არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია ბექა ადამაშვილი, მწერალი:
როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?
გამოჩენილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე არ ვარ, მაგრამ მაინც დავიბადე.
რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?
გამონაგონი. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ბევრი რამ ხდება ზეცად და ქვეყნად ისეთი, რაც ავტორებს სიზმრად არც კი მოლანდებიათ.
თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ.
ამწუთას, პლანეტის მომავალი. დანარჩენზე ღელვა უკვე უკრაინის საბოლოო გამარჯვების შემდეგ დაიბრუნებს მნიშვნელობას.
რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?
ოსტაპ სულეიმან ბერტა მარია ბენდერ ბეი.
კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ.
ღვთაებრივი კომედია.
რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?
დიქტატორებს თუ არ ჩავთვლით, ერნან კორტესის მიმართ მაქვს არცთუ დადებითი დამოკიდებულება. ასევე, არც ის კაცი მიყვარს, უმეზარბაზნეობაზე რომ დაგვასმინა.
საყვარელი მხატვარი? რატომ?
კონკრეტულ მხატვარს ვერ გამოვარჩევ. ძირითადად ის ხელოვანები მომწონს, რომელთა ნამუშევრებიც მხატვრობის ჩარჩოებს გასცდნენ და პოპკულტურაში დაიმკვიდრეს თავი.
ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ.
ქუჩაში გაგონილ ცალკეულ ფრაზებზე სრული ამბის აგება მიყვარს გონებაში. თუმცა, ეს შეიძლება არც უცნაური იყოს და არც – თვისება.
ცრურწმენები და აკვიატებები თუ გაქვთ?
არანაირი. იმედია, თვალი არ მეცემა.
სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?
ადამიანის ანაზდეულად მოკვდაობიდან გამომდინარე, დროდადრო მიწევს.
ცნობილი, აღიარებული მწერალი, რომელიც ძალიან არ გიყვართ? რატომ?
არსიყვარული ნაკლებად ითქმის, მაგრამ პრუსტს და ჯოისს ცალსახად ვუფრთხი. გადაშლისაც კი მეშინია.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება.
წერა. თუმცა, თუ ოდესმე პროფესიად იქცა, სხვა გატაცებაზე მომიწევს დაფიქრება.
ბოლოს რა წაიკითხეთ?
ნატო დავითაშვილის „ოთხი მხარე და ოთხი სვეტი“.
დიონისე თუ აპოლონი?
აპოლონი დიონისეს ელემენტებით.
ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით.
იესოს სახარება.
ადამიანი, ვისიც გშურთ.
კონკრეტულად არავინ მახსენდება. მგონია, რომ თუ გულით მოინდომებ, თითქმის ყოველთვის შეგიძლია მიაღწიო იმას, რისიც შეიძლება პოტენციურად გშურდეს.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა.
სულზე დაღად რომ დამმჩნეოდა, ამდენად მნიშვნელოვანი ჯერ არაფერი ყოფილა. ქრონიკული შეცდომებიდან თუ ამოვარჩევ, ალბათ, უყაირათობა დროსთან მიმართებით.
დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი.
ამგვარი სიების შედგენა მიჭირს. ამასთან, პოეტების სიუხვით გამორჩეულ ქვეყანაში არცთუ საკმარისი ცოდნა მაქვს იმისათვის, ამდენად თამამი შეფასების გაკეთება რომ შევძლო.
სიტყვა, რომელიც არ გიყვართ.
შეცდომით ნათქვამებიდან – „ჩაქვრა“, „გეხვერწები“, „დაბიდუბი“ და „ხოაზეხა“ (ყოფილი „ხომ აზრზე ხარ“), სწორად ნათქვამებიდან – „მინახავხარ“, „გენიალურია“ და „ღრჯუ“.
თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები).
თავისუფლება, კაფანდარა, ცხადია, ნამკათათვარი.
დაასახელეთ 21-ე საუკუნის 3 საუკეთესო ქართული რომანი.
