ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ მაია ალუდაურთან: ასაკის მოკრძალებული ხიბლია თავისუფლება

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია მაია ალუდაური, გამომცემლობა პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი:

 

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

„მაისში დავიბადე და დამარქვეს მაია…“. მართლა ამიტომ დამარქვეს.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

გამონაგონი რეალობის ასახვა თუ არა, მასზე რეფლექსია მაინც არის, თან უფრო კომპლექსურია და ფართოდ ხედავს.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ.

პათეტიკის გარეშე როგორ ვთქვა, არ ვიცი, მაგრამ დღეს საქართველოს ბედზე და ქართული საზოგადოების მენტალურ რღვევაზე მეტად არაფერი არ მაღელვებს და მაშინებს.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?

გულის გასკდომამდე მიყვარს ალუდა.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ.

მაგალითად, „გარგანტუა და პანტაგრუელი“. სხვებიც. მადარდებს, რომ ყველაფრის წაკითხვას ვერც მოვასწრებ. ერთი სიცოცხლე არ არის საკმარისი. თან მე ნელა ვკითხულობ, ბევრს ვფიქრობ კითხვის დროს, ვუბრუნდები…

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს? 

ყველა გადაწონა პუტინმა.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

გამორჩევით – არავინ, მაგრამ სადაც შესაძლებლობა მეძლევა, ყველგან ვეცნობი თანამედროვე მხატვრობას. წარმოუდგენლად საინტერესოა.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ. 

უცნაურია თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მარტო რომ ვმგზავრობ, ლექსებს ვამბობ ხმამაღლა. მიყვარს ეს განმარტოებები საჭესთან და სივრცეებთან.

ცრურწმენები და აკვიატებები თუ გაქვთ? 

შორს ჩემგან. 🙂 ისე, დროთა განმავლობაში, არაერთი ისეთი წარმოდგენისგან გავთავისუფლდი, უმაღლეს ჭეშმარიტებად რომ მიმაჩნდა. ასაკის მოკრძალებული ხიბლია ეს თავისუფლება.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

კი, მაგრამ ამ კონტექსტში ფიქრი მიდის ხოლმე სიცოცხლის არსზე ფიქრამდე. მერე ვიხლართები და ვანებებ თავს. სიკვდილ-სიცოცხლის კანონზომიერებაში იმდენი შეუსაბამობაა…

ცნობილი, აღიარებული მწერალი, რომელიც ძალიან არ გიყვართ? რატომ?

„ძალიან არ მიყვარს“ არა, მაგრამ, მაგალითად, უელბეკს ვერ „შევეწყვე“.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება. 

უცხო ადგილებში ხეტიალი.

ბოლოს რა წაიკითხეთ? 

იშიგუროს „კლარა და მზე“ დავასრულე, როგორც რედაქტორმა, და თავიდან  ჩავუჯექი, როგორც მკითხველი. ვიტირე კიდეც.

დიონისე თუ აპოლონი? 

აპოლონი.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით.

არ ვიცი, არ მახსენდება, რომ გამჩენოდა რომელიმესთან ასეთი იდენტობის განცდა.

ადამიანი, ვისიც გშურთ. 

არავისი არაფერი არ მშურს.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა.

რაც ვარ, ეგ ვარ – შეცდომებითაც და სწორი ნაბიჯებითაც. ისე, დროს უფრო აზრიანად გამოვიყენებდი.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი. 

ბევრად მეტი მიყვარს. ამიტომ ვერ დავასახელებ.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ.

„მიხარიხარ“. მაჟრიალებს. 🙂

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები). 

„თავისუფლება“ – სიტყვაც და შეგრძნებაც.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის 3 საუკეთესო ქართული რომანი.

ძნელზე ძნელია ჩემთვის.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მახსენებს თავს ლელთ ღუნია. „რაი არნ მშვიდაბა ცოცხალ კაცთათვის? რაი არნ მტერობა, თუ ერი ერობს? ცარიალ მშვიდაბა მიწაჩიც გვეყოფის“.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ? 

„ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“. როდის რომელი – ამის გაზომვა უნდა შეეძლოს გონიერ ადამიანს.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

თუ ერთი, ალბათ, „მერანი“.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

ორზე, კიდევ ორზე – ბორძიკით.

წიგნი, რომელიც რამდენჯერმე გაქვთ წაკითხული. 

არაერთია ასეთი და ყველა გადაკითხვა თავიდან წაკითხვასავით არის.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

საუკუნის წინანდელ საქართველოში, გასაბჭოებამდე.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

„გვიამბე, მუზავ, იმ მრავალტანჯული კაცის ამბავი…“

რომელია საუკეთესო დასარული? 

„იმ კაცთა მოდგმა, რომელიც განწირულია ასი წლის მარტოობისათვის, მეორედ აღარ მოვა ამქვეყნად“.

ენა თუ ამბავი? რატომ?

ენა. ენას შეუძლია ყველაფერი, მათ შორის, არარსებულის ამბად ქცევაც.

პროცესი თუ შედეგი? 

პროცესი. მთავარი ვნება, ტკბობა – რაც გინდათ, ის დაარქვით – პროცესია. მე პროცესის ადამიანი ვარ.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება.

არ მოექცე სხვას ისე, როგორც არ გინდა, რომ შენ მოგექცნენ. ჩემთვის ეს არის ყველა სხვა მცნების კვინტესენცია.

ჟურნალისტი რომ იყოთ, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

ისედაც ბევრს ვუკირკიტებ საკუთარ თავს და ასე საქვეყნოდ აღარ „ჩავჭრი“. 🙂

რომელი წიგნი არ წაიკითხეთ ბოლომდე? 

წლების წინ გადავდე „ფორსაიტების საგა“, მერე გავაგრძელებ-მეთქი და ეს „მერე“ აღარ დადგა. სხვებიც არის.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე?

მაინტერესებს, ვკითხულობ და მინდა, რომ თავისუფლები იყვნენ. ჩვენსავით მცირერიცხოვან საზოგადოებაში ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

იგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ. 

ბევრი წიგნის შინაარსი წამეშალა მეხსიერებიდან. ბევრისგან დამამახსოვრდა მხოლოდ ემოცია და მგონია, რომ ამბავზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს ემოციებია.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

არ მინდა წარმოვიდგინო.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით? 

ჩემი პროფესიის გამო, ბევრ რამეს ვკითხულობ ისეთს, თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში, დროს რომ არ გავიმეტებდი. ამ ფონზე, კიდევ ერთი სამუდამო საკითხავის არჩევა ჩემს ფანტაზიას აღემატება.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ.

მე-10 კითხვასთან დავბრუნდით.

© არილი

Facebook Comments Box