პროზა

სანდრო წერეთელი – ერთი ბოთლი ლუდი

ყოველ პარასკევს მივდივარ ბარში და უგონოდ ვთვრები. ბარი-მეთქი, რომ ვამბობ, რომელიმე კონკრეტულ ბარს არ ვგულისხმობ. შაბათობით „ბარი“ ჩემთვის კოლექტიური სახელია, რომელიც ყველა ადგილს აერთიანებს, სადაც ლუდი იყიდება, სიგარეტის კვამლი თვალებს წვავს და საკუთარი ხმა არ გესმის. ბარში ყველას ოდნავ არანორმალური თვალები აქვს – ჩაწითლებული და თავიანთი ბუნებრივი ადგილებიდან სულ ცოტათი დაძრული.

მე არ მინდა ბარში სიარული. ყოველ შაბათს, როდესაც საწოლზე წამოვჯდები და აღმოვაჩენ, რომ ცალი წინდა იქვე გდია, მაგრამ მისი მეორე ნახევარი ოთახში მიყრილ-მოყრილ ტანსაცმელში უნდა ვეძებო, გადავწყვეტ ხოლმე აღარასოდეს წავიდე იმ ბარში, ან ამ ბარში, საერთოდ არცერთ ბარში აღარ წავიდე და რაც მთავარია, აღარ დავლიო. შაბათს ეს გადაწყვეტილება ურყევი რჩება. კვირასაც ურყევია და მისი ეს სიმტკიცე იმდენად თვალსაჩინო და სანდოა, რომ ორშაბათს იგი მავიწყდება, სამშაბათს ისევ მახსენდება, ოთხშაბათს მისი სიმტკიცე სასაცილო მეჩვენება, ხუთშაბათს მას თვალს ვარიდებ და პარასკევს კი ისეა უყურადღებობით დასუსტებული და მორყეული, რომ ერთი ბიძგი ყოფნის ჩამოსაშლელად.

ამ პრობლემამ იმდენად შემაწუხა, რომ ფსიქოთერაპევტთანაც კი მივედი. ფსიქოთერაპევტმა მკითხა, თუ რატომ ვსვამ პარასკევობით. იმიტომ, რომ პარასკევს ყველა სვამს – ვუპასუხე მე. მაგრამ ის ამ პასუხით არ დაკმაყოფილდა და გაუთავებლად იმეორებდა, რატომ, რატომ, რატომ მაინცდამაინც პარასკევს. მან მკითხა, ვსვამ თუ არა ორშაბათს, ან სამშაბათს. მე ვუპასუხე, რომ არა, რადგან არავინ სვამს ორშაბათს ან სამშაბათს. ფსიქოთერაპევტის აზრით, პარასკევს დალევაზე ჩემი ავადმყოფური ფიქსაცია წარსულის ტრავმაში უნდა ვეძებო და ეს საკითხი გამოსაძიებელია. შემდეგ მომთხოვა, რამე გამეხსენებინა, რამაც მძიმედ იმოქმედა ჩემზე და მე ვუთხარი, რომ ბავშვობაში მეზობლის ველოსიპედით ფუნაში ჩავვარდი, მაგრამ მივხვდი, რომ სისულელე ვთქვი, უცებ გავბრაზდი და განვუცხადე, რომ მე თვითონაც კარგად ვიცი, რა არის ჩემი პრობლემის მიზეზი – მამაჩემი ლოთი იყო და ფსიქოთერაპევტთან მისვლა მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, რომ მან მითხრას – ეს სენი გენეტიკურია, არაფერი მეშველება და პარასკევობით დალევა სინდისის ქენჯნის გარეშე შემიძლია გავაგრძელო. ექიმმა უნდოდ გადააქნია თავი, მე კი პარასკევს ისევ დავლიე.

