ქართულ ლიტერატურაში ნაცარქექიაზე არაერთი საინტერესო მოსაზრება გამოთქმულა, მაგრამ მათ შორის ყველაზე სიცოცხლისუნარიანი მაინც აკაკი ბაქრაძისა გახლდათ: “ნუთუ სიზარმაცე და ბაქიობაა ნაცარქექიას თვისება? თუ ასე ვიფიქრეთ, მაშინ რუსული ზღაპრების გმირი ივანუშკა დურაჩოკიც ბრიყვად უნდა მივიჩნიოთ. მაგრამ ასე რომ არ არის. ივანუშკა დურაჩოკი ხომ ყველაზე გამჭრიახი, ჭკვიანი და გონიერია. გამარჯვებულიც ამიტომ გამოდის. მაშასადამე, “დურაკობა” მისტიფიკაცია ყოფილა. ნიღაბი ყოფილა ნამდვილი არსის დასამალავად, ასეთივე მისტიფიკაციაა, ნიღაბია ნაცარქექიას სიზარმაცე და ბაქიობაც. ჩვენს ზღაპრებში ნაცარქექია ყოველთვის გამარჯვებული გამოდის. იგი ყველას ამარცხებს. მათ შორის ბაყბაყ-დევსაც, რომელიც მრავალგზის უფრო ღონიერი და მძლავრია, ვიდრე ნაცარქექია. თითქოს დევმა ნაცარქექია ნიორწყლად უნდა აქციოს, მაგრამ ბოლოს მაინც დამარცხებული და გაცუცურაკებული რჩება იგი. ჭკუით, გამჭრიახობით, მოქნილობით, ეშმაკობით სჯობნის ნაცარქექია დევს. სწორედ ჭკუა, გამჭრიახობა, მოქნილობა, ეშმაკობაა ნაცარქექიას თვისება და არა სიზარმაცე და ბაქიობა. სიზარმაცე და ბაქიობა მისტიფიკაციაა, მომარჯვებული იმისთვის, რომ მტერმა ნაცარქექიას ნამდვილი თვისება ვერ ამოიცნოს.” (“მკვახე შეძახილი”).
რა დგას ამ მოსაზრების უკან?
იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ნაცარქექიასა და ივანუშკა დურაჩოკის შედარება ამ შემთხვევაში ხელოვნურ ხასიათს ატარებს, რადგან არაა ახსნილი ივანუშკას ინდივიდუალური თვისებები. ასეთი მეტსახელიანი პერსონაჟი რუსულ ზღაპრებში მრავალია და ძნელი სათქმელია, თუ კონკრეტულად რომელ მათგანს გულისხმობდა ბატონი აკაკი. თუმცა, რუსული ზღაპრის გმირის ძირითადი დამახასიათებელი თვისება არა ჭკუა და გამჭრიახობა, არამედ გულუბრყვილობა და მიამიტობაა, სწორედ ამის გამო შეარქვეს მას სულელი. ნაცარქექიასაგან განსხვავებით ივანუშკა ბოროტებას ჯადოსნობის საშუალებით ამარცხებს. ჯადოსნობის ნიჭი კი მისი სულიერი თვისებების: სიკეთისა და თანაგრძნობის საფასურად ეძლევა. ამიტომაც დამსახურებული გამარჯვება სიკეთის საზღაურ ჯილდოდ უფრო აღიქმება, ვიდრე ეშმაკობისა და მოქნილობისათვის.
მისი ლიტერატურული პროტოტიპი კი ბევრად უფრო ღრმა და რელიგიური გახლავთ – თავადი მიშკინი. ვისაც დოსტოევსკის რომანი “იდიოტი” ყურადღებით წაუკითხავს, ემახსოვრება, რომ მიშკინის სულიერი ფასეულობები მატერიალურზე მაღლა დგას. ეს ის თვისებაა, რომელიც მას ნაწარმოების ყველა პერსონაჟისაგან განასხვავებს. სულელი ივანეს მსგავსად დოსტოევსკის გმირიც ბავშვური უშუალობით, თანაგრძნობის უნარით, სიკეთით და სამართლიანობით გამოირჩევა.
მაგრამ ვეჭვობ, რომ ჩამოთვლილი თვისებები ვინმეს ცხოვრებაში გამოადგეს, რადგან თვისებები, რომელთაც უმაღლესი სულიერი ფასეულობები გააჩნიათ, ამ სამყაროს მატერიალურ და ყოფით ჩარჩოებშია მოქცეული, ამიტომაც ადამიანებს თვითდამკვიდრებაში უშლიან ხელს. ამის გამო გენერალი ეპანჩინი მიშკინს .“დაღუპულ ადამიანს უწოდებს”, აგლაია პეტროვნა – “ღატაკ რაინდს”, ფერდიშენკო კი ყეყეჩსა და შტერს. ხალხი გრძნობს, რომ სულიერი ფასეულობების მიღმა რაღაც საიდუმლო იმალება, იგი სხვებს არ ჰგავს და ამიტომაც ეჭვს იწვევს. საბოლოოდ კი საზოგადოება ემიჯნება, დევნის ასეთ პიროვნებებს და მათ იდიოტებსა და სულელებს უწოდებს. ვფიქრობ ორივე პერსონაჟის – “სულელ” ივანესა და “იდიოტ” მიშკინის მდგომარეობას – “რუსული” რელიგიური გამოცდილების თავისებურება განაპირობებს და სალოსური ფესვები აქვთ. სწორედ სოფლისაგან მოძულებული სალოსისთვისაა სისულელე და შეშლილობა ნიღაბი, თორემ მისი სულიერი სიბრძნე ღრმა და ჭეშმარიტი გახლავთ.
