ივა ფეზუაშვილი – ბატონი

iva fezuashvili 28827

პირველი თავი

ქორწილი ძალიან კარგი ადგილია ახალი ამბის დასაწყებად და ამიტომ -

ეხლა რას აკეთებო? – ტუალეტის რიგში შევხვდით ერთმანეთს. დიდი ხნის უნახავი კურსელები ვიყავით. იმას ახსოვდა, რომ მე მწერლობა მინდოდა, მე მახსოვდა რომ კონფორმისტი იყო, ამიტომ არასდროს გვიმეგობრია, მაგრამ ქორწილი ქორწილია, უნდა გაიღიმო და ტუალეტის რიგი კიდევ ისეთი რამეა, სადაც საუბარს ვერ გაექცევი და-

რავი, გამომცემლობაში ვარ მეთქი

წეერ ისევო?

არა, აღარ… რავი ხანდახან, მაგრამ უფრო რედაქტორი ვარ, შენ რას აკეთებ-მეთქი?

ჩაეღიმა. იმასთან ვმუშაობო…

ვისთან იმასთან მეთქი? – თავით ზემოთ მანიშნა, – იმასთანო რა… ბატონთან ხო აზზე ხარო

ვინ ბატონთან-მეთქი?

ე ბიჭო რა დაგემართაო, ისევ ზემოთკენ მანიშნა თავით… ბატონთან რაო…

აააა, აა. ბატონთან-მეთქი?

ხოო! – გაეცინა

აგიწყვია ცხოვრება-მეთქი…

ყველას ეგეთი წარმოდგენა აქვსო

რა, ეგრე არაა რო-მეთქი

მამენტ ეგრეაო

და რას აკეთებ, იქ იმასთან, ბატონთან-მეთქი

წიპა, მოურავი ვარო

ამ დროს ვიღაცამ ურიგოდ სცადა ტუალეტში შესვლა და ლამის დედის გინებით გავაბრუნეთ უკან…

იზვინიწე ბრაცცი, მეგონა პროსტა ბაზრობდითო…ვისი მხრიდან ხართ თქვენო?

მე სამსახურის პონჩი ვარო – მოურავმა

მე გოგოსი-მეთქი

მარიკრუზასი? მაგას შემოვევლე, ძაან გოგოა, ძაანო… მე გიუშკის ბავშობის ბრატი ვარ, ლუკაო – ხელი ჩამოვართვით. სასიამოვნოა, მაგრად გამისწორდა თქვენი გაცნობაო… – მერე ორი წამი იწრიალა და

ვინ არისო შიგნით?

მეთქი-აზრზე არ ვარ

დიდი ხანია შესულიაო?

კი-მეთქი

რას შვება მერე ამდენი ხანი ხომ არ ღადაობსო?

ხოდა, სწორედ მაშინ გაიღო კარები და ვიღაც მოხეული ბიძა გამოვიდა, მურტლად შეგვათვალიერა, აშკარად გაიგო მასზე რომ ვლაპარაკობდით, თვალებით დაგვიბღვირა და ხელსაბანთან წავიდა

ამან, გიუშკის ბრატმა, ჯიბიდან ხელსახოცი დააძრო გადაშალა და მოსაწევი გვანახა

ხომ ყველას გვევასებაო?

მეთქი რატომაც არა

მოურავმა არა, არა სამსახურის პონჩი დამერხევა, ეგ კი არა სიგარეტსაც დავანებე თავიო

რა პონჩი მეთქი?

კაროოჩეო რა!

ჰა მოვწიოთო?

მეთქი დავაი

მოურავმა, ცოტა ხანი იყოყმანა და მერე – მოვწიოთ მაგის დედაც ვატირე, ვინ გაიგებსო.

იმ მოხეულმა ჯიგარმა სარკიდან უცნაურად გამოგვხედა, აბა რა იქნებოდა, სამი კაცი ერთ კაბინაში ვეჭეჭყებოდით…

მოვწიეთ. გიუშკის ბრატი ისევე უცბად გაქრა, როგორც გაჩნდა. მოურავმა კიდე, იზვინი მეც ჩემებთან უნდა მივიდე და მერე გნახავო. ძალიან კარგი, არ მიყვარს მოწეულს, ათას კაცთან ფიქრის გაყოფა. ჩემი მაგიდისკენ გავბლაყუნდი. მაგარ სტრანნ კამანდაში ვზივარ, აი მშობლები რომ ძალით აპატიჟებინებენ, იმ სტუმრების მაგიდაზე მოვხვდი. ხოდა როგორ გინდა საერთო ენა გამონახო ადამიანებთან, რომლებიც შენზე უფრო შორეული ნათესავები და შენზე უფრო უფროსები არიან, თან ამ ყველაფერთან ერთად ესეთი შორეული სანათესაოს მაგიდებს რაღაც ლუზერული სუნი ასდის, სულ რომ მზეჭაბუკი იყო, ქორწილის არც ერთი ნაშა ყურადღებას არ მოგაქცევს, არადა ქორწილის ნაშები ძალიან კარგი და საინტერესო ფენომენია, ქორწილის ნაშები ის გოგოები არიან, რომლებიც მხოლოდ ერთი ღამით, მხოლოდ აქ და ახლა, მხოლოდ პირველი ხუთი ჭიქის მერე არიან სექსუალურები და სანდომიანები, მერე მეორე დილით ეს შირმა და მაკიაჟის გოგრის ეტლი ინგრევა და ხელში ცერა თითზე გახეულ ჩულქიანი კონკია გრჩება. ეგრეა, ქორწილის ყველაზე ძერსკ გოგოებს, მოკლე კაბებით, მოტკეცილი ტყავის შარვლებით, ოდნავ დეკოლტით, ფუშ აფით, ოცდასამ სანტიმეტრზე შელაგებული, კასოი ფეხებით, ტონა მაკიაჟით, მარიაჟით და იმის იქით რომ არ არის იმის იმით, ვერსაჩეთი, შანელით, ლუი ვუტონით, თვალის წენით, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ტუჩებით და ტუჩებზე საცხით, მილიონ დოლარ ბეიბეეე… პაკო რაბანით, და დოლჩეთი და მაწ ივო გაბანათი, მაია მულატკაზე ცეკვის მერე, ქუსლიდან ბალეტკებზე გადასვლის დროს, სამი ხაჭაპურის და ორი კოვზი ხიზილალის შემდეგ, ისევე ეტყობათ მუცლები, როგორც გლდანის შაურმის კლიენტებს, ტაქსისტებს, მუშებს და ზოგადად ჯიგრებს, მშრომელ ხალხს …

ასწორებს ქორწილები, ყოველდღიურობიდან ამოვარდნილი პონტია და ჩემს დავიწროებულ რეალობაში რაღაც ახალი შემოაქვს, ადრე მოთხრობაც მაქვს დაწერილი ქორწილზე და თამადაზე, ეხლა აღარ ვწერ, მაგრამ ისევ ვაკვირდები და რომ აკვირდები და ფიქრობ, უცნაურ რაღაცეებს გამოკრავ ხოლმე ხელს. მაგალითად, ყველაზე გადამკვდარი მოგონილი ტიპიც კი ვერ ქაჩავს ქორწილის ბოლომდე თავის მოგონილი მონოსპექტაკლის თამაშს. ღამის კლუბის, აუ ბაბუ ძაან გასული ვარ კამანდა, იგივე წარმატებით ერთობა საქორწილო ბენდებზე, როგორც ბერლინელ დიჯეიზე. ეგრეა, არავის უნდა თავის სპექტაკლის თამაში თუ მაყურებელი არ ყავს და ქორწილში კიდე მაყურებელი ეგეთ ტიპებს არ ყავთ. ეგრეა! ეგრეა რა, მეინსტრიმთან მებრძოლი ტიპები, ახალ მეინსტრიმს ქმნიან, რომელსაც თავის მხრივ სხვა მეინსტრიმთან მებრძოლი ტიპები სხვა მეინსტრიმით ებრძვიან, ქორწილი კიდე ყველა მეინსტრიმის დედა, მამა და ბადრი მთვარეა, ისეთი ტრუხა ბისკვიტი და ისეთი დიდი კიჩია, რომ აქ სხვა სპექტაკლების ადგილები არ რჩება, ხოდა ამ მოგონილ ტიპებსაც, თუ ტვინი ყოფნით, თავის ფსევდოობის ნეტარ ნიღაბს იხსნიან და გულაობენ, ხოდა რომ გულაობ, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს ბროდსკიზე ხარ გაზრდილი თუ ვარსკვლავებით მოჭედილი უძირო ცა ან სულაც საკუთარი ზნეობრივი მორალი გაკვირვებს, იმიტომ, რომ ვაგონი მიქრისაა ჩართული და შენც ჩუქუ ჩუქუ მატარებელში ხარ ჩაბმული…

ბიჭო ეს რა იყოო?

რა-მეთქი?

ძაან ცუდად ვარო, იმათმაც იმდენი კითხვა დამისვეს, რომ მაგრად დავიზმენდი, არ დამწვან-მეთქი, ხო იცი მერე ენას მიიტანენ და კაროჩეო

დამშვიდდი, დაჯექი ვაფშე ვიზე ან რაზე ბაზრობ მეთქი

კაროჩეო, ამათმაო რა, ნეფე-დედოფალმა ან რავი დედამისმა და მამამისმა ბატონი და რამოდენიმე კაცი დაპატიჟესო რა, ხოდა ბატონი იასნა არ დადის ესეთ ადგილებში, ეგ ამათმაც იციან, მაგრამ ისიც იციან, რომ არდაპატიჟება არ გამოდის და ამიტომ პატიჟებენ ხოლმეო, ბატონი რომ ვერ მოდის იასნა, ჩვენ გვაგზავნიანო.

თქვენ ვინ ხართ-მეთქი

მეო რა და რამოდენიმე ბატონთან დაახლოებული პირიო რა

ზედა ეშელონებში ხარ-მეთქი

ტი შტოო. რას სვამო?

რავი ღვინოს მეთქი

დაიკიდე, წამო ბარში ჩვენთვის კაი კონიაკია გადადებულიო

მართლა კარგ კონიაკზე დამპატიჟა.

ესაო, ბატონისა არისო, იასნა ყველა ბოთლში ესეთი სიკარგე არ ასხია, ეს სპეციალურია, სპეციალური ხალხისთვის და სხვას რა შეხვდება იგივე ფასში და იგივე ბოთლში მაგაზე ჩვენ არ ვიდარდოთ მე და შენ გაგვიმარჯოს მე ჩემს საქმეში და შენ შენსაშიო.

გაგვიმარჯოს-მეთქი

კსტაწი, რაო რას ვარედაქტირებ იმ ჩემს გამომცემლობაშიო?!

ბიოგრაფიებს-მეთქი – უაზრო გამომეტყველებით რომ შემომხედა მანდ განვმარტე – ნაპოლეონი, ბითლზი, ჩარლი ჩაპლინი, დაჟე იაოანე პავლე მეორეს ვებრძვი ეხლა, ცნობილი ტიპების ბიოგრაფიების სერია გვაქვს-მეთქი – ისევ იგივე ჩამოკიდებული მზერით მიყურებდა

ანუ ამათი ცხოვრება და მოღვაწეობა-მეთქი

გავიგე, უბრალოდ სხვა რაღაცაზე ჩავფიქრდიო

რაზე-მეთქი?

დაიკიდე, დაიკიდეო…

ცოტა ხანი კიდევ ვსვამდით, მერე მოურავის ბრატები, კარგ კოსტუმებში გამოწყობილი, კარგსუნიანი ტიპები მოვიდნენ და ჩვენო, ჩვენდათავად წავედით, რომ რეკლამებიდან გადმოსულ, ჩვენს ლამაზ ცოლ-შვილებს მივხედოთ,და შენ რას იზამ თუ კაცი ხარ ეგ გვითხარიო, ამან, ჩემმა მზემ, საცა თქვენ იქაც მე, აქ არ დამტოვოთ, მეც თან წამიყვანეთ, თქვენი ლამაზი და ახალი მანქანებით, მე ჩემად, ჩემსაზე ვერ დავჯდები, სასმელმა მაჯობა და სადმე ხათაბალასაც გადამყრისო. წამოდი, წამოდიო, იმათმა, მხარზე ხელის მეგობრულად დატყაპუნება რომ იციან და სინამდვილეში კი ახალ მაჯის საათებს რომ ამარიაჟებენ მაგ ჟესტით, ხოდა მოურავიც სტუდენტობის დროს იყო კონფორმისტი და ამ საათების მოყვარული და ახლა რა ღმერთი გაუწყრებოდა, რომ არ გაყოლოდა. გაყვა კიდეც. გაყვა იქ, სადღაც უკეთეს და ისეთ ქალაქში, სადაც ასფალტებიც კი უფრო სწორია.

