რუსთაველი შოთა
დეზერტირების ბაზრის ხსოვნას
გამომცემლობაში შოთას დახვდა ბევრი შეუხედავი ქალი, არცერთი მამაკაცი, უჯრებიანი მაგიდები, ზედ კომპიუტერები და კომპიუტერებთან კაქტუსები. “მაღალ მთიანეთში დღემდე შემორჩენილი წარმართული კულტურის ნიმუშები, მათ შორის ფალოსის კულტის ნაშთები…” – უცაბედად მოუფრიალდა შოთას თავში ამდენი კაქტუსის შემხედვარეს სადღაც ამოკითხულის დაუსრულებელი ნაკუწი და ძალიან სხვაგან რომ არ გაეტია ფიქრით, უბრალოდ ხმამაღლა თქვა:
-უფროსი მანახეთ. სალამი!
უწესრიგოდ აწრიალდნენ შეუხედავი ქალები – ზოგმა თავზე გადაისვა ხელი, რამდენიმემ ფარდა გაასწორა, ორი მათგანიც დიდი ოთახიდან კიდევ უფრო იქით გამავალ თეთრ კარში შეიძურწა, უმეტესობა კი ფეხზე დადგა. შოთაც იდგა დასტით ხელში და პასუხს მორჩილად ელოდა. პასუხივით იყო – თეთრი კარი რომ გაიღო და იქიდან გამოსძახეს: “აქეთ მობრძანდით…”
შევიდა თუ არა, ორი ბუზანკალივით ქალი გავის ბრეცვით გაშპა ოთახიდან და გამომცემელს შოთა ერთი-ერთზე შერჩა.
შეხედა თუ არა თვალებში, აშკარად დაინახა შოთამ (და არა მიხვდა), თუ რა სიშლეგით რბიოდნენ გამომცემლის თავში სიტყვები: “საგადასახადო”, “სანეპიდსადგური”, “ფინ-პოლიცია” და “ინსპექცია”, მაგრამ მაინც თვალის მალი ფახულით განიდევნა ეს უხერხული ხედვითი შეგრძნება და დასტა მაგიდაზე დაასვენა:
-მოთხრობებია, წიგნად მინდა შევკრა… – თქვა და მერეღა ჩამოართვა გამომცემელს ხელი.
-ვისი? – ოთხასოიანი კითხვა ისეთი დანაწევრებით ამოთქვა გამომცემელმა, თითქოსდა წელიწადის ოთხ დროს მყისიერად და ველურად გაეშლიგინა მის სხეულში.
-ჩემი.
გამომცემლის ხელისგულიდან სწრაფად გადმონაწილებულმა ბიო-იმპულსებმა შოთას მაშინვე აგრძნობინეს, რომ ზემოთგაჟღერებული ფრაზის გამო გამომცემლის თვალში ერთბაშად დამცირდა, თუმცა არც ეს შეგრძნება გაუჩერებია დიდხანს თავისთან. გამომცემელმა აქტიურობა იწყო – შოთა კი იდგა და განაჩენივით რაღაცას ელოდა.
