ესე (თარგმანი)

ალფრედ ბრენდელი – დადაიზმის უჭკნობი ხიბლი

brendel_dada-kurt

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

პირველი მსოფლიო ომის დროს ნეიტრალური შვეიცარიის ყველაზე მსხვილ ქალაქს, ციურიხს, თავი შეაფარეს ემიგრანტმა მხატვრებმა, მწერლებმა, ინტელექტუალებმა, პაციფისტებმა, რომელთა უმრავლესობამ შვეიცარიას იმისთვის მიაშურა, რომ საყოველთაო მობილიზაციისგან დაეხსნა თავი. 1916 წელს რამდენიმე მათგანის თაოსნობით  დაარსდა კაბარე “ვოლტერი” შპიგელგასეზე, არც ისე შორს იმ სახლისგან, სადაც ცხოვრობდა კაბარეს ერთ-ერთი ხშირი სტუმარი, ვლადიმირ ილიჩ ლენინი.

დადაისტების სახელწოდებით ცნობილი ჯგუფის წევრები იყვნენ: სამი გერმანელი (ჰუგო ბალი, რიხარდ ჰიულზენბეკი, ემი ჰენინგსი), ერთი ელზასელი (ჰანს არპი), ორი რუმინელი (მარსელ იანკო და ტრისტან ტცარა) და შვეიცარიელი სოფი ტოიბერი. მალე მათ შეუერთდა ავსტრიელი (ბოჰემიაში დაბადებული) ვალტერ სერნერი. ყველაზე ახალგაზრდა – ტრისტან ტცარა – ის-ის იყო, ოცი წლისა შესრულდა,  ყველაზე უფროსი კი ოცდათერთმეტი წლის ემი ჰენინგსი  იყო. დადაისტებს ომისადმი სიძულვილი აერთიანებდათ.

ჯგუფის შექმნის ინიციატორი, როგორც ჩანს, ჰუგო ბალი იყო. ის, დადაისტთა უმრავლესობის მსგავსად, ლექსებს წერდა, მაგრამ, გარდა ამისა, დრამატურგიულ მოღვაწეობას ეწეოდა და კაბარეშიც გამოდიოდა ხოლმე. პაციფისტური შეხედულებების გამო ბალი იძულებული გახდა, დაეტოვებინა გერმანია და ემი ჰენინგსთან ერთად ციურიხში დასახლებულიყო. ფერმკრთალი, მაღალი, გამხდარი პოეტი ხელმოკლედ ცხოვრობდა და გამუდმებით შიმშილობდა. შვეიცარიელები მას საშიშ უცხოელად მიიჩნევდნენ. კაბარე “ვოლტერში” ბალი კითხულობდა ხოლმე თავის უჩვეულო ფონეტიკურ ლექსს – “ქარავანი” – რომელიც უაზრო ბგერებისგან შედგებოდა და საზოგადოებაზე გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ახდენდა. დადაისტთა ჯგუფის შექმნიდან რამდენიმე თვის შემდეგ ბალმა დატოვა ჯგუფი, გნოსტიკური კათოლიციზმის მიმდევარი გახდა და გარდაიცვალა შვეიცარიის სოფელში, სადაც მას წმინდანად მიიჩნევდნენ. ბალის დღიურში “დროისგან გაქცევა” (Die Flucht aus der Zeit) ამომწურავად და საინტერესოდაა აღწერილი დადაიზმის ისტორია და მხატვრული კონცეფცია.

პოეტსა და ჟურნალისტს – რიხარდ ჰიულზენბეკს, რომელსაც მისი მეგობარი, ჰუგო ბალი “დადაიზმის მედოლეს” უწოდებდა, ხმაური მამაკაცური ენერგიის გამოვლენის ყველაზე ბუნებრივ ფორმად მიაჩნდა. დადაისტთა შორის მას ყველაზე მეტად ეხერხებოდა სხვადასხვაგვარი პროვოკაციების მოწყობა. თავგადასავლების მაძიებელი ჰიულზენბეკი შემდგომში გემზე ექიმად მოეწყო, მთელ მსოფლიოში იმოგზაურა და ყველგან უწევდა პროპაგანდას დადაიზმის იდეებს. ერთხანს ის ფსიქოანალიზით დაინტერესდა და პრაქტიკოს ექიმადაც მუშაობდა ნიუ-იორკში. ჰიულზენბეკი დადაიზმის ერთგული დარჩა და 1917 წელს სწორედ მან ჩამოაყალიბა დადაისტური ჯგუფი ბერლინში.

დადაიზმის პრინციპებს ყველაზე თანმიმდევრულად, ალბათ, ნიჭიერი მხატვარი და პოეტი ჰანს არპი იცავდა. არპი მაქს ერნსტთან, კურტ შვიტერსთან და ვასილი კანდინსკისთან მეგობრობდა, კეთილშობილებითა და ჭარბი იუმორით   გამოირჩეოდა. მისი მეუღლე, სოფი ტოიბერი, თვითონაც შესანიშნავი მხატვარი იყო და ციურიხში, გამოყენებით ხელოვნების სკოლაში, ფერწერას ასწავლიდა. სოფი მარიონეტებს და დეკორაციებს ამზადებდა და რუდოლფ ვან ლაბანის საცეკვაო სკოლაში ცეკვის ახალ სტილს ეუფლებოდა. როდესაც დადაისტების კაბარეში ცეკვავდა, ნიღაბს იკეთებდა,  რომ არავის ეცნო.