ნაცარქექიას დახასიათებას თუ დავუბრუნდებით, დავინახავთ, რომ სიტყვებში “ჭკუა, გამჭრიახობა, მოქნილობა და ეშმაკობა” სულიერი და ზნეობრივი შინაარსი არ იგულისხმება, ეს მხოლოდ ზოგადი ტერმინებია, რომლის უკანაც ამოფარებულია სიტყვები: ფრთხილი, ამწონ-დამწონი, მარჯვე, ვირეშმაკი, მატრაბაზი, ლაჩარი, ცქვიტი, თაღლითი, მატყუარა, ქლესა, გაქნილი, ყალთაბანდი, კვაჭი, ქვებუდანი, გაიძვერა, მზაკვარი, ოინბაზი, ფლიდი, ორპირი, ქვემძრომი და ა.შ.
შესაძლებელია ნაცარქექიასთვის ეს სწორედ ზედგამოჭრილი ეპითეტები იყოს, მაგრამ იმ ქცევის კოდექსს არ ჰგავს, რომლითაც ერი საკუთარ მტერს უპირისპირდება და ამარცხებს.
იქნებ მთავარი შეცდომა საკითხის ასე დასმაა და იგი სინამდვილეში სხვაგვარად უნდა ჩამოყალიბდეს; რა არის საუკუნეების მანძილზე ქართველების დამარცხების მიზეზი?
ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
როგორც თავად მიშკინში შეიძლება უანგარო ინტელიგენტის, სულელი ივანეს თვისებების ამოცნობა, ისევე “ყვარყვარე თუთაბერის” საშუალებით შეძლო პოლიკარპე კაკაბაძემ ნაცარქექიას ნამდვილი ბუნების ახსნა.
ვფიქრობ, სწორედ ამაშია ამ ნაწარმოების ნამდვილი სიდიადე.
მკითხველს ახსოვს, რომ პიესის დასაწყისში ყვარყვარე ერთი უწყინარი მეოცნებეა, იგი ცეცხლის პირასაა მიმჯდარი და ნაცარში მომავლის გეგმებს “ქარგავს”, ხან მთაში გვირაბი გაჰყავს, ხან საცოლისათვის სასახლეებს, ბაღებსა და მარმარილოს კიბეებს აშენებს. მაგრამ თანდათან ვხვდებით, რომ მისი ზნეობა მისსავე ბედისწერადაა გადაქცეული. ბავშვობიდანვე მატყუარასა და უქნარას ხალხმა ნაცარქექია შეარქვა. მოგვიანებით მამამისმა წყვიწყვიმ მუქთახორა შვილს ცოლი არ მოაყვანინა და კეტით გააგდო საშოვარზე. ყვარყვარემ ერთხელ იჯარით ხიდის აშენებაც სცადა, მაგრამ უნებისყოფობისა და უცოდინარობის გამო საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. მას შემდეგ უსაქმურად დაეხეტებოდა დაბა-სოფლებში, სანამ ერთი მეწისქვილე სამადლოდ შეიფარებდა და ლუკმას გაუყოფდა, მაგრამ ნაცარქექიამ ჭკუა მაინც ვერ ისწავლა, ვერც ტყუილის თქმას გადაეჩვია და ვერც სიზარმაცე დათრგუნა, ზის ბუხრის პირას და კლდეში გვირაბის გაყვანაზე ოცნებობს, თუმცა პატარა ხიდის გაკეთება ჭირივით ეზარება. მინავლულ ცეცხლთან ჯირკი ვერ მიუგორებია და წისქვილის დანგრევით იმუქრება. ერთთავად ხალხისათვის თავდადებას იქადნის, მასსავით გუდამშიერ თანასოფლელებს, კაკუტასა და ქუჩარას კი უკანასკნელ ნაქურდალს ართმევს, ანუ, როგორც გოეთეს მეფისტოფელი იტყოდა, “სიკეთე სურს და ბოროტება გამოსდის”; ეს კიდევ რაა, უსახლკარო და უპოვარი დაუპატიჟებელი სტუმარი მასპინძლის კარში გაგდებას ლამობს. უნდა ითქვას, რომ ყვარყვარე არც ღონითა და სიმამაცით გამოირჩევა, ეს იმ სცენიდან ჩანს, სადაც ბოლშევიკ სევასტის მოკვლით ემუქრება, მაგრამ როგორც კი მისგან წინააღმდეგობას შეხვდება, შეშინებული ფქვილიანი ტომრების უკან დაიმალება.
