როცა რომანისტად მიმუშავია და ფინანსური დამოუკიდებლობაც მოვიპოვე, შემიძლია, სურვილისამებრ შევარჩიო თემა. ნებისმიერ შემთხვევაში, გამორჩეული ჟურნალისტიკური საქმიანობის შესაძლებლობა ძალიან მახარებს.
გგონიათ, რომ რომანს აქვს ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც ჟურნალისტიკას არ გააჩნია?
არანაირი. განსხვავებას ვერ ვხედავ. მათი წყაროები საერთოა, მასალა იგივე, რესურსი და ენაც იდენტური.
ჟურნალისტისა და რომანისტის პასუხისმგებლობა სიმართლისა და გამონაგონის დაბალანსებისას განსხვავდება?
ჟურნალისტიკაში ერთი მცდარი ფაქტი ვნებს, მხატვრულ ლიტერატურაში კი ერთი ჭეშმარიტი ფაქტი დამაჯერებელს ხდის მთელს ნაშრომს. მხოლოდ ესაა სხვაობა.
დღეს როგორც ჟურნალისტიკის, ისე რომანის წერა უფრო მიჭირს, ვიდრე გაზეთებისთვის მუშაობისას. ახლა თითოეული სიტყვის არჩევანი ცნობიერია, მაშინ ასე არ იყო. შედეგი შემცირდა, კარგ სამუშაო დღეს დილის ცხრიდან საღამოს სამ საათამდე თუ ვმუშაობ, ყველაზე მეტი, ერთ ოთხ-ხუთხაზიან აბზაცს დავწერ, რომელსაც უფრო ხშირად მომდევნო დღეს დავხევ-ხოლმე.
ვფიქრობ, აზრმა, რომ გაცილებით მეტი ადამიანისთვის ვწერ, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი, ერთგვარი ზოგადი, ლიტერატურული და პოლიტიკური, პასუხისმგებლობა წარმოშვა. ვიტყოდი, სიამაყის ფაქტორიც არსებობს, არ ჩამოუვარდებოდეს მომდევნო ნაწერი წინებს.
როგორ დაიწყეთ წერა?
ხატვით. ვიდრე წერა-კითხვას ვისწავლიდი, სახლსა და სკოლაში კომიქსებს ვხატავდი. ახლა ვაცნობიერებ, რომ სკოლაში მუდამ მწერლის რეპუტაცია მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არაფერი დამეწერა. სადაც ბროშურა, წერილი ან პეტიცია იყო დასაწერი, მე მომმართავდნენ. კოლეჯში სწავლისას მეგობრებთან შედარებით უკვე საგრძნობლად უკეთესი ლიტერატურული საფუძველი მქონდა. ბოგოტის უნივერსიტეტში კი ახალი სანაცნობო გავიჩინე, რომელთაც თანამედროვე მწერლები გამაცნეს. ერთ ღამეს მეგობარმა ფრანც კაფკას მოთხრობათა კრებული მათხოვა. პანსიონატში დაბრუნებულმა „მეტამორფოზის“ კითხვა დავიწყე. პირველმა წინადადებამ ლამის საწოლიდან გადმომაგდო: „ერთ დილით, როცა გრეგორ ზამზას შფოთიანი სიზმრების შემდეგ გამოეღვიძა, საკუთარი თავის ნაცვლად საწოლში რაღაც საზარელი მწერი აღმოაჩინა“. არ ვიცოდი, ამგვარად წერის უფლება თუ ვინმეს ჰქონდა, რომ მცოდნოდა, გაცილებით ადრე დავიწყებდი წერას. მოთხრობების წერა ასე და მაშინვე დავიწყე. წმინდად ინტელექტუალური მოთხრობები იყო, რადგან მათ მხოლოდ ლიტერატურული გამოცდილების შესაბამისად ვწერდი. მაშინ ცხოვრებასა და ლიტერატურას შორის კავშირი ჯერაც არ მეპოვა. პირველ ნაწერებზე უთქვამთ, რომ ჯოისისეული გავლენები ჰქონდა.
ჯოისი მაშინ გქონდათ წაკითხული?
ჯოისი არასდროს წამეკითხა, ამიტომ „ულისეს“ ერთადერთი და ცუდი ესპანური თარგმანის კითხვას შევუდექი, თუმცა ვისწავლე მომავალი შემოქმედებისთვის ძალიან გამოსადეგი, შინაგანი მონოლოგის ტექნიკა. მოგვიანებით ეს ტექნიკა ვირჯინია ვულფთანაც აღმოვაჩინე, თანაც მისი მანერა ჯოისისას მირჩევნია.