***
– მე ქალაქ რუსთავში, მეტალურგების დასახლებაში, ცხრასართულიანი კორპუსის მეშვიდე სართულზე, დასა და დისშვილთან ერთად ვცხოვრობ. ჩვენი მშობლები წარჩინებული მეტალურგები იყვნენ და ეს ბინა თავის დროზე სამსახურიდან მიიღეს. ჩვეულებრივი ოროთახიანია – “ხრუშჩოვკას” რომ ეძახიან. ჩემ დას ქმარი აფხაზეთში დაეღუპა. კაი ბიჭი იყო ვალოდა. მაღალი და ხმელი. პროფესიით – მღებავი. თავისი საქმე ხუთიანზე იცოდა და გულიანი სიცილიც კარგად გამოსდიოდა. ერთი ბიძინა დარჩათ, რომელიც ახლა თხუთმეტი წლისაა და ძალიან უნდა, რომ გამოვიდეს ფეხბურთელი, თან ძალიან მაგარი ფეხბურთელი, ყველაზე ცოტა – ლიტმანენივით მაინც, ამიტომ დილიდან დაღამებამდე ვარჯიშზეა. აქვე დადის – “აზოტის” გვერდით მდებარე სტადიონზე გახსნილ სექციაში. პირდებიან, რომ მალე დიდი გუნდის სარეზერვოში გადაიყვანენ და ჩვენც იმედის თვალით შევყურებთ ბიძინას. სახლში მუდამ დაღლილი და მოშიებული ბრუნდება. დამ კაი კერძები იცის. ყოფილი პროფკავშირების საერთო სასადილოს სამზარეულოშიი მუშაობს და იქიდანაც ამოაქვს ხოლმე თავისი კუთვნილი საჭმლის წილი. მე კიდევ ყოველ დილით თბილისში მიწევს გამგზავრება. დეზერტირების ბაზარში, უკანა მხარეს რომ ოთახებია, იქ ვარ – სკამიც მიდგას და საკანცელარიო მაგიდაც. ერთი შეხედვით იოლი და ადვილი სამსახური მაქვს: ბაზარში გასაყიდად გასატან უთავფეხო, გაპუტულ ქათმებს ვარტყამ ფერდზე რიგრიგობით ბეჭედს. მერე აღვრიცხავ და ჟურნალში ვატარებ. ესაა მთელი ჩემი იქაური საქმე და ზუსტად ამაში მიხდიან ჯამაგირს, თუმცა მაინც ვგრძნობ, რომ ჩემი მოწოდება სულ სხვაა. ამას აქამდეც სულ ვგრძნობდი, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვამბობდი – ახლა კი დანამდვილებით ვიცი. ზუსტად რომ მივმხდარიყავი, ამაში ჩემი და დამეხმარა: მან ჩემს ნაწერებს მიაგნო და წაიკითხა. მხოლოდ წაკითხვა იყოს, კიდევ რა უჭირს: თან მოიწონა და მირჩია – წიგნად შემეკრა, ანუ გამომეცა.
თავიდან ძალიან დავფრთხი. მაგ მიმართულებით არასდროს მეფიქრა. სამი საათი რომ მეჩიჩინა, მერეღა დავფიქრდი.
ბოლოს დამარწმუნა.
ნაკითხი გოგოა ჩემი და. ბავშვობიდან ეგეთი იყო – აქაურ ბიბლიოთეკაში ჩაწერილი. სულ წიგნებში ჰქონდა ცხვირი ჩარგული და მეც გადმომდო. ჰოდა, მეც რაღა დამრჩენოდა – ჩავიძირე და ჩავიძირე.
***
გამომცემლებთან იქამდე აბა საიდან ექნებოდა საქმე… ეს ვიღაც ეგეთი კი თან წეროს ჰგავდა: წაწვეტებული ჰქონდა სახე მეტისმეტად და ორპირში აფრიალებული თაბახის ფურცელივის ფარატინა და მსუბუქი იყო, და თან კიდევ – ბუს – სათვალე ეკეთა სქლად მოჩარჩოებული და სქელშუშიანი.
“მიფრინავენ ფრინველები შორს…” – გაახსენდა შოთას უნებურად, თუმცა მაშინვე მოთოკა, ანუ შიდვე დაიგუბა მღვრიე ფიქრთ-წანწკარი და სპეციალურად სულ სხვა გაიფიქრა, ტელევიზორიდან გამოყოლილი: “ბიო-ორნიტოლოგიურმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ წერო და ბუ ყველაზე ჭკვიანი ფრინველებია ფრინველთა შორის… სადღაც ბრძენებიც კი…”
გამომცემელს კი ნატიფთითება ხელები პედანტური სიზუსტით გაუთოებული შარვლის ჯიბეებში ეწყო და სამ კვადრატულ არშინ ფართში უთავბოლოდ წრიალებდა – თან ისე კრიახებდა, თითქოს მის წინ ბარემ მინიმუმ თორმეტი კაცი მსხდარ-მდგარიყო ყურდაცქვეტილი და პირ-თვალ-დაჭყეტილი.
“მოთხრობებია, წიგნად მინდა შევკრა”, – დაუდო შოთამ კაბინეტში შესვლისთანავე ორი თითის სიმსხო თაბახის ფურცლების დასტა პრიალა მაგიდაზე, და მხოლოდ მერეღა ჩამოართვა კოჟრიანი ხელი.
-ვისი?
-ჩემი.