საინტერესო ისაა, რომ თვითგადარჩენის ძლიერი ინსტიქტი ადამიანისაგან კომპენსაციის მიზნით, რომელიმე ერთი თვისების განსაკუთრებულ განვითარებასა და გააქტიურებას მოითხოვს, ამიტომ ყვარყვარეს თავის გატანის ერთადერთ და უძლეველ საშუალებად ენაჭრელობა და ტყუილის თქმა ამოურჩევია. ცრუპენტელობა ის ნიჭია, რომლითაც იგი სხვებს აღემატება და რომელსაც საგანძურივით უყურებს: “მე ყვარყვარე თუთაბერს ენით შენ შემომიარ?”. მისთვის ენა საკმარისი დასაყრდენია, რომ ყოველი საქმე ეშმაკურად მოაგვაროს, ბრიყვს თვალები აუხვიოს, სუსტი დააშინოს, ძლიერთან კი თავი მოისაწყლოს.
ნაცარქექიას ორპირობასა და ფარისევლობას განსაკუთრებით ის ფაქტი უადვილებს, რომ ზნეობა მისთვის ზედმეტი ტვირთია. საერთოდ, ასეთი ადამიანების გამარჯვებისა და წარმატების ნამდვილი საიდუმლო უპრინციპობასა და უზნეობაშია, ამიტომ ცხოვრებისეული ფილოსოფიაც შესაბამისი აქვთ:
“ეს ვერ გამიგია ზოგიერთი კაცი სირცხვილით მიწაში რომ ჩაძვრება, სირცხვილს რომ სჭამ კაცი, თუ ვარგიხარ, მაშინ თავი უფრო მაღლა უნდა ასწიო”.
და კიდევ ერთი ციტატა:
“კაცს კბილი უნდა გაუსინჯო, თუ ირყევა, მოთხარე; თუ მაგრადაა, გაქცევა მოასწარი, რომ არ გაგქელოს”.
ამგვარი ეპიზოდებიდან თანდათან იკვეთება ყვარყვარეს სულიერი სიღარიბის პორტრეტი და მისი ხასიათის ძირითადი თვისებები; იგი უნიადაგო მეოცნებეობის, სიზარმაცის, ბაქიაობის, უმადურობის, ლაჩრობისა და გაიძვერობის განსახიერებაა.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქვეყნის ისტორიაში დგება დრო, როდესაც ასეთი “გმირები” მხსნელისა და წინამძღოლის მანტიებს ირგებენ.
რატომ ხდება ასე? პ.კაკაბაძე ამის პასუხსაც გვიმხელს.
პიესის მოქმედება 1917-1921 წლებში ვითარდება. ამ პერიოდში დატრიალებული მასობრივი ისტერია ის ფონია, რომელიც ავანტიურისტების აღზევების ყველა ობიექტური მიზეზის საჩვენებლადაა საჭირო, მაგრამ ამ პროცესების მთავარი მონაწილე მაინც ხალხია და თუკი პიესას ყურადღებით წავიკითხავთ, თვალში გვეცემა საზოგადოების უზნეობის, ცბიერებისა და ფარისევლობის საშინელი სურათი.
რუსეთის ხელმწიფე ტახტიდან გადადგა და ამასთან ერთად ტრადიციულ ავტორიტეტზე დაფუძნებული წესებიც გაუქმდა. ქვეყანა ქაოსმა მოიცვა და ხალხმა გადარჩენის გზების ძიება დაიწყო. როდესაც გამოირკვა, რომ ოდესღაც შეუძლებელი, ახლა ხელმისაწვდომი გამხდარა, საზოგადოებამ ნიღაბი მოიშორა, სულიერად გაშიშვლდა და თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ქვეყნის ინტერესები პირადულმა შეცვალა და მთავარი ადგილი საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვამ დაიკავა. დამაფიქრებელი კი ის გახლავთ, რომ ავტორი გვიჩვენებს საზოგადოებას, რომელსაც შექმნილ სიტუაციაში ერთიანი, ჩამოყალიბებული და აღიარებული ზნეობრივი კრიტერიუმები არ გააჩნია, ამიტომაც დაბნეულია, უმწეო და ბრბოდ ქცეული. ამ ვითარებაში ბრბოს წევრობა ერთგვარი გამოსავალია, იგი რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს სიძლიერის ილუზიას უქმნის, ხოლო ჩადენილი უზნეობის გამო დანაშაულის გრძნობას არ აღუძრავს. ასეთ დროს, ვინც ღირსებას შეინარჩუნებს – თავს კარგავს, გადარჩენის შანსი კი იმას რჩება, ვისაც გაწირვის ნიჭი აღმოაჩნდება.
პ.კაკაბაძე თანმიმდევრობით გვაცნობს ასეთ შემთხვევებს:
საიდუმლო განყოფილების სულმოკლე გამომძიებელი, რომლის მოვალეობაც სახელმწიფო დამნაშავეებთან ბრძოლა უნდა ყოფილიყო, მას შემდეგ რაც რევოლუციის ამბავს შეიტყობს, უხერხემლობას იჩენს, თავის მოვალეობას ივიწყებს და დასახვრეტად გამზადებულ ყვარყვარეს ცოდვილივით ევედრება: “მე მოვსულვარ თქვენთან იმ მტრედის მსგავსად, რომელმაც ნოეს კიდობანში მშვიდობის ამბავი მიუტანა… ოღონდ, დაიმახსოვრეთ ჩემი მტრედობა და კალთა მაფარეთ თქვენს სასუფეველში”.