მაგრამ მეორე დღეს ისე ცუდად ვიყავი, რომ გადავწყვიტე მაინც მეცადა რამე გამეხსენებინა, თუმცა უშედეგოდ: მხოლოდ ბავშვობის კურიოზები მახსენდება, ან დედაჩემის და მამაჩემის გაუთავებელი ჩხუბები ბოლო წლებში, სანამ მამაჩემს მანქანა გაიტანდა და დედაჩემი იტალიაში წავიდოდა. ამის შემდეგ კი ყველაფერი ერთგვაროვანია და უფერული. ექიმთან აღარ დავბრუნებულვარ და არც ის მჯერა, რომ ჩემს პრობლემას ერთი კონკრეტული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ თერაპევტის სიტყვებმა, როგორც ჩანს, შთაბეჭდილება მოახდინა, იმდენად, რომ თავიდან ერთგვარი აზარტითაც ვცდილობდი ამ საიდუმლოს ამოხსნას, შემდეგ კი ეს საკუთარი თავის გამოძიება დროის გასაყვან გასართობად მექცა. ხანდახან, როდესაც ამის დრო მაქვს და ხელს არაფერი მიშლის წარსულს ჩავუღრმავდე, მაგალითად დილით, როდესაც ავტობუსში ვზივარ და სამსახურისკენ მტკივნეულად ნელა მივიწევ, მახსენდება, რომ პარასკევს არ უნდა დავლიო და ვიწყებ, თანაც სულ თავიდან, რამდენადაც წარსულის ნანგრევებში საორიენტაციოდ არც საწყისი წერტილი მაქვს და არც მიმართულება:

მე დავიბადე 1991 წლის ერთ მთვარიან ღამეს, ან ქარიან, ან თოვლიან, ან სამივე ერთად. სინამდვილეში მაისში დავიბადე და ზუსტად არ ვიცი როგორი ღამე იყო, მაგრამ ამას პრინციპში დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ამიტომ დაბადების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა გავიხსენო, რაც გადამხდენია. მაგრამ ცოტა ხნით ვიჭედები, რადგან არაფერი მახსენდება. ამას მოჰყვება ბავშვობის პატარ-პატარა მოგონებები, ზაფხულის ღამეს სარეცხის თოკზე შემომჯდარი ბუ, პირველი ქალი, რომელთანაც მამაჩემის ძმაკაცებმა წამიყვანეს… მნიშვნელოვანი არაფერი. მაგრამ მოგვიანებით ასეთმა სეანსებმა მიჩქმალული კადრის მოულოდნელი გაელვებაც იცის ხოლმე, მაგალითად: ახალი საფლავის ნოტიო გორა და მისი მეზობელი საფლავის ქვის ღობეზე შემოდებული ჯონჯოლიანი თეფში, ჭიქები, ორშაბათის ქალაქიდან ამოღწეული დუდუნი, როდესაც რომელიმე ნათესავი სადღეგრძელოს თქმას დაასრულებს. ფერების ჩამუქების შემდეგ, ხანდახან დედაჩემის და მამაჩემის სახეები ამოტივტივდებიან, მაგრამ არაფერს მეუბნებიან და მალევე ქრებიან, თითქოს ოფლის მოტკბო სუნით გაჟღენთილი ავტობუსის ჰაერი მათაც სულს უხუთავს.

ასე გრძელდება და რაც არ უნდა ნელა მიიწევდეს წინ ავტობუსი, სანამ წარსულის რომელიმე ნივთი ან ამბავი საბოლოოდ მოიკრებდეს ძალას, უკვე ჩემი სამსახურის წინ ვარ, სადაც ჩემი პირადი პრობლემა და მისი გადაჭრის საჭიროება უძლურია ყოველდღიურობას მომწყვიტოს: საქმიანი მეილები, საქმიანი შეხვედრები, საქმიანი თანამშრომლები (და უსაქმოებიც) მას უმალ მარხავენ თითქმის ისევე ღრმად და საიმედოდ, როგორც ის ერთი ამბავია დამარხული.

საღამოს კი გამოძიების თავი არავის აქვს, ან რომელი გამომძიებელი მე ვარ? მირჩევნია კვერცხი შევიწვა, სერიალს ვუყურო და დავიძინო. მაგრამ დღეები ზვავივით არის დაძრული, შიგ მე ვყავარ მოყოლებული და სულ უფრო უახლოვდება პარასკევს.