მოთხრობებისთვის ინტელექტუალური ხასიათის მოცილებაში ამერიკელთა „დაკარგული თაობა“ დამეხმარა. მივხვდი, რომ მათ პროზას ცხოვრებასთან ისეთი მიმართება ჰქონდა, რომელიც ჩემს ნაწერებს არ გააჩნდა, თუმცა ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მოვლენა თავს მალევე გადამხდა. 1948 წლის 9 აპრილს მოხდა „ბოგოტასო“. ესროლეს პოლიტიკურ ლიდერ გაიტანს, ბოგოტას აღშფოთებული მოსახლეობა კი ქუჩაში გამოვიდა. პანსიონატიდან შემთხვევის ადგილისკენ გავიქეცი, გაიტანი საავადმყოფოში წაეყვანათ, ხალხს ქუჩები დაეკავებინათ, არბევდნენ მაღაზიებს, წვავდნენ შენობებს. მეც შევუერთდი.
იმ საღამოს გავაცნობიერე როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდი და რამდენად ცოტა ჰქონდა ჩემს მოთხრობებს მასთან საერთო. მოგვიანებით, როცა კარიბის ზღვის პირზე, ბავშვობის ქალაქში, ბარანკილიაში დავბრუნდი, მივხვდი, რომ სწორედ ამ ტიპის ცხოვრება მქონდა გამოვლილი, ასეთი ცხოვრება ვიცოდი და მასზე მსურდა მეწერა.
1950-51 წლებში კიდევ ერთი რამ მოხდა, რამაც ჩემი ლიტერატურული ტენდენციები განსაზღვრა, დედაჩემმა არაკატაკაში გაყოლა მთხოვა, იმ სახლის გასაყიდად, სადაც დავიბადე და ცხოვრების პირველი ხუთი წელი გავატარე. შეცვლილი არაფერი იყო, თუმცა ვგრძნობდი, სოფელს კი არ ვუყურებდი, არამედ მას ისე განვიცდიდი, თითქოს, ვკითხულობდი. თითქოს, ყველაფერი, რასაც ვხედავდი, უკვე დაწერილი ყოფილიყო და მე მხოლოდ დაჯდომა და გადაწერა დამრჩენოდა იმისა, რასაც ვკითხულობდი. ყველა თვალსაზრისით, ყოველივე ლიტერატურად გარდაიქმნა: სახლები, ხალხი, მოგონებები. არ მახსოვს, ფოლკნერი უკვე წამეკითხა თუ არა, მაგრამ ახლა ვიცი, მხოლოდ ფოლკნერისეული ტექნიკა შემაძლებინებდა დანახულის ჩაწერას. ის ატმოსფერო, დეკადანსი, სოფლის სიცხე, თითქმის იგივე იყო, რაც ფოლკნერთან მიგრძვნია.
ამ მოგზაურობიდან დაბრუნებულმა დავწერე ჩემი პირველი რომანი, „ფოთოლცვენა“. არაკატაკას სტუმრობისას მივხვდი, რომ ყველაფერს, რაც ბავშვობაში გადამხდენია, ლიტერატურული ღირებულება ჰქონდა, რომელსაც ახლაღა ვაფასებდი. „ფოთოლცვენის“ დაწერისთანავე მივხვდი, რომ მსურდა მწერალი ვყოფილიყავი, რომ ვეღარავინ შემაჩერებდა და, რომ ერთადერთი, რაც დამრჩენოდა, იყო მეცადა, ვყოფილიყავი მსოფლიოში საუკეთესო მწერალი. ეს 1953 წელს მოხდა, მწერლობისთვის პირველი ჰონორარი კი 1967 წელს ავიღე, როცა რვა წიგნთაგან ხუთი უკვე დაწერილი მქონდა.
ფიქრობთ, რომ ხშირია ახალგაზრდა მწერლებში ბავშვობის გამოცდილებების ღირებულების უარყოფა და წერის ინტელექტუალიზება?
არა, ძირითადად, პირიქით ხდება, თუმცა თუკი რამეს ვურჩევდი ახალგაზრდა მწერლებს, ვეტყოდი, რომ დაწერონ, რაც თავად გადახდომიათ; ყოველთვის მარტივია, იცნო, მწერალი თავის ამბავს ჰყვება, თუ რაც წაუკითხავს ან მისთვის სხვებს უამბიათ იმას. სულ მახალისებდა ფაქტი, რომ ჩემი შემოქმედების ქების უდიდესი ნაწილი წარმოსახვაზე მოდის, მაშინ, როცა ერთი ხაზიც კი არაა რეალობისეული ფუძის გარეშე. პრობლემა ისაა, რომ კარიბული რეალობა გიჟურ წარმოსახვას მართლა ჩამოჰგავს.