მშვიდი და თავდაჯერებული ტრისტან ტცარა გამაყრუებლად ხმამაღლა ლაპარაკობდა და დადაიზმის ყველაზე გულმხურვალე და დაუღალავი პროპაგანდისტი გახლდათ. ანდრე ბრეტონი მას “პოპულარობაზე დახარბებულ თაღლითს” უწოდებდა. ტცარას პოეტურმა ქმნილებებმა ზეგავლენა მოახდინა ალენ გინზბერგსა და უილიამ ბეროუზზე. რამდენიმე მათგანი სემუელ ბეკეტმა თარგმნა. არპის მსგავსად, შემდგომში ის სიურრეალისტებს შეუერთდა.

ტცარას რუმინელი თანამემამულე, მხატვარი და მოქანდაკე მარსელ იანკო ლამაზი, მელანქოლიური, ქალთა მოტრფიალე ყმაწვილი იყო, აკორდეონზე უკრავდა და ბოშურ რომანსებს მღეროდა. შემდგომში მან ბუქარესტსა და ისრაელში არქიტექტურული პროექტებით მოიხვეჭა სახელი. ციურიხში იანკო დადაისტებისთვის ნიღბებსა და კოსტიუმებს ამზადებდა და ტცარასა და ჰიულზენბეკთან ერთად თავის ლექსებს გაჰყვიროდა.

ემი ჰენინგსი (სანამ ჰუგო ბალს ცოლად გაჰყვებოდა) ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდა, მსახიობად, ბარმენად და მოდელად მუშაობდა. მან საბედისწერო როლი შეასრულა რამდენიმე გერმანელი პოეტის ცხოვრებაში. ემი ხშირად მღეროდა: “Hab keinen Charakter, hab nur Hunger” („უნებისყოფო ვარ, უბრალოდ, მშიაო”). ჰიულზენბეკის თქმით, ემის სიმღერები დადაისტებს “სულს უთბობდა”.

მალე მათ შეუერთდა ანარქისტი და ნიჰილისტი ვალტერ სერნერი – ცინიკოსი ჭაბუკი, რომელმაც მოგვიანებით თავისი კრიმინალური რომანებით სკანდალური რეპუტაცია დაიმკვიდრა. ტრისტან ტცარა სერნერს “განდიდების მანიით შეპყრობილ აუტსაიდერს” ეძახდა. იმხანად მოდის მიმდევარი მამაკაცები მონოკლებს ატარებდნენ. თავდაპირველად მონოკლი სერნერმა გაიკეთა, შემდეგ კი მას სხვა დადაისტებმაც მიბაძეს. სერნერის თავდაჯერებულობა გამუდმებით აღიზიანებდა საზოგადოებას. შემდგომში აღმოჩნდა, რომ მის მიერ დაწერილი იურიდიული დისერტაციის 80 პროცენტი პლაგიატი იყო. სერნერი თავისი მეგობრის, კრისტიან შადის ფსევდონიმით აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს, რომლებშიც საკუთარ ნაწარმოებებს ხოტბას ასხამდა. მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა პრესისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება. ზოგიერთის აზრით, სერნერის ნარკვევი “Letzte Lockerung”, კლასიკური დადაისტური ტექსტია.

სწორედ კაბარე “ვოლტერში” ჩაეყარა საფუძველი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ავანგარდისტულ მოძრაობას. ტერმინის “დადა” გამოყენება ორი თვის შემდეგ დაიწყეს. არსებობს მისი რამდენიმენაირი განმარტება: ბავშვის ტიტინი, სათამაშოს სახელწოდება, ორმაგი “ჰო” სლავურ და რუმინულ ენებზე. “დადა” ერქვა, აგრეთვე, ლილისფერ საპონსა და თმის ტონიკს, რომელიც პირველად 1912 წელს გამოუშვეს.

დადაიზმი ჯგუფის წევრთა ერთობლივი მცდელობებით შეიქმნა. კაბარე “ვოლტერში” იმართებოდა ხმაურიანი წვეულებები. , რომლებსაც ფონად ლიტერატურა, მუსიკა (ფორტეპიანოზე ბალი უკრავდა ხოლმე), ცეკვა, მხატვრობა, ფარსი  და, რაღა თქმა უნდა, უჩვეულო ხმაური გასდევდა. “1914 წლის მსოფლიო ომის სასაკლაოსგან თავი დავიხსენით და ხელოვნებას ჩავბარდით” , – წერდა ჰანს არპი. – “გვსურდა შეგვექმნა სტიქიური ხელოვნება, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემდა, დაევიწყებინათ ეპოქის მიერ მოტანილი უბედურებები. ამ ახალ ხელოვნებას უნდა შეერიგებინა სამოთხე და ჯოჯოხეთი. ის, რასაც მივაღწიეთ, ერთდროულად, ბუფონადაც იყო და სამგლოვიარო რეკვიემიც”.

დადაისტთა უმრავლესობას, როგორც ჩანს, სურდა, რომ ახალ ხელოვნებას საერთო არაფერი ჰქონოდა ძველ სტილებთან და წარმოდგენებთან. ამ მიზნით ისინი იყენებდნენ გამოსახვის ახალ საშუალებებს: აბსტრაქციას, ფოტომონტაჟს, კოლაჟს, მონტაჟს, ფროტაჟს, ტექსტის დანაწევრებას, გლოსოლალიას, ფონეტიკურ, კონკრეტულ, ვიზუალურსა და სიმულტანურ პოეზიას, კონცეპტუალურ ხელოვნებას, შაბლონებს, მექანიკურ ხატვას; პერფორმანსს; კინეტიკურ ხელოვნებას, კინოს ჩათვლით. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ასოციაციები აფრიკულ არტეფატებთან, სულით დაავადებულთა და ბავშვთა ნახატებთან, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა XX საუკუნის სახვითი ხელოვნების მრავალი წარმომადგენლის შემოქმედებაზე. ყველას იზიდავდა ველური ბუნება და პირველყოფილი სისადავე.