ადრე თუ გვიან ეს დღეც დგება. მთელი დღე მოუსვენრად ვარ, მაგრამ სანამ სამუშაო დღის ბოლო მოაღწევდეს, საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, არ დავლევ. საღამოს სამსახურიდან გამოვდივარ და თავისუფლების ჰაერს ვისუნთქავ. ახლავე სახლში წასვლა ძალიან არაკომფორტული იქნება, ამიტომ სანამ საცობი შეთხელდება, ცოტას გავისეირნებ – გვიანი სექტემბერის მშვენიერი საღამოა.

ფეხებს უფლებას ვაძლევ მიმართულება თვითონ აირჩიონ.

უცნაურია, რა სიამოვნება შეიძლება მოგანიჭოს ძალაუფლების შეგრძნებამ საკუთარ თავზე. ამ ძალაუფლების წყალობით ცოტა ხანში სახლში წავალ, ჩაის დავისხამ და წამოვწვები, მერე შხაპს მივიღებ. მეტი ეფექტისთვის ხვალინდელ დღესაც წარმოვიდგენ – როდესაც პახმელიაზე არ ვიქნები და ტანსაცმელს სიგარეტის სუნი არ ექნება. თავის ტკივილზე და ნაბახუსევის სხვა ბენეფიტებზე მეტად სიგარეტის სუნით აყროლებული ტანსაცმელი მეზიზღება. ამიტომ წარმოვიდგენ რომ ტანსაცმელს მხოლოდ შეჩვეული სხეულის სუნი ასდის და არც ღვინის ან ლუდის ლაქებით არის დაწინწკლული. წინასწარ ვტკბები ხვალინდელი გამარჯვებით: ავდგები 9 საათზე და ყავას გავიმზადებ, თუ კარგი ამინდი იქნება – გავისეირნებ

ეს ბარი არ ვიცი.

არა, ყველა ვარიანტში გავისეირნებ, როგორი ამინდიც არ უნდა იყოს. შემდეგ რისი გაკეთება შეიძლება? უამრავი რამის.

როგორ შეიძლება არ ვიცოდე? ნუთუ არ ვარ ნამყოფი?

საერთოდაც, შეიძლება მამიდაჩემს ვესტუმრო, რამდენი წელია არ მინახავს, გაეხარდება.

არა, მემგონი მართლა არ ვარ.

ხვალინდელი სასეირნო ამინდი უცებ კარგავს მიმზიდველობას და ვგრძნობ, როგორ მებორკება ფეხები სურვილის ბორკილებით. თავს ძალას ვატან, რომ ბარის კართან არ გავჩერდე, მაგრამ კართან ჩავლისას შიგნით შეხედვის ცდუნებას მაინც ვერ ვუძლებ და ასე, ნაბიჯის შეუნელებლად შევაპარებ თვალს. ცუდად განათებულ ინტერიერში თაროებზე ჩალაგებული ბოთლები ბრწყინავენ, დახლზე, საფერფლეში სიგარეტი იწვის და მისი ძაფივით წვრილი კვამლი ჭერისკენ მიიწევს.

რამდენიმე ნაბიჯს კიდევ გავდივარ, მერე ვჩერდები.

დღეს ძალიან დავიღალე, რამდენი ვიმუშავე! როგორ უნდა ვუთხრა საკუთარ თავს უარი ერთ ბოთლ ლუდზე? ერთმა ბოთლმა რა უნდა მიქნას, ერთი ბოთლი, ანუ ერთადერთი კათხა – საბავშვო ბაღი. აბა რა. არ არის აუცილებელი, რომ ერთბაშად შევწყვიტო დალევა, სადღაც წამიკითხავს, რომ მავნე ჩვევის თავიდან მოშორების ყველაზე ეფექტური საშუალება, ნელ-ნელა თავის დანებებაა, როგორც მაგალითად დოზების შემცირება.

დიპლომატიურ გადაწყვეტილებას ვიღებ თუ არა, მაშინვე შვებას ვგრძნობ.

ჩვეულებისამებრ, ბარის დახლთან ვჯდები და ლუდს ვუკვეთავ, სიგარეტს ვუკიდებ, ახლა ნამდვილად კარგი განწყობა მეუფლება. ბარმენი გოგონა ღიმილით მესალმება და ხურდა ფულით სავსე გამჭვირვალე ყუთს ჩემკენ აჩოჩებს. არა, გამახსენდა, აქაც ნამყოფი ვარ. არ ვიცი მაშინვე რატომ ვერ გავიხსენე, მაგრამ ნამდვილად ნამყოფი ვარ. ალბათ ერთი ან ორი წლის წინ შემოვიარე. საინტერესოა, მეტჯერ რატომ არ მოვედი, მაგრამ ახლა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მალე ბარები წარსულს ჩაბარდება.