მე კი დავრჩი დედოფლის შორეულ ნათესავებსა და ნონ კონფორმიზმს შეწირულ უკეთეს ცხოვრებაზე ფიქრებს შორის და ვწრუპავდი და ვდარდობდი ისეთებზე, ალკოჰოლს რომ მოყვება და მეორე დღეს ისევ ისე რომ შელაგდება ყოველდღიურობის სარდაფში, გეგონება შენი ნაწილები არ იყოს და მასთან ერთად არ გეთამაშოს ბავშვობაში და, გეგონება აი, ამ სიმთვრალეს მოყოლილ ფიქრებს ბავშვობის სამთვლიანი ველოსიპედის გემო და სუნი არა ჰქონდეს.

ე, ამ ფიქრებს კარგა ღრმად შევყვებოდი და კიდევ ცოტა ხანს ვიფიქრებდი იქნება და მეც სადღაც მოვღუნულიყავი, რომ უკეთ მეცხოვრა-მეთქი, რომ არა გიუშკის ბრატი, ლადო, ხო, ლადო ერქვა მემგონი. ხოდა ეგ ლადო მოვიდა და რაო, რათ ზიხარ ეგრედ მოწყენით, წამო, ორი ისეთი გოგო მყავს აგდებული ე მაგათ ბუნებრივ გაზებსაც კი პუდრის სუნი აქვსო.

მერე იყო და გოგოები იცინოდნენ, მერე იყო და მე და ლადო ვიცინოდით, მერე აღმოჩნდა, რომ ლადოს ცოლი ყავს და ე, ამ გოგოების მასთან მიყვანა არაფრით იქნებოდა, ანუ აღმოჩნდა, რომ ლადო მეტად ცუდი კაცია, მაგრამ მე აღმოვჩნდი მეტად კარგი და ამავდროულად ბინიანი კაცი და მერე ის იყო, რომ ე, ამ გოგოებიდან ერთ-ერთი კაბინეტის მაგიდაზე იოანე პავლე მეორეს ჯერ კიდევ გადასათეთრებელ ფურცლებზე მივაწვინე და მერე იყო და… და მერეც ბევრი რამე იყო…

მეორე თავი

დილაა და თავის ტკივილია, ამ გოგოს სახლიდან როგორღაც გასტუმრებების მცდელობაა, ყავა მაინც დამალევინეა და ჯინსზე გადასხმული რძეა. ბებიამაგისისამ, ლატეს გარდა სხვას არაფერს სვამს და კარგი ბიჭი ხარ შენო, მაგის თქმაა, ჩაის შეფუთვაზე ტელეფონის ნომრის დატოვებაა, დამირეკეო და სამსახურში დაგვიანებაა.

სამსახური კიდევ ის ადგილია, სადაც, რომ არ გიყვარს იმას გაკეთებინებენ და სამსახური ის ადგილია, სადაც, რომ დირექტორს ჩიპების და ეგეთების ეშინია და ამიტომ იმის მაგივრად, რომ კარზე მიაწკაპო მხეცის ნიშანი და ამაყად აღნიშნო, აჰა ჩემმა მზემ დღესაც დავაგვიანეო, ეზოში ფეხაკრეფით შესვლაა, მანქანაში ორნიტოლოგის მოთმინებით და დიდი ბინოკლ-ბლოკნოტით შეიარაღებულ დირექტორის როგორმე დასხლეტაა… მაგრამ, დირექტორი ორნიტოლოგთან ერთად დიდი ძმაცაა და არაფერი გამოპარვია და არც არაფერი გამოეპარება და ამიტომ, ეს ერთი დაგვიანება ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ბედნიერებასთან ერთად, ერთი თვის ხელფასის ათი პროცენტის დაკლებაცაა.

შენო ამ თვეში მესამედ იგვიანებ და გექნება რამე საპატიო მიზეზი და ეგებ მეც გამაგებინოო – კაცს სწერვობა არ უხდება მე თუ მკითხავ, მაგრამ კაცია კი ჩემი დირექტორი? კი ვუპასუხებდი, ღამეს შენი უნიჭო მთარგმნელების, გუგლ თრანსლეითიდან ნათარგმნების გადასწორების და იოანე პავლე მეორეს და ეგეთების ბიოგრაფიის თავიდან დაწერის გამო ვათენებ და მაგიტომ ვაგვიანებ-მეთქი, მაგრამ ეგ დღეს მაინცდამაინც ზუსტი პასუხი არ იქნებოდა და თან პახმელიის მწვანე ღრუბელი ისე მურტლად მედო თავზე, რომ ფიქრების სიტყვებად გადაკონვერტირებას, მადონაზე ბიოგრაფიული სამტომეულის დაწერა მერჩივნა.ამიტომ ბოდიში, მეტჯერ აღარ განმეორდება-მეთქი წავილუღლუღე და გავჩუმდი.

ჩემნაირი გაჩუმებული ხალხი ქმნის დირექტორის რეპუტაციას. სიჩუმით წაქეზებული ეს იმბეცილი, ოთახიდან-ოთახში მათრახით დადის და მტრისას, თუ რამე უმსგავსობაში შეგამჩნია, იმდენჯერ და იმდენს ჩამოგაჭრის ხელფასიდან, რომ თვის ბოლოს აქეთ მოგიწევს ფულის მოტანა, მადლობის ნიშნად, რომ აქ, ოცნებების, ნერვების და თავმოყვარეობის სასაკლაოზე გამუშავებენ, გცლიან და გტოვებენ ადამიანის ფიტულს, სულის გარეშე, გტოვებენ ცარიელს და დამცირებულს, რომელიც, ოღონდ სამსახურიდან არ გააგდონ და კიდევ ცოტას გაუძლებს, კიდევ ცოტას, კიდევ ცოტას, სანამ რამე ახალი და უკეთესი არ გამოჩნდება, ახალი კი არადა არ ჩანს, იმიტომ, რომ არ არის, იმიტომ, რომ რაც ახალია, ისიც იგივეა, იმიტომ, რომ ჩემი დირექტორი მარტო ჩემი დირექტორი არ არის და ყველა დირექტორი დირექტორია და ამიტომ გიწევს მოთმენა, გაძლება, რომ არ მოგისროლონ, არ გადაგაგდონ და იყო იქამდე, სანამ შენს ფიტულსაც კი ჩრჩილები არ შეჭამენ და სანამ შენზე არ იტყვიან, რომ ამას ვადა გაუვიდა, აღარ ვარგა, გამოსაცვლელია, ბრაკი იყო, ქარხნული წუნი ქონდა და იქნება და გადაგვიცვალოთ რამეშიო… და ვერ გადაგცვლიან? გადაგცვლიან რომელია, შენს ადგილას ათი მოვა, გგონია ვინმე დააძალებს? თავის ფეხით მოვლენ! თავის ფეხით მოვლენ და თავისივე ნებით გადაიღუნებიან და იქნებ წაიკუზონ კიდეც თუ საჭირო გახდა, იმიტომ, რომ სამსახურია და იმიტომ რომ ასე, ნელ-ნელა სიკვდილში გიხდიან მაინც და თუ ნელ-ნელა და უმუშევარი არ მოკვდი, გარეთ უხელფასოდ დარჩენილი ერთიანად და მოცელვით მოკვდები, როგორც სხვა ათასი მომკვდარა და როგორც სხვა ათასი მოკვდება და ეს კიდე მეუბნება -

დღეს საღამომდე მინდა პირველი ათი თავიო

სულ თორმეტი თავია წიგნში, საღამომდე ათი როგორ მოგცეთ-მეთქი

არ ვიცი ეგ შენ მოიფიქრეო

ეგრე არ გამოვა-მეთქი

რამე პრეტენზია გაქვსო?

კი! ეგრე არ შევთანხმებულვართ, კვირის ბოლოს უნდა ჩამებარებინა წიგნის ნახევარი მეთქი

მერეო?

მერე, სამშაბათია და ნახევრის მაგივრად მთელ წიგნს მთხოვთ-მეთქი

ეგ ჩემი ბრალი არ არის რომ ამ წიგნში მხოლოდ თორმეტი თავია, გაიხსენე აბა ოდესმე ჩამიბარებია ექვსი თავი? სულ ათ-ათ თავს ვიბარებო

მეხუმრებით-მეთქი?!

მემჩნევაო? – არ ემჩნეოდა, ესეთი ტიპები მხოლოდ მაშინ ხუმრობენ, როდესაც დარწმუნებული არიან, რომ მათ ხუმრობაზე ყველა გაიცინებს, იმიტომ კი არა, რომ სასაცილოა, იმიტომ რომ ისინი ამბობენ.

ვერც მოატყუებ შობელძაღლს, რომ ნახევრად გადარედაქტირებული შეაპარო. ყველაფერს გიჟივით კითხულობს, რა ესმის ეგ ცალკე თემაა, მაგრამ კითხვით კითხულობს, თან ამ ბიოგრაფიების ამბით ძალიან აღფრთოვანებულია, მისი იდეა იყო, ტოპ ორმოცდაათიც თავად შეარჩია, ყნოსვა კარგი აქვს ოხერს, რასაც თვითონაც დიდი სიამოვნებით წაიკითხავდა, ის ყველაფერი კარგად იყიდება ამ ქვეყანაში.

ბოღმას და გულის რევას ძლივს ვიკავებდი. აშკარად ზედმეტი მომივიდა გუშინ და უფრო ზედმეტი მოუვიდა ჩემს დირექტორს დღეს. ცალ-ცალკე ზედმეტის მოსვლა კიდევ ასატანია, მაგრამ ერთ კოქტეილში ძალიან ცუდი პონტია. ოფლად ვიღვრებოდი და თავბრუ მეხვეოდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, შუადღემდე მაინც რეაქტიულ რეჟიმში ვიმუშავე. შანსი არ იყო, ვერაფრით მოვასწრებდი ათი თავის რედაქტირებას, ეგ დირექტორმაც იცოდა, მთავარია, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მერე სანამ ეს გადათეთრებულ ნახევარს წაიკითხავდა, მე მეორე ნახევარს დავაწევდი და ვიცხოვრებდით ესე ტკბილად და ბედნიერად…

რომ არა უცნაური შემთხვევა ფოიეში…

საითო? – ისეთი ტონით მკითხა, გეგონება ის იყო ჩემზე გაბრაზებული და გეგონება მე მივეცი წარმოუდგენელი დავალება.

შესვენებაზე გავდივარ-მეთქი – ლიფტთან წამასწრო, ორი ლუკმა რომ არ მეჭამა სული გამძვრებოდა

შესვენების დრო გაქვს საქმე თავზე გაყრიაო

მშიერ კუჭზე არაპროდუქტიული ვარ-მეთქი

ეეეჰო, მე კიდევ შენთან დაკავშირებით რამხელა გეგმები მქონდაო – ტიპი რა ნაგლია, უტიფარი, მატყუარა!

რამხელა-მეთქი?

დიდიო – ლიფტში შევედით

ეგ როდის, პირველივე თვეს რომ ჩამომაჭერი ხელფასი თუ მაგის მერე-მეთქი

დღეს რაღაც შენს თავს არ გავხარო – დიდი სიამოვნებით მივახლიდი, რომ პირიქით, ამდენი ხანი არ ვგავდი ჩემს თავს და უფრო მეტად დავემსგავსებოდი, თუ მაგ ბავშვის ტრაკივით ფითქინა და ფაფუკ სახეს გავუერთიანებდი, მაგრამ ლიფტი იქამდე გაჩერდა, სანამ მე ფიქრებს თავი მოვუყარე. ფოიეში გამოვედით, კარისკენ დავიძარი, როცა უცებ შემაჩერა

საითო?

საცხობში გავდივარ-მეთქი

ბუფეტს რას უწუნებო? – ეს ბუფეტიც ბიოგრაფიების არ იყოს, მისი იდეაა, თითონ ყოველდღე აქ ჭამს და სხვებსაც აძალებს ხოლმე. ბუფეტში კიდე ყოველთვის საშინელი საჭმლის სუნი დგას, ჯიგარმა გამწოვებზე ფულის დახარჯვა არ მოინდომა, საჭმელი ამის შიშით გემრიელია, მაგრამ სუნი?

სიგარეტიც საყიდელი მაქვს-მეთქი, მოვიტყუე.

წამო, წამო ერთად ვჭამოთ და უკანა გზაზე იყიდიო, თან დღეს ჩახოხბილი დავაბარე, თითებს ჩაიკვნეტ ისეთი გემრიელიაო – ნეტავ თვითონ არ უქმნის ის სუნი დისკომფორტს? არ წუხს, რომ ბუფეტიდან ამოსული საშინლად ყარს? მაგრამ თვითონ დირექტორია, ფეხებზე არ კიდია? კიდია! ხელზე ხელი მომკიდა და ბუფეტისკენ ძალით წამათრია, კარი გამოაღო თუ არა, ის საშინელი, შვიდჯერ ნახმარი ზეთის ყოვლისმომცველი, ყველაფერში შემღწევი და კანზე ტკიპასავით ჩამჯდომი სურნელი გამოვარდა. ეს სუნი თუ აიკიდე მტრისას, ტანსაცმელს ქიმწმენდის გარეშე ვერ უშველი… ეგ კი არა, ჩვენმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოყვა, ბუფეტის მერე ისე ყარდა ჩემი ტანსაცმელი კიევური კატლეტის სუნად, რომ საღამოს სახლში დაბრუნებულს ქუჩის მაწანწალა ძაღლები ამეკიდნენ, დაგლეჯას ძლივს გადავურჩიო.