მეთვრამეტე და ოცდამეერთე შეკითხვებს შორის არსებულ დროის მცირე ინტერვალში სიების შეყვარება ვერ მოვასწარი, თუმცა ამ სამეულის შედგენის შემთხვევაში, ერთ-ერთი რომანი ნამდვილად აკა მორჩილაძის იქნებოდა.
ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
ჯემალ ქარჩხაძის ამ სიტყვებს კი ხშირად ვიმეორებ, მაგრამ სამყაროც არანაკლებ ხშირად გვიდასტურებს, რომ „ცხოვრება ყოველთვის კარგი არის, რაკიღა ყოველთვის უარესი შეიძლება იყოს“.
საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?
„არა ვიქმ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ცოდნისა“, რადგან „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“.
რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?
მეეჭვება, საუკეთესო იყოს, მაგრამ პირველი „ჭარხალი“ გამახსენდა.
რამდენ ენაზე კითხულობთ?
სრულფასოვნად მხოლოდ ქართულსა და ინგლისურზე.
ქალი / კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ.
იჯი ტრედგუდი.
მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?
ვისაუბრებდი კურტ ვონეგუტთან მისი სტილის უზომო სიყვარულის გამო. თემას დიდად მნიშვნელობა არ ექნებოდა.
წიგნი, რომელიც რამდენჯერმე გაქვთ წაკითხული.
ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობების სრული კრებული.
რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?
იმ დროში, სადაც მოცემულ შეკითხვაზე პასუხი „ამავე“ იქნებოდა.
რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?
ბევრისთვის ნაცნობ „უცხოს“ გამოვარჩევდი.
რომელია საუკეთესო დასასრული?
რამდენიმე დასასრული მახსენდება. აღწერის კუთხით ერთობ ეფექტური იყო „საოცარი ახალი სამყარო“. შინაარსობრივად – „ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხი“. მოულოდნელობის თვალსაზრისით – „პოლკოვნიკს არავინ სწერს“.
ენა თუ ამბავი? რატომ?
ენა. ცუდი ამბავი კარგი ენით შეიძლება შეიფუთოს, ცუდ ენას კარგი ამბით ვერ შეფუთავ.
პროცესი თუ შედეგი?
პროცესი. „ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად“ მეტისმეტად მოსაწყენი ჩანს.
რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება.
მცნებად არ ვიცი რამდენად გამოდგება, მაგრამ მომწონს ოსკარ უაილდის ეს სიტყვები: „იყავი ის, ვინც ხარ. ყველა სხვა უკვე დაკავებულია“.
ჟურნალისტი რომ იყოთ, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
„თუკი გეცოდინებოდა, რომ უნივერსიტეტის დამთავრებიდან ზუსტად ათი წლის შემდეგ შენგან მხოლოდ ჰიპოთეტური ჟურნალისტი დადგებოდა, მაინც ჩააბარებდი ამ ფაკულტეტზე თუ სხვა პროფესიას აირჩევდი?“
რომელი წიგნი არ წაიკითხეთ ბოლომდე?
დოსტოევსკის „იატაკქვეშეთის ჩანაწერები“. სამჯერ ან ოთხჯერ მაინც მაქვს დაწყებული. თანაც, ყოველ ჯერზე იმ იმედით, რომ „პატარა წიგნია და ბოლოში უცებ გავალ“.
რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე?
კარგ, იქნებოდა ოდნავ უფრო მეტნი იყვნენ და ოდნავ უფრო მეტს წერდნენ.
წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ.
მარტინ ემისის „ღამის მატარებელი“, თომას პინჩონის „ლოტ 49-ის გამოცხადება“, უილკი კოლინზის „მთვარის სპეკალი“.
მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?
ყველაზე სქელტანიანს.
რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?
მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მომისაჯონ.
კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ.
ხდება თუ არა რაიმე სიკვდილის შემდეგ. „რა ხდება“-ს სიურპრიზად დავიტოვებდი.
© არილი