პარასკევი საღამოსთვის აქ უჩვეულოდ ცოტა ხალხია.

ჩემი ლუდი მოდის და ვყოყმანობ, ჭიქაც მოვითხოვო თუ არა, რადგან ცოტა ხნის წინ შევიტყვე, რომ თუ ლუდს ბოთლიდან სვამ, ის მუცელში ქაფდება და ამიტომ უფრო იბერები, მაგრამ ახლა მაინც ბოთლიდან დალევა მირჩევნია. ეს ბარი ალბათ იმიტომაც დამავიწყდა რომ ჩემი გემოვნებისათვის ზედმეტად ცარიელია. მაგრამ ეს სიხალვათე ამ შემთხვევაში კარგია – ცოტა ხალხში მეტი კონტროლია, რაც დათრობას ართულებს. არა, არც ვაპირებ დათრობას, უბრალოდ კარგია, რომ ცოტა ხალხია.

ნება-ნება ვსვამ. ბოთლის ნახევარი მაქვს დალეული და ჩემი წასვლის, ანუ ჩემი ტრიუმფის დრო ახლოვდება, როდესაც ბარში კაცი შემოდის. სახე წითელი და წლებისგან ნაბეგვი აქვს. კართან ჩერდება, ეყრდნობა, ისვენებს. შემდეგ საკუთარ თავს ბიძგს აძლევს და თვალის დახამხამებაში ჩემს სკამთან აღმოჩნდება. მაგრამ მე ჯერ კიდევ მშვიდად ვარ, არაფერს ვეჭვობ, მგონია, რომ შეძლებს გვერდი ამიაროს, შეჯახების საშიშროება არც კი გამიელვებს თავში, ისე ვიღებ ჩემს ბოთლს, რათა მორიგი პატარა ყლუპი მოვსვა, მაგრამ კაცი ბარბაცებს, მეჯახება და თან ისეთი ძალით, ლამის სკამიდან გადმომაგდოს – ბოთლი ხელიდან მივარდება, ყირავდება და ინერციით აკეთებს რამდენიმე ბრუნს საკუთარი ცენტრის ირგვლივ. დახლზე და მის ორივე მხარეს ლუდი იღვრება და ქაფდება.

– პარდონ – ამბობს კაცი და ხელებს მაღლა სწევს, იმის ნიშნად, რომ ჩვენს ხელთაა, მაგრამ უხერხულობა ან სინდისის ქენჯნა არ ემჩნევა. ამ არხეინი, ფორმალური ბოდიშის გამო მაშინვე მამაჩემს მაგონებს და ეს იმდენად არ მსიამოვნებს, რომ ჩემთვის უჩვეულო უხეშობას ვიჩენ, საპასუხოდ არაფერს ვამბობ და წაქცეულ ბოთლს ფეხზე ვაყენებ. მასში თითქმის აღარაფერია. კიდევ ერთი უსიამოვნება. იმ დღეს, როდესაც ჩემი ნათელი მომავლის პირველი აგური უნდა დამედო, ერთი ბოთლიც არ შემარგეს – დამნაშავეს ხელები მონანიესავით აუწევია, მაგრამ მე მისი დაპატიმრება არ შემიძლია.

დედაჩემს ეჯავრება მთვრალი კაცები. „მთვრალს მხოლოდ საქმის გაფუჭება შეუძლია“ – შეგონებასავით მიმეორებდა ხოლმე, სანამ ერთად ვცხოვრობდით. წარმოდგენაც არ მინდა რა რეაქცია ექნებოდა ერთ-ერთ ჩავლილ პარასკევ საღამოს რომ დავენახე. დედაჩემი, რა თქმა უნდა, მართალი იყო, ამ ბარში ერთადერთი მთვრალი კაცია და ჩემთვის საქმის გაფუჭება მაინც მოახერხა.