როგორც აღმოჩნდება, უბრალო მოხელეს არც მეფის არმიის გენერალი და პოლკოვნიკი ჩამორჩებიან. ადამიანები, რომელთაც იმპერატორისთვის ერთგულების ფიცი ჰქონდათ მიცემული, სინამდვილეში უსუსური დეზერტირები ყოფილან, ისინი მეფის პორტრეტს კედლიდან ხსნიან და ყვარყვარეს წინაშე იდრეკენ ქედს.
დროებითი მთავრობის ამიერ-კავკასიის რწმუნებული კი, პიროვნება, რომელიც გასაჭირში ჩავარდნილი სამშობლოს ბედის გამრიგედაა დანიშნული, იმდროინდელი საზოგადოებრივი მისწრაფებების ნამდვილ შინაარსს გვიმხელს: “შენა გგონია ქვეყანას თავს ვწირავ? არა, როდესაც წარღვნა მოდის და სოროები წყლით ივსება, ჭკვიანი ვირთხა მაშინ მაღალ მწვერვალებს ეძებს…”
ნათელი ხდება, რომ პიესის ყველა პერსონაჟი, მიუხედავად მათი ასაკის, სქესისა თუ სოციალური მდგომარეობის, ნაცარქექიას თვისებებით ხასიათდება. ამიტომ, საზოგადოებრივ და პარტიულ ბრძოლებში არც ბოლშევიკები გამოირჩევიან განსაკუთრებული პატიოსნებით. როდესაც სევასტის დასაჭერად წისქვილს ჟანდარმები შეესევიან, იგი მეწისქვილის პერანგს გადაიცვამს და უსინდისოდ უყურებს, თუ როგორ აპატიმრებენ მის მაგივრად უდანაშაულო “ნაცარქექიას”. სახრჩობელის შიშით სევასტი იმასაც ითმენს, თუ როგორ ლოშნის მის შეყვარებულს “უტიფარი” ყვარყვარე. მართალია, ერთხელ კი გაიბრძოლებს უღონოდ: “ამ დამცირებას სიკვდილი მირჩევნია”-ო, მაგრამ ეს უფრო მოჩვენებითი ღირსების შესანარჩუნებელი ყვირილია, ვიდრე თავმოყვარე მამაკაცის პრინციპული საქციელი. ეს ის მომენტია, როდესაც საკუთარი ტყავის გადარჩენა ნამუსზე და “პარტიულ ინტერესებზე” მაღლა დგას. პიესის ფინალში კი “გაშლილ სუფრაზე” მისული ამბიციურად განაცხადებს: “კიდევ კარგად ყოფილხართ. ისე არეულია ეს მაზრა, არ მეგონა, თუ აქ ცოცხალი დამხვდებოდითო.” თითქოს მისი შიში და სულმოკლეობა არ ედოს საფუძვლად ყვარყვარეს სასტიკ ავანტიურას.
როცა საქმეს სჭირდება, მეწისქვილის “უკარება” ქალიშვილ გულთამზესაც ავიწყდება ბოლშევიკური “პრინციპულობა” და ქალურ ალღოს მინდობილი, კახპის ცბიერებით იყენებს თავის მომხიბვლელობას. პირველად წისქვილში, როდესაც გულისსწორის ტყავის გადასარჩენად ყვარყვარეს ეალერსება, ყველაფერზე თანხმდება და აიძულებს სევასტის მაგივრად გაჰყვეს ოფიცრებს, თუმცა მშვენივრად იცის, რომ ამ მოქმედებით უდანაშაულო კაცს სასიკვდილოდ იმეტებს.
მეორედ იგივეს იმეორებს ამიერკავკასიის რწმუნებულის კაბინეტში, როდესაც ყვარყვარეს რეალურ მდგომარეობას შეიტყობს და მის სამხედრო გეგმებში გარკვევა უნდა.
არსებობს მარადიული ცნებები, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ყველა დროსა თუ ქვეყანაში ერთნაირად იზიარებდა და იზიარებს. ასეთი ცნება უნივერსალურ ხასიათს ატარებს და იგი დროთა ვითარების გამო არასოდეს იცვლება. მაგრამ არსებობს დროებითი ადგილობრივი და ყალბი “ჭეშმარიტებები”, ანუ ისეთი, რომელიც გარკვეული დროისა და სივრცისათვისაა დამახასიათებელი. ისინი მხოლოდ დღეს და აქ მიიჩნევა ჭეშმარიტებად, თორემ ქვეყნის გარეთ ჩალის ფასი აქვთ. ასეთი ჭეშმარიტებები ხშირად რომელიმე ქარიზმატული ლიდერის გამოჩენასთანაა დაკავშირებული. საკმარისია წინამძღოლის შეცვლა და მასთან ერთად ადგილობრივი ჭეშმარიტებებიც ქამელეონივით შეიცვლება.
