ბესიკ ხარანაული თავისი ცხოვრების წიგნების შესახებ გვიყვება:
კითხვის პირველი მოგონება
10-12 წლის ვიქნებოდი, სხვენში აღმოვაჩინე დედაჩემის გადამალული წიგნები, რომლებიც „პოლიტიკურ დევნილებივით“ იმალებოდნენ ჩვენს სხვენში. ეს მეც მესმოდა, მაგრამ, აკრძალვის მიუხედავად, ჩუმად ჩამოვიტანე სამი წიგნი: გალაკტიონის ლექსები, მიხეილ ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი“ და რობაქიძის „გველის პერანგი“. იქ სხვა წიგნებიც იყო, მაგრამ ეს სამი ავტორი იმიტომ ავარჩიე, რომ ეს სახელები მესმოდა დედაჩემის და მის მეგობრის, რუსუდან გელოვანის ჩურჩულით საუბრებიდან. მაშინ არც ავტორებს ვიცნობდი და არც ამ წიგნების ლიტერატურული ღირებულება ვიცოდი. ასე დავიწყე კითხვა, თუმცა არ დამცალდა, რამდენიმე დღეში წიგნები გაქრა ჩვენი სახლიდან. მოგეხსენებათ, მე დავიბადე უხსოვარ, შავბნელ დროში: უპოვრობაში, უშუქობაში, უპურობაში, უშეშობაში, შიშში, შიმშილში და უწიგნობაში.
ბავშვობის საყვარელი წიგნი
„ბიძია თომას ქოხი“ და რომენ როლანის „გმირული ბიოგრაფიები“.
წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა
შექსპირის ტრაგედიების მეორე ტომი, რომელშიც იყო : ჰამლეტი, ოტელო, მაკბეტი და მეფე ლირი. ზეპირად ვიცოდი, სკოლის ძალებით სპექტაკლებს ვდგამდი, თვითონაც ვთამაშობდი მთავარ როლებს. ჩემი პირველი მაყურებელი იყო ბებიაჩემი – ერთგული. შექსპირი დღემდე ძალიან ახლობელია ჩემთვის და ვფიქრობ, რომ არც ერთი წინადადება არ არის ჩვეულებრივი. დრამებში მეტი პოეზიაა, ვიდრე სონეტებში.
მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვლა
ლიტერატურა, თუ ის ნამდვილია, შეხედულებებზე მაღლა დგას. ისე, მართალი რომ გითხრათ, ამ სიტყვის მნიშვნელობა კარგად არ მესმის. „შეხედულებები“ მოგონილი სიტყვაა, მგონი, არც არის ქართული. მე ვფიქრობ, რომ კითხვა უნდა დაიწყო, წინასწარი აზრისა და მოლოდინების გარეშე, სრულიად ცარიელმა. რა მოუტანა „ფაუსტს“ იმან, რომ ყველამ, ვინც კი ხელში აიღო, წინასწარ იცოდა, რომ დიდი წიგნი ეჭირა?!
ვაჟა-ფშაველა, რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, ყოველ ჯერზე მგონია, რომ პირველად აღმოვაჩინე.
ბავშვობაში განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა დონ კიხოტმა, რომლის ხევსურ პროტოტიპებს შორისაც ვიზრდებოდი.
ახალგაზრდობაში – შემაშფოთებელი ეფექტი ჰქონდა კამიუს, სელინს…
ჩამოთვლამ იცის გამორჩენა…
წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა
ისევ შექსპირი. დღესაც შექსპირი თუ წავიკითხე, წერა მინდება.
წიგნი ან ავტორი, რომელსაც ვუბრუნდები
ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმა. თითქმის ყოველ წელს ვკითხულობ. მოთხოვნილება მაქვს.
ალექსი ჭინჭარაულის „ხევსურული ლექსიკონი“.
წიგნი ან ავტორი, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები
ტოლსტოი და დოსტოევსკი.
წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე
გილგამეში, და კიდევ კარგი, რომ აღმოვაჩინე. ბევრჯერ მაქვს წაკითხული. პირველად რომ წავიკითხე, ჩავთვალე, რომ ეს არის მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი. მეორედ რომ წავიკითხე, აღმოვაჩინე, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტური ნაწარმოები. დღემდე ასე ვთვლი.
პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ
მაინცდამაინც არ მაქვს მსგავსი მიდრეკილება, რომ პერსონაჟთან თავი გავაიგივო. იმდენად ძლიერია ჩემში „სხვა“ და „სხვისი“, რომ გაიგივება არ მინდება ხოლმე.
თუმცა, ოდისევსის ტყავში კი ხშირად ვყოფილვარ. ასევე მიყვარს ჰამლეტი, დონ კიხოტი, ალუდა ქეთელაური.
ცნობილი წიგნი ან ავტორი, რომელიც არ მიყვარს
ასეთი ბრძოლა არცერთ მწერალთან და წიგნთან არ მაქვს გამართული.
წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე
„ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა…“
ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე
ჩემი „უძებნი შვილი“.
წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ
ალექსი ჭინჭარაულის „ხევსურული ლექსიკონი“, რომელსაც ათი წელია, ხელიდან არ ვუშვებ. ეს არის ერთი დიდებული პოეტური ნაწარმოები ერთ ძველთაძველ ტრაგიკულ ტომზე. ამ წიგნში იმდენი ცოდნაა მოგროვილი, რაც შეიძლება, საუკუნეებში დააგროვოს დონ კიხოტივით ხალხმა.
წიგნი ან ავტორი, რომლის თარგმნასაც ვისურვებდი
არ ვიცი. ეგეთი ლიტერატურული ამბიციები არასდროს მქონია.
წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ
პოეზია. პოეზიის კითხვას ვურჩევდი ყველას.
© არილი