მთელი დღეა გულისრევას ვიკავებდი, ამ სუნს უკვე ვეღარ გავუძლებდი,პირველივე კოვზ ჩახოხბილზე ამოყოფდნენ თავს გუშინდელი ღამის ცოდვები, ჟვაპე ღვინო, კონიაკი, ნეფე-დედოფლის, დედმამიშვილების და მიცვალებულების სადღეგრძელოები… მაგრამ მიცვალებულებზე ნუ გავჩერდებით და აქვე ვთქვათ, რომ ცალი ფეხით უკვე ბუფეტში ვიყავით, როდესაც ფოიეს კარი მოურავმა შემოაღო. დავინახე, დამინახა და შორიდან მივესალმე. დირექტორმა ალმაცერად გახედა ჩვენკენ მომავალ მოურავს, ხელი გამიშვა და ისე წამოიჯგიმა, როგორც ეზოს ძაღლებმა იციან უცნობი სტუმრის დანახვისას.

შენ ვინ ხარ და აქ რამ მოგიყვანაო

მოურავმა, მე ამ კაცის მეგობარი ვარო

დირექტორმა – მეგობრობა შვიდ საათს მერე ვიცი მეო

შენ ვინღა ხარო მოურავმა?

მე ვინ ვარო?-შეიცხადა დირექტორმა

ჩემი დირექტორია-მეთქი

ამის დირექტორი ვარო – დირექტორმა

დირექტორი ხარ ესე იგიო?

დირექტორი ვარო და აქო უცხო პირების შემოსვლა საერთოდ არ შეიძლება, ეს ბუფეტი მხოლოდ თანამშრომლებისთვის არისო

შესვენება ხომ მაქვს, ხოდა გარეთ დაველაპარაკები-მეთქი

აბა ჩახოხბილიო? – დირექტორმა

რა ჩახოხბილიო? – მოურავმა

ჩახოხბილი გავაკეთებინე დღეისთვისო

ერთ წამს მომისმინე მეგობაროო, მოურავს ეტყობა ნერვებმა უმტყუნა, მე ამ კაცთან მოვსულვარ სტუმრად, ესა და ესა ვარ, ამასა და ამასთან ვმუშაობ, შენზე და თქვენზე აქეთური და იქითური გამიგია, ბატონიც კი კითხულობს თქვენს წიგნებს, ოღონდ მარტო იმათ, სქელ ყდებში რომ არის და ცუდ წარმოდგენას ნუ შემიქმნით თქვენზე, ახალგაზრდობას გაფიცებთო. დირექტორმა, ჩემმა მზემ, გეთქვათ აქამდის ვინ იყავით და ამხელა აურზაურს არ ავტეხდი ცაში ღმერთია მოწმე, მიწაზე კი ადამიანები, დიდიან-პატარიანა ყველა დამემოწმება, არ მიყვარს კონფლიქტებიო, აქ ესე, ათასი მეგობარი და ამხანაგი აკითხავს ჩემს მორჩილებს და ამათმა სულ რომ თითო-თითო მეგობარი შემოიყვანონ ამ დალოცვილ ბუფეტში, ამდენ კაცს რა ჩახოხბილი ეყოფაო?

ჩახოხბილისას არა ვჩივი, ეს კაცი ათიოდ წუთით გამაყოლე, მადლიერი დაგრჩებიო

დღეს საერთოდ თავისუფალია, ოღონდ ერთი პირობითო

პირობას გააჩნიაო

დამპირდიო

რომ დაგპირდე და ვერ შეგისრულოო

რთულს არასა გთხოვო

კაიჰ, მაშინ ვფიცავ თუ რამე წმინდა მაქვს, ყველაფერსო

მამაჩემის ლექსების კრებულს გაგატან და ეგება და ბატონს უძღვნა ჩემს მაგივრადო…

რომელიღაც სუპერ ფეშენებელური რესტორნის, რომელიღაც ვიაიპი კაბინაში ვისხედით და რომელიღაც ძალიან ცნობილი შეფ მზარეულის სიყვარულით ნაკეთებს, რომელიღაც ძალიან ცნობილი ბრენდის დანა ჩანგლებით სვეცკად შევექცეოდით, დირექტორის მამის “ასი საუკეთესო ლექსი” რომელშიც სულ ორმოცდათვრამეტი ლექსი იყო მაგიდის კიდეზე, გადავარდნაზე იდო, როდესაც მოურავმა დააბრეხვა -

ბატონს უნდა შენთან შეხვედრაო. ლუკმა გადამცდა და ჩემს მოსასულიერებლად ოთხი მიმტანი, რესტორნის უმცროსი და უფროსი მენეჯერები ერთად შემოვარდნენ, ზურგზე ხელები მიტყაპუნეს, ტრადიციული ტაილანდური მასაჟი გამიკეთეს, ამომასუნთქეს და ისევე უცებ გაქრნენ, როგორც გაჩდნენ. აზრზე მოსულმა მოურავს ვკითხე

ჩემთან-მეთქი?

ხოო

რატომ-მეთქი?

მოკლედო, თავის თავგადასავლების და გასაჭირების ფურცლებზე გადატანა და ზემოდან სევდისფერის დადება უნდა დიდი ხანია, უბრალოდ სანდო და გამოცდილი კაცი არ ეგულებოდა აქამდე და გუშინ რომ მომიყევი იოანე პავლე მეორე და ეგეთებიო, ეგეთები არ უნდა-მეთქი, გავიფიქრე და დღეს შენი თავი ვურჩიე ჩვენს მამას და მარჩენალსო, იმან კიდე მაიტა, მოიყვა რა კაცია, ცალი თვალით შევხედოთო

ვახ-მეთქი

მადლობას მერე მეტყვიო.

მესამე თავი

როგორი სასაცილოა ჩვენი წვალება, რომ ევრორემონტიანი ბინები გვქონდეს, რომ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები გვქონდეს, რომ ჩაშენებული სამზარეულო გვქონდეს და რომ ცენტრალური გათბობა და ნათელი, მყუდრო და კუთხის ბინა გვქონდეს… როგორი სასაცილოა ეს ყველაფერი, როდესაც სადღაც, ჩვენს სახლთან ახლოს, იქვე, ჩვენს ქალაქში, საერთოდ სხვა და წარმოუდგენელი სამყარო არსებობს, სამყარო, სადაც ჩვენი უბნის ხელა ეზო აქვს ვიღაცას და ჩვენი სახლის ხელა ტუალეტი…

ბატონის ეზოში რომ შევაბიჯე, წარმოუდგენელი დაუცველობის გრძნობა დამეუფლა. მე სად ვარ? სად ვცხოვრობ? სად ვკვდები? როგორ შეიძლება მეც და ამ… ამ… არ ვიცი რა დავარქვა ამ რაღაცის პატრონიც ერთი და იგივე ქალაქში ვცხოვრობდეთ, როგორ შეიძლება მე და მას რაიმე საერთო გვქონდეს, როდესაც ის თავისი ოთახიდან თანამედროვე ედემს უყურებს, მე კიდევ ბეტონის ჯუნგლებს…

ქალაქია ქალაქში. მწვანე ქალაქი და ვიღაცას იმიტომ, რომ უფრო მეტი ფული აქვს, აქვს უფლება უფრო სუფთა ჰაერით ისუნთქოს, აქვს უფლება, რომ ნახევარი ქალაქი იყიდოს და თქვას ერიჰაო, ესაო დღეიდან ჩემი სამფლობელოა და ღობის აქეთ შემოსვლა თუ გინდათ, არ გინდათ, ნუ გინდათ, მაინც ვერ შემოხვალთო. ესაო, ესა ჩემი სამოთხეა და მე ვარ აქაო ღმერთიო და თუ მაინცდამაინც იქნა და შემოხვედით, იცოდეთ, ორი ხე მიდგას მე ამ ქალაქში, ხე ცნობადისა და კეთილისა და ხე ფულისაო. პირველი ხის ნაყოფი იმდენი გიჭამიათ მუცელზე გამსკდარხართ, მაგრამ, ფულის ხეს ხელი არ ახლოთ თორემაო…

ჰა როგორიაო? – ისეთი სახით მკითხა, გეგონება სიმბა იყოს და მამამის მუსტაფას, დაერიგებინოს – რასაც აქა ჰხედავ და რასაც მზე ანათებს, ყველაფერი შენია შვილო ჩემოო.

კარგია-მეთქი

კარგობები შენ შიგნით უნდა ნახო, აქ არაფერიო, ეზოა რა… შიგნით კიდე ათასია სანახავიო.

ე ამ ყველაფერს რომ უყურებ კაცი, სადღაც გულის სიღრმეში პატარა, მაგრამ ოთხკუთხედი ფიქრი გაგკრავს, ახალგაზრდობაში, ბურჟუას რომ ნეგატიურ სიტყვად ხმარობდი, ეგება და არ იყავი მართალი და ეგება ბურჟუობა გრეხი კი არადა ოცნებაც კია და ეგება შენგანაც გამოსულიყო კარგი ბურჟუა, აი ისეთი, პიჟამოთი რომ გამოტანტალდება თავის წილ მწვანე გაზონზე და ველოსიპედისტ, ფართ თაიმ ფოსტალიონ, ფართ თაიმ თინეიჯერ და ფართ თაიმ სახლში რაღაცა არ უყიდეს და ფულს აგროვებს, ბიჭის მოტანილ გაზეთს ამაყად რომ დაწვდება და ამაყადვე წელში გამართული, ვიწრო ქუჩის გადაღმა, ახალგაზრდა გოგონას მიესალმება, რომელიც ბურჟუაზიული სამეზობლოს პატარა და დიდ ძაღლებს ასეირნებს. ასეირნებს ბევრს ერთად, ბევრს და უფრო დაბანილებს და უფრო ჯანმრთელებს და უფრო ბედნიერს, ვიდრე სხვა და არაბურჟუა მოქალაქეები არიან.

საშიშია ეგეთი ფიქრები. შეგიყოლებს და წაგართმევს იმ რაღაცეებს, რასაც წლობით ინახავ და უვლი და რასაც შენს პიროვნებას არქმევ და სინამდვილეში კიდევ, კაცმა არ იცის რა არის, იქნებ პიროვნებაცაა და იქნებ მართლა ხარ ეგეთი სტოიკური არსება, არაფრით რომ არსად მილიმეტრითაც არ წაიხარა, ანდა იქნებ ამ ტრაკის დაკარგვის შიშში ჩარჩენილი უტრაკო ხარ, რომელმაც თამაშის წესები ვერ მიიღო, რომელიც სუსტია და მამენტ ღირსიც კია, რომ ავტობუსით იწანწალოს ყოველდღე, დილით და საღამოს, დილით ვიღაც ოფლიანის იღლიაში ჰქონდე სახე ჩარგული, საღამოს კი თავისი; ოღონდ არავინ შევაწუხო მორალის გამო, სამსახურიდან დაღლილს, სახლისკენ უკანა გზაზე, სკამზე ჩამოჯდომა ეუხერხულებოდეს, ეგება და ვინმეს უფრო მეტად დასჭირდეს ეს ადგილიო და სადღაც, შემდეგ გაჩერებაზე, დაუცველი მოხუცის მოლოდინში, ვიღაც უტიფარი ახევდეს სკამს…

რას გაიგებ… შეიძლება ორივე მართალია.

რთულია და საშიში ესეთი ფიქრები.

რთულია და საშიში.

თან მითუმეტეს, იმდენად სწრაფად და გაურკვევლად მოხდა ყველაფერი, რომ ჯერ ბოლომდე ვერც ვიაზრებ რას დავთანხმი, რას ვიგებ ან რას ვკარგავ ამ ყველაფრით… ესეც უაზრო შიშია, რა უნდა დავკარგო, რა მაქვს რო? ბიოგრაფიები? სამსახური? თავი? ტრაკი?

თავზე და ტრაკზე ვილაპარაკეთ უკვე…

აქ დაელოდეო – აბსტრაქტული ნახატებით აჭრელებულ ოთახში შემიყვანა და ყველაზე რბილ სავარძელში ჩამსვა.

მოიცა-მეთქი

რა იყოო?

