Uncategorized

ალექსანდრ გენისი[1] – როგორ უნდა ვუყუროთ ფეხბურთს?

football 3

ყველაზე საღად მოაზროვნე გერმანელი რომანტიკოსის, ჰაინრიხ კლაისტის ერთ უცნაურ ესეში უძლეველი მოფარიკავე  აღწერს თავის ორთაბრძოლას  დათვთან.

– დათვმა ის არ მაკმარა,  – ამბობს რაპირის ოსტატი, – რომ ჩემი ყველა დარტყმა მოიგერია. ცრუიერიშებზე, უბრალოდ, არ რეაგირებდა: თვალებში ისე ჩამშტერებოდა, თითქოს ჩემს სულს განჭვრეტდა. თათი დასარტყმელად აეწია და ცრუშეტევების საპასუხოდ არც კი ირხეოდა.

– აშკარაა, – განმარტავს ამ ორთაბრძოლას კლაისტი, – რომ რაც უფრო ბუნდოვანი და სუსტია გონი ორგანულ სამყაროში, მით უფრო ბრწყინვალედ და მძლავრად იჩენს მასში თავს გრაცია.

ამ ესეში აღწერილი  დუელი მკაფიოდ განმარტავს იმას, რასაც ვერ ხვდებოდა კლაისტი. ესაა სამურაების საბრძოლო ხელოვნება. მათში ყოველთვის იმარჯვებდა ის, ვისაც “მუ-შინის”, ანუ “ცნობიერების გათიშვის” უნარი ჰქონდა. გონების კონტროლისგან განთავისუფლებული მებრძოლი ისე ადევნებდა ხოლმე თვალს მოვლენებს, რომ არაფერზე ამახვილებდა ყურადღებას (როდესაც ფოთოლს ვუყურებთ, ხეს ვერ ვხედავთ ხოლმე). სამურაი გაწვრთნილი სხეულის იმედად იყო და თავს აიძულებდა, დაევიწყებინა შესწავლილი ილეთები. მხოლოდ მაშინ ესხმოდა თავს მოწინააღმდეგეს, როდესაც ბუნებრიობა არაპროგნოზირებადობად იქცეოდა, რაც ორივე მხარისთვის მოულოდნელი იყო.

ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მარცხი შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს, არ უნდა დავეყრდნოთ შედარებით ახალ შენაძენს – გონს. სხეული გონზე უფრო არქაულია, და, მაშასადამე, უფრო ბრძენიც. ამიტომ ხომ არ ხდება, რომ მოსწავლეებს შორის გოლები ყველაზე ხშირად ოროსნებს გააქვთ? ყოველ შემთხვევაში, ჩვენი საუკეთესო ფორვარდი 10 წლის განმავლობაში ჩემგან იწერდა თხზულებებს. სიტყვამ მოიტანა და, მისი გვარი მედვედევი გახლდათ.

თვით მე ეზოს ფეხბურთშიც კი ვერ გამოვიჩინე თავი და მთელი სიცოცხლის მანძილზე ვეუფლები მისი ყურების ხელოვნებას. ფეხბურთის წესების უდიდესი სიმარტივე მეტყველებს ამ თამაშის სრულყოფილებაზე. ისევე, როგორც სექსში ან ჭადრაკში, აქ ვერაფერს გამოიგონებ და, მით უფრო, ვერც გააუმჯობესებ – ვერ ამოვწურავთ იმას, რაც უკვე არსებობს. ამასთან, ფეხბურთს სრულ თავდავიწყებამდე მივყავართ. ის მთლიანად გამოგვთიშავს ხოლმე ცხოვრებიდან და სწორედ ამის გამო ვემადლიერებით მას. ფეხბურთით მხოლოდ მაშინ ვტკბებით, როდესაც ისე ვადევნებთ თვალყურს მოთამაშეებს, როგორც დამშეული კატა – ბეღურას. სხეულის ყველა კუნთი გვეძაბება. ფეხბურთი ხომ ისევე უწყვეტია, როგორც – დრო. სიტუაცია აქ მაქსიმალურად წააგავს საბრძოლოს – ხანგრძლივი ლოდინი, რომელიც აფეთქებას მოასწავებს. ის, რაც მოედნის ცენტრში ხდება, პოზიციურ ომს წააგავს. უსასრულო შრომა, ღრმააზროვანი მწვრთნელი და მომაბეზრებელი შეუპოვრობა გადამწყვეტ უპირატესობებს ვერ უზრუნველყოფს. მოთამაშეებისა და პასებისგან შედგენილი რთული კონფიგურაციები მინაზე ყინვის შედეგად აღბეჭდილ ნახაზებზე უფრო ეფემერულია – მათი წაშლაც არაა ძნელი.

