მათი ტექსტები წაგიკითხავთ, მათ პერსონაჟებს კარგად იცნობთ და იმ პერსონაჟების სახლებშიც არაერთხელ ყოფილხართ სტუმრად (ან იმდენჯერ ყოფილხართ, რომ სტუმრად უკვე აღარც კი გრძნობთ თავს), მაგრამ ჯერ არ გინახავთ მათი ფანჯრები და არც ის, რასაც ისინი ხედავენ იმ ფანჯრებიდან.
ამიტომაც დაიწყო არილმა რუბრიკა – ავტორის ფანჯრიდან. მთავარი პირობაა, რომ თანამედროვე ქართველი მწერლების ტექსტებმა, რომლებსაც არილისთვის დაწერენ, მათი ფანჯრებიდან გაგვახედოს და სულ ერთია, როგორი იქნება ხედი, რომელსაც დავინახავთ. ზოგჯერ, შეიძლება, ამ ხედებმა სხვა ხედები გამოიხმოს მათი მოგონებებიდან, ზოგჯერ კი მხოლოდ ის იქნება, რაც ნამდვილად არის – საქართველოს რომელიმე ქალაქის რომელიმე ქუჩა.
მონათხრობის უკეთ აღსაქმელად სტატიებს თან დავურთავთ მათივე გადაღებულ ფოტოს – ასე მოგვიყვება ერთი კადრი და ერთი ტექსტი ამბავს იმის შესახებ, რა და როგორ ჩანს ავტორის ფანჯრიდან.
საბჭოთა ჯარის შესახებ უამრავი ბუნდოვანი ისტორია მომისმენია და მათგან ერთი უპირობოდ დავიჯერე: ყოფილ საკავშირო რესპუბლიკას იმხელა გეოგრაფიული დიაპაზონი ჰქონდა, რომ ვერ განსაზღვრავდი, სად გაგიშვებდა სამხედრო მოვალეობის შესასრულებლად. ყველაზე დიდ დაბრკოლებად ეს ამბავი მიმაჩნდა: სახლიდან შორს ყოფნა. მაგრამ მერე თავად გავხდი თავდაცვის ძალების რიგითი ჯარისკაცი და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქვედანაყოფის ბაზა შუაგულ თბილისში, 31-ე საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობდა, მივხვდი, ეს არ ნიშნავდა არანაირ შეღავათს. სინამდვილეში, მნიშვნელობა არ აქვს სად იქნები, რადგან ყაზარმული სისტემის ფუნქცია შენი იზოლაციაა.
3 დღეში ერთხელ შეიარაღებული ჯარისკაცები „დელტას“ მეორე, მცირე ბაზაზე გადავყავდით, რომლის ეზოც ძალიან ჰგავდა თანამედროვე ვიდეო-თამაშების სერვერს. 12 კაცისგან შემდგარი შემადგენლობა საშვთა ბიუროში, საკონტროლო გამშვებ პუნქტსა და საგუშაგო პოსტებზე ვიყავით დანაწილებულები. გამშვები პუნქტის გვერდით დამსვენებელი ცვლისთვის განკუთვნილი პატარა ოთახი იყო და მის კედელზე იმ მანქანების სანომრე ნიშნები ეწერა, რომლებსაც ბაზის ტერიტორიაზე შეუფერხებლად გადაადგილების უფლება ჰქონდათ. ჩემი მთავარი მისია გორგოლაჭიანი კარის პაწაწინა ჭრილიდან სანომრე ნიშნების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში მწვანე ღილაკზე თითის მიჭერა იყო. ამ მოვალეობას ჩემი პოსტის დანარჩენ ჯარისკაცებთან ერთად წარმატებით ვასრულებდი, რადგან, „დელტა“ ბაზის მთავარი გამშვები პუნქტისგან განსხვავებით, იქაურობას სულ უფრო იშვიათად სტუმრობდნენ მანქანები.