ბარმენი გოგონა, რომელიც აქ რომ არ მუშაობდეს, ვიფიქრებდი, რომ სრულიად იზიარებს დედაჩემის ანტიპათიას მთვრალი კაცების მიმართ, რაც მის გამტკნარებულ გამომეტყველებაში მოჩანს, იმაში თუ როგორ ცდილობს კაცისთვის თვალის არიდებას, ხელსახოცს იმარჯვებს და მეუბნება:

– ახლავე მოგართმევთ მეორეს.

ახლა ხომ ვერ წავალ? ერთ ბოლთს ნამდვილად ვიმსახურებდი და ახლაც ვიმსახურებ. შეიძლება იმ ახალი ბოთლის ნახევარი დავლიო და ისე წავიდე, ასე საკუთარ სინდისთანაც მართალი ვიქნები და ჯილდოსაც, რომელიც საკუთარ თავს დავუწესე, არაფერს მოვაკლებ. თავს უხმოდ ვუქნევ.

– მეც ხომ მომართმევთ? – ამბობს მთვრალი კაცი და ზურგიდან შარი-შური მესმის. ჯიბეებში იქექება.

– თქვენ ამ ბატონის უნდა გადაიხადოთ – ამბობს გოგონა ისე, რომ კაცს ისევ არ უყურებს და არც დახლის წმენდას წყვეტს. ის ნამდვილად ეთანხმება დედაჩემს, ოღონდ არ ვიცი აქ რატომ მუშაობს. გაურკვეველი, უსიამოვნო გრძნობა მუცლიდან იწყებს სათავეს და ზემოთ-ზემოთ მოდის, ტალღებად. აქ განათებაც კი ჩემი სახლისას ჰგავს. ჩვენთან ჭაღს ყოველთვის აკლდა ნათურა.

– ამ ბატონისასაც გადავიხდი და სხვა ბატონისასაც – ამბობს კაცი. ის ჯერ კიდევ ჩემს უკან დგას და ახლა ზურგზე ხელს მიტყაპუნებს. კიდევ კარგი, ახალი ბოთლი ჯერ არ მოუტანიათ – კიდევ ბოდიში ძვირფასო ადამიანო, პარდონ მუსიე.

მაგარი მთვრალია. ეს კიდევ უფრო მაღიზიანებს და თვითონაც მიკვირს, როდესაც საკუთარი იმპულსებისათვის წინააღმდეგობის გაწევა მიწევს. მინდა მივუბრუნდე და ხელი ვკრა. წარმოვიდგენ, როგორი გაკვირვებული ბარბაცით დაიხევს უკან-უკან და შემდეგ ბარის იატაკზე გაიშხლართება – ფეხებით სინათლეში, თავით და მხრებით კი ბარის სიღრმეში, სადაც ძლივს აღწევს დახლს ზემოთ დამაგრებული უცნაური ნათურების შუქი. შემდეგში კარგად დაფიქრდება, სანამ გამოსწორების გზაზე შემდგარ ალკოჰოლიკს ბოთლს გააგდებინებს ხელიდან.

მაგრამ თავს დროულად ვთოკავ. რა მოგივიდა შენც კიდე. ვინ არ ყოფილა მთვრალი, რა, შენ არ ყოფილხარ მთვრალი? არ ჩანს ცუდი ტიპი, უბრალოდ ფეხი შეეშალა და უნებლიეთ დამეჯახა, არ უნდოდა.

სკამზე ნახევრად ვტრიალდები და რაც შემიძლია მშვიდად ვეუბნები:

– არაუშავს. მე თვითონ. არ არის პრობლემა.

ახალი ბოთლიც მოდის და მისი დაცვარული ყელი პირველისაზე უფრო მადისაღმძვრელად გამოიყურება. მთვრალი კაცი ხვნეშით ბობღდება ზუსტად ჩემს გვერდით მდგარ მაღალ სკამზე და მთელ ბარში ავრცელებს ალკოჰოლის ამონასუნთქს. გოგოს მისთვისაც მოაქვს ლუდი და მერე ერთხანს სიჩუმეა. კაცი რამდენიმე ყლუპს სვამს და ჩუმად აბოყინებს, გოგონა კი სკამზე ზის და ტელეფონის ეკრანის შუქი, რომელშიც მოჯადოებულივით იყურება, მის ცხიმიანი კულულებით ნახევრად დაფარულ, დაღლილ სახეს ანათებს.