დაცვა შმაცვა? არ შემამოწმებს-მეთქი

გაეცინა – შემოწმებული ხარ უკვეო

ვერ გავიგე-მეთქი

გაიგებო, ყველაფერს ნელ-ნელა გაიგებო… – ხანდახან როგორი ორაზროვანი შეიძლება იყოს იდიოტი…

ლოდინი ყველაზე დიდი საშინელებაა, რაც შეიძლება ადამიანს შეემთხვეს. სადღაც ოდესღაც სტატია მაქვს წაკითხული, რომ ადამიანი ამდენ და ამდენ საათს კარგავს ლოდინში, რიგში და მისთანებშიო… ხოდა სადღაც ბანკის რიგში გაჭედილს ტვინის რაღაცით დაკავება მაინც შეგიძლია, ბუკლეტებს წაიკითხავ, დოლარის კურსით შეშფოთდები ან რაღაცას იზამ, ბოლო-ბოლო ადამიანებს მაინც დააკვირდები და აქ, აქ რა ჯანდაბა უნდა ქნა? ორი სავარძელი დგას, და კედლებზე ყოვლად უგემოვნო, უშინაარსო და უაზრო, მაგრამ ალბათ ძალიან ძვირიანი ნახატები კიდია. ნახატები თხუთმეტ წუთში ამოვწურე, დარჩა სავარძელი, რომელიც, კი ბატონო, ძალიან რბილი, თბილი და სასიამოვნოა მაგრამ როდემდე? როდემდე? როდემდე და სანამ კარში ახალგაზრდა გოგო არ შემოვა. რაღაცნაირი მურტალი გოგოა, თან ძალიან ლამაზია და თან ძალიან უშნო, თან მაგარი ქლესა ღიმილი აქვს და თან ზედმიწევნით პატიოსანია, ნაღდი იანუსია, ბატონის კარიბჭეს კაკ რაზ ეს იცავს…

ხომ არ მოიწყინეთო – გაღიმებასავით ვცადე, მაგრამ ჩემი ფეხები, მეთქი ეხლა ხელს მომკიდებს და ბატონთან შემიყვანს და რავარია გაიღიმო, ბატონთან შესახვედრად მზად არ ვარ, ტვინში, მასთან შეხვედრა-მიღების სავარაუდო სცენარებიც კი არ დამილაგებია ჯერ, ისიც კი არ წარმომიდგენია, რას მეტყვის ანდა მე რას ვეტყვი, რას მკითხავს და მე რას ვუპასუხებ, რაზე იხუმრებს და მე რაზე არ გამეცინება.

ბატონმა ბოდიში შემოგითვალათ, ცოტა ეწელება შეხვედრა, ხომ ხვდებითო

კი, კი როგორ არა, გადატვირთული გრაფიკი, ათასი საქმე, კი როგორ არა, მესმის-მეთქი

დიახ, დიახ სწორად გესმით, რამე ხომ არ გნებავთო?

თუ შეიძლება რომ სხვაგან დაველოდო-მეთქი

ეს ოთახი რატომ არ მოგწონთო?

რავიცი, უბრალოდ, რავიცი… ჰაერზე რომ გავსულიყავი კარგი იქნებოდა-მეთქი

აა… ჰაერზე გნებავთო? მე მეგონა სხვა დალოდების ოთახში გინდოდათ გადანაცვლება, სწორად გამიგეთ, სხვა ოთახებში სხვები ელოდებიანო

ბოდიში-მეთქი?

მოგეხსენებათ, ბევრს უნდა ბატონის ნახვაო…

მოიცა-მეთქი

გიცდითო

სხვა კანდიდატურებიც განიხილება ბატონის ბიოგრაფად მეთქი – პლანშეტში რაღაცას ჩახედა და ღიმილით მიპასუხა

არა, მაგ მომლოდინეთა სიაში მხოლოდ თქვენ ხართო

აბა, სხვები რას ელოდებიან-მეთქი

ეეჰო – არა, მართლა რა, ხანდახან როგორი ორაზროვანი შეიძლება იყოს იდიოტი…

ეზოში, თუ ტყეში, თუ მდელოში, თუ ედემის ბაღში, თუ რაღაც მსგავსში გამოვედით და იანუსამ მითხრა

კარ-მიდამოს ექსკურსია თუ გნებავთ, ბიჭებს ვეტყვი ელექტრომობილს მოგიყვანენ, ტარება ხომ იცითო

რისი-მეთქი

ელექტრომობილისო

ვაფშე არ ვიცი ეგ რა არის-მეთქი

მანქანა თუ გიტარებიათო

ავტომატიკა-მეთქი

იგივეა, ჰა რას იზამთ, აიღებთ ექსკურსიასო?

მაიტა-მეთქი

ყოველ ორმოცდაათ მეტრში ნიშნებია, ნიშნებს გაყევით და იმას იპოვით რასაც ეძებთო

პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით-მეთქი – გახუმრება ვცადე

ვერ გავიგეო – მე მეგონა, რომ ბატონისნაირი ტიპები ან ზოგადად დირექტორი ტიპები თანამშრომლების აყვანის დროს სივის გარდა მათ იუმორს და პერსონალურ სკილებსაც ითვალისწინებდნენ, მაგრამ ჩემი ფეხები, დირექტორებს, ბატონებს და მათნაირებს მხოლოდ რობოტები ჭირდებათ, არანაირი ექსპრომტი, იმპროვიზაცია, ზედმეტი გაღიმება და ეგეთები… დრო მოვა, როცა ბატონების და დირექტორების დაფინანსებით მეცნიერები, რობოტ თანამშრომლებს მოიგონებენ და ჩემნაირებს და ამ გოგოსნაირებს და დაჟე, მოურავისნაირებსაც კი სანაგვეზე მოისვრიან, ე, იმ რობოტებს, ბატონის და დირექტორის საამებელი სიტყვების კოდები და პროგრამებიც ექნებათ და აღარავის დაჭირდება ჩვენი ვაზელინით დარბილებული, დაშაქრული ლაპარაკი და შეპუდრული ტრაკის ლოკვა.

ეგრეა!

ნიშნებს მართლა მიყავხარ სადაც გინდა, უბრალოდ სად გინდა ეგ არის პრობლემა, რა გაინტერესებს, რას ნახავდი დიდი სიამოვნებით, რისგან ჩამოიგდებდი კილომეტრზე ყბას? რიტუალების სასახლე გაინტერესებს? მინიმთები? ჩანჩქერი, ამ ეზოსაოცრებაში ყველაფერია. ყველაფერი. ვზივარ ამ ჩემის ელექტრომობილზე, ცალი ხელით ვატრიალებს საჭეს და ჩანჩქერისკენ მივდივარ, ჩანჩქერი ასწორებს, გრილა ჩანჩქერებთან და სასიამოვნო სუნია, თან მაინტერესებს, ნამდვილი ჩანჩქერია თუ ხელოვნური…

ნამდვილია… მაგრამ არც ისე დიდი, ჰა-ჰა ათი მეტრი იქნება სიმაღლეში, ჩანჩქერის სიახლოვეს გრილა და კარგია, წყლის შხეფები სახეზე მხვდება და რაღაცნაირად მამშვიდებს… ისიც ადამიანია, მერე რა, რომ ჩანჩქერი აქვს, ისიც ადამიანია, ჩემნაირია, ოდნავ უკეთეს სუნამოს ხმარობს და ოდნავ უკეთესი საათი უკეთია,ოდნავ უფრო დიდი ეზო აქვს, ვიდრე ჩემი უბანია, მაგრამ მერე რა? ისიც ადამიანია ისიც შედის ტუალეტში და მასაც აქვს პახმელია… ჩვენ ძაღლები გვყავს, კატები, ზაზუნები… მას სხვადასხვა ეგზოტიკური ცხოველები, მაგრამ მაინც ადამიანია… ადამიანი.

ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე, კარგია ჩანჩქერის ქვეშ მოწევა, სიმშვიდეა ჩანჩქერი და სიმშვიდეა სიგარეტი, მოვუკიდე და ყველაზე გემრიელი ნაპასი დავარტყი, სწორედ ამ დროს ჩანჩქერიდან წყარიშდიდამ ამოყო თავი და სირინოზის ხმით ჩამკივლა – აქ არ ეწევიან, ხომ იცი ბატონს სიგარეტის სუნი აღიზიანებსო

ხო, მაგრამ ბატონის ადგილსამყოფელიდან კაი გვარიანად შორს ვარ-მეთქი

მაგას რა მნიშვნელობა აქვს, გაიხედ-გამოიხედე რამდენი კამერაა დამაგრებულიო

ხეების გარდა არაფერია აქ-მეთქი

ხეზე ჩიტებს ხედავო?

კი-მეთქი

ხოდა ეგ ჩიტები მიუტანენ ბატონს ამბავსო

მოიცა, ანუ ვაფშე ვერ მოვწევ-მეთქი

თუ ბატონთან მუშაობა გინდა ვერაო

ვახ-მეთქი

აბაო…

შენ ნამდვილი ქალთევზა ხარ-მეთქი – არაფერი მიპასუხა, ჩანჩქერს უკუმიმართულებით აუყვა და გაუჩინარდა.

მეოთხე თავი

ვისაც ბატონის ბაღში, მეგრული მითოლოგიის ქალღმერთის ნახვა არ გაუკვირდა, მას ალბათ არც ის გაუკვირდება, რომ ბატონთან მომლოდინეთა რიგებში კვირაობით მდგარი, ისეთ გადასარევ და კამფეტ ხალხს ვხვდებოდი, როგორიც ქართული პოლიტიკის, შოუბიზნესის, მეცნიერების, სპორტის და მაწ ივო ინწილიგენციის წარმომადგენლები არიან…

მაგრამ… მააგრამ!

მომლოდინეთა სიაში ყველაზე ხშირად მაინც “დამსახურებული შვილები” მხვდებოდნენ. ყველაზე აუტანლები, ყველაზე აუტანლებს შორის, მშობლის უზენაეს სახელს ამოფარებული, სპეკულიანტი, ხელგაწვდილი, ამაყი მათხოვრები – “შენ იცი მამაჩემმა?” “აი დედაჩემმა რომ…” სხვისი წარსულის ცხოვრებით მცხოვრები აჩრდილები, ერთ დროს არასრულფასოვნების კომპლექსით ტვინ და გულ ნაღრძობი, ვერ შემდგარი საცოდავი კაცუნები და ქალუნები…

ოი როგორ მძულდა ეს გადასარევი საზოგადოება, წიგნების პრეზენტაციებზე, საუკუნის წინანდელი, ნაფტალინის სუნიანი შუბებით რომ შემოლაგდებოდნენ და უკანა რიგებში რომ ხმამაღლა ქოთქოთებდნენ. სულ ქინძზე ეკიდათ, რა წიგნის პრეზენტაციაზე იყვნენ და გგონიათ ამას მალავდნენ? არავითარ შემთხვევაში, დედიმაგათივით და მამიმაგათივით მაინც ვერავინ ვერასდროს დაწერდა, ვერ დახატავდა, ვერ დადგამდა და ვერ გადაიღებდა. ამაზე კამათს აზრიც კი არ ქონდა, ისინი ხომ დამსახურებული შვილები იყვნენ, სახალხო არტისტები, ჩვენ? ჩვენ არავინ!

„დამსახურებულ შვილებს” ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვთ. არსებობენ როგორც დამსახურებული “დამსახურებული შვილები”, ასევე დამწყები “დამსახურებული შვილები” და არსებობენ კიდევ თაობებით “დამსახურებული შვილები”. ეს უკანასკნელნი ყველაზე განსხივოსნებული არიან, ისინი ამაყად მოერგნენ ყველა იდეოლოგიას, მთავრობას, რევოლუციას, ყველა ბატონს და საერთოდ ყველას, ყველას, ვინც კი ერთხელ მაინც აღნიშნა, რომ ისინი სამშობლოს დამსახურებული შვილები არიან.

უკანა რიგებში მსხდომებს კიდე ასე თუ ისე აიტანდი, მაგრამ უშუალო კონტაქტის დროს შეიძლება ხელით შეხებოდი, ისე გიყურებენ და ისე გექცეოდნენ, გეგონება მართლა რამე გაუკეთებიათ ცხოვრებაში მშობლების სახელის ტირაჟირების და სპეკულაციების გარდა…

ბატონთან ერთ ნაცნობ „დამსახურებულ შვილს” შევხვდი, ადრე გამარჯობას რომ ძლივს იმეტებდა, ახლა მთელი საათი მესაუბრა, ჩემი იქ ყოფნის მიზეზი რომ გაიგო, საერთოდ დატკბა და ქებათა ქება მომიძღვნა, მაქო და მადიდა, შენზე უკეთ მაგ საქმეს ვერავინ გააკეთებსო, ყოჩაღ ბატონსო, აი მალადეც, ნუ ბოჟე მოი… ჭკვიანი კაცი რომ იყო კი ვიცოდი, მაგრამ ასეთიო?

აბა-მეთქი

ჩემი ამბავი გაიგეო? – რომელი ერთი ნეტა? ეს ქალბატონი “დამსახურებული შვილი” ხომ იყო, მაგრამ თავისზე უფრო დამსახურებულ შვილებს ცალკე ზრდიდა, მისი “დამსახურებული შვილები” პროფესიაში მასზე უარესები აღმოჩნდნენ, მაგრამ სამაგიეროდ ყველგან შეძვრნენ და ყველგან გამოძვრნენ, ყველაფერს მიედნენ და ყველაფერს მოედნენ. უბრალოდ ერთი კია, ამ გაძრომ-გამოძრომაში ნამეტანი დიდი ვალები დაუგროვდათ და ათწლეულობით, დამსახურებული შვილიდან დამსახურებულ შვილზე გადმოსული ქონება გაანიავეს, გაანიავეს იმდენად, რომ ლამის სახლის გარეშე დარჩნენ, მაგრამ ქალბატონი „დამსახურებული შვილი” რისი “ქალბატონი დამსახურებული” შვილი იქნებოდა, გადასარევი გეგმა რომ არ მოეფიქრებინა.