გამომცემელმა ამის გაგონებაზე შოთას მეტად უცნაურად, თვალისმოწკურვით შემოხედა, ცოტა ხანს მზერაგაციებულმა უყურა, მერე დასტა აიღო, ჯერ თავფურცელს დახედა, ჩააცივდა, ბოლოს დასტას ცერა თითით ბანქოსავით კრეჭი უყო.
-აქამდე არსად დაბეჭდილხართ… – ამოთქვა დარწმუნებით.
-აბა სად?.. – თავი უარის ნიშნად გააქნია შოთამ და ბაზრის ქათმები გაახსენდა, აღრიცხვისას მელნიან ბეჭედს რომ ასვამდა ფრთასთან ახლოს.
ქათმები მასთან უთავფეხონი მოდიოდნენ (მოჰქონდათ) – მხოლოდ ტანებით, შოთა კი აბეჭდავდა და აბეჭდავდა. თან ითვლიდა. ყველას რომ მოუვლიდა, გაქერცლილ ჟურნალში რაოდენობას აღნუსხავდა და უკან გაატანდა, მერეღა იცლიდა: გამოსწევდა ქვედა უჯრას, ამოიღებდა კალამს და წერდა. წერდა უბრალო ადამიანებზე, ვისთანაც კი ცხოვრებაში ჰქონდა საქმე, ვისაც იცნობდა და გულშემატკივრობდა. წერდა გაუქმებული ანგარიშფაქტურების უკანა გვერდებზე. გვერდებს რომაულად ნომრავდა. დაწერილს სახლში წაიღებდა, აგროვებდა – სადღაც თვის თავზე ყველას გადაიკითხავდა. რომელიც მოეწონებოდა – სტეპლერით შეკრავდა; დაწუნებული საპირფარეშოში შეჰქონდა. ბლომად რომ დაუგროვდა, სადღაც სამ კილომდე, დამ უთხრა:
-წაიღე, შოთა, შეკარ წიგნად… მადლია.
-შენ რა იცი მადლის? – გაღიზიანდა უცებ შოთა.
დამ უყურა, უყურა და თქვა:
-მადლისგანაა სიტყვა მადლობა.
-დიდი ამბავი…
-ჰოდა, მაშ დაატკბე, ვინც ეგ ნიჭი მოგცა და არ დაგამადლა.
საღამოსკენ მოთხრობების გადარჩევა იწყეს. იქიდან ერთი კვირის თავზე კი, გამომცემლის წინ მდგომს, უცებ მოეჩვენა, რომ თავად იმ უთავფეხო ქათმებიდან ერთ-ერთი იყო, ანუ ცოტაც და მხარზე მელნისფრად ვარგისიანობის ბეჭედს დააბეჭდავდნენ, აღრიცხავდნენ, ჟურნალში გაატარებდნენ და გასაყიდად ბაზარზე გააგდებდნენ.
-უნდა იცოდეთ, შოთა, რომ გამოცემლობის კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ არაფერში გვაწყობს საზოგადოებისთვის უცნობი ავტორების წიგნად ბეჭდვა?.. ასეთია საგამომცემლო თამაშის მთავარი წესი და კანონი…
“საიდან უნდა ვიცოდე?” – შეეკითხა თავს შოთა, თქმით კი სულ სხვა თქვა:
-იქნებ წაგეკითხათ მაინც…
გამომცემელმა დამცინავად გაუღიმა.
-თვით სრულყოფილება და გენიალურობაც რომ აღმოჩნდეს, შოთა, იმ ავტორის წიგნს, რომელსაც არავინ იცნობს, საგამომცემლო პრაქტიკიდან გამომდინარე, შესაბამისად, არ ეყოლება მკითხველი… ანუ…
-ვინ იცის…
-სტატისტიკამ, ჩემო კარგო… – გაღიზიანდა გამომცემელი. – ბოლო-ბოლო ამ საქმეში ვართ ოცი წელია… იშვიათ გამონაკლისებზე აქცენტის გაკეთება კი ამ სიტუაციაში ფრიად სარისკოა… საერთოდ კი, ჯობს ჯერ პერიოდიკაში გამოქვეყნდეთ, გაგიცნოთ მკითხველმა, დაღვინდეთ, მერე გამოჩნდება – ღირს თუ არა, მოთხრობების წიგნად დასტამბვა… ანუ, მოკლედ რომ ვთქვა, თქვენ ჯერ არავინ არ ხართ…
კაბინეტში სიჩუმე ჩამოვარდა.
