არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია მწერალი ტორესა მოსი
როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?
1984 წელს დავიბადე!
რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?
რეალობა გამონაგონია.
თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ
არსებობა. არ ვარ დარწმუნებული, რომ მართლაც ვარსებობ.
რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?
შერლოკ ჰოლმსი.
კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ
ბალზაკს ვერ ვკითხულობ! არ ვიცი, რამდენად კლასიკოსია, მაგრამ ვერ ვკითხულობ.
რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?
იოსებ სტალინი და ჰიტლერი.
თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?
დები ვაჩოვსკების „მატრიცა“ და „ღრუბლების ატლასი“. ორივე ეჭვქვეშ აყენებს რეალობას.
საყვარელი მხატვარი? რატომ?
ფიროსმანი. როდესაც ფიროსმანის ნახატებს ვუყურებ, განცდა მაქვს, რომ სამყაროს სტრუქტურას ვათვალიერებ შიგნიდან.
ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ
ამბების თხრობა.
ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?
მჯერა, რომ თუ ოდესმე უარს ვიტყვი ხელოვნების შექმნაზე, მოვკვდები, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ საერთოდ ვარსებობ, მაგრამ თუ მართლაც ვარსებობ, ხელოვანი ვარ. მხოლოდ ამაში ვარ დარწმუნებული.
სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?
გამუდმებით!
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება
დაკვირვება ყველასა და ყველაფერზე, საკუთარი თავის ჩათვლით.
ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?
არაფერში მივიღებდი მონაწილეობას და არაფერს შევცვლიდი, მხოლოდ დავაკვირდებოდი რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას.
დიონისე თუ აპოლონი?
აპოლონი.
ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით
ნაწარმოები, რომელიც ჯერ არ დამიწერია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მისი დაწერა ჩემი ბედისწერაა.
ადამიანი, ვისიც გშურთ
ყველასი, ვინც უკვე მოკვდა და გაიგო, ეს რა არის.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა
დაბადება.
დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი
მირჩევნია, პოეტები მტრად არ მომეკიდონ.
სიტყვა, რომელიც არ გიყვართ
ტყვნა და მისგან წარმოებული სიტყვები და წინადადებები.
თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)
შეცნობა და შემეცნება.
დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი
მირჩევნია, დავდუმდე.
ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
არ მოკვდე, სანამ ცოცხალი ხარ!
საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?
“ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.
მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;
უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
სმა-ჭამა _ დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!
რასაცა გასცემ, შენია; რას არა, დაკარგულია!”
ვფიქრობ, ეს სტრიქონები სამყაროს ერთ-ერთ ფუნდამენტურ კანონს აღწერს.
რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?
14 წლისა აღმკვეცეს მონაზვნად, 74-ისა შევსრულდი აქა. რა ლამაზი იყავ, ბიჭო! – ლექსი არაა, მაგრამ ზუსტად აღწერს იმას, რასაც მე პოეზიას ვეძახი.
რამდენ ენაზე კითხულობთ?
მხატვრულ ლიტერატურას მხოლოდ ქართულად, ყველაფერ დანარჩენს – ქართულად და ინგლისურად.
ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ
შერლოკ ჰოლმსი.
მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?
უილიამ ფოლკნერთან, რადგან ჩემი საყვარელი მწერალია, რომლის სიტყვებმა მიმახვედრა, როგორ შეიძლებოდა, მხატვრული ტექსტი შემექმნა. ვისაუბრებდი საროსკიპოებსა და ვისკიზე, რადგან მწერლებთან ლიტერატურაზე ლაპარაკი მოსაწყენია.
თქვენი ყველაზე დიდი შიში
საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის შიში.
რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?
ამ დროში ვცხოვრობ, მომავალი, უბრალოდ, მაინტერესებს, შესაძლებელი რომ იყოს, ვნახავდი, მაგრამ ამ დროში ცხოვრობს ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც ღირს ცხოვრება.
რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?
„პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია“.
„მიწაში, სოროში ცხოვრობდა ჰობიტი. In a hole in the ground there lived a hobbit“.
„ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი კი თავისებურად უბედურია“.
„გაივლის მრავალი წელი და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ დღეს გაიხსენებს, როდესაც მამამისმა ყინულის სანახავად წაიყვანა“.
„– ტომ!
პასუხი არ არის.
– ტომ!
პასუხი არ არის.
– რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ!”
„რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა“.
რომელია საუკეთესო დასასრული?
“იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო”.
ენა თუ ამბავი? რატომ?
ენა, რადგან თუ ენას გრძნობ, შეგიძლია, ამბავი საერთოდ არ გქონდეს, მაგრამ ლიტერატურას მაინც შექმნი, პირიქით – შეუძლებელია. ზოგადად, აურაცხელი ლიტერატურული ნაგავი იქმნება იმის გამო, რომ ადამიანებს ამბების თხრობა ლიტერატურის შესაქმნელად საკმარისი ჰგონიათ. ლიტერატურას ენა ქმნის, ამბავი, ბორხესის თქმის არ იყოს, სულ რამდენიმეა.
პროცესი თუ შედეგი?
პროცესი. მხოლოდ პროცესში შეიძლება, ადამიანმა თავი ცოცხლად იგრძნო.
რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?
იყავი მხოლოდ საკუთარი თავი და მეტი არავინ და არაფერი.
როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
მოგბეზრდა იმად ყოფნა, ვინც ხარ?
ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ
14 წლისა აღმკვეცეს მონაზვნად, სამოცდათოთხმეტისა შევსრულდი აქა. რა ლამაზი იყავ, ბიჭო!
რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე
მებრალებიან. საშინელებაა უპასუხო სიყვარული.
წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ
ლეგიონია მათი სახელი.
რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?
დიდი ქართული სუფრა, თამადა, რომელიც გრძელ სადღეგრძელოებს ამბობს, მათში აქსოვს თავის ცხოვრებისეულ “ფილოსოფიას” და შიგადაშიგ გამოთქმით კითხულობს ლექსებს. სადღეგრძელოებს შორის ფანოღია ჩართული და მე ვერაფრით ვახერხებ გაპარვას.
თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?
არასოდეს მიფიქრია სამოთხეზე. ალბათ, უზარმაზარი ბიბლიოთეკა და უზარმაზარი სტუდია, სადაც შემიძლია ვიკითხო, ვწერო, ვუსმინო და შევქმნა მუსიკა და სადაც ცხოვრებისეული სულელური პრობლემები არ შემომეჭრება მუშაობაში.
მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?
ვეფხისტყაოსანს.
კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ
არსებობს არსებობა?
წინა რესპონდენტის შეკითხვა: თქვენი მთავარი კითხვა რა არის?
არსებობს არსებობა?
რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?
თქვენ როგორ ფიქრობთ, არსებობს არსებობა?
© არილი