ფანტასტიკურს ასე ბუნებრივად როგორ გადმოსცემდა?
ყველაზე მნიშვნელოვანი სახის გამომეტყველება იყო, თხრობისას მას არასდროს ცვლიდა. „მარტოობის ასი წელიწადის“ წერისას რამდენჯერმე ვეცადე, ამბავი ამბისავე რწმენის გარეშე მომეყოლა, თუმცა აღმოვაჩინე, რომ საჭირო იყო თავად დამეჯერებინა ის, რასაც ვყვებოდი და გადმომეცა იმავე გამომეტყველებით, როგორც ამას ბებია აკეთებდა – უძრავითა და სერიოზულით.
თითქოს, ამ ტექნიკასა თუ ტონს ჟურნალისტური ელფერი დაჰკრავს. ფანტასტიკურ ელემენტებს ხშირად უზომო დეტალიზებით საკუთრივ რეალობას სძენთ-ხოლმე. ეს თვისება ჟურნალისტიკიდან შეიძინეთ?
დიახ, ჟურნალისტური ხერხია, რომელიც ლიტერატურასაც ერგება. მაგალითად, თუ იტყვით, რომ ცაში სპილოები დაფრინავენ, არავინ მოგისმენთ, მაგრამ თუ იტყვით, რომ ცაში ოთხას ოცდახუთი სპილო დაფრინავს, ხალხი, სავარაუდოდ, დაგიჯერებთ. „მარტოობის ასი წელიწადი“ ამგვარი მაგალითებით სავსეა. ბებიაც ზუსტად ამ ტექნიკას იყენებდა. გამორჩეულად ერთი ამბავი მახსოვს ყვითელი პეპლებით გარშემორტყმულ კაცზე. პატარა ვიყავი, სახლში ელექტრიკოსი რომ მოდიოდა-ხოლმე, ელექტრომომარაგების ბოძზე ჩამოსაკიდი ქამრის გამო ჩემში დიდ ინტერესს იწვევდა. ბებია კაცზე ამბობდა, მისი სტუმრობა სახლს პეპლებით ავსებსო. ამას როცა ვწერდი, აღმოვაჩინე, რომ თუ პეპლებზე ყვითელიაო, არ ვიტყოდი, არავინ დაიჯერებდა. ყოველი მწერლის პრობლემა სანდოობაა, დამაჯერებლობაა. ყველას ყველაფრის დაწერა შეუძლია, თუკი ამბავს დაიჯერებენ.
საბოლოოდ, ლიტერატურა დურგლობას ჰგავს. წერა ისევე რთულია, როგორც მაგიდის კეთება. ორივე შემთხვევაში რეალობასთან მუშაობ, ხესავით მყარი მასალით, ორივე სავსეა ხერხებითა და ტექნიკით, ორივეგან ცოტაა მაგია და უზარმაზარია შრომა. როგორც, მგონი, პრუსტმა თქვა, ათი პროცენტია შთაგონება და ოთხმოცდაათი – ოფლი. არასდროს მიკეთებია სადურგლო საქმე, მაგრამ ყველაზე მეტად მას ვაფასებ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ არავინ შენ მაგივრად მაგას არ გააკეთებს.
რა თქმა უნდა, გამომიყენებია ისეთი ლიტერატურული ხერხებიც, რომელიც ჯერ დროს არ გამოუცდია. დახვრეტის მოვლენა „მარტოობის ას წელიწადში“ სრული სიმართლეა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით ვწერდი, დახოცილთა რაოდენობა არასდროს ყოფილა ცნობილი. მე სამი ათასი დავწერე, რაც აშკარა გაზვიადებაა. ბავშვობის ერთ-ერთი ჩემი მოგონება ძალიან გრძელი, ბანანებით სავსე მატარებლის ჩავლაზე დაკვირვებას უკავშირდება. თავისუფლად შეიძლებოდა ვაგონები სამი ათასი ზღვაში გადასაყრელად გამზადებული ცხედრით ყოფილიყო დატვირთული. შთამბეჭდავი ისაა, რომ დღეს კონგრესსა და გაზეთებში სამ ათას გარდაცვლილზე სრულიად ბუნებრივად საუბრობენ. ვფიქრობ, ისტორიის ნახევარი სწორედ ასე იქმნება. „პატრიარქის შემოდგომაში“ დიქტატორი ამბობს, არ აქვს მნიშვნელობა თუ ახლა არ არის სიმართლე, ოდესღაც იქნებაო. ადრე თუ გვიან ხალხი მთავრობებზე მეტად მწერლებისას ირწმუნებენ-ხოლმე
მწერალს დიდი ძალაუფლება ჰქონია, არა?