ჩემი დამსახურებული ბებია-ბაბუის და დამსახურებული დედ-მამის სახლს სახლ-მუზეუმად ვაკეთებო

გადასარევი ამბავია-მეთქი

გადასარევია აბა რა არის, ერთი იმიტომ, რომ სახლ-მუზეუმი სახლ-მუზეუმად დამრჩება და კულტურის სამინისტრო მის შესანახად ყოველთვე ფულს გადმომირიცხავს და მეორე იმიტომ, რომ კანონის მიხედვით ბანკებს და მაგ ოხრებს ჩემი სახლის დაყადაღება აღარ შეეძლებათ, კულტურული მემკვიდრეობის ამბავშიო.

რა კარგათ მოგიფიქრებიათ-მეთქი

საერთოდ არ დამჭირდებოდა ამდენი მაიმუნობა, სამინისტრო რომ ცოტა ყურადღებას გვაქცევდესო

და ბატონთან რა საქმეზე ხართ-მეთქი

ეგ შენი საქმე არ არის ახალგაზრდავ, ნუ პლებეიო – თქვა და ნორკის შუბის ქვეშ გაუჩინარდა.

ინწილიგენცია მაწ ივო! ინ წი ლი გენ ცია!!!

გმადლობ რომ არსებობთ!!!

ეხლა მეორე, ლოდინის და მთავარ ფლანგზე რა ხდება… რომანის დაწერა გადავწყვიტე! დიახაც! აი ეგრე! მეყო რაც ვარედაქტირე და ვიცოდვილე, დროა საქმეს მივხედო და თან ესეთი მაგარი თემა კიდევ როდის დამეცემა თავზე… კი, ჩემი ძმა, სწორად მიხვდი, ბატონზე ვწერ, უფრო სწორად, ვწერ რომანს იმაზე, თუ როგორ ვწერ ბატონზე წიგნს და ე, მაგ რომანში ეს დამსახურებული შვილებიც შევლენ, აქ მომუშავე ჯიგრებიც, წყარიშდიდაც, იანუსაც და ყველანი ესენი და რომანი ესე, იქნება უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი, ვიდრე ევროკავშირთან დადებული შეთანხმება, რომლის პარაფირების რატიფიცირება თუ რატიფიცირების პარაფირება კაცმა არ იცის რატიფიცირდა თუ პარაფირდა…

რომანისთვის გადასარევი მეორეხარისხოვანი პერსონაჟები მყავს უკვე, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ რომანის მთავარ გმირს ჯერ არ შევხვედრივარ…

ხო, აი ეგრე მოხდა… მთელი თვეა დათქმულ დროს მოვბლაყუნობ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ოთხჯერ თუ ხუთჯერ მომიწია ტყუილად მოსვლა, მაინც არასდროს ვიგვიანებ. აქ რომ ხალხი მუშაობს, თუ დადის თუ რასაც შვება, ის ხალხი ამბობს ბატონს სიგარეტის მწეველებზე მეტად დამგვიანებლები არ უყვარსო, მე კი არაფრით არ მაწყობს ბატონს რომ არ ვუყვარდე, მთელი თვის ხელფასი გავმაზე და ახლა ეს ბატონის ნაამბობიც რომ გამემაზოს, შემდეგ თვემდე ცოცხალი ვერ მივალ, ის კი არა, რომ რომანს ვერ დავწერ, ან ის კი არა, რომ გაზის, შუქის და ეგეთების ფულს ვერ გადავიხდი, ბანკს ვერ გადავიხდი, ბანკს! და ბანკის არგადახდა იცი რას ნიშნავს? იმას, რომ ჩემს სახლს წაიღებენ, წაიღებენ და მერე როგორ წაიღებენ! მე ხომ არავინ ვარ… არც დედაჩემი, არც მამაჩემი, არც მათი მშობლები და არც იმათი მშობლები არ ყოფილან სახალხო არტისტები, ჩემს საგვარეულოში ყველაზე წარმატებული კაცი, ჩემი დიდი ბაბუა გამოდგა, ანტიკომუნისტური საქმიანობის გამო დახვრიტეს, ხოდა, მეეჭვება მისმა სახელმა ჩვენს სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მისცეს.

არადა პირიქით უნდა იყოს, საერთოდ პირიქით უნდა იყოს, კომუნიაკების დროს რომ აშენდნენ და დამშვენდნენ იმათი შვილები და შვილიშვილები რატომ არიან საზოგადოების მაღალი ფენადა მათზე რატომ ვზრუნავთ და ვფიქრობთ უფრო მეტს, ვიდრე ჩვენზე, ვისი ბებია-ბაბუებიც სისტემას ებრძოდა და ამ ბრძოლაში დახვრიტეს, გადაასახლეს, აწამეს და რავიცი, რა აღარ უქნეს, ჩვენ რატომ ვართ გაჭირვებული და მიგდებული?

სახელმწიფო ხომ უხდის ეკლესიას ფულს, ვითომ იმიტომ, რომ ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლები არიან… მე არ ვარ? კაი, მე არ ვარ დავუშვათ, თაობები შეიცვალა და ჩემი რეაბილიტაცია მოხდა და იტაგდალი… მარა ბაბუაჩემი? ვისი მამაც კედელთან მიაყენეს? ან მაგის დედა ვატირე, თუ მე იმიტომ არ ვარ რეჟიმის მსხვერპლი, რომ ვრეაბილიტირდი, სამღვდელოება რით ვერ რეაბილიტირდა, თან მითუმეტეს, ყველაზე მძიმე ოქროსჯვრიანი მღვდლები გამოდიან და სტალინს, როგორც უდიდეს ბელადს, ხოტბას ასხამენ…

კაია არა, ჩემი ფულით ნაყიდი ჯიპები? სხვანაირი ჩანს ხო სამყარო როცა ფულს არაფერში გიხდიან, მე და ჩემნაირებს ვირებივით გვიწევს მუშაობა, რომ თვიდან თვემდე მივაღწიოთ, ან ერთ პატარა ბატონს უნდა დავუდგეთ ან მეორე დიდს და ესენი კიდე… კაროჩე რა… რა აზრი აქვს?..

ლოდინის ოთახში ვიჯექი და ამეებზე ვფიქრობდი, როცა თავზე მოურავი დამადგა და კონვერტი გამომიწოდა.

აჰაო

რა არის-მეთქი?

გახსენიო – გავხსენი, ფული იყო. ბევრი. გამომცემლობაში რომ მთელი წელი უნდა ამეღო, იმდენი. ძალიან ბევრი.

ვახ-მეთქი – ეს ვახ-იც ძლივს ამოვუშვი პირიდან. ყველა შოკზე უფრო რთულად გადასატანი, ბევრი ფულის შოკი ყოფილა, კიდევ კარგი ვიჯექი, თორემ მუხლებში მოვიკეცებოდი. ცივმა ოფლმა დამასხა და თავბრუს ხვევა დამეწყო, მოურავის სიტყვები კიდე ამ ყველაფერს უფრო ამძიმებდა.

ესაო, ამ თვისააო, ბატონი ძალიანა წუხს, რომ ვერა და ვერ შეგხვდა, საქმეები, ხომ ხვდებიო, მაგრამ რაღაცა იქნება, ასე არ დავრჩებით, შემდეგი და იმის შემდეგი თვეებიც წინ არ არისო – ამ თვის ფულიო, შემდეგი თვეო და იმის შემდეგიო, ანუ სამჯერ ამაზე მეტი… რაში ოღონდ? ლოდინში? აზრები მოვიკრიბე -

ამ ფულს რაში ვიღებ ჯერ არც კი შევხვედრილვართ-მეთქი

მაგიტომ იღებ ასე ცოტას, მუშაობას რომ დაიწყებ მერე მოგემატება, ცოტაც გაუძელი, ცოტაცო – ცოტას იღებო, მგონი მეღადავება…

როდის დავიწყებ მუშაობას-მეთქი

აბა რა გითხრა, შეუცნობელია ბატონის გზებიო – თქვა და ტელეფონმა დაურეკა

ახლავე ბატონოო – და ოთახიდან გავარდა, მე კიდევ დავრჩი ასე, ბევრი ფულით, ძალიან ბევრი ფულით ხელში, ვიყავი ბედნიერი და რატომღაც ცოტა შეურაცხყოფილი, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მიყიდეს, მართალია კარგ ფასში, მაგრამ რომ იყიდები, ტეხავს, უფრო მაგრად ტეხავს, რომ არ გიფიქრია და ისე იყიდები და კიდევ უფრო მაგრად ტეხავს, რომ ამას ისე აკეთებენ, რომ შეურაცხყოფას არ გაყენებენ, მაგრამ მაინც შეურაცხყოფილი რჩები… თუ ესეც ჩემი ზაიობებია… პრინციპში ბატონთან ვარ, მართალია არ ვმუშაობ, მაგრამ დროს ხომ ვკარგავ? სამსახურიდან ხომ წამოვედი და მთელი თვე ხომ უმუშევარი ვარ, ხოდა სხვა თუ არაფერი, მაგაში და ლოდინში მიხდიან… ვახ, თავს ვიპრავებ თუ, თავს ვიტანჯავ? ზედმეტ კითხვებს ვსვამ თუ ადვილ პასუხებს ვიგონებ?

ჩემი ბრალია ფულს რომ მიხდიან? არა! დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები… მაგრამ, რომ ველოდები მაგაში ფულს მიხდიან, და ფულს რომ მიხდიან ეგ მიტყდება და…

ვაააახ!

იანუსა შემოვიდა და დღეს რახან ხელფასობაა მოკლე დალოდების დღეა და შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ ან სადაც გინდათო

კი ბატონო, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს-მეთქი

ბრძანეთო

ლოდინში ფულს სხვებსაც უხდიან-მეთქი?

არა სხვები ელოდებიან, ელოდებიან და თქვენ ელოდებით რომ იმუშაოთ… სხვებს რატომ უნდა უხდიდეს, ბატონი გიჟი ხომ არ არისო?

არა როგორ გეკადრებათ-მეთქი

აჰა! მე ველოდები, რომ ვიმუშაო და მაგიტომ მიხდიან, ბოლომდე არ მესმის რას ნიშნავს, მაგრამ გასაპრავებლად გამოდგება მემგონი.

ბატონის ეზოდან გამოვედი, მანქანა უკვე მელოდებოდა… ჰო, დამავიწყდა, რაც აქ ლოდინი დავიწყე, მანქანა მემსახურება და ჰო, უფასო კვებაც მაქვს, დღეში სამჯერ და ჰო, ძალიან კარგ პონტში ვარ და ჰო, თუ ცუდი თვალით მიყურებთ, მიყურეთ. ბოლომდე მეც არ ვიცი რა ხდება, თავი დამანებეთ! ასე მოხდა, წინა ფურცლებზე ხომ მოგწონდით, ბებიათქვენისამ!

მეხუთე თავი

         მონურ შრომაზე უფრო დამამცირებელი, მონური ლოდინია. როცა არ იცი რამდენ ხანს უნდა ელოდო და როცა არ იცი რას უნდა ელოდო. შევალ ბატონთან და მერე? თუ მასთან შეხვედრამდე ლოდინით აუტანლად ვმცირდები, მასთან შესული, მუშაობის პროცესში რამდენ დამცირებას შევხვდები? თუ იქნებ ბატონის გარემოცვა გამცირებს და უშუალოდ ბატონი არაფერ შუაშია, იქნებ ის რადიკალურად განსხვავდება მისივე თანამშრომლებისგან, მაგრამ მისი თანამშრომლები ხო მისივე არჩეულები არიან… ნეტა მათაც ჩემნაირად ლოდინი უწევდათ, სანამ მოურავები, იანუსები, წყარიშდიდები, მძღოლები და ჩანჩქერის გამსუფთავებლები გახდებოდნენ?არ ვიცი! რაც ვიცი ისაა, რომ აქ მოსვლამდე სხვანაირი ადამიანი ვიყავი, უფრო უკომპრომისო, უფრო მართალი, სუფთა, ახლა? ახლა არ ვიცი, ახლა ძალიან დიდი თანხა მერიცხება ყოველი თვის ბოლოს ე, ამ რაღაცეებზე საფიქრელად, მაგრამ ეს ფიქრები არსად ქრებიან, სულ ჩემთან არიან.

ამ ორთვიანი ლოდინის დროს ძალიან ბევრ უცნაურ ადამიანს შევხვდი და ისეთი სქილები ავიმაღლე, რომლებიც საერთოდ არც კი ვიცოდი თუ მქონდა. მაგალითად, სიფრთხილის და წინდახედულობის სქილი. ლოდინის საათებში ალაგ-ალაგ მოდიოდნენ ბატონის სხვადასხვა თანამშრომლები და მაფრთხილებდნენ, რომ იმას არ ენდო, ამას არ ენდოო, რამოდენიმემ ბატონზე ცუდად ლაპარაკიც გაბედა და ეგონა, მეც ავყვებოდი საუბარში და რომ მიხვდნენ, რომ არ ვაპირებდი, მალევე ჩამომშორდნენ, მხვდებოდნენ ისეთი ადამიანები, ვინც ერთმანეთზე რიგრიგობით მეუბნებოდნენ, ეგ ხომ იცი ინტრიგანია, მაგასთან რამე ზედმეტი არ წამოგცდესო… მე ერთადერთი რამ ვიცი, ვიღაც ვიღაცაზე რომ გაფრთხილებს ეგ ინტრიგანიაო, პირველ რიგში იმაზე უნდა იფიქრო, ის ხომ არ არის ინტრიგანი, ვინც გაფრთხილებს?