დადაისტთა გამოფენებზე ექსპონირებული აფრიკული ნიღბებისა და ბავშვთა ნახატების გარდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა დადაისტების პირადი ურთიერთობები ჰანს ჰუბერთან – ფსიქიატრიული საავადმყოფოს მფლობელთან და დირექტორთან, რომელსაც დაუმეგობრდნენ არპი, მხატვარი ჰანს რიხტერი, სერნერი და სხვები. ჰუბერი ათვალიერებინებდა დადაისტებს თავის საავადმყოფოს და ზოგიერთ მათგანს იქ რამდენიმე კვირის განმავლობაში ცხოვრების უფლებასაც კი აძლევდა. რიხტერი (დადაიზმის ყველაზე ცნობილი მემატიანე) იგონებდა, რომ პოეტ ალბერტ ერენშტაინთან ერთად ჰუბერის სახლში ცხოვრებისას ისინი მოიხიბლნენ ჰუბერის კიდევ ერთი სტუმრით – კინოვარსკვლავ ელიზაბეტ ბერგნერით, რომელსაც მაშინ ის-ის იყო, ოცი წელი შეუსრულდა. “რომ არა მშვენიერი ქალის სიახლოვით აღძრული განცდები, საავადმყოფოში თვით ყველაზე სტუმართმოყვარე ფსიქიატრიც კი ვერ გაგვაჩერებდა”, – წერდა რიხტერი.

ომის დასრულებისას დადაისტური დაჯგუფებები შეიქმნა ბერლინში, პარიზში, კიოლნსა და ამსტერდამში, მაგრამ ამ მიმდინარეობის ოფიციალურ ნათლობამდე პრედადაისტები უკვე აქტიურად მოღვაწეობდნენ. ალბათ, დადას არც ერთ სხვა ობიექტს არ გამოუწვევია ისეთი ცხარე პოლემიკა, როგორც ე.წ. “რედიმეიდებს”, მათ შორის, მარსელ დიუშანის პისუარს, რომელსაც “შადრევანი” ერქვა. ფრანსის პიკაბიას ტილოებზე დახატული იყო მექანიზმები, რომელთაც არავითარი მკაფიოდ გამოხატული ფუნქცია არ უნდა ჰქონოდათ. მოგვიანებით პარიზში სახელი გაითქვა შესანიშნავმა ფოტოგრაფმა-პორტრეტისტმამენრეიმ. ნიუ-იორკში ავანგარდისტულ კომპოზიციებს თხზავდა საფრანგეთში დაბადებული ედგარ ვარეზი – ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან მუსიკოსთაგან (ადრეულ დადაისტებს შორის), რომლებმაც შემდგომში სახელი გაითქვეს. ციურიხის ჯგუფში გაერთიანებული მუსიკოსები ფუტურისტ ლუიჯი რუსოლოს ზეგავლენას განიცდიდნენ – ჰიულზენბეკის მიერ საკუთარი ლექსების დეკლამაციას ტამტამების გრუხუნი ახლდა.

1918 წელს პარიზში ტცარამ საზოგადოება გააოგნა დადაიზმის მანიფესტით, ისევე, როგორც თავისი უჩვეულო ქცევით. კიდევ ერთი ნიჭიერი კომპოზიტორი – ერიკ სატი -თანაუგრძნობდა დადაიზმის იდეებს, ხოლო ლიტერატურული საფუძველი ამ მოძრაობას პოეტმა გიიომ აპოლინერმა ჩაუყარა. 1920 წელს ანდრე ბრეტონი, აგრეთვე – მწერლებისა და მხატვრების ჯგუფი (რომლებმაც მოგვიანებით სიურრეალიზმის პოზიციებზე გადაინაცვლეს) შეუერთდნენ ტცარას, მაგრამ 1922 წელს დადაისტებს შორის განხეთქილება მოხდა. თეო ვან დუსბურგის თქმით, დადაისტები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, ლოკომოტივი უფრო ახალი გამოგონილი იყო თუ ქვაბურა ქუდი.

ღრმა განსხვავება დადაიზმსა და სიურრეალიზს შორის იმაში მდგომარეობდა, რომ სიურრეალისტებს ჰქონდათ პროგრამა და ჰყავდათ ლიდერი (ბრეტონი), მაშინ, როდესაც დადაიზმი ინერციით ვითარდებოდა და მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროგრამა არ ჰქონდა. თითოეული დადაისტური დაჯგუფება სხვებისგან განსხვავდებოდა. ბერლინელები – ჰიულზენბეკის, რაულ ჰაუსმანისა და ახირებული იოჰანეს ბაადერის (რომელიც ეროვნელ ასამბლეაში შევარდა და დადაიზმის სააგიტაციო ფურცლები მიმოფანტა) ხელმძღვანელობით- ყველაზე უფრო აგრესიული პოლიტიკური შეხედულებებით გამოირჩეოდნენ. ბერლინის ჯგუფის კიდევ ერთი წევრს – ვირტუოზ მხატვარ ჯორჯ გროსს ბურჟუაზიული კულტურაც სძაგდა და თანამედროვე ხელოვნებაც.