-და მთელი დეზერტირები ეყოფა? – იკითხა უცებ შოთამ.
-რა ბრძანეთ? – შეკრთა გამომცემელი.
-მთელმა დეზერტირებმა რომ იყიდონ…
-ვიინ? – ძალიან დაბნეული იყო გამომცემელი.
-დეზერტირებმა.
-ჯარისკაცებმა?
-ჯარისკაცებმა არა… – ჩაეცინა შოთას თავისთვის. – სადაა მაგდენი დეზერტირი… ბაზრის გამყიდვლებზე ვამბობ…
-რატომ? – კვლავ ვერაფერს ხვდებოდა გამომცემელი.
შოთამ ღრმად ამოისუნთქა და თქვა:
-იქ ყველა მიცნობს.
***
-სად მაქვს ნებისყოფა… არ მაქვს. რომ წამოვედი იმ ბუზანკლებიანი გამომცემლობიდან, ერთი პირობა ვფიქრობდი, მაგრად დავლევ, გავილეშები და ერთს ვიმღერებ-მეთქი. კი არ მინდოდა, მაგრამ ჯინაზე ვაპირებდი. ვის ჯინაზე? რავი – ასეთი ცხოვრების, ალბათ; ცხოვრების, სადაც ბევრი რამ წინასწარ გადაწყვეტილია ვიღაც ტვინშეშუპებულების მიერ, ანდა რაღა ბევრი – ბარემ ყველაფერი.
წიგნად შესაკრავი მოთხრობების დასტა იღლიაში მქონდა ამოჩრილი და განიერ გამზირს მივუყვებოდი. ისიც ვიფიქრე – მდინარესთან ჩავალ, ამ ნაწერებისგან ქაღალდის გემებს გავაკეთებ და წყალს გავატან-მეთქი, მაგრამ ეგ აზრი არ მომეწონა. დამენანასავით მოთხრობები. მე შენ გეტყვი და – ხელახლა დავწერ იგივეს, ანდა მახსოვს რო აქ რა სწერია? წერა ჩემთვის რაღაცის მოშორებასავითაა – უფრო კორძის, ანდა გამოღებული ნაყოფის. მოკლედ, მსხმოიარე ხესავით ვარ, და როგორც ჩემი და ამბობს: მუდამ ორპირი მაქვს თავში.
დეზერტირებში ავედი. ივანე ვნახე.
-რაო, შოთა – გბეჭდამენ?
ხელი ჩავიქნიე და დასტა მაგიდაზე დავაგდე. ივანესაც თავისებურად ჩაეცინა.
ივანესაც ბეჭედი უჭირავს ჩემსავით, ოღონდ ის გოჭებსა ბეჭდავს. უცნაური კაცია ივანე. ვაქრისტიანებ ამ რჯულძაღლებსო – ამბობს გოჭზე ბეჭდის დარტყმისას. თან ღრმადმორწმუნეა და ყველაფერში, რაც კი ირგვლივ ხდება და ტრიალებს, უზენაესის ნებას ხედავს. “ეშმაკი გვაცდუნებს – ღმერთი გვსჯისო” – იცის ხოლმე დახეთქება, ისიც ყველაზე მოულოდნელ მომენტებში. ბეჭდის ყოველ დარტყმაზე “ამინ”-ს იძახის და საერთოდაც გულიანი კაცია.
უნდა დავლიო-მეთქი და, მაშ რა ჯანდაბა უნდა ქნაო…
თვითონვე ამოიღო ერთი ბოთლი არაყი მაგიდის ქვემოდან. მალე მოვრჩები და მეც შემოგეხიდებიო… შენ კიდევ, რა მექელეხესავით იყურები, წადი ხელები დაიბანე… იმათ უარი გითხრეს, დაიკიდე – მალევე მოგეშვებაო.
-არც წაიკითხეს, ივან… არც დაიტოვეს… უკან გამომატანეს…
-რათა?
-შენო არავინ ხარო…
-ერიჰა… ეგ რა სიტყვაა? – აიმრიზა ივანე.