ბატონის გარემოცვამ ჩემი მილიონნაირ თამაშში ჩართვა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, მეექვსე გრძნობის თუ ალღოს წყალობით ვხვდებოდი, სად მელოდა ხიფათი და ადვილად ვიცილებდი თავიდან, მაგრამ როდესაც ვიღაცის დაგებულ მახეს იცილებ, მახის დამგები ავტომატურად შენი მტერი ხდება, ხოდა ეგრე გახდა იანუსა ჩემი მტერი, უფრო სწორად, მე გავხდი მისი.

ბატონი თავის აგარაკზეა დასასვენებლად წასული და თქვენც უნდა წამოხვიდეთ, იქ უნდა დაელოდოთო – მეთქი, მეღირსა, როგორც იქნა შევხვდები და ორ კვირას მაინც ვიმუშავებ, ამ ჩემს საჯანდაბე კითხვებსაც გავცემ პასუხს და დავისვენებ კაცი-მეთქი.

აუ რა კაია, როგორც იქნა-მეთქი

რა როგორც იქნაო?

ბატონს შევხვდები-მეთქი

რა იყო, ხომ არ დაიღალეო – ესეც იმ ჩამჭრელი კითხვებიდან ერთ-ერთია, რომელსაც ლოდინის დროს ძალიან ხშირად ვისმენდი.

არაფერს რომ არ ვაკეთებ და ფული მერიცხება ეგ მაწუხებს, მუშაობა მინდა, რომ აღებული თანხა გავამართლო და სინდისი არ მაწუხებდეს-მეთქი – რეებს ვბაზრობ, რატო ვიპრავებ ამ დურასთან თავს, მაგრამ რას იზამ? რას იზამ? რაას???

მოკლედ, სახლში წადი, ბარგი ჩაალაგეო

აგარაკი სად არის-მეთქი

ჯერ ზუსტად არ ვიცით, რომელ აგარაკზე მიდის, ზღვისთვისაც მზად იყავი და მთისთვისაცო

აუ რა კარგია-მეთქი

ხო, რა გენაღვლება, დაისვენებ მშვენივრადო

მოიცა-მეთქი

გიცდიო…

დავისვენებ თუ სამუშაოდ მივდივარ-მეთქი

ეგ შენ დაასკვენი რომ უნდა იმუშაო, მე არაფერ შუაში ვარო

ვერ გავიგე-მეთქი

ბატონი დასასვენებლად მიდის და შენ როგორ აპირებ მუშაობას, ეგ არ ვიციო

მოიცა-მეთქი

გიცდი, ხომ გითხარიო

ანუ რა გამოდის, ბატონი დასასვენებლად მიდის და მე უნდა გავყვე და უბრალოდ იქ უნდა ვიყო და უბრალოდ უნდა ველოდო შემხვდება თუ არა-მეთქი

არა, მაგ ყველაფერს აქ აკეთებ და იქ უნდა გაყვე და წინასწარ უნდა იცოდე რომ არ შეგხვდებაო

აბა რატომ მივდივარ-მეთქი

ხომ არ გავიწყდება ფულს რაში გიხდიანო – ნაბიჭვარი!!!

მე მგონი ეს ყველაფერი შენი გაჩალიჩებულია-მეთქი

როგორო? – ისე შეიცხადა, გეგონება მამა აბრამის ბატკანი ყოფილიყოს და ცხოვრებაში არანაირი ჩათლახობა არ ქონდეს გაკეთებული, არადა ზუსტად ამ ქალბატონმა და წაკლა წყარიშდიდამ გამიჩალიჩეს, ეგაო ჩუმ-ჩუმად პაპიროზსა ეწევაო, დამასმინეს დაცვის უფროსთან და ის ამხელა, უჭკოუ მოზვერი კიდე საათნახევარი მირჩევდა საქმეს -

ბიჭოო, შენ რით ვერ გაიგე რომ ბატონს არ უყვარს სიგარეტს რომ ეწევიანო

მეთქი, ბატონის სახლის ჭიშკართან ვიდექი, ჯერ შიგნითაც არ ვყოფილვარ

შემოსული და მეორეც, სიგარეტს კი არ ვეწეოდი, ელექტროსიგარეტს ვაორთქლებდი მეთქი

ბიჭო, შეიგნე ბატონს ზოგადად არ უყვარს სიგარეტს რომ ეწევიან და ჭიშკრის იქით იყავი თუ აქეთ სულ ქინძზე მკიდია და ეგ ელექტროსიგარეტი ვაფშე არ ვიცი რა არის, მეორეჯერ შენი პირიდან არც ორთქლი დავინახო ამოსული, არც ბოლი თორემ ბატონს ვეტყვი ყველაფერსო.

მეთქი, საღოლ, რა მაგარი ჯაჭვი გაქვთ, ჩანჩქერის მწმენდავმა, წყარიშდიდასთან ჩამიშვა, იმან ამ დუპლეტ იანუსთან, იანუსამ შენთან და შენ ბატონთან გარბიხარ-მეთქი

ბევრს ლაპარაკობო!

ბევრს ლაპარაკობო! – იანუსამაც ეგ მითხრა, იანუსი კი არა ანუსია ნამდვილი, რა ბანძი კალამბური გავაძრე – ბარგი ჩაალაგე და წამოეთრიე, თორემ ბატონს ვეტყვი ყველაფერსო.

შენ კი არა, მე ვეტყვი ბატონს ყველაფერს-მეთქი

რა ყველაფერსო?

აი რასაც აკეთებ, რომ მიჩალიჩებ-მეთქი

და რა იცი რომ მე გიჩალიჩებ, იქნებ და ბატონმა დამავალა შენი იქ წამოყვანაო

არამგონია-მეთქი

შენ რა გგონია, მე არ მაინტერესებს და თან რომ მემუქრები ბატონს ვეტყვიო,

ერთი მითხარი როდის აპირებ თქმას, ჯერ თვალითაც არ გინახავს და მე შენგან განსხვავებით ყოველდღე ვნახულობ და კაი, ჯანდაბას, მოხდა სასწაული და ნახე, ვის უფრო დაუჯერებს, მე თუ შენო?

საშინლად გავმწარდი, გავცოფდი, აღვშფოთდი -

შენ მე უპატრონო ხომ არ გგონივარ, იცი ვინ ვარ-მეთქი?

ვინო, ვინო, ვინ ჩემი ფეხები ხარო?

მე მოურავის სიყრმის მეგობარი ვარ-მეთქი

მოურავისო არა?

ჰო მოურავის-მეთქი

კარგი დავიმახსოვრებ, ეხლა კიდე დავაი დროზე სახლში ბარგი ჩალაგე რომ გეუბნებიანო. – კარგი, დავიმახსოვრებო, ისეთი სახით და ტონით თქვა რომ მგონი მოურავი მაგრად გავშარე.

გამშარე აბა რა ქენი, შიგ ხომ არ გაქვს, ეგ რამ გათქმევინა, ეხლა უეჭველი

რაღაცას გამიჩალიჩებს ეგ ჩათლაშკა არ იცი რა ინტრიგანიაო – მოურავი ბოლთას სცემდა და საშინლად ნერვიულობდა

წავალ ბოდიშს მოვუხდი ეგ თუ გიშველის-მეთქი

არა, არა პირიქით, ეგონება რომ ვერხი აიღო, ბოდიშის მოხდა არ გვიშველისო

აბა-მეთქი?

აბა ტრაკი დაგეყენებინა ჯობდა, მაგრამ გვიანია, რამე უნდა მოვიფიქროო

რითი გიშველო-მეთქი

შენ ვერაფრით ვერ მიშველი, მეტს ნუღარ გამშარავ შენი ჭირიმე, წადი ბარგი

ჩაალაგე და გააკეთე რასაც გეუბნებიან, ფეხებში, თვალებში და აღარაფერში აღარ მოედო მაგ გოგოს, თუ ღმერთი გწამსო.

ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი?

ვნახოთო

რაღაც მინდა გკითხო, შეიძლება უადგილოდ და აბსურდულად მოგეჩვენოს

მაგრამ ძალიან მაინტერესებს-მეთქი

რაო?

ბატონი სინამდვილეში არსებობს თუ დიდი ძმასავით არის-მეთქი

ვინ დიდი ძმასავითო, რეებს ბოდავ სუ გამოქლიავდიო?

რავი-მეთქი, რამდენი ხანია აქ დავდივარ და თვალითაც არ მინახავს, შენ თუ გყავს ნანახი-მეთქი?

თავი დაანებე მაგ სისულელეებზე ფიქრსო

არა, ნანახი გყავს-მეთქი?

შემეშვი არ ვარ მაგ ხასიათზეო

მიპასუხე ძალიან გთხოვ-მეთქი

შენი აზრითო? – ამ დროს ტელეფონმა დაურეკა – ვახ, მგონი დამერხაო, რა გინდოდა რას მერჩოდიო – ტელეფონს უპასუხა და ლაპარაკ-ლაპარაკით გაუყვა გზას, არ ვიცი ვინ ურეკავდა, არ ვიცი რა უნდოდათ მაგრამ მგონი შარში იყო.

დიდი სიამოვნებით მივაგდებდი ყველაფერს, ფეხებზე დავიკიდებდი ბატონსაც, ინტრიგანკა გოგოსაც, დაცვის უფროსსაც, ჩამშვებ წყარიშდიდასაც, მაგრამ მოურავის გაწირვა არ მინდოდა. დედამიჯმულ მოჯადოებულ წრეში ვარ, ხან წიგნი მაჩერებს, ხან ფული, ხან ინტერესი, ხან რა და ხან რა! აღარაფერი აღარ მინდა, აღარც ფული მინდა ამათი და არც წიგნის დაწერა, არადა რა მაგარი იდეები მქონდა, ორნაირად ვაპირებდი დაწერას, ერთი წიგნი ბატონის დაკვეთილი მისი ბიოგრაფია იქნებოდა, მეორე კი ჩემი, ნამდვილი, სუფთა და მართალი წიგნი, ჩემი დაკვირვება ბატონზე, მის გარემოცვაზე და იმ ყველაფერზე რაც ბატონს ბატონად აქცევს, მაგრამ ჯანდაბას ეგ წიგნიც, ფეხებზე მკიდია, ოღონდ აქედან მშვიდობიანად დამაღწევინა თავი და რედაქციაში დამაბრუნა, იოანე პავლე მეორის ბიოგრაფიას კი არა, ლედი გაგას ცხოვრებას და მოღვაწეობას აღვწერ უფასოდ. ვახ, ეს რა შარში გავყავი თავი, რა მინდოდა რა? ხამი, ხარბი და იდიოტი არ უნდა იყო ადამიანი… ვახ, არადა რა მაგარი პერსონაჟები მყავდა, რა მაგარი იდეები მქონდა წიგნისთვის, ფაქტიურად ჩემი აქ ყოფნა უკვე ერთი დიდი მოთხრობა იყო და თან ჯერ ბატონთანაც კი არ ვიყავი შესული, იქიდანაც რამდენ რამეს გამოვიტანდი, მაგრამ ნახუი, არ მინდა, არა! ჩემთვის წყნარად და მშვიდად ცხოვრება მინდა, მონობის, იძულების და შიშის გარეშე!

ბარგი ჩავალაგე და მანქანაში ჩავჯექი.

სად მივდივართ ზღვაზე თუ მთაში-მეთქი – მძღოლს ვკითხე.

ზღვაზე, მაგრამ მგონი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არისო.

მოურავთან რამოდენიმეჯერ ვცადე დარეკვა, არ მპასუხობდა, ვღელავდი, თავი მისკდებოდა.

გზიდან უკვე მთები ჩანდა, როცა მძღოლს დაურეკეს და მანქანის შემოტრიალება და ზღვის კურორტისკენ წასვლა დაავალეს.

მეექვსე თავი

         თერთმეტსაათიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა ჩავაღწიეთ დანიშნულების ადგილზე, ფეხზე ძლივს ვიდექი, მთელი ტანი დაბუჟებული მქონდა და საშინლად მეძინებოდა, მთელი გზა ისე ვნერვიულობდი, რომ თვალი ვერ მოვხუჭე, მძღოლი კი ჯარის ისტორიებს მიყვებოდა. არაფერი საინტერესო, ერთი ისტორიაც კი, დაჟე გენერლის ცოლსაც კი არ… მოურავზე ფიქრი ტვინის კედლებს მილეწავდა… ჩემ გამო რომ გაიშაროს მაგრად არ მინდა, კარგად არის, კომფორტულად, კმაყოფილია, მე რატომ უნდა დავუნგრიო სიმწრით აშენებული კარიერა?