დადაისტი რაულ ჰაუსმანი (მწერალი, მხატვარი, ფილოსოფოსი) და მისი მეგობარი ჰანა ჰოხი ფოტომონტაჟისა და კოლაჟის – რაც დადაიზმის  ამოსავალი მხატვრული მეთოდი გახლდათ – დიდოსტატებად იქცნენ, მაგრამ კოლაჟის მართლაც რომ შეუდარებელი ოსტატი გახლდათ კურტ შვიტერსი – გენიალური მხატვარი, რომელსაც სხვა დადაისტებისგან განსხვავებული ტემპერამენტი ჰქონდა. ეს აპოლიტიკური პოეტი და მხატვარი თავისი “მერცის”[1] გარდა, არაფერზე ფიქრობდა. ტანმაღალი შვიტერსი მქუხარე ხმით კითხულობდა – ხან გაჰყვიროდა, ხან კი სისინებდა – თავის ლექსს “Ursonate”, რომელიც დღემდე ფონეტიკური პოეზიის ყველაზე შთამბეჭდავ ნიმუშად მიიჩნევა. მისი დეკლამაციები, თურმე, იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ აუდიტორია თავდაპირველად ხარხარებდა, შემდეგ კი შიშისგან ძრწოდა. შვიტერსი ამსტერდამელ დადაისტთა ჯგუფის წევრიც გახლდათ.

1920-იანი წლების დასაწყისში მაქს ერნსტი კიოლნში ქმნიდა ძალზე დახვეწილ დადაისტურ ნახატებსა და ფოტომონტაჟებს. ბანკირის ვაჟთან, ალფრედ გრიუნვალდთან ერთად, რომელმაც იოჰანეს ბაარგელდი (ნაღდი ფული) დაირქვა, ერნსტმა განაცვიფრა საზოგადოება დადაისტური გამოფენით, რომელიც პოლიციამ სასწრაფოდ დახურა. როგორც ჭეშმარიტი დადაისტი, ერნსტი აცხადებდა, ბერების მიერ საგულდაგულოდ დაცული ძველთაძველი საიდუმლოს წყალობით თვით ხანდაზმული ადამიანიც კი იოლად ისწავლის ფორტეპიანოზე დაკვრასო.

პირველ მსოფლიო ომამდე ათი წლით ადრე კუბიზმმა, ფუტურიზმმა, ექსპრესიონიზმმა და ვორტიციზმმა (ინგლისში) ძირი გამოუთხარეს ტრადიციულ ესთეტიკას. იმავდროულად, არნოლდ შონბერგმა და ანტონ ვებერნმა უგულებელყვეს ტონალობა და ფუნქციური ჰარმონია. რამდენიმე წლის შემდეგ დადაიზმმა უფრო რადიკალური ნაბიჯები გადადგა, რომლებიც მიმართული იყო ყოველგვარი მყარი ფასეულობების წინააღმდეგ, განურჩევლად იმისა, მიეკუთვნებოდნენ თუ არა ისინი ესთეტიკის, მორალისა თუ ინტელექტუალურ, ან კიდევ – კულტურის, იდეოლოგიის, რელიგიის თუ ეროვნული იდენტობის სფეროს. ჰიულზენბეკის 1920 წლის დადაისტურ ალმანახშიი მოყვანილია ციტატა ნიცშედან:

“ჩვენ მზად ვართ.. არნახული, დიადი კარნავალისთვის, სულისმიერი სიცილისა და ხუმრობისთვის, უზენაესი უაზრობის ტრანსცენდენტალური სიმაღლეებისთვის და სამყაროს არისტოკრატიული დაცინვისთვის. შესაძლოა, ის, რასაც აღმოვაჩენთ, ჩვენ მიერ გამოგონილი იმპერია იყოს – ის იმპერია, სადაც, როგორ ჩანს, სამყაროს პაროდისტები და ღმერთის არლეკინები ვიქნებით. ალბათ, მომავლის გარანტიას არაფერი იძლევა, სიცილის გარდა”.

შვიტერსი კი წერდა:

“დადაიზმი აერთმნიშვნელიანებს ჩვენი ეპოქის ყველა წინააღმდეგობას: … ის, მორალური თვალსაზრისით, აწონასწორებს მას, თუმცა, საზოგადოება დასცინის ამ ინიციატივას. ისევე, როგორც თვით დადაისტები”.

დადაიზმი წინააღმდეგობებით ტკბებოდა. ცნობილი დადაისტური გამონათქვამის თანახმად, ჭეშმარიტი დადაისტი დადას მოწინააღმდეგე უნდა ყოფილიყო. 1918 წლის მანიფესტში ტცარა აცხადებდა, რომ, როგორც რედაქტორს, არ ძალუძდა ხელი მოეწერა მანიფესტში გაცხადებულ ყველა თვალსაზრისზე, რადგან ყოველგვარი მანიფესტებისა და პრინციპების წინააღმდეგი გახლდათ. თეო ვან დუსბურგი დადაიზმს უწოდებს “მხატვრულ ფორმას, რომლის შემოქმედს არავითარი პოზიცია არ უკავია. ამ რელატიურ მხატვრულ ფორმას თან ახლავს სიცილი”.

შესანიშნავ წიგნში “მოდერნიზმი – დადა – პოსტმოდერნიზმი“ (2000) რიჩარდ შეპარდი განმარტავს:

“სიტყვა “დადა” სამი გაგებით იხმარება. პირველი მათგანის მიხედვით, ესაა ამორფული ბოჰემური მოძრაობა. მეორე გაგებით, დადა არის ეგზისტენციალური მიმართებების კომპლექსი (რომლებიც სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვაგვარი აქვს), ვიტალისტური ხასიათისაა და მიზნად ისახავს დაპირისპირებულობათა შერიგებას; მესამე გაგებით, ესაა სასიცოცხლო ძალა, რომელიც, ერთდროულად, ეროტიკული და სპირიტუალური, შემოქმედებითი თუ დესტრუქციული ხასიათისაა”.