საკუთარი უვიცობის, უხერხემლობის, ანგარების, კარიერიზმისა, ილუზიებისა თუ შიშის გამო ხალხი იძულებულია დროებით “ჭეშმარიტებებს” უერთგულოს და ქედი მოიხაროს ცხოვრების ზედაპირზე ამოტივტივებული შემთხვევითი ავანტიურისტების წინაშე. პ.კაკაბაძე მკაფიოდ ამბობს, რომ ყვარყვარიზმი ცარიელ ადგილას არ იბადება და თუკი სამყარო ასეთია, მაშინ ყვარყვარეების აღზევება კანონზომიერება ყოფილა, რადგან ყვარყვარიზმის წარმომშობი მიზეზი ეპოქა კი არა, საზოგადოების ფარისევლობა, პასიურობა და შეგინებული სულიერი ფასეულობებია. სწორედ ეს შემთხვევაა აღწერილი ჩამოთვლილ ეპიზოდებში. როდესაც უბრალო ჩინოვნიკისათვის მისი მოქმედების წარმმართველი მედლით დამშვენებული ღილ-კილოა და არა პატიოსნება, გამომძიებლისთვის პირადი ანგარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონისადმი მორჩილება, გენერლის ჭეშმარიტი სახე თითლიბაზობაა და არა ოფიცრის ღირსება. სახელმწიფო მოხელესათვის ქვეყნისთვის თავგანწირვაზე მაღლა საკუთარი კარიერა დგას, ხოლო ხალხის სახელით მებრძოლი პარტიისთვის საკუთარი ტყავის გადარჩენა ხალხის სამსახურზე მნიშვნელოვანია. მარადიული ფასეულობები: პატიოსნება, კანონიერება, ერთგულება, ქვეყნისადმი თავგანწირვა, კაცთმოყვარება და ა.შ. თავის კუთვნილ ადგილს ნაცარქექიობას უთმობს, ვინაიდან ნაცარქექიობა იმავდროულად საპირისპირო ცნებების: უსინდისობის, უკანონობის, ორგულობის, ლაჩრობის, კაცთმოძულეობის… კრებითი სახეა.
ყურადღება მიაქციეთ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, თუკი სულიერად გაკოტრებული საზოგადოება მიშკინს დასცინის და მის თავგანწირვას უარყოფს, ყვარყვარე აღზევებისათვის ძალას არ ხარჯავს, რადგან წინამძღოლად მას თავად გარყვნილი საზოგადოება ირჩევს:
“გამომძიებელი – …თქვენა ხართ უდიდესი რევოლუციონერი”
“ქუჩარა – …ქვეყანა კარში შენს ჭირს ნატრობს”
“5-ე ჯარისკაცი – ხალხი მოუთმენლად გელის.”
“რწმუნებული – თქვენ დანიშნული ხართ მთელი ჩვენი შეიარაღებული ძალების უფროსად…“
“1-ლი აბრაგი – ჩვენ შენი იმედი გვაქვს.”
მიშკინის ზნეობა და მორალი უცხოა ამ სივრცისათვის, ნაცარქექიას გაიძვერობა და თვალთმაქცობა კი მშობლიური და ახლობელი, მიშკინში უფლის სიყვარული და ძალა იგრძნობა. ნაცარქექია კი ხალხის ქვენა გრძნობების გამომხატველია. მიშკინის კეთილშობილებას საზოგადოების შეცვლა შეუძლია, მაგრამ საზოგადოებას ეს შეცვლა არ სურს,Aამიტომაც ეწინააღმდეგება ამ პროცესს და ემიჯნება მიშკინისნაირ პიროვნებებს. ნაცარქექიას გაწირვა კი სინამდვილეში საკუთარი თავის უარყოფასა და საკუთარი თავის გაწირვას ნიშნავს, ამიტომაც იგი მოწონებული და აღიარებულია.
ნაცარქექიას თავის თავში არაფრის შეცვლა არ სჭირდება, რადგან ამ სამყაროში და ამ სივრცეში გასამარჯვებლად მას ყველა საჭირო თვისება გააჩნია.
კიდევ ერთ ფაქტორი თამაშობს გადამწყვეტ როლს: საზოგადოება პატივს სცემს სიძლიერეს და წინამძღოლისაგან პირველ რიგში ამ სიძლიერის დემონსტრირებას მოითხოვს. ასეთ დროს ადამიანის მოკვლა და დამცირება უკვე სიმამაცისა და ვაჟკაცობის ტოლფასი ხდება, სიცრუე, ქურდობა და ძალადობა კი ჭკუისა და მოხერხების ნიშანი. მთელი უბედურება ის გახლავთ, რომ კოლექტივში თავისუფლებაზე მეტად მორჩილების სურვილი ჭარბობს და ამიტომ კოლექტივი ინსტინქტურად ემორჩილება მოძალადეს.
თითქოს კანონზომიერებად იქცა, რომ ყოველი რევოლუციისა თუ არეულობის დროს ადამიანები მოუთმენლად ელიან მხსნელისა და გამათავისუფლებელის გამოჩენას, რის შემდეგაც გამოგონილი თუ ნანატრი ღირსებებით ამკობენ ახლადმოვლენილ “მესიას”.
ყვარყვარესაც სწორედ ასე დაემართა და მის მიერ მოყოლილ თავგადასავალს ყველამ თავისი ოცნების ნაწილი წაუმატა:
ამბავი მისი “ზებუნებრივი” მოვლინების შესახებ:
“ქუჩარა – სოფელში ამბობენ, შენს დაბადებაზე, ისე დაუტენია თოფი წყვიწყვის, რომ ლულა გახეთქია უბედურს.”