მთელი გზა კიდევ ერთი ფიქრი მიჭამდა ტვინს, რატომ არ მიპასუხა სერიოზულად ჩემს დასმულ კითხვაზე მოურავმა, იქნებ მასაც არ ჰყავს ბატონი ნანახი? რა, გაგიკვირდებათ? იქნებ მართლა არ არსებობს ბატონი და ეს ყველაფერი უცნაური ექსპერიმენტია, ან იქნებ ბატონი არსებობს, მაგრამ სინამდვილეში ბატონი კი არ არის, არამედ ბატონს თამაშობს?და როგორც მე მიხდიან ლოდინში ფულს, ისე მას უხდიან ბატონის როლის თამაშში, რა, არ ითამაშებდი მაგ როლს, არ იცხოვრებდი იმ ედემის ბაღის რეკონსტრუქციაში? მილიონი მონა-მოახლით და ეგეთებით?

კაი, მარაზმია მაგაზე ფიქრი და შეთქმულებების თეორიების ძებნა, მაგრამ საინტერესოა, ჰყავს თუ არა მოურავს ბატონი ნანახი… ან მე როდის ვნახავ, როდის? ჯერ ლოდინი ხო კოშმარია, მაგრამ რა საშინელებაა, როცა იცი, რომ აი აქედან აქამდე იმენა ტყუილად ელოდები, არანაირი შანსი არ გაქვს რომ ნახო. დედაქალაქში კიდე შეიძლებოდა ლოდინის გამართლება, მაგრამ აქ? აქ ლოდინი ცარიელი მონობაა, მონობა, რომელსაც ჩემივე დაუდევრობის გამო ვერ ვაღწევ თავს.

თუ დედაქალაქის კარ-მიდამო ედემის ბაღის რეკონსტრუქციაა, ეს ზღვის აგარაკი ნამდვილი ფუტურისტული ჭინთვაა, მგონი ხეებიც კი პლასტმასისაა, რათქმაუნდა, ჩანჩქერი აქაც არის და რათქმაუნდა, სწერვა წყარიშდიდაც აქ ბრძანდება, შემოსასვლელში ის დურა იანუსაც შემხვდა, უკანა კორპუსში მესამე სართულზე, მერვე ნომერში იცხოვრებო, დანარჩენს ხვალ დილით გეტყვიო.

მოურავი ხომ არ გინახავს-მეთქი

არა და, შეიძლება შენც ვეღარ ნახო, ჰე ჰე ჰეო – გველურად ჩაიცინა და გამჭირვალე შენობაში შევიდა.

ოთახში შესულმა ბარგი იატაკზე დავყარე, მინი-ბარს ვეცი, რომ ფიქრები, განცდები და დარდები ვისკის პატარა ბოთლიკოებში ჩამეკლა, მაგრამ მინი-ბარი ცარიელი დამხვდა, საწოლის ქვეშ დატანებულ სოსღილაკს ვტუცე ხელი და მინიბარიდან ჯინმა გამოყო თავი

თქვენაო დამიძახეთო, იქნებაო

კი, კი მე გეძახდი-მეთქი

გისმენთ ჭირიმე რაი გნებავთო

ე, მაგ მინი-ბარიდან რომ გამოძვერი ადვილად გამაეტიე-მეთქი

კი, არა გამჭირვებია რა, ჩემმა მზემაო

მერე რატომ მოხდა ეგე ყოველი იცი-მეთქი?

ვერ ვხვდები საით მიგყავთ საუბარი ღმერთია მოწამეო

საით ოქროს კაცო და მინი-ბარი ცარიელია-მეთქი

ვახ მე, რატომ მიწა არ გამისკდება და შიგ არ ჩამიყოლებს, ახალი ვარ ნუ დამძრახავთ და ნურც ნურავის ეტყვით, ამ სამსახურის შოვნა ძვირად დამიჯდა და ეგება და ეს ერთი პატარა საიდუმლო შემინახოთ თქვენს ვაჟკაცობასო.

ჰეი, შენ! ჯინო! უჩინო,
სულო, სულთაგანო სრულო და
შენ ორიბოთლი მიშოვნე,
მე არა გაგამტყუნო და

ბოლო სურვილსაც გაგიმხელ,

ფიქრო, ნატანჯო, რთულო და

ეგებ, ლიმონსაც გადაწვდე,

მე ტვინი მოვიდუნო და

იქნებ, კოლასაც ხურდაში,

კარქა რომ დავიძინო და

შენს ავს არარავის ვეტყვი

თუ ვინმემ მკითხა რამე და

ჯინმა ცოტა ხანს გაშტერებულმა მიყურა, ლექსის უკეთეს დასასრულს ელოდებოდა, რომ მიხვდა რომ გამგრძელებელი არ ვიყავი, შეტრიალდა, ქუსლი ქუსლს მიარტყა, გაქრა, გაჩნდა და ლექსად თქმული მაგიდაზე ერთ სუფრად დაყარა!

ჯინს რომ შეხვდები კაცი და სამ სურვილს რომ ესე უაზროდ გაანიავებ!

კააროჩე!

დილაა და თავის ტკივილია, ვახ მოურავს რა ეშველებაა და ეს რა შარში გავყავი თავია, თავია და მორევია შავი ზღვის. ზღვაა და ისეთი მშვიდია და ისეთი მზიანია, კაცს სანაპიროზე ჩამოჯდომის, ლუდის მოწრუპვის და გაბოლების მეტი არაფერი მოგინდება, მაგრამ აქ ვინ რას გაგაბოლებინებს, რქიანი დელფინები ამოგიხტებიან ზღვიდან და სულს გაგიპობენ… ეს რა შარში გავყავი თავი, ეს რა შარში გავყავი თავი….

ფლიპ-ფლოპებს ვიცმევ და ეზოში მივბლაყუნებ. ბატონის მთელი სტაფი აუზზე ნებივრობს, ქალბატონი იანუსი, ანუსში გაჩრილი კუპალნიკით შეზლონგზეა გაშხლართული. სათვალის ქვემოდან ნუ პაგაძი მზერას მესვრის და ზურგზე ტრიალდება, ჯინს წყარიშდიდასთვის კოქტეილი მიაქვს, იანუსას შემეტენედ უღიმის და რაღაცაზე ელაპარაკება. მოურავი არსად ჩანს… ბლიად!

ჯინს პლაჟზე ორი ბოთლი ლუდის ჩამოტანა ვთხოვე და ზღვისკენ დავიძარი.

კარგია ზღვა. ბევრნაირია ზღვა და ბევრნაირი ემოცია მოაქვს, მშვიდი ზღვა სიმშვიდეა და სიმშვიდეა, რაც ყველაზე მეტად მჭირდება და ლუდი მჭირდება და ლუდი კი ჯინს მოაქვს და ახალგაზრდაა ჯინი და ახალია ჯინი და გონია, რომ თუ ჯიგარი იქნება, ყველაფერი ჯიგრულად იქნება და ჯინმა არ იცის, რომ ესენი, მოურავიდან დაწყებული, ზღვის მწმენდავით დამთავრებული, პირველ რიგში ჯიგრებს ინელებენ და მერე ამ ჯიგრების ადგილას თავიანთი ძმისშვილები, ბიძაშვილები და მამიდაშვილები მოყავთ ხოლმე. ახალგაზრდაა ჯინი და გონია რომ თუ პატივს მცემს… არ ვიცი რა გონია, არ ვიცი რატომ ეტენებიან ადამიანები ერთმანეთს, რატომ ეტენებიან მითუმეტეს ჩემნაირებს, რომლისგანაც ვერანაირ ხეირს ვერ გამოკრავ ხელს. არ იცის ვინ ვარ? იცის, გუშინვე იკითხავდა თავისიანებში და თავისიანები ეტყოდნენ, რომ მომლოდინე ვარ, მომლოდინე კი გარდამავალი სტატუსია, თან საჭირო კაცი ხარ და თან არც ხარ, მომლოდინეობა განსაწმენდელივითაა,არც ჯოჯოხეთის ხარ და არც სამოთხის, მომლოდინეობა გრინ კარტაა და გრინ კარტაა ცივი ომისგან ნაჭედი სიტყვა, ამერიკულ-რუსული, ქართველის ტვინში ვერგადააზრებული რუსეთის და ვერმიღებული დასავლური ღირებულებების ჭიდილია, ჭიდილი რომელმაც შეიძლება საერთოდ არ მოგიტანოს მოქალაქეობა და მოქალაქეობაა პრივილეგია, მოქალაქეს აღარ ელოდები. მე მომლოდინე ვარ, იმდენად ვარ მნიშვნელოვანი, რამდენადაც შეიძლება ბატონმა, კარგ და ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაზე დამასაქმოს და იმდენად ვარ უმნიშვნელო, რამდენადაც ბატონმა შეიძლება საერთოდ არ მოისურვოს ჩემთან შეხვედრა. მომლოდინე კაცი შროდინგერის კატასავითაა…მომლოდინე კაცი წმინდანია, ტანჯვით იწრთობს სულს და სხეულს და ელოდება განსხივოსნებას, უფრო მაღალ ხელფასს, შარავანდედს, შადრევანს და შევარდენს…

ესაო, ეს ლუდები ჩვენნაირებისთვის არ არის განკუთვნილი, ესაო, საუფროსო მაცივრიდან წამოვიღე, თქვენაო ისეთი კაი საქმე მიქენით, რომა ესა მინიმუმია, რითაც სამაგიერო შემიძლია გადაგიხადოთო

მეთქი, პირველ რიგში თქვენობით ნუ მელაპარეკები და მეორე რიგში ძალიანაც დიდი მადლობა-მეთქი – გამიღიმა – რა უცნაურია არა-მეთქი

რაო

რა და, აი ჩვენნაირებისთვის რომ სხვა რამეა გათვლილი და სხვებისთვის კიდევ უფრო სხვა და უფრო ძვირიანი რამე-რუმეები-მეთქი

ხოო

კიდე რა უცნაურია რომ ჩვენნაირ მსახურებს კიდე მსახურები ყავთ-მეთქი

ხო, სადილს ჩვენც სხვა გვიკეთებსო

აი ხომ ხედავ-მეთქი

და ეგ რაა, იმ სხვას რა, თავის მხრივ სხვა არ ემსახურებაო?

ეგაა სამყარო-მეთქი

ეგააო

და აქ კიდე მიკრო თუ მაკრო სამყაროა-მეთქი

ეგ ორი არ ვიცი რას ნიშნავსო

პატარას და უფრო პატარას-მეთქი

ეგრე გეთქვათო

თქვენობით ნუ მელაპარაკები-მეთქი

დამავიწყდაო

ჩამოჯექი ერთი ჭიქა დალიე-მეთქი

მომკლავს იანუსა რომ დამინახოსო

ხო, მაგას ჯობია მოერიდო-მეთქი

რატომაო?

ინტრიგანია-მეთქი

კაი ტრაკი კი აქვსო

ტრაკი წყარიშდიდას უკეთესი აქვს-მეთქი – გაეცინა

ეგეც ინტრიგანიაო?

უარესი, ეგ ენატანიაა-მეთქი ვთქვი და მანდ დამენძრა, და მანდ ამიტყდა ისტერიული სიცილი

რა გაცინებსო – ნეტა მართლა რა მაცინებს, აი ამ ზღვაში უნდა ვიხრჩობდე თავს, რა მაცინებს რა?

რა მაცინებს და აი როგორც ეხლა მე გიზივარ გვერდით, ეგრე ჩამომიჯდებოდნენ, აქაური გამოცდილი ჯიგრები და ეგრე მარიგებდნენ, რომ იმას არ ენდო, ამას არ ენდო, ის ჩამშვებია, ეს ინტრიგანიაო და მე კიდე პირველ რიგში მაგ ჯიგრების მეშინოდა, ყველაზე დიდი ინტრიგნები ეგენი იყვნენ ჩემთვის და ეხლა კიდე მეც ე, მაგათსავით მოვიქეცი-მეთქი

ხო, ნამდვილად ეგრე გამოგივიდა, მაგრამ შენა მგონი არ გავხარ ინტრიგანსაო

არ ვგავდი და ეხლა ნაღდად არ ვიცი-მეთქი

მე ინტრიგნობაში არ ჩაგიწერ, გაფრთხილებად მივიღებო

კაი ბიჭი ხარ ჯინო-მეთქი, ალალი, ფრთხილად იყავი, არ მოგინელონ-მეთქი

მადლობაო – თქვა და აუზზე საშინელი ხმაური ატყდა, იყო ერთი დედის გინება, გაწევ-გამოწევა და ისმოდა, წყარიშდიდას და იანუსას საშინელი წივილი და საზარელი კივილი და მე და ჯინი სასწრაფოდ წამოვხტით და აუზისკენ გავიქეცით.

დაცვის უფროსს იანუსა მხარზე მოეგდო და გასასვლელისკენ მიყავდა, იანუსა სახეში მუშტებს ურტყამდა, წყარიშდიდა სიტუაციაში გარკვევას ცდილობდა, მაგრამ დაცვის უფროსმა მკაცრად უთხრა, მიგაყოლებ ამას თუ არ გაჩუმდებიო. მოურავი იქვე იდგა და ჩუმად ხითხითებდა, გვერდით ამოვუდექი და რა ხდება-მეთქი, ვკითხე

რა ხდება და დავასწარიო

ვის და რა-მეთქი?

