ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ ოთარ ჯირკვალიშვილთან – შეიყვარე მკითხველი შენი, ვითარცა თავი შენი, ოღონდ არასდროს გაითვალისწინო იგი წერის პროცესში

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია ოთარ ჯირკვალიშვილი, პროზაიკოსი, ლიტერატორი

 

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

დავიბადე იმ დღეს, რომელ დღესაც თავის დროზე ალბერ კამიუ და ლევ ბრონშტეინი (ტროცკი) დაიბადნენ, როდესაც საბჭოთა კავშირი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 64-ე წლისთავს ღნიშნავდა. 1981 წლის 7 ნოემბერს დავიბადე. ეს იყო დიდი აღლუმის დღე.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

რეალობას სწორედ გამონაგონი ქმნის, ამიტომ – გამონაგონი. მე გამოვიგონებ, სხვებმა ასახონ.

 თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

გაგიკვირდებათ და პრობლემები, რომლებიც მაწუხებს, თანამედროვე მწერლისთვის შეუფერებელია. რა არის დრო? რატომ არსებობს რამე, ნაცვლად იმისა, რომ არაფერი არსებობდეს? რა არის არაფერი? მორწმუნე ადამიანი ვარ და მჯერა, რომ ამ შეკითხვებზე ზუსტ და ამომწურავ პასუხებს მივიღებ. ნუ ვიქნებით პრიმიტიულები, რწმენა არ გამორიცხავს ამგვარ შეკითხვებზე პასუხის მიღების სურვილს.

 რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი

ენქიდუ, ჰექტორი, გლავკონი, თავადი მიშკინი, ნაგელი, ანა კარენინა, კლავდია შოშა, მოლოი, ზებულონი. შემიძლია გავაგრძელო.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

წითელი და შავი. არც ვაპირებ, სხვათა შორის. ქართულებშიარსენა მარაბდელი.

 საყვარელი მხატვარი? რატომ?

ჰანს ჰოლბაინ უმცროსი. იმიტომ, რომ თუ მის ნახატს – იესო ქრისტე კუბოში -გაუძლებს შენი რწმენა, ჩათვალე, რომ გადარჩენილი ხარ. დაახლოებით ასეთ აზრს გადმოსცემს დოსტოევსკის ერთი პერსონაჟი. თვითონ მწერალი ბაზელში საათობით გაუნძრევლად იდგა თურმე ამ ნახატის წინ და ცოლიც კი ვერ ახერხებდა მის გამოფხიზლებას.

 ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

საერთოდ არ ვარ უცნაური და არ მიყვარს უცნაურ ადამიანებთან ურთიერთობა, თავისი ახირებების მარწუხებში გაქცევენ და ტვინს ჭამენ. ერთი უწყინარი უცნაურობა კი მჭირს. უწყინარი, იმიტომ, რომ გარეთ არასდროს გამომაქვს და თავს არავის ვახვევ. რამდენიმე აბსოლუტურად დაუკავშირებელ მოვლენას ან საგანს ვუკავშირებ ხოლმე ტვინში ერთმანეთს. ამეკვიატება და მორჩა, ვითვლი და ვითვლი, ყველა ლოგიკურ და ალოგიკურ ვარიანტს განვიხილავ. ცოტათი მისტიკაშიც გადავდივარ. აი, ისე, გალაკტიონი რომ ამბობს: „მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!“. მოკლედ, ჩემთვის ვაფრენ, რა.

 ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

ზემოთ ვუპასუხე ამ შეკითხვას. ფაქტობრივად, ორი, ერთი შეხედვით, დაუკავშირებელი შეკითხვა გავაერთიანე, ესეც პასუხია.

 ცნობილი, აღიარებული მწერალი, რომელიც ძალიან არ გიყვართ? რატომ?

ერთის რომანი ზემოთ ვახსენე – სტენდალი. საერთოდ დიდად არ მიყვარს რეალისტები (ბალზაკი გამონაკლისია). ნერვებს მიშლის ღილების აღწერა. ჩვენი ეპოქის ტემპს არ ემთხვევა მათი თხრობის რიტმი. ახლა მეტყვით, კი, მაგრამ, მე-19 საუკუნეში მოღვაწეობდნენო… ეს ძლიერი არგუმენტია, მაგრამ თუ მათ არ ან ვერ გაითვალისწინეს 21-ე საუკუნის მკითხველი, არც ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ მოგვწონდნენ. ასევე დიდად არ მიყვარს ნაბოკოვის ნაწარმოებები (წერილები გენიალური აქვს), რადგან მიმაჩნია, რომ ლიტერატურული, თუ გნებავთ მხატვრული, სმენა არ აქვს. მოდერნისტი მწერლების ცუდი მიმბაძველია. ახლა ვიცი ბევრს გავაბრაზებ, მაგრამ გემოვნება გემოვნებაა და ყველას ჩვენი აზრი გვაქვს, არაფერია სადავო.

 თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

ჭადრაკი და ფილოსოფიური ესეების კითხვა.