მითი “ძლევამოსილ” სარდალზე:
“რწმუნებული – იმათ ჰყოლიათ ყვარყვარე თუთაბერი, რასაც ის იტყვის – კანონია. მთელი ჯარი მის ბრძანებას ემორჩილება.”
და ნაცარქექია სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად:
“6-ე გლეხი – სულერთია ყვარყვარეს ვერავინ დააჭრის ყურებზე ხახვს.
2-ე გლეხი – რატომ?
6-ე გლეხი – ხელმწიფე მაგას გადაუგდიაო.
5-ე გლეხი – კი, ასე ამბობენ დიდი ბადეები დაუგლეჯიაო.”
ლეგენდის დაბადება ხალხის მიამიტობითაა განპირობებული. ამგვარი საუბრების შედეგად იქმნება გარკვეული წარმოსახვითი ხატი, რომელსაც მოგვიანებით საზოგადოების ყველა წევრი აღიარებს და რომელიც საერთო მოქმედების ორიენტაციისთვისაა აუცილებელი. და მიუხედავად იმისა, რომ ამ მითებიდან არცერთი დასტურდება, საზოგადოება მათ იჯერებს და ავრცელებს კიდეც. რადგან ხალხის ცნობიერებას თავად ფაქტები კი არ განსაზღვრავენ, არამედ ის, თუ როგორ მიაწვდიან მათ ამ ფაქტებს, ამიტომ ლოგიკა მათთვის მიუღებელია და სიმართლისაკენ სწრაფვა, ამაო გარჯა.
მორჩილი, მონობას დაჩვეული და უმოქმედო საზოგადოება უზნეო თამაშში ყოველთვის საკუთარი ნებით იღებს მონაწილეობას.
პ.კაკაბაძე სასტიკად გვაფრთხილებს, რომ საზოგადოება მაშინაა სასაცილოცა და განწირულიც, როდესაც სულიერ სიღარიბეს, მომძლავრებულ ბოროტებას, ფანატიზმს, უკანონობასა და ძალადობას, მხოლოდ მიამიტური ოცნებებითა და ზღაპრული ილუზიებით უპირისპირდება.
კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი: ნაცარქექიებისათვის რეალური ძალაუფლების მოპოვება და მისი შენარჩუნება სხვადასხვა სირთულის პრობლემაა და დრამატურგი ამასაც სათანადო ყურადღებას უთმობს.
მწვერვალისაკენ მიმავალ გზაზე თუთაბერს საიმედო თანამდგომები სჭირდება და მალე მათაც პოულობს. ასეთები აღმოჩნდებიან მისი ოტროველა მეზობლები: კაკუტა და ქუჩარა. სწრაფად და უშრომელად გამდიდრების ტრადიციული ქართული თვისებით ისინი პიესის არცერთ პერსონაჟს არ ჩამოუვარდებიან, ამიტომ ტყვიების ზუზუნში სანგრების თხრას, მიცვალებულების ძარცვა ურჩევნიათ. ისე, სიმართლე რომ ითქვას, მუშაობა არცაა კაკუტასა და ქუჩარას ნამდვილი მოწოდება. პ.კაკაბაძე მათ ირონიულად ამირანის გოშიებს უწოდებს, რადგან კარგად იცნობს ამ პერსონაჟების ბუნებას; ასეთი ადამიანი მუდამ შეუმჩნეველია, საბრალო, მშიერი, დაძონძილი, სიცივიდან მოსული და მოლაქუცე. მისი ერთადერთი სურვილი შეძლებული პატრონის გაჩენა და მის ნასუფრალზე ლუკმის პოვნაა. ხოლო ძაღლი ვის პურსაც ჭამს, მის კარზე ყეფს. კაკუტა და ქუჩარაც პირველსავე დაძახებაზე გამოეწყობიან თოფფარაჯაში და მხარში ამოუდგებიან “პატრონს”, მერე რა, რომ ერთხელ ასევე დაუფიქრებლად მიატოვებენ და კუდამოძუებულები მოკურცხლავენ? ეს მერყეობაც მათი ბუნების შემადგენელი ნაწილია, ძაღლიც ასევე იქცევა, როდესაც პატრონს შეშინებულსა და დაბნეულს ხედავს. სინამდვილეში კაკუტამ და ქუჩარამ სხვებზე უკეთ იციან, ვინცაა თუთაბერი, მაგრამ გომურისა და ულუფის შოვნის იმედად, ისევ მის ხელზე გაგორება ურჩევნიათ. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ კაკუტასა და ქუჩარასნაირი მაწანწალები ყვარყვარიზმზე ბედით გადაჯაჭვული, მისი მარადიული თანამგზავრები არიან.