დიახ და მეც ვგრძნობ ამას, პასუხისმგებლობის დიდ განცდას მიჩენს. ერთი აბსოლუტურად ჭეშმარიტი და ნამდვილი ჟურნალისტიკური ნაშრომის დაწერა მსურს, რომელსაც „მარტოობის ასი წელიწადივით“ დაუჯერებელი ტონი ექნება. რაც მეტად გადის დრო და მახსენდება წარსული, მეტად ვფიქრობ, რომ ლიტერატურა და ჟურნალისტიკა ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან.
ქვეყნის მიერ საგარეო ვალის გამო ზღვის დათმობაზე რას იტყვით, როგორც ეს „პატრიარქის შემოდგომაშია“?
კი, მაგრამ ეს ხომ მართლა მოხდა. მოხდა და მოხდება კიდევ მრავალჯერ. „პატრიარქის შემოდგომა“ სრულიად ისტორიული წიგნია. ფაქტებიდან შესაძლებლობების, ალბათობების პოვნა ჟურნალისტის, რომანისტისა და წინასწარმეტყველის საქმეა. სამწუხაროა, რომ ბევრს მივაჩნივარ ფანტასტიკის მწერლად, მაშინ, როცა რეალისტი ადამიანი ვარ და, მგონია, ჩემი ნაწარმოებები ჭეშმარიტი სოციალისტური რეალიზმია.
უტოპისტურია?
არ ვიცი, უტოპისტური რეალურს გულისხმობს თუ იდეალურს, მაგრამ, ვფიქრობ, რეალურია.
„პატრიარქის შემოდგომაში“ პერსონაჟები, დიქტატორები, მაგალითად, რეალურ პიროვნებებზე დაფუძენბულნი არიან? ჰგვანან ფრანკოს, პერონს, ტრუხილიოს…
პერსონაჟები თითოეულ რომანში იმ პერსონაჟთა კოლაჟებია, რომელთაც იცნობთ, რომელთა შესახებაც გსმენიათ ან წაგიკითხავთ. ათი წლის განმავლობაში ვკითხულობდი ყველაფერს, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა, გასული და მიმდინარე საუკუნის ლათინოამერიკელ დიქტატორებზე და ვესაუბრებოდი ადამიანებს, რომელთაც უშუალოდ დიქტატურაში მოუწიათ ცხოვრება. როგორც კი წარმოვიდგინე, რანაირი იქნებოდა პერსონაჟი, ვეცადე, დამევიწყებინა ყველაფერი, რაც წავიკითხე ან გავიგე, რათა შემექმნა იგი დამოუკიდებლად, რეალურ ხდომილებასთან ყოველგვარი ასოცირების გარეშე. გავაცნობიერე, რომ არასდროს დიქტატორული რეჟიმის ქვეშ არ მეცხოვრა, ამიტომ თუკი წიგნს ესპანეთში, შემდგარ დიქტატურაში დავწერდი, ატმოსფეროს უფრო ზუსტად შევიგრძნობდი. აღმოჩნდა, რომ ფრანკოს ესპანეთისა და კარიბის დიქტატურის განცდა ძალიან განსხვავდებოდა, ამიტომ წიგნის წერა ერთი წლით შეყოვნდა. ერთ ღამეს გადავწყვიტე, რომ კარიბის ზღვის პირზე უნდა დავბრუნებულიყავი და გამოვემგზავრეთ ბარანკილიაში, კოლუმბიაში. კუნძულიდან კუნძულზე სიარულში მივაგენი ელემენტებს, რომლებიც რომანს აკლდა.
ხშირად იყენებთ ძალაუფლების მარტოსულობის თემას…
რაც მეტი ძალაუფლება გაქვს, მით უფრო რთულია გაიგო, ვინ გატყუებს და ვინ არა. აბსოლუტურ ძალაუფლებას როდესაც აღწევ, რეალობასთან კავშირი წყდება. მარტოობის ეს განცდა ყველაზე შემზარავია. ძალაუფლების მქონე ადამიანს, დიქტატორს, გარს ახვევია ადამიანები და მოტივაციები, რომელთა საბოლოო მიზანი მისი რეალობისაგან იზოლირებაა.
მწერლის სიმარტოვე განსხვავებულია?