და მაინც, ჩვენ, მაყურებლები, დაჟინებით ვადევნებთ თვალს ტაქტიკურ ნახაზს, რადგან ვიცით, რომ შეუპოვრობა – გამარჯვების აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა. ამასთან, თამაში ზოგჯერ იმდენად ღრმად გიტაცებს, რომ მისი დასასრულის წინათგრძნობა გიჩნდება. ისტერიკულად დაჟინებული მზერის ზეგავლენით რეალობა იმდენად მკვრივდება, რომ მომავლის ყლორტები აწმყოში ამოძვრება ხოლმე. მათ თრთოლას გრძნობ და ჩურჩულებ: “ახლა გოლს გაიტანენ”, თანაც იმედოვნებ, რომ, ბოლოს და ბოლოს, შენი წინასწარმეტყველება ახდება. მაგრამ ასეთი რამ იშვიათად და ყოველთვის უდროო დროს ხდება. ფეხბურთის იდუმალება ისაა, რომ თამაშსა და გოლს შორის მიზეზშედეგობრივი მიმართება არ არსებობს. კაუზალური კავშირი აქ იმდენად ღრმადაა მიჩქმალული, რომ მას, ისევე, როგორც სიყვარულს, ვერც დაინახავ, ვერც ჩასწვდები და ვერც გაითვლი. რა თქმა უნდა, გოლი მოვლენათა შუაგულში იბადება, მაგრამ ისევე განსხვავდება მათგან, როგორც სპერმატოზოიდი – ადამიანისგან.

ფეხბურთის არაწრფივი არსი – მისი არსებობის პირობაა. იმ მიღწევათაგან განსხვავებით, რომელთაც მეტრები და წამები განსაზღვრავს. ფეხბურთისთვის უცხოა თანაზომიერება და თანამიმდევრულობა. გოლი შეიძლება თამაშის გაგრძელება იყოს, მაგრამ შეიძლება გადახაზოს მთელი თამაშიც. ფეხბურთი, რომელიც ცხოვრებასავით უსამართლოა, მასზე უფრო ლოგიკური როდია. ზოგჯერ მარცხდებიან ისინი, ვინც იცის, როგორ უნდა ითამაშოს; უფრო ხშირად იგებენ ისინი, ვისაც ეს ცოდნა დავიწყებული აქვს. როგორც ვთქვი, ფეხბურთი გააზრების საშუალებას არ გაძლევს – აქ თავით კი არ თამაშობენ, არამედ – ურტყამენ (სასურველია, კარისკენ). ინტელექტის უგულებელყოფისა და აზროვნების აღკვეთის მეშვეობით ფეხბურთი აშიშვლებს თავის არსს: ის სხვა არაფერია, თუ არა ინსტინქტების თამაში. ბურთს ბადეში ახვედრებს მხოლოდ ის, ვინც უფრო მეტად ენდობა ინსტინქტებს, ვიდრე – საკუთარ თავს. ფეხბურთი არაპროგნოზირებადია და სწორედ ამაშია მისი მშვენიერება. ამ ეპოქაში, როდესაც სინთეტიკური ემოციების სიუხვე მხოლოდ ამძაფრებს სენსორულ შიმშილს, ჩვენ უსასრულო მადლიერებას განვიცდით ფეხბურთის მიმართ ჯადოსნური, თითქმის მომაკვდინებლად მძაფრი და მეყვსეული განცდების გამო, რაც ერთი თვის განმავლობაში გრძელდება.

© “არილი


[1] ალექსანდრ გენისი – ნიუ-იორკელი მწერალი და პუბლიცისტი, ავტორი და წამყვანი პროგრამისა “ამერიკული საათი: ბარიერთა მიღმა”. ტექსტი გამოქვეყნდა რადიო “თავისუფლების” რუსული რედაქციის საიტზე (svoboda.org), 2014 წლის 12 ივნისს.

Facebook Comments Box