ესე,  პორტრეტი,  ხსოვნა

ანა კოპალიანი – წერედიანი

 

ვიიონის ,,მცირე ანდერძის“ არსებობა ჯერ არც კი ვიცოდი, რომ მის წაკითხვამდე რამდენიმე წლით ადრე დიდად მოხიბლული ვიყავი და ლამის დაზეპირებული მქონდა ტარიელ ჭანტურიას დიდად ახირებული პოემა-პაროდია ,,მინი-ანდერძი“, რომელშიც ლირიკული გმირი ბებერი პარიზელი მეძავი, ფრანსუა ვიიონის ქალური ალტერ-ეგო, ფრანსუაზა ვიიონია. ისეთ ასაკში ვიყავი, ამ ყოვლად პოსტმოდერნისტულ ტექსტზე დართული ,,განმარტებების“ მეცნიერული წარმოშობისა მჯეროდა: რომ იმ პერიოდის საფრანგეთში, სავარაუდოდ, სკოლებში ასწავლიდნენ ,,ვეფხისტყაოსანს“; რომ გადმოცემის თანახმად, ფრანსუაზა არაბ პოეტ იბნ-სინას უყვარდა; რომ ტექსტში ,,ლევისი“, შესაძლოა, მოგვიანო პერიოდის გადამწერების მიერ იყო ჩამატებული… სწორედ ამ თავზეხელაღებული პოემის წინსართიდან: ,,ეძღვნება დავით წერედიანს ფრანსუა ვიიონის ,,მცირე ანდერძის“ უბადლოდ თარგმანის გამო“ გავიგე პირველად მისი სახელი.  ამ წარწერას დიდ ყურადღებას არც ვაქცევდი, მაგრამ თუ მისგან ინსპირირებული აზრების რეკონსტრუქციას შევეცდები, მახსოვს, რომ მიკვირდა, მთარგმნელი რაღა შუაშია, თუ წიგნი კარგად არის დაწერილი, ცხადია, თარგმანშიც კარგი იქნება-მეთქი. არაფერი გვაგდებს უფრო დიდ ცოდვაში, ვიდრე Sancta Simplicitas.

დავით წერედიანის სახელი ვახტანგ როდონაიამ ჩამიჭედა თავში დიდი ლურსმანივით   –  ჩვენს ,,ხელოვნების სკოლაში“ ლიტერატურაზე საუბრების კურსი მიჰყავდა – ისედაც ბრგეს სამხრეებიანი ლაბადა ეცვა და ერთთავად გაბრაზებული სახითა და მაღალი სტანდარტებით მზაფრავდა. მისგან ვისწავლე ის, რომ მაღალი სტანდარტები მტკივნეულია, მაგრამ სასარგებლოა. ერთ დღესაც გვითხრა, რომ თანამედროვე პოეტის გენიალური ლექსი მოგვიტანა და ეს წაგვიკითხა:

,,მეფემან ბაგრატ მპყრობელმან… ყოვლთა ქართველთა… ვესევ…

და აღვაშენე… წევნითა… ღმრთისა… ტაძარი ესე…

…ითა ჩემითა აღაგო მან მაღალმან და ბრძენმან

ოსტატმან ა… ე… (სახელი არ იკითხება) მრწემ ვარ…

და დავესვენე წმიდასა… ამას… უფლისა… ცხრამე…

ცოდვანი ჩემნი… ითა და… ისაითა და… ამენ…“

მოგეწონათო, გვკითხა. ვერ გავუბედე, თორემ პასუხად ირონიულად შევხედავდი. მეათეკლასელები ვიყავით, რას მოგვეწონებოდა?! აგვიხსნა: ძველი ხელნაწერების ანალოგიით არის დაწერილი, რომლებშიც ზოგი სიტყვა წაშლილია და არ იკითხებაო. ფორმისა და შინაარსის ერთიანობაზეც გველაპარაკა. აქ, მახსოვს, ,,გამეხსნა“, მაგრამ ჯგუფის საერთო სურათი იმედისმომცემი არ ჩანდა და მანაც უფრო საყოველთაოდ გასაგები სტროფი ,,შემოგვიგდო“ შესაბამისი ახსნა-განმარტებებითურთ:

,,ჩემს ცნობილ შარვალს, გრძელს და განიერს,

არა სჭირდება პანეგერიკი.