ჩემთვის ახლოა მეორენაირი გაგება. ახალგაზრდობისას წარმოვიდგენდი ხოლმე სფეროს, რომელიც ყველა წინააღმდეგობასა და დაპირისპირებას მოიცავდა, იმგვარად, რომ სფეროს ცენტრი ყველა დაპირისპირების ცენტრი გახლდათ და მისთვის შეიძლებოდა გვეწოდებინა უზენაესი არარა, ანუ ღმერთი. ცხოვრებაში – წონასწორობის დასაცავად – წინააღმდეგობები უნდა არსებობდეს. ბავშვობისას კი ერთი კომიკური “დადაიზმი” აღმოვაჩინე: დედაჩემი მღეროდა ხოლმე (რისაც რცხვენოდა) 20-იანი წლების ბერლინურ სიმღერას, რომელიც იწყებოდა სიტყვებით, “წამწამს მოვიგლეჯ და გაგირჭობ”, ბოლოს კი ნახსენები იყო ერბოკვერცხი, რომელზეც დაჭრილი ისპანახი უნდა მოეყარათ. მოგვიანებით მივხვდი – აზრი და უაზრობა ერთმანეთს უნდა დაუკავშირდნენ, რათა სამყაროს აბსურდულობა სრულად ასახონ.

რაც შეეხება მესამენაირ გაგებას – მისტიციზმს (განურჩევლად იმისა, ქრისტიანულია ის, ბუდისტური თუ დაოსისტური) – მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა არპის, ბალისა და ბაადერისთვის. მაგრამ ნიუ-იორკელი, პარიზელი და კიოლნელი დადაისტები მასზე ნაკლებად ფიქრობდნენ. მისტიციზმი ცენტრალურ როლს არ ასრულებდა დადაიზმში და როდესაც ასრულებდა, მას ერთგვარი ირონიით აღიქვამდნენ.

უცნაურია, რომ დადაიზმის კომიკური ასპექტი იგნორირებულია ზოგიერთი მკვლევრის მიერ. ამასთან დაკავშირებით მახსენდება, რომ 2009 წელს, ჰაიდნის გარდაცვალებიდან ორასი წლისთავის აღსანიშნავ საღამოზე, რამდენიმე გამომსვლელს არც კი უხსენებია კომპოზიტორის საოცარი მუსიკალური იუმორი. როლანდსეკში (იმ ადგილას, სადაც ჰანს არპმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა) გამოფენილ “დადაიზმის გენეზისის” კატალოგში დასახელებულია დადაიზმთან დაკავშირებული თემები: მისტიციზმი, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ლიტერატურა, ხელოვნება, ენა, წვეულებები, აფრიკა, ნიღბები, ცეკვები. სიცილი გამოტოვებულია. მაგრამ განა არსებობდა სხვა ავანგარდისტული მოძრაობა, რომელიც ესოდენ მჭიდროდ უკავშირდებოდა სიცილსა და გროტესკს? სიცილი დადაისტების საყვარელი ინსტრუმენტი იყო – ერთობლივი ანარქიული იმპულსი. ის შეიძლებოდა ყოფილიყო აგრესიული, სარკასტული, ღვარძლიანი, ან – მაგალითად, არპის შემთხვევაში – მშვიდი.

ტრადიციონალისტები დადაისტებს ბრიყვებად მიიჩნევდნენ. და, როგორც ჩანს, არ ცდებოდნენ. სიბრიყვე გონებას შეზღუდვებისგან ათავისუფლებს. ის ზოგჯერ სიცილს იწვევს და მაშინ აშკარა ხდება, რომ სიცილი გამათავისუფლებელ ზემოქმედებას ახდენს ადამიანებზე. რაულ ჰაუსმანი “წმინდა”სისულელისა” და “ორფიკული აბსურდით გამოწვეული აღტყინების” შესახებ საუბრობდა. დადაისტებს ჩარლი ჩაპლინი უდიდესი ხელოვანად მიაჩნდათ.

დადაისტებმა უფრო ღირებული ნაწარმოებები შექმნეს სახვითი ხელოვნების სფეროში, ვიდრე – ლიტერატურაში. ერნსტის, შვიტერსის, არპის, დიუშანის, მენ რეის, პიკაბიას ქმნილებებმა მთელ მსოფლიოში მოიპოვეს აღიარება. ჰანა ჰოხს თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო მხატვარ ქალად მიიჩნევენ. მაგრამ დადაისტთა უმრავლესობა ფოტომონტაჟის, კოლაჟის და მონტაჟის მეთოდებს პოეზიაშიც იყენებდა: ისინი სიტყვებს განალაგებდნენ შემთხვევითი თანმიმდევრობით, მათი საზრისის საპირისპიროდ ან ახალშექმნილი კვაზიენის ელემენტთა აბსტრაქტული მიმდევრობის სახით. ტიპოგრაფიული საშუალებები ვიზუალური შთაბეჭდილების გასამძაფრებლად გამოიყენებოდა.

1916 წელს, “დადაიზმის მანიფესტის” გახსნისას, ჰუგო ბალმა თქვა, რომ დადაისტ პოეტებს სურდათ გათავისუფლებულიყვნენ ენისგან, რომელიც აწ უკვე გაცვეთილი გახლდათ. არპის თქმით, დადაისტური პოეზია “არაფერს გამოხატავს და არც რაიმეს ინტერპრეტაციას ცდილობს”. ემი ჰემინგსი თავისი ლექსების დეკლამირებისას, როგორც ამბობენ, საზოგადოებას აგონებდა უდიდეს კლოუნ გროკს, რომლისთვისაც საკმარისი იყო, ორი სიტყვა nicht möglich (“ეს შეუძლებელია”) ეთქვა, რომ საზოგადოების აღტაცება გამოეწვია.