ყვარყვარეს არანაკლებ მნიშვნელოვანი მოკავშირე გაიძვერა ავანტიურისტი, მაზრის კომისარი, ტიტე ნატუტარია. კაკუტასა და ქუჩარასაგან განსხვავებით ის შორსმჭვრეტელი თეორეტიკოსია. ცოდნა აქვს, მაგრამ რეალურად ვერ გამოუყენებია, ამიტომ ყვარყვარეში საკუთარი მიზნების განხორციელების პრაქტიკულ საშუალებას ხედავს. ტიტე უბრალო მეოცნებე არაა, იგი თავისი ბუნებით “მეორე კაცია” და თუ ასეთი ადამიანების დახასიათებაში არ გადავაჭარბებ, ვიტყვი, რომ ისინი ძირითადად გავლენიან ადგილს ეტმასნებიან, ხელმძღვანელს ქებითა და მლიქვნელობით აბრუებენ, შემდეგ ინტრიგებს ხლართავენ, ჯაშუშობენ და შექმნილ სიტუაციაში ყოველთვის მაქსიმალურ სარგებელს პოულობენ. თანაც ტიტემ მშვენივრად იცის, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა სულმოკლე ხელისუფალს თუ ხელისუფლებას მოწყურებულ პირს ესაჭიროება თავისი მითოლოგია და მესიანისტური იდეა, რომლის საშუალებითაც იგი ძალაუფლებას განიმტკიცებს და დასაყრდენს გაიმაგრებს. და თუ ყვარყვარე ოდესმე “ღმერთობას მოინდომებს”, ამის მოგვარება მხოლოდ ნატუტარს შეუძლია.
“ტიტე – მე წინასწარმეტყველივით ვხედავ შენს სახეში უდრეკ ძალას, რომელიც დაეუფლება დიდ სახელმწიფოს… თქვენ იქნებით სახელმწიფოს უფალი, მაგრამ დაგჭირდებათ გვერდით პოლიტიკოსი, მეცნიერი. ასეთი მე ვიქნები. თქვენ მაგრად დაიჭერთ ხელში მოთურგვნილ ქვეყანას, მე კი მას სამოთხედ გადავაქცევ. მე ახლავე შემიძლია დავჯდე და დახუჭული თვალით დავწერო ბედნიერი სახელმწიფოს სრული კონსტიტუცია.”
ტიტეს ისევე სჭირდება უნებისყოფო და გაქნილი ხელმძღვანელი, როგორც ბოგანო და მცონარე ნაცარქექიას მეხოტბე, მეისტორიე და “ევანგელისტი”. ამიტომ ორი გაიძვერა საერთო ენას ადვილად პოულობს. მათ საზოგადოება უსაფუძვლო ტყუილებში უნდა დაარწმუნონ, რადგან მშვენივრად იციან, რომ ის, ვინც ადვილად ასულელებს ხალხს, საბოლოოდ მისი მბრძანებელიც ხდება.
ეს სიმართლე მაშინ დასტურდება, როდესაც ყვარყვარე საბოლოოდ ფესვებს გაიმაგრებს და გააბრაგებული ჯარით მაზრას შეესევა; ისე დაარბევს, რომ ბუდეში კვერცხს არ დატოვებს, ყველა საწყალსა და უმწეოს ზურგზე ბოლს ადენს, ალაფს კი აბრაგებთან ერთად გაინაწილებს.
ამგვარად, გუშინდელი მეოცნებე ჩამოყალიბებულ მოძალადედ და შარაგზის ავაზაკად მოგვევლინა.
ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან დამახასიათებელი შემთხვევაა.
მოსაზრება, თითქოს საქართველო, ისევე, როგორც ზღაპრული ნაცარქექია, მუდამ ძლიერ მტერს ებრძოდა და გარკვეული ფიზიკური სისუსტისა თუ სიმცირის გამო იძულებული იყო მისთვის მხოლოდ მოტყუებით ეჯობნა, ნაწილობრივ ნათქვამი სიმართლეა და ეს “მიგნებული” შედარებაც ამ ეპიზოდზე უნდა დასრულდეს. ჯერ კიდევ საკამათოა, ვინ უფრო მოტყუებული დარჩა ისტორიის მანძილზე საქართველოს მტრები, თუ თავად საქართველო. გარდა ამისა, ასეთი თვისება არა მხოლოდ საქართველოს არამედ ყველა მცირერიცხოვან ერს ახასიათებს და ამაში განსაკუთრებული და “მისაგნები” არაფერია.
მეორე: ნაცარქექიების ნაქები ჭკუა და გონება, მხოლოდ დევის სიბრიყვის ფონზე გამოირჩევა და სულაც არ ნიშნავს, რომ იგი რეალური სიბრძნის ექვივალენტია. ესეც რომ არ იყოს, ცოდნის შეძენა და გაღრმავება აქტიური პროცესი გახლავთ და არა პასიური, ბუნება თავის საიდუმლოებას ბუზიყლაპიებს არასდროს უმხელს, კაცობრიობამ ცოდნა ბუნებასთან ხანგრძლივი და დაუღალავი კამათისა და ექსპერიმენტების შედეგად დააგროვა.
რაც შეეხება განცხადებას: “სიზარმაცე და ბაქიობა მისტიფიკაციაა, მომარჯვებული იმისთვის, რომ მტერმა ნაცარქექიას ნამდვილი თვისება ვერ ამოიცნოს”, იგი ძალიან მაგონებს იმ “კანონმორჩილი” მოჯახედის თვისებას, რომელიც ევროპისა თუ ამერიკის რომელიმე ქალაქში წლების განმავლობაში შეუმჩნევლადაა მოკალათებული და თავისი მიზნების განსახორციელებლად მხოლოდ შესაფერის მომენტს ელოდება.
