პოეზია

მარიამ წიკლაური – იპოვოს! და სხვ. ლექსები

mariam tsiklauri33

იპოვოს!

ბრძანება ლირიული დასაწყისით

არ მინდა, რომ მქონდეს ქალაქში ქუჩები,
ხეების შრიალთან უჩვევი.
არ მინდა, ამ ხეზე გუნდები ჩიტების
განთიადს უმღერლად ითევდნენ.
არ მინდა, გრძელ სკამზე ამ ხის  და სხვა ხის ქვეშ
თვალებმა სიცივე ახიკონ.
არ მინდა, ამ ხეთა ახლოს და გადაღმა
ქალაქს რომ ვხედავდე გადამცდარს.
ვხედავდე ბეტონის  უხიდო აკვნებში
როგორ  წევს ცის თაღის კანკალი.
არ მინდა, ამ ხესთან ყოველ დღე იცდიდეს
გოგონა, კლიენტის სიცივით.
არ მინდა, ბავშვები გაკრეჭილ გაზონში
შეშლილმა ძიძებმა გაზარდონ.

არ მინდა, რომ ლუდის შუშხუნა გაზივით
სიცრუე ქაფისფრად აზავთდეს.
არ მინდა, აწერდნენ ჟანგიან ფარეხებს
სიბილწეს ტვინების პარეზით.
არ მინდა, შპრიცების ჩასისხლულ ნანემსარ
ეზოებს ბავშვის ფრთა გაესვას,
სხეულად ემოსოს უხილავ ანგელოზს
რაც ქუსლად ებოძა აქილევსს
შიში და შფოთი და შეშლილი კივილი,
გაჩეხილ ხეების ანკლავში.
არ მინდა, ყველასი მხოლოდ ჩვენ გვემართოს
სიკეთე და ვისხდეთ ნაგავში,
რომელიც წმინდაა, წმინდაა ნეხვივით
და ჩვენც ამ სიწმინდეს ვეხვიოთ.

არ მინდა, არც სახლი, არც ცეცხლი, არც ქვაბი,
სადაც მძორს მოვხარშავთ სადილად,
ან ამოყორილი შვილების ტვინებში
ვიქცევით ქებად და ქადილად,
არ მინდა სიმშვიდით ვუყუროთ მავთულხლართს,
მოვძახოთ კრინების სართული,
სართულზე მიმდგარი კორპუსი-კორპუსი
ვიკმაროთ სამშობლოს  ფოკუსად
და ვიყოთ, და ვიყოთ, და ვიყოთ, დავიყოთ
მთელი, სამსოფლიოდ, სავიზოდ.

რაღა დროს ხეა და რაღა დროს ჩიტია?!
თავი, დე, გ. დვალმა იმტვრიოს.
იპოვოს ეგება შორს პარალელური
სამშობლო, არც ასე სნობური, ველური,
პარასაქართველო მოძებნოს გ.დვალმა!

ისეთი, ვერ დაძრას ვერც წყალმა, ვერც ალმა,

ვერც კაცმა. ვერ იცნოს ვერც თავად უფალმა.

ებრძანოს! ეძებოს! იპოვოს! მიაგნოს!

სამშობლო, კაცმა რომ, ზედ მხარი მიაყრდნოს!

 

ხელს აწერს ქვემორე-ზემორე-გვერდმორე

მ.წიკო, რომელიც არ ციგნობს. ჰგავს  ციკლოპს

და გასცქერს ჰორიზონტს,

იპოვის გ.დვალი?

იპოვის გ.დვალი?

იპოვის გ.დვალი?