-ეგრე მითხრეს და…
-რქები ჰქონდა?
-არ დავკვირვებივარ…
-მაშ ჩლიქები მაინც ექნებოდა… კაცმა ეგეთი როგორ უნდა გითხრას?! – ფეხზე წამოდგა ივანე და ჭუჭყიანი წინსაფარი შეიხსნა. – წამო, მანახე ერთი, ვინც ეგ გითხრა… მეც ვეტყვი სიტყვას…
-კაი ახლა, ივან… დაჯე…
-დაჯე კი არა, წამო-მეთქი!
-გალსტუკი უკეთია, ივან…
-დავკიდებ მაგ გალსტუკის ლურსმანზე… თან შევაქანავებ…
-დაჯე ივან, დაჯე… სხვაგან მივალ…
-სხვაგან… სხვაგანაც რო იგივე გითხრან?
-კიდევ სხვაგან მივალ…
-და იქაც რომა?
-არ ყოფილა სამართალი ქვეყნად…
-ეჰა… სადაური კაცი ხარ შენ შოთა, ჰა?
-რუსთაველი.
***
მარტო მივიდა ივანე ბუზანკლებიან გამომცემლობაში. ხელში არაფერი ეჭირა.
გამომცემლობაში, შოთასი არ იყოს, ივანესაც დახვდა ისევ ბევრი შეუხედავი ქალი, არცერთი მამაკაცი, უჯრებიანი მაგიდები, ზედ კომპიუტერები, კომპიუტერებთან კაქტუსები. “მაღალ მთიანეთში დღემდე შემორჩენილი წარმართული კულტურის ნიმუშები – მათ შორის ფალოსის კულტის ნაშთები…” – სულ არ მოფრენია ივანეს თავში შოთასავით, არამედ ამდენი კაქტუსის შემხედვარეს უბრალოდ გაეფიქრა: “რამდენი ქალია ამქვეყნად, თლა ქალი რომ ვერ არი…” და შოთასავით ძალიან სხვაგან რომ არ გაეტია ფიქრით, უბრალოდ ხმამაღლა თქვა, ოღონდ სხვანაირად:
-უფროსი მაიყვათ. ბარო!
და მაინც ისევ უწესრიგოდ აწრიალდნენ შეუხედავი ქალები. ზოგმა კვლავ თავზე გადაისვა ხელი, რამდენიმემ ტრადიციულად ფარდა გაასწორა, ორნიც ისევ ამ დიდი ოთახიდან კიდევ უფრო იქით გამავალ თეთრ კარში შეიძურწნენ – უმეტესობა ისევ ფეხზე დადგა. ივანეც ჯიქურ იდგა და პასუხს ელოდა.
კვლავ პასუხივით იყო – თეთრი კარი რომ გაიღო და იქიდან გამოსძახეს: “აქეთ მობრძანდით…”
შეაბიჯა თუ არა, ორი ბუზანკალივით ქალი ძველებურად გაშპა ოთახიდან და ივანეც გამომცემელს ერთი-ერთზე შერჩა.
შეხედა თუ არა თვალებში, აშკარად დაინახა ივანემ (და არა მიხვდა), თუ რა სიშლეგით რბიოდნენ გამომცემლის თავში სიტყვები: “ქურდები”, “შავები”, “პესპრედელი” და “კრიშა”. მაინც თვალის მალი ფახულით განიდევნა ივანემაც ეს უხერხული ხედვითი შეგრძნება და ხელისგული მაგიდაზე დაასვენა:
-რუსთაველ შოთას იცნობ? – იკითხა და გამომცემლის გამოწვდილ ნაზ ხელისგულს ამრეზით დახედა.
-რა ბრძანეთ? – დაიბნა გამომცემელი და ხელი უკან შიშით წაიღო.
ივანემ პასუხად ჯიბიდან გოჭების საბეჭდი ბეჭედი ამოიღო და ზედ დააორთქლა. მერეღა თქვა:
-რუსთაველ შოთას-მეთქი!
გამომცემლის მზერამ ივანეს მაშინვე აგრძნობინა, რომ ზემოთთქმულის გამო გამომცემელი თვალისდახამხამებაში დამცირდა და დაკნინდა, თუმცა ეს შეგრძნება ივანეს თავისთან დიდხანს სულ არ გაუჩერებია.