ესეც ძალაუფლების მარტოსულობასთანაა დაკავშირებული. თავისთავადაც, მწერალი მცდელობას, გამოსახოს რეალობა, ხშირად მის გამრუდებულ ხატამდე მიჰყავს. გადატანის ამ მცდელობისას შეიძლება, სრულადაც დაკარგოს მასთან კავშირი. ჟურნალისტიკა, ამ მხრივ, თავდაცვის კარგი საშუალებაა, ამიტომაც ყოველთვის ვცდილობდი ჟურნალისტიკური საქმიანობის შენარჩუნებას. განსაკუთრებით პოლიტიკური ჟურნალისტიკა მამყოფებს რეალობასთან კონტაქტში. თუმცა სიმარტოვე, რომელსაც „მარტოობის ასი წელიწადი“ მიქადდა, მწერლის მარტოსულობისა არ იყო, არამედ ცნობადობისა, რომელიც ძალაუფლების მარტოსულობას კიდევ უფრო მეტად ჰგავს.
როგორ იწყებთ ამ ყველაფერს? „პატრიარქის შემოდგომაში“ ერთ-ერთი განმეორებადი სურათი სასახლეში ძროხებია, ჩაფიქრებული თავიდანვე ასე იყო?
წიგნი მაქვს ფოტოგრაფიის შესახებ, გაჩვენებთ. არაერთხელ მიხსენებია, რომ წიგნების დაბადებისას ჩემში ყოველთვის არსებობს რაღაც სურათი. „პატრიარქის შემოდგომისთვის“ პირველი ასეთი სურათი მოხუცი კაცისა იყო, მდიდრულ სასახლეში, სადაც ძროხები მოდიოდნენ და ფარდებს ჭამდნენ. თუმცა ფოტოს ნახვამდე გონებაში გამოსახულება არ დამისრულებია. რომში ერთ წიგნის მაღაზიაში შევედი, სადაც ფოტოგრაფიის შესახებ წიგნებს ვათვალიერებდი, ვაგროვებდი მათ და ვნახე ეს ფოტო, იდეალური იყო. მივხვდი, ყველაფერი როგორი უნდა ყოფილიყო. რადგან დიდი მოაზროვნე არ ვარ, შთაგონების წყაროს ყოველდღიურ რაღაცებში ვხედავ-ხოლმე და არა შედევრებში.
რომანები თქვენთვისვე მოულოდნელად მსვლელობას იცვლიან-ხოლმე?
დასაწყისში მემართებოდა ასე. პირველ ნაწარმოებებს რომ ვწერდი, ზოგადი იდეა და განწყობა ვიცოდი მხოლოდ, თავს უფლებას ვაძლევდი, შემთხვევითობასაც წარემართა პროცესი. საუკეთესო რჩევა, რაც მოუციათ, იყო, რომ ვიდრე ახალგაზრდა ვიყავი, ამგვარად შემეძლო მეწერა, რადგან შთაგონება უხვად მექნებოდა, თუმცა ტექნიკას თუ არ ვისწავლიდი, ასაკთან ერთად, როცა შთაგონება გაუხშოვდებოდა და ტექნიკით კომპენსაცია დასჭირდებოდა, გამიჭირდებოდა. ეს რომ დროზე არ მესწავლა, წინასწარ ნაწარმოების მონახაზს ვერ შევქმნიდი-ხოლმე. სტრუქტურა წმინდად ტექნიკური საკითხია და თუ ადრევე არა, ვეღარასდროს ისწავლი.
სტიმულატორებზე რა აზრის ხართ?
ჰემინგუეიმ დაწერა, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ მისთვის წერა ბოქსს ჰგავდა. კარგად უვლიდა საკუთარ ჯანმრთელობას. მეორე მხრივ, ფოლკნერი ლოთად იყო ცნობილი, თუმცა ყველა ინტერვიუში ამბობდა, ნასვამზე ერთი ხაზის დაწერაც შეუძლებელიაო. ჰემინგუეიც ამას ამბობდა. ბევრ ცუდ მკითხველს უკითხავს ჩემს ზოგიერთ ნაწარმოებზე, ზემოქმედების ქვეშ თუ ვწერდი, რაც მხოლოდ იმას ცხადყოფს, რომ არც ლიტერატურის და არც ნარკოტიკების შესახებ გაეგებათ ბევრი. კარგი მწერლობისთვის აუცილებელია წერის ნებისმიერ მომენტში სრულად ფხიზელი და ჯანმრთელი იყო. წინააღმდეგი ვარ იმ რომანტიზებული იდეის, რომ წერა მსხვერპლს მოითხოვს, რომ რაც უარესია ემოციური და ეკონომიკური მდგომარეობა, მით უკეთესია ლიტერატურა. ჩემი აზრით, შესანიშნავ ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაში უნდა იყო, რომ ლიტერატურული ქმნილება ღირებული გამოვიდეს. „დაკარგულ თაობას“ ესმოდა ეს, უყვარდათ მათ ცხოვრება.