კიდევ ერთი ლიტერატურული გვარი, რომელიც დადაიზმს სხვა იმდროინდელ მიმდინარეობებთან ანათესავებდა, მანიფესტი იყო. მრავალრიცხოვანმა პერიოდულმა გამოცემებმა სახელი გაუთქვა დადაიზმს, რომელიც ბევრ ქვეყანაში ცნობილი გახდა ბალის, ჰიულზენბეკის, ტცარას, პიკაბიას, დუსბურგისა და შვიტერსის მოხსენებების, სტატიებისა და ბუფონადების წყალობით. ამ პუბლიკაციებიდან ერთ-ერთი ყველაზე სრული იყო ჰიულზენბეკის “დადაიზმის ალმანახი” (1920). მის გარეკანზე, დიუშანის წვეროსანი მონა ლიზას ანალოგიით, ულვაშა ბეთჰოვენი იყო აღბეჭდილი.

ციურიხმა, რომლის მცხოვრებთათვის უფრო არსებითია კომერციული ინტერესები და არა ანარქიული განწყობილებები, დადაიზმის სეზონი იდღესასწაულა. ამ საიუბილეო წელს ქალაქში კარნავალური აღგზნება იგრძნობოდა. დადაიზმისადმი მიძღვნილ ფესტივალზე მოეწყო დადაისტური საღამოები და ჩატარდა უამრავი თეატრალური და აკადემიური ღონისძიება. ოთხმოცი წლის ავანგარდისტი კომპოზიტორის, დიტერ შნებელის “სიმფონია ცხრა ჰარლი დევიდსონისთვის, საყვირისა და სინთეზატორისთვის”, შესრულდა მიუნსტერჰოფზე – ციურიხის ცენტრალურ მოედანზე, რომელიც ტრანსპორტისგან თავისუფალ ზონაში მდებარეობს. სიმფონიის მკივანა სკერცოს და მოტოციკლების ბალეტს დირიჟორობდა წითელ კომბინეზონში გამოწყობილი (წვიმის გამო) შტეფი ვაისმანი. კიდევ ერთი საინტერესო დადაისტური ღონისძიება გახლდათ ათ კერძო სახლში ორგანიზებული საზეიმო საღამოები. სტუმრებმა მხოლოდ ნაშუადღევს შეიტყვეს, რომელ მისამართზე იყო მიწვეული თითოეული მათგანი. წვეულებებზე მათ “გაუმასპინძლდნენ” ლიტერატურული ექსპერიმენტებით, მუსიკითა და იმპროვიზაციებით, რომლებშიც მონაწილეობა სტუმრებსაც უნდა მიეღოთ.

სეზონი ორი გამოფენით გაიხსნა. პირველი მათგანზე, სახელწოდებით “რეკონსტრუირებული დადაგლობი”, წარმოდგენილ იქნა “დადაგლობის” – ინტერნაციონალური დადაიზმის რეკონსტრუირებული ანთოლოგია, რომლის პუბლიკაცია 1921 წელს შეწყდა. როგორც  ბოლო წლებში ადრიან სუდჰალტერმა დაადგინა, ტცარასა და პიკაბიას ამ ერთობლივი პროექტს აფინანსებდა მრავალი მეცენატი. მის მიერ შედგენილ კატალოგში ასახულია პროექტის შთამბეჭდავი ისტორია. კიდევ ერთი პროექტის – დადაისტთა ნაწარმოებების კრებულის (სახელწოდებით “დადაკო”) რეალიზება ვერ მოხერხდა სახსრების უქონლობის გამო. რაც შეეხება “დადაგლობის” გამოცემის შეწყვეტას, მისი მიზეზები ბუნდოვანია. როგორც ამბობენ, აქ გადამწყვეტი როლი შეასრულა დადაისტთა პირადმა უთანხმოებებმა, პიკაბიასა და ტცარას ავადმყოფობამ, პიკაბიას ხმაურიანმა გასვლამ ჯგუფის რიგებიდან და, აგრეთვე, ცენზურამ, რომლის თვალსაზრისით, მრავალრიცხოვანი ინტერნაციონალური სტატიებისა და წერილების გამოქვეყნება პოლიტიკურ საფრთხეს შეიცავდა.

მეორე გამოფენა – “დადა უნივერსალი” – გაიმართა ვრცელ დარბაზში, რკინიგზის სადგურის მახლობლად. შენობა ციურიხის Landesmuseum-ის კუთვნილება იყო და (მართლაც რომ დადას ტრადიციების შესაბამისად) გამოფენის დახურვისთანავე დაინგრა. შენობის ინტერიერი მთლიანად შავი გახლდათ, ხოლო ერთ-ერთ კედელზე დამთვალიერებლებს შეეძლოთ აღებეჭდათ გრაფიტი თეთრი ცარცით. გამოფენის უკანასკნელ დღეს ყველა კედელი სიტყვებითა და ნახატებით იყო აჭრელებული. კინოთეატრებში აჩვენებდნენ დადაისტთა ფილმებს, დაწყებული ჰანს რიხტერის აბსტრაქტული მართკუთხედებით და დამთავრებული მარი უიგმანის “კუდიანთა როკვით”. ვიტრინებში გამოფენილი იყო დადაიზმთან დაკავშირებული ნივთები.

