პოეზია

ნუგზარ ზაზანაშვილი – ჩიტსაც სული აქვს და სხვა ლექსები

***

ჩიტსაც სული აქვს,

რა თქმა უნდა, ჩიტსაც სული აქვს…

 

დაუგდე ყური:

გამთენიის წინ როგორ გალობს,

რა სრულყოფილად გალობს –

ქალაქშიც კი,

ამ მახინჯი სახლების სიახლოვეს

გადარჩენილ პატარა,

ვარდისფერ ვარდებიან სკვერში –

მოლაღურია თუ ბულბულია,

ტოროლაა თუ შაშვია…

 

სული რა შუაშია?

 

აბა, ისე როგორ იგრძნობ

ღამის კიდეს?..

 

და

თანდათან

თენდება კიდეც…

 

ღამის და დღის გასაყარზე:

ვარდი და ბულბული …

ქალაქშიც კი,

ამ მახინჯი სახლების სიახლოვეს…

 

მე მინდა,

ჩემი სულიც ბოლოს იქ მოხვდეს,

სადაც მკვდარი ჩიტების სულებია…

 

***

გათენდა.

იანვრის მზიანი დილაა.

წელს არა უშავს იანვრის ამინდს.

ფანჯრის რაფაზე ყვავის ია და

სარეცხის საშრობი თოკის

სამაგრ ჯოხზე ყრანტალებს ყვავი

და ეს კარგია

 

დღეს გამეღვიძა რატომღაც ადრე.

ეს იმას ნიშნავს, რომ დღე გრძელი იქნება.

ნეტავი, მე თუ ვიქნები დღეგრძელი?

არ ვიცი,

არა მგონია,

ბებრულად გამოვიყურები,

თუმცაღა, ყვავის ასაკს გადავაბიჯე

და ეს კარგია

 

(ცნობისათვის: ყვავი ას წელს არ ცოცხლობს,

ყველაზე ხნიერი – 59 წლისა გარდაიცვალა)

 

ზარია კარზე.

ალბათ დმანისელი აზერბაიჯანელი ცოლ-ქმარია,

ორი წესიერი, გამრჯე ადამიანი  –

დილაადრიან მხოლოდ ეგენი მოდიან,

კარტოფილით, ხახვით და ვაშლით გვამარაგებენ

და ეს კარგია:

 

– კომშიც ხომ არ გინდა?

– არა, კომში არ მინდა, შემოდით, ჩაი დავლიოთ.

 

და კიდევ ცოტა სხვაცაა ამ ქვეყნად კარგი.

 

***

ზაფხულის გვიანი საღამოა

მივსეირნობ ნელი ნაბიჯით

ვჩერდები

ვჯდები ქუჩის სკამზე

ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს

 

გაჩერებაზე ხალხია

 

ვიხედები მოპირდაპირე მხარეს:

5-სართულიანი ძველი სახლის

მე-5 სართულზე ერთი ნათურით

ერთი ნიშია განათებული

 

პატარა აივანზე ჩამომჯდარი

ერთი მამაკაცის სილუეტი მოჩანს

 

სახლის თავზე კი

ერთი ვარსკვლავი ციმციმებს.

 

***

კოტე სულაბერიძეს

შევდივარ პატარა მყუდრო გალერეაში

მოწყობილ მშვენიერ გამოფენაზე

შევყურებ “შეყვარებულებს,

რომლებმაც თავები დაკარგეს”

და ყვითელნისკარტა შაშვს

 

გამოვდივარ და ვჯდები იქვე

პატარა სკვერში

ბაღის თავისუფალ სკამზე

 

ვხედავ

ბიჭს და გოგოს – 10 მეტრში, სხვა სკამზე:

ბიჭი ზის

გოგო კი ნახევრად წამოწოლილია

და ასე არიან ჩახუტებული ერთმანეთს

 

ჩემს და მათ სკამებს შორის კი

დახტის შაშვი

(ესეც ეტყობა სურათიდან გადმოსულია)

 

გომომრჩა

რაღაც გამომრჩა

ასეთ დროს ყოველთვის

ერთი და იგივე განცდა მიჩნდება

რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამომრჩა

 

ვიხედები ზევით

ბებერი კედრების ჩამოშვებულ

მუქ-მწვანე ტოტებს შორის

ლურჯი ცა მოჩანს.

 

***

              ნიკა აგლაძეს

ვიცი, რომ არაფერი ვიციო

და შეიცან თავი შენიო

და არ უნდა ამას ფიცი-მტკიციო, –

რა ვქნათ, არ დავუჯეროთ გენიოსს?

 

გენიოსი უშეღავათოა,

უბრალო კაცს კი სჭირდება შეღავათი…

დღეს ძალიან ლამაზად მოთოვა.

გავიდა კიდევ ერთი საათი.

 

დადნება წლევანდელი თოვლი და

მოვა და დადნება გაისად,

წავა – ისე როგორც მოვიდა,

მოვა – ისე როგორც წავიდა.

 

ეტყობა, თოვლის პაპობა ჯობია,

ჯობია, მოწყდე ხოლმე სივრცეს,

ჰოდა, თოვლს უნდა წავყვე-წამოვყვე –

ეგებ მართლა თოვლის პაპად ვიქცე.

© არილი