სიჩუმეს, რომელშიც მხოლოდ ბარის სიღრმეში ერთადერთი დაკავებული მაგიდიდან წამოსული ხმადაბალი საუბრის ზუზუნი იჭრება, ისევ კაცი არღვევს.

– ჩემო კეთილო – მე მეუბნება – მაინც მინდა გამოვისყიდო დანაშაული.

ვერ ვიგებ რა უნდა, ამიტომ უხმოდ ვუყურებ.

– ჩემო კეთილო – აგრძელებს ის – მემგონი ჩვენი შერიგებისა უნდა დავლიოთ.

გონება მინათდება. აი თურმე რა ნდომებია – თანამეინახეს ეძებს. ამას აქამდეც უნდა მივმხვდარიყავი, რადგან ყველა ლოთი ერთნაირია.

– მადლობა, მაგრამ არ ვსვამ – რაც თავში პირველად მომდის იმას ვამბობ და მგონი ვწითლდები კიდეც. ხელი გამირბის და ლუდის ბოთლს ვიღებ. შეცდომას შეცდომაზე ვუშვებ, მინდა ბოთლი ისევ ადგილზე დავაბრუნო, ამიტომ რამდენიმე ყლუპს ზედიზედ ვსვამ და ბოთლს ხმაურით ვდგამ დახლზე.

დასაკარგი აღარაფერი მაქვს და კაცს გამომწვევად ვაშტერდები.

მაგრამ იმას არაფერი ეტყობა. ერთხანს ისიც მიყურებს, მერე მიღიმის და თავის ბოთლს უბრუნდება. თავს დამცირებულად ვგრძნობ. ისე იღიმის, თითქოს ჩემი ესმის, როგორც მშობლებს ეღიმებათ თინეიჯერულ ამბოხებებზე.

ახლაღა ვამჩნევ რომ ჩემი ბოთლის ნახევარს საგრძნობლად ჩამოვცდი. მას ერთბაშად ბოლომდე ვცლი და ახალ ბოთლს ვუკვეთავ. მესამე ბოთლის გამოჩენისთანავე კაცი ისევ იწყებს:

– ამ ჭიქით… უფრო სწორად, ამ ყლუპით… მე მინდა დავლიო სადღეგრძელო… – არც მე და არც გოგოს არ გვიყურებს, თაროებზე ჩალაგებულ ფერად ბოთლებს მიმართავს – ეს იმ კაცს გაუმარჯოს, ვინც გულში წყენას დიდხანს არ შეინახავს და ვინც იცის, რომ მარტო კაცი დალევაშიც ბრალია. ეგეთ ხალხს გაუმარჯოს.

ბოთლს იყუდებს და მისკენ არ ვიხედები, მაგრამ თვალის კუთხით ვხედავ, როგორ მოგვავლებს თვალს მე და ბარმენ გოგოს, თან მგონი იღიმის კიდეც. დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან ყინულს გაალღობს.

მე არაფერს ვამბობ, მაგრამ მესამე ბოთლი არ უნდა შემეკვეთა. სასმელი მეკიდება და ნათელია, ეს პარასკევიც ჩავარდა. მაგრამ რაღაცა ხდება, დათქმული აღთქმის დარღვევაზე უარესი. ჩემში წარსულის რომელიღაცა სცენა ცოცხლდება, როგორც საშინელებათა ფილმის პროტაგონისტში იჩეკება უცხოპლანეტელი მტაცებლის ჭუპრი და მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია ასეთი მთვრალი ვიყო, თვალნათლივ ვხედავ მთვრალ მამაჩემს, რომელსაც რის ვაი-ვაგლახით ვიგერიებ, და გაღიზიანებულ, დაღლილ დედაჩემს.

ახლა გოგონასაც ეტყობა დაძაბულობა, ტელეფონზე კონცენტრაციას ვეღარ ახერხებს და თვალს ხშირ-ხშირად აპარებს ჩვენკენ. თუმცა სულ ტყუილად ეშინია, მე არაფრის ჩადენას არ ვაპირებ, იმან რამდენიც უნდა, ილაპარაკოს.