კუნსტჰაუსში მოეწყო, აგრეთვე,  ფრანსის პიკაბიას  საინტერესო ნამუშევრების გამოფენა, რომლებშიც სრულად აისახა მისი ირონიული და წინააღმდეგობრივი სტილი. პიკაბიას ერთ-ერთმა ყველაზე ერთგულმა მოკავშირემ, ანდრე ბრეტონმა ამგვარად მოიხადა მის წინაშე უკანასკნელი ვალი: “ესაა მხატვრობა, რომელიც ემყარება კაპრიზის სუვერენულობას, მემკვიდრეობითობის უგულებელყოფას, და რომლის აბსოლუტური თავისუფლება გამაღიზიანებელიც კია”. თვით მხატვარს კი არ ჰქონდა და, როგორც ჩანს, არც სურდა ჰქონოდა ესთეტიკური ამბიციები. “ყველაზე მეტად იმისა მეშინია, რომ სერიოზულად არ აღმიქვან, რომ არ გადავიქცე გამოჩენილ პიროვნებად, კორიფედ”, – ამბობდა პიკაბია, მაგრამ, ამ შიშის მიუხედავად, მან განსაცვიფრებელი ნაწარმოებები შექმნა.

ორმოცდაათი წლის პიკაბია ბრწყინვალე ოსტატად ჩამოყალიბდა. მან მალულად დახატა ესპანელი მხატვრების ნამუშევართა (რომელთა კოლექციასაც მამამისი აგროვებდა) ასლები, შემდეგ ორიგინალები გაყიდა, ასლები კი მათ ნაცვლად დაკიდა. მიღებული თანხით პიკაბიამ მარკების კოლექცია შეიძინა. პიკასოს მსგავსად, ის ნამდვილი ვირტუოზი გახლდათ. ორივე მათგანი საოცრად სწრაფად ხატავდა. პიკაბიას სისწრაფე “ველურ ჟინად” ექცა, რომელსაც ავტომანქანების მართვის დროსაც ავლენდა – მგონი, 127 ავტომანქანა ჰყავდა (დადაისტ მხატვართა შორის პიკაბია ყველაზე მდიდარი იყო). მოძრაობა და სისწრაფე ხორცშესხმულია მის მიერ 1912-1913 წლებში შექმნილ უბადლო აბსტრაქტულ ტილოებშიც.

აქ, ისევე, როგორც პიკაბიას ახლო მეგობრის, მარსელ დიუშანის ტილოებზე, კუბიზმი შთაგონებულია თავბრუდამხვევი სისწრაფის ფუტურისტული იმპულსით. პიკაბიას საუკეთესო ნამუშევრებად მიმაჩნია ვეება აბსტრაქციები “La Source ” (“წყარო”) და “Edtaonisl” (“ეკლესიასტური”). მათში თავს იჩენს მძლავრი ფანტაზია, რაც, ზოგადად, პიკაბიას შემოქმედებას არ ახასიათებს – ის ამჯობინებდა, თავის ტილოებში უკვე არსებული სახეები და ფორმები გამოეყენებინა: ილუსტრირებულმა ღია ბარათებმა შთააგონა, იმპრესიონისტული და პუანტილისტური ნამუშევრები შეექმნა; ტექნიკური ნახაზები ოსტატურად გარდასახა და ასევე მარჯვედ გამოიყენა ქალთა ჟურნალებში ნანახი ფოტოსურათები თავისი ტილოებისთვის (პიკაბიას გვიანდელ შემოქმედებაში მოდელთა ვულგარიზება ააშკარავებს მხატვრის ცინიკურ დამოკიდებულებას მათ მიმართ).

ნაკლებად ნოვატორულია მომდევნო პერიოდი – 1914-1915 წლები, როდესაც პიკაბია ქმნის “მექანიკურ” ნახატებს, ანუ, მისი თქმით, “მექანიკური სიმბოლიკის მწვერვალს”. ესაა პრედადაისტური ტილოები, რომელთა სახელწოდებები, მაგალითად, Unique eunuque და La veuve joyeuse ეხმიანება მის ზოგიერთ ლიტერატურულ ტექსტს. “მექანომორფისტული” ნახატებით ილუსტრირებულია პიკაბიას მიერ გამოცემული ალმანახი “391”, რომლის ცხრამეტი ნომერი გამოქვეყნდა.

პიკაბიას გამოფენის ჩინებული კატალოგი შეადგინეს ანა უმლანდმა და კეტრინ ჰუგმა. რეიჩელ სილვერის დეტალურ ბიოგრაფიაში საუბარია მხატვრის ანტისემიტური და პროფაშისტური განწყობილებების, და ასევე, მისი სტუმართმოყვარეობის შესახებ. კანში, Casino aux Ambassadeurs-ში პიკაბია მართავდა წვეულებებს, რომლებზეც მრავალრიცხოვან სტუმრებს შეეძლოთ დამტკბარიყვნენ არა მარტო პალმებისა და მაიმუნების, არამედ – ლომებისა და ლეოპარდების ხილვითაც.

ციურიხში, Galerie Gmurzynska-ში, მოეწყო შვიტერსის სამოცდაათი ნამუშევარის გამოფენაც. აწ განსვენებულმა არქიტექტორმა ზაჰა ჰადიდმა გადააკეთა გალერეის სივრცე (ადგილი, სადაც ერთი საუკუნის წინ დადაისტთა გალერეა იყო) და წარმოგვიდგინა ქმნადი ფორმების სიზმარეული ლანდშაფტი – ისეთი, როგორიც, მისი აზრით, უნდა ყოფილიყო შვიტერსის “მერცბაუ”. დადაისტური სიმპათიების მიუხედავად, შვიტერსი მაინც ფორმისა და წონასწორობისკენ იყო მიდრეკილი და მის მხატვრულ კომპოზიციებში ფერი ძალზე გამოზომილად გამოიყენება. მახსოვს შვიტერსის უზარმაზარი გამოფენა პარიზში (1994 წელს), პომპიდუს ცენტრში, სადაც კოლაჟებით გარშემორტყმულ დამთვალიერებელს ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს მხატვრის პალიტრა გაიშვიათებული იყო. შვიტერსის გვიანდელ ნამუშევრებში იუმორი და გრაცია აღარ შეიმჩნევა – ისინი უფრო ხისტი და პირქუშია, მაგრამ მათი ფასეულობა დრომ დაამტკიცა.