 ბოლოს რა წაიკითხეთ?

სამი წიგნი თითქმის ერთდროულად. რევაზ სირაძის ფიქრი, რომელიც მნიშვნელობს, გაბრიელ მარსელის იყო და ფლობდე და თომას ბერნჰარდის დაღმამავალი. სამივე მაგარია.

 ადამიანი, ვისიც გშურთ

თუ ასეთი არსებობს, შემშურდებოდა ადამიანის, რომელმაც დაარქვა საგნებს თავისი ზუსტი სახელები და შეინარჩუნა თავისი ღირესება. ადამი არ ჯდება ამ განსაზღვრებაში.

 თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

შეცდომები ბევრი მაქვს, ყველაზე დიდს ვერ ვიხსენებ, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ არ ჩამიდენია. ფროიდული ამბავია.

 დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

დღეს საქართველოში საუკეთესო პოეტების რაოდენობა, ჩემი დათვლით, სამს ბევრად აღემატება, ამიტომ ვერ დავასახელებ, უსამართლობა იქნება სამის გარდა სხვების არდასახელება. ხოლო ის სამი, რომელიც ლიტერატურას ცოცხლად შემორჩება, ზუსტად არ ვიცი, თუმცა ვვარაუდობ.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

ნარატივი და დისკურსი. ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა შემაძულეს, თორემ სიტყვებს რას ვერჩი. ჰო, არის კიდევ ერთი: მინახავხარ.

 თქვენი საყვარელი სიტყვა ( სიტყვები)

დააკვირდით გალაკტიონის პოეზიას და იქ ლამაზი სიტყვების ფეიერვერკია. იხსნება ქართული ენის განუსაზღვრელი შესაძლებლობები, მე რა უნდა ვთქვა. მისი პოეზია არის სიტყვადქმნადობის ზეიმი. მაგალითად, ამ სტროფში თითქმის ყევლა სიტყვა მომწონს:
დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს
ივლისისფერი ყინვის თასებით!
სითეთრე შვენის მაღალ მწვერვალებს,
ვით სასძლოს ფარჩა და ალმასები.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

სამი აქაც ცოტაა, ამიტომ ვერ დავასახელებ.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

„სისულელის წინაშე თვით ღმერთებიც კი უძლურნი არიან.“ და მეორე:
„როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ.“

 საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

„მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა თქმულსა:
სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.“ – რატომ მომწონს? იმიტომ, რომ პლატონს პირდაპირ არასდროს უთქვამს ასეთი რამ. ჰოდა, ქართველი რუსთველოლოგები დღემდე თავს იმტვრევენ, სწავლობენ პლატონის ეთიკურ და აქსიოლოგიურ თეორიებს, სხვადასხვა ვერსიებს ავითარებენ, კამათობენ და ა. შ. მოკლედ, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, გენიოსი პოეტი როგორ გაეკაიფა თავის მომავალ მკვლევრებს. უფრო სერიოზულები თუ ვიქნებით, უამრავი სტრიქონი მომწონს ვეფხისტყაოსნიდან. მაგალითად, ეს რა ლამაზია: „ვარდსა ჰკითხეს: ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად?..“ დანარჩენი თავად ნახეთ.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

შემოდგომა „უმანკო ჩასახების“ მამათა სავანეში

 რამდენ ენაზე კითხულობთ?

ოთხზე ვკითხულობ და სამი მესმის.

 ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

ნასტასია ფილიპოვნა. ოღონდ ისე არა, პარფენ როგოჟინი რომ მიიზიდა… არის კიდევ ლეო ნაფტა, რომელიც მიმზიდველია განათლებული ფანატიზმის გამო.

 მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

მგონია, რომ მწერალთან საუბრის შემდეგ კიდევ უფრო გაფართოვდება და გაღრმავდება დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. მიხვდები, რომ ვერცერთ შეკითხვაზე, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს, პასუხი ვერ მიიღე. ვერც რამე მნიშვნელოვანი საკითხი გაარკვიე. მწერლებს ლაპარაკი დიდად არ ეხერხებათ, ამიტომ მირჩევნია იმედგაცრუება თავიდან ავიცილო და უბრალოდ წავიკითხო. შეხვდნენ ერთხელ ჯოისი და პრუსტი ერთმანეთს და რა მერე? სისულელე. ზოგი გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამგვარ შეხვედრებს.

წიგნები, რომელებიც რამდენჯერმე გაქვთ წაკითხული

ბიბლია. ძმები კარამაზოვები. ჯადოსნური მთა. ესე იტყოდა ზარატუსტრა. ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია. ოსტატი და მარგარიტა. მოლოი. უცხო. სიკვდილი ისვენებს. ბორხესის მოთხრობები. მონტენისა და უმბერტო ეკოს ესეები. მოთხრობები: სასაცილო კაცის სიზმარი. ივან ილიჩის სიკვდილი. პალატა #6. მეტამორფოზა. განაჩენი. კურდღელი.

 რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

მე-19 საუკუნეში. მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთ გამეგო რეალისტი მწერლებისთვის და შემემოწმებინა, რაღაც მომენტში მაინც თუ დავუჯერებდი დარვინს. შუა საუკუნეებშიც საინტერესო იქნებოდა, დამწვავდნენ ვითომ?

 რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

ბანალური და სწორი პასუხი იქნებოდა: „მოცლილო მკითხველო, დაუფიცებლად დამიჯერებ, თუ როგორ მსურს ეს ჩემი წიგნი, ჩემი ჭკუა-გონების შვილი, იყოს ყველა წიგნზე მშვენიერი, ყველაზე სასიამოვნო საკითხავი და გონივრული, ხელიხელსაგოგმანებელი და უნაკლო თხზულება…“ (დონ კიხოტე), ორიგინალური და არასწორი პასუხი კი ასეთია: „როდესაც ბეთანიაში, ზეთისხილის მთის ფერდობზე გაშენებულ ბაღში, გასავათებული, სურნელოვან ხეებს შორის დავეხეტებოდი, რათა ყურადღება შიმშილიდან რამე სხვაზე გადამეტანა, არ ვიცი როგორ, – თითქოს არაფრიდან ამოიზარდაო, მზით შედედებული ჰაერის ნაპრალიდან კაცი დაიბადა, ჩემს წინ აისვეტა და ეჭვიანი, მოჭუტული თვალებით მომაჩერდა. … – ქრისტიანი ხარ? – მკითხა.“ – არის ერთი ქართული არც ისე პოპულარული წიგნი, რომელიც ასე იწყება, არ დავასახელებ.

რომელია საუკეთესო დასასრული?

„ძაღლივით დამკლეს“. ზოგი ამბობს, დამკლეს ორიგინალში არ წერია, ქართული თარგმანშია ასეო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, „როგორც ძაღლი“ რომ იყოს, მაინც მშვენიერი დასასრულია იმ გენიალური წიგნისაც და ცხოვრებისაც.

 ენა თუ ამბავი? რატომ?

ენა, რა თქმა უნდა. ამბავი ჟურნალისტიკაა, ენა – მწერლობა.

 პროცესი თუ შედეგი?

რადგან ზემოთ ენას მივანიჭე უპირატესობა, პროცესი, რა თმა უნდა. რომ ვაკვირდები ამ ცხოვრებას, მგონი შედეგიც პროცესის შემადგენელი ნაწილია და არა პირიქით.

 რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?

შეიყვარე მკითხველი შენი, ვითარცა თავი შენი, ოღონდ არასდროს გაითვალისწინო იგი წერის პროცესში.

 რომელი წიგნი არ წაიკითხეთ ბოლომდე?

ფრანით მორბენალი და შუაღამის შვილები. ამ უკანასკნელში ის ადგილი მომეწონა, მთავარი პერსონაჟი გახვრეტილი ზეწრით ნაწილ-ნაწილ რომ დაათვალიერებს თავისი მომავალი მეუღლის სხეულს და ბოლოს მთლიანი სხეულის რეკონსტრუქციას რომ ცდილობს გონებაში. დანარჩენს ვერ გავუძელი და შევეშვი. ვიღაც ფანატიკოსს დაუჭრია ახლახან ამ რომანის ავტორი, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

ერთი რამ ვიცი, კრიტიკა გულის მოფხანა და სხვისი შეურაცხყოფა არ უნდა იყოს. მწერლობა ამკვიდრებს და განსაზღვრავს კრიტიკის რაობას და არა პირიქით. თავის მხრივ, კრიტიკოსი გარკვეულ სააზროვნო ველს უნდა ქმნიდეს (ეს დიდ კომპეტენციას მოითხოვს, მით უფრო ჩვენს დროში) და მისი წერილი არ უნდა იყოს მთლიანად მიბმული იმ ტექსტზე, რომელსაც განიხილავს, რაღაც სხვა ღირებულებაც უნდა გააჩნდეს. გვყავს თუ არა დღეს საქართველოში ასეთები? კი, რა თქმა უნდა. თუ სწორად მახსოვს, ორი თქვენს რედაქციაში მუშაობს, ორი კიდევ ბათუმშია. დანარჩენებს სხვა დროს ჩამოვთვლი.

 წიგნი, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

ულისე. მხოლოდ ფრაგმენტები მახსოვს. ეს წიგნი ხომ შინაარსის დამახსოვრების წინააღმდეგ არის დაწერილი.

 რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

ღმერთის დაკარგვა. ხომ გახსოვთ, ამაზე ფიქრმა შეშალა ნიცშე! არ ყოფილა ის ზოგიერთი დღევანდელივით ცანცარა ათეისტი.

 მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით

ბიბლიას

 კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

ლოკალური: როგორ ახერხებს ჩვენს ქვეყანაში გაუნათლებელი ადამიანი, ცნობილ მწერლად მოგვევლინოს? და ზოგადი: რა არის მთავარი?

© არილი

Facebook Comments Box