მოპასუხე
შავაბატა ., ეგვიპტ. ბედისწერის მოპასუხე

შავაბატებს ევალებოდათ ჩაჰყოლოდნენ საფლავში პატრონს,
თან წაეღოთ თოხი, გუთანი, კალათა, სურა, საბეჭი, კევრი,
ემუშავათ სიკვდილის მერეც.
და განა ერთი, ისინი იყვნენ სხვებზე ბევრნი, ძალიან ბევრნი.
არავინ იყო მათში პირველი, არც ბოლო იყო.
არასოდეს ერქვათ სახელი,
სულისა და სისხლის გარდა არასოდეს გააჩნდათ სხვა რამ,
ისინი მხოლოდ ბედისწერას აძლევდნენ სალამს.
იდგნენ თავისთავებში ისე, როგორც სიბნელე ღამეში დგას –
უხმაურო და უღალატო და მომლოდინე აღსასრულისა.
ერთადერთი მიწა იყო მათი კვალის დამმჩნევი გულზე,
მათ შეეძლოთ სიკვდილშიაც ცოცხლებად ყოფნა,
ხელცარიელნი არასდროს იყვნენ:
მათი მტევნები შეწყვილებულნი სამუშაო იარაღებთან,
კალათებთან, კიდობანებთან,
მათი ბაგე – დაცლილი ყველა ფუჭი სიტყვისგან.
შავაბატებს ევალებოდათ,
რომ პირველებს ეპასუხათ ბედისწერის დაძახილზე
„აქ ვართო!“- ეთქვათ შავაბატებს – მოპასუხეებს,
სხვა არაფრის თქმის უფლება არ გააჩნდათ.
მათი სიზმარიც საქმე იყო, ცხადიც – საქმე, სიკვდილიც – საქმე.
და ყველა ერთად – დიდ მარჯვენად შეკრული ხელი
ტრიალებდა ღვთისთვალივით და შესაქმეს ედგა ზეიმი.
მათი იყო პირველი სხივი ნათლის თუ ბნელის,
პირველი წვიმაც მათი იყო, პირველი თესლიც,
მათი იყო პირველი კვალის ამონაწვერიც,
პირველი ყანის მზეკაბანიც, პირველი ძნაც, პირველი კვერიც.
პირველები ქსოვდნენ ტილოსაც,
ფალანგების მონოტონური ტალღებიდან ხდიდნენ სითეთრეს
და ხარშავდნენ მზის და მთვარის უძველეს სხივებს,
საღებავებად და უხამებდნენ მიწის სიშავის ტოლსა და ტილოს
ბატონთა სამოსს – რომ არასოდეს მოჰკლებოდათ
სიცოცხლის პეწი მათ, ვინც ღმერთმა გამოარჩია.
მდინარის გაღმა გასულებისთვის გაჰყავდათ გზები,
რომ იმათ ტერფებს ჰაერზე მავალთ,

არაფერი მოსცხებოდათ დასამძიმებლად.
რომ იქაურ სასახლეებშიც მდგარიყო ხვავი
და უზრუნველი ჰქონებოდათ ცხოვრება, როგორც
სინათლე, მზეს რომ დასდის სამუდმოდ.
შავაბატები სიკვდილს უკვე აღარ უცდიან!
ცოცხლებისათვის პასუხობენ ბედისწერის ყოველ დაძახილს:
“აქ ვართო, აქ ვართ“! – პირველები დგანან ისინი.
ყველა ენაზე ისმის მათი ხმა: „აქ ვარო! აქ ვარ!“
შავაბატები – მიმოფანტულნი ოთხივე მხარეს…
ბატონებმაც იცვალეს სახე,

იარაღებმაც, საქმეებმაც, საკურთხევლებმაც…
შავაბატები დარჩნენ უცვლელნი –
ორთავე მხარეს მზად არიან, ყველაფერი იმათ ითავონ:
მარტო ყანები კი არ თესონ და კრიფონ ბაღები,
მოხელონ თევზი, ქვები კოდონ, ხარშონ წამლები,
მარტო ტილო კი არ ქსოვონ და ღებონ ათასფრად,
აჩინონ, ზარდონ, იშრომონ და იმგლოვიარონ…

სიხარულისთვის სხვები დგანან რიგში პირველნი.