ბოლოს, ციურიხის რიდბერგის მუზეუმში ვიხილე გამოფენა “დადა და აფრიკა”, სადაც დადაისტური ობიექტები აფრიკული სკულპტურის ნიმუშებთან ერთად იყო ექსპონირებული (კარლ აინშტაინი ხელოვნების პირველი თეორეტიკოსი იყო, რომელმაც 1915 წელს აფრიკული “პრიმიტიული” სკულპტურის ნიმუშები მხატვრულ ქმნილებებად აღიქვა). ამ მეზობლობამ დადებითი შედეგი გამოიღო: ჰანა ჰოხის კოლაჟების კოლექცია – “ეთნოგრაფიული მუზეუმიდან” – აფრიკული სკულპტურების გარემოცვაში უფრო მძაფრად აღიქმებოდა.

დადა არ გახლდათ მოდა, სტილი ან დოქტრინა. ის არც  კულტურის ისტორიის ოდენ ერთ-ერთი (მრავალთაგან) ეტაპი იყო. აჯობებს, თუ მას გავიაზრებთ, როგორც ვითარებას, სულისკვეთებას, გონების პროდუქტიულ მდგომარეობას, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ცხოველმყოფელობას. დადაისტური ქაოსის ძირითადი ელემენტებია: პარადოქსი, შესაძლებლობა, იმპულსურობა, პროტესტი, აგრესია, ანტინაციონალიზმი, იუმორი, ირონია, ბლეფი, ხელოვნება და მისტიციზმი. რა თქმა უნდა, დადაისტთა უმრავლესობა აბუჩად იგდებდა მხატვრობას. მიუხედავად ამისა, დადაისტური ხელოვნების ყველაზე შთამბეჭდავი ნიმუშები, ჩემი აზრით, სწორედ მხატვრობას განეკუთვნება.

როგორც ჩანს, დადაისტთა უმრავლესობა არ იყო მიდრეკილი მისტიციზმისა ან პოლიტიკური მოღვაწეობისკენ (რამაც შემდგომ თავი იჩინა ბერლინელი დადაისტთა შორის). არსებობდა აგრეთვე განსხვავება ფანატიკოს დადაისტებს (მაგალითად, ტცარას) და იმათ შორის, ვისაც დადაიზმი მათი ძირითად საქმიანობის აუცილებელ დანამატად ესახებოდა. ჰანს რიხტერის თქმით, 1917 წლიდან მის ცხოვრებას განსაზღვრავდა არა მარტო ლტოლვა ანარქიისა და ქაოსისკენ, არამედ – წესრიგისკენაც. არ გამიჭირდება იმათი ჩამოთვლა, ვისაც ადვილად შეეძლო წონასწორობის დაცვა ურთიერთსაპირისპირო მისწრაფებებს შორის.

დადაიზმმა კვალი დააჩნია 1945 წლის შემდეგ წარმოქმნილ ბევრ მოძრაობას, მაგალითად, 1960-იანი წლების ფლუკსუსს, მაქს ბენზეს ჯგუფსა (შტუტგარტში) და კონკრეტულ პოეზიას, ვენის აქციონიზმსა და პანკ-როკს (არსებობს ასეთი პანკ-ჯგუფიც სახელად “კაბარე ვოლტერი”). საპატიო დადაისტთა ნუსხაში ჩავწერდი ჟან ტენგლისაც – სკულპტორს, რომლის ქანდაკებები ერთდროულად კომიკურ შთაბეჭდილებასაც ახდენს და გრანდიოზულსაც (მაგალითად, “მეტამატიკი”). მის მიერ შექმნილი მექანიზმების თვითგანადგურება 1960 წელს მართლაც რომ დადაისტური მოვლენაა. აქვე დავამატებდი გერი ლარსონის მულტფილმებს, ფილიპ გასტონის გვიანდელ მულტფილმებსა და ნახატებს, მაურისიო კაგელის გვიანდელ კომპოზიციებს (მაგალითად, “მარში, რომელსაც გამარჯვებისკენ არ მივყავართ”) და დიერდ ლიგეტის შესანიშნავ გლოსოლალიებს. არაფერს ვამბობ ვირჯილ ტომსონის საფორტეპიანო სონატა № 3-ზე თეთრი კლავიშებისთვის, რომელიც გერტრუდე სტაინს ეძღვნება.

ჩემი აზრით, ასი წლის წინანდელი სამყარო და ჩვენი ეპოქა ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს, თუნდაც ღრმა კრიზისისა და საშიშროების მძაფრი განცდით და უდიდესი ხიფათის მოლოდინით. ვენელი მორალისტი, სატირიკოსი და კრიტიკოსი კარლ კრაუსი წერდა: “ძირს წესრიგი, გაუმარჯოს ქაოსს”. დადაისტური ხელოვნების ხმაურიანი ფესტივალის შესანიშნავ ილუსტრაციას წარმოადგენს ის, რომ გასულ თებერვალს, როდესაც კუნსტჰაუსმა, “დადაგლობის” გამოფენასთან ერთად, ციურიხში კოსტიუმირებული მეჯლისი მოაწყო, მასზე, სულ ცოტა, ცხრაასი ნიღბიანი ნეოდადაისტი მივიდა.

© The New York Review of Books, 2016

თარგმანი © არილი


[1]ნაყარ-ნუყარი (გერმ.)

 

Facebook Comments Box