კაცი ჩემკენ ტრიალდება – მას გადაწყვეტილი აქვს ჩემი გული მოიგოს. ყურადღების მოკრებას მთელ ძალისხმევას ანდომებს, ცდილობს ენა არ დაებას. მისი ხმა ბუნდოვნად ჩამესმის.

– კიდევ ბოდიშს ვიხდი. მაგრამ იცოდე, ეგეთი მთვრალი არ ვარ. მე არასოდეს ვარ ეგეთი მთვრალი. თუ რამე გაწყენინე შევრიგდეთ… თუ ჩემთან ლაპარაკი არ გინდა, უბრალოდ მომიჭახუნე, იმის ნიშნად, რომ შევრიგდით. მარტო ამას ვითხოვ და მორჩა, სამუდამოდ დაგეხსნები.

მთელი კონცენტრაცია ბოთლზე გადამაქვს და ვცდილობ შიშინს, რომელიც ყურებში მიდგას, არ მოვუსმინო.

– ბატონო, თუ შეიძლება კლიენტებს ნუ აწუხებთ – ამბობს დედაჩემი.

ბოთლს სასმელებიან თაროს ვესვრი და სკამიდან ისე ვხტები, რომ იგი ყირავდება. მინდა ვუყვირო, რომ ორივე ყელში ამომივიდნენ, მაგრამ ვერაფრის თქმას ვერ ვახერხებ, იდიოტივით ვდგავარ და კაცს ვუყურებ.

ბარის სიღრმიდან წამოსული ზუზუნი ფერადი ბოთლების ლეწვის ხმასთან ერთად წყდება და ახლა კი მართლა სამარისებული სიჩუმე ისადგურებს.

კაცი დაბნეული მიყურებს, მერე ბარმენ გოგონას შეხედავს, რომელსაც ყურები ჯერ კიდევ ხელებზე აქვს აფარებული. შემდეგ ისევ ჩემზე გადმოაქვს მზერა. მისი ნაკვთები უცებ სიმკვეთრეს იძენენ. მისი სახე დაბეგვილი ხორცის ნაჭერი მეგონებოდა, რომ არა თვალები, რომლებიც მომშტერებოდნენ აზრის იმ ნარჩენებით, რომელიც ჯერ კიდევ არ გაუნადგურებია სასმელს.

შემდეგ ის ორივეს თვალს გვარიდებს და სკამიდან ჩამობობღებას იწყებს. მისთვის ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ როგორღაც მაინც ახერხებს და ბარის იატაკზე არც თუ ისე მყარად მდგომი ჯიბეებში იქექება. ჩვენ, მე და ბარმენი გოგონა, აღარ ვარსებობთ და აღარც ეს ბარი არსებობს, მხოლოდ არსებობს ჯიბეები, რომლის რომელიღაცა კუნჭულში დაკუჭული კუპიურები უნდა იყოს. ერთ-ერთ მათგანს მოძებნის კიდეც და ფრთხილად დებს დახლზე, შემდეგ დაიძრება და კარისკენ მიდის, ამჯერად მთელ ძალისხმევას მოიკრებს, რათა გვერდი ამიაროს, არ შემეხოს, არც შემომხედოს. ვხედავ, რაც უფრო უახლოვდება კარს, როგორ იმართება წელში, თითქოს მომხდარის ტვირთი ეხსნება მხრებიდან და როდესაც კარამდე მიაღწევს, იგი კვლავ თავისუფალია. ვცდილობ არ ვიფიქრო იმაზე, თუ როგორ გავა კარში მეორედ უარყოფილი და ერთხანს წითელი შუქებით ბუნდად განათებულ ქუჩაზე დადგება, ბარის შესასვლელისგან ოდნავ მოშორებით, სანამ მისი ცნობიერებიდან საბოლოოდ აიკრიფებოდეს უსიამოვნო ნისლი, შემდეგ კი რწევა-რწევით გაუყვება მომდევნო ბარისკენ, როგორ შეეცდება ქუჩის გადაკვეთას და მის თვალებში როგორ აალდება აზრი უკანასკნელად, როდესაც მოსახვევიდან მოულოდნელად გამოვარდნილი მანქანის ფარები მის დაბეგვილ სახეს სინათლეში მოაქცევს.

© არილი

Facebook Comments Box