თუ საქართველოსთვის, მრავალსაუკუნოვანი არსებობის შემდეგ ამაზე უკეთესი შედარებები არ მოიძებნა, ჩანს, ჩვენი საქმე არც ისე კარგად ყოფილა.
გასაგებია, რომ ბიბლიური მეფე დავითის მსგავსად, გოლიათებთან მებრძოლი ნაცარქექია ჩვენს ეროვნულ ილუზიას კვებავს, მაგრამ იმაზეც დავფიქრდეთ, რომ გოლიათთან მებრძოლ დავითს მხოლოდ მისი ცხოვრების სულიერი შინაარსი ამარჯვებინებს და არა თვალთმაქცობა და მატრაბაზობა, ნაცარქექიების კმევით კი სინამდვილეში უვიცობას, სიზარმაცეს, უკანონობას და ძალადობას ვუმღერით ოსანას.
ამაზე პოლიკარპე კაკაბაძე დაფიქრდა და ყველაზე ადრე განაცხადა, რომ ნაცარქექია ტყუილსა და გაიძვერობას ვერც მტერთან მოიშლის და ვერც მოყვარესთან, რადგან ეს მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი თვისებაა.
და “რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა” ჩვენთვის რეალობა ზღაპარზე მკაცრი და დაუნდობელი გამოდგა. საქმე ისაა, რომ ნაცარქექიებს ხშირად (ალბათ დევის გაცუცურაკების შემდეგ), ქვეყნის მართვის პრეტენზიები უჩნდებათ და ხელისუფლებაში მოსვლის მერე საკუთარ ხალხს ფუჭი იმედებისა და ამაო დაპირებების გარდა ვერაფერს სთავაზობენ, ურჩობისთვის კი კეტს არ იშურებენ. სწორედ ამ როლში გვაჩვენა პოლიკარპე კაკაბაძემ ჩვენს მიერ გაპოეტურებული პერსონაჟი.
პიესის ფინალში ყვარყვარე თითქოს მარცხდება და ამბობს: “ეჰ, გათავდა შენი ჩალიჩი თუთაბერო. ამათ ხელში ჩემი ამინდი არ დადგება”-ო. მაგრამ ეს ის ძვალი იყო, რომელიც დრამატურგმა საბჭოურ ცენზურას გადაუგდო და რომლის წყალობითაც პიესა არასოდეს აუკრძალავთ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ყვარყვარეს ტიპაჟის, მისი სახის გააზრება ჯერაც არ დასრულებულა და მისი თავგადასავალი კვლავ გრძელდება.
ნიშანდობლივი ისაა, რომ პიესაში ბოროტება არ ისჯება, სხვაგვარად მისი ფინალი გულუბრყვილო და არაბუნებრივი იქნებოდა. ყვარყვარე ამ ბოროტების “აისბერგის” მწვერვალია, მისი ნამდვილი საძირკველი კი – საზოგადოებრივი აზროვნება – ხელუხლებელი რჩება. შესაძლებელია ქვეყანაში მრავალი მთავრობა და ეკონომიური ფორმაცია შეიცვალოს, მაგრამ თუკი თავად ადამიანი და საზოგადოება არ შეიცვალა, ბოროტების ფუძე ყოველთვის შეურყეველი დარჩება.
მეთორმეტე საუკუნიდან გვაფრთხილებდნენ: “სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”-ო, მაგრამ ახლა ეგ ვიღას ახსოვს, ეს მანამდე იყო, სანამ ჩვენში ნასრედინის “ფილოსოფია” გაიმარჯვებდა.
ამიტომაც გახდა ყვარყვარეობა ამ ქვეყნის განუკურნებელი სენი.
მთავარია საზოგადოებამ პრინციპული პოზიცია დაიკავოს და ამ “ბაქტერიას” გამრავლებისა და გააქტიურების საშუალება არ მისცეს, თორემ სანამ იცოცხლებს მითი “კეთილშობილი” ავაზაკების შესახებ, სანამ ხალხი რომანტიული თვალით შეხედავს სულიერ სიღარიბეს, სიცრუეს, უზნეობას, სიხარბეს, სხვისი ქონების მიტაცებას, ყვარყვარეები მუდამ ჩვენი ცხოვრების სუფრის თამადები იქნებიან და კმაყოფილებით განაცხადებენ: “ხალხი თავის მტერია, თუ არ მოწყესე, უჭკუო საქონელივით ხრამში გადავარდება. თუ შნო გაქვს, ჯოხს თვითონ მოგცემს, ოღონდ ჭკვიანურად უნდა დაარტყა.”
სამყაროზე ზნეობრივი გამარჯვება დოსტოევსკის გმირის მხარესაა. ყვარყვარე კი მხოლოდ სულიერი ხეიბრობით დაიტრაბახებს. ამიტომ, თუკი მიშკინის მაგალითზე დოსტოევსკიმ ის იდეალი დახატა, რომლისკენაც კაცობრიობა უნდა მიილტვოდეს, ყვარყვარე თუთაბერი ის საფრთხეა, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა ვერიდოთ.
კათარზისი კი ორივე გზის შეჯერებით მიიღწევა; საკუთარ თავში ბოროტების დათრგუნვით და სულიერი თვისებების აღმოჩენით.
© “ცხელი შოკოლადი”