მარჯვენა ტოტი – მეტრ ბაზანიეს.

მარცხენა – მონტენს ანდა პირიქით.

მათთან ფურნიეც ვახსენო ჯერ არს,

სადაც ალხანა, იქაც ჩალხანა,

მე მას ვუტოვებ ჩემს უხმარ პერანგს

და იმ პერანგის ნახმარ ამხანაგს“.

ასე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ,,მცირე ანდერძი“ და დავით წერედიანი. ბატონი ვახტანგის დამზაფრავი, ფარხმლისამყრელი ხმით.

შიშმა შექმნა სიყვარული.

მერე დაიწყო ცხოვრება და განცდები და გამოცდილებები და ამ ყველაფრის გადასატანად და გადასააზრებლად იყო მზა ფრაზები: ,,მიშველე, ღმერთო, ნუ გამაგიჟებ, კი არ ვლოცულობ, ვდგავარ და ვყმუი“… ,,ნუ რჯულზე მელაქარდები, შენი მოყვასი არ ვარ“… ,,ვცვლი უკანასკნელ სინანულზე ოქტომბრის დამდეგს, მოღებულ სარკმელს, ორიონის ვერცხლოვან დარანს“…

დავით წერედიანი სამჯერ გამაცნეს. ყოველ მორიგ გამცნობს უხაროდა, რომ თავად იყო ის, ვინც ჩემს სათაყვანებელთან წარმადგინა და მეც ვერც ერთი ვერ გავაწბილე. სამჯერ ჩამოვართვი ხელი იმ პირველი ენთუზიაზმით, სამჯერ აღვუვლინე სუნთქვაშეკრული ხოტბა და სამჯერ მივიღე პასუხად ჩუმი კაცის ოდნავ ირონიაშერეული დამორცხვება.

უწინ მეგონა, რომ პოეზიის განვითარების გზას ეპოქის საუკეთესო პოეტები კაფავენ, ახლა ვიცი, რომ უდიდეს პოეტების შემდეგი თაობები, პირიქით, ჩიხში შეჰყავთ, დიდი-დიდი საკუთარი თავის ეპიგონობას სთავაზობენ. პოეზიისა და ზოგადად, ლიტერატურის, განვითარებას ხელს დიდი მთარგმნელები უწყობენ, სწორედ მათ შემოაქვთ ეროვნულ მწერლობაში ის ,,სურსათი“, რომლისგან მომზადებული კერძებითაც ახალი თაობა აპურებს მკითხველს. დავით წერედიანი არის ერთ-ერთი უმთავრესი ხმა, რომელმაც 21-ე საუკუნის ქართულ პოეზიას გეზი მისცა.

ჩემს თვალში მისი დამოკიდებულება პოეზიის მიმართ რელიგიურ თავგანწირვას ჰგავს. მგონია, რომ ერთ ჩვეულებრივ თბილისურ ბინაში კი არა, უმბერტო ეკოს აღწერილ კათედრალის ბიბლიოთეკაში ცხოვრობდა, ბერის სენაკში იღვწოდა, სადაც სრულყოფილებისათვის თვითგვემა და გასხივოსნება ენაცვლება ერთმანეთს; კომპიუტერის ფაილში ანდა ფურცელზე კი არა, ფოლიანტებში წერდა ტექსტს. მინახავს მისი თარგმანის სამი სხვადასხვა ვერსია სამ სხვადასხვა გამოცემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაშრომის გამოქვეყნების მერეც ვერ უუცხოვდებოდა საკუთარ შემოქმედებას, ვერ წყვეტდა მასზე ფიქრს და აგრძელებდა სრულყოფას უკანასკნელს დეტალამდე, უკანასკნელ სემამდე, რადგან მის უზადო ნიჭსა და  გემოვნებას მხოლოდ სრულყოფილების მიღმა შეეძლო ეპოვა მოსვენება. პროდუქტიულობის სურვილი, თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი უხამსობათაგანი, არ ამღვრევდა. მთელი მისი შემოქმედება ადასტურებს, რომ პოეზია მისთვის უმაღლესი მიზანი იყო და არა – საშუალება.

როდესაც ლორკას ,,სხვისი ცოლის“ წერედიანის თარგმანი გამოვიდა, ლამის ყველა, და მათ შორის, მეც, ადარებდა მას თამაზ ჩხენკელის უფრო ადრინდელ თარგმანს, რომლითაც უკვე ათწლეულებია საქართველოში წიგნიერებით თავმომწონე მამრები მდედრებს სურვილს უხსნიან. ამ ორი ულამაზესი თარგმანიდან მე მაინც წერედიანის მირჩევნია, რომელსაც ქვეტექსტად გასდევს, რომ ლორკას ლექსში მთავარი საკუთარი მასკულინური ეგოთი და ეროტიკული ექსტაზის ყოველი დეტალით ტკბობა კი არ არის, არამედ უსაზღვრო და უსაშველო სევდა იმის გამო, რომ სიყვარული ასე ახლოს იყო, ასეთი შესაძლებელი, ასე ერთი ხელის გაწვდენაზე, ასე ჰგავდა ნამდვილს და სინამდვილეში მირაჟი აღმოჩნდა.

მარგარეტის უმწეო მონოლოგი იქნება თუ ვიიონის თავხედური ნაკვესი, სვანური ფოლკლორის ნიმუში თუ ბუნების აი ასეთი, ერთი შეხედვით უბრალო აღწერა ლორკას რომანსში -,,ლეღვის ხე მისსავე ნიავს/ტოტების ხაოთი ხეხავს,/ბექი -აფოფრილი კატა -/აიშლის აგავის ეკალს“ – ყველაფერს, რასაც დავით წერედიანის ხელში გამოუვლია, ყველა მის ლექსსა თუ თარგმანს ერთი დამღა ადევს – სევდის დამღა. ეს სწორედ სევდაა და მისი სინონიმით, ნაღვლითაც კი ვერ ჩაანაცვლებ, რადგან ის უფრო მწარეს, უფრო მძიმეს გულისხმობს, წერედიანის ლექსის  ჯადოქრულ და დამბანგავ მუსიკაში გაზავებული სევდა კი მსუბუქი და გამჭვირვალეა. ეს არ არის სამყაროს უსამართლობასთან შეჯახებულის გულდამძიმება, ეს განდგომილი ბრძენკაცის სევდაა, რომელმაც დიდი ხანია იცის, რომ ,,ცხოვრება ასეთია“ და მისი შორიდან, უპიროვნოდ ჭვრეტაც ისწავლა.

დიდი შემოქმედის გარდაცვალების პირველი ხანები ისეთი დროა, როდესაც მისადმი პატივისცემა ერთიათად იმატებს – უჩვეულო ნიჭით აღძრულ მოწიწებას ემატება მოწიწება სიკვდილის წინაშე, რომლის მიმართაც ნამუსის უკანასკნელ ნატამალშერჩენილი ადამიანიც ვერ რჩება გულგრილი. იმას, რომ საქართველოს სახელმწიფომ ახლადგარდაცვლილი დავით წერედიანის ახალი წიგნის გამოცემაზე უარი თქვა, მინდოდა, რამით გამოვპასუხებოდი, მაგრამ სიტყვებს, რომლებიც პათეტიკურობით ყურს არ მომჭრიდა, ვერ ვპოულობდი, როგორც ამ წერილისთვის ვერ ვიპოვე. ერთადერთი, რაც თავში მიტრიალდებდა, თავად წერედიანისავე სიტყვები იყო. გულში მისივე სიტყვებით მივმართავდი:

,,უთხარი უფალს, სანატრელო, უხრწნელი ბაგით,

უთხარი უფალს,

აღარავინ აქ აღარ ელის“.

© არილი

 

Facebook Comments Box