ბაზის შიგნით საშინელი მოწყენილობა სუფევდა. ამ განწყობაზე ექსკლუზიურად ზრუნავდნენ მის უკან, უზარმაზარ ტერიტორიაზე დაბანაკებული მკვდრები. ეს არ იყო ჩვეულებრივი სასაფლაო. ეს იყო ავტონომიური მიწისქვეშა ოლქი დედაქალაქში – სახელწოდებით კუკია, რომელიც მარად უპრეტენზიო მიცვალებულების არმიას ეკუთვნის უკვე 300 თუ 400 წელია. ისტორიები, რომლებსაც ჯარისკაცები ერთმანეთს ვუყვებოდით, მოძველებული იყო, ნამდვილ ცხოვრებაზე სათვალთვალოდ კი არსებობდა ამ სივრციდან გასასვლელი ერთადერთი ფანჯარა – ეკონომ-სარკმელი გორგოლაჭიან კარზე. ფანჯრიდან მოჩანდა მოედანი, ავტობუსებისა და მარშუტკების ბოლო გაჩერება, სახლები და ერთი და იგივე ადამიანები. მხარზე ავტომატ გადაკიდებულები ძირითად დროს ამ ჭრილთან ვატარებდით და მთელი დღეები და ღამეები ვაკონტროლებდით, რომ ჩვენ წინ ატეხილ ხმაურს ჩვენ უკან დაკრძალული მიცვალებულები არ შეეწუხებინა. ამის საშიშროება ახალი წლის ღამეს მართლა დადგა. როცა მთელი ქალაქი დენთის სუნში გაეხვია და ცაზე დაკიდებულ ფეიერვერკების თაიგულებს პატარა სარკმლიდან ვითვლიდი, გავიაზრე, რამდენად ტრანსცენდენტურ საგუშაგოზე ვდგავარ, წინ ცოცხლები არიან, უკან – მკვდრები, ჩვენი ბლოკ-პოსტი კი ქალაქს ხმაურისა და სიჩუმის ზონებად ყოფს.
წარმოდგენა არ მაქვს, რამხელა ხმაური უნდა ავტეხოთ მკვდრების გასაღვიძებლად, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ – რომ ჩვენს საახალწლო ღრიანცელზე მათ არ ეღვიძებათ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალიან ღრმად არიან ძილში ჩაფლულები.
მას მერე ჩამომიყალიბდა განცდა, რომ მე და ჩემი თანმხლები ჯარისკაცები სადღაც, სიკვდილისა და სიცოცხლის მიღმა ვარსებობდით, მესამე განზომილებაში. ამ ბაზაზე არსებულმა განსხვავებულმა ფსიქომაგნიტურმა ველმა ჩემი სიზმრების ჟანრები საბოლოოდ არია. ძილში მიცვალებულებმა დაიწყეს შემოძრომა. საბედნიეროდ კი ის მამშვიდებდა, რომ ამ განზომილებას ჰქონდა ჭრილი კარში, ერთადერთი ლეგიტიმური რადიოკავშირი გარე სამყაროსთან და ვიცოდი, რომ როცა დრო დადგებოდა და აქაურობას დავტოვებდი, ჩემთვის ეს ადგილი ვერასდროს გახდებოდა დანარჩენი ქალაქის ნაწილი.
და ეს ის იშვიათი შემთხვევა აღმოჩნდა, როცა წინათგრძნობამ არ მიმტყუნა.
ჯარის დამთავრების მერე ბაზის მიმართ გაუცხოების ხარისხმა მხოლოდ იმატა. რამდენჯერმე საგანგებოდ მივედი, წრეები ვურტყი, ვუთვალთვალე, მაგრამ ვერაფრით ამოვხსენი მისი საიდუმლო.
როგორც ჩანს, ეს ადგილი ჩემი ცხოვრების ტურბულენტური ზონაა. შავი ხვრელი, რომელმაც 1 წელი ჩაყლაპა და რომელსაც რეალურ სამყაროსთან კავშირისთვის ჰქონდა გორგოლაჭიან კარში ამოჭრილი პატარა ფანჯარა.
© არილი