გარეუბნელი

გარეუბანი – საშინელი განაჩენი!
თანდაყოლილი გრძელი ცხვირი,
ყველაფერში გამოჩხერილი.
თანდაყოლილი გულისმანკიც.
ვერ გაქაჩავ ბოლომდე და შუა გზაში მიგატოვებენ
მარტოდმარტოს შენი ოდესღაც სასურველი სტუმრები და
დაივიწყებენ სადარბაზოს ნომერსა და ბინის კარისფერს.
პანაშვიდზე მოგაკითხავენ,
შეთელილი მოეჩვენებათ ნაცნობი სახლი
და გაწლაწული გზა ცენტრიდან გარეუბნამდე.
მემკვიდრეობით მიღებული კომპლექსები
ცრუ თანაბრობის – ბებერი ცხენი, მეპატრონის გამოგდებული,
შენი ეზოს მოჩვენებად გადაიქცევა.
თავის მხედარი, ხელში ისრით, სადღაც დაკარგა –
გარეუბანს ბევრი უკლია სრულყოფამდე.
თანდაყოლი მოკლე ფეხები,
გადადგამ და ქალაქის ცენტრს ვერ მისწვდები,
მოკლე ხელები – ვერც ჯიბის ფსკერზე მისწვდები ხურდას.
მოხრილი ზურგიც – დაბადებიდან,
ვერასდროს გაშლი ისე, როგორც უხდება ქალაქს,
როგორც წესია მხარგაშლილების ლაღ ქალაქში,
როგორც წესია!
გარეუბანს ვერც სკრინინგი უშველიდა,
მას სტადიები არ გააჩნია.
გარეუბნელად თუ ჩაგიფიქრებს ბედისწერა,
არ გიშველის აღარაფერი.
გზას ქარივით თუ არ მოები,
სხვისთვის რომ წამი, შენთვის მთელი საათებია.
არვინ კითხულობს, რად მოგესაჯა ან როგორ უძლებ
ნახევარი შენი ცხოვრების იჯდე ასე აყროლებულ სამარშრუტოში
და სიბერეც ბოლო სკამზე წამოგეწიოს.
ვინ წარმოიდგენს, იმდენ ხანს მგზავრობ,
ჩაჯდომიდან ჩამოსვლამდე
თმა გეზრდება და, ჭაღარაც გადმოსული რძის ნადებივით
მიმხმარი გაქვს თმების ძირებზე
კაბა კი, მუდამ, სამარშრუტოს ბოლოსწინა გაჩერებაზე
უკვე მოდიდან გადასულია.
სულ ასე ხარ გარეუბნელი
ქალაქისათვის იმ ღარიბი ნათესავივით,
ორ წუთზე მეტი რომ არაფერში ჭირდები და ეზედმეტები.
სულ გეჩქარება, სულ დროს ზომავ, სულ ნაბიჯს ზომავ.
იქნებ, მიუსწრო შინ შუაღამეს.
ცენტრალურ უბნებს, ქუჩაბანდებს სხვა დარდები აქვთ,
აქაურების კაბები მოდურებად რჩებიან და მათი თმის ფერიც
გახუნებას ვერასდროს ასწრებს…
არც ტალახი მოეცხებათ მაღალ ქუსლებზე
და ყველაფერზეც როდი არიან თანახმანი,
ეს მე ვარ ასე ყველა დღეზე მობმული მგზავრად
და თუ ერთი დღე უქალაქოდ დავრჩი, ვერც მიცნობთ,
აქცენტიც კი მეცვლება ხოლმე
და გავიძახი: ერთი მაგათიც! ერთი მაგათიც!

***

პ-ს

ხელსახოცი. პირსახოცი. ბინძური ტილო.

რას არ აწმენდენ ზედ უსირცხვილოდ

გახამებულს ძველისძველი სიამაყით,

ღირსებით მედეგს.

ღვთისმოსავი ხსოვნა აწვალებს…

ტყუილი კი, ყველაზე მეტად…

რამდენს ცდილობს,

რომ როგორმე დაგვისხლტეს და გაინავარდოს.

წამოიზარდა კარგახანია და ძნელია მოატყუო

იმ ზღაპრებით, ბავშვობაში რისიც სჯეროდა.

ყველაფერი უნდა ნახოს, გაუსინჯოს გემო ყველაფერს,

ყველაფერი უნდა გადახდეს მარტოს, ჩუმად, მალულად, ვნებით.

აბა, რაში აინტერესებს შინაბერების კვნესა და ვარდი,

რაღა დროის კოშკებიდან გადმოფენილი ოქროს ნაწნავია,

რაღა დროის საიდუმლო ბარათებია,

გამოსცდა თავს და გამოიტირა თუ რამ საგლოვი ებადა ქვეყნად,

გამოჩხრიკა ყველა ნაცარი,

ყველა ცეცხლი,

ყველა ცოდნა,

ყველა ელდა რეზინივით ღეჭა, აფურთხა.

ყველას გული მოინადირა,

ყველას ძუძუს დაასო კბილი,

ყველას ერთად დააზუთხინა –

რომ გაზაფხულზე,

უკაცრავად, შემოდგომაზე,

თუ როცაა, აღარც კი მახსოვს,

ადამიანს ადამიანი ენატრება და

ბღავის თურმე გაუგებარ, ნახევრადნაცნობ საროშავ სიტყვებს.

და დროც რომელიც ამულეტივით ეკიდა გულზე,

შორს მოისროლა კარგა ხანია.

ყველაფერი მოიბეზრა,

ერთობა ახლა თავისი თავის ხელახალი გამოგონებით

უნდა როგორმე სიტყვის გარეშე ამოკემსოს თავისი გვამი

აღაც დაფნა დააჯარონ, აღარც ბაიას ტოტები და აღარც პალმისა,

რა თავში იხლის მკვდრად ყოფნის პატივს,

როგორც არასდროს ისე ცდილობს სინამდვილეს წაეპოტინოს

სინამდვილეს – ყველაზე მახინჯს, ყველაზე მართალს

უსიტყვოს და ისეთივე სასტიკს და ბინძურს

როგორიცაა ადამიანი, ამ ყველაფრის

ცოცხლადმშობი დიდი საფლავი

და როგორია, მიუხედავად,

მიუხედავად აი, ამგვარი მოწადინების,

ტილო იყო,

შენ გახოცავდეს ყველა ყველაფერს…

© არილი

Facebook Comments Box