პორტრეტი,  პროზა

ვალერი ოთხოზორიას ფანჯრიდან

ათი ტექსტები წაგიკითხავთ, მათ პერსონაჟებს კარგად იცნობთ და იმ პერსონაჟების სახლებშიც არაერთხელ ყოფილხართ სტუმრად (ან იმდენჯერ ყოფილხართ, რომ სტუმრად უკვე აღარც კი გრძნობთ თავს), მაგრამ ჯერ არ გინახავთ მათი ფანჯრები და არც ის, რასაც ისინი ხედავენ იმ ფანჯრებიდან.

ამიტომაც დაიწყო არილმა რუბრიკა – ავტორის ფანჯრიდან. მთავარი პირობაა, რომ თანამედროვე ქართველი მწერლების ტექსტებმა, რომლებსაც არილისთვის დაწერენ, მათი ფანჯრებიდან გაგვახედოს და სულ ერთია, როგორი იქნება ხედი, რომელსაც დავინახავთ. ზოგჯერ, შეიძლება, ამ ხედებმა სხვა ხედები გამოიხმოს მათი მოგონებებიდან, ზოგჯერ კი მხოლოდ ის იქნება, რაც ნამდვილად არის – საქართველოს რომელიმე ქალაქის რომელიმე ქუჩა.

მონათხრობის უკეთ აღსაქმელად სტატიებს თან დავურთავთ მათივე გადაღებულ ფოტოს – ასე მოგვიყვება ერთი კადრი და ერთი ტექსტი ამბავს იმის შესახებ, რა და როგორ ჩანს ავტორის ფანჯრიდან.

ვიზუალური ხატი ჩემთვის უპირატესი ცივ სეზონებშია, თბილ სეზონებში წინა პლანზე აუდიო-გამოსახულება გამოდის.

ჩემი ფანჯრიდან ბავშვების აუტანელი ჟივილ-ხივილი ისმის, რომელიც გაზაფხულის მეორე ნახევრიდან იწყება და შემოდგომის ბოლომდე გასტანს. სრულიად აუტანელი რამ არის. სახლში გაჩერება შეუძლებელია. არც ვჩერდები. შუადღეს გავდივარ და ღამით ვბრუნდები, მაგრამ ზოგჯერ ღამეც კივიან, 10 საათამდე. ერთი საათი, დაღლილზე, შეიძლება დესერტად მერგოს.

მეგონა, რომ ასე მარტო დევნილი ბავშვები იქცეოდნენ, რადგან განაპირა კორპუსებიდან აურზაურის მსგავსიც არ ისმოდა, მაგრამ ვცდებოდი. აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი ბიბლიოთეკის გვერდით მდებარე ეზოშიც მსგავსი სიგიჟე ხდებოდა. ესე იგი, ასეთი ქცევა ნორმაა, „დევნილი“ და „თბილისელი“ ბავშვები იდენტურები ყოფილან. თუმცა, დევნილ ბავშვებს, ფაქტობრივი თვალსაზრისით, პირობითად შეიძლება ეწოდოთ „დევნილები“, უფრო ზუსტია „დევნილობაში დაბადებულები“ დავარქვათ, ისინი დევნილი მშობლების ნაშიერები არიან.

ბავშვებს სიკვდილის შეგრძნება არა აქვთ. ამიტომაც ყვირიან და კივიან ამდენს (რომ არაფერი ვთქვათ მათ ფიზიოლოგიურ საჭიროებებზე). სიკვდილი მათთვის სრული შოკია, გაოგნებულნი არიან, ვერ ხვდებიან, რას ნიშნავს „მოკვდა“. უკვდავებივით არიან და საზოგადოებაშიც „უკვდავთა“ ადგილი უჭირავთ – ბავშვის დაღუპვა ხომ ყველაზე დიდი საშინელებაა, როგორც უკვდავის სიკვდილი…

ოცდაათ წელს ვინც მიახლოებულა, მათთვის სიკვდილი არც გამოცანაა და არც ძალზე შორეული რამ, რაზე ფიქრიც ჯერ კიდევ ადრე იყო. ეს ადრეულ ახალგაზრდობაში გამოვცადეთ, შემდეგ სიკვდილი სულ თან არის. სულ უფრო მეტი ადამიანი კვდება ჩვენ გარშემო, ამას გარდა, ცხოვრებით დაღლილობაც მატულობს. ასე რომ, ხმაურს უკვე ვეღარ ვიტანთ, თუნდაც ეს ხმაური სიმბოლური უკვდავებიდან მოდიოდეს.