ბლეზ სანდრარი ამბობდა, წერა პრივილეგიაა სხვა სამუშაოებთან შედარებით და მწერლები ტანჯვას აბუქებენო. თქვენ როგორ ფიქრობთ?
მე მგონია, რომ წერა ძალიან რთულია, მაგრამ ნებისმიერი კარგად შესრულებული საქმეც რთულია. პრივილეგია ისაა, როდესაც საქმის შესრულების ხარისით კმაყოფილი ხარ. საკუთარი თავისა და სხვათა მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ, შეცდომებს ვერ ვიტან, ამიტომ, ნებისმიერი საქმის სრულყოფილად შესრულება ჩემთვის პრივილეგიაა. ისიც მართალია, რომ მწერლები ხშირად მეგალომანები არიან, სამყაროსა და საზოგადოების ცნობიერების ცენტრში ჰგონიათ თავი, მაგრამ კარგად შესრულებული სამუშაო მაინც დასაფასებელია. მოგზაურობისას თუ ვიცი, რომ პილოტი უკეთესი პილოტია, ვიდრე მე მწერალი, მიხარია.
ნებისმიერ შემთხვევაში, წერისას შთაგონების იმედი გაქვს. რომანტიკოსები ამ სიტყვას ზედმეტად ხშირად იყნებდნენ-ხოლმე, თუმცა მე მჯერა, რომ არის გონების განსაკუთრებული მდგომარეობა, რომლის დროსაც პროცესი იოლდება და წერა თავისუფალ დინებას იძენს, ყველა საბაბი უმოქმედობისა, მხოლოდ სახლში, სიმყუდროვეში მუშაობის შესაძლებლობა და სხვა, ქრება. თემატიკისა და მასთან მოპყრობის სწორი სტილის პოვნის შემდეგ ეს მდგომარეობა ხშირად დგება-ხოლმე.
ასევე, ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი პირველი აბზაცია. მრავალი თვე დამიხარჯავს პირველ აბზაცზე, მაგრამ, როგორც კი მოვიხელთებ, დანარჩენი მარტივად მიდის. წიგნის უმეტეს პრობლემატიკას პირველი აბზაცი ხსნის, განისაზღვრება თემა, სტილი, ტონი. ჩემს შემთხვევაში მაინც, პირველი აბზაცი რამდენადმე ნიმუშს ქმნის, რომანი როგორი იქნება. ამიტომ პატარა მოთხრობების წერა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე რომანისა, რადგან ყოველ ჯერზე თავიდან გიწევს ამ ეტაპის გავლა.
შთაგონებას და ინტუიციას განასხვავებთ?
შთაგონებაა, როცა სწორ თემატიკას იპოვი, მოგეწონება და სამუშაო გაგიმარტივდება. ინტუიცია ასევე ფუნდამენტური კომპონენტია მხატვრული ლიტერატურის შემოქმედებისა, განსაკუთრებული შესაძლებლობაა, სპეციალური ცოდნის გარეშე გაარჩიო, რა არის რეალური. გამოცდილების ქონის გზაა, მის მოსაპოვებლად საჭირო წვალების გარეშე, ისევე, როგორც გრავიტაციის კანონს ინტუიციით უფრო მალე გამოარკვევ, ვიდრე სხვა ხერხებით. რომანისტისთვის ინტუიცია აუცილებელია. პრინციპში, ინტელექტუალიზმის საპირისპირო მოვლენაა, ეს უკანასკნელი კი ალბათ ყველაზე მეტად მძულს სამყაროში. ინტუიციას აქვს უპირატესობა, რომ ან გქონდეს, ან არა და არ აქციოს კომპლექსური, მოძრავი, რეალური სამყარო უძრავ, ხისტ და ნაწვალებ თეორიად.
ანუ თეორეტიკოსები არ მოგწონთ?
ზუსტად. უმთავრესად იმიტომ, რომ არ მესმის მათი. სწორედ ამიტომ, თუკი რამეს ვხსნი ან გადმოვცემ, ყოველივეს ანეკდოტურად ვაკეთებ. აბსტრაჰირების უნარი არ მაქვს. ბევრი კრიტიკოსი ამის გამო უკულტურო ადამიანსაც მიწოდებს, რადგან, ალბათ, საკმარისად არ ვციტირებ.