-დიდ რუსთველს ვინ არ იცნობს? – აბორგდა გამომცემელი ადგილზე და სქლად მოჩარჩოებული, დაორთქლილი სათვალის ზემოდან ტელეფონს გახედა.
-ფინთ თვალისცეცებას მორჩი, ჯიგარო… – აიმრიზა ივანე და ბეჭედს კიდევ ერთხელ დააორთქლა. – და ეხლა ხელათ გაგადიდრუსთველებ…
-რა ბრძანეთ? – სულ გადაფითრდა გამომცემელი და კარისკენ წაიწვდინა გრძელი კისერი. – ასმათ!! დარეჯან!! ფატი!! გადარეკეთ ახლავე პატრულში! – მხოლოდ ამის დაყვირებაღა მოასწრო, ვინაიდან დანარჩენი უცებ მოხდა – ივანემ ორი თითი ჩასჭიდა ყელში და მაღლა ასწია, მერე ბეჭედს კიდევ ერთხელ დააორთქლა და შუბლში გაუქანა.
***
ივანეს ხულიგნობისთვის სამი თვე მისცეს. რა თქმა უნდა, ჩემი გულისთვის. დღემდე მე ვგრძნობ თავს დამნაშავედ და ეს სასამართლოზე არც დამიმალავს, მაგრამ ივანე მაინც არ დაინდეს. სამი თვეო……ბევრია რო? თან შუბლზე გოჭების ბეჭდის დასმისთვის… როგორც ივანემ პროცესზე თქვა – “გაქრისტიანებისთვის”… მე ეგეთებში ვერ ვერკვევი. აბა სად მე და სად სამართალი… ჰოდა, კი მიწევს ეს ბოლო ხანები “პერედაჩებით” სირბილი. თან ივანეს თხოვნით ჩემი ის ნაწერებიც დამაქვს და ხმამაღლა ვუკითხავ. ის თვალდახუჭული მისმენს, არაფერს ამბობს – უბრალოდ თავს აქნევს მძიმედ და განშორებისას თვალს მიკრავს, რაც ნიშანივითაა, რომ შემდეგ მისვლაზე ისევ ნაწერებით უნდა მივიდე და ივანეს კიდევ ერთი მოთხრობა წავუკითხო. და ეგრე ბოლომდე. ვიდრე სამი თვე გაილევა. რაღა დარჩა რო? ბევრი აღარაფერი. უცებ გაივლის ეს დროც, ივანეც გამოვა და კი ვიჯდებით ისევ ერთ ოთახში: მე ქათმებისკენ, ივანე – გოჭებისკენ. ჯერჯერობით, ივანეს მაგივრად გოჭებსაც მე ვბეჭდავ დეზერტირებში და ბეჭდვის ყოველი მოქნევისას უცნაური ჟრუანტელი მივლის სხეულში. თან ამ ბოლო დროს სულ ეკლესიის ზარების ხმა ჩამესმის ყურში და ხანდახან ვფიქრობ, რომ ვგიჟდები. ივანეს ვუთხარი და ჩაეცინა: გიჟდები კი არა, ცოცხლდებიო. მოკლედ, ორ საქმეს ერთდროულად ვერევი – ქათმებსაც და გოჭებსაც. ჩემი ნაწერები კიდევ, გადავაქსეროქსე და ასლები ბაზრის ყველა განყოფილებაში ჩამოვარიგე:
ყველებში, ხორცებში, თევზებში, სუნელებში, მწვანილებში, ხილებში, ყვავილებში და ფქვილებში უკვე კარგად მიცნობენ. მე რა – ჩემ ნაწერებს იცნობენ და მათი წყალობით – მეც.
რომ ჩამოვივლი, ჩურჩული ატყდება ხოლმე – “რუსთაველი მოდის, შოთაო”, და მეც ვამაყდები, მთელი ძალით ვისუნთქავ აქაურ ჭრელ ჰაერს და უკვე ვიცი, რომ მთელი დეზერტირები სხვანაირად მიცნობს – განა როგორც ქათმების ან გოჭების მბეჭდავს – ეგ ცოტაა!
როგორც მწერალს, როგორც რუსთაველ შოთას…
(c) “ცხელი შოკოლადი”