ნობელის პრემია არის ინსტიტუცია კაცებისთვის, ამბობს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ანი ერნო.
France-Presse-ს ეუბნება, რომ ნობელის პრემია თავისთავად მანიფესტაციაა ტრადიციულობის სურვილის. ტრადიციებთან კავშირი კი, ალბათ, უფრო მასკულინურია და ძალის ერთმანეთისთვის გადაცემის გზაა.
„გამბედაობისა და კლინიკური სიმძაფრისთვის, რომლითაც იგი ახსნის პირადი მეხსიერების ფესვებს, გაუცხოებას და კოლექტიურ იძულებას“ დაჯილდოებული ერნო ნობელის ისტორიაში, 1901 წლიდან, მე-17 ქალია, რომელსაც ლიტერატურის დარგში გადაეცა პრემია, ფრანგ მწერალ ქალებს შორის კი – პირველი.
„სიტყვით გამოსვლებიც მონოპოლიზებულია მამაკაცების მიერ და ვამჩნევ, რომ ხშირად ქალები სიტყვით გამოსვლისას მათზე ნაკლებს ლაპარაკობენ“ – ამბობს ის და დასძენს, რომ ნობელის პრემიის მოდერნიზების დროა.
„რთული სათქმელია, მაგრამ შეგვიძლია, ვიფიქროთ ნაკლებ პომპეზურობაზე, ნაკლებ გრძელ კაბაზე? ცუდი არ იქნებოდა“ – ღიმილით მიანიშნებს დაჯილდოების ცერემონიასა და ბანკეტზე, რომელსაც შვედეთის სამეფო ოჯახი და 1200-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.
თუმცა სტოკჰოლმში, ლაურეატების გამარჯვების აღსანიშნავი ღონისძიებების შემდეგ, თქვა, რომ მოხიბლულია საზეიმო განწყობითა და პრიზის ბრწყინვალებით.
ფემინისტი და აქტივისტი მწერალი ამბობს, რომ მას სურს, თავისი ნობელი მიუძღვნას ყველას, ვინც იტანჯება, იტანჯება ვინმეს ბატონობისგან სხვადასხვა ფორმით, იტანჯება რასიზმისგან, ნებისმიერი ტიპის უთანასწორობისგან. ყველას, ვინც იბრძვის და შეუმჩნეველი რჩება.
ერნოს თქმით, პრიზის მიღების არანაირი სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ ჯილდომ გაუძლიერა წერის მოტივაცია. გეგმავს, რომ წერას განაგრძობს და დატკბება ასაკით: „ესაა ასაკი, როცა ბევრ რამეს ირეკლავ და ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა ჩავიწერო“.
ერნო ფიქრობს, რომ კაცებმა უნდა შეიცვალონ შეხედულებები ახლა, სანამ ქალები სრულად გაუთანასწორდებიან მათ. „იმიტომ, რომ თუ კაცები არ შეიცნობენ საკუთარ სხეულს, თავიანთი ცხოვრების გზას, ქცევას და ამ ქცევის მოტივებს, ქალები რეალურად ვერ გათავისუფლდებიან“.
ისინი, ქალები, დიდხანს თანხმდებოდნენ ისეთ მოცემულობებს, რომლებიც ერნოსთვის სრულიად მიუღებელი და აუტანელია და ამის შეცვლაც მნიშვნელოვანია.
ერნომ ხსენებული თემების შესახებ სანობელე ლექციაზეც ისაუბრა. დაქორწინებული, ორი შვილით, საოჯახო საქმეებით დაკავებული, უფრო და უფრო შორდებოდა წერას და ჰქონდა განცდა, რომ მოკვდებოდა მისთვის შექმნილი კარის შეღების გარეშე, იმ წიგნის დაწერის გარეშე, რომლის შექმნაც მხოლოდ მას შეეძლო.
ერნო იხსენებს დედას, რომელიც მაღაზიაში, სანამ მყიდველები მივიდოდნენ, კითხულობდა დიდებულ წიგნებს და მასაც კითხვისკენ უბიძგებდა. წიგნების მაღალი ფასი და ეჭვი, რომლითაც ამ წიგნებს მის რელიგიურ სკოლაში განიხილავდნენ, წიგნებს კიდევ უფრო სასურველს ხდიდა მისთვის. ერნომ გაიხსენა „დონ კიხოტი“, „გულივერის მოგზაურობა“, „ჯეინ ეარი“, ანდერსენისა და გრიმების ზღაპრები, „დევიდ კოპერფილდი“, „ქარწაღებულნი“, „საბრალონი“, „უცხო“, „მრისხანების მტევნები“, რომელთაც განაპირობეს ის, თუ რას წაიკითხავდა შემდეგ. მისთვის ლიტერატურა იქცა ადგილად, სადაც დასახლდა, მისი სოციალური გარემოს საწინააღმდეგოდ, წერა კი რეალობის გარდასახვის საშუალებად ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, ლექციაზე ახსენა შეხედულებები, რომლებიც ახალგაზრდობისას ჰქონდა: მეგონა, რომ ინდივიდუალურ გამარჯვებას სიღარიბისა და ჩაგვრის საუკუნეების წაშლა შეეძლო, მაგრამ როგორ მოახერხებდა პერსონალური მიღწევები დამცირებისა და შეურაცხყოფის გამოსყიდვას, ეს შეკითხვა მაშინ არ გამჩენიაო.
ბანკეტზე ანი ერნომ თქვა:
„1957 წელს 17 წლის ვიყავი, რადიოში მოვისმინე, რომ ალბერ კამიუ ნობელის პრემიის ლაურეატად დასახელდა სტოკჰოლმში. ასე რომ, სიამაყითა და კმაყოფილებით აღმოვაჩინე, რომ „უცხოსა“ და „ამბოხებული ადამიანის“ ავტორი, ვისმა ტექსტებმაც ღრმა კვალი დამიტოვა, აღიარეს მსოფლიოში უდიდესმა ავტორიტეტებმა. 65 წლის შემდეგ საკუთარი თავის იმავე ადგილას აღმოჩენა გაოცებისა და მადლიერების უდიდესი განცდით მავსებს. გაოცებით ცხოვრების მისტიკური ტრაექტორიის გამო […] და მადლიერებით, რომ შევუერთდი კამიუსა და სხვა გარდაცვლილ თუ ცოცხალ მწერლებს, რომლებსაც ვაღმერთებ.
ასევე, მადლობა მინდა ვთქვა მათი სახელით, ვინც აქ არ არის. იმ ქალებისა და კაცების, რომლებმაც ჩემს წიგნებში ცხოვრების გაგრძელების მიზეზი იპოვეს; მიზეზი, რომ კიდევ ერთხელ ეგრძნოთ სიამაყე. ჩემი შემოქმედების ამგვარად დაჯილდოებით, მაიძულებთ, რომ კიდევ უფრო დიდი მონდომებით ვეძებო რეალობა და სიმართლე, რომელსაც, ალბათ, ვიზიარებთ“.
© არილი