კრიტიკოსები ინტელექტუალიზმის სახე არიან. პირველ რიგში, წარმოდგენა-თეორიები აქვთ იმის შესახებ, თუ რა ან ვინ უნდა იყოს ავტორი. ცდილობენ ამ მოდელს მოარგონ თითოეული და თუ არ ერგებიან, ძალით მოარგებენ. ამას მხოლოდ იმიტომ გპასუხობთ, რომ მკითხეთ, ჩემ შესახებ კრიტიკოსთა აზრისადმი არანაირი ინტერესი მაქვს, აღარც წამიკითხავს მრავალი წელია. მათ ავტორსა და მკითხველს შორის შუამავლის როლი აითვისეს. მე ყოველთვის ვცდილობ, ნათელი და მკაფიო იყოს ჩემი ნაწერი, მივწვდე მკითხველს პირდაპირ, კრიტიკოსის შუამავლობის გარეშე.
მთარგმნელებისადმი რა დამოკიდებულება გაქვთ?
მთარგმნელებისადმი დიდი პატივისცემა მაქვს, ოღონდ არა მათდამი, ვინც სქოლიოს იყენებს. მუდმივად ცდილობენ, მკითხველს აუხსნან ის, რაც სავარაუდოდ ავტორს არც უგულისხმია. რადგან რაღაც ასე წერია, ესე იგი, მკითხველი უნდა თავისით გაუმკლავდეს ტექსტს ამ ფორმით. საკმაოდ რთული საქმეა თარგმნა, არც სასიამოვნოა და ცუდად ანაზღაურებადიცაა. კარგი თარგმანი ყოველთვის სხვა ენაზე ნაწარმოების ხელახალი ქმნილებაა, ამიტომ მიყვარს გრეგორი რაბასა. ოცდაერთ ენაზე უთარგმნიათ ჩემი წიგნები და მხოლოდ რაბასას არ უთხოვია არაფრის დაზუსტება, რომ სქოლიოში შენიშვნად დაერთო. ინგლისურ ენაზე ჩემი ნაწარმოებები აბსოლუტურად გარდაქმნილია, შთაბეჭდილება გექმნება, რომ მთარგმნელმა წაიკითხა და შემდეგ რაც მოაგონდა, დაწერა. სწორედ ამიტომ, რომ ინტუიციურები არიან და არა ინტელექტუალები, მიყვარს მთარგმნელები. არა მხოლოდ ცუდად უხდიან, არამედ თვითონაც ვერ ხედავენ თავიანთ ქმნილებებს როგორც ახალ ლიტერატურას.
კუბის რევოლუციამ რა გავლენა მოახდინა ლათინოამერიკულ ლიტერატურაზე?
აქამდე გავლენა უარყოფითი იყო. პოლიტიკასთან დაკავშირებული ავტორები თავს ვალდებულად მიიჩნევენ, წერონ არა იმაზე, რაც სურთ, არამედ იმაზე, რაზეც ფიქრობენ, რომ უნდა სურდეთ. ასეთი გათვლილი ლიტერატურა კავშირს კარგავს გამოცდილებასთანაც და ინტუიციასთანაც. მიზეზი ისაა, რომ კუბის კულტურულ გავლენას ლათინური ამერიკა ეწინააღმდეგება. თავად კუბაში უშუალოდ პროცესს ახალი ტიპის ლიტერატურა ან ხელოვნება ჯერ არ წარმოუქმნია, ამას დრო სჭირდება. ლათინური ამერიკისთვის კი კუბის კულტურული მნიშვნელობა უფრო ხიდის როლით განისაზღვრა, რომელმაც აქ წლობით არსებული ლიტერატურა რეგიონს გარეთ გაიტანა. რაღაც აზრით, ამერიკაში ლათინოამერიკული ბუმი კუბის რევოლუციამ წარმოქმნა. ამ თაობის მწერალთა ოცი წლის განმავლობაში ნაწერის მიმართ ამერიკელ და ევროპელ გამომცემლებს ინტერესი არ ჰქონდათ. რევოლუცია, ერთი მხრივ, პროდუქტად იქცა, ლათინური ამერიკა მოდად იქცა და აღმოჩნდა, რომ აქ არსებობდა რომანები, რომლებიც თარგმანის ღირსი იყო, მსოფლიო ლიტერატურის გვერდით განსახილველად ვარგისი. სამწუხარო ისაა, რომ კულტურული კოლონიალიზმი იმდენად მწვავეა ლათინურ ამერიკაში, რომ ლათინოამერიკელთა დარწმუნება, რომ მათი რომანები კარგია, შეუძლებელი იყო, ვიდრე გარედან არ მოიპოვეს აღიარება.
არიან ნაკლებად ცნობილი ლათინოამერიკელი მწერლები, რომელთაც თქვენ პატივს სცემთ?
