თარგმანი,  ინტერვიუ

ალენ გინსბერგი – პრუსტის კითხვარი

ინტერვიუ ჟურნალ Vanity Fair-ში გამოქვეყნდა 1994 წელს.

 

სრულყოფილი ბედნიერება როგორ წარმოგიდგენიათ?

უბადლო ჯანმრთელობა. არც გრიპი და არც კეთრი.

რა არის თქვენი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი?

მამხილებელი მჭევრმეტყველება.

საყვარელი საქმიანობა?

ლექსების წერა წიგნაკში, რომელსაც საწოლის გვერდით ვინახავ.

სხვებში რომელი თვისება არ გხიბლავთ?

შეურაცხადობა – გინდ ნარკოტიკული საშუალებებით გამოწვეული, გინდ ბუნებრივი.

ყველაზე მეტად რას ნანობთ?

1994 წელს მეგობრის შემოთავაზებას რომ არ დავთანხმდი, საწოლში შიშველი დავწოლილიყავი.

თქვენი რომელი თვისება არ გხიბლავთ?

გამუდმებული სიმხდალე.

თქვენს თავში რას შეცვლიდით?

17 წლის სხეულს დავიბრუნებდი.

რომელი ცოცხალი ადამიანი გძულთ?

ნიუ-იორკის კარდინალი ჯონ ო’კონორი, ჰომოსექსუალებზე მისი ფარისევლური განცხადებების გამო, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ძლევამოსილი წინამორბედი კარდინალი სპელმანი ცნობილი გეი იყო.

რა შემთხვევაში იტყუებით?

პოეზიაში ჩემი საჯარო ცხოვრებისგან მეგობრების დასაცავად. გულახდილობისთვის სხვათა დასმენა არაა საჭირო.

თქვენი აზრით, რომელ ღირსებას ანიჭებენ გადაჭარბებულ მნიშვნელობას?

ქალიშვილობას და/ან ცინიზმს და/ან  მასკულინობას.

რა არის უკიდურესი უბედურება?

როცა დამოკიდებული ხარ გიჟ ადამიანზე, ან – ქალზე.

კაცებში ყველაზე მეტად რა თვისება მოგწონთ?

ინტელექტუალური სილამაზე.

ქალებში?

თანამგრძნობი თავდაჯერებულობა.

თქვენი საყვარელი პერსონაჟი მხატვრული ლიტერატურიდან.

თავადი მიშკინი დოსტოევსკის „იდიოტიდან“.

რომელია თქვენი საყვარელი მოგზაურობა?

ბენარესში, „მსოფლიოს ყველაზე ძველ, მუდმივად დასახლებულ ქალაქში“.

სად გსურთ ცხოვრება?

ზოგჯერ პარიზში, ლონდონში, ბენარესში, ხანაც სან ფრანცისკოში, ნიუ-იორკში.

როგორი სიკვდილი გსურთ?

მშვიდი, ბუდისტურ საზოგადოებაში, 100 წლისას, ლამას თანდასწრებით.

რა არის თქვენი დევიზი?

„პირველი აზრი, საუკეთესო აზრი“

სიკვდილის შემდეგ რომელ ადამიანად ან საგნად დაბრუნდებოდით?

ეიფელის კოშკად.

ყველაზე მეტად რა გძულთ?

თეოპოლიტიკურ ნაციონალისტური „ოჯახური ფასეულობების“ ტელეფარისევლები და მათი სახელმწიფო მეთაურები.

რომელ სიტყვებს ან ფრაზებს იყენებთ ზედმეტად ხშირად?

„სიტუაცია“, „მედიტაციის პრაქტიკა“, „ბიტნიკები“

© არილი

Facebook Comments Box