იანუსას, გაჩალიჩებაო, ბატონთან უნდოდა იმ ამბის მერე, ჩემზე რამე-რუმეების თქმა და მე დავასწარიო

ბატონთან იყავი-მეთქი?

არა, დაცვის უფროსს ვაჩვენე ვიდეოებიო

რა ვიდეოები-მეთქი?

კომპრომატები, ჯიგარო, კომპრომატებიო – მხარზე ხელი უფროსი ძმასავით, ბრძენი კაცივით ან არ ვიცი, ვიღაც ეგეთივით დამადო – მგელი უნდა იყო და მგელზე უფრო მგელიო

მეთქი, მგლობა არაფერ შუაშია, ნაბოზარი უნდა იყო და ნაბოზარზე უფრო ნაბოზარი-მეთქი – ცოტა ხანი გაჩერდა, ცინიკურად შემომხედა, რაღაც საშინელება გაივლო გულში, გადაიფიქრა და ღიმილით მითხრა -

მგელიც კაი ნაბოზარი არსებაა ისეო, ის მოთხრობა რად ღირსო, სახელს ვერ ვიხსენებო

ეგ ბუნების კანონია-მეთქი

ხოდა ეგაა აქაც, ტყეში ხარ ძმაო და ჯუნგლებში და კიდე უფრო უარესში, ვერ ხედავო? კაი დაიკიდე, ჩემი ბრალია ყველაფერი, ძაან მიგაგდე და ბევრი არასაჭირო რაღაცის ნახვა მოგიწია, დღეს უეჭველი შევდივარ ბატონთან, აი უეჭველი და შენზეც ვეტყვიო

ერთადერთი, რაც უნდა უთხრა ისაა რომ გამიშვან, თავი დამანებონ, შემეშვან, აღარაფერი აღარ მინდა, იმ ფულსაც მოვიტან, ოღონდ აქედან წავიდე-მეთქი – ცოტა ხმამაღლა მომივიდა, მოურავმა უხეშად დამავლო ხელი და პლაჟზე ჩამიყვანა. კიდევ კარგი იანუსა ისტერიკობდა და ჩემი ხმა არავის გაუგია, თორემ… თორემ აღარ ვიცი, მართლა აღარ ვიცი…

სუ გამოქლიავდიო ხო? თუ შენც ამათ შეეკარი და მიჩალიჩებო

პარანოია გჭირს-მეთქი

მე კი არა შენ გჭირს პარანოია, ვინ გიჭერს, დავაი წადი მიდიო

წავალ-მეთქი

მიდი, მიდი რა გენაღვლება შენ მოჯმულს ისევ მე გამოვასწორებო, სუ ქინძზე არ გკიდია რო ჩემი მოყვანილი ხარ და სუ ქინძზე არ გკიდია, იანუსისნაირი ნაბიჭვრები რო შემდგებიანო

არ მკიდია-მეთქი

არ გემჩნევაო – ცოტა ხანი ორივე გავჩუმდით, დავმშვიდდით, თავი ხელში ავიყვანეთ და მოურავმა -

ცოტაც გაუძელი, იმენა მე ვიღებ ჩემ თავზე რო… აი დაჟე აქვე შეგახვედრებ ბატონთანო

დასასვენებლად არის წამოსული და შენც იცი რომ არ შემხვდება-მეთქი

შენ რა გინდა კაცო, აი მე გპირდები რომ შეგხვდებაო

ნანახი გყავს საერთოდ-მეთქი

პარანოია გჭირს, აბა რა გჭირსო – ამ დროს პლაჟზე დაცვის უფროსი გამოჩნდა, მოურავს თავით რაღაც ანიშნა, მოურავმა გადმომხედა და ძალიან, ძალიან ხმადაბლა მითხრა

ორი დღე, ორად ორი დღე მაცადეო

გასაბერი ნავით ზღვაში შევედი, გიჟივით ვუსვამდი ნიჩბებს და ყოველ მოსმაზე ვშორდებოდი ნაპირს, ბატონის საზაფხულო აგარაკს, მის მონებს, მისი მონების მონებს, იქ დარჩენილ ჩემი პიროვნების ნაწილს, ჩემს პრინციპებს, ჩემს იდეებს, ჩემს უზარმაზარ ხელფასს, ჩემს წიგნს ბატონზე, ბატონის წიგნს თავის თავზე, ვშორდებოდი ყველაფერს და უფრო და უფრო ღრმად შევდიოდი ზღვაში, იმდენად ღრმად, რომ უკვე აღარაფერი ჩანდა სიწყნარის და სიმშვიდის გარდა და აქ, ამ ლურჯ სიცარიელეში, ფეხზე წამოვდექი და დავიღრიალე.

ვღრიალებდი ხმის ჩახლეჩამდე

ღრიალს ამოვაყოლე თუ რამე მქონდა შიგნით დარჩენილი, ხელშეუხებელი, სუფთა და მოსაფრთხილებელი…

ღრიალს ამოვაყოლე ყველა ის სიბინძურეც, რაც აქ ვნახე, განვიცადე, გადავიტანე, რაც გავაკეთე, რაც გამიკეთეს, რაც დავაშავე, რაც მოვითმინე, რაც ავიტანე, რასაც გავუძელი.

ჯერ კიდევ ვღრიალებდი, როდესაც მაშველები დამადგნენ.

ცოტა ჩუმად, ბატონს შუადღის ძილი აქვს, არ შეაწუხოო – ამის თქმა იყო და მეორე ტალღა ამოვუშვი.

ამ ღრიალში იყო მთელი ჩემი აგრესია, ჩემი, რა დავაშავე ჩემი, აღარ შემიძლია, ჩემი, გულისრევა, ჩემი დაგლეჯილი ნერვები, ჩემი, ფუ ჩემი და ჩემი, თქვენი დედას შევეცი!!!

ინტერმეცო

სამწუხაროდ, ეს ამბავი ზღვაში არ მთავრდება და ეს ამბავი არც ნაპირზე არ მთავრდება და ეს ამბავი არც მაჟორულად არ მთავრდება და ეს ამბავი საერთოდ არ მთავრდება ისე როგორც თავდაპირველ ჩანაფიქრში იყო…

რადგან ამბავი ესე არ გამოდგა ამბავი ინდივიდზე, რომელიც მონებით, ვიგინდარებით და ნაბოზვრებით იყო გარშემორტყმული და მაინც არა გატყდა, ცოცხალი თავით არა გატყდა და იდგა ეგრემც შუა ზღვაში და ღრიალებდა, ღრიალებდა გულისწასვლამდე და ამ ღრიალს აყოლებდა თავის სულს, მრავალნატანჯს, დაქუცმაცებულს, ალაგ-ალაგ გაყიდულს, ალაგ-ალაგ მიშენება გაკეთებულს, ჭერაწეულს და შეურაცხყოფილს…

არა! ამ ამბავს ეგეთი მაჟორული ფინალი არ აქვს.

ამ ამბის გმირი ცოცხალია, მისდა სამწუხაროდ, და ეს ამბავი გასაგრძელებელია, ჩემდა სამწუხაროდ.

ამბავი ესე მთავრდება, გამჭირვალე შენობის უკანა ფლიგელში, მესამე და მეორე სართულს შორის…

გამოაბუნძულეს რა ზღვიდან ჩვენი მთავარი გმირი, სასტუმროში დაბრუნებულმა ხსნა ალკოჰოლის სმაშიღა ნახა, სვამდა დიდ ხანს და უმოწყალოდ, მუსრი გაავლო მინი-ბარში ჩაწიკწიკებულ ყველა ბოთლს ვისკიდან-ვიდრე ლუდამდის, არც არაყს მორიდებია და არც ლიქიორს, სვამდა თავგამოდებით და არასდროს არ ყოფილა ისეთი მართალი, როგორიც მაშინ, როცა სვამდა და იცოდა რომ სხვა გზა არც ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ რამდენ ხანს გაუძლებს მინი-ბარი გადაკარგვას მოწადინებულ კაცს, რაც არ უნდა რამ ჯინის შევსებული და მომარაგებული იყოს ესე ბოთლები, ადრე თუ გვიან მაინც დამთავრდება და აკი, მთავარ გმირსაც გამოელია სასმელი, გამოელია სწორედ მაშინ, როდესაც მოურავთან ბოლო დიალოგის დავიწყებას ცდილობდა და ამ ავი მუსაიფის ვერ მომშორებელმა, სასწრაფოდ დაჰკრა თითი ემერჯენსი ღილაკს, დაჰკრა და ჯინის მოლოდინში გაირინდა, მაგრამ ჯინი არც პირველ დაძახებაზე გამოჩენილა, არც მეორეზე და არც მესამეზე. მაშინ კი ვეღარ გაუძლო მთავარმა გმირმა ამხელა ტანჯვას და მთვრალი ნაბიჯებით გაბანცალდა ჯინის მოსაძებნად. ხოლო ჯინი არ დაუხვდა მომსახურეთა მოსაცდელ ოთახში და ჯინი არ დაუხვდა არც საპირფარეშოში და ჯინი არ დაუხვდა არც მის ოთახში მეხუთე სართულზე, მაშინ ჩვენმა მთავარმა გმირმა მომსახურეთა სადარბაზოში გადაწყვიტა მისი მოძებნა და არეული ნაბიჯით დაუყვა სართულებს, დაუყვა და რა დაინახა, დგას ესე ჯინი, წყარიშდიდას ტრაკზე მეოცნებე, მესამე და მეორე სართულს შორის და სიგარეტს უდარდელად აბოლებს, შეცბა ჩვენი მოთხრობის მთავარი გმირი, ველური ყიჟინით გაეშურა, ყმაწვილკაცისკენ, ხელზე ხელი აუკრა, სიგარეტი გადააგდებინა და ესე შესძახა

რას აკეთებ, გადაირიეო? კამერებს ვერა ჰხედავო? ანდა არ იცი, ბატონს არ უყვარს რომ ეწევიანო – ე, ამ სიტყვებს ამბობდა და სიგარეტს ქუსლით სრესდა, როცა, მუხლებში ძალა გამოელია და მოიკეცა, მოიკეცა და დაეშვა კიბეზე და თავი ხელებში ჩარგო და ატირდა და არ დაჰხვევია ქვეყნად არავის თავს ბრუ ისე, როგორც მთავარ გმირს დაეხვა მაშინ და არა ჰქონია არავის ისეთი მრუმე და წვეტიანი, ტოლფერდა ფიქრები, როგორც ჩვენს გასაცოდავებულ მეგობარს

და ის მიხვდა…

ისიც მათ დაემსგავსა…

მათ, ვისაც მონებს ეძახდა…

ისიც დაემონა…

და დამონება მოხდა ისე შემთხვევით და გაუაზრებლად, რომ ვერც კი გაიგო როდის გადადგა მონობისკენ ნაბიჯები.

იქნებ მაშინ, როდესაც მესამეჯერ უშედეგო ლოდინის შემდეგ მეოთხედაც მივიდა ბატონის კარზე, ან იქნებ მაშინ, როცა მაღალი ხელფასი წიგნის დაწერის წმინდა სურვილით გააპრავა, ან იქნებ მაშინ, როცა ინტრიგან და ენატანია ხალხს ალღო აუღო, ან იქნებ სულაც მაშინ, როდესაც ე, ამ ჯინს უთხრა იმას არ ენდოო, ან ეგების იქ, როცა ზღვაში შესულმა ღრიალს თავი დაანება და მაშველებს სთხოვა, ნაპირზე გამიყვანეთო… ვინ იცის?

ვინ?

რაც ვიცით ისაა რომ, ნაბიჯების ხმის გაგონებისთანავე შეშინებულმა ჯინმა, ზემოთკენ მოუსვა, ხოლო ქვემოთა სართულიდან ჩვენს გაუბედურებულ და ავფიქრებიან მეგობარს პიჟამოში გამოწყობილი მოურავი დაადგა თავზე და უთხრა -

ადე, ბატონს უნდა შენთან შეხვედრაო

და ჩვენი მეგობარი მიხვდა

ყველაფერს მიხვდა

ისე როგორც თქვენ მიხვდით, ბატონის მიერ დადგმული ფარსის აზრს

და ჩვენს მეგობარს გაეღიმა, სიმწრით და ტკივილით და ამ ტკივილმა ჩვენს მეგობარს სული ჩაუწვა.

ჩვენი მეგობარი იდგა მოურავის წინ და იღიმოდა და არ იცოდა რა უნდა ექნა, შესულიყო თუ არა.

მაგრამ,

შესვლა არ შესვლა აღარ იყო უკვე საკითხავი

ისე…

თქვენ რას იზამდით პატივცემულო?

შეხვიდოდით?

თუ არ შეხვიდოდით?

 

და მერე, საიდან მოიტანეთ რომ შესვლა ან არშესვლა თქვენი ასარჩევია???

© არილი