სამწუხაროდ, ახალგაზრდა მწერლების დიდი ნაწილი უფრო პოპულარობის იდეითაა გატაცებული, ვიდრე საკუთარი ნაწერებით. თითქოს, კრიტიკოსებთან მიმოწერაში კარგავენ დროს, იმის მაგივრად, რომ თავიანთ ნაწარმოებებზე მუშაობდნენ. გაცილებით მნიშვნელოვანია, წერო, ვიდრე შენზე წერდნენ. ჩემი ლიტერატურული კარიერისთვის, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ როგორც ავტორს, ორმოც წლამდე ჰონორარად ცენტიც არ მიმიღია, მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წიგნი მქონდა დაბეჭდილი.
ფიქრობთ, რომ ნაადრევი წარმატება და პოპულარობა ავტორის კარიერისთვის საზიანოა?
ნებისმიერი ასაკისთვის ცუდია. ვარჩევდი, ჩემი წიგნები სიკვდილის შემდეგ აღმოეჩინათ, სულ მცირე კაპიტალისტურ ქვეყნებში მაინც, სადაც მწერალს ერთგვარ პროდუქტად გაქცევენ.
საყვარელი მწერლების გარდა, დღეს რას კითხულობთ-ხოლმე?
მხოლოდ „ლიტერატურის“ კითხვის საკრალურობა დავკარგე. ახლა ვკითხულობ ნებისმიერ რამეს. ვცდილობ, თან ვდევდე თანამედროვეობას. მაგალითად, მსოფლიოს გარშემო ყველა ძირითად ჟურნალს ვკითხულობ ყოველკვირეულად.
რატომ გგონიათ, რომ ცნობადობა მწერლისთვის დამღუპველია?
პირველ რიგში, იმიტომ, რომ პირად ცხოვრებაში იჭრება. ადამიანს ართმევს მეგობრებისთვისა და მუშაობისთვის განკუთვნილ დროს, გაშორებს რეალურ სამყაროს. ცნობილი მწერალი, თუკი სურს განაგრძოს წერა, სისტემატურად უნდა იბრძოდეს პოპულარობის წინააღმდეგ. არ მიყვარს ამის თქმა, რადგან არაგულწრფელად ჟღერს, მაგრამ გავიმეორებ, მერჩივნა, სიკვდილის შემდგომ დაებეჭდათ ჩემი წიგნები, აღარ დამჭირვებოდა დიდი მწერლობის და ცნობადობის პრობლემებთან გამკლავება. ჩემს შემთხვევაში პოპულარობის ერთადერთი სიკეთე ის იყო, რომ შევძელი მისი პოლიტიკურად გამოყენება.
„მარტოობის ასმა წელიწადმა“ რატომ ჰპოვა, თქვენი აზრით, ასეთი გამოხმაურება?
წარმოდგენა არ მაქვს, ზოგადად, უკიდურესად ცუდი კრიტიკოსი ვარ საკუთარი ნაწარმოებებისა. ყველაზე ხშირად, რაც მომისმენია, ამბობენ, რომ ლათინოამერიკელთა პირად ცხოვრებაზეა წიგნი, რომ საზოგადოების შიგნიდანაა დაწერილი. ეს ახსნა მაოცებს, იმიტომ, რომ თავდაპირველად ნაწარმოებისთვის „სახლის“ დარქმევას ვაპირებდი, მინდოდა, მთელი მოქმედება ერთ სახლში განვითარებულიყო. ეს აზრი მივატოვე, თუმცა, როგორც კი წიგნი ქალაქ მაკონდოში შედის, მის მიღმა აღარ იძვრის.
რამეს ნანობთ ან გრძელვადიანი ამბიციები, როგორც მწერალს, გაქვთ?
ამაზე პასუხი, ვფიქრობ, იგივეა, რაც პოპულარობაზე გაგეცით. იმ დღეს მკითხეს, ნობელის პრემიით თუ ვიყავი დაინტერესებული. მგონია, ჩემთვის აბსოლუტური კატასტროფა იქნება. ნამდვილად მაინტერესებს, თუკი დავიმსახურებ, მაგრამ მიღება საშინელება იქნებოდა. პოპულარობის პრობლემას ერთი-ორად გაამძაფრებდა. თუ რამეს ვნანობ ცხოვრებაში, ქალიშვილის არყოლაა.
რაიმე პროექტზე მუშაობთ, რომლის გამხელასაც შეძლებთ?
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ დავწერ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წიგნს, მაგრამ არ ვიცი, როდის ან რომელი იქნება. როცა კი ასეთი გრძნობა მაქვს, რომელიც ახლა უკვე საკმაო ხანია დამუფლებია, ვდუმვარ, რომ სწორი მომენტი ხელიდან არ დამისხლტეს.
1981 წელი
© არილი