მწერლებმა, აკადემიკოსებმა და კრიტიკოსებმა ხმის მიცემით გამოავლინეს ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი მხატვრული ტექსტები. “BBC” მათ სიასა და გამოკითხვაში მონაწილეთა განმარტებებს აქვეყნებს:
ოდისეა, ჰომეროსი
სიის სათავეში „ოდისეაა“, ჰომეროსის ეპიკური პოემა. რატომაა პირველი არჩევანი? მწერალი ნატალი ჰეინსის აზრით, „იმიტომ, რომ ის ერთ-ერთი უდიდესი ფუნდამენტური მითია დასავლური კულტურის; იმიტომ, რომ სვამს კითხვას, რას ნიშნავს, იყო გმირი; იმიტომ, რომ ისეთივე დიდებული ქალი პერსონაჟები ჰყავს, როგორიც მამაკაცები; იმიტომ, რომ სავსეა ღმერთებითა და მონსტრებით, ეპიკურია და გვაიძულებს, გადავაფასოთ ჩვენი ვარაუდები ხანგრძლივ ძიებაზე, ომზე… ეხება იმას, თუ რას ნიშნავს სახლში დაბრუნება“. ლისა აბიპნანეზი, მწერალი და კრიტიკოსი, ამბობს, რომ ოდისეას მარტივი ფაბულა აქვს – მოგზაურობა, რომელიც ამავდროულად დაბრუნებაცაა. მწერალი ბევერლი ნაიდუ კი დასძენს: „ამბებმა, რომლებიც ოდისეაში ხდება – 10 წლიანი მოგზაურობა ტროის ომის შემდეგ, როცა ერთგული პენელოპე ელოდება ოდისევსს, ხოლო შვილი, ტელემაქოსი ეძებს – მთლიანად გაჟღინთა ჩვენი ცნობიერება. ეს ადამიანური ელემენტები, უამრავი ისტორიით, კვლავ ხმიანობს საუკუნეების შემდეგ და დაუსრულებელი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა“.
ბიძია თომას ქოხი, ჰარიეტ ბიჩერ სტოუ
“რთულია, გაიხსენო დღეს რომელიმე ტექსტი, რომელსაც ასეთი გავლენის მოხდენა შეეძლო“ – ვკითხულობთ ჰარიეტ ბიჩერ სტოუს 1852 წლის რომანის შესახებ. მასზე საუბრისას გამოკითხვაში მონაწილე მწერლები აღნიშნავენ, რომ ესაა „პირველი ფართოდ კითხვადი პოლიტიკური რომანი ამერიკაში“; „პირველი მხატვრული ნაწარმოები, რომელმაც ღიად მიუთითა მონობის სისასტიკეზე, ადამიანის ექსპლუატაციაზე, მიკერძოებულ სისტემაზე, ფესვგადგმულ პატრიარქატზე, ფემინიზმის საჭიროებაზე და ა.შ.“ „ბიძია თომას ქოხი“ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნად იქცა აშშ-ში თუ მის ფარგლებს გარეთ, მკითხველებს შორის კი ჰუმანურობა და ემპათია გააღვიძა. მწერალი როქსანა რობინსონი „ბიძია თომას ქოხზე“ ამბობს: „გვიამბო მონობის შესახებ, დამონებული ადამიანის თვალით, და იყო ერთ-ერთი პირველი რომანი, რომელმაც ფერადკანიანი პერსონაჟები გვაჩვენა, როგორც მამები და დედები, მშობლები და შვილები – როგორც ადამიანები, რომლებიც არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდნენ“. თუმცა, აღნიშნავენ მის ნაკლოვანებებსაც. მაგალითად, იმას, რომ მეტისმეტად სენტიმენტალურია. ამის მიუხედავად, უდავოა მისი გავლენა მწერალთა მთელ თაობაზე. პოეტი და კრიტიკოსი ელიზაბეთ როსნერი ფიქრობს, რომ ეს წიგნი მთელ ერს დაეხმარა არა მარტო იმაში, რომ სავალალო კანონებში ეჭვი შეეტანა, არამედ იმაშიც, რომ სამუდამოდ შეეცვალა სასტიკი, რასისტული დეჰუმანიზაციის პროცესი, რაც მისთვის ლიტერატურის საუკეთესო განსაზღვრებაა.
ფრანკენშტაინი, მერი შელი
მერი შელის 1818 წლის რომანი, „თანამედროვე სამყაროს კვინტესენციური ამბავია“ ამბობს როჯერ ლაკჰერსტი, თანამედროვე ლიტერატურის პროფესორი ლონდონიდან. ესაა დამაჯერებელი ამბავი მეცნიერისა, რომელიც ცოცხალ არსებას შექმნის; არსებას, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სურათად იქცევა თანამედროვე ლიტერატურაში. რომანის გავლენა, როგორც ლიტერატურაში, ისე კულტურის სხვა სფეროებში, შეუფასებელია. კრიტიკოსები წერენ, რომ „ფრანკენშტაინმა“ გავლენა მეცნიერებზეც კი მოახდინა, რადგან იგი ლაპარაკობს თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ შიშზე, რომ, შესაძლოა, ჩვენი ქმნილებების კონტროლი ვეღარ შევძლოთ. პოეტი ტეს ტეილორი კი ამბობს, რომ „ეს წიგნი იქცა არა მარტო შაბლონად, რომლის ძირითად ნარატივსაც ვიზიარებთ, არამედ ხედვად, რომლითაც ვკითხულობთ ჩვენივე სამყაროს“.
1984, ჯორჯ ორუელი
სიაში ჯორჯ ორუელის 1949 წლის დისტოპიური რომანიც მოხვდა. „იმიტომ, რომ გადმოსცემს სიმართლეს ტოტალიტარიზმისა და ადამიანის ისტორიის შესახებ“ – ამბობს კრიტიკოსი ალექს კლარკი. რებეკა სტეინიცი აღნიშნავს, რომ ტოტალიტარიზმის, ტექნოლოგიებისა და თვალთვალის თემები გამოჩენის დღიდან რელევანტურია. მედიის ისტორიის პროფესორის, ჟან სიტონის აზრით კი, თანამედროვე ტირანიის ორუელისეული დეფინიცია ძალიან ზუსტია, ისევე როგორც პროპაგანდის მექანიზმების. გარდა ამისა, იგი ყველა ავტორიტარულმა რეჟიმმა აკრძალა, რადგან აშინებთ მისი ძალა, ზუსტად განსაზღვროს საფრთხე. ამიტომაც ეს წიგნი ინსტრუქციაა მათთვის, ვისაც წინააღმდეგობის გაწევა სურს. ყველა, ვინც „1984“ ათეულში დაასახელა, თანხმდება, რომ ეს საშიში წინასწარმეტყველებაა.
ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს, ჩინუა აჩებე
ნიგერიული ტომის ცხოვრების სურათი, „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“, რომელიც 1958 წელს გამოიცა, ანგრევს სტერეოტიპებს აფრიკის შესახებ და ძალიან გავლენიანი ტექსტია. თავად ავტორი ამბობდა: „ეს პირველი შემთხვევაა, როცა საკუთარი თავი დავინახეთ, როგორც ავტონომიური ინდივიდები და არა ნახევარ-ადამიანები ან, როგორც კონრადი იტყოდა, „პრიმიტიული სულები“. გამოკითხვის მონაწილეების დიდი ნაწილი შეთანხმდა, რომ ჩინუა აჩებეს ეს რომანი სიაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო. მწერალი ბევერლი ნაიდუ აღნიშნავს, რომ აფრიკის შესახებ რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენა შექმნა ჩინუა აჩებემ და წიგნის გავლენის დანახვა უკვე შესაძლებელია. უგანდას უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, ევროპული, კოლონიური ნარატივი ვეღარასოდეს იქნება იგივე მას შემდეგ, რაც აჩებეს პირველი წიგნი გამოქვეყნდა, რადგან ამ ტექსტმა გააძლიერა აფრიკა და აფრიკული გამოცდილება აჩვენა სამყაროს ისე, როგორც არცერთ აფრიკულ მხატვრულ ტექსტს არ უჩვენებია აქამდე. კრიტიკოსების განმარტებით, აჩებეს ინოვაციურობას განაპირობებს ისიც, რომ ამბის თხრობის თანამედროვე კონვენციები შეცვალა და მკითხველი აფრიკის დანახვისას არა სიბნელეს, არამედ ცხოვრების კომპლექსურ რეპრეზენტაციას ხედავს, რისთვისაც იწერება კიდეც, ზოგადად, რომანები.
ათას ერთი ღამე (სხვადასხვა ავტორი)
სიაში მოხვდა კიდევ ერთი კლასიკური ტექსტი, „ათას ერთი ღამე“. მასზე საუბრისას ხაზს უსვამენ, რომ ბევრი პერსონაჟი, მოტივი თუ ციტატა ამ ისტორიებიდან მსოფლიოში ყოველდღიურ საუბრებშიც ხშირად გამოიყენება. ამბობენ იმასაც, რომ თანამედროვეობაში თუ შუა საუკუნეებში, მწერლები, მუსიკოსები და რეჟისორები ყოველთვის იღებდნენ ინსპირაციას „ათას ერთი ღამიდან“. კრიტიკოსი მუნეეზა შამსი კი აღნიშნავს, რომ „აღმერთებს შეჰერაზადას გამბედაობას, გონიერებასა და თავდაჯერებულობას და ის ფაქტი, რომ იგი წარმატებას აღწევს, ამტკიცებს ამბის თხრობისა და წარმოსახვის უპირატესობას ტირანიასა და ტერორზე – ეს კი ის კონცეპტია, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ჩვენი სამყაროს იდეებსა თუ იდეალებზე“. დასძენენ იმასაც, რომ ეს ტექსტი „ქალს სუბვერსიულ ხმას აძლევს, რასაც იგი იარაღად იყენებს გადარჩენისთვის“.
დონ კიხოტე, მიგელ დე სერვანტესი
„დონ კიხოტეს“, რომელიც ორ ნაწილად, 1605 და 1615 წლებში, გამოქვეყნდა, ბევრი პირველ რომანად მიიჩნევს. სუზან ლარსონი, კრიტიკოსი, მისი უცვლელი პოპულარობის მიზეზს ასე განმარტავს: „ეს კომიკური შედევრი უთვალავ მწერალსა და მკითხველს შთააგონებს საუკუნეების განმავლობაში, პროტაგონისტის დაუღალავი ძიების უცვლელი, გასაოცრად თანამედროვე მიმზიდველობითა და მისი ერთგული თანმხლებით“. კრიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ „ადამიანის ცხოვრებაში ოცნებისა და მიზანსწრაფვის მნიშვნელობის სურათმა უფრო ღრმად გაგვააზრებინა, თუ რას ნიშნავს, იყო ადამიანი“. დაბოლოს, ჩვენ, ყველას, გვაქვს პოტენციალი, ვიყოთ დონ კიხოტი.
ჰამლეტი, უილიამ შექსპირი
როგორც “BBC” წერს, ამ სიაში უილიამ შექსპირის აღმოჩენა გასაკვირი სულაც არაა, რადგან ყველაზე პოპულარული ავტორების სამეულში უთუოდ შედის შექსპირი. კრიტიკოსებმა ახსნეს, თუ რატომაა იგი მნიშვნელოვანი ამდენად: „ძალიან ცოტა ამბავი შესულა ასე ღრმად მსოფლიო კულტურაში და მოუხდენია გავლენა იმაზე, თუ როგორ ვხედავთ საკუთარ დაბნეულ თავებს“ – ამბობს ინგლისელი მწერალი და კრიტიკოსი ადამ თორპი. ასევე ინგლისელი მწერალი და კრიტიკოსი ელიზაბეთ როსნერი კი აღნიშნავს, რომ ეს პიესა ცხადყოფს, რა ღრმად აღიქვამდა შექსპირი ადამიანის ფსიქიკას და დასძენს, რომ თემატიკა, პერსონაჟები და პიესის სტრუქტურაც კი ამჟღავნებს, ადამიანში როგორ ირევა ერთმანეთში თვითგანადგურება და გონიერება, სიყვარულისა და სიძულვილის უნარი, ქმნადობა და დესტრუქციულობა.
მარტოობის ასი წელიწადი, მარკესი
1967 წლის რომანი „მარტოობის ასი წელიწადი“ სხვადასხვა ეროვნების ექსპერტებმა და მწერლებმა შეარჩიეს. ჟურნალისტი ოსკარ კონტარდო ამბობს, რომ ამ წიგნით პირველად აღმოაჩინა მსოფლიომ ლათინური ამერიკის არსებობა და „მნიშვნელობა არა აქვს, ჩილელი ხარ, არგენტინელი თუ კოლუმბიელი, შენ ყოველთვის მაკონდოს მოქალაქე იქნები, სამყაროს დასასრულამდე“. აღნიშნავენ იმასაც, რომ მან შეცვალა მოდერნისტული ნარატივის შესაძლებლობები და ევროცენტრისტული აღქმა უფრო გლობალურით ჩაანაცვლა. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მან მაგიური რეალიზმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მკითხველის ვიზუალური გამოცდილებებიც გადაასხვაფერა. ზოგიერთი იმასაც წერს, რომ მან ხელახლა აღმოაჩინა კონტინენტი. ამ ყველაფერთან ერთად კი მკითხველს ალტერნატიული მომავლის დანახვის შესაძლებლობა მისცა უიმედობის, დიქტატურისა და მილიტარიზმის დროს.
ილიადა, ჰომეროსი
დაბოლოს, ჰომეროსის ეპიკური პოემა „ილიადა“, ომის უაზრობისა და იმის შესახებ, თუ როგორ მანიპულირებენ ღმერთები ადამიანებით. ინგლისელი მთარგმნელი კაროლინ ალექსანდერი ამბობს, რომ „ილიადას“ შეუფასებელი გავლენა აქვს აზროვნებასა და ისტორიაზე. მან ახალი ლიტერატურული შეხედულება შექმნა ღმერთებზე, რომელთა ქცევაც ირეკლავს კაცობრიობას, მის ნაკლსა და ვნებებს. ამიტომაც მის ისტორიასა და ტრაგიკულ გმირებზე კვლავ ვფიქრობთ, ისევე როგორც ომის მის დამღუპველ აღქმაზე. ქეით ტატლის თქმით კი ესაა ომის, ბრაზის, სიყვარულისა და შურისძიების ამბავი, დამაინტრიგებელი და ემოციური; ამბავი, რომელიც ადამიანების სიცოცხლისა და გრძნობების შესახებაა (მაშინაც კი, როცა მათ ღმერთები გამოხატავენ).
© არილი