ეს „უკვდავებაც“, კაცმა რომ თქვას, განძარცვულია. ბავშვი, როგორც ხე, ეკოლოგიის საგანი უფროა, საკუთარიც და სხვისიც, ვიდრე წმინდა ონტოლოგიური მისტერიისა. ბავშვი ყველაზე მაგიური მაშინაა, როცა თავად ბავშვი ხარ – ბავშვი რომ ბავშვს ნახავს, დაახლოებით იგივე ემართება, გარემოში, სადაც ძაღლი არ იყო, ძაღლი რომ ძაღლს გადაეყრება. ეს მაგია მეორდება მაშინ, როცა ბავშვი გიჩნდება, სხვათა მაგალითზე ვიცი. რატი ამაღლობელის ლექსიდან ფრაზა მახსენდება: „ჩუმად, ბავშვს ძინავს…“ ალბათ, თავის ბავშვზე დაწერა.

მშობლები არანაირ უხერხულობას არ გრძნობენ მათი ბავშვების ჟივილ-ხივილის გამო, თითქოს მთელი სამყარო მათია. და ასეცაა, სამყარო ველურის კუთვნილებაა, ბავშვი კი, მოგეხსენებათ, საკმაოდ ველურია. ბავშვის მიერ დაპყრობილი სამყაროს სიმბოლური მფლობელი მშობელიცაა, პირუკუ მემკვიდრეობის კანონით, ასე რომ, მშობლის კმაყოფილება სავსებით გასაგები და გამჭვირვალეა.

მაგრამ ბავშვების სრულიად არყოფნას ბავშვების ტოტალური ყოფნა ჯობია. ბავშვების ჟივილ-ხივილი უკეთესია ძაღლების ყეფაზე. ბავშვების ჟივილ-ხივილი ჯობია ჩხუბის სმენას, ხმამაღლა ჩართული ტელევიზორის ხმაურს, ვიღაცების ყვირილს, ბღავილს რომ ჰგავს. ამ ყოველივეზე არ ვფიქრობდი, როცა აქამდე მათი ყვირილი და კივილი ჩამესმოდა. ახლა უკვე, იმედი მაქვს, გამახსენდება. გამახსენდება, რომ სიჩუმის – ამ თითქმის უხილავი ქალიშვილის, უმანკოებას, თუკი ბავშვების ჟივილ-ხივილი არ წაბილწავს, უამრავი ბევრად მძიმე და აუტანელი ხმა და ხმაური შერყვნის. ამიტომ ჯობია, ისევ ბავშვებმა იხმაურონ, თუნდაც გვიან ღამემდე. მათი ჟრიამულით შეძრული სიწყნარე დილამდე თავის ქალიშვილობის აპკს სრულად აღიდგენს, თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს სამყარო ახლახან იშვა, და ჩვენს წმინდა ბავშვებს კვლავაც შეეგებება თავისი პირველყოფილი სიწმინდით და უმანკოებით, რომელიც ოდესღაც ჰქონდა, როცა არაფერი არსებობდა სამყაროული.   

სასწაულია, რომ ღმერთი არ ხმაურობს. და სასწაულია, რომ ეშმაკიც ჩუმადაა (ტრეპლევის პიესა მახსენდება ჩეხოვის „თოლიადან“). ხომ შეიძლება ეშმაკს ღამ-ღამობით თამაში მონდომებოდა და ყვირილი და კივილი აეტეხა?

კაცობრიობის ნაწილს კივილის ფუფუნებაც არა აქვს.

ახლა, როცა ამას ვწერ, ერთი ბავშვი უწყვეტად ყვირის: „ყარაულობა არ შეიძლება! ყარაულობა არ შეიძლება! ყარაულობა არ შეიძლება!“ მეორე ბავშვი კი გაჰკივის (თითქოს უფსკრულიდან): „მიშველეთ! მიშველეთ! მიშველეთ!“

